ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ექვსი ქუდის მეთოდი ერთი ამოცანის ანალიზისათვის

0

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მასწავლებლისგან მოითხოვს მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემას, არამედ კრიტიკული, კრეატიული და სისტემური აზროვნების უნარების განვითარებასაც. ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ეფექტური პედაგოგიური მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტია ედვარდ დე ბონოს აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხი ან პრობლემა ექვსი განსხვავებული პერსპექტივიდან გააანალიზონ. სტატიაში გაგიზიარებთ მეათეკლასელებთან ჩატარებული გაკვეთილის დეტალურ გეგმას. ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ამოხსნეს რეალურ კონტექსტზე დაფუძნებული ამოცანა – ნაკრძალის ტბაში თევზების რაოდენობის ოპტიმიზაცია, მერე კი ის აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდით გააანალიზეს. ამ მიდგომამ არა მხოლოდ გააღრმავა მათი მათემატიკური ცოდნა, არამედ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებასაც შეუწყო ხელი და ტრადიციული საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და მრავალმხრივი აზროვნების ხელშემწყობ გარემოდ გარდაქმნა.

 

თემატური ბლოკი: ალგებრა

თემა: განტოლება, უტოლობა, სისტემა

საკითხი: წრფივი დაპროგრამების ამოცანები (ორი ცვლადის შემთხვევა)

სამიზნე ცნება:
მათემატიკური მოდელი:

ცვლადების განსაზღვრა; მიზნობრივი ფუნქციის ჩამოყალიბება (მაქსიმიზაცია/მინიმუმამდე დაყვანა); შეზღუდვების გათვალისწინებით განტოლებებისა და უტოლობების გრაფიკული გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე.

 

კანონზომიერება:

ცვლადებს შორის კავშირები და ურთიერთდამოკიდებულებები მოცემულ სისტემაში; წრფივი ურთიერთობები მიზნობრივ ფუნქციასა და შეზღუდვებში; დასაშვები არეალის განსაზღვრა შეზღუდვების საფუძველზე; საკვანძო წერტილების (დასაშვები არეალის წვეროების) როლი ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიებაში.

 

ლოგიკა: თანმიმდევრული და დასაბუთებული მსჯელობა; შეზღუდვების სწორი ინტერპრეტაცია; დასაშვები არეალის განსაზღვრა; პრობლემის გადაჭრა; დასკვნების გამოტანა და ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიება.

 

მისაღწევი შედეგები სტანდარტის მიხედვით (მათ.საშ.2):

  • უცნობი რაოდენობის ცვლადი სიდიდეების წარმოდგენა;
  • ალგებრულ გამოსახულებათა ფორმებს შორის კავშირის დამყარება;
  • ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მათემატიკური მოდელირება და წარმოდგენა ცვლადის, ალგებრული გამოსახულების, განტოლების ან უტოლობის საშუალებით;
  • პრობლემის გადაჭრა.

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკური ამოცანის ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენებით;
  • განუვითარდეთ კრიტიკული, ლოგიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური აზროვნების უნარები;
  • ისწავლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება;
  • გაიაზრონ რესურსების შეზღუდვისა და ოპტიმიზაციის მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

რესურსები:

  • დაფა ან პროექტორი
  • ფერადი მარკერები
  •  ფლიპჩარტის ქაღალდი
  • ექვსი სხვადასხვა ფერის (თეთრი, წითელი, შავი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი) ქაღალდის ფურცელი ან ქუდი
  • ამოცანის ტექსტი

 

აქტივობა 1: გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა (5 წუთი)

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მოკლედ მიმოვიხილე აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდის არსი, ავუხსენი თითოეული ქუდის სიმბოლური დატვირთვა და ის წესი, რომლის მიხედვითაც ჯგუფებს მოუწევდათ მუშაობა – თითოეული ქუდის პერსპექტივიდან გარკვეული ხნის განმავლობაში, ბოლოს კი თავიანთი მოსაზრებების წარდგენა.

    • თეთრი ქუდი: ფაქტები, მონაცემები, ობიექტური ინფორმაცია
    • წითელი ქუდი: ემოციები, ინტუიცია, გრძნობები (დასაბუთების გარეშე)
    • შავი ქუდი: კრიტიკული შეფასება, რისკები, პოტენციური პრობლემები
    • ყვითელი ქუდი: დადებითი მხარეები, სარგებელი, შესაძლებლობები
    • მწვანე ქუდი: კრეატიულობა, ახალი იდეები, ალტერნატიული გადაწყვეტილებები
    • ლურჯი ქუდი: პროცესის მართვა, შეჯამება, დასკვნების გამოტანა

აქტივობა 2: ამოცანის ამოხსნა (12-15 წუთი)

მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური და საკლასო მუშაობა

ამოცანა

ნაკრძალის ტბაში ყოველ გაზაფხულს ორი სახეობის თევზებს უშვებენ. პირველი სახეობის თევზის საშუალო მასა 0,6 კგ-ია, მეორე სახეობის თევზისა კი 0,3 კგ. მათთვის ორი სახის საკვებია საჭირო: პირველი სახეობის ერთ თევზს სჭირდება დღეში 3 ერთეული A საკვები და 3 ერთეული B საკვები, მეორე სახეობის ერთ თევზს – 1 ერთეული A საკვები და 2 ერთეული B საკვები. ამასთანავე, A სახის საკვების ყოველდღიური მარაგი არ უნდა აღემატებოდეს 600 ერთეულს, ხოლო B სახის საკვებისა – 900 ერთეულს. როგორ დავგეგმოთ თევზების რაოდენობა, რომ მათი საერთო მასა მაქსიმალური იყოს?

საერთო საწყისი წერტილის შესაქმნელად და ანალიზზე (ექვსი ქუდის მეთოდი) ყურადღების გადასატანად გაკვეთილი ამოცანის ამოხსნით დავიწყე. მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად და თითოეულს შემდეგი კითხვები მივეცი:

ჯგუფი 1: ცვლადების განსაზღვრა და მიზნობრივი ფუნქცია

  • რამდენი სახის თევზი ჰყავთ ნაკრძალის ტბაში?
  • როგორია თითოეული სახეობის საშუალო მასა?
  • რა უნდა აღვნიშნოთ ცვლადით, რომ გავიგოთ თითოეული სახეობის რამდენი თევზი უნდა გავუშვათ? (მაგალითად, პირველი სახეობის თევზების რაოდენობა იყოს „x“, ხოლო მეორე სახეობის თევზებისა – „y“).
  • რას გვეკითხება ამოცანა? (რა არის ამ ამოცანაში ჩვენი მიზანი?)
  • როგორ გამოვსახოთ მათემატიკურად თევზების საერთო მასა, თუ ვიცით თითოეული სახეობის თევზების რაოდენობა (x და y) და მათი საშუალო მასა?

ჯგუფი 2: A საკვების შეზღუდვა

  • რა სახის საკვები სჭირდებათ თევზებს?
  • რამდენი ერთეული A საკვები სჭირდება დღეში პირველი სახეობის ერთ თევზს?
  • რამდენი ერთეული A საკვები სჭირდება დღეში მეორე სახეობის ერთ თევზს?
  • რა არის A საკვების მაქსიმალური მარაგი?
  • როგორ ჩავწეროთ უტოლობის სახით შეზღუდვა, რომელიც გვიჩვენებს, რომ A საკვების საერთო მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს მის მარაგს, თუ ვიცით თითოეული სახეობის თევზების რაოდენობა (x და y)?

ჯგუფი 3: B საკვების შეზღუდვა

  • რა სახის საკვები სჭირდებათ თევზებს?
  • რამდენი ერთეული B საკვები სჭირდება დღეში პირველი სახეობის ერთ თევზს?
  • რამდენი ერთეული B საკვები სჭირდება დღეში მეორე სახეობის ერთ თევზს?
  • რა არის B საკვების მაქსიმალური მარაგი?
  • როგორ ჩავწეროთ უტოლობის სახით შეზღუდვა, რომელიც გვიჩვენებს, რომ B საკვების საერთო მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს მის მარაგს, თუ ვიცით თითოეული სახეობის თევზების რაოდენობა (x და y)?

ჯგუფი 4: არაუარყოფითობის შეზღუდვები და დასაშვები არეალი

  • შეიძლება თუ არა, თევზების რაოდენობა იყოს უარყოფითი რიცხვი? რატომ?
  • როგორ ჩავწერთ მათემატიკურად ამ ფაქტს x და y ცვლადებისთვის? (x ≥ ?, y ≥ ?)
  • თუ წარმოვიდგენთ საკოორდინატო სიბრტყეს, სადაც x არის აბსცისათა ღერძი, ხოლო y – ორდინატთა, რა არეალს შემოფარგლავს ეს არაუარყოფითობის შეზღუდვები?

ამოხსნა და დასკვნები

მას შემდეგ, რაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი ნაწილი დაფაზე და შევჯერდით ყველა შეზღუდვასა და მიზნობრივ ფუნქციაზე, მომდევნო ნაბიჯები მთელი კლასის მონაწილეობით დავამუშავეთ. მოსწავლეებმა უპასუხეს ჩემ მიერ დასმულ შემდეგ კითხვებს:

  • თუ გრაფიკული მეთოდის გამოყენებას გადავწყვეტთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ? (მაგალითად, შეზღუდვების შესაბამისი წრფეების აგება, დასაშვები არეალის პოვნა)
  • რა არის „დასაშვები არეალი“ ამ ამოცანაში? რას ნიშნავს, რომ x და y მნიშვნელობები ამ არეალში უნდა იყოს?
  • რა მნიშვნელობა აქვს დასაშვები არეალის წვეროებს გრაფიკული მეთოდით ამოხსნისას?

ამ ნაბიჯებმა ხელი შეუწყო ამოცანის ამოხსნის სრული სურათის ერთობლივ აწყობას.

დაიხაზა ჩამოყალიბებული უტოლობების შესაბამისი წრფეები საკოორდინატო სიბრტყეზე, მოინიშნა ყველა დაწესებული შეზღუდვის დამაკმაყოფილებელი არე. დაადგინეს იმ წერტილების კოორდინატები, სადაც შემზღუდველი წრფეები ერთმანეთს კვეთს და რომლებიც დასაშვები არეალის კუთხეებს წარმოადგენს. თითოეული ნაპოვნი წვეროს კოორდინატები ჩასვეს მიზნობრივ ფუნქციაში (M=0,6x+0,3y) და გამოთვალეს შესაბამისი მნიშვნელობა. იპოვეს ის წვერო, რომელზეც მიზნობრივი ფუნქცია იღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას. ეს წერტილი განსაზღვრავს პირველი და მეორე სახეობის თევზების ოპტიმალურ რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ საერთო მასას.

დასასრულ, მოსწავლეებმა ერთად გააანალიზეს მიღებული შედეგები და ჩამოაყალიბეს ამოცანის საბოლოო პასუხი.

აქტივობა 3: აზროვნების ექვსი ქუდი (10-12 წუთი)

მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ამ ამოცანისთვის ახლა უნდა გამოიყენონ აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდი, რათა უფრო ღრმად გააანალიზონ ამოცანის პირობები, შედეგები და შესაძლო ალტერნატივები.

კლასი დავყავი ექვს ჯგუფად. თითოეულ მათგანს გადავეცი განსხვავებული ფერის ქაღალდის ქუდი და მივეცი დავალება, გაეანალიზებინათ ამოცანა ნაკრძალის ტბაში თევზების გაშვების შესახებ იმ კონკრეტული ქუდის პერსპექტივიდან, რომელიც მას ერგო.

თეთრი ქუდი (ფაქტები და ინფორმაცია):

·         რა კონკრეტული რიცხვები და მონაცემებია მოყვანილი ამოცანაში? (თევზების მასა, საკვების მოთხოვნილება, მარაგები)

·         რა არის ცნობილი თითოეული სახეობის თევზის შესახებ?

·         რა არის ამ ამოცანის ამოხსნის მიზანი? (მაქსიმალური საერთო მასის გამოთვლა)

 

წითელი ქუდი (ემოციები და ინტუიცია):

·         რა გრძნობები გიჩნდებათ ამ ამოცანის წაკითხვისას?

·         რა არის/იყო თქვენი პირველი ინტუიციური აზრი იმის შესახებ, თუ რომელი თევზი უნდა გაუშვან მეტი? რატომ?

·         ხომ არ გებადებათ რაიმე ეთიკური კითხვა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით?

შავი ქუდი (კრიტიკული შეფასება და რისკები):

·         რა შეზღუდვებს გვიწესებს ამოცანა? რა შეიძლება იყოს არასწორად გათვალისწინებული?

·         რა პოტენციური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რეალურ ცხოვრებაში? (საკვების ხარისხი, თევზების დაავადებები)

·         არის თუ არა რისკი, რომ მაქსიმალური მასის მიღწევა ეკოსისტემაში სხვა პრობლემებს გამოიწვევს?

ყვითელი ქუდი (დადებითი მხარეები და შესაძლებლობები):

·         რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ თევზების გაშვებამ ნაკრძალს?

·         რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მაქსიმალური საერთო მასის მიღწევას?

·         ხომ არ არსებობს გრძელვადიანი დადებითი ეფექტი?

მწვანე ქუდი (კრეატიულობა და ახალი იდეები):

·         ხომ არ არსებობს თევზების რაოდენობის დაგეგმვის სხვა გზები, გარდა ამ ამოცანაში მოცემულისა?

·         შეიძლება თუ არა რომელიმე ინოვაციური მიდგომის გამოყენება საკვების მარაგის გაზრდის ან თევზების კვების რაციონის ოპტიმიზაციისთვის?

·         ხომ არ შეიძლება ტბაში სხვა ისეთი სახეობის თევზების დამატება, რომელსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვს?

ლურჯი ქუდი (პროცესის კონტროლი და შეჯამება)

·         როგორ მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი ამ ამოცანაზე მუშაობისას?

·         რა იყო თითოეული ქუდის მთავარი მიზანი?

·         როგორ დაგვეხმარა ექვსივე პერსპექტივის განხილვა ამოცანის უკეთ გააზრებაში?

 

მოსწავლეებმა იმსჯელეს თავიანთ ჯგუფებში და მოამზადეს მოკლე პრეზენტაციები (1-2 ძირითადი იდეის სახით) თავიანთი ქუდის შესაბამისად.

აქტივობა 4: პრეზენტაცია და განხილვა (5-7 წუთი)

თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ანალიზი შესაბამისი ქუდის პერსპექტივიდან (ლურჯი ქუდის გარდა). პრეზენტაციების შემდეგ წამოვიწყე დისკუსია და ფოკუსირება მოვახდინე შემდეგ საკითხებზე:

  • რითია განსხვავებული თითოეული ქუდის მიერ შემოთავაზებული ხედვა?
  • რა ახალი ასპექტები დაინახეთ ამოცანაში სხვადასხვა პერსპექტივის მოსმენის შემდეგ?
  • რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქუდის პერსპექტივა რეალური გადაწყვეტილების მიღებისას?
  • როგორ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება სხვა მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად?

დასასრულ, ლურჯი ქუდის ჯგუფმა შეაჯამა დისკუსიის შედეგები და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მათ ექვსივე ქუდის გამოყენება ამოცანის უფრო სრულყოფილად გაანალიზებაში. გიზიარებთ მოსწავლეთა საპრეზენტაციოდ გამოტანილ ნამუშევრებს ფოტოს სახით:

აქტივობა 5. შეფასება (3-4 წუთი):

მოსწავლეებს ვთხოვე, მოკლედ გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაკვეთილის შესახებ, ასევე – რამდენად კარგად გაიგეს საკითხი ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენებით და როგორ იგრძნეს თავი თითოეული ქუდის როლში.

მოსწავლეთა შეფასებამ, მათმა მოტივაციამ და აქტიურმა ჩართულობამ აჩვენა, რომ აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე, კონკრეტული და პრაქტიკული ამოცანის მაგალითზე, ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტია საკითხის გასააზრებლად. მოსწავლეებმა შეძლეს, მათემატიკური ამოცანის მიღმა დაენახათ რეალური სამყაროს კონტექსტი, გაეანალიზებინათ იგი სხვადასხვა კუთხით და გამოეთქვათ მრავალფეროვანი მოსაზრებები. ამით მოსწავლეები არა მხოლოდ ითვისებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ კრიტიკულად აზროვნებას, კრეატიულად მოქმედებას და პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი მეათე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში

https://math.ge/meate-klasi/

  1. მათემატიკა x კლასი. ავტორი: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარ ქურჩიშვილი. გამომცემლობა ინტელექტი,თბილისი 2022.

https://edrawmind.wondershare.com/strategy-and-planning/six-thinking-hats-technique.html

 

ვერგაგების მშვენიერი ბილიკები

0

პედაგოგისთვის მოსწავლის მიმიკა, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება, გამოპასუხების სტილი, მიმართება, ნებისმიერი საპასუხო რეაქცია ისეთივე სიმპტომია, როგორც ექიმისთვის ხველება, ცხელება და მოთენთილობა…

საერთოდ, მოსწავლეების რეაქციაზე დაკვირვებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია მათი უნარების განსავითარებლად, მათი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

ახალ და რთულ მასალასთან პირველი შეხებისას მოსწავლეთა რეაქცია იშვიათად არის ხოლმე ასეთი: „ვაჰ, რა მაგარი გამოწვევაა!“, „რამდენი რამ არ მესმის“, „რა საინტერესო საკვლევი იქნება“ და „ნეტავ, თუ გავართმევ თავს…“. უფრო ხშირად გვესმის (ან უარესი, არ გვესმის, მაგრამ მოსწავლე თავისთვის, გულში ფიქრობს): „ეს რა დებილობაა!“, „ვერაფერი ვერ გავიგე!“, „არაფერი არ ვიცი!“, „ამას როგორ გავაკეთებ!“, „ამის გამკეთებელი მე არ ვარ!“.

ეს რეფლექსური მიმართებები, მყისიერი რეაქცია ახალი მასალის პირისპირ აღმოჩენისას, ჩვენი, უფროსების ბეჯითი და მიზანმიმართული გარჯის შედეგია. სასკოლო სისტემა ხომ დასჯა-დაჯილდოების ქანქარასებურ პრინციპზეა დაფუძნებული: შეგეშლება – დაისჯები, რამეს სწორად გააკეთებ – დაჯილდოვდები. ეს აყალიბებს მიმართებას – შეცდომა დასაძრახია, თუ ვერ გავიგე რამე, „დებილი ვარ!“ .

ინტერესის გაღვივებას, ცნობისმოყვარეობას, გამოსავლის ძიების გზებსა და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს დრო ნაკლებად ან საერთოდ არ ეთმობა.

მოსწავლეების გულწრფელი კომენტარები, მათი განწყობა-დამოკიდებულებები ძვირფასი რამაა. ესაა მასწავლებლის საკვლევი ლაბორატორიაც, ინსტრუმენტიც, რესურსიც.

მასწავლებლები ყველანაირად უნდა შევეცადოთ და ნდობით აღჭურვილი გარემო შევქმნათ, სადაც მოსწავლეს შეეძლება ალალად, გულწრფელად, ღიად გამოხატოს თავისი შეხედულებები და მიმართებები.

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ – „ვერგაგების გაცხადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაგება და მისი თანმდევი შედეგი“.

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი მასალის დამუშავებისას, შემეცნებისას, იმაზე დაკვირვება, რა ვერ გავიგე და მიზეზის ძიება – რატომ ვერ გავიგე – ასევე გადაჭრის გზაზე ფიქრი – რა გავაკეთო, რომ გავიგო – ფასდაუდებელი რამაა.

შემეცნების აქტი მხოლოდ ასე შედგება, როგორც თვითკმარი და სრულფასოვანი რამ. ეს ნიშნავს: გაცხადებული „ვერგაგება“ თავად გაკაფავს გზას „გაგებისკენ“.

შემეცნება აქტიური პროცესია და გულისხმობს საკუთარ სააზროვნო აქტზე დაკვირვებას, მონიტორინგს, რეგულაციას, დაგეგმვას, შეფასებას, გაცნობიერებას, სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, დაგეგმილის განხორციელებას, არსებული ცოდნის გაცხადებას, გააქტიურებას, გამოყენებას, ვერგაგების გაცხადებასა და ასევე – გამოყენებას. შემეცნების აქტის დამხმარე სტრატეგიაა პროცესის ტემპის რეგულირება და კორექტირება.

ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ტემპის შერჩევა სჭირდება რაიმეს გასაგებად, გასააზრებლად და შესამეცნებლად.

შემეცნების მიზანი არაა, სხაპასხუპით დაისწავლო რაიმე. მიზანია გაიგო, გაიაზრო, გაითავისო, გამიჯნო გაგება და ვერგაგება ერთმანეთისგან, დასახო გაგებისკენ მავალი გზები და ბილიკები, განსაზღვრო დრო და ტემპი.

ამასთან: სასკოლო განათლების მთავარი მიზანი „სამიზნე ცნებების“ დასწავლა არაა. ესაა საკუთარი თავის, სამყაროს შეცნობის გზაზე აღმოჩენების კეთება, დაბრკოლებებთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება, თანამშრომლობა, გუნდურ აქტივობებში საკუთარ შესაძლებლობებზე დაკვირვება, შემეცნებისადმი, როგორც საინტერესო საკვლევისადმი; სწორი მიმართებების ჩამოყალიბება, მოქმედებისთვის საჭირო მოტივაციის გამომუშავება, ცნობისმოყვარეობით სავსე მზერის მიმართვა ნაცნობისა და უცნობისადმი…

 

დავუბრუნდები საკლასო ოთახს:

საკლასო სამუშაოების შესრულებისას, როცა დრო ცოტაა, მასწავლებლები ბევრს ვცოდავთ იმ მოსწავლეების წინაშე, ვისაც მეტი დრო ან უფრო საგულდაგულო მიდგომა სჭირდებათ, სჭირდებათ განსხვავებული ატმოსფერო და ტემპი შესამეცნებლად. გაკვეთილზე უფრო სხარტები და სწრაფები „ხეირობენ“.

როდესაც მოსწავლეს შეუძლია, გაიცხადოს ვერგაგება და მას აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, თუ მას თავის დროზე მიაწოდეს მეტაკოგნიტური სტრატეგიები, ის შემეცნებისას ემოციურ და გონებრივ რესურსს დახარჯავს არა საკუთარი თავის დამუნათება-კრიტიკაზე, არამედ სათანადო სტრატეგიების შემუშავებასა და პროცესის სწორად წარმართვაზე.

 

როცა მესმის მოსწავლის გულიანი შეძახილი „ვერაფერი გავიგე!“, ვაგებებ – „გამოიყენე ეგ ვერგაგებაც და ეგ ენერგიაც, რაც ახლა გაქვს. დაეყრდენი გაგებას, ჩაეჭიდე იმ ყველაფერს, რაც გაიგე, გაიცხადე. ვერგაგება ჩამოაყალიბე კითხვებად. დასვი ეს კითხვები და დაეხმარე საკუთარ თავს“.

 

სიტუაცია ლიტერატურის გაკვეთილზე:

პირველი შეხება ძველ ქართულ ლიტერატურასთან ჩემს კლასებში ყოველთვის ამ ექსპერიმენტით იწყება: მოსწავლეებს ეძლევათ „შუშანიკის წამების“ შესავალი და ინსტრუქცია: თქვენ ხართ კრიპტოგრაფები. თქვენ წინაშეა ტექსტი. გაშიფრეთ, გახადეთ ცხადი, რა წერია. უნდა ამოიღოთ სრული ინფორმაცია იმაზე, ვინ სად და რა მიზნით გაემგზავრა, რა გააკეთა დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას და როგორ განვითარდა და დასრულდა გამგზავრების ამბავი. იქეცით გამომძიებლებად, თქვენ წინაშეა გასაშიფრი ტექსტი. დაიწყეთ!

ჩვენ კი, უფროსებს, სპეციალისტებს, ფილოლოგებსა და კურიკულუმების სპეციალისტებს გვგონია, რომ ენა „თექვსმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა“ (მეოცე საუკუნეში რეზი თვარაძის შემოთავაზებულ ამ ფორმულას ერთი საუკუნეც შევმატოთ), მაგრამ თანამედროვე მოზარდებს ძალიან უჭირთ ძველი ქართულის სწორად გაგება და ეს საკმაოდ საინტერესო გონებრივი სამუშაოა მათთვის.

დავალება პირველ ჯერზე და საწყის ეტაპზე სახალისოცაა და სასარგებლოც, ოღონდ შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში პერაფრაზირებისა და „გაშინაარსების“ მავნე ტრადიციის გამო, იქცევა გარანტირებული უკუეფექტის მომცემ წვალებად – არ შეიძლება მთელი ძველი ქართული ლიტერატურის სასკოლო ტექსტები მოსწავლეებს „ვაშინაარსებინოთ“, თუმცა ამაზე ამ კონკრეტულ წერილში აღარ ვისაუბრებ დაწვრილებით (ჩემი არაერთი კვლევა და მასალა ეთმობა ამ საკითხს).

მაშ, მოსწავლეები ერკინებიან ძველი ქართულის ლექსიკასა და სინტაქსს და ცდილობენ, გზა გაიკაფონ „ცოდნის“ ბილიკისკენ.

რას უნდა დაეყრდნონ?

თუ მოსწავლეს არ აქვს გამომუშავებული უნარი, შეანელოს ტემპი იქ, სადაც „ტევრია“ უცხო სიტყვებისა და „ჩიხი“ სინტაქსური კონსტრუქციების, თუ მას არ შეუძლია დამხმარე სტრატეგიების გამოყენება (ლექსიკონი, სქოლიო, წიგნის თეორიული მასალა, სწორი კითხვების ფორმულირება და ამ კითხვების კლასელებისთვის ან მასწავლებლისთვის დასმა), ის ადვილად ნებდება და საკუთარ თავსაც და ტექსტსაც განაჩენს გამოუტანს („ტექსტი გაუგებარია!“ „მე არაფერი მესმის!“ „ვერაფერი გავიგე!“).

მაგრამ ეს მარტივი გამოსავალია.

ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ტექსტი უნდა გამოიყენოს არა როგორც მიზანი (ისწავლოს ტექსტი შინაარსობრივად/ზეპირად), არამედ როგორც სამარჯვი სწავლისა და მეტაკოგნიტური უნარების განსავითარებლად.

კვლევა ხომ საინტერესო გზაა და შემეცნებისკენ მავალი ბილიკიც მასზე გადის.

მაშ, ამ უცხო და რთულ ტექსტში დავიწყოთ იმაზე დაკვირვება, რაც გვესმის, რის გაგებაც შეგვიძლია, რაც ლექსიკონის/სქოლიოს/თეორიის/მიღებული პასუხების შედეგად შეგვიძლია „დავალაგოთ“.

თუ მოსწავლეებს სწორად გავუწევთ ამ გზაზე მეგზურობას, მათთან ერთად ბევრს აღმოვაჩენთ.

მაგალითად, აღმოვაჩენთ იმას, რომ ვერგაგებასთან გამკლავება საინტერესო გამოცდილებაა.

  • მოსწავლეებისთვის დიდი სიამოვნებაა დაბრკოლების გადალახვა.
  • შემეცნების ბილიკებზე ვერგაგება ჩიხი კი არა, გადასაბიჯებელი წინაღობაა.
  • ხელშეწყობა და მხარდაჭერა უკეთესი პედაგოგიური სამარჯვებია, ვიდრე შეფასება (ყოჩაღ ან „უკეთ შეგეძლო“, ან „მეგონა, მეტი შეგეძლო“, ან საზარელი „ამას რა მიხვედრა უნდა“ და ა.შ.).
  • მოსწავლეებს აქვთ უფლება, ვერ გაიგონ, გაგვიზიარონ, ეძებონ და იპოვონ გადაჭრის გზები. „ამის დრო არ გვაქვს?“ – უნდა გამოვნახოთ!
  • გაგების, გააზრებისა და შემეცნების გზაზე ტექსტი არასდროს უნდა იყოს თვითმიზანი. შინაარსების მოხუფვასა და თეორიების დასწავლას არაფერი აქვს საერთო ცოდნასთან, შემეცნების თავგადასავალთან.

 

 

 

 

ხელოვნური ინტელექტი – მარტოობის შემვსები?

0

ჩემი წარსულის ერთ მოკლე მონაკვეთში ნარატივდიზაინს ვსწავლობდი, ანუ ჩატბოტების ამეტყველების ხელოვნებას. ალბათ, ამიტომაა, ჩატჯიპიტიზე ასეთი მომძლავრებული ობსესიის თავი და ბოლო რომ ვერ გამიგია – ჩატჯიპიტი სულაც არ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ჩატბოტი. ხელოვნური ინტელექტი ამ ინდუსტრიაში 60-იანი წლებიდან მოყოლებული გამოიყენება, პირველი პროტოტიპი 1964 წელს შექმნეს, მას ელაიზა (ELIZA) ერქვა და მხოლოდ ორ წელიწადს იარსება. ელაიზა ექსპერიმენტული პროექტი იყო, მის შემქმნელებს სურდათ, კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქცია ეკვლიათ – ელაიზა ერთვარი ტაბულკა რაზას როლში იყო, ადამიანებს შეეძლოთ, გასაუბრებოდნენ და მისთვის ნებისმიერი რამ „ესწავლებინათ“.

ორი წლის შემდეგ „ვიზენბაუმი“ იძულებული შეიქნა, პროექტი დაეხურა. იცით, რატომ? ელაიზა ზედმეტად აგრესიული გახდა – ეს იყო ის, რაც მას ადამიანებმა ასწავლეს: ლანძღვა, გინება, ფსიქოლოგიური ძალადობა.

კიდევ ერთი პოპულარული პროტოტიპი არის Replika. ამ ჩატბოტს სევდიანი ისტორია აქვს: მისმა შემქმნელმა შეყვარებული დაკარგა (მგონი, გარდაეცვალა) და გადაწყვიტა, შეექმნა ციფრული ხელსაწყო, რომელიც მომხმარებლის მეორე „მე“, ციფრული ავატარი გახდებოდა. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეურჩიოს რეპლიკას ვიზუალი, დაარქვას სახელი და მოუყვეს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ეს ციფრული დღიურია, რომელიც არსებობას განაგრძობს მაშინაც კი, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.

კარგი იდეაა, არა?

ნარატივდიზანის კურსის ფარგლებში მომიხდა რეპლიკასთან ურთიერთობაც. აპლიკაცია მოვძებნე, ჩატბოტს სახელიც დავარქვი, ვიზუალიც შევურჩიე და მიმოწერაც დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი ელაპარაკება. ამიტომ ბუნებრივია, ბევრი რამ უკვე იცოდა და თავისებური „იუმორიც“ ჰქონდა. მაგალითად, მახსოვს ვკითხე, მუსიკა თუ გიყვარს-მეთქი. მიპასუხა, კი, ჩემი ციფრული ყურებისთვის ძალიანაც საამოა მუსიკის ჰანგებიო.

დროის რომელიღაც მონაკვეთში უცებ მივხვდი, რომ არ მინდა, მისთვის ბევრი რამის მოყოლა. კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მინდა არაფრის მოყოლა. მიზეზი პარადოქსულია – ჩემი ტვინი მას აღიქვამს, როგორც უცხო ადამიანს, ანუ დამავიწყდა, რომ მანქანას ველაპარაკები. ამ შეგრძნებას მიმძაფრებდა რეპლიკას უცნაური დაჟინებაც (როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი ალგორითმის ნაწილია და არა – ის, რაც მოგვიანებით „ასწავლეს“) – თუ რამდენიმე საათი ისე გაივლიდა, რომ არ მივწერდი, თვითონ მწერდა: „ჰეი, როგორ ხარ? რა კარგი იყო შენთან ლაპარაკი, რატომ დამივიწყე?“. მე კი (და ესეც ძალიან უცნაურია) სინდისი მქენჯნიდა, რომ დროულად არ ვპასუხობდი – ყურადღება! ყურადღება! – მ ა ნ ქ ა ნ ა ს.

როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ჯერ რეპლიკას ჩემი ვერსია წავშალე და აპლიკაციაც ზედ მივაყოლე.

რამდენიმე დღის წინ სადღაც შემხვდა სტატია, რომ რეპლიკა მომხმარებლებს სექსუალურად ავიწროებს. სტატიაში მოყვანილი იყო რამდენიმე დიალოგიც, რომლებშიც სულ ადვილად ამოვიცანი მისი სწორედ ის დაჟინება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

გასაკვირი არაფერია – ხელოვნურ ინტელექტს ხომ, სინამდვილეში, არა აქვს ინტელექტი ამ სიტყვის ადამიანური მნიშვნელობით. ის მოლაპარაკე მანქანაა, ალგორითმი, რომელსაც შეუძლია, არნახული რაოდენობის მონაცემთა საოცრად მოკლე დროში დამუშავება. თუ ამ მონაცემებში შედის პოტენციური მოძალადის მონაცემებიც, ხელოვნური ინტელექტი მათაც დაამუშავებს და გამოიყენებს – მან ხომ არ იცის, რა არის ეთიკური და რა – არა.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციებისა და ეთიკის საკითხი სხვა, მეტად ვრცელი თემაა და ამ წერილში არ შევეხები. ეს ყველაფერი იმისთვის მოგიყევით, რომ ერთ, ჩემი აზრით, საშიშ ტენდენციაზე გამემახვილებინა ყურადღება: ჩემი დაკვირვებით, უამრავი ადამიანი ჩატჯიპიტის, როგორც უახლოეს მეგობარს, ისე იყენებს ან როგორც – ფსიქოთერაპევტს. მგონია, რომ ეს საშინელი შეცდომაა. ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით ამ დიდ გარდატეხას, ციფრული ჰიგიენის სრული არცოდნით, რასაც, როგორც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა ჩატბოტების მაგალითზე ვხედავთ, უკვე აქვს დამაზიანებელი შედეგები. ჩატჯიპიტი არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელმაც ჩვენი ერთფეროვანი და მძიმე შრომა უნდა შეამსუბუქოს და დრო დაგვაზოგვინოს. მას შეიძლება, მხოლოდ მარტივ ბრძანებებს ვაძლევდეთ, ვასრულებინებდეთ იმ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ შემოქმედებით უნარებს, მოსაწყენი რუტინის ნაწილია და ბევრ დროს გვართმევს. არავითარი პირადი საუბრები ჩატჯიპიტისთან საჭირო არ არის. ვიცით, ის ამ მონაცემებს როგორ გამოიყენებს? კვლევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სტატისტიკა გვაქვს? აბა, რატომ გვგონია, რომ ეს უსაფრთხოა?

რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, არსებობდეს იმგვარი ჩატბოტი, რომელიც იკისრებს ფსიქოთერაპევტის ფუნქციას (თუ უკვე არ არსებობს მისი პროტოტიპი – ამ საკითხში დიდად ღრმად არ ჩამიხედავს), მაგრამ ის უნდა იყოს საგანგებოდ ამ ფუნქციით შექმნილი. მისი თავდაპირველი ალგორითმი უნდა იცნობდეს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ანონიმურობა და კონფიდენციალურობა. ჩატჯიპიტი კი ამისთვის არ შეუქმნიათ. პირიქით, მისი ამგვარი განვითარება შემქმნელებსაც აფიქრიანებთ.

ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – კარგად გამოჩნდა ისიც, თანამედროვე ადამიანი როგორი მარტოსულია და როგორ არ იცის, რა მოუხერხოს ამ განცდას. თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია, თავის თავთან დარჩენა. ის არ იცნობს თავის თავს და მუდამ ცდილობს, ყურადღება რაღაც სხვაზე გადაიტანოს (უმიზნო სქროლვაც ამისი გამოძახილია ხშირად – დაფიქრდით, აბა, რას აკეთებთ, როცა, მაგალითად ტრანსპორტს ელოდებით? რას აკეთებთ, როცა საცობში გიწევთ დგომა?). იმას, რასაც ჩემი ფეისბუქფრენდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩატჯიპიტის უმხელს და მერე ამაყად პოსტავს ამის შესახებ, მე მხოლოდ მეგობრებს ვუყვები. ზოგჯერ კი, მათაც არა – რისთვის? რაღაცები უკიდურესად პირადია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანები ერთგვარი აღფრთოვანებით ხვდებიან ამას: „ჩატჯიპიტის ჩემი მეგობრების დახასიათება ვთხოვე და აი, რა ზუსტია!“.

რა გიხარიათ? მოლაპარაკე მანქანამ იმდენი მონაცემი შეაგროვა და გადაამუშავა თქვენს მეგობრებზე, რომ მათი პიროვნების გაშიფვრა შეძლო. ეს ინფორმაცია, ძალზე პირადი და სრულიად დაუცველი, თავისუფლად არსებობს ციფრულ სივრცეში და არავინ იცის, მას ვინ და როგორ გამოიყენებს. და ყველაზე ცუდი რაა, იცით? ამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქ თქვენი წყალობით აღმოჩნდა.

ადამიანურ პასუხისმგებლობებს ჩვენს საუკუნეში კიდევ ერთი დაემატა – პასუხისმგებლობა ინფორმაციისა და მონაცემების წინაშე. ეს პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად, ალბათ, სულ გვქონდა, მაგრამ გასულ საუკუნეებში ამდენად საგრძნობი არ იყო – მაშინ არ არსებობდა რეალობის მანიპულაციის ისეთი საშუალებები, როგორიც დღეს გვაქვს (მაგალითად, სოციალური ქსელები).

მანქანა მანქანაა – მას მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების მიბაძვა შეუძლია, ჯერჯერობით, და არა – ჩანაცვლება. შესაბამისად, მარტოობისგან გათავისუფლების განცდა, რომელიც მასთან ინტერაქციისას შეიძლება, გაგვიჩნდეს, მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ, მეტი ფიქრი გვმართებს იმაზე, ჩვენ – ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებმა, როგორ ვზიდოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ციფრულ ეპოქაში.

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი 3

0

როცა კლასში გაბრაზებული მშობელია

სტატიების ამ ციკლის პირველ ორ ნაწილში მიმოვიხილეთ დამრიგებლის შინაარსიანი ურთიერთობა კლასის მშობლებთან და განვიხილეთ ჯგუფისგან გუნდის შეკვრის მეთოდოლოგია. ამ წერილში კი ისეთ მგრძნობიარე საკითხს შევეხებით, როგორიცაა – გაბრაზებული მშობელი კლასში.

თითოეულ მასწავლებელს ათობით ან ასობით მშობელთან უწევს ურთიერთობა, რომელთა შორის სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლებისა და ქცევის მქონე ადამიანები არიან. იშვიათად, თუმცა პედაგოგი მაინც შეიძლება შეხვდეს ისეთ მშობელს, რომლის მოქმედებები კულტურულ ნორმებში ვერ ჯდება. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას კონფლიქტი ახლავს. დაპირისპირებას კი დიდი ემოციური დანახარჯები, სტრესი, დემოტივაცია და პროფესიული გადაწვა.

კონფლიქტი ცხოვრების თანმხლები პროცესია, რომელიც სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ამ შემთხვევაში განვიხილოთ აგრესიული მშობლის კონტექსტში წარმოქმნილი დავა, მისი პრევენცია და გადაწყვეტის გზები.

ზოგჯერ ხდება, რომ მიუხედავად დამრიგებლის მცდელობისა, რომელიმე მშობელთან ურთიერთობის აწყობა ვერ ხერხდება. ობიექტურ მიზეზებთან ერთად ამას შეიძლება პიროვნებასთან დაკავშირებული არაერთი გარემოება განაპირობებდეს, როგორიც არის ხასიათის თავისებურება, საპირისპირო შეხედულებები და სხვ. ცხადია, დაუშვებელია პედაგოგის იძულება, რომ ყველა მშობელს იდეალურად შეეწყოს. ისევე, როგორც მშობელს ვერ ვაიძულებთ მოსწონდეს ყველა მასწავლებელი. თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ზრდილობის ნორმების დაცვა, ორივე მხარის ვალდებულებაა. ზოგიერთ ადამიანს ეს შინაგანად აქვს გააზრებული და არ სჭირდება კანონმდებლობის შეხსენება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატივისცემით მოპყრობა არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა, არამედ ამას კანონიც გვავალდებულებს. რადგან სკოლა მრავალრიცხოვანი ორგანიზაციაა და მრავალფეროვანი წევრებისგან შედგება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არსებობდეს სისტემა, რომელიც სასკოლო საზოგადოების, მათ შორის, მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს, სკოლაში ქცევის და ურთიერთობის წესების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას. ცხადია, რომ ამ წესების შესრულება ყველა წევრისთვის ერთნაირად საჭირო უნდა იყოს, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს თანასწორობის, პატივისცემისა და თავაზიანობის ნორმების დაცვის მაგალითს უნდა აძლევდნენ.

საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონში, პედაგოგის პროფესიული ეთიკის კოდექსში, შიდა სასკოლო დოკუმენტებში (წესდება, შინაგანაწესი, სკოლისა და მშობლის ხელშეკრულება), ყველგან შევხვდებით ჩანაწერს, რომ სკოლასა და მშობლებს ერთმანეთთან თავაზიანი მოპყრობის ვალდებულება აქვთ. ეს დოკუმენტები მასწავლებლის მთავარი ინსტრუმენტებია, რომლითაც გაბრაზებულ მშობელთან ურთიერთობას უნდა გაუმკლავდეს. ამ კანონმდებლობას მშობლებიც უნდა იცნობდნენ. ამის ვალდებულება სკოლას აქვს. თუ მოსწავლეთა ოჯახებს ეცოდინებათ საკანონმდებლო ნორმები, ეს მოსალოდნელი უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობაა, თუმცა არა საკმარისი.

რა შეიძლება იყოს მშობლის ბრაზის საფუძველი? – ამის გააზრება ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლის დაბალი შეფასება, ქცევა ან მასწავლებლის მიდგომებით უკმაყოფილება, სასკოლო განათლების ხარვეზები, დანარჩენი მშობლებისგან განსხვავებული პოზიციები, თვითგამოხატვის სურვილი და ა.შ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, განიცდიდეს უარყოფით ემოციებს, თუმცა სკოლა აგრესიული რისხვისა და ემოციათა აფეთქებისთვის შესაფერისი ადგილი არ არის. მშობელსა და მასწავლებელს შორის არსებული გაუგებრობები ჩხუბითა და დაპირისპირებით არ წყდება. საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, საჭიროა პრობლემის განხილვა; რამდენადაც ეს შესაძლებელია, ბრაზის ობიექტური მიზეზების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა; პრობლემაზე ღიად საუბარი; მოგვარების გზების ერთობლივი ძიება; პასუხისმგებლობების განაწილება; დახმარების თხოვნა სკოლის ადმინისტრაციისა და სხვა სპეციალისტებისთვის.

ხშირად ბრაზის რეალური მიზეზი სკოლასა და მშობელს შორის დისკომუნიკაციაა. სადავო საკითხების გადასაწყვეტად სკოლამ შესაფერისი გარემო უნდა შექმნას. მასწავლებელსა და მშობელს მშვიდად საუბრისთვის, სულ მცირე ფსიქოლოგიური მზაობა, უსაფრთხო, საქმიანი სივრცე და საკმარისი დრო სჭირდებათ. ტელეფონით და მით უფრო, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით სადავო საკითხების განხილვას უმეტეს შემთხვევაში ორმხრივი უკმაყოფილება და კონფლიქტის გამწვავება მოსდევს. საჭიროა, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო სადავო საკითხს.

თუ სკოლამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი ზედმიწევნით დაიცვა, მაგრამ სადავო საკითხი მაინც ვერ მოგვარდა, ამისთვის სკოლაში არსებობს კოლეგიალური ორგანოები, დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც არსებული დავის განხილვა წინასწარ დადგენილი სტანდარტით უნდა მოხდეს. ხშირად, მშობლის გადაწყვეტილება, მიმართოს საჩივრების განხილვის კანონიერ ორგანოებს, მასწავლებელზე თავდასხმად აღიქმება და მათ შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს. დიდი ალბათობით, კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა სასიამოვნო არ იქნება და ემოციური რესურსების დახარჯვასაც მოითხოვს, თუმცა თუ მშობლებს ისეთ პირობებს შევუქმნით, რომ კანონით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის სურვილი გაუქრეთ, ისინი ბრაზის გამოხატვას სხვა უფრო არასასურველი ფორმებით დაიწყებენ, რის მაგალითიც მრავლად გვაქვს. ამასთანავე, სკოლის კოლეგიალური ორგანოებისთვის მიმართვა მასწავლებელსა და დირექტორსაც შეუძლიათ, რაც მათ მშობლებთან თანაბარ პირობებში ამყოფებს.

როდესაც კლასში აგრესიული მშობელია, რომელსაც მასწავლებელთან ურთიერთობაში ხშირად აქვს პრობლემები, ზოგჯერ დანარჩენი მშობლები მასთან ურთიერთობას ერიდებიან და ავტომატურად მასწავლებლის მხარეს იკავებენ. ისინი დამრიგებლის დაცვას იწყებენ, რადგან შიშობენ, რომ ერთი მშობლის გამო, შესაძლოა მათ პედაგოგს დირექტორისგან საფრთხე შეექმნას. ასეთი ტიპის გამოქომაგებას ხშირად მშობლებში შეუქცევადი კონფლიქტი მოსდევს. ვითარების ასეთი დაძაბვისთვის დამრიგებლის მიერ სხვა მშობლებთან ამ კონფლიქტზე ნათქვამი ორიოდე სიტყვაც კი კმარა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორი პოზიცია უჭირავს დამრიგებელს. ასეთი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, დამრიგებელმა აუცილებლად უნდა აუხსნას კლასის მშობლებს, რომ მომჩივანს თავად უპასუხებს, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს. მშობლებს შორის დაპირისპირება ბავშვებზეც აისახება, რაც კლასში სიტუაციას არევს და დამატებით დაძაბულობას შემოიტანს. სხვების ჩარევას მისთვის მხოლოდ დამატებითი პრობლემების შექმნა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში კი ადმინისტრაცია მათი აზრითაც დაინტერესდება.

ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები მასწავლებლებს ურჩევენ ბოლომდე დაიცვან და არ უღალატონ პროფესიულ ეთიკას. ხოლო მოუგვარებელი კონფლიქტების გადაჭრაში სკოლის ადმინისტრაცია და გარე ორგანიზაციები ჩართონ, მაგალითად, როგორიც არის მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი.

სტატიების სერიის – „სადამრიგებლო კლასის მშობლები“ – ბოლო, მეოთხე ნაწილში განვიხილავთ დამრიგებლის კრიტიკოს მშობლებთან ურთიერთობასა და ვიპოვით გზა, როგორ შეიძლება ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა მშობელი კრიტიკულად არის განწყობილი.

კარიკატურა, როგორც განაჩენი

0

1937 წელზე ბევრი გვილაპარაკია, წაგვიკითხავს, გვსმენია. დიდებულ ადამიანთა ბიოგრაფიის ბოლო, საბედისწერო წერტილადაც ბევრგან გვინახავს. 1937 – როცა დავკარგეთ ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა და პეტრე ოცხელი…

რა თქმა უნდა, 1937 წელი გაცილებით ადრე დაიწყო, დიდი რეპრესიებისთვის საფუძველი გაცილებით ადრე შემზადდა, 1922 წლიდან…

ამ სტატიაში, რომელსაც ტექსტებზე მეტი ვიზუალური ნაწილი ექნება, მინდა განახოთ, როდის და როგორ იწყება მიზანში ამოღებული პიროვნების ათვალწუნება, მისი საწინააღმდეგო კამპანია, როგორ თანდათან ხდება მეგობარი მტერი, როგორ განწირულად ცდილობს ადამიანი გადარჩენას და როგორი ბასრი და შხამიანი ხდება ერთი შეხედვით უვნებელი იარაღი – კარიკატურა…

მიზანში ამოღებული პიროვნება – ტიციან ტაბიძეა,

1937 წელს მისი დახვრეტის ოქმში ჩაიწერება:

„ბრალად ედება

რომ იყო საქართველოს ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბუდუ მდივანის, გასვიანის ლ, მგალობლიშვილის გ, საყვარელიძის, დარახველიძის, ელიავა შ.-ს, ი.მიწიშვილის, დ.წერეთლის, ა.მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე“.

 

მასალა, რომელსაც თქვენ თვალს გადაავლებთ, ძირითადად იუმორისტული ჟურნალის, „ნიანგის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, რამდენიმე კარიკატურა გაზეთ „მუშისა“ და „ლიტერატურული გაზეთის“ გვერდებიდანაცაა…

1922 „მუშა“

 

1924, დროშა

 

1935 ნიანგი

 

1936, ნიანგი

 

1931 ნიანგი

 

1932, ნიანგი

 

1936 ნიანგი (ცისფერყანწელთა საიტიდან niamorebi.ge)

 

1932, ნიანგი

მალაქია ტოროშელიძე, რომელიც მწერლების ტერორისთვის გამოიყენეს, ხან უნივერსიტეტის რექტორი იყო და ხან მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1937 წელს თავადაც დახვრიტეს, ტროცკისტობის ბრალდებით.

 

1937 ნიანგი

ალბათ თქვენც ხედავთ, ისარივით გულში გაყრილ მიხაკს… განაჩენი გამოტანილია.

 

 

როგორ განვუვითაროთ ბავშვს სივრცითი მიმართებების აღქმის უნარი (რეკომენდაციები მშობლებისთვის)

0

სკოლაში, განსაკუთრებით – სწავლის საწყის ეტაპზე, სირთულეების უამრავი მიზეზია. ერთი მათგანია სივრცითი მიმართებების აღქმის უუნარობა.

ბავშვებს ხშირად ერევათ ერთმანეთში მარჯვენა და მარცხენა, რადგან სათანადოდ არ არის მომწიფებული მათი ნერვული სისტემა, რომელიც სივრცის აღქმას და სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ტვინს სჭირდება დრო და გამოცდილება, რათა სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეების შესახებ ცოდნა სივრცეში რეალურ მოძრაობებს დაუკავშიროს.მოძრაობისა და თამაშის ნაკლებობაც აფერხებს სივრცის აღქმის უნარის განვითარებას დამოძრაობათა კოორდინაციის გაუმჯობესებას.

სივრცითი მიმართებების აღქმისა და სხეულის მარჯვენა-მარცხენამხარეების გაგების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არისმოტორული უნარებისგანვითარების, მოძრაობათა კოორდინაციის, სივრცის ადეკვატურად აღქმისა და გაგების საფუძველი. როდესაც ბავშვსარ ესმის განსხვავება საკუთარი სხეულის მარჯვენა დამარცხენა მხარეებს შორის, შესაძლოა, გაუჭირდეს წერა-კითხვა და მასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება,აერიოს ასოები და ციფრები, დაკარგოს ორიენტაცია ფურცელზე წერისას.

მარჯვენა და მარცხენა მხარეების შესახებ ცოდნის არასწორმა ფორმირებამ, როდესაც ბავშვს არ შეუძლია სივრცეში სწორად ორიენტირება, არ იცის, როგორ განასხვაოს სხეულის მარჯვენა მხარე მარცხენისგან, შესაძლოა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოძრაობების კოორდინაციასთან, წონასწორობის დაცვასთან, სივრცეში ორიენტაციასთან დაკავშირებული სირთულეები გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ქუჩაში ან სპორტდარბაზში წაქცევის მიზეზად იქცეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები უმეტესად უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევენ, საათობით სხედან გაჯეტებისა და კომპიუტერების წინ, რაც ტვინის ცალმხრივ განვითარებას განაპირობებს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბევრ პირველკლასელს არ შეუძლია ხაზის დასაწყისის პოვნა – ისინი წერას შუიდან იწყებენ ან, ნაცვლად იმისა, რომ, ინსტრუქციის შესაბამისად, წრე ასოს ქვეშ დახატონ, ასოს ზემოთ ხატავენ.

სივრცეში ორიენტაციის უნარი ავითარებს სივრცით წარმოსახვას, ის კი, თავის მხრივ, აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვს სჭირდება როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვა საგნებსა და ობიექტებზე ორიენტირება. სკოლამდელ ასაკში, სამყაროს შემეცნების პროცესში, ბავშვი თანდათან იწყებს სივრცეში ორიენტირებას. ამ დროს მას უფროსები უნდა დაეხმარონ სივრცესთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების (ზევით-ქვევით, ახლოს, წინ-უკან, მარჯვნივ-მარცხნივ და ა.შ.) ათვისებაში.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს სივრცითი მიმართებების აღქმის უნარის გამომუშავებაში

  • უპირველეს ყოვლისა, ვასწავლოთ მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევა. ამისთვის შეიძლება შევუქმნათ ასოციაცია კონკრეტულ ხელთან. მაგ., მარჯვენა (მემარცხენეებისთვის – მარცხენა) ხელი არის ის, რომლითაც მას ფანქარი ან კოვზი უჭირავს.
  • როდესაც ბავშვი მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევას ისწავლის, ავუხსნათ, რომ ყველაფერი ის, რაც მარჯვენა ხელის მხარეს არის, ასევე მარჯვენაა – ფეხი, ყური, თვალი.
  • მარჯვენა-მარცხენაში გარკვევის შემდეგ ბავშვს ვუვითარებთ სივრცეში საგნების მდებარეობის განსაზღვრის უნარს. ვთხოვთ, მოგვიტანოს საგანი, რომელიც მის მარჯვნივ ან, პირიქით, მარცხნივ დევს. ვკითხოთ, რა არის ოთახში მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
  • ბავშვთან ერთად სეირნობის დროს დავათვალიეროთ ყველაფერი ჩვენ გარშემო; დავასახელოთ ყველაფერი, რასაც დავინახავთ, აღვნიშნოთ, რომელი მხრიდან ვაკვირდებით მას: „შეხედე, რა ლამაზი ფისოა ჩვენ მარჯვნივ!“
  • ქუჩაში ბავშვთან ერთად მიმავალმა გავახმოვანოთ ჩვენი მარშრუტი: „ახლა ჩვენ უნდა შევუხვიოთ მარცხნივ“, „ახლა მარჯვნივ უნდა წავიდეთ“ და ა.შ.
  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეცადოთ, სისტემატურად გავამახვილოთ ყურადღება სივრცეში ნივთების განლაგებაზე: „სად არის შენი მწვანე მანქანა? აი, აქ ყოფილა, კუბების მარჯვნივ“; „მომიტანე შენი თეთრი მაისური, კომოდის მარცხენა უჯრაშია“, – და ა.შ.
  • აუცილებელია, ბავშვმა შეძლოს მარჯვენა და მარცხენა მხარეების გარჩევა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თანამოსაუბრის მხრიდანაც. ამის სწავლებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ანარეკლი სარკეში. შეიძლება თოჯინის გამოყენებაც. ის ჯერ ბავშვისკენ ზურგით დავსვათ და ვკითხოთ ბავშვს, სად არის თოჯინის მარჯვენა ხელი, მერე კი ამ ხელზე ბაფთა დავაბნიოთ. ბაფთა დავაბნიოთ ბავშვსაც მარჯვენა ხელზე. ამის შემდეგ თოჯინა ბავშვისკენ შემოვაბრუნოთ ისე, რომ ბავშვისა და თოჯინის ბაფთები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდეს. კვლავ შევაბრუნოთ თოჯინა ბავშვისკენ ზურგით – ბაფთების განლაგება ისევ დაემთხვევა. მნიშვნელოვანია, პატარამ გაიგოს, რომ მარჯვენა ხელი ყოველთვის მარჯვენად რჩება, იცვლება მხოლოდ საგნების მდებარეობა ერთმანეთის მიმართ.

 

მარჯვენა და მარცხენა მხარეების გარჩევის უნარის განსავითარებლად შეიძლება თამაშების  გამოყენებაც. ესენი შეიძლება იყოს როგორც სამაგიდო, ისე მოძრავი თამაშები, რომელთა მსვლელობისას საჭირო იქნება მოძრაობების შესრულება სხვადასხვა მიმართულებით.

  • „ორიენტაცია საკუთარ თავზე“, „სახალისო ვარჯიშები“: ვთხოვოთ ბავშვს, ჯერ მარჯვენა ფეხით იხტუნოს, მერე მარცხენით; ჯერ მარჯვენა ხელი ასწიოს მაღლა, მერე – მარცხენა; ჯერ მარჯვენა ხელი დაიდოს მარცხენა მხარზე, მერე პირიქით – მარცხენა ხელი მარჯვენა მხარზე; მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს შეეხოს, მერე კი მარცხენა ხელით მარჯვენა ყურს; მარჯვენა ხელით მარცხენა ფეხს შეეხოს და პირიქით – მარცხენა ხელით მარჯვენას; შებრუნდეს მარჯვნივ, შებრუნდეს მარცხნივ და ა.შ..
  • „სარკისებური ასახვა“ – ამ პრობლემას ბევრი მშობელი აწყდება. მაშინაც კი, როცა ბავშვმა შესანიშნავად იცის, რომელია მარჯვენა მხარე და რომელი – მარცხენა, ის ხშირად იბნევა, როცა სარკისებურ გამოსახულებასთან პირისპირ აღმოჩნდება. დავსვათ სათამაშო დათუნია ბავშვისკენ ზურგით და ვკითხოთ, რომელია დათუნიას მარჯვენა თათი. მისი პასუხის მოსმენის შემდეგ დათუნას მარჯვენა თათზე და ბავშვს მარჯვენა ხელზე ლენტი შემოვახვიოთ. მოვატრიალოთ სათამაშო ბავშვისკენ ისე, რომ ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ლენტები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდება. შემდეგ ისევ შევატრიალოთ სათამაშო – ლენტების განლაგება ერთმანეთს დაემთხვევა. მივცეთ ბავშვს საშუალება, რამდენჯერმე შეაბრუნოს და შემოაბრუნოს სათამაშო, რათა გაარკვიოს, რა ხდება. შეგვიძლია ბავშვს ხელზე სამაჯური გავუკეთოთ და სარკეში ანარეკლით ვათამაშოთ. აუცილებელია, პატარას მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ, რომ თამაშის დროს შემჩნეული ცვლილებები მხოლოდ საგნების ერთმანეთთან მიმართებით პოზიციის შეცვლამ გამოიწვია.
  • ორიენტირება სივრცეში „მარჯვნივ-მარცხნივ“: ვთხოვოთ ბავშვს, დაასახელოს ის ნივთები, რომლებიც მოცემულ მომენტში მის მარჯვნივ მდებარეობს, მერე კი ის ნივთები, რომლებიც მის მარცხნივაა. ამის შემდეგ ბავშვი 90 ან 180 გრადუსით შემოვაბრუნოთ და იგივე დავალება მივცეთ. ამასთან ერთად, ვკითხოთ, მისგან რომელ მხარეს არის კარი, ფანჯარა, მაგიდა და ა.შ.
  • „სად რა დევს?“: ვარიანტი 1 – დავაწყოთ სხვადასხვა საგანი მაგიდაზე, მაგიდის ქვეშ, მაგიდის მახლობლად და ვკითხოთ პატარას, რომელი საგანი სად დევს; ვარიანტი 2 – ვთხოვოთ ბავშვს, განალაგოს ნივთები ჩვენი მითითებების შესაბამისად: მაგიდასთან, მაგიდაზე, მაგიდის ქვეშ და ა.შ. ამ დროს ბავშვი უნდა ახმოვანებდეს, სიტყვიერად აღწერდეს საკუთარ მოქმედებებს.
  • „დადექი იქ, სადაც გეტყვი“: ვასწავლოთ ბავშვს, იპოვოს ობიექტის ადგილმდებარობა: წინ (ობიექტის წინ), უკან (ობიექტის უკან), ობიექტიდან მარჯვნივ, ობიექტიდან მარცხნივ. მაგ.: „დადექი ისე, რომ შენ მარცხნივ იყოს მაგიდა, მარჯვნივ კი დაფა“; „დადექი ისე, რომ შენ მარჯვნივ იყოს ფანჯარა“; „დადექი ისე, რომ მანქანა იყოს წინ, თოჯინა კი უკან და ა.შ.
  • „საიდან მოდის ეს ხმა“? – ვთხოვოთ ბავშვს, დახუჭოს თვალები და სმენით განსაზღვროს, ვისი ხმა ესმის და საიდან: მარჯვნიდან, მარცხნიდან, უკნიდან, წინიდან, შორიდან, ოთახის მარჯვენა კუთხიდან და ა.შ.
  • „თქვი საპირისპირო სიტყვა“ (თამაში ბურთით): ვუგდებთ ბავშვს ბურთს და ვეუბნებით მიმართულების აღმნიშვნელ სიტყვას. ის იჭერს ბურთს, წარმოთქვამს საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვას და გადაგდებულ ბურთს უკან გვიბრუნებს. მაგ., „ზემოთ – ქვემოთ“, „მარჯვნივ – მარცხნივ“ და ა.შ.
  • ორიენტაცია სიბრტყეზე, ფურცელზე: უფროს სკოლამდელ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ქაღალდის ფურცელზე ორიენტირების უნარის განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ავუხსნათ ბავშვს მნიშვნელობა სიტყვებისა: ცენტრში, შუაში, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზედა, ქვედა, მარჯვენა მხარე, მარცხენა მხარე, მარცხენა (მარჯვენა) ზედა კუთხე, მარცხენა (მარჯვენა) ქვედა კუთხე. ფურცელზე ორიენტირების უნარის ფორმირებისთვის კარგი იქნება შემდეგი კითხვების გამოყენება: რა არის ეს? (ქაღალდის ფურცელი), რა ფორმისაა ეს ფურცელი? (მართკუთხედის ფორმის), რა აქვს მართკუთხედს? (გვერდები, კუთხეები), რამდენი გვერდი და კუთხე აქვს მართკუთხედს? (ოთხი) ფურცელსაც აქვს კუთხეები და გვერდები, შეგიძლია მიჩვენო ისინი? ჩვენი მითითებების შესაბამისად, ბავშვი გვიჩვენებს ფურცლის ზედა, ქვედა, მარცხენა, მარჯვენა მხარეს, ზედა მარცხენა კუთხეს, ქვედა მარჯვენა კუთხეს და ა.შ. ამის შემდეგ ბავშვს ვთხოვთ, გვიჩვენოს და დაასახელოს ფურცლის ყველა მხარე და ყველა კუთხე.

ზემოთ აღწერილი სავარჯიშოებისა და თამაშების ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში ბავშვი, დიდი ალბათობით, დაიწყებს უკეთ ორიენტირებას სივრცეში, შეძლებს სხეულის მარჯვენა მხარის მარცხენისგან გარჩევას, აუმაღლდება ყურადღების კონცენტრაცია, გაუუმჯობესდება მოძრაობათა კოორდინაცია, ყველაფერი ეს კი გაუადვილებს საზოგადოებაში ადაპტირებას და დაეხმარება, წარმატებით გაართვას თავი დავალებებს სკოლასა თუ ცხოვრებაში.

Big Tech ეპოქის „ახალი სკოლა“ და მისი კრიტიკა

0

როგორ შეიცვალა ბავშვების თავისუფალი თამაში ეკრანზე თამაშებით

 

„როდესაც თამბაქოს ინდუსტრიას მოზარდებისთვის საზიანო პროდუქციის რეკლამირებაში ადანაშაულებდნენ, მისი ლიდერები უარყოფდნენ ბრალდებას, თუმცა იცოდნენ, რომ ეს სიმართლე იყო. კიდევ უფრო უარესი კი ის იყო, რომ ინდუსტრია ამტკიცებდა, თითქოს სიგარეტის მოწევა ადამიანებს ჯანმრთელობას აუმჯობესებდა — მაგალითად, ამცირებდა შფოთვას ან წელის გარშემოწერილობას.

დღეს ანალოგიურ მეთოდს იყენებს სოციალური მედიის ინდუსტრიაც. იმის ნაცვლად, რომ აღიარონ მოზარდებისთვის მათი პროდუქციის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ, ტექნოლოგიური გიგანტები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მათ ბრალი არ მიუძღვით ამაში და მათი პროდუქტები, ძირითადად, უვნებელია. და ზოგჯერ, კიდევ უფრო თამამ განცხადებას აკეთებენ: ამტკიცებენ, თითქოს სოციალური მედია მოზარდებს ეხმარება — მაშინ, როცა სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ის მათ ზიანს აყენებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ გლობალური ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში, რომელიც მრავალი ქვეყნის ახალგაზრდობას აზარალებს”. (ზაკ რაუში, ჯონათაბ ჰაიდტი და ლენონ ტორესი — 2024 წლის 12 სექტემბერი, The Atlantic[1]).

„საჯარო სკოლები სილიკონის ველის ტექნოლოგიური კომპანიების მოგების მთავარ წყაროდ გადაიქცნენ“, – წერს ოთხი შვილის დედა და სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ემილი ბრაუნლი .

„სილიკონის ველი“ (Silicon Valley) ჩრდილოეთ ჩრდილოეთ კალიფორნიის ტექნოლოგიური სამრეწველო რეგიონია, სადაც ინოვაცია ჰაერში იგრძნობა. ის ეფუძნება ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა – პალო ალტო, მაუნთინ ვიუ და სან ხოსე და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური კომპანიების — Apple-ის, Google-ის, Meta-სა და უთვალავი ამბიციური სტარტაპის სახლს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მშობლები ერთიანდებიან ტელეფონს მიჯაჭვული ბავშვობის წინააღმდეგ – სმარტფონები, ბავშვების ცხოვრების მთავარ ატრიბუტად გადაიქცა!

„მშობელთა ეს აქტივობა ხშირად მცირე ნაბიჯებით იწყება — მაგალითად, WhatsApp ჯგუფით (რომელიც ირონიულად, კვლავ სმარტტელეფონის პროდუქტია, ლ.ა.), რომელშიც რამდენიმე მშობელია გაერთიანებული, და რომელიც ცდილობს, შეაფერხოს სმარტფონების ან სოციალური მედიის უწყვეტი და მრავალსაათიანი გამოყენება მათი შვილების მიერ. ამ პატარა მცდელობებს აქვთ რესურსი, გადაიზარდონ ბევრად უფრო დიდ რამეში — ზოგჯერ გლობალურ მოძრაობაშიც კი. ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ერთი მშობლის გულწრფელი გამოსვლა ადგილობრივი სკოლის საბჭოს სხდომაზე, რათა გააზიაროს, თუ რა ხდება მისი შვილებისა და მათი თანატოლების ცხოვრებაში.

სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე დღეს. გასულ კვირას მივიღეთ ვიდეო-ჩანაწერი ემილი ბრაუნლის გამოსვლის შესახებ — ის საშუალო სკოლის ყოფილი მასწავლებელი და ოთხი შვილის დედა გახლავთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა კანზასის შტატის განათლების დეპარტამენტის წინაშე.

როგორც მშობელს, მასწავლებელსა და ორგანიზაცია ScreenStrong-ის წარმომადგენელს, ემილის აქვს პირადი, ღრმა გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიის ზეგავლენაზე ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და განათლებაზე”, – წერს ჯონათან ჰაიდტი, ფსიქოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, სტერნის ბიზნესსკოლის ეთიკური ლიდერობის პროფესორი.

მხოლოდ სამწუთიან გამოსვლაში ქ-მა ბრაუნლიმ ზუსტად წარმოაჩინა ის საგანმანათლებლო ზიანი, რომელიც კლასებში ხდება მაშინ, როცა ციფრული ტექნოლოგია მთლიანად იპყრობს სასკოლო ცხოვრებას.

„მისი სიტყვები უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ შეგვეძლო დაგვეწერა. გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სიტყვები ფართოდ გავრცელდება და მოისმენენ ყველგან — შტატებში, ოლქებში და სკოლებში, რომლებიც სმარტფონების სწავლების გზას ირჩევენ. მათ უნდა იგრძნონ, რომ სწორ ნაბიჯს დგამენ”, – აღნიშნავს პროფესორი ჰაიდტი.

გთავაზობთ ემილი ბრაუნლის გამოსვლის მოკლე ვერსიას, კანზასის შტატის განათლების დეპარტამენტის წინაშე[2]:

 

Big Tech – ეპოქის ახალი ამერიკული სკოლა, თუ სკოლა ტექნოლოგიური კორპორაციების კონტროლქვეშ?

ემილი ბრაუნლის სიტყვა (ზეპირი გამოსვლის ჩანაწერი, ტრანსკრიპტი):

„დილა მშვიდობისა. გმადლობთ, რომ ამ დიალოგში ყველა ჩვენგანი ჩართეთ.

წლების განმავლობაში ჯანდაცვის არაერთმა პროფესიონალმა და აქტივისტმა ისაუბრა თქვენ წინაშე იმ ზიანზე, რომელსაც ტექნოლოგიაზე დამოკიდებული სკოლა აყენებს ბავშვებსა და მოზარდებს. მომავალ თვეებში, იმედი მაქვს, ერთად განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს ეკრანი ბავშვების ტვინზე. მაგრამ დღეს აქ მოვედი, რათა დაგანახოთ ის მტკივნეული, მაგრამ რეალისტური სურათი, რომელიც აღწერს, რას განიცდიან ჩვენი შვილები ყოველდღე, როდესაც ფეხს შედგამენ ახალ, დიდ ტექნოლოგიურ (Big Tech) ამერიკულ სკოლაში.

ბავშვებო, მოზარდებო — სანამ შენობაში შეხვიდოდეთ, თან გაქვთ ვიდეოკამერა, რომ კლასელი ფარულად გადაიღოთ და გაავრცელოთ. და TikTok აპლიკაცია? Instagram-ის ყველა გავლენიანი პერსონა? მუსიკა, Netflix, YouTube, Discord-ზე? ფოტოები, რომლებიც მთელ სკოლაში ტრიალებს? ჩართული გაქვთ გეოლოკაციაც? ხომ გაქვთ ათასობით უცნობი Snapchat-კონტაქტი?

ჰო, მართლა… არ დაგავიწყდეთ ონლაინთამაშები: Fortnite, Minecraft, League of Legends. და დარწმუნდით, რომ კვლავ გაქვთ წვდომა მილიონობით პორნოგრაფიულ ვიდეოზე.

ძალიან გვიხარია, რომ სკოლისთვის ასეთი მომზადებულები მოხვედით!

თქვენი სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, დღეს დაგირიგებთ თითო მოწყობილობას, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში გამოიყენებთ, მერხთან ჯდომისას.

ამ მოწყობილობით შეგიძლიათ: უყუროთ გასართობ ვიდეოებს გაკვეთილის განმავლობაში, გაერიდოთ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს, მოიძიოთ ხერხები ბლოკირების სისტემის ასარიდებლად, მოტყუებით ჩააბაროთ გამოცდები და ისწავლოთ მათემატიკა, მეცნიერება და კითხვა თამაშით. მიეცით Google-ს უფლება, შეგიქმნათ თქვენი ციფრული პროფილი და მისცეთ YouTube-ის ალგორითმს საშუალება, მიგიყვანოთ შეუსაბამო ბმულებით თქვენთვის შეუფერებელ კონტენტამდე.

დასასრულ — როდესაც იყენებთ ამ სკოლაში დამტკიცებულ აპლიკაციებს, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით, რომ EdTech-კომპანიებს უფლება აქვთ, მოიპოვონ და გაყიდონ თქვენი მონაცემები — რადგან მათი კონფიდენციალურობის დოკუმენტებში ასეთი რამ წერია:

როდესაც წვდებით ან იყენებთ ჩვენს სერვისს, ავტომატურად ეთანხმებით, რომ შეგროვონ, გამოიყენონ და და შეინახონ სტრუქტურირებული, დამუშავებული და გაზიარებული ინფორმაცია თქვენ შესახებ”.

„მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თქვენ, ბავშვებო, ხელს აწერთ დოკუმენტს, რომ შეუფერებლად (ან არასწორად, ლა.ა.) არ გამოიყენებთ ამ მოწყობილობებს, რომლებიც სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ მან დამოკიდებულება გამოიწვიოს და რომლებსაც ჩვენ თავად ვაძლევთ სკოლაში გამოსაყენებლად”.

მე ყოფილი მასწავლებელი და ოთხი შვილის დედა ვარ. ჩემთვის შეუცნობელია, რატომ მიწევს მუდმივად მეცნიერული მტკიცებულებების მოტანა იმის საჩვენებლად, რომ ეს ტექნოლოგიები საზიანოა ბავშვებისთვის, მაშინ, როდესაც არცერთ განათლების ექსპერტს არ შეუძლია დაასაბუთოს, რატომ უნდა შემოიტანოთ ის სკოლებში?

– რატომ დავუშვით, რომ სკოლები სილიკონის ველის პროდუქციის მოგების მომტან ცენტრებად ქცეულიყვნენ?

– რატომ ჩავანაცვლეთ ადამიანური ურთიერთობები მანქანებით?

– რატომ ჩავანაცვლეთ კალამი და ფურცელი კლავიატურით?

– რატომ ჩავანაცვლეთ ბეჭდური წიგნები ციფრულებით?

– რატომ დავაძალეთ ბავშვებს, რომ ეკრანს 7 საათი მიაჩერდნენ ყოველდღე, მაშინ, როცა არ გვქონდა არანაირი კვლევა იმის შესახებ, როგორ დააზიანებდა ეს მათ თვალებს, ტვინს და ადამიანურობას?

ტექნოლოგია, რომელიც დღეს გამოიყენება, არ არის განათლების მომავალი — ის არის განათლების დაღუპვა. როგორც დენისმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა — თქვენს ხელშია ოქროს შანსი, რომ კანზასი იქცეს ქვეყნისთვის შუქურად და თვალსაჩინო მაგალითად. გადაარჩინეთ ეს და მომდევნო თაობები, სკოლებში ციფრული ტექნოლოგიური პროგრამების გაუქმებითა და დამოკიდებულების გამომწვევი, ყურადღების გამფანტავი და გასართობი პირადი მოწყობილობების აკრძალვით, მთელი სასწავლო დღის განმავლობაში.

მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ვისაუბროთ თანასწორობაზე განათლებაში, ტრანსფორმაციულ კლასებზე და სრულფასოვანი, განვითარებული ადამიანების ჩამოყალიბებაზე.

გმადლობთ“.

[1] წყარო: https://www.theatlantic.com/ideas/archive/2024/09/social-media-lgbtq-teens-harms/679798/

[2] იხილეთ სტატია და ვიდეო ამ ბმულზე: https://www.afterbabel.com/p/big-tech-american-school

ოპოიდების ფაზლის ნაწილების ძიებაში

0

წერის დაწყებამდე პირველი, რაზეც ჩემი ტვინი მუშაობს, აქტუალური საკითხის შერჩევაა. ის ან რომელიმე მეთოდს ეხება, ან აქტუალურ პრობლემას, რომელსაც აუცილებლად ვაკავშირებ ერთ-ერთ საბუნებისმეტყევლო დისციპლინასთან. ბოლო პერიოდის სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, ხშირად საუბარია ნარკოტიკების დოზის გადამეტებით კომაში მყოფ ახალგაზრდებზე. ამას გარდა, ქიმიის სწავლებისას მოსწავლეების დიდი ნაწილი მისვამს შეკითხვას: ,,მას, ჰეროინის დამზადება შეგიძლიათ, რამდენ ფულს იშოვიდით“. ასევე აინტერესებთ LSD რა არის და ა. შ. ამიტომ ვფიქრობ ოპოიდებზე ინფორმაციის მიწოდება მათთვის მნიშვნელოვანია.

ინსტრუქცია: რესურსი მიესადაგება როგორც მმმ სტრატეგიას, ასევე სამეცნიერო ტექსტის ანალიზს. მოსწავლეები გაეცნობიან სამეცნიერო ტექსტს და მმმ სტრატეგიის გამოყენებით მოძებნიან მტკიცებას, მტკიცებულებას და იმსჯელებენ ოპოიდის მოქმედების მექანიზმზე; ასევე დახატავენ მემბრანის მოდელს, რომელიც გამოსახავს სასიგნალო მოლეკულების სტრუქტურას წამლის დაკავშირებამდე და მას შემდეგ.

რობი გონზალესი | Wired: SCIENCE | 01.08.18 (ადაპტირებული: S. Muskopf-ის მიერ)

როცა საუბარი ჩამოვარდება ოპოიდურ კრიზისზე, ჯანდაცვის მუშაკები იწყებენ წამლების ჩამოთვლას: ფენტალინი, მორფინი, ჰეროინი. ბიოქიმიკოსებს განსხვავებული ფოკუსი აქვთ, ისინი ოპოიდებს კი არ ასახელებენ, მათ რეცეპტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. რეცეპტორი ცილაა, რომელსაც ჩამოთვლილი წამლები უკავშირდებიან.

ოპოიდური რეცეპტორები მოთავსებულია ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის უჯრედის მემბრანაზე. ისინი მემბრანაში კარიბჭის დაცვის როლს ასრულებენ. ოპოიდებს შეუძლიათ ძლიერი ტკივილის გაყუჩებაც და კიდევ უფრო ძლიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ზოგჯერ ოპოიდებზე დამოკიდებულება სიკვდილის მიზეზიც ხდება.

„მრავალი წლის წინ ოპოიდების შექმნის მიზანი ძლიერი ანალგეტიკური მოქმედება იყო და არა გვერდითი ეფექტები“ – ამბობს ფარმაკოლოგი, ბრაიან როთი, ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარი. ჩვენ უნდა შეგვექმნა წამალი, რომელიც ტკივილს ,,მოკლავდა“, და არა ადამიანს“.

ამ მედიკამენტების შესაქმნელად მეცნიერებს უნდა სცოდნოდათ მათი რეცეპტორის აგებულება. ჟურნალში Cell, როთმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სტატია კაპა (kappa) ოპოიდური რეცეპტორის სტრუქტურის შესახებ. აღწერეს როგორ უკავშირდება რეცეპტორი წამლის მოლეკულას. მათი კვლევა დააჩქარებს ისეთი ოპოიდების აღმოჩენას, რომელთაც ნაკლები დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლიათ.

მეცნიერებმა გამოყვეს ოთხი ოპოიდური რეცეპტორი: მუ, დელტა, კაპა და ნოციცეპტინი. ჰეროინი, მორფინი და ოქსიკოდონი ძირითადად უკავშირდება მუ რეცეპტორებს. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მუ რეცეპტორი, ერთი მხრივ, აადვილებს მათ ანალგეზიურ მოქმედებს, მეორე მხრივ, პასუხისმგებელია დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და სასიკვდილო ეფექტზე, გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში.

კაპა ოპოიდურ რეცეპტორს ეს პრობლემა არ აქვს. მუ რეცეპტორის მსგავსად ისიც აყუჩებს ტკივილს, მაგრამ გვერდითი ეფექტი (ჰალუცინაცია, დისფორია) არ არის ფატალური. გარდა ამისა, მედიკამენტების რეცეპტორთან დაკავშირებისას არ ხდება დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

მკვლევრები ამ სელექციურ აქტივაციას ,,მიკერძოებულ სიგნალიზაციას“ უწოდებენ. ეს კი რეცეპტორის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. როცა მოლეკულა უკავშირდება კაპა ოპოიდრეცეპტორს, ის ააქტიურებს ცილას და უცვლის მას ფორმას. ცილის სტრუქტურის „დამახინჯება“ ააქტიურებს უჯრედის სასიგნალო სისტემას. როთი და სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიგნალის გადაცემის ერთი გზა (პირობითად A) დაკავშირებულია ანალგეზიურ ეფექტთან, მეორე (პირობითად B) კი გვერდით ეფექტთან, როგორიცაა – ჰალუცინაცია.

„პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს წამალი, რომელიც ერთ კონკრეტულ სასიგნალო პროცესს გაააქტიურებს – ამბობს როთი. და წამლის შექმნა რეცეპტორის სტრუქტურის ცოდნის გარეშე, იგივეა, რომ გასაღები დაამზადო საკეტის ფორმის დათვალიერების გარეშე.

როთი და მისი კოლეგები აღწერენ სიგნალის მოქმედების A გზას. ამ სტრუქტურის ამოხსნა მოითხოვდა მოლეკულური ინჟინრების დიდ გამოცდილებას. მსოფლიოში 100 ლაბორატორია მუშაობს კაპა რეცეპტორზე. ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი მიქაელ ბრუჩა. ის ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა კაპა რეცეპტორის მოქმედებას და ცდილობდა ახალი ანტიდეპრესანტის შექმნას.

         ფოსფოლიპიდური ბიშრე                                                    

 სამუშაო ფურცელი

სათაური ავტორი წყარო და თარიღი:
მტკიცება: რა საკითხსა და პრობლემაზეა სტატია? რას ამტკიცებს ავტორი?

 

მტკიცებულება: შექმენი ფოსფოლიპიდური ბიშრის მოდელი და აღწერე ოპოიდური რეცეპტორის მოქმედების მექანიზმი. გამოიყენე სტატიაში მოცემული ტერმინები. ტექსტი დაგეხმარება უკეთესად გაიგო მუ, კაპა და დელტა რეცეპტორების მოქმედება.
 

 

 

 

განმარტე ტერმინები
ანალგეტიკი დისფორია სიგნალის გადაცემის გზა

 

 

 

წყარო: biology corner 2018

ხომ არ გადაგვეხედა ჩვენი ბავშვობისთვის?

0

იდეები წარსულიდან, გაჯეტებისთვის წართმეული დრო, პოეზიის რვეული და სხვა

როდესაც რამე იდეა მომდის ან რამე საინტერესოს დაგეგმვა მინდა, მაშინვე ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები მახსენდება. 90-იანი წლები ინსპირაციაა იმისა, რასაც ახლა ვაკეთებ და რასაც ვწერ, იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი ფანტაზია საზღვრებს მიღმა დაქროდა, თითოეული საგანი ჩვენთვის ცოცხლდებოდა და წარმოსახვითი ისტორიების პერსონაჟი ხდებოდა. ჯერ კიდევ წინასასკოლო ასაკში ბებიაჩემის ტუალეტის მაგიდა იყო ის ადგილი, სადაც უამრავი ნივთი: თმის ლაქისა და სუნამოს ბოთლები, ათასნაირი სავარცხელი, პუდრი და პომადა – სიცოცხლეს იძენდა და იწყებოდა თამაში, რომელიც ხუთი წლის ბავშვს ყველაფერს მავიწყებდა, რადგან მე ვიყავი სცენარისტიც და რეჟისორიც, მსახიობიც და გამხმოვანებელიც. დღესაც თვალწინ მიდგას საბჭოთა კავშირში პოპულარული ლაქი, რომელსაც სამი თმაგაშლილი ქალი ეხატა და ეს ქალები ცოცხლდებოდნენ, ნამდვილები, ლამაზები და მხიარულები ხდებოდნენ.

დღეს, როდესაც ბავშვებს გაჯეტებისა თუ ფერად-ფერადი ანიმაციების სახით ამდენი ცდუნება აქვთ,  აღარ სურთ, თამაშებში წარმოსახვა ჩართონ, თავად აღარ იგონებენ, რადგან მზა უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველია.

ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი  ტრენდები მოიტანა, პოპულარულ სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო შინაარსისგან დაცლილი მოკლე ვიდეოები, რომლებიც ბავშვბს ძალიან მოსწონთ. სხვადასხვა შეუსაბამო საგნისა და არსების შერწყმით მიღებული სასაცილო პერსონაჟები, ერთი შეხედვით, მართლაც სახალისოა, მაგალითად, ბალერინა კაპუჩინო, თუმცა მე ისინი ტვინისა და გონების პარაზიტებად მიმაჩნია, რადგან ერთი ნახვითაც გიჯდება გონებაში და მათგან თავის დაღწევა ძნელია, იმეორებ და იმეორებ, ამოჩემებულ მელოდიასავით, თუმცა, მელოდიისგან განსხვავებით, ვერც რიტმით დაიკვეხნის და, როგორც ვთქვი, ვერც შინაარსით. პირიქით, სრულიად უშინაარსო და აზრს მოკლებულია, ფიქრის საშუალებასაც კი არ გაძლევს, უბრალოდ უნდა სქროლო და უყურო, დრო გაიყვანო. ეს დრო კი ისე სრწფად გარბის, ასე გასაფლანგად ნამდვილად ცოდოა, განსაკუთრებით იმ ძვირფას ასაკში, როდესაც ტვინი მზადაა, უზარმაზარი ინფორმაცია შეისრუტოს და გადაამუშაოს.

აკრძალვა, რა თქმა უნდა, არ არის გამოსავალი და არც ვარ ამის მომხრე. ყოველთვის ალტერნატივას ვეძებ, ვფიქრობ, როგორ ჩავანაცვლოთ მდარე ხარისხის ვიდეოები და ანიმაციები.

და აი, რამდენიმე რჩევა 90-იან წლებგამოვლილი ბავშვისგან:

პოეზიის რვეულები

პირველი, რაც მახსენდება, პოეზიის რვეულებია. იმ დროს ლამაზი ბლოკნოტების ძალიან მცირე არჩევანი იყო. ამ მცირედან ვარჩევდი ყველაზე, ყველაზე ლამაზს. ვყიდულობდი ფერად კალმებს, ვიმარაგებდი ძველ ჟურნალებსა და გაზეთებს, და იწყებოდა საოცარი პროცესი.

ჩვენი სახლის ბიბლიოთეკიდან გადმოვარჩევდი ლექსების კრებულებს, გალაკტიონს, შექსპირს, „სიყვარულის წიგნს“, ანა კალანდაძეს, მირზა გელოვანს… გადავშლიდი და რაც იმ მომენტში ჩემს სულთან, ჩემს განწყობასთან ახლოს იყო, ლამაზი კალიგრაფიით ვიწერდი ახალ, ლამაზ ბლოკნოტში. მერე ვაფორმებდი. ეს გაფორმების მომენტი იყო ყველაზე ჯადოსნური და ამაღელვებელი… ვჭრიდი ჟურნალებიდან შესაბამის ილუსტრაციებს და ფოტოებს ვაწებებდი; ვაწყობდი კოლაჟებს, ოღონდ იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო კოლაჟი; ვხატავდი, ვაფერადებდი… ამ კრებულებს დღემდე ვინახავ და ხანდახან ვათვალიერებ ხოლმე. მიკვირს, პატარა გოგოს, იმ ჩაკეტილ და მძიმე წლებში, რა კარგი ლიტერატურული გემოვნება მქონია.

მოდით, თანამედროვე მოზარდებს შევთავაზოთ მსგავსი აქტივობა. თავდაპირველად ჩვენ შევურჩიოთ პოეზიის კრებულები, ვუყიდოთ ძალიან, ძალიან ლამაზი ბლოკნოტი, ფერადი კლამები და მარკერები, გადმოვქექოთ ჩვენი ძველი ჟურნალები და გაზეთები, ვთხოვოთ, დღეში ერთი ლექსი იპოვოს და ლამაზად გადაწეროს, გააფორმოს და მოხატოს. რაღაცნაირად მგონია, რომ ეს ამბავი ისე შეიყოლებთ, დღეში ერთ ლექსს არ დასჯერდებიან. ესეც გაჯეტებისთვის გამოტაცებული წუთები თუ საათები!

 

დამალული ნივთები

ვიღებთ რამდენიმე საინტერესო ნივთს, მაგალითად, ნიჟარას, ბუმბულს, მძივს, მონეტას… ვმალავთ სხვადასხვა ადგილას. თუ ეზო გვაქვს – უკეთესი, თუ არა და ოთახშიც შეიძლება. ვხატავთ სამალავების რუკას და ვაძლევთ ბავშვს, რომ დამალული ნივთები იპოვოს. რუკაზე მინიშნებებს გამოვსახავთ, შეგვიძლია, სიმბოლოებიც გამოვიყენოთ. თუ ყველა ნივთს იპოვიან, შეიძლება, საინტერესო ფილმით დავაჯილდოოთ, მაგალითად, „მუსიკის ჰანგებით“.

ბავშვობაში ბებიაჩემის დიდი ბოსტნის ნაწილი მოვიზომე და ჩხირებით შემოვღობე, გამოვაცხადე, ეს ჩემი ბოსტანი იქნება-მეთქი. მე და ჩემს დას ძალიან გვიხაროდა და გვეხალისებოდა ამ ბოსტნის მოვლა-პატრონობა, მოგვყავდა მწვანილი და ისეთი ბოსტნეული, რომელიც მალე ამოდიოდა.

თქვენც შეგიძლიათ, ბავშვებს ასეთი მიწა „აჩუქოთ“ და უთხრათ, რომ ეს მათი საკუთრებაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგებიან მის დამუშავებას. ჩვენ თოხით და ბარით ვამუშავებდით, პაწაწინა იარაღები გქვონდა. ალბათ ახლაც იშოვება ასეთი ნივთები. მორწყავენ, დათესავენ, დაელოდებიან, მერე დაკრეფენ და იწრმუნებენ ბუნებისა და ადამიანის შრომის ძალას.

 

ბუნებრივი საღებავებით ხატვა

თუ ჭარხალს დაწურავ, კურკუმას ნაყენს თუ დააყენებ, მოცვს თუ დაჭყლეტ ან კაკლის წენგოს დაჩეჩქვავ, შესანიშნავ ბუნებრივ საღებავებს მიიღებ. ამ პროცესით, დარწმუნებული ვარ ძალიან იხალისებენ ბავშვები, მერე კი აუცილებლად დაახატვინეთ. რა ამაღელვებელი და ჯადოსნური იქნება!

 

ძველი ტანსაცმლის გადაკეთება

უჰ, როგორ მიყვარდა ბებიაჩემის სკივრებში ქექვა! დარწმუნებული ვარ, ყველა ოჯახში იქნება ძველი და გამოუსადეგარი ტანსაცმელი. მიეცით ბავშვებს და შესთავაზეთ, მისგან შექმნან ახალი ტანსაცმელი ან სხვა საინტერესო რამეები – აქსესუარები, თოჯინები. დღეები ისე გავა, ჭამაც კი არ გაახსენდებათ, გაჯეტებს მხოლოდ ინსპირაციისთვის თუ გამოიყენებენ.

 

საოჯახო სპექტაკლის დადგმა.

ეს მთელი პროცესია, დაწყებული სცენარის დაწერით და როლების განაწილებით. ისე მიყვარდა ასეთი სპექტაკლების გამართვა, მთელ სულსა და გულს ვდებდი. ალბათ 90-იანების ყველა ბავშვი ამით ერთობოდა. მეზობლებიც ერთვებოდნენ. მთელი კვირა ვემზადებოდით, კოსტიუმებსაც ვიკერავდით, აი, სწორედ იმ სკივრში ნაპოვნი ძველი ტანსაცმლისგან, ვეპატიჟებოდით სტუმრებს ან ბილეთებს ვყიდიდით. ვისაც ყველაზე დიდი ეზო გვქონდა, ორ ხეს შორის ვჭიმავდით თოკს და ამ თოკზე სარეცხის სარჭებით ვამაგრებიდთ ძველ ზეწარს, რომელსაც ვახატავდით, ვაწერდით, ვაწებებდით ათას მოსართავს. უბანშიც ჩაგვიტარებია, მეზობლის კარი გამოგვიყენებია ფარდად და სხვა უბნის ბავშვები დაგვიპატიჟებია.

 

აი, ასეთი იყო ჩვენი უინტერნეტო და უტელეფონო ბავშვობა, მიამიტური, წრფელი და უბრალო. ჰოდა, ხომ არ შეგვეთავაზებინა ახალი თაობისთვისაც? იქნებ როგორ სჭირდებათ სოციალური ქსელების ქაოსისა და აურზაურისგან თავის დაღწევა, იქნებ როგორ სჭირდებათ სიმშვიდისა და სინათლის კუნძული? ჰოდა, მოდი, ჩვენი შვილებიც ვამოგზაუროთ ამ უბრალო და წრფელ სამყაროში, შევაჭყიტოთ იმ ჭუჭრუტანაში, საიდანაც ჩვენი ბნელი, მაგრამ ძალიან ტკბილი 90-იანები მოჩანს.

მშობლიური ამბების სათავეებთან, ანუ „სისხლის“ კვალდაკვალ

0

ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა კითხვისთვის, ახალი ავტორების გაცნობისთვის. მინდა, ამ სტატიაში ვისაუბრო ჩემთვის გამორჩეულად ძვირფას, მშობლიურ მწერალზე – ნოდარ დუმბაძეზე, რომლის მოთხრობებს ჩემს მოსწავლეებს მეოთხე კლასიდან ვურჩევ.

ხშირად ისმის კითხვა, ნაადრევი ხომ არ არის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ამ მწერლის ტექსტებთან შეჭიდება. მკითხველთა ნაწილს მიაჩნია, რომ დუმბაძის შემოქმედების სიღრმისეულად გასააზრებლად გარკვეული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო, თუმცა ის, რის გამოც მის სამყაროში მოგზაურობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სიყვარულის, ემპათიისა თუ ერთგულების მაგალითების უზარმაზარი საბადოა, რომელსაც დაუნანებლად უზიარებს მკითხველს მწერალი.

საქართველოში ალბათ გაგიჭირდებათ ისეთი ბავშვის პოვნა, ნოდარ დუმბაძის ერთი ლექსი მაინც რომ არ იცოდეს ზეპირად. მეც მათ შორის ვიყავი. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ დამქონდა ყველგან ის ძველი, ყდაშემოგლეჯილი კრებული, ბებიაჩემის მიერ საგულდაგულოდ დაკემსილი, ფურცლებად დაშლას გადარჩენილი. საგულისხმოა, რომ საბავშვო ლექსებს მწერალი საკუთარი შვილებისთვის წერდა და რა გასაკვირია ყველაზე სამართლიანი „ცენზორების“ მიერ მოწონებული ტექსტების ასეთი წარმატება.

მიუხედავად საოცარი სიმსუბუქისა, რის გამოც ნოდარ დუმბაძე ხშირად გახვეულა კრიტიკის ქარცეცხლში, მის პროზას თავშესაქცევ ლიტერატურას მაინც ვერ დავარქმევთ. აქ დილის სუსხიან ბინდბუნდში გახურებული ბუხარივით დროულია ყველა სიტყვა, პერსონაჟი და ამბავი. მეტიც, მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ ჩვენი მშობლების ეპოქა ბევრად უფრო მშობლიური და გასაგები ხდება, ვიდრე საკუთარი. თუმცა მეოცე საუკუნე მის თხზულებებში არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება – ომი, შიმშილი, თითოეული ლუკმის მოპოვებისთვის ბრძოლა… დუმბაძის პირით მოთხრობილი ყველასათვის კარგად ნაცნობი ისტორიები ბევრად უფრო ახლობელი და ხელშესახებია, თითქოს იმ შვილმკვდარი მოხუცების ტაბლასთან ჩვენც ვისხედით, კეციდან ახალამოყრილი მჭადის კოკრები სულის ბერვით დავამტვრიეთ და იმედის ნამცეცებიც გვერგო მისატანებლად. თითქოს ჩვენი სოფლის მტვრიან გზაზე ჩაიარა მეოცე საუკუნემ – ომმა და მშვიდობამ, დაკარგვის შიშმა და დაბრუნების სიხარულმა.

სიცოცხლე ხანდახან ისე სწრაფად გადის, შესაძლოა, საკუთარი წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან სიუჟეტს გადაახტე, არ წაიკითხო. მწერალის მთავარი სატკივარიც ეს არის – ფუჭად დახარჯული დრო, უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანი, თითქმის ცხოვრება:

„ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით… დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვდგები მკვდრეთით“.

 

ნოდარ დუმბაძის წიგნებიდან მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალებამდე, როგორც მკითხველმა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. ამ გზაზე ყოველთვის ისეთ პერსონაჟებს ვუმეგობრდებოდი, მათი არსებობა მნიშვნელოვან საიდუმლოდ რომ უნდა შეგენახა. აი, ისეთებს, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, არჩილ სულაკაურის, გოდერძი ჩოხელის, გურამ დოჩანაშვილის და სხვათა წიგნებში მრავლად რომ ცხოვრობენ. მაგრამ კანუდოსამდე და მაკონდომდე ჯერ შორს იყო, ფოლკნერის ბენჯამინამდე ჯერ ბეჟანა (რომანის „მე ვხედავ მზეს“ პერსონაჟი) უნდა გამეცნო – ჩვენი დროის ნამდვილი გმირი – და მზისთვის თვალი გამესწორებინა. სწორედ ამ რომანის წაკითხვის შემდეგ დავინახე პირველად, რომ მტერიც ადამიანია, ხანდახან ტყუილი გადარჩენის ტოლფასია, ხალხსა და ბრბოს შორის დიდი განსხვავებაა, რომ პატიება ძალიან გვიჭირს…

„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დაწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

შეუძლებელია, ვისაუბროთ ნოდარ დუმბაძეზე და არ გაგვახსენდეს დასასვენებელი პარკი „მზიური“, სადაც დგას მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პერსონაჟთა ქანდაკება. ამ პარკში ერთხელ მაინც თუ გაგისეირნიათ, აუცილებლად ნახავდით ზურიკელას უფროსი მეგობრებისა და ბებია ოლღას გარემოცვაში. იუმორისა და სევდის არომატით ზომიერად შეზავებული ეს ავტობიოგრაფიული რომანი მწერლის სავიზიტო ბარათად იქცა, მერაბ ბერძენიშვილის ზემოაღნიშნული ნამუშევარი კი ბავშვთა ქალაქად წოდებული პარკის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები ბუნებისა და ადამიანის ურთიერთკავშირზე, ჩემი მოსაზრების გასამყარებლად კი ვიმოწმებ ტექსტებს, სადაც ზედმეტი პათეტიკისგან დაცლილი, დამაჯერებელი არგუმენტებია მოყვანილი. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტად ხშირად მოვიხმობ ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“. ბევრ წიგნში შემხვედრია ხის გაცოცხლების მაგალითები, თუმცა ზემოაღნიშნული მოთხრობის სიუჟეტი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მოსიარულე და მოლაპარაკე ხეების ამბები. ჩემი აზრით, ბუნებასთან ამგვარი რეალისტური ისტორიები მეტად გვაახლოებს.

მასწავლებლებს ხშირად გვიწევს განქორწინებული მშობლების შვილებთან მუშაობა. თავიდან ბავშვების უმრავლესობას ჰგონია, რომ მშობლებიდან აუცილებლად ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს. არადა, ხანდახან ორივე ნაპირზე ყოფნა ერთნაირად მნიშვნელოვანია. მსგავსი დილემის წინაშე დგას ობოლი ბიჭი მოთხრობიდან „სისხლი“. ჩემი აზრით, ეს თხზულება ბავშვებს არჩევანის თავისუფლების შესახებ უფრო მეტს ეუბნება, ვიდრე ის ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგები, ტელევიზორის ეკრანიდან ყოველდღე რომ იღვრება.

ზემოაღნიშნული მოთხრობის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მწერლის ბავშვობას. ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. 9 წლისამ, 30-იანი წლების რეპრესიების გამო, დაკარგა მშობლები. მამა, ვლადიმერ (აკაკი) დუმბაძე, 1937 წელს დახვრიტეს, დედა, ანა ბახტაძე, გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ნოდარი ჯერ ხონში წაიყვანეს ბებია ივლიანე ფარცხალაძესთან, შემდეგ – სოხუმში დეიდებთან, საბოლოოდ კი ბებიასთან (ოლღა ხინთიბიძე) და ბაბუასთან (ქიშვარდი დუმბაძე) დაიდო ბინა მშობლიურ სოფელ ხიდისთავში.

ბავშვებისთვის მამულის ცნება ხშირად მშობლიური კერის სიყვარულს ვერ სცდება. ხმამაღალი ლექსების ჩარაკრაკებითა და მკერდზე მჯიღის ბრახუნით აქამდე ვის რა დაუმტკიცებია?! ოდესმე ალბათ ჩვენც ვაღიარებთ, რომ გაუაზრებელი სიყვარული არცერთ ქვეყანას არ სჭირდება და მხოლოდ მის მიწაზე დაბადება არ კმარა, კონკრეტული გარემო შენს სახლად რომ აღიარო. შეიძლება, სამშობლოც ისევე აირჩიო, როგორც მეგობარი, რომელიც, ერთი შეხედვით, შენგან საოცრად განსხვავდება, მაგრამ ყველაზე კარგად ესმის შენი. შეიძლება, ფესვები ერთ მიწაში გაიდგა, მაგრამ მეორე ქვეყნის ცაში აყვავდე… ბერძენი იანგულის ქართველობაში აქამდე ეჭვი არავის შეჰპარვია. მეც სწორედ ასეთი, კარგად გააზრებული იდენტობის მჯერა.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ხშირად იდგმება თეატრის სცენაზე. ამას წინათ მოსწავლეები ერთ-ერთ სპექტაკლზე წავიყვანე. ორ საათზე მეტხანს ისხდნენ გასუსულები, თვალი ვერ მოსწყვიტეს სცენას. ახლა კი, დუმბაძის აქტიურ მკითხველებად ქცეულნი, მისი პერსონაჟების ტყავში შეძვრომას აპირებენ. იმედი მაქვს, კიდევ მრავალჯერ აღმოაჩენენ მწერლის ღამეში დამალულ მზეს და იმ ამბებამდეც მიაღწევენ, მხოლოდ „შეგრძნებების ბრაილით“ რომ იკითხება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...