ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

„კაცმან საქმე მოიგვაროს” – რას გვასწავლის „ვეფხისტყაოსანი“ ერთი ფრაზით

0

„ვეფხისტყაოსანი“ სიბრძნის ამოუწურავი წყაროა, შთამაგონებელი თითოეული სიტყვით, თითოეული წინადადებით, რომელიც ჩვენს გონებაში ცოცხლდება და ყოველთვის აღძრავს ახალ საფიქრალს, ახალ შთაბეჭდილებებსა და განცდებს აჩენს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ საუკუნეების შემდგომაც კი მისი კითხვისას ყოველთვის ვპოულობთ ისეთ ჩასაჭიდს, რომელიც ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ასრულებს ჩვენთვის, შთაგვაგონებს და მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

„კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“ – სამოტივაციო ფრაზაა, რომელიც გვაფხიზლებს და მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. ამ პრაქტიკული შინაარსით გამსჭვალულ წინადადებას შოთა რუსთაველი თინათინს ათქმევინებს საკუთარი მამისთვის, რომელიც ჭმუნვასა და მწუხარებას შეუპყრია უცხო მოყმის გამოჩენის გამო. როსტევანი დადარდიანებულია იმ უცნაური შემთხვევით, რომელიც უცხო მოყმემ შემოიტანა მათ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ამ დაბნეულობიდან გამორკვევა და გამოღწევა რუსთაველის გმირებისთვისაც კი რთულია; თანამედროვე ადამიანებისთვის, კი, რომელიც ისედაც გახლართულია ყოველდღიურობის საცეცებში, ორმაგად რთულია მყისიერი გადაწყვეტილების მიღება. მყისიერად ნაბიჯების გადადგმა პრობლემების გადასაწყვეტად ადამიანის ძლიერი უნარების კატეგორიაში გადის, როდესაც ის პოულობს საკუთარ თავში ძალას, დროულად მოაგვაროს პრობლემა, არ მიეცეს ხანგრძლივ ჭოჭმანსა და ფიქრს, და მალევე გადაწყვიტოს, რა სჯობს მისთვის და როგორ მოიქცეს. ამ უნარის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ბავშვობიდან, მცირე ნაბიჯებით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების აღნიშვნითა და წახალისებით.

სანამ ვეფხისტყაოსანს შევიყვარებდი, მანამდე საყვარელი ბებიის დროში გამოცდილი ფრთიანი გამონათქვამები, ანდაზები მაფიქრებდა იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია დროული, მყისიერი მოქმედება, დროის სწორი მენეჯმენტი, რომელიც გეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ამ დროს ხომ თავად განკარგავ, როდის გაიღვიძებ, როდის დაუთმობ დროს სწავლას, განვითარებას, მუშაობას, კითხვას, საოჯახო საქმეებს, თამაშს, გართობასა და ა.შ. ბებია ყოველ დილით მზეზე ადრე იღვიძებდა, გაღვიძებისთანავე წვრილ-წვრილ საქმეებს მოილევდა, ნელ-ნელა ბავშვებიც ვიღვიძებდით და მას უკვე თითქმის ნახევარი დღის საქმეები ჰქონდა მოგვარებული. ბებია ამბობდა: ადამიანმა მზეს უნდა დაასწროს გაღვიძებაო; ალიონზე წამომდგარი კაცი ყველაფერს ასწრებსო; საქმე არ უნდა გადადო, გადადებული საქმე გადაგდებულიაო; გადადებული საქმე ეშმაკისააო; დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო და ა.შ.

ახლა, როცა შვილებს ვზრდი და მათთვის რჩევებსა თუ დარიგებებს თავადაც გავცემ, როგორ იცხოვრონ, როგორ განკარგონ დრო, როგორ არ გაფანტონ თითოეული წუთი და წამი, ვფიქრობ, ყველაფერი დისციპლინაა და ის გადაწყვეტილება, რომ რაღაც უნდა    შეცვალო. დროის ჭკვიანური დაგეგმარება, ამ ჩვევის ხასიათში და ქცევაში გადატანა, ამ ჩვევების ორგანულად შეთვისება ნამდვილად გვიიოლებს, გვიმსუბუქებს იმ სირთულეებს, რომლებიც ისედაც მრავლადაა ჩვენს გარემოში და რომელიც ბევრ რამეში გვაფერხებს. წესების მიყოლა კი გვეხმარება, უფრო სრულყოფილად გავატაროთ დღე, უფრო კმაყოფილი დავრჩეთ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ახალმა დღემ მოიტანა, საკუთარი თავით და ჩვენ მიერ შესრულებული საქმეებით.

პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, ამ სირთულეების მოგვარება, ცხადია, სჯობს უსარგებლო ჭმუნვასა და დარდს, რასაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც შესანიშნავად ხვდებიან და ერთმანეთსაც ამისკენ მოუწოდებენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მათი სიბრძნე საკუთარ ყოველდღიურობაში გადმოვიტანოთ, ეს მრავალგზის გამოცდილი ჭეშმარიტებები ჩვენს პრაქტიკაში დავნერგოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ, როგორი მნიშვნელოვანია განვითარების გზაზე მყოფებისთვის პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება, თვითდისციპლინა, შესასრულებელი საქმეების სისტემატიზაცია და ყოველდღიური მცირე გამარჯვების აღნიშვნა და სიხარული.

ჟურნალ “სკოლის მართვის” სპეციალური ნომერი გამოიცა!

0

ჩვენი ჟურნალის ამ ნომერს განსაკუთრებული, ექსკლუზიური მისია აქვს – წარმოგიდგენთ ევროპის საბჭოს რეკომენდაციას CM/Rec(2019)10 – „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების განვითარება და ხელშეწყობა“, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წლის 21 ნოემბერს დამტკიცდა და მიზნად ისახავს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განათლების სისტემების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ჩვენს უკიდურესად სწრაფადცვალებად ეპოქაში ერთ-ერთი გარდაუვალობა, რასაც კაცობრიობამ თვალი უნდა გაუსწოროს, ციფრული სამყაროს გავლენის ზრდაა. ასეთ რეალობას, ბუნებრივია, ციფრულად კომპეტენტური მოქალაქეები სჭირდება, რომელთა სათანადო კომპეტენციებით აღჭურვაც სწორედ განათლების პასუხისმგებლობაა.

თუ გადავხედავთ ჩვენი ჟურნალის 2023 წლის მესამე ნომერს, ევროპის საბჭოს განათლების სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ ციფრული ტრანსფორმაციის გზით ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული განათლების სფეროს განვითარებას აღმოვაჩენთ. სტრატეგიის ამ მიმართულების ერთ-ერთ საფუძველს კი სწორედ წინამდებარე ნომრის ექსკლუზიური შინაარსი – „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების განვითარება და ხელშეწყობა“ – ევროპის საბჭოს წინამდებარე რეკომენდაცია წარმოადგენს.

მოცემული რეკომენდაცია აყალიბებს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების მიზანსა და სფეროს, გვთავაზობს აუცილებელი ტერმინების განმარტებებს, სახელმძღვანელო პრინციპებს, მიმართულებებს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თვალსაზრისით, დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინსტრუქციებს.

იმედს ვიტოვებთ, რეკომენდაციაში მოცემული შინაარსი დაეხმარება საქართველო განათლების სისტემას, ციფრული მოქალაქეობის სათანადოდ დანერგვასა და 2025 წლისთვის მზადებაში, რომელსაც ევროპის საბჭო, კონტინენტის მასშტაბით, ციფრული მოქალაქეობის წლად აცხადებს.

მთავრი რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #2

 

 

როგორ დავიწყოთ წერა

0

(პირველი ნაწილი)

მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ქართულის მასწავლებელმა დასაწერად თავისუფალი თემა დაგვავალა. თემის სათაური არ მახსოვს, სამაგიეროდ მახსოვს ის ღამე თეთრად რომ დამათენდა. დავყურებდი ცარიელ ფურცელს და ჯიუტად ველოდი პირველ სიტყვას, რომელიც ამბავს მოიყოლებდა. მაშინ ვფიქრობდი, წერა ჩემთვის დაუძლეველი სირთულე იყო და ამ გამოწვევას მხოლოდ „კარგი“ ან „კიდევ უფრო კარგი“ მოსწავლეები უმკლავდებოდნენ. იმ დროს არავის უთქვამს, რომ სათქმელს, არათუ 45 წუთი, ხშირად, ბევრად მეტი დრო და მუშაობა სჭირდება, სანამ გონებაში მომწიფდება და ტექსტად გადაიქცევა.

 

„როგორ დავიწყოთ წერა” – არცთუ მარტივად დასაძლევი დილემაა მოზარდებისთვის. წერითი დავალების სირთულეც, ხშირად, ძნელად მოსახელთებელი “დასაბამიდან” მოდის. „მას, დასაწყისი მიკარნახეთ და გავაგრძელებ..“; „როგორ დავიწყო, მას?“ „პირველი სიტყვა თქვენ მითხარით”… – მსგავსი ფრაზები ხშირად მოგვისმენია გაკვეთილზე. ამ დროს მოსწავლეებს, როგორც წესი, ვთავაზობთ არაერთ აქტივობასა და რუტინული დავალებას, როგორც აუცილებელ პირობას წერითი უნარების გასააქტიურებლად, თუმცა, დავალებებთან ერთად, მათ ხშირად მხარდაჭერა, მოტივაცია და შთაგონება სჭირდებათ. ამიტომაც, გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა თანამედროვე ავტორების გამოცდილება, თუ რა გზას გადიან ისინი ფიქრიდან სიტყვამდე, როგორ უმკლავდებიან სირთულეებს შემოქმედებით გზაზე, ელიან, თუ არა პირველ ფრაზას და როგორ ქმნიან ტექსტებს. მჯერა, საყვარელი ავტორების გულწრფელი წერილები გამბედაობას შემატებს მოზარდებს (არა მხოლოდ) და თვითრწმენას გაუღვივებს მათ.

ყველა ავტორს ერთი და იმავე შეკითხვით მივმართე, მათგან კი განსხვავებული, საინტერესო პასუხები დამიბრუნდა.

ვიდრე წერილებს გაგიზიარებთ, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ავტორს გამოხმაურებისა და თანამზრახველობისთვის.

 

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?
  2. რა გეხმარებათ, ვიდრე წიგნის (მოთხრობის, სტატიის) წერას დაიწყებთ?
  3. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი (რიტუალი, ჩვევა), რასაც მიმართავთ წერის დაწყებამდე?

 

ნატო დავითაშვილი

(იროელთა ქრონიკები, „ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“)

 

  1. ამბის წერის ბიძგი შესაძლებელია რაღაც მოვლენა, საგანი ან წარმოსახვაში გაჩენილი კადრი გახდეს. დავარქვათ მას მარცვალი. შემდეგ ეს მარცვალი ღივდება, იკეთებს ფესვებს, თან მოაქვს მასთან დაკავშირებული მოვლენები, სამყარო, იდეები. აუცილებელი არ არის მთელი სიუჟეტი დამანახოს… და როდესაც გონება ვეღარ იტევს, ვიწყებ წერას. როგორც წესი, ფინალი წინასწარ ვიცი და ნელ-ნელა მივდივარ ფინალისკენ.
  2. წერის დაწყებაში მეხმარება ამ წიგნის სიუჟეტზე და პერსონაჟებზე საუბარი. მყავს ასეთი ადამიანი, რომელსაც მონახაზს ვუყვები ხოლმე. თხრობისას ბევრად უკეთ ვიგონებ. ამ დროს ვხვდები, მზად ვარ თუ არა, რომ წერა დავიწყო. სიუჟეტის თხრობა, მთავარი გმირისა და მისი ცხოვრების მოყოლა თუ შემიძლია, ეს ნიშნავს, რომ მის დაწერასაც მოვახერხებ.
  3. არავითარი რიტუალი არ მაქვს. დაწყების შემდეგ პირველ რამდენიმე გვერდს ძალიან ბევრჯერ ვკითხულობ. ხმამაღლაც კი. თხრობის ტემპი, სტილი თუ ლექსიკა რომ გავითავისო.

 

თეა თოფურია

(„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, „უჩინარი სახლი“ ა. შ)

 

  1. როდესაც მოთხრობას, რომანს ვწერ, ვიწყებ იმით, რაც ნამდვილად ვიცი. ძირითადად ვიცი დასაწყისი და დასასრული, ვიწყებ დასაწყისით და დანარჩენს გზადაგზა ვიგონებ.
  2. წერა შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს. ხანდახან ვჩერდები, იმიტომ, რომ დრო არ მაქვს, ხანდახან – მეზარება, ხან კი უბრალოდ არ ვიცი, წერა როგორ გავაგრძელო და ველოდები, სანამ რამეს მოვიფიქრებ. ყველაზე კარგად მაშინ ვწერ, როცა სხვა საქმე არაფერი მაქვს, შვებულებაში ვარ და შემიძლია, რაც მინდა, ის ვაკეთო.
  3. სტატიის წერა გაცილებით მარტივია, ჟურნალისტიკა და მწერლობა ძალიან განსხვავდება. ჟურნალისტიკაში არაფერს იგონებ, მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობი. საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული, მთავარი ისაა, რასაც რესპონდენტები და ფაქტები გეტყვიან. მწერლობაში კი ყველა გზა ხსნილია, რაც უფრო კარგი ფანტაზია გაქვს, მით უფრო ფასეული იქნება შენი ნაწარმოები.

 

ლელა ცუცქირიძე

(„უუუ კულელე და სხვა მოთხრობები“, „მართიკოს ვაშლის ხე“, „მხიარული ოჯახი“ და ა.შ)

 

  1. ყველა ამბავი პირველი სიტყვით, ან ფრაზით იწყება. შეიძლება, რაღაც გარკვეული იდეა მქონდეს, მაგრამ წერის დროს ამ იდეამ სხვა განვითარება პოვოს, სხვა იდეები „გამოისხას“. მე კი ამ იდეებმა უფრო მომხიბლოს და ყველაფერი „თავდაყირა“ დავწერო. არ ვარ „დალაგებული“ ავტორი, ხანდახან, ნებისმიერ, თავში პირველად გაელვებულ სიტყვას შეიძლება მოჰყვეს ამბავი. ხანდახან კი არა, ყოველთვის შეიძლება, სცადეთ, კარგი ექსპერიმენტია.
  2. მეხმარება შთაგონება, რომლის წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ: ტკივილი, სიხარული, კარგი წიგნი, ადამიანი, ფოთოლი, ღრუბელი, ხმა… ჩემი „მართიკოს ვაშლის ხე“ აგვისტოს ომის გამოძახილია და გოგონა, რომელიც საბავშვო ბაღში ცხოვრობდა. „ნანომტი ამტომი“ ფურცელზე დამჩნეული ყავის ლაქის დამსახურებაა; „კაქტუსი რებუცია“ ქუჩაში ნაპოვნი კაქტუსის პაწაწინა ბურთულას, წიგნი „მხიარული ოჯახი“ მაღაზიის ვიტრინაში გამოდგმული ბატებიანი სერვიზის და ა.შ. ასევე, ძალიან, ძალიან მეხმარება ხატვა. ხანდახან წერას სულ არ ვაპირებ, მაგრამ ისეთი პერსონაჟი შემომეხატება, მასზე ამბავი რომ არ დავწერო, არც თავად მომასვენებს და ვერც მე მოვისვენებ.
  3. რიტუალი და განსაკუთრებული ჩვევები არ მაქვს. მიყვარს, როცა წერის დროს რაიმე საყვარელი ნივთი ან კომპოზიცია მიდევს ცხვირწინ. ახლა ეს პატარა აკვარიუმია, ოკეანის ქვიშით, ნიჟარებით და კერამიკის ქაღალდის ნავით.

 

ნათია როსტიაშვილი

( „სხვა სკოლა“, „სუნთქვის შემგროვებელი“ და ა.შ)

 

  1. ამბის წერას მის ფურცელზე გადატანამდე ბევრად ადრე ვიწყებ. წერის დაწყებამდე გონების ფაილში იძენს კონტურებს და იქვე ინახება. მოფიქრებული ამბავი ხან ისეთი სხმარტალა და გამჭვირვალეა, არაფრის დიდებით არ გემორჩილება, მისთვის მკვეთრი კონტურის შემოვლება არ გამოდის, მაგრამ როგორც კი გონებიდან ფურცელზე, ან ვორდში გადმოწერას ვიწყებ, ხორცს ისხამს, რეალური, დამყოლი, ხელშესახები ხდება.
  2. ჩემთვის მოთხრობის წერა და სტატიის წერა სხვადასხვა რამეა. სტატიის წერისას მეხმარება იმ თემაზე ინფორმაციის მაქსიმალური ფლობა, რაზეც ვწერ. ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია მომეძიებინა, ვიდრე ეს სტატიისთვის იყო საჭირო. როცა იცი რაზე წერ, დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია. მოთხრობების წერის დასაწყებად გონების ფაილში შენახული ,,მასალა” მეხმარება. პირველი ფრაზა თუ ისეთი გამოვა, როგორიც გინდა, მერე თავისით ეწყობა ყველაფერი. თუ არ გამოვა – უნდა განაგრძო და დანარჩენი ტექსტი თვითონ გიკარნახებს, პირველ ფრაზასთან მიბრუნებული როგორ უნდა მოიქცე.
  3. ზოგადად, რიტუალების გოგო ვარ. უბრალო ჩაის სმასაც რიტუალად ვაქცევ ხოლმე, მაგრამ წერა თვითონ იმდენად რიტუალური და ჯადოსნური ამბავია, რომ კიდევ რაიმეს დამატების მოთხოვნილებას აღარ მიჩენს.

 

ნინო ქადაგიძე

( „ცერცვის ტოლა ამბები“, „ტყუილების ქვეყანა“, „ონანა“ ა.შ)

 

  1. ალბათ რასაც ახლა დავწერ, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ქართული სიტყვის მიმართ. მინიატიურებს ვწერ ლამაზი სიტყვების დახმარებით. ჯერ მაქვს სიტყვა და სიტყვებით ვაგებ ამბავს, ეს სიტყვებია, ვთქვათ – ლაბარდანა, გულისაბა, გულგვამი, ხალთაგუდა, თვალმახარა და სხვა…. რა დააშრობს ქართული ენის მადლიან წყაროს და რა ამოწურავს ამოწურავ ქართული სიტყვის მარგალიტებს.. შემდეგ, ამ ლამაზი სიტყვებით იძერწება პერსონაჟის გარეგნობაც, ხასიათიც, თემაც და სათქმელიც. რაც შეეხება საბავშვო პროზას, აქ ძირითად აქცენტს, რის თქმა მსურს ბავშვებისთვის, იმაზე ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას და აი, ამ სათქმელს მორგებული ვიწყებ წერას. აუცილებლად ვცდილობ, ბავშვებთან უფრო ხალისით მივიტანო სათქმელი.
  2. მეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავება, სათქმელის აქტუალურობა, ან იმ კონკრეტული პრობლემის სიმძაფრე, რომელზეც უნდა დავწერო.
  3. წერის დაწყებამდე ჯერ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩავიჭყიტები ხოლმე, ან ერთ პატარა მოთხრობას წავიკითხავ ჩოხელის, ინანიშვილის, საბას სიტყვის კონიდან ან ლეონიძის, ან ლევან გოთიას შემოქმედებიდან…. სულ ლამაზი სიტყვების ძიებაში ვარ. თუ ვიპოვე ის სიტყვა, მასზე ავაგებ ამბავს, თუ არა და მერე სათქმელზე ვფიქრობ, რასაც დავწერ, რომ წაიკითხავს ამას ადამიანი, რას მისცემს, რას მოუტანს, იმაზე უკეთესი გახდება ვიდრე იყო? და რამდენად გულწრფელი ვარ? მე შემიძლია ისეთი გავხდე, როგორიც ჩემი მკითხველი მინდა იყოს? მოკლედ ბევრს ვფიქრობ ხოლმე და მერე ვწერ.

 

 

თეა ლომაძე

( „წერილი ბოთლში“, „პალომა“ ა.შ)

 

  1. მე ვწერ ძალიან იშვიათად. ძირითადად, რამე მომენტი მახსენდება ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებიდან. ზოგჯერ, რაღაც პრობლემა მაწუხებს და არ მეშვება. ვატარებ, ვატარებ დიდხანს. ზოგჯერ, ერთ წინადადებას მივაწერ სადმე, ქაღალდის ნაკუწზე. ახლა უკვე შეიძლება ტელეფონის „ნოუთებში“ და ერთხელაც, შეიძლება დავჯდე და დავიწყო ნაკუწების ძებნა და ამბად ქცევა.
  2. მუსიკა არის მნიშვნელოვანი. მუსიკა მახსენებს ამბავს. ძირითადად, ვიწყებ სიმღერების კრებულის შექმნას, რომლის ფონზეც შემიძლია დავწერო.
  3. ვცდილობ, მოვეჭიდო ჩემს განწყობას. ძირითადად, იდეა რომ გამიჩნდება „აქშას“ ვეუბნები და ვაფრთხობ. რაც გადარჩა, ვერ „გავუშვი“ და ყველა ეს პირობა შეიქმნა, დაიწერება კიდეც.

 

ვასო გულეური

(„დაბრუნებული ბგერები“, „ლუკა და ნუკა“, „ქარის მოყოლილი ზღაპრები“, „ნეტავ, მალე გავიზრდები“)

 

  1. სხვადასხვა ამბავი სხვადასხვანაირად იწერება. ლექსის შემთხვევაში შეიძლება სულ პატარა რაიმე გახდეს ინსპირაცია – ქუჩაში გაგონილი ბავშვის ნათქვამი ფრაზა, ახლობელი ბავშვის ქცევა ან მოყოლილი ამბავი, ან სულაც უბრალოდ, უცებ დაიბადოს იდეა და მერე უკვე ამაზე აეწყოს. ამიტომ ლექსი ხშირად შეიძლება სულ ერთი წინადადებით დაიწყოს და მერე ამაზე „შემოექსოვოს“ ტექსტი. პროზა უფრო სხვაგვარად იწერება – ჩემს გამოცდილებას ვგულისხმობ, ცხადია. პროზისთვის მთავარი სიუჟეტი და პერსონაჟებია. დანარჩენი – როგორ განვითარდება ამბავი, რა მოხდება – ეს უკვე წერის დროს იკვეთება. ყოფილა შემთხვევა, რომ ჯერ პერსონაჟები გაჩენილა და მერე დამიწყია ამბის თხრობა, თუ რა შეიძლება გადახდეთ ამ პერსონაჟებს.
  2. უმეტესად, რა არა, არამედ ვინ – ბავშვები! რა თქმა უნდა, განწყობა მნიშვნელოვანია – საბავშვო ტექსტზე მუშაობისას უხასიათოდ ვერ იქნები. თორემ ტექსტს აუცილებლად დაეტყობა. სადიდო ტექსტების და თარგმანის დროს – ხშირად პირიქით. როცა მოწყენილი ვარ, მაშინ უფრო მეტად ვთარგმნი. ამდენად, ყველას საკუთარი მეთოდი შეიძლება ჰქონდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უბრალოდ, სტატიაა დასაწერი – დამიკვეთეს კონკრეტულ თემაზე და უნდა დავწერო. ასეთ დროს, ცხადია, უნდა დაჯდე, მოიკრიბო გონება და იფიქრო. საერთოდ, ნებისმიერ ტექსტს მუშაობა სჭირდება და არ იფიქროთ, რომ „მუზა მოვა“ და თავისით დაიწერება. მთავარია, იდეა – იცოდე, რაზე გინდა დაწერო, დანარჩენი კი უკვე შრომის შედეგია.
  3. არა, სრულიად სხვადასხვაგვარად შემიძლია დავიწყო წერა. ყოფილა შემთხვევები, როცა უცებ, ქუჩაში მიმავალს, გამიჩნდა რაღაც იდეა, ან სულაც ლექსის მთელი სტროფი. ასეთ დროს ტელეფონში ვიწერ ხოლმე, რომ არ დამავიწყდეს. ყოფილა ისეც, რომ დამსიზმრებია ტექსტის იდეა ან ფრაზა. ამას გაღვიძებისთანავე ვიწერ. უმეტესად კი, უბრალოდ, ვჯდები საწერ მაგიდასთან (უფრო სწორად, კომპიუტერთან) და ვიწყებ ფიქრს. თუ პირველი სიტყვა, პირველი წინადადება მოვიდა, მერე უკვე ადვილია. როგორც წესი, დაწყებაა რთული და მერე – დასრულება. ამიტომ, ნუ დაელოდებით განწყობას, მუზებს – თუკი გინდათ, რომ წეროთ, უბრალოდ აიღეთ ფურცელი ან ჩართეთ კომპიუტერი და წერეთ!

 

ამ სტატიის მომზადებისას, ეს წერილები ჩემს შინაგან ბავშვს იმდენჯერ წავუკითხე და ისე გულდასმით, დარწმუნებული ვარ, გული მოეცემა და თავის გზას მონახავს, ისე როგორც, არაერთი ჩემი მოსწავლისთვის გადაიქცევა საყვარელი ავტორების წერილები გამხნევებისა და შეგულიანების ექოდ.

 

 

 

 

 

 

 

როგორ მოაგვარეს დაბინძურების პრობლემა ლიეტუვაში

0

გარემოსდაცვითი პრობლემები XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევა. ჰაერის, წყლის,  ნიადაგის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ადამიანსა თუ ეკოსისტემაზე სათავეში უდგას თანამედროვე სამყაროს დღის წესრიგს.

შევეცდები, ლიეტუვის მაგალითზე გაჩვენოთ, როგორ შეიძლება, პატარა ინიციატივამ  მასშტაბური შედეგები მოუტანოს ქვეყანას და შეცვალოს   მოსახლეობის ქცევა. ასევე გაგაცნობთ ორგანიზაციას „სადაგი“, რომელსაც მიზნად საქართველოს დალაგება აქვს დასახული.

 

ინიციატივა  „Mes Darom“ – ანუ  ჩვენ ვაკეთებთ

საბჭოთა წარსულის მქონე ლიეტუველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გარემოს დაბინძურების პრობლემა მემკვიდრეობით ერგოთ. მოსახლეობა ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრიდა. წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები თუ აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები ცდილობდნენ, აემაღლებინათ მოსახლეობის ცნობიერება და მოეგვარებინათ დაბინძურების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ.

რამდენიმე ხნის წინ ლიეტუვაში წამოიწყეს კამპანია „Mes Darom“, რომელიც მალევე იქცა პოპულარულ გარემოსდაცვით ინიციატივად. ყოველწლიური მოხალისეობრივი კამპანია  ფოკუსირებულია საჯარო სივრცეების დასუფთავებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. იგი შეიქმნა გლობალური მოძრაობის მოდელის მიხედვით, რომელიც  2008 წელს ესტონეთიდან დაიწყო და ცნობილია როგორც „Let’s Do it“.

კამპანიის ფარგლებში მოხალისეები და დაინტერესებული პირები იკრიბებიან ნარჩენების  შესაგროვებლად. დასუფთავების აქციები ტარდება ტყეებში, პარკებსა და სკვერებში, მდინარეებსა და მათ კალაპოტებში, ზღვის სანაპიროზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

ინიციატივა ითვალისწინებს:

  • დასუფთავების ყოველწლიური ეროვნული ღონისძიების ორგანიზებას ცალკეული ინდივიდების,  ოჯახების, სკოლების,  ბიზნესისა და სამთავრობო ინსტიტუტების ჩართულობით;
  • მოსახლეობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებას;
  • გარემოსდაცვითი განათლების წახალისებას. დასუფთავების ღონისძიებების გარდა, ინიციატივის ფარგლებში ხშირად იმართება სამუშაო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანიები და მზადდება საგანმანათლებლო მასალები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვის წახალისების მიზნით;
  • თანამშრომლობას სხვადასხვა სუბიექტთან, მათ შორის – გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და ბიზნესებთან. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ინიციატივის გავლენის გაძლიერებას და ღონისძიებათა წარმატებულ ორგანიზებას. ინიციატივა იზიარებს სხვა ქვეყნების მსგავს მოძრაობათა საუკეთესო პრაქტიკას და მონაწილეობს გლობალურ დასუფთავების კამპანიებში.

ინიციატივა „Mes Darom“-ის  წარმატების შედეგად ქვეყანაში გარემოს დაბინძურების პრობლემები აღმოიფხვრა. დღეს ქვეყანა დაბინძურების ნულოვან მაჩვენებელზეა. ამ ყველაფერს დაემატა ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელების დანერგვა – დაიწყო გარემოდან ამოღებული  და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება.

მიმდინარე წლის ივნისში ლიეტუვაში, პატარა ქალაქ სკაუდვილეში, პროგრამა „ერაზმუს+“-ის ტრენინგის ფარგლებში, განვიხილეთ ინიციატივა „Mes Darom“. ლიეტუველი ახალგაზრდების თქმით, მთავარი, რაც კამპანიამ შესძინა ქვეყანას, მოსახლეობის დამოკიდებულების ცვლილება იყო.  ადამიანებმა დაინახეს, რომ მათი თანამოქალაქეები მათ მიერ გარემოში დაყრილი ნარჩენების შესაგროვებლად ერთიანდებოდნენ, დროსა და რესურსებს ხარჯავდნენ. თანდათან კამპანიამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ  კერძო ბიზნესი და სახელმწიფო უწყებები საკუთარი სურვილით ჩაერთო დასუფთავების აქციებში. ამას აკეთებდნენ არა მოსაჩვენებლად ან რომელიმე მწვანე დღესთან დაკავშირებით, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც.

მეორე შედეგი იყო კლასიკური დასუფთავების აქციის სახეცვლილება და მისი ქცევა დღესასწაულად, ზეიმად. კამპანიის ავტორებმა აქციებში ჩართეს სპორტული შეჯიბრებები, ტრადიციული სამზარეულოს გაცოცხლება, მუსიკა, თამაშები და სხვა.

დღეს ლიეტუვაში დასუფთავების აქცია საზეიმო მოვლენა რომ არის, საკუთარი თვალით ვნახე. მაგალითად, პატარა ქალაქ სკაუდვილეში ჩვენ მიერ ჩატარებული დასუფთავების აქცია მოიცავდა სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ჩართულობის ზრდის დამატებითი მოტივატორია. დაახლოებით ოთხსაათიანი აქციის შედეგად ძლივს გავავსეთ ორი 60-ლიტრიანი ნაგვის ცელოფანი.

https://youtu.be/tnse66zZS88?si=sWrREjEQkmNzc-Eq

 

საქართველოს დამლაგებელთა გილდია (სადაგი)

საქართველოში მსგავსი კამპანია საქართველოს დამლაგებელთა გილდიამ წამოიწყო. „სადაგი“  არის მოხალისეთა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დასუფთავებას და მისი ბუნების დაცვა-გაჯანსაღებას. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა საზოგადოებრივ საწყისებზე დგას.

„სადაგის“ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი. სწორედ ამ მიზნით დაიწყო კამპანია „მე ვალაგებ საქართველოს“, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის სკოლები ჩაერთნენ. ამ კამპანიის ფარგლებში სკოლებმა მიიღეს დასუფთავების აქციებისთვის  საჭირო  ინვენტარი და ხემსი მოსწავლეებისთვის.

რას მოიცავს სადაგის ერთდროული დალაგების ფესტივალები?

  • პერიოდულად ირჩევა რეგიონები, სადაც  ერთდროულად იმართება დასუფთავების აქციები;
  • ერთდროული დასუფთავების აქციები გულისხმობს 2-3 დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის (50-60) აქტივობათა განხორციელებას;
  • „სადაგი“ ამარაგებს სკოლებს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით, წყლითა და ხემსით;
  • სადაგის წარმომადგენლები მასწავლებლებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვის  შესახებ;
  • კამპანია ახალისებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას.

დასუფთავების აქციების დროს მზადდება ვიდეორგოლები, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებასა და ამაღლებას. დალაგების ფესტივალებში ერთვებიან ცნობილი სახეები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დალაგებისა და ეკოლოგიური  ფესტივალების მოწყობა.  ბოლოს ასეთი ფესტივალი 2024 წლის ივნისში გაიმართა დაბა ბაკურიანში და 52 000 ლიტრი ნარჩენი შეგროვდა.

ლიეტუველების ინიციატივა „Mes Darom“ და „სადაგის“ საქმიანობა საქართველოში აჩვენებს, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია. მთავარია სამუშაოს სწორად დაგეგმვა, რესურსების გადანაწილება და სხვადასხვა თემის მობილიზება.

 

გამოყენებული რესურსები:

https://mesdarom.lt/

https://issuu.com/kadikenk/docs/lt_report

https://www.sadagi.ge/

https://letsdoitfoundation.org/

წიგნის სამყაროში – მრავალფეროვანი გაკვეთილი უმცროსკლასელთათვის

0

(გეგმა, მასალა, თვალსაჩინოება)

გამოწვევ

უკვე რამდენი ხანია, ჩვენს წიგნში ვმოგზაურობთ.

ბევრი ლექსი და მოთხრობა წავიკითხეთ, ბევრი ნახატი ვნახეთ, ბევრიც ვითამაშეთ.

ძალიან მაინტერესებს შენი შთაბეჭდილება:

შენ და შენს კლასელებს რომელი ამბავი მოგეწონათ,

რომელმა გაგაცინათ,

რომელმა გაგამხიარულათ.

და საერთოდ,

მოგწონს ეს წიგნი?

სანამ მიპასუხებ, მოდი, წიგნებზე ვილაპარაკოთ.

მთავარი კითხვა:

  • რა არის წიგნი?
  • როდის შეიქმნა პირველი წიგნი?
  • წიგნი არის ფურცლების კონა, რომელიც უნდა იყოს აკინძული, ჰქონდეს ყდა, გარეკანი, ყუა…
  • წიგნს ასევე უნდა ჰქონდეს სათაური;

  • ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი – ყველა წიგნი ვიღაცის დაწერილია, ზოგ წიგნს, მაგალითად, სახელმძღვანელოს, შეიძლება ათზე მეტი ავტორიც ჰყავდეს;
  • ჰქონდეს სარჩევი – გვერდების მიხედვით დანომრილი ჩამონათვალი იმისთვის, რომ სასურველი ტექსტი უცებ იპოვო;
  • მითითებული ჰქონდეს გამოცემის წელი,
  • გამოცემის ადგილი
  • და სხვა დეტალები.

წიგნში ტექსტების დაბეჭდვასაც თავისი წესი აქვს:

დააკვირდი შენი სახელმძღვანელოს ნებისმიერი გაკვეთილის ტექსტს:

მარჯვენა მხარეს ცარიელი ადგილია, იქ არც რამის დაწერა შეიძლება და არც დახატვა. ამ ადგილს „მინდორი“ ჰქვია და ის წიგნის აუცილებელი ნაწილია.

მოდი, კიდევ ერთხელ დაათვალიერე შენი სახელმძღვანელო – ხომ არაფერი აკლია? 

მთავარი ნაწილი:

წიგნის ისტორია

დარწმუნებული ვარ, სასკოლო ჩანთაში სამი-ოთხი წიგნი მაინც გიდევს და როცა წიგნებზე გელაპარაკები, თვალწინ წარმოგიდგება აკინძული ნაბეჭდი ფურცლები, რომლებიც ფერად გარეკანშია ჩასმული.

ასეა?

მაგრამ წიგნი განა ყოველთვის ასეთი იყო.

წინათ, სანამ ადამიანი საბეჭდ მანქანას გამოიგონებდა, ამბების ჩასაწერად სხვადასხვა მასალასა და საშუალებას იყენებდა.

მაგალითად:

კედლის წარწერები

ყველაზე ძველმა წარწერებმა სწორედ ამ გზით მოაღწია ჩვენამდე.

 

ქვა და ქვის ფირფიტები

თიხის ფირფიტები

პაპირუსი

საწერი ფურცლები სპეციალური მცენარის ფოთლებისა და ღეროებისგან მზადდებოდა.

ტყავი

 

იმის გამო, რომ მასალა ძვირი და იშვიათი იყო, ძველ ნაწერს შლიდნენ და ზემოდან ახალ ტექსტს გადააწერდნენ. წიგნების გადაწერას წლები სჭირდებოდა.

მერე კი, მეთხუთმეტე საუკუნეში, პირველი წიგნიც დაიბეჭდა და აქედან დაიწყო ნაბეჭი წიგნის ხანგრძლივი ისტორია…

პირველი ქართული წიგნი იტალიაში დაიბეჭდა. ეს იტალიურ-ქართული ლექსიკონი იყო.

ლექსიკონი ისეთი წიგნია, რომელშიც ანბანის რიგზე ჩამოწერილია სიტყვები და მათი მნიშვნელობები.

ლექსიკონში შეიძლება უცხო ენიდან, მაგალითად, ინგლისურიდან ნასესხები სიტყვები იყოს განმარტებული

ან ქართული სიტყვა ქართულად იყოს ახსნილი.

მაგალითად:

კალამი – წერისათვის განკუთვნილი სასწავლო ნივთი.

დღეს ნაბეჭდის გარდა არსებობს ელექტრონული და ხმოვანი წიგნებიც. მათ წაკითხვა და მოსმენა სხვადასხვა მოწყობილობით შეიძლება.

  

მათთვის, ვინც მცირედმხედველია ან საერთოდ ვერ ხედავს, წიგნები სპეციალური, ბრაილის შრიფტით იბეჭდება.

 

დამატებითი ტექსტი გაკვეთილისათვის:

 

ჩემი უბნის ბიბლიოთეკა

 

სიტყვების ღრუბელი

ალექსის კითხვა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კომიქსების. ეს ისეთი წიგნებია, რომლებშიც ტექსტთან ერთად ბევრი ნახატიცაა. უფრო მეტი ნახატიც კი, ვიდრე სიტყვები და წინადადებები. თითქოს წიგნს კი არ კითხულობ, მულტფილმს უყურებ.

ალექსის კომიქსების მდიდარი კოლექცია აქვს. რამდენიმე თვითონ იყიდა, ზოგიც მშობლებმა აჩუქეს. კომიქსებით უფროსი დებიც ამარაგებენ. ბევრი კი აქვს, მაგრამ უკვე ყველა წაიკითხა. ასეთ დროს ბებია ეხმარება.

ბებია ბიბლიოთეკარია. ძალიან უყვარს თავისი საქმე. უბნის პატარა, საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობს. ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრი წიგნია შენახული. მიხვალ, კატალოგში შენს წიგნს მოძებნი და პატარა ბარათს შეავსებ. მერე წიგნის შინ წამოღება შეგიძლია, მაგრამ აუცილებლად უნდა დააბრუნო, რომ სხვებმაც წაიკითხონ.

ბებიას არ უყვარს კომიქსები, სხვანაირი წიგნები ურჩევნია, მაგრამ შვილიშვილი ბიბლიოთეკაში მიჰყავს და სასურველი წიგნის მოძებნაში ეხმარება.

ამას წინათ ალექსიმ ბიბლიოთეკიდან ახალი კომიქსი გამოიტანა. ის არა განსაკუთრებული ძალის მქონე სუპერგმირზე, არამედ ერთ ჩვეულებრივ ბიჭზე იყო. ისეთზე, როგორიც ალექსია.

ალექსის პრიალაყდიანი კომიქსები უყვარს, ბებოს – ძველი წიგნების სურნელი. მაგრამ ორივეს ძალიან უყვარს წიგნები.

  • შენ რის კოლექციას აგროვებ?
  • როგორი წიგნია კომიქსი?
  • ვინ ეხმარება ალექსის კოლექციის შევსებაში?
  • სად მუშაობს ალექსის ბებია?
  • რა ინახება ბიბლიოთეკაში?
  • როგორ უნდა მოიქცე, რომ წიგნები შინ წამოიღო?
  • როგორ გგონია, როგორი წიგნები უყვარს ბებიას?

სახალისო ნაწილი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები ადამიანებისთვის: 

  1. მოუფრთხილდით წიგნებს!
  2. არ ჩაწეროთ და ჩახატოთ წიგნებში!
  3. დროულად დააბრუნეთ წიგნები!
  4. ბიბლიოთეკაში არ იხმაუროთ!
  5. მეხუთე წესი თავად დაამატეთ! 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები თაგვებისთვის:

  • წიგნის კითხვისას არ მოაღრღნათ ყდა!
  • არ შეჭამოთ წიგნები!
  • განსაკუთრებით ფერად წიგნებს ნუ შეჭამთ! 

წერითი დავალება:

გაიხსენე წიგნთან დაკავშირებული ერთი შთაბეჭდილება და ჩაწერე რამდენიმე წინადადებით.

ზაფხული ჩვენი მღელვარებისა

0

დადგა ზაფხული და გულები აივსო თავისუფლების, დასვენებისა და შთაბეჭდილებების მოლოდინით. ზაფხული ყველასთვის თანაბრად უკავშირდება ისეთ სიხარულს, რომელმაც შემდეგ მთელი წელი უნდა გვკვებოს, გვასაზრდოოს და გვანუგეშოს. ფოთლები ნელ-ნელა რომ შეყვითლდება, ცა უფრო ხშირად რომ მოიქუფრება, დღე უფრო მეტად რომ დამოკლდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ეს ყველაფერი გაივლის, ისევ მოვა ზაფხული. ეს ბავშვური მოლოდინია და ვფიქრობ, სწორი მოლოდინიც.

სანამ ბავშვი ხარ, ზაფხულისგან მოელი, რომ ის იქნება ბედნიერებით დატვირთული, ისეთი მრავალფეროვანი, რომ სიამოვნებით მოუყვები თანატოლებს მის შესახებ. ხშირად ილაპარაკებ იმაზე, რა სცადე, რა გამოგივიდა და რა ისწავლე; სად იყავი და ვინ გაიცანი; რა წაიკითხე, რას უყურე, რას მოუსმინე და რამ აღგაფრთოვანა.

ზაფხული ამოსუნთქვის პერიოდია, რომელმაც ხელახლა უნდა დაგვბადოს, ხელახლა გაგვაძლიეროს, ხელახლა შეგვამზადოს დაბრკოლებების გადალახვისთვის, ხელახლა მოგვაკრებინოს მენტალური და ფიზიკური ენერგია, რომ ისევ ვიტვირთოთ პასუხისმგებლობების სიმძიმე ამ მსუბუქი, თავისუფალი და შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდის შემდეგ.  სწორედ ამისთვის გაჩნდა ზაფხული.

ბავშვობის შთაბეჭდილებებისა და სიხარულების ერთი სკივრი რომ არსებობდეს, ის უმთავრესად ზაფხულის დღეებში გადახდენილი ამბებით, თავგადასავლებით და სიხარულებით იქნებოდა სავსე. ამ სკივრში იქნებოდა გამარჯვებებიც, ფიზიკური ტრავმებიც, მტკივნეული სულიერი განცდებიც, იქნებოდა შეცნობის, დაკვირვებისა და აღმოჩენის შთაბეჭდილებებიც. ზაფხულში, გაკვეთილებისგან, სკოლისგან, დავალებებისგან მოშორებით, სხვა გაკვეთილები იწყება. ვფიქრობ, საზაფხულო გაკვეთილებიც უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის, მისი სწორი ჩამოყალიბებისთვის, მისი ბედნიერი და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

მას შემდეგ, რაც ვიზრდებით და მშობლები ვხდებით,  ნელ-ნელა გვავიწყდება, რას ნიშნავს ზაფხული ბავშვისთვის და რას მოელის ის მისგან. ახლა, ჩვენი პრაქტიკული გადასახედიდან, გვაქვს ჩვენ-ჩვენი „დიდური“ მოლოდინები, რომლებიც ძალიან განსხვავდება ბავშვების მოლოდინებისგან. უფროსებს გვინდა, ზაფხულისგანაც პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ, ყველა მტკივნეული „ჩავარდნა“ ავანაზღაუროთ, ბავშვს იმდენი დრო არ დავუტოვოთ, რომ გაზარმაცდეს, მოიწყინოს, კალაპოტიდან ამოვარდეს… ვაითუ დაავიწყდეთ ის ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში დაისწავლეს, დრო და ენერგია დაახარჯეს, ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ გადაიმეორებენ… ის წიგნებიც უნდა წაიკითხონ, რომლებიც არდადეგების დაწყებამდე ჩამოუწერა მასწავლებელმა, მათემატიკაშიც არ აწყენდათ წავარჯიშება, არც ინგლისურის თუ ფრანგულის დახვეწა, არც კითხვისა და წერის უნარის გაუმჯობესება და ასე დაუსრულებლად.

ცოტას თუ დავფიქრდებით, თუ თავსახურს ავხდით ჩვენი ბავშვობის ზაფხულის სკივრს, თუ ძველ ამბებს ამოვქექავთ, მივხვდებით, რომ ზაფხული სწორედ ამ კალაპოტიდან ამოვარდნის პერიოდი იყო. სიხარულის და შთაბეჭდილებების გაუნელებელი პერიოდი, რომელიც შემდეგ ფეიერვერკივით აინთება და გაგვინათებს მოქუფრულ დღეებს, რომელსაც გასდევს მსუბუქი, სასიამოვნო მღელვარების განცდა. ამ სკივრში თუ ჩავიხედავთ, გაგვახსენდება  ყველა ის დღე, როდესაც რაღაც ვცადეთ და გამოგვივიდა, თუმცა წავქცეულვართ კიდეც, მუხლიც გადაგვიყვლეფია და ნაიარევი ყოველთვის გაგვახსენებს ამ მცდელობებს. გაგვახსენდება, როგორ ვისწავლეთ ველოსიპედის მართვა, ცურვა, ვიმგზავრეთ მარტო და გადავლახეთ მარტოობის შიში.

ზაფხულს უხდება კალაპოტიდან ამოვარდნა, მღელვარე, კეთილი მოლოდინებით სავსე განწყობა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოცდა, მოშვება და იმის შეგრძნება, რომ ცოტა ხანს მაინც აღარ არსებობს ვალდებულებები და თავისუფალი ვართ.

აქცენტები ფიზიკის პირველი გაკვეთილის დასაგეგმად

0

მასწავლებლებს ყოველთვის განსაკუთრებული განცდა გვეუფლება, როდესაც ახალ კლასში შევდივართ. სამომავლო ურთიერთობას მეტწილად პირველი შთაბეჭდილება განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენა. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს იმ დისციპლინის საჭიროების დასაბუთება, რომლის შესწავლასაც მოზარდები ახლა იწყებენ. საგნობრივი ცოდნის დასაუფლებლად წინ რამდენიმე წელი გვექნება. პირველ დღეს კი უნდა ვეცადოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. ამაში დაგვეხმარება ავუხსნათ მოზარდებს – რა უნდა შევისწავლოთ? რამდენად საინტერესოა? რაში გამოგვადგება?

წარმოგიდგენთ პირველი გაკვეთილის სავარაუდო თემატიკას ფიზიკაში. სტატია უმეტესად გამოადგებათ ახალბედა პედაგოგებს. პირველი და აუცილებელი პირობაა მრავალფეროვანი და ვიზუალურად დატვირთული პრეზენტაციის მომზადება. შესაძლებელია, გამოვიყენოთ ვირტუალური ანიმაციები და მარტივი, ეფექტური ექსპერიმენტები.

საუბარი უნდა დავიწყოთ ფიზიკის შესწავლის საჭიროების დასაბუთებით, ფიზიკა ხომ ფანჯარაა ამოუცნობის ამოსაცნობად. სამყაროს შეცნობას კი ვიწყებთ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი ადამიანის შეგრძნების ორგანოები.

შეგრძნების რამდენი ორგანო გვაქვს? – ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ სამყაროს აღქმის ხუთ გრძნობას, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდათ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს: სინათლის, მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი. კლასიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხაზი უნდა გავუსვათ ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას, ყნოსვას, გემოვნებას, სმენასა და შეხებას.

უპირველესად ინფორმაციას ადამიანის ტვინი იღებს. თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს. თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. ფერადი სიუჟეტი თუ სასიამოვნო მელოდია, მისთვის სრულიად გაუგებარია. გრძნობათა აღქმის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია.

გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი „თარჯიმანი“ ჰყავს: თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა… ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან. იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის, შევიგრძნობთ სითბოს, სიცივეს, სუნსა თუ გემოს. ლოგიკურად, ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს…

თვალი ურთულესი ოპტიკური სისტემაა, იგი ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, ფოკუსირებას ახდენს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის შეუცნობელი დარჩებოდა კოსმოსი, ცა, გარემო, ფერი, სინათლე, სილამაზე… მხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის ორგანოა. გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ თვალის საშუალებით აღვიქვამთ.
დაქვეითებული მხედველობის ადამიანებს მეტად აქვთ განვითარებული სმენის, გემოვნების, შეხების და ყნოსვის შეგრძნებები. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

როგორ ვხედავთ? – იმისთვის, რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი – ტვინმა გადაამუშაოს. თვალი მასში მოხვედრილი სინათლის სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.

სწორედ თვალით დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება. ასე გაჩნდა ბუნების შემსწავლელი სხვადასხვა მეცნიერება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ასტრონომია. ვიზუალური გარემოს შესწავლით დაიწყო ფიზიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება. ფიზიკა არის მეცნიერება გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიტყვა „ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისაგან ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.

ბუნებაში მიმდინარე მოვლენებსა და მათ აღმოჩენას, რომლებმაც საბუნებისმეტყველო და ზოგადად, მეცნიერების განვითარება გამოიწვია, სწორედ ფიზიკის კანონები უდევს საფუძვლად; გეოგრაფები ფიზიკის აღმოჩენებსა და კანონზომიერებს ეყრდნობიან, როდესაც იკვლევენ მიწისძვრებს, წიაღისეულს, ქანებს, ქარებსა და ა.შ. ფიზიკა ეხმარებათ ასტრონომებს, გამოიკვლიონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა – პლანეტების მზის გარშემო ბრუნვა, ვარსკვლავთა ნათება, ეგზოპლანეტებზე დაკვირვება, სხვადასხვა გალაქტიკების შესწავლა და ახლის აღმოჩენა, ზოგადად, კოსმოსის ყველა საიდუმლოება. ფიზიკის დახმარებით იკვლევენ ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს – სისხლის მიმოქცევას, ბგერების გამოცემასა და მათ აღქმას, სუნთქვას, მხედველობას და ა.შ. ხაზგასასმელია ფიზიკისა და ქიმიის ურთიერთკავშირი. სამყაროში მიმდინარე მოვლენათა უმრავლესობა ერთდროულად გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.

სასურველია, მოსწავლეებს ვთხოვოთ, დაასახელონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენები. სავარაუდო ჩამონათვალში იქნება ფოთოლცვენა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, თოვა, მირაჟი, ოპტიკური ილუზია, დაღამება, გათენება, ახალმთვარეობა, მზის და მთვარის დაბნელება და სხვა. მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შევეცადოთ, მათთვის გასაგები ტერმინებით შევუქმნათ წარმოდგენა თითოეულ დასახელებულ მოვლენაზე.

ერთი რომელიმე მოვლენა განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად, ფოთოლცვენა – რა პროცესები მიმდინარეობს ფოთოლში მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, აღმოცენებიდან ფოთოლცვენამდე და ვიდრე ლპობამდე. მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. უნდა გავმიჯნოთ, სად იწყება და სად სრულდება ფიზიკური პროცესი.

  • ფიზიკური მოვლენების დროს ნივთიერება ქიმიურად არ იცვლება.
  • ქიმიურ მოვლენებში ერთი სახის ნივთიერება გარდაიქმნება მეორე სახის ნივთიერებად.
  • ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ყველას პროცესს.

მოსწავლეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის, ცხადია, გამოიკვეთება ახალი ცოდნის დაუფლების საჭიროება. ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს საშუალება, განვამტკიცოთ ჩვენი საუბრის მიზანი, რომ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც ფიზიკის სფეროში დაგებადებათ, საჭიროებს სისტემატურ მეცადინეობასა და ძველ ცოდნაზე ახლის დაშენებას.

ფიზიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: მექანიკური, ელექტრული, მაგნიტური, ოპტიკური, სითბური, ატომური. ადამიანი სამყაროს ყოფს ორ ნაწილად: მიკროსამყარო და მაკროსამყარო. ვაჩვენოთ მოსწავლეებს ერთი საინტერესო ვიდეო:

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ ეფექტური იქნება საუბარი მიკრო- და მაკროსამყაროებზე. მიკროსამყაროს შესასწავლად ვიყენებთ მიკროსკოპს. მიკროსამყაროს ამოცნობაშია სწორედ ის გასაღები, რაც ჭეშმარიტების გარკვევაში გვეხმარება. ფიზიკის ამ ნაწილს კვანტური ფიზიკა ეწოდება, რომელსაც მომავალში შეისწავლიან მოზარდები. უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ უმცირესი ზომის ნაწილაკები განსაზღვრავენ მაკროსხეულების არსებობას და მის თვისებებს. მაკროსამყაროს ვაკვირდებით ტელესკოპებით. იმის მიუხედავად, რომ მიკრო- და მაკროსამყაროები ზომებით კატასტროფულად განსხვავდებიან ერთანეთისგან, მათი სისტემური აგებულება ერთმანეთის მსგავსია უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით. ფიზიკა მოსწავლეებს სთავაზობს მოგზაურობას ამ საოცრებაში. ვიმოგზაუროთ და შევიმეცნოთ სამყარო მისი კანონზომიერებებითა და სიდიადით.

ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, აკვირდებოდა გარემოს, შეძენილი ცოდნით კი იუმჯობესებდა ყოველდღიურ ცხოვრებას. თანდათან ისწავლა ცეცხლით გათბობა, ხის დამუშავება, სიმძიმეების აწევა, ლითონის მოპოვება და დამუშავება; მინის დამზადება და ბოლოს თანამედროვე სახლის აშენება. პრაქტიკული მოთხოვნილებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ცნობისმოყვარეობა, რომელიც უბიძგებდა ადამიანს, ეფიქრა და სათანადო პასუხები გაეცა იმ კითხვებზე, რომლებსაც საკუთარი თვალით ხედავდა: რატომ დაფრინავს ჩიტი? რატომ ანათებს და სად ჩადის მზე? სად იკარგება და მერე ისევ ჩნდება მთვარე? რატომ წარმოიქმნება ელვა? რატომ არსებობს წელიწადის სხვადასხვა დრო? რა არის ვარსკვლავი? როგორ შეიქმნა სამყარო?

დაგროვილ ცოდნას ადამიანები თაობებს გადასცემდნენ და ასე დაიწყო ზოგადად მეცნიერების, მათ შორის ფიზიკის განვითარება. ფიზიკის მიღწევების დამსახურებაა რადიო, ტელევიზია, ავტომობილი, თვითმფრინავი, მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდი, სატელიტური ანტენა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა კომფორტი, რომელთა გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის არსებობა. ფიზიკა გვეხმარება თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად, გავიუმჯობესოთ ყოფა-ცხოვრება და ზოგადად, დავიკმაყოფილოთ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

საინტერესო იქნება, ვკითხოთ მოზარდებს ცეცხლის მოპოვების, გათბობის, განათების, მიწის დამუშავების, ტრანსპორტის, ინფორმაციის მოპოვებისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის ადრეული და თანამედროვე საშუალებების შესახებ. დისკუსია მსგავსი საკითხების ირგვლივ მოსწავლეს უამრავ ისეთ პასუხგაუცემელ კითხვას გაუჩენს, რომლის სიღრმისეულად გაგებისთვის სწორედ ფიზიკის შესწავლაა საჭირო. კარგი იქნება მოსწავლეებს მარტივი ენით ვესაუბროთ ავტომობილის მუშაობის პრინციპის შესახებ. ავტომობილის ყველა კომპონენტის მუშაობა დამყარებულია ფიზიკის კანონზომიერებზე. ნებისმიერი ავტომობილის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება ფიზიკის კანონების ინტერპრეტაციითა და გამოყენებით მოხერხდა.

  • მანქანის დიზაინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს მანქანის მოძრაობის სტაბილურობასა და მართვის პროგნოზირებას;
  • ძრავის მუშაობა და მისი ეფექტურობა დამყარებულია თერმოდინამიკის კანონებზე. საწვავის მოხმარება, წვის პროცესი, სითბოს გადაცემა, გამონაბოლქვის შემცირება და სიმძლავრის განსაზღვრა;
  • მანქანების მოძრაობაზე პასუხისმგებელია ნიუტონის კანონები და სხეულთა ბრუნვითი მოძრაობის კანონზომიერებები;
  • ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის შექმნისას ითვალისწინებენ აეროდინამიკის კანონებს, რათა მანქანას მოუწიოს ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობის დაძლევა. ასევე, საწვავის მოხმარების შემცირებით შეძლოს დიდი სიჩქარის განვითარება;
  • ფიზიკა ასოცირდება უსაფრთხოების სისტემის დიზაინთან. ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხდება აირბალიშების სისტემების განლაგება და უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟება. აირბალიშები განაპირობებენ იმპულსის გადაცემასა და ენერგიის შთანთქმას;
  • მანქანის მუშაობასა და გამძლეობას განსაზღვრავს ის მასალა და შენადნობები, რომლებიც შეირჩევა სწორედ ფიზიკის კანონების გამოყენებით;
  • საბურავების დიზაინი და მისი კედლების სიმტკიცე შეირჩევა შესატყვისი ხახუნის ძალის შესაბამისად. საბურავებისთვის იყენებენ რეზინის ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს მანქანის მთლიან მუშაობასა და უსაფრთხოებას;
  • თანამედროვე სამუხრუჭე სისტემების შერჩევა სწორედ ხახუნის ძალისა და ენერგიის გარდაქმნის პრინციპის გათვალისწინებით ხდება. დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემები (ABS) იყენებენ სენსორებსა და საკონტროლო ალგორითმებს, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაუდებელი დამუხრუჭების დროს ბორბლის ჩაკეტვა;
  • ელექტრომობილები ელექტრულ ენერგიას  მექანიკურ ენერგიად გარდაქმნიან. ელექტროსქემები განსაზღვრავენ ძრავის ეფექტურობას. დამუხრუჭების დროს მიღებული კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რომლითაც ხდება მანქანის ბატარეის დატენვა. ეს კი იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას;
  • ჰიბრიდულ ავტომობილებში ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა ენერგიის მოხმარების ეფექტურობას განაპირობებენ.

ავტომობილის მუშაობის პრინციპის განხილვა მოიცავს ისეთ განმარტებებსა და საკითხებს, რაც მე-7 კლასის მოსწავლისთვის სიახლეა და შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ საკითხის შეტანა გაკვეთილზე უნდა მოხდეს მოზარდისთვის მარტივად, მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით.

ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, მატერია ეწოდება. არსებობს ადამიანის თვალისთვის ხილული და უხილავი მატერია. მატერიის ერთ-ერთი სახეა ნივთიერება. ჩვენ ირგვლივ სხეულები და ნივთიერებები, რომლებისგანაც ეს სხეულები შედგება, მატერიალურია. არსებობს მატერიის სხვა ფორმაც – ველი. მაგ, გრავიტაციული ველით ურთიერთქმედებს დედამიწა სხვა სხეულებთან. ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით შეიქმნა თანამედროვე ცხოვრების ყველა კომფორტი და უპირატესობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლისას თავდაპირველად მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდსჰიპოთეზას მოვლენის მიზეზების, მისი მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოწმდება დაკვირვებით. ბევრი მოვლენის შესახებ ცოდნა ადამიანმა დაკვირვების შედეგად მიიღო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის და საჭიროა ცდის, ექსპერიმენტის ჩატარება. შესაბამისი მოვლენის კვლევა-ძიება მიმდინარეობს ხელოვნურად შექმნილ პირობებში – ლაბორატორიაში. მეცნიერებაში ერთი უბრალო ცდით დასაბუთება ბევრად მეტად ფასობს, ვიდრე ათასი ავტორიტეტი ერთად, – ამბობდა გალილეო გალილეი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებელი. ფიზიკას ექსპერიმენტულ მეცნიერებას უწოდებენ. დაკვირვებულ მოვლენაზე გამოთქმული ჰიპოტეზის ჭეშმარიტებას მეცნიერები ექსპერიმენტის საშუალებით ამოწმებენ. ახალი აღმოჩენა სწორედ ჰიპოტეზის ექსპერიმენტით დასაბუთებით მტკიცდება. მეცნიერების ისტორია იცნობს უამრავ შემთხვევას, როდესაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული შეხედულებები ცდით არ დადასტურდა. ახალი აღმოჩენის დადასტურება სწორედ ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობა.

ფიზიკის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასურველია მოზარდის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით. მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით; კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით. მნიშვნელოვანია ავხსნათ, ამა თუ იმ ფიზიკური მოვლენის აღწერის შემდეგ რატომ გვჭირდება შესაბამისი სიდიდეების, ერთეულების, ფორმულების შემოტანა.

მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რო ფიზიკის შესწავლა მხოლოდ მოვლენის სიტყვიერი აღწერით ვერ მოხერხდება. ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ახსნისას საჭირო ხდება ახალი სიდიდის შემოტანა, რომელიც დაგვეხმარება ამ მოვლენის ფიზიკური შინაარსის აღწერაში და შემდგომი გამოთვლების განხორციელებაში. აქვე თავს იჩენს მოცემული სიდიდის გასაზომი ერთეულების შემოტანის აუცილებლობა. ახალი სიდიდე კი უკვე ნაცნობ სიდიდეებს უკავშირდება დადგენილი კანონზომიერების შესატყვისი ფორმულებით. აღმოჩენებსა და იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მეცნიერები ასაბუთებენ, სჭირდება მათემატიკური აპარატის გამოყენება. ეს კი გულისხმობს თეორიული ინფორმაციის ფორმულებით ჩაწერას. ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად უმეტესად ვიყენებთ შემდეგ თანმიმდევრობას:

მოვლენაექსპერიმენტისიდიდეერთეულიფორმულა

ზოგადად, ფიზიკის გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

  • დასახული მიზნის მისაღწევი მეთოდების და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, რაც აუცილებელია სხვადასხვა სწავლის სტილის მოსწავლეთა ინტერესების დასაფარად;
  • ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად გამოსაყენებლად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესაბამისი დავალებების შერჩევა ლოგიკურ აზროვნებისა და მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარების გასავითარებლად;
  • ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გაკვეთილების დაგეგმვა სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;
  • ისეთი დავალებებისა და ამოცანების შერჩევა, რომ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები.

სტატიაში ვისაუბრე იმ აქცენტებზე, რომლებზეც ვფიქრობ, სასურველი იქნება ყურადღების გამახვილება. წარმოდგენილი მასალა მოცულობითია და ის ერთი გაკვეთილის ფარგლებში ვერ მოექცევა. შესაძლებელია, პედაგოგმა წაკითხული საკუთარი უკეთესი იდეის განსახორციელებლად გამოიყენოს.

გაკვეთილი აუცილებლად დასრულდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი კითხვების მიხედვით დაამზადონ პოსტერი ან პრობლემების ხე და გააკრან თვალსაჩინო ადგილზე. სამომავლოდ დადგება ამ კითხვების პასუხის გაცემის დრო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა- ქ.ტატიშვილი; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი;

ფიზიკა – მ.ტუღუში, თ.შენგელია, თ. შენგელია, გ. ლომიძე; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი;

ფიზიკა – ე. ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

https://www.geeksforgeeks.org/applications-of-physics-in-automobile/.

 

 

 

 

 

 

გეოგრაფიული აზროვნება – არასტანდარტული აზროვნება

0

ბოლო დროს, და არა მხოლოდ ბოლო დროს, ხშირად ისმის უფროსი თაობის წუწუნი, როგორ არ ესმით ახალგაზრდებს ჩვენი და როგორ ვერ ვუგებთ ჩვენ მათ. არ მოგვწონს მათი დამოკიდებულება იმ, ეგრეთ წოდებული, ადათ-წესებისა თუ სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს (უფროს) თაობაში მყარდებოდა. „ეგრეთ წოდებული“ იმიტომ დავწერე, რომ ხშირად დამკვიდრებული ადათ-წესები არც რელიგიურად არის მართებული და არც შორეული წარსულიდან იღებს ფესვებს, ამაზე შემდეგ დავწერ. ახლა ჩვენი თაობის განსხვავებულ აზროვნებაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვაფასებ. ბევრჯერ მიკითხავს ჩემი მოსწავლისთვის – საიდან იცის ამდენი; ან რატომ ფიქრობ ასე, როგორ მიხვედი ამ აზრამდე. ერთი კონკრეტული შემთხვევა გამახსენდა: მე-11 კლასში ერთმა ასეთმა განსხვავებულმა გოგომ გლობალიზაციაზე საუბრისას ვაჟა-ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმზე“ ჩართო. ეს მისი განსხვავებული აზროვნების შედეგი იყო. ეს გოგო ძალიან მიყვარს. სტატიის საკითხზე შევჯერდით.

აი, სწორედ ამიტომ განსხვავებული ბავშვების შემყურეს მინდოდა, ლატერალურ აზროვნებაზე დამეწერა სტატია, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ განსხვავებული აზროვნება და უკეთ გავუგოთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას.

2005 წელს დანიელ პინკი თავის წიგნში A Whole New Mind ამტკიცებს, რომ ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, სადაც კრეატიულობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „ამ კონცეპტუალურ ეპოქაში, ჩვენ დაგვჭირდება ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ სწორად მიმართული აზროვნება (კრეატიული და ინოვაციური) და არა ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება“.

ზოგიერთი თვლის, რომ სასკოლო სწავლების ჩვეულებრივი სისტემა შემოქმედებითობას „ახშობს“.

სულ უფრო მეტი ფსიქოლოგი უჭერს მხარს აზრს, რომ არსებობს ინდივიდის კრეატიულობის გაზრდის მეთოდები. რამდენიმე სხვადასხვა მკვლევარმა შეიმუშავა მიდგომები ამ იდეის გასამყარებლად, ერთ-ერთი ედუარდ დე ბონოს მიერ შემოთავაზებული გვერდითი აზროვნებაა.

ედუარდ დე ბონომ 1967 წელს გამოიგონა ფრაზა „გვერდითი აზროვნება“, რათა დაეხასიათებინა პიროვნების უნარი, გადაჭრას საკითხები მიზანმიმართული პასუხების გამოყენებით და არა ლოგიკური და რაციონალური მსჯელობით. ლატერალურად აზროვნება გულისხმობს ადამიანის შემოქმედებით აზროვნებას რთული პრობლემების დასაძლევად. ადამიანები სირთულეების გადასაჭრელად ხშირად ლოგიკურ აზროვნებას იყენებენ. ვერტიკალური აზროვნება, ასევე ცნობილი როგორც ლოგიკური მსჯელობა, ეხმარება ადამიანებს, უპასუხონ კითხვებს მკაფიოდ და პირდაპირ. მსგავსი აზროვნება ადამიანებს ხელს უწყობს შეხედონ საგნებს ახლებურად. ისინი, ვინც ლატერალურად ფიქრობენ, პასუხობენ საკითხებს, რომლებსაც სხვები უგულებელყოფენ.

დე ბონომ დეტალურად აღწერა „ტრადიციული აზროვნების მეთოდები” – აპლიკაციები, რომლებიც ხაზს უსვამენ აზროვნებას, როგორც მიზანმიმართულ მოქმედებას და არა რეაქტიულს. მისი წერის სტილი მარტივი და მკაფიოა, თუმცა ხშირად აკრიტიკებენ სიმშრალისა და განმეორების გამო.

ლატერალური აზროვნება განსხვავდება შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნებისაგან. ედუარდ დე ბონოს ძირითადი კონცეფცია ის გახლავთ, რომ კრიტიკულ აზროვნებას აქვს შეზღუდვები, რადგან ის არგუმენტებზეა დაფუძნებული.

გვერდითი აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძლიერი მხარეა პრობლემის შეუმჩნეველი ასპექტების გათვალისწინება. იმის გამო, რომ ადამიანები არიან ჩაკეტილნი ვერტიკალურ აზროვნებაში, რაც ლოგიკური და რაციონალურია, მათ შეიძლება ვერ დაინახონ სიტუაციის ყველა ასპექტი.

ლატერალური აზროვნება ხელს უწყობს საკითხის ყველა მხარის შესწავლას. მაშინაც კი, თუ ეს ელემენტები უმნიშვნელო ჩანს, ადამიანმა არასოდეს იცის, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს ისინი განხილვის შემდეგ.

ლატერალური აზროვნების დროს გამოყენებული რამდენიმე ტექნიკა მიზნად ისახავს, პრობლემას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ. ეს არის განსხვავებული აზროვნების ან კრეატიულობის საფუძველი, ან ხშირად გამოყენებული გამონათქვამი „ჩარჩოებს მიღმა ფიქრი“.

„გვერდითი აზროვნებისას ადამიანი არ ეძებს სწორ პასუხს, არამედ ინფორმაციის განსხვავებულ აღქმას, რომელიც გამოიწვევს სიტუაციის განსხვავებულ ხედვას“ (de Bono, 1970).

ეს კი მნიშვნელოვანია მაშინაც, თუ განსხვავებული ხედვა სულელური და გამოუსადეგარი ჩანს, თუმცა შესაძლებელია ახალმა რაკურსებმა ისეთი იდეები დაბადოს, რომლებიც საკითხს ზუსტად შეესაბამება.

განსხვავებული აზროვნება საშუალებას აძლევს პრობლემის გადამჭრელს, მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილებები. თუ ხშირად ადამიანები ეჩვევიან გარკვეული გზით სვლას ან ავტომატური, სტანდარტულად მიღებული პროცედურების გავლას, გვერდითი აზროვნების ტექნიკა აიძულებს ადამიანებს ეჭვქვეშ დააყენონ ეს მოცემულობა და ეძიონ ალტერნატივა.

პრობლემის გამომწვევი მიზეზების კითხვის ნიშნის დასმით ვდგამთ პირველ ნაბიჯს აზროვნების უკეთესი პროცესის შესაქმნელად, რომელიც საკითხების მოგვარებისას უფრო ეფექტური შეიძლება იყოს.

ტექნიკას, რომელიც იყენებს გვერდით აზროვნებას პრობლემების გადაჭრისას, ახასიათებს აზროვნების შაბლონების ცვლა ფესვგადგმული ან პროგნოზირებადი აზროვნებიდან ახალ ან მოულოდნელ იდეებამდე.

ლატერალური აზროვნებისას გამოყენებული აღნიშვნა არის ბონოს მიერ გამოგონებული სიტყვა „PO“, რაც ნიშნავს პროვოკაციულ ოპერაციას და გამოიყენება იდეის შესათავაზებლად, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გამოსავალი ან „კარგი“ იდეა თავისთავად, მაგრამ აზროვნებას ახალი მიმართულებით წაიყვანს, სადაც ახალი იდეების გაჩენაა შესაძლებელი.

დე ბონოს თავის წიგნებში მოსწონს საკლასო მაგალითების გამოყენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს, დაეხმარონ მოსწავლეებს გვერდითი აზროვნების განვითარებაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისმა ნაშრომმა ასეთი გავლენა მოახდინა პრობლემის გადაჭრის, განსხვავებული აზროვნებისა და კრეატიულობის შესწავლაში.

ლატერალური აზროვნება გულისხმობს პრობლემის ხელახლა ჩამოყალიბებას ისე, რომ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გამოსავალი, რომელიც ჩვეულებრივი ვერტიკალური აზროვნებისას არ ჩანს.

ლატერალური აზროვნების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი პრობლემისთვის და ხშირად გვხვდება ისეთ პროფესიებში, როგორიცაა, მარკეტინგი, რეკლამა და პროდუქტის დიზაინი, რომლებშიც კრეატიულობა ძალიან ფასდება. ხშირად რეკლამა არის საოცრად მარტივი, მაგრამ ძლიერი, და სწორედ სიმარტივე მატებს მას ეფექტს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია მარკეტინგული კამპანია, ცნობილი „უშიშარი გოგოს“ სახელით, რომელიც ფინანსურ კორპორაციებში გენდერული მრავალფეროვნების არარსებობის გასაპროტესტებლად კომპანია State Street Global Advisors-ის ინიციატივით შეიქმნა. იმის ნაცვლად, რომ სატელევიზიო რეკლამების ჩვეული სტრატეგიისთვის მიემართათ, მათ გამოიჩინეს ძალიან კრეატიული მიდგომა: დაიქირავეს კრისტენ ვისბალი, რომ გამოეძერწა ახალგაზრდა გოგოს ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც უშიშრად იდგა და იგი მოათავსეს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფინანსურ უბანში საკმაოდ დიდი და საშიში ხარის წინ. აღსანიშნავია, რომ ინსტალაცია მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში უნდა მდგარიყო, თუმცა საზოგადოების მოთხოვნით, უშიშარი გოგო დღეს უოლ-სტრიტის მუდმივი მცხოვრებია.

დე ბონოს გვერდითი აზროვნების ტექნიკა – „რატომ?“ – შექმნილია მოწოდებული ინფორმაციის მიმართ დისკომფორტის შესაქმნელად. პროცესი მოიცავს მასწავლებლის განცხადებას, რასაც მოსწავლე მოაყოლებს კითხვას – „რატომ?“. ეს გაცვლა მეორდება დიდხანს; ყოველი ახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„რატომ“-ის მიზანი ინფორმაციის მოპოვებაა. ადამიანს სურს პასუხი გარკვეული ახსნა-განმარტებით, რომელიც შეიძლება მიიღოს და დაკმაყოფილდეს. „რატომ“-ის გვერდითი გამოყენება კი სრულიად საპირისპიროა, რამეთუ მიზანი ნებისმიერი ახსნა-განმარტებით დისკომფორტის შექმნაა, რომ ადამიანმა საგნებს სხვაგვარად შეხედოს“ (დე ბონო, 1970, გვ. 53).

პროცესი ცოტა უფრო რთულია, თუ სწორად შესრულდება. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაიმეოროს სიტყვა „რატომ“, როგორც ბავშვის ჩვევა, სხვა პირობებში კითხვა უნდა იყოს მეტად კონკრეტული და წინა პასუხის კონკრეტულ ასპექტზე კონცენტრირებული.

მაშინაც, როცა მასწავლებელმა იცის მოკლე პასუხი ან გზა, სავარჯიშოდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მან ისეთი პასუხები უნდა გასცეს, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად და მოქნილად შეძლოს შემდეგი კითხვის მოფიქრება.

არასტანდარტული კითხვები არის ფანტასტიკური სტრატეგია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და პრობლემის გადაჭრის უნარების ხელშესაწყობად.

„გეოგრაფია რომ იყოს…“ არის გვერდითი აზროვნების მხოლოდ ერთი მაგალითი, როგორც კითხვის აღწერის საშუალება, რომელიც მოითხოვს გარე აზროვნებასა და კრიტიკულ ანალიზს. ამ ტიპის კითხვები აიძულებს სტუდენტს კრიტიკულად გამოიკვლიოს თავისი ცოდნა და გაგება, შემდეგ კი ეს ცოდნა კონტექსტიდან ამოვარდნილ გარემოებებში გამოიყენოს.

ეს კითხვები შეიძლება დაისვას სხვადასხვა გზით: მოსწავლეებს შეხვდეთ ამოცანებში, საშინაო დავალებაში ან თვითონ შექმნან.

მაგალითი 1: … ექსტრემალური ამინდის მოვლენა?

მოსწავლის პასუხი A: გეოგრაფია რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენა ყოფილიყო, ეს იქნებოდა ჭექა-ქუხილი და ელვა. ელვა მოგცემთ ახალ ცოდნას და ჭექა-ქუხილი გაიძულებთ მოუსმინოთ ახალ ინფორმაციას, რომელსაც ასწავლიან.

სტუდენტის პასუხი B: მე ვფიქრობ, რომ თუ გეოგრაფია ექსტრემალური ამინდის მოვლენა იქნებოდა, ეს იქნებოდა ქარიშხალი. ვფიქრობ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი და ველური. ეს არის მაქსიმუმისა და მინიმუმის ნაზავი. გეოგრაფიის განვითარებას, ისევე, როგორც ქარიშხალს, დრო სჭირდება, საუკეთესო ეპიცენტრამდე მისასვლელად.

მაგალითი 2: … ცხოველი?

ამ ტიპის კითხვები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ თემაზე ან საგანზე და არ უნდა იყოს მსგავსი კონტექსტში. მაგალითად, დევიდ ატენბორო რომ იყოს ბისკვიტი, რის ბისკვიტი იქნებოდა და რატომ?

შეიძლება მოსწავლეებმა თავიდან ცოტა უცნაურად მიიჩნიონ ამ ტიპის კითხვები, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი იწყებენ ერთმანეთს კონკურენციას არატრადიციული და უნიკალური პასუხების მისაღებად.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://uk.indeed.com/career-advice/career-development/lateral-thinking; https://mrsgeographyblog.wordpress.com/2017/11/25/if-geography-was/; https://helpfulprofessor.com/lateral-thinking-examples/; https://www.richardpowers.com/lateral-thinking.

 

 

 

ვალდებულება და იმედგაცრუება

0

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც რაიმე ახლის შესწავლის სურვილი გვიპყრობს, თუმცა უდროობის გამო ჩვენი ძალისხმევა უმეტესად მხოლოდ ზედაპირული ტექსტების კითხვით ან ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება. პერიოდულად შესაძლოა რაღაც ჩავინიშნოთ კიდეც.

თეორიულად ვიცით, რომ სწავლა დროს, შეუპოვრობას, მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ თუკი მოულოდნელად რაღაცის მიმართ ინტერესი გაგვიჩნდა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დავიწყეთ, არა მგონია, ამან დაგვსტრესოს. პირიქით, გვიხარია, რომ რაღაცამ ჩვენში ინტერესი გააღვივა, სიამოვნებით ვკითხულობთ და ვუყურებთ, ამიტომ დეტალებიც ბუნებრივად გვამახსოვრდება.

ინტერესების სფერო შესაძლოა შეგვეცვალოს; რაღაც მოგვწყინდეს, რაღაც ახალმა გაგვიტაცოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლა და ახლის აღმოჩენა ყოველთვის სახალისო პროცესია და არა მგონია, რომელიმე ჩვენგანი დილით დასტრესილი იღვიძებდეს იმის გამო, რომ სურს, ოლიმპიადაზე, ტაროზე, ოთახის მცენარეებზე ან თუნდაც დინოზავრებზე მეტი შეიტყოს.

მაშ, რა გვემართება, როდესაც, მაგალითად, უცხო ენის სწავლას გადავწყვეტთ? რატომ აგვედევნება ხოლმე ვებერთელა სტრესის მონსტრი?

ვფიქრობ, ამის განცდა კიდევ ერთხელ გვაიძულებს, ჩვენი ბავშვობისკენ მივიხედოთ და თავი დავუკრათ ფსიქოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ახლანდელი ემოციების დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განაპირობებს.

ერთხელ ჩემმა ზრდასრულმა მოსწავლემ მითხრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი დააპირებს, დაჯდეს და ინგლისური იმეცადინოს, შფოთვა იპყრობს. სჯერა, რომ როგორც არ უნდა მოინდომოს, არაფერი გამოუვა. თავდაპირველად, როცა ამ პრობლემას წავაწყდით, შევთავაზე, რომ დავალებებს არ მივცემდი. დავალება ერთგვარი პასუხისმგებლობაა და როცა ხვდები, რომ ვერ ასწრებ, შფოთავ. განსაზღვრულ ეტაპამდე ამან იმუშავა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც თავადვე უჩნდებოდა იმის სურვილი, რომ თავისუფალ დროს დამატებით ემეცადინა, ყოველ ჯერზე დასტრესილი და დემოტივირებული ასრულებდა მეცადინეობას.

ცხადია, დიდებს უკეთ გამოგვდის, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. პრობლემის პირველწყარო მალევე ვიპოვეთ მის ბავშვობაში, კერძოდ, მოსწავლეობის პერიოდში. ცხადია, ტრავმული ჭრილობების მოშუშება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ყოველგვარი ვითარებიდან არსებობს გამოსავალი: შევთავაზე, ინგლისურის სწავლაზე ისე ეფიქრა, როგორც ნებისმიერი სახის ინტერესის სფეროზე. ვუთხარი, დავალებების საწერად არ სწავლობ, გამოცდებისთვის არ სწავლობ, გინდა იცოდე მხოლოდ იმისთვის, რომ იცოდე. არავის წინაშე ვალდებულება არ გაქვს აღებული, არც ჩემ წინაშე, ზრდასრული ხარ და შეგიძლია, ამ პროცესს ისევე მიუდგე, როგორც, მაგალითად, ოთახის მცენარეების მოსავლელად საჭირო ინფორმაციის ძებნას. თუ ერთ დილით გავიღვიძე და უცებ აღმოვაჩინე, რომ მინდა, პლანეტებზე უფრო მეტი ვიცოდე და ინფორმაციის მოძიება და კითხვა დავიწყე, იმაზე ხომ არ ვიფიქრებ, ამდენ რამეს რა ისწავლის-მეთქი? რასაც შევძლებ, შევძლებ, რასაც დავიმახსოვრებ, დავიმახსოვრებ. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ხომ პროცესია! ის სასიამოვნო პროცესი, რომელიც სიახლეების აღმოჩენით და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მომენტებითაა სავსე! მაშ, რატომ არ შეიძლება, ენის სწავლასაც ასევე შევხედოთ? იმის გაგებას, როგორ მუშაობს ესა თუ ის ენა, რა თანმიმდევრობით ლაგდება წინადადების წევრები, სად დგას ზმნა, როგორ იცვლის ფორმას დროის ცვლილებასთან ერთად, როგორი იდიომებია და ა. შ.?

მოსწავლეს ვურჩიე, თავისუფალ დროს ისევე ეკითხა ან ეყურებინა ვიდეოებისთვის, როგორც ამას ვაკეთებთ სოციალური მეედიის თვალიერებისას და არ ეფიქრა იმაზე, რომ რამე უნდა დაისწავლოს და დაიზეპიროს.

ამგვარად სწავლის პროცესს ვალდებულების მომენტი ჩამოშორდება და ისეთი საშინელი აღარ მოგვეჩვენება.

თუმცა, მეორე მხრივ, საკითხი ასე მარტივად არ დგას; როგორ მოვიქცეთ მასწავლებლები, რომ ჩვენი მოსწავლეები მსგავს ტრავმებს ავარიდოთ?

ჩემი ზრდასრული მოსწავლე მომიყვა, რა ხდებოდა მის ბავშვობაში ინგლისურის გაკვეთილზე და მეტ-ნაკლებად ნათელი მოეფინა იმას, თუ რატომ სჯერა, რომ ვერ ისწავლის, რატომ უტევს შფოთვა, როცა სწავლას ცდილობს.

დავალებების სწორად შერჩევა რომ ძალიან ფაქიზი საკითხია, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. სწორედ დავალებები აძლევს სწავლას ვალდებულების ელფერს, რაც მოგვიანებით მოსწავლეებისთვის არასწორად ფორმულირდება: რაც სავალდებულოა, საძულველიცაა. მეორე მხრივ, რაკი უდავალებო და უგამოცდო ცხოვრებას ვერცერთ მოსწავლეს ვერ ვაჩუქებთ, სიფრთხილე გვმართებს ქებისას თუ გაკრიტიკებისას, თუნდაც კრიტიკა სამართლიანი იყოს.

იმედგაცრუება ბუნებრივი ადამიანური ემოციაა, რომელიც მეყსეულად გვეუფლება, როდესაც, მცდელობის მიუხედავად, შედეგს ვერ ვხედავთ; რას ვგრძნობთ, როდესაც ტესტის შედეგები ისეთი არ არის, როგორსაც მოველოდით? რას ვგრძნობთ, როდესაც მეორე დღეს აღმოვაჩენთ, რომ წინა დღეს მთელი ემოციებით ახსნილი ნახევარ კლასს არ ახსოვს? რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას. სწორედ ეს იმედგაცრუებაა ყველაზე მეტად დასამუშავებელი და გადასამალი. ბავშვებისგან ვსწავლობთ იმას, რომ დროის მონაკვეთი, როცა ჩვენი შრომის შედეგი უნდა ვიხილოთ, ყველა ბავშვისთვის განსხვავებულია, ინდივიდუალურია. იმავდროულად, სწორედ იმედგაცრუებაა ის, რასაც პირველივე წამებში გვატყობენ და რაც დაღს დაასვამს ნებისმიერი სახის პროგრესს, არა მხოლოდ ამ აკადემიურ წელს, არამედ წლების მერე, ზრდასრულობაშიც. მასწავლებელი იმედგაცრუებულია, ფიქრობენ ისინი, რაღაც არ გამომივიდა და ალბათ არც არასდროს გამომივა.

არადა ჩვენი ემოციები მხოლოდ ჩვენი პრობლემაა და შესაძლოა სულაც არ ვგულისხმობდეთ იმას, რაც მათ ჰგონიათ. შესაძლოა, მე იმედგაცრუებული ვიყო არა კლასის ან კონკრეტული მოსწავლის შედეგით, არამედ საკუთარი თავით, რადგან მივიჩნევდე, რომ მაქსიმუმი არ გავაკეთე. ეს ცალკე საკითხია და ჩემი, ზრდასრული ადამიანის საზრუნავია. თუმცა მოსწავლეებისთვის ეს მესიჯი სხვანაირად ინტერპრეტირდება. მით უმეტეს, როცა მასწავლებელი პირდაპირ ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, მაშინაც კი, როცა ცუდი განზრახვა არ აქვს და ცდილობს, უბრალოდ გულწრფელი იყოს.

მხოლოდ ემოციების კონტროლი, სიტყვებისა და დავალებების ფაქიზად შერჩევა აგვარიდებს თავიდან ისეთი თაობის აღზრდას, რომელსაც მერეც სურს რაღაც ახალი ისწავლოს, მაგრამ სკოლაში მიღებული გამოცდილების ფონზე ეს სურვილი სტრესის წყაროდ იქცევა მისთვის.

სწავლა მართლა სიბერემდეა. სკოლა და იქ გატარებული დრო კი პატარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია დიდი სურათისა.

პროექტი „მხიარული ანბანი“

0

დაწყებით საფეხურზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კითხვის სწავლების პროცესს. კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი უნარის განვითარებას მოითხოვს. ეს კომპონენტებია: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა, გაგება-გააზრება. პირველკლასელ მოსწავლეთა ნაწილი განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდება დეკოდირება-კოდირების პროცესში. ამიტომ, მიზნად დავისახე ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც, ერთი მხრივ, მოსწავლეებს დაეხმარებოდა ქართული ანბანის შესწავლა-განმტკიცებასა და კოდირება-დეკოდირების უნარების განვითარებაში, მეორე მხრივ კი – ანბანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, მიმართ ცნობიერების ამაღლებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ხელს შევუწყობთ საგანთა ინტეგრაციას, კლასების დამეგობრებას, თანამშრომლობას. პროექტი ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, მოიცავს ბევრ სახალისო აქტივობას და ეხმარება მოსწავლეებს კითხვის სწავლის პროცესში.

  1. პროექტის სახელიმხიარული ანბანი

კლასი: 1-ელი კლასი,

  1. პროექტის მიზანი
  • მოსწავლეების მიერ დეკოდირება-კოდირების უნარების განმტკიცება (ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება; სიტყვების/წინადადებების წაკითხვა);
  • კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
  • თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
  1. აქტივობები

ოქტომბერი. აქტივობა.1. ანბანის სამყაროში

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას პროექტის – „მხიარული ანბანის“ დაწყების შესახებ. პროექტის დაწყების დღე ემთხვევა დედა ენის დღეს (ან მომდევნო დღეს). მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტის დაწყების აღსანიშნად მასწავლებელი მოსწავლეებს სიმბოლურად საჩუქრად გადასცემს ანბანს და მიულოცავს ანბანის სამყაროში მოგზაურობის დაწყებას. ასევე, ყურადღებას გაუმახვილებს მერხზე დაკრულ ანბანზე (ანბანის მინი-ვერსია მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაკრული ყველა მოსწავლის მერხზე) და სთხოვს, შემოხაზონ ახლად ნასწავლი ასო-ბგერები: „ა” და „ი”. (ყოველი ახალი ასო-ბგერის შესწავლისას მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, მოძებნონ და შემოხაზონ მოცემული ასო თავიანთ ანბანში).

შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი წინასწარ გამზადებული წებოვანი ასო-ბგერებით ააწყობინებს მოსწავლეებს სიტყვებს და ეხმარება მათ მის პერანგზე მიმაგრებაში. თამაშობენ მოსწავლეების მონაწილეობით წინადადების „აი იას“ აწყობას.

აქტივობა 2. ლაბირინთი

მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს სიცილაკს და უხსნის, რომ მას უნდა დაეხმარონ ლაბირინთიდან თავის დაღწევაში. ამისათვის ყოველი შესწავლილი ასო-ბგერა უნდა დაამატონ ლაბირინთში და სიცილაკიც თითო ნაბიჯით წინ გადაადგილდება.

რესურსი საანბანე პერიოდის განმავლობაში კლასში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული. მოსწავლეები ეხმარებიან სიცილაკს ლაბირინთიდან თავის დაღწევაში. ამისთვის ყოველ შესწავლილ ასო-ბგერას მასწავლებელი ამატებს ლაბირინთს და სიცილაკიც ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს.

რესურსი მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სხვა აქტივობებშიც, მაგალითად, წინარე ცოდნის გააქტიურებაში. მაგ.: მოდით, გავიხსენოთ, რომელი ასო-ბგერები ვისწავლეთ? დღეს რომელი უნდა შევისწავლოთ? რომელი ასო-ბგერა არ დაგვიმატებია ჯერ ლაბირინთში? რომელ ასო-ბგერაზე დგას სიცილაკი? დაასახელე ეს ასო-ბგერა? რომელი სიტყვები იწყება მითითებულ ასოებზე.

მასწავლებელი მოსწავლეებს ჰპირდება, რომ ყველა ასო-ბგერის შესწავლის შემდეგ, ლაბირინთიდან გამოსული სიცილაკი, მადლიერების ნიშნად მოსწავლეებს შესთავაზებს სახალისო აქტივობას. იხ. აქტივობა ჯადოსნური ასოები.

ნოემბერი. 3. ბოსტნეულით ასოების აწყობა

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ბოსტნეულს და ახლად შესწავლილ ასო-ბგერებს (ა, ი, ო, ს, ხ, თ) წარმოადგენენ ბოსტნეულის გამოყენებით. ბარათებზე ნასწავლი ასოები წერია. შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები იღებენ ერთ ბარათს და სურვილის მიხედვით ირჩევენ იმ ბოსტნეულს, რომლის საშუალებითაც ააწყობენ ასოებს.

ნოემბერი. აქტივობა 4. ხილით ასოების აწყობა

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სახის ხილს. ამჯერად, მუშაობენ ჯგუფებში. მასწავლებელი ჯგუფს მიაწოდებს სიტყვას, რომელიც უნდა წარმოადგინონ ხილის საშუალებით. ჯგუფის თითოეული წევრი წარმოადგენს თითო ასოს და საბოლოდ დგება სიტყვა.

დეკემბერი. აქტივობა 5. მხიარული ვიქტორინა

პირველი სემესტრის შეჯამების მიზნით კლასში ჩატარდება „მხიარული ვიქტორინა“. ვიქტორინა შედგება რამდენიმე ტურისგან. ვიქტორინის დასასრულ თითოეულ გუნდს დაევალება, შერჩეულ მუსიკაზე შეასრულოს ცეკვა. მოპოვებული ქულები გადაიცვლება სიცილაკებზე, რომლებსაც გაინაწილებენ გუნდის წევრები. თითოეული მონაწილე კი დაჯილდოვდება ბუშტით.

იანვარი. აქტივობა 6. სტუმრად ბიბლიოთეკაში

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრებიან სკოლის ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკარისგან მოისმენენ მინი-ლექციას ბიბლიოთეკაში ქცევის წესებზე. წაიკითხავენ საანბანე ტექსტებს. კლასში დაბრუნებულებს კი მასწავლებელი ესაუბრება ანბანის, როგორც კულტურული ძეგლისა და მისი მოფრთხილების, დაცვის შესახებ. თუ შესაძლებელია, აჩვენებს ი.გოგებაშვილის დედაენის პირველ გამოცემას.

თებერვალი. აქტივობა 7. ჯადოსნური ასოები.

ანბანის ყველა ასო-ბგერის დასასრულ სიცილაკიც დააღწევს თავს ლაბირინთს. მადლიერების ნიშნად მოსწავლეებს შესთავაზებს სახალისო აქტივობას. მოსწავლეები ხმამაღლა ამბობენ თავიანთ საყვარელ ასო-ბგერას, შემდეგ კი სპეციალური მარკერით წერენ თეფშზე. თეფშს ფრთხილად წყალში ათავსებენ. ასოები იწყებენ წყლის ზედაპირზე ცურვას.

https://www.youtube.com/watch?v=RrfBKTBzfik

თებერვალი. აქტივობა 8. მარცვლეულითა და ხილით სიტყვების აწყობა

პროექტის ფარგლებში, ამჯერად მარცვლეულითა და პარკოსნებით მოსწავლეები ერთ- და ორმარცვლიანი სიტყვებს აწყობენ.

მარტი. აქტივობა 9. მხიარული ანბანი და დედის დღე

ანბანის ყველა ასო-ბგერის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ამზადებენ მისალოც ბარათებს, ნახატებს დედებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის.

მოსწავლეები ყვავილებითა და მისალოცი ბარათებით მიულოცავენ სასკოლო საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს. კაბინეტში სტუმრობენ დირექციას, სკოლის ექიმს, მანდატურებს, ბიბლიოთეკარს, ტექპერსონალს, პარალელური კლასების მასწავლებლებს მიულოცავენ დედის დღეს და გადასცემენ ყვავილებსა და ნახატებს.

მარტი. აქტივობა 10. სკოლების დამეგობრება

პროექტის ფარგლებში ვუმეგობრდებით სხვა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. სასურველია, არ იყვნენ პირველკლასელები. ისინი მოამზადებენ გაცნობითი ხასიათის წერილებს და უგზავნიან კონკრეტულ პირველკლასელს. (ამაზე მასწავლებლები წინასწარ თანხმდებიან, რათა არცერთი მოსწავლე არ დარჩეს წერილის გარეშე). პირველკლასელებიც დიდი მოლოდინითა და ინტერესით ელიან წერილებს. შემდეგ კი თვითონაც ამზადებენ საპასუხო წერილებს. შესაძლებელია მოსწავლეთა ემოციები წერილის მიღების პროცესში ავსახოთ ვიდეოზე. დამეგობრებულ კლასებს შორის წერილების წერა გაგრძელდება მომდევნო კლასებშიც.

 

აპრილი. აქტივობა 11. ანბანის წიგნის შექმნა

ფორმატზე თითო მოსწავლე წარმოადგენს თითო ასო-ბგერაზე საანბანე გვერდს.

მშობლების ჩართულობით, მოსწავლეები წინასწარ განსაზღვრულ ასო-ბგერას გააფორმებენ სხვადასხვა საშუალებით: მძივებით, პლასტილინით, ნაჭრებით, ფერადი და ბრჭყვიალა ქაღალდებით. მოსწავლემ უნდა ჩააკრას ან დახატოს წიგნში შესაბამის ასო-ბგერაზე დაწყებული საგნების ფოტოები და ისწავლოს ლექსი შესაბამის ასო-ბგერაზე.

14 აპრილს მოეწყობა „ანბანის წიგნის“ პრეზენტაცია. მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსებს, გააკეთებენ თავიანთი საანბანე გვერდის პრეზენტაციას. ნამუშევრები აიკინძება და დამზადდება ხელნაკეთი „ანბანის წიგნი“.

პროექტის მდგრადობა

პროექტი მდგრადია, რადგან ყოველ 14 აპრილს კლასში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. გავაგრძელებთ მეგობარ სკოლასთან თანამშრომლობას. ანბანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვგეგმავთ ახალ პროექტებს.

პროექტის შეფასების რუბრიკა

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი

მოსწავლის სახელი, გვარი ————————————————————

კრიტერიუმები  

 

მოცემულ დავალებებს კარგად გავართვი თავი.  

 

 

 

 

 

 
ვთანამშრომლობდი სხვა მოსწავლეებთან.      
შემიძლია სხვადასხვა მასალისგან ასო-ბგერების აწყობა.      
შემიძლია ასო-ბგერებზე საანბანე გვერდის დამზადება.      

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...