პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ბედნიერი სკოლა – მსოფლიო ინიციატივა

0

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტო (UNESCO) წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ბედნიერება აქციონ განათლების სისტემის მთავარ მიზნად და  ხელი შეუწყონ ბედნიერების ინტეგრირებას არა მხოლოდ სკოლის დონეზე, არამედ ეროვნულ საგანმანათლებლო პოლიტიკაში.

2024 წელს UNESCO -მ ბედნიერი სკოლის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სწავლა წარმოდგენილია, როგორც სოციალურ-ემოციური პროცესი.  მოცულობით დოკუმენტში სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ   მოსწავლეები და მასწავლებლები უსაფრთხო, პატივისცემით და სიხარულით სავსე გარემოში მეტად შთაგონებულად, მოტივირებულად გრძნობენ თავს და სწავლა-სწავლებაში უკეთეს შედეგებს აღწევენ. ამიტომ განათლების სისტემის ავტორებმა სწავლის პროცესის და შედეგების გაუმჯობესების ძირითადი ბერკეტები სწორედ  სკოლის ბედნიერ, სიხარულით სავსე გარემოში და  მოქმედი პირების პოზიტიურ მიდგომებში უნდა ეძიონ.

მასწავლებლის ღიმილის დანახვა

მოსწავლეთა სიცილის მოსმენა

მეგობრის ჩახუტების შეგრძნება

სუფთა ჰაერის სურნელი

ნოყიერი სკოლის კერძის დაგემოვნება

UNESCO-ს ანგარიშის მიხედვით ჩამოთვლილ ხუთ გრძნობას შეუძლია სკოლაში ბედნიერების სტიმულირება.

გამოქვეყნებულ ანგარიშს ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები აქვს. კვლევების მიხედვით, დადებითი ემოციები აუმჯობესებს მოტივაციას, ყურადღებას და მეხსიერებას. დამტკიცებულია, რომ  ადამიანებს სჭირდებათ დადებითი ემოციების განცდა, კარგი ურთიერთობები, შინაარსიან აქტივობებში მონაწილეობა, წარმატების და კომპეტენტურობის განცდა, რათა თავი ბედნიერად იგრძნონ. ბედნიერების გრძნობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდებს შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოებაში, რაც აუმჯობესებს დასახული ამოცანების შესრულების ხარისხს. ნეირომეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანები უკეთ ასრულებენ იმ დავალებებს, რომელთა მიმართაც დადებითი გრძნობები და დამოკიდებულებები აქვთ.

ბედნიერებასა და სწავლას შორის კავშირის გასაძლიერებლად ერთიანი მიდგომის გამოყენება UNESCO-მ გაუმართლებლად მიიჩნია და ფართო, ზოგადი ხასიათის სარეკომენდაციო ჩარჩო შექმნა, რათა ის მოქნილი და ადვილად ადაპტირებადი იყოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებთან.

იუნესკოს „ბედნიერი სკოლების“ სამუშაო ჩარჩო 4 სვეტისგან შედგება: ადამიანები, პროცესი, ადგილი და პრინციპები. ასევე, შემოთავაზებულია 9 კრიტერიუმი, რომელიც ჰოლისტურ მოდელს ეფუძნება და ბედნიერების საგანმანათლებლო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის არის გამიზნული.

კრიტერიუმი 1. მხარდამჭერი და თანამშრომლობითი ურთიერთობები სკოლაში

  • სასკოლო საზოგადოების წევრებს (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, დამხმარე პერსონალსა და ადმინისტრაციას) შორის მხარდამჭერი და მზრუნველი ურთიერთობების განვითარება
  • მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული პატივისცემით აღსავსე და რეგულარული კომუნიკაცია
  • თანამშრომლობა გუნდური მუშაობის, თანასწორგანმანათლებლობისა და დემოკრატიული სკოლის მართვის ფორმით.

კრიტერიუმი 2. ფიზიკური და სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა

  • სასკოლო საზოგადოების წევრების უსაფრთხოების, აღიარებისა და სასკოლო მიკუთვნებულობის განცდა
  • სკოლაში ძალადობისა და ჩაგვრის გარეშე ურთიერთობები
  • ჯანმრთელობაზე ფოკუსირება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკონსულტაციო მხარდაჭერა
  • მასწავლებლის სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, პროფესიული ავტონომია და დაფასება

კრიტერიუმი 3. პოზიტიური დამოკიდებულებები

  • სისტემური აზროვნება
  • სწავლისა და სწავლებისადმი თავდაჯერებულობა და მოტივაცია
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარება, უნარები და კვალიფიკაცია

 

კრიტერიუმი 4. დაბალანსებული სასწავლო გეგმა

  • მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელათა გონივრული დატვირთვა
  • საგნებობრივი კომპეტენციებისადმი თანაბარი მოპყრობა
  • ადგილობრივ და გლობალურ სამყაროსთან შესაბამისი სასწავლო შინაარსი
  • თამაშის, დიალოგის, დასვენების, კლასგარეშე აქტივობებისა და სკოლის ღონისძიებების შესაძლებლობები

კრიტერიუმი 5. მხიარული და მიმზიდველი პედაგოგიკა

  • აქტიური და პრაქტიკული სწავლების სტრატეგიები
  • ცნობისმოყვარეობაზე, კვლევასა და შემოქმედებითობაზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილება
  • სწავლების მორგება მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე
  • სწავლებისა და სწავლის მიდგომების არჩევის თავისუფლება

კრიტერიუმი 6: ჰოლისტური და მოქნილი შეფასებები

  • პიროვნების სრულ კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება
  • თვითშეფასების შესაძლებლობები
  • კონსტრუქციული უკუკავშირი, პოზიტიური განმტკიცება და წარმატების აღნიშვნა

კრიტერიუმი 7: უსაფრთხო და ჯანსაღი ინფრასტრუქტურა და ობიექტები

  • უსაფრთხო და ეკოლოგიურად ჯანსაღი ფიზიკური პირობები, მათ შორის შენობები, განათება, ტემპერატურა, ხმაური, ვენტილაცია და ავეჯი
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი
  • დაცული სანიტარია და კვების ობიექტები
  • მწვანე ღია სივრცეები თამაშისა და სწავლისთვის

კრიტერიუმი 8: ფუნქციური და ინკლუზიური სივრცითი დიზაინი

  • სასწავლო სივრცეების მრავალფუნქციური მოწყობა
  • საჭირო დეკორაციები და რესურსები
  • უსაფრთხო, ინტერაქტიული, ციფრული და შერეული სასწავლო გარემო

კრიტერიუმი 9: საზოგადოებრივი ცენტრის დატვირთვა

  • სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ჩართულობის სოციალური ცენტრის გამოყენება

ბედნიერი სკოლის სამი მთავარი პრინციპია

  • ნდობა – ერთმანეთის მიმართ ნდობა და ანგარიშვალდებულება
  • ინკლუზიურობა – განსხვავებულის პატივისცემა, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის აღიარება და მიღება
  • ავტონომიურობის გაძლიერება – თავისუფალი არჩევანის და მოქმედების წახალისება

 

UNESCO-ს მიერ შემოთავაზებული ჩარჩოს მიხედვით ზოგადი განათლების სისტემის გარდაქმა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, მათ შორის, იაპონიამ, პორტუგალიამ, ვიეტნამმა და სხვებმა. როგორც 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, თითოეულმა ქვეყანამ ბედნიერი სკოლის კონცეფციის დანერგვა სრულიად განსხვავებული საწყისიდან დაიწყო. თითოეული ქვეყნისთვის განმსაზღვრელი თავიანთი კონტექსტის გააზრება იყო. ამ შემთხვევებით UNESCO ადასტურებს, რომ ჩარჩო მრავალმხრივი, მოქნილი და მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენებისთვის შესაბამისია.

 

 

წყარო: UNESCO’s global Happy Schools Initiative, 2024

 

 

 

მშობლების მონაწილეობა სკოლის თვითშეფასებაში

0

თვითშეფასება განათლების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც სკოლა საკუთარი მუშაობის შედეგიანობის გასაზომად და გასაუმჯობესებლად იყენებს.  ამავე დროს, მონაცემებს რეგულარულად აგზავნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, სადაც ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი კეთდება.

სკოლის თვითშეფასების მთავარი მიზანია, დადგინდეს რამდენად შეესაბამება მისი პროგრამა, პერსონალი და ზოგადად, სამუშაო პროცესი ავტორიზაციის სტანდარტებს; ამავე დროს, თვითშეფასებაზე დაყრდნობით მუშავდება სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

თვითშეფასების ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, დააკონკრეტოს ის გამოწვევები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში დგას სკოლის წინაშე,  დაისახოს გადაჭრის გზები, რისი დეკლარირებაც წლიურ სამოქმედო გეგმაში მოხდება და რეალურად განხორციელდება პრაქტიკაში.

საქართველოში არსებული ავტორიზებული საჯარო სკოლები თვითშეფასების ანგარიშს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნით ყოველწლიურად ამზადებენ. სკოლამ პირველი თვითშეფასება ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ უნდა წარადგინოს. 2025 წელს ანგარიშის ცენტრში წარსადგენად ვადა 25 დეკემბრამდე განისაზღვრა.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენი ელემენტია, ამიტომ ცენტრის მიერ შემუშავებული წესით, სკოლის თვითშეფასებაში ადმინისტრაცია, პედაგოგები, საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეები და მშობლები უნდა მონაწილებდნენ.

მშობლები განათლების ხასისხის გაუმჯობესებით დაინტერესებული ერთ-ერთი მთავარი ჯგუფია, შესაბამისად, მათ მონაწილეობას სკოლის თვითშეფასებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხარისხის ცენტრის მიერ გამოცემული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესის თანახმად, თვითშეფასების პროცესში სკოლის ყველა კლასიდან არანაკლებ ერთი მშობელი უნდა მონაწილეობდეს.

 როგორ მოხდება თვითშეფასებაში მონაწილე მშობლების შერჩევა ეს ცენტრალიზებულად განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, სკოლის დირექცია უფლებამოსილია თავად შეარჩიოს მშობლები ან მიაწოდოს მათ ინფორმაცია და უზრუნველყოს დაინტერესებული მშობლების ჩართულობა.

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესის თანახმად,  ადმინისტრაცია/დირექცია ვალდებულია ხელი შეუწყოს თვითშეფასების პროცესში ჩართული მხარეების შეუფერხებელ წვდომას თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე, მხარეთა კონსულტირებას და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. ამავე დოკუმენტით, დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ მხარეებზე ზეწოლა ან თვითშეფასების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა.

 ადმინისტრაციისა და პედაგოგებისგან განსხვავებით, მშობლებისთვის კითხვარის ყველა ველის შევსება სავალდებულო არ არის.  სკოლის თვითშეფასების კითხვარი მოიცავს ისეთ საკითხებს, სადაც მშობლების შეფასება საინტერესო იქნება როგორც სკოლისთვის, ისე განათლების სისტემის ეროვნული შეფასებისთვის. მაგალითისთვის,

სასკოლო საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილი და გამჭვირვალეა მოსწავლეთა შეფასების სისტემა, შეფასების კრიტერიუმები და რამდენად გამოიყებენა შედეგები  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად – ასეთი ტიპის ინფორმაცია სწორედ მშობლების შეფასებით უნდა შეივსოს.  ასევე, რამდენად შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და ზოგადად, რამდენად უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მშობლების მონაწილეობის შესაძლებლობა.

თვითშეფასებაში რეალური სასკოლო სურათის ასახვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებმაც შეაფასონ სკოლის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. რამდენად საკმარისად აქვს დაწესებულებას სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები. არის თუ არა სკოლაში ბიბლიოთეკა სათანადო  რაოდენობის  წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით. აქვს თუ არა სკოლას ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. არის თუ არა სკოლაში დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

თვითშეფასების ფორმალური ანგარიშიდან განვითარების ინსტრუმენტად გარდაქმნას დროსთან ერთად სასკოლო საზოგადოების მოტივირებული და კომპეტენტური გუნდიც სჭირდება, რომელსაც აქვს მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს სწავლა-სწავლების პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, შიდა შეფასების პროცესის მშვიდ სამუშაო გარემოში მიმდინარეობა, რაც ხელს უწყობს ობიექტური სურათის დეკლარირებას და განვითარების რეალისტური გეგმის დასახვას. შედეგების გამოყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ კოლაბორაციული კულტურის გაძლიერებით მიიღწევა.

 სკოლის თვითშეფასების პროცესში მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობის საკითხების შესახებ 3 წლიანი კვლევა ჩატარდა ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტში, რომელიც 2021 წელს სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა (European Educational Research Journal). კვლევის საგანი იყო, რამდენად ძლიერია მშობლებისა და მოსწავლეების ხმა შიდასასკოლო ხარისხის შეფასების პროცესში. კვლევაში 4 ქვეყანა მონაწილეობდა: ირლანდია, ბელგია, პორტუგალია და თურქეთი. მკვლევარებმა გააკეთეს პოლიტიკის, სტრუქტურების, პროცესების, მხარდაჭერისა და ბარიერების ანალიზი და დაადგინეს, რომ მიუხედავად დოკუმენტებში ნახსენები სრული და თანასწორი ჩართულობისა, მშობლების/მოსწავლეების ხმები და სკოლის პოლიტიკაზე გავლენა, პრაქტიკაში ძირითადად სიმბოლურია. გამოვლენილი გამოწვევების პასუხად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საჭიროა შემუშავდეს ინსტრუმენტთა ნაკრები, რომელიც გაზრდის დაინტერესებული მხარეების ცნობიერებას განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში თითოეული ჯგუფის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ. ამავე დროს მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მოსწავლეებისა და მშობლების ხმის გაძლიერება მხოლოდ გაცხადებული პოლიტიკის განხორციელებით შეიძლება, რომელიც იქნება მშობლებს/მოსწავლეებსა და მასწავლებლებს/სკოლის ხელმძღვანელებს/ხარისხის განვითარების ჯგუფს შორის ორმხრივი პარტნიორობა, თითოეულის მკაფიოდ განსაზღვრული როლებითა და პასუხისმგებლობებით. 

 

წყარო:

 

როგორ ვწეროთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

0

სოციალური მედიის ეპოქაში, აღმოჩნდა რომ წერა, ყველას გვჭირდება – ნებისმიერ ადამიანს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და რა პროფესიასაც არ უნდა ვემსახურებოდეთ – ჟურნალისტს ხომ თავისთავად, მაგრამ ფსიქოლოგსაც, დიეტოლოგსაც, ნუტრიციოლოგსაც, სპორტსმენსაც  და ბავშვთა ექიმსაც, ყველას განურჩევლად სჭირდება  კარგი წერით უნარები, ვისაც სათქმელის სრულყოფილი რეპრეზენტირება სურს.

ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში მკვეთრად მოიმატა ისეთი ტექსტების რაოდენობამ, რომელსაც, ზედაპირული დაკვირვებითაც კი, ხელოვნური ინტელექტის კვალი ატყვია. დიეტოლოგები, ფსიქოლოგები, ინფლუენსერების ტექსტები მოკლე დროში სრულიად ტრანსფორმირდა – ის რაც შეიძლება ითქვას ორი-სამი წინადადებით, უზარმაზარ ტექსტებად  იქცა, სადაც ყველა ელემენტი სრულყოფილად არის “ჩაშლილი” და დაკონკრეტებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

როგორ მოქმედებენ ადამიანები სოციალურ მედიაში? უკვე ვხედავთ, რომ ადამიანები არამარტო საკუთარი განცდებზე დაწერილ ტექსტებს აგენერირებენ ჩატბოტების მიერ, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ტექსტებით ერთვებიან ცოცხალ დისკუსიებში, კამათობენ პოლიტიკაზე, ეკონიმიკაზე, ერთმანეთს უზიარებენ მშრალ, ფაქტობრივ ინფორმაციებს – იმ ყველაფერს, რასაც საკუთარი ენით, საკუთარი ხასიათით, ტემპერამენტითა და ხედვით უნდა მოგვითხრობდნენ.

თანამედროვე წერითი მეტყველება გაჯერებულია ხელოვნური სინტაქსით, მეორდება კლიშეები, ზოგადი ფრაზები. მაგ. ყველა “აშენებს საკუთარ მომავალს”, ყველაფერი არის “უნიკალური”, “შთამაგონებელი”, ყველას აქვს “საკუთარი გზა” და ა.შ. ტექსტები რომელთაც ვხედავთ, ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს, რადგან ჩვენს მაგივრად ხელოვნური ინტელექტი  ფიქრობს და წერს…

წერა არ არის იოლი საქმიანობა. ვისაც წერითი სამუშაო აქვს, დამეთანხმება, რამდენად შრომატევადია ეს პროცესი. წერის დროს  სიტყვებს მოშინაურება და სწორ გზაზე გასვლა სჭირდება  – რაც ავტორისგან  დიდ შრომას, მოთმინებას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.

წერის პროცესი საშინლად დამღლელიცაა – იღლები, როდესაც  საჭირო სიტყვები ჰორიზონტზე არ ჩანს, არასაჭირო სიტყვები კი ფეხებში გედებიან, ისე ტლანქად მოძრაობენ, როგორც  ახალი ფეხადგმული  ბავშვი, რომელიც გინდა მაღაზიაში გაიყოლო და სანამ მაღაზიამდე მიაღწევ –  ბავშვი ყველგან ჩერდება, გეჯიუტება, სურს ყველა კენჭი გამოიკვლიოს, ყველაფერს შეეხოს – ვისაც ასეთ  პატარასთან ერთად გისეირნიათ, კარგად მიხვდებით, რატომ ვამსგავსებ წერის პროცესს ბავშვთან ერთად სიარულს.

როგორ ვიქცევით ასეთ დროს? – ვცდილობთ ვიპოვოთ უფრო მოქნილი გზა სიარულისთვის, ვცდილობთ  გავხდეთ უფრო მეტად შემოქმედებითები, რომ პატარას თითო ნაბიჯი გადავადგმევინოთ, შევახედოთ ისეთ რამეებს, რასაც თვითონ ვერ ამჩნევს, ვიფანტაზიოროთ, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ – ტექსტთან მუშაობაც სწორედ ორი წლის ბავშვთან ერთად სიარულს გავს, რომელსაც თავისი მარშრუტი და მოქმედების გენერალური გეგმა აქვს თავში, თუმცა  ეს მარშრუტი ჩვენი სასურველი გზით უნდა წარვმართოთ.

რა ნიშნები ახასიათებს AI-ის ენას?

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დაშლილია მარტივ მამრავლებად, შინაარსობრივად უაღრესად გამარტივებული, ფაქტობრივად “დაღეჭილი”- კითხვისას მაინც გაქვს განცდა, რომ კითხულობ ტექსტს, რომელიც არ სუნთქავს. აქ არ ჩანს ადამიანური ემოცია, არც ადამიანური ინტონაცია, წინადადებები და აბზაცები ძალიან ლოგიკური, სრულყოფილი და  დალაგებულია, რაც ნაკლებად ახასიათებს ადამიანის სპონტანურ წერას.

როგორ ვწეროთ ჩვენით

როგორ ვიპოვოთ საჭირო სიტყვები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

როგორ დავწეროთ ტექსტი ისე, რომ ჩანდეს ავთენტურობა, ავტორი, მისი პიროვნება, ინდივიდუალიზმი, შემოქმედებითი მახასიათებელი ?

წერა ისწავლება ყოველდღიურად, როდესაც იწყებ დაკვირვებას – შენს ფიქრებზე, ემოციებზე, განცდებზე, შიშებზე, მღელვარებებზე, გარემოზე, ადამიანებზე, ბუნებაზე. ამასთან ერთად პოულობ საჭირო და სწორ სიტყვებს, რომ გამოხატო ყველაფერი, რაც დაინახე, განიცადე და აღიქვი.

თუ მაინც გადაწყვიტე – წერო, კარგად დააკვირდი სამყაროს, ბევრი იკითხე, განსაკუთრებით ხარისხიანი ლიტერატურა, ჩაინიშნე და დაიმახსოვრე ისეთი სიტყვები, ფრაზები ან მეტაფორები, რომელიც მოგეწონა და შემდეგ სცადეთ ეს სიტყვები შეათავსო საკუთარ სათქმელთან, ან გამოიგონო სრულიად ახალი შენს გამოცდილებაზე დაყრდნობით. ფოკუსირდი დეტალებზე, შეისწავლე ისინი, აამეტყველე ობიექტები, იყავი მკაცრი რედაქტორი საკუთარი ტექსტების, ეცადე მშრალი ტექსტი გადააქციო ცოცხალ, ადამიანურ ტექსტად, რომელიც ადამიანური ისტორიითაც იქნება გამდიდრებული.

დასასრულს – ხმამაღლა წაიკითხე შენს მიერ დაწერილი ტექსტი – ყური მაშინვე იჭერს იმ ადგილებს, სადაც სინტაქსი რთულდება, თხრობის რიტმი ირღვევა ან სუნთქვა ჭირს. დარწმუნებული ვარ, შენი ნაწერი უფრო მოგეწონება…

 

 

.

 

ნახატი საშობაო სურვილები

0

პირველ კლასში მუშაობისას ხშირად ვაწყდები რეალობას, როცა მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ სრულად ჩამოყალიბებული ყველა ასოს წერის უნარი. ამ ეტაპზე წერითი დავალებები მათთვის შეიძლება გახდეს სტრესის წყარო და არა თვითგამოხატვის საშუალება. სწორედ ამ გამოწვევიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემემუშავებინა მცირე პროექტი – „საშობაო სურვილები“, რომელიც ბავშვებს საკუთარი აზრისა და სურვილის გადმოცემის ალტერნატიულ გზას სთავაზობდა.

იდეა

პროექტის საფუძვლად ავიღე ბავშვებისთვის ძალიან ნაცნობი კონცეფცია – სანტასთვის სურვილის გაგზავნა. თუმცა, ტრადიციული წერილის ნაცვლად, მოსწავლეებს შევთავაზე სურვილის გადმოცემა ნახატებით, როგორც ერთგვარი „ვიზუალური SMS“. ეს ფორმატი სრულიად შეესაბამებოდა მათ ასაკობრივ შესაძლებლობებს და არ ზღუდავდა შემოქმედებით თავისუფლებას.

აქტივობის განხორციელება

მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ, დაეხატათ ის, რისი მიღებაც სურდათ ან რაც მათთვის საშობაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ზოგი ხატავდა ნაძვის ხეს საჩუქრებით, ზოგი – სათამაშოს, ცხოველს ან უბრალოდ ბედნიერ ოჯახურ სცენას.
სურვილის შემთხვევაში ნახატს ერთვოდა ერთი ასო, სიტყვა, სიმბოლო ან მასწავლებლის დახმარებით ჩაწერილი მოკლე განმარტება.

მთავარი პირობა იყო, რომ თითოეული ნახატი წარმოადგენდა ბავშვის პირად სურვილს და არ არსებობდა „სწორი“ ან „არასწორი“ პასუხი.

უკუკავშირი როგორც პროცესის ნაწილი

აქტივობის პროცესში უკუკავშირი არ გამოიხატებოდა შეფასებაში. პირიქით, ვცდილობდი, თითოეულ ბავშვს დავხმარებოდი საკუთარი ნამუშევრის ახსნაში კითხვების საშუალებით:
– რას ხატავ?
– რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი?

ამ გზით უკუკავშირი ხდებოდა მხარდამჭერი და განმავითარებელი. ბავშვები ხალისით საუბრობდნენ საკუთარ ნახატებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა თვითგამოხატვას და კომუნიკაციურ უნარებს.

გამოფენა – შედეგის გაზიარება

აქტივობის დასასრულს მოვაწყეთ ბავშვების ნახატების გამოფენა. თითოეული ნამუშევარი გამოიფინა როგორც სანტასთვის გაგზავნილი საშობაო სურვილი. ნახატებს ერთვოდა მარტივი წარწერა, რაც დამატებით ენობრივ ელემენტსაც სძენდა აქტივობას.

გამოფენამ ბავშვებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. მათთვის მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ მათი ნამუშევარი სხვებისთვის ხილული იყო და ფასდებოდა არა ტექნიკური სიზუსტით, არამედ იდეითა და გულწრფელობით.

დაკვირვებული შედეგები

პროექტის განხორციელების შედეგად:

შემცირდა წერის მიმართ შიში;

გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია;

გაძლიერდა თვითგამოხატვის უნარი;

ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ აზრის გადმოცემა შესაძლებელია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნახატით.

პროექტი – „საშობაო სურვილები“ ჩემთვის იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება წერითი კომუნიკაციისკენ პირველი ნაბიჯი დაიწყოს ვიზუალური ენით. ასეთ ასაკში მთავარი არ არის ასოების სრულყოფილი წერა, არამედ ბავშვის სურვილის, ემოციისა და აზრის დაფასება. სწორედ ამგვარი გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი სწავლისთვის.

სურათის აღწერა (სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

,,მეშვიდე სურათის აღწერით” ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7, მე-11, მე-14, მე-16 და მე-17 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას ამახვილებს ქართული ანბანის ბოლო ექვს ბგერაზე: ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ

ვრცლად

 სურათის აღწერა (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

,,მეექვსე სურათის აღწერით” ვაგრძელებთ ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-6, მე-7, მე-11, მე-14 და მე-16 წერილებში წარმოდგენილ სურათების აღწერებს. ეს წერილიც მიუყვება წინა წერილების სტრუქტურას და ყურადღებას ამახვილებს ქართული ანბანის მომდევნო ხუთ ბგერაზე: ღ, ყ, შ, ჩ, ც

ვრცლად

დეკემბრული ჩანაწერები – მეორე ნაწილი

0

ახლა ზეცაში ვარ. სიხარულით კი არა ან სიკვდილის გამო – ეს ბოლო ისედაც მეეჭვება მე ცის საგზურს მაძლევდეს..

ცაში და ისე – გზაზე. სადაც გრძელი გზაა, იქ ბოლო წლებია ინტერნეტიცაა და სადაც ინტერნეტია, იქ გგონია, რომ ცალი ფეხი მიწაზე გაქვს. ეგრე მოეწყო ახალი ცხოვრება.

ჰოდა, კიდევ – ცა ფიქრისთვისაა გაჩენილი. ფიქრი კიდევ წლების წინ აბრუნებს ჩემისთანა კაცს.

კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლების ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხანდახან თვითმფრინავის გუგუნი ისმის. თითქოს ღრუბლებს თავი სტკივათ. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა სხვა მხრიდან მოდის, თვითმფრინავი კი სხვაგანაა. თვალს ძნელად მოჰკრავ. გამოცვივდებიან მეზობლები: „ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი!“ – და რა გასაკვირია, რომ ვერც ისინი ხედავენ. მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, ამოუცნობის.

და მერე თეთრი ზოლი, როგორც გადაშლილი ზეცის სანიშნე.

ახლაც შეიძლება ვინმე ბიჭი წევს და ცას უყურებს. სადმე ჩინეთში ან პაკისტანში. ხმა ისმის და ვერაფერს ხედავს. არადა, ჩვენი ხმაა, მფრინავ რკინის ფრინველში გამოკეტილი ადამიანების. როგორც მაშინ იყო ვიღაცის ხმა. და აწიც იქნება.

კი. ადამიანზე საინტერესო არაფერი მოუგონია მამაზეციერს.

 

////

 

 

ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: ,,აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან” და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ.

მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი – წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: ,,მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ”.

ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.

ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ – მარცხიანი. მაგრამ უცნაურად გაუტეხელი.

 

////

 

ხანდახან და უფრო ხშირად მესმის წუხილი, რომ ორი საქართველოა. მესმის წუხილი და წუხილის მიზეზიც მესმის, მაგრამ უმრავლესი მოწუხარის – ნაკლებად.

რადგან ვიცნობ მათ ნაწილს და ვიცი – ყველა.

ჰოდა, საქართველო არსებობს ერთი, ოღონდ მრავალგვარი. იმაზე უფრო მრავალგვარი, ვიდრე რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზის დაკეტილი ფანჯრიდან მოსჩანს. ეგ ფანჯარა რომ არ გაიღო, ბევრი რამის მიზეზი ესეც არის.

ეს და კიდევ მტრის მოგონილი და შემოცურებული ფრაზა: ,,რა დროს ეგაა?” – ამ ოცდაათ წელს აუცილებელ რეფრენად რომ გადააფარებინა სასარგებლო იდიოტების დაუმცხრალ ქოროს.

 

 

დეკემბრული ჩანაწერები

0

და კიდევ არის დეკემბრის კახეთი.

ეს კახეთი ისეთია, როგორიც ცა, როცა დეკემბერია, მაგრამ მზე და არსად ღრუბელი.

უხარვეზო. აუმღვრეველი.

წესია ასეთი – ამღვრეულ წყალში ფსკერს ხომ ვერ დაინახავ, ამღვრეულ ცაზე კიდევ – კავკასიონს. კავკასიონი არის ცის ფსკერი, მაგ სიღრმეზე ვერავინ ჩაყვინთავს. ამიტომაც არის კავკასიონი ასე თეთრი და წმინდა – უადამიანოა.

გუშინ ყვარელში მივდიოდი. მარტო. ხალხთან შესახვედრად და წიგნებზე სალაპარაკოდ. მაგრამ სანამ გზაა და მარტოობა, დაკვირვებაც არის.

გამეორებული დაკვირვება.

რაც უფრო მოვშორდი ფართო გზას, ვხედავდი მანქანებს, რომელთაგან ძველები ჭარბობდნენ – ნოლშესტი, ნოლადინი, ნივა. ეგრე ჰქვიათ ამათ. და რაც ჰქვიათ და როგორებიც არიან – უხდებიან იქაურობას. შეიძლება მხოლოდ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, ბავშვობას რომ ვერ გამოვეცალეთ. მაშინ მაშინა ეგ იყო და მათგან უმაშინესი – დევიატი. ახლა დევიატი არ შემხვედრია.

ვხედავდი ადამიანს. ეს ადამიანები იდგნენ ქუჩისპირას და გავდნენ დეკემბერს. ოღონდ დეკემბერს მზით და უღრუბლოდ. ოღონდ სახით და გამოხედვით. თორემ შიგნით ეგენი რომ დუღდნენ, ეს დუღილი არის ყველგან კახეთში რთველის მერე. დაბინავებული ყურძნის დუღილი. ყურძნის და დარდის. ყურძნის – მარანში. დარდის – ადამიანში.

და გუშინ მეგონა, რომ კახელი ჰგავს დეკემბერს. ოქტომბერში რომ გავივლი – სხვანაირად მეგონება. ივნისში – სხვანაირად. მაგრამ ახლა ასე იყოს. ასეა მართალი.

 

 

////

 

გზად გურიაა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მზეს მეხსიერება ღალატობს. ზაფხული ჰგონია მზეს. ცა ნასადილევს დედაჩემის გადაწმენილ მაგიდას ჰგავს. ცხელა. მე კიდევ მზეს ვერ ვგავარ, მეხსიერება არათუ მღალატობს, რომ აღარ მინდა, მაშინ მეერთგულება.

და ვხედავ შიშველ ხეებს და ხეებზე ვხედავ კარალიოკს. მხოლოდ ეს აცვიათ ხეებს, რომელთაც აცვიათ. დანარჩენს არაფერი.

მე კიდევ განა საჭესთან ვზივარ. არამედ ვდგავარ სადღაც 1993 წლის 24 ნოემბერის შუადღეში. ცხელა, მაგრამ მაინც თბილად მაცვია. განაცივები ვარ. ვდგავარ და ამ კარაილოკის ხეს ვუყურებ. არაფერი. მეტი არაფერი.

 

 

 

შემოქმედებითი წერა არდადეგებისთვის

0

ყველაზე პატარა მწერლებთან ერთად

მოდი, ერთად დავწეროთ!

მთელი სემესტრის განმავლობაში შენ იმდენი ამბავი წაიკითხე, იმდენ წიგნში იმოგზაურე, იარ გინდა, შენ თვითონ გახდე მწერალი და შენი ამბავი დაწერო?

 

სანამ წერას დავიწყებთ, სიტყვობანა ვითამაშოთ.

წერისთვის ხომ სიტყვები ყველაზე მთავარია!

 

  1. სიტყვები

 

იცი, რა არის სიტყვა?

როდესაც შენ ლაპარაკობ, შინაარსის, აზრის მქონე  ყველაზე პატარა ნაწილი სწორედ სიტყვაა. სიტყვა ათასნაირია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ყველა ადამიანი ქართულად ლაპარაკობს, ოღონდ ზოგჯერ მათი საუბარი ცოტათი განსხვავებულია იმისგან, რასაც წიგნებში კითხულობ-ხოლმე.

ასეთ, ოდნავ განსხვავებულ საუბარს დიალექტი ჰქვია. დიალექტი ძალიან ამდიდრებს ქართულ ენას, ზოგჯერ დიალექტური მეტყველება ლიტერატურაშიც გვხვდება.

გინდა, რამდენიმე დიალექტური სიტყვა გაგაცნო?

რამდენიმე გვერდით ადრე ლექსიკონებს ხომ გაეცანი? ჰოდა, აი, შენი პაწია დიალექტური ლექსიკონიც:

 

ბაკრუცა– ხო სასაცილო სიტყვაა? საინგილოში ასე ეძახიან პატარა  თიკანს, რომელიც ეზოში თავისთვის დაბაკიბუკობს.

ბამბურა – იმერულ დიალექტში დიდბეწვიანი, ფუმფულა ძაღლის მეტსახელია, ცნობილმა ქართველმა პოეტმა, გალაკტიონ ტაბიძემ ეს სიტყვა თავის ლექსში გამოიყენა.

ებზაკურება – ქართლურ დიალექტში ასე ამბობენ იმ ადამიანზე, ვინც საგანგებოდ ემზადება, იპრანჭება რაღაცისთვის, მაგალითად, სკოლაში წასასვლელად.

ლოფორთქინა – ლოკოკინა იმერულ დიალექტში.

პწკალა- კიბე გურულად

შეგიძლია წერისას დიალექტური სიტყვებიც გამოიყენო!

  1. წერის დროს რაც უფრო მრავალფეროვან სიტყვებს იყენებ, ნაწერი უკეთესი გამოდის.

მაგალითად, შეგიძლია მხოლოდ ფანქრებით კი არ ხატო, არამედ სიტყვებით.

მაგალითად, ფერებიც გამოიყენო:

იცი, რომ ზოგიერთ ენაში ზოგი ფერის დასახელება საერთოდ არ არის,  შეიძლება ლურჯი და მწვანე ერთი სიტყვით აღინიშნებოდეს, ან პირიქით, ერთი ფერის აღმნიშვნელი უამრავი სიტყვა იყოს. მაგალითად, ესკიმოსების ენაში თოვლის ფერის აღსანიშნად ათასზე მეტი სიტყვაა.

ენაში ფერების გამომხატველი დამოუკიდებელი, ძირეული სიტყვები სულ რამდენიმეა, დანარჩენს ადამიანები იმ საგნების ფერების მიხედვით არქმევენ, რასაც ხედავენ.

დაკვირვებიხარ რა განსხვავებაა წითელსა და ვარდისფერს შორის?

გავიხსენოთ უცნაური ფერები ქართული ენის სხვადასხვა დიალექტების საცავიდან?

მარილისფერი  მგელი – მთის პოეზიაში ხშირად გვხვდება ასეთი აღწერა, წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს მარილისფერი?

ჭიაფერი – ზოგიერთ დიალექტში წითელის მნიშვნელობით გამოიყენება.

კვამლისფერი  – ღია, ღია ნაცრისფერს ჰქვია.

ანგელოზისფერი – კახურ ტექსტებში ასეთი ფერიც გვხვდება, შეგიძლია წარმოიდგინო რა ფერისა იქნება?

მოლისფერი – ხასხასა, ცოცხალი, ლამაზი მწვანეა, ზოგჯერ სალათისფერსაც რომ ვეძახით.

როგორ ფიქრობ, არაფერი რა ფერია?

 

  1. წინადადება

წინადადება  არის რამდენიმე სიტყვის ერთიანობა, რომელიც რაღაც აზრს გამოხატავს და შინაარსს გადმოსცემს.

შენი ამბავი სწორედ წინადადებებით უნდა დაწერო.

წინადადება შეიძლება იყოს ერთსიტყვიანი

 

 

წვიმს!

 

 

ორსიტყვიანი

 

გარეთ წვიმს.

 

სამსიტყვიანი

 

გარეთ ლამაზად წვიმს.

 

 

და ა.შ.

 

წინადადების საშუალებით შენი გრძნობა, ემოცია უნდა გადმოსცე, ეს ისეთი სასიამოვნო დას სახალისოა!

 

  1. გაივარჯიშე ფანტაზია!

 

სანამ შენს საკუთარ ამბავს დაწერ, მოდი, სცადე და გამოტოვებული სიტყვები შეავსე ჩემს ამბავში, რომელიც შენთვის მოვიფიქრე, მერე კი გააგრძელე თავგადასავალი!

 

 

იყო და არა იყო რა.

ერთ ქალაქში, რომელსაც ერქვა   .——————…

ერთ ქუჩაზე, რომელსაც ერქვა —————–

ერთ სახლში, რომელსაც ჰქონდა ———- ფანჯარა და ——- კარი და ბაღი, რომელშიც ბევრი  ———— ყვაოდა და ———— მწიფდა,

ცხოვრობდა ერთი ——— სახელად….

 

მას ——- თმა, ———–ცხვირი, ———-თვალები ჰქონდა, ყველაზე ხშირად თავისი საყვარელი ———-   ეცვა და თავზე კი ———- ეხურა.

მისი საყვარელი საქმიანობა ———–   იყო, თავისუფალ დროს კი სულ ———–

ის იყო ———-, ————–, —————-, ————  და ————  არსება.

 

მისი საუკეთესო მეგობარი  ———-  იყო. ისინი ერთად თამაშობდნენ, სეირნობდნენ და ერთობოდნენ. ასევე, ერთად დადიოდნენ იმ პატარა ქალაქის კაფეში, სადაც  ———— სვამდნენ და ———– ჭამდნენ.

 

ერთ დღეს ძალიან უცნაური რამე მოხდა.

———– და მისი მეგობარი ——— სახლიდან გავიდნენ და დაიკარგნენ.

ქალაქში ყველას აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა.

იქნებ ———-ში- წავიდნენ?

ან  ————–ზე მოხვდნენ?

ან ———–კენ გაემგზავრნენ?

ვინ იცის!

 

  1. თავგადასავალი

ამ ნაწილისთვის უნდა გაიხსენო ყველა ზღაპარი და სათავგადასავლო წიგნი, რომელიც წაგიკითხავს, რა ამბები გადახდებათ ხოლმე პერსონაჟებს?

უცხო ქალაქში იკარგებიან?

გზაში მგელს ხვდებიან?

უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობენ?

ვინმე უცნაურს გადაეყრებიან?

რაღაც ჯადოსნურს იპოვიან?

გზაში შემოაღამდებათ და ღამის გასათევს ეძებენ?

რამე ახალ ამბავს გაიგებენ?

 

შენს პერსონაჟებს რა დაემართებათ?

 

  1. ახლა კი, მოიფიქრე შენი ამბავი და გამიზიარე! შეგიძლია ილუსტრაციებითაც გააფორმო!

ემიგრანტი დედების შვილები – პერსონაჟები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში

0

 

ჩვენ მარადცვალებად, მარადიული ადამიანური დინებებით დასერილ დედამიწაზე ვცხოვრობთ, თანამედროვე სამყარო – მიგრაციების სამყაროა.

ყოველდღიურად ვიგებთ ეკოლოგიური თუ პოლიტიკური კატასტროფების, გადასახლებისა თუ თავის გადარჩენის, გაქცევისა თუ სამშვიდობოს გაღწევის ამბებს.

ემიგრაცია ყოველდღიური რეალობაა, ემიგრაციის პროცესში ბავშვებს უწევთ ახალი გარემოს, ენისა და კულტურის ადაპტაცია, რა თქმა უნდა,  საბავშვო ლიტერატურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს — ის ბავშვებს ეხმარება იპოვონ მხარდაჭერა, და ასევე გაიზარდონ თანაგრძნობასა და მრავალფეროვნების აღქმაში.

ჩვენ ინტერნეტში ნამღერი იავნანებით გაზრდილი და გამზრდელი  თაობა ვართ, ჩვენი შემდეგი თაობა კიდევ უფრო მეტად გრძნობს ამ ტკივილს, ყოველდღიურად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეკონომიკური სიდუხჭირის თუ სხვადასხვა პრობლემების გამო ბედის ძიებას საზღვარგარეთ ცდილობს.

როგორ არის ეს ამბები მოთხრობილი თანამედროვე ქართულ  საბავშვო ლიტერატურაში, ქართული პროზის შედევრების –  „ჰელადოსისა“ და „შელოცვა რადიოთი“ მკითხველებს რას გვთავაზობს თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა? რამდენიმე წიგნს ჩამოგითვლით და სცადეთ, წააკითხოთ მოსწავლეებს.  ნებისმიერი დარდის გადატანა უფრო მარტივია, როცა წიგნებში შენნაირების ამბავს კითხულობ, როდესაც ხვდები, რომ მარტო არ ხარ. ლიტერატურა ხომ საერთოდ დარდების გაზიარებისთვის არსებობს?

  1. თეა ლომაძე, „მე, ქეთო და კოტე“

ელენე მოზარდი გოგონაა, რომლის დედაც ემიგრანტია. ერთ დღეს გამზრდელი ბებიაც ავად ხდება და ელენე იძულებულია ორ, თითქმის უცნობ ადამიანს, მეზობლად მცხოვრებ წყვილს -ქეთოს და კოტეს შეაფაროს თავი. სწორედ ამ წუთიდან იწყება თანაგრძნობის, სიყვარულის, გაზიარების ჯადოსნური ამბავი. ქეთო და კოტე, კეთილი და მზრუნველი მეზობლები, ელენესთვის დროებით უსაფრთხო სივრცედ იქცევიან. მათი სახლი, ყოველდღიური რუტინა და ყურადღება ბავშვს საშუალებას აძლევს, ნელ-ნელა გაუმკლავდეს ტრავმას. ტექსტში ემიგრაცია არ არის აღწერილი როგორც თავგადასავალი ან წარმატების გზა — ის ნაჩვენებია ბავშვის თვალით, როგორც გაურკვევლობა, მონატრება და მუდმივი შიში მშობლის დაკარგვისა.წიგნი  აჩვენებს, რომ ემიგრაცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ წასულ ადამიანზე, არამედ იმ ბავშვებზე, რომლებიც „უკან რჩებიან“.

„დედა რომ წავიდა, თავიდან იშვიათად გვაწვდენდა ხმას. მერე სამსახური იშოვა და ყოველ მესამე დღეს, დათქმულ დროს, ინტერნეტით გვიკავშირდებოდა. მხიარულად გვექაქანებოდა,  ვიღლები, მაგრამ ვუძლებო. ყველაფერს  წვრილ -წვრილად გვეკითხებოდა, მამე ჩამოვალო, — წარამარა გვიმეორებდაჯერ ფულის გამოგზავნა დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ხარჯებისთვის, მერე ამანათებიც მოაყოლა. ლამაზი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საუკეთესო ლეპტოპი და მობილური ჩემთვის. განა მინდოდა? სულაც არ მჭირდებოდა. არ მინდოდა, დედა! იქნებ დარწმუნებული იყო, რომ მინდოდა?  ძალიან კი ვიწონებდი თავს უახლესი ტელეფონით და მოდური ტყავის კედებით, მაგრამ უმაგისოდაც მშვენივრად ვიქნებოდი. თუ დედა გამოჩენას დააგვიანებდა, გული გვისკდებოდა, იმიტომ, რომ ვიცოდით, არალეგალი იყო და ქუჩაში შემხვედრ ყველა პოლიციელს ემალებოდა“.

დაბრუნდება თუ არა დედა? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, არ მოგიყვებით, ეს შესანიშნავი წიგნი ჯერ თავად უნდა წაიკითხოთ, მერე მოსწავლეებს წააკითხოთ. ალბათ საქართველოში არ არსებობს მასწავლებელი, ემიგრანტი მშობლების შვილი მოსწავლე რომ არ ჰყავდეს, რომელიც მარადიული, ყოველდღიური მონატრებითა და მშობლებთან შეხვედრის იმედით ცხოვრობს, თვალები კი ყველაზე მხიარულ წუთებშიც ცოტათი სევდიანი აქვს.

 

  1. დიანა ანფიმიადი, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“

არ ვიცი, რამდენად სწორია საკუთარ წიგნზე საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებსა და კვლევებზე ვყვებით, წიგნზეც რომ გიამბოთ, რა უჭირს?

„დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ რამდენიმე წლის წინ დავწერე, მთავარი იდეა სიტყვების ძალასა და  ენის, როგორც ყოვლისმომცველი, ყოვლისშემძლე სუბსტანციის აღქმა იყო, თუმცა, ვერც თანამედროვე სამყაროს პრობლემებისთვის გვერდის ავლა გამომივიდოდა.

ერთ-ერთი ხაზი ამ წიგნში პერსონაჟის ემიგრანტი მშობლებია,  მამას, შესანიშნავ მეცნიერს საოცნებო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მისაღებად უწევს ოჯახის დატოვება, დედას კი სიდუხჭირე აიძულებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდეს.

ბიჭი სულ ელოდება მშობლებს, მერე კი მათ საძებრად წასვლას, გაპარვას გადაწყვეტს.

მეც ემიგრანტების ოჯახიდან ვარ…სტუდენტობისას, სანამ საქართველოში რამდენიმე იაფიანი ავიაკომპანია შემოვიდოდა, ავტობუსით მივდიოდი ჩემებთან-  საბერძნეთში.

ეს ყველაზე მტკივნეული და მძაფრი გამოცდილება იყო, რამდენიმედღიანი მგზავრობა და თანამგზავრები- ტკივილიანი ბედის ადამიანები…

არ ვიცი, თქვენ გინახავთ თუ არა, როგორ ცდილობენ საზღვრის გადალახვას არალეგალი, უსაბუთო ქალები, რომელთაც ოჯახების შიმშილისგან გადარჩენის მისია იტვირთეს.

საბარგულში დამალული ქალები, ყველა გაჩერებასა და საზღვართან რომ სუნთქვას იკრავდნენ, რამდენიმე საათს გაუნძრევლად ისხდნენ უჰაერო, კუბოსავით სივრცეში, ზოგჯერ კი მთელი დღე-ღამე ასე გაუნძრევლად ყოფნა უწევდათ… ეს მოგონება არასდროს მტოვებს. ჩემს წიგნში ასე მგზავრობას პერსონაჟი ბიჭი ცდილობს, მინდოდა, კიდევ უფრო მძაფრად მეჩვენებინა ემიგრაციის სირთულე:

„ძაღლების ყეფამ გამოაღვიძა.  რა ტკბილი სიზმარი იყო. სუნთქვა შეიკავა და გარედან შემოსულ ხმებს ყური დაუგდო, ძაღლები ყეფდნენ, მესაზღვრეები სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, უფრო კი, ყვიროდნენ.  მგზავრები ლაპარაკობდნენ, სასწრაფოს, პოლიციის მანქანების ხმაა.

ბიჭი კანკალმა აიტანა, ახლა რომ იპოვონ, მერე რა მოხდება. კიდევ უფრო შეიკრა სუნთქვა, რა მოხდება, რომ საერთოდ გაქრეს. თვალები დახუჭა და თვლა დაიწყო, თუ ლუწი იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, თუ კენტი – იპოვიან.

ერთი ორი სამი ოთხი ხუთ ექვსი შვილი…. ოცდაცხრა… ორმოცდაათი… სამოცდარვა….ოთხმოცდაცხრამეტი…ასოთხი

ავტობუსი დაიძრა.

ვიღაცამ გარედან  ჩუმად უთხრა:

-ეს ერთი, გადავრჩით.

ბიჭმა შვებით ამოისუნთქა.

კიდევ ერთი და მერე ღამით ავტობუსიდან ჩამოვლენ, მდინარეზე ტივით გადავლენ, სხვა ქვეყანაში მატარებელს მოძებნის, მატარებელს კიდევ სხვა ქვეყანაში გაჰყვება, იქ  ბორანს მოძებნის, ბორნის მერე კიდევ ავტობუსი, ავტობუსის მერე ისევ მატარებელი, მერე მამას იპოვის, ერთად წამოვლენ დედასთან და ყველას შინ დააბრუნებს, სამერცხლულებიან უძველეს სახლში, სადაც კედლებიდან ჯერ კიდევ ისმის ქალაქის ხმა,  უძველესი კედლების ჩურჩული.“

რა თქმა უნდა, როგორ გრძელდება ეს ამბავი და როგორი დასასრული აქვს წიგნს, არ მოგიყვებით, ძალიანაც მინდა, რომ ჩემი წიგნი წაიკითხოთ!

ამ ტექსტის წერისას ჩემი მეგობრის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამუნას  ძველი პოსტი გამახსენდა, უფრო სწორად, მისი მოსწავლის ნახატი, სადაც გაცისკროვნებულ, ნათელ ფონზე ულამაზესი ქალია დახატული, ნახატს წარწერაც აქვს:

„ეს ჩემი ოცნება,

ციდან მოდის საოცრება…”

წუხელ დავხატეო.  – უთქვამს მასწავლებლისთვის მოზარდს, მასწავლებლის კითხვაზე კი უპასუხია – დედაჩემიაო.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...