სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

დამანგრეველი თუ გამაძლიერებელი? – როგორ გარემოს ვქმნით ბავშვებისთვის

0

ჩემს წლინახევრის შვილს აქტიურად ვასეირნებ ეზოში, პარკებსა თუ სკვერებში, რადგან გარემო მისთვის განტვირთვის, ენერგიის დახარჯვისა და აქტიური შემეცნების სივრცეა. ირგვლივ მყოფებთანაც მეგობრულ კავშირში ვართ, ვურთიერთობთ ადამიანებთან, ვესაუბრებით ბავშვებს, გვესაუბრებიან თავადაც. ვეთამაშებით და ვცდილობთ, დრო საინტერესოდ გავატაროთ. მოქმედება საქანელასთან ხდება: პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს, მაშოსაც იქ უნდა, მივდივართ და ველოდებით, როდის დადგება ჩვენი რიგი.

 

დიალოგი ძალიან ბუნებრივად იწყება:

მე: რა კარგად ქანაობ, ყოჩაღ!

ის: ფეხებს მაგრად ვამოძრავებ.

მე: შენ ალბათ უკვე ბაღშიც დადიხარ.

ის: ბაღში დავდივარ და საჭმელს ცუდად ვჭამ.

მე: რა კარგად ლაპარაკობ, ალბათ მალე სკოლაშიც წახვალ.

ის: არა, ვერ ვლაპარაკობ კარგად, ბებიამ თქვა, ჩლიფინებო…

უცებ ყველა ის სიტყვა მახსენდება, რომლის მოსმენა ბავშვობაში ძალიან მტკივნეული იყო და უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა. ეს სიტყვები მაეჭვებდა საკუთარ თავში და მაიძულებდა არ ვყოფილიყავი ძლიერი და გაბედული.

პატარა, ძალიან საყვარელი ბიჭი შეცდომაში იყო შეყვანილი… სიმართლე ის გახლდათ, რომ გადასარევად ლაპარაკობდა, ძალიან მეგობრული იყო, ხოლო ბაღის საჭმელი მეც დღემდე საშინლად მახსენდება და მთელი ბავშვობა მეც „ცუდი მჭამელი“ ვიყავი.

„ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია”, „ნახე, სხვა ბავშვები, რა ჭკვიანად იქცევიან, შენ კი როგორ იქცევი?!”, „რატომ არ შეგიძლია ნორმალური იყო?!”, „ყოველთვის შეცდომებს უშვებ, ყოველთვის საშინლად აკეთებ ყველაფერს”, „ნახე, როგორ კარგად სწავლობს სალომე, შენ კიდე ზარმაცი ხარ და სწავლა გეზარება”, „რამდენს კითხულობს ლუკა, რა კარგი ბიჭია, ლუკა ყველაფერს მიაღწევს, შენ კი დარჩები მაჩანჩალა,”, „ზარმაცი ხარ, უდისციპლინო, თუ ასე გააგრძელებ, ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში”, და ა.შ. და ა.შ.

დამანგრეველი ფრაზები კედლებზე გაკრული პოსტერებივით არის, თვალსაჩინოდ წარმოდგენილი, სულ თვალში გხვდება, თვალში გეჩხირება, აღარ გავიწყდება. მათ უდიდესი ზემოქმედების ძალა აქვთ. დარწმუნებული ვარ, ამ მავნე, ეკლიან და ჩხვლეტია სიტყვებს არცერთი მშობელი განგებ, ბოროტად და მიზანმიმართულად არ ეუბნება საკუთარ შვილს. ეუბნება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ იქნებ გამოაფხიზლოს, იქნებ უკეთესი შედეგი და გავლენა მოახდინოს, იქნებ ჯადოსნური ეფექტი აქვს ამ მავნე სიტყვებს და როდესაც სიტყვები ბავშვების მისამართით გაფრინდებიან, ბავშვები მომენტალურად ისეთები გახდებიან, როგორიც მათ სურთ იყონ – ჭკვიანები, მოწესრიგებულები, დინჯები, ყოჩაღები, კარგი მოსწავლეები, დისციპლინირებული და უბრალოდ „საუკეთესოები”.

მაგრამ, ასე ნამდვილად არ ხდება, ეს ყველას გამოგვიცდია. პირიქით ხდება, სიტყვები ხორცს ისხამენ, ცოცხლდებიან, (შეძახილმა ხე გაახმოო, ხომ გახსოვთ?!) ჩვენზე უფრო ძლიერები ხდებიან და მთელი ცხოვრება აჩრდილივით კუდში დაგვდევენ და გვაეჭვებენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. ზოგჯერ ისეც ხდება, ამ მავნე აჩრდილებთან თანაცხოვრებასაც ვსწავლობთ, ზოგჯერ კი, მის სიძლიერეში ეჭვი შეგვაქვს, ბრძოლას ვუცხადებთ, ვამარცხებთ და მაინც ყოველთვის გვახსოვს, როგორც ძალიან ცუდი მოგონება.

გარემოში, სადაც ბავშვისთვის ნაფიქრი, სიყვარულით სავსე, თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებაა, ბავშვი გაბედულად მიიკვლევს გზას, თავდაჯერებულია. მან იცის, რომ რასაც აკეთებს, ეს ყველაფერი კარგია, მოუწონებენ, დაუფასებენ, შეაქებენ; მეორე გარემოში, სადაც ბავშვს ხშირად კიცხავენ, სუსტ მხარეებზე მიუთითებენ გაძლიერების და მასზე მუშაობის ნაცვლად, აქ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, მას არასრულფასოვნების განცდა აქვს. სჯერა, რომ არაა საკმარისი იმდენად, რომ თავი მოაწონოს მის საყვარელ ადამიანებს. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი, მომავალში ან აგრესიულად ეცდება, იყოს მოსაწონი სხვებისთვის, ან ვერ გარისკავს, ვერ გადადგამს გაბედულ ნაბიჯებს, ვერ გამოიჩენს სითამამეს, ვერ აიღებს პასუხისმგებლობებს და ვერ იცხოვრებს სრულფასოვანი ცხოვრებით.

უფროსების მიერ ნათქვამ სიტყვებს შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი და გამაძლიერებელი ეფექტიც ბავშვზე. არსებობს ორი მხარე, სადაც ბავშვის პიროვნება იფურჩქნება და მეორე მხარე, სადაც ბავშვის პიროვნება სუსტდება. გააჩნია, ჩვენ რომელ მხარეს ავირჩევთ, სად დავდგებით მისი პიროვნებად აღზრდის პროცესში.

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ბევრი პატარა პირველად შეაღებს საკლასო ოთახის კარს, ზოგი გაბედული იქნება, ზოგიც მორიდებული, პატარა მშფოთვარე გულებით და დიდი მოლოდინებით სავსეები შემოაბიჯებენ სკოლის კედლებში. მასწავლებელს ყველაზე მეტად შეუძლია, დაარწმუნოს ისინი საკუთარ ძალებში, ნიჭებსა თუ შესაძლებლობებში, გაუღვივოს სწავლის და შემეცნების სურვილი და ინტერესი და მართლაც, უფრო მეტი წარმატებებისკენ გაუკვალოს გზა.

დაუმთავრებელი ტექსტების სევდა

0

ჩემი ცხოვრების მთავარი ეტაპისთვის ვემზადები. მაგიდა გადმოვალაგე და აიოვაში დაწყებული და ვერაფრით დამთავრებული რომანის პირველი 100 გვერდი ვიპოვე ამობეჭდილი, კიდევ – აიოვაშივე ნაყიდი დიდი რვეული ჩანაწერებისთვის (ეს რომანიც წინასწარ კვლევას მოითხოვდა) და ამობეჭდილი მასალები. რვეული კი მახსოვდა, დამჭირდა და მაგიდაც მის მოსაძებნად გავჩხრიკე, მაგრამ ის იყო, უნდა ამეღო, რომ გულში უსიამოვნოდ გამკრა რაღაცამ. აი, მტკივნეული მოგონება რომ გაგმსჭვალავს უცებ, ისე – დაუმთავრებელ ტექსტთან მიბრუნება არ მინდოდა.

მაინც ავიღე, გადავათვალიერე. ამობეჭდილ მასალებსაც ჩავხედე. გული მომეწურა – რატომ არ დავასრულე?

იმიტომ, რომ იქაურმა (ამერიკულმა) გამოცდილებამ სრულიად სხვა ფიქრები გამიჩინა და რომანის თემა ჩემთვის ნაკლებად აქტუალური გახდა. კიდევ იმიტომ, რომ მაშინ ერთი არასწორი ადამიანი შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სასიცოცხლო ძალას მაცლიდა. მაგრამ ამ ორი მიზეზიდან არც მამართლებს რომელიმე და არც ნუგეშს მგვრის.

ტექსტები შუა გზაზე ადრეც მიმიტოვებია: მოთხრობებიც, რომანის ჩანასახიც. ეგაა, რომ ასე შუამდე მისული და თან ამხელა არცერთი არ ყოფილა. არცერთი არ დაწერილა რეზიდენციაში, არცერთის გამოქვეყნება-გამოცემის ამბიცია თუ მიზანი არ მქონია. როცა შესაძლებლობები, მკითხველი და გამომცემელი ჩნდება, პასუხისმგებლობაც იმატებს. ეს ამძაფრებს გამოუსვლელი საქმის ტკივილსაც. ალბათ, ეგაა ჩემი გულის წყვეტის მიზეზიც. ამ შუა გზაზე მიტოვებული ტექსტის დანახვა მართლა ისეთივე უსიამოვნო იყო, როგორც რაიმე ტრავმული მოგონების გაცოცხლება, წარსულიდან ხელახლა გამოხმობა.

ისიც კი გამეფიქრა, ხომ არ მივუბრუნდე-მეთქი. მით უმეტეს, რომ ტექსტის ცალკეული მონაკვეთები თურმე გამისწორებია. მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი – ჯერ ერთი, ახლა სხვა სამუშაო მაქვს და მეორეც, ტექსტს ყურადღებით რომ გავადევნე თვალი, მივხვდი, ოდნავადაც ვერ გადმოსცემდა იმას, რის გადმოცემაც მინდოდა (მახსოვს, რაც მქონდა განზრახული, კი).

ამის მიუხედავად, სადღაც, გულის კუნჭულში, ვინახავ მის თემას – ეგებ ოდესმე კიდეც დავწერო, ჯიუტად, მაინც დავწერო ტექსტი, ამ ქვეყანაზე მოვლინება რომ არ ინება.

როგორ ვასწავლოთ სიტყვები “ვეფხისტყაოსნიდან“

0

ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა რთული პროცესია, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ყოველი ტექსტის მოშინაურებაა შესაძლებელი. რამდენიმე ასეული წლის წინანდელი ლექსიკა დღეს გაუგებარია. ძველი, დავიწყებული სიტყვები მხოლოდ კონკრეტულ ტექსტში ცოცხლობენ და მათი შესწავლისთვის მიზანმიმართული აქტივობების მოფიქრება პირველი ნაბიჯია გაგება-გააზრების ეტაპზე გადასასვლელად.

სტატიაში წარმოგიდგენთ სიტყვის ბარათებს, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის შესასწავლად დავამზადე.

 

ბარათების აღწერა

ერთ მართკუთხა ბარათზე დავწერე ერთი სიტყვა და სტრიქონი, საიდანაც ეს სიტყვა შევარჩიე, სტროფის ნომერიც იქვე მივუთითე, ხოლო მეორეზე – პირველ ბარათზე გამოტანილი სიტყვის თანამედროვე სალიტერატურო ენით განმარტებული მნიშვნელობა.

 

როგორ ვიყენებთ

ბარათების დამზადების პროცესში ბევრს ვფიქრობდი იმის შესახებ, როგორ გამომეყენებინა ბარათები ისე, რომ მეათე კლასის თითოელი მოსწავლე დაინტერესებულიყო და ხალისით ჩაბმულიყო პროცესში. ასეთი რამ მოვიფიქრე:

* სიტყვები ოთხ ჯგუფს გავუნაწილე. თითოეულს შეხვდა 22 ბარათი (11 – სიტყვა და სტრიქონი, 11 – სიტყვის განმარტება).

* გაკვეთილი დავიწყე საშინაო დავალების ინსტრუქციის გაცნობით და ბავშვებისთვის მოფიქრებული ინსტრუქციის მიხედვით დაწერილი თემის წაკითხვით.

* მოსწავლეებს ვუთხარი, რომ გაკვეთილის ბოლოს უნდა შეერჩიათ თითო სიტყვა, რომლის მიხედვითაც თავისუფალ თემას დაწერდნენ.

* შემდეგ დავურიგე ბარათები სიტყვითა და სტრიქონით. თითოეულ მოასწავლეს უნდა ამოეწერა რვეულში სიტყვა და განმარტება მოეფიქრებინა. თუ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, სტრიქონის წაკითხვა კონტექსტის გააზრებაში დაეხმარებოდა.

* მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა კუთვნილ სიტყვებს განმარტებები მიუწერეს, დავურიგე ბარათები განმარტებებით და ამჯერად ბარათების დაწყვილება დავავალე.

* ბოლოს ბარათებზე დატანილი სიტყვების მიხედვით პროგრამა kahoot-ში აკინძული ვიქტორინა შევთავაზე. კლასი წინასწარ გავაფრთხილე, რომ პროგრამა გადმოეწერათ. ამჯერად თითოეული მოსწავლე გაამთლიანებდა გაკვეთილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიღებულ ცოდნას.

* დავამზადე პოსტერი, რომელზეც დავწერე ბარათებზე გამოტანილი სიტყვები და მოსწავლეებს ასეთი თამაში შევთავაზე: წყვილი გამოდიოდა დაფასთან, ბუშტის გადაგდებისას ერთი ამბობდა სიტყვას პოსტერიდან, მაგალითად, „კანჯარი“, მეორეს კი განმარტების ამოკითხვა და ხმამაღლა წარმოთქმა უნდა მოესწრო.

40-ზე მეტი სიტყვის ბარათის შესწავლას ორი გაკვეთილი დასჭირდა, მესამე გაკვეთილზე ჯგუფებს კლასის წინაშე  პრეზენტაცია ჩაეტარებინათ და ერთმანეთისთვის გაეცნოთ შესწავლილი სიტყვები, ბოლოს კი მოსწავლეებს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა მოძრაობით გაეცოცხლებინათ, კლასს კი სიტყვა გამოეცნო.

 

გასასვლელ ბილეთებს, როგორც წესი, წერილობითი ფორმა აქვს. ბოლო დროს ამგვარი რამ მოვიფიქრე: ზარის დარეკვის დროს კართან ვდგები და მოსწავლემ კუთვნილი შესვენების გამოყენების უფლების „მოსაპოვებლად“ უნდა მითხრას სამი რამ, რაც გაკვეთილზე დაამახსოვრდა. სიტყვის ბარათებზე მუშაობის შემდეგ ბავშვები საკლასო ოთახიდან გასვლისას მიტოვებდნენ სიტყვებს: გენუკვი, ჩაღანა, ყაბაჩა, ბალახში, მანგი, ჯადვარი… ეს ჩემი შრომისა და ფიქრის ულამაზესი, დაუვიწყარი უკუკავშირი იყო. სიხარულს ვერ ვიტევდი იმის ყურებისას, მეათეკლასელები, რომლებიც უმეტესად უხალისოდ სხედან ხოლმე გაკვეთილზე, სიტყვის ბარათებზე მუშაობაში როგორი ინტერესით იყვნენ ჩაბმულნი. რაც მთავარია, საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვა შევძელი.

 

გიზიარებთ თემას, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენე. პირადი მაგალითი წერის სწავლებისას უმთავრესია. მეორე დღეს მოსწავლემ კლასის წინაშე წაიკითხა თემა სახელად „წინწალი“ და ესეც პირად საჩუქრად მივიღე.

მე შევარჩიე სიტყვა გენუკვი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სიტყვების განმარტებისთვის გამოვიყენე თამაზ ვასაძისეული კომენტარებით გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ (გამომცემლობა „დიოგენე“).

 

თავისუფალი თემა ჩემი დღიურიდან

„მე შევარჩიე სიტყვა გენუკვი, რომელსაც პოემის ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს თინათინი. ავთანდილთან პირისპირ დარჩენილი, უმხელს მას, რომ ავთანდილის მიჯნურობა შეუტყვია და თავადაც უყვარს იგი. ნადირობისა და უცხო მოყმის ნახვას ახსენებს და აღწერს, თუ როგორ დაითრგუნა ამ უცნაური შეხვედრის შემდეგ:

„მას უკანით გონებამან მისან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა“.

შენ გთხოვ მონახვას, თუნდაც ამისთვის მთელი სამყაროს შემოვლა დაგჭირდესო.

სიტყვა გენუკვი თამაზ ვასაძისეულ კომენტარებში ამგვარად არის განმარტებული: გევედრები.

ვედრება – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მთელი არსებით მიენდობა და მის იქით გზა აღარ აქვს.

გენუკვი – ნეტავ რას ფიქრობს ავთანდილი, როცა ეს სიტყვა ესმის საყვარელი ადამიანისგან?

სანუკვარი მახსენდება გენუკვის გაგონებისას.

საინტერესოა ეტიმოლოგია სიტყვისა გენუკვი. სანუკვარი ნიშნავს საოცნებოს, ერთადერთს, უცხოს.

ფაქტია, თინათინმა იცის სწორი სიტყვების საჭირო დროს გამოყენება. ჭკვიანი ქალია. პოემის მამოძრავებელი ძალა. რომ არა თინათინის თხოვნა, პოემაში მოვლენები გაიყინებოდა.

რაც შეეხება ჩემს ცხოვრებაში სიტყვას „გევედრები“, მისი გაგონებისას რატომღაც ჩემი შვილები და მათთან ურთიერთობა მახსენდება. ძლიერი სურვილის დროს ვიყენებთ, როგორც წესი, და წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ ერთმანეთის ძლიერ სურვილებს.

თხოვნა (გთხოვ, გევედრები, გეაჯები, გემუდარები, გენუკვი) ადამიანებს შორის ურთიერთობას ათბობს. თანაგანცდას მოითხოვს მეორე ადამიანის მოსმენა, მის ტყავში შეძვრომა და მოვლენების მისი თვალით დანახვა.

მეც მაქვს თხოვნა თქვენთან, ბავშვებო: გიყვარდეთ ერთმანეთი, საკუთარი თავი, მადლიერებით სავსე გული გქონდეთ, წვრილმანებით გახარება შეგეძლოთ, ინტერესების მრავალფეროვნებაზე იზრუნოთ, გაჯეტებთან გატარებული დრო შეამციროთ და წიგნები იკითხოთ.

შემისრულებთ?“

 

ჩემ მიერ აღწერილი სასწავლო რესურსის უკეთ აღსაქმელად გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს:

 

გამოყენებითი პედაგოგიკა – მხარდაჭერა ბავშვებს ომიანობისა და შფოთის დროს

0

 

ომი, ნგრევა, ქაოსი, ამაფორიაქებელი ამბები ყველა საინფორმაციო არხიდან, სოცქსელებიდან, ტელევიზორიდან – ამ პირობებში ბავშვებს სჭირდებათ მხარდაჭერა, საყრდენი, ფსიქოლოგიური და ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებელი ორიენტირები.

როგორ მოვიქცეთ უფროსები ამ შემაშფოთებელ ხანაში?
როგორ შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხოების განცდა, როგორ დავუჭიროთ მხარი?
რა ჯობია, სრულად ავარიდოთ ყველაფერს, შევუზღუდოთ ინტერნეტი და ინფორმაციულ იზოლაციაში მოვაქციოთ?

რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება დღევანდელ დღეს, როდესაც მათ გაჯეტებთან აქვთ წვდომა?

რაკი რამდენიმე კითხვა სწორედ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისგან მივიღე, ეს კონკრეტული რჩევებიც ამ ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნის სკოლისწინარე და დაწყებითი საფეხურის ბავშვები და საინფორმაციო ლავა:

პედაგოგიკაში გვაქვს უმთავრესი პრინციპი – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. უსაფრთხოება და ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა. ცოდნის დაგროვება და განათლება მხოლოდ ამის უზრუნველყოფის შემდეგ… პედაგოგიკის ეს უნივერსალური წესი მშობლებისთვისაც საგულისხმოა.

პედაგოგიურად გამართლებული მიდგომა ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:

  1. ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით, ამ ასაკში ბავშვებს „არ ეკუთვნით“ იმის გაანალიზება – რაც ხდება, რატომ ხდება? რა გეოპოლიტიკური მიზეზები განაპირობებს მომხდარს? რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს სამყაროში? აბსტრაქტული ანალიზი, ემოციური რეგულაციის მექანიზმები, კრიტიკული მსჯელობის სათანადო დონე ამ ასაკში ჩამოყალიბებული ჯერ არაა, ამიტომ ეს გადამეტებული, დამაზიანებელი ტვირთია მათთვის. მარტივად, მათ არ სჭირდებათ „ფაქტები, სიმართლე და ჭეშმარიტება“, მათ სჭირდებათ სიმშვიდე და სწორი მორალური, ემოციური მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა ჩავუხშოთ ინტერესი ან არ ვუპასუხოთ კითხვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მივაწოდოთ მათ ცნობები ისე, რომ არ გადავამეტოთ. ნუ დაგვავიწყდება ასაკობრივი განვითარების სპეციფიკა (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვევით).
  2. განვითარების ამ ეტაპზე მთავარია, უფროსებმა უზრუნველყონ მშვიდი და უსაფრთხო გარემო, კეთილგანწყობილი, მათი ემოციური მდგომარეობის მიმღები.

 

ახლა აქტუალური ყოველდღიური სიტუაციები და პედაგოგიური მიმართებები:

ფონად ჩართული ტელევიზორი

უნდა მოვაქციოთ თუ არა ბავშვი ინფორმაციულ ვაკუუმში? იზოლირება და სასათბურე პირობები, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, რთული განსახორციელებელია. ბავშვები ამ სამყაროში ცხოვრობენ და წვდომა ინფორმაციასთან, ცნობებთან, ახალ ამბებთან მათ აქვთ და სჭირდებით კიდეც, მაგრამ ჩვენს ოჯახებში ასე გავრცელებული პრაქტიკა – ფონად ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი – დანამდვილებით არის მავნე ხმაური. გამორთეთ ტელევიზორი, იზრუნეთ ბავშვის სმენით ჰიგიენაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავისთვის თამაშობს ან ამავე ოთახში რაიმე სხვა საქმიანობითაა დაკავებული, ტელევიზორის ფონური ხმაური და სიტყვები, რომლებიც იქიდან იბეჭდება მეხსიერებაში, დამაზიანებელი, მავნებელია.

ჩაანაცვლეთ ტელევიზორი რაიმე რიტუალით

მოიფიქრეთ და დანერგეთ რაიმე სასიამოვნო და სახალისო თქვენს ყოველდღიურობაში, რაღაც, რასაც შვილთან/შვილიშვილთან ერთად გააკეთებთ:

  • საბავშვო წიგნების ერთობლივი კითხვა – შესაძლებელია პლედებისგან და ზეწრებისგან კარვის აშენება და იქ ფანრით შეყუჟვა. ნახატებიანი წიგნის თვალიერება. ნახატების გაცოცხლება. სიცილი.
  • ილუსტრაციების მოფიქრება და ხატვა წაკითხულის მიხედვით. ეპიზოდი თავად ბავშვმა შეარჩიოს. ნახატის ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა. ხატავს ის, ვხატავთ ჩვენ. ვაწყობთ გამოფენას. ვხალისობთ.
  • სასაცილო ისტორიების მოფიქრება და ერთმანეთისთვის მოყოლა – „ვსესხულობთ“ პერსონაჟებს საყვარელი წიგნებიდან და ვიგონებთ სასაცილო ამბებს მათი მონაწილეობით. ამბები მარტივია, სახალისო, ალოგიკური. „მივდივართ ერთად და უცბად… ღრუბელი ბობი აფრინდა ცაში. მიფრინავს, მიფრინავს და თან ხელს გვიქნევს. ჰეეეეეი… იძახის. რამსიმაღლე გავიზარდე…“, ვიცინით. ვკისკისებთ.
  • ამოკრებთ ზმნებს წაკითხული მონაკვეთიდან და „გააცოცხლებთ“. გმირი ასკინკილით დახტის? ვხტუნავთ ჩვენც. ვინმე გორაობს? ვგორავთ. მილასლასებს? ვლასლასებთ. მიკუნტრუშობს? ვცდილობთ გავკუნტრუშდეთ.
  • გაფერადება – დღეში 20-25 წუთი დაეთმოს მხოლოდ გაფერადებას. იღებთ ფურცლებს, ხატავთ კონტურებს და იწყებთ გაფერადებას.
  • სეირნობა – ნებისმიერ ამინდში შესაბამისად გამოწყობა და სეირნობა. ნებისმიერ ამინდში. გამონაკლისის გარეშე. 15-20 წუთი – გასვლა, სეირნობა, ამინდზე დაკვირვება. თუ წვიმს, დასველება. თუ მზეა, სითბოსა და მზის სხივების მოლამუნების შეგრძნება კანზე…

და ასე. კითხვა არის ხალისი და კათარსისი.

 

მოსმენა და მიღება

ბავშვებს, გვინდა თუ არა, ესმით ახალი ამბები. ისინი ინტერესდებიან, რა ხდება, რატომ ხდება და რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს მიმდინარე მოვლენებმა მათზე. მათ ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ მოვაქცევთ, მაგრამ, როგორც აღინიშნა, ვერც იმის მოლოდინი გვექნება, რომ ისინი შეძლებენ სწორი მიზეზშედეგობრივი კავშირების გაბმას, გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გარკვევას.

მნიშვნელოვანია არა იზოლირება, არამედ ინფორმაციის დოზირება და მათი თანდასწრებით მათთვის გასაგებად, მინიმალისტურად და მშვიდად გადამუშავება.

უსუსურობის განცდა ისაა, რასაც უნდა ავარიდოთ ბავშვი. აუცილებელია ემოციური გადახურებისგან მისი დაცვა, მაგრამ თუ ემოცია უკვე არის, თუ ბავშვი ამბობს – „მეშინია“, ამ ემოციის მიღება და გათავისებაში დახმარებაა პრიორიტეტი და არა მიჩქმალვა. მაგალითად, „ნუ გეშინია!“ ან უარესი – „არ გრცხვენია, რის გეშინია?“ და მსგავსი „გამხნევება“ უფრო მისი ემოციები გაუფასურებაა. ბავშვს ეშინია, ის გვიზიარებს ემოციას და ელის ჩვენგან მის მიღებას, მხარდაჭერას და არა მიჩქმალვას.

„მესმის. გეშინია. ასეთ დღეებში მეც ზოგჯერ ვგრძნობ ხოლმე შიშს ან შფოთს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გავუმკლავდები. მოდი, ახლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გრძნობას, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს“.

აქაც ბევრი რამის მოფიქრება შეგვიძლია – მაგალითად, ჩვენ სახლში გვაქვს „მოგონებების ყუთი“, რომელშიც ანოს და ბუბას (ჩემი შვილების) ბავშვობის ნახატები, მათი მისალოცი ბარათები, ფერადი კენჭები, ნივთები, წვრილმანები გვაქვს შენახული. ამ მოგონებების ყუთს ძალიან ვუფრთხილდები. ასეთი მოგონებების ყუთი კარგი რამაა შფოთიანობისას გადმოსაღებად, დასათვალიერებლად, წარსულის დასამახსოვრებელი მომენტების გასახსენებლად. შეიძლება შევქმნათ „შფოთის ყუთიკოც“. ამ „შფოთის ყუთიკოში“ მოვათავსოთ ნახატები, რომლებზეც ჩვენი შიში ან უგუნებობაა გამოსახული, გავაკეთოთ ჩანაწერები, სასაცილო თილისმები. ჩავაწყოთ თავი მჭიდროდ დავახუროთ და მაღლა, მაღლა შემოვდოთ…

 

ვიზრუნოთ საკუთარ თავზე

თვითმფრინავში ბავშვთან ერთად მგზავრობის უმთავრესი წესი ხომ გახსოვთ – საჭიროებისას ჟანგბადის ნიღაბს ვიკეთებთ ჯერ ჩვენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვუკეთებთ ბავშვს. საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში გვჭირდება იმიტომ, რომ ბავშვს ვჭირდებით მხნე, მედგარი, მტკიცე და ძლიერი. მშობლობა ურთულესი რამაა. გადაღლა, გადაქანცვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მედგრობა რთული შესანარჩუნებელია ამ ქაოსურ დროებაში, მაგრამ ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.

საკუთარი თავისთვის, მოძრაობისთვის, განტვირთვისთვის აუცილებლად გამოყავით დრო.

მიხედეთ თავს.

მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს.

ესეც საუკეთესო გაკვეთილია ბავშვებისთვის.

 

 

 

 

არა უშავს

0

არა უშავს

ძალიან მიყვარს სიტყვებზე დაკვირვება.

ალბათ გიკითხავთ მოსწავლეებისთვის, რომელი სიტყვის ან წინადადების მოსმენას მოაქვს მათთვის სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება… მეც ვეკითხები ხოლმე ამას ბავშვებს, ვთხოვ, დაფიქრდნენ და ჩამოწერონ. რა აღარ ამომიკითხავს მათი პასუხებიდან. თითოეული ჩანაწერი ძალიან საინტერესოა. გასათვალისწინებელიც.

გაინტერესებთ, რას წერენ ხშირად? რისი მოსმენა ამშვიდებთ ბავშვებს? დიახ, სწორად მიხვდით და უკვე ამოიკითხეთ კიდეც, როცა სათაურს დახედეთ: ეს არის „არა უშავს“.

არა მხოლოდ პატარებს, უფროსებსაც გვჭირდება, ხშირად შეგვახსენონ, რომ არა უშავს! მასწავლებლებმა თეორიულად თითქოს ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის იმის სწავლება, რომ შეცდომა ტრაგედია არ არის, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ, რომ შეგვიძლია, შეცდომები განვითარების შესაძლებლებლობად ვაქციოთ და სხვა, მაგრამ პრაქტიკულად ხანდახან გვიჭირს, ბავშვები ამაში დავარწმუნოთ.

ცოტა ხნის წინ ერთი წიგნი წავიკითხე – როდრიგო მუნიოს ავიას „იდეალური ოჯახი“. კითხვის დროს ვფიქრობდი,  მწერალმა მე და ჩემს მოსწავლეებს ხომ არ მოგვისმინა და ისე დაწერა-მეთქი, ცხადია, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, მთავარი პერსონაჟი, სკოლის მოსწავლე ალექსი, ისეთ თემებზე საუბრობს, რომლებიც ერთნაირად აფიქრებთ მთელი მსოფლიოს ბავშვებს.

როდრიგო მუნიოს ავია გვაცნობს ოჯახს, რომლის უმცროსი წევრი მიიჩნევს, რომ ოჯახში ყველა იდეალურია მის გარდა, მაგრამ ამის გამო არ ითრგუნება და ცდილობს, ამოხსნას ცხოვრებისეული ამოცანები. მკითხველი ალექსის თვალით აკვირდება მოსწავლის ყოველდღიურობას და მასთან ერთად ეძებს პასუხებს კითხვებზე.

ჩემთვის, მასწავლებლისთვის, დამაფიქრებელი აღმოჩნდა ერთი ეპიზოდი.

„მასწავლებელმა იკითხა, X კვადრატის კვადრატული ფესვი რამდენიაო. ვიფიქრე, რომ ძალიან მარტივი კითხვაა და პასუხი აუცილებლად X უნდა ყოფილიყო. ოღონდ თქმა ვერ გავბედე. მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქა და თქვა, რომ მისი კითხვის პასუხი ნამდვილად X-ია. მეც ამოვისუნთქე, ცოტა უფრო მსუბუქად. არ ვიცი, ამით რისი თქმა მინდოდა, მაგრამ ასე მოვიქეცი“.

რატომ მიიქცია ამ ეპიზოდმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, ალბათ, მიხვდით: არ მეგულება მასწავლებელი, მსგავსი ამბავი თავს რომ არ გადახდენოდეს. მაშინვე ვკითხე საკუთარ თავს ის, რაც აქამდეც არაერთხელ მიკითხავს:

– რატომ ჩუმდებიან ბავშვები?

– რატომ ვერ ბედავენ ხმის ამოღებას?

 

პასუხი სხვადასხვა იქნება, მაგრამ ერთ-ერთი ეს არის: შეცდომის ეშინიათ.

ვინაიდან ეს პრობლემა აქტუალურია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, კარგი იქნება, წავუკითხოთ ეს წიგნი ბავშვებს, მერე კი ერთად ვიმსჯელოთ, რა პრობლემაა წარმოჩენილი და, ერთი მხრივ, როგორ შეიძლება, მოსწავლემ გაბედოს ხმის ამოღება და ახსოვდეს, რომ თუ შეეშლება, არა უშავს, მეორე მხრივ კი – რა უნდა გააკეთოს ამისთვის მასწავლებელმა.

ვაპირებ, „იდეალური ოჯახი“  მკითხველთა კლუბის წევრებს გავაცნო. ინტერესი რომ აღვუძრა, შევთავაზებ, ორმხრივ ჩანაწერთა დღიური შეავსონ. თუ გაინტერესებთ, თქვენც სცადეთ. საინტერესოა, როგორ უპასუხებთ ესპანელ მწერალს:

 

ამონარიდი ტექსტიდან ჩემი კომენტარი
ნაცვლად იმისა, რომ დავიმალოთ, ჩვენს პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ.
უმაღლესი შეფასება რომ ვერ მივიღოთ? – ეს აზრი გვაშინებს. ჩვენც გვინდა, ყველაფერი იდეალურად გამოგვივიდეს.
თურმე ხანდახან შეცდომას თვალი უნდა გაუსწორო და არ დაემალო.
ხანდახან იდეალურობა ძალიან ახლოს არის დიდ იმედგაცრუებასთან. 

 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ხომ გვეუბნება, გახსოვდეთ, საიდან მოდიხართ, არ დაგავიწყდეთ, ბავშვები რომ იყავითო. ჰოდა, მეც მახსოვს ჩემი ბავშვობა და რადგან გამოვცადე, რას ნიშნავს, გეშინოდეს შეცდომისა და ხანდახან ამის გამო დადუმდე, ახლა ვცდილობ, ხშირად ვუთხრა ჩემს მოსწავლეებს: არა უშავს!

მთვარის შუქზე აყვავებული გამხმარი ნუშის ყვავილები

0
Open book, hardback book on wooden table on teal background. Back to school,education,reading.Panoramic free copy space

 

(იდეალიზმი და მატერიალიზმი – ოსკარ უაილდის „ქანთერვილის მოჩვენება“)

 

დიდ ჰოლანდიელ ფილოსოფოსს, სპინოზას, ეკუთვნის ეს სიტყვათშეთანხმება – Causa sui. სიტყვასიტყვით ნიშნავს – თავისი თავის მიზეზს. ამ აზრს თუ განვავრცობთ, მივალთ სამყაროს პირველსაწყისის, ანუ ღმერთის ცნებამდე, რადგან „თავისი თავის მიზეზი“, აბსოლუტური გაგებით, სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს მიზეზთა მიზეზი, ბერძნულად არქე, ლათინურად სუბსტანცია, რელიგიის ენაზე – „უფალი უფლებათა“.

სუბსტანცია ნიშნავს არსებას, იმას, რაც საფუძვლად ძევს. სპინოზას ცნებაში იგულისხმებოდა ისეთი რამ, რაც თავისთავად არსებობს და რომლის წარმოდგენისთვის სხვა რამ არაა საჭირო. ესაა მთელი სამყაროს საწყისი…

მოდი, ვნახოთ, რა იგულისხმება „სუბსტანციის“ ცნებაში ფილოსოფიურად. ესააო ან მატერია, მატერიალური სინამდვილე, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ხილული საგნები ან კიდევ აზრი. ის ფილოსოფოსები, რომლებიც აღიარებდნენ, რომ სუბსტანცია, ანუ საწყისი არის მატერია, მატერიალისტებად იწოდებიან. აქედანაა მთავარი მიმართულებაც ფილოსოფიაში – მატერიალიზმი. ასეთები იყვნენ: თუნდაც ლევკიპე, დემოკრიტე, ბეკონი, დიდრო, ფოიერბახი, მარქსი, ენგელსი, ლენინი და ა.შ.

ხოლო ის ფილოსოფოსები, რომლებიც სუბსტანციის ცნებაში გულისხმობდნენ აზრს, იდეას, ე.ი. არამატერიალურ საწყისს, იდეალისტებად იწოდებიან, შესაბამისი ფილოსოფიური მიმართულებით – იდეალიზმი. გამოჩენილი იდეალისტები იყვნენ: სოკრატე, პლატონი, ავგუსტინე, კანტი, ჰეგელი, შელინგი, ჰუსერლი და სხვა.

მატერიალიზმის მიხედვით, მთელი სინამდვილის საფუძველი მატერიაა და არ არსებობს არავითარი ზებუნებრივი ძალა, რომელიც განსაზღვრავდა ამქვეყნად მიმდინარე პროცესებს.

იდეალიზმის მიხედვით, აზრისა და საგნის დამოკიდებულებაში მთავარია აზრი, რომლის გარეშე ყველაფერს დაეკარგებოდა მნიშვნელობა. ეს აზრი, იდეა, საბოლოოდ კი, აბსოლუტური იდეა, არის ღმერთი, რომელიც ყოველივეს საფუძველთა საფუძველია. აქ ჩვენი ინტერესის სფეროში დგება საკითხი: თუკი ფილოსოფიაშიც აღიარებულია ღმერთი, როგორც სუბსტანცია, საწყისი, მაშინ რაღა განსხვავებააო ფილოსოფიასა და რელიგიას შორის? მოდი, მოკლე პასუხი იყოს ამჯერად: თუკი ფილოსოფიაში არის იმისი ცდა, რომ ყველაფერი დასაბუთდეს, სუბსტანცია გაგებულ იქნეს, როგორც სამყაროს წესრიგი, რაღაცა გამაერთიანებელი, რელიგიაში ყველაფრის შემქმნელი და საფუძველი არის პიროვნული ღმერთი, რომელიც ერთია. ის რელიგიები კი, რომლებიც ერთ ღმერთს აღიარებენ, მონოთეისტურია („მონოს“ ბერძნულად ერთს ნიშნავს). ასეთი რელიგიებია: ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი.

რელიგია ემყარება გამოცხადებას, ხოლო ფილოსოფია დასაბუთებას; გამოცხადებაში იგულისხმება ღვთის ნაბოძები და შთაგონებული ჭეშმარიტებები, მცნებები და ა.შ. ისინი არ განისჯებიან და ისინი სავალდებულოა, შესასრულებელი. დასაბუთება კი შესაბამისი ლოგიკური ხერხების გამოყენებით მსჯელობაა. ამ მსჯელობის ან მსჯელობათა სისტემის მიზანი ჭეშმარიტება-მცდარობის დადგენაა, მოკლედ, ესაა არა უპირობოდ მიღება, რასაც რელიგია აკეთებს, არამედ „ჩხრეკა“ სინამდვილისა.

სუბსტანციის საკითხი მთავარია ფილოსოფიაში, რომლისადმი დამოკიდებულების მიხედვითაც ხდება ფილოსოფოსთა კლასიფიცირება.

დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ სუბსტანციის ნებისმიერი გაგება გულისხმობს სამყაროს, სინამდვილის ახსნას საერთო საწყისიდან…

წესისამებრ, გადავინაცვლოთ ლიტერატურის „სიბრტყეზე“ და ვნახოთ, როგორ აღიქვამს თუ წარმოაჩენს ამ საკითხს ინგლისური ლიტერატურის კლასიკა, თუნდაც ოსკარ უაილდი თავის მოთხრობაში „ქანთერვილის მოჩვენება“. ამ ორი აზროვნების დაპირისპირება, იდეალურ-მატერიალისტურისა, მოთხრობაში მოცემულია ლორდი ქანთერვილისა (რომელიც ყიდის მოჩვენებიან სახლს) და მისტერ ჰაირამ ბ. ოტისის, ამერიკელი სახელმწიფო მინისტრის (რომელმაც იყიდა ეს სახლი, მოჩვენებიანად), მსოფლმხედველობრივ „დუელში“. მოდით, მივდიოთ სიუჟეტს…

მისტერ ოტისი ტიპური სახეა ამერიკელისა, რომელიც კარგა ხანია დამკვიდრდა და არა მარტო ინგლისურ ლიტერატურაში; „ჩვენ საკმაოდ მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც თქვენი ძველი სამყაროს გადატრიალება შეუძლია.“ რატომ გადატრიალება?! ნუთუ, ძველში ყველაფერი „გადასაგდებია“ და ახლის საძირკვლად არაფერი გამოდგება?! რატომ ეს მიუღებლობა? აი, რატომაც: „მე თანამედროვე ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი გვაქვს, რასაც ფულით იყიდის კაცი.„სამყარო „ფულით ნაყიდობაზე“ რანაირად დაიყვანება?! ეს წმინდა წყლის მატერიალიზმია! „ეს მოჩვენება მართლაც რომ არსებულიყო, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში გამოფენილი ან ქუჩაში საჩვენებლად გამოგდებული“; ეს მანამ, სანამ ნახავენ მოჩვენებას, თუმცა არც მისი ხილვის შემდეგ იცვლება დიდად არაფერი მათ წუთისოფლურ თვალსაწიერში. მერე, რა, რომ გაიგეს, – მოჩვენება ჩნდებოდა ქანთერვილების რომელიმე (რამდენიმე) ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ავისმომასწავებლად… ისინი მაინც ჯიუტად, დაბეჯითებით, არგუმენტირებულად ცდილობენ, მისტიკა ყოფითით, მატერიით ახსნან. ცხადად შეგრძნებით იმისა, რომ მათ, ამერიკელებს, კარგად აქვთ შეგნებული საკუთარი მსოფლიო გლობალურობის მისია: თუნდაც კაცობრიობის განვითარებაში ბოსტონის მნიშვნელობა; „ნიუ-იორკული აქცენტის სიტკბოება ლონდონურ ბლუყუნთან შედარებით“. ოსკარ უაილდის გამჭრიახ იუმორსა თუ ირონიაში აშკარაა გულისტკივილი ამ ანტაგონიზმის გამო, რომელიც მისი დროიდან მკვიდრდება ბრიტანულ და ამერიკულ კულტურებს შორის.

როგორ ვითარდება მოვლენები უკვე მოჩვენებასთან შეხვედრისას და შემდგომ? მისტერ ოტისი მოჩვენებას ბორკილების, ჯაჭვების, დასაზეთ საპოხს სთავაზობს, რომ ხმაურმა არ შეაწუხოს. ამის აღქმა (გაძლებაც) იუმორის გარეშე შეუძლებელია. ცხადია, ამიტომ უაილდიც ხუმრობს და თხრობაც პაროდიზებულია: „თავის დასაღწევად (მოჩვენებამ – მ. ი.) სივრცის მეოთხე განზომილება ნაჩქარევად გამოიყენა და ხის პანელში გაუჩინარდა“ (12). მან, ანუ მოჩვენებამ, რომელიც „ივლისის ერთ სასიამოვნო საღამოს ჩოგბურთის მოედანზე საკუთარივე ძვლებით კეგლის თამაშობდა“, ამ ყველაფრის შემდეგ, ვიღაც საცოდავი, თანამედროვე ამერიკელების მოსვლის შემდეგ, „რაიზინგის“ ლუბრიკანტი უნდა გამოიყენოს და ზურგს უკნიდან თავში ბალიშების სროლა ითმინოს?! ის მიდის შეგნებამდე, რომ ოტისების ოჯახი მას არ იმსახურებს (მწერლის ირონიის „დემოკრატიულობა“ მარტო ერთ, ამერიკულ, მხარეს როდი მიემართება, არამედ ინგლისურსაც): „მასპინძლების ოჯახი აშკარად მხოლოდ დაბალი მატერიალური ღირებულებების ხალხი ჩანდა, რომლებსაც ესთეტიკური მოვლენების სიმბოლური ღირებულებების დაფასება არ შეეძლო“ (23).

პატარა ვირჯინია ოტისი, თავისი პურიტანული მორალით, ცდილობს, ასიამოვნოს მოჩვენებას, დააძლევინოს მელანქოლია სწორედ პურიტანული გრძნობების აღძვრით და ძველი ინგლისის მემკვიდრეს სენდვიჩით უმასპინძლდება („– არა, გმადლობ, ახლა აღარაფერს ვჭამ; თუმცა შენი მხრიდან ეს კარგი საქციელია“).

– „ოჰ, მძულს აბსტრაქტული ეთიკის იაფფასიანი სიმკაცრე!“.

შეუვალია საკუთარ დეპრესიულობაშიც ქანთერვილის სახლის მოჩვენება, როცა ვირჯინია მას ადამიანის მოკვლის დიდ ცდომილებაზე მოძღვრავს. თუმცა გოგონა არანაკლებ პრაქტიკოსია საკუთარ ოჯახზე და თავისებურად ამშვიდებს მას: „ოდესმე დარწმუნდებით, რომ ნიუ-იორკში დიდი წარმატება გექნებათ. იქ არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ათასობით დილარს გადაიხდიდა იმაში, რომ ბაბუა ჰყოლოდა, გაცილებით მეტს გადაიხდიდნენ, თუკი საოჯახო მოჩვენება ეყოლებოდათ“ (33). იმავე ფულის ფეტიში და ნიუ-იორკის სამყაროს ცენტრად წარმოდგენა, სადაც, თითქოს, ყოფიერებისა თუ ფიზიკა/მეტაფიზიკის კანონები უგულებელყოფილია, ანუ სხვა სამანი იწყება. მოკლედ, „ძვრას ვერ უზამ“ ამ მატერიალიზმს!

დიდი ოსკარ უაილდის, ინგლისური კლასიკური ლიტერატურის მშვენების, სიკვდილის ფილოსოფია ქართულისგან არ განსხვავდება, ისევე, როგორც ამ ასპექტში – ამერიკელი ინგლისელისგან. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, რანაირი ხედვის კუთხეც არ უნდა გვქონდეს სამყაროსი: „სიკვდილი ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ყავისფერ, რბილ მიწაში ჩაწოლა, სადაც თავს ზემოთ მწვანე ბუსნო ბიბინებს და მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმის. როცა არც გუშინდელი დღეა და არც ხვალინდელი. როცა დაივიწყებ დროს და მიუტევებ ცხოვრებას, რათა სიმშვიდეში იმყოფებოდე… შენ შეგიძლია, სიკვდილის სახლის ბჭენი განმიხვნა, რათა სიყვარული არასოდეს გვტოვებდეს და სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს“ (35); – ეს ძალიან ჰგავს ჩვენი ქართული ხალხური ზღაპრის სიბრძნეს, „მიწა თავისას მოითხოვს“. ამას ამბობს მოჩვენება, რომელიც ღმერთმა მიატოვა და რომელსაც მონატრებია სიკვდილი, ეს ყველაზე დიდი „სამშვენისი“ სიცოცხლისა. ესეც უაილდისეული სულის უფაქიზესი „ტალღები“:

– „ნახეთ, ძველი გამხმარი ნუში აყვავდა. მთვარის შუქზე ყვავილებსაც ნათლად ვხედავ!“ (42)

მოჩვენება, ადამიანობისას ლორდი სერ სიმონ ქანთერვილი, ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს, ის სიმშვიდეს დაუბრუნდა და აღსრულდა სამყაროს დიდებული კანონიც, რელიგიურიც, ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ფილოსოფიური. ეს კი ის „წყალგამყოფია“ იდეალურსა და მატერიალურს შორის, ადამიანები რწმენას რომ უწოდებენ და რომელიც მატერიალისტსაც შეიძლება ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, პატარა, ლამაზ ვირჯინიას „კაკალ გულში“.

დასასრული ტრადიციული „happy end“-ია, თუმცა მწერლის უბადლო იუმორით შეზავებული, ასე კარგად რომ უხდება იდეალიზმისა და რეალიზმის სინთეზს. ამ ნაწარმოების იდეა კი ვირჯინიას, აწ უკვე ჩეშირის ჰერცოგინიას სიტყვებშია: „საწყალი სერ სიმონი! მასთან ისედაც ვალში ვარ. დიახაც, ნუ იცინი, სესილ, მართლაც, ვალში ვარ. მან დამანახვა, რა არის ცხოვრება და რას ნიშნავს სიკვდილი და რატომ არის სიყვარული ორივეზე ძლიერი“ (48). ეს ცხოვრების საიდუმლოცაა – ცხოვრება ვალშია სიკვდილთან, „შვენობს მისითა“, რადგან ეს უკანასკნელია ყველაფრის გამაერთიანებელიც (სულიერ-მატერიალურისა), გამყოფიც და ყოველივეს ნათლის მომფენიც. სიკვდილში იდეალურიცაა, მისტიკურიც, შეუცნობელიცა და ძალიან ბანალურ-მიწიერიც – მიწად მიქცევა, იმ წიაღში მიბრუნება (ღმერთმა ხომ თიხისგან გამოძერწა ადამი?), რომელიც დროის „ელიფსის“ სათანადო შემობრუნების შემდეგ უკვე ახალ სიცოცხლეებს დაბადებს.

…ხოლო ეს შემზარავი და დიდებული სიკვდილი ვალშია სიყვარულთან, რომელიც მასზე ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე, რასაც ბრძნულად გვიმეორებს თავის ნაწარმოებებში ოსკარ უაილდი.

ესაა სამყაროთა (ამიერ თუ იმიერ) ერთიანობის პრინციპიც!…

 

 

ციტატები წიგნიდან – ოსკარ უაილდი „ქანთერვილის მოჩვენება“, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2021 წელი

ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება ბავშვებში

0

ალბათ ყველა, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, დამეთანხმება, რომ წლითიწლობით სულ უფრო იზრდება განვითარებაში შეფერხების მქონე ბავშვების რაოდენობა. მართალია, პრობლემები აღნიშნული მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, ადვილი შესამჩნევია, რომ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში თითქმის ყველა დარღვევა მეტყველებასთან არის დაკავშირებული. ამაში არც არაფერია გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტყველება ფსიქიკის ცენტრალური წარმონაქმნია და დარღვევები მეტყველების განვითარებაში ზოგადად ფსიქიკურ განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, გამართლებული იქნება, თუ ბავშვის განვითარებაში პრობლემებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოვერბალური განვითარების მიმართულებით დაფიქსირებულ დარღვევებს შევეხებით.

ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება არის არა დიაგნოზი, არამედ უფრო სიმპტომების კომპლექსი. ეს არის ბავშვის ემოციური, ინტელექტუალური და მეტყველების განვითარების დარღვევები, რომლებიც მიუთითებს ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის ფორმირების პროცესში მომხდარ არასასურველ ცვლილებებზე. ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება იყოფა ორ ჯგუფად – მეტყველების განვითარების შეფერხება და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ამასთან, ხშირად ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება შესამჩნევი ხდება სწორედ მეტყველების შეფერხების გამო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. საქმე ის გახლავთ, რომ მეტყველება საკმაოდ რთული პროცესია. ის საჭიროებს ორგანოების მთელი კომპლექსის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მუშაობას. სწორედ მეტყველებაა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ის ეხმარება პატარას გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, ინფორმაციის მიღებასა და გაცემაში. მეტყველება ავითარებს პატარას აზროვნებას. ამიტომ, ბავშვის ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებული „განგაშის ზარების“ დიდი წილი სწორედ მეტყველების განვითარებაში დაფიქსირებული პრობლემებით არის განპირობებული. მართალია, ფსიქოვერბალური დარღვევების კომპლექსი მოიცავს ასევე გონებრივ შეფერხებას – აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების დარღვევებს, მაგრამ მეტყველების განვითარებაში დაფიქსირებული პრობლემების დროულად დაძლევას ძალიან ბევრი სირთულის თავიდან აცილება შეუძლია. სამწუხაროდ, როგორც წესი, მეტყველების განვითარების დარღვევების დაფიქსირება საკმაოდ დიდი დაგვიანებით ხდება. უამრავი შემთხვევაა, როცა ბავშვი არა და არ იწყებს ლაპარაკს, ვერ მეტყველებს, ამასთან, უცნაურადაც იქცევა, თუმცა მშობლები ჩვეულებრივ დიდი ხნის განმავლობაში არ ტეხენ განგაშს, რადგან ნაცნობები და ახლობლები ანუგეშებენ: „არა უშავს, არაფერია საგანგაშო, ჩემიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩუმად და არ ლაპარაკობდა“; „ნუ ღელავ, ნუ განიცდი ასე, შენ თავადაც მხოლოდ ოთხი წლის ასაკში დაიწყე ლაპარაკი!“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც მშობელს აფიქრებინებს, რომ საგანგაშო მართლაც არაფერია და არ ღირს სპეციალისტებისთვის მიმართვა. თუმცა, მეტყველების განვითარების შეფერხება შეიძლება იყოს ტვინის მუშაობის დარღვევის საკმაოდ სახიფათო სიგნალი და, თუ დროულად არ გამოვავლენთ მიზეზს, მდგომარეობა უფრო გაღრმავდება და სიტუაცია ბევრად გაუარესდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობელი ერკვეოდეს ფსიქოვერბალური განვითარების, როგორც გამომწვევ მიზეზებში, ასევე იმ სიმპტომებში, რომლებიც შეიძლება განვითარებაში დარღვევებზე მიუთითებდეს.

ბევრი მშობელი თვლის, რომ ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება ცალსახად თანდაყოლილი პრობლემაა. ამიტომ, მათი აზრით თუ ბავშვს სიცოცხლის პირველ თვეებში არ აღენიშნება გადახრების ნიშნები, ყველაფერი კარგადაა და შემდგომ ამაზე ფიქრი აღარ არის საჭირო. თუმცა ეს ასე არ არის და ასეთი მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ფსიქოვერბალური შეფერხების მიზეზების ნაწილი ორსულობისა და მშობიარობის დროს დაფიქსირებული დარღვევებია, მაგრამ ბავშვის მეტყველებისა და ფსიქიკის განვითარებაზე შეიძლება სხვადასხვა სახის გარე ფაქტორებმაც მოახდინოს გავლენა უკვე მშობიარობის შემდეგ, ბავშვის ზრდასთან ერთად.

 

ბავშვის ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების ძირითადი მიზეზები:

 

  • მემკვიდრეობითობა – გენეტიკური და ქრომოსომური დაავადებები, რომლებიც არღვევენ ტვინის სტრუქტურას და ხელს უშლიან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების სრულფასოვან განვითარებას;
  • დარღვევები ორსულობის დროს – ინფექციური დაავადებები, მოწამვლა, ტრავმები, ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, ჟანგბადის ნაკლებობა ნაყოფისთვის მოწევის, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამო;
  • დარღვევები მშობიარობის დროს – რთული, ძალიან სწრაფი და ნაადრევი მშობიარობა; ჭიპლარის შემოხვევა კისრის გარშემო; თავის და ხერხემალში კისრის მალების დაზიანება;
  • ჩვილობის პერიოდში გადატანილი დაავადებები და ტრავმები – ბავშვის მიერ გადატანილი მწვავე ინფექციები თავის ტვინზე ზემოქმედებით, ასევე დაცემის ან ზედმეტად აქტიური თამაშის დროს მიღებული თავის ტრავმები;
  • ფსიქოლოგიური ტრავმები – ხშირად ფსიქოვერბალურ განვითარებაში შეფერხების მქონე ბავშვები დისფუნქციური ოჯახებიდან არიან. ასეთ ოჯახებში, როგორც წესი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ნორმად ითვლება – ყვირილი, ფიზიკური დასჯა, შეურაცხყოფა, ცემა. ფსიქოლოგიურ ტრავმებს მიეკუთვნება ასევე მოწმის ტრავმა, როდესაც ბავშვი მატრავმირებელი მოვლენების დამკვირვებლის როლში იმყოფება – ხშირი ჩხუბი მშობლებს შორის, ოჯახური ძალადობა. ამ კატეგორიაში შედის ასევე უბედური შემთხვევები, კატასტროფები, საომარი მოქმედებები და ა.შ.;
  • პედაგოგიური დარღვევები – ეს ის შეცდომებია, რომლებსაც აღზრდის პროცესში უშვებენ მშობლები – ჰიპერმზრუნველობა, ან პირიქით – უყურადღებობა, ემოციური სიცივე ბავშვის მიმართ, განმავითარებელი თამაშების იგნორირება, ბავშვის სოციალური იზოლაცია;
  • გაჯეტებთან და სხვადასხვა სახის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ბავშვის საკმაოდ ადრეული ასაკიდან და ამასთან განუსაზღვრელი დროით ურთიერთობა – ეს არა მხოლოდ ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების მიზეზი, არამედ, დიდი ალბათობით, ვირტუალური აუტიზმის ჩამოყალიბების საფუძველიც შეიძლება გახდეს.

როგორც წესი, ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება შეიძლება დაძლეულ იქნას, თუკი დროულად მივაქცევთ მას ყურადღებას. მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა „განგაშის ზარებს“ საკმაოდ გვიან შემოკრავს ხოლმე, როდესაც 4-5 წლის ასაკში პატარა ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს გარკვევით, ლექსიკური მარაგი ძალიან მწირი აქვს და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი მშობელი კარგად უნდა ერკვეოდეს ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების ძირითად ნიშნებში, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს და დროულად იზრუნოს მდგომარეობის გამოსწორებაზე.

 როგორ შევამჩნიოთ დროულად შეფერხება ბავშვის ფსიქოვერბალურ განვითარებაში. შეფერხების რა სიმპტომების შემჩნევა შეგვიძლია წინასწარ ბავშვის ზრდის პროცესში თვეებისა და წლების მიხედვით:

1-2 თვე – ვერ აყოლებს მზერას მის მახლობლად მდებარე მოძრავ საგნებს, არ ათვალიერებს უძრავ ობიექტებს; არ უსმენს გარშემომყოფი ადამიანების, სათამაშოებისა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ხმებს; არ იღიმება მშობლებთან კონტაქტის დროს; არ ბრუნდება იმ მხარეს, საიდანაც მაღალი ბგერები ისმის; არ ცდილობს ბგერების გამოცემას.

3-4 თვე – არ იწყებს „ღუღუნს“, რაც მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია; არ ბრუნდება მასთან მოსაუბრე ადამიანისკენ; არ რეაგირებს ახლობელი ადამიანის გამოჩენაზე მზერით, ხელების და ფეხების „ფართხალით“, ღიმილით, ბგერების გამოცემით; არ გამოხატავს სიხარულს დედასთან შეხვედრისას; არ რეაგირებს მშობლების სიტყვებსა და ჟესტებზე; არ იცინის და არც იღიმება, როცა უფროსები ეთამაშებიან.

5-6 თვე – ვერ არჩევს ახლობელ ადამიანებს უცნობებისაგან; ვერ ხედავს განსხვავებას ალერსიან და მკაცრ, უხეშ მეტყველებას შორის; არა აქვს რეაქცია საკუთარ სახელზე, არ გამოყოფს მას უფროსების სხვა სიტყვებიდან; არ ცდილობს ცალკეული მარცვლების წარმოთქმას.

7-8 თვე – არ იწყებს „ტიტინს“; არ გამოხატავს თავის სურვილებს, საჭიროებებს; არ ავლენს საგნების ცნობის და მნიშვნელობის დამახსოვრების უნარს – თუ ვკითხავთ სად არის ბურთი, დათუნია, თოჯინა, ბავშვი არ ეძებს ამ სათამაშოს მზერით; ჯერ კიდევ ვერ წარმოთქვამს მარცვლებს მკაფიოდ და ხმამაღლა; ვერ პოულობს 1-3 ნაცნობ საგანს მშობლების თხოვნით; ვერ ასრულებს თხოვნას მისთვის ნაცნობი მოქმედების განსახორციელებლად („ხელი დაუქნიე დედას“, „გადმომიგდე ბურთი“ და ა.შ.).

9-10-11 თვე ჯერ კიდევ არ იცის თავისი სახელი და არ რეაგირებს მასზე; ვერ პოულობს საგანს, თუ მას სხვა, უცნობ ადგილას გადაიტანენ; არ ავლენს ინტერესს მუსიკის მიმართ; არ ცდილობს აჰყვეს მუსიკას ხელების და ფეხების მოძრაობით; არ შეუძლია თხოვნის შემთხვევაში შეასრულოს მისთვის ნაცნობი მოქმედებები საგნებით (მაგ. „მომეცი დათუნია“, „ისროლე ბურთი“ და ა.შ.); ვერ იმეორებს უფროსის მიერ მკაფიოდ წარმოთქმულ ნაცნობ მარცვლებს; არ ცდილობს მარტივი სიტყვების მარცვლებით წარმოთქმას (მაგ. „დე-და“, „მა-მა“ და ა.შ.).

1-2 წელი – არ შეუძლია უფროსების მიერ ნათქვამი სიტყვების განმეორება, მარტივი სიტყვების და თხოვნის ფორმულირება; არ იყენებს მიმანიშნებელ ჟესტს – არ მიუთითებს სასურველი მიმართულებით ფანქრით ან თითით; არ შეუძლია მარტივად მაინც დაასახელოს საგანი, რომელიც სურს (მაგ. „აუ-აუ“ -ძაღლი, „პი-პი“ – მანქანა და ა.შ.); ვერ ახერხებს თამაშის დროს საგნებით იმ მოქმედებების კოპირებას, რომელსაც ცხოვრებაში ხედავს; არ ავლენს ინტერესს მარტივი სიუჟეტის მქონე და დასურათებული ზღაპრების მიმართ; ვერ იმახსოვრებს და ვერ იყენებს ნაცვალსახელებს (მაგ. მე, შენ) და ზედსართავ სახელებს (მაგ. ლამაზი, სწრაფი); არ ესმის სურათების გარეშე მარტივი ისტორიები იმ სიტუაციებზე, რომლებიც მისთვის უკვე ცნობილია (მაგ ჩვენ ვერ შევძლებთ მისთვის მარტივი ზღაპრის ხელახლა მოყოლას სურათებიანი წიგნის გარეშე); იცის არა უმეტეს 20 სიტყვა; უჭირს მცირე რაოდენობის სიტყვების ფრაზებად გაერთიანება; ვერ ხვდება, არ ესმის შეკითხვები „რატომ?“, „როდის?“. თავად არ სვამს შეკითხვებს;

3-4 წელი – ჯერ კიდევ ვერ ადგენს წინადადებებს დამოუკიდებლად; ლაპარაკობს ან ძალიან სწრაფად, ნაჩქარევად, „ყლაპავს“ სიტყვებს, ან ძალიან ნელა, ყველა სიტყვას „წელავს“; თუ უფროსი მიმართავს და რაიმე შეკითხვას უსვამს, ბავშვმა შეიძლება სიტყვასიტყვით გაიმეოროს მისი ნათქვამი ნაცვლად იმისა, რომ უპასუხოს შეკითხვას და შეეცადოს კომუნიკაციის დამყარებას, დიალოგის წარმართვა ვერ ხერხდება.

 ზემოაღნიშნული სიმპტომების გარდა, ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების დამატებითი ქცევითი ნიშნები:

  • კომუნიკაციის დარღვევები – ბავშვს უჭირს ადამიანისთვის თვალებში ყურება, წყნარი და ჩაკეტილია, გაურბის, თავს არიდებს თამაშს და ნებისმიერ სხვა ურთიერთობას როგორც ბავშვებთან, ისე უფროსებთან, მაგრამ, თუ კომუნიკაციას მაინც ითხოვენ მისგან, ის იწყებს შფოთვას და შეიძლება აგრესიული და უმართავიც კი გახდეს;
  • სტერეოტიპული ქცევა – ბავშვი გარკვეული დროის განმავლობაში მუდმივად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებებს: ქანაობს სკამზე, ტრიალებს ადგილზე, დადის წრეზე, აწყობს სათამაშოებს ერთ რიგად, ატრიალებს ერთსა და იმავე, ამოჩემებულ ნივთს ხელში;
  • უცნაური თამაშები – ბავშვი თითქოს ვერ ხვდება, არ ესმის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის სათამაშო და იყენებს მას არადანიშნულებისამებრ, მაგ. თოჯინას ისეთ მოძრაობებს „აკეთებინებს“ თითქოს თვითმფრინავია, სათამაშო მანქანას კი ისე ისვრის, როგორც ბურთს და ა.შ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება აუტიზმის, ან აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეული ნიშნები იყოს.

დაბოლოს, რა გავაკეთოთ, თუ ბავშვთან კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების სიმპტომები დაფიქსირდება. ასეთ დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრობლემის დაძლევა მხოლოდ ერთი კონკრეტული სპეციალისტის დახმარებით ვერ მოხერხდება. საჭირო იქნება კომპლექსური მიდგომა და ისეთი სპეციალისტების ჩართვა, როგორიცაა: ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქონევროლოგი, ლოგოპედი, ფსიქოტერაპევტი. პრობლემის კომპლექსურად შესწავლით და საკორექციო მუშაობის სწორი მიმართულებით წარმართვით არსებობს დიდი ალბათობა, რომ პრობლემა დაძლეული იქნება.

On Stage, ანუ ორი კვირა რეჟისორად

0

ინგლისურის მასწავლებლობა მართლა სახალისო რამეა. მით უმეტეს ჩემნაირი მომთაბარე მასწავლებლისთვის, რომელიც ერთ სკოლაში იზამთრებს და მეორეში იზაფხულებს. მუდმივად ცვალებადი რიტმი, მოთხოვნები, გამოწვევები, პროფესიას დინამიკას სძენს და ცვლილებები უწყვეტი განვითარებისკენ მიბიძგებს. ასე თავს სულ ახალგაზრდა „მასწად“ ვგრძნობ. ხუმრობა იქით იყოს და, სანამ ჩემი ერთ ადგილზე დარჩენისა და მუშაობის რეკორდის მოხსნის გზას ვადგავარ, იმაზე მეტი უცხო გამოცდილება შევიძინე, ვიდრე აქამდე აღებული ერთად. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მომიწია თან ინგლისურის მასწავლებელი ვყოფილიყავი და თან სპექტაკლის რეჟისორი. თავიდან კარგად შევფიქრიანდი, მით უმეტეს, როცა სანაცვლოდ ფონისკების კურსზე გადასვლა შემომთავაზეს, თუმცა ერთფეროვნების არასასიამოვნო სუნი მეცა და მაშინვე თავი გავაქნიე – ეს არ მინდა, თეატრის კურსი იყოს-მეთქი.

 

აქედან რამდენიმე კვირაში საკლასო ოთახში ხუთ ბავშვთან ერთად აღმოვჩნდი და პირველ რიგში სხვადასხვა სავარჯიშოთი მათი სამსახიობო ნიჭის შემოწმება დავიწყე. ისეთებიც კი, ვინც ბოლო დღეს სცენაზე ბრწყინავდნენ, პირველ დღეს მორცხვად და ჩუმად ლაპარაკობდნენ.

 

On Stage EF China-ს საზაფხულო კურსია, რომელიც უფრო თეატრის კლუბს ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ გაკვეთილს. კურსს აქვს თავისი სახელმძღვანელო, რომელშიც სხვადასხვა კომედიური ჟანრის მოკლე პიესებია მოცემული. თითოეულ პიესას თან ახლავს სავარჯიშოები, რომლებიც პირველ რიგში მოსწავლეებს სცენარის აღქმასა და გააზრებაში, უცხო სიტყვებისა და ფრაზების დასწავლაში ეხმარება. თითოეულ პიესას აქვს თავისი ვიდეოც, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უყურონ, როგორ დადგეს იგივე პიესა სხვა ბავშვებმა. ჩამონათვალში, რასაკვირველია, კოსტიუმები და სხვა სასცენო დეკორაციები და საჭირო ნივთებიც შედის.

 

კურსის მიმდინარეობისას, უამრავი აღმოჩენა გავაკეთე. მოსწავლეებს ძალიან უყვართ როლური თამაშები, თუნდაც თავიდან იმორცხვებდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ, მათთვის ეს პროცესი გაცილებით სახალისოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივობა. ამიტომ იქნებ სულაც არ არის შორს საღი აზრისგან, რომ შევძლოთ და როლური თამაშები ხშირად შევთავაზოთ მათ, მსგავსი კურსების გარეშეც, თუნდაც მხოლოდ იმ ტექსტებით, რომლებიც კონკრეტულ სახელმძღვანელოებში გვაქვს მოცემული და რომლებსაც სულ მარტივად გადავწერთ სცენარად.

 

იმისთვის, რომ პროცესი მარტივად დაძრათ და დაძაბულობა მალე განმუხტოთ, მარტივი სავარჯიშოების გამოყენებით დაიწყეთ. დაწერეთ დაფაზე ერთი მარტივი წინადადება და სთხოვეთ მოსწავლეებს ის სხვადასხვა ემოციებით წაიკითხონ. მაგალითად, სიცილით, ტირილით, გაბრაზებული ხმით, გაოგნებული ხმით, შეშინებული ხმით და ა.შ. ეს სავარჯიშო მოსწავლეებს ამხიარულებს, ეს კი პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ მორცხვობის გარეშე გაბედონ და როლში შევიდნენ. პარალელურად კი, როგორც ნამდვილმა რეჟისორმა თქვენც უნდა უჩვენოთ, რა როგორ და რანაირად უნდა გააკეთონ. პირადი მაგალითი ხომ ყველაფერია?!

 

რატომ მუშაობს ასე წარმატებით როლური თამაშები და რატომ უნდა ჩავრთოთ ისინი გაკვეთილებში (თუნდაც კვირაში ერთხელ):

  1. როლური თამაშები ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და, შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნას. მოსწავლეები არ ღელავენ იმაზე, რომ საუბრის დროს შეცდომას დაუშვებენ და ეს ტრაგედია იქნება. როლური თამაშის დროს დაშვებული შეცდომა როლის ნაწილად აღიქმება და ეს ხასიათს ქმნის, ამიტომ მოსწავლეები მას ისე აღარ უყურებენ, როგორც პირად წარუმატებლობას. გარდა ამისა, როლური თამაშები დროთა განმავლობაში ბავშვებს ეხმარება შესრულების წინა შფოთვის დაძლევაში და ნელ-ნელა მცირდება ენის ბარიერიც, ვინაიდან ისინი ინგლისურს ბევრი ფიქრის გარეშე, თავისუფლად იყენებენ. მოსწავლეები ხდებიან უფრო მეტად გახსნილი და მზად არიან უფრო მეტი იფიქრონ და თქვან, ვიდრე ამას ჩვეულებრივ გაკვეთილზე იზამდნენ.
  2. როლური თამაშები ხელს უწყობს მათი თავდაჯრებულობის ზრდას; როლში წარმატებით ყოფნა საბოლოოდ მოსწავლეს თვითშეფასებას უმაღლებს. ეს კი მათ არამხოლოდ დადგმებში, არამედ სხვადასხვა სასკოლო საქმეებშიც ეხმარება, იქნება ეს საკლასო სამუშაოები თუ საშინაო დავალება.
  3. როლური თამაშები ეხმარება მოსწავლეებს გამოცადონ სხვადასხვა სოციალური როლები და გაიღრმაონ ემპათია: იმის დასწავლა და შესრულება თუ როგორ ‘ცხოვრობს’ სხვადასხვა პერსონაჟი, მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა ადამიანების ემოციები და მოტივები გაითავისონ. ამგვარად ბავშვი სწავლობს არამხოლოდ ლაპარაკს არამედ მოსმენას და გაგებასაც. ამასთანავე მოსწავლეები აქტიურად იწყებენ ერთმანეთის ტექსტების დასწავლასაც და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის შეხსენებასაც იწყებენ, ზოგჯერ ისე, რომ გამოცდილი თვალი თუ შეატყობს მხოლოდ. ეს კი ნამდვილი გუნდური მუშაობაა.
  4. როლური თამაშები ეხმარება მოსწავლეებს, სხვა კუთხით შეისწავლონ ენა. ამ დროს სიტყვები და ფრაზები არ რჩება მხოლოდ წიგნში შავით თეთრზე ამოკითხულ თეორია. ისინი მეხსიერებაში ინახება ემოციასთან, მოძრაობასთან და სიტუაციასთან ერთად.
  5. როლური თამაშები ბავშვებს მოტივაციას უძლიერებს, რადგან თამაშის ელემენტი და სცენაზე გამოსვლის სიამოვნება ქმნის შინაგან მოტივაციას. როცა მოსწავლე ენას სწავლობს იმიტომ, რომ სურს, როლი უკეთ მოირგოს და შეასრულოს, ეს გაცილებით ძლიერი შინაგანი მოტივატორი ხდება, ვიდრე ნებისმიერი ქულა ან ტესტის შედეგი.

 

როლური თამაში არ არის უბრალოდ აქტივობა, რომლითაც გაკვეთილი საინტერესო ხდება. ეს უსაფრთხო სივრცეა, სადაც მოსწავლეებისთვის ინგლისური ბუნებრივ მოცემულობად იქცევა. ისინი მეტს ამბობენ, მეტს გრძნობენ და მეტს გამოხატავენ. არ არის აუცილებელი როლური თამაშებით ყოველი გაკვეთილი დავტვირთოთ. სრულიად საკმარისი იქნებოდა, თუკი მათ თვეში რამდენჯერმე მივცემდით შესაძლებლობას, ყოფილიყვნენ ვინმე სხვა – დეტექტივი, ექიმი, მეფე, ჯინი, შეშლილი მეცნიერი თუ პრეტენზიული მომხმარებელი. ასე სწავლა აღარ იქნება ვალდებულება, არამედ – თავგადასავალი.

ათი შემოქმედებითი აქტივობა სკოლაში დაბრუნების პირველი დღეებისთვის

0

პირველი გაკვეთილები აუცილებლად განსაკუთრებული უნდა იყოს, ისეთი, მთელი წელი რომ გაჰყვება ბავშვებს. დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველად მიდიხარ სკოლაში. პირველკლასელების მასწავლებლობა დიდი გამოწვევა და მისიაა. ფაქტობრივად ერთად ვქმნით სამომავლო დღეების ჩანასახს და ვიწყებთ საძირკვლის შენებას, რომელზეც შემდეგ უზარმაზარი სასახლეები და ციხე-კოშკები დაშენდება.

ჰოდა, ეს საძირკველი აუცილებლად ძალიან მყარი, ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს, ჩვენ ხომ ბავშვებს მივუძღვებით იმ თავგადასავალში, რომელსაც სკოლის წლები და სწავლება, ცოდნის სამყაროში მოგზაურობა ჰქვია.

მოდი, გაგიზიარებთ პირველი კლასის, პირველი დღის რამდენიმე აქტივობის იდეას, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ ან თქვენებურად, ინტერპრეტირებულად გამოიყენოთ.

ბავშვების გსაცნობად კარგი იდეაა ძაფის გორგლის გამოყენება.

ბავშვები წრეზე სხედან, მასწავლებელს უჭირავს ძაფის გორგალი, რომლის ძაფსაც შლის და ამ ძაფს ბავშვები კიდებენ ხელს. ძაფი იშლება და ბავშვების წრეზე აბლაბუდა იქმნება, ვინც ძაფს ხელს მოკიდებს ის თავის სახელს იძახის, არა მხოლოდ სახელს – ასევე ერთ სიტყვას, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს მის ხასიათს, ინტერესს, მისწრაფებებს, ჰობს… მაგალითად: მე ინა ვარ – წიგნი, მე ანდრო ვარ – ფეხბურთი, მე ნინი ვარ – მზე და ასე შემდეგ.

უცნაური ნივთების თავგადასავალი

ვიღებთ ერთ დიდ ქილას ან სკივრს, რომელშიც ვდებთ შემდეგ ნივთებს: ნიჟარა, ფოთოლი, კენჭი, ფერადი ცარცი, ქვიშა პაწაწინა პარკში ან პატარა გამჭვირვალე ქილაში, წყლის პატარა ბოთლი, პატარა სათამაშო, წიგნაკი, ფანქარი, გამხმარი ყვავილი და სხვა. თითოეულმა ბავშვმა უნდა ამოიღოს თითო ნივთი და მოგვიყვეს საიდან მოხვდა ის აქ, როგორი თავგადასავალი აქვს მას? ზაფხულში თავადაც ხომ არ შეხვედრია და თუ შეხვედრია, სად და როგორ? სასურველია სკივრში იმდენი ნივთი იყოს, რამდენი ბავშვიცაა კლასში. ასე მეტი მოლოდინი იქმნება და უფრო განსხვავებული, ორიგინალური ამბები შეიქმნება. თუ ეს ნივთები ჩვენთვის განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს, შეგვიძლია ვაჩუქოთ კიდეც მათ. ბავშვებს უყვართ საჩუქრები, განსაკუთრებით კი პირველ დღეს. ჩვენ ამით მათ ნდობასა და პატივისცემას მოვიპოვებთ.

 ჩვენი სკოლა

დიდ ფურცელზე სკოლა გვაქვს დახატული, ფანჯრები ღიაა და შიგნით საკლასო ოთახი მოჩანს, ყველა ბავშვი ამ ფანჯარაში, სკოლაში ხატავს თავის სიმბოლოს, ნივთს – იმას, რაც მას გამოხატავს… ეს აქტივობა ეხმარება მათ, რომ აღიქვან სკოლა, კლასი როგორც საკუთარი ნაწილი, სახლი მშვიდ და სასიამოვნო ადგილად, მეორე დღეს შეგვილია ის ნივთები და საგნები მოვატანინოთ ბავშვებს, რომლებიც ქაღალდზე დახატულ სკოლაში ჩახატეს, ნივთებით კი კლასს მოვრთავთ და გავაფორმებთ.

გამოიცანი, რა ან ვინ გამოსცემს ხმას?

მასწავლებელი რთავს სხვადასხვა ხმას: ფოთლების შრიალი, ჩიტის ჭიკჭიკი, ბავშვის სიცილი, წვიმის ხმა, ზარის რეკვა და ასე შემდეგ. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, რის ხმაა. შეგვიძლია წინასწარ დავურიგოთ ბარათები, რომლებზეც ამ ნივთების სახელი იქნება დაწერილი. ხმის მოსმენისას მათ სწრაფად უნდა ასწიონ შესაბამისი ილუსტრაცია.

ცოცხალი ანბანი

შესანიშნავი აქტივობაა ქართულის გაკვეთილისთვის, მასწავლებელი აჩვენებს კონკრეტულ ასოს, მაგალითად -ს და ბავშვები ისე უნდა დადგნენ რომ მიიღონ. ამ დროს კარგი იქნება ანბანთან დაკავშირებული რაიმე მუსიკის გამოყენება. მაგალითად: https://www.youtube.com/watch?v=sDDvSvOosEY ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მათ მასწავლებელი ეხმარება. კარგი იქნება, ასოების გაცოცხლებისთვის დიდი სივრცე თუ იქნება შერჩეული.

ემოციების კომპასი

შესანიშნავი აქტივობაა გაკვეთილის დასასრულისკენ. დაფაზე გამოკრულია ფურცელზე დახატული კომპასი, რომელსაც მხარეების ნაცვლად ემოციები ახატია, მაგალითად: სიხარული, მოწყენილობა, გაბრაზება, გაოცება, შიში, დაინტერესება. ბავშვები მიდიან კომპასთან და საკუთარ სტიკერებს ან სახელებს აწებებენ იმ ემოციას, რომელსაც თავად გრძნობენ, შემდეგ კი ხსნიან ამ არჩევანს და მასწავლებელთან ერთად საუბრობენ.

საიდუმლო ყუთი – მომავლის ფიქრები

ბავშვები ხატავენ ან წერენ იმ მოლოდინებსა და ფიქრებს, რომლებსაც ისურვებდნენ პირველ კლასში – რა სურვილი აქვთ, რა უნდათ ისწავლონ ან გააკეთონ. ეს მოლოდინები ინახება ყუთში, პირველი კლასის ბოლოს კი ყუთი იხსნება და წელიც შეჯამდება.

ცოდნის პიკნიკი

მასწავლებელი კლასში შლის პიკნიკის ხალიჩას, იქვე აქვს პიკნიკის კალათაც. ბავშვები სხდებიან ხალიჩაზე და კალათიდან ალაგებენ ნივთებს, როგორებიცაა, მაგალითად: გლობუსი, ფანქარი, წიგნი, ფუნჯი, სახაზავი და ასე შემდეგ. მოსწავლეები იწყებენ „ცოდნის პიკნიკს“, ანუ გამოთქვამენ ვარაუდებს თითოეული ამ ნივთის გამოყენება რა ცოდნას მათ მისცემს და რის სწავლაში დაეხმარება.

მხიარული მისალმებები

შესანიშნავი აქტივობაა გაკვეთილის დასაწყისისთვის. კართან დგას დიდი კალათა, რომელშიც აწყვია მოზრდილი ბარათები, თითოეულ ბარათზე ორიგინალური მისალმება წერია, მაგალითად: „გამარჯობა, გაიღიმე!“, „მშვენიერი დღე მისურვებია!“, „საუკეთესო დღე გვექნება!“, „სამყაროს გაუცინე!“ და სხვა. ბავშვი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ბარათს, ამოიღებს და წაიკითხავს ან მასწავლებელი წაუკითხავს. ეს იქნება მისი იმდღევანდელი მისალმება.

ცოცხალი წიგნი – მე ვარ წიგნი, წამიკითხე!

ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ თავად არიან წიგნები, რომლებსაც აქვთ სათაური, პირველი გვერდი და ილუსტრაცია. თითოეულ მათგანს აქვს დიდი ფურცელი, სადაც წერენ სათაურს, მაგალითად: „ელენე დაკარგული ვარსკვლავი“, ან „გიორგი საოცრებათა სამყაროში“, ან „თეკლა და რობოტი“ და სხვა. შემდეგ ქმნიან პირველი გვერდის ილუსტრაციას. ბავშვები ერთმანეთს უყვებიან საკუთარ ისტორიებს, ანუ ერთმანეთს კითხულობენ, როგორც წიგნებს.

ექსპედიცია სკოლაში – მეცნიერთა აღმოჩენები

მასწავლებელი ბავშვებს ურიგებს „მეცნიერების პასპორტებს“, პატარა ბარათებს, სადაც მათი ფოტოებია დაწებებული და აწერია მეცნიერი. შემდეგ უხსნის, რომ ისინი დღეს მეცნიერები არიან და მათი მიზანია, შეისწავლონ სკოლა, გამოიკვლიონ და მოაგროვონ მასალები სხვადასხვა სივრციდან. მაგალითად:

ბიბლიოთეკაში იპოვონ ყველაზე სქელი წიგნი და ჩაიწერონ მისი სახელი;

ეზოში მოაგროვონ სამი ფოთოლი;

სპორტდარბაზში დაითვალონ ბურთები;

და სხვა.

ყველა აღმოჩენა საკუთარ პასპორტებში უნდა ჩაწერონ, ხოლო ბოლოს მოაწყონ აღმოჩენების პრეზენტაცია. შესაძლოა ჯგუფებად დაყოფაც. ასეთ შემთხვევაში  თითოეულ ჯგუფს თავისი განსხვავებული დავალებები მიეცემა.

საბოლოოდ, ამდაგვარი აქტივობებით ჩვენს მოსწავლეებს მივაჩვევთ იმას, რომ პროცესით ტკბობა შედეგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს სამყარო გასაოცარი აღმოჩენებითაა სავსე, რომ შესაძლოა ჩვეულებრივი რამეები ჯადოსნურ ნივთებად იქცნენ.

მთავარია – მონდომება, ფიქრი, ოცნება და თამაში; თამაში, როგორც ცხოვრების ყველაზე მშვენიერი ნაწილი.

ქართული პოლიფონიის მუზეუმი

0

გასულ შემოდგომაზე, ბელგარდში – სერბეთის დედაქალაქში, მეგობართან ერთად ნიკოლა ტესლას მუზეუმს ვესტუმრე. დილაუთენია გრძელი რიგი დაგვხვდა. ვიზიტორები რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ. ჯერ 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ვნახეთ ტესლას ცხოვრებისა და აღმოჩენების შესახებ, მერე მასპინძლებმა ჩვენს თვალწინ ჩაატარეს პატარა ექსპერიმენტი – ტესლასდროინდელი ელექტრომოწყობილობა აარახრახეს და პირველი ენერგიაც მიიღეს! შთამბეჭდავი წუთების მერე დიდი მეცნიერისა და გამომგონებლის, თანამედროვე სამყაროს პრომეთეს პირადი ცხოვრების დეტალებშიც შეგვაჭყიტეს, ოღონდ ეს ყველაფერი მაინც მწირი მომეჩვენა, იმასთან შედარებით, რასაც ამ ადამიანის ცხოვრება და გონება იტევდა; ან რას ველოდი იმაზე მეტს, რაც მან კაცობრიობას უკვე მისცა და რითაც თითოეული ჩვენგანი ყოველწამიერად ვსარგებლობთ?..

მუზეუმიდან გამოვედით და ბელგრადის ლამაზ ქუჩებს ჩავუყევით. უცებ, ჩემს მეგობარს ვეკითხები:

– ჩვენ, ქართველებმა, რა მივეცით კაცობრიობას ასეთი სასარგებლო?

მყისიერი პასუხი იყო – ღვინო. ცხადია, ღვინო – მისი შექმნის ტექნოლოგია, ბუნების ნაწილიდან ყოფისა და კულტურის ნაწილად გარდასახვის საიდუმლო.

და, კიდევ?..

ბევრი ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ. რამდენი ადამიანიცაა ამ ქვეყანაში, ალბათ ყველას თავისი პასუხი ექნება, თავისი სამეული, ხუთეული ან შეიძლება ათეულიც. არც იმას გამოვრიცხავ, მეტისმეტად სკეპტიკურებმა პასუხისგან თავი შეიკავონ, ან დარწმუნებით ამტკიცონ, რომ არაფერი კაცობრიობისთვის სასარგებლო ჩვენ არ შეგვიქმნია და რომ ღვინის წარმოების პირველსაწყისებიც საეჭვოა… მაგრამ მე ასეთ ადამიანებს არ ვენდობი. იმიტომ კი არა, რომ უპირობო ჭეშმარიტების მფლობელი ვარ, იმიტომ, რომ ამ ჭეშმარიტების ძიებისას უპირობო უარყოფა ყველაზე წარუმატებელი იარაღია.

რა გვაქვს ჩვენ, ქართველებს, ისეთი, რაც მსოფლიოსთვის სასარგებლოა, რასაც კაცობრიობაც შეეხო და მიიღო, რამაც კოლექტიურ ცნობიერში რაღაც სიკეთისკენ შეცვალა?

ჩემი ფიქრით, ერთი ასეთი სიკეთე ჩვენი პოლიფონიაა. ქართული ხალხური სიმღერის მრავალხმოვანება. ვერ დავიჩემებთ, რომ ეს ჩვენი უნიკალური მიგნებაა, რადგან პოლიფონია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კულტურაშია, თუმცა იმ მასშტაბით, ფილოსოფიური სიღრმით და, რაც მთავარია, სიძველით, როგორიც ჩვენს ისტორიაშია, ვეჭვობ, ყველგან იყოს.

არქეოლოგიური გათხრები და წერილობითი წყაროები ადასტურებს, რომ ქართული მუსიკალური კულტურის სათავე სამი ათასწლეულის მიღმა უნდა ვეძებოთ.

ალბათ ყველას გახსოვთ ცნობილი თრიალეთის თასი (ძვ.წ. II ათასწლეული), რომელზეც ასახულია ფერხული – ქართული მუსიკის უძველესი სახეობა, ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი. ამგვარი რიტუალების კვალი ზოგიერთ საფერხულო სიმღერაშიც ჩანს („ადრეკილა“, „საქმისა“, „მელია ტულეფია“ და ა.შ.).

სამთავროს ბრინჯაოს სარტყელზე გამოსახულია ქართული ფერხულის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში – მონადირეთა ცეკვა. ის ახალი მთვარის შუქზე სრულდება. ამგვარი ცეკვები და სიმღერები (მთვარის შუქზე) მრავლადაა შემორჩენილი საქართველოს კუთხეებში.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს სიმღერა/რიტუალი მრავალხმიანია. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, პოლიფონია საგალობლებშიც განივრცო. X-XII საუკუნეებში კი ქრისტიანული სარიტუალო მრავალხმიანობის განვითარებამ პიკს მიაღწია.

პოლიფონიის ყველაზე მრავალფეროვანი საბადო გურიაა. ტრადიციული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა, აქ გვხვდება ოთხხმიანი სიმღერა – „ნადური“, რომელშიც ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. გადმოცემის მიხედვით, კრიმანჭული უკაცრიელ ადგილზე მარტო მყოფი ბავშვების ხმაა, რომელიც ავ სულებს აფრთხობს.

მრავალხმიანი მუსიკის ჩაწერა საქართველოში მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყო. მაშინ, როცა ევროპაში პირველი პოლიფონიური მუსიკალური ნაწარმოების ჩანაწერი მე-10 საუკუნით თარიღდება.

ქართველების „სავიზიტო ბარათის“, სიმღერა „ჩაკრულოს“ ჩანაწერი პირველად ზაქარია ფალიაშვილმა გააკეთა. 1977 წელს ეს სიმღერა კოსმოსში გაგზავნეს, ნიშნად იმისა, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია. 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკომ აღიარა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი.

მეცნიერები და ფილოსოფოსები მსჯელობენ იმაზე, რომ ქართული პოლიფონია არამხოლოდ ხელოვნების, არამედ ყოფითი და პოლიტიკური კულტურის ნაწილიცაა, რომ ის ორგანიზებულობა, მწყობრი წესრიგი, ჰარმონიულ მრავალხმიანობაში თითოეული ხმის მნიშვნელოვნება ერის განსაკუთრებულ თვისებებს გამოკვეთს.

დღეს, როგორც არასდროს, პოლიფონიის ამ შინაარსის გააზრება გვჭირდება. საბედნიეროდ, ქართველებს სიმღერა კვლავაც შეგვიძლია და თუკი სადმე გვიყვარს ერთმანეთი, ეს, უპირველესად – სიმღერაში. აქ ქართველს ქართველის ხმა კი არ აღიზიანებს, არამედ პირიქით, საკუთარს უწყობს, ფონსაც უქმნის, რათა სხვა ხმებმა თავიანთი „სათქმელი“ სრულყოფილად თქვან!.. ამ პოლიფონიაში ჩვენი ეროვნული ერთობის მოდელია დაუნჯებული – ჩვენი ტოლერანტობის, ღიაობის, კულტურული მრავალხმიანობის და ერთსულოვნების საიდუმლო.

გერმანელი მუსიკისმცოდნე, ზიგფრიდ ნადელი წერს: „ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს“. ამერიკელი ფოლკლორისტი ალან ლომაქსი კი ამ მასშტაბს კიდევ უფრო აფართოებს: „საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია“.

ვფიქრობ, ქართული პოლიფონია ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საკუთარი მუზეუმი ჰქონდეს. მასში ქართული მრავალხმიანი მუსიკალური ისტორიის ყველა ეპიზოდი უნდა აისახოს, ისტორიასთან ერთად კი მისი კულტუროლოგიური არსიც – როგორ მღერიან ერთად ქართველები?..

იქნებ ჩვენი მრავალათასწლოვანი არსებობაც იმ შთაბეჭდილებათა შედეგია, რომელსაც ერთად სიმღერით ვიღებდით; იქნებ სწორედ ესაა ის მარადიული ხსოვნა, რის გამოც ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და მომავლისკენ გვიჭირავს თვალი?!..

ამ გამოცდილების გაზიარება კაცობრიობისთვის სასარგებლო საქმე მგონია. ეს მუზეუმი კი ჩვენს ქვეყანას ყველას უკეთესად გააცნობს. და რაც მთავარია, საკუთრივ ჩვენ გაგვაცნობს და გაგვახსენებს თავსაც და ერთმანეთსაც.

მოდით, ერთად მოვიფიქროთ, როგორი წარმოგვიდგენია ქართული პოლიფონიის მუზეუმი. ეს ფიქრიც ერთად სიმღერასავით ძლიერი და ძვირფასი უნდა იყოს – ნაყოფი უნდა გამოიღოს.

ყველა ხმა მნიშვნელოვანია და რაც მთავარია – უნიკალური.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...