შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

ცნების გააზრების აქტივობები

0

სასკოლო ბიოლოგიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ შეძლოს  პროცესების გააზრება არა მხოლოდ როგორც ფაქტების ერთობლიობისა, არამედ როგორც ურთიერთდაკავშირებული სისტემების დინამიკა. სწავლების თანამედროვე მიდგომები ხაზს უსვამს იმას, რომ ცოდნა არ მიიღება მზა ფორმით; იგი „აიგება“ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თავად არის ჩართული დაკვირვებაში, ანალიზსა და  დასკვნის გამოტანაში.

ბიოლოგიაში,  თემა – სისხლი  სწავლება განსაკუთრებით საინტერესოა ამ კონტექსტში, რადგან სისხლი წარმოადგენს კომპონენტთა  ერთ მთლიანობას, სადაც თითოეული კომპონენტი მხოლოდ მაშინ ასრულებს ფუნქციას, როდესაც მუშაობს სხვებთან შეთანხმებულად. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე მუშაობისას სასწავლო მიზანი არ არის მხოლოდ ტერმინების დამახსოვრება (ერითროციტი, ლეიკოციტი, თრომბოციტი), არამედ იმის დანახვა, თუ რა ლოგიკა უდევს საფუძვლად მსჯელობას  –  სტრუქტურა, განსაზღვრავს ფუნქციას.

სისხლი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქსოვილია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით იგი ერთგვაროვან წითელ სითხეს ჰგავს, სინამდვილეში სისხლი წარმოადგენს  რთულ სისტემას, რომელშიც თითოეული კომპონენტი ასრულებს საკუთარ, შეუცვლელ როლს, რაც განსაზღვრავს სისხლის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს.

სისხლის  ფუნქციებია:

ფუნქცია რას აკეთებს?
ტრანსპორტული გადააქვს ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, საკვები ნივთიერებები, ჰორმონები და ნარჩენები.
დამცავი (იმუნური) ლეიკოციტები და ანტისხეულები იცავენ ორგანიზმს პათოგენებისგან.
ჰემოსტაზური (შედედებითი) თრომბოციტები და შედედების ფაქტორები აჩერებენ სისხლდენას.
თერმორეგულაციური სისხლი არეგულირებს და ანაწილებს სითბოს სხეულში.
ჰომეოსტაზური ინარჩუნებს წყლის/მარილების ბალანსს, pH-ს და შიდა გარემოს სტაბილურობას.
ექსკრეტორული ნარჩენები და მეტაბოლიტები გადააქვს გამოდევნის ორგანოებამდე (თირკმლები, ფილტვები, კანი).

სწავლებაში მნიშვნელოვანია მოსწავლემ შეძლოს – სტრუქტურისა და ფუნქციის კავშირის გააზრება. მოსწავლემ უნდა დაინახოს , თუ როგორ მუშაობს თითოეული კომპონენტი ერთიან სისტემაში, სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

განვიხილოთ რამდენიმე თანმიმდევრული აქტივობა.

აქტივობა 1 – დავაკვირდეთ სისხლს

მიზანი – სისხლის უჯრედების ვიზუალური დიფერენცირება და მათი ძირითადი მახასიათებლების გაგება.

დავალება:

მოსწავლეები იკვლევენ ერითროციტის, ლეიკოციტისა და თრომბოციტის ილუსტრაციებს და პასუხობენ კითხვებს:

  • რომელი უჯრედია ერითროციტი?
  • რომელ უჯრედს აქვს ბირთვი?
  • რომელი უჯრედი მონაწილეობს სისხლის შედედებაში?
  • რა განსხვავებაა ერითროციტსა და ლეიკოციტს შორის?

ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება – აქტივობა ემყარება დაკვირვების და აღწერის ეტაპს (Bloom – Remember/Understand).
მოსწავლე სწავლობს დეტალის დანახვას, რაც საფუძველს ქმნის შემდგომი გააზრებული ანალიზისთვის.
მასწავლებლის როლი –  მხარდაჭერა, მაგალითად:

  • „რას ამჩნევ პირველად?“
  • „სად ჩანს ფუნქციის მინიშნება?“

მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლე ახდენს უჯრედების გარჩევას ფორმით, ბირთვის არსებობითა და ვიზუალური ნიშან-თვისებებით.

აქტივობა 2 – დააკავშირე უჯრედები და ფუნქციები

მიზანი –სისხლის უჯრედების აგებულებისა და მათი ფუნქციების შორის კავშირის გააზრება.

ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობა.

დავალება –მოსწავლეები აერთიანებენ ბარათებს:

  • ერითროციტი → ჟანგბადის ტრანსპორტი
  • ლეიკოციტი → ინფექციებისგან დაცვა
  • თრომბოციტი → სისხლის შედედება

და განმარტავენ, რატომ შეარჩიეს ეს შესაბამისობა.

ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება – აქტივობა ავითარებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების უნარს (Bloom — Apply/Analyze).
წყვილებში მუშაობა მეცნიერების სწავლას აქცევს სოციალურ და კომუნიკაციურ პროცესად (Vygotsky – სწავლა თანატოლთან ურთიერთქმედებით).

მოსალოდნელი შედეგი- მოსწავლე აცნობიერებს, რომ ორგანიზმში სტრუქტურა მიზანმიმართულადაა დაკავშირებული ფუნქციასთან.

აქტივობა 3 – როგორ გვინარჩუნებს სისხლი სიცოცხლეს?

მიზანი– სისხლის კომპონენტების როლის გააზრება ჯანმრთელობის კონტექსტში.

დავალება– ჯგუფები ირჩევენ ერთ უჯრედს და პასუხობენ:

  • რა როლი აქვს მას ორგანიზმში?
  • რა მოხდება, თუ მისი ფუნქცია დაირღვა?

შემდეგ შედეგს წარმოადგენენ მოკლე პრეზენტაციით.

ანალიტიკურ-პედაგოგიური განმარტება:
აქტივობა ავითარებს შეფასებისა და დასკვნის ფორმირების უნარს (Bloom — Evaluate/Create), რადგან მოსწავლე სწავლობს პროცესების ახსნას რეალურ მაგალითებთან მიმართებით.

პრეზენტაცია აძლიერებს:

  • სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენებას,
  • ზეპირი მიყოლების უნარს,
  • კრიტიკული აზროვნების კულტურას.

მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლე აღწერს, თუ როგორ მოქმედებს ერთი უჯრედის დარღვევა მთელ სხეულზე, და აკეთებს მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნას.

თემის სწავლება აგებულია კონსტრუქტივისტულ პრინციპზე: მოსწავლე ცოდნას თვითონ იქმნის დაკვირვებით, შედარებით, მსჯელობითა და დასკვნის გზით.

აქტივობების თანმიმდევრობა   – დაკვირვება → გააზრება → შედარება → ანალიზი → შეფასება → დასკვნა   უზრუნველყოფს  სიღრმისეულ გააზრებას.

ეს მიდგომა ხელს უწყობს:

  • ბიოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას,
  • მეცნიერული ენის დაუფლებას,
  • პასუხისმგებლობას საკუთარი მსჯელობის დასაბუთებაზე.

საბოლოოდ, მოსწავლე აუბრალოდ კი არ  „იცნობს“ სისხლის  ფორმიან ელემენტებს არამედ იგი აცნობიერებს, როგორ მოქმედებს სისხლი, როგორც ერთიანი სისტემა.

CRISPR-ის ეთიკური დილემა: გენეტიკური მაკრატელი და გაკვეთილები სამეცნიერო ფანტასტიკიდან

0

მეცნიერება, ძალა და პასუხისმგებლობა – CRISPR-Cas9 ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად „გენეტიკურ მაკრატელს“ ვუწოდებთ, რევოლუციური ცვლილებაა ბიოლოგიაში. მან მეცნიერებს მისცა უპრეცედენტო შესაძლებლობა, მაღალი სიზუსტით დაარედაქტირონ ცოცხალი ორგანიზმის დნმ. ინსტრუმენტი გვპირდება მკურნალობის სწორ გზას გენეტიკური დაავადებების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს აჩენს ღრმა ეთიკურ კითხვებს ადამიანის მომავალთან დაკავშირებით.

რა არის ამ ძალის ზღვარი? როდის ვწყვეტთ მკურნალობას და ვიწყებთ ადამიანისგაუმჯობესებას“?

ეს კითხვები სასწრაფოდ საჭიროებს განხილვას, განსაკუთრებით სასკოლო გარემოში, რათა მოსწავლეები ინფორმირებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. სტატიაში წარმოდგენილია მზა მასალა დისკუსიისთვის, რომელიც გვაჩვენებს, რომ მეცნიერებასა და ეთიკას შორის დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის. ჩვენ განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ კულტურული ანალოგიები (ფილმები: „გატაკა“, „ადამიანი-ობობა“) და ისტორიული გაკვეთილები (ჰიტლერის ევგენიკა), რათა მოსწავლეებს მარტივად დავანახოთ CRISPR-ის არასწორად გამოყენების პოტენციური საფრთხეები. ტექნოლოგია მეცნიერების ტრიუმფია, თუმცა, როგორც ნებისმიერ მძლავრ იარაღს, მასაც სჭირდება ეთიკის ფარი.

CRISPR/Cas9 – გენეტიკური რედაქტირების რევოლუცია

რა არის CRISPR/Cas9?

CRISPR/Cas9 არის ბაქტერიული თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მეცნიერებმა გენის რედაქტირების უნივერსალურ იარაღად გადააკეთეს.

  • აღმოჩენა: ჯგუფებად განლაგებული რეგულარულად დაშორებული მოკლე პალინდრომული გამეორებები (CRISPR) აღმოაჩინეს იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში (1987 წ.).
  • მუშაობის მექანიზმი:
  • Cas9 ცილა მოლეკულური მაკრატელია;
  • გიდი რნმ (guide RNA): მეცნიერის მიერ შექმნილი რნმ, რომელიც უკავშირდება Cas9-ს და ზუსტად მიუძღვება მას დნმ-ის სამიზნე უბნისკენ;
  • Cas9 პოულობს დაზიანებულ უბანს და ჭრის დნმ-ის ორივე ძაფს;
  • შემდგომში უჯრედი დნმ-ის აღდგენას ორი გზით ახდენს.
      1. არაზუსტი აღდგენა: გენის გამორთვა.
      2. ზუსტი აღდგენა: ახალი, სასურველი გენის თანმიმდევრობის ჩასმა.
  • უპირატესობები: სიმარტივე, სიზუსტე, ეფექტურობა და სიიაფე. (2020 წელს ამ ტექნოლოგიისთვის ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ).

გამოყენების სფეროები

  1. მედიცინა (გენური თერაპია): ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ბეტა-თალასემია, ონკოლოგია (CAR-T უჯრედების შექმნა).
  2. სოფლის მეურნეობა: მოსავლიანობის გაზრდა, დაავადების მიმართ გამძლე მცენარეების შექმნა (გენების რედაქტირებით და არა მოდიფიცირებით).
  3. ფუნდამენტური კვლევები: გენის ფუნქციის შესწავლა, გენების გამორთვა და შედეგებზე დაკვირვება.

ეთიკური დილემები: წითელი ხაზები და რისკები – სომატური vs. ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება

ეს არის ფუნდამენტური ეთიკური საკითხი, რომელიც მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ.

რედაქტირების ტიპი აღწერა მემკვიდრეობითობა ეთიკური სტატუსი (უმეტეს ქვეყანაში)
სომატური რედაქტირდება სომატური უჯრედები (მაგ., სისხლის უჯრედები). არ გადაეცემა მემკვიდრეობით. მიღებულია (მხოლოდ სამკურნალოდ).
ჩანასახოვანი რედაქტირდება ემბრიონის ან სასქესო უჯრედები. გადაეცემა მემკვიდრეობით. უმეტესად აკრძალულია.

 

საქმე ნანა და ლულუ: ჩინელი მეცნიერის, ჰე ძიანკუის მიერ ემბრიონში გენომის რედაქტირება (აივ-ისგან დაცვის მიზნით) – ეს არის ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირების პირველი ცნობილი შემთხვევა, რამაც მეცნიერება საზღვრებს გადააცილა და გამოიწვია გენეტიკური უთანასწორობის რისკის ზრდა.

საკვანძო კითხვა: თუ დღეს ვიცავთ აივ-ისგან, ხვალ რატომ არ შევცვალოთ სიმაღლე, ინტელექტი? სად გადის ზღვარი მკურნალობასა და თვისებების გაუმჯობესებას შორის?

კულტურული და ისტორიული ანალოგიები – გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ მოცემული ანალოგიები, რათა მოსწავლეებმა საფრთხეები უკეთ დაინახონ.

ისტორიის გაკვეთილი – ევგენიკა და ჰიტლერი

       ძირითადი იდეა: როცა მეცნიერული იდეები ერწყმის ძალაუფლების სურვილს და დისკრიმინაციულ იდეოლოგიას, ის შეიძლება იქცეს უდიდესი ტრაგედიის საფუძვლად.

ანალოგია: ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ცენტრში იდგა ევგენიკა – იდეა, რომლის მიხედვითაც ადამიანის გენომი უნდა გაუმჯობესებულიყო (არასასურველი გენების აღმოფხვრით და სასურველის სიხშირის გაზრდით). ეს გახდა ჰოლოკოსტისა და იძულებითი სტერილიზაციის საფუძველი.

დასკვნა: CRISPR-ის ტექნოლოგია აჩენს რისკს, რომ თანამედროვე ევგენიკის ცნება, რომელიც დნმ-ის სახელმწიფო კონტროლის გარეშე, გენეტიკური უთანასწორობის სახით განვითარდება.

სოციალური ეთიკა: ფილმი „გატაკა“ (Gattaca, 1997)

თემატიკა: სოციალური სამართლიანობა და დისკრიმინაცია.

ანალოგია: ფილმში არსებობს ორი კლასი: დადასტურებულები (გენეტიკურად გაუმჯობესებულები) და არასწორები (ბუნებრივად ჩასახულები, დაბალი სოციალური სტატუსით). მშობლები ფილტრავენ ემბრიონის დნმ-ს ინტელექტის, ჯანმრთელობისა და სიმაღლის მიხედვით.

გაკვეთილი: ფილმი გვიჩვენებს, რა მოხდება, თუ ადამიანების კლასიფიკაცია მათ დნმ-ზე დაფუძნდება. ეს ზღუდავს თავისუფალ ნებას და განაპირობებს სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას.

დამატებითი დისკუსიის კითხვა: „CRISPR-ის ტექნოლოგია შედარებით იაფია, მაგრამ თუ მკურნალობაზე პატენტები დაწესდება, როგორ დავრწმუნდებით, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდრებისთვის? როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ გენეტიკური „გაუმჯობესება“ არ გახდეს მხოლოდ მდიდრების პრივილეგია (რაც კიდევ უფრო გააღრმავებს „გატაკას“ სცენარს)?“

უსაფრთხოება და კონტროლი: ადამიანიობობა“ (კარტ კონორსი)

თემატიკა: უკონტროლო ექსპერიმენტების რისკი.

ანალოგია: დოქტორ კონორსს (ხვლიკი) სურდა რეგენერაციის გენეტიკური კოდი გამოეყენებინა დაკარგული ხელის აღსადგენად. შედეგი იყო უკონტროლო რეგენერაცია და მუტაცია.

CRISPR-ის ტექნოლოგია მსგავს რისკებს შეიცავს:

  • გვერდითი ეფექტი: არასასურველი ჭრა (Off-target effects), როცა დნმ-ის სხვა, არასამიზნე ადგილებიც იჭრება.
  • უკონტროლობის შედეგი: კონორსის მსგავსად, CRISPR-მაც შეიძლება გამოიწვიოს მუტაცია, რომელიც არასასურველი და შეუქცევადი იქნება (განსაკუთრებით, თუ მემკვიდრეობით გადაეცემა).
  • ეთიკური რეგულაციების დარღვევა: კონორსიც და ჰე ძიანკუიც საიდუმლოდ მუშაობდნენ.

ეკოლოგიური ეთიკა: მამონტის აღდგენა

თემატიკა: ბუნებასა და ეკოსისტემაში ჩარევის უფლება.

ანალოგია: მეცნიერებს შეუძლიათ ინდურ სპილოში ჩასვან მამონტის გენები (სიცივის გამძლეობა).

კითხვა: გვაქვს თუ არა უფლება ხელახლა შევქმნათ გადაშენებული სახეობა? რა გავლენას მოახდენს ეს მოქმედება მთლიან ეკოსისტემაზე?

 

დისკუსია – დებატები 20 წთ.

შესავალი ნაწილი – 5 წთ.

  1. იდეალური ადამიანი (გაკვეთილის დაწყება): როგორია იდეალური ადამიანი? თუ შეგეძლოთ გენეტიკური კოდის შეცვლა, რას შეცვლიდით ან  დაამატებდით ადამიანში?
  2. CRISPR/Cas9 შეხსენება: მოკლე მიმოხილვა.
  3. ნანა და ლულუს ისტორია: მოუყევით ჰე ძიანკუის ექსპერიმენტის შესახებ.

მინი დებატები – 15 წთ.

დაყავით მოსწავლეები ოთხ ჯგუფად. 1 – მეცნიერის დამცველები. 2- ეთიკის კომიტეტი,  3 – მშობელი,  4- რელიგიური წარმომადგენელი.

ჯგუფი პოზიცია არგუმენტი
მეცნიერის დამცველი ტექნოლოგიური პროგრესი შეუჩერებელია. გვაქვს მორალური ვალდებულება, ცოდნა გამოვიყენოთ ადამიანების დასაცავად (მაგ. აივ-ის დამარცხება). გენეტიკური რედაქტირების არგამოყენება გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ თავისთავად ეთიკური მარცხია. თუ ტექნოლოგია არსებობს სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ან გადასარჩენად, მისი შეკავებაც მორალური დილემაა.
ეთიკის კომისია უსაფრთხოება უპირატესია. ემბრიონის რედაქტირება გადადის მემკვიდრეობით, რისკი უცნობია და იზრდება გენეტიკური უთანასწორობის რისკი. სანამ CRISPR არ გახდება 100% ზუსტი, ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება (მემკვიდრეობითი ცვლილება) არის სამეცნიერო დანაშაული, რადგან მომავალ თაობებს გადაეცემათ გაუთვალისწინებელი მუტაციები.
მშობელი მაქვს სრული უფლება, გადავწყვიტო ჩემი შვილის ჯანმრთელობა. მინდოდა ჩემი შვილი აივ-ისგან ყოფილიყო დაცული, ეს ჩემი ოჯახური გადაწყვეტილებაა. თუ მშობლებმა იციან, რომ მათ შვილს გარანტირებული აქვს ლეტალური გენეტიკური დაავადება, არის თუ არა ეთიკურად გამართლებული, არ გამოიყენონ CRISPR ჩასახვამდე ემბრიონის რედაქტირებისთვის?
რელიგიური წარმომადგენელი ბუნებაში ჩარევა დაუშვებელია. სად გადის ზღვარი გენეტიკურ რედაქტირებასა და სხვა სამედიცინო ჩარევებს შორის (მაგალითად ვაქცინაცია, ხელოვნური განაყოფიერება); ეს არის წითელი ხაზი. ირღვევა ადამიანის ხელშეუხებლობა.

შეჯამება – 10 წთ

გამოიყენეთ შემდეგი კითხვები დისკუსიის შესაჯამებლად:

  • რა განსხვავებაა სომატურ და ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირებას შორის?
  • თუ დღეს დავიცავთ აივ-ისგან, ხვალ რატომ არ შევცვალოთ სიმაღლე, ინტელექტი? სად გადის ზღვარი?
  • 1-2 წინადადებით როგორ შეაფასებდი ჰე ძიანკუის საქციელს, როგორც გმირულს, თუ როგორც დანაშაულებრივს?
  • როგორ უკავშირდება სპაიდერმენის ფრაზა („დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება“) CRISPR-ის ძალას?

დასკვნა: პასუხისმგებლიანი მეცნიერების მართვა

დისკუსია არ არის მიმართული მეცნიერული პროგრესის შეჩერებისკენ, არამედ – მისი უსაფრთხო, სამართლიანი და ჰუმანური გამოყენების უზრუნველყოფისკენ.

CRISPR არის სამეცნიერო მიღწევა, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, თუმცა, როგორც ხვლიკის ისტორია გვაფრთხილებს, თუ მეცნიერება გადაკვეთს ეთიკის საზღვრებს და გენეტიკური მანიპულაციები განხორციელდება ადამიანის გაუმჯობესების მიზნით, რეგულაციების დაცვის გარეშე, შედეგები შეიძლება დამღუპველი იყოს. მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი როლია, მოამზადოს მოსწავლეები ამ რთული რეალობისთვის, სადაც მეცნიერება და ეთიკა მუდმივ დიალოგშია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნანა და ლულუ – ჰი ძინკუის ექსპერიმენტი;
  2. 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში;
  3. როგორ მუშაობს CRISPR
  4. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8388126/

 

 

გაჩერებებით სწავლის აქტივობები   ენის შესწავლისას

0

ინტერდისციპლინური სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია უცხო ენის სწავლების პროცესში, რადგან ის აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ გამოცდილებას და ქმნის რეალურ კონტექსტს ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენებისთვის. გაკვეთილი „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“ აერთიანებს ინგლისურ ენას და გეოგრაფიას — მოსწავლეები სწავლობენ კონტინენტების, მხარეებისა და სეზონების სახელწოდებებს ინგლისურად, პარალელურად აძლიერებენ აღწერის, კვლევის და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარებს.

სტატია აღწერს VII კლასის ინგლისური ენის გაკვეთილს თემაზე „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“. გაკვეთილი აერთიანებს გეოგრაფიას, ენის სწავლას და იყენებს გაჩერებებზე დაფუძნებულ აქტიურ მეთოდს, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა:

  • აითვისონ კონტინენტების, მხარეებისა და სეზონების  თემაზე ლექსიკა – ინგლისური სახელწოდებები;
  • განივითარონ აღწერითი, საუბრისა და წერითი უნარები;
  • შეძლონ კვლევა და პრეზენტაციის მომზადება ციფრული რესურსების გამოყენებით;
  • გამოხატონ საკუთარი აზრი და პირადი დამოკიდებულება წერილობითი ფორმით.

გაჩერება 1 – ვიზუალური მასალაზე  და ლექსიკაზე მუშაობა

პირველ გაჩერებაზე მოსწავლეები მუშაობენ ვიზუალურ მასალასთან. მასწავლებელი უჩვენებს ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა კონტინენტები სხვადასხვა სეზონზე. მოსწავლეები არჩევენ ფოტოებს, ასახელებენ კონტინენტის, მხარისა და სეზონის სახელს ინგლისურად და აღწერენ ნანახს.
მაგალითად, მოსწავლეები ამბობენ: “The first photo shows Asia in winter.”, “The second photo shows Africa in summer.”
ამ ეტაპზე მოსწავლეები ავლენენ როგორც გეოგრაფიულ ცოდნას, ისე ენობრივ უნარებს. ისინი სწავლობენ ბუნებრივად გამოხატონ გარემოს აღწერა და გაიაზრონ ახალი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტში. 

 გაჩერება 2 – წინარე ცოდნის გააქტიურება

მეორე გაჩერებაზე მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებაში. მაგალითად:
“What do you know about South America?”
“What do you know about Asia?”
მოსწავლეები აზიარებენ იმ ინფორმაციას, რაც მათ უკვე იციან კონტინენტების შესახებ — საუბრობენ ბუნებაზე, ცხოველებზე, ტრადიციებზე ან კლიმატზე. ამ აქტივობით ხდება წინარე ცოდნის გააზრება და მის საფუძველზე ახალი ინფორმაციის ასიმილაცია.

გაჩერება 3 – კვლევა და პრეზენტაცია

მესამე გაჩერებაზე მოსწავლეები იღებენ ინიციატივას დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად. თითოეული მათგანი ირჩევს ერთ კონტინენტს და ინტერნეტში ეძებს დამატებით ინფორმაციას: მდებარეობა, კლიმატი, ბუნებრივი სიმდიდრეები ან საინტერესო ფაქტები. შემდგომ ისინი ამზადებენ მცირე პრეზენტაციას ინგლისურად და უზიარებენ თანაკლასელებს.
მაგალითად: “I chose Asia. It is the biggest continent. It has many countries and different climates.”
ამ აქტივობით მოსწავლეები ავითარებენ ციფრულ, კვლევით და პრეზენტაციის უნარებს. ისინი სწავლობენ ინფორმაციის შერჩევას, დამუშავებას და გადმოცემას ინგლისურ ენაზე.

 გაჩერება 4 – წერითი რეფლექსია

მეოთხე გაჩერება არის შემაჯამებელი ეტაპი, სადაც მოსწავლეები წერენ მოკლე ტექსტს თემაზე: “Which continent would you live on and why?”
მათ უნდა განსაზღვრონ, რომელ კონტინენტზე ისურვებდნენ ცხოვრებას და ხსნიან ამის  მიზეზს.
მაგალითად: “I would like to live in Europe because it has four seasons and beautiful nature.”
ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გამოიყენონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და გამოხატონ პირადი აზრი წერილობითად. რეფლექსია ხელს უწყობს მეტაკოგნიტურ აზროვნებას — მოსწავლეები იაზრებენ, რას ისწავლეს და როგორ შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

გაკვეთილი ეფუძნება აქტიური სწავლების და CLIL (Content and Language Integrated Learning) მიდგომებს. მოსწავლეები ერთდროულად იძენენ საგნობრივ და ენობრივ ცოდნას. მასწავლებელი ასრულებს დამკვირვებლისა და მხარდამჭერის როლს — იგი აძლევს მიმართულებას, აძლიერებს კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უკუკავშირს.

გაკვეთილი აგებულია თანმიმდევრულად ისე, რომ თითოეულ გაჩერებას აქვს საკუთარი მიზანი: პირველი — ინფორმაციის გააქტიურება, მეორე — ცოდნის გაღრმავება, მესამე — დამოუკიდებელი კვლევა, მეოთხე — პირადი აზრის ჩამოყალიბება. ეს სტრუქტურა ქმნის შემოქმედებით და კვლევით გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებასა და თვითგამოხატვას.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • ინგლისურად დაასახელონ კონტინენტები, მხარეები და სეზონები;
  • აღწერონ ფოტოები და გამოხატონ აზრი ინგლისურად;
  • მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით და წარმოადგინონ მოკლე პრეზენტაცია;
  • წერილობით გამოხატონ საკუთარი აზრი და დასკვნა.

გაკვეთილი „კონტინენტები, მხარეები და სეზონები“ აერთიანებს ცოდნასა და შემოქმედებითობას. მოსწავლეები არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას ივითარებენ, არამედ სწავლობენ გლობალურ თემებზე ფიქრს, აზრის ფორმულირებას და გუნდურ მუშაობას. გაჩერებებზე დაფუძნებული  სწავლების მიდგომა ამდიდრებს გაკვეთილს და ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

„შუშანიკის წამება“ და გენდერული დამოკიდებულებები

0

ქართული ლიტერატურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტექსტი „შუშანიკის წამება“ ასე იწყება: „და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი“ – შუშანიკის აღსასრულის შესახებ გიამბობო, გვპირდება ავტორი. ის დაპირებას ნამდვილად ასრულებს, თუმცა მანამდე ვარსქენის ამბავს გვიმხელს – შუშანიკის ვინაობამდე ვარსქენის შესახებ გვესაუბრება, და მხოლოდ ამის შემდეგ გვეუბნება, „და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპასპეტისაი, რომლისათვის ესე მივწერე თქუენდაო“. არადა, ტექსტისთვის მნიშვნელოვანი სწორედ დედოფლის შესახებ თხრობაა, ეს მისი ამბავია, სხვა დანარჩენი ფონი და სამოსელია ამ ამბის.

ისმის კითხვა: რატომ იწყებს საუბარს ავტორი ვარსქენის ისტორიით? ალბათ იმიტომ, რომ თუმცა ვარსქენი ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატეა, მოძალადეა, ის მამაკაცია, ოჯახის თავი, და ამით ერთგვარად ყველაფერი ნათქვამია.

ჩემს ვარაუდს ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მსგავსი პასაჟის სხვა ტექსტებში არსებობით განვამტკიცებდი. თუნდაც უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სიტყვები გავიხსენოთ:

„ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

– მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, –

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა“.

 

თამარი მეფეა, მზეა, ბრწყინვალებაა, მაგრამ ქალია, ამიტომ, თუნდაც ძალიან დელიკატურად, მოკრძალებით, სახელის უთქმელად, მაგრამ ჯერ მაინც მამაკაცი უნდა დასახელდეს – ლომი (დავით სოსლანი ან ლაშა-გიორგი), რომელსაც თამარ მეფის იარაღის ტარება შვენის.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ გამოკვეთილა სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც სწორედ გენდერულ უთანასწორობაზე მიანიშნებს „შუშანიკის წამებაში“: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“, „დედათა ბუნებაი იწრო არს“, „სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი“ და ა.შ.

ლიტერატურულ ტექსტებს ხშირად განვიხილავთ ხოლმე დღევანდელი გადმოსახედიდან, ვაკავშირებთ თანამედროვეობასთან, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული კონტექსტი – რად, რის ფასად უჯდება შუშანიკს ის წინააღმდეგობა, ის ბრძოლა, რომელში შესვლაც მოუწია.
ტექსტში ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იკითხება: ადრეფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივი წყობა: პატრიარქალური სისტემა, ქალი ოჯახისა და საზოგადოების ქვესაფუძველში, ქალის როლი რელიგიაში და ეკლესიური თვალსაზრისით. ქმრისა და ცოლის ურთიერთობის მოდელი იმდროინდელ კულტურაში…

და ნაწარმოებიც ამ მინიშნებებს გვაწვდის: შუშანიკის არჩევანი – ქმრის წინააღმდეგ წასვლა (არჩევს რწმენას). მისი უარი გამოხატავს პიროვნულ თავისუფლებას, ზნეობრივ სიმტკიცესა და სულიერ ავტონომიას. ხოლო, ქმარი – ვარსქენი, ისახება, როგორც ქალის უფლებების უგულებელმყოფელი ფიგურა. მეტიც, ის სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩემმა ცოლმა შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, სახლიდან წავიდა და ჩემს საგებელს ნაცარი გადააყარაო, მაშინ, როცა სწორედ თავადაა მთავარი მიზეზი ოჯახის დანგრევისა.

შუშანიკის, როგორც ქალის, როგორც ცოლის პიროვნული არჩევანის მიმართ მეუღლის დამოკიდებულება, უფრო სწორად, ამ არჩევანის უგულებელყოფა დასაწყისიდანვე თვალში საცემია: ვარსქენი სპარსეთის შაჰს ჰპირდება, „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა ესე მე“. თუმცა ამის პირობა შუშანიკისგან მას არ ჰქონია. პიტიახშს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ასეთი წინააღმდეგობა შეხვდება მისგან. სხვა საქმეა, რომ საკუთარი ამბიციებით (და ალბათ ვახტანგ გორგასლის წინსვლის შიშისგან) დაბრმავებული არც იცნობს წესიერად ოჯახის წევრებს. ჰგონია, რომ მის გარშემო ტრიალებს სამყარო. ფაქტობრივად, ვარსქენის ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს კიდევაც მომავალი ამბების განვითარებას. მას რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც ჰქონოდა დედოფლის რეაქციაზე, შეიძლება მსგავსი ნაბიჯი არც გადაედგა ასე დაუფიქრებლად.

შუშანიკსაც აწუხებს ეს უთანასწორობა, ღვთიურ სამსჯავროს ელოდება, რადგან იქ არ იქნება „რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა“.

მსგავსი პასაჟების მოხმობა ტექსტიდან კიდევ შეიძლება და ამ საკითხზე არაერთხელ გამახვილებულა ყურადღება შესაბამის ლიტერატურაში თუ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენი მიზანი არც ის ყოფილა, გვეჩვენებინა, როგორ ჩანს ტექსტში სქესთა შორის მიმართება, ეს ისედაც აშკარაა წინა აბზაცებში ნახსენები ეპიზოდებიდან. ამ ერთი პატარა დეტალით იმის ხაზგასმა მსურდა, რამდენადაა მსგავსი დამოკიდებულება გამჯდარი მთლიანად საზოგადოებაში, და რამდენად იგრძნობა ის თუნდაც ამ მცირე მონაკვეთით: დიდი და ნეტარი მოწამის ამბის თხრობას ავტორი „სამგზის საწყალობელი“ ანტიგმირის ისტორიის გადმოცემით რომ იწყებს.

ბებელანდის კიდევ ერთი ზღაპარი

0

(მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნის – „იოს არდადეგები“-ს შესახებ)

ბებელანდი უცნაური სიტყვაა, რომელიც არც უცხო სიტყვათა ლექსიკონში, არც ინტერნეტში და თვით ხელოვნური ინტელექტის ლაბირინთებშიც კი არ იძებნება. ამიტომ, დრო მის ძებნაზე კი არ უნდა დახარჯოთ, არამედ იმ წიგნის საკითხავად გამოიყენოთ, რომელშიც ეს სიტყვა დაიბადა. და, როგორც ყველა უცნაურ და ფერად სიტყვას, მასაც თავისი წინაპრები ჰყავს.

რადგან ეს მხოლოდ სიტყვა კი არა, მთელი სამყაროა. ქართველი საბავშვო მწერლის – მარიამ წიკლაურის სამყარო – ბებელანდი.

ბე-ბე – ბედნიერება და ბებია, ლანდი – ქვეყანა, ჰოდა გამოვიდა – ბედნიერი ბებიების ქვეყანა, ან, ბედნიერება ბებიების ქვეყანაში; მოკლედ, როგორც გინდათ, ისე აბრუნეთ და აკოტრიალეთ – ეს ბებელანდია, მხიარული, მცხუნვარე, კეთილი და მშობლიური სამყარო, სადაც ყველაფერს ბებიების სურნელი ასდის, სიცოცხლე კი მათი ნაფეხურებიდან და ნათითურებიდან მირიად სიკეთედ იღვრება!..

სულ რამდენიმე წლის წინ მარიამ წიკლაურის არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნზე – „ჩემი აფრიკელი ბებია“ ვწერდი. მაშინ ვთქვი, რომ ის ბებიის – როგორც ადგილის დედის, დიდი დედის მიმართ დანთებული სანთელია, ქართული კულტურული ტრადიციის გაგრძელება და სულიერების მაგალითი. უამრავი ბებია იცის მსოფლიო (და მათ შორის ქართულმა) ლიტერატურამ, ისინი მწერალთა მუდმივი შთაგონებაა.

როგორც ჩანს, მარიამ წიკლაურისთვისაც განსაკუთრებულად ძვირფასია ბებიობის მოტივი, რადგან ჯერ ერთი რომანი მიუძღვნა მას, ახლა კი მეორეც – „იოს არდადეგები“ – უსაყვარლესი ზღარბუნიას და მისი ბებოს საზაფხულო თავგადასავალი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ და ფიქრებითაც დაგხუნძლავთ. წიგნი საგამომცემლო სახლმა „ფოლიანტმა“ დასტამბა, „ბიბლიოთეკა უმცროსკლასელთათვის“ სერიის ფარგლებში. თუმცა, ეს წიგნიც, „ჩემი აფრიკელი ბებიის“ მსგავსად, უფრო უასაკო მკითხველისთვისაა, ვიდრე მხოლოდ უმცროსკლასელებისთვის. ისევე, როგორც ყველა ნამდვილი საბავშვო წიგნი დედამიწაზე – მათ ხომ თანაბარი ინტერესით კითხულობენ დიდებიც და პატარებიც!..

„იოს არდადეგებს“, საამისოდ, არაერთი მიზეზი აქვს. უპირველესი, ალბათ, ის ნატიფი, მხიარული და კრიალა ბავშვური ატმოსფეროა, რომლითაც მარიამ წიკლაურის ყველა საბავშვო ტექსტია ხოლმე გაჯერებული – ლექსი იქნება, მოთხრობა თუ რომანი. ეს „ბავშვურობა“ მხატვრული სტილი კი არა, უფრო სულიერი მდგომარეობაა, მარადიული „დიდი ბავშვი“ ავტორის პირადი ემოციური ველია – ყველაფერი აღიქვას და დაინახოს ისე, როგორც ბავშვმა და მოუწყენლად ითამაშოს ამ სახე-ხატებით. მაგალითად, უძილობაზე საუბრისას ასეთ მსჯელობას ვაწყდებით: „ოთახში, თითქოს სწორედ მისი (იოს – ნ.ს.) საწოლის ქვემოთ შემძვრალიყო ძილიჭამია მონსტრი… ეს ჭირვეული არსებები მხოლოდ საწოლების ქვეშ ბინადრობენ. ხან მტვრის ბუსუსს ჰგვანან, ხან თვალით უხილავი ხდებიან. ზოგჯერ გასუსულები არიან, ზოგჯერ კი ისე დახრავენ მთელ ძილს, არაფერს დაგიტოვებენ…“.

ახლა შიშზეც ვთქვათ – „იომ იცის, რომ შიშს მარტოდ დარჩენილი პატარები უყვარს… ერთხელ ამბა-მამამ უთხრა, შიშიც პატარა დაკარგული ბარტყია და პატარებთან უყვარს ყოფნა, თორემ განა ცუდი ვინმეაო? შეგიძლია მოიშინაურო და აღარაფრის შეგეშინდეს, აღარც მონსტრების, აღარც ღამისო…“.

ამ უცნაურ, მითოსივით იდუმალ სამყაროში იოს თავგადასავალი იწყება – სკოლის დამთავრებისთანავე ბებიასთან უნდა გაემგზავროს. წიგნის მთავარი გმირები ზღარბები და ტყის სხვა ბინადრები კი არიან, მაგრამ ყველანი ისევე ცხოვრობენ, როგორც ადამიანები – სკოლაშიც დადიან, ლეპტოპები და ტელეფონებიც აქვთ, ერთმანეთს წერილებსაც სწერენ. აქ ყველაფერი გასულიერებულია, თვით იოს თოჯინაც კი – დათუნია უნუნუ მისი ერთგული თანამგზავრია და როგორც თანამგზავრებს სჩვევიათ, მეგობარს სიმღერით, ტკბილი სიტყვითა და ზოგჯერ კეთილი საქმითაც ამხნევებს.

ზოგადად, ეს ძალიან კეთილი სამყაროა. ზედმიწევნით კეთილი, თითქოს „დიდების სამყაროს“ სიკეთის მთელი დანაკლისი ამ წიგნით აინაზღაურა მწერალმა, უხვად გააჯერა ყველა სცენა და მოვლენა, ყველა გმირი, მათი პაწია გულები განუზომელი სიკეთით დამუხტა და იდეალური სამყარო დახატა – ისეთი, როგორიც თავდაპირველი შესაქმეს დროს ღმერთმა ჩაიფიქრა და განახორციელა. თუკი კითხვისას „დიდური“ ფიქრი ან ეჭვი ჩაგერთვებათ, სევდასაც იგრძნობთ, იმ მანძილის სევდას, რომლითაც ჩვენ, ადამიანები, ამ ღვთაებრივ შესაქმეს დავშორდით… მიწის ზედაპირზე მოცუცუნე ზღარბების პირით სამყაროს უხსოვარი ცოდნა საუბრობს, სიცოცხლის ხილული თუ უხილავი კანონებით, საღი წესრიგით, უპირობო რწმენით, სიყვარულით…

„იოს არდადეგები“ პაწაწინა ზღარბული ოდისეაა. ოდისეას უფრო იმ გზის პატივისცემით ვამბობთ, რომელსაც ჩვენი ოდისევსი იო – იოან-იოაკიმ-იონათამი დასდგომია, თორემ ისე კი, ოდისეა უფრო მჩქეფარე, ფათერაკებიანი, მოძრაობით სავსე მოვლენაა და ეს ზღაპარ-თავგადასავალი კი სხვანაირია, მედიტაციურია, ფიქრსა და მსჯელობაში განვლილი გზაა… თუმცა, არც მთლად უფათერაკობაა, ბოლოს და ბოლოს, იომ ხომ მარტომ უნდა იმგზავროს ბებომდე, მერე კი მასთან ერთად ტყის ოღრო-ჩოღროები უსაზღვრო ცნობისწადილით დაყურსულმა გაიაროს, იქ შიშსაც შეეფეთოს და სასწაულებსაც, ხოლო ეს ყველაფერი, რასაც შეეხება, მას რაღაც მშვენიერი ცოდნით აავსებს:

ხე-წყარო-ჭიანჭველა-ელფი-მიწისქვეშეთი… გრძელი და ძნელია იოსთვის დედამიწის ხვეულები, თუმცა თავბრუდამხვევად საინტერესო! არდადეგებიც კი, ეს ყველაზე უსაქმო და მხიარული დრო მოსწავლის ცხოვრებაში, მისთვის ახალი შემეცნების წყაროა! ტყუილად კი არ ეუბნება ბებია ეკეკე: „არდადეგებიც პირობითია, იო. მაინც სულ რაღაცას სწავლობ, აბა, დააკვირდი, გარშემო ყველაფერი ისეა მოწყობილი, თითქოს ბუნებაც, ცხოვრებაც, მცენარეც, ცხოველიც, ჩიტიც და მწერიც კი ვალდებულია, სულ რაღაც გასწავლოს… დედამიწაც მასწავლებელია, მზეც, წყაროც და ხეც, განა მარტო სკოლაში იღებ ცოდნას?!“.

ოღონდ, აქამდე იომ რაღაც ისეთი უნდა გადაიტანოს, რაზეც აქამდე შიშითა და ძრწოლით ფიქრობდა – ის ადამიანებს უნდა შეხვდეს. ზღარბულ ენაზე მათ „დიადებს“ ეძახიან, და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ფიზიკურად დიდები არიან. ამ სახელში სარკაზმიცაა – სწორედ ამ დიადებს ჰგონიათ, რომ სამყაროში ყველაფერი მათ ეკუთვნით, თავიანთი დიადი პატივმოყვარეობით ყელყელაობენ, „მინდა“-ს დროშებს იქნევენ და ყველაფერს ეპატრონებიან – სახლიც უნდათ, ტყეც, ქალაქიც, ზღვაცა და ოკეანეც, ცაცა და მიწაც! ამ „მინდა“-მ ბევრ საშინელებას კი გადაჰყარა ისინი, ბევრი ომი დაატრიალა მათ თავს, რის გამოც ზღარბებიც კი დაზარალდნენ, მაგრამ მაინც „დიადობენ“ და „მინდა-მინდა“-ს გაიძახიან… ამიტომ, ყველაზე საშიშები არიან მთელს დედამიწაზე!..

შიშისა და სიფრთხილის ამ ტრადიციით გაზრდილი იო კი, ერთ დღესაც, ტყეში მოხეტიალე ოჯახს გადაეყრება – სამ დიადს, დედ-მამას და პატარა გოგონას. და აქ იწყება იოსთვის ყველაზე დიდი ამბავი – ადამიანის შესახებ მისი მკაცრი აზრი სრულად იმსხვრევა, რადგან „დიადების“ ეს ოჯახი სულ სხვანაირი აღმოჩნდება – ნამდვილი, მზრუნველი, ტყის და ბუნების მოყვარული. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი ძვრაა იოს ცნობიერში, გადამდები ძალის მქონე, დაუტეველი!.. მთელი ამ თავგადასავლის კვანძიც სწორედ აქ იხსნება – იოსა და ბებია ეკეკეს ტანდემში – ძველსა და ახალ თაობას შორის – დიდი გარდატეხა უნდა მოხდეს!..

საქმე ისაა, რომ ბებია ეკეკე ძირფესვიანად გულაყრილია ადამიანთა მოდგმაზე და ამის მიზეზიც აქვს – საყვარელი მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას სწორედ მათ აბრალებს. შეუწყნარებელია ადამიანების მიმართ, დაკარგული აქვს ნდობა და იოსაც იმავეს მოუწოდებს. იო კი ახალი ცოდნითაა გაბრწყინებული – მან ადამიანში სინათლე დაინახა! ამიტომ, ყველაფერი უნდა იღონოს, და ბებია ამ სინათლეში დაარწმუნოს, მისი დამნახველი თვალი აუხილოს.

სამყარო მუდმივი მოძრაობაა, მირიადი განახლებაა, ეს ბებია ეკეკემაც იცის. იცის, რომ ბუნების წესია – რასაც ძველი თაობა ვეღარ ერევა, ის ახალმა უნდა დასძლიოს, ხელახლა ამოზიდოს და ააყვავილოს. ამიტომ, როგორც ჭეშმარიტი ბუნების შვილი, განახლების უპირობობას ბებია გუმანით გრძნობს და იოს რწმენას იზიარებს – და მასშიც ინთება ადამიანებისგან დაშუქებული სინათლე!..

ასეთია ბებელანდის პრინციპი – ყველაფერი სიცოცხლის წესებს ემორჩილება!

ეს კარგი წიგნი სამყაროს სინათლის რწმენას აღვივებს, ბუნების კართან გყურსავს, მის ჩქაფუნსა თუ ჩურჩულს, გრუხუნსა თუ გურგურს, ღიღინსა თუ ღიმილის შრიალს გაყურადებინებს. უამრავი ხმაა „იოს არდადეგებში“, ზღარბების პაწია ნაფეხურებით დაჩხაპნილ სამყაროში,  უთვალავი გზა-ბილიკი ამოჩენილა დედამიწის ხაოიან მკერდზე და თითოეული რაღაც განუმეორებელ სიკეთეს გულისხმობს. მთავარია, დავინახოთ, ვირწმუნოთ, გავიხსენოთ!..

სწორედ ასეთი წიგნები გვეხმარება, ადამიანებად (გა)დავრჩეთ. ადამიანებად – მარად ცოცხალი სამყაროს შუაგულში.

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- “ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, თანამედროვე გაკვეთილები.”

0

წიგნი შექმნილია მასწავლებლის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს თანამედროვე გაკვეთილის კონცეფციის გააზრებას, ციფრული საშუალებების გამოყენების მაგალითების გაზიარებას და ისეთი მეთოდების წარმოდგენას, რომლებიც მოსწავლეს სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილედ აქცევს.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე სწრაფად იცვლება. ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი – ეს არის სასწავლო პროცესის ახალი ფილოსოფია, რომელიც მოითხოვს განსხვავებულ ხედვას, შემოქმედებითობასა და მოქნილობას. მასწავლებლის როლი მრავალფუნქციურია: იგი აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ მოსწავლეთა ინტერესების გამღვიძებელი, ინფორმაციის დამუშავებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამომყალიბებელია.

გაკვეთილი XXI საუკუნეში უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რასაც ციფრული ეპოქა გვთავაზობს და გულისხმობს ინტერაქტიურ რესურსებს, მრავალმხრივ კომუნიკაციას, კოლაბორაციულ გარემოსა და ტექნოლოგიების მიზნობრივ ინტეგრაციას. სწორედ ამ გზით იქმნება სასწავლო გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ უნარებისა და ღირებულებების განვითარებას უწყობს ხელს.

ეს წიგნი არა მხოლოდ პრაქტიკული გზამკვლევია, არამედ პროფესიული რეფლექსიის, ინოვაციური იდეების და პედაგოგიური ექსპერიმენტების ინსპირაციის წყაროც. მისი გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი გაკვეთილი გარდაქმნას სივრცედ, სადაც ცოდნა, ტექნოლოგია და შემოქმედებითობა ერთიანდება.

წიგნის ავტორები:

მანანა ბოჭორიშვილი, ხათუნა ციხელაშვილი, ცირა ბარბაქაძე, მაია ფირჩხაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ლელა მანგოშვილი, ნანა აბულაძე, ნასტასია არაბული, თემურ სუყაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე, ნოდარ ცაგარეიშვილი, თინათინ გიორგაძე, გურამ ბურდილაძე, ნინო გაფრინდაშვილი, ირინე გუდაძე, ირმა ჯოჯუა, მორის დანდურიშვილი ეკატერინე სამხარაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

რედაქტორები: ნატალია ინგოროყვა, ნანა მაჭავარიანი, მანანა ბოჭორიშვილი

ყდის ილუსტრაცია- მარიამ ელიზბარაშვილი

“ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, თანამედროვე გაკვეთილები.”

სად ვიპოვოთ პასუხები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე  

0

ამ ზაფხულს ერთგვარი „საველე კვლევა“ ჩავატარე – ახლად გაცნობილ ბავშვებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, ვეკითხებოდი – რა ინფორმაციის მისაწოდებლად ვჭირდებოდით ჩვენ მათ? რა აინტერესებდათ მედიაში? აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველას აქვს კითხვები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და სურს მედიამ ამ თემას მეტი ყურადღება მიაქციოს. როგორც ჩანს, სკოლასა და ოჯახებში მაინც ტაბუირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი. ინტერნეტს კი ბოლომდე არ ენდობიან, ადგილობრივ სერვისებზე ვერ პოულობენ ინფორმაციას ან ენობრივი ბარიერი უშლით ხელს ინფორმაციის მოძიებაში. ეს ჩემი „საველე კვლევის“ შედეგები ფაქტობრივად იმეორებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ძირითად მიგნებებს, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით – ამ კვლევამ აჩვენა, რომ 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ფსიქიკური ჯანმრთელობა აღელვებთ და არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

 

გთავაზობთ რესურსებს, რომლებსაც ვურჩევდი ზაფხულში შეძენილ ახალ ნაცნობებსაც და უფრო ფართო აუდიტორიასაც. ეს არის ის უფასო, სანდო წყაროები, რომლებიც თამამად შეგვიძლია ვურჩიოთ ბავშვებს, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღელავენ.

 

აისი – ესაა გვერდი ინსტაგრამზე, ერთგვარი ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც რჩევებსაც ნახავთ, განმარტებებსაც და მარტივ სავარჯიშოებსაც.

 

ღია – ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რომელიც ასევე ინსტაგრამზე გთავაზობთ რეკომენდაციებს, ვიდეოებს და ცხადია, სავარჯიშოებსაც.

 

მენტალური ალეგორიები – ესეც რჩევები და განმარტებებია ურთიერთობებზე, პრობლემურ ვითარებებზე, სხვადასხვა სირთულეზე, გამოსავლის ძიებაზე.

 

ბავშვები, რომლებსაც ზაფხულში შევხვდი, მართლები იყვნენ, ქართულად პოპულარული რესურსები საკმაოდ მწირია. ამიტომ მათთვის, ვისაც ინგლისური მშობლიურივით ესმის, ამ ენაზე საბავშვო პოდკასტების მთელი სიაც შემიძლია შევთავაზო ყველა ასაკის ბავშვისთვის.

 

ბოლოს კი ისევ ინგლისურ ენაზე, თავად ახალგაზრდების მიერ მომზადებული პოდკასტი, რომელიც საცაა მეხუთე სეზონს იწყებს – ეს პლატფორმა, გარდა ინფორმაციის მიღების ადგილისა, სასწავლო რესურსადაც შეიძლება გამოდგეს, იმის საჩვენებლად, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, თავად შეავსონ ის სიცარიელე, რომელიც მათ გარშემოა – ბოლოს და ბოლოს დღევანდელი ბავშვები ხვალ უკვე ზრდასრულები იქნებიან.

ბედის გაღიმება – უძველესი წარსულიდან შემორჩენილი გამონათქვამი

0

ამ ბოლო პერიოდში თითქოს სამყარო შეიშალა, ირგვლივ სულ ცუდი ამბები გვესმის, უარყოფითმა ენერგიამ წაგვლეკა და წალეკა მსოფლიო, ადამიანები დათრგუნულები, შეშინებულები არიან, ბავშვები – მოწყენილები და სევდიანები. ამ დროს შესანიშნავი იქნება თუ მასწავლებელი მითოლოგიას მიმართავს, ცოტა იმედსა და რწმენას შემოიტანს კლასში, ცოტა ქართულ მყარ გამონათქვამებზე წაიმუშავებს – და აი, ასეთ შესანიშნავ გაკვეთილს მიიღებს, რომელიც აგებულია იდიომზე „ბედის გაღიმება“.

მასწავლებელი გაკვეთილს ალბათ ასე დაიწყებს: ბავშვებო, იცით თუ არა რომ ბედს გაღიმება შეუძლია? მოსწავლეები დაინტერესდებიან, გაუჩნდებათ სურვილი, მალე გაიგონ, ბედი როგორ იღიმის.

ჰოდა, მასწავლებელი მათ ცნობისმოყვარეობას მალე დააკმაყოფილებს და დაიწყებს:

სასიკეთო, კარგი ამბავი თუ შეგემთხვა, ისეთი ძალიან რომ გაგახარებს და გაგაბედნიერებს, ხმამაღლა, თამამად შეგიძლია განაცხადო, რომ ბედმა გაგიღიმა.

ბედს ადამიანის წინასწარ განსაზღვრულ ცხოვრებას უწოდებენ, აი, ვიღაცამ ან რაიმე ძალამ შენს დაბადებამდე ან დაბადებისას რომ იფიქროს, როგორი ცხოვრებით იცხოვრებ, რა გაგიხარდება ან გეწყინება, რა გადაგხდება თავს, რა თავგადასავლებში გაეხვევი.

ძველი ქართული წარმოდგენით, როდესაც ადამიანი იბადება, მაშინვე ცაზე მისი „ბედის ვარსკვლავი“ ჩნდება და იწყებს კაშკაშს. მის ბედს კი „ბედის მწერლები“ მართავენ. ბედის მწერლები ქართულ მითოლოგიაში, რამდენიმე ღვთაებაა, ისინი ადამიანის ან სხვა სულიერების – ცხოველების, ფრინველების დაბადებას პირადად ადევნებენ თვალს და ბედს შუბლზე „აწერენ“. სიტყვა ბედისწერაც აქედან უნდა მოდიოდეს, ბედის დაწერა – შუბლზე, ადამიანის პირადი ბედის, პირადი ცხოვრების. ბედის გაღიმებაც ალბათ ბედის მწერლის, ამ იდუმალი ღვთაების ღიმილსა და კეთილგანწყობას ნიშნავს.

ეს ფრაზა ქართველ მწერლებსაც გამოუყენებიათ საკუთარ ნაწარმოებებში: ერთი მაგალითია: „ძმებო, ჩვენ, გლეხებს, აქამდე ერთი დიდებული კაციც არ გვყოლია, ახლა კი ბედმა გაგვიღიმა და გვარგუნა“ (მ.ჯავახიშვილი).

ბედის წევა, ბედს ეწია – იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. ქართულ ხალხურ ზღაპრებში, მთავარი პერსონაჟი ბედს ეწევა და მეფის ასულს შეირთავს ცოლად, ბედს ეწევა და გამდიდრდება, ბედს ეწევა და ნადირობაში გაუმართლებს და სხვა. ზღაპრებშივე პატარა ძმა სახლიდან ბედის საძებნელად მიდის და ეხვევა ათასნაირ თავგადასავალში, გადაივლის ცხრა მთასა და ცხრა ზღვას, ჰოდა ბოლოს აუცილებლად იპოვის თავის ბედს, როგორც ზღაპრებს შეეფერება ეს ბედი მას გაუღიმებს კიდეც და ლხინსაც მისცემს.

ბედთან დაკავშირებით სხვა გამონათქვამიც არსებობს: ბედის კარზე მოდგომა, როცა ადამიანს ბედნიერი რამ შეემთხვევა, შესაძლოა ბედის გაღიმების სინონიმადაც ჩაითვალოს.

ხოლო ბედის ვარსკვლავი – საყვარელი არსება, საქმრო ან საცოლეა, რომელიც ვარსკვლავივით იწყებს ციმციმს ადამიანის ცხოვრებაში. ჰოდა, ამ ბედის ვარსკვლავს ბედსაც უკავშირებენ ხოლმე, გადაებმება ეს ორი ბედი ერთმანეთს, ბედის მწერლები კი წერენ და წერენ საკუთარ „ბედის წიგნში“, ჩვენ კი ხატოვან მეტყველებაში თუ მწერლობაში ათასწლეულების წინანდელი ამბებისგან შემორჩენილი გამონათქვამებით ვიწონებთ თავს.

ლექსიკონი

ხატოვანი მეტყველება – მეტყველებისას მხატვრული გამონათქვამების, ეპითეტების, მეტაფორების, იდიომებისა და ფრაზების გამოყენება.

 აქტივობა 1:

მოიფიქრე და დაწერე ზღაპარი. გამოიყენე გამონათქვამები: „ბედს ეწია“, „ბედმა გაუღიმა“, „ბედი კარს მიადგა“. შენს ზღაპარი დაიწყე ზღაპრისთვის დამახასიათებელი დასაწყისით: „იყო და არა იყო რა…“, კეთილი დასასრული და საინტერესო სათაური, დაასურათე შესაბამისი ილუსტრაციით.

 აქტივობა 2:

წარმოიდგინე და დახატე როგორ გამოიყურებოდა „ბედის მწერალი“.

 აქტივობა 3:

კიდევ ერთხელ დაკვირვებით წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს:

  1. რას უწოდებენ ბედს?
  2. ვინ იყვნენ „ბედის მწერლები“?
  3. ჩამოწერე სხვა გამონათქვამები, რომლებიც შინაარსით „ბედის გაღიმების“ მსგავსია.
  4. ვინ არის „ბედის ვარსკვლავი“?
  5. სად წერენ „ბედის მწერლები“ ადამიანების ბედს, თქმულების მიხედვით?

აქტივობა 4:

დაფიქრდი და ჩამოწერე შენი ცხოვრებიდან ის შემთხვევები, რომლებზეც შეგიძლია თქვა, რომ აი, მე ბედმა გამიღიმა, რადგან…

 აქტივობა 5:

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბედი, ბედისწერა არ არსებობს და ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, ზოგისთვის კი ბედისწერა არსებობს და ის ყველა ადამიანს დაბადებისას ეძლევა, რომლის შეცვლაც მას არ შეუძლია. შენ რას ფიქრობ? ჩამოაყალიბე შენი მოსაზრება, იმსჯელე და მოიხმე არგუმენტები: შენი ან შენი ნაცნობის ცხოვრებიდან, წაკითხული წიგნებიდან, ფილმებიდან და სხვა.

 

დაკვირვებიდან ანალიზამდე – თვალსაჩინოების როლი სწავლებაში

0

 ბიოლოგიის სწავლებაში აღქმა დიდ როლს თამაშობს.   თვალსაჩინოება –  იქნება ეს სურათი, მოდელი, მიკროსკოპული გამოსახულება თუ ციფრული სიმულაცია – ცოდნის დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მოსწავლე, რომელიც ხედავს პროცესს, უკეთ იგებს და იმახსოვრებს მას. სწორედ ამიტომ ვიზუალური რესურსების გააზრებული გამოყენება სწავლას აქცევს კვლევად პროცესად, სადაც მოსწავლე თავად ხდება შემმეცნებელი.

თვალსაჩინოება განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი მიმართავს აზროვნების ოთხფაზიან მოდელს:

დაკვირვება → ანალიზი → ახსნა → არგუმენტაცია.

ეს სტრუქტურა ხელს უწყობს ცოდნის სიღრმისეულად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მეცნიერული მსჯელობის კულტურის ჩამოყალიბებას.

მეთოდოლოგიური ჩარჩო

მასწავლებელი პროცესს  იწყებს  დაკვირვებით, შემდეგ გადადის ანალიზზე, ახსნაზე და ბოლოს არგუმენტაციაზე, მოსწავლე თანდათანობით იძენს უნარს დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დაასაბუთოს საკუთარი აზრი.

დაკვირვება – მოსწავლე ხედავს ობიექტს და აღწერს მის მახასიათებლებს.
ანალიზი – ადარებს ნანახს, ამოიცნობს მსგავსებებსა და განსხვავებებს.
ახსნა – ხსნის, რატომ აქვს კონკრეტულ სტრუქტურას კონკრეტული ფუნქცია.
არგუმენტაცია – ამტკიცებს საკუთარ მოსაზრებას ფაქტებზე დაყრდნობით.

ასეთი მიდგომა განამტკიცებს სწავლების აქტიურ, კვლევით ხასიათს და აყალიბებს მოსწავლეს როგორც აზროვნების დამოუკიდებელ სუბიექტს.

აქტივობა 1 — დაკვირვება და აღწერა

თემა: მცენარეული და ცხოველური უჯრედების ამოცნობა
მიზანი: სხვადასხვა ტიპის უჯრედის სტრუქტურის ამოცნობა და განსხვავებების დანახვა

მოსწავლეები აკვირდებიან სურათებს ან მიკროსკოპული გამოსახულებებს და პასუხობენ კითხვებს:

  • ჩამოთვალეთ მცენარეული უჯრედის ძირითადი მახასიათებლები.
  • რომელი ორგანელებია დამახასიათებელი ცხოველური უჯრედისთვის?
  • მცენარეულთან შედარებით რომელი ორგანელა არ გააჩნია ცხოველურს?
  • რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ეს უჯრედები — პროკარიოტებს თუ ეუკარიოტებს და რატომ?

შედეგი: მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ვიზუალურ აღქმას, აღწერასა და პირველადი ანალიზის შესრულებას.

აქტივობა 2 — ანალიზი და ახსნა

თემა: უჯრედის ორგანელების ფუნქცია
მიზანი: სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირის გააზრება
ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში

მოსწავლეები იღებენ ბარათებს, რომლებზეც მითითებულია ორგანელების სახელები (ბირთვი, მიტოქონდრია, ქლოროპლასტი, გოლჯის კომპლექსი, ენდოპლაზმური ბადე, პლაზმური მემბრანა). მათ უნდა შეუსაბამონ ორგანელს შესაბამის ფუნქცია და ახსნან, რატომ და როგორ  ასრულებს ის ამ როლს.

შედეგი: მოსწავლე ამყარებს კავშირს სტრუქტურასა და ფუნქციას შორის და ხსნის ბიოლოგიური მექანიზმების მიზეზს.

აქტივობა 3 — ახსნიდან არგუმენტაციამდე

თემა: უჯრედი როგორც სიცოცხლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული
მიზანი: უჯრედის მნიშვნელობის გააზრება სიცოცხლის პროცესებში

ჯგუფები ირჩევენ ერთ უჯრედს (მაგალითად, სისხლის, ნერვული ან მცენარეული) და პასუხობენ კითხვებს:

  • რატომ ითვლება უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციურ ერთეულად?
  • რატომ არის ის სტრუქტურული ერთეული?
  • რა მოხდება, თუ უჯრედი დაკარგავს ერთ-ერთ ორგანელას?

შემდეგ მოსწავლეები აყალიბებენ არგუმენტირებულ დასკვნებს — ახსნიდან გადადიან არგუმენტაციაზე.

შედეგი: მოსწავლე ამყარებს ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას, იყენებს სამეცნიერო ტერმინებს და აყალიბებს მტკიცებულებას.

აქტივობა 4 — დისკუსია: „არის თუ არა უჯრედი სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა?“

მიზანი: კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირების უნარის განვითარება

მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ პოზიციას, აყალიბებენ მტკიცებულებას და მონაწილეობენ დისკუსიაში.
მასწავლებელი ასწავლის არგუმენტის სტრუქტურას: მტკიცება → დასაბუთება → მაგალითი.

შედეგი: მოსწავლე სწავლობს არგუმენტირებულად მსჯელობას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და მეცნიერული მსჯელობის წესებს.

  დაკვირვებიდან არგუმენტაციამდე გამართული სწავლება ქმნის სრულ შემეცნებით ციკლს, სადაც მოსწავლე თანდათანობით ვითარდება შემხედვარეიდან მკვლევარად.
თვალსაჩინოება ამ პროცესში წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, ტექსტს რეალობასთან და ცოდნას აზროვნებასთან.

მასწავლებელი, რომელიც იყენებს ამ მოდელს, ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიოლოგიური ცოდნის დაუფლებას, არამედ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარების განვითარებას — უნარებს, რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლის მომავლის ინტელექტუალურ და სოციალურ წარმატებას.

 

მეცა, სიტყუაო…

0

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ

თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება – დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს იდეა სრულყოფილად განახორციელა. 16 წლისამ ჩაიბარა თურქ-სელჩუკთაგან იავარქმნილი, დაშლილი და ღონეგამოცლილი ქვეყანა და ტიტანური ენერგიით, დაუღალავი შრომით, გონით, ხმლითა და ოფლით მიჰყვა მისი ბედისწერის გამოჩარხვას. ჯერ გარე მტერს შეუტია, მერე შიდა მტერზეც გაიმარჯვა, ქვეყანა ეკონომიკურად და კულტურულად ააღორძინა, მის შიგნით და გარეთ განათლების კერები დაანთო, სულიერების ტაძარი მანკიერთაგან გაწმინდა, დიდგორი გააბრწყინა – ქართველთა ძლევაი საკვირველი და, ქვეყნის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში კი სინანულის საგალობელი შექმნა – ეს ყველაზე აღმატებული აკორდი მის სულიერ ცხოვრებაში, ამქვეყნიური მეუფების გვირგვინი მარადისობის მეუფების წინაშე…

მსოფლიო ისტორია, რა თქმა უნდა, იცნობს დიდ მონარქებს, ძლევამოსილ და ღვაწლმოსილ მეფეებს, რომლებმაც უზარმაზარი როლი ითამაშეს თავიანთი ქვეყნების განვითარებაში, თუმცა იშვიათად მომხდარა, რომ სიცოცხლის ბოლოს იმ რანგისა და სიმაღლის სინანულის ჰიმნი ემღეროთ, როგორიც დავით აღმაშენებელმა დატოვა.

ვისაც ეს მშვენიერი, ღრმა და სულის შემძვრელი საგალობელი ახსოვს, ალბათ თავისი ცხოვრების რომელიმე წუთს უნებლიეთ წამოსცდენია კიდეც:

„რომლისაცა წინაშე

ქედდადრეკილ არს ყოველი,

მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი

შენსა

ჴმობს აღსარებასა,

მეცა, სიტყუაო,

აღმსარებელსა მომხედენ!..“.

„გალობანი სინანულისანი“ მეფის სინანულის ჰიმნი კია, თუმცა თავისი არსით ის ყოველი კაცის, ცოდვით დაცემული სულის ამოძახილსაც იტევს, ამიტომ ის ერთდროულად კონკრეტულიცაა და საზოგადოც, ერთი კაცის აღსარებაცაა და მთელი კაცობრიობის შენდობის ლოცვაც… თანაც, ეს არაა მხოლოდ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები. ის, უპირველესად, მხატვრული ქმნილებაა და სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ დავით აღმაშენებელს მეფე-პოეტადაც, სხვა სახელოვან რეგალიებთან და სიქველეებთან ერთად.

„გალობანი სინანულისანი“-ს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი კორნელი კეკელიძემ დაუდო. მეცნიერი „ქართული ლიტერატურის ისტორიაში“ დავით აღმაშენებელს მოიხსენებს, როგორც მწერალსა და მოაზროვნეს.

„გალობანი სინანულისანი“ იმ დიდი მხატვრულ-ჰიმნოგრაფიული ტრადიციის გამგრძელებელი ტექსტია, რომელსაც ეფრემ ასური, ანდრია კრიტელი, იოანე დამასკელი, გრიგოლ ნარეკაცი და სხვანი ქმნიდნენ. მათ შემოქმედებას სინანულის პოეზიაც შეიძლება ვუწოდოთ და ეს დიდებული, მგზნებარე, დასაბამიერი ცოდვის განცდით შეძრული ჰიმნები დღესაც მძლავრად ზემოქმედებს სულიერებისკენ მიდრეკილ მკითხველზე და დღესაც შთააგონებს მარადისობის წინაშე გაყურსულ შემოქმედთ.

შთააგონებს მათ, ვინც თანამედროვე ტექნოკრატიულ, ფასეულობებაღრეულ ეპოქაში, სადაც ზოგჯერ სინანულიც კი ნიველირებულია (ან მისი აღქმა სრულიად გამქრალია), მაინც უდრტვინველად, უკანასკნელი მცველებივით ერთგულებენ უპირველეს ზნეობრივ იდეებს, ადამიანის სულს ჭეშმარიტების შუქზე ჭვრეტენ და საკუთარ გამოცდილებას მადლის შხეფებად გარდაქმნიან, ცოდვის მორევში ჩაძირული კაცობრიობისათვის…

„გალობანი სინანულისანი“-ს კითხვისას ანა კალანდაძის უჭკნობი ლექსიც გვახსენდება, რომელიც მან დიდ მეფეს მიუძღვნა. „ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები…“ – გულწრფელია პოეტის გაოცება, როცა აღმაშენებლის სამეფო დიდების მასშტაბს მისივე სინანულის სიღრმეს ადარებს… მართლაც,  მემატიანეს სიტყვით რომ ვთქვათ, დავითი ხომ ის მეფეა, ვინც „თჳთ მამამან ზეცათამან… უზეშთაეს ყო უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა “. რა იყო ის ცოდვა (ცოდვები), რამაც მეფის სული ასე დაამწუხრა, რამაც მთელ ამქვეყნიურ დიდებულებაზე უფრო მწველი და დაუძლეველი სინანული გაუჩინა?! ამ კუთხით ტექსტის განჩხრეკა ერთობ უმადური საქმეა. ეს იმ ზედაპირულ, უგერგილო და უნაყოფო განსჯა-ბაასს ჰგავს, რომლითაც დღეს ადამიანის („დიდისაც“ და „პატარასიც“) საქციელს ვაქიაქებთ ხოლმე, თავის ტყუილ-მართლით, აღქმებით და ილუზიებით, ბოღმითაც და სიყვარულითაც, თუმცა ამ მკვდრადშობილ პროცესში სულ უფრო მეტად ვშორდებით ჭეშმარიტების მარცვალს და სიცოცხლისა თუ სიკვდილის საზრისებიც სადღაც შორს, თვალსმიფარებულად გვრჩება, ხელში კი მხოლოდ არსისა თუ მოვლენის ჩენჩო გვიჭირავს და თავს ვინუგეშებთ, რომ ესაა სინამდვილე.

დავით აღმაშენებლის შეცოდებანიც, თუკი მათი სიტყვასიტყვით ამოკითხვის ჟინი მაინც მოგვერევა, იმ ბიბლიურ-იგავურ ხატ-სახეთა მიღმა უნდა ვეძიოთ, რომლებითაც ეს სინანულის ჰიმნი თავად დაშიფრა.

„კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,

სეითის ძეთა ლირწებაჲ,

გმირთა სიღოდით მავალობაჲ

ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე –

უფროჲს ვამრავალწილე,

ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან

მდინარემან უკეთურებისამან…“.

ცოდვათა ეს შემაძრწუნებელი ჩამონათვალი ტერენციუსის ფრაზასაც გაგვახსენებს – არაფერი ადამიანური რომ მისთვის უცხო არ იყო. პირველცოდვის სიმძიმით, ვნებებისა და მანკიერებების კალოზე ილეწებოდა მისი ადამიანური ბუნება. ერთ მუხლში ამბობს:

„ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ

სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ

და შემოქმედისაგან

შექმნილთა მიმართ

ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს

თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე“.

ამ სტრიქონებს იმ აზრით განმარტავენ, რომ დავითი თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩასწვდა ქრისტიანული მრწამსის უმთავრეს არსს და მიემხრო ბერძენთა მცდარ გზას, რომელთათვისაც კერპთა თაყვანისცემა უცხო არ იყო. სინანულის მიზეზია უმადურობაც – ღვთაებრივი წყალობის, სიცოცხლის ძღვენის, ყოველგვარი სიკეთის მიმართ გულმცირობა („ხოლო მე უმადლო გექმენ“)…

სინანულის ამ ოკეანეში კი, უპირველესი მეოხი დავითისთვის ღვთისმშობელია. საერთოდ, მთელი „გალობანი სინანულისანი“ ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ჰიმნია.

„ამისთჳს იყო ქალწული

და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა

დედობრივთა ოხათა მიერ

ცხოვნდნენ ცოდვილნი,

რომელთა პირველი,

საშუალი და დასასრული,

მე ვარ, ვითარცა უფსკრული,

შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ…“.

 

„გალობანი სინანულისანი“ რომ პოეზიაა, ამაზე უკვე ვთქვით. სმენას იპყრობს მუსიკა, რომელიც ამ მდუღარე სტრიქონებშია. ამ მუსიკის ღერძი ალიტერაციული ტალღებია – სტრიქონების რიტმული გრადაცია, როგორც კოსმოსისკენ დაძრული სულის მწყობრი სვლა, მონანიების ინტეგრალებზე.

„მეგვიპტური გულმძიმობაჲ,

ქანანელთა ჩუეულებანი,

მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,

კოწოლი თმათაჲ

და სხუანი, რომელთაჲ

შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ…“.

„გალობანი სინანულისანი“ მე-12 საუკუნეში დაიწერა. მას შემდეგ კაცობრიობამაც და ჩვენმა ქვეყანამაც დიდი გზა გამოიარა. ცივილიზაციური პროგრესის, ჰუმანისტური ტენდენციების, ომების, ტირანიის, ადამიანის უფლებებისა თუ თავისუფლების განცდა-გააზრების სისხლიანი, მარცხ-გამარჯვებიანი გზა. დღეს წარმოუდგენლად მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ციფრულ-ტექნოლოგიურმა დრომ თითქოს გაათავისუფლა მრავალი ტანჯვისგან და ახალი პერსპექტივები გაუჩინა. თუმცა დღესაც ურთულესი დრო დგას კაცობრიობისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. რთული დროა ადამიანის ფიქრისთვის, სულიერებისთვის, არჩევანისთვის. ძალაუფლება/ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის. რა გვეშველება? ხშირად გაისმის ზოგჯერ უღონო, სასოწარკვეთით სავსე, ზოგჯერ კი ნუგეშით მოკანკალე შეკითხვა. ეს საშველი ჩვენს დიდ ისტორიულ და სულიერ გამოცდილებაშიცაა, დიდ სულიერ საძირკველში, რომელსაც „გალობანი სინანულისანი“-ს დარი ტექსტები ამაგრებს. ყველაზე დიდი მეფე, რომელმაც პირველდაცემული კაცის ტრაგიზმით გაიაზრა თავისი ცხოვრება, მხოლოდ მონანიების მაგალითი კი არაა ჩვენთვის, არამედ, უპირველესად – განახლების, აღდგომის შესაძლებლობა; საკუთარ მანკიერებებზე და სისუსტეებზე, ცოდვებსა და უგუნურობაზე ამაღლების პერსპექტივა.

დავით აღმაშენებელი, ამ ჰიმნთან ერთად, დიდ ენერგიად დაიშვა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ისტორიაში. ის მხოლოდ წარსული როდია. ის მარადიული გამოსხივებაა და ჩვენგან ყოველწამიერ თანაგანცდას ელოდება.

არჩევანია, თვალი გავუსწოროთ ყველაზე ნამდვილს და … „აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ, ვხმობ…“.

სინათლეს ვუხმოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...