კვირა, აპრილი 5, 2026
5 აპრილი, კვირა, 2026

აქტივობები სკოლის პირველი კვირისთვის

0

ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვებისთვის გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. პირველკლასელები სასკოლო გარემოში პირველად შედიან. მოსწავლეები, რომლებიც საფეხურის იცვლიან – ახალი მასწავლებლების, თანაკლასელების, სახელმძღვანელოების გაცნობის მოლოდინში არიან…

სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეებში, პირველადმა შთაბეჭდილებამ, გამოწვეულმა ემოციამ და ჩვენ მიერ შექმნილმა დასამახსოვრებელმა მომენტებმა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გავლენა იქონიოს კლასის განწყობასა და მოლოდინებზე.

როგორი უნდა იყოს ჩვენი პირველი გაკვეთილები?

სასკოლო გარემოში არსებული თავისუფლება და მასწავლებლის ავტონომია გვეხმარება ისე დავგეგმოთ ჩვენი გაკვეთილები, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობაში, გავალღოთ ყინული, შევახსენოთ მოსწავლეებს განვლილი სემესტრის საკვანძო ცნებები, საკითხები თუ თემები და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასწავლო წლის დაწყების წინ ვცდილობ, მოვიფიქრო და მოვიძიო აქტივობები, რომლებიც სკოლის დაწყების პირველი დღეებისა თუ კვირების განმავლობაში, საკლასო ოთახებსა თუ მის მიღმა გამოვიყენებ. ამ მიზნით გასულ წლებში რამდენიმე სტატია უკვე გამოვაქვეყნე ჩვენი ჟურნალის საშუალებით. 2025-2026 სასწავლო წლის დაწყების წინაც გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად ვაპირებ გამოვიყენო სწავლის დაწყების პირველ კვირებში.

 

შეკითხვების/დებულებების კალათა

ინსტრუქცია

ამობეჭდეთ ან ფურცლებზე დაწერეთ ქვემოთ მოცემული კითხვები (შეგიძლიათ ახალი შეკითხვები თქვენ თვითონ მოიფიქროთ და დაამატოთ). კითხვები ჩამოაყალიბეთ ისე, რომ გარკვეული მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ. თუ თქვენ პირველად შედიხართ ამ კონკრეტულ კლასში, ისე დაგეგმეთ, რომ შეკითხვებმა მოგცეთ კლასის გაცნობისა და მოსწავლეებზე საინტერესო ამბების გაგების საშუალება. ასევე, შეგიძლიათ კითხვები მიმართოთ მათი წინარე ცოდნის გააქტიურებისკენ, განვლილი სასწავლო წლის შეჯამებისკენ და ა.შ.

როდესაც მოსწავლეებს არ იცნობთ, ეს აქტივობა მათი გაცნობის კარგი საშუალებაა. შემთხვევითი პრინციპით მოსწავლეებს დაურიგეთ კითხვები. სთხოვეთ, რომ ჯერ გაგეცნონ და ბოლოს კითხვას უპასუხონ.

 

მოსწავლეებში დადებითი განწყობის შექმნასა და კლასის გაცნობაზე ორიენტირებული კითხვების/დებულებების ჩამონათვალი:

  • რა არის ის ერთი რამ, რის გაკეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს?
  • სუპერძალა რომ გქონოდა რაში/რისთვის გამოიყენებდი?
  • რაიმე თუ გაგიჭირდა, ვის მიმართავ დასახმარებლად?
  • როგორი იქნებოდა შენთვის იდეალური დღე?
  • ჩემი გზავნილი მსოფლიოს…
  • 100 ლარი რომ ვიპოვო…
  • ჩემზე ფილმს რომ იღებდნენ მთავარ როლში ვათამაშებდი…
  • ახლა სკოლაში რომ არ ვიყო…
  • ყველაზე მეტად მეშინია…
  • განვიცდი, როცა…
  • რომელია შენი საყვარელი ფილმი/წიგნი?
  • ჩემს თანაკლასელებს ვეტყოდი, რომ…
  • მიხარია, როდესაც…
  • როგორ გამოიყურება შენთვის საინტერესო გაკვეთილი?
  • ხშირად ვფიქრობ…
  • განსაკუთრებით მიხარია, როცა…
  • ეს აქტივობა… (სასურველია ეს დებულება მოსწავლემ ბოლოს დაასახელოს. ამიტომ მიუწერეთ რომ დაელოდოს თანაკლასელებს).

 

 

ბინგო – მოძებნე ვინმე/ვისაც/ვინც

ინსტრუქცია

ბინგო გავრცელებული თამაშია. მას ხშირად ჯგუფის ურთიერთგაცნობის მიზნით იყენებენ. ამ აქტივობის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება. (იხილეთ ჩემი სტატია აქტივობები დასუფთავების აქციების გამხიარულებისთვის)

ამობეჭდეთ შემოთავაზებული სამუშაო ფურცლები და დაურიგეთ მოსწავლეებს. სთხოვეთ, რომ მუსიკის (ან ხმოვანი შეტყობინების) შემდეგ დაიწყონ მოძრაობა საკლასო ოთახში და ჩაწერონ იმ თანაკლასელის სახელები, რომლებიც კონკრეტულ დებულებებს აკმაყოფილებენ, ისე, რომ არ განმეორდეს (კლასში ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ მისცეთ ერთი მოსწავლის ორჯერ გამეორების საშუალება). სურვილისებრ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ თამაშში.

შემოთავაზებული ვერსია

ამ ზაფხულს იყო სოფელში უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე არდადეგებზე წაიკითხა ორი წიგნი მთელი ზაფხული უყურებდა ანიმეს ამ თვეში აქვს დაბადების დღე
ნამყოფია საზღვარგარეთ მინიმუმ ორჯერ ძალიან გაუხარდა სკოლის დაწყება უყვარს საგანი მოქალაქეობა ძალიან ენატრება ვიღაც ხშირად გეხმარება, მხარს გიჭერს
ებრძვის უსამართლობას გაწყენინათ და აპატიეთ შეუძლია კლასის გამხიარულება ხშირად იჩენს ინიციატივებს ახსოვს რა ისწავლა გასულ წელს
საუბრობს სამ ენაზე აქვს რაიმე კოლექცია უყვარს ფოტოების გადაღება იყო რაიმე კონკურსის მონაწილე ან გამარჯვებული ზაფხულში მუშაობდა რაიმე საქმეზე (მაგალითად, ეხმარებოდა ბებიას და ბაბუას)
აქვს საყვარელი პოდკასტი ან YouTube არხი, რომელსაც ხშირად უსმენს/უყურებს შეუძლია გემრიელი საჭმლის მომზადება უყვარს სათავგადასავლო აქტივობები (ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა, ბანაკი) წერს ჩანახატებს, ლექსებს… მოეწონა ეს აქტივობა

 

მას, შემდეგ რაც პირველი მონაწილე შეასრულებს დაუწიეთ მუსიკას და კიდევ დაელოდეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიკავონ ადგილები და დაიწყეთ შევსებული ბინგოს ფურცლების წარდგენა კლასის წინაშე.

 

სამი რამ

ინსტრუქცია

მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებიდან განსხვავებული ემოციებით, განწყობებითა და ისტორიებით ბრუნდებიან. ეს აქტივობა, მათი დასვენების პერიოდის ერთგვარი შეჯამებისა და ახალი სასწავლო წლისთვის მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას წარმოადგენს. მისი შესრულება შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

ჩამოწერეთ მოცემული სამი დებულება დაფაზე. მიეცით დრო ფიქრისთვის. შემდეგ სთხოვეთ, რიგითობით გააზიარონ მოგონებები და მიზნები.

  • ერთი არასასიამოვნო მომენტი/მოგონება გასული ზაფხულიდან;
  • ერთი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მომენტი/მოგონება ზაფხულის არდადეგებიდან;
  • ერთი კარგი რამ, რაც წინ არის, რასაც ელოდებით სასწავლო წლის განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

„სასწავლო დუელი“, ცოდნის ტრანსფერი და რეპროდუქტიული ცოდნის გააქტიურება

0

სწავლების თანამედროვე მიდგომები ითხოვს ისეთი  მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ფაქტობრივი მასალა უბრალოდ კი არ დაიზეპირონ, არამედ გაიაზრონ და კრიტიკულად იაზროვნონ. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს  მიდგომები, რომელიც ფუნქციურ, დინამიურ და ტრანსფერულ ცოდნას ერთ აქტივობაში გააერთიანებს და ამით მოსწავლის სწრაფად წინსვლას შეუწყობს ხელს. ასეთი მიდგომა ფაქტობრივად გულისხმობს აქტიურ სწავლებას, რომელიც დაფუძნებულია თამაშის ტექნოლოგიაზე, ცოდნის ტრანსფერსა და ცოდნის რეპროდუქციაზე. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სამივე ცნება  ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია:

  • თამაშის ტექნოლოგიის გამოყენება გაკვეთილზე ქმნის აქტიურ, მოსწავლისთვის მამოტივირებელ, შემოქმედებით გარემოს. მოსწავლე მიდის ახალი ცოდნის აგებისკენ, რადგანაც ამ პროცესში  ხდება მოსწავლეთა  ანალიზის, შეფასებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, რაც ახალი ცოდნის მიღების  საფუძველია;
  • ცოდნის ტრანსფერი (Knowledge Transfer) უკვე არსებული ცოდნის გადატანაა ახალ სიტუაციაში და მოსწავლის წინსვლის ახალი პირობაა (მაგალითად, თუ მოსწავლემ თამაშში ისწავლა გუნდური მუშაობა ან მათემატიკური ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, ის ამ ცოდნას კლასგარეშე სივრცეში,  რეალურ ცხოვრებაშიც გამოიყენებს);
  • ცოდნის რეპროდუქცია (ფრანგ.: reproduction) მასწავლებლისგან უკვე მიღებული ცოდნისა და ქმედებების განმეორებითი რეპროდუქციას გულისხმობს (მაგალითად, მასწავლებელი აძლევს კონკრეტულ დავალებას, მოსწავლე კი მას გარკვეული მოდელის მიხედვით ასრულებს).

სწავლების თანამედროვე მოდელი  სამივე ეტაპს ერთიან პროცესად აერთიანებს, როგორც საფეხურებს საბოლოო პროდუქტის მიღების გზაზე:

  • რეპროდუქტიული ცოდნის აქტივაცია – ხაზს უსვამს, რომ უკვე მიღებული ცოდნა ხელახლა ამოქმედდება/გამოიცდება;
  • ცოდნის ტრანსფერი – მიანიშნებს ახალ კონტექსტში გადატანაზე;
  • თამაში – ზუსტად მიუთითებს მიღწევის სტრატეგიასა და მიდგომაზე.

სქემატურად ეს შეიძლება ასე გამოისახოს:

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ რეპროდუქტიული ხასიათის დავალებებზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით უმნიშვნელოვანესია ცოდნის აგების გზაზე. ის ხელს უწყობს:

  • ბაზისური ინფორმაციის დამკვიდრებას – მოსწავლეები იმახსოვრებენ ძირითად  ფაქტებს, ტერმინებსა და მოვლენებს, რომლებიც  რეპროდუქტიული ხასიათის დავალებებია (მაგალითად, კითხვებზე პირდაპირი პასუხი, თარიღების გახსენება ან ცნებების განმარტება), რაც ეხმარება   საწყისი ცოდნის მყარად ჩამოყალიბებას);
  • ცოდნის სტრუქტურირებასა და სისტემატიზაციას – რეპროდუქციული აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, დაყონ ინფორმაცია ცალკეულ ნაწილებად  და მოახდინონ მისი ორგანიზება (მაგ., დაალოგონ ქრონოლოგიურად, გამოპყონ მიზეზ–შედეგობრივი კავშირები);
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა  – როცა მოსწავლეს ახალი მასალა  ჯერ კიდევ მყარად არ აუთვისებია ( არ არის დარწმუნებული), რეპროდუქციული ტიპის დავალებები ნაკლებ სტრესს იწვევს, რადგან მარტივი, ზუსტი პასუხის გაცემის საშუალება მათში ქმნის წარმატების განცდას და ამაღლებს მოტივაციას;
  • მომზადებას შემდეგი ეტაპისთვის / სწავლის პროცესის დიაგნოსტიკაBloom-ის ტაქსონომიის მიხედვით, „ცოდნა“ ,  „გაგება“, „გამოყენება“ (განმეორებითობა) წინ უსწრებს  უფრო მაღალ საფეხურებს – ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას. ფაქტობრივი ცოდნის გარეშე შეუძლებელია კრიტიკული მსჯელობა, პრობლემის გადაჭრა ან ახალი იდეების შექმნა. რეპროდუქტიული დავალებებით  მასწავლებელი   სწრაფად  ამოწმებს, რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი მასალა, სად არის ხარვეზები და რა მიმართულებით უნდა გააგრძელონ მუშაობა.

 

რა  ურთიერთმიმართება არსებობს კონკრეტულად   თამაშსა და რეპროდუქტიული ხასიათის სავარჯიშოს შორის?   

  • სასწავლო პროცესში თამაში და რეპროდუქტიული სავარჯიშო ერთი შეხედვით განსხვავებული, თუმცა შიდა ლოგიკით მჭიდროდ დაკავშირებული კომპონენტებია. თამაში, როგორც აქტიური და ემოციურად დატვირთული სწავლების სტრატეგია, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, შემოქმედებით ჩართულობასა და ინტერესის სტიმულირებას. რეპროდუქტიული დავალება კი მიმართულია უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით ინფორმაციის აღდგენასა და გამყარებაზე, რაც კოგნიტური განვითარების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
  • ამ ორ ელემენტს შორის ურთიერთმიმართება განისაზღვრება მათი ფუნქციური დანიშნულებით: თამაში რეპროდუქტიულ სავარჯიშოს ანიჭებს დინამიკურ, კონკურენტულ და ინტერაქტიულ ხასიათს, რითაც ამცირებს მოსწავლეთა დატვირთვის განცდას და ამაღლებს კოგნიტიურ აქტიურობას;
  • თამაში არ ცვლის რეპროდუქტიული სავარჯიშოს არსს, არამედ მისი ეფექტიანობის განმაძლიერებელ საშუალებად გვევლინება. იგი რეპროდუქციის პროცესს აქცევს მოტივაციურ აქტივობად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის აგებისთვის და ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებისთვის.

როგორ შეიძლება აღნიშნულის მიღწევა  ერთი რომელიმე სასწავლო სტრატეგიის გამოყენებით? ამ კუთხით ფართოდ გამოიყენება ინტერაქტიული თამაშის ტექნოლოგია „სასწავლო დუელი“. ის ინტერაქტიული თამაშია,  რომელიც განკუთვნილია როგორც ახალი მასალის შესასწავლად, ისე ცოდნის შესაჯამებლად. მისი მიზანია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, სწრაფი აზროვნება და  თანამშრომლობის განვითარება;  ასწავლის სწრაფი რეაგირების უნარს, ამყარებს საგნობრივ ცოდნას;  ხელს უწყობს გუნდურ მუშაობასა და ჯანსაღ  კონკურენციას, ანუ მიზნის მისაღწევად იყენებს ცოდნის რეპროდუქციასაც და ცოდნის ტრანსფერსაც.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

  • კლასი – VII
  • თემა – ბრინჯაოს ხანა და ძველი აღმოსავლეთი
  • გამოყენებული მეთოდური მიდგომა: ისტორიული მასალის ინტეგრირებული სწავლება „სასწავლო დუელის“ გამოყენებით;

სასწავლო პროცესის ორგანიზების სქემა:  

  • ახალი მასალის ახნა/განმეორება/შეჯამება (რეკომენდებულია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს თამაშის მიზნები – ახალი მასალის გადაცემა ხდება, განმეორება თუ შეჯამება -შეფასება).
  • მასწავლებელი ქმნის მოსწავლეთა ჯგუფებს  (3–4 წევრი თითოეულში);
  • დავალებების მომზადება (მასწავლებელი წინასწარ ამზადებს თანაბარი სირთულის და ერთნაირი რაოდენობის შეკითხვებს);
  • თამაშის მიმდინარეობა: ჯგუფებს რიგრიგობით ეძლევათ კითხვები. თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემის დრო მონიშნულია (დაახლოებით 1 წუთი). იმარჯვებს ის ჯგუფი, რომელიც გამოყოფილ დროში ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს;
  • რეფლექსია – მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებზეც მოსწავლეებს გაუჭირდათ

მოცემული თემის ნებისმიერ ეტაპზე მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ

  • ბრინჯაოს ხანა წარმოადგენს ეპოქას, როდესაც ლითონის დამუშავების ტექნოლოგიამ საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარდაქმნებს; ტექნოლოგიური კუთხით, ლითონის დამუშავებამ შესაძლებელი გახადა უფრო მტკიცე იარაღისა და სამუშაო იარაღის წარმოება, რამაც გაზარდა შრომის პროდუქტიულობა; მაგრამ წარმოების ზრდამ და რესურსების არათანაბარმა განაწილებამ გამოიწვია   ქონებრივი /სოციალური დიფერენციაცია. გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობაც  (მაგალითად, ყორღანები არა მხოლოდ სამარხი ნაგებობებია, არამედ სოციალური იერარქიის და წინაპართა პატივისცემის სიმბოლოცაა); ყალიბდება პირველი  ცივილიზაციები და  პირველი სახელმწიფოები  [მდინარეთა ხეობებში (ნილოსი, ტიგროსი, ევფრატი..) სარწყავი სისტემების, ნოყიერი ნიადაგისა და სავაჭრო გზების ხელშეწყობით, რასაც მოჰყვა   სახელმწიფო სტურქტურების ჩამოყალიბებაც (სახელმწიფოს მართვა და სამართალი)]; ყალიბდება  კონტაქტები რეგიონებს შორის (მაგალითად, წინარე ქართველური ტომების  – დიაოხისა და კოლხის ურთიერთობები მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან წარმოადგენს რეგიონის ისტორიული კავშირების ნათელი მაგალითია); ფართოვდება ადამიანთა თვალსაწიერი და ადამიანს უყალიბდება გარკვეული დამოკიდებულებები და ღირებულებები გარმომცველი სამყაროს შესახებ;

თემასთან დაკავშირებით სასწავლო დუელისნიმუშის კითხვებია:

  1. რა ტექნოლოგიურმა მიღწევამ განაპირობა ბრინჯაოს ხანის დასაწყისი?
  2. როგორ შეცვალა ლითონის დამუშავებამ ადამიანთა შრომა და წარმოება?
  3. რატომ გაჩნდა ქონებრივი უთანასწორობა პირველყოფილ თემებში?
  4. რა ფუნქცია ჰქონდა ყორღანებს და რას გამოხატავდნენ ისინი?
  5. რატომ წარმოიშვა პირველი სახელმწიფოები მდინარეთა ხეობებში?
  6. რა ნიშნით იყო აუცილებელი კანონების არსებობა ძველ სახელმწიფოებში?
  7. რა კავშირები ჰქონდა დიაოხს მეზობელ აღმოსავლურ ქვეყნებთან?
  8. რა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა კოლხას სხვა რეგიონებთან?
  9. რატომ მოიხსენიებენ აქემენიანთა სპარსეთს როგორც პირველ სახმელეთო იმპერიას?
  10. რა გზით აღმოჩნდნენ ქართველური ტომები აქემენიანთა სპარსეთის შემადგენლობაში?
  11. რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი აღმოსავლეთის შესწავლა თანამედროვე ისტორიული ცნობიერებისთვის?
  12. და ა.შ.

როგორც ვხედავთ, „სასწავლო დუელის“ დროს მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ კითხვებს, რომლებიც ეფუძნება უკვე ნასწავლ ან ახლად შესწავლილ თემას. კითხვები, როგორც წესი, მოითხოვს:

  • კონკრეტული ფაქტის, თარიღის ან ტერმინის გახსენებას;
  • მიზეზ–შედეგობრივი კავშირის მოკლე აღნიშვნას;
  • ცნებების განმარტებას ზუსტი ფორმულირებით.

ეს ყველაფერი მიმართულია ცოდნის რეპროდუქციაზე, ანუ იმაზე, რომ მოსწავლემ არსებული ინფორმაცია შეინახოს მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გამოიძახოს.

რეპროდუქციული დავალების მნიშვნელობა „სასწავლო დუელში“ ორ დონეზე ვლინდება:

  • დამყარება – ახალი მასალის მყარი დამახსოვრება განმეორებით და სწრაფი გახსენებით.
  • სტრუქტურირება – თემის შიდა ლოგიკის ჩამოყალიბება, რადგან სწრაფი პასუხის გაცემისას მოსწავლე იძულებულია გააცნობიეროს, რომელი ინფორმაციაა მთავარი.

ბრინჯაოს ხანისა და ძველი აღმოსავლეთის თემებზე „სასწავლო დუელის“ გამოყენებამ ეფექტიანად გაერთიანა საგნობრივი ცოდნა  და პრაქტიკული უნარები. თამაშის დინამიკამ გაზრდა მოტივაცია, გააძლიერა ინფორმაციის დამახსოვრება  და ამავდროულად განავითარა კრიტიკული აზროვნება.

თამაში „სასწავლო დუელი“ თავისი სტრუქტურითა და მიზნებით რეპროდუქციული ხასიათის დავალების კლასიკურ  მაგალითს წარმოადგენს, სადაც სწრაფი გახსენება აქტიურად ამაგრებს მოსწავლეთა მიერ უკვე მიღებულ ინფორმაციას. რეპროდუქციული აქტივობის ტრადიციული მიზანი – ფაქტობრივი ცოდნის გამყარება – „დუელში“ იძენს  დინამიკურ და კონკურენტულ ხასიათს, რაც ზრდის როგორც სწავლების შედეგიანობას, ისე მოსწავლეთა ჩართულობას.

რაც შეეხება მოტივაციას,   რეპროდუქციული დავალება ხშირად აღიქმება მოსაწყენად, თუმცა „დუელი“ ამ ხასიათს თამაშად გარდაქმნის. შეჯიბრის ელემენტი ზრდის ინტერესს, ამაღლებს ემოციურ ჩართულობას და ამით აძლიერებს მეხსიერებაში მასალის შენახვას.

„სასწავლო დუელის“ მეთოდის გამოყენება წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს შინაარსობრივ სიღრმესა და თამაშით მოტივაციას. ეს მეთოდი არა მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციას, არამედ ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც თანამედროვე ისტორიის სწავლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

რაც არ გვავიწყდება

0

(ჩანაწერებიდან)

რომ ვუფიქრდები, ჩემგან ადამიანს იმ პატარ-პატარა (თუ – არც ისე პატარა) სიკეთეების არდავიწყება და ამ სიკეთეების გამო მადლიერება ქმნის, რაც ჩემთვის ოდესმე გაუკეთებიათ, შეიძლება, სიკეთის გამკეთებელს გაკეთებული სიკეთე ყოველთვის არ გაახსენო, მაგრამ გულში სულ უნდა გახსოვდეს. უმადურობა ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომელიც ადამიანს ცხოველთან ათანაბრებს, უფრო სწორედ, ზოგიერთ ცხოველსაც კი აქვს მადლიერების მძაფრი განცდა…

იქნებოდა, ასე, ორიათას ცხრა წელი. ერთი ახლო ძმაკაცი მყავდა მაშინ, ლექსებსაც წერდა (არცთუ ურიგოს, სხვათა შორის) და, თან, ფრანსუა ვიიონივით, ათას მაიმუნობაში იყო გახლართული. ამ მაიმუნობების ერთ კომპონენტში – ვიღაცებთან არცთუ იშვიათ ჩხუბებს ვგულისხმობ – მეც ვეხვეოდი ხოლმე ძალაუნებურად, ძმაკაცური ვალიდან გამომდინარე.

ამ ჩემს ძმაკაცს ერთი ეფექტური ხერხი ჰქონდა დამუღამებული, ქეიფის მოწადინე, თუმცა უფულო კაცთათვის გამოსაყენებელი: როცა დალევა გვინდოდა, მაგრამ არ გვქონდა ფული, შევიდოდით სადმე, სახინკლეში, იმაზე ერთით მეტ ადამიანზე გავაშლევინებდით სუფრას, ვიდრე ვიყავით (თითქოს კიდევ ველოდით ვიღაცას), მოვილხენდით და ბოლოს ვეტყოდით მასპინძლებს: ჩვენ კაპიკი არ გვაქვს, ძმაკაცს ველოდით და ვერ მოვიდა, იმას უნდა გადაეხადა ფული, ამიტომ, აგერ, ჩემს პირადობას დაგიტოვებთ და ამ დღეებში მოგაწვდით გასამრჯელოსო. მათაც სხვა რა გზა ჰქონდათ, თანხმდებოდნენ. რამდენიმე დღეში მიგვქონდა ხოლმე ფული იძულებითი ნისიის დასაფარად და პირადობის გამოსახსნელად.

ხოდა, ერთი მშვენიერი საღამოა შაბათისა, მე და ეს ჩემი ძმაკაცი უხმოდ მივუყვებით პეკინის გამზირს, გაგარინზე მაშინ მდებარე კაზინო “ოლიმპიაში” დავტოვეთ უკანასკნელი ფული და ვერა ვართ გუნებაზე, სასმლით დარდის განქარვება გვაქვს ორივეს გუმანში იმ ჩვენი ნაჩვევი ხერხით, ხოდა, უახლოეს სახინკლე-რესტორანს ვეძებთ… ქუჩის მეორე მხარეს გამოკრთა ნანატრი აბრა, ჯიქურ გადავჭერით გზა და შევედით სახინკლე-რესტორანში. წესის მიხედვით, სამ კაცზე გავაშლევინეთ სუფრა. ორი ჭიქა არყის და კათხა ლუდის მერე გუნებაც გამოგვიკეთდა და ახლაღა შევამჩნიეთ გვერდზე მაგიდასთან მჯდომი სამი, შუახნის, კულტურული კაცი. შევამჩნიეთ და ისევ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით, ლექსის თქმა მოგვინდა და თითო ლექსიც კი ვუთხარით ერთურთს. ეტყობა, ამ ლექსებმა გვერდითა სუფრის წევრების ყურადღება მიიპყრო და ჩვენი მწირი პურ-მარილიდან თავიანთ უხვ სუფრაზე გადაგვიპატიჟეს. ლექსის პატივისმცემელი ხალხი აღმოჩნდა ჩვენი ახალი მეინახენი და გაუხარდათ, რომ ვუთხარით, ახალგაზრდა პოეტები ვართო… მოკლედ, კარგა გემოზე დავლიეთ, ისინი ჩვენზე ბევრად ადრე იყვნენ მისულები და, ცხადია, ჩვენზე ადრე წავიდნენ გულითადი დამშვიდობების შემდეგ… ჩვენ ისევ ჩვენს სუფრას დავუბრუნდით და უკვე ვემზადებით, რომ ჩვენი სპექტაკლი გავითამაშოთ (ჩემი მორიდებულობის გადამკიდე, მთვრალიც კი ერთ სიკვდილს ვათავებდი, როცა ამას ვაკეთებდით, მაგრამ დალევის სურვილი უფრო მძაფრი იყო ხოლმე, როგორც ჩანს), მივედით დახლთან და ის-ისაა, ლაპარაკი უნდა დავიწყოთ, რომ დახლიდარი გვეუბნება: თქვენი გადახდილია, იმ ბატონებმა გადაიხადესო. ეგენი ჩვენი მუდმივი კლიენტები არიანო, ერთ-ერთი მათგანი ამა და ამ მინისტრის მოადგილეაო, ხოდა, მაგან გადაიხადაო… კიდევ თქვა იმ ქალმა რაღაცები და ბოლოს იმით დაამთავრა, რომ: სამჯერ მომსახურების ფულიც გადაიხადა თქვენთვის წინასწარ, როცა გინდათ, სამჯერ, შეგიძლიათ, სამი-ოთხი ადამიანი მოხვიდეთ და უფასოდ მოგემსახურებითო…

იმ მოადგილისთვის მანამდეც მომეკრა თვალი ტელევიზორში (პირველი შეხედვისთანავე მეცნო საიდანღაც), თუმცა სახელ-გვარი არ ვიცოდი, რადგან არცთუ ხეირიანად ვერკვეოდი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩინოსნებში და, მით უმეტეს – მეორეხარისხოვან ჩინოსნებში (რა დასამალია და, ვერც ახლა ვერკვევი)… კი გვითხრა დახლის ქალმა მისი გვარი, მაგრამ დამავიწყდა, სამაგიეროდ, მთელი ამ წლების მანძილზე, სახე არ დამვიწყებია მისი. ამას წინათ რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი ძმებ კარბელაშვილებზე და ერთ-ერთ რესპონდენტში ის კაცი შევიცანი, იმ კარბელაშვილების მოგვარე-შთამომავალი ყოფილა. მივგუგლ-მოვგუგლე და, დიახ, სწორედ მაშინ უმსახურია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

შეიძლება, ვინმემ, ამის წამკითხავმა, “ნაცობაც” დამაბრალოს, ოღონდ მწარედ შეცდება, იმათი, წინების, მეხოტბე და მოყვარული საერთოდ არ გახლავართ, მაგრამ კაი კაცი შეიძლება, ყველგან იყოს. თექვსმეტი წელი გავიდა მას მერე და ეს ამბავი არ მავიწყდება და არც არასოდეს დამავიწყდება, რადგან, ვიიონ-წერედიანისა არ იყოს (ზემოთ ტყუილად კი არ მიხსენებია ფრასნუა):

“ვინც იცის, იცის, არ მიყვარს ლიქნა,
მაგრამ, კაცს ღმერთი თუ არ გიწყრება
და ვინმემ მართლა სიკეთე გიქნა,
ხამს სიკეთისა არ დავიწყება.”

ბელა წვერაძის ყოფნის წიგნი

0

,,ყველას აქვს ისეთი ადგილი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ  იქ ჰაერს ახსოვს შენი ბედნიერი სუნთქვა’’ – თქვა ერთხელ რემარკმა. სწორადაც თქვა – მართალია ჰერ ერიხ მარია რემარკი. მაგრამ ვფიქრობ, რომ  ადგილი არა – ასაკია უფრო და ბავშვობა ჰქვია. ეგ ასაკი ნიშნავს ტერიტორიას, რომელზეც შენი ბედნიერებაა დასახლებული. უმიზეზო სიხარულების და ასხლეტილი ტკივილების დრო. მერე ეს ადგილი მოსგდევს და არ გტოვებს. და კი – სულ ერთია, როგორია ეს ადგილი. ანუ საკუთარი ბავშვობა. აბა, ,,ბაბაჯანას ქოშები’’ სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღარიბი ბედნიერების გამოდევნება? აი, ის ,,ბაბაჯანას ქოშები’’, ახლანდელ ბავშვებს ცოტა რომ აშინებს. მაგრამ ეს სხვა ლაპარაკის კუთხეა.

ბელა წვერაძე კი წერს საკუთარ ჰაერზე. ეს ჰაერი იმ ქალაქს ეკუთვნის, რომელზეც ცოტა რამ გვსმენია, მაგრამ ბევრს იმსახურებს. ძალიან ბევრს. ეგრე გამოვიდა, რომ მე პატარა ბინა მაქვს დუშეთის მახლობლად და მაქაურობის მაგიას კარგად ვიცნობ. თუ ოდესმე გაზაფხულზე იქაურ მინდვრებზე მოხვედრილხარ, ჯერ გვირილების გადარბენას ნახავ, მერე ეს მინდვრები ყაყაჩოების წითელას დაიმართებს. უცნაურად ლამაზია დუშეთი ზაფხულობით. კი,  ჯერ ფერფრთხილ მწვანეზე გვირილა მოთოვს, მერე ყაყაჩო, ღიღილო და ძირწითელა დაკენკავს გვირილების მიმდნარ თოვლს. ორი კვირა უნდა ჩაუსაფრდე და ნახო ეს ფერისცვალებები. და ცაცხვის ყვავილის სუნი კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია, რადგან ზოგი სუნი შეიძლება მოყვე კიდეც. ოღონდ ეგ რომ მოყვე, ბაზრის ქუჩას უნდა დაუყვე ივნისის მიწურულს, სანამ მაყვალს და ლურსმნებს ყიდიან, მანდ უნდა გაჩერდე  – ჭიშკრამდე მეორე ხესთან, მიეყრდნო, მაღლა ახედო და ჩაისუნთქო. და თუ დუშეთის ცა არ იცით, მაშინ ცა საერთოდ არ გცოდნიათ, რადგან ამ ცასაც, იმ მინდვრებივით, დილაობით ბარემ ხუთგვარად შეუძლია ფერისცვალება – მოწმენდელია და ქუხილის ხმა ისმის. აი, საიდან, კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ გეფიცებით, ისმის და ხან შეიძლება უღრუბლოდაც დაგეცეს წვეთი. ისეთი ცაა, რომ წესია ასეთიზურგზე უნდა იწვე და უყურო. ასეთია დუშური ზაფხულები – აგერ ზამთარშიც კი მაგაზე მეფიქრება და ვწერ.

მაგრამ სხვა რამეა მისული კაცის ფიქრი, მხოლოდ თვალისგან ნაკარნახევი და სხვა რამეა ფიქრი შიგნიდან, როცა მთელი დუშეთი გამოგივლია, მეორე მსოფლიო ომის ეპილოგიდან ვიდრე დღემდე.

 

,,დრო, დრო აღნიშნე!’’  –  რადგანაც გალაკტიონი მოგვიწოდებს და მე გალაკტიონის მჯერა, მწერლობის ერთი მთავარი ძალა, სწორედ საკუთარი დროის სხვა დროებისთვის განდობა მგონია. ბელას წიგნი დუშური დღიურია. დუშეთურს დავწერდი, მაგრამ იქაურები მიმიხვდებიან, რატომაც. ეს დღიური ნაბიჯ-ნაბიჯ მოყვება ქალის და ქალაქის ცხოვრებას.

ყველა ქუჩა, შესახვევი, ადამიანი, რომელიც მეხსიერებამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ბელამ საკუთარი ამბის ნაწილად აქცია. თანაც წერა ისე იხერხება, რომ იმთავითე გრძნობ, რამე ზერელე დოკუმენტურ საარქივო იძულებას კი არა, მაღალმხატვრულ ლიტერატურას კითხულობ. აგერ მაგალითად:  ,,ნატო ბებომ შელოცვა იცოდა, ტკბილად მახსენდება მისი ჩიფჩიფი. სიცხიანი ვწევარ და გაურკვეველი სიტყვები ნანასავით ჩამესმის… ნეტავ რას ამბობს? ნახშირიანი დანა უჭირავს… მერე მეძინება.’’   ეს მაგიური სცენა საკუთარი გამოტოვებით, გიბიძგებთ გაიხსენოთ ყველა ლოცვა და შელოცვა, რაც რომ გსმენიათ და წაგიკითხავთ. ეს იძულებაა ლიტერატურის ძალა.

 

ყველა თავი ერთ დიდი მასალას აგროვებს რომანისთვის. ისეთიც კი, თითქოს რუტინულ შრომას და რედაქციას რომ ეძღვნება. აგერ ვაჟა-ფშაველას სტუმრობები რად ღირს მწერლის წინაპრების სახლში და მამიდის მოგონება: „პატარა ვარ და ვხედავ, რომ ჩემი ნინო ძალოს ტახტზე, რომელზეც აძრომა და თამაში მიყვარდა, უცხო კაცი წევს და ჩურჩხელას შეექცევა. ალბათ უფრო ჩურჩხელას მივაცქერდი, კაცმა კი ყურადღება არ მომაქცია და არც ჩურჩხელა შემომთავაზა. ნაწყენი გამოვტრიალდი. დედაჩემმაც მკლავში წამავლო ხელი და დამიტია: „ნუ აწუხებ“. ამ დროს კაცმა დაიძახა: „არ მაწუხებს, მაშო. პატარა ქალო, მოდი ჩემთან“. მეც ხელმეორედ მივედი. მკითხა, რა გქვიაო. ნინა- მეთქი ვუპასუხე. „ნინა თუ ნინო?“, გამიმეორა. დამფრთხალი ვიდექი. მერე მითხრა: „ნინო, რატომ არ მეტყვი, შენ ეგ მეორე თვალიც უნდა გამოგეთხაროს, ჩურჩხელას რომ არ მაჭმევო’’. ჩურჩხელით ხელში ისევ დედასთან გავტრიალდი. რა ვიცოდი მაშინ, ვინ იყო ვაჟა ფშაველა…“

 

ეს სცენები აუცილებლად გამოაგდება იმ ხალხს, ვინც ადამიანის ყოფის ნიუანსებით ინტერესდება, მათ შორის სიბერის და სიკვდილთან შეგებების რიტუალით: ,¸დღესაც ვერ ამიხსნია რას ნიშნავს სიბერე; ვერ ამიხსნია რატომ რჩება ადამიანი მუდმივად ბავშვობისა და ახალგაზრდობის განცდების სასიამოვნო ტყვეობაში და რატომ ვერ არქმევს ახალგაზრდულ შინაგან მდგომარეობას სიბერეს. მამიდაჩემი ლიზა წვერაძე 87 წლისა

გარდაიცვალა და ერთი წუთითაც არ უღალატია თავისი სიყრმისა და ახალგაზრდობის ჩვევებისა და მოთხოვნილებებისთვის. მკაცრი, პედანტურად წესრიგის მოყვარული მამიდა გარდაცვალების წინ ანდერძად მიტოვებს: „აი, ეს ვარდისფერი კოფთა ჩამაცვით და საფლავის ქვაზე, აი, ეს ფოტო დახატეთ“.

 

ნაზი შამანაურისთვის მიძღვნილი თავი ამ წიგნის კი არა, მსოფლიო ისტორიის ცალკე თავი უნდა იყოს. ამ ქალის ისტორია ბევრ რამეს იტევს და იოლად ირგებს თითქოს უკვე გამცვდარ სახელს – გმირი. საბჭოთა კავშირის ბოროტება,  ამ გმირობის ჩადენა პერსონალური ფობიების გადალახვის ფასად უჯდებოდა:

,,ერთხელ ვცადე ნაზი შამანაური დამეყოლიებინა და აკაკი ბაქრაძის ლექციების მოსმენა ვურჩიე. გამიღიმა და მშვიდად მიპასუხა: „იცი, ბელა, თქვენ ყველანი, ვინც იქ დადიხართ, აღრიცხვაზე ხართ აყვანილი’’.

ვხედავდი, ვიგრძენი, რომ ნაზი, რომელიც სამართლიანობის დასაცავად ურჩხულს შეერკინებოდა და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევდა, უშიშროების დევნის შიშს შეეპყრო. თუმცა კვლავ თავგამოდებით და შეუპოვრად ებრძოდა ყველას, ვინც დაუცველი ადამიანების –

მოხუცების, საწყლების, ობლების, ღარიბების უფლებებს ლახავდა, სხვისი შრომის

ექსპლუატაციით ჯიბეს ისქელებდა, სახელმწიფოსა და ხალხის ქონებას ითვისებდა, საბავშვო ბაღებსა თუ უპატრონოთა სახლებში ბავშვებს ლუკმას აკლებდა; იბრძოდა ღიად, უკომპრომისოდ და ზოგჯერ აგრესიულადაც, მხოლოდ საკუთარი ნერვებისა და ფსიქიკის დაზიანების ხარჯზე; იბრძოდა მხოლოდ ჟურნალისტის კალმით.’’

 

წერის სტილი მონაცვლეობს, მაგრამ ფრაგმენტულს არ ხდის ნაწარმოებს, პირიქით, თითქოს ფაზლებით იგება ერთი მთლიანობა, პატარა ქალაქის დიდი ტილო. ეს ტილო ფერადია და არა ჭრელი. სხვადასხვა ეპოქას მოიცავს, სხვადასხვაგვარ განწყობებს და წინააღმდეგობებს. საბოლოოდ, კი სიცოცლისაა ეს წიგნი. საკუთარი თავის ამ ყოფაზე დამჩნევის და დანარჩუნების.

ამიტომაც ჰქვია ასე – რაც იყო, იყო და არა იყო და არა იყო რა.

რას ვაკეთებთ, როცა არაფერს ვაკეთებთ

0

დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მოსამზადებელი ფაციფუცისა და ბიუროკრატიული აურზაურის მიუხედავად, ყველას გვიხარია სკოლაში დაბრუნება, რადგან დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან (კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები…) შეხვედრის საშუალება გვეძლევა. თუმცა, სასკოლო რუტინისგან თავისუფალი თვეების შემდეგ, სამუშაო პროცესთან შეგუება პატარებს კი არა, უფროსებსაც ძალიან გვიჭირს.

ამ თემაზე არსებული წიგნებიდან, რომელთა წაკითხვასაც საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ვურჩევ, ერთ-ერთი არის მეგან მაკდონალდსის „ჯუდი მუდი ცუდ გუნებაზეა“ (პირველი წიგნი). ჯუდიც ისევე ვერ ელევა ზაფხულს, როგორც ჩემი მოსწავლეების დიდი ნაწილი. მას თმის დავარცხნაც კი ეზარება, რომ არაფერი ვთქვათ სკოლაში ახალი სიტყვების დაზეპირებასა თუ წებოჭამია თანაკლასელის გვერდით ჯდომაზე. მას არც ახალი ნივთები ახარებს და არც – მამის მომზადებული საუზმე, განსაკუთრებით კი ის ადარდებს, რომ არაფერი აქვს თანაკლასელებისთვის მოსაყოლი, რადგან მისი აზრით, ზაფხულში გამორჩეული არაფერი უკეთებია…

და მაინც, რას ნიშნავს არაფრის კეთება? ნუთუ შეუძლია ადამიანს, მართლა არ გააკეთოს არაფერი თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში? მოდი, ერთად ვიფიქროთ ამაზე.

ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დასვენება და არაფრის კეთება ერთი და იგივე რამაა. იმისათვის, რომ გავიაზროთ, რას ნიშნავს „სწორად“ დასვენება, სჯობს, ქვემოთ მოცემულ ლინკს მივყვეთ:

https://www.youtube.com/watch?v=8ZW9EYByNDE

ამ ვიდეოზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანის გადაღლას (ფიზიკურ თუ გონებრივ გადაწვას) „სწორად დაღლის/დასვენების“ ტექნიკების არცოდნა განაპირობებს. ამას გარდა, დასვენება სულაც არ ნიშნავს არაფრის კეთებას და ამ უნარსაც ისევე სჭირდება გამომუშავება, როგორც სხვა ნებისმიერ უნარს.

როცა არაფერს ვაკეთებთ, სინამდვილეში ბევრი საინტერესო რამ ხდება: ენერგიის აღდგენა/შევსება (როგორც ფიზიკური, ასევე – გონებრივი და ემოციური), ფიქრი/საკუთარ თავში ჩაღრმავება (სწორედ ამ დროს ხდება შეუმჩნეველი პრობლემების დანახვა, იდეების გენერირება და სხვ.), მეხსიერებისა და ემოციების „გავარჯიშება“ (მოგონებებში გადაშვება, ემოციების გამოწვევა, სტრესის მართვა და სხვ.), დღე-ღამის ბიორიტმისა და მოქნილობის სტიმულირება (ზომიერი შეჩერება/რუტინული რიტმიდან ამოვარდნა ხელს უწყობს გონებრივ მრავალფეროვნებას, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას) და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა, არაფრის კეთება სასარგებლო საქმიანობად იქცეს?! ფოკუსირებული სუნთქვაც კი საკმარისია იმის მაგალითად, რომ ამ შეკითხვას დადებითი პასუხი გაეცეს. ამას გარდა, არსებობს არაერთი საინტერესო სავარჯიშო, რომელიც რუტინით დაღლილი მოსწავლეების თუ საკუთარი თავის  „გადასატვირთად“ გამოგადგებათ. აი, მაგალითად:

დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ გაიგონოთ 5 ხმა, 4 შეგრძნება, 3 სურნელი და ა.შ. (სენსორული სავარჯიშო)

როცა ეს ვარჯიში პირველად გავაკეთე კლასში, შედეგმა გამაოცა. მოსწავლეებმა არამარტო კლასში არსებული ხმები „დაიჭირეს“, არც სკოლის ეზოს ხმების გარჩევა გასჭირვებიათ და არც არსებული გარემოს შეგრძნებების ენაზე აღწერა. ფანჯრიდან შემოჭრილი ტყის სურნელი კი ინსპირაციის წყაროდ აქციეს… ჩემი აზრით, დამღლელი სასწავლო დღის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ამგვარი პაუზების გაკეთება სასარგებლოცაა და სასიამოვნოც.

ასევე სასარგებლო შესვენებად ითვლება ემოციური გადატვირთვისას მცირე პაუზის აღება. მაგალითად, როცა რაღაცის კეთება არ გამოგდის და ბრაზიც იმატებს, სჯობს, ცოტა ხნით გვერდზე გადადო ის შენი საკეთებელი და გონება „გადართო“. ამ მეთოდს უფროსები ხშირად მივმართავთ, მაგრამ პატარებს დამოუკიდებლად უჭირთ სწორი მომენტის შერჩევა შესასვენებლად, ბრაზის კონტროლი და ა.შ. მათ სჭირდებათ მითითება, თუ როგორ მიუდგნენ წარუმატებლობას სწავლის პროცესში, რას ნიშნავს შეცდომებზე სწავლა, როგორ არ დავნებდეთ განმეორებადი მარცხის შემთხვევაში, როგორ გავიხაროთ პირადი პროგრესით და ა.შ. ასეთ დროს ფრაზა „ცოტა ხნით არაფერი აკეთო“ შეიძლება მოსწავლეს ერთგვარ მაშველ რგოლად მოევლინოს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ თუნდაც 10-15 წუთიანი სეირნობა ყურსასმენებისა და საქმიანი ფიქრების გარეშე. დავაკვირდეთ ნაცნობ გარემოს – სახლებს, ხეებს, ხმებს… მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს, შევიგრძნოთ მისი ბუნებრივი ტემპი, არ ავაჩქაროთ საკუთარი თავი, არ დავუსახოთ კონკრეტული მიზანი (კალორიების დაწვა თუ გადაადგილების აუცილებლობა), უბრალოდ, ვასეირნოთ. კარგი იქნება, თუ აღნიშნულ პრაქტიკას ყოველდღიურობაში დავნერგავთ და ყოველგვარი მუსიკალური ფონისა თუ ნაცნობებთან საუბრის გარეშე, ცოტა ხნით მაინც მოვუსმენთ საკუთარ სხეულსა და გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.

21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ე.წ. ელექტრონული ხმაურის გარეშე. საჭმელს, უმეტესად, რომელიმე სატელევიზიო გადაცემის ან ფილმის ყურების პროცესში მივირთმევთ, ჩაისაც კი სმარტფონში სქროლვის თანხლებით ვსვამთ, რაც ხელს გვიშლის საკუთარი ორგანიზმის მოსმენასა (ნაყროვანების განცდა) და თავად სმის პროცესით ტკბობაში. ამიტომ, თქვენთან ერთად საკუთარ თავსაც ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დავისხათ ჩაი ან ყავა, დავსხდეთ განმარტოებით/სიჩუმეში და აუჩქარებლად, ნება-ნება დავლიოთ საყვარელი სასმელი, დავაკვირდეთ მის გემოს, არომატს, შეგრძნებებს, რომლებიც მისი სმის პროცესში გვეუფლება… იქნებ ასე მაინც მივაგნოთ პასუხს შეკითხვაზე, რატომ გვიყვარს ეს სასმელი ასე ძალიან, ან იქნებ სულაც არ გვიყვარს და უბრალოდ, „არაფრის კეთების“ პროცესში კარგი კომპანიონია?!

მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომელიც არაფრის კეთებას სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობად აქცევს:

ფანჯრიდან დანახული სამყარო

ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან საოცარი ხედი იშლება, ამიტომაც ხშირად ვთხოვ გადაღლილ მოსწავლეებს, გაიხედონ ფანჯრიდან და 1-2 წუთის განმავლობაში უყურონ ცას, ღრუბლებს, ფანჯრის წინ ასვეტილ მთას, მოშრიალე ხეებზე მოხტუნავე ციყვებს… არ ეცადონ ფიქრების გაჩერება-გაკონტროლებას, უბრალოდ მიყვნენ მათ. ზოგ შემთხვევაში ამ შეგრძნებებს ამინდის შესაბამისი მუსიკით ვამძაფრებ, უფროს კლასებში კი ერთგვარ „შეგრძნებების დღიურში“ ჩანაწერებსაც ვაკეთებინებ მოსწავლეებს.

სუნთქვითი ვარჯიში განტვირთვისთვის

ხშირად განტვირთვისთვის საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვებაც საკმარისია. სჯობს, თვალები დახუჭოთ და საკუთარ სუნთქვას ისე დაუგდოთ ყური. ჩაისუნთქეთ, რამდენიმე წამით შეჩერდით, შემდეგ კი ამოისუნთქეთ… 1-2 წუთიც კი საკმარისია ტვინის „განიავებისთვის“. უფროსკლასელებისთვის სუნთქვის მარტივი ვარჯიშების შეთავაზებაც შეიძლება.

აზრებისგან დაცლა

მოსწავლეებს ხშირად ახასიათებთ აზრების მოჭარბება, თუნდაც „არაფრის კეთების“ პროცესში. მე მათ ამ დროს მოკლე ჩანაწერების კეთებას ვურჩევ, რადგან ერთი შეხედვით არასაჭირო იდეა შესაძლოა სხვა დროს გამოგადგეთ, თან მოჭარბებული ფიქრებისგან ტვინსაც განტვირთავენ. ფიქოლოგების თქმით, ამგვარი პატარა პაუზები ამცირებს სტრესს, ზრდის კონცენტრაციას, ააქტიურებს ფანტაზიას და მოაქვს სიმშვიდის შეგრძნება.

სწორად დასვენების  დღიური

მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ მარტივი გეგმა, თუ როგორ აქციონ ყოველდღიურ რუტინაში არაფრის კეთება სასარგებლო პროცესად და გააანალიზონ შედეგები. აქვე გაგიზიარებთ დღიურის ერთგვარ ნიმუშს.

დღე N1 – გაიხედე ფანჯრიდან (5 წუთი)

დაჯექი ფანჯარასთან, დააკვირდი გარემოს, მიეცი ფიქრებს უფლება, თავისით მოვიდნენ და წავიდნენ. შეეცადე, შეაჩერო საქმიანი ფიქრები/აზრები.

დღე N2 – დალიე სიჩუმე (5 წუთი)

დაისხი საყვარელი სასმელი. გამორთე ან გადადე ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა, შეეცადე დალიო ჩაი ან სხვა სასმელი მარტომ/სიჩუმეში. დააკვირდი მის სუნს, გემოს და ტემპერატურას, იმ შეგრძნებებს, რასაც ეს სასმელი შენში იწვევს. ისიამოვნე მხოლოდ ერთი რამის კეთებით.

დღე N3 – ისეირნე სეირნობისთვის (5-10 წუთი)

გადი ეზოში ან სახლთან ახლოს მდებარე სკვერში/ქუჩაში. არ ჩართო მუსიკა, სასურველია, არც არავის გაესაუბრო. დააკვირდი საკუთარ ნაბიჯებს, შეიგრძენი სხეულის რიტმი, დააკვირდი ნაცნობ გარემოს, აი ნახავ, რამდენ უცნობ დეტალს აღმოაჩენ.

დღე N4 – დააკვირდი სუნთქვას (2-3 წუთი)

დაჯექი ან დაწექი კომფორტულად და კონცენტრირდი სუნთქვის პროცესზე. ჩაისუნთქე, რამდენიმე წამით შეჩერდი და ამოისუნთქეთ. შეგიძლია ეს სავარჯიშო გააკეთო პირით (ხმამაღალი სუნთქვა), ცხვირით ან შერეულად (ჩავისუნთქავთ პირით და ამოვისუნთავთ ცხვირით ან პირიქით). შეეცადე, არაფერზე იფიქრო და მთლიანად სუნთქვის პროცესზე კონცენტრირდე.

დღე N5 – დაიცალე აზრებისგან (5-7 წუთი)

აიღე ფურცელი და კალამი. ჩაიწერე ყველაფერი, რაც თავში მოგივა (ფიქრები, იდეები, ემოციები…). არ დაალაგო, უბრალოდ გადმოყარე ფურცელზე ყველაფერი, რაც გონებას ტვირთავს. შემდეგ კი ფურცელი გვერდზე გადადე და შეწყვეტილ საქმიანობას მიუბრუნდი. აუცილებლად იგრძნობ, თუ რა ეფექტურად მუშაობს ზედმეტი ფიქრებისგან დაცლილი გონება.

დღე N6 – გაავარჯიშე სენსორული მეხსიერება (3-5 წუთი)

დახუჭე თვალები და შეეცადე, ქუჩიდან შემომავალი ხმები ერთმანეთისგან განაცალკევო და წარმოიდგინო, თუ რომელი ობიექტები გამოსცემენ  ამ ხმებს, ან პირიქით – გაიკეთე ყურის საცობები, გაიხედე ფანჯრიდან და შეეცადე „გაიგონო“, თუ როგორ ხმას გამოსცემს ესა თუ ის ობიექტი. ამგვარადვე შეგიძლია გაიქტიურო  ყნოსვისა და გემოს რეცეპტორები. შეეცადე გამოიცნო, თუ რომელ საჭმელს ამზადებენ მეზობლები, რომელ ტკბილეულს აცხობენ მახლობელ საფუნთუშეში და სხვ. კერძის გამოცნობის შემდეგ, ვფიქრობ, მისი გემოს გახსენება სულაც არ გაგიჭირდება.

დღე N7 – მიეცი შენს თავს სწორად დასვენების უფლება

სასურველია, ეს აქტივობა კვირადღეს ან ისეთ დღეს დაამთხვიო, როცა აუცილებლად გასაკეთებელი საქმე არ გაქვს. პირველ რიგში, გააჩუმე საკუთარ თავში კრიტიკოსი. იძინე იქამდე, სადამდეც გსურს, ნუ გაუბრაზდები საკუთარ თავს „უსაქმურობის“ გამო, ჰკითხე მას, რისი კეთება სურს? იქნებ ემოციური ენერგიის შესავსებად სპექტაკლის ან ფილმის სანახავად წაიყვანო, ან ბუნებას მონატრებული, შემოდგომის ტყეში გაასეირნო…

გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადოთ სწორად დასვენების ამგვარი თუ არა, თქვენეული გეგმის შემუშავება და ნახეთ, იქნებ არაფრის კეთებამ თქვენც მოგიტანოთ სარგებელი.

რატომ არის წითელა უფრო საშიში, ვიდრე წარმოგიდგენია

0

ეს სტატია მოგვითხრობს ალისას, ექვსი წლის გოგოს ისტორიას, რომელიც წითელათი დაავადდა. ტექსტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს დაანახოს, რომ წითელა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე უბრალო გამონაყარი ან სიცხე. ის ხსნის სამეცნიერო კონცეფციას, რომელსაც „იმუნური ამნეზია“ ეწოდება და მარტივი ენით აღწერს, თუ როგორ ასუსტებს წითელას ვირუსი იმუნურ სისტემას გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოცემული მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც იმუნური სისტემის მუშაობის, ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობის განხილვისას. კითხვები შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ტექსტი, ამოიცნონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გაიაზრონ, თუ რატომ არის ვაქცინაცია არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი. ეს ისტორია ემოციურად დატვირთულია, რაც თემას უფრო ახლოს მოუტანს მათ და გაუადვილებს ინფორმაციის დამახსოვრებას.

მოცემული სტატია ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და Our World in Data-ს მონაცემებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ეხება წითელას და მისი ვაქცინაციის მნიშვნელობას.

საკითხავი მასალა

,,ალისა ექვსი წლის, სიცოცხლით სავსე, ენერგიული გოგო იყო, რომელსაც უყვარდა ხეებზე სიარული, დასდევდა პეპლებს, ოთახის კედლებზე ხატავდა ცისარტყელებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, არასდროს გაუცდენია სკოლა. მის მშობლებს   გაციება და სურდო ძალიან მსუბუქ მდგომარეობად მიაჩნდათ.

თუმცა, ერთ ზაფხულს ალისას დაეწყო მაღალი სიცხეები, გახშირებული ხველა, თვალები დაუწითლდა, დაღლილობის შეგრძნება არ შორდებოდა. კანზე წითელი გამონაყარი გაუჩნდა და სახიდან მთელ სხეულზე გადავიდა. ექიმმა ერთი შეხედვით, თქვა: ეს წითელაა.

მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან არ გაუკეთეს ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინა. მათ ინტერნეტში წაიკითხეს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო სასარგებლო იყო ორგანიზმისთვის. ისინი არ ელოდნენ გართულებას, წითელა ხომ იშვიათი დაავადებააო, ფიქრობდნენ.

 

იმუნური პასუხი

თანდათან სიცხემ იმატა, გამონაყარი მთელ ტანზე გავრცელდა. იმუნური სისტემაც მოქმედებაში მოვიდა. ლეიკოციტები გააქტიურდნენ, დაიწყო ციტოკინების გამომუშავება. ციტოკინებმა კი ვირუსის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავების სიგნალი ჩართეს.  ისინი განგაშის ზარივით მოქმედებდნენ. ციტოკინები ცილებია, რომლებიც ანტისხეულებს ,,მიუთითებენ“ სად წავიდნენ. მაგრამ წითელა არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, განსხვავებული საიდუმლო იარაღი აქვს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ წითელას ვირუსი პირდაპირ იმუნურ უჯრედებს უტევს. აინფიცირებს და ანადგურებს T და B ლიმფოციტებს, მეხსიერების უჯრედებს, რომლებსაც ,,დამახსოვრებული“ აქვთ ის პათოგენები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილა. უკვე იციან როგორ ებრძოლონ იმ დაავადების გამომწვევებს, რომელიც ალისას უკვე გადატანილი ჰქონდა. მის იმუნურ უჯრედებს დამახსოვრებული ჰქონდათ გაციების, გრიპის, სტრეპტოკოკული ინფექციის გამომწვევები, თუმცა ყველაფერი თანდათან მეხსიერებიდან იშლებოდა. ასეთ მდგომარეობას ექიმები და მეცნიერები იმუნურ ამნეზიას უწოდებენ. წითელას ვირუსი ,,აჭერს“ გადატვირთვის ღილაკს, შლის წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და ასუსტებს იმუნურ სისტემას. კვლევებით დადასტურებულია, რომ წოთელას ვირუსს შეუძლია წაშალოს იმუნური მეხსიერების 20%-დან 70%-მდე. მის აღდგენას კი თვეები და შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს.

 

ალისას ჰოსპიტალიზაცია ენცეფალიტის გამო

მაშინ, როცა გამონაყარი შემცირდა და ტემპერატურამაც კლება დაიწყო, ალისას მშობლებმა საგანგაშო სიმპტომები შენიშნეს. გოგო ვეღარ დადიოდა, ფეხები ეკვეთებოდა, მეტყველებაც უჭირდა, თვალების მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდა. სასწრაფოდ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა უსწრაფესად დასვეს დიაგნოზი. ალისას წითელასთან ასოცირებული ენცეფალიტი განუვითარდა. წითელას ვირუსმა ტვინის ანთება გამოიწვია. ყოველ 1000 დაავადებულზე ეს მხოლოდ ერთ პაციენტს უვითარდება. ენცეფალიტს შეუძლია გამოიწვიოს გულყრა, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი. ალისამ რამდენიმე დღე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაატარა. ტვინის შეშუპების შესამცირებლად გადასხმებს უკეთებდნენ. 24 საათი მუდმივი კონტროლის ქვეშ გაატარა. მშობლებს აღარ ეგონათ რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა.

 

გრძელვადიანი ეფექტი

ალისა გადარჩა, თუმცა დაავადებამ კვალი დატოვა როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ მდგომარეობაზე. გოგოს რამდენიმე კვირა სიტყვების დამახსოვრებისა და ყურადღების კონცენტრირების პრობლემა ჰქონდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ნერვოლოგიური პრობლემები შეიძლება კვირებისა და თვეების განმავლობაში დარჩენილიყო, ან დროთა განმავლობაში თავიდან გამოვლენილიყო.

ალისას დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე სტრეპტოკოკული ინფექცია, ანგინა ორჯერ დაემართა, ასევე გაურთულდა ყურის ინფექცია, რასაც დროებით სმენის დაქვეითება მოჰყვა. ორგანიზმი იმ დაავადებების გამომწვევებსაც ვეღარ უმკლავდებოდა, რომლების დამარცხებასაც წითელამდე ძალიან მარტივად ახერხებდა. ალისა შეწუხდა გამუდმებით ექიმებთან სიარულით. სკოლაც ხშირად უცდებოდა და სწავლასაც ჩამორჩა. სრული ორი წელი დასჭირდა იმუნური სისტემის საბოლოოდ განახლებას.

 

პრევენცია და ვაქცინაცია

ალისას ამბავი შესაძლება სრულიად სხვანაირად განვითარებულიყო, აცრილი რომ ყოფილიყო. ვაქცინა სამკომპონენტიანია, ის იმუნიტეტს აყალიბებს წითელას, წითურასა და ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ. ვაქცინა გამოცდილია და 95%-ით ეფექტური. რაც მთავარია ის თავიდან გვაცილებს როგორც წითელას მწვავე სიმპტომებს, ასევე მის იმუნური სისტემის ხანგრძლივ დაზიანებას.

წითელა ძალიან გადამდებია. ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია სხვები დააინფიციროს სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღით ადრე და ასევე ოთხი დღის შემდეგ. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ჰაერსა და ზედაპირებზე რამდენიმე საათის განმავლობაში რჩება.

რადგან დაავადება ასე სწრაფად ვრცელდება, ვაქცინაციის მაჩვენებლის მცირე ვარდნასაც კი ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია. რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვილებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.

ალისა აცრილი რომ ყოფილიყო, არც ასე მწვავედ გამოუვლინდებოდა სიმპტომები და არც იმუნური ანამნეზი ჩამოუყალიბდებოდა. ამის შემდეგ ალისას მშობლები ყველგან ვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ცდილობდნენ ადამიანები დაერწმუნებინათ, აეცრათ შვილები რომ მათ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილიყვნენ. მიაჩნდათ, რომ მათ ისტორიას სხვა ბავშვების გადარჩენა შეეძლო.

ალისას ამბიდან შეიძლება დავასკვნათ: ,,ერთ ჩხვლეტას ჩვენი გადარჩენა შეუძლია“.

კითხვები:

  1. ჩამოთვალე ალისას პირველი სიმპტომები;
  2. რამ გამოიწვია მშობლების განსაკუთრებული შეშფოთება?
  3. როგორ პასუხობს იმუნური სისტემა წითელას ვირუსს?
  4. რა როლს ასრულებენ ორგანიზმში T და B ლიმფოციტები? მეხსიერების უჯრედები?
  5. რას ნიშნავს იმუნური ამნეზია?
  6. რატომ არის წითელა გაცილებით საშიში, ვიდრე ზედაპირულად ჩანს?
  7. ალისას რომელი სიმპტომები მიანიშნედა მდგომარეობის სირთულეზე?
  8. რა არის ენცეფალიტი?
  9. რა შეიძლება გამოიწვიოს წითელას ვირუსმა?
  10. რა კავშირია წითელას ვირუსსა და ალისას გახშირებულ ინფექციებს შორის?
  11. რომელი დაავადებების წინააღმდეგ მოქმედებს ზემოთ ნახსენები სამკომპონენტიანი ვაქცინა? რამდენად ეფექტურია ის?
  12. გარდა წითელას განვითარების პრევენციისა, რა მნიშვნელობა აქვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას?
  13. რატომ საუბრობდნენ ალისას მშობლები ვაქცინის მნიშვნელობაზე?

 

ქვემოთ მოცემული დიაგრამის მიხედვით უპასუხე კითხვებს:

ა) რას უდრის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1919 წელს?

ბ) რამ გამოიწვია სიკვდილიანობის შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა ხელმისაწვდომი?

გ) რომელ წელს გახდა ვაქცინა ხელმისაწვდომი?

დ) რა გავლენას ახდენს კვება დაავადების განვითარებაზე?

 

ავალება

  • აღწერე დაავადების საწყისი სიმპტომები და მათი განვითარება;
  • ახსენი როგორ პასუხობს იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს;
  • განმარტე ,,იმუნური ამნეზია“ და იმსჯელე, რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • შეაფასე ვაქვინის მნიშვნელობა დაავადების პრევენციისა და გართულებების კუთხით;
  • დაფიქრდი, რას გვასწავლის ალისას ისტორია საზოგადოებრივი ჯამრთელობის მიმართულებით.

 

დავალების შეფასების რუბრიკა – რუბრიკა ძალიან ზოგადია, კლასის საჭიროებების შესაბამისად შეიძლება მოდიფიცირება.

კრიტერიუმი 4 ქულა (სრულად აკმაყოფილებს) 3 ქულა (უმეტესად აკმაყოფილებს 2 ქულა (ნაწილობრივ აკმაყოფილებს) 1 ქულა (არ აკმაყოფილებს
შინაარსის სიზუსტე და სისრულე პასუხები არის ზუსტი, ამომწურავი და მოიცავს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. მოსწავლეს სრულად აქვს გააზრებული ტექსტის ძირითადი ცნებები (იმუნური ამნეზია, ვაქცინის მნიშვნელობა) პასუხები ძირითადად ზუსტია, მაგრამ შეიძლება აკლდეს დეტალები ან იყოს არასრულყოფილი. მოსწავლეს გააზრებული აქვს ძირითადი ცნებების უმეტესობა პასუხები შეიცავს უზუსტობებს ან არის ზედაპირული. მოსწავლეს უჭირს ძირითადი ცნებების გაგება. პასუხები არაზუსტია ან საერთოდ არ შეესაბამება მოცემულ თემას. მოსწავლეს არ ესმის ძირითადი ცნებები.
ანალიტიკური აზროვნება მოსწავლეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სრულად იდენტიფიცირება. მოცემული დიაგრამის ანალიზის საფუძველზე შეუძლია დასკვნების ჩამოყალიბება და კავშირების დანახვა სხვადასხვა მონაცემებს შორის მოსწავლეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირება, მაგრამ უჭირს მათი სრულყოფილი დასაბუთება. დიაგრამის ანალიზი ზედაპირულია მოსწავლეს უჭირს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. დიაგრამის ანალიზი მწირია ან შეიცავს შეცდომებს მოსწავლეს არ შეუძლია რაიმე სახის ანალიზის განხორციელება
პასუხების ჩამოყალიბება პასუხები არის მკაფიოდ, ლაკონურად და სწორად ჩამოყალიბებული. წინადადებები აგებულია გამართულად და არ შეიცავს შეცდომებს. პასუხები ძირითადად გასაგებია, თუმცა შეიძლება მოიცავდეს სტილისტურ ხარვეზებს ან უმნიშვნელო შეცდომებს. პასუხები დაწერილია მარტივი ენით, თუმცა ბუნდოვანია. პასუხები გაუგებარია, არალოგიკური და შეცდომებს მოიცავს.
პასუხების რაოდენობა და სიზუსტე ყველა შეკითხვაზე გაცემულია ზუსტი და სრული პასუხი, რომელიც მოითხოვს ტექსტისა და დიაგრამის საფუძვლიან გააზრებას. პასუხები გაცემულია შეკითხვების უმეტესობაზე, მაგრამ შეიძლება აკლდეს სიზუსტე ან სისრულე ერთ ან ორ კითხვაზე პასუხები გაცემულია შეკითხვების ნახევარზე, ან პასუხები არ არის სრული. გაცემულია პასუხები კითხვების მცირე ნაწილზე

 

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/06/28/case-study-measles-immunity-and-vaccines/

კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები

0

თანამედროვე მოსწავლეებისთვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ინტერდისციპლინური მიდგომები, რომლებიც მათ ეხმარება სხვადასხვა საგნის ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებაში. მოცემული რესურსი წარმოადგენს სწორედ ასეთ შესაძლებლობას, ბიოლოგიისა და კრიმინალისტიკის სინთეზის საფუძველზე.

წინამდებარე საგანმანათლებლო მასალა, რომელიც სტატიას „კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები“ ეფუძნება, მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გაუღრმაოს ცოდნა ცოცხალი ორგანიზმების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების შესახებ. ამავდროულად, იგი აძლევს საშუალებას, ეს ცოდნა რეალურ, პრაქტიკულ კონტექსტში განიხილონ, გაიაზრონ და იმსჯელონ მასთან დაკავშირებულ ეთიკურ და მორალურ საკითხებზე.

რესურსი მოიცავს ტექსტს, ანალიზურ კითხვებს და ინოვაციურ აქტივობებს, როგორიცაა:

  • კრიტიკული აზროვნების სადისკუსიო სესია,
  • შემოქმედებითი პროექტი,
  • დებატები ეთიკურ საკითხებზე,
  • როლური თამაშები.

ეს მეთოდები ხელს უწყობს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის ათვისებას, არამედ მოსწავლეებში კვლევის, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას.

ვიმედოვნებთ, ეს მასალა დაგეხმარებათ, თქვენი გაკვეთილები გახადოთ უფრო საინტერესო და მოსწავლეებისთვის დამაკავშირებელი ხიდი ააგოთ თეორიასა და პრაქტიკას შორის.

კადავერის ძაღლები: სასამართლო ექსპერტიზის დაუფასებელი გმირები

სასამართლო ექსპერტიზის კომპლექსურსა და ძალიან ფაქიზ სამყაროში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ლეშის (გვამის) მაძიებელი ძაღლი, რომელსაც ასევე ,,კადავერის ძაღლს“ უწოდებენ. ,,კადავერ“ – მომდინარეობს ნივთიერება კადავერინის სახელწოდებიდან, თუმცა ქართულ ლიტერატურაში აღნიშნული ტერმინი დამკვიდრებული არ არის. გვამის მაძიებელი ძაღლები დიდ დახმარებას უწევენ კრიმინალისტებს და ადამიანებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს.

 რას ნიშნავს კადავერის ძაღლი? კადავერ ძაღლები, ანუ ადამიანის გვამის აღმომჩენი ძაღლები სპეციალურად გაწვთლინები არიან, მათ უნდა ამოიცნონ ლეშის სუნი. ისინი განსხვავდებიან მაშველი ძაღლებისგან, რომლებიც ტალახში, ან სხვა მასაში ჩაფლულ, ტყეში დაკარგულ ცოცხალ ადამიანებს პოულობენ.

გარდაცვლილი ადამიანის სუნს განაპირობებს ორი ნივთიერება: პუტრესცინი და კადავერინი. ე.წ. კადავერ ძაღლები სწორედ ამ ნივთიერების სუნზე არიან დაგეშილი.

ძაღლების გამძაფრებული ყნოსვა მნიშვნელოვანია წყალში დამხრჩვალი, მიწაში ჩაფლული ან სხვა გარემოში არსებული გვამის საპოვნელად. ისინი ასევე კარგად არჩევენ ადამიანის ლეშის სუნს ცხოველის ლეშის სუნისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კრიმინალისტიკაში.

 მომზადება უნიკალური დავალებისთვის

კადავერ ძაღლების მომზადება მათი შერჩევით იწყება, მას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ნადირობის ინსტიქტი და ყნოსვის შეგრძნება. გვამის მაძიებელი ძაღლები ძირითადად შეირჩევა გერმანულ ნაგაზს, ლაბრადორ რეტრივერსა და ბელგიურ მალენოიზს შორის. თუმცა შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ძაღლმა შეასრულოს იგივე მოვალეობა, თუ მას აქვს შესაბამისი ტემპერამენტი და ფიზიკური გამძლეობა.

წვრთნის პროცესში ძაღლს აჩვევენ მკვდარი ადამიანის სუნს, ამ მიზნით გამოიყენება ან სინთეზური ლეშის სუნი, ან ადამიანის გვამი, რომელიც მეცნიერული მიზნებისთვის კანონით შეიძლება იქნას გამოყენებული. დავალების წარმატებით შესრულებისას ძაღლს აჯილდოვებენ, რათა მომდევნო საქმე უფრო კარგად შეასრულოს.

 

პრაქტიკაში გამოყენება –  კადავერ ძაღლები ეხმარებიან სამართალდამცავ ორგანოებს, სამძებრო-სამაშველო და კატასტროფებზე მორეაგირე სამსახურებს. მათი შესაძლებლობები საოცარია, მნიშვნელობა კი შეუფასებელი.

  • მკვლელობის აღმოჩენა – სხეული მდებარეობს დაუსახლებელ, მივარდნილ ადგილას;
  • ბუნებრივი კატასტროფების დროს დაღუპულების აღმოჩენა – მიწისძვრის, ცუნამის ან სხვა სტიქიური მოვლენის დროს გვამების მდებარეობის განსაზღვრა;
  • ძველი, გაუხსნელი საქმეებისთვის: ისეთი გვამის აღმოჩენა, რომლის გარდაცვალებიდან მრავალი წელია უკვე გასული, ან ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა.
  • მასობრივი მსხვერპლის პოვნა: გვამების აღმოჩენა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ან ტერაქტის ადგილას.

მაგალითად, 2017 წელს პენსილვანიის შტატის ბაქსის ოლქში ოთხი მამაკაცის გაუჩინარების საქმეში უნიშვნელოვანესი როლი კადავერ ძაღლებმა შეასრულეს. ძაღლებმა ჯერ აღმოაჩინეს ფერმაში ჩამარხული 19 წლის ახალგაზრდის გვამი, შემდეგ მიაგნეს დარჩენილი სამი ახალგაზრდის სამარხს, ბოლოს კი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ბიოლოგია კრიმინალისტიკის განვითარებისთვის

კადავერ-ძაღლების მიერ ლეშის აღმოჩენის უნარი ყნოსვის სისტემითაა განპირობებული. ის გაცილებით მგრძნობიარეა ვიდრე ადამიანისა. ძაღლებს ცხვირში 300 მილიონამდე ყნოსვის რეცეპტორი აქვთ, ადამიანს კი ხუთი მილიონი. ამიტომ ისინი ადამიანის ორგანიზმის გახრწნისას გამოყოფილი ნივთიერებების სუნსაც კი აღმოაჩენენ. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ძაღლს შეუძლია მიწის ღრმა ფენებში ჩამარხული, მდინარის ფსკერზე არსებული და უფრო რთულ ადგილებში არსებული ლეში მოიძიონ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, ასევე გაუკეთოს მოდიფიცირება საკუთარი საჭიროების შესაბამისად.

სავარაუდო შეკითხვები

  1. რა განსხვავებაა კადავერ ძაღლსა და მაშველ ძაღლს შორის?
  2. რომელი ქიმიური ნივთიერებები გამოთავისუფლდება ადამიანის სხეულის გახრწნისას?
  3. რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ძაღლს გვამისა და ცოცხალი ადამიანის გარჩევა შეეძლოს ყნოსვის საშუალებით?
  4. რომელი ჯიშის ძაღლები გამოიყენება გვამის ან ცოცხალი ადამიანის საპოვნელად?
  5. როგორ წვრთნიან ძაღლს?
  6. როგორ იყენებენ კადავერ ძაღლებს ბუნებრივი კატასტროფების დროს?
  7. როდის ითვლება გამოძიება დასრულებულად?
  8. რას ნიშნავს ,,მასობრივი მსხვერპლი“?
  9. სად აღმოაჩინეს 19 წლის ახალგაზრდის გვამი?
  10. ე.წ. კადავერ ძაღლის რომელი ანატომიური სისტემა გამოიყენება მის მიერ გვამის აღმოსაჩენად?
  11. ყნოსვის რამდენი რეცეპტორი აქვს ძაღლს?
  12. ჩამოაყალიბე სტატიის მთავარი აზრი.
  13. შეადარე სურათზე გამოსახული ორგანიზმების ყნოსვის ეპითელიუმი. რა ძირითად განსხვავებას ხედავ მათ შორის?
  14. ძაღლების ამ მიზნით გამოყენებისას რა ეთიკური საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული?

* ეთიკური  ნიშნავს იფიქრო რა სწორია და რა არა.

 

წყარო:https://www.researchgate.net/figure/Schematic-structure-of-the-olfactory-system-in-dogs-and-humans_fig2_354018031

წყარო:  https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2004/7441-the-nobel-prize-in-physiology-or-medicine-2004-2004-6/

 

დისკუსია კრიმინალისტიკაზე

აქტივობა – სთხოვეთ მოსწავლეებს წარმოიდგინონ რომ კრიმინალისტები არიან. დაუსვით კითხვები:

  • რა პრობლემებს ვხვდებით დაკარგული ადამიანის ძებნისას?
  • როგორ დაგეხმარებათ ,,კადავერ ძაღლი“?
  • რა უპირატესობა აქვს მის დახმარებას სხვა მეთოდებთან შედარებით?

შემოქმედებითი პროექტი – ,,ძაღლის ყნოსვის სისტემა:

აქტივობა: დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ შექმნან პრეზენტაცია ან პოსტერი, რომელიც ასახავს ძაღლის ყნოსვივ სისტემის აგებულებას. ყველა ჯგუფმა უნდა ახსნას რატომ არის ძაღლის ყნოსვა ასე გამძაფრებული და როგორ ეხმარება ის სამძებრო სამუშაოებში.

სადისკუსიო კლუბი – ,,ეთიკური საკითხები“

აქტივობა: მოაწყვეთ დებატები, სადაც განიხილავთ ძაღლების სამძებრო სამუშაოებში გამოყენების ეთიკურ მხარე.

  • დაყავით მოსწავლეები ორ ჯგუფად: ერთი ჯგუფი იმსჯელებს ძაღლის უფლებებსა და კეთილდღეობაზე, მეორე კი კრიმინალისტიკაში მათი გამოყენების აუცილებლობაზე.
  • დებატების დასრულებისას შეაჯამეთ განხილული საკითხები და გამოიტენეთ საერთო დასკვნა.

აქტივობა – ვიდეოს ჩვენება- მოძებნეთ მოკლე დოკუმენტური ვიდეოები ან ნაწყვეტები ფილმებიდან, სადაც ნაჩვენები იქნება სამძებრო ძაღლების წვრთნის და მუშაობის კადრები. ვიზუალური მასალა დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრომ როგორ გამოიყენება ძაღლები რეალურ სიტუაციაში (ვიდეო).

როლური თამაში – ძებნის ოპერაცია

  • დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და სთხოვეთ შეიმუშაონ ძებნის ოპერაციის გეგმა;
  • თითოეულმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს როგორ მოამზადოს კადავერ ძაღლი კონკრეტული დავალებისთვის;
  • რა სახის აღჭურვილობა და დასვენების რეჟიმი დასჭირდებათ მათ;
  • როგორ გაუმკლავდნენ ძაღლები რთულ პირობებს, წვიმიან ამინდებსა და გრძელ მანძილზე სირბილს;

შეხვედრა სპეციალისტთან –  თუ შესაძლებელია დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ან სამძებრო-სამაშველო სამსახურს და სთხოვეთ გესტუმროთ ძაღლის მწვრთნელი ან კინოლოგი. ისინი უპასუხებენ მოსწავლეებისთვის საინტერესო შეკითხვებს.

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/02/01/cadaver-dogs-unsung-heroes-in-forensics/

 

გედის უკანასკნელი სიმღერა – ერთი ფრაზის საინტერესო ისტორია

0

ენის შესწავლისას ხშირად ისეთ ფრაზებს აღმოვაჩენთ, რომელიც ძალიან შორს გაგვახედებს და თუ კი ჩვყვებით, ჩავუღრმავდებით საინტერესო ისტორიებამდე მიგვიყვანს ხოლმე. ფრაზების შინაარისის ძიება, იდიომების სათავეებთან მოგზაურობა განსაკუთრებით საინტერესო მოზარდებისთვისაა, რადგან ძალიან სახალისო იქნება მათთვის, როდესაც აღმოაჩენენ რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტყვათა შეთანხმება თავის თავში ამბავს მალავს, და ეს ამბავი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა და ზღაპრები.

როდესაც ხელოვანი ადამიანი უკანასკნელად გამოამჟღავნებს საკუთარ ტალანტს, ნიჭიერებას, ამბობენ რომ მან გედის სიმღერა იმღერა, თუმცა გამონათქვამმა უფრო ზოგადი ხასიათი შეიძინა და აღნიშნავს უკანასკნელ ქმედებებს – სპორტში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში… გედის სიმღერის შემდეგ ადამიანები სამუდამოდ ემშვიდობებიან  საყვარელ საქმიანობას, ან შესაძლოა ცხოვრებასაც.

გამონათქვამი მომდინარეობს, უძველესი დროის თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, გედები მხოლოდ ერთხელ მღერიან, ისიც სიკვდილის წინ. ზოგადად გედს, სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, მეტად უცნაური  და უსიამოვნო ხმა აქვს, თუმცა ყოფილა გედის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც სიკვდილის წინ საოცრად სევდიანად, ნაღვლიანად ტირის, მღერის, მისი ხმა ათასი ზანზალაკის წკრიალს მოგაგონებთ და ათასნაირ გრძნობასაც აგიშლით.

ეზოპე, უძველესი ეპოქის ბერძენი მეიგავე, ერთ-ერთ იგავში, გედის სიმღერის შესახებ საინტერესო ამბავს ყვება. გედებიო ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ მღერიანო, როდესაც ისინი გრძნობენ საკუთარი სიკვდილის მოახლოვებას. ძველად ერთ კაცს, რომელსაც გაგონილი ჰქონია გედის სიმღერა, ბაზრობაზე, დაუნახავს როგორ ყიდიდნენ გედს, უყიდია და სახლში მასთან ერთად დაბრუნებულა. რამდენიმე დღის შემდეგ, ვახშმად მეგობრები ესტუმრნენ, კაცმა მათ, გედი აჩვენა და აიძულებდა, მეგობრების გასართობად ემღერა. მაგრამ გედი დუმდა.

გავიდა ხანი, გედმა იგრძნო, რომ მალე მისი დასასრული დადგებოდა. დაიწყო საოცრად სევდიანი და ტკბილი სიმღერის მღერა. ეს რომ კაცს გაუგონია, გაბრაზებულს უთქვია: როგორი სულელი ვყოფილვარ, მის სიმღერას რომ ველოდი, ამის ნაცვლად მე ის უნდა დამეხრჩო, იქნებ ასე მაინც გამეგონა მისი ტკბილი ხმაო.

ამ ულამაზესი არსების ცხოვრების, ეს ტრაგიკული და ნაღვლიანი მომენტი, ჩვენ, ადამიანის ცხოვრებაში  ყველაფერ უკანასკნელის აღმნიშვნელად დამკვიდრებულა.

ამ სევდიანი ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ, ჩვენ მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ საინტერესო აქტივობები, რაც ძალიან დაეხმარებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვიტარებაში.

ლექსიკონი

ტალანტი – განსაკუთრებული ნიჭი

იგავი – მცირე ფორმის თხრობითი ნაწარმოები, სადაც ჭკუის სასწავლებელი ამბებია მოყვანილი და ადამიანების სწავლებას, აღზრდას ისახავს მიზნად.

აქტივობა 1:

რა ტალანტს ისურვებდი რომ გქონდეს? ჩამოწერე და მიუხატე ილუსტრაციები.

აქტივობა 2:

წარმოიდგინე და დახატე იგავის ის მომენტი, როდესაც გედი ამღერდა.

 აქტივობა 3:

მივუბრუნდეთ ტექსტს

ვინ იყო ეზოპე?

რატომ იყიდა კაცმა გედი?

რატომ არ იმღერა გედმა კაცის მეგობრების გასაგონად?

რამ აამღერა ბოლოს გედი?

რატომ გაბრაზდა კაცი?

აქტივობა 4:

დაფიქრდი, ხომ არ გახსენდება რომელიმე მხატვარი, მწერალი, მოცეკვავ, მომღერალი, მოქანდაკე და სხვა შემოქმედი ადამიანი, რომლის უკანასკნელ ნამუშევარსაც „გედის სიმღერას“ უწოდებდი? თუ კი, ჩაწერე და განმარტე რატომ ფიქრობ ასე.

 აქტივობა 5:

მოიფიქრე ზღაპარი, რომლის სახელიც იქნება:  „გედის სიმღერა“. გაითვალისწინე, ზღაპრის ჟანრის თავისებურებები. დაიწყე: იყო და არა იყო რა… ან ერთხელ…. ან დიდი ხნის წინ… შენს ზღაპარს ბედნიერი დასასრული მოუფიქრე. როდესაც დაასრულებ ილუსტრაციით გააფორმე.

აქტივობა 6:

დაკვირვებით წაიკითხე ამონარიდი და მონიშნული სიტყვები ჩაანაცვლე სხვა სიტყვებით, რომლებსაც იგივე შინაარსი ექნებათ, რაც მონიშნულ სიტყვებს.

თუმცა ყოფილა გედის განსაკუთრებული ჯიში, რომელიც სიკვდილის წინ საოცრად სევდიანად, ნაღვლიანად ტირის, მღერის, მისი ხმა ათასი ზანზალაკის წკრიალს მოგაგონებთ და ათასნაირ გრძნობასაც აგიშლით.

ათასი წლის წინანდელი პატრიარქის, ნიკოლოზ გულასბერისძის თხზულება ურწმუნოთათვის

0

„გიხაროდენ, საყდარო წმიდაო,

სუეტო ნათელო და კუართო საღმრთოო“

ნიკოლოზ გულაბერისძე, საქართველოს პატრიარქი იყო 1149-1178 და 1184 წლებში, გიორგი მესამეს მეფობის დროს, თამარ მეფემ ის იერუსალმიდან მოიწვია საქართველოს ეკლესიის ჩასაბარებლად. პატრიარქს საოცარი თხზულება შეუქმნია: “საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა”. მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმინდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რომელსაც ბოლოში დართული აქვს შესხმა “გიხაროდენ”.

ამ წერილში ვეცდები, ათასი წლის წინანდელი პატრიარქის რწმენისა და ღმერთის შესახებ მოვყვე, სასწაულებზე და ხილვებზე, რომ ქართველებს გვაქვს რაღაც არაამქვეყნიური ფესვები, ზეცაში მოლივლივე, ნათლით შემოსილი, სვეტად ჩამოსვეტებული მცხეთაში.  ვფიქრობ, ქართულის მასწავლებლებს დააინტერესებთ ეს წერილი, განსაკუთრებით მათ ვინც ჰაგიოგრაფიას ასწავლის, ამ ჟანრის უკეთ გაგებისთვის და ბავშვებამდე მიტანისთვის, მნიშვნელოვანია გულაბერისძის თხზულების გააზრებაც, რადგან რაღაცნაირად გარდამტეხი, ეპოქალური ტექსტია, მას მერე ხომ დიდი აყვავების პერიოდი მოყვება, როგორც მწერლობაში ისე ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებ, დღესაც იმ დაკარგული ღმერთების პოვნა გვჭირდება ქართველებს, ათი საუკუნის წინ ასეთი ცოცხალი და ხელშესახები რომ იყო?  არ ვიცი, თუმცა იმაში კი ვარ დარწმუნებული რომ, ძველი პატრიარქის გალობა, მისი ძალიან გულწრფელი ხოტბის შესხმა, დღესაც გვაძლიერებს და გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას, ოდესღაც გაცოცხლებული სიტყვები ხომ არასდროს კვდებიან, სიტყვებს კი საკუთარი ენერგეტიკა აქვთ, განსაკუთრებით კი რწმენით წარმოთქმულებს და განსაკუთრებით უფლისთვის მიძღვნილებს, ნიკოლოზის სიტყვები კი ასეთია – მაგიურები და ანკარები, უფლისები და გაცისკროვნებულები.

~გულაბერისძის საკითხავი და საგალობელი სვეტი-ცხოველს ეძღვნება, უფრო სწორად ავტორის შთაგონების წყარო სუეტი ცხოველი გამხდარა, საკითხავსა და საგალობელში არსებული სხვა თემები კი სვეტი ცხოველის უკეთ წარმოჩენას ემსახურება.

ნიკოლოზ გულაბერისძე ნაწარმოების, „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა“, დასაწყისში აღნიშნავს, რომ უფლის მიერ აღმართული ცხოველი სვეტი მარადიული, მბრწყინვალე ლამპარია.

კათოლიკე ეკლესია, უფლის კვართი და სვეტი ცხოველი უკვადავებას, სულის ცხონებას, წმინდა მირონს აძლევენ სანოვაგედ მორწმუნეებს.

ამ სამი სიწმინდის შემკობის და შესხმის შემდეგ ავტორი წმ. ნინოს ისტორიას გვიყვება. აქვე ჩართულია აბიათარ მღვდლისგან ნაამბობი იესო ქრისტეს კვართის ამბავი. რაც შეეხება ცხოველი სუეტის აღმართვას, გულაბერისძე მას ცოტა განსხვავებულად გადმოსცემს, ვიდრე ეს „ნინოს ცხოვრების“ უძველეს რედაქციებშია. „ხოლო ნაძუნი იგი დიდნი საკვირველნი მოჰკუეთეს, რომლისგანცა შემზადნეს შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი, ხოლო ექუსნი იგი უკუე სუეტნი აღმართნეს, სადაღა ინება ადგილმან თჳს-თჳსად, ხოლო უდიდესი იგი სუეტი, რომელი საზარელ იყო უფროჲს მათ სხუათასა, საშუალ ეკლესიისა აღსამართებლად განაწესეს“ [ნ. გულაბერისძე 2007: 28];

ნიკოლოზ გულაბერისძის მიერ აღწერილ სასწაულთა შორის უნდა აღინიშნოს მეოთხე სასაწაული, რომელიც „მხოლოდშობილი ყრმის“ გაცოცხლებას შეეხება. მიცვალებული ყმაწვილი, რომელსაც მშობლები ძლიერ გლოვობდნენ, სასწაულებრივად გაცოცხლდება და მაშინვე იკითხავს, თუ სად არის საკვირველი ცეცხლის  სვეტი, რომელმაც იგი ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა. სვეტი-ცხოველის მონახულების და მოლოცვის შემდეგ მოყვება, თუ როგორ მოკვდა, რის შემდეგაც ჯოჯოხეთში მოხვდა: „ცეცხლი იგი გეჰენიისაჲ, ბნელი იგი გარესკნელი, მატლი დაუძინებელი, ღრჭენაჲ კბილთაჲ, ტარტაროზი ყინულთა სასტიკთა“ [ნ. გულაბერისძე 2007: 35], რომელთა შორის ცოდვილები იტანჯებოდნენ. ყმაწვილიც მათთან ერთად მიეცა ჯოჯოხეთურ ტანჯვას იქამდე, სანამ ნათლის სვეტმა, რომელიც ზეცას სწვდებოდა არ იხნსა და არა ამოიყვანა. ამ სვეტის თაზე, სწორედ ის ძე იჯდა, რომელიც ჩვენმა მამებმა ჯვარს აცვესო.

ორი ჭაბუკი, ცეცხლისფერად მოსილნი, თან ახლდნენ ნათლის სვეტს. მკვდრეთით აღდგენილი განაგრძობს მოყოლას, მოულოდნელად „სუეტისგან“ ჭაბუკის მიმართ ხმა გაისმება: „წარმოიყვანეთ ყრმაჲ ეგე მხოლოდშობილი გლახაკთა მშობელთაჲ, რამეთუ მელმის გულისტკივნეულობისაგან მათისა, და მიეცით ჴელთა მშობელთა მათთასა, რაჲთა ეგრეცა ადიდებდეს და იზარებდეს დღესა ამას ჩემსა ყოველთა სახარულევანსა“ [ნ. გულაბერისძე 2007: 35].  ამ შემთხვევაში სვეტი ცხოველი იესო ქრისტესთან ერთადაა წარმოდგენილი, ის, ვინც ჯვარს აცვეს, სვეტის ცამდე მიწევნილ წვერზე იყო მჯდომარე. ეს მომენტი მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლის და იქიდან მართალთა სულების ამოყვანის სიმბოლური გააზრებაა. საქართველოს გაქრისტიანებამდე, მოქცევამდე ქართველთა  სულები განურჩევლად  ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, არ იყო გარჩევა ცოდვილისა და მართლისა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. ხოლო სვეტი ცხოველის დაფუძნებით არა მხოლოდ რელიგიას და მომავალ რწმენას ჩაეყარა საფუძველი, არამედ იგივე განმეორდა, რაც ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ. ოღონდ მასშტაბები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია.

ჯოჯოხეთში ჩასვლით, ამბობს წმ. კასიანე, ქრისტემ თავისი დიდების ბრწყინვალებით განაბნია შეუღწევადი წყვდიადი ტარტაროზისა, და დაარღვია რკინის ჭიშკარი, დაამსხვრია ბორკილები, და წმიდა ტყვენი, რომელთაც აჩერებდა ჯოჯოხეთურ წყვდიადში, ტყვეობიდან გამოხსნილნი თავისთან აიყვანა ზეცას . ზემოთ განხილულ შემთხვევაში ჯოჯოხეთიდან გამოხსნილი ადამიანი ზეცას კი არ მიდის, არამედ ცოცხლდება, მკვდრეთით აღდგება, რაც შესაძლოა ქრისტეს აღდგომასაც უკავშირდებოდეს.

საკითხავის ამ სასწაულში ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სვეტი ცხოველს ქართველნი.  სვეტი ცხოველი იესო ქრისტესთან ერთად იყო ჩასული ჯოჯოხეთს, აქედან გამომდინარედაც მოიაზრება სვეტი ცხოველი მაცხოვრის სიმბოლოდ. შეიძლება ეს მომენტი უფლის ჩენადაც გავიაზროთ, თუმცა ასეთი სახით „სუეტის“ ან უფლის გამოცხადება ქართულ აგიოგრაფიაში არ გვხვდება.

საკითხავი „სასწაული ჯუარისანით“ გრძელდება, რაც სასწაულმოქმედი ჯვრის სვეტიცხოველთან კავშირს ადასტურებს. შეიძლება ითქვას, ჯვრის სასწაულებრივი ძალა, „სუეტის“ მადლით და ძალით იყო განპირობებული. საკითხავში მოცემული სვეტი-ცხოველის სასწაულებიდან გამოირჩევა ავტორის მიერ თავს გადახდენილი სასწაული (რომელიც მის ბიოგრაფიასაც შეიცავს) და თურქების შემოსევის ჟამს მომხდარი  სასწაული. „ნ. გულაბერისძის პოეტიკა და, გნებავთ, ესთეტიკა გამიზნულია სასწაულთა შეგრძნობისაკენ. ამას ჰკარნახობს მას უმთავრესი სიმბოლო და უმთავრესი სასწაული – სასწაული სვეტი-ცხოველი.“ – წერდა ლიტერატორი რევაზ სირაძე.

საკითხავში „სუეტი“ წარმოდგენილია როგორც „სულიერი არსება“, რომელიც სასწაულებს ახდენს, ვითარცა ვინმე წმინდანი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართლის მოქცევა სიმბოლურად გააზრდა, წმ. ნინო ღვთისმშობლის სახედ წარმოგვიდგა, ხოლო იესო ქრისტეს კვართზე დაფუძნებულმა „სუეტმა“  უფლის ძის აღდგომის იდეა შეიძინა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „სუეტის“ მიერ მოხდენილი სასწაულები სიმბოლურად იესო ძე ღვთისას სასწაულების ქართულ ვერსიად მივიჩნიოთ, თუნდაც ბრმათათვის თვალის ახილვა ან ეშმაკეულის განდევნა სნეულის სხეულიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ  „სუეტის“ სასწაულები ეროვნულობასაც უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხავი გაჯერებულია სასწაულებით და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მკვლევარნი მის ძირითად დანიშნულებას სვეტი-ცხოველთან დაკავშირებული სასწაულების აღწერას მიიჩნევენ, ნიკოლოზ გულაბერისძე შენიშნავს, რომ „წერილ არს უკუე: სასწაულნი ურწმუნოთათჳს არიან და არა მორწმუნეთათჳს“ [ნ. გულაბერისძე 2007: 49].

აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნიკოლოზ გულაბერისძეს „ურწმუნოთათვის“ დაუწერია საკითხავი, მათთვის აღუწერია ის სასწაულები, რომლებიც სვვეტიცხოვლის დაფუძნების დღიდან უკავშირდებოდა მას.   პატრიარქის ასეთი განზრახვა, რესაც კი,  უამრავი საუკუნის შემდეგაც, როგორი ამაღელვებელია! ამაღელვებელი და შთამბეჭდავია ურწმუნოთა მოქცევის გზა: შესანიშნავი თხზულება – სასწაულებით სავსე და გალობა, ისე როგორც ქრისტიანს შეშვენის, ისე როგორც სახარებაშია და არა – მახვილითა თუ ლანძღვით.

გულაბერისძე „სუეტის“ და კვართის ურთიერთმიმართების საკითხსაც ეხება. როგორც მამა და ძე არიან ერთნი, ძის ყოველი მოქმედება მამასაც მიეწერება და პირიქით, ასევე განუყოფელნი არიან კვართი და „სუეტიც“,  განუყოფელია მათი „დიდებულებანი“ და „საკვირველებანი“ (ნ. გულაბერისძე: 2007).

საკითხავის დასასრულს მოცემული სუეტი-ცხოველის შესხმა, გიხაროდენის ფორმით, სადაც აღნიშნულია „სუეტთან“ დაკავშირებული სიმბოლოები, სახეები თუ მოვლენები.

„გიხაროდენ,  სუეტო წმიდაო, ცხოველო და ცხოველსმყოფელო, რომელი ნათელმან უსაზღვრომან, ნათელმფლობელმან ძემან ღმრთისამან ნათლად ელვისად და სუეტად ცხოველისად აღგმართა, ნათელმყოფელად გულებსა ქართველთა ერისასა, დაბნელებულსა კერპთა საცთურისაგან. ხოლო ურწმუნოთა ცეცხლებრ უწყალოდ შემჭმელად ღირსად მისაგებელად ლტოლვისათჳს წმიდისა ნათლისა შენისა,  სუეტო წმიდაო და ცხოველო!“ [ნ. გულაბერისძე 2007: 59].

ავტორი მიმართავს  ეკლესიას, რომ  უფალმა ყოვლის „დამფუძნებელმან“ სვეტიცხოვლის ეკლესია წმინდა მოციქულების სახელზე დააფუძნა, დაამყარა. როგორც მოციქულების თავს პეტრეს უთხრა ღმერთმა:  „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო“ (მათე, 16,18), ხოლო მოწამენი ტაკუკად დაგკიდნა ვითარცა ძუძუნი, რომელთაგან ნეკტარსა სისხლთა მწოვნელნი, ოხჭანსა უკუდავებისასა მიმთხუეულნი, ვმოხარულობთ საუკუნოდ!’’ [ნ. გულაბერისძე 2007: 59].

ეს „მოწამენი“ ეროვნული აგიოგრაფიის გმირები არიან, რომელთა ღვაწლი ნიკოლოზ გულაბერისძემ ნათლის სვეტს, სვეტი ცხოველს დაუკავშირა.

გარდა საკითხავის სარწმუნოებრივი დატვირთვისა, მასში მრავლადაა მხატვრული სახეები, რაც ავტორის მწერლურ ნიჭზე მეტყველებს. გულაბერისძე „სუეტს“ საოცრად პოეტურად მიმართავს, „სუეტის“ ნათელი, „მზის თვალის“ სახედ და მსგავსად ნათლის კვართს, უფლის „საბლარდნელს“, – ჩამოასხივებს, ჩამოანათებს. ეს ორი ნათელი ერთმანეთს შეერწყმის და საკვირველად განათდება, გაშუქდება, როგორც ცისკრის ორი ელვა. ამ ორი „ზენათელის“ შერწყმა სამებასაც წარმოადგენს, როგორც მამის და ძის „ერთარსობას“. კვართი სიმბოლურად ძეს გამოხატავს, ხოლო სუეტის ერთ-ერთი სიმბოლო მამა ღმერთია, მოხუცი კაცის სახედ წარმოდგენილი (რ. სირაძე: 1992).

ნიკოლოზ გულაბერისძის „საგალობელი წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ“ შეთხზულია შუასაუკუნეების ჰაგიოგრაფიულ პრინციპთა შესაბამისად, სადაც ჰიმნოგრაფის ამაღლებული განწყობაა გამოხატული.

საგალობლის დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ წმ. ნინოს ცრემლი მიზეზი გახდა „უცხო“ და „კაცთაგან გამოუთქმელი“ სვეტის ბრწყინვალედ ამაღლებისა: „რომლისა ცრემლთა ნეკტარი მიზეზ იქმნა უცხოსა და კაცთაგან გამოუთქმელსა სახილავსა სუეტისა ბრწყინვალისასა, რომელი სიმრავლემან ერთამან ვერ შეძრეს, ჴელითა მიერ უხილავითა ამაღლებული იხილა და ჰმადლობდა ღმერთსა“ [ნ. გულაბერისძე 2007: 64],  ცრემლთა დენა იყო საწინდარი სვეტი-ცხოველის სასწაულებრივი აღმართვისა, რომელიც ქრისტეს აღდგომის სიმბოლურად გააზრებას წარმოადგენს. სვეტთან მოქვითინე წმ. ნინო თითქოს ჯვარცმულ შვილთან მგლოვიარე მარიამის სახეც უნდა იყოს, რომელსაც აღდგომა მოყვება, აღდგომა იესო ქრისტესი და აღდგომა, იგივე აღმართვა სვეტი-ცხოველისა

ნიკოლოზ გულაბერისძე კვლავ აღნიშნავს და საგალობელში კვლავ უძღვნის ქებას „სუეტის“ ბრწყინვალედ „კრთომას“, რომლის სხივები ელვასავით მოჩანს, კვართს, რომელიც „აღმოცისკროის“ და მისი ნათლისგან „მზეებრ“ აღმოიჭრება შუქი. ამ ორ – ნათლის  სამყაროდ და „ცად“ – ეკლესია, სვეტიცხოვლის ტაძარი გვევლინება. ამ შემთხვევაში ეკლესია მიკროსამყაროა, უფლის სიბრძნის, „სოფიის“ დამტევი, ადგილი, სადაც უდიდესი მადლი დავანებულა.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზ გულაბერიძის შემოქმედებაში სვეტი ცხოველი, უფლის კვართი და სვეტიცხოვლის ტაძარი გააზრებულია როგორც სამების გამოხატულება, რაც, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია სვეტი ცხოველის მანამდე არსებული პარადიგმების გასააზრებლად  და მას შემდეგაც.

ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებები შეიძლება ითქვას, ის წყაროა, საიდანაც „სუეტის“ სახე ახლებურად გაცოცხლდა და გარდაისახა მის შემდეგდროინდელ მწერლობაში, განსაკუთრებით კი საერო ლიტერატურაში. სვეტი ცხოველის საკითხავი და საგალობელი იქცა შემაკავშირებელ რგოლად სასულიერო და საერო მწერლობას შორის.

გავცეთ და მივიღოთ: მადლიერება

0

ქართულის გაკვეთილის ერთი იდეა

სიკეთის კეთება და მადლიერების შეგრძნება, ეს ის თვისებებია, რომლებიც ადამიანს ადამიანურ და ჰუმანურ არსებად აქცევს. ისინი ღირებულებათა კიბის სათავეში იმყოფებიან და ასე ვთქვათ „გამჭოლ“ თვისებებს  წარმოადგენენ,  სიკეთე, მადლიერება – საფუძველია თანამედროვე, ჰუმანისტური აზროვნებისა, თუ ადამიანი კეთილი არ არის, თუ მას არ შეუძლია ობიექტურად გაანალიზოს და განსაზღვროს, ის სიკეთეები, რასაც მას სამყარო თუ ცხოვრება აძლევს, თუ მას უჭირს მადლიერების გამოხატვა, მაშინ ია რასიზმთან, ჰომოფობიასთან თუ ქსენოფობიასთან შინაგან ბრძოლებს ვერ მოიგებს.  მოდი პირდაპირ ვთქვათ, თუ ადამიანი სხვებს კანის ფერით, სექსუალური ორიენტაციით ან ეროვნებით ასხვავებს, თუ მას ცხოველები არ უყვარს, მაშინ ის კეთილიც ვერ იქნება.

ამიტომ, ბავშვებთან მუშაობისას, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში, მნიშვნელოვანია რომ ვასწავლოთ, ვაჩვენოთ, მივაჩვიოთ – როგორ გავხდეთ უფრო მეტად კეთილები, რა არის მადლიერება, ემპათია. სულ ცოტა მისტიკაც რომ მოვიშველიოთ და პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ კი სამყაროს მიმართ მადლიერი ვარ, ყოველი დღე მადლობით იწყება, ავყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და მადლობის სიტყვებს ვუგზავნი კოსმოსს, მაშინ ცხოვრებაც მშვენიერია, ვამჩნევ რაც შეიძლება მეტ კარგს და ბუმერანგის პრინციპით იგივე მიბრუნდება უკან.

ჰოდა, თუ გვინდა რომ, ჩვენი მოსწავლეები ბედნიერები, ლაღები, იღბლიანები და კეთილები იყვნენ,  და ეს აუცილებლად გვენდომება, რადგან სხვაგვარად მასწავლებლობა წარმოუდგენელია, მაშინ მოდი ერთი აქტივობა ვცადოთ, რომელიც  ცხოვრების სულ სხვანაირი მხრიდან დანახვას გვასწავლის და მიგვაჩვევს.

 

აქტივობა პირველი:  ვკითხულობთ „პოლიანას“.  

ვკითხულობთ ელეონორ პორტერის „პოლიანას“,შეგვიძლია ამ წიგნიდან ის ამონარიდები შევარჩიოთ სადაც მთავარი პერსონაჟი გოგონას მოსაზრებები და ცხოვრების წესია მოთხრობილი, გოგონას პოლიანა ჰქვია და არც თუ ისე დალხენილი ცხოვრება აქვს, თუმცა  საოცარი ნიჭი და უნარი გააჩნია მადლიერების გამოხატვისა და სიკეთის კეთების. სასურველია ეპიზოდი, პაუზებით წავიკითხოთ და თითოეული აბზაცის შემდეგ ვიმსჯელოთ, შევეცადოთ მოსმენილი/წაკითხული ამბავი მოსწავლეებმა საკუთარ რეალურ ცხოვრებას დაუკავშირონ, და გამოცდილების გაზიარება სცადონ. მიუხედავად იმისა რომ პოლიანა მშობლებს კარგავს, ცდილობს საკუთარი სილაღე და სამყაროს დადებითად აღქმა შეინარჩუნოს, ამას კი ღარიბი მისიონერმა მამის მიერ  ნასწავლი „ბედნიერობანას“ თამაშით ახერხებს,  სწორედ ეს თამაში ხდება ამ ამბის გასაღები და ზოგადად თუ დავუფიქრდებით ჩვენი ბედნიერებისაც. წიგნში გადმოცემული ისტორია უბრალო ამბებითა და საგნებით ტკბობას გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რაღაც კარგის შემჩნევა და აღმოჩენა. უნდა აღინიშნოს რომ გამომცემლობა „ელფმა“  „პოლიანას“ თარგმნა 15 წლის გოგონას ლიზა (ელისაბედ) ფირცხალავას მიანდო, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი და ეს დეტალიც, ვფიქრობ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება.

აქტივობა მეორე: სიკეთის ნამცხვრები.

ვიღებთ დიდ, შუშის ქილას, რომელშიც ბავშვების მიერ შექმნილი ქაღალდის სიკეთის ნამცხვრები უნდა მოვათავსოთ. დავალება ასეთია, რამდენ, შემთხვევით კეთილ საქმესაც ჩაიდენენ იმდენი ნამცხვარი მოათავსონ ქილაში. ნამცხვრებს ქაღალდისგან ჭრიან, აფორმებენ და უკან სიკეთეებს  წერენ. საბოლოოდ ქილაში სიკეთის ნამცხვრები გროვდება. შესაძლებელია ინტეგრირება მათემატიკასთან, ბავშვებმა დაითვალონ ნამცხვრები და მათზე ამოცანების პირობა მოიფიქრონ, შემდეგ კი ამოხსნან. დასასრულს კი კარგი იქნება ნამდვილი ორცხობილების გამოცხობა და ერთად მირთმევა.

აქტივობა მესამე: შევქმნათ მადლიერების სიმღერა

ბავშვებს ვაყურებინებთ და ვასმენინებთ დისნეის მულტფილმის „პრინცესა და ბაყაყის“ შესანიშნავ საუნდტრეკს  სიკეთეზე, მადლიერებაზე და საკუთარი თავის, ყველა ცოცხალი არსების სიყვარულზე. კარგი იქნება თუ დავიხმართ ინგლისურის პედაგოგს და ტექსტს ქართულ ენაზე ვათარგმნინებთ.

https://youtu.be/2v7QQbJO6aw

ამის შემდეგ კი ერთად ვქმნით ჩვენი კლასის სიმღერას: სიკეთეზე და მადლიერებაზე, ვტოვებთ იმ სიტყვებს, რომლებიც შემდეგ თითოეულმა მათგანმა, საკუთარი სურვილით, ინდივიდუალურად უნდა მოიფიქროს და ჩაწეროს, რა თქმა უნდა მელოდიის მორგებაში მუსიკის მასწავლებელი გვეხმარება. აი, მაგალითად ასეთი ტექსტი:

მადლობელი ვარ

ჩემი ————- სთვის

მადლობელი ვარ –

ძალიან, ძალიან

მადლიერი ვარ

ჩემი —————– სთვის.

ბავშვები იმეორებენ ერთად იქამდე, სანამ საკუთარ სიტყვებს არ მიაგნებენ და არ გაიაზრებენ რისთვის არიან მადლიერები.

აქტივობა მეოთხე: ჩვენ ვჩუქნით ერთმანეთს!

ეს აქტივობა ასრულებს ჩვენს მადლიერებისა და სიკეთის კვირეულს, ბავშვებს სახლიდან მოაქვთ ის სათამაშოები და წიგნები, რომლებიც უყვართ, მაგრამ მზად არიან გასცენ და კლასელი, მეგობარი გაახარონ. ამ ნივთებს დიდ ყუთში ვაგროვებთ, თითოეულ ნივთს მიმაგრებული აქვს ბარათი, მისი მფლობელის სამი ჯადოსნური სიტყვით – თუ როგორ ბედნიერებასა და იღბალს მოუტანს ეს ნივთი ახალ მფლობელს. მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით არჩევს მოსწავლეს, რომელიც ყუთში ყოფს ხელს და რაც შეხვდება იმ საჩუქარს იღებს. აუცილებელი პირობაა, რომ მან მადლობა გადაუხადოს ნივთის ყოფილ მფლობელს და მადლიერება გამოხატოს.

ეს აქტი სიკეთისა და მადლიერების ზეიმად იქცევა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...