შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

ვარლამ შალამოვის „კოლიმური მოთხრობები“

0

ვარლამ შალამოვის „კოლიმური მოთხრობები“ საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური დოკუმენტია. ის არ გვიყვება მხოლოდ ადამიანზე, რომელიც ცივ მიწაში მუშაობს, შიმშილობს, გაყინულია. ის გვაჩვენებს, როგორ იწყება ნელ-ნელა ადამიანის მოშლა – არა სხეულიდან, არამედ აზრიდან, ღირსებიდან, სახელიდან. შალამოვი არ ყვირის. ის ამბობს. მოკლედ, მშრალად, სიზუსტით, რომელიც ქირურგის ხელივით ჭრის დოგმებს, მითებს და იდეოლოგიურ ზედნაშენს. სწორედ ამით იქმნება მისი მწერლური სიძლიერე – პირადული დისტანციითა და უემოციო სიზუსტით, რომელსაც მორალური ექო მოჰყვება.

კოლიმა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული პუნქტი. ის მორალური ნულოვანი წერტილია – ადგილი, სადაც ადამიანი მთლიანად გაშიშვლებულია. შალამოვისთვის კოლიმა წარმოადგენს ტესტს – არა მხოლოდ ადამიანობის, არამედ ენისა და წერის უნარის ტესტსაც. იქ, სადაც ყინვამ გადაყლაპა ღმერთი და სადაც წესრიგს ტყვიები იცავდა, შალამოვმა შექმნა ახალი ლიტერატურული ფორმა: ცივი პათოსი – გრძნობის გარეშე მოთხრობილი გრძნობა, რომელმაც შთამბეჭდავი მორალური ძალა შეიძინა. ის არ ცდილობს მკითხველში სინანულის გამოწვევას, მხოლოდ შეახსენებს, რომ სინდისი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

„კოლიმური მოთხრობები“ არ არის ტრადიციული პროზა. მათი ენა სპარტანულია, ფაქტებზე ორიენტირებული, ხაზგასმით არარიტორიკული. შალამოვი უარს ამბობს ლირიზმზე, ემოციასა და ფსიქოლოგიზმზე – ეს შეგნებული ესთეტიკური პოზიციაა, რომელიც ხაზს უსვამს ავტორის დამოკიდებულებას: სიტყვა არ არის დეკორაცია, ის სამხილი უნდა იყოს. ეს სტილი გადაიქცა წინააღმდეგობის ფორმად. დისტანციური თხრობა – შინაარსის მიუხედავად – გადაიქცა თავისუფლების იარაღად. სწორედ ეს განსაზღვრავს შალამოვის განსხვავებას სოლჟენიცინისგან: იქ, სადაც ერთს სურს, გარდასახოს ტანჯვა სიმბოლოდ, მეორე ხაზგასმით ამბობს: სიმბოლოების დრო არ არის, ჯერ უნდა ითქვას ფაქტი.

შალამოვი ისევე წერს გულაგზე, როგორც ისააკ ბაბელი – სამოქალაქო ომზე. იმ განსხვავებით, რომ შალამოვი გადარჩა, თუ ამას გადარჩენა ჰქვია. ის არ დაუხვრეტიათ. დახვრიტეს ისააკ ბაბელი, რომელსაც მანამდე ყოფილი ცოლის დაბეზღება მოსთხოვეს.

 

დღეს, როცა საზოგადოება ხშირად თანხმდება იდეოლოგიური წარსულის „დავიწყებაზე“, შალამოვის მოთხრობები შეგვახსენებს, რომ არაფერია ისეთი საშიში, როგორიც სიჩუმე. შალამოვი იმას კი არ გვასწავლის, როგორ დავიტანჯოთ, არამედ იმას, თუ როგორ დავინახოთ ტანჯვა ისე, რომ არ უგულებელვყოთ. და ეს გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაშიც გადმოდის: ადამიანის უფლებები არ იწყება დოკუმენტით. ისინი იწყება ამბით – ხმით, რომელსაც არავინ უსმენს, მაგრამ ვიღაც წერს.

 

მასწავლებლისთვის, რომელსაც სამოქალაქო განათლების მნიშვნელობისა სჯერა, შალამოვის მოთხრობები შესაძლოა იქცეს ძლიერი რესურსად, იშვიათ ლიტერატურულ საშუალებად ადამიანის ღირსებაზე, უფლებებსა და მეხსიერებაზე საუბრისთვის. მისი ტექსტები მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ სამართლიანობა იწყება მოყოლით, ხოლო განათლება – მოსმენით. შალამოვი არ ასწავლის; ის შეგვახსენებს. მისი მოთხრობები განაჩენი კი არ არის, არამედ მოწოდება სიჩუმეში: დავინახოთ ის, რისი გატანაც შეუძლებელია და მაინც ვეძებოთ გზა მის გამოსათქმელად.

 

შალამოვი მარტო წარსულზე კი არ გვესაუბრება, არამედ მომავლის ხმოვანებასაც ქმნის. მისი სიტყვები დღესაც არღვევს დუმილს, მაგრამ არა განრისხებით, არამედ ღირსებით, და სწორედ ეს ღირსება უნდა იქცეს განათლების ბირთვად, როდესაც მოსწავლეს ვეუბნებით: „შეგიძლია, ილაპარაკო“ .

თავად შალამოვი სტალინის ძაგებისთვის გადაასახლეს, მერე კი სასჯელი მოუმატეს, რადგან ივან ბუნინი აქო. ბუნინი კომუნისტებისთვის კონტრრევოლუციონერი „რუხი მგელი“ იყო.

თუ ემპათია სწავლებადია, როგორ შეიძლება მისი სწავლება სკოლებში

0

„თანაგრძნობის უნარის ქონა კაცობრიობის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია”.

მართა ნუსბაუმი, ამერიკელი ფილოსოფოსი

 ხშირად, როცა სოლიდარობისა და თანაგრძნობისა მნიშვნელობაზე საუბარი მესმის ხოლმე, გამიგონია, რომ ფინურ სკოლებში ემპათიას სკოლებში სპეციალურად ასწავლიან ბავშვებს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას თუ გადაწყვეტთ ჩემსავით, ნახავთ, რომ ემპათია მართლაც ისწავლება, თუმცა არა ცალკე საგნად, არამედ პრაქტიკად, ცხოვრების წესად, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ინტეგრირებულად, ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა, სპეციალურად შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვები, როლური თამაშები, კონფლიქტური ვითარებების მედიაციური მიდგომით გადაწყვეტის მცდელობები და ჯგუფური სამუშაოები, რაც სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასა და დახვეწას უწყობს ხელს. ამ მიდგომის მიზანია, ემოციურად მდგრადი ინდივიდების ჩამოყალიბება, თვითშემეცნებით სიამოვნების მიღება, ემოციური რეგულირება და კონფლიქტების მოგვარებისას ინიციატივის გამოჩენა, თანმიმდევრული მოქმედება.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ფინეთი განათლებას არ უდგება როგორც მხოლოდ სახელმწიფო სერვისს, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს სთავაზობს – ფინეთის სახელმწიფოსთვის განათლებული, ემოციურად მდგრადი და სოლიდარული საზოგადოება ქვეყნის რესურსად აღიქმება. როგორც ამბობენ ხოლმე, „ჩვენ დიდი არაფერი გვაქვს, მხოლოდ ტყეები და საკუთარი ხალხიო”. ამ მიდგომის ნაწილია ერთი მხრივ მოსწავლეების მაქსიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი – ყოფითი უნარების განვითარება აკადემიური განათლების მიღების პარალელურად. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად, მათემატიკისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ასევე ისწავლება კონცენტრაცია, თანამშრომლობა და ემოციების მართვა, საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე გარემოსა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობების საკითხები, აქტიური მოქალაქეობისა და მოხალისეობის პრინციპები, კრიტიკული აზროვნების გავარჯიშება კი მუდმივი პროცესია.

 

ამ მოდელში კითხვები არანაკლებ ღირებულია, ვიდრე პასუხები.

კონკრეტული საკითხის შესწავლისას მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროების ფილტრაციისა და შედარების უნარების მუდმივი წრთობა.

არგუმენტირებული და გააზრებული პოზიციების ქონა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე „სწორი პასუხის” ცოდნა.

უნდა არსებობდეს სივრცე სხვის მოსასმენად, საკუთარი თავის გვერდიდან შესაფასებლად, პოზიციების გადასახედად.

 

„განათლების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს, ჩამოყალიბდნენ კაცობრიობისა და საზოგადოების ეთიკურად პასუხისმგებლობიან წევრებად“ – წერია 2016 წელს მიღებულ ფინეთის ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

 

ემოციური უნარების განვითარება პრაგმატული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – გარდა იმისა, რომ ემპათიური ადამიანები კვლევების მიხედვით უკეთეს აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, პოლარიზებულ საზოგადოებებში, სადაც ტექნოლოგიები უფრო და უფრო დიდი დოზით იჭრება ყოველდღიურობაში, უკიდურესად ადამიანური უნარები შესაძლოა გადარჩენის, განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდეს. თანაგრძნობის უნარი თვითშემეცნების უნარის გარეშე არ არსებობს – იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს გაუგო, მათ მდგომარეობაში შეხვიდე და მათი მხარდაჭერა უნდა შეძლო, შენ თავს უნდა იცნობდე, შენს ემოციებს აკონტროლებდე.

 

 

ამგვარ მსჯელობებს კონკრეტული მაგალითები უხდება ხოლმე. აი რამდენიმე მათგანი ფინური სკოლებიდან:

 

  • მათემატიკის ან ბიოლოგიის გაკვეთილზე ბავშვები ადგენენ მთელი კვირის კვების გეგმას, ქმნიან საყიდლების სიას, სასურსათო ბიუჯეტს და სწავლობენ დაბალანსებული კვების პრინციპებს. ეს მათ საკუთარ თავზე ზრუნვას, ყოფით ეკონომიკას, ნუტრიციოლოგიის საბაზისო პრინციპებს და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ასწავლის და ცხოვრებისთვის ამზადებს.
  • ლიტერატურის გაკვეთილზე ბავშვები მსჯელობენ კონკრეტული პერსონაჟის მოტივაციებზე, მისი ქცევის მოდელებზე; განიხილავენ, როგორ მოიქცეოდნენ თვითონ ანალოგიურ მდგომარეობაში და ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მორალი, პასუხისმგებლობა, სიყვარული, მეგობრობა და ა.შ.
  • ბუნების გაკვეთილზე ბავშვები ღია ცის ქვეშ თავშესაფრის აგებას სწავლობენ, გარეთ ამზადებენ კერძებს და ცდილობენ, თანამედროვე გაჯეტების გარეშე ისწავლონ ნავიგაცია უკაცრიელ გარემოში. ასე სწავლობენ ისინი გუნდურ მუშაობას, ერთმანეთზე ზრუნვას, რისკების შეფასებას, დაზღვევასა და უცხო გარემოში ადაპტირებას.
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება იძლევა საშუალებას, შედარებით უფროსკლასელებმა რომელიმე დიდ თემასთან ან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით მოაწყონ ღონისძიება, შექმნან პოდკასტი ან ჩაატარონ თემში სამოყვარულო კვლევა. ამ გზით ისინი უფრო მრავალმხრივად ხედავენ საკითხს, მასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას და სწავლობენ სხვების გამოცდილების გაზიარებისა და გაცნობის შემდეგ საკუთარი სათქმელის ფორმირების გზებს.
  • უფროს კლასებში შესაძლოა მოსწავლეებმა მცირე გუნდებით პატარა ბიზნესიც წამოიწყონ, რათა იცოდნენ, როგორ კეთდება ბიუჯეტი, მარკეტინგის გეგმა, ინვესტიციების მოზიდვა, ადამიანური რესურსების სწორად განაწილება და დროისა და მოლოდინების მართვა. ამგვარ პრაქტიკაში მათი მხარდამჭერები, სკოლის გარდა, შეიძლება იყვნენ ადგილობრივი სოციალური საწარმოები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობები.

სკოლის ფორმის მსოფლიო ტენდენციები

0

ქართულ სოციალურ ქსელში ბოლო დროს ხშირად განიხილება სკოლის ფორმის შემოღების საკითხი. სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების მომხმარებლები აქტიურად წერენ და საუბრობენ ფორმების დადებით და უარყოფით შედეგებზე.

სკოლის ფორმის შემოღების მომხრეთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ იქ, სადაც ერთნაირი სამოსი აცვიათ ბავშვებს, ბულინგი არ არის, მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, უკეთ იქცევიან და უფრო თანასწორი გარემოა. მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტები კი ის გახლავთ, რომ ისინი ერთნაირ ჩაცმულობას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს საკითხი აწუხებთ. სკოლის ფორმების შესახებ ათწლეულებია არგუმენტირებული დებატები მიმდინარეობს. საქართველოსგან განსხვავებით, მოწინავე ეკონომიკისა და განვითარებულ ქვეყნებში ამ თემაზე არაერთი მკვლევარი მუშაობს. წლების განმავლობაში ტარდება კვლევები, რომლებიც სიღრმისეულად სწავლობს ჩაცმულობის გავლენას მოსწავლეთა ქცევასა და მიღწევებზე.

არსებობს მცირემასშტაბიანი კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ იმ სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, სადაც ფორმების ტარება სავალდებულოა, აღემატება სხვა სკოლების მოსწავლეთა სწავლის შედეგებს. თუმცა, ასევე, არსებობს უფრო სიღრმისეული ნაშრომები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთქმულ შედეგებს და განმარტავს, რომ მაღალ აკადემიურ შედეგებს არა ტანსაცმელი, არამედ სხვა მოცემულობები განაპირობებს. ცალკე აღებული სკოლის ფორმა არ წარმოადგენს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესების საიმედო ბერკეტს. მკვლევრების ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ სკოლის ფორმას საზიანო გავლენა აქვს ბავშვების თვითშეფასებასა და სკოლისადმი მიკუთვნებულობაზე. ამერიკის ზოგიერთ შტატში ამ საკითხზე დავების სასამართლო განხილვის პრეცედენტებიც არსებობს. მომჩივანი პირები და ორგანიზაციები სკოლის ფორმის დაწესებას განიხილავენ, როგორც ბავშვის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

ბოლოდროინდელმა მსხვილმასშტაბიანმა კვლევებმა ცხადყო, რომ მასწავლებლების, დირექტორებისა და მშობლების ნაწილს სკოლის ფორმების მიმართ ნამდვილად გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ. 2022 წელს გამოქვეყნდა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა, დაედგინა კავშირი სკოლის ფორმებსა და ბავშვების ქცევას შორის. კვლევა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მეხუთე კლასის ჩათვლით 6 320 მოსწავლე მონაწილეობდა. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებლები აფასებდნენ თითოეულ მოსწავლეს სამი განზომილების მიხედვით: ქცევითი პრობლემები მოსწავლეებში (როგორიცაა შფოთვა და სოციალური იზოლაცია), მიდრეკილება აგრესიისადმი, სოციალური უნარები. კვლევამ აჩვენა, საერთო ჯამში, სკოლის ფორმებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ქცევის სამი განზომილებიდან არცერთზე. ამით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სკოლის ფორმა არ აუმჯობესებს ბავშვების ქცევას და უმეტეს შემთხვევაში დადებით გავლენას არ ახდენს მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელზე. მცირე გამონაკლისს წარმოადგენდა დაბალშემოსავლიანი ოჯახების მოსწავლეთა წილი. ეს ერთადერთი ჯგუფია, სადაც დასწრების მაჩვენებელი წელიწადში ერთი დღით მაღალი იყო იმ სკოლებში, სადაც ფორმის ტარება სავალდებულოდ ითვლებოდა. მკვლევრებმა შეაფასეს ამ მოსწავლეების თვითშეფასების მაჩვენებლებიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლისადმი მიკუთვნებულობის გრძნობაზე და აღწერეს ბულინგისა და სოციალური შფოთვის გამოცდილება. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სასკოლო ფორმები არ იყო დაკავშირებული ბავშვებში ბულინგის ან სოციალური შფოთვის რაიმე განსხვავებასთან. ამავე დროს, მკვლევრები საუბრობენ ერთ საყურადღებო მიგნებაზე. უნიფორმის ტარების ვალდებულების მქონე მოზარდებმა სკოლისადმი მიკუთვნებულობის უფრო დაბალი დონე აღნიშნეს, ვიდრე მათ, ვინც სწავლობდა სკოლებში, სადაც ფორმის ტარება არ იყო სავალდებულო. ამ კვლევით, დღის წესრიგში დადგა კიდევ ერთი საკითხი, როგორიც არის, უკუეფექტი და ზიანი, რაც შეიძლება სკოლის ფორმამ მიაყენოს მოსწავლეს.

სკოლის ფორმების შემოღებას მთელ მსოფლიოში მკაფიო ადვოკატირებას უწევენ სამოსის მწარმოებელი კერძო კომპანიები. ამ დროისათვის ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 25-დან 500 დოლარამდე მერყეობს. სასკოლო ტანსაცმლის წარმოებაში მსოფლიოში ცნობილი ატელიეებიც არიან ჩართული. ისინი ცალკეული სკოლისთვისაც ქმნიან დიზაინს და მასობრივ წარმოებაშიც მონაწილეობენ. ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე კერძო სექტორი აქტიურ რეკლამირებას უწევს სკოლაში ფორმების ტარებას. მათი დამკვეთების უმრავლესობაც კერძო სკოლები არიან, ვისთვისაც სამოსი სკოლის ბრენდინგის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ სამყაროში სკოლის ფორმების გამოყენების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და დამოუკიდებელი ასოციაციებიც კი არსებობს, ევროპისა და ამერიკის სკოლებში უნიფორმის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 30-35%-ს არ აღემატება, მაშინ როცა აზიასა და აფრიკაში ფორმის ჩაცმა სავალდებულოა სკოლების 80-90 %-ში. საერთაშორისო კვლევებს თუ გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ, რომ ევროპული/ამერიკული განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება აზიურ და აფრიკულ განათლების ხარისხს. ეს ალბათ ყველაზე ნათელი დადასტურებაა, რომ სკოლის ფორმა პანაცეა არ არის.

უნიფორმის შესახებ დებატები მეტყველებს, რომ სასკოლო საზოგადოებას სურვილი აქვს რთული საგანმანათლებლო გამოწვევების გადასაჭრელად მარტივი გადაწყვეტილებები იპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ჩაცმულობის სტანდარტიზაცია უსაფრთხოების, სწავლაზე ფოკუსირებისა და თანასწორობის გარანტიად გამოიყურება, არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ფორმა ნამდვილად ახდენს გავლენას განათლების ხარისხზე.

ჭეშმარიტად ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა მოითხოვს უფრო ყოვლისმომცველ მიდგომებს, რომლებიც საგანმანათლებლო გამოწვევების ძირეულ მიზეზებს ეხება.

წყაროები:

სტუდენტობა მოგვიანებით

0

ისე მოხდა, რომ კვლავ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, 37 წლის ასაკში მაგისტრატურას დავუბრუნდი, რომელიც 13 წლის წინ ბოლო სემესტრში შევწყვიტე. ეროვნული და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები, საგნების არჩევა და იმაზე ფიქრი, როგორი იქნება ჩემი სამაგისტრო ნამუშევარი, საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. და, რაც მთავარია, ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ახლა გაცილებით მზად ვარ ახალი ცოდნისთვის, გაცილებით მარტივად მიდის ეს პროცესი, ვიდრე მაშინ, როცა ახლად სკოლადამთავრებული, დაბნეული 16 წლის მე ირჩევდა პროფესიას, რომელსაც მერე არასოდეს გამოიყენებდა ან უკვე თითქოს საკუთარ ზრდასრულობაში დაჯერებული, 20 წლის იგივე მე ფიქრობდა, რა მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა შემდეგ საფეხურზე. იმ დროიდან ყველაზე ხშირად მახსენდება ლექტორი, რომელმაც თქვა – ყველაზე მეტად ახალგაზრდები მებრალებით, სახლში მშობლებს აღარ ესმით თქვენი, სამსახურებში უფროსებს უნდა დაუმტკიცოთ, რომ იმსახურებთ იმ ადგილებს, სადაც აგიყვანენ. პირველ სიყვარულს შეიძლება დიდი იმედგაცრუებები მოჰყვეს, თქვენ კი ამ ყველაფერს ყოჩაღად უნდა გაუძლოთ და თან კიდევ ისწავლოთო. ასე, თანაგრძნობითა და გაგებით საუბარი იშვიათობა იყო და მართლაც, ზრდასრულობის პირველი წლები ალბათ ყველაზე რთული, საფრთხეებითა და თავგადასავლებითაა სავსე და ამ გზაზე ყველა გამხნევება და ყველა მხარდაჭერა ერთიორად ძვირფასია, იმის მიუხედავად, ამას მაშინვე გააცნობიერებ თუ მერე.

ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტს მარტო მე კი არა, ბევრი ჩემი მეგობარი და კარგი ნაცნობი დაუბრუნდა, დაახლოებით ჩემი ასაკისები. როცა ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ ხოლმე, აშკარა ხდება, რომ ახლა გაცილებით მეტ მხარდაჭერას გვთავაზობენ ლექტორები და უნივერსიტეტები. უფრო ჩანს, პატივისცემა ჩვენთან დამოკიდებულებაში და მიუხედავად იმისა, რომ დიდი პაუზის შემდეგ წვრილმან ბიუროკრატიაში გარკვევა შეიძლება მეტად გვიჭირს, ვიდრე „ახალგაზრდა“ სტუდენტებს, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ახლა გაცილებით მშვიდი და გაცნობიერებულია, ვიდრე „თავის დროზე“ იყო.

ახალი გამოცდილება და როლი ბუნებრივად მაფიქრებს ხოლმე უწყვეტი განათლების პრინციპებზე და იმაზეც, რომ განათლება საბოლოო ჯამში მაინც პრივილეგიად რჩება. ამ ფიქრების ნაწილია ისიც, რომ ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ეტაპზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ ოჯახებისგან, მასწავლებლებისა და უნივერსიტეტებისგან, ვიდრე ამას იღებენ. კვლავ ვისმენ ამბებს იმაზე, როგორ უჭირთ სტუდენტებს სწავლა და მუშაობა ერთად, როგორი მწირია ის განათლება, რომელსაც ისინი სკოლებში იღებენ და როგორი რთულია კარგი საფუძვლის გარეშე მათთვის რაიმე პროფესიის შესწავლა, როგორ გამოწვევად რჩება უცხო ენების ცოდნა და როგორი რთულია კარგი კადრების შენარჩუნება აკადემიური სივრცეებისთვის.

სტუდენტების ხმა საზოგადოებაში მხოლოდ ფრაგმენტულად ისმის – ისინი კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე დაუსაქმებელ, ყველაზე მოწყვლად ნაწილად. მოსწავლეებს ბოლო წლებში კვლავ ინერციით უწევთ მომავალი პროფესიების არჩევა და უწყვეტი განათლების პრინციპის მიღებაც, რაც მუდმივ მზაობას გულისხმობს ახალი ცოდნის მისაღებად, იმის მიუხედავად, რაა შენი სტატუსი.

უნივერსიტეტში დაბრუნებისას ჩემი მიზანი აკადემიურ სივრცეზე გამადიდებელი შუშითა და უფრო ფრთხილი თვალით დაკვირვება არ ყოფილა, მაგრამ მივხვდი, რომ ამის გარეშე არაფერი გამოდის – დამატებითი თავის ტკივილი გავიჩინე. თუმცა იმის წარმოდგენა, რას ვიზამდი წლების წინანდელ ამბავში ახლა რომ აღმოვჩენილიყავი, მამხიარულებს. ეს ამბავი დროში მოგზაურობის სათამაშოც აღმოჩნდა და არ ვიცი იმის გამო, რომ საბოლოოდ ადამიანების სიცოცხლე არც ისე დიდია, თუ მარადიული პრობლემებია ამის მიზეზი, მაინც უფრო უკეთ განათებულ სივრცეში წრეზე სიარულს ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე ახალი სუნთქვის გახსნას.

 

ამბების თხრობა – ბავშვობის ძვირფასი გამოცდილების ნაწილი

0

მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფ. მაღაროსკარში, . ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცაკი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი საღმრთო ისტორიიდან, წერაკითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილს საუბარს, რადგან ძველი აღთქმისა ზოგზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა: დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ. …და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედაჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთმეთქი. მაინც ამთმიანობამთავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი“.

„ჩემი წუთისოფელი“, ვაჟა-ფშაველას თხზულებები, მე-5 ტომი, 1936 წელი, საქართველოს ეროვნული არქივი

ვკითხულობთ ამ ჩანაწერს და თვალწინ ცოცხლდება ვაჟას ბავშვობის ოჯახური ატმოსფერო, შთაბეჭდილებების მასაზრდოებელი გარემო, რომელმაც მწერლის წარმოსახვა გამოკვება, ფრთები შეასხა, შემდეგ კი გენიალური ნაწარმოებები შეაქმნევინა. ვხედავთ მამასაც, რომელიც შვილს საღმრთო ისტორიებს უყვება, ბიბლიურ გმირებს აცოცხლებს, მისთვის იცლის, მის განათლებაზე ზრუნავს, ჩვეულებრივ, ყოფით სიტუაციებშიც კი.

ბავშვისთვის ამბების გაზიარება, დროის დათმობა, კულტურულ და საგანმანათლებლო ხასიათთან ერთად ემოციურ დატვირთვასაც ატარებს – კვებავს მას უსაზღვროდ დიდი შთაბეჭდილებებით, ამდიდრებს ემოციურად, უჩენს მიკუთვნებულობის და უსაფრთხოების განცდას.

ყველა ამბავი, რომელიც პატარამ ბავშვობაში მოისმინა, წაიკითხა, შეიგრძნო და გაითავისა, ემოციური მემკვიდრეობის ნაწილიც ხდება მისთვის. მოგონებების ფაზლი, რომელიც სწორედ ასეთი ამბებისგან იკვრება, ხშირად გადამრჩენელის ფუნქციასაც ითავსებს ზრდასრულობაში. ასეთი ამბები არ არის მხოლოდ უბრალოდ მოგონება, უბრალოდ ამბავი, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ დატვირთვასაც, ენერგიასაც იძენს და საკუთარი თავის, ცხოვრებისეული ღერძის მოძებნაში და დანახვაში ეხმარება ადამიანს.

ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, ერთმა უბრალო საოჯახო ტრადიციამ, როდესაც ძილის წინ პატარას სხვადასხვა ამბებს ვუყვებით, იქნება ეს ზღაპრები თუ პირადი მოგონებები, შესაძლოა მისი მომავალი ცხოვრებაც კი განსაზღვროს. ერთმა ამბავმა კიდევ ახალ გამოცდილებას დაუდოს საფუძველი. ერთმა ამბავმა, რომელიც ერთ მშვენიერ საღამოს შვილებს მოვუყევით, მას დიდი მიზნების განხორციელებისკენ უბიძგოს. სწორედ, ამიტომ, როდესაც ბავშვები ითხოვენ ჩვენგან, ვუამბოთ ნებისმიერი რამ, ველაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, არ ვიყოთ სიტყვაძუნწები და შევძლოთ მათთვის დროის დათმობა.

ბავშვები სამყაროს აღიქვამენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იმ ემოციებითაც, რომლებიც თან ახლავს მათ. ნეირომეცნიერების მიხედვით, სარკისებური ნეირონები ასახავენ იმას, რასაც ბავშვი ხედავს – როცა მშობელი შთაგონებით, თბილი, მზრუნველი ხმით, უყვება პატარას რაიმე საინტერესო ამბავს და ის ინტერესით უსმენს, ან ემოციით რეაგირებს, იგივე ნერვული გზები აქტიურდება ბავშვის ტვინში.

ცნობილია, რომ ბავშვის ტვინის ადრეულ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მთავარი ფაქტორი – რამდენად ხშირად ესაუბრებიან მას ადრეულ პერიოდში, რამდენად ხშირად უსმენენ და როგორ ურთიერთობენ მასთან. ასეთი გამოცდილება ეხმარება პატარას, განვითარდეს კოგნიტიურად, ემოციურად და ინტელექტუალურად, რაც მისი მომავალი წარმატებების წინაპირობაცაა. თითოეული წაკითხული ზღაპარი, ერთად გატარებული ბედნიერი წუთები, ბავშვზე ზრუნვის გამოცდილება, ამბის გაზიარება, ერთად კითხვა, თამაში, ბავშვის ემოციური განვითარების და სიმყარის საფუძველსაც ქმნიან.

ბავშვობაში ყველაზე მეტად სწორედ ამბების მოსმენა მიზიდავდა. ამ მხრივ ბებიას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, შორეული ამბები ჩვენთვის მოეტანა და გაეცოცხლებინა. გატრუნული ვიწექით და ვუსმენდით ღამით ამბებს, რომლებსაც გვიყვებოდა და ძილმორეულებიც კი დროსა და სივრცეში ვმოგზაურობდით. გაზიარებული ამბების ეს მისტიკური გამოცდილება ჩემს მეხსიერებას დღემდე მოჰყვება. ადრეული მოგონებები მასაზრდოებს ყველაზე რთულ პერიოდებში და მარწმუნებს იმაშიც, რომ სულ რამდენიმე წამიც კმარა, მოხუჭო თვალები, დაეხსნა გონებით ყოველდღიურობის მარყუჟებს და ძალიან თბილ, ძალიან ფაფუკ, ძალიან ბედნიერ მოგონებებში ამოყო თავი.

პედაგოგიური კონფერენცია, როგორც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

0

პედაგოგიკა, ადამიანის ბუნების შეცნობის მეცნიერების მსგავსად,

წიგნებით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებით ისწავლება“.

ალფრედ ადლერი

 

პედაგოგიკა – პიროვნული ზრდის ხელშეწყობისთვის

პედაგოგიკის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ერთი და ამომწურავი წინადადება რომ მომთხოვოს ვინმემ, ამავე მეცნიერის წიგნიდან ამ ერთ ფრაზას მოვიშველიებდი – „რათა ყველას მიეცეს საკუთარი პიროვნების სრულყოფის საშუალება“; არა რომელიღაც სტანდარტისა თუ სასწავლო მიზნის მიღწევა და მიღწევა/ვერ მიღწევის მონიტორინგი სტანდარტიზებული უნივერსალური ტესტირებებით, არამედ თითოეული ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

პედაგოგიკა – მეგზურობა საზრისის ძიების გზაზე

მოზარდებთან ხანგრძლივი ურთიერთობა, პედაგოგიური პრაქტიკა და წლობით დაგროვილი გამოცდილება ერთი განზოგადებული დასკვნის გაკეთებისკენ მიბიძგებს – ახალგაზრდა ადამიანს, განსაკუთრებით, გარდამავალ ასაკში მოზარდობიდან ზრდასრულობისკენ. მას აუცილებლად ებადება კითხვები ცხოვრების საზრისის შესახებ, ასაკობრივი განვითარების უცილობელი თანმდევი არის პიროვნული განვითარებისკენ სწრაფვა, თვითგამოხატვის, სამყაროს შემეცნების, შეცნობის გზების ძიება. ეს წყურვილი, „გულისხმიერებაი სწავლისაი“, მართლაც საკვირველი და დაუოკებელია და მოსწავლეები საკლასო განხილვებისას ან მსჯელობისას მათთვის საინტერესო კითხვებს ხშირად სვამენ, ეძებენ პასუხებს, ითავისებენ ცოდნას, უგულებელყოფენ უკვე გათავისებულს, კვლავ ეძებენ პასუხებს, პოულობენ ან ვერ… და საკუთრივ ეს პროცესი არის იმდენად ღირებული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უმთავრეს პედაგოგიურ ამოცანადაც ეს შეიძლება დავსახოთ – მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, დააკვირდნენ საკუთარ პიროვნულ განვითარებას. მოსინჯონ განვითარების გზაზე სწორი და არასწორი ბილიკები. შევიდნენ ჩიხში და მოიძიონ გზა ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. დაადგნენ შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოების გამზირებს, ეძებონ, პოვონ, დაკარგონ და კვლავ ეძებონ საზრისები…

საკუთარი თავის აღზრდის მნიშვნელობა

საფრთხილო, ფაქიზი პედაგოგიური ამოცანაა ახალგაზრდა ადამიანის ამ გზაზე მეგზურობა. მზა რეცეპტები არ გვაქვს და ვერ მივაწვდით. დაზუსტებულ პასუხებს ვერ გავცემთ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, უსაფრთხო, ნდობით აღსავსე გარემოს შექმნაა.

და რაც დანამდვილებით გვევალება, როგორც პედაგოგებს, საკუთარი თავის აღზრდა, გამოწვრთნა და მომზადებაა ასეთი გამოწვევებისთვის.

 

აღზრდა კრიტიკული კითხვების დასმას, რეფლექსიას, კრიზისული სიტუაციების სწორად დაძლევას, განვითარებისკენ დაუდგრომელ სვლას გულისხმობს. დავსვათ ეს კითხვები: რამდენად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი, როგორც პედაგოგების, მნიშვნელობა მოსწავლეების ცხოვრებაში? პროფესიულ მიზნებსა და ამოცანებს როდის ვუღრმავდებით, ვიცხადებთ, ვითავისებთ? საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისას დასწავლილ თეორიებში რამდენი პრაქტიკულად გამოსაყენებელი სტრატეგია, ინსტრუმენტი, ტაქტიკა, მეთოდია მოწოდებული? პედაგოგიკის საუნივერსიტეტო კურსი რამდენად წაგვადგა სასკოლო პრაქტიკაში? განათლების ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები და კურიკულუმები ის საბადოა, რომელშიც სწორ მითითებებს ვიპოვით? რამდენად გვაქვს მასწავლებლებს ერთმანეთის გამოცდილებების შეფასება-განსჯის გარეშე გაზიარების საშუალება? როდის და რამდენად გვაქვს საშუალება, თავადვე დავაკვირდეთ ჩვენსავე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას განსჯისა და შეფასების გარეშე?

პიროვნული განვითარება, როგორც პროფგანვითარების უცილობელი შემადგენელი

კითხვების კორიანტელია… მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი კითხვების, მაგრამ სტანდარტიზაციის, რეიტინგების, ქულებისა და კრედიტების დევნის, საკვალიფიკაციო მარათონის, სასკოლო ბიუროკრატიული წნეხის პირობებში ამ მნიშვნელოვან კითხვებზე საფიქრალად დრო თითქმის არ გვრჩება.

სასკოლო სისტემა, რომელშიც ყველაფერი ციფრებით იზომება, კონტროლის ილუზიას ქმნის. ჩვენივე საკუთარი პროფესიული განვითარებაც ამ მაკონტროლებელ სისტემაშია მოქცეული და მასწავლებლისთვის უმთავრეს საჭიროებად დოკუმენტაციის სწორად შევსება, საკვალიფიკაციო იერარქიაში ერთი საფეხურით ზევით ასვლა, კრედიტების დაგროვება იქცა. ამ ყველაფრისგან გადაქანცულ მასწავლებელს მოზარდებთან ურთიერთობისთვის, პედაგოგიური საქმიანობისთვის, საკუთარი საქმის ინტერესითა და ხალისით კეთებისთვის ნაკლები დრო, ენერგია, რესურსი რჩება.

პედაგოგიური კონფერენციები – პედაგოგიური განვითარების შესაძლებლობა

ვალდორფის პედაგოგიკაში არის საინტერესო და მნიშვნელოვანი პრაქტიკა – ყოველკვირეული შეხვედრები, რომლებსაც „პედაგოგიური კონფერენციები“ ეწოდება. სხვადასხვა საფეხურის მასწავლებლები იკრიბებიან ყოველკვირეულად, ერთ შერჩეულ დღეს და წინასწარ რეგლამენტირებული დროის განმავლობაში მიმოიხილავენ სხვადასხვა პედაგოგიურ საკითხს, აქტუალურს სასწავლო კვირის განმავლობაში. ეს არ არის ადმინისტრაციული ვალდებულება, დირექციის ბრძანება ან ქულა/კრედიტების მისანიჭებელი ღონისძიება, მასწავლებლები იკრიბებიან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად.

მსგავსი ტიპის შეხვედრები შეუცვლელია კოლეგიალური ურთიერთობების, თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად და ჯეროვანი, სასწავლო დაწესებულებისთვის შესაფერისი ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად. საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის კულტურა ის ეკოსისტემაა, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები ურთიერთობენ, რომელშიც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობს და ამ ეკოსისტემის სიჯანსაღეზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

პედაგოგიური კონფერენცია საუკეთესო სამარჯვია პროფესიული განვითარებისა და კოლეგიალური კულტურის ჩამოყალიბებისთვის. როგორც წესი, ის ორი ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში წინასწარ შერჩეული თემის მიხედვით მომზადებულ პრეზენტაციას ან მოხსენებას ისმენს აუდიტორია. მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის, მოსაზრებების გაცვლის დროა. პრაქტიკული ნაწილი კი აქტუალური საკითხების მიმოხილვას ეთმობა. მასწავლებლები ნდობით აღსავსე, მშვიდ, უსაფრთხო, საქმიან ატმოსფეროში ერთმანეთს უყვებიან სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების, მოსწავლეთა მოტივაციის, ქცევის სირთულეების ან კონკრეტული კლასის დინამიკის პრობლემების შესახებ. ასეთ შეხვედრებზე კი სწორედ ის ხდება, რაც ადლერის „ცხოვრებისეული გამოცდილებით სწავლებაშია“ ნაგულისხმევი.

ჩვენს სკოლებში მასწავლებლებს ერთმანეთთან შეხვედრის დრო და საშუალება ნაკლებად აქვთ. მართალია, ფუნქციონირებს პედაგოგიური საბჭო, როგორც თვითმმართველობის არჩევითი ორგანო, მაგრამ მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შორსაა იმისგან, რაზეც სტატიაში ვსაუბრობდით. არადა, რეგულარული, ცოცხალი, საინტერესო, შთამაგონებელი შეხვედრები აძლიერებს სკოლას, ქმნის თანამშრომლობით სწავლა-სწავლების კულტურას და შესანიშნავ მაგალითს მოსწავლეებისთვის.

სივრცე, ადამიანი, იდენტობა – მიდგომები მხარის/რეგიონის ცნების გააზრებისათვის „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილებზე

0

„ჩვენი საქართველო“ ინტეგრირებული საგანია, რომელიც მხარეთმცოდნეობით პრინციპზეა აგებული. ოღონდ აქ „მხარე“ მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არაა, ის ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების კულტურულ-სოციალური სივრცეა, სადაც ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. მხარის გაგება-გააზრება „ჩვენი საქართველოს“ საგნის შესწავლისთვის აუცილებელი ყველა ცნების გაგება-გააზრების საფუძველია (სივრცე (მხარე, რეგიონი) (საზ.მეც.დაწყ. (II) 1), მეურნეობა (საზ.მეც.დაწყ. (II) 2,4,5), დრო (ცვლილება(საზ.მეც.დაწყ. (II) 3, 5), საზოგადოება (საზ.მეც.დაწყ.(II) 5), მრავალფეროვნება (ყოფითი თავისებურებები) (საზ.მეც.დაწყ.(II) 4 ), სახელმწიფო (საზ.მეც.დაწყ.(II)5,6)).

ეს ეხმარება მოსწავლეს:

~

  • წარმოიდგინოს ადამიანი დროსა და სივრცეში;
  • გაიაზროს, რას ნიშნავს იყო „ქართლელი“, „იმერელი“, „მეგრელი“, „კახელი“, „ფშაველი“, „მოხევე“ და ა.შ.
  • დაინახოს და გააცნობიეროს, რა არის:
  • სივრცე (პეიზაჟი, ბუნებრივი გარემო) („რა?“ „სად?“…);
  • ადამიანი (საზოგადოებრივი ცხოვრება, საქმიანობა) („ვინ?“…“როდის?“.. „როგორ?“.);
  • იდენტობა (ტრადიციები, კულტურა, ცნობიერება) („როგორი?“.. „რომელი?“..).

რა ეფექტური სტრატეგიები და მიდგომები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლემ შეძლოს საგნის შესწავლის სირთულეების დაძლევა და „მხარის/რეგიონის“ გაცნობიერება, სივრცეს, ადამიანსა და იდენტობას შორის კავშირის დანახვა?

პირველ ეტაპზე სასურველია, აქტივობები მიმართული იყოს მხარის/რეგიონის ცნების გააზრებისათვის, მაგალითად:

  1. ინტერაქციული რუკის გამოყენება – მოსწავლეები ქმნიან მხარის (მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის) თემატურ რუკას, რომელზეც დაიტანენ სოფლებს, კოშკებს, გზებსა და კულტურულ ობიექტებს (მაგალითად, შატილის, დართლოს, სნოს, გუდანის);
  2. ისტორიული მემკვიდრეობა – მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას (ზეპირი და ფოლკლორული) მხარის (მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის) მითებისა და ლეგენდების, კულტურული ტრადიციების შესახებ და წარმოიდგნენ, როგორ ქმნის კულტურა იდენტობას;
  3. პრეზენტაციები თემაზე – „მხარის ბუნება და მისი გავლენა ადამიანის საქმიანობაზე“, „მთის /ბარის სოფელი“ და სხვ.
  4. ვირტუალური მოგზაურობა – ვიდეომასალის ან 3D რუკის გამოყენება ადგილობრივი ბუნებრივი გარემოსა და არქიტექტურის შესასწავლად.
  5. დისკუსია – მოსწავლეები მსჯელობენ კითხვებზე:
    • რას ნიშნავს ამა თუ იმ მხარეში (მაგალითად, მთიანეთში) ცხოვრება?
    • რა კავშირია ადამიანის საქმიანობასა და იდენტობას შორის?
    • რა არის რეგიონის გამაერთიანებელი ღირებულებები?

მსგავსი სტრატეგიებით მოსწავლე თანდათან გააცნობიერებს სივრცესა და ადამიანს შორის კავშირს, დაინახავს, რომ მხარე/რეგიონი არის ის, სადაც ბუნება, ადამიანი, კულტურა და ტრადიციები ერთ მთლიანობას ქმნიან კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ელემენტებით (ანუ მოსწავლეები არ შეისწავლიან მხოლოდ ფაქტებს, არამედ შეასრულებენ იმ აქტივობებს, რომლებითაც შეძლებენ სივრცის აღქმას იმ ადამიანების საქმიანობისა და მოღვაწეობის კონტექსტში, რომლებიც იქ ცხოვრობენ). შესაბამისად, ის აქტივობები, რომლებიც სტანდარტის მიზნის მისაღწევად სჭირდება მასწავლებელს, დაფუძნებული უნდა იყოს მხარეთმცოდნეობითი შესწავლის პრინციპზე და უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს მხარის/რეგიონის ისტორიული, სოციალური და სულიერი ერთობის აღქმასა და შემეცნებაში, რაც რეალურად საკუთარი ქვეყნის სიღრმისეული შესწავლის საფუძველია.

მეორე ეტაპზე აქტივობები მიმართულია მხარის/რეგიონის, ადამიანისა და იდენტობის ურთიერთკავშირის გააზრებისკენ, მაგალითად,

  • სივრცის რუკის შექმნა იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. ამ მიზნით მოსწავლეები:

 

  • მუშაობენ რუკაზე (ფიზიკური რუკა ან ციფრული Google Maps);
  • რუკაზე აღნიშნავენ სვანეთის, თუშეთისა და ხევსურეთის და ა.შ. სოფლებს/დასახლებულ პუნქტებს (მაგალითად, ომალოს, შატილს, სნოს, კავთისხევს და ა.შ.);
  • თითოეულ წერტილთან მიმართებაში ქმნიან მოკლე ნარატივს, სადაც აღწერენ, როგორ მოქმედებს ბუნება ადამიანების ცხოვრებაზე;
  • მიუთითებენ ამ მხარის ადამიანების იდენტობის განმსაზღვრელ სამეურნეო და კულტურულ ელემენტებზე (საქმიანობა, ჩაცმულობა, ნაგებობა, ფოლკლორი..);
  • მიღებულ შედეგებს შეაჯამებენ პრეზენტაციით (ზეპირი /ვიზუალური).

 

  • „ინტერვიუ წარსულთან“ :
  • მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოს ტექსტებს (მაგალითად, ხევსურების, თუშების, ფშაველების, ქართლელების და ა.შ. ცხოვრების შესახებ);
  • შეადგენენ „ისტორიულ ინტერვიუს“: წარმოიდგენენ, რომ ესაუბრებიან ხევსურ მოხუცს, ან თუშ მეცხვარეს, ან მეგრელ მესიმინდეს და ა.შ. სხვადასხვა საკითხზე:
    • რა მნიშვნელობა აქვს მათთვის სამშობლოს, მთასა და ბარს?
    • როგორ გამოხატავენ, როგორ აღიქვამენ საკუთარ იდენტობას?
    • რას ჰქვია, იყო „ხევსური“, „ფშაველი“, „მოხევე“, „ქართლელი“ და ა.შ.
  • „საქართველოს გზებზე“ – სივრცისა და ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლისათვის იგეგმება კიდევ ერთი აქტივობა – „საქართველოს გზებზე“. ამ მიზნით მოსწავლეები:
  • რუკაზე მონიშნავენ სავაჭრო გზებს (მაგალითად, დარიალის ხეობა..);
  • მოძებნიან იმ გზებს, რომლებიც კონკრეტულ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდა;
  • იმსჯელებენ, როგორ უწყობს ხელს ვაჭრობა, ეკონომიკა მხარის განვითარებასა და იდენტობის ჩამოყალიბებას.
  • პრეზენტაცია თემაზე: „რას ნიშნავს იყო…“ (მაგალითად, მთიელი):
  • მოსწავლე მოკლე ტექსტს წერს მხარის შესახებ;
  • პრეზენტაციას დაამატებს სურათს ან ნახატს, რომელიც უკეთესად გადმოსცემს მხარის ძირითად შინაარსს (თოვლიანი მთა.. კოშკი.. );
  • მეტაკოგნიტიური ამოცანა:
  • მოსწავლეები მუშაობენ ცხრილის შევსებაზე, რომელიც ეხმარება სივრცის გააზრებასა და საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას.

ნიმუში – ცხრილი – „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი“:

სივრცე ადამიანი კულტურული იდენტობა ეკონომიკა ცვლილება XXI საუკუნეში
თუშეთი მწყემსობა, სეზონური მიგრაცია სტუმარ-მასპინძლობა, ტრადიცია, სამოსი, ნაგებობა მეცხვარეობა

ხალხური რეწვა

ტურიზმი, გზების ინფრასტრუქტურა
ხევსურეთი თავდაცვითი ციხეები ტრადიციული სამოსი, ერთგულება.. მეცხვარეობა

ხალხური რეწვა

ურბანიზაციის გავლენა

რეფლექსიური შეკითხვები:

  • როდის ხდება ბუნებრივი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილი?
  • როგორ გეხმარება შენი რეგიონისა და სხვა რეგიონების გაცნობა იდენტობის გააზრებაში?

აღნიშნული მიდგომები ეხმარება მოსწავლეს გამოცდილების, ცოდნისა და ემპათიის საფუძველზე გაიაზროს ცნება „მხარე/რეგიონი“, „სივრცე“, როგორც გეოგრაფიული ერთეული და აღიქვას მხარეს/რეგიონს, სივრცეს, ადამიანსა და იდენტობას შორის ურთიერთკავშირი და წარმატებით გააგრძელოს „ჩვენი საქართველოს“ სხვა ცნებების შესწავლაც.

შემოქმედებითი დავალება „ელექტრობა – ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში“

0

წარმოდგენილი შემოქმედებითი დავალება მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია, განახორციელონ შესაბამისი კვლევები, ჩაატარონ საჭირო ექსპერიმენტები, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები როლური თამაშებითა და პრეზენტაციებით იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ელექტრობამ ადამიანის ცხოვრება – არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ სოციალურად და მენტალურად.

მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ელექტრობის განვითარება, შესაბამისი კანონზომიერებების ცხოვრებაში დანერგვა და გამოყენება ცივილიზაციის გარდატეხის სიმბოლოა. ელექტროენერგიის გამოყენებამ შეცვალა სივრცე-დროის აღქმა და კომუნიკაციის ფორმები. მოზარდები სტატიაზე მუშაობით, პრეზენტაციებით, STEAM ექსპერიმენტებით, სიღრმისეულად შეისწავლიან მუდმივი დენის კანონებს და შესაბამისი აღმოჩენების გავლენას ადამიანის ყოველდღიურობის, ცნობიერებისა და ზოგადად, კაცობრიობის მომავლის ახალი ერის ფორმულირებაში.

 

შემოქმედებითი

დავალება

ელექტრობაახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში
კლასი X
შემოქმედებითი დავალების იდეა წარმოიდგინე, რომ ხარ ახალგაზრდა მკვლევარი და შეგიძლია მოგზაურობა დროში – ახალი ერის ზღვარზე – იმ მომენტში, როცა ადამიანებმა პირველად დაინახეს ნათურით განათებული წყვდიადი.

შენ მოგზაურობ –

ü  მეცნიერთა ლაბორატორიებში, სადაც ტარდება ექსპერიმენტები ნათურებზე, ელექტროძრავებთან;

ü  ქალაქების ბნელ ქუჩებში, სადაც ხელოვნური სინათლის პირველი სხივები ანათებს ღამეს;

ü  სახლებში, სადაც ადამიანები ეზიარებიან ელექტრომოწყობილობების კომფორტს და ტექნოლოგიურ სასწაულს. ისმენ მათ აღფრთოვანებას და შიშს ახალ შესაძლებლობებზე.

შენი დავალებაა, დროში მოგზაურობის დასრულების შემდეგ თანატოლებს მოუყვე ემოციებსა და აღმოჩენებზე, რაც იმ ეპოქაში განიცადე, სადაც ნათურა პირველად აინთო.

კლასელებთან ერთად იმსჯელე და დაამუშავე ის საკითხები, რომლებიც დაგეხმარება შემოქმედებითი დავალების პირობის შესრულებაში.

 

შემოქმედებითი დავალების პირობა დაწერე შემოქმედებითი ტექსტი, სადაც აღწერ, წარსულში შენი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, რა ნახე? როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

კითხვები, რომლებიც დაგეხმარება ტექსტის შექმნაში:

ü  სად იმყოფები – რომელ ეპოქაში ხარ?

ü  რომელ ცნობილ ფიზიკოსებს შეხვდი?

ü  რას ხედავ გარშემო, როგორი იყო გარემო მანამდე და შემდეგ, როდესაც პირველი ნათურა აინთო?

ü  რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ქუჩა ღამით პირველად განათდა?

ü  როგორ რეაგირებენ ადამიანები ნათურის ანთებაზე – შიშით, სიხარულით, გაოცებით?

ü  როგორია ახალი სამყარო, სადაც წყვდიადი თანდათან უფრო და უფრო ნათდება?

ü  რას მოუყვები მსმენელს – როგორ დაიწყო კაცობრიობის ახალი ერა?

ü  რა ცვლილება მოუტანა ელექტრობის მიღწევებმა ადამიანს?

 

აარჩიე შემოქმედებითი ნაშრომის იდეა:

ü  წერილი „ხელოვნურ სინათლეს“ – როგორც მეგობარს, რომელმაც შეცვალა ცხოვრება;

ü  ინტერვიუ ტესლასთან ან ედისონთან;

ü  მხატვრული ესეი სათაურით „ნაპერწკალი, რომელმაც კაცობრიობა გაანათა“;

ü  ნახატი ან პოსტერი – „ბნელიდან სინათლემდე“;

ü  ფიზიკის რა კანონზომიერებების აღმოჩენა დაედო საფუძვლად ელექტროსისტემების დანერგვასა და გამოყენებას.

 

მოამზადე პრეზენტაციები მუდმივი დენის კანონებზე და ჩაატარე შესაბამისი ექსპერიმენტები ( STEAM ლაბრატორიის, Tinkercad-ის ან/და https://phet.colorado.edu/- საშუალებით). მოამზადე სტატია შენ მიერ შერჩეულ თემაზე. ნაშრომს დაურთე ექსპერიმენტის ამსახველი მასალა და პრეზენტაცია წარმოადგინე ელექტრონული ფორმატით (Word, Canva, PowerPoint) ან პოსტერის სახით.

 

გაითვალისწინე

შენი ტექსტი უნდა აჩვენებდეს როგორც მეცნიერულ ცოდნას, ისე შემოქმედებით ხედვას.

 

თემა მუდმივი დენის კანონები

 

საკითხები/

ქვესაკითხები

 

 

·         ელექტრული დენი და გამტარის წინაღობა;

·         ომის კანონი წრედის უბნისათვის;

·         გამტარების მიმდევრობით და პარალელურად შეერთება;

·         დენის მუშაობა და სიმძლავრე;

·         ჯოულ-ლენცის კანონი;

·          დენის წყაროს ემ ძალა და ომის კანონი ჩაკეტილი წრედისათვის;

·         ელექტრული დენი სხვადასხვა გარემოში.

სტანდარტთან კავშირი: ფიზ.საბ. 1.2.3.4.5.6.7.8.9.10.11
სამიზნე ცნებები ·         მატერია

·         ფიზიკური პროცესი

·         ძალა

·         ენერგია

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

სამიზნე ცნებამატერია

·         ყველაფერი, რაც არსებობს სამყაროში, არის მატერია;

·         მატერია ორი სახისაა – ნივთიერება და ველი;

·         ნივთიერება შედგება ატომებისა და მოლეკულებისგან, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ და ურთიერთქმედებენ.

·         ველი მატერიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ავსებს სივრცეს და განაპირობებს სხეულების ურთიერთქმედებას (მაგალითად, ელექტრული და მაგნიტური ველები);

·         ელექტრული ველი წარმოიქმნება დამუხტული ნაწილაკების ირგვლივ და განსაზღვრავს მათ მიზიდვასა და განზიდვას.

სამიზნე ცნებაფიზიკური პროცესი

·         მატერიის ნებისმიერ ცვლილებას განსაზღვრავს ფიზიკური პროცესი;

·         ფიზიკური პროცესი მოიცავს მოძრაობას, ენერგიის გადაცემას ან გარდაქმნას ერთი ფორმიდან მეორეში;

·         ელექტრული დენი წარმოადგენს ფიზიკურ პროცესს, რომლის დროსაც მუხტები გადაადგილდებიან გამტარში;

·         ელექტრული პროცესი აღიწერება ფიზიკური სიდიდეებით (ძაბვა, დენი, წინაღობა, ტემპერატურა და სხვ.).

 სამიზნე ცნებაძალა

·         ბუნებაში ყველა ურთიერთქმედება ხორციელდება ძალით;

·         ელექტრული ძალა მოქმედებს დამუხტულ ნაწილაკებს შორის – ერთნიშნიანი მუხტები განიზიდებიან, სხვადასხვა ნიშნიანი კი მიიზიდებიან;

·         ელექტრული ძალა განაპირობებს დენის არსებობას, მუხტების გადაადგილებას და ენერგიის გადაცემას;

·         ელექტრული ძალის მნიშვნელობა და მიმართულება განისაზღვრება ველის სიდიდითა და მუხტის ნიშნით.

სამიზნე ცნებაენერგია

·         ენერგია არის უნარი, სისტემამ შეასრულოს მუშაობა ან გამოიწვიოს ცვლილება;

·         ენერგია არ ქრება – ის მხოლოდ გარდაიქმნება ერთი ფორმიდან მეორეში;

·         ელექტრული ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სინათლის, სითბოს ან მექანიკურ ენერგიად;

·         ენერგიის ცვლილება არის ყველა ფიზიკური პროცესის საფუძველი;

·         ენერგია განისაზღვრება სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეებით;

·         ადამიანის პროგრესი დიდწილად ეფუძნება ენერგიის მართვასა და მის გონივრულ გამოყენებას.

 

შეფასების კრიტერიუმი

 

მოსწავლეს შეუძლია:

განსახილველ საკითხში:

·         გააცნობიეროს, როგორ მოძრაობენ დამუხტული ნაწილაკები; როგორ წარმოიქმნება ელექტრული დენი და როგორ გადააქვს მას ენერგია ნივთიერებაში;

·         დააფიქსიროს, რა ფაქტორები (ტემპერატურა, გამტარობა, გარემო პირობები და სხვ.) მოქმედებს ელექტრულ პროცესებზე და რომელი ფიზიკური სიდიდეებით შეიძლება მათი აღწერა (დენი, ძაბვა, წინაღობა);

·         იმსჯელოს, როგორ მოძრაობენ ელექტრონები, როგორია მათი მიმართულება და რა ურთიერთქმედება აქვთ ერთმანეთთან;

·         გაიგოს, რატომ აქვს დენს განსხვავებული თვისებები სხვადასხვა მასალაში და როგორ განისაზღვრება სხვადასხვა ხასიათის გამტარებლობა ნივთიერებაში ელექტრონების კონცენტრაციითა და მოძრაობით;

·         იმსჯელოს და ააწყოს წრედები მიმდევრობითი და პარალელური შეერთების გამოყენებით;

·         შეაფასოს, როგორ შეცვალა ელექტრობამ ადამიანის ცხოვრება – როგორ გაამარტივა შრომა, კომუნიკაცია, აამაღლა განათლება და ცხოვრების კულტურა.

 

შემოქმედებითი დავალების განხორციელება

 

სავარაუდო აქტივობები:

აქტივობა 1. შემოქმედებითი დავალების იდეის და პირობის გაცნობა;

აქტივობა 2. სამუშაოს განაწილება: მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა, თემების და პასუხისმგებლობის გადანაწილება;

აქტივობა 3. პრეზენტაციების მომზადება შემდეგ საკითხებზე:

 

ü  ელექტრობა და ჩვენი ცხოვრება;

ü  ფარაონის ნათურა;

ü  ელექტრული მუხტები;

ü  ედისონი და მისი გამოგონებები;

ü  დენის ძალა;

ü  ძაბვა;

ü  წინაღობა;

ü  ომის კანონი;

ü  ნათურა. ნათურის შესახებ;

ü  მიმდევრობითი და პარალელური შეერთება;

ü  ჯოულ-ლენცის კანონი.

აქტივობა 4. მოსწავლეები სურვილის მიხედვით წერენ ესეის დავალების პირობაში მოცემულ თემებზე:

ü  წერილი „სინათლეს“ – როგორც მეგობარს, რომელმაც შეცვალა ცხოვრება;

ü  ინტერვიუ ტესლასთან ან ედისონთან;

ü  აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ადამიანთა ცხოვრება;

ü  წარმოიდგინე თანამედროვე სამყარო ელექტროენერგიის გარეშე.

 

აქტივობა 5. ნახატი, პოსტერი ან ინფოგრაფიკა

იდეები:

ü  განათებული დედამიწა;

ü  ფარაონიდან ედისონამდე;

ü  ნათურის განვითარების ისტორია: ვარვარის ნათურა, ფლუორესცენტური ნათურა, ჰალოგენური ნათურა, LED ნათურა;

ü  ელექტროენერგიის გზა – ელექტროსადგურიდან ნათურამდე;

აქტივობა 6. მოსწავლეები  STEAM ლაბორატორიაში, Tinkercad-ში ან/და https://phet.colorado.edu/-ში აწყობენ სქემებს გამტართა მიმდევრობით და პარალელურ შეერთებაზე;

აქტივობა 7. შემოქმედებითი დავალება ითვალისწინებს მინისპექტაკლის დადგმას შემდეგი სცენარის მიხედვით:

სცენა 1. ოთახში ბნელა და სანთლის შუქზე სხედან მოზარდები, რომლებიც კითხულობენ ლექსებს.

წამყვანი: ასე ცხოვრობდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში. ისინი ერთობოდნენ პოეზიის საღამოების მოწყობით, ყვავილნარის, ლოტოს და სხვადასხვა თამაშების საშუალებით. მე-20 საუკუნემ ძირფესვიანად შეცვალა ადამიანების ცხოვრება. ეს ცვლილება განაპირობა ფიზიკის, კონკრეტულად კი ელექტრობის განვითარებამ. ბნელი ღამეები შეცვალა განათებულმა ქალაქებმა, სანთლის შუქით განათებული ოთახები – გაჩახჩახებულმა ნათურებმა, შეიქმნა ელექტრომოწყობილობები, რამაც ასევე შეცვალა მუსიკალური ინსტრუმენტები და შესაბამისად, მელოდიების ჟღერადობა. ყოველდღიურობა გახდა ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი… რომელი ერთი ჩამოვთვალო… ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა!

სცენა 2. ოთახში ამ დროს ნათდება, ანათებს ლაზერული სინათლე, ისმის თანამედროვე მუსიკა და მოზარდები ერთობიან.

წამყვანი: მოსწავლეებს უნდა გვესმოდეს, რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება კაცობრიობის ისტორიაში; უნდა ვერკვეოდეთ ელექტრობის კანონებში, როგორ და რა პრინციპზე მუშაობს ნათურა; რომელი ფიზიკური კანონზომიერებები უნდა შევისწავლოთ, იმისათვის, რომ გავარკვიოთ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების მუშაობის პრინციპი. ფიზიკა ხომ ჩვენი ცხოვრებაა და აუცილებელია მისი შესწავლა.

სცენა 3. მოსწავლეები თავად წარმოადგენენ პაროდიებს:

ü  ერთსახელა და სხვადასხვანიშნიანი მუხტების ურთიერთქმედების პაროდიას;

ü  წყალბადის და ჰელიუმის ატომების პაროდიას – პატარა წრეში დგანან პროტონები და ნეიტრონები, ხოლო გარე წრეზე დარბიან ელექტრონები;

ü  გამტარში ელექტრონების ქაოსური და მიმართული მოძრაობა (დენის წარმოქმნა);

ü  წერილის გაგზავნა და მისი მოლოდინი შუა საუკუნეებში;

ü  წერილის გაგზავნა და მოლოდინი 21-ე საუკუნეში მესინჯერის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

აქტივობა 8. შუალედური შეხვედრები, გაწეული სამუშაოს მონიტორინგი

აქტივობა 9. შემოქმედებითი დავალების პრეზენტაცია განხორციელებული დავალებების წარდგენა სასკოლო საზოგადოების წინაშე

ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ კვლევებს, მოდელებსა და შემოქმედებით ნამუშევრებს.

 აქტივობა 10. დისკუსია განხორციელებული აქტივობების შესახებ

 აქტივობა 11. შეფასება

შემოქმედებითი დავალების შეფასება ხორციელდება შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს:

ü  მეცნიერულ სიზუსტესა და ცნებების სიღრმისეულ გააზრებას;

ü  შემოქმედებითობასა და მოდელირების ხარისხს;

ü  თანამშრომლობისა და ჯგუფური პასუხისმგებლობის უნარებს;

ü  პრეზენტაციის სტრუქტურას, არგუმენტაციასა და ვიზუალურ ფორმატს.

სასარგებლო ბმულები: https://phet.colorado.edu/en/simulations/resistance-in-a-wire

https://phet.colorado.edu/en/simulations/ohms-law

https://phet.colorado.edu/en/simulations/balloons-and-static-electricity

https://phet.colorado.edu/en/simulations/models-of-the-hydrogen-atom

https://phet.colorado.edu/en/simulations/circuit-construction-kit-dc-virtual-lab

https://phet.colorado.edu/en/simulations/circuit-construction-kit-ac

https://simtest.ck12.org/simulations/physics/dollhouse/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/marquee-lights/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/coulombs-law/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/power-lines/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/telegraph/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/electric-analogies/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

https://simtest.ck12.org/simulations/physics/atomic-colors/app/index.html?lang=ge&referrer=ck12Launcher&backUrl=https://simtest.ck12.org/simulations/physics.html

 

 

ნაშრომის შეფასების რუბრიკა:

 

შეფასების კრიტერიუმები მაღალი საშუალო დაბალი

 

მეცნიერული სიზუსტე ფიზიკური ტერმინები და კანონები გამოყენებულია სწორად; ახსნები ზუსტია და გამყარებულია მაგალითებით. ძირითადი ცნებები სწორადაა გამოყენებული, მაგრამ ზოგჯერ აღწერები არაზუსტია ან არასრული. ცნებები არასწორადაა გამოყენებული; ფიზიკური ახსნა სუსტია ან არ არის წარმოდგენილი.
შემოქმედებითი ხედვა იდეა ორიგინალურია; ტექსტი გამოხატავს ფანტაზიას და ფიზიკური მოვლენების შემოქმედებითად აღწერას. შეინიშნება შემოქმედებითი მიდგომა, თუმცა ტექსტი ნაწილობრივ ტრადიციულია. ტექსტი მექანიკურადაა წარმოდგენილი; არ ჩანს ფანტაზია და თვითმყოფადობა.
ანალიტიკური აზროვნება ახსნილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირები; ჩანს ლოგიკური მსჯელობა და დასკვნები. კავშირები ნაწილობრივაა გამოხატული; დასკვნები ზოგადია. არ არის მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობა; დასკვნები შეუსაბამოა.
 ტექსტის სტრუქტურა და ფორმა ტექსტი ლოგიკურია, გამართულია და ადვილად წასაკითხი; გამოყენებულია სწორი ტერმინოლოგია. ტექსტის სტრუქტურა ნაწილობრივ ლოგიკურია; ტერმინოლოგია ზოგჯერ არაზუსტია.

 

 

ტექსტი მოუწესრიგებელია; ართულებს გადმოცემულის გააზრებას.

 

ციფრული მოქალაქეობა და კრიტიკული აზროვნება 

0

ჩვენ, ციფრული სამყაროს მოქალაქეები, მაღლა აწეული ხელებით პირობას ვდებთ, რომ ჩვენი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო, როცა ხან აქ და ხან იქ დავაწკაპებთ.

თუ სამყაროს ნახვა გსურს, არ არის აუცილებელი, გყავდეს თვითმფრინავი, სკოლის ყვითელი ავტობუსი ან ხმაურით მოჩაქჩაქე მატარებელი.

სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ, ოკეანის ნაპირზე მოსახვედრად, იმისთვის, რომ გახდე რაღაც ძალიან დიდის ნაწილი, უკვე საკმარისია ინტერნეტი და ერთი ეკრანი“.

 

ეს არის ფრაგმენტი ინგლისურენოვანი საბავშვო სიმღერიდან, რომელსაც ციფრული მოქალაქეობის გაკვეთილების დასაწყისში იყენებენ სწავლების დაწყებით საფეხურზე იქ, სადაც ციფრული მოქალაქეობა ცალკე დისციპლინად არსებობს. ამ საგნის კურიკულუმები, ერთი მხრივ, ინტერნეტში თავის გადარჩენის და ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ კი აქცენტს სვამს იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია ბალანსი ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის, ფიზიკური აქტივობები, ეკრანის გარეშე დროის ხარისხიანად და საინტერესოდ გატარების ჩვევების გამომუშავება.

 

  • რა არის ციფრული მოქალაქეობა?
  • რა განსხვავებული როლი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები აქვთ ციფრულ მოქალაქეებს? ვინ აწესებს ციფრულ სამყაროში წესებს და ვინ უზრუნვეყოფს ამ წესების აღსრულებას?

 

ქსელთან კავშირის მქონე თითოეული ადამიანი ციფრული სამყაროს მოქალაქეა, რომელსაც, რეალური ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, აქვს თავისი უფლებები, ვალდებულებები, ღირსება და ინტერესები.

 

ციფრულ სამყაროში დაცულობა და უსაფრთხოება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ სახელმწიფოში: ციფრულმა მოქალაქეებმა ისევე უნდა სცენ პატივი სხვის აზრებს, გემოვნებას და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა. მათ ისევე აქვთ ჩაგრულის გამოქომაგების, ძალადობის და ყველანაირი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება, როგორც ღირსეულ მოქალაქეებს რეალურ სამყაროში. მეტიც: ციფრული სამყაროს „ეკოლოგიაც“ ისევეა დასაცავი, როგორც რეალური გარემო და ბუნება დედამიწაზე – დეზინფორმაცია, სიძულვილისა და შუღლის გამღვივებელი კამპანიები და ყალბი ანგარიშების მიღმა დამალული ნიჰილიზმის მთესველები ისეთივე ზიანს აყენებენ ციფრული მოქალაქეების „საცხოვრებელ გარემოს“, როგორსაც პლასტმასის ჭარბი მოხმარება – ოკეანეების ბიომრავალფეროვნებას. რეპუტაცია, ღირსება, სიტყვის ფასი, სოლიდარობა და თანადგომა ციფრულ სამყაროშიც დასაცავი და გასაფრთხილებელი ღირებულებებია.

 

კანადის ციფრული მედიაწიგნიერების ცენტრის მტკიცებით, საზოგადოების 10% საკმარისია კონკრეტული ღირებულებების დასაცავად და გასამყარებლად. ერთი ადამიანის ხმაც კი ამცირებს სხვების მიდრეკილებას კონფორმიზმისკენ და აჩენს საკუთარი თუ სხვისი უნიკალური ხმის დაცვის სურვილს. მას, ვინც ინტერნეტს სხვადასხვა მიზნით იყენებს, იმ უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, რასაც ეს სივრცე აძლევს ადამიანებს, მუდმივად უნდა ახსოვდეს აქ არსებული საფრთხეებიც. როგორც რეალური სამყაროს მოქალაქეს, ციფრულ მოქალაქესაც კარგ მოქალაქედ კარგი განათლება, კრიტიკული აზროვნება, სამართლებრივი და მორალური კანონების პატივისცემა, სოლიდარობა და თანაგრძნობა, თანასწორობა და სამართლიანობა აქცევს.

 

მეტი კონკრეტიკისთვის რამდენიმე წესსაც გაგაცნობთ, რომელთა დაცვაც თქვენთვის და თქვენი ციფრული ეკოსისტემისთვისაც მნიშვნელოვანია:

 

* მოძიეთ ინფორმაცია საფრთხეებისა და მათზე რეაგირების შესახებ – კიბერბულიგი, ფიშინგი, დეზინფორმაცია, თაღლითობა, პირადი მონაცემების გაჟონვა, სექსუალური შევიწროება და შანტაჟი ციფრული სამყაროს ნაწილია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი და სხვები კიბერკრიმინალებისგან, როგორ გამოვავლინოთ დამნაშავე და საეჭვო პლატფორმები.

* გახსოვდეთ, რომ ავატარის მიღმა (ძირითადად) რეალური ადამიანია – ციფრულ სამყაროში სხვა ადამიანების ღირსების, გამოხატვის თავისუფლებისა და შეხედულებების პატივისცემა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურში. თავისი არსით დემოკრატიული სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს ინფორმაციის მიღებისა და გაცემის, განვითარებისა და თვითაქტუალიზაციის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, ბულინგის, თავდასხმებისა და მადისკრედიტებელი კამპანიების ადგილიც არის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აქაც ისევე ვიცავთ ადამიანებს და მათ უფლებებს, როგორც სხვა სივრცეებში.

* არ დაივიწყოთ პასუხისმგებლობა – ციფრულ სამყაროში სანდო ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას, უსაფრთხო პლატფორმების გამოყენებას და გაზიარებას, ეთიკური კომუნების მხარდაჭერას და ყალბი ანგარიშებისა და თუ ანგარიშთა ქსელების გამოვლენას უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეცადეთ, მუდმივად იზრუნოთ იმ გარემოზე, რომელსაც მოიხმართ და თუ მასში ცვლილებების მოხდენა შეუძლებელი აღმოჩნდა, აირჩიეთ სხვა სივრცე, სადაც წესების დაცვა მეტად იქნება შესაძლებელი.

* მუდმივად განაახლეთ როგორც პროგრამები და აპლიკაციები, რომლებსაც იყენებთ, ისე ცოდნა გარემოს შესახებსწრაფად ცვალებად სამყაროში გამუდმებით იცვლება გამოწვევები, საფრთხეები, უსაფრთხოების წესები და ამ სიახლეებს ფეხი უნდა აუწყოთ. მეტი ინფორმაცია მეტ დაცულობას ნიშნავს. როგორც ჩვეულებრივ სახელმწიფოში განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას კრიმინალის სტატისტიკა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საგადასახადო სისტემის ცვლილებები, ისევე ახდენს ციფრულ სამყაროში მომხდარი ცვლელებები გავლენას ჩვენს ვირტუალურ ყოფაზე.

* მუდმივად გახსოვდეთ, რომ ციფრული სამყარო რეალური სამყაროს არა ალტერნატივა, არამედ ნაწილია – ტექნოლოგიური განვითარება ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ არა ისეთ ფუნდამენტურ სიკეთეებს და მათ გავლენას ჩვენი ბედნიერების ინდექსზე, როგორიცაა მზეზე მიფიცხება, ბუნებაში სეირნობა, მეგობრების თავშეყრა რეალურ სივრცეში, წვიმიან ამინდში ეკრანის გარეშე თავშესაქცევებით გართობა და ათასი სხვა რამ.

ელექტრონული რესურსი – საანბანო პერიოდის შემაჯამებელი სავარჯიშოები

0

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებას უდიდესი როლი ენიჭება სწავლების პროცესში, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ტრადიციული მეთოდების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, გაკვეთილიც სახალისო და საინტერესო ხდება.

წარმოგიდგენთ დამხმარე ელექტრონულ რესურსს, საანბანო პერიოდის შემაჯამებელ სავარჯიშოებს, რომელიც შექმნილია პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსთვის ,,მშობლიური ენის კვალზე’’ (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი – ლელა მანგოშვილი).

ვიდრე  დამხმარე რესურსს გაგაცნობთ, გთავაზობთ სახელმძღვანელოსა და მოსწავლის რვეულის მოკლე მიმოხილვას,  რათა თვალსაჩინოდ იყოს წარმოჩენილი წინარე ცოდნა-გამოცდილება,  რომლის საფუძველზეც შესაძლებელია  შემაჯამებელი სავარჯიშოების შესრულება.

სახელმძღვანელო და მოსწავლის რვეული ანბანის შესწავლისას ეფუძნება იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს; ამავდროულად, გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები გრძელვადიან სამიზნე ცნებებსა და სტანდარტის შედეგებზე დაყრდნობით.

სრულად შენარჩუნებულია იაკობ გოგებაშვილისეული ასოთა თანამიმდევრობა.

წერა ასოების გაცნობის პარალელურად იწყება. მოსწავლის რვეულსა და წიგნში წარმოდგენილია გამოსაწერი ასოები, სიტყვები, წინადადებები, ასევე მრავალფეროვანი სავარჯიშოები: მოძებნე და გახაზე ასო; ჩაწერე გამოტოვებული ასო; დაასახელე, რა ხატია და ჩაწერე პირველი ასო; შეადგინე სიტყვები მოცემული ასოებით/მარცვლებით; იპოვე სწორად დაწერილი სიტყვა; შეადგინე სიტყვები და ჩაწერე; დამარცვლე სიტყვა; ჩაწერე რამდენი მარცვალია სიტყვაში; შეავსე ხმოვნებით; გახაზე ერთმარცვლიანი/ორმარცვლიანი/ სამმარცვლიანი სიტყვები; მოიფიქრე საჭირო ასო, რომ გამოვიდეს სიტყვა; არეული ასოები ისე დაალაგე, რომ სიტყვა გამოვიდეს და ა.შ.

სამი ასოს (ა, ი, თ) შესწავლის შემდეგ  სასურველია, გამოვიყენოთ დახმარე ელექტრონული რესურსი (იდეის ავტორი – ნინო გორდელაძე), რომელიც შეაჯამებს ცოდნას, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და სასწავლო პროცესს სახალისოს გახდის.

შენიშვნა: საპრეზენტაციო რეჟიმში გადასაყვანად დააჭირეთ ღილაკს SlideShow, რადგან, მაუსის ღილაკზე შეხებით ჩნდება სურათები და წარწერები.

პრეზენტაციაში წარმოდგენილია  სავარჯიშოები:

  • გავიხსენოთ სიტყვები, რომლებიც ,,ა’’ ასოზე იწყება (ასევე ,,ი’’ და ,,თ’’ ასოზე);

  • დავასახელოთ სიტყვები, დავაკვირდეთ, რომელ ასოზე იწყება თითოეული სიტყვა? რომელია ზედმეტი? რატომ? (ზედმეტია სიტყვა დათვი, რომელიც ასო ,,დ’’-ზე იწყება);

  • ვივარჯიშოთ კითხვაში;
  • დავმარცვლოთ სიტყვები:
  • დავაკვირდეთ მარცვლებს და შევადგინოთ სიტყვები;

  • წავიკითხოთ წინადადებები;
  • დავალაგოთ არეული ასოები, რომ სიტყვა მივიღოთ;
  • ვიპოვოთ გამოტოვებული ასო;

შემაჯამებელი სავარჯიშოების ბოლო სლაიდები დათმობილი აქვს გამოცანას, რებუსს და კროსვორდს.

 

მასწავლებელს შეუძლია, წარმოდგენილი რესურსის მსგავსად, ანბანის შესწავლის პროცესში შექმნას მსგავსი სავარჯიშოები.

 

ჩამოსატვირთი ვერსია:                                                                       

ასოები- ა,ი, თ – შემაჯამებელი სავარჯიშოები

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...