სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

სასწავლო პროექტი – წიგნიერება და ღირებულებები

0

თანამედროვე სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს, არამედ თვითშემოქმედებისა და ღირებულებითი აქტივობების  გზით უყალიბებს სწორ დამოკიდებულებას    ეროვნულ მემკვიდრეობის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა VIII კლასის მოსწავლეთა პროექტი –  „წიგნიერება და ღირებულებები“

პროექტი წარდგენილი იყო მოსწავლეთა  სასკოლო კონფერენციაზე „ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა“. კლასმა კონფერენციაზე წარადგინა  ორიგინალური ნაშრომი – ხელნაკეთი წიგნი „ იგავები“ და მისი ელექტრონული ვერსია.

პროექტის საგანმანათლებლო მიზანი იყო:

  • მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ეროვნული, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ;
  • ქართული ხელნაწერების ტრადიციის გაცნობა;
  • ტექსტებთან მუშაობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • ღირებულებითი ორიენტირების ჩამოყალიბება ბიბლიური იგავების საფუძველზე.

პროექტი განხორციელდა ეტაპობრივად:

  1. მონაწილეთა მომზადება: მოსწავლეებმა შეისწავლეს ზურაბ ჭუმბურიძის ნაშრომი „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“, რომელშიც აღწერილია სამი შატბერდული სახარების თავგადასავალი.ამან  მათ მისცა წარმოდგენა ქართული ხელნაწერის მნიშვნელობაზე და ამ  მემკვიდრეობის ისტორიულ ღირებულებაზე.
  2. შემოქმედებითი ამოცანის დასახვა: მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებში გაჩნდა სურვილი, თავადაც შეექმნათ ხელნაწერები, რითაც ისინი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შეეხნენ კულტურულ მემკვიდრეობას.
  3. პრაქტიკული ეტაპი:
    • მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ფურცლები დაძველების ეფექტით;
    • გადაწერეს იგავები: უძღები შვილის იგავი, დამარხული ტალანტი, ფარისეველი და მეზვერე, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, მოწყალე სამარიტელი, ცხვრები და თიკნები, ათი ქალწული, მრუშ დედაკაცი (იოანეს სახარების მიხედვით);
    • თითოეულ ტექსტს დაურთეს ნახატები და  მათივე მოფიქრებული მორალური შეგონებები, რაც ასახავდა მოსწავლეთა ღირებულებით ხედვას.
  4. თანამშრომლობითი მუშაობა: პროექტში მონაწილეობდა მთელი კლასი
  5. პროდუქტის პრეზენტაცია: ხელთნაკეთი წიგნი და მისი ელექტრონული ვერსია მოსწავლეებმა  წარმოადგინეს, როგორც კლასში, ასევე სასკოლო კონფერენციაზე.

პროექტმა მოიტანა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ღირებულებითი შედეგები:

  • მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ქართული ხელნაწერების შესახებ და განიცადეს, რა შრომა და შთაგონებაა საჭირო ხელნაწერის შესაქმნელად;
  • განუვითარდათ ტექსტის გააზრების, აზრის ფორმულირებისა და კრიტიკული მსჯელობის უნარები;
  • გაძლიერდა შემოქმედებითი უნარები (ხელნაკეთი პროდუქტის შექმნა, მორალრი შეგონების ფორმულირება);
  • გაჩნდა პატივისცემა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და  მისი მნიშვნელობის  გააზრება;
  • მოსწავლეებმა განიცადეს ერთობლივი მუშაობის სარგებელი და პასუხისმგებლობის გაზიარება.

VIII კლასის პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების სწავლა გადაქცეს მოსწავლეთათვის საინტერესო, შემოქმედებით და ღირებულებით პროცესად. პროექტული სწავლება, როგორც მეთოდი, აქ წარმატებით აერთიანებს საგნობრივ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ღირებულებით განვითარებას.

ამგვარი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, არამედ ემოციური ინტელექტის ზრდას – ისინი უფრო ახლოს ეცნობიან საკუთარ კულტურულ ფესვებს და იძენენ უნარს, თავადაც შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მომავალში შესაძლოა მემკვიდრეობად იქცეს.

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის ახალი ნომერი გამოიცა!

0

მასწავლებლის ფიქრი  და საზრუნავი თანამედროვე სამყაროს მოქალაქეა.  ჩვენს მოსწავლეებს ყოველი ახალი დღე გუშინდელზე  განსხვავებულ სამყაროს სთავაზობს. ვიცით, რომ ცოდნა მხოლოდ წიგნებში აღარ ცხოვრობს. დღეს, თითქმის ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ერთ წამში შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ღირებულ პასუხს მაინც ფიქრი და მსჯელობა სჭირდება.  თანამედროვე მოსწავლეს მზა პასუხები თითქოს ეხმარება, თუმცა, ამავდროულად,  ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

დღეს, სკოლა უნდა იყოს სივრცე, სადაც მოსწავლე   არა მხოლოდ ინფორმაციას მიიღებს, არამედ შეძლებს ამ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას და დამუშავებას, გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობის აღებას  და ინფორმაციის  შინაარსზე დამოკიდებულების გამოხატვას.  სკოლა უნდა იყოს  ადგილი, სადაც მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებას უკავშირდება, სადაც მოსწავლე  იგრძნობს, რომ აქ მისი აზრი მნიშვნელოვანია და მისი განსხვავებულობა – ღირებული.

მოსწავლეების მოლოდინი ისეთი სკოლაა, რომელიც რეალურ ცხოვრებას უკავშირდება და მასწავლებელს, რომელიც უსმენს, უტოვებს სივრცეს კითხვებისთვის და აჩენს მოტივაციას პასუხების ძიებისთვის. ისინი საჭიროებენ განათლებას, რომელიც მათ მომავლისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფს.

ასეთ  რეალობაში მასწავლებლის როლი განსაკუთრებულია. ის აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი – ის, მოსწავლეებთან ერთად,  მომავლის მშენებელია. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს მოსწავლეებს  უნდა ვასწავლოთ ფიქრი, წავახალისოთ, დასვან  შეკითხვები, ვასწავლოთ ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა და ეს  იყოს  გაკვეთილის ბუნებრივი ნაწილი. დავაკავშიროთ გაკვეთილი რეალურ ცხოვრებასთან – პროექტებით, ადგილობრივი და გლობალური პრობლემების მაგალითებით. განვუვითაროთ  ციფრული წიგნიერების უნარები  – ინფორმაციის გადამოწმება, ონლაინ უსაფრთხოება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ტექნოლოგიის ეთიკური გამოყენება. შევქმნათ დიალოგის სივრცე – მოსმენის, განსხვავებული აზრის პატივისცემის, საერთო გამოსავლის ძიების. ვიყოთ მოქნილი ახალი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და მიდგომების მიმართ. მუდმივად  ვიზრუნოთ  პროფესიული ზრდისთვის.

ალბათ, წერილის კითხვისას გაიფიქრებთ, რომ  მხოლოდ ვალდებულებისგან შემდგარი ჩამონათვალია და  არაფერი მასწავლებლის მოტივაციაზე, მათი წახალისების ფორმებზე, პროფესიის პოპულარიზაციაზე.  ამის შესახებ გვისაუბრია და მომავალშიც ვისაუბრებთ. ჩვენს რთულ პროფესიაში პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა. სჭირდება თუ არა ამას დაფასება? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – რა თქმა უნდა. როდის და როგორ?  ალბათ  უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუკი გეტყვით, რომ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

მაია ფირჩხაძე, ნესტან მიქაძე, თამთა კობახიძე, ქეთევან ოსიაშვილი, ნინო ლომიძე, თემურ სუყაშვილი, მარიამ გოდუაძე, ლელა კოტორაშვილი, დიანა ანფიმიადი, მეგი კავთუაშვილი, ნანა აბულაძე, თამთა დოლიძე, მაკა სახურია, ლელა მანგოშვილი, ნათია ნაფეტვარიძე, ირმა ტაველიძე, შორენა ტყეშელაშვილი, ნასტასია არაბული, ინა იმედაშვილი.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი მასწავლებელი-2025-4

საზაფხულო თამაშები ოჯახისთვის

0

ბავშვები განსაკუთრებით ელიან ზაფხულის დადგომას, მიზეზი ბევრია. დასვენების ხანგრძლივი დღეები, მონატრებულ ბებია-ბაბუასთან ჩასვლა, დღეების ეზოში გატარება და კიდევ მრავალი. როგორ შეიძლება ბავშვებისთვის ეს პერიოდი ნაყოფიერი, განმავითარებელი და შემოქმედებითი გავხადოთ? რაც შვილი შემეძინა, ჩემს ყოველდღიურობას სხვა საფიქრალიც დაემატა, როგორ გავატარო ჩემს შვილთან საინტერესოდ დღეები? გიზიარებთ რამდენიმე გამოცდილებას, რომელიც დავაგროვე და ასევე იდეებს, რომლებსაც განვახორციელებ სამომავლოდ, შვილის ასაკის მატებასთან ერთად.

პირველ რიგში საჭიროა გეგმის შედგენა, რომელსაც რუტინად აქცევთ. შეიმუშავე გეგმა – რას გააკეთებთ დღის განმავლობაში. შეგიძლიათ ძალიან მარტივით დაიწყოთ, დილას თავის მოწესრიგებით, საუზმით. ბავშვს წინასწარ გააცანით დღის გეგმა – რას უნდა ელოდოს დღევანდელი დღისგან. თუმცა აქვე ისიც აუხსენით, რომ შესაძლოა გეგმები შეიცვალოს გარემოებიდან გამომდინარე. გეგმის წინასწარი ცოდნა დაეხმარება მას დღის წარმოდგენასა და მობილიზაციაში.

თამაში ქვებით

ამ თამაშისთვის დაგჭირდებათ სხვადსხვა ზომის ქვა, საღებავები, წყალგამძლე მარკერი. ბავშვთან ერთად შეაგროვეთ ეზოში ქვები, გაასუფთავეთ. შეღებეთ საღებავით, გაშრობის შემდეგ კი დაიწყეთ თამაში. სთხოვეთ ქვები დაალაგოს ფერებისა და ზომის მიხედვით. ყურადღების კონცენტრაციის მიზნით დაუწყვეთ რამდენიმე, მაგალითად ოთხი. შემდეგ ერთი აიღეთ და სთხოვეთ გაიხსენოს, რომელი ფერის ქვა აკლია. დააწერეთ ქვებს ასოები და ციფრები. ააწყვეთ შვილთან ერთად სიტყვები, ციფრების გამოყენებით დაალაგეთ ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით.

მცენარეზე ზრუნვა

თუ ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც გაქვთ მცენარეების დარგვის შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი. შეარჩიეთ ერთად მცენარე, ისაუბრეთ მის შესახებ, მიაწოდეთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოუაროს. შემდეგ კი დარგეთ მცენარე და ყოველდღიურად იზრუნეთ მასზე. ამ აქტივობით პასუხისმგებლობა და ზრუნვა განვითარდება. ამის პარალელურად იზრუნეთ სხვა მცენარეებზე, რომლებიც თქვენ გარშემოა – დაუსხით წყალი, თუ საჭიროა, რომელიმე მცენარეს მოაცილეთ დაზიანებული ნაწილები. ბუნებასთან ურთიერთობა შეგიძლიათ ლაშქრობებით გააღრმაოთ. მოინახულეთ ახლომდებარე მდინარე, ტბა, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ სხვა. თითოეული სანახაობის შემდეგ დატოვეთ რაიმე სამახსოვრო, ფოტო, ჩანაწერი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დღის ბოლოს შეაჯამოთ ნანახი.

კულინარია ერთად

მოამზადეთ ერთად საზაფხულო კერძები. თქვენთან ერთად სთხოვეთ, მოამზადოს საზაფხულო სალათა. მომზადების დროს ესაუბრეთ თითოეული ბოსტნეულის სასარგებლო თვისებაზე, რა ვიტამინებს შეიცავს, რა სარგებლობას მოაქვს. ასევე შეგიძლიათ ერთად გამოაცხოთ ღვეზელი პიცა, რაც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს. უამბეთ საოჯახო ტრადიციული რეცეპტის შესახებ, რომელიც თაობებისგან გადმოგეცათ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, მოამზადეთ შესაბამისი კერძი. თითოეული კერძის დამზადების შემდეგ დაწერეთ რეცეპტი, სთხოვეთ ბავშვს, გააფორმოს ის ილუსტრაციით. საბოლოო ჯამში საზაფხულო კერძების რეცეპტების წიგნი გექნებათ.

დაიჭირე წამი

ბავშვებს პატარა ასაკიდან უყვართ გაჯეტებთან ურთიერთობა. შეგვიძლია ეს სურვილი და ინტერესი სასარგებლო კუთხით დავუკმაყოფილოთ. ვთხოვოთ დღის განმავლობაში გადაიღოს ერთი ფოტო, რომელზეც ასახული იქნება მისთვის საინტერესო მოვლენა. ფოტოს გადაღების შემდეგ სთხოვეთ ისაუბროს, რა იყო განსაკუთრებული ამ კადრში? რამ მიიქცია მისი ყურადღება? რამეს ხომ არ შეცვლიდა? ამ პატარა სახალისო აქტივობით მის შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას გავაღვივებთ.

ცხადია, თითოეული აქტივობა შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვის ასაკისა და ინტერესებიდან გამომდინარე. გაითვალისწინეთ, რომ ბალანსი მნიშვნელოვანია. ბავშვი არ უნდა გადაიტვირთოს აქტივობებით, მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო თამაშისთვის, დასვენებისთვის, ფიქრისთვის. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ, წაახალისოთ და შესთავაზოთ საინტერესო აქტივობები, რომლებიც მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სკოლაში  ქართველ მოღვაწეთა სწავლების ასპექტები

0

     საქართველოში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება ივა­ნე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების სახელთან არის დაკავშირებული. იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ამ ადამიანების მიერ განხორციელებულ საქმიანობას მოჰყვა, დღეს ყველა ვსარგებლობთ, ვსწავლობთ უნივერსიტეტებში, რომელთა ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. უნი­ვერსიტეტთან, რომლის დამაარსებელტა ცხოვრება და მოღვაწეობა უკვე ლეგენ­და­რულ ხასიათს იღებს.

ჩვენი აზრით, ამ დიადი საქმის განმახორციელებთა შესახებ მოკლე ინფ­ო­რმაციას  სასკოლო ასაკიდანვე უნდა ეცნობოდნენ  მოსწავლეები და სასკოლო ასაკის თავისებურების გათვალისწინებით მივაწოდოთ მოკლე ისტორიები უნივერსიტეტის დამაარსებლების,  იმ ცნობილი ქართველების შესახებ, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი და ამაგი მიუძღვით საუ­ნი­ვერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბების, ქართული საზოგა­დო­ებ­რივი აზრისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელმა და ქართული ისტორიული სა­მ­ეცნიერო სკოლის ფუ­ძე­მდებელმა ივანე ჯავახიშვილმა მეც­ნი­ე­რული ქართველო­ლო­გიის მრა­ვალ დარგს ჩაუყარა საფუძველი.

გარდა იმისა, რომ მან მეცნიერულად გამოიკვლია ჩვენი ქვეყნის ისტორია და დაწერა „ქართველი ერის ისტორია“,  რომელიც პირველი მეცნიერულად დასაბუ­თე­ბუ­ლი კვლევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ, საფუძველი ჩა­უ­ყარა ქართველოლოგიის მრავალ დარგს, კერძოდ,

  • ძველი ქართული ისტორიული თხზულებების კვლევას;
  • ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების მეცნიერულ შესწავლას;
  • საქართველოს ძველი ეკონომიკური ურთიერთობების კვლევას;
  • ქართული სამართლის უძველესი ძეგლების კრიტიკულ გაანალიზებას;
  • ძველი ისტორიული საბუთების, მეფეთა სიგელების, ფეოდალთა მიერ გაცემული დოკუმენტების, არზა – ოქმების სასამართლო განჩინებების კრიტიკულ გაანალიზებას;
  • ქართული ანბანის ისტორიის კვლევას;
  • ქართული მუსიკის ისტორიის შესწავლას;
  • ქართული და კავკასიური ენების ურთიერთმიმართების საკითხის კვლე­ვას და ა. შ.

ივანე ჯავახიშვილი იყო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხუსმგებლობის მქონე ადამიანი, რომელმაც განჭვრიტა თავისი ეპოქის საქართველოს საგანმანათლებლო სი­ს­­ტემის საჭიროებები და თანამოაზრეებთან ერთად XX საუკუნის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს, დაიწყო თბილისში უნი­ვერ­სიტეტის დაარსებისთვის ზრუნვა, რაც 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნით დააგვირგვინა. მარ­თა­ლია, ის ამ საქმეში მარტო არ იყო, მაგრამ ყველა საქმეს წინამძღოლი და კონცენტრირებული ხელ­მ­ძ­ღ­ვანელობა საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად. სწორედ ეს გახლდათ ივანე ჯავახიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1917 წლის ნოემბერში უკვე გახსნილი იყო, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის გახსნა სიმბოლუ­რად დავით აღმაშენებლის ტახტზე აღსაყდრების დღეს, 1918 წლის 8 თებერვალს დაუკავშირა.  პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნას ჩვენი ქვეყნის ისეთივე გაბ­რ­წ­ყი­ნება უნდა მოჰყოლოდა, როგორც დავით აღმაშენებლის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ მოხდა.

გარდა ამ უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენისა, ივანე ჯავახიშვილმა ქართველოლოგია, მეცნიერების ახალ, განსაკუთრებულ მაღალ აიყვანა. მან პირველმა ერთად მოუყარა თავი და გაანალიზა ძველი ქართული ისტორიული თხზუ­ლე­ბე­ბი, ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ქართული სამართლის ძეგლები, ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენტები, ძველ ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით შეისწავლა საქართ­ვე­ლოს ეკონომიკის ისტორია, უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების საფუძველზე შექმნა ფუნდამენური კვლევა ქართული ანბანის ისტორიაში, საფუძველი ჩაუყარა  ძველი ქართუ­ლი მუსიკის ისტორიას და ა. შ.

ცალკე თემაა, ივანე ჯავახიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა, მან ახალგაზრდა ისტორიკოსთა, ენათმეცნიერთა, ლიტერატორთა  მთელი თაობები  გაზარდა, რომლებ-მაც ახალ  დარგობრივ სკოლებს ჩაუყარეს საფუძველი. შეუძლებელია, ჩვენ ვერ შევა-ფა­სოთ ივანე ჯავახიშვილის საქმიანობის მასშტაბურობა, რამაც საბოლოოდ, საფუ­ძ­ველი დაუდო XX – XXI საუკუნეების ქართული სამეცნიერო აზრის წარმატებას.

მიუხედავად, საბჭოთა ეპოქაში არსებული ტოტალიტარული რეჟიმისა, ქარ­თ­ველ მეცნიერთა თაობებმა შეძლეს ბეწვის ხიდზე გაეტარებინათ ქართული სამეც­ნიერო აზრი და შეინარჩუნეს იგი, მართალია ყველამ ვერ შეძლო თავი დაეღწია რეჟიმის იდეოლოგიური მარწუხებისგან, მაგრამ ღირსეულებმა შეძლეს   ქართული მეცნიერების გადარჩენა და დღემდე მოტანა.

ჩვენი აზრით,  შეუძლებელია ივანე ჯავახიშვილის და სხვა, ღირსეული ქართველი მეცნიერების ღვაწლი  დავიწყებას მიეცეს და მათი საქმიანობა არ იყოს სასკოლო დონეზე გაანა­ლ­ი­ზე­ბული. მათი საქმიანობა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და ჭეშმარიტი სამეცნიერო აზრის გადარჩენა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა იყო. ვფიქრობთ, სამოქალაქო განათლების სასწავლო კურსი ამ გმირობის შესწავლისა და გავრცელების კარგი საშუალება იქნება, ეს პოპულარიზაციას გაუწევს მეცნიერების სხვადასხვა დარგებს და ამავე დროს პატივს მივაგებთ ღირსეულ ადამიანთა ხსოვნას.

სკოლაში ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის შესწავლა მნიშვნელოვანია ნარატიული ფორმით. ნარატივი კომბინირდება დისკუსიასთან და მოსწავლეებში აამაღლებს ინტერესს უნივერსიტეტის დამაარსებელთა შემოქმედებისადმი.  ამისთვის დამხმარე კითხვები: „რატომ იყო უნივერსიტეტის გახსნა მნიშვნელოვანი?“, „როგორ შეცვლიდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომ ეს უნივერსიტეტი არ დაარსებულიყო?“ რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ისტორიული ხედვისა და სამოქალაქო შეგნების გაღრმავებას. სასკოლო ასაკში მოყოლილი ამბები ამცირებს ისტორიის აბსტრაქტულობას და კონკრეტულ ადამიანებს, მათი ღვაწლითა და სამოქალაქო პასუხისმგებლობით, მოსწავლეებს ცოცხალ მაგალითებად უჩვენებს.

პროექტული სწავლების ელემენტები – როგორიცაა პრეზენტაციების, პოსტერების ან ელექტრონული კოლაჟების შექმნა – განსაკუთრებით ეფექტურია. მოსწავლეები თემატურად მუშაობენ უნივერსიტეტის ფუძემდებლებზე და თავად წარმოადგენენ თავიანთი ნამუშევრის შედეგებს. ეს პროცესი არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცებას ემსახურება, არამედ გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

გარდა ამისა, მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როლური თამაშები („ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილთან“ ან „უნივერსიტეტის გახსნის დღე“), რაც მოსწავლეებს ემოციურად აკავშირებს ისტორიულ მოვლენასთან. მსგავსი აქტივობები აძლიერებს მათ ინტერესს, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და ისტორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს.

საბოლოო ჯამში, ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობის სწავლება სკოლაში მხოლოდ ისტორიული ფაქტების ცოდნა კი არა, არამედ სამოქალაქო ღირებულებების გააზრებაცაა. ეს გზა გვაძლევს საშუალებას, მომავალ თაობებს შევაგრძნობინოთ, რომ მეცნიერება, კულტურა და განათლება არა მხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ ქვეყნის მომავლის გარანტიაცაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მჭედლიშვილი, ნ. (2015). ქართული ისტორიის სწავლების მეთოდიკა. თბილისი.

  2. ნოზაძე, თ. (2012). საქართველოს განათლების ისტორია. თბილისი.

  3. ალექსიძე, ზ. (2008). ქართული უნივერსიტეტის ისტორია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.

  4. მეტრეველი, რ. (1996). ივანე ჯავახიშვილი და თბილისის უნივერსიტეტი. თბილისი.

  5. ჯორბენაძე, ს. (1988). თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

  6. ლორთქიფანიძე, მ. (1976). ივანე ჯავახიშვილი. თბილისი: ცოდნა.

  7. გვრიტიშვილი, დ. (1968). ივანე ჯავახიშვილი. თბილისი: ნაკადული.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა

0

ვფიქრობ, დამოუკიდებელი ბავშვი ნებისმიერი მშობლის ოცნება უნდა იყოს. სწორი აღზრდის პირობებში, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, მშობლები ცდილობენ, ასწავლონ პატარას ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა, დამოუკიდებლად ჭამა, დასაძინებლად დამოუკიდებლად დაწოლა, სათამაშოების დალაგება. როდესაც პატარა იზრდება და სკოლაში მიდის, დგება დამოუკიდებლად სწავლის დრო. თუმცა, სასკოლო ცხოვრების დასაწყისში, პირველი კლასიდანვე ბევრი მშობელი იმდენად ეჩვევა ბავშვის დახმარებას სწავლაში, რომ მოგვიანებით, სწავლების შემდეგ საფეხურზე გადასვლისას მისი საშინაო დავალებების შესრულება მათ აწვებათ მხრებზე, მათ ტვირთად იქცევა. თავად პატარა კი ხშირად კმაყოფილიც კია პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერავინ ეხმარება, მან უბრალოდ არ იცის საიდან დაიწყოს, რას მოჰკიდოს ხელი, როგორ მოიქცეს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა. რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელიც კია პატარის მხარდაჭერა და დახმარების აღმოჩენა, განსაკუთრებით სასკოლო სწავლების პირველ პერიოდში, როდესაც ის ეჩვევა ცხოვრების ახალ რიტმს, ახალ გარემოსა და პასუხისმგებლობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ გადავაჭარბოთ და მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლის საშუალება. თუმცა იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს, საჭიროა, ვასწავლოთ დამოუკიდებლად სწავლა, გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად სწავლის უნარი.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა:

  • მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, აირჩიოს, რა ისწავლოს და როგორ ისწავლოს – როდესაც უფროსები ბავშვის ნაცვლად ვწყვეტთ ყველაფერს, როგორც საოჯახო, ისე სასკოლო საქმეებში, მისთვის ძალიან რთული იქნება დამოუკიდებელ მოქმედებაზე გადაწყობა, გადასვლა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სულ პატარა ასაკიდან თანდათან იღებს სულ უფრო და უფრო მეტ თავისუფლებას თავის მოქმედებებსა და სურვილებში, მისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება სწავლის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მუდმივად დასჭირდება უფროსებისთვის მიმართვა დასახმარებლად. პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ნაწილს მათზე გადაიტანს და ყოველთვის მათ დაადანაშაულებს საკუთარ წარუმატებლობაში. იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს პასუხისმგებლობა და მიხვდეს, რომ ის არის მთავარი სწავლის პროცესში, საჭირო იქნება მისთვის გარკვეული უფლებების მინიჭება. იმის ცოდნა, რომ ის წყვეტს კონკრეტულ საკითხს და ის, თუ როგორ იმოქმედებს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ეხმარება ბავშვს ისწავლოს დამოუკიდებლობა, გამოიმუშაოს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. მაგ. მოსწავლეს შეუძლია, აქვს იმის უნარი, რომ თავად აირჩიოს, გადაწყვიტოს, რომელი საგანი ისწავლოს, თუ რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო დაწესებულება იძლევა ასეთი არჩევანის თავისუფლებას. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, სკოლაში უამრავი შესაძლებლობა შეიძლება გამოინახოს ბავშვის ინდივიდუალურობის გამოსავლენად, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებულობაა. ბავშვს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავად აირჩიოს თემები ესეისთვის, რეფერატისთვის, პრეზენტაციისთვის. სრულიად ნორმალურია, რომ თავად აირჩიოს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა იმისათვის, რომ შემდეგ კლასს წარუდგინოს, გააცნოს. საკმაოდ ბევრი სიტუაცია გვხვდება, სადაც ბავშვს შეუძლია იგრძნოს, რომ ის არის მთავარი და შესაბამისად პასუხისმგებლობაც გადაწყვეტილებაზე თავად უნდა აიღოს.
  • ვესაუბროთ ბავშვს, შევიდეთ მასთან დიალოგში – ბავშვის აღზრდისას უფროსებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პიროვნებასთან თავისი აზრებით, ხასიათით, შეხედულებებით, განწყობებით, მიზნებითა და გეგმებით. უფროსები, როგორც წესი, ჩვენი ავტორიტეტითა და ასაკით ვცდილობთ მოზარდზე ზემოქმედების მოხდენას. ზრდასრულებს ხშირად გვეჩვენება, რომ ბავშვი, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა, არ არის საკმარისად დიდი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს საერთო პრობლემების განხილვაში და მით უმეტეს გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა, ეს დამოკიდებულება საფუძველშივე არასწორია. სამწუხაროდ, მოზარდი ეჩვევა ასეთ დამოკიდებულებას და დროთა განმავლობაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადმოგვცემს საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეებს. საკუთარ ცხოვრებასთან, საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა უბრალოდ აუცილებელია დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. ამაში დახმარება ბავშვისთვის, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს შეუძლია. ოჯახის ყველა წევრის მთავარი ამოცანა უნდა იყოს დიალოგის წარმართვა ბავშვთან და მისი აზრის გათვალისწინება. რა თქმა უნდა, არ ღირს მეექვსეკლასელი ბავშვის ჩართვა ყველასათვის საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ძალიან კარგად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საუბარში, თუ საუბრის თემა და განსახილველი საკითხი მისი ასაკის შესაბამისად იქნება შერჩეული. მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, საკუთარი თვალსაზრისის დაფიქსირება შეიძლება ფილმის ყურებისას, წიგნების კითხვისას, სეირნობისას. თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამ შემთხვევაში მთავარია არა მხოლოდ შეკითხვების ცალმხრივად დასმა, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ უფროსები, არამედ დიალოგის წარმართვა. საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცების სწავლება ბავშვისთვის საკმაოდ მარტივია, თუ თავად ვისაუბრებთ არგუმენტირებულად და მისგანაც იმავეს მოვითხოვთ.
  • ვასწავლოთ ბავშვს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა – საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის გაგება-გააზრების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა. ამ საქმეში ბავშვს ჩვენი დახმარება აუცილებლად სჭირდება. თუ მოზარდი ხედავს, როგორ გეგმაზომიერად მივდივართ დასახული მიზნისკენ, ყველაფრის მიუხედავად, და ვაღწევთ მას, მისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ირწმუნოს საკუთარი ძალების. ვერ მოვითხოვთ ბავშვისგან, აიღოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს დამოუკიდებლად დასახული მიზნის მისაღწევად, თუ მისთვის ავტორიტეტული უფროსი ადამიანი რთულ სიტუაციაში უარს ამბობს დასახულ მიზნებსა და გეგმებზე. დავეხმაროთ ბავშვს, დაისახოს რეალისტური მიზნები, რომლებიც სტიმულს მისცემს მის შემდგომ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მიზნები იყოს მიღწევადი, რადგან განუხორციელებელმა მიზნებმა შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება და მოტივაციის დაქვეითება სწრაფი შედეგების არარსებობის გამო. თუ ბავშვს ექნება სირთულეები მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ მას მიზნის მიღწევის პროცესის მცირე ნაწილებად დაყოფაში, იმისათვის, რომ მან დაინახოს შედეგი თითოეულ ეტაპზე და გაუჩნდეს წინსვლის მისწრაფება. მიზნის დასახვისას მნიშვნელოვანია ნათლად ესმოდეს ბავშვს, რა იქნება საბოლოო შედეგი. როცა მოსწავლე დადის სკოლაში, დიდ დროს უთმობს საშინაო დავალებებს, ემზადება გამოცდებისთვის, განიცდის სტრესსა და დაღლილობას, მისთვის აუცილებელია იცოდეს, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო და რას მოუტანს მას ეს შრომა. საბოლოო შედეგის ცოდნა და გააზრება, მაგ. პრესტიჟულ უნივერსიტეტში, სასურველ სპეციალობაზე ჩაბარება, დაეხმარება მოზარდს საკუთარი მოქმედებების სისწორის რწმენის გაძლიერებასა და წინსვლაში.
  • ვიზრუნოთ ბავშვის ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებაზე – ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბავშვებში ისეთი რამაა, რაზეც მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. სწავლა-სწავლების ეფექტიანობა ხომ დიდწილად დამოკიდებულია ყურადღების კონცენტრაციისა და ინფორმაციის ყურადღებით შესწავლის უნარზე. კონცენტრაციის მაღალი დონე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ახალი ცოდნის მიღების პროცესს. განსახილველ საკითხზე კონცენტრირებით ბავშვი მას უფრო სწრაფად გაიგებს, ვიდრე მაშინ, როდესაც მუდმივად გაფანტულია.  მასალის სწრაფად ათვისების უნარი კი, თავის მხრივ, ზოგადად სწავლისადმი ინტერესის ზრდას იწვევს. ბავშვისთვის ხომ სწავლა მაშინ ხდება საინტერესო, როდესაც ნაკლებად ხვდება სირთულეებს და წარმატების განცდის შესაძლებლობა ეძლევა. არცთუ იშვიათად შეიძლება დავაფიქსიროთ მოსწავლეებში ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მის სასწავლო საქმიანობაზე. ამიტომ, ეს საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების მიზეზი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. შეიძლება ბავშვი ძალიან გადაიღალა წლის განმავლობაში და ამიტომ ვეღარ ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას სწავლაზე ისე, როგორც ამას მანამდე აკეთებდა. ან შეიძლება ბავშვს დაერღვა დღის რეჟიმი – ცოტა სძინავს, გვიან იძინებს, დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან, იკვებება არაჯანსაღი პროდუქტებით, ნაკლებად იმყოფება სუფთა ჰაერზე. გარე ჩარევები ასევე აქვეითებს კონცენტრაციის დონეს. სკოლაში ეს შეიძლება იყოს ხმაურიანი თანაკლასელები, ღია ფანჯრიდან შემოსული უცხო ხმები, კარგი ამინდიც კი, რომელიც შეიძლება მაცდუნებელ ფაქტორად მოგვევლინოს და გარეთ გასვლისკენ უბიძგოს. ყურადღების გამფანტავი ფაქტორები ბავშვს შეიძლება სახლშიც ელოდეს – უფროსი, ან უმცროსი და-ძმები, ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი, შორიახლოს დადებული გაჯეტი, ხმამაღალი საუბრები ოჯახის წევრებს შორის, შინაური ცხოველები. რაც არ უნდა იყოს იყოს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების მიზეზი, ის სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს სწავლის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის.
  • ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა – დროის სწორად მართვის უნარი დამოუკიდებლად სწავლის განუყოფელი ნაწილია. ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი დროის დაგეგმვა, მიზნების დასახვა და მათი მიღწევისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება. დავეხმაროთ მას იმის გაგებაში, რომ დროის ეფექტიანად გამოყენება დაეხმარება მას მეტის მიღწევაში და სტრესის შემცირებაში.
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ არ არის საგანგაშო შეცდომების დაშვება სწავლის პროცესში და ამის არ უნდა ეშინოდეს – მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეცდომები სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია. ნუ შეგვეშინდება შეცდომების დაშვების და ვასწავლოთ ბავშვს, რომ შეცდომებს შეხედოს, როგორც რაღაც ახლის სწავლის შესაძლებლობას. მივცეთ მას საშუალება დამოუკიდებლად იპოვოს შეცდომების გადაჭრის გზები და ისწავლოს ამ შეცდომებზე.

დაბოლოს, დამოუკიდებლად სწავლა მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ბავშვს ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს მას საშუალებას მისცემს გახდეს უფრო დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი და შემოქმედებითი. დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებაში დახმარებით ჩვენ ვამზადებთ მას მომავალი გამოწვევებისთვის და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ვეხმარებით.

მოლეკულურ კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლებების სწავლებისას

0

როგორ ვახდენთ ფიზიკის გაკვეთილზე ძირითადი ამოცანის დაზუსტებას, განზოგადებას და გადაწყვეტას.  

მოლეკულურ – კინეტიკური თეორია (მ კ თ), თერმოდინამიკა,  სითბური  მოვლენები ფიზიკის ის განყოფილებებია, რომელთა  ცოდნა  აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის.

სტატი ვრცლად

მოლეკულურ კინეტიკური თეორია

ზაფხულის ხვატში წასაკითხი წიგნები

0

საზაფხულო წიგნების რამდენიმე შესანიშნავი სია ვნახე. თუ თქვენ ჯერ არ მოგიკრავთ თვალი, გირჩევთ, გამომცემლობების სიებს ჩახედოთ. თუმცა ყველა ამ სიას აქვს ერთი ნაკლი: წლევანდელი ზაფხულის აუტანლად მაღალ ტემპერატურას არცერთი არ ითვალისწინებს. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს ხარვეზი გამოვასწორო და ჩემი სია შეგიდგინეთ.

ჩემი აზრით, საზაფხულო წიგნები იყოფა ორ კატეგორიად: წიგნები, რომლებშიც ცხელა და წიგნები, რომლებშიც გრილა. პირველი იმისთვის, რომ თქვენზე უარეს დღეში ჩავარდნილმა პერსონაჟმა შვება მოგგვაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ ალტერნატიულ რეალობაში მაინც ისუნთქოთ თავისუფლად.

მაშ, ასე:

წიგნები, რომლებშიც ცხელა:

  1. ჯ.მ. კუტზეე, „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“ – ეს წიგნი წლების წინ მაქვს წაკითხული. სიუჟეტი კარგად არ მახსოვს, მხოლოდ სიცხე და მაიკლ კეი – ეს შავკანიანი კაცი, მარტო შრომობს (გოგრას თესავს), ოფლი წურწურით ჩამოსდის და რომელსაც, რამდენიმე დღის უჭმელს, შიმშილს რძე დაუცხრობს. კიდევ ის მახსოვს, რომ ავადმყოფი დედა ჰყავს. დედა ვერ დადის, მაიკლი საკაცეზე დაწვენილს ხელით ატარებს. ამ გზის აღწერა, დედა-შვილი რომ ერთად გაივლის, წიგნის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილია.
  2. ფერნანდა მელჩორი, „პარადაისი“, – ბოლო დროის ლიტერატურული აღმოჩენებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მძაფრი ტექსტია ჩემთვის. მისი თემა სისასტიკეა, სისასტიკე, რომელიც არაფრიდან გამომდინარეობს და არც არაფერს ისახავს მიზნად. ეს ორი არასრულწლოვანის გულუბრყვილო ჩანაფიქრია, რომელიც მათდა უნებურად საშინელი ტრაგედიით მთავრდება. ამ ერთი ციცქნა წიგნის სტრუქტურა ცალკე იმსახურებს ყურადღებასა და აღფრთოვანებას – კითხვისას აუცილებლად დააკვირდით ამბავი ამბავს როგორ ებმის და როგორაა თხრობა გაშლილი დროში.
  3. ფრანსუაზ საგანი, „სალამი, სევდავ!“ – როგორც მახსოვს, აქ ზაფხული, ზღვა, პლაჟი და პირველი სიყვარულია. სხვა რა უნდა საზაფხულო საკითხავს? თან წინა ორი ტექსტის მერე რამე მსუბუქი და ლაღი დაგჭირდებათ. ფრანსუაზ საგანი, ამ მხრივ, იდეალურია.
  4. უილიამ ფოლკნერი, „სული რომ ამომდიოდა“ – მაგრამ თუ ამოსუნთქვა არ გინდათ და პირიქით, გინდათ, ბოლომდე ამოგხდეთ სული, ფოლკნერის ეს რომანი (და, თუ სამართლიანი ვიქნებით, სხვებიც), საამისოდ ზედგამოჭრილია. ოღონდ გაითვალისწინეთ: ეს ლიტერატურაა, ლიტერატურაში კი ადამიანის დამარხვაც შეიძლება ძალიან, ძალიან დიდ პრობლემად იქცეს…

წიგნები, რომლებშიც გრილა:

  1. უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“, – რამდენი ხანია, ამ წიგნთან მიბრუნება მინდა! წიგნთან, რომელმაც დაასრულა დეტექტივი, როგორც ჟანრი. გვიანი შემოდგომის სუსხიანი დღეებია, შუა საუკუნეების მონასტერი, ციხე-სიმაგრე და ქვის კედლები. დილაბინდზე ლოცვა იწყება, გაყინულ ტაძარში ბერებს თვალები ელულებათ, ამავდროულად, კი ვიღაც უმოწყალოდ ხოცავს საძმოს წევრებს, სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით.

თუ ისტორია და თეოლოგია გიტაცებთ, ეს წიგნი თქვენთვის ორმაგად სასიამოვნო წასაკითხი იქნება. მაგრამ, მეეჭვება, გიტაცებდეთ. საერთოდ, ვისაც ვურჩიე, პირველ ას გვერდს ვერავინ გასცდა. ჰოდა, თქვენ იცით და თქვენმა ქალობამ (კაცობამ)!

  1. ზაირა არსენიშვილი, „ვა, სოფელო…“ – ზამთარია, მიმქრალ ბუხართან, ნესტიან სარდაფში, ჭუჭყში, მიცვალებული ასვენია, ორი ქალი კი ღამეს უთევს: ბებია და შვილიშვილი. კუბო გამთენიისას მოაქვთ. მიცვალებულის ჩასვენებაც ერთი წვალებაა მთელი ღამის უძინარი და უჭმელი შვილიშვილისთვის, მაგრამ ბებიას ვერ ეწინააღმდეგება. სანამ გარეთ თოვლი დევს, ბებია უამბობს შვილიშვილს მძიმე წარსულის ამბავს: საბჭოთა რეპრესიები, დასმენები, დაპატიმრებები, სიყვარული, სიძულვილი, შური… რომანს თუ წერ, ქარგაც ასეთი უნდა!
  2. ლეილა ბეროშვილი, „ცაზე მთვარე მიცურავდა“ – ამ მოთხრობებშიც გვარიანად თოვს, წვიმს და ქუხს, საერთოდ, ზამთრისპირის ტექსტებია, ზამთრისპირული ამბებით, რომლებშიც დედა ერთს გახედავს თავის პატარა ბიჭს და გაიფიქრებს: „რა ვქენი ეს, რამ გამაჩენინა ეს მამაძაღლიშვილიო“ („მარიამი“), პატარა გოგო კი თავის სიკვდილს წარმოიდგენს და თავი ეცოდება („ევა“). აქვეა „ლილიც“ – სიყვარულზე დაწერილი მოთხრობებიდან სულ რამდენიმეა, არასდროს რომ არ გავიწყდება და „ლილი“ უთუოდ მათ შორისაა.

დამატებითი რჩევა:

საგრილობლად პოეზიაც კარგია. გირჩევთ ანდრეა გიბსონს. სულ ახლახან გარდაიცვალა და თუ მის ინტერვიუებსაც მოუსმენთ, მიხვდებით, რამხელა დანაკლისია მისი გარდაცვალება, მხოლოდ ლიტერატურისთვის კი არა, ცხოვრებისთვისაც…

სიცილია

0

სტუდენტებს ვკითხე, რა სმენოდათ სიცილიის შესახებ. უმრავლესობამ ერთადერთი სიტყვა მითხრა:

– მაფია…

დიახ, მაფია სიცილიაზე ჩაისახა და განვითარდა. კიდევ რამე მითხარით-მეთქი. სხვა ვერაფერი თქვეს.

აი, მაგალითად, არქიმედე მშობლიურ ქალაქ სირაკუზას ამობურცული სარკეებით იცავდა, იცოდით?

„სიცილიური თავდაცვა“? ჭადრაკში არ არის? დიახ, არაბების მრავალხნიანი ბატონობის გავლენით, შუა საუკუნეებში სიცილია ჭადრაკის ცენტრი იყო.

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე სიცილია ერთი დიდი კუნძულია. გასაგებია, რომ დღეს იტალიის ნაწილია. მანამდე, სიცილიის დასაკუთრება სცადა ყველამ, მაგ. ვიკინგებმა. აი, სად სიცილია და სად დანია, მაგრამ არ დაეზარათ.

ჩვენს ერამდე მერვე საუკუნეში ბერძნები კუნძულს სამკუთხედის ფორმის გამო „სამკუთხედს-ტრინაკრიუმს“ ეძახდნენ. ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია. ზოგჯერ კუნძულს „სიროკო“-საჰარის ქარი სტუმრობს. ადრე სიცილიაზე ბევრი ტყე ყოფილა, მერე რომაელებსა და სხვა კოლონიზატორებს აუჩეხიათ, რათა სასოფლო სამეურნეო მიწებად გადაეკეთებინათ.

კუნძულის 80% ბორცვები და მთებია, რომელთა უმაღლეს წერტილად ვულკანი „ეტნა“ ითვლება. ეს კუნძული ისტორიული მონაცემებით 200-ზე მეტჯერ ამოფრქვეულა. დღესაც აქტიურია და მისი სიმაღლე სულ იცვლება. ძველბერძნულ მითებში ნაყოფიერების ქალღმერთი პერსეფონე ჰეპესტოსმა სიცილიაზე მოიტაცა და მიწისქვეშა სამყაროში წაიყვანა.

ეტნა ჰეფესტოსის სამჭედლოს ჩიბუხია. პერსეფონე ყოველ წელს ბრუნდება მიწაზე და თან ბუნების გამოღვიძება მოაქვს. ბერძნებმა კუნძულზე ყოფნისას მონეტის გამოშვება დაიწყეს, ეს იყო მედუზას თავი, საიდანაც სამი მორბენალი ფეხი გამოდიოდა. ეს ფეხები სამკუთხედ კუნძულს და ბუნების მუდმივ მოძრაობას ასახავდნენ. ეს სიმბოლო დღესაც ამშვენებს სიცილიის დროშას.

წეღანაც ვახსენე, მათემატიკის ფუძემდებელი არქიმედე სიცილიელი გახლდათ. დაიბადა და გარდაიცვალა სირაკუზაზე – სიცილიის მთავარ ქალაქში. ეს ბერძნების ერთ-ერთი მთავარი ქალაქიც იყო მისინას შემდეგ. ჩვ. წ.ა. მესამე საუკუნეში, არქიმედეს დროს, სირაკუზა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ბერძნულ ქალაქად ითვლებოდა. გასაგებია, რომ ბერძნები კოლონიზატორები იყვნენ, მოვიდნენ, დაიპყრეს და იპარპაშეს. თუმცა, თეატრები, ტაძრები, წყალგაყვანილობა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ მოწყობილი. აი, სიმშვიდე არ ჰქონიათ. ბერძნული ქალაქი სახელმწიფოები მუდმივ ომში იყვნენ კართაგენლებთან.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“ – გსმენიათ, არა? ეს კატონ უფროსი გუგუნებდა რომის სენატში. ჰოდა, მანამდე იბუბუნა, სანამ მესამე პუნიკური ომი არ წამოიწყო. პუნიკური ომები (ძვ. წ. 264-ძვ.წ. 146) რომსა და კართაგენს შორის მძვინვარებდა. რომაელები კართაგენლებს პუნებს უწოდებდნენ, აქედან მოდის ეს სიტყვაც „პუნიკური“.

პირველი პუნიკური ომი კი სწორედ სიცილიის დასაპყრობად გაიმართა. მეორე პუნიკური ომის დროს რომაელებმა სირაკუზას ალყა შემოარტყეს. არქიმედე მშობლიური ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა. შექმნა სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის უზარმაზარი კაუჭი, რომელიც დიდ ზამბარებზე ტრიალებდა – „არქიმედეს ბრჭყალი“. ეს მოწყობილობა მტრის გემებს იღებდა წყლიდან და შორს მოისროდა ხოლმე. ლეგენდის თანახმად, მან ასევე შექმნა უზარმაზარი ამობურცული სარკე (სარკეები), რომლებიც მზის სხივებს ირეკლავდნენ და მტრის ხომალდების აფრებს ცეცხლის ალში ხვევდნენ. სხვები ამბობენ – რა სარკეებიო, კაცო, „ბერძნულ ცეცხლს“ უშენდნენ სირაკუზადანო.

სირაკუზა მაინც აიღეს. 78 წლის არქიმედე თავის სახლში მორიგ ნახაზზე მუშაობდა, როცა მასთან რომაელი ჯარისკაცი შეიჭრა. არქიმედემ დაუყვირა: „Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავდა, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს. ჯარისკაცმა ან ვერ გაიგო, რა უთხრეს, ან ნეტა ერთი შენო, იფიქრა და ადგილზე განგმირა არქიმედე.

სიცილია პირველი რომაული პროვინცია იყო. იგი შემდეგი 600 წლის განმავლობაში რომს ამარაგებდა მარცვლით, ზეთის ხილითა და ღვინით. რომაელების პატრონობა სიცილიაზე იქ არაბების მისვლით დასრულდა. არაბებს იმ დროისთვის ჩრდილოეთ აფრიკა უკვე დამორჩილებული ჰქონდათ.

826 წელს ვინმე ევფიმიუსმა, რომელიც სიცილიაზე ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა, ერთი მონაზონი შეიყვარა. მანამდე ცოლი მოკლა და ეს მონაზონი აიძულა, მისი ახალი ცოლი გამხდარიყო. იმდროინდელმა იმპერატორმა მიხეილ მეორემ რომ ეს შეიტყო, გაბრაზდა, ქორწინება ბათილად ცნო და ევფიმიუსს ცხვირი მოაჭრა. ესეც აფრიკაში გაიქცა, იქ არაბებს ამბავი მიუტანა. იმათაც რა ენაღვლებოდათ, საბაბი ნახეს და სიცილიისკენ დაიძრნენ. 902 წელს მთელი სიცილია არაბების ხელში გადავიდა. პალერმო კი სიცილიური ემირატის დედაქალაქი გახდა. ევროპამ შაქარი მანამდე ვერ გაიცნო, სანამ კოლუბმმა ამერიკა არ აღმოაჩინა. აი, სიცილიაზე კი ძველი დროიდან იცოდნენ შაქარი.

მეთერთმეტე საუკუნეში, სიცილია არაბებს ნორმანდიელებმა წაართვეს. ამავე დროს, ბიზანტიელებს იტალიის სამხრეთი მოსტაცეს. წარმოიქმნა სამეფო – სიცილია, რომელიც 12-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი ევროპული სახელმწიფო გახდა. სიცილიის მეფე ფლობდა აფრიკის ნაწილს და იტალიური „ჩექმის“ ნახევარს. ანჟუს მეფე კარლოს პირველმა სცადა სიცილიის მეფის დაჩაგვრა, მაგრამ არ გამოუვიდა, აჯანყებამ ჩაახშო მისი მცდელობა.

ზემოთ დავწერე სიცილია მარცვლეული კულტურების სერიოზული მწარმოებელი გახდა-მეთქი. ალბათ, აქედან არის იმის გავლენაც, რომ შემდეგ ამ მარცვლეულიდან ბლომად პასტა დაამზადეს.

წარმოვიდგინოთ, რომ პასტის (იგივე მაკარონის) სალათას გეახლებით. შემადგენლობა – მაკარონი, მაიონეზი, ძმარი, ბოსტნეული, მდოგვი. ფაქტობრივად ნარევი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ შედგება ბევრი კომპონენტისგან, სადაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს თავის ქიმიურ თვისებებსა და შედგენილობას.

ასეთივე ნარევის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ტალახი, სადაც წყალი და მიწაა შერეული, მაგრამ თითოეულს თავისი შემადგენლობა შენარჩუნებული აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მიწის რაღაც კომპონენტები შეიძლება წყალში გაიხსნას.

ან, მაგ. გოგირდსა და რკინას თუ უბრალოდ ერთმანეთში შევურევთ, მხოლოდ ნარევს მივიღებთ.

და თუ გავაცხელებთ, უკვე ახალო ნაერთი წარმოიქმნება.

აი, მაკარონის სალათა კი ნარევების ნარევი გამოდის, რადგან მაგ. მაიონეზი და მდოგვი, თავად წარმოადგენენ ნარევებს. ე.ი. სამი ტიპის ნარევი შეიძლება გამოვყოთ ამ სალათაში – ხსნარი, კოლოიდი და სუსპენზია. სუსპენზიის მაგალითად მდოგვი მოვიყვანოთ, რადგან ძირითად ფაზაში შეინიშნება მსხვილი შემადგენელი ნაწილაკები – მდოგვის მარცვლები, წიწაკა, სანელებლები, ძმარი და წყალი. ხსნარის შემადგენელი ნაწილაკები მცირე ზომისაა და ფაქტობრივად შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. მაგ. ძმარი არის ხსნარი, სადაც ძმარმჟავას მოლეკულები შერეულია წყლის მოლეკულებთან. მოლეკულების თვისება არ არის შეცვლილი, უბრალოდ ერთიანად არიან ერთმანეთში გადანაწილებულნი. მარილის წყალხსნარი, ასევე ჭეშმარიტი ხსნარის მაგალითია. კოლოიდები ხსნარებსა და სუსპენზიას შორის შუალედურ ადგილზეა. მაიონეზს დავამზადებთ, თუ ავიღებთ ზეთს, წყალს (და ესენი ერთმანეთს ვერ შეერევიან), თუმცა ემულგატორის მეშვეობით მათი გაერთიანება შეიძლება. მაიონეზის შემთხვევაში ეს ლეციტინია, რომელსაც კვერცხი შეიცავს. ათქვეფილი ნაღები, თმის ლაქი, ქაფპლასტი, ჟელე ასევე კოლოიდები არიან. ახლა, თუ სალათაში შემავალ ბოსტნეულს ჩავშლით ნაწილებად, უამრავი ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება გამოგვივა, რომლებსაც ამ კერძში თავისი პირვანდელი თვისება და შედგენილობა აქვთ შენარჩუნებული. მაგ. აქ იქნება რთული ნახშირწყლები, ცილა ფერმენტები, ვიტამინები და წყალი.

ქიმიურად უკვე ეს ნივთიერებები ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში განაგრძობენ გარდაქმნას.

და… თუ თქვენ მეტყვით, რომ ასეთი სალათა მაიონეზის გამო არაჯანსაღია ან კიდევ შეიძლებოდა სხვა ინგრედიენტების დამატება….

მე გიპასუხებთ:

„Noli turbare circulos meos“, რაც ნიშნავს, ხელი არ ახლო ქვიშაზე ჩემს წრეებს.

ოღონდ, არქიმედესავით არ მომკლათ, თქვენი ჭირიმე…

როგორ შევაფასოთ ზეპირმეტყველება ანუ „Speaking“, როგორც ეფექტური შემაჯამებელი ინსტრუმენტი

0

ცოდნის შეჯამება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას, გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. ამ პროცესის დახვეწა – შეფასების სისტემის ვერიფიკაცია-ვალიდაციის ნაწილია. ის ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელი დავალების კომპონენტს მნიშვნელოვანი წილი მიანიჭეს.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ უცხო ენის საგნობრივი ჯგუფისათვის მეტად აქტუალურ თემას, რომელიც ეხება ზეპირმეტყველების (Speaking-ის) კომპეტენციის შეფასებას მოსწავლეთა მრავალრიცხოვან ჯგუფებში. პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მიმოვიხილავთ, განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, სსიპ 30-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კათედრაზე, მასწავლებლისა და კათედრის ხელმძღვანელის – სალომე ორმოცაძის მიერ და წარმოადგენს კარგ ნიმუშს სკოლაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების, მასზე ეფექტურად რეაგირების, ინტერვენციების დაგეგმვისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ის წარმოადგენს სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ფოკუსირებული თვითშეფასების ფარგლებში შეფასების სანდოობისა და ვალიდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული მასშტაბური კვლევების ნაწილს. ასევე უკვე წარმატებული პრაქტიკა შეიძლება მაგალითის მიმცემი გახდეს სხვა ანალოგიური საჭიროების მქონე სკოლისთვის.

ზოგადი პრობლემის მიმოხილვამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხო ენაში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ზეპირმეტყველების კომპეტენციის მნიშვნელობა ენის შესწავლაში დიდია. ის წარმოადგენს კომუნიკაციის უმთავრეს მექანიზმს და მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას გრამატიკისა და ლექსიკის მიმართულებით, არამედ წარმოთქმას, ინტონაციას, ტემპს, რეაქციას საუბრისას და სხვ. მაგალითად, British Council-ის კვლევების მიხედვით ინგლისისა და შოტლანდიის ზოგიერთ სკოლაში უცხო ენას ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ენის საკმარისი ცოდნა ან გავლილი არ აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ასევე ბევრ მასწავლებელს არ აქვს სათანადო მეტყველების უნარები, რაც ამცირებს მათ თავდაჯერებულობას და აფერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. შესაბამისად, ამ პირობებში მასწავლებლები ხშირად გადადიან გრამატიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელზე, რაც ზღუდავს მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ზეპირმეტყველების კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო ენის სწავლებისას პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბარიერები, რომლებიც უკავშირდება ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს (ენის შფოთვა და ნაკლები თავდაჯერება), ლინგვისტურ სირთულეებს (ლექსიკის სიმცირე და გრამატიკული სისუსტე), პრობლემებს გამოთქმასა და ინტონაციასთან დაკავშირებით და პრაქტიკის ნაკლებობას. პრაქტიკის ნაკლებობა მაინც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოიყოს, რადგან ის წარმოადგენს გასაღებს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებთან და ლინგვისტურ სირთულეებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად მიმართავენ დიალოგების, დებატებისა და სხვა ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს აიძულებს აზრი ჩამოაყალიბონ უცხო ენაზე.

მსგავსი საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს მასწავლებლებმა სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს. ამას ამყარებდა სადირექტორო და დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები და მშობელთა უკუკავშირი. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა ინგლისურ ენაში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა, სხვადასხვა თემაზე აზრის ჩამოყალიბება და სწორი გამოთქმის/ინტონაციის გამოყენება. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა კვლევა მოსწავლეებში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შემაჯამებელი დავალების ნაწილში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას, რადგან სკოლა შეფასების მეორე მოდელის მიხედვით მუშაობს.

კვლევაში პრობლემის შესწავლისას გამოყენებულ იქნა გამოკითხვა მოსწავლეებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შემაჯამებელი დავალების დროს ზეპირმეტყველების კომპეტნეციის შეფასება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მრავალრიცხოვანი მოსწავლეების პირობებში ერთი მასწავლებელი ერთ საგაკვეთილო დროში ვერ ახერხებდა მსგავსი ტიპის შემაჯამებლის ეფექტურად წარმართვას. გარდა ამისა, მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან შემაჯამებელზე ზეპირი კომუნიკაცია შეფასების სანდოობასაც აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ყველა ზემოაღნიშნული რისკის დაზღვევის მიზნით, სკოლამ დაგეგმა ინტერვენცია, რაც გულისხმობდა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების პრინციპით – სკოლამ შეიძინა გარკვეული რაოდენობის ყურსასმენი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეს შეეძლო მოესმინა შეკითხვა, ჩაეწერა პასუხი და აეტვირთა შესაბამის პლატფორმაზე.

ინვენტარის შეძენის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგმა, სალომე ორმოცაძემ დაიწყო შესაბამისი პლატფორმის მოძიება. განხილულ იქნა სხვადასხვა ვარიანტი, ისეთები, როგორებიცაა: Sanako Lab 100 პროფესიონალი და მრავალმხრივი ფუნქციონალით, Robotel Smart Class, Flipgrid და სხვა. მთავარ მოთხოვნას, რომ ეს პლატფორმები ყოფილიყო საკლასო სივრცეში კომფორტულად გამოსაყენებელი, ყველა ვერ აკმაყოფილებდა. ზოგი მათგანი იყო ნაკლებად ავტომატიზებული და უფრო მეტად ხელით მუშაობას საჭიროებდა. საბოლოოდ შეირჩა ონლაინპლატფორმა – Vocaroo, რომელსაც აქვს ფუნქცია, ჩაიწეროს მოსაუბრის ხმა, მოახდინოს მისი გაზიარება ლინკით და ჩამოიტვირთოს ჩანაწერი. აღნიშნული პროგრამა ჩაშენდა Google forms-ში. ამავე form-ში ჩაშენდა აუდიოფაილის ლინკი, რომელიც ატვირთული იყო დრაივზე. ასეთი ფორმით წარმოდგენილი დავალება ტექნიკურად მოსახერხებელი იყო, როგორც მოსწავლის იდენტიფიცირებისათვის, ისე აუდიოფაილებთან წვდომისათვის.

სამიზნე ჯგუფად შეირჩა მე-9 კლასი, რომელზეც მომდინარეობდა კვლევა. კლასი წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა განსხვავებული ენობრივი კომპეტენციებით. მასწავლებელმა კარგად მოამზადა კლასი, მისცა რა მათ დეტალური ინსტრუქცია, როგორ გამოეყენებინათ რესურსი.

პლატფორმის მომზადების შემდეგ პედაგოგმა შეარჩია ტესტის შინაარსი, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ცოდნის ჯამურად შეფასება მე-4 თემატური ერთეულის (Unit) ფარგლებში. შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ე.ს.გ.-ის მოთხოვნები და თემატიკა, განსაზღვრული კონკრეტული კლასის საგნობრივი სტანდარტით. ტესტის ამოცანები მომზადდა ისე, რომ მოსწავლეს არ სჭირდებოდა მხოლოდ ტექსტიდან მექანიკურად გადმოტანილი ცოდნა. კითხვები დაეფუძნა ცნებებს (concept-based learning), რაც ითვალისწინებდა შესწავლილი თემის ღრმა გაგებას და არა ზედაპირულ რეპროდუქციას. ასევე შემუშავდა შეფასების რუბრიკა უშუალოდ ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებისათვის.

უშუალოდ შემაჯამებლის პროცესი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: მოსწავლეს პირადი ინფორმაცია შეჰქონდა Google Forms-ში, კითხულობდა ჩაშენებულ ფაილს, ისმენდა მოსასმენ მასალას და გადადიოდა Vocaroo-ს პლატფორმაზე. შემდგომ ამისა, წერდა კონკრეტული კითხვის პასუხს აუდიოფაილად (საუბრობდა კონკრეტული შეკითხვის პასუხზე), აკოპირებდა კითხვის ლინკს და ავსებდა ისევ Google Forms-ის შესაბამის ველში. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, მას სჭირდება მაუსის მხოლოდ სამჯერ დაწკაპუნება ფაილის მოსმენის შემდეგ – პროგრამის გახსნა, პასუხის ლინკის დაკოპირება და Google Forms-ში ჩასმა.

ინტერვენციის შემდეგ გაანალიზდა მიღებული შედეგები. მსგავსი მეთოდით ზეპირმეტყველების კომპეტენციის შემოწმებას ტრადიციულისგან განსხვავებით დიდი უპირატესობა აქვს დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით – ერთ გაკვეთილზე შესაძლებელია თუნდაც 100 მოსწავლის ჩაწერა. მასწავლებელს კი საშუალება აქვს მოუსმინოს ჩანაწერს ნებისმიერ დროს. ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი მასწავლებლის მხრიდან შეფასებაში ჩარევის რისკი (მაგ. წახმარება, სიტყვის შეხსენება და ა.შ.). მოსწავლეს შეუძლია მოუსმინოს საკუთარ ჩანაწერს და გამოიყენოს თვითშეფასებისათვის – გააუმჯობესოს შედეგები და იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ლინგვისტურ ხარისხზე. რისკების ნაწილში იდენტიფიცირდა შებოჭილობა, ტექნიკური პრობლემები და ინტერაქციის ნაკლებობა რეალურ გარემოში. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყველა შემაჯამებელი ვერ ჩატარდება მსგავსი მეთოდით, თუმცა ზეპირმეტყველების უნარის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი ცალსახაა.

მომავალი წლისთვის სკოლა გეგმავს პლატფორმის გამარტივების მიმართულებით მეტ მუშაობას და სავარჯიშო ჩანაწერების ეტაპის დამატებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მოტივაცია, რაც არამხოლოდ თეორიულ მხარდაჭერაში, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებშიც გამოიხატა (პლატფორმის მოძიება და შერჩევა). რაც შეეხება მოსწავლეთა უკუკავშირს, სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი შეფასებებიდან:

„ჩემი აზრით, სახალისო იყო, ძალიან კარგი საშუალება იყო ინგლისურის საუბრის დონის გასაზრდელად. ყურსასმენების პრობლემა არ მქონია, არ ისმოდა გარედან ხმა, მხოლოდ მცირე ბუტბუტი“;

„მე მომეწონა პროცესი. სასიამოვნო იყო რაღაც ახლის გამოცდა. ჩემთვის ეს უკეთესი იყო, ვიდრე მხოლოდ რაღაც ტესტის წერა. უფრო კარგად შეუძლია მასწავლებელს, გაიგოს ბავშვის ცოდნა, რადგან აქ გადაწერა და რამე ეგეთი რაღაც არ შეგიძლია“;

„ჩემი აზრით, უცხო ენაში ყველაზე მთავარი ბარიერი საუბარია. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი აქტივობა იყო. ცოტა ტექნიკური პრობლემები იყო, მაგრამ რადგან პირველია და სატესტო, მომავალში გამოსწორდება“.

შენიშვნა: ფოტოს გამოქვეყნების სტანდარტი დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

„ეს მე ვარ“, ანუ ნამდვილისა და ყალბის გარჩევის უნარი ციფრულ ეპოქაში

0

ერთ ზღაპარში პერსონაჟი თავის დაკარგულ დას ეძებს. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის და მიაგნებს კოშკს, სადაც მისი და ჰყავს ავსულს გამოკეტილი. ანტაგონისტი უამრავ ურთულეს დავალებას აძლევს, ოღონდ კი ტყვე არ გაათავისუფლოს. მთავარი გმირი ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ჯადოქარი მას ოთახში შეიყვანს, სადაც და დახვდება, მაგრამ ეს ბოლო ამოცანა ყველაზე რთული აღმოჩნდება: დასთან ერთად ოთახში უამრავი გოგონაა, მასავით ჩაცმული და მისი მსგავსი. ბიჭს უწევს, ამ უამრავი ერთნაირიდან თავისი და ამოარჩიოს, სხვაგვარად მარცხისთვის არის განწირული. აქ იწყება ამბავი: ყველა ერთნაირად იქცევა, ერთი მიატრიალებს თავს – დანარჩენებიც მიტრიალდებიან, ერთი გაიხედავს – სხვებიც მას ბაძავენ… პროტაგონისტი საგონებელშია. მაგრამ, აი, ხდება რაღაც განსხვავებული, ბიჭი ამჩნევს, რომ ყველანი ჰაერში ასოების მოხაზვას იწყებენ, მაგრამ მხოლოდ ერთი წერს: „ეს მე ვარ“. დანარჩენები უბრალოდ იმეორებენ მის ქცევას და გაურკვევლად, უმისამართოდ ამოძრავებენ ხელებს. ეს გახდება გამარჯვების მომტანი – ყმაწვილი ათას ერთნაირ არსებაში ამოიცნობს დას და ბოროტის კლანჭებიდან დაიხსნის, ყალბისა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი დაეხმარება, სიკვდილს გადაარჩინოს ყველაზე ძვირფასი.

ასეა ჩვენს სინამდვილეშიც – ხშირად გვიწევს ცრუსა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევა, რაც უმეტესად სულაც არ არის ადვილი.

ეს ზღაპარი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ჩვენს დროში – ინფორმაციის ეპოქაში, როცა ყალბთა შორის ჭეშმარიტის ამორჩევა ხშირად გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

დღეს, როცა ყველა ადამიანს (და არა მხოლოდ ადამიანს – ხელოვნურ ინტელექტსაც) შეუძლია ინფორმაციის გავრცელება, ყოველდღიურად ვაწყდებით ზღაპარში აღწერილი სცენის ციფრულ ანარეკლს. სოციალური ქსელები, ახალი ამბების ვებგვერდები, ვიდეოპლატფორმები – ყველა ივსება ერთნაირი შინაარსით, იმეორებს ერთმანეთს ვიზუალურადაც, ტექსტითაც და აზრობრივადაც.

პრობლემა ის არის, რომ ამ ნაკადში ჭეშმარიტი ინფორმაცია (ზღაპრისეული ნამდვილი და) ადვილად შეიძლება ჩაიკარგოს იმიტაციებს შორის, რომლებიც ან განზრახ გვატყუებს, ან, უბრალოდ – გაუაზრებლად იმეორებს.

დეზინფორმაცია და მითები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიზუალურად და ემოციურად „დამაჯერებლადაა“  შეფუთული, ხშირად იმარჯვებს. სოციალური მედიის ალგორითმები უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც მარტივად ვრცელდება, რაც ძლიერ ემოციებს აღძრავს. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ჭეშმარიტება.

ზღაპრის მსგავსად, ყველაფერი „ერთნაირი“, არცთუ იშვიათად, ცარიელი იმიტაციაა. მხოლოდ დაკვირვება, განსჯა და კითხვების დასმა შეიძლება დაგვეხმაროს ნამდვილის ამოცნობაში.

და მაინც, როგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“?

ზღაპრის გმირის გამარჯვება ეფუძნება არა ჯადოქრობას, არამედ ყურადღებას: მან დაკვირვებულობის წყალობით შეამჩნია ის, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა: მხოლოდ ერთი არსება არ იმეორებდა ქმედებას მექანიკურად, არამედ ქმნიდა აზრს – „ეს მე ვარ“.

ასევეა რეალურ ცხოვრებაშიც. საწუხაროდ, ამ პრობლემას ხშირად ვხვდებით ჩვენს მოსწავლეებთანაც, რომლებსაც, გამოუცდელობის გამო, უფრო მეტად უჭირთ სიყალბესთან გამკლავება.

დღეს, ციფრულ ეპოქაში, ჩვენც ვდგავართ ოთახში, რომელიც სავსეა ასობით „ინფორმაციული ტყუპისცალით“. ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს: ათეულობით სტატია ერთ თემაზე; ფოტოები, რომლებიც განსხვავებულ კონტექსტში მეორდება; ვიდეოები, რომლებიც ემოციებს აღძრავს, მაგრამ არასწორად წარმოგვიდგენს სინამდვილეს…

ამ ყველაფერში რთულია ნამდვილის ამორჩევა. ყველა იმეორებს, ეს მე ვარო, მაგრამ მხოლოდ ერთი ქმნის აზრს, ატარებს შინაარსს. ისევე, როგორც ზღაპარში, ყალბისა და ნამდვილის გარჩევის უნარი გადამწყვეტია გადარჩენისთვის.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ „ოთახში“ სწორად ორიენტირებაში?

ვასწავლოთ დაკვირვება სიღრმისეულზე და არა მხოლოდ ფორმაზე: ვასწავლოთ, რომ ინფორმაციის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა ის, როგორ გამოიყურება, არამედ რას ამბობს და რატომ ამბობს.

გავიხსენოთ: ზღაპარში ყველა გოგონა იმეორებს მოძრაობას, მაგრამ მხოლოდ ერთი ქმნის შინაარსს – წერს: „ეს მე ვარ“.

ვასწავლოთ მუშაობა წყაროზე – ვინ ჰყვება ამბავს? ვასწავლოთ მოსწავლეებს, დაასრულონ კითხვა: „საიდან მოდის ეს ინფორმაცია და რატომ მითხრეს ეს?“

გავიხსენოთ: ზღაპარში ყველა გოგონა ერთნაირი ჩანს, მაგრამ ნამდვილობის მოწმობა მხოლოდ ერთს აქვს – მისი მოქმედება არა მექანიკური, არამედ შეგნებული, გააზრებულია.

ვასწავლოთ ფაქტების გადამოწმება – სოციალურ მედიაში გავრცელებული ამბების გადამოწმება მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა იქცეს ჩვეულ პრაქტიკად.

გავიხსენოთ: ზღაპარში ყმაწვილი არ შეაცდინა მასობრივმა ქცევამ, დაკვირვებით გაარჩია ნამდვილი იმიტაციისგან.

ვასწავლოთ ემოციური გავლენის შეფასება – სტატიის ან პოსტის შეფასებისას ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა: რატომ მემართება ასე? ცდილობს თუ არა ინფორმაცია, ჩემზე ემოციურად იმოქმედოს და არა მცოდნე ადამიანად მაქციოს?

გავიხსენოთ: ზღაპარში მხოლოდ ერთი გოგონა გადმოსცემს მესიჯს, დანარჩენები ცდილობენ, ცრუ რეაქციებით მიიზიდონ ბიჭი.

ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული კითხვების დასმა ინფორმაციის შესამოწმებლად: ვინ ავრცელებს ინფორმაციას? (წყაროს შეფასება) არსებობს თუ არა მტკიცებულება? (შინაარსის ღირებულება). ემოციურ გავლენას ახდენს წაკითხული? (მანიპულაციის გამოვლენა) შეგვიძლია თუ არა გადამოწმება? (ფაქტების დადასტურება) როგორ ემსგავსება ეს ინფორმაცია სხვა წყაროებს? (შედარებითი ანალიზი)

ზღაპრის გმირი მხოლოდ ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვით არ აღწევს მიზანს – ის სიღრმისეული დაკვირვებით, კრიტიკული ანალიზით, აზრის წაკითხვით იპოვის ძვირფასს და გაიმარჯვებს.

იგივე გვმართებს დღესაც – ბავშვსაც, ზრდასრულსაც, მასწავლებელსაც.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ დააკვირდნენ და ამოიცნონ, როცა ყველა ამბობს: „ეს მე ვარ“.

შეგნებული კითხვა, დამოუკიდებელი ფიქრი და ფაქტების გამორჩევა არის ის გზა, რომელიც არა მარტო ინტერნეტში, არამედ ცხოვრებაში გვეხმარება „ნამდვილისა“ და „ყალბის“ გარჩევაში.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ასეულობით „ინფორმაციული ხმა“ ერთდროულად გვეძახის, ჭეშმარიტების ამოცნობა ხშირად ზღაპრულ გმირად გვაქცევს. ჩვენ, ამ პატარა ბიჭივით, ვდგავართ ოთახში, სადაც ყველას ერთი სახე აქვს, ყველა ერთნაირად იქცევა, ყველა ამბობს: „მე ვარ“. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ქმნის აზრს, ამჟღავნებს თავს და იმსახურებს ნდობას.

ჩვენი – მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების – მისიაა, ვასწავლოთ მომავალ თაობას იმის დანახვა, რაც ზედაპირზე არ ტივტივებს. ვასწავლოთ მათ, რომ კრიტიკული აზროვნება თავისუფლების გზაა.

იმისთვის, რომ ბავშვმა ამოიცნოს, ვინ ამბობს: „ეს მე ვარ“, – უნდა შეეძლოს კითხვა, დაკვირვება, გაჩერება და ფიქრი.

მთავარი გმირივით, ჩვენც უნდა ვისწავლოთ ყალბისა და ნამდვილის გარჩევა. როცა ყველა ამბობს: „მე ვარ“, მხოლოდ დაკვირვებულ გონებას შეუძლია, ამოიცნოს ის ერთი, ვინც აზრს წერს ჰაერში. და თუ ამას ბავშვებსაც ვასწავლით, ისინი არ დაიკარგებიან ინფორმაციის ზღაპრულ, მაგრამ ხშირად დამაბნეველ ლაბირინთში – მათ ეცოდინებათ, როგორ იპოვონ ჭეშმარიტება მაშინაც კი, როცა ის ყველაზე ჩუმად ხმიანობს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...