კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

მხიარული და შემეცნებითი აქტივობები არდადეგებისთვის

0
SSUCv3H4sIAAAAAAACA1WRTU/DMAyG/0qUc8dA3HqDaUJwmgBxmTh4iWmtZknlON2mqf8ddx9o3Oy8/nj85mg3kMnZ+mgphJKFQShFWz9UFj1JYoJg6/uxsllASsastZo5EGxUPeXXIevj9G5r+wyuaziV6PP8E/dSWOt0RNn8F+1YXVteb9bn+SJQP3ti+Wv6QqcwdvyuLDQY3WHCUA7GgHCiWqvU7QR5e0EcyGM6h1A8TaEdkoOg+uN0gu5L2+m1YehbckwD8pR7zE4Du2gpeMZoemA5mJ8AYlyKDnsxO5LWdOSzihSFYmMkNSgtsklFfEqczXCiNrfW3pml+gqbgGa5+jAQvXnH6LWLonlbvZifxFuYDpf95IutLgadZ+X5BaBAmOc+seQZOKGB5KClqdOvG8fxF05bk/rYAQAA

როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი ზაფხულის არდადეგების განუყოფელი „ტრადიცია“ იყო 48-ფურცლიანი რვეულის შევსება მათემატიკის სავარჯიშოებით. მასწავლებლის სიყვარულისა და ჩემი პასუხისმგებლობიანობის წყალობით, სკოლის დაწყების პირველ დღეს მართლაც მიმქონდა შევსებული რვეული, თუმცა ეს არ იყო ზაფხულის განმავლობაში შესრულებული დავალება – საკუთარი სურვილით და მონდომებით შესრულებული. სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ვწერდი და ვწერდი ხელის დაბუჟებამდე, რათა მასწავლებლისგან საყვედური არ მიმეღო.

ახლა, როცა თავადაც მასწავლებელი ვარ, მუდამ ვიხსენებ ხოლმე საკუთარი მოსწავლეობის პერიოდს, ვუსმენ ჩემს მოსწავლეებს და ვცდილობ, ყველა შეთავაზებულმა აქტივობამ, თხოვნამ თუ იდეამ, მათში შესრულების მოტივაცია გააღვივოს, მუშაობის პროცესმა კი – რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს მოსწავლეებს.

ბავშვებს დიდად არ უყვართ არდადეგების დროს დავალებები. მართლებიც არიან! ვის გვიყვარს, როცა დასვენების დროს რამეს გვავალებენ?! თუმცა მასწავლებლებს სხვა საფიქრალი და მოტივი გვაქვს: მთელი სასწავლო წლის შრომა, ზაფხულის ხანგრძლივმა არდადეგებმა არ დაავიწყოს და გაუფერმკრთალოს ჩვენს ბავშვებს. თუ სიფრთხილითა და ჩვენი მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, სათუთად „შევაგროვებთ“ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სასარგებლო საქმიანობებს, ბავშვებს მათი შესრულების ხიბლს გავუჩენთ და დავაინტერესებთ, მაშინ არდადეგები უფრო მხიარული და საინტერესო გახდება.

შეთავაზებების მოფიქრებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს აუცილებელი ფაქტორი: ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე „ოჯახური დროა“, როცა დიდებიც და პატარებიც დასვენების, სამუშაო საფიქრალისგან ამოსუნთქვისა და განტვირთვისკენ ისწრაფვიან. ამიტომ, მასწავლებელმა ამ იდილიაში თავისი თხოვნებით ისე უნდა შეაბიჯოს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთი გეგმის ირგვლივ გააერთიანოს. ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ, როცა ისეთი საქმით კავდებიან, რითაც უფროსებიც არიან დაინტერესებული. ეს არც ისე მარტივი ამბავია.

ჩემი მოსწავლეები მეოთხე კლასში გადავიდნენ. მინდოდა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობები არ დავიწყებოდათ და ეს ისე მომეხერხებინა, რომ მათი საზაფხულო დღეები უფრო მხიარული გამეხადა.

გიზიარებთ საზაფხულო სავარჯიშოებსა და იდეებს – დროის მხიარულად გატარებისა და მრავალფეროვანი ფიქრისთვის:

  1. სიკეთის მომტანი თხოვნა .

ზაფხული ოჯახის ერთად ყოფნის კარგი პერიოდია. გამოიყენეთ ეს დრო, დაამზადეთ ისეთი ყუთი, რასაც განვათავსებთ სკოლის ეზოსა და უბანში, რომელშიც პლასტმასის ბოთლებს შევაგროვებთ.

ეცადეთ, რაც შეიძლება დიდი და საინტერესო რამ დაამზადოთ, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყროს. ირგვლივ მყოფებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ ამ შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი იდეის მატარებელი „ქმნილების“ თანამოაზრენი თავადაც გახდნენ.

  1. გაუზიარეთ  ერთმანეთს  საინტერესო წიგნები

ბევრს იმხიარულებ, გპირდები, რადგან მათში გაიცნობ ძალიან მხიარულ, საინტერესო და უსაყვარლეს პერსონაჟებს.  წიგნების კითხვით შეგიძლია ჰამაკში ჩაწოლილმა ან ხის ქვეშ, ჩრდილში ჩამომჯდარმა, სულ სხვა გარემოში, სხვადასხვა საინტერესო პერსონაჟთან ერთად ახალი თავგადასავლები აღმოაჩინო, გაერთო. ყველა ეს წიგნი, ზაფხულს ძალიან უხდება. რომლის სათაურიც შენში მეტ ინტერესს გამოიწვევს, კითხვა იმით დაიწყე.

  1. მთელი ზაფხულის განმავლობაში, შეათვალიერე შენთვის საინტერესო 10 ადამინი და გაესაუბრე მათ. ჰკითხე ყველაფერი, რაც გაინტერესებს და ჩაინიშნე მისი პასუხები.

შეგიძლია, სთხოვო საუბრის ტელეფონში ჩაწერა და ისე შენახვა. როცა სკოლაში მოხვალ, ჩვენც გაგვიზიარე.

  1. მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარებით, მოიფიქრე თამაშის ინსტრუქცია, რომელსაც ერქმევა „სიხარულობანა“. სკოლაში დაბრუნებისას ყველა ვითამაშებთ ერთმანეთის მოფიქრებულ „სიხარულობანას“.

მხიარული იდეები, მეგობრებსაც გაუზიარე და ერთად ბევრს იცინებთ.  მაგალითად, ფერადი საღებავებით შეღებო შენი ეზოს ქვები და ფერადი ბილიკი მოაწყო საკუთარი ხელით; იწუწაო, ივარჯიშო მიზანში სროლაში; გამოცადო საკუთარი თავი, რამდენად მომთმენი, სწრაფი და გამძლე ხარ; სცადო ფეხის თითებით დახატვა და ნახო, რა გამოგივა; გაალამაზო შენი ნახატებით თეთრი ზეწარი, დაამზადო და „ოკეანეში“ გაუშვა საკუთარი ნავი.

სთხოვეთ მოსწავლეებს, დროდადრო გაგიზიარონ ფოტო- ან ვიდეომასალა. თავად იყავით ამის წამომწყები და მშობლების დახმარებით ხანდახან თქვენი საზაფხულო დღეების ამსახველი მომენტებიც გაუზიარეთ მოსწავლეებს.

 

მეორადი რესურსების გამოყენების პრაქტიკული მაგალითები სკოლიდან

0
Horizontal vector illustration showing inventor/scientist and his mind processes. We can see the inventor silhouette surrounded with different elements which are showing different processes and approaches while solving a problem. We can see magnifying glass a metaphor/symbol for identification/closer look on a problem; puzzles for looking the right parts; light bulb for idea; ladders for improvement; gears and wheels for thinking; speech bubbles for different thoughts/ideas; arrows for direction of thinking; question marks for questioning and self verification; connectors for integration. There are also lot of icons related with science: DNA, microscope, laboratory equipment, molecular structure, cells, bacteria, ect. Illustration is vibrant and eye catching and also nicely layered.

რა ვუყოთ მეორად ნივთებს?

ყველგან გხვდება ნივთები, რომელთაც წარსულში გარკვეული დანიშნულება ჰქონდათ, მაგრამ ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი. ასეთი ნივთებით სავსეა სკოლა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისა და სასკოლო თემის წარმომადგენლების მიერ მეორადი ნივთების გამოყენების საუკეთესო მაგალითებს.

ძველისა და ახლის კომბინაცია

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკოკლუბის, „ჩვენი მომავლისთვის“, წევრები მონაწილეობას იღებდნენ საკვირაო სკოლაში, რომელიც ქვემო ქართლში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი. კლუბის წევრებმა წარადგინეს იდეა სკოლის ეზოში სკვერის მოწყობის შესახებ და მოიპოვეს 400 ლარის დაფინანსება. დაფინანსების სიმწირიდან გამომდინარე შევიძინეთ მხოლოდ მაგიდის ზედაპირები და ფიცრები სკამებისთვის. ჩვენი იმედი სკოლაში არსებული დაზიანებული მაგიდების დეტალები იყო.

შეძენილი რესურსისგან კლუბის წევრებმა სპორტის მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს მაგიდები და სკამები. ამ პროცესში გამოყენებულ იქნა ჩამოწერილი მერხებისა და სკამების დეტალები, კერძოდ, რკინის ფეხები. დამზადებული მაგიდები და სკამები სექტემბრის დასაწყისში სკოლის წინა ეზოში დამონტაჟდება.

ვერტიკალური ბაღი ჟოლობის მილებისგან

სკოლაში გამოიცვალა ე.წ. წვიმის ჟოლობები. ძველი მილები მატერიალურ-ტექნიკურ განყოფილებაში შეინახეს. განათლების ბაღში არსებული სივრცე/ტერიტორია მცენარეების დარგვის საშუალებას აღარ იძლევა. ჩვენც იძულებულნი ვართ, ვეძიოთ გამწვანების ახალი გზები. ფიქრისა და მსჯელობის დროს ვერტიკალურ გამწვანებამდე მივედით.

წვიმის ძველი ჟოლობების გამოყენების იდეა მოსწავლეებმა მომაწოდეს. ისინი დავხვრიტეთ, გავავსეთ მიწითა და ჩვენივე წარმოებული კომპოსტით. შემდეგ დავიწყეთ მცენარეების დარგვა. მცენარეების დარგვისას გავითვალისწინეთ ნიადაგის მცირე მოცულობა და ჩავრგეთ მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ ბევრი მიწა, მაგალითად, სეკულიანტები.

ყვავილების თარო

ჩვენი სამოქალაქო კლუბი მთლიანად ორიენტირებულია სკოლის მდგრად განვითარებაზე. კლუბის წევრები მუდმივად ეძებენ ნივთებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი დანიშნულებით. განათლების ბაღის გვერდით მდებარეობს ჩამოწერილი და დაზიანებული ნივთების საცავი. მას კლუბის წევრები ხშირად ვსტუმრობთ რაიმე ახლისა და საინტერესოს აღმოჩენის იმედით.

ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ჩამოწერილ ნივთებს შორის, ერთ საინტერესო დეტალს მივაგენით. რკინის საკიდი წლების განმავლობაში მოსწავლეების ჩანთების შესანახადა და ზამთარში თბილი სამოსის საკიდად გამოიყენებოდა. შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით გაიტანეს კლასიდან და ასე აღმოჩნდა ჩამოწერილი და დაზიანებული ნივთების სექციაში. ჩვენ მათ მალევე მოუძებნეთ ახალი დანიშნულება. რკინის კონსტრუქცია ყვავილების თაროდ გადავაკეთეთ. თაროებისათვის ძველი და დაზიანებული სკამების საზურგეები გამოიყენეთ. ყვავილების ახალმა თარომ, თავის მხრივ მეორადი ნივთებისგან შექმნილი ქოთნის მცენარეები შეიფარა.

დამტვრეული მერხებით დამზადებული ყუთები ბოსტნისა და კომპოსტირებისთვის

განათლების ბაღის მეზობელი ტერიტორია მოასფალტებულია და მის გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ერთ-ერთ შეხვედრაზე დაგვებადა ყუთის დამზადების იდეა, რომელსაც მიწით გავავსებდით და შემდეგ სამეურნეო დანიშნულებით გამოვიყენებდით. გაზაფხულზე ამ ყუთში ჩავრგეთ/დავრგეთ ნიორი და კარტოფილი.

ფოტო

როგორც წინა წერილებიდან იცით, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში 2021 წლიდან გვაქვს კომპოსტის ყუთი. 2022 წლის სექტემბერში დადგა ახალი და უფრო დიდი კომპოსტის ყუთის საჭიროება.

კომპოსტის ყუთი სკოლაში ჩამოწერილი ნივთებისგან, გატეხილი მერხებისგან დავამზადეთ. ამით ჩვენ ხელი შევუწყვეთ მდგრად მოხმარებასა და წარმოებას.

წიგნების კარადა ღია სამკითხველოსთვის

2022-2023 სასწავლო წელს განათლების ბაღში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კუთხე გაიხსნა. ღია სამკითხველო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი კითხვით დაინტერესების ზრდას ემსახურება.

ღია სამკითხველოსთვის კარადას დიდხანს ვეძებდით. გაკვეთილის დროს მოსწავლემ მითხრა, რომ სახლში ჰქონდა ძველი კარადა, რომელსაც მისი მშობლები გადაგდებას უპირებდნენ. რამდენიმე დღეში გადასაგდებად გამზადებულმა ნივთმა განათლების ბაღში დაიდო ბინა და მალევე შეიძინა ფუნქციური დატვირთვა.

შეჯამება

დამეთანხმებით თქვენ ირგვლივაც იქნება უამრავი ფუნქციადაკარგული ნივთი. მინდა, რომ აღნიშნულ სტატიას ჰქონდეს შთაგონების ხასიათი და იყოს „ვირუსულად“ გადამდები სხვა სკოლებისა თუ საგანმანათლებლო ცენტრებისთვის. ძალიან გამიხარდება, თუ სტატიის კომენტარის ველში გააზიარებთ ბმულებს, სადაც მეორადი ნივთების გამოყენების პრაქტიკა იქნება ასახული.

 

 

 

 

ბარათაშვილი

0

ადრე თუ ვინმე მკითხავდა, დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, რა ეპოქაში იმოგზაურებდიო, დაუფიქრებლად ვპასუხობდი, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის თბილისში-მეთქი. ამ ეტაპისთვის ჩემთვის უკან დასაბრუნებლად საინტერესო პერიოდი და ლოკაცია რამდენიმეა, მაგრამ ხსენებული ეპოქა და ადგილი მათ შორის მყარად იკავებს პირველ ადგილს. ძველი თბილისისადმი ჩემი გარდარეული სიყვარულის გარდა, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის თბილისში იმისთვის დავბრუნდებოდი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს შევხვედროდი. მართალია, მასთან ძმაკაცობას არაფრით არ ვისურვებდი, რადგან, როგორც ბიოგრაფები გვეუბნებიან, ის იყო ცინიკოსი, ჭორიკანა და ინტრიგანი, მე კიდე ასეთი კაცები არ მიყვარს (მწარე ემპირიული გამოცდილება მაქვს კარგ, ოღონდ ჭორიკანა და ინტრიგან კაც პოეტებთან მიმართებაში), მაგრამ დიდი სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ ისეირნებდა ყაბახზე. დროში სამოგზაუროდ და გარდასულ ჟამთა რეგენერაციისთვის, თავისი რეტინალური უპირატესობიდან გამომდინარე, უებარი გზა კინოა. მაგრამ საეჭვოა, ადგილობრივი ძალებით მოხერხდეს იმდენი ფულის მოგროვება, რამდენიც ასეთი ფილმის გადაღებას დასჭირდება. უცხოელები კი მსოფლიოსთვის თითქმის უცნობ დიდ ქართველ ლირიკოსზე გადასაღებ ფილმში ფულს არ ჩადებენ, ამიტომ ბარათაშვილის მოყვარულებს მოგვიწევს ისევ მისივე ლექსებს და წერილებს და მასზე დაწერილ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ტექსტებს დავჯერდეთ მის ეპოქაში სამოგზაუროდ.

ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორი იყო ბარათაშვილი. ბიოგრაფებისგან კი შემოგვრჩა აღწერილობა და ამის მიხედვით ბევრ მხატვარს დაუხატავს მისი პორტრეტი, მაგრამ ეს მაინც მიახლოებული სახეებია. ლადო გუდიაშვილს რამდენიმე პორტრეტი აქვს დახატული. ყველაზე ცნობილი ერთი გრაფიკული პორტრეტია – საქართველოში ყველა სკოლის ყველა საკლასო ოთახის კედლის უალტერნატივო ბინადარი. ცოდვა გამხელილი სჯობს და, გუდიაშვილის აღნიშნული ნახატის მიხედვით (არ გადამიხატავს, მაგრამ სწორების წერტილი ეგ იყო), გუაშით – ჩარჩოზე გადაჭიმულ ზეწარზე, ბავშვობაში მეც დავხატე ბარათაშვილის პორტრეტი – სოფი ლორენისეული ბრიალა თვალებით. მერე ძმაკაცს ვაჩუქე და ახლაც უკიდია სახლში. მახსოვს, ბავშვობაში რამდენჯერმე წავიკითხე აკაკი გელოვანის მხატვრულ-ბიოგრაფიული რომანი „სვეტი ნათლისა“, რომელიც დიდი მხატვრული ღირსებებით არ გამოირჩევა, მაგრამ ბარათაშვილზე დაწერილი უკეთესი ბიოგრაფიული რომანი, მგონი, არც გვაქვს.

ბარათაშვილს, როგორც, მაგალითად, გურამიშვილს ან ბესიკ გაბაშვილს, რამე ტიპის სიახლე არ შემოუტანია ქართული ლექსის მეტრიკა-პროსოდიაში. სამაგიეროდ პირველმა დანერგა ანჟამბემანი და, თუ სწორად მახსოვს, რკალური რითმებიც პირველმა გამოიყენა. ანჟამბემანი მანამდე, არც – ჩვენში და არც – სხვაგან, ოსტატობის მაჩვენებლად არ ითვლებოდა. სხვაგან – სხვებმა, ჩვენში კი ბარათაშვილმა დაანგრია ეს მცდარი ლიტერატურული სტერეოტიპი-კონიუნქტურა, ანჟამბემანმა სხვა ინტონაცია შესძინა ბარათაშვილის პოეზიას. იგი მიმართავს ხოლმე საზომთა მოდულაციებს: მცირე ბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და ფისტიკაური ოცმარცვლედის მონაცვლეობას. პოეტური „ტექნე“ მასთან, ისევე, როგორც ჩვენს სხვა „რომანტიკოსებთან“, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავს. ტექნიკური თვალსაზრისით ბარათაშვილს (ისევე, როგორც ბიძამის გრიგოლს) ბევრად ჯაბნის ალექსანდრე ჭავჭავაძე, მაგრამ ბარათაშვილს სულ სხვა, მიუწვდომელი უპირატესობა აქვს: მთელი იმ ეპიკურ-ფილოსოფიურ-კრეაციულ-ისტორიულ-სატრფიალო, თავისთავად დიდი, პოეტური გამოცდილების შემდეგ, რაც ჩვენში დაგროვდა, ბარათაშვილმა პოეტური ხედვა ინტროვერსია-თვითჩაღრმავებისკემ მიმართა და შექმნა მედიტაციური ლირიკის შედევრები. მისი პოეზიის ნოვატორული ბუნების გამო იყო, რომ მის ლექსებს თანამედროვენი ჯეროვნად ვერ აფასებდნენ. ბიძამისიც (ძალიან მაგარი პოეტი), აროგანტულად თუ არა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად უყურებდა მის პოეზიას. ბარათაშვილის პოეზია ყველაზე ნაკლებად ევფონიურ-მუსიკალურია სხვა ქართველ „რომატიკოსებს“ შორის, მისი ერთადერთი მელოსური ლექსია „ცისა ფერს“. ოღონდ ამ ლექსში იმდენი მუსიკაა, ბევრის მთელ შემოქმედებას რომ ეყოფა. ესაა დაქტილურ-ანაპესტური დიმეტრით დაწერილი ლექსი-სიმფონია, სადაც ყველა სტროფში, თითქოს, სხვადასხვა მელოდია ისმის, მიუხედავად იმისა, რომ ლექსი თავიდან ბოლომდე იზოსილაბურია, ანუ ერთი საზომითაა დაწერილი. ამ პოლიფონიურობის ილუზიას ის ქმნის, რომ პოეტი სხვადასხვა სტროფში გარითმვის სხვადასხვა ტექნიკას გვთავაზობს, თუმცა აქაც, ისევე, როგორც ბარათაშვილის სხვა ლექსებში, რითმა უკიდურესად პირობითია.

ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნის აზრით, დიდი პოეტობის ერთ-ერთი მახასიათებელი ეპიგონთა სიმრავლეა. ეს ისედაც კონტროვერსიული მტკიცება ბარათაშვილის შემთხვევაშიც მცდარია, რადგან ბარათაშვილს, კლასიკური გაგებით, ეპიგონები არ ჰყოლია, თუ არ ჩავთვლით სრულიად გააზრებულ რეცეფციას გალაკტიონის მხრიდან. იყვნენ სხვა პოეტებიც, რომლებიც ბარათაშვილის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ ეს უფრო თვითაღიარება და ერთგვარი ლიტერატურული რევერანსი იყო დიდი ლირიკოსისადმი. ბარათაშვილი – ბარათაშვილია, ერთადერთი და განუმეორებელი.

„ჩემო თავო, მრავალხმიანო…“

0

ბესიკ ხარანაული „ორივ ფურცელი ცის და მიწისა“

ფოტო: არტარეა

ბედნიერი ადამიანი ვარ თუნდაც იმით, რომ ამ პოემის კითხვით ცოცხალ კლასიკოსს შევიგრძნობ, როგორც მფეთქავ დვრიტას, ენერგიასა და პერსპექტივას ჩვენი ერის სიცოცხლისა და განვითარებისა. ახლაც ნათლად მახსოვს ის დღე-პური, როცა პოეზიის დიდმა „ქურუმმა თუ მაგმა“, ბესიკ ხარანაულმა, ეს წიგნი მაჩუქა წარწერით. ახლაღა შევძელი ჩემი ცხოვრების ორომტრიალში მასთან ზიარება, თითქოს, ვასიკო კეჟერაძისეულ „კარცერ-ლუქსშიც“ ამოვყავი თავი და განვიცადე ზოგისთვის აკრძალული, ჩემთვის კი ადრეული ბავშვობიდან ასეთი მომნუსხველი პროცესი ღირებულ ლიტერატურასთან დაძმობილება-ინიციაციისა.

 

დავიწყე ამ მშვენიერი პოემის კითხვა და ზოგან ვერლიბრულ, ზოგან კი საკრალურ, კოსმიურ ცოდნასთან მიერთებული პოეტის ცნობიერების „ციებ-ცხელებიან“, ტრაგიკულ-ტკივილიან სტრიქონებს „შევეჭიდე“, ასე რომ ცდილობენ გამოსავლის მოძებნას ჩვენი წუთისოფლის „ჭრელი კალეიოდკოპის“ ქართულ ხვეულებსა თუ ნამცვრევებში. ეს ცოდნა ჩვენ გვქონდა, ქართველებს, მაგრამ დავკარგეთ, როგორც მოუფრთხილებელი მადლი და ახლა ბესიკ ხარანაულისნაირმა დიდმა შემოქმედებმა (ისინი ხომ განსაკუთრებული ეროვნულობითა და მსხვერპლით გამოირჩევიან ქართულ სინამდვილეში?!) უნდა დაგვაბრუნონ მის იშვიათ წიაღში. მთიელმა პოეტებმა ხომ განსაკუთრებული ფორმაც იციან სათქმელის გამოხატვისა, დიდი ვაჟასი არ იყოს და მათი ნააზრევიც საოცარი ექსპრესიითა და სიღრმით გამოირჩევა?

 

პირველივე შთაბეჭდილებაა ილიას „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული“, მოხუცის ეს აჩრდილი ბესიკ ხარანაულთან გაცოცხლებულა, როგორც სული საქართველოსი და ავტორს რაღაცა პრეისტორიული სიღრმიდან ესაუბრება, ცაზე გამოისახება, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან დგას და იქიდან გუგუნებს „ცის მედგარივით“, ანუ დრო და სივრცე სრულიად პირობითია პოემაში. მწერალიც, „ცოდვილი მჩხაპნელი“, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს, გაიღუნება მის უღელქვეშ ბებერ ხარივით მის სიტყვებზე:

 

„იცით, სადა ვდგავარ?

იმ ადგილას,

სადაც ბავშვები ნაწვიმარზე წისქვილებს აგებენ და წიფლის ქერქეჭელის ურმებით მიაქვთ დაფქული.

იმ ადგილას,

სადაც სარკინოზთაგან ცხვარივით დაკლული არჩილ მეფის სხეული დაკრძალეს, რადგან მთელ საქართველოში სისხლისაგან აღარ იყო მშრალი ადგილი, არც ჭალა, არც იქ ნადენი წყალი.

თავ-თმაამოკორტნილ ქალებს ძუძუელა ბავშვებზე თავი დაეხარათ, იტირებდნენ, მაგრამ ცრემლის ლოპო ჰქონდათ დამშრალი.

იცოდნენ, რომ სიკვდილს უზრდიდნენ შვილებს და მაინც უზრდიდნენ “.

 

ყველანი ამ ისტორიულ მისტერიაში „ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“. ხანდახან გვგონია, რომ საქართველოს ისტორიაში „მარადი შემოდგომაა“, რომელიც, ბუნებაში სასწაულად მოგვევლინება ხოლმე („დილის ნიავი ჩიტის ბუმბულს თრთვილს მოაბამს…“), ადამიანურ-ეროვნული რეალობის მეტაფორად კი მძიმედ აღსაქმელია.

 

პატრიოტიზმი, რომელიც ქართველთა თანამდევია, როგორც სააზროვნო თუ საარსებო თვითგამოხატვის ფორმა, ჩვენთან სხვადასხვაგვარად გაგებულია. ის, მწერლის აზრით, მიწაზე სიარული უფროა, ვიდრე ლამაზი სანახების შორიდან, ძერის სიმაღლიდან, ჭვრეტა. და მეტიც: დღეს ის ტალახში სიარულს, მორყეულ ღობეებთან შეჯახებას ჰგავს, ამ უკანასკნელთა ყმუილით გამაგრების ხან შედეგიანი, ხანაც უშედეგო მცდელობებით. სამშობლოს სიყვარული უღელია, ყველაზე მძიმედ საზიდი, მით უმეტეს, თუ უშრომელ, ჭირად ნაქცევ „ლხინს“ მისცემია ადამიანთა უმრავლესობა („ყველგან ნაგავი და სუფრა გაქვთ, წმინდა ფრთები ვერაფერზე დამიწყვია“).

 

ყველაფერი ხომ ადამიანად ყოფნის საიდუმლოსთანაა წილნაყარი, არა?

 

,,სულ არაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი შრომა რომ სჭირდება გასაძღომად და მარილიანი კლდის სალოკად მისულ ჯიხვს უსაფრდება… სულ აღარაფრად ვაგდებ ადამიანს, ამდენი სისასტიკე რომ სჭირდება გასაძღომად და მეორე მთაზე ძერა გადაასწრებს”, – ეს თავად ეზოთერული, ინტუიციური, საკრალური ცოდნის ღაღადისია თითქოს. ეს ინტუიციური ცოდნა, რომელიც ინტელექტუალურზე არ დაიყვანება, ქართველთა ჭკუას არასდროს გააცინებსო, ბრძენმა პოეტმა, სიცილი მუცლის ხელობააო, გვესაუბრება ავტორი პოეზიის იმ „შემაღლებულიდან“, ღვთის კურთხევით რომ მოგვემადლა ქართველებს, მაგრამ „მოვიდნენ და გადაასწორეს“. საკუთარი თავისგან, საკუთარი ეროვნულობისგან დაცლა ყველაზე საშინელია, რაც შეიძლება ერის ცნობიერებას დაემართოს. საქართველოს სულმაც იცის, რომ თვითონაც გაეცლება ბედკრულ საქართველოს ელინთა სულივით, საკუთარი მიწა რომ მიატოვა, თუ არ გავიზრდებით სულიერად, თუ არ გავიხსენეთ ჩვენ ზემოთ სულიწმიდის დაკიდებული ეს „ოქროს შიბი“, ისეთივე მისტიკურ-ტრაგიკული, როგორც „წმინდა გიორგის ნისლისფერი მათრახი“, ხელსაქსოვიანი მარიამ ღვთისმშობელი, ცხვარს რომ მიჰყვება პოეტის ფაქიზ, მისტიკურ წარმოსახვაში; როგორც თავად სულიწმინდა, რომელიც პირველებმა ვიხილეთ ამ დედამიწაზე, როგორც წმინდა ნინოს „მოდე-მოძმეებმა, იმისგან ჯვარდასახულებმა“. სწორედ წმინდა ნინოს ვაზის ჯვარივითაა, მისი ზუსტი კონფიგურაციით, აღმართული ჩვენი მიწაც ზეცისკენ. საქართველო ხომ ყდებშემოძარცვული, ნაპირებშემომწვარი ხელნაწერივითაა, „არ იკითხება, რა წერია, ვინ ამოიტაცა იგი ცეცხლიდან, ვინ დაჯდა სატირლად?…“ (14) ეს ფენიქსი-წიგნი-ქვეყანა, სისხლით ნაწერი, შემდგომ „მელნით გადაუწერიათ, კალამი უხმარიათ შუბის წვერის მაგიერ“…

 

ნაცარქექიობა ფილოსოფიაა, რომელიც მომხმარებლურ ცხოვრების წესადაა ჩვენთან ნაქცევი – „ისე სახელს ვერ იშოვი“, ამიტომ ზღაპრის ჯადოსნურობა დაუკარგავს. ღმერთს ვივიწყებთ, რადგან მას გარეთ ვეძებთ და არა ჩვენ შიგნით, საკუთარ თავში არ მოვუხმობთ. ამიტომ დავემსგავსეთ ყველა მხეცთაგან შეზავებულ მხეცს:

 

,,გიყვართ ძმის სისხლი, მტრისა გეჯავრებათ,

სხვის დროშის ქვეშ ეუბრობთ, თავისის დამცინავნი.

დიდს და უცხოს ნუ ეტანებით, ისედაც უცხომ დაგთხარათ თვალები გაჩენის დღიდან…

სული წინ ნუ გისწრებთ, ჯერ შეიცანით საგანი და მერე განიცადეთ.

ვინც მკვდარი არის სიცოცხლეში, ის მკვდარი იქნება სიცოცხლის მერეც. ცოცხალი კი ცოცხალი დარჩება”.

 

სადღაა ქართველთა ის ღირსება, სამშობლოს სამსახურით რომ იზომება? ვინ შეირგო არმად ცხენზე დაბერებული ვაჟკაცების ამაგი? „ყველა ხელხმლიანი ჭაბუკის ბედი, ყველა სანთელი, საქართველოს თავზე დამწვარი…“? სადაა ის ცრემლი, რატომ დამშრალა, კალთაში დაგროვილ შვილის ნაკუწებს რომ მირონივით დაედინებოდა? „თმაბევრებისა და თვალგაკერილების“ ნაცვლად ქვები ილაპარაკებენ!…

ქართული სულის, ზემოთ ასასვლელი „სართულის“, „სულიწმინდის კალოზე ქრისტეს ხელით განიავებული ხორბლის ალმურის“ გარეშე არაფრები ვართ, „ცარიელი ჭურჭელი… ქარში მოზუზუნე…“ და ასე პირისქარით ცხოვრობს ქვეყანა, რომელშიც „ენაგრძელი ითვლება ჭკვიანად…“ – ესაა ისევ ილიასეული „ბედნიერი ერის“ ფილოსოფია-საგოდებელი. დროისა თუ თვალსაწიერის, შეგნების „გაგანიერების“ მცდელობები.

 

რაც საუკუნეების განმავლობაში შევძელით, რწმენამ შეგვაძლებინა. ხოლო რწმენა მიწიერს უნდა, ზეცას ის არ სჭირდებაო, ბესიკ ხარანაულმა, – „არც ქრისტეს მოუტანია ღმერთობა მიწაზე, ადამიანობა მოიტანა“ (26). მიწასაც აქვს მეხსიერება, გამჭვირვალებულს ძველის სისხლით. ქართველს სიცოცხლეც უყვარს, მაგრამ არც სიკვდილთან თამაშია მისთვის უცხო („სწყინდება ყოფნის ცოხნა და არყოფნის ხილვა სწყურდება“ – 28).

 

საქართველოს რუკის დღეს თუ დავაწესებთ (ჩვენს ცნობიერებას ხომ ყველას, უკლებლივ, საქართველოს ფორმა აქვს?), ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ დროთა კავშირი მარადისობასთან წილნაყარია და წარსულმა უნდა შობოს მომავალი ჩვენს შემთხვევაში, ისტორიაც თავიდან დაიწყოს, დროის ელიფსური წრებრუნვასავით… ისტორია კი მეტი არაფერია, თუ არა წინაპრებიდან დაწყება ათვლისა:

 

„დიდება ჰქონდეს მეფე ერეკლესა, დაუთველად მებრძოლს,

ცრემლებით ჩასულს სამარეში“ (32).

 

საოცარი სიბრძნეა და განცდა ჩვენი ღირსეული ისტორიისა პოეტისგან…

 

პოემის მეორე ნაწილს ჰქვია „ძეხორციელი“ და აქ თავადაა პერსონაჟის როლში ბესიკ ხარანაული – „განდგომია მას ყოველი, თავის ლექსებიც კი, / მარტო დარდებს არ ეთმობათ თავის ბესიკი…“ (39). სამყაროს შეცნობის წინაპირობა ცნობისმოყვარეობაა, პოეტიც მის „ნავში“ ჩამჯდარა, რომელიც მძიმდება („და ვოცნებობ, ნეტა, ჩამძირაო…“). ამ ცნობისმოყვარეობას მიჰყავხარ საუკუნიდან საუკუნემდე არჩეული გზებით, ჯვრის საზიდად, მაგრამ ის ძალა და რწმენა, რომლებიც ამას სჭირდება, ხშირად იკარგება…

 

„სამყარო მუდმივი გამოსხივებაა,

გული მიუშვირე და პოეტად მოიზილები “.

 

…და პოეტობა ერთი ან ასი ლექსის წერა არააო, ის სულის მოფენაა. წყარო ამ სულიერებისა კი შეიძლება იყოს ბუნებაც, ყოფიერებაც, ოღონდ რიგიანად, სწორ პრიზმაში აღქმული. უბრალოება ყველაზე გენიალურიაო ამ აღქმისა თუ შესწავლის პროცესში:

 

„როგორ მინდა, დავწერო წიგნი – ფოთოლ-ბალახთებრი –

ამ უბრალოთებრი, ამ ბუნებრივთებრი…“ (42)

 

ღმერთთან მიმსგავსებულობაზეა საუბარი და პატარა სურვილი არ გეგონოთ ეს (ვაჟასი არ იყოს, რომლის მსგავს სიღრმეებს ეჭიდება ბესიკ ხარანაულიც, – „ვლაპარაკობდი ღმერთთანა“). უბრალოს ორმხრივი გაგება აქვს: ბრალის არმქონე და ჭეშმარიტებასავით მარტივად აღსაქმელი, თუმცა ამ სიმარტივის აღმოჩენას შეიძლება მთელი ცხოვრებაც დასჭირდეს; უბრალო საბრალონი – ეს სწორედაც ვაჟასეულია!

 

„– ეეე! საჭმელს ვინ არ დაუმარცხებია!“

 

კვნესის ადამიანი და თითქოს საკუთარი ცხედარი უსვენია წინ. ამ „ცხედარი-სხეულისგან“ გათავისუფლება ყველაზე დიდი დილემაა ამ წუთისოფელში. ეს სიცოცხლეშივე მხოლოდ წმნიდანებს შეუძლიათ (გავიხსენოთ შუშანიკი, აბო: „ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკუდარსა, ეგრე ჰხედვიდა თჳისსა მას გუამსა“). სხეულში დარჩენილებს კი სინანულზე საჭირო გრძნობა ალბათ არც გაგვაჩნია და ეს გრძნობა იმქვეყნადაც მიგვიძღვის, უჩინარი და უტყუარი მეგზურივით („ერთი დიდი მეფე გვყავდა და იმანაც სინანული დაგვიტოვა ანდერძად“ – 45).

 

ჩვენი „ლურჯი ქვეყანა“, როგორც ჩემი გარდაცვლილი მეგობარი ინგა მილორავა უწოდებს თავის ლექსში, ასე მუდამ სასურველი, ასე კარგი და ძველი, „დედა არის ჩვენი,/მანდილია წმინდა!“ (48). ჩვენ, ჩვენ რას ვუბრუნებთ მას, ჩვენს მშობელს?

 

„მომდევს ჩემი ბედოვლათობა, უძლურება, უღმერთობა, უკუღმართობა, ფეხის ხმითა, შრილითა, სისინითა, თვალების ბრიალით… რომ სოროშიც ვერ ვემალები… თუმცა ერთგულად მდარაჯობენ დედის სახლი, მრავალსაკერებლიანი და ეზოს ხეები პერანგიანები…“ (49). ეს „დედის სახლი“ ხომ საკუთარი ქვეყანაა, „პერანგიანი ხეები“ – წინაპართა ბუნებაში მატარიალიზებული იდეები. და როცა მგოსანი იტყვის არაჩვეულებრივი მეტაფორულობით: „ყვავილმა გულზე მომადო თავის“, შენ, მის მკითხველს, უკვე აღარაფრის გეშინია, ჯაბანთა, ათასნაკლულთა ნაცვლად ისევ ერს ხედავ, ხალხს!…

 

არ არსებობს წიგნი, რომელიც მაღლა დგასო ადამიანურ თავმოყვარეობასა და ღირსებაზე, გვეუბნება პოეტი. ღირსებისთვის (პიროვნული თუ ეროვნული) ბრძოლა კი სწორედ ის მოძრაობის ფილოსოფიაა, სულიერი დინამიკა, რომელიც ნებისმიერ სიცოცხლეს სჭირდება, რომ არ გაქვავდეს, როგორც ზღაპარშია, არ გაიყინოს, კიჩად არ იქცეს… „ბუნებაში, საერთოდ, რასაც არ ეშინია, ის არ მოძრაობს“, – სწორედ ამ ზემოთქმულ შიშზე არაფრად ქცევისა წერს ბესიკ ხარანაული, წერს უფრო დასაწერად, ვიდრე წასაკითხად, შესაგრძნობად და განსახორციელებლად და არა სადღეგრძელოებისთვის…

 

„ღმერთო რას ვიზამ, როცა მოვკვდები,

დიდ წყვდიადში რომ სანთელ-შიშველი შევალ,

იქ რა იქნება…

რისთვის უნდა ვემზადო, ღმერთო?“ (59).

 

მეთექვსმეტე საუკუნეში ორმოცდათხუთმეტჯერ შემოესივნენო საქართველოს. დღეს კი ისევ ვდგავართ, ვქმნით, ვთხზავთ და არავისზე ნაკლებად… მაგრამ მარტივი ყოფითობა გვეშლება, რომლის განზოგადებაც შეიძლება, გაფილოსოფიურება: „სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება“. სულშიც და გარემოშიც ბევრი ნაგავი დაგროვილა. ბესიკ ხარანაული ასეთ სიბრძნეს გვთავაზობს (სიბრძნე კი იმისია, რომ შეიძლება მინდიობით უფრო შეიცნო, ვიდრე აინშტაინობით): ხანდახან ცოცხალმაც უნდა თქვას მკვდრის სათქმელი; ყველამ სათავისოდ უნდა იცხოვროს და არა იარსებოს; და ყველამ თავის წილი გმირობა უნდა ჩაიდინოს!…

 

„ბევრი იარე, შესაძლოა, რომელიმე გზა აღიმართოს და ცაში შეგაგდოს!

არ შეიძლება შენი მიწაში ჩადება,

სამარე არ არის საიდუმლოს ადგილი“(62).

 

საქართველო, მართლაც, დიდი საიდუმლოა და ი ს ჩვენ გვაბარია. არ გვაქვს უფლება, დავჩიავდეთ, არ ვაჯობოთ საკუთარ ბნელ ბუნებას, დავკარგოთ „სამოთხის კარის“ გასაღები…

 

 

მაია იანტბელიძე

 

ციტატები წიგნიდან: ბესიკ ხარანაული „ორივ ფურცელი ცის და მიწისა“, გამომცემლობა „არეტე“, 2005 წელი

 

 

 

ბლუმი და „ტატიჩეკი“

0

1930-იანი წლები გასული საუკუნის ყველაზე ბნელ და მძიმე პერიოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ორ მსოფლიო ომს შორის მომწყვდეული ეპოქის მიწურულს მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც კი ავტორიტარიზმის სქელი, ტყვიისა და სისხლისფერი ნისლი ჩამოწვა. ბალტიის ზღვის ნაპირებიდან ბისკაის ყურამდე, თითქმის ყველგან სხვადასხვა სახის დიქტატორები გაბატონდნენ.

პატარა ქვეყნებში მეტწილად განსაკუთრებული პოლიტიკური იდეოლოგიის არმქონე ავტორიტარები გამოჩნდნენ. მაგალითად, 1934 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ლატვიაში მთელი ძალაუფლება ხელთ იგდო პრემიერ-მინისტრმა, კარლის ულმანისმა, რომელიც საკუთარ თავს „ერის ლიდერს“ უწოდებდა. ულმანისმა აკრძალა ყველა პარტიის საქმიანობაა, გააუქმა თავისი პარტიაც კი, შეზღუდა პრესის თავისუფლება, დაითხოვა პარლამენტი და განაცხადა, რომ მან პირადად უკეთ იცოდა, რა იყო საჭირო ლატვიის გადარჩენისთვის რთული დროების ჟამს. განსაკუთრებული ღირებულებითი სისტემა და რთული იდეოლოგიური პარადიგმები ულმანისს ხელ-ფეხს არ უბორკავდა.

ერთ ადამიანზე, მის ქარიზმასა და მისთვის ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე იყო ორიენტირებული პოლონური ავტორიტარიზმიც. 1920-იანი წლების მიწურულს და 30-იანი წლების დასაწყისში პოლონეთის პოლიტიკური სისტემა ერთადერთ სუბიექტს – გენერალ იუზეფ პილსუდკის ემორჩილებოდა. პილსუდსკი ერთმმართველობას „სეიმოკრატიის“ აუტანლობით ამართლებდა.  ეროვნული გმირი „სეიმოკრატიად“ მოიხსენიებდა არასტაბილურ საპარლამენტო მმართველობას, რომლის წიაღშიც ხშირად იცვლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. პარტიები გაუთავებლად დავობენ, უარს აცხადებენ კომპრომისებზე და ყველაფერს აკეთებენ შეთანხმების მიუღწევლობისა თუ მიღწეული კონსენსუსის ჩაშლისთვის. „სეიმოკრატიის“ დროს ჩვეულებრივი მოვლენაა ეროვნული არმიის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. პილსუდსკის კეთილშობილი დიქტატორი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის არ იყენებდა და როგორც პოლონელი პატრიოტი თავს არ ზოგავდა ქარიშხლიან საუკუნეში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის. როგორი ზედსართავი სახელიც არ უნდა წავუმძღვაროთ წინ ავტორიტარულ მმართველობას, ის მაინც უსამართლობასა და ერთგვარ ძალმომრეობაზე დგას.

კეთილშობილი და პატარა ქვეყნის ლოკალურ კონტექსტში მოქცეული დიქტატორების გარდა, მეორე მსოფლიო ომამდე ევროპის დაპყრობა ნამდვილმა დესპოტებმაც შეძლეს. მხოლოდ სახელების ჩამოთვლაც კი საკმარისია: ჰიტლერი, მუსოლინი, ფრანკო. ნაცისტებმა და ფაშისტებმა არა მხოლოდ დემოკრატიული წესრიგს გაუთხარეს საფლავი, არამედ კონკრეტული სოციალური ჯგუფების განადგურებას მიჰყვეს ხელი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს.

წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ასეთ ატმოსფეროში, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების გარემოცვაში დემოკრატიის მშენებლობა და მისი შენარჩუნება? ალბათ ბევრი პირველივე შეტაკებისას დაყრიდა ფარ-ხმალს და თავს სასოწარკვეთას მისცემდა. თუმცა, 1930-იანი წლების ევროპაში მაინც გამოჩნდა სულ მცირე ორი ადამიანი, რომლებიც გრიგალის დროს დემოკრატიის პატარა ყვავილის გახარებას შეეცადნენ.

1936 წლის მაისში საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებდა რესპუბლიკის თითქმის ყველა პროგრესულ ძალას. გაერთიანებამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ლეონ ბლუმის კანდიდატურა წარადგინა. მაშინ, როდესაც გერმანია ჰოლოკოსტის განხორციელების პირველ და სასტიკ ფაზას იწყებდა, ამ დროს ფრანგებმა ქვეყნის მართვა ებრაელ სოციალისტს, პოეტსა და ლიტერატურის კრიტიკოსს გადაულოცეს. ევროპის ანტისემიტურ მთავრობებს ბლუმის დაწინაურებამ შოკი მოჰგვარა. ებრაული წარმოშობის მოღვაწის პრემიერ-მინისტრად არჩევით დანარჩენი კონტინენტის განცვიფრების პროცესი არ დასრულებულა, ბლუმმა თავის კაბინეტში სამი ქალი მინისტრი დანიშნა. საფრანგეთის მესამე რესპუბლიკაში ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა კი მათ სამთავრობო პორტფელები ჩააბარა. საფრანგეთისა და ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი მინისტრი გახლდათ ირენ ჟოლიო-კიური, მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარი სლადოვსკას ქალიშვილი. ლეონ ბლუმმა ქალების მთავრობაში დანიშვნის შემდეგ ხელი მიჰყო კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური ობიექტების ნაციონალიზაციას, პროფკავშირების უფლებების გაფართოებას, 40-საათიანი სამუშაო კვირის დაკანონებას და ფრანკლინ დელანო რუზველტის „ახალი კურსის“ მსგავსი რეფორმების გატარებას. ყველაზე ხმაურიანი დეკრეტით კი საფრანგეთსა და მისი ზღვის გაღმა ტერიტორიებზე მთლიანად აკრძალა ფაშისტური ორგანიზაციების საქმიანობა.

ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის, როგორი „ნასიამოვნები“ დარჩებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მანქანის – ნაცისტური გერმანიის მთავარი არქიტექტორი მეზობელ ქვეყანაში ებრაელი პრემიერ-მინისტრის მიერ დაწყებული დიდი საქმეებით, ქალთა გათავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯებით, სოციალური სამართლიანობის დამყარების მცდელობითა და ფაშისტური ორგანიზაციების აკრძალვით. თან ეს ყველაფერი ხდებოდა არა პატარა, გავლენის არმქონე სახელმწიფოში, არამედ საფრანგეთში, მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ქვეყანაში.

სამწუხაროდ, მრავალპარტიული დემოკრატიისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების, პარტიებს შორის გაუთავებელი კონფლიქტების გამო ლეონ ბლუმის მთავრობამ დიდხანს ვერ გაძლო, თუმცა „სახალხო ფრონტის“ ხელისუფლების არცთუ ისე ხანგრძლივი არსებობა საკმარისი აღმოჩნდა ჰიტლერისა და სხვა დიქტატორებისთვის სილის გასაწნელად.

საფრანგეთი ზღვით მაინც ესაზღვრებოდა ანგლო-ამერიკულ დემოკრატიებს, ბრეტანის ნაპირებზე ატლანტის ოკეანეს მაინც მოჰქონდა დემოკრატიის ტალღები, ბლუმის პერიოდის პარიზი სრულ ალყაში არ ყოფილა. იმავეს ვერ ვიტყვით 1920-30-იანი წლების ჩეხოსლოვაკიაზე, რომელიც ყველა მხრიდან შემოჯარული იყო სხვადასხვა ტიპის დიქტატურით. ამ დროს კი ერთმა ბრძენმა ადამიანმა უდაბნოში ოაზისის მშენებლობა დაისახა მიზნად.

1918-1935 წლებში ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკას მეთაურობდა ტომაშ გარიგ მასარიკი. მან ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს განჭვრიტა, რომ გრანდიოზული სამხედრო-შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ მის სამშობლოსაც მიეცემოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის შანსი. ამიტომ დროს არ კარგავდა და მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში მოგზაურობდა, რათა ტყვედ ჩავარდნილი ჩეხებისა და სლოვაკებისგან მომავალი რესპუბლიკის არმიისთვის ჩაეყარა საფუძველი.

რესპუბლიკის დაარსების შემდეგ უზომო ავტორიტეტისა და გავლენის მქონე მასარიკმა უარი თქვა ერთპიროვნული რეჟიმის მშენებლობაზე. კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ პრაღა რეგიონის ერთადერთი საპარლამენტო სისტემის დედაქალაქი გამხდარიყო. პლატონისეული მეფე-ფილოსოფოსის განსახიერებამ – მასარიკმა ამოცანის გადაწყვეტა შეძლო. 1918-1940 წლებში, ურთულესი ქარტეხილებით სავსე პერიოდში ჩეხოსლოვაკიას ყოველთვის მრავალპარტიული მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი ხელმძღვანელობდა. სოციალ-დემოკრატები, ფერმერთა კავშირები, კათოლიკეები და ზომიერი ნაციონალისტები ყოველთვის ახერხებდნენ უმრავლესობის მოპოვებას საკანონმდებლო ორგანოში. რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, მაინც ქმნიდნენ კოალიციურ მინისტრთა კაბინეტს და კომუნისტური თუ ნაცისტური რევანშისგან იცავდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკას. მყარი საპრეზიდენტო ინსტიტუტისა და კომპრომისისთვის მუდმივად მზადმყოფი დემოკრატიული ძალების წყალობით ჩეხოსლოვაკია რეგიონში ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ცენტრად და უამრავი დევნილის თავშესაფრად ჩამოყალიბდა. მადლიერმა ხალხმა დემოკრატ ლიდერსა და ფილოსოფოსს „ტატიჩეკი“ (მამა) შეარქვა.

ერთხელ სერ ბერნარდ შოუსთვის უკითხავთ – „ვინ შეიძლება იყოს ერთიანი ევროპის ლიდერი?“ მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, მასარიკი!“. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე წელი გახდა საჭირო იმისათვის, რომ მიუნხენის სამარცხვინო კონფერენციის დასრულების შემდეგ შოუს თანამემამულეს, პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს მასარიკის შექმნილ რესპუბლიკაზე ეთქვა: „როგორი საშინელება, უცნაურობა და ფანტასტიკაა, რომ ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს სანგრების გათხრა და მოწამვლის საწინააღმდეგო ნიღბების მორგება საკმაოდ შორეული ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ხალხისთვის, რომელთა თაობაზეც არაფერი ვიცით“.

სამწუხაროდ, 30-იან წლებში ვერცერთმა დემოკრატიამ ვერ შეძლო თავის დაცვა. იმედია, იგივე არ განმეორდება ჩვენს საუკუნეშიც.

0

სათაურიც ვერ მივაწერეთ.  ძალიან გაგვიჭირდა თითოეული სიტყვის პოვნა და დაწერა.

ვიზიარებთ ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს ტრაგედიას.
თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, სკოლას, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, უნივერსიტეტს თუ თანაკურსელებს, ნაცნობებს თუ უცნობებს,  მთელ ქვეყანას. 

ბავშვის გადატვირთვა – სიმპტომები და თავიდან აცილების გზები

0
The Redhead teen girl with lot of books sitting at table on orange studio background. The education and back to school concept

რომელ მშობელს არ სურს, რომ მისი შვილი წარმატებულ, განათლებულ, სასახელო პიროვნებად აღიზარდოს, რომლითაც ის ყოველთვის იამაყებს და თავს მოიწონებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბევრ მშობელს ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე აქვს შედგენილი მისი განათლების „პროგრამა“ და განვითარების „გეგმა“ ცხოვრების ყველა ეტაპზე. ასეთი მშობელი ბავშვის სკოლაში შეყვანის პირველივე დღიდან აქტიურად იწყებს შვილთან დაკავშირებული პროგრამისა და გეგმის ამუშავებას – რა თქმა უნდა, ბავშვი სკოლაში წარმატებულ, საუკეთესო მოსწავლედ უნდა ითვლებოდეს და ბევრი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სწორედ მისმა შვილმა მოიპოვოს ეს „ტიტული“. თუმცა, სკოლაში კარგად სწავლა და სანიმუშო ქცევა აღნიშნული კატეგორიის მშობლებისთვის სრულიადაც არ არის საკმარისი. როგორ შეიძლება ბავშვი არ ცეკვავდეს, არ მღეროდეს, ერთ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე მაინც არ უკრავდეს, არ ხატავდეს, უცხო ენას იმაზე უკეთ არ ფლობდეს, ვიდრე მისი ნებისმიერი თანატოლი, არ იყოს სპორტის რომელიმე სახეობით დაკავებული. და იწყება ბავშვის სხვადასხვა სახის წრეობრივ მუშაობაში ჩართვა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი სასკოლო სწავლების დაწყებიდან პირველივე დღეებში ხდება, იმ დროს, როდესაც ბავშვის წინაშე სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა დგას – მოსწავლის როლის მიღება და სკოლასთან ადაპტაცია, რომელიც რიგ შემთხვევებში არცთუ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მშობელი აღმოაჩენს, რომ მის შვილს რომელიმე საგანში რაღაც „პრობლემა“ აქვს, იწყება რეპეტიტორის მოძიება, რომ ბავშვს აღნიშნულ საგანში დამატებითი მეცადინეობები ჩაუტარდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად ბავშვი შეიძლება ისე გადაიღალოს და გამოიფიტოს, რომ პროტესტი გამოუცხადოს მშობლებს, ბევრ წრეობრივ მუშაობას თავი მიანებოს და სკოლაშიც მოუკლოს სწავლას. უფროსები ამ ყველაფერს მოზარდის სიზარმაცით ხსნიან და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ამის მიზეზი შეიძლება წლების განმავლობაში ბავშვის უზომო გადატვირთვა გამხდარიყო.

 

ბავშვში გადაღლისა და გამოფიტვის ამოცნობა შეიძლება მარტივი არც იყოს, განსაკუთრებით როცა საქმე დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ეხება. კარგი იქნება თუ გვეცოდინება ის ნიშნები, რომლებიც ბავშვის გადატვირთვაზე მიუთითებს.

გადატვირთვის ძირითადი ნიშნები:

  • თუ ბავშვი მოშვებული, მოდუნებულია, ზედმეტად ძილისკენ არის მიდრეკილი, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და არ არის დაინტერესებული გააკეთოს ის, რაც ჩვეულებრივ მოსწონს, წყვეტს თამაშს, ეს მიუთითებს პრობლემის არსებობაზე და რაღაცის შეცვლის აუცილებლობაზე. ზოგადად ბავშვის ქცევაში, მის ჩვევებში ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება, საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა საგანგაშო სიმპტომია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. გადატვირთვა ართმევს ბავშვს ემოციურ და ფიზიკურ ძალას სასიამოვნო საქმეებისთვისაც კი;
  • ხშირი ავადმყოფობა, გაციება, თავის ტკივილი შეიძლება კიდევ ერთი მაჩვენებელი იყოს იმისა, რომ ბავშვი გადატვირთულია. ორგანიზმის მომატებული დატვირთვის გამო იმუნური სისტემა სუსტდება, რის შედეგადაც მისი მუშაობის ეფექტიანობა ქვეითდება და მის მიღმა რჩება გარე საფრთხეები, რომლებიც ადრე საიმედოდ იყო შეკავებული. თუმცა, ხშირი ავადმყოფობა შეიძლება ქვეცნობიერი რეაქციაც იყოს მშობლების მხრიდან უზომო ზეწოლაზე. მცირეოდენი ამოსუნთქვისა და დასვენების სურვილით ბავშვის ორგანიზმი პოულობს სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს – ავადმყოფობას. პატარას არ შეუძლია ღიად თქვას „არა“ და აკეთებს ამას ავადმყოფობის დახმარებით: ის იწყებს ავადმყოფობას და მას ბოლოს და ბოლოს თავს ანებებენ, მისგან მეცადინეობას აღარ ითხოვენ;
  • ძილის დარღვევა გადატვირთვის საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. უძილობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, კოშმარები, გაღვიძებისთანავე დაღლილობის შეგრძნება – ეს ყველაფერი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბავშვი ძალიან გადატვირთულია და ვერ უმკლავდება მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. ამასთან, ძილის ასეთი დარღვევა მნიqeშვნელოვნად ამძიმებს ბავშვის ისედაც რთულ მდგომარეობას: ღამით დასვენების შესაძლებლობის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე და იწვევს კიდევ უფრო მეტ დაღლილობას, რაც პრობლემას მეტად ართულებს;
  • გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა ასევე შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის გადაღლაზე. თუ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ არ არის მიდრეკილი ჭირვეულობისკენ, აგრესიისკენ, გუნება-განწყობის ცვლილებისკენ, მოულოდნელად ასეთი ხდება. ეს სერიოზული მიზეზია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ და ყურადღება მივაქციოთ მას. შესაძლოა, ზემოაღნიშნული ქცევა დაკავშირებული იყოს სასწავლო პრობლემებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან კონფლიქტებთან, ან გადაღლასთან, რაც ყველაფერთან ერთად უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე;
  • მოტივაციის დაქვეითება ასევე შეიძლება ბავშვის გადაღლაზე მიუთითებდეს. ინტერესის მკვეთრი შესუსტება ნებისმიერი სახის საქმიანობის მიმართ, იქნება ეს სწავლა, ჰობი, სპორტი, თუ ურთიერთობა მეგობრებთან, ახლობლებთან, გადატვირთულობის ერთ-ერთ სერიოზულ სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა ხდება – შესაძლოა ჩვენ გადავტვირთეთ ბავშვი მისთვის უინტერესო საქმიანობით ან ზედმეტად ბევრი დავალების შესრულება უწევს.

 

 რეკომენდაციები – როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გადავტვირთოთ ბავშვი:

 

  • თუ ბავშვს შევამჩნევთ გადატვირთვის ერთ ან მეტ სიმპტომს, შევეცადოთ, შევამციროთ იმ აქტივობების რაოდენობა, რომლის განხორციელებაც მას უწევს. გადავხედოთ ბავშვის დღის განრიგს და შევამციროთ დატვირთვა, დავტოვოთ მხოლოდ ის მეცადინეობები, რომლებიც პრიორიტეტულია. პრიორიტეტული სფეროების არჩევისას სასურველია ბავშვთან კონსულტაცია – მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ მისი აზრი და ორიენტირებული ვიყოთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ბავშვის სურვილებზეც. ყველაფერი, რაც საინტერესო და მომხიბვლელია ბავშვისთვის ნაკლებად ღლის მას და უადვილებს დიდ დატვირთვასთან გამკლავებას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის დატვირთვა მისი ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. მოვერიდოთ დამატებით წრეობრივ სამუშაოებში მის ჩართვას სკოლაში შეყვანის პირველივე დღეებიდან;
  • დღის განრიგის შედგენისას გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები და არ შევადაროთ ის სხვა ბავშვებს. ის, რაც ერთისთვის ძალიან ადვილია, მეორისთვის შეიძლება გადატვირთვის მიზეზი გახდეს. ზოგისთვის მხოლოდ სასკოლო გაკვეთილების მომზადებაც კი დამღლელია, ზოგი კი ხალისით ახერხებს რამდენიმე დამატებით წრეზე სიარულს.;
  • ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ბავშვის ემოციური მდგომარეობა და ქცევითი თავისებურებები – თუ ის კმაყოფილია, ხალისიანია და სიხარულით, სიამოვნებით მეცადინეობს, წრეებზეც ხალისით დადის და ამის გამო არ ჩამორჩება სკოლაში, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ თვალ-ყური ვადევნოთ ბავშვს, ვესაუბროთ და თავადაც ბევრს მივხვდებით;
  • ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბავშვს ყველა დამატებითი მეცადინეობა და წრეობრივი სამუშაო ერთ დღეს არ ჰქონდეს. შევეცადოთ, ზოგიერთი დღე გამოვუთავისუფლოთ დამატებითი მეცადინეობებისაგან, რათა მას დარჩეს დრო დასვენებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისათვის და აუცილებლად მინიმუმ ერთი დღე გამოსასვლელი და სრულიად თავისუფალი უნდა ჰქონდეს, როგორც სკოლისგან, ასევე წრეებისგან, იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ძალების სრულფასოვნად აღდგენა;
  • მოვერიდოთ დამატებითი მეცადინეობების საღამოს საათებში ჩასმას. ამ დროისათვის ბავშვი უკვე დაღლილია, სწავლა ან თუნდაც სპორტული ვარჯიში კი ყველა დარჩენილი ძალების დახარჯვას მოითხოვს. ამასთან, თუ საღამოს იმეცადინებს, ის ვერ მოასწრებს დასვენებას ძილის წინ. დასაძინებლად წასულსაც კი აედევნება ფიქრები სწავლაზე, მეცადინეობაზე, რამაც შეიძლება ის სტრესულ მდგომარეობამდე მიიყვანოს. საჭიროა დაძინებამდე ბავშვს მინიმუმ ოთხი საათი ჰქონდეს თავისუფალი დასვენებისა და იმ ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც სწავლასთან არ იქნება დაკავშირებული.

 

დაბოლოს, მოვერიდოთ ბავშვის ისეთ დატვირთვას, რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აღემატება. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდის წარმატებას არა მეცადინეობების სიჭარბე, არამედ პირველ რიგში მისი ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს.

 

 

სკოლის როლი ნარჩენების მართვაში

0

ჩვენი პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირასაა. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი ეკოსისტემის დაბინძურების დონეც. ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, რომელთა დაშლასაც ბუნება ვერ ახერხებს, გადაუჭრელ პრობლემად რჩება და მრავალ ქვეყანაში „ნარჩენების კრიზისს“ იწვევს. ნაგვის მოცულობასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმატებს ნაგავსაყრელთა რაოდენობა და მოცულობაც. ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენები მუდმივად აბინძურებს ნიადაგს, წყალსა და ჰაერს და ზემოქმედებს ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლისუნარიანობაზე. პლასტმასისა და პოლიეთილენის მოხმარება რომ საგანგაშო ნიშნულებს აღწევს, ყველასთვის ცნობილია. პლასტმასა მასალაა, რომელიც ასეულობით წელს ძლებს. მაგალითად, პლასტმასის ბოთლის დაშლას 450 წელი სჭირდება, პოლიეთილენის პარკის დაშლას – 200-დან 1000-მდე, ბავშვის ერთჯერადი საფენის დაშლისთვის 500 წელია საჭირო.

პრობლემის სიმძაფრემ ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეცვალა ხედვა ნარჩენების მართვის შესახებ და ნაგავსაყრელზე მათი განთავსება ყველაზე ნაკლებეფექტიანად იქნა მიჩნეული. ნარჩენების შემცირება, მათი გადამუშავება და რესურსად გამოყენება, ბუნებრივი რესურსების შემცირების ფონზე, მრავალი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხად იქცა. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება, რაც ფრიად სასიხარულოა.

დღეს ნარჩენების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს საფუძვლად უდევს 3R-ის ინიციატივა (REDUCE – შემცირება; RECYCLE – გადამუშავება; REUSE – ხელახალი გამოყენება) 3R-ის ინიციატივას ეყრდნობა ნარჩენების მართვის იერარქის მოდელიც, რომელსაც ამობრუნებული პირამიდის ფორმა აქვს. თავში მოქცეულია ყველაზე სასურველი ქცევა – ნარჩენების შემცირება, ხოლო ბოლო საფეხური უკავია ყველაზე ნაკლებად სასურველ ქმედებას – ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსებას.

 

შესაბამისად, თუ ადამიანი არსებული ნარჩენების გადამუშავებით მიიღებს რესურსს ახალი წარმოებისთვის და არ შექმნის ან შეიძენს იმპორტირებულ პლასტმასას, გადაამუშავებს მაკულატურას, ჩააბრუნებს მას აქტიურ ხმარებაში და არ მოჭრის ხეს ქაღალდის დამზადების მიზნით, განახორციელებს ზემოხსენებული მოდელის სამ ყველაზე სასურველ ქმედებას.

ვფიქრობ, აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ვალია. ყველამ იქ, სადაც ხელგვეწიფება, უნდა მოვახდინოთ დადებითი ძვრები ამ კუთხით და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ნარჩენების შემცირებისა და მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ყველაფერი ცოდნით იწყება. რაც უფრო მეტად გვექნება გაცნობიერებული გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, მით უფრო მეტად შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის.

ეკოლოგიური წიგნიერება ესგ-ის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. სკოლა ვალდებულია, სასკოლო საზოგადოებაში აღნიშნული კომპეტენციის განვითარებაზე იზრუნოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოზარდმა გააცნობიეროს, რა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო, იგრძნოს თავი მსოფლიოს მოქალაქედ, მიხვდეს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის გაუაზრებელმა ქმედებამ და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში, სკვერებსა თუ სასკოლო სივრცეში დაყრილ ნაგავს. ამ ნაგავს ჩვენ ვყრით: მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები თუ ბებია-ბაბუები. ამიტომ აუცილებელია, სკოლაში გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, დაიგეგმოს აქტივობები და პროექტები აღნიშნული კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით.

რა თქმა უნდა, სკოლაში მოსწავლეები შეისწავლიან ეკოსისტემის დაბინძურების საკითხებს და იმაღლებენ ცოდნას იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას კაცობრიობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რაც უნდა საინტერესო, აქტიური და მრავლის მომცემი იყოს გაკვეთილი, ის სასკოლო საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილზე გადის. საჭიროა, სკოლაში ხორციელდებოდეს პროექტები და ამ პროექტებს ჰქონდეს მუდმივი, უწყვეტი სახე. ერთჯერადი 1-2 თვეზე გაწერილი პროექტი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ აჯობებს, ნარჩენების მართვა და ჩვენს საარსებო გარემოზე ზრუნვა სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობად ვაქციოთ, რათა მოსწავლეს საჭირო ჩვევები და უნარები გამოუმუშავდეს.

სასკოლო საზოგადოება ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ყოველდღიურობაში გადაზრდილი სასწავლო-სოციალური პროექტი, რომელიც შეეხება სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს, აუცილებლად მოგვცემს თვალსაჩინო შედეგებს .

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს საქართველოში 2 302 საჯარო სკოლაა. მათში 569 644 მოსწავლე სწავლობს. ასევე, როგორც ვიცით, არსებობენ კომპანიები რომლებიც გადაამუშავებენ მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენს, (პლასტმასის ბოთლი, პლასტმასის თავსახური, წყლის დისპენსერის ჭიჯა, პოლიეთილენის პარკი, ალუმინის ქილა, თუნუქის ქილა, კბილის ჯაგრისები, დაზიანებული სადენები, ელემენტები და სხვ.), იყენებენ როგორც რესურსს და აწარმოებენ ახალ ნივთებს, ანუ ისევ გამოყენებაში აბრუნებენ. იმავე პრინციპით ხდება მაკულატურის გადამუშავება და გადამუშავებული ქაღალდის გამოყენებაში დაბრუნება. სკოლაში რომ დაინერგოს ეტაპობრივად გაწერილი პროექტი, რომელიც შეეხება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს, მიზნად დაისახავს ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებთან სკოლის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება ძლიერი ჯაჭვი, რომელიც მრავალმხრივ სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას:

* დაიზოგება უმნიშვნელოვანესი რესურსი (ხე-ტყე);

* შემცირდება ნარჩენების მოცულობა და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურების ხარისხი;

* გადამამუშავებელი კომპანიის მხრივ დაიზოგება რესურსების მოპოვება-შეძენაზე გასაწევი ხარჯები, ფინანსები, რომლებიც უნდა გასულიყო სხვა ქვეყნებში (იმპორტირებული მასალის შეძენის შემთხვევაში), დარჩება საქართველოში.

პირველ ეტაპზე აუცილებელია, ყველა საჯარო სკოლამ სკოლის მისიასა და სკოლის მიზანში ყურადღება გაამახვილოს გარემოსდაცვით საკითხებზე და ყველა სასწავლო დისციპლინის კურიკულუმში მასწავლებელმა ადგილი დაუთმოს ნარჩენების მართვის საკითხს. ვფიქრობ, 2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სახელმძღვანელო -„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ – თავისი უხვი რესურსებით შესანიშნავი საყრდენი იქნება მასწავლებლებისთვის. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ცხრილში (გვ. 6) მოცემული ყველა საკითხის მაქსიმალურად გადმოტანა სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ პროექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში დასანერგად საჭირო ცოდნა და უნარები:

წიგნს ახლავს გაკვეთილის გეგმები, აქტივობები და რესურსები როიმლებიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.

აუცილებელია, მოსწავლეებმა მოახდინონ გარემოსდაცვის კუთხით მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში, სკოლამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ნარჩენების მართვის კუთხით და აქტიურად ჩართოს ამაში მთელი სასკოლო საზოგადოება. სკოლამ უნდა შეძლოს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მათთვის სათანადო ცოდნის მიცემა და პროექტში ჩართვა. საკლასო ოთახშივე უნდა დაიდგას სამი სათავსო ნარჩენებისთვის (მინის ნამსხვრევები სასკოლო სივრცისთვის არადამახასიათებელია), რათა ბავშვებმა საკლასო ოთახშივე შეძლონ ნარჩენების დახარისხება: ქაღალდი – ცალკე, პლასტმასა – ცალკე, საკვების ნარჩენები – ცალკე. დახარისხებული ნარჩენები ყოველი დღის ბოლოს ისევ ცალ-ცალკე მოთავსდება მწვანე ყუთებში, რათა შესაბამისმა კომპანიამ შეძლოს მისი გადაზიდვა თავის საწარმოში. ამ პროცესის მთავარი მოქმედი პირი უნდა იყოს მოსწავლე, ის უნდა ახდენდეს ნარჩენების დახარისხებას და დასაწყობებას. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე პროექტი ამოქმედდება მხოლოდ რამდენიმე სკოლაში – სავარაუდოა, რომ გადამამუშავებელი კომპანიები ვერ შეძლებენ ერთად ამდენი ნარჩენის ტრანსპორტირებას და გადამუშავებას, ამიტომ ამ ტენდენციამ ნელ-ნელა უნდა მოიკიდოს ფეხი, გადამამუშავებელ საწარმოთა გადამუშავების უნარის ზრდის პარალელურად.

როგორც ვიცი, თბილისის რამდენიმე სკოლაში მსგავსი პროექტი დაწყებულია. აუცილებელია, სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკა და გამოცდილება, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ.

131-ე საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ჯგუფმა განვახორციელეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის კუთხით. მოვიწვიეთ მაკულატურის გადამამუშავებელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა ვორქშოპი და ბავშვებს გადამუშავებული ქაღალდი აჩვენა. მოსწავლეებს გავაცანით პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანია და პლასტმასის გადამუშავების ეტაპები, მივაწოდეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვის შესახებ. დამზადდა ფლაერები, ბუკლეტები, პრეზენტაციები. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით შეგროვდა და დახარისხდა ნარჩენები, რომლებიც გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეგზავნა.

ახალი სასწავლო წლიდან ვგეგმავ, რამდენიმე სკოლას შევთავაზო მწვანე ყუთის დადგმა და ნარჩენების მართვის კუთხით საერთო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც სასწავლო პროცესში იქნება ჩაშენებული. ამისთვის საჭიროა:

  1. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ყოველდღიურად ზრუნვა;
  2. საკლასო ოთახშივე ნარჩენების კლასიფიკაციისთვის განკუთვნილი სათავსების დადგმა იმის მიხედვით, რომელი კომპანიის მწვანე ყუთს დაიდგამს სკოლა;
  3. მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ნარჩენების დახარისხებასა და დასაწყობებაში (მაგ., მორიგეობა).

თუ გვინდა, დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ, პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ საკუთარი და ირგვლივ მყოფთა ქცევა. საიდან შეიძლება დავიწყოთ ეს, თუ არა სკოლიდან?! პირველივე კლასში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ნარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილება. ყოველივე ეს მოგვცემს მომავალ თაობას, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც იზრუნებს დედამიწაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მაია ბლიაძე. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება. თბილისი, 2020 

 

სიყვარულის ექოები – მაკა ჯოხაძის “ჩაძირული დღესასწაული”

0

როგორ შეიძლება ჩანაწერთა ვიწრო ჩარჩოებში სამყაროს ფერადოვანი უსაზღვროება მოიხელთო? როგორ შეიძლება აგრძნობინო მკითხველს დრო-სივრცეში არსებობის აუტანელი ტკივილი და თან ამ ტანჯვის განუმეორებელი მშვენიერება? როგორ შეიძლება იცხოვრო სიცარიელის წყვდიადში და არ დაკარგო იმედი გადარჩენისა, რწმენა-სიყვარულისა? როგორ შეიძლება სიტყვებად აქციო მზის პირდაპირ ცქერისას თვალებში გაჩენილი კაშკაშა სილურჯე? როგორ?

მაკა ჯოხაძის ჩანაწერების წიგნში, მეტაფორული სათაურით, „ჩაძირული დღესასწაული“, ამ კითხვებზე პასუხები ძვირფასი თვლებივითაა მიმობნეული, მაგრამ იბადება ახალი პასუხგაუცემელი კითხვა: როგორ შეიძლება მკითხველმა გამოხატო ის უცნაურად ჟრუანტელის მომგვრელი განცდა, ამ ჩანაწერთა კითხვისას რომ ჩნდება. „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობის გამოთქმა“ – იტყვის ბარათაშვილი, მცველი ქართული სიტყვის საუნჯისა. სწორედ სიყვარულია ფიქრის ის მთავარი ნაკადი, რომელიც ამ ჩანაწერთა დრო-სივრცის სულის ჩამდგმელია, სიტყვისთვის ძალ-ღონის მიმცემია, მოყვასისა თუ მტრისთვის სითბოსა და სიხარულის უშურველად გამცემია. მაკა ჯოხაძეც სიტყვის მცველია. ეს ჩანაწერები მისი სულის გამომხატველი შემოქმედების ერთი საგულისხმო ნაკადია, ჰუმანისტური იდეალების, უნივერსალური ადამიანური ღირებულებების წარმოჩენით. ეს გამორჩეული ჩანაწერები ნაწილია თანამედროვე ქართული მწერლობისა. აქ თითქოს თავიდან იბადებიან ნაცნობი, გაცვეთილი, დამჭკნარი სიტყვები, დაცარიელებული გულის უდაბნოში მნიშვნელობადაკარგულნი. მის ხელში სიტყვები „ნედლდებიან“ როგორც რობაქიძე იტყოდა და მკითხველიც სამოთხისეული უშუალობით შეიგრძნობს იდუმალსა და მიუწვდომელს. ყოველი ჩანაწერი პოეტური პროზაა, ძალიან ხშირად – თავისუფალი ლექსია, მეტაფორული, დახვეწილი სტილით, სიტყვათა ენერგიით, არტისტულობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოთქმის არისტოკრატიულობით. მწერალი ცხოვრების ჭრელი მოზაიკის ცალკეული ნატეხის ფაქიზ და შეუმჩნეველ ხაზებს ისეთი სიყვარულით გვაცნობს, კითხვისას გეუფლება განცდა სრულიად უცხო და მშვენიერი შეგრძნებების აღმოჩენისა, აღტაცებისა.

ყოვლისმომცველია ამ ჩანაწერების სულიერი დრო-სივრცე, რომელიც საოცარი სისავსით ირეკლავს მაკა ჯოხაძის, როგორც გამორჩეული თანამედროვე მწერლის, პიროვნულ ტკივილს, ერის ჭირ-ვარამსა და კაცობრიულ სატკივარს. ფიქრის ნაკადები ისე ნატიფადაა გადაწნული ერთმანეთთან, რომ ბუნებრივად გადაედინება პიროვნული განცდა ზეპიროვნულში. მაკა ჯოხაძე მთელი თავისი არსებით, ფიქრებით, შემოქმედებით განსახიერებაა მარადქალურობისა, რომელიც გულისხმობს დაუღალავ მზრუნველობას ადამიანური სულისას, რომ არ ჩაქრეს სამყაროში სიცოცხლის კოცონი, ღვთის მიერ დანთებული და ადამიანებს მინდობილი. ის გვაგონებს უძველესი დროის განდობილს, სიცოცხლის ტაძრის მცველ ქურუმ ქალს, რომელიც ფლობს უზენაეს საიდუმლოს – როგორ აქციო ქვა ოქროდ, როგორ გაალღო გაქვავებული გული, როგორ ახარო სიყვარულისა და სიკეთის ყვავილები. ეს საიდუმლო მის ჩანაწერებში უშურველადაა გამხელილი და მის მისაგნებად თუ ამოსაცნობად ერთადერთი რამაა საჭირო, როგორც თვითონვე იტყოდა, „მოაზროვნე გული“. ამ ჩანაწერთა ფიქრთა მდინარის ერთი ძლიერი ტალღა სამშობლოა. ერთგან იგი აღნიშნავს, რომ დღეს ამ პროცესებისა და ტრაგედიების შემხედველს, გაუძლიერდა აზრი: „საქართველო უთარგმნელი ლექსია“. იშვიათია ქართულ პოეზიაში ამგვარი განცდა სამშობლოსი. ამგვარივე შთამბეჭდაობით გამოირჩევა სიტყვიერ ქსოვილში მოხელთებული განცდა: „სამშობლოში შეიძლება გენატრებოდეს სამშობლო“. პოეტური, ფერადოვანი, მუსიკალური და ფერწერულია მის მიერ აღქმული სამყარო. მისთვის ლექსი „ოცნებაა თავისუფლებაზე“, რომელიც, მისივე განმარტებით, „სიყვარულს ნიშნავს და იმგვარ პატივისცემას მოყვასისას, როცა ადამიანს შეუძლია იყოს ის, რაც არის და არა ის, რადაც ჩვენ გვსურს რომ ვიხილოთ იგი“. მისი დაკვირვებით, „ჭეშმარიტება და სამშობლო იმ სხივთა განუყოფლობაა, რომელთა გადაკვეთაც ჯვარს ქმნის. მათი ცალკე წარმოდგენა ისევე აბსურდულია, როგორც დაცილება ჯვრის შემადგენელი, ცისა და მიწისაკენ, ღვთისა და მოყვასისაკენ მიმართული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებისა. „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის…“ – მისთვის, ილიას „ამ ლექსის სემანტიკური მნიშვნელობაც გრაფიკულად სწორედ ჯვრის ფორმით შეიძლება გამოისახოს“.

წიგნის ბოლო ჩანაწერი „ჩაძირული დღესასწაული“ წამებული სამშობლოს თავზე დანახული შარავანდედიანი ეკლის გვირგვინივითაა, რომელიც მკითხველს ღვთის ყველაზე დიდი საჩუქრის, თავისუფლების, ეროვნული სულისკვეთების მოფრთხილებას შთააგონებს: „თბილისი ჩამოგდებული ხოხობივით ჩაეშვა ცოდვის მდუღარე ჭაობში. იმ წლების საქართველოს ჩაძირული დღესასწაულივით შეინახავს დღესდღეობით ყველაზე დიდი „კონტრაბანდა – ხსოვნა“. ამ ჩანაწერებში მდიდარი მასალაა საბჭოთა ეპოქის ხელოვანთა ბედის კვლევისთვის. მაგალითად, როგორ არ უბეჭდავდნენ პირველ წიგნს, მოთხრობების კრებულს „გურამ-გურამ“, მხოლოდ იმის გამო, რომ მის ერთ მეორეხარისხოვან უარყოფით პერსონაჟს რუსული სახელი-დუსია – ერქვა. როგორ აქცევდა საბჭოთა რეჟიმი რომელიმე ლიტერატორს ცენზორად. ამ ჩანაწერებში არის მახვილგონივრული და ხატოვანი ახსნა, როგორ გარდაქმნიდა ნამდვილი ხელოვანი რეალობას მეტაფორად, რათა სიმართლე ეთქვა: „რაც უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი იყო ცენზორი, მით უფრო ლავირებული და შენიღბული ხდებოდა მეტაფორაც“. ჩანაწერებში – „პერესტროიკის“ ფრაგმენტები – არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი დროის მაჯისცემა, ხელოვანის გულსა, სულსა და გონებაში აღბეჭდილი. უახლესი ისტორია.

მაკა ჯოხაძე შეუცდომლად იგზნებს ნამდვილ ლიტერატურას. ამ ჩანაწერებში, როგორც, საზოგადოდ, მის ლიტერატურულ წერილებში, იგი წარმოგვიდგება ოსკარ უაილდისეულ კრიტიკოს ხელოვანად. აქ იხატება მისი თვალსაზრისი ნამდვილ ხელოვანსა და ხელოვნებაზე, რომელიც „ყოველთვის იყო და რჩება ღვთის მაძიებლად“. შესანიშნავადაა წარმოჩენილი არსი თანამედროვე ხელოვნებისა, რომელმაც „მოიხსნა სრული მორალური პასუხისმგებლობა ადამიანის ბედისა და სამყაროს წინაშე. აღვირახსნილობის ენერგიით რეტდასხმული შეუდგა ნგრევას, რღვევას, გაპარტახებას“. იგი წუხს, რომ „კოსმოსი ყველას აინტერესებს, ადამიანი – აღარავის. აი, სნობიზმის პიკი. ესეც XXI საუკუნის კიდევ ერთი ესთეტიკური აბსურდი“. მაკა ჯოხაძის ჩანაწერები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მწერალი საუკეთესო შემფასებელია სიტყვისა. მას შეუძლია ორიოდე შტრიხით შექმნას სულიერ-ხორციელი პორტრეტი ადამიანისა. მაგალითად, დაუვიწყარი სახეებია დახატული ჩვენთვის ცნობილ მწერალთა, ხელოვანთა, სასულიერო პირთა: რეზო ინანიშვილისა, ოთარ ჩხეიძისა, როსტომ ჩხეიძისა, ოთარ ჭილაძისა, დავით წერედიანისა, რობერტ სტურუასი, მღვდელმონაზონ ანდრიასი, პატრიარქისა, ბორენა ჯაჭვლიანისა, არჩილ და გიგი სულაკაურებისა, ესმა ონიანისა, ზვიად გამსახურდიასი, ირაკლი ჩარკვიანისა, მამა არჩილისა (მინდიაშვილისა), მერაბ ელიოზიშვილისა და სხვა ცნობილ თუ უცნობ კეთილშობილ ადამიანთა, რომელთაც კვალი დაუტოვებიათ მის სულზე.

ანა კალანდაძე განსაკუთრებული სიყვარულით წარმოჩნდება პორტრეტთა ამ მრავალფეროვან გალერეაში. მასთან მეგობრობა ამხელს მაკა ჯოხაძის საოცარ სიფაქიზეს. ანა კალანდაძე ამ ჩანაწერების მიხედვით სრულიად სხვაგვარი უშუალობით წარმოგვიდგება და უფრო გასაგები ხდება მისი პოეზიის ღვთაებრიობა.

ყურადღებას იქცევს მისი ჩანაწერები გურამ რჩეულიშვილზე: „როგორ შეიძლება მისი ნაწერები არ მიაწოდო დღევანდელ ახალგაზრდობას, როგორც ჟანგბადი“. ორიგინალური და ღრმააზროვანია მზია და ბათარეკა ჭინჭარაულების ხასიათების ახსნა: „ნაკადულები აუმღვრევლად მხოლოდ სიმღერებში კვდებიან. „მზია, ბათარეკას ასული“ სიმღერაა. სიმღერას ვერ დაიჭერ, ვერ გასრეს, ვერ მოიხელთებ, როგორც ჰაერს, როგორც ძახილიდან წამოფრენილ ექოს თარეშს მთებში“. ეს ჩანაწერები ხშირად ლიტერატურული ესეებია. საგულისხმოა ფიქრი გრიგოლ რობაქიძეზე. მწერალი ერთ ისეთ სიტყვას მიაგნებს მის შემოქმედებაში, რომელიც მასაც და ჩვენც საუკეთესოდ დაგვანახვებს მთავარს: „ყველაზე დიდი ინტენსიურობით სიტყვა „უბიწოება“ გამოანათებს. თავისი დიდი წინაპარივით მან ყველაზე ღრმად იცოდა ამ უბიწობის ფასი, მაგრამ ფიროსმანისგან განსხვავებით, რომელიც „მეთევზის“ ბავშვური უშუალობით ფეხშიშველა იდგა უბიწობაში, გრიგოლ რობაქიძეს გაცნობიერებულად, ინტელექტუალურად ჰქონდა ეს მიზანი დასახული – რადაც არ უნდა დაუჯდეს, წინ – ფესვებისაკენ, საკუთარი მიწისაკენ, საკუთარი წიაღისაკენ, საკუთარი მამისაკენ უძღები შვილივით მიაბრუნოს ადამიანი“.

ნიკოლოზ გაბაონის „აივნიანი ქალაქზე“ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ამ რომანში „დუღს და გადმოდუღს“ არა მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის, სრულიად საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დამუხტული, სისხლსავსე ცხოვრება. უფრო მეტიც, ევროპული ქალაქების სალონებით, ევროპელ ინტელექტუალთა თუ ქართველ ემიგრანტთა მიზნებითა და ინტერესებით, დიპლომატებით, ელჩებით, ჩინოვნიკებით ხელისგულზე დევს მაშინდელი მსოფლიოს მაჯისცემა“. ლიტერატურაზე ამ მრავალფეროვანსა და საგულისხმო ჩანაწერებში გამოირჩევა 1985 წლის ერთი ჩანაწერი, რომელშიც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი და შეფასებული მისი თაობის, სამოცდაათიანელების, ბედისწერა: „ჩემი თაობა არც დელაკრუას წითელი ფერით კივის და ვერც იმპრესიონისტების ჩახჩახა, მზიანი პეიზაჟებით ზეიმობს“… „იქნებ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ისიც მთავარია, იმ ღვინის ფერი უჩვენო, ფიროსმანის ყანწში რომ ესხა ოდესღაც, მაგრამ უმთავრესი მაინც იმის ჩვენებაა, ძველებური სათნო, ლაღი გულუბრყვილობით რატომ ვეღარ ქეიფობენ ჩვენი კაცები“.

გასაოცრად ზუსტი და ორიგინალურია თანამედროვე მწერლობის მისეული შეფასებები: „დღევანდელები ვირტუალური სამყაროს თუ სამყაროს ვირტუალური მწერლები პრომეთეს კარიკატურები არიან“, რადგან მათ არ შეუძლიათ მკითხველთათვის ცეცხლის, იგივე, ნუგეშის, სიყვარულის მოტანა. იგი იზიარებს სერაფიმ როუზის განმარტებას, რომ ისინი „საკუთარი თავის თაყვანისცემის რელიგიას აღიარებენ“. თანამედროვე ხელოვნებაზე დაკვირვებას ის მიჰყავს მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ დასკვნამდე, რომ მან დაკარგა ღვთაებრიობის განცდა, რომ ყოველივე ახსნილია, დამიწებულია. არაჩვეულებრივია ჩანაწერები ჰარუკი მურაკამის რომანზე „ნადირობა ცხვარზე“. ჩინგიზ აითმატოვის „საჯალათო კუნძზე“, იაპონურ პოეზიაზე, ახლად ნათარგმნ ფრანგულ რომანებზე. ლიტერატურაზე მსჯელობისას ერთგან დაიმოწმებს ალენ ნადლოს დაკვირვებას: „ლიტერატურა თავისთავად საფრთხეში არ არის, საფრთხეშია ეს საზოგადოება, რომელსაც არ აქვს უნარი, ჩასწვდეს ლიტერატურის მიზნებს და მნიშვნელობას“.

ჩემი ანა, ჩემი დავით კლდიაშვილი, – წერს მაკა ჯოხაძე და ამ თითქოს „ეგოისტური ჩემით“ კი არ ზღუდავს და შემოსაზღვრავს ამ შემოქმედთა ნააზრევს, არამედ, პირიქით, საოცრად გაშლის საზღვრებს ისე, რომ მთელი სამყაროს სასიცოცხლო ძალების გამომხატველებად წარმოაჩენს. ყურადღებას იქცევს პარიზული დღიურები, რომლებშიც უცხოელ მწერალ ქალთა პორტრეტებია წარმოჩენილი, მათ შორის კი გამოირჩევა სიყვარულით დახატული სახე პოეტ ვიზმა ბელშევიცასი. ამ ჩანაწერებში მოჩანს მისი ოჯახი: აკაკი და ანუკი მინდიაშვილები, ისინი თითქოს ნოველების პერსონაჟები არიან: „კაკუჩა და ანუკი დაბრუნდებიან, აბა, რას იზამენ“. მათი გამოჩენისას კი ქრება შემხუთველი შიში და ამის გაცნობიერება მწერალს სამყაროს კანონზომიერებას კიდევ ერთხელ აღმოაჩენინებს: „არაფერიც არ ქრება, ყველაფერი დროებით იმალება, იძირება, ილექება, თვით ღმერთიც კი ხანდახან თვალს ხუჭავს ჩვენი შემხედველი და ჩნდება ილუზია, რომ იგი გაქრა, წავიდა აღარ არის“. ვფიქრობ, ეს ხატი „თვალდახუჭული უფლისა“ ჩვენი დროების მრავლისმეტყველი სიმბოლოა. ღმერთს ხანდახან თვალს ახელინებენ ბავშვები, მათ შორის, მწერლის შვილიშვილი სანდრო, რომელიც როგორც ყველა ბავშვი, გასაოცარი სიბრძნით შეიგრძნობს სიცოცხლის საიდუმლოს, შემოქმედს და ამგვარად გამოხატავს მისკენ სწრაფვას:

„ღმერთო! მე შენთან მოვდივარ,

მე შენს პურს ვჭამ,

ღმერთო! მე შენთან მოვდივარ,

შენს ეკლესიაში,

მე შენს ღვინოს ვსვამ,

მადლობელი ვარ, ღმერთო!“.

ამ წიგნის ერთ გამორჩეულ ჩანაწერში „შეკითხვები – სისხლიანი ყვავილები“ ვკითხულობთ: „ბავშვმა იცის, რომ ცა არის ცისფერი. მზე არის მზისფერი, სისხლი სისხლისფერი და ადამიანი – ადამიანისფერი. ეს მერე იწყება შეფერადება, გაფერადება, მერე ხდება მზე მკვდრისა, სისხლი – ცისფერი, ადამიანი – შავკანიანი, თეთრკანიანი, ყვითელკანიანი“. ამიტომაც არის მისთვის მხოლოდ ბავშვობაში „კოსმოპოლიტიზმი სუფთა და უანგარო“. ბავშვებზე ფიქრი მას თანამედროვე ხელოვნების არსს აღმოაჩენინებს: „მეოცე საუკუნის ხელოვნება, ესაა ბრძოლა, სამყაროს კი არ გამოსტაცო და აღბეჭდო სიცოცხლის წამი და ზეიმი, როგორც ამას იმპრესიონისტები ჩადიოდნენ, არამედ ბრძოლა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე, დაიბრუნო თავდაპირველი, ღვთაებრივი იერი და სამყაროს აღქმის ბავშვური უნარი“.

ეს ჩანაწერები, გარდა ფილოსოფიური სიღრმისა, გამოხატვის სილამაზითაც გხიბლავენ და სამუდამოდ აღიბეჭდებიან მეხსიერებაში, როგორც ფერწერული ხატები: „არსებობს მარადიული ბავშვური შეკითხვები, რომელთა გამოჩენასაც წინ არ უსწრებს კვირტად ქცევის ხალისიანი მზადება, სიცოცხლით სავსე ჩუმი ხმაური. ეს შეკითხვები პირდაპირ სისხლიან ნაკადულებად ამოსკდებიან დროის უსასრულო უდაბნოში და ამ ე.წ. ცივილიზებული პროგრესის უამრავ აღმოჩენასა და მიღწევას ერთბაშად ანგრევენ და აუფასურებენ“. ამგვარი ფიქრები მას მწერლის ბუნებასაც სხვაგვარად დაანახვებენ: „იქნებ მწერალიც ბავშვია და მწერლობაც დიდი ანგარიშით დამალობანას თამაშია“. როცა დროის მაჯისცემა უნდა გამოხატოს, გალაკტიონივით („მე თვითონ დაჭრილი ვნახე, ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“)…, მასაც ბავშვი წარმოუდგება უპირველესად: 90-იანი წლები, ქუჩებში გახშირებული ორმხრივი უაზრო სროლა. „1993 წლის 5 აგვისტო… გოგონას, რომელსაც ფეხში მოხვდა ტყვია, ოპერაცია გაუკეთეს და ფეხი მოკვეთეს. სამი წლის ფეხმოკვეთილი გოგონა, სამი წლის ფეხმოკვეთილი, სარეცელს მიჯაჭვული ანგელოზი – დღევანდელი საქართველოს ხატი, რომელიც დღევანდელ საქართველოში დაიწერა“.

გასაოცრად გულწრფელი და პოეტური კითხვა-პასუხია: „რატომაა ახალშობილთა თვალის ფერი უმეტესწილად ცისფერი? იქნებ იმიტომ, რომ ეს-ესაა გადმოსახლდნენ ციდან“. ჩანაწერებში წარმოჩენილი ოჯახური სითბოს თაფლივით ტკბილი სიმყუდროვიდან, როგორც მღვიმის უჩინარი სიშორიდან, გამოიკვეთება მშობლების სახეები და მათ მიმართ „უმწვერვალესი“ სიყვარული, როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა. „რა უნდა დავწერო დედაზე ისეთი“… _ …წუხდა რეზო ინანიშვილი და ქმნიდა სრულიად განსხვავებულ პორტრეტს მშობლისას. ეტყობა, რამდენი შვილიცაა, იმდენგვარი განსხვავებული აღქმაა დედაშვილობისა თუ მამაშვილობისა, მთავარია, როგორმე შეძლო სიტყვიერ ქსოვილში შენეული განცდის მოხელთება და ამას გულშიჩამწვდომი სიწრფელით ახერხებს მაკა ჯოხაძე. გრძნობ, როგორ გამოთქვამს შენს შეგრძნებებსაც. ამ ჩანაწერებში არის დედა-შვილის ინტიმური ურთიერთობის გამომხატველი დეტალები და ამ ყოველივეს ფილოსოფიური განზოგადებანი:. „დედა დროის განუყოფლობაა. მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთი მთლიანობაა. დედა სამივე დროში შენია, გიხარია და გეამაყება“.

როცა თვითონაა დედა, ცდილობს სრულიად ახალ შეგრძნებებს სიღრმემდე ჩაჰყვეს და გააანალიზოს ქვეცნობიერში ჩაკარგული ფესვების რაობა. ძიების ამ გზაზე უღალატო მეგობარი ეხმარება. მაგალითად, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს შეიგრძნო შვილის თითქოს ჩვეულებრივი, ბუნებრივი სიყვარული და დაიბნა, ძვირფასმა მეუღლემ დაამშვიდა: „სწორედ ამგვარად უნდა აგზავნიდეს ჟამიდან ჟამზე ამ განცდებსა და აღმოჩენებს ღმერთი ჩვენთვის, თორემ ამგვარ დაძაბულ და გამუდმებულ შეგრძნებას სიყვარულისას, ამ მაღალ ძაბვას ადამიანი ვერ გაუძლებდა, გადაიწვებოდა, მოკვდებოდა“. მისი მშობლები თითქოს მარადიულ წინაპრებად იქცევიან: „მთავარი ხომ მაინც ისაა, ცხოვრებაში რას უყურებდნენ, რას იმახსოვრებდნენ, რას ისმენდნენ, რა რჩებოდა რომელი ხმაური და ჩქამი სამარადჟამოდ მათი ყურის ნიჟარებში, ამ ღვთაებრივ პაწია მღვიმეებში“.

თუ როგორ ღრმად აზროვნებს იგი, ეს კარგად ჩანს ქართული და რუსული ხასიათების ანალიზისას. იშვიათია ამგვარი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური წვდომა ისეთი რთული ფენომენისა, როგორიც ერია, ამას იშვიათნი ახერხებენ და მათ შორისაა მაკა ჯოხაძე. მისი აზრით, „იქნებ სწორედ სივრცის ძალადობაა, ამოდენა სტეპებისა და ტრამალების ერთფეროვანი ძალადობაა ის, რომ ჩრდილოელს (რუსს) არ ყოფნის უნარი (ენერგია) გაუძალიანდეს თვალუწვდენელი ტრამალების ერთფეროვან შემოტევებს, თავისი სივრცე, სასიცოცხლო სივრცე შექმნას და შემოზღუდოს. გამუდმებით ამ სივრციდან გაღწევას ცდილობს. გამუდმებით სხვათა სივრცეებისა და სხვათა ტერიტორიების დაპყრობისკენ უჭირავს თვალი. ეს კი ყველანაირად არღვევს ღვთიურ კანონზომიერებაზე აკინძულ სამყაროს რუკას. სხვათა მიწებისაკენ, ტერიტორიებისაკენ ეს გამუდმებული, ქრონიკული ლტოლვა საბედისწერო ბუმერანგივით უბრუნდება მის ხასიათს, მის თვისებებს“.

მისი აზრით „ქართული სივრცე ლოკალურია, შეზღუდულია. ეს სივრცე, როგორც სურათი, ვთქვათ, ალაზნის ველისა, ანდა ჯავახეთის ზეგნისა, ისე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიის კედლებს, ცისკენ მიილტვის და მზე, როგორც მარჯვენა ხელი, მისი მოუწყენელი და შეჩვეული მეტაფორაა… აქ სივრცე შემოფარგლულია მთებით, კლდეებით, გეოგრაფიული გარემო (რელიეფი) გამაშტერებლად ცვალებადია“. საქართველოს პეიზაჟები მარადიულ ღირებულებებზე ფიქრისკენ უბიძგებენ მნახველს. ამ ჩანაწერებში ბუნებრივად ჩნდება ფიქრი ხალხისა და ბრბოს რაობაზე, ეროვნულ ფასეულობებზე, რწმენაზე. ამ თემებზე მსჯელობისას ხშირად იმოწმებს წმინდა მამათა ნააზრევს, რათა თვალნათლივ წარმოაჩინოს მარადიულისა და წარმავლის ჭიდილი. და ამ მრავალფეროვან გალერეაში მოჩანს მისი პორტრეტიც, მისი ბუნება: „რომანტიკოსს პლუს ეგზისტენციალისტი, საშიში ნაჯვარია, უფრო ზუსტად, საშინელი – მთელი სამყარო რომ გიყვარს და მაინც მარტოობა გენატრება, რადგან მხოლოდ დიდ მარტოობაში შეგიძლია პირუთვნელად, უანგაროდ ამტკიცო და აჩვენო, როგორ გიყვარს, როგორ იცი და როგორ გენანება ადამიანი, თუმცა ცოდნაც ეფემერაა და სინანულიც სადღაც მიმავალი. მხოლოდ სიყვარულია მკვიდრი, მარადიული და რეალური“. სიყვარული, ერთგან ამგვარად გამხელილი: „მე ვნახე შენი სიზმრები“.

იგი საოცრად მართალია საკუთარი თავის, ახლობლებისა და სამყაროს წინაშე: „არც ერთი წამით, არცერთი წუთით არ მიზრუნია საავტორო მითების შესაქმნელად…. იმდენად სავსე, რთული და მძიმე ინტენსიური სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ ფასადზე ზრუნვისთვის არც დრო და არც სურვილი აღარ მრჩება“. გიგი სულაკაურთან ერთ საღამოს ცხარე კამათი კარგად ამხელს მის პრინციპულობას, შეურიგებლობას უსამართლობასთან: „ვიცავ სიმართლეს, სამართლიანობას, ყველგან, ყველა სიტუაციაში, ხშირად მარტოობის ფასად“. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების სამხედრო გადატრიალებისთვის სხვებივით არასოდეს უწოდებია სამოქალაქო ომი, არ უღიარებია ყალბი დემოკრატია, ფეხქვეშ არ გაგებია არცერთ მთავრობას, არ უზრუნია მწერალთა კავშირის მდივნობასა თუ თავმჯდომარეობაზე. მხოლოდ ის აწუხებს, რომ პიესა არ დაწერა და არ ამხილა მამათელი პოლიტიკოსისაგან გაცურებული პოეტები, რეჟისორები. წერა მისთვის იგივე ფრენაა თბილი ქვეყნებისაკენ: „ყველაზე ლაღად, ბუნებრივად, შეუზღუდავად სწორედ წერის დროს გამოვიხატები“. მისი ეს გამბედაობა კარგად წარმოჩნდა ჩანაწერში „მოციმციმე არითმია“, როცა დატოვა დარბაზი, როცა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასტაფიევის ცნობილ თხზულებას არაფერი აქვს საერთო მხატვრულ ლიტერატურასთან. სხვისი გამბედაობაც ხიბლავს, ამიტომაც ხატავს ანა ჭავჭავაძის პორტრეტს სხვანაირი აღტაცებით.

გულისამაჩუყებელია ის ეპიზოდი, როცა სვანი ქალი დიდთოვლობისას მთაში უცხოელის დაღუპვას მოთქვამს და მაკა ჯოხაძეს უხსნის: „ფინეთის ომში დაღუპული ჩემი ძმა გამახსენდა, იქნება ისიც დაიტირა ვინმე უცხო ქალმა ჩემსავით“ და გახსენდება „უცხო კაცის მოზარე აღაზა“, ქართული სულიერების უზადო გამომხატველი. სვანეთი, ამ ჩანაწერების მიხედვით, მისთვის პირველქმნილი სამყაროს ხატია, სადაც სიცოცხლისთვის გაფხიზლებენ „სვანეთის ძახილის ნიშნები – კოშკები!“. ამიტომაცაა, რომ სხვანაირი ჟინით და გატაცებით წერს. აქ გრძნობს „ცხოვრება აგერაა, ამ გზის გადაღმა, მდინარის გადაღმა თავისი ვნებით, სიცოცხლით, შეცდომებით, დარდით და აღმაფრენებით. გზა და მდინარე კი მეტაფორებია. როცა მინდა, მაშინ შევხედავ და მოვისმენ ცხოვრების ხმებს, ოღონდ ისე, რომ ვერ ჩამითრევს ამაო ფუსფუსში“.

არაჩვეულებრივია მისი ჩანაწერები მხატვართა ტილოებზე, მაგალითად, როგორ აღიქვამს ფიროსმანის, იმპრესიონისტებისა და სხვათა ნახატებს. აი, რას წერს სალვადორ დალის ცნობილ სურათზე „დროის სიჯიუტე“: „ეს სრულიად განსხვავებული ახსნაა დროისა და ადამიანის დამოკიდებულებისა: „მკვდარი, გაცრეცილი, განძარცული ნახევარუდაბნოა წარმოდგენილი, როგორც გაცამტვერებული ქვეყნიერების სიმბოლო… დრო უაღრესად გულგრილია ჩვენი მიწიერი ვნებებისა და ინტერესებისადმი. მისთვის არ არსებობს ამგვარი ფასეულობები და ხშირად დროისთვის არსებული რეალობა ისეთივე ნაცრისფერი და უმნიშვნელო ფონია, როგორიც ამ საათებისთვის სურათზე წარმოჩენილი სამყარო. დრო კი არა, თვით ადამიანი არ უფრთხილდება დროს, ე.ი. თავის თავს“. ამ ჩანაწერებში წარმოჩნდება, როგორ განიცდის მწერალი საქმეებში დანთქმული ადამიანების უსულგულობას: „ჩემს ქალაქში პირდაპირ ბედისწერას უყურებ თვალებში და ტკივილთან ერთად სირცხვილითაც იწვი“. თითქოს ყველას მაგივრად ცდილობს ცოდვის გამოსყიდვას, როცა მტანჯველი სინდისის ქენჯნისაგან თავდაღწევის სურვილით ქუჩაში ამაოდ დაეძებს მათხოვარს, რომელიც უცებ გაუჩინარდა ადამიანებით სავსე ქალაქის უდაბნოში: „პატარა მხეცივით წრიალებდა ჩემს არსებაში სინდისი. სინდისი, რომელსაც სხვაგვარად ღვთის ხმა ჰქვია ადამიანში“. პოლ ვალერის ერთი ჩანაწერი გაგვახსენა ამ ამბავმა: „დროდადრო მთელი ჩემი სხეული ნათდება… მე ანაზდეულად ვხედავ ჩემს თავს შიგნიდან… მე ვარჩევ ჩემი სხეულის შრეების სიღრმეს, მე ვგრძნობ ტკივილის სარტყლებს – ტკივილის რგოლებს, წერტილებს, კონებს“. ამ ჩანაწერების ყოველი ფრაზა ხან შიშის, ხან სიცარიელის, ხან სიკეთის, ხან სიყვარულის და ხან აღტაცების შეგრძნებებითაა დამუხტული, ყოველი ფიქრი გულიდანაა გამოტანილი. თითქოს ხედავ კიდეც ფიქრის კვალს, გრძნობ, რა სიღრმეებში იძირება, როგორ მიიკვლევს გზას ტვინის ხვეულებში და მერე როგორ გამოაღწევს იქიდან სრულიად განსხვავებული ემოციისა და შინაარსის თანხლებით. ამ ჩანაწერებში კიდევ მრავალ აქტუალურ თემაზეა დაფიქრება, მათ შორის, საგულისხმო დაკვირვებებია მასმედიის ავკარგიან გავლენაზე საზოგადოების ცნობიერებაზე, წარმოჩენილია ტელევიზიის როლი თანამედროვე ცხოვრებაში: „ტელევიზიამ, მართლაც, ახალი სახის ადამიანი შექმნა – „ჰომო­მედიუმი“. ადამიანი, გამოფიტული განუწყვეტელი სანახაობით“.

„მწერლობა ორმხრივი სიყვარულია“, – ასე ერქვა გაზ. „წილკანში“ გამოქვეყნებულ მის წერილს, მწერალთა თუ უბრალო მკითხველთა აღტაცება რომ გამოიწვია. ამგვარ აღტაცებას ხშირად იწვევს მისი ნაწერები, რადგან ყოველთვის გულწრფელია და სჯერა: „ამ გაპარტახებულ, გაუდაბნოებულ ქალაქში ჯერ ისევ სუნთქავს თანალმობის, თანადგომის, სიყვარულისა და ამ სიყვარულის გამოხატვის უნარი“. მაკა ჯოხაძის ფიქრების უკიდეგანო და ჰარმონიული დრო-სივრცე მკითხველს წარმავლობასა და მარადიულობაზე დააფიქრებს, ახალ ხმებს, შეგრძნებებს, ფერებს აღმოაჩენინებს, რეჰანისფერი თუ უნაბისფერი საღამოების გრილ სიმყუდროვეს აზიარებს და სამყაროს სიყვარულით აღავსებს. ამ წიგნის („ჩაძირული დღესასწაული“, გამომცემლობა „ინტელექტი“) ყოველი ჩანაწერი თითქოს ასოციაციებს „აფეთქებს“ შენში და დაუსრულებელი ფიქრისთვის განგაწყობს. ეს ჩანაწერები თითქოს ერთგვარი კომენტარებია მაკა ჯოხაძის გამორჩეული შემოქმედებისა. მკითხველს ჰაერივით სჭირდება ასეთი წიგნები, რომლებიც გაჯერებენ, რომ შეიძლება „სულში ჟასმინებმა გაიხარონ“.

 

დავალება, როგორც რესურსი სიტყვისთვის ახალი სივრცის შესაქმნელად

0

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია(სსემა) საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილია როგორც მუდმივად სიახლესა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია; ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის, რომ სულ ახლახან მასწავლებელთა კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებებით  მოგვეცა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა; ვფიქრობ, ცოდნა, როგორც გამოცდილება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ ცოდნად, როცა მისი გაზიარება შეგიძლია  ვინმესთვის,  იქნება ეს მოსწავლე  თუ კოლეგა

მინდა  გაგიზიაროთ ერთი შემაჯამებელი დავალების რესურსად ქცევის საინტერესო პროცესი სწავლების სამივე საფეხურზე;

შემაჯამებელ დავალებაზე მუშაობის პირველ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა დავალებათა ბანკი და  მატრიცების არჩევანი, ერთ-ერთი შემაჯამებელი დავალების მაგალითზე დაკვირვებით აღმოვაჩინე , რომ მოსწავლეთა მიერ   შექმნილი საბოლოო ,,პროდუქტი“საუკეთესო საშუალებას იძლევა,   რესურსად იქცეს,  რაც სწავლების პროცესში მუდმივი განახლებისა და მისი საჭიროების აუცილებლობას გაზრდის და ის მივიწყებულ დავალებათა თაროზე არ შემოიდება; ამ მიგნებისკენ მიბიძგა თავად დავალების პირობაზე ფიქრმა, კერძოდ, დავალების პირობის სწორად შერჩევა და ჩამოყალიბება მისი შესრულების ყველაზე მეტად გასააზრებელი და საგულისხმო  ნაწილია  მასწავლებლისთვის.  დავალების პირობის შექმნისას გავითვალისწინე პრობლემაც: დავალებების შტამპმა, ფორმალურობამ,  მოსაძიებელი მასალების  ინფორმაციულმა სიჭარბემ მხატვრულ სიტყვას განცდა და სიღრმე დაუკარგა მოსწავლეებში, მსურდა, ჩემს მოსწავლეებს ეგრძნოთ, რომ ,,სიტყვა ცხოვრებაა, ცხოვრება სიტყვის შინაარსია, სიტყვა სახეა ცხოვრებისა. სიტყვა თვითონაა მხატვრული სურათი, ,,თვითონაა“ ამბავი, ნოველაა დასრულებული, კომპოზიციაა, ესკიზი“( ო. ჩხეიძე).

ეტაპობრივად ასე ისხამდა ხორცს ჩემი მიზანი:

კლასი-V

მაპროვოცირებელი თემა :  ლექსიკონის სახეების შესწავლა

მხატვრული ტექსტი: იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“

 დავალების იდეაზე ფიქრისას გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები:

  • ტექსტის შესწავლისას მწერლის ლექსიკურ მარაგზე დაკვირვებით, თავად ,,აღმოაჩენდნენ“ სიტყვებს არა მხოლოდ განმარტებისთვის, არამედ მათთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად;
  • იფიქრებდნენ და გააანალიზებდნენ, როგორ ცხოვრობენ ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი სიტყვები მოთხრობებში;
  • ,,ცხოვრობენ”, ანუ რა თავგადასავალი აქვს სიტყვას,რა თვისებები,-როგორ  ცოცხლობენ ისინი, როგორ იცვლებიან, მრავლდებიან, იღვწიან  და დროთა განმავლობაში, როგორ ტოვებენ ასპარეზს.

დავალების მიცემისას უნდა გამეთვალისწინებინა ესგ -სა და სტანდარტის სამი უმთავრესი მოთხოვნა , რომელსაც დააკმაყოფილებდა  ჩემ მიერ მოფიქრებული დავალება; თანაც გადავწყვიტე, ექსპერიმენტის სახით  საბაზო და საშუალო საფეხურზეც განმეხორციელებინა იგივე დავალება მოდერნიზებული პირობით

  • სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით;
  • ცნებების დამუშავება თვალსაჩინო უნდა ხდებოდეს მასალის საფუძველზე, რათა მოსწავლემ  გაიაზროს მათი მნიშვნელობა;
  • V-VI კლასებში ღრმავდება ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრული ტექსტების მიმართ.

რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს, აქ უმთავრესი მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებაა, დავალების ღირებულების გააზრება და დაფიქრება სწავლის პროცესზე.

გამოიკვეთა დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ლექსიკოლოგი ხარ და ჯადოსნური სიტყვების  სასახლეში ცხოვრობ, სადაც მოხვედრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც იქ გადამალულ სიტყვებს განმარტავს, შენ  კი ამ ცოდნას ფლობ. ტექსტიდან შეარჩიე შენთვის ყველაზე საინტერესო ლექსიკური ერთეული(10-15 სიტყვა);

სახატავი საშუალებების, აპლიკაციების, სურათების ან ელექტრონული რესურსის  („ვსწავლობთ  თამაშით“,  scratch პროგრამის) გამოყენებით შექმენი  საკუთარი ლექსიკონი,  შესაბამისი ილუსტრაციებითა და ემოციური კომენტარით:

  • შეარჩიე ზუსტი და სრული  განმარტება სალექსიკონო სიტყვისთვის;
  • შეუსაბამე შერჩეული ილუსტრაციები  სიტყვის მნიშვნელობას;
  • კომენტარში გამოხატე  შენი დამოკიდებულება თითოეული ლექსიკური ერთე-ულის მიმართ;
  • მეტი მრავალფეროვნებისთვის გამოიყენე  სხვადასხვა მეტყველების ნაწილი;
  • თითოეულისიტყვისთვის შექმენი საკუთარი  ინფორმაციულ-ფერწერული სივრცე;
  • ნამუშევარშიწარმოაჩინე  თითოეული სიტყვის ესთეტიკური მხარე(ფორმა, სილამაზე, სივრცე);
  • ლექსიკონიშეადგინე ისე, რომ იგი შენთვის  სახელმძღვანელო რესურსი იყოს და ყოველი ახალი ტექსტის შესწავლისას ივსებოდეს;
  • შეგიძლია, სურვილისამებრ, შეთხზა ამბავი შერჩეულ სიტყვაზე.

      ფაქტობრივად,  ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი სიტყვის მაძიებელი მოსწავლისათვის გახლდათ შემდეგი:

  • ლექსიკური მრავალფეროვნების გააზრება;
  • სალექსიკონო სიტყვისთვის ,,ემოციური კომენტარის “ შესაქმნელად საჭირო უნარ-ჩვევების გამოვლენა- ფლობა;
  • ასოციაციური აზროვნების ველის გაფართოება;
  • სიტყვის ვიზუალიზაციისთვის, მისი აღქმის მრავალფეროვნების დანახვა-გაგება.

ეს ილუსტრაციები თავისთავად ახალი სივრცე იქნებოდა მათ მიერ შერჩეული სიტყვებისთვის, რომლებიც, უკვე ბავშვის ფიქრსა და გულში გავლილი, ახალ ,,სიცოცხლეს“ დაიწყებდნენ;

დავალების შესრულების პროცესი ძალიან საინტერესო და ტევადი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას,  რომელმაც ხელი შეუწყო სრულყოფილი ნამუშევრების შექმნას:

პირველ ეტაპზე გამოვიყენე

ვიზუალური და მუსიკალური აღქმითი სავარჯიშოები, მაგალითად:

  • იმას, რაც გესმის, როგორ დახატავდი;
  • იმას, რასაც ხედავ, როგორ აქცევდი ამბად;
  • როგორ  და რომელ სიტყვას გადამალავდი  პერსონაჟისთვის, რათა მას თავი დაეხსნა დაბრკოლებისგან;
  • შეგიძლია ამოიცნო  გმირის ხასიათი, თუ მის მეტყველებას, მის ნათქვამს დააკვირდები?

მეორე ეტაპზე გამოვიყენე  დეკოდირების ცხრილი-ხარაჩო, რომელმაც საუკეთესოდ იმუშავა, იგი ადპტირებული იყო დასახულ მიზნებთან და ასაკობრივ თავისებურებებთან.

ცხრილი ივსებოდა ტექსტის შესწავლისას შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

  • სიტყვების შერჩევა;
  • მათი კლასიფიკაცია და კვლევა- დაკვირვება;
  • იდეური თუ მხატვრული გააზრებისთვის საკვანძო სიტყვების გამოყოფა, კონტექსტის გათვალისწინება.

თითოეული აქტივობა და რესურსი ორგანულად იყო შერწყმული  ტექსტის გაგება- გააზრების პროცესთან, დავგეგმეთ:

  • ტექსტის შესწავლა მისი ენობრივ-გრამატიკული ანალიზისთვის;
  • განსამარტი სიტყვების შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით, მისი დახარისხება;
  • აკუთარი კომენტარის შექმნა;
  • იტყვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების, მისი მხატვრული, ემოციური(აკუსტიკური) შეფერილობის გააზრება მხატვრული კითხვის ნიმუშებზე დაკვირვებით;
  • სჯელობა, დისკუსია თემაზე: შეიძლება თუ  არა სიტყვების გაფერადება?

სეს შექმნა :,,სიტყვა  ყველა ფერია“.

 

თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა დიდი მასალის თავმოყრა და ლექსიკონის გამართულობა; დიფერენცირებული მიდგომა გამოვიყენე  საბოლოო პროდუქტის პრეზენტაციისას-მათ შეეძლოთ სხვადასხვა ფორმატით წარმოედგინათ ნამუშევარი,  როგორც ეს დავალებაში იყო მითითებული. ამიტომ ილუსტრაცია მრავალფეროვანი გამოგვივიდა.

აუცილებლად ჩავთვალე ციფრული რესურსის – ,,ვსწავლობ თამაშით“(ან skratch-ის)ვიდეორგოლის გაცნობა; ჰიპერბმულის მიწოდება:

პრეზენტაციისთვის  მასალა დახარისხდა;

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პირველადი ვარიანტი, გადაამუშავეს და მისცეს საბოლოო სახე;

წარმოგიდგენთ შესრულებული დავალების ნიმუშს: მე-5 კლასი

საბაზო საფეხურზე შესრულებული ნიმუში-ო.ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში“ საშუალო საფეხურზე შესრულებული ნიმუში: ბარათაშვილის ,,მერანი“

 

 

 

შექმნილი ლექსიკონები ისეთ სრულყოფილ ,,წიგნებად“ იქცა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ფაქტობრივად მივიღეთ  იმდენი საინტერესო და განსხვავებული რესურსი, რამდენი შემაჯამებელი დავალებაც შეიქმნა, ყოველი ნამუშევარი მთლიანად შემოქმედებითი პროდუქტი იყო სრულიად განსხვავებული ემოციური კომენტარებით, რომელთაც სიტყვას მართლაც ,ახალი სიცოცხლე შესძინეს ; ამ ,,წიგნებით“ სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც შესაბამისი ტექსტის გაგება -გააზრებას გადაწყვეტს;

საოცრად საინტერესო ლექსიკონი-რესურსები  შეიქმნა საბაზო და საშუალო საფეხურზე შესრულებული  დავალებების შედეგად. მოსწავლეების ემოციურ კომენტარებში ინტერპრეტაციის თავისუფლება იგრძნობოდა და შეიძლება ითქვას, რომ ამბად და ესკიზებად ქცეული ლექსიკონები შეიქმნა.

შემიძლია დავასკვნა, რომ

  • შემაჯამებელი დავალება სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის;
  • ჩაერთო ყველა, მათ შორის სსსმ მოსწავლეც მშობელთან ერთად;
  • აქტივობების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემები ერთობლივად, შეთანხმებულად,  ეტაპობრივად გვარდებოდა;
  • ეფექტურად მოწოდებულმა რესურსებმა  და  სოლოტაქსონომიის  კრიტერიუმებმა მნიშვნელოვნად განაპირობა დავალებების ადეკვატური   ანალიზი და შეფასება;
  • შეიქმნა მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსი;
  • თვითშეფასებისა და მოტივაციის დონე გარკვეულწილად ამაღლდა.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...