კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე

0

ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევები – (მეორე ნაწილი)

მშვიდობას ძალით ვერ შეინარჩუნებ. მისი მიღწევა მხოლოდ უერთიერთგაგებით არის შესაძლებელი.

ალბერტ აინშტაინი

 

 

ინტერვიუ დუბნის უნივერსიტეტის პროფესორთან, ფსიქოლოგ ალექსანდრ ვენგერთან იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ომს ბავშვები, რას განიცდიან ისინი დევნილობისას და რა არის ინფორმაციული ტრავმატიზაცია

 

თამაშობენ „ომობანას“ ბავშვები, რომლებმაც ომი გადაიტანეს?

— დიახ, და უფრო ხშირადაც კი, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ომი არ შეხებია; ამასთან, ჩვეულებრივზე ხშირად გაითამაშებენ ხოლმე ტრაგიკულ სცენებს, ახდენენ ნგრევის იმიტაციას… საზოგადოდ, ბავშვი, რომელმაც კატასტროფა გადაიტანა, თამაშის დროს მრავალგზის აღადგენს მას. ასეთი რამ მოზრდილებსაც ახასიათებთ – ბევრჯერ მოყოლა იმის შესახებ, რაც გადაიტანეს.

— რას უკაშირდება ეს?

— ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, უჭირს ემოციების შეკავება, სურს, ისინი გარეთ გამოიტანოს. ეს განცდებისგან თავის დაღწევის, მათი შერბილების საშუალებაა.

როდესაც ფილმებში გვაჩვენებენ, რომ ბავშვი რაღაც საშინელებებს ხატავს, ამ დროსაც იგივე მექანიზმი ირთვება?

— სწორედ ასეა.

ჩვეულებრივ, როგორ აისახება ომი ბავშვების ნახატებში?

— ვერ ვიტყვი, რომ არსებობს რამე სტანდარტული ვარიანტი. ხშირად ეს ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს, ყველაფერი ცეცხლშია გახვეული და ამ ფონზე პატარა შავი ფიგურებია გამოსახული. ხდება ისეც, რომ ხატავენ იმას, რაც პირადად განიცადეს და გადაიტანეს. გასაგებია, რომ ბავშვის ნახატი პირობითია. ის, ვინც თავშესაფარში იმალებოდა, ხატავს ადამიანს ოთხკუთხედში… თუ არ იცი, ვერც მიხვდები, რომ ეს ბომბსაფარია.

როგორ აღიქვამენ ბავშვები საკუთრივ ომს?

— ეს დიდწილად ასაკზეა დამოკიდებული. 2-3 წლამდე ბავშვები ომს თითქმის ვერ აღიქვამენ. თუ ისინი სროლაში მოჰყვნენ, მათთვის ეს საშიში ხმები და გრუხუნია… მათი აღქმა მთლიანად მშობლებისგან მომდინარეობს. თუ მშობელი, პირველ რიგში – დედა, არ არის შეშინებული ან ერევა შიშს, კონცენტრირებულია ბავშვის დაწყნარებაზე, ეფერება და კოცნის მას, ომი ბავშვს გვერდს უვლის. როგორც სხეულით შეიძლება ბავშვის დაცვა ტყვიებისგან, ისევე შეუძლია დედას, თავისი ფსიქიკით „გადაეფაროს“ შვილს და ფსიქოლოგიურად დაიცვას იგი.

4-5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ომს უკვე აღიქვამენ. მათთვის ამ დროს ხდება ის, რომ ვიღაც უცნობი, ცუდი ადამიანები მათ მოკვლას ცდილობენ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ 6-7 წლამდე ბავშვებს ჯერ კიდევ არ ესმით სიკვდილის გარდაუვალობა, ჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ თუ მოკვდი, ეს სამუდამოდ ასე იქნება. შვიდი წლიდან ბავშვებს უკვე ესმით, რომ ვისაც ეომები, ეს სხვა ქვეყანაა. მათ თითქმის მოზრდილებივით ესმით ეს, მაგრამ მათთვის გაუგებარი რჩება ომის რეალური მიზეზები – ეს მოზრდილების დიდ ნაწილსაც არ ესმის ხოლმე, მაგრამ ბავშვებს ასეთი კითხვა, ჩვენგან განსხვავებით, არ უჩნდებათ.

ანუ ომი რომელიმე ბუნებრივ კატასტროფასავით აღიქმება?

— დიახ, ასეა. ათი წლიდან ბავშვებს უკვე მოზრდილებივით ესმით, რომ ომს რაღაც მიზეზი აქვს… თორმეტი-ცამეტი წლისთვის ინტელექტუალურად კარგად განვითარებულ მოზარდს უკვე ყველაფრის გაგება შეუძლია, ისევე როგორც ჩვენ, ზრდასრულებს.

ეს გაგება მოზარდებ რამენაირად მსუბუქებს ომის აღქმას თუ, პირიქით, მძაფრებს განცდებს?

— მოზარდებს 14-16 წლის ასაკში უკვე აქვთ საკუთარი პრობლემა – მამაკაცის როლთან შესაბამისობის პრობლემა. ჩვენს საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ მამაკაცს შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა სიტუაციას, სულ მცირე, საკუთარ განცდებს. ომის დროს კი მოზარდი ვერც სიტუაციას უმკლავდება და ვერც თავის ემოციებს. ამას ხშირად ზრდასრულებიც კი ვერ ახერხებენ. მძაფრი სტრესის დროს ადამიანისთვის საკუთარი რეაქციებიც კი გაუგებარი და მოულოდნელია. ამავე დროს, მოზარდი ბიჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავი „ნამდვილ მამაკაცად“ იგრძნოს და ამის გამო [ომის სიტუაცია] მას უფრო მეტად თრგუნავს, ვიდრე ზრდასრულებს.

როგორ აღიქვამენ ომს ლტოლვილი ბავშვები?

— მისი მდგომარეობა, ვინც უშუალოდ განიცადა სასიკვდილო საფრთხე, ბევრად უფრო მძაფრია. მათთვის დამახასიათებელია ძილის ძლიერი დარღვევები, ღამის კოშმარები.

ლტოლვილებისთვის ნაკლებად მძაფრი შეგრძნებები და რეაქციებია დამახასიათებელი, მაგრამ განცდილი მათ პიროვნულ განვითარებაზეც უარყოფითად აისახება. განვითარების პროცესი ორივე ჯგუფისთვის მკვეთრად იცვლება – ისინი კარგავენ სამყაროს უსაფრთხოების შეგრძნებას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „სამყაროსადმი საბაზო ნდობას“, ანუ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ სამყარო ჩვენს გარშემო ძირითადად კეთილგანწყობილი, შედარებით უსაფრთხო ადგილია. მათ ეს შეგრძნება დაკარგული აქვთ. მოზარდებში ასევე იმატებს რაიმეზე დამოკიდებულების – ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლზე დამოკიდებულების რისკი. ამ კუთხით ისინი ნაკლებად განსხვავდებიან მოზრდილებისგან.

საზოგადოდ, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გამოხატულია ემოციური დისკომფორტი, ხანდახან – დეპრესია, ზოგჯერ – მძაფრი შფოთვა.

მათაც კი, ვინც არ არის ლტოლვილი და მეორეული ტრავმატიზაცია აქვს (სხვაგვარად ამას შეიძლება „ინფორმაციული ტრავმატიზაცია“ ვუწოდოთ), მაგალითად, ვისი ნათესავები ან ახლობლებიც აღმოჩნდნენ საომარ სიტუაციაში… ასეთი ადამიანები თავს მათ ადგილას აყენებენ და მათი ემოციური მდგომარეობა შეიძლება ომგადატანილების ან საომარი მოქმედებების ადგილებიდან ლტოლვილების (ანუ ვინც ეს ყველაფერი პირადად გადაიტანა) მდგომარეობას გაუთანაბრდეს.

ითვლება, რომ ბავშვებს პლასტიკური ფსიქიკა აქვთ და ეს მათ ეხმარება, უფრო ადვილად გადაიტანონ ომის ემოციური შედეგები…

— დიახ, ასე ითვლებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებამდე, თუმცა მომდევნო ათწლეულებში გამოქვეყნდა არაერთი გამოკვლევა იმის შესახებ, რომ ეს მოსაზრება მცდარია. კი, ბავშვის ფსიქიკა ძალიან პალსტიკურია. მძაფრი, ექსტრემალური სიტუაციების პირდაპირ შედეგებს ისინი უფრო ადვილად უმკლავდებიან, ვიდრე ზრდასრულები, მაგრამ იმ ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებმაც მძიმე ფსიქოტრავმა გადაიტანეს, დაადასტურა, რომ მრავალ მათგანს სერიოზული პიროვნული პრობლემები აქვს. მათში რჩება სამყაროს როგორც ძალიან საშიში ადგილის აღქმა, უძლურების განცდა და დამახინჯებული წარმოდგენა საკუთრი მე-ს შესახებ, რასაც ხშირად თან სდევს ისეთი რეაქციები, როგორებიცაა პასიურობა, ინერტულობა, დაბეჩავება.

ეს სამუდამოდ რჩება ადამიანში, თუ შეიძლება მათგან გათავისუფლება?

— ყველაფერი პიროვნებასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თავის დაღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შესაძლებელია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, პიროვნების „გადაკეთება“, „მომართვა“ და დაბრუნება განვითარების ნორმალურ გზაზე, თუ ოჯახს შეუძლია და მზად არის, სამომავლოდ უზრუნველყოს ემოციური მხარდაჭერა. საზოგადოდ, თუ ოჯახური ცხოვრება და ატმოსფერო, გადატანილი ტრავმების შემდეგ, მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ამ სტრესისა და მისი შედეგების გადალახვა შესაძლებელი ხდება.

დავამატებ, რომ ლტოლვილები მოსალოდნელია მეტ სირთულეს შეეჯახონ, რადგან ბევრს უჭირს ადაპტაცია ახალ ქვეყანაში მოხვედრისას, შინ დაბრუნების შეუძლებლობის შეგრძნებისას, მით უმეტეს, თუ სახლი აღარ არსებობს.

რა სირთულეებზეა საუბარი, ახალი ენის შესწავლასა და ახალ კულტურასთან შეგუებაზე?

— ისიც კი მნიშვნელოვანია, რა ზღაპრებს უკითხავდნენ ბავშვობაში. ის, რომ ადგილობრივ ბავშვებს სხვა ზღაპრებს უკითხავდნენ, ართულებს მათთან ლტოლვილების მჭიდრო კონტაქტს, ურთიერთგაგებას. უცხო კულტურაში ყოფნა არ არის ადვილი.

მოდი, იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, რომელთათვისაც ომი მძლავრ ინფორმაციულ ფონს წარმოადგენს და რომლებიც ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ომს აწარმოებს სხვის ტერიტორიაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ათთვის ამ ომის სამართლიანობის რწმენა?

— მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ის პიროვნული პრობლემები შესაძლოა აღარ აღმოცენდეს. ჩნდება სხვა საფრთხე – შესაძლოა გაიზარდოს ადამიანი, რომელსაც არაკრიტიკული მიდგომა ექნება სამყაროსადმი, მთლიანად დამოკიდებული გახდება იმაზე, თუ რა უთხრეს მას… მოკლედ, კონფორმისტი. ემოციურად ეს, რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება მისთვის, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ სწორ მხარეს დგას.

და თუ ბავშვს მიაჩნია, რომ მისი ქვეყანა არასწორად იქცევა

— ამ დროს წარმოიშობა კონფლიქტი მის მოსაზრებასა და ქვეყნის პოზიციას შორის… რადგან შეუძლებელია, სახელმწიფოს მიაჩნდეს, რომ უსამართლო ომს აწარმოებს, ხომ ასეა? სახელმწიფო თავის პოზიციას ავრცელებს სხვადასხვა სახის პროპაგანდით… თუ ოჯახში საკმარისად კეთილგანწყობილი და მჭიდრო ურთიერთობებია, მაშინ ეს მდგომარეობა უკონფლიქტოდ, წყნარად ჩაივლის. თუ მშობლები თვლიან, რომ სახელმწიფო ცდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი თვითონ აგებენ გარკვეულ ბარიერებს საკუთარ თავსა და სახელმწიფო პროპაგანდას შორის. ამ ბარიერს იღებს ბავშვიც.

თუ ისე მოხდა, რომ ბავშვებსა და მშობლებს არც ისე კარგი ურთიერთობები აქვთ და სახელმწიფო იდეოლოგია, ზემოქმედების ხარისხით უთანაბრდება ან აღემატება მშობლების მოსაზრებებს, შესაძლოა თავი იჩინოს საკმაოდ მწვავე კონფლიქტმა ბავშვსა და მშობლებს შორის ან გამწვავდეს ბავშვის შინაგანი კონფლიქტი ამ გარემოებებთან.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

— ამას შეიძლება მოჰყვეს ბავშვის არათანამიმდევრულობა. ცხოვრების თანმიმდევრულად ასაგებად, საჭიროა საკმაოდ სრული წარმოდგენა საკუთარ თავზე. თუ ეს წარმოდგენა გაორებულია, მოსალოდნელია, რომ ცხოვრება ამ ადამიანს აქეთ-იქით მოისვრის და ასეთ წინააღმდეგობებში ამყოფებს. გარკვეულ ასაკში ისედაც ასე ხდება, მაგრამ შესაძლოა, უფრო მძაფრად მიდინარეობდეს, ასაკისგან დამოუკიდებლადაც.

უნდა ესაუბრებოდეს მშობელი ბავშვს ომზე? თუ კი, როგორ ჯობია ამის გაკეთება?

— გააჩნია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა მშობლისათვის. თუ მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა ესაუბროს. როგორ – დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და აღქმის დონეზე. საზოგადოდ, ყელა მოვლენა, რომლებიც მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, ჩემი აზრით, მისაღები და გამარტივებული ფორმით განხილულ უნდა იქნეს ბავშვთანაც. სხვაგვარად, მისთვის გაუგებარი გახდება მშობლების მდგომარეობა.

როდის ჯობია ამის გაკეთება?

საუკეთესო იქნება, თუ დაველოდებით ბავშვების კითხვებს. თუ ეს თემა მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, კითხვები აუცილებლად გაჩნდება. კარგი იქნება, ამ კითხვებზე ვრცლად ვუპასუხოთ, საკუთარი დამოკიდებულება ვაჩვენოთ. სასურველია, გამოვტოვოთ რადიკალური მომენტები, რადგან ამან შეიძლება დაანგრიოს სამყაროზე ბავშვის წარმოდგენა.

ომს და მის შედეგებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე და ეს ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს. შესაძლებელია თუ არა, ეს გავლენა მომდევნო თაობებზე – შვილებზე, შვილიშვილებზეც გავრცელდეს?

— დიახ, შესაძლებელია. ფსიქოლოგიური პრობლემები გადაეცემა თაობებსაც. რა თქმა უნდა, ეს მემკვიდრეობით (გენებით)არ გადადის, მაგრამ გადადის აღზრდით. მაგალითად, ადამიანებს, რომლებმაც ჰოლოკოსტი გადაიტანეს, დარღვეული აქვთ წარმოდგენა სამყაროზე და ამ გამოცდილებას შვილებსაც გადასცემენ. ისრაელში ფსიქოლოგები მუშაობენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მეორე და მესამე თაობებთანაც, რადგან  მსხვერპლთა შვილების ცნობიერებაში ჰოლკოსტის სურათი მშობლების გამოცდილების მიხედვით ყალიბდება და მასვე გადასცემენ თავიანთ შვილებს.

…ჩვენთან ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ ის ხალხია, ვინც ლენინგრადის ბლოკადა გადაიტანა. ზოგს, მაგალითად, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საკვების მიმართ. მრავალი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა პურის ნარჩენებს ლეიბის ქვეშ… მათ შვილებსაც საკვებისადმი ხშირად სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, დანაშაულად მიაჩნიათ საჭმლის გადაყრა. შესაძლოა, ასეთი ტრავმული გამოცდილება მესამე თაობასაც გადაეცეს.

წყარო: By Roman Schtill-Bitinsh, source: https://psy.su/feed/9975/

კამილო ხოსე სელა- ამისთვის ღირდა წერა!

0

კამილო ხოსე სელა 1916 წლის 11 მაისს გალისიაში, ირა ფლავიაში დაიბადა. სანტა მარია ლა მერის ეკლესიაში მონათვლისას მისთვის ათამდე სახელი დაურქმევიათ: კამილო, ხოსე, ხუანი, რამონი, ფრანსისკო, ანტონიო, სანტიაგო, აბრამი, საკარიასი და ლევი. მიუხედავად სელას რამდენიმე ებრაული სახელისა, მისი მშობლები გალისიელები იყვნენ. დედამისის, სარკინიგზო ხაზის ზედამხედველის შვილის სისხლში ბრიტანული და იტალიური სისხლიც კი ჩქეფდა.

ათამდე სახელის მქონე მწერალმა მადრიდში მედიცინა, ფილოსოფია და სამართალი ისწავლა. ესპანეთის სამოქალაქო ომშიც ჩაება, რაც არ უნდა უცნაურად თუ უხერხულად ჟღერდეს, იმათ მხარეზე, ვინც გარსია ლორკა დახვრიტა. თუმცა მოგვიანებით მთავარი წიგნი იმათ სისასტიკეზე დაწერა, ვის მხარესაც იბრძოდა. კაპრალი ხოსე სელა ამ ომში დაიჭრა კიდეც… ომის დასრულებისთანავე ვეტერანმა სელამ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და იქორწინა კ, 1945 წელს მარია დელ როზარიო კონდე პიკაავაზე. 1946 წელს 17 იანვარს შეეძინა ვაჟი კამილო ხოსე არკადიო სელა კონდე.

მისი საქვეყნოდ ცნობილი რომანი „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ 1942 წელს გამოვიდა, სადაც დაუჯერებელი ამბავი საოცრად დამაჯერებლადაა აღწერილი. რომანის მთავარი გმირი სიკვდილმისჯილი პასკუალე დუარტე თავადვე წერს თავის მიერვე ჩადენილი დანაშაულების შესახებ. მისი უბედურების მიზეზი მისი მშობლებია, რომლებიც გაუნათლებლები და მოძალადეები არიან. ის ბავშვობიდან უყურებს ლოთი დედისა და უტიფარი მამის ჩხუბს. დედამისს, რომელსაც წიგნში სახელიც კი არ აქვს, ალეგორიულად ესპანეთზე მიუთითებს. მას მთავარი როლი აქვს პასკუალეს დაღუპვაში. დედა ალეგორიაა დიქტატორული მმართველობის, რომელიც ისევე ხრწნის ადამიანებს, როგორც პასკუალეს დედა. პასკუალეს ავის მომასწავებელი წინათგრძნობა ტანჯავს, ცოლთან ალერსის დროსაც კი ცუდს უგრძნობს გული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამყარო, სადაც დუარტე ცხოვრობს, ბოროტებითა და სიკვდილით არის სავსე. პასკუალეც სადაც კი გარბის, იქ იქცევა…

თავისუფლებისა და საყვარელი ადამიანების ბედნიერებისთვის კი იბრძვის, თუმცა მისი ნებისმიერი წამოწყება სიკვდილით მთავრდება. სიკვდილი მას ბედის მდევარივით კუდში დასდევს. პერსონაჟი უბრალო ადამიანების სახეა ტოტალიტარიზმის მარწუხების დროს. პასკუალე თითქოს გამოსავალს პოულობს – ის გადაწყვეტს, მოკლას ღრძო დედამისი. ეს უკვე ალეგორიაა იმის შესახებ, რომ გამოსავალი ტოტალიტარული ქვეყნის სიკვდილშია, ანუ მის გარდაქმნაში.

ფიქრობს, რომ დედის სიკვდილით ყველაფერი ცუდი მის ცხოვრებაში დამთავრდება. თუმცა არაფერიც არ სრულდება.. პრობლემა მარტო დედამისში არაა, ხალხია ასეთი… ყველას ხომ არ მოკლავს.

ამ რომანმა სულ ახალგაზრდა ოცდათვრამეტი წლის სელა უცებ კლასიკოსად აქცია, თუმცა ფრანკოს რაზმელობის გამო ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას. ამის გამო მადრიდი დატოვა და მალიორკაზე გადასახლდა, სადაც ლიტერატურული ჟურნალი დააარსა და თავისი მეორე სახელგანთქმული რომანი „სკა“ გამოსცა. რომანს გამოკვეთილი გმირი არ ჰყავს, სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად საინტერესო პერსონაჟების ცხოვრება ერთმანეთში არის ჩახლართული.

კამილო ხოსე სელა 1957 წლიდან ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი იყო. 1995 წელს მშობლიური ქვეყნის კულტურის სამინისტრომ მას მიგელ დე სერვანტესის პრემია მიანიჭა, ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო. იყო ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი წიგნების ტირაჟებმა კი ეროვნულ გამოცემათა ყველა რეკორდი მოხსნეს. 1990 წელს დასცილდა პირველ ცოლს, მარია როზარიო კონდეს და ჟურნალისტ მარინა კასტანო ლოპესზე იქორწინა, რომელიც მასზე ორმოცი წლით იყო უმცროსი.

„ახალგაზრდობაში ნობელის პრემიის მიღების სურვილმა შემიპყრო… სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მზად ვიყავი დამეთმო ყველაფერი… მიზანი ამართლებდა ყოველივეს, ამისთვის ღირდა წერა! – იხსენებდა კამილო ხოსე სელა, როცა მიზანს მიაღწია. სამოცდაცამეტი წლის ასაკში ნობელის კომიტეტმა მას პრემია გადასცა.

მეოცე საუკუნის უდიდესი ესპანელი მწერალი 2002 წლის 17 იანვარს 85 წლის ასაკში ფილტვისა და გულის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი დაბადების ადგილას, ირა ფლავიაში დაკრძალეს.

 

 

 

„ატირების სურვილივით მძაფრი…“

0

დავით წერედიანის თარგმანი-შედევრები

„თუ ლექსს მაინცდამაინც ქალად წარმოვიდგენთ, (მთარგმნელს) სწორედ დედანთან არ ეპატიება მრუშობა, ანუ საკუთარი ენის ღალატი….“ – წერდა დავით წერედიანი. ამასწინათ სოციალური ქსელით თარგმანის სპეციფიკაზე ვსაუბრობდით და დამიწერეს, რომ შეუძლებელია თარგმნო და სიდიადე არ დააკლო ნაწარმოებს. მე მივუგე, რომ მაშინ აღარ უნდა ვთარგმნოთ არაფერი ან ვთარგმნოთ, როგორც დავით წერედიანი თარგმნიდა. თარგმნისას, ფაქტობრივად, ახალ ლიტერატურულ პროდუქტს ქმნი. ეს უცვლელი ფენომენია, ანუ სათარგმნი მწერლის ინდივიდუალობას ემატება მთარგმნელის პერსონა და ნიჭიერება. ეს ერთობლივი შემოქმედებაა უკვე – დიდ თარგმანს ვგულისხმობ, რასაკვირველია. დავით წერედიანს ვარიანტებად აქვს ნათარგმნი შედევრები და ეს ვარიანტები ერთმანეთზე უკეთესებია, – უკვე ცალკე, დამოუკიდებელი სიცოცხლე-შედევრები. მოდით, მივყვეთ ამ საოცარ პოეტურ ნიმუშებს წიგნის ქრონოლოგიით და ამოვზიდოთ მათგან ასოციაცია-განცდა-შემოფეთებები, სიცოცხლის ფილოსოფიაც და ინიციაციური მაღლამხედობაც…

 

არტურ რემბო – დავით წერედიანის პოეზია, ორიგინალი თუ თარგმნილი, საოცარი სიფაქიზის სიმკვეთრით, ხანდახან გაუცნობიერებელ განცდათა იკლიკანტურობით, ამ უკანასკნელთა ცნობიერების ზედაპირზე ამოზიდვითა და გაძვირფასებით ხასიათდება. ხანდახან ჭირს გარჩევა, ეს რეალობაა, ზმანება, თუ „ცხოვრება-სიზმარი“: „მდინარის ბინდში, სადაც ჭავლზე ვარსკვლავებს სძინავს/ ირწევა თეთრი ოფელია, დიდი სოსანი… ათასი წელი, და კვლავ თავის სიგიჟეს მღერის,/ მღერის, დუდუნებს დაბალ ხმაზე და ნიავს ატანს“ – „ოფელია“(5). ეს რეალობაცაა, რომელშიც „მიდღეხვალობ“ და „სერაფიმული მდუმარებაც არ-ამიერი“, ანუ ილუზორულობა შეუცნობლისა. როგორც ამბორი „დაძრწის ბაგეზე, მოცახცახე მხეცი პაწია“, ისე უზომოდ გაღელვებს ეს შეგრძნებები, ასე მიწიერიც და ასე ზეციურიც. რაც მთავარია, ყველა ნიუანსში პოეზიაა, თან უმაღლესი რანგის, რაფინირებული, ყოფაში ნაგრძნობი, როგორც მასზე ამაღლება თუ ზღაპრისეულში გადანაცვლება, თავის შეფარება ისე, რომ ვერ იგებ, სად მთავრდება რეალური და იწყება ირეალური, ისეა შეზრდილ-გადაწნეხილი ერთმანეთს…

 

აი, მაგალითად, საოცრად ირონიულ-სევდიანი, თითქოს, ძალიან „ქართული“ არტურ რემბო:

 

„მეტი ხათრის გამო

წავიხდინე ცხოვრება“ (14).

 

…და, ამავე დროს, საოცრად, მისტიკურობამდე ზეამაღლებული:

 

„სულის ყველა სიქვრივე,

ცრემლის ყველა ნათება

გულში შემოვიკრიბე,

მარიამის ხატებად“ (15) („სიმღერა მაღალი სამრეკლოდან“)

 

აგერ პოლიტიკურად პროზაულიც, მერკანტილურიც, ჩემო ბატონო, მაგრამ ფილოსოფიურად გაღრმავებულ-განყენებული: „ხელახალ შეხვედრამდე აქვე, ანდა, სულ ერთია, სადაც მოხალისე რეკრუტები, ფილოსოფიად ვაქცევთ მომხვეჭელობას. სწავლით უმეცარნი, ჯანს დავდებთ კომფორტისთვის. მომავალ ქვეყნიერებას სულიც ამოხდენია. პროგრესის გზაზე – წინ! ნაბიჯით იარ!“ („დემოკრატია“-17). რაოდენ ნიშანდობლივია ფრანგული პოეზიის ეს ნიმუში დღესაც, არა?

 

წუთისოფელი შემაძრწუნებლად მრავალფეროვანია ხანდახან, ყველაფერი ერთადაა, რაც შეიძლება მძაფრად განიცადო:

 

„გარიჟრაჟებად წამომფრთხალი გუნდი მტრედების!

კაცთა ნანახად გონებული! ზღვად ნაზღაპრევი!

მკვდართა მზე ვნახე, ძრწოლისაგან ესხა ფორეჯი…

ვისიზმრე მწვანე ღამეები, თოვლის კიაფი,

ნატვრა-ამბორი, ზღვის თვალებზე რომ ისახება,

უხილავ ძალთა მობრუნალი ბნელი წიაღი

და მგალობელი ფოსფორების ცისფრად გახელა!“ („მთვრალი ხომალდი“-21)

 

ეს უმძაფრესი ტკბილმწარეობა ხომ ყველა ენაზე თავისებურად, მაგრამ, ამავე დროს, ერთნაირადაც შესაგრძნობია?! „თავუკუღმა ჩაჭედილი“ ცხედარი; სივრცეების იისფერი, მბორგავი ნისლები, მეწამული კედლების ორწოხი, ტანთ ასხმული „ნუგბარი კეთილ მგოსანთა! მზეების ქერცლი, ლაჟვარდების მბზინავი ლორწო“; ბეჰემოთების მყვირალობანი; გაოცებაც, ტკივილიც, მდორეც და ამაღლებულიც, ოქსომორონებიც: „მაინც ევროპა მეძახოდა, ბჭედაფეხვილი!“.

 

დავით წერედიანის საოცარი შემოქმედებითი ოსტატობით სალიტერატურო ქართული ენის საკრალურ წიაღში „ვტივტივებთ“, არაა ამ მხრივ თარგმანში არანაირი, თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტი და, ამავე დროს, ევროპული პოეზიის „უცხო სამოთხეების“ სურნელსაც შევიგრძნობთ, სრული ბალანსია და ბუნებრიობა, უშუალობა სხვადასხვა სამყაროს თანხვედრისა:

 

„ცრემლით ვტიროდი! ჰო, მწარეა ნაღველი დილის,

ჰო, ყველა მთვარე-ცხროიანი, ყველა მზე – ცხარე!

ტრფობის ბალღამით გარუმბული, უგონო ქმნილი,

შიგ ხერხემალში გადავიფშვნა, დავინთქა ბარემ!

 

და თუ ევროპა მაინც მინდა, პატარა ფრანში,

შავსა და ცივში, სურნელოვან მიმწუხრში დგომა,

თვალსევდიანი, ჩამუხლული ტბორის წინ ბავშვი,

მაისის პეპლად მოფარფატეს რომ უშვებს ხომალდს“ („მთვრალი ხომალდი“, ვარიანტი II, 29).

 

პოლ ვალერი – აქაც წერედიანისეული სიფაქიზეა ყველგან: „კვლავ ხელახალი“ ზღვა იქნება თუ ჩუმი და ფრთხილი ადამიანის ჩრდილი, საფლავებზე რომ მიიკლაკნება; იგივე იდუმალება, რომელიც თარგმნის პროცესმა გამოიარა და ახალ შემოქმედებით ქურაში გამოწრთობილი ჩვენამდე მოსულა – „წარსულებზე მოფიქრალი, თრთის ნაპერწკალი“; მისტიკური, მტანჯველი, დაუვიწყარი სიზმრისეულობა:

 

„გარს ჩემი თეთრი საფლავების გამშლია ფარა,

და სანამ დავალ, მარტოსული დავეხეტები,

განუფრთხე ფუჭი ზმანებები, სათნო მტრედები,

ეს უცნაური ანგელოზნი, მომდგარნი კარად!“ („ზღვის სასაფლაო“ -43)

 

ისევ სიცოცხლის ვნება, „არყოფნით მთვრალი“, უტკბესად მწარე და სულმნათი. აქ გვხვდება პოეტური ფრაზები, პწკარები, რომლებიც ნოველურია, ანუ ამბავს გვიყვება:

 

„უებრო შეძლო, დიადემის უზადო წამო,

მე ვარ შენ შიგნით იდუმალი ფერისცვალება“. (იქვე – 44)

 

ეს რაღაც შეგრძნებებია, იდუმალი და სიტყვის ქარგა მათთვის მიცემული სავარაუდო ფორმაა, მრავალთაგან არჩეული. და ყველგან, ყველგან სიკვდილის ხსენით ნაკვები ამაოებაა, პოეზიის ზეიმი, სიცოცხლის შლეგი მომნუსხველობა, ჰიმნი:

 

„…ქალიშვილების შეკივლება, რა დასწვავს ხელი,

თვალი და კბილი, წამწამები ალმურით სველი,

ცეცხლთან ლაციცი ელვარე და მთრთოლვარე მკერდის,

სისხლი, ტუჩებზე მობრიალე, შერწყმული კოცნას,

და, რასაც ბოლო გაბრძოლებით თითები მოწნავს,

მიწად მიილტვის ყველაფერი, თამაშსვე ერთვის!…

 

ძენონ, ო, ძენონ ელეველო, უწყალო ძენონ!

ვარ გაბასრული შენი ისრით, შლეგსიტყვა ბრძენო, –

მოფრენს მწივარი და არ იძვრის, დროდაჟამს მუსრავს!

წივილი მბადებს და ის მგმირავს, ორბისფრთიანი!

მზე, მზე!.. და სულში კუს ბაკნიდან ჩრდილი გვიანი

გრძლად ეფინება შორსმიმსრბოლავ აქილევსს უძრავს!“. (იქვე -46)

 

ეს არის პოეზია, თითქოს „შობაც და შვებაც ქარისა“, ცით მონაბერისა, რომელშიც ქარის გარდა „სევდის მარმაშიანი“ წვიმის ნელი შრიალიც ისმის, მერე ჭუჭრუტანებში მზეც ათამაშდება და მთელი სამყაროა, თითქოს, ეს ლექსი, „სანთლის ალზე ფარვანის კრთომა“ (პოლ ვერლენის „შეღონება“)…

 

ფრანსუა ვიიონი – ამ პოეტთან რელიგიურობაა, ღვთის, ქრისტეს საიდუმლოს ამოცნობის სურვილი („იგია, თუ რამ სიხარული მოგველის სადმე“), როგორც „ღვთისმშობლის ლოცვა, დედისთვის შეთხზული“, ასე ჰქვია ლექსსაც. ჭეშმარიტებამ წვდომამდე შეიძლება მთელი ცხოვრება გამოგატაროს, მაგრამ მერე ის მარტივი მოგეჩვენოს, – ასე უცნაურია ადამიანი. ეს ცხოვრებაგამოვლილი ჭეშმარიტება კი ზოგჯერ ასეთია: „რადგან, თუ უყვარს და სიკეთე თუ უხარია,/ მჯერა, ცოდვილიც დაუსხლტება მაცდურის ბადეს“ (56). ყველაზე ძნელიც ხომ საკუთარი თავის შეცნობაა, არა? რომელიც ისეთივე უცხოა ხანდახან, როგორც თავად წუთისოფელი:

 

„…ვიცი ნატვრა და ფასი ნატვრისა,

ვიცი, რისია ქალთა მისნობა,

ვიცი ბეატაც და ბეატრისაც,

ვიცი, რომელი რითი იცნობა,

 

ვიცი ათასი იწილ-ბიწილო,

ვიცი, ვინ ვისთან იძილღვიძილა,

ვიცი ცრემლი და ცრემლში სიცილი,

ჩემი თავისა არა ვიცი რა.

 

პრინცო, ვიცი და პასუხსაც მთხოვენ,

ვიცი, საწუთრო მეც შემიწირავს,

ვიცი, სიკვდილი შემუსრავს ყველას…

ჩემი თავისა არა ვიცი რა “. („წვრილთქმათა ბალადა“– 59-60)

 

ეს ის ვიიონია, სიკვდილი რომ მიუსაჯეს და მისი ყელიც ყულფს ელოდა, თოკით აღსრულებულ ადამიანურ სამსჯავროს.

 

იოჰან ვოლფგან გოეთე – გოეთეს სიკვდილის მისტერიები დიდებულადაა გადმოქართულებული ლექსებში „თხილნართა მეფე“ და „თულის მეფე“. პირველ ლექსში მამას მიჰყავს სიცხიანი შვილი, რომლის უცნაურ ცხად-ზმანებებში მიღმიერი ხმა ისმის და სწორედ წარმავალისა და მარადიულის განცალკევების ტკივილის, შიშისა და გაუცნობიერებელი, პირველსაწყისთან წილნაყარობის იმედის დილემაა. ხოლო მეორე ლექსში თულის მეფე, სიკვდილის წინ ყოველ სამკვიდროს რომ გასცემს, გულის სწორის ნაჩუქარი ოქროს თასის გარდა, რომლითაც ბოლოჯერ შესვამს, უკანასკნელი სერობასავით ინადიმებს და გარდაიცვლება:

 

„ის იყო და ფერი სცვლია,

ჟამი გაულევია,

აღარც ცრემლი უმარცვლია,

აღარც დაულევია“ („თულის მეფე“–72).

 

ესაა სოფლის ტრიალი, რეალობის სიზმარი თუ „სიზმრად გადასროლილი“ რეალობა, რომელსაც მხოლოდ დერვიშულად თუ „შეებრძოლები“, ისე საკუთარი თავის, მისი და პირობითობების „ტყვე“ ხარ:

 

„მწყემსთა შორის ვივლი მწყემსად,

ოაზისთა ბინულს შევსვამ,

ქარავნებსაც გავყვე მინდა,

მუშკის, შალის, ყავის მზიდავთ,

უდაბნოზე ბილიკს გავდებ

ყველა ქალაქ-ქარვასლამდე“. (ჰიჯრა“ -76)

 

ეს ყველაფერი მგოსნური სიტყვის უკვდავებასთან ზიარებაა, სამოთხის კარის შეღებაო. საწუთროში, რომელშიც ყოველთვის ჭირდა ნამდვილისა და ღირებულის დადგენა, ეს დიდი ჯილდოა:

 

„რაც მაქვს, ლანდადღა ილანდება ცრემლსართავიდან

და სულ, სულ უფრო ნამვილდება, რაც გარდავიდა“. („ფაუსტის“ შესავალი — 78)

 

ტომას სტერნზ ელიოტი – ინგლისური პოეზიის ამ თარგმნილ ნიმუშთაგან ძალიან საინტერესოა და ორიგინალური „ჯ. ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო საგალობელი“. ამ თარგმანს მთარგმნელის წინათქმაც აქვს: „ამ წინათქმას ერთადერთი მიზანი აქვს – ლექსი იმაზე გაუგებარი არ გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია, რადგან სიტუაციაში გარკვევა პირველივე წაკითხვით თითქმის შეუძლებელია“, წერს დავით წერედიანი. ლექსის მთავარი პერსონაჟი კაცია, რომელმაც გალია საკუთარი ახალგაზრდობა, დაბნეული, საკუთარ თავში მერყევი ინტროვერტია და საღამოს წვეულებაზე მიდის, რომ საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვოს. ეს სიუჟეტური ქარგაა, იდეური, მაგრამ ლექსის რეალობაში „ბურუსია“ და ამ სასიყვარულო ფორიაქში არსადაა ნახსენები სიყვარული, მინიშნებულიც კი არაა. აი, ამონარიდი ამ ირონიული სასიყვარულო საგალობლიდან:

 

„გარდატეხისკენ მოაბრუნო ბოლო წამი, გეყოფა ძალა?

 

თუმცა ვტიროდი, ვლოცულობდი, ვტიროდი და ვმარხულობდი, ყველა გზა ვსინჯე

და მოკვეთილი ჩემი თავიც (თმამეჩხერი) ვიხილე სინზე,

წინასწარმეტყველს არ ვედრები… არა მაქვს ხელი…

ვნახე, სულ წამით აპარპალდა ჩემი დიდება,

მაგრამ ზედ კართან ისიც ვნახე, მარადი მცველი,

ხელთ ჩემი პალტო დაეჭირა და ხითხითებდა.

…ანუ, ვთქვათ მოკლედ – შიშმა დამძლია“. (148)

 

დავით წერედიანის თარგმანებში სასულიერო ლიტერატურაც შემოგვხვდება და ქართული ფოლკლორისტიკაც, მაგალითად, სვანური ვარიანტები. ამ ყოველივეს თავ-თავისი სპეციფიკა აქვს თარგმნისას. თუნდაც ფოლკლორთან ეთნოგრაფის დამოკიდებულება სხვაა (ამ უკანასკნელს მხატვრულ-ესთეტიკური მხარე ნაკლებად აინტერესებს) და ლიტერატურათმცოდნისა სხვა, რომლისთვისაც სწორედ მხატვრულ-ესთეტიკური ფასეულობაა ნიშანდობლივი. „როდესაც ხალხური ლექსი სწყდება თავის ბუნებრივ გარემოს და წერილობით ძეგლად იქცევა, გვინდა არ გვინდა, იგი ლიტერატურული ტექსტის ნიშან-თვისებას იძენს… სწორი არ იქნება, ჩვენი ეროვნული საგანძურის პირველხარისხოვანი შედევრები მიწაში ჩალაგებული ან მტვერწაყრილი გველაგოს (გამოქვეყნება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მტვრის გადაცლას)“, წერს დავით წერედიანი საოცარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით და გვთავაზობს ვარიანტებს, რომელთაგან უკეთესი რომელია, ჭირს დადგენა. ეს პროფესიული პირნათელობაც და მისი შედეგიც სწორედ ეროვნული საგანძურია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ხალხის პოეტურ სიმაღლეების გადმოქართულებაზეა საუბარი, ნებისმიერი მოცემულობით დროისა თუ სივრცისა… პოეზია ხომ „მტვერწაყრილიც“ პოეზიაა.

 

ციტატები წიგნიდან – დავით წერედიანი „შედევრები“, „ინტელექტი“, 2022

 

 

 

მხდალი მე

0

„მზე მაღლიდან გადაეშვა სადღაც,

ახლა ცაზე ღრუბელია მარტო.

რა წამია, რა სიმშვიდე დადგა,

მხოლოდ სხეულს დაღლილობას ვატყობ“.

ტერენტი გრანელი

 

(1) ბავშვობაში ბაბუაჩემმა დამაბრალა, რომ თხილის ტოტებს ნაჯახით კანს ვათლიდი. ერთს, ორს, ათს, ორმოცს. შევირბენდი ხოლმე თხილნარში და აი ასე, სუფთად, მთელ სიგრძეზე, კანს ავაძრობდი ხელცულით, რომელსაც მეგრულად კვაღა ჰქვია. ბაბუა მიყვარდა, ცუდს მაგაზე არავის ვათქმევინებდი და მეც გულში არ გავივლებდი არასდროს. შეპასუხება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ვეღარ დავაჯერე. დიდად მგონი არც მას, თავის სიმართლეში დაუეჭვებელს, არ უნდოდა ჩემი გაგონება. ვიცოდი, რომ თავის გამართლება ჯობდა, მაგრამ უცნაურად, თბილი სისასტიკით შემოვიდა ეს „სიმართლე“ ჩემს ფიქრში და მომეჩვენა, რომ მეც ნელ-ნელა დავიჯერე, რასაც ბაბუა ამტკიცებდა. მისი შექება და ჭკუის დარიგება ხომ მჯეროდა?!

(2) ის, ვისაც წინა საუკუნის 70-იანები გამოუვლია და ახსოვს, საბჭოთა ეპოქის შიში და ნოსტალგიაც მოჰყვება. შევარდნაძის რეჟიმი ყველაზე მეტად სწორედ იმ დროს გამოჩნდა – ინტელიგენციის უმრავლესობა სწორედ მაშინ დაება, მიეყიდა სისტემას. იმათგან უმეტესობამ ნახევარსიმართლის, იგავურობის ენა ირწმუნა და გაიხადა თავისი პოზიციის პლატფორმად, რაც არაფერი იყო თავის მოტყუების გარდა. იგავურად თქმული სიმართლე მხოლოდ პირველ შემთხვევაშია შთამბეჭდავი, მერე და მერე ამაზრზენი ხდება. შენც გიჩვევს, სიმხდალის მოზიარეს გხდის, ამიტომაც გაუჭირდა უმრავლესობას თავისი მხდალი მე-სთვის ზურგის შექცევა, მიფურთხება.

(3) ჩემი მეგობარი ტუსკია მიყვებოდა, – ხომ გახსოვს, მარის აპენდიციტის ოპერაცია რომ გაუკეთეს და ერთად წავედით მის სანახავად საავადმყოფოში. როდინდელი ამბავია. ხატი შევუგზავნე მაშინ. ვიცოდი, რომ მისი ნახვა ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ ბოლო წუთას უფრო ნეიტრალური და ნაკლებად წამგებიანი სვლა ვარჩიე. დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავს გამოვტყდომოდი: უარის და გაშვებული გოლების არ უნდა შეგრცხვესო.

 

(2) მამუკა წიკლაურის ჩანაწერების წიგნი „ცამეტი სისხლიანი მთვარე“ 2014 წელს გამოვეცით. როცა პოეტის მეუღლემ, ძვირფასმა ქალბატონმა ნანამ ტექსტის ელექტრონული ვერსია გამომიგზავნა, ეტყობა თავი ვალდებულად მიიჩნია, ესეც ეთქვა ჩემთვის:

– შვილო, ცხელ გულზე და ცხელ კვალზეა ეს წიგნი დაწერილი. პირველი პრეზიდენტი რომ დაამხეს იმ ამბავში ვინ როგორ გამოიჩინა თავი. თბილისში, უცხოეთში, რეგიონებში… დოკუმენტური სიზუსტით, ქრონოლოგიურად, ნამდვილი გვარ-სახელებით… მე კი ყველა სიტყვას ვეთანხმები, მაგრამ შეიძლება თქვენ ბევრ ვინმეზე დაგწყდეთ გული…

– ქალბატონო ნანა, გპირდებით, ყველა სიტყვა დაიბეჭდება უცვლელად.

მამუკა წიკლაურის რანგის კაცი და მწერალი ალბათ გაჭირდება, მაგრამ ახლაც, ყოველ დღე უნდა იწერებოდეს ქვეყნის დაქცევის და გადარჩენის მატიანე. ერთიც და მეორეც.

(3) მასთან რომ ხანგრძლივად საუბრის მომენტი ჰქონოდა, ერთხელ მაინც, გულს ამოიღებდა და ეტყოდა, რომ სინამდვილეში ძალიან ჩვეულებრივად იყო ყველაფერი: იმსახურებდა სიყვარულს მისგან. ხო, არსად არ გაქცევია მის სიყვარულს, მხოლოდ უარის ეშინოდა. უარი, რომელიც მერე მიიღო კიდეც, ღრმად ჩაილექა და ბევრი წელი დასჭირდა, რომ ეს ჩვეულებრივი, აუცილებელი უარყოფა გამხდარიყო მისთვის. უარყოფის გარეშე არც იწყება სიყვარული და არც არსებობს.

(1) ბაბუას თვალს ვარიდებდი, მის გვერდით ყოფნა მიჭირდა, როცა მარტო იყო. სადილობისას ვიგვიანებდი, ჩემთვის გამოყოფილი ადგილი (მის გვერდით) სხვას რომ შეევსო. „იქნებ უკვე აღარც ახსოვს, ჩაეკარგა ამდენ საქმეში“. მე ვერ ვივიწყებდი, ძილში მომყვებოდა, რომ არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რის გამოც… ჭადრაკს უაზროდ, გაფანტულად ვთამაშობდი ჩემს ძმასთან, ეზოდან არ გავდიოდი და ლამაზად დაჭრილი ხილი ყვირილით მივუყარე ბებიაჩემს, სანამ მორიგ ლექციას წამიკითხავდა იმაზე, რომ ყოველ ლუკმას წყალი არ უნდა მიაყოლო.

(1) ერთხელ, სადილობისას, ხანგრძლივ სიჩუმეში დედაჩემმა თქვა: „მამა, იქიდან დავბრუნდი და ჩემი თვალით ვნახე, რომ ხბო, ჩვენი ხბო აცლის კანს თხილებს“. მამამთილისთვის პირდაპირ, ერთი ამოსუნთქვით გამხელილი სიმართლე იმაზე სახიფათო იყო, ვიდრე დედაჩემს ეგონა. უცებ ბაბუაჩემი წამოდგა და უკან რომ მოვიხედე, დავინახე, რომ მხოლოდ ჩვენ მივყვებოდით. მე და დედა. ჩვენი ხბო თხილის ბუჩქს მისდგომოდა და ჩვენკენ არც გამოუხედავს.

(3) „სიყვარულს თამაში თუ არ შეერია, სერიოზულობა დახეთქავს. ადამიანს დიდხანს არ შეუძლია უპირობო სიყვარულის ატანა“, – მითხრა ტუსკიამ, ასე ვუთხარი მას, როცა ბოლოჯერ შევხვდი და ჩემი სიმხდალის გადასაფარად სხვა მიზეზი ვერ მოვიფიქრეო.

(2) გაბრიელ გარსია მარკესს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ 500-მდე ადამიანი მაინც ჰყავს მოხსენიებული – თან ეს ყველაფერი იქამდე, სანამ მერსედეს ბარჩას ცოლად მოიყვანდა, დიდ ლიტერატურ აღიარებას მოიხვეჭდა, მწვერვალზე მყოფი ყველაზე პოპულარული მწერლის სახელით დატკბებოდა… მაგ თვალით შემდეგ ბევრი ქართული ავტობიოგრაფია და მემუარი წავიკითხე. ამითაც გვჯობიან სამხრეთამერიკელები, ისინი თავიანთი ცხოვრების ადამიანებს არ მალავენ.

 

განძის ძიება-შთაგონების წყარო დაუვიწყარი გაკვეთილებისთვის

0

ლიტერატურა მრავლად იცნობს განძის მაძიებლებს. რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძული“ ჩემს შვილებს ხმამაღლა წავუკითხე და მათთან ერთად ჯიმ ჰოკინზს განძის საძიებლად ავედევნე. 150 წლის წინ დაწერილმა წიგნმა 21-ე საუკუნის მკითხველები მძაფრი განცდებით აგვავსო.

თუკი გსურთ, ბავშვების ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთოთ, ახსენეთ სიტყვა – განძი.

ყველაფერი დაიწყო წიგნიდან „100 გზა მოწყენილობის დასამარცხებლად“ (გამომცემლობა „პალიტრა L”). რუკით ძიება – ასე ჰქვია მკაფიო ინსტრუქციითა და ლამაზი ილუსტრაციებით აკინძულ აქტივობას. გთავაზობთ წიგნიდან სიტყვა-სიტყვით გადმოტანილ ინსტრუქციას:

რუკით ძიება

ეს მეტად სახალისო თამაშია! აირჩიე ადგილი და დამალე განძი. ეს ადგილი რუკაზე აღნიშნე – ის შენმა მეგობრებმა უნდა მოძებნონ.

რა დაგვჭირდება

– განძი (რაც მოგესურვება)

– ქაღალდი

– სახატავი აღჭურვილობა

ნაბიჯი 1.

უფროსის დახმარებით განძი სადმე გარეთ დამარხე. დარწმუნდი, რომ ის კარგად დამალული და დაცულია (მაგალითად, ყუთში).

ნაბიჯი 2.

შექმენი განძის რუკა, რომელზეც განძი X-ით იქნება აღნიშნული. რუკაზე ბევრი ადგილი დაიტანე.

ნაბიჯი 3.

განძის რუკა მეგობრებს მიეცი, რათა ძებნა დაიწყონ. რამდენი ხანი დასჭირდებათ დამარხული განძის საპოვნელად?

სახალისო იდეა

თითოეული მაძიებლისთვის თითო პატარა განძი გაითვალისწინე (მაგალითად, კანფეტი) შენთვისაც არ დაგავიწყდეს! (ჰირშმანი, 2019, გვ. 56)

ეს ინსტრუქცია გახდა შთაგონების წყარო დაუვიწყარი გაკვეთილებისთვის. თავდაპირველად აქტივობა „რუკით ძიება“ მცირე ზომის ტექსტის, ინსტრუქციის, გასაცნობად გამოვიყენე. ალბათ, მასწავლებლებს შეგინიშნავთ, როგორ უჭირთ ინსტრუქციის გაგება ბავშვებს. საშინაო დავალებისადმი გულაცრუების მიზეზიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი დაწყებითი საფეხურიდანვე არ მივაჩვევთ მათ ინსტრუქციის წაკითხვას. რთული წარმოსადგენი არ არის, რას განიცდიან სხვადასხვა საგნის დავალებების ინსტრუქციებთან მარტო დარჩენილი ბავშვები.

რამდენიმე გაკვეთილი დავუთმეთ ინსტრუქციის მახასიათებლებზე მუშაობას და ბოლოს შევქმენით მფრინავი წერილის ინსტრუქცია, კერძოდ, მეოთხეკლასელებმა პირველკლასელებისთვის მოიფიქრეს წერილის ქარგა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით თითოეულ პუნქტს და ბოლოს ძაფგამობმული წერილი პირველ სართულზე ჩავუგზავნეთ მათ.

რამდენიმე დღის შემდეგ მეოთხეკლასელი საბა გაკვეთილის ბოლოს მოვიდა და თავისი ხელით დახაზული რუკა გადმომცა, სკოლის ეზოში განძი დავმალე და მინდა, რომ თქვენ მოძებნოთო. მზიანი პარასკევი იყო. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გავშალე რუკა და სკოლის ეზოში ძებნას შევუდექი. რამდენჯერმე შემოვუარე სკოლას, მაგრამ ამაოდ. ჩემი კოლეგა დათო ბალახს კრეჭდა. რუკა ვაჩვენე და დახმარება ვთხოვე. იგი საგულდაგულოდ დააკვირდა საბას მიერ დახატულ რუკაზე მონიშნულ ადგილებს, შემდეგ თავისი ვარაუდი გამიზიარა და კვლავ ბალახის საკრეჭი აპარატი ააგუგუნა. მითითებული ადგილისკენ გავეშურე. ეკლიანი ბუჩქების გარდა, ვერაფერს მივაგენი. საბას დავურეკე და მინიშნება ვთხოვე. აი, მაგ ბუჩქთან ეძებეთ, მასწავლებელოო. ბოლოს ეკლიანი ტოტების მიღმა რაღაც შევნიშნე, მაგრამ ისე ღრმად იყო შემალული, ხელი რომ შევყავი, ლაბადა ეკლებს წამოედო და ძლივს გავითავისუფლე თავი. იქვე ფიცარი ეგდო. ბუჩქს დავადე და როგორც იქნა, მივწვდი განძს. ამდენი ძალისხმევის შემდეგ ერთი სული მქონდა, გამეგო, რა იდო ხელნაკეთ კონვერტში. სასწრაფოდ გავხსენი და დავინახე ბროლის ჭაღის ერთი ბურთულა და ერთი ცალი ვერცხლისფერი მუყაოს ქაღალდი, რომელმაც ხელში დაჭერისას მზის სხივები აირეკლა, ნათებამ კი ჩემს სახეზე გადმოინაცვლა. კონვერტის გვერდით რამდენიმე პლასტმასის პატარა სათამაშოც აღმოვაჩინე. ბროლის ბურთულა თვალთან მივიტანე და სკოლა, კორპუსები, მზე გამრავლდა – ერთი ასად იქცა. საბას ბროლის ბურთულები ჩემთვის მასწავლებლობის შესანიშნავი მეტაფორაა – ასი თვალი რომ უნდა გამოიბა და მათი ქცევა მრავალი კუთხით რომ უნდა განჭვრიტო. დავავლე ხელი საბას საჩუქრებს და სკოლის ჭიშკრისკენ მიმავალმა ჩემს კოლეგა დათოს სიხარულით ვაჩვენე ნაპოვნი განძი – ბროლის ბურთულა, ვერცხლისფერი მუყაოს ქაღალდი და პლასტმასის ზვიგენი. არ ვიცი, რა იფიქრა მან, სახეზე კი ღიმილი გადაეფინა და ბალახის კრეჭა განაგრძო. მე კი გული მადლიერებით ამევსო. საბამ, 10 წლის ბიჭმა, დიდი, თაფლისფერი კეთილი თვალებით, მოახერხა და ბავშვად მაქცია. ყველა შინაგანი პროცესი გავიარე, რასაც განძის მაძიებლობისას ბავშვები გადიან.

მეორე დღეს განძის ძიების შესახებ ჩემს მოსწავლეებს ვუამბე და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, განძის დამალვის სურვილი სხვებსაც გაუჩნდათ. რუკით ძიებამ სხვადასხვა კლასის მოსწავლეების გულები დაიპყრო.

კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მეექვსეკლასელი ნინის დამალულმა განძმა გვაჩუქა. ამჯერად ქართულის გაკვეთილის დაწყებისას მოვიდა და მთხოვა, განძი დავმალე და თუ შეიძლება, ყველამ ერთად მოვძებნოთო. დავთანხმდი. სიხარულით ავსებულები ვაკვირდებოდით რუკას და მინიშნებებს მივყვებოდით. ამჯერად რუკა მოსწავლეებმა გაიტაცეს და მე მათ მივყვებოდი. ნინისაც სკოლის უკან დაუმალავს პატარა ხელნაკეთი კოლოფი, რომელშიც თავისი ხელით აწყობილი მძივი იდო. გულის ფორმის სამშვენისი იხსნებოდა, შიგ კი იდო ერთი პატარა ოქროსფერი რგოლი, რომელიც ცხვირზე დავიმაგრე და მთელი დღე ასე გავატარე. საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა სამკაულები ფარნავაზის ნაპოვნ განძს დავუკავშირეთ.

მესამედ მეოთხეკლასელმა გაბრიელმა დამალა განძი. მისი რუკა წასაკითხად უფრო რთული აღმოჩნდა. მინიშნებებს სკოლის რამდენიმე ადგილზე მივყავდით. ბოლოს კი თავგზააბნეულებმა დახმარება გაბრიელს ვთხოვეთ. გვითხრა, რომ სწორ ადგილას ვიდექით, მაგრამ განძი ჟანგიანი ცისტერნის უკან აღარ დაგვხვდა. საქმე ის არის, რომ ყუთს, რომელშიც ჩემთვის ნაყიდი წიგნი „ჯაჯღანსები“ იდო, თურმე ზემოდან ეწერა განძი. გული დაგვწყდა, მაგრამ მპოვნელი ვერ დავადანაშაულეთ. წიგნთან ერთად ყუთში არავითარი მინიშნება არ იდო. ამიტომ განძი სამართლიანად ეკუთვნოდა მის მპოვნელს.

მეოთხედ მეექვსეკლასელმა ნინიმ გაგვაოცა – წინასწარ მოფიქრებული წერითი დავალებები დანომრა, ნომრები კლასში დამალა და რუკაზე დაიტანა. სანამ ნინი კლასში მერხების ქვეშ, ტანსაცმლის საკიდზე, მასწავლებლის მაგიდის ქვეშ, რაფაზე მინიშნებებს მალავდა, მთელი კლასი დერეფანში ველოდით. ეს დღეც დაუვიწყარი იყო. ყველა დაფაზე გამოკრულ განძის რუკას მიაწყდა და მერე სავარაუდო ადგილისკენ მიქროდა. იმ დღეს კლასის დამრიგებლის, მარი მასწავლებლის, ბავშვებისგან გამორჩევა გამიჭირდა. ისიც მთელი არსებით იყო ჩაბმული თამაშში. ნომრების მიხედვით წერითი დავალებების ინსტრუქციებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და სიხარულით ვწერეთ კუთვნილი დავალებები.

ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ზაფხულია. მობილურ ტელეფონში მოვძებნე ამ ოთხი დღის ფოტოები და მეტი თვალსაჩინოებისთვის ავტვირთე ჩემს ბლოგზე, რომლის ბმულსაც თქვენც გაგიზიარებთ. რუკით განძის ძიებამ სასწავლო პროცესის რუტინა გაარღვია და მძაფრგანცდებიანი ამბებით აავსო. ფოტოებში ცა ლურჯად კამკამებს, ჩვენი ვარდისფერი სკოლა გაშლილ სივრცეში დგას და ანდამატივით გვიზიდავს, ბავშვებს თვალები უციმციმებთ, სიხარულს ასხივებენ.

რუკით განძის ძიება ეროვნულ სასწავლო გეგმას ჰარმონიულად ებმის და მრავალ კომპეტენციას ფარავს, განსაკუთრებით, სემიოტიკურ აზროვნებას ავითარებს, ამასთანავე პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, თანამშრომლობით უნარებს, შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს.

 

ამჯერად კი ჩემ მიერ მეოთხეკლასელებისთვის დაგეგმილი განძის შესახებ უნდა გიამბოთ.

ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რუკით ძიებისთვის ფაქტობრივი მასალის მიხედვით შედგენილი კითხვები დამეკავშირებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა ფორმით მიმეწოდებინა ეს ბავშვებისთვის.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მეოთხე კლასი მშობლებმა დამრიგებელთან ერთად საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სანახავად წავიყვანეთ, შემდეგ პიკნიკი ზედაზნის ტყეში გავმართეთ.

ექსკურსიის დაგეგმვისას მშობლებმა როლები გავინაწილეთ – მე ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობების მოფიქრება გადავწყვიტე. ილიას სახლ-მუზეუმის დათვალიერებამდე ეზოში ხელნაკეთი „სლაიდებით“ მწერლის ბიოგრაფია გავაცანი, კერძოდ, სახატავ რვეულში დავხატე მინიმალისტური ილუსტრაციები და მათი ასაკის გათვალისწინებით მცირე ზომის ტექსტები დავიტანე. მინი-ლექციითა და ხელნაკეთი „სლაიდებით“ გავაცანი ილიას დედ-მამა, ყვარელი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, პეტერბურგის უნივერსიტეტი, ლექსი „ყვარლის მთებს“… საუბრის დაწყებამდე ბარათებზე დაწერეს საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძე.

ზედაზნის ტყისთვის კი მომზადებული მქონდა თუნუქის კოლოფში მოთავსებული ნივთები, რომლებიც სახლში მოვაგროვე.

გადავწყვიტე, რომ რუკას ტყეში დავხატავდი. კოცონის დანთებისა და სადილის შემდეგ საგულდაგულოდ შევისწავლე იქაურობა. დახმარება ვთხოვე ერთ გოგონას, რომელიც სხვებისგან განსხვავებით ვერ ერთობოდა. მე და სალიტამ ჩემს დღიურში პირველ მინიშნებად დავხატეთ დაბადების დღის გირლანდები, რომლებიც წვეულების მოწყობის შემდეგ ხეებზე გაბმული დარჩენოდათ. მეორე მინიშნებად ჩამქრალი კოცონი შევარჩიეთ, შემდეგ გზა ორად იყოფოდა და დამალული განძის ადგილისკენ ამჯერად ხის ფესვებს უნდა მიჰყოლოდნენ. თუნუქის კოლოფი კი ხეზე დავმალე. ხე ასასვლელად მარტივი და უხიფათო იყო. მწუხრი გვიახლოვდებოდა. ჩამავალი მზე ყვითლად ღუოდა ხეებს მიღმა.

იმ დილას განძისთვის საჭირო ნივთებს თავი რომ მოვუყარე, შემდეგ ფერად ბარათებზე 28 შეკითხვა ჩამოვწერე. კითხვები ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, რომელიც მათთვის უნდა გამეცნო, საკლასო ამბებს, კლასელების ინტერესებს, რამდენიმე მათემატიკურ მაგალითს, წლის განმავლობაში შესწავლილ ტექსტებსა თუ გრამატიკულ მასალას.

ისე დაემთხვა, რომ კითხვები მინიშნებების მიხედვით გადანაწილდა – თითო მინიშნების ილუსტრაციის საჩვენებლად 7 შეკითხვისთვის უნდა გაეცათ პასუხი.

შეკითხვები ამგვარი იყო:

I მინიშნება ხეზე გაბმული გირლანდები

  1. იპოვეთ ორი შეცდომა:

მარიამ, ზოგი ფრინველები უკვე დაბრუნდნენ თბილი ქვეყნებიდან.

  1. ეს გოგო ყვითელი თვითმფრინავით მარტო გაფრინდა.
  2. ეს პერსონაჟი ჩვენს კლასს ნიკოლოზ ჩაჩანიძემ გააცნო ლიტერატურულ კაფეში და ყველამ შეიყვარა.
  3. მერცხალი – ჩასვით ეს სიტყვა მრავლობით რიცხვში.
  4. იპოვეთ ფრაზეოლოგიზმი:
  • თავქუდმოგლეჯილი მირბოდა.
  • ციცინათელები ციმციმებდნენ.
  • ერთი სული მქონდა.
  1. ქვეშმიწერით გაამრავლეთ 65 35-ზე.
  2. დაასახელეთ გვარი თქვენი კლასელისა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნათესავად მიიჩნევს თავს.

 

II მინიშნება – ჩამქრალი კოცონი

  1. დაასახელეთ ლექსის (იგავ-არაკის) სახელი, რომლის მიხედვით სასამართლო დავდგით.
  2. ვინ დაიბადა 1962 წლის 29 ივლისს?
  3. რა ერქვა ილია ჭავჭავაძის დედ-მამას?
  4. სწრაფად უპასუხე: რამდენია 7-ჯერ 7?
  5. ეს პერსონაჟი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მას დანიელი და ჰერიოლფიც იცნობენ. პერსონაჟი იყენებს ჟარგონებს.
  6. რა ჰქვია მცირე ზომის ტექსტს, რომლის მიხედვით ვაცხობთ ნამცხვარს?
  7. ვინ ძერწავდა ყველაზე კეთილსახიან გველეშაპებს?

 

III მინიშნება – გზიდან ამოჩრილი ხის ფესვები

 

  1. ვინ წამოიძახა ერთ გაკვეთილზე: „ეს სიტყვა სპარსულია?“
  2. რა ჰქვია მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს? განთიადი – დაასახელეთ ამ სიტყვის 3 სინონიმი.
  3. ერთ-ერთი ფეხტურისას რომელ კლასელს დავუძახეთ სტადიონიდან?
  4. ვინ დაიბადა 1986 წლის 23 აპრილს?
  5. ვინ დაწერა ლექსი „არწივი“?
  6. რომელ მწერალს მივულოცეთ დაბადების დღე ბარათებით
  7. რომელი ორი გოგოს მერხს ვეძახდით იუპიტერს?

 

IV მინიშნება – ხე

  1. ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას რომელი მოსწავლე წერდა დღის ჩანაწერს გზაზე გადასვლის დროსაც და სკოლის ჭიშკართანაც კი?
  2. ვის ვეძახი მომავალ ენათმეცნიერს?
  3. ვის უყვარს დინოზავრები განსაკუთრებულად?
  4. რომელ სიტყვას აქვს ქართულად და სომხურად ერთი და იგივე მნიშვნელობა?
  5. ვისი ჩანთა ბრჭყვიალებს მზის სხივების მოხვედრისას?
  6. ვინ არის ჩვენი კლასის მოდის დიზაინერი?
  7. ვინ მოახერხა, რომ კლასის კარზე დაჯახებისას ცხვირი გაეტეხა?

ნაცნობი თემების მიხედვით აკინძულმა შეკითხვებმა ბავშვები გაახალისა, გუნდურად მპასუხობდნენ და ერთმანეთს ეხიდებოდნენ პასუხების გამოცნობისას. მფრინავი ქალის, ამელია ერჰარტის, შესახებ საინფორმაციო ტექსტი ურთიერთსწავლების მეთოდით გავაცანი; ვაჟა-ფშაველას „არწივის“ მიხედვით ჩრდილების თეატრი გავმართეთ; იაკობ გოგებაშვილს დაბადების დღის მისალოცი ბარათები მივწერეთ; განთიადის სინონიმები „სალამურას თავგადასავალში“ გვხვდებოდა; ნიკოლოზმა „კაპიტანი ტრიკო“ წარადგინა ლიტერატურულ კაფეში და შემდეგ წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა; წრიპა ბიჭი ნორვეგიაში დაბადებული და გაზრდილი ორი თანატოლის, ჰერიოლფისა და დანიელის, საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა და მათი სკოლაში სტუმრობისას ამ დამთხვევით გაიხარეს; ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე დიდი გატაცებით მუშაობდნენ. ერთ დღესაც წინა მერხიდან საბამ გასძახა კლასის ბოლოში მყოფ კლასელებს, რომლებმაც სიხარულით გვამცნეს რომელიღაც სიტყვის პოვნა, ეგ სიტყვა სპარსულიაო; გოგა სომეხია და მთელი გულით შეიყვარა ქართული ენა, რის გამოც მომავალ ენათმეცნიერს ვეძახი. სწორედ გოგამ გვითხრა, რომ სიტყვა ჟამი სომხურადაც დროს ნიშნავს; მცირე ზომის ტექსტის, რეცეპტის, მახასიათებლებზე მუშაობას მარია ფარის „ვაფლის გულების“ დასრულების შემდეგ ვიმუშავეთ და სკოლაში დიდ ფორმატზე დაწერილი სახალისო რეცეპტის მიხედვით ვაფლებიც კი გამოვაცხვეთ; ფრაზეოლოგიზმებზეც შეყვარებულები არიან და ერთ გაკვეთილზე ჯგუფურად იმუშავეს – თითო ფრაზეოლოგიზმი დახატეს და კლასის წინაშე წარადგინეს; მრავლობითი რიცხვი და კუმშვა-კვეცაც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ხალისით ისწავლეს; მიმართვის შემდეგ მძიმე რომ დაისმის პირადი წერილების წერისას დაიმახსოვრეს; დანარჩენი კითხვები კი კლასელების თავგადასავლებს უკავშირდება და ამგვარად ცუდი ამბები თუ შეცდომები დროსთან ერთად დადებით შინაარსს რომ იძენს, ამის ხაზგასასმელად გავიხსენე; დამრიგებლისა და ქართულის მასწავლებლის დაბადების დღის თარიღებიც მათ გასახალისებლად შევიტანე კითხვარში.

რაც შეეხება განძს, თუნუქის კოლოფი მრავალფეროვანი ნივთებით ავავსე: ფერადი ცარცები, პატარა წიგნები, ბროლის ქვები, კალის ჯარისკაცი, ღია საფოსტო ბარათები (თითოეულისთვის), ფუნჯი, ნიჟარა, ძაფის გორგალი, შტამპები, შტუტგარტის ბიბლიოთეკიდან წამოღებული ბუკლეტი და ბროშურა – ყოველივე ეს იმისთვის, რათა მათი პატარა გულები სიხარულით ავსებულიყო და თან პატარა საჩუქრებით გახარება რომ ესწავლათ.

ბავშვებთან ერთად განძის საძიებლად რამდენიმე მშობელი გამოგვყვა. ეს იყო ერთად ყოფნის დაუვიწყარი წუთები – არ გვახსოვდა დრო, მოცული ვიყავით პროცესით და ერთმანეთით ვხარობდით. ყოველი მინიშნების აღმოჩენისას ბავშვებთან ერთად მშობლებიც თავქუდმოგლეჯილი მივრბოდით. ბოლოს, როგორც იქნა, ხეც ამოიცნეს და ხისკენ რბოლა იყო ყველაზე აზარტული. ლიზი მარდად აძვრა და აღტაცებულმა ჩამოიტანა თუნუქის კოლოფი ხიდან. მერე წრიულად დავსხედით და საჩუქრები დავარიგე. სხვა მშობლები გვირეკავდნენ და გვიხმობდნენ. უკვე ვახსენე, მწუხრი რომ დგებოდა და მზე ყვითლად ღვიოდა ხეებს შორის. როცა ხისკენ მივქროდით ყვითელი მზე წითლად ბდღვრიალებდა და ტყეც წითელ ფერში იყო ჩაძირული. მზის ჩასვლა იმ დღეს თითქოს ჩვენ გველოდა.

ახლა უკვე ვიცი, როგორ დავგეგმავ რუკით განძის ძიებას. შეიძლება, რომელიმე შემაჯამებლადაც ვაქციო და გარკვეული თემის შესწავლის შემდეგ კითხვები განძის ძიებისთვის ავკინძო. ვიცი, რომ ზედაზნის ტყეში გამართული განძის ძიებას ბავშვებიც აირეკლავენ და ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანი ისევ მოვა და მეტყვის, ლელა მასწავლებელო, განძი დავმალე და იპოვეთო.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჰირშმანი, კრის. 2019. 100 გზა მოწყენილობის დასამარცხებლად: მოსწყდი ეკრანს და გაერთე. თარგ. ნუკა ზურაშვილი. რედ. თეა ბარამაშვილი, თამარ ჟურული. თბილისი: პალიტრა L (ორიგინალი დაიბეჭდა 2018 წელს)

მდგრადი განვითარების მიზანი -ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

0

მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულება ნიშნავს უკეთეს მომავალს. ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს ეხება. თითოეულის შესრულება მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლისთვის. მსურს, გესაუბროთ მდგრადი განვითარების #7 მიზანზე – ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია. ენერგიის დაზოგვა და ეფექტური გამოყენება დიდ გავლენას ახდენს იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

აქვე მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის შესახებ. „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ დაარსდა 2015 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის მიერ. ის მხარს უჭერს აქტიურ სკოლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, უკეთესობისკენ შეცვალონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. კონკურსის ფარგლებში, ეკოკლუბებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოხალისეობრივად იმუშაონ ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, რის შედეგადაც შეძლებენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასა და აღნიშნული მიზნების ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაში. მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება ხვდება, რომ გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით, ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია. კონკურსში მონაწილეობა არის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ეტაპი პასუხობს ე.ს.გ.-ს მოთხოვნებს. მასწავლებელს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, იმუშაოს როგორც მდგრადი განვითარების მიზნებზე, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებზეც. კონკურსში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მონაწილეობა ნიშნავს:

  • მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს;
  • მუშაობას არაფორმალურ სივრცეში, მრავალფეროვანი აქტივობებით;
  • მოსწავლე, მშობელი და სკოლა – ამ სამი მნიშვნელოვანი რგოლის გაერთიანებასა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას;
  • სკოლის, თემის განვითარებაზე მორგებული აქტივობების განხორციელებას.

მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია. მრავალფეროვანი აქტივობებით მოვხვდით ნახევარფინალში, ხოლო კონკურსში „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ სასკოლო გრანტი ავიღეთ. კონკურსს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, CENN სთან თანამშრომლობით.

კონკურსის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური“ აქტივობების ჩამონათვალი:

აქტივობა N1. აჩუქე ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს გამოფენა-გაყიდვა.

აქტივობის მიზანი: ძველი ნივთების გაცოცხლება ნარჩენების შემცირება და ენერგიის ეფექტურად გამოყენება.

ქმედება: მოსწავლეებმა ძველი ნივთების გამოყენებით შექმნეს ახალი ნივთები, გაიაზრეს ნარჩენების სწორი მართვის აუცილებლობა. მიხვდნენ, რომ გადაყრა დასასრული არ არის. ასევე გააანალიზეს ისიც, რომ ახალი ნივთების დამზადებას ბევრად მეტი რესურსი და ენერგია სჭირდება, ვიდრე გამოუსადეგარი ნივთების გადამუშავებას. მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ არსებობს ნარჩენების მართვის იერარქია:

  • შემცირება
  • ხელახლა გამოყენება
  • გადამუშავება
  • ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად
  • განთავსება (ნაგავსაყრელზე).

მათ გადაწყვიტეს შეემცირებინათ ნარჩენები, გამოეყენებინათ ის ხელახლა და ამ ქმედებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ ენერგოეფექტურობისკენ. აქედან გამომდინარე, მათ დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და სკოლის ეზოში მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. წარმოადგინეს პლაკატები „გახდი ენერგოეფექტური“ და მოსულ სტუმრებს აცნობდნენ აქტივობის მიზანს, ცდილობდნენ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აქტივობა N2. გადაამუშავე, დაიცავი გარემო და გახდი ენერგოეფექტური

აქტივობის მიზანი: ნარჩენების შემცირება. გონივრული მოხმარება და ენერგიის ეფექტურად გამოყენება.

ქმედება: მოსწავლეები შეხვდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ენერგიის დაზოგვა და ეფექტურად გამოყენება. შეხვედრების შემდეგ, ნახეს სხვადასხვა ვიდეორგოლი ენერგოეფექტურობის შესახებ. მიღებული ინფორმაციების გაანალიზების შემდეგ, თავად შექმნეს საინფორმაციო სახის ბუკლეტები – „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“.

ბუკლეტები დაარიგეს თემში, ჩაწერეს ვიდეორგოლები და განათავსეს სკოლის გვერდზე, ასევე  YouTube-არხზე.

ნარჩენების სეპარირებასთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა სკოლაში განათავსეს ურნები- პლასტმასასა და მაკულატურისთვის. დროდადრო ხდებოდა მოგროვებული ნარჩენების ჩაბარება/გადამუშავება. საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება გაიმართა წეროვანში, ტენეს საწარმოში, სადაც დახვდათ სხვადასხვა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დაამზადეს ტელეფონის სატენები, ნახეს ხელნაკეთი დამტენი ველოსიპედი. სკოლაში დაიდგა ტენეს მწვანე ურნა. ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „სიკეთის ყუთში“ ჩაალაგეს ტანსაცმელი. მოსწავლეები მიხვდნენ, რომ მსგავსი ქმედებები ხელს შეუწყობდა ენერგოეფექტიანობას, გარემოს უსაფრთხოების დაცვას. მიხვდნენ, რომ ნებისმიერი ნივთის პირველადი წარმოებისას ბევრად მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე გადამუშავებისას, რა შემთხვევაშიც მცირდება სათბურის აირების გამოყოფა და ნელდება გლობალური დათბობა.

აქტივობა N3. ენერგოდამზოგი ნათურების დამონტაჟება და გაფუჭებული წყლის ონკანის გამოცვლა

აქტივობის მიზანი: სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესება და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება

მოსწავლეებმა, გამოფენა-გაყიდვისა და მაკულატურის ჩაბარების აქტივობები სკოლის ენერგოეფექტურობისთვის გამოიყენეს. აღებული თანხით შეიძინეს ენერგოდამზოგი ნათურები და წყლის ონკანები. ვარვარა ნათურები ჩაანაცვლეს ენერგოდამზოგი ნათურებით, ხოლო გაფუჭებული წყლის ონკანები, საიდანაც წყალი უმიზნოდ იხარჯებოდა – ახლით.

აქტივობა N4. ერთი დღე უმანქანოდ Car Free Day

აქტივობის მიზანი: ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან და ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა/გაძლიერება

ენერგოეფექტურობა ნიშნავს მეტ სარგებელს ნაკლები დანახარჯით. კლუბის წევრებმა მოუწოდეს სასკოლო საზოგადოებას – კლასელებს, მასწავლებლებსა და ოჯახებს კვირაში ერთი დღე გადაადგილდნენ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყონ ჰაერის დაცვას დაბინძურებისგან და ენერგიის ეფექტურად გამოყენებას.

მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობასა და აქტივობების დაგეგმვაში დაგეხმარებათ სახელმძღვანელოები, რომელთა ნახვაც შესაძლებელია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის ვებგვერდზე გარემოსდაცვითი და აგრაი განათლება სკოლაში. მდგრადი განვითარების N7 მიზანზე – ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია მუშაობისას გამოგადგებათ შემდეგი ვიდეორგოლები:

 

 

 

 

ელექტროქიმიური რეაქციები ცოცხალ სამყაროში

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ლექსიკონში „ბუნებისმეტყველება“ ასეა განმარტებული: ,,naturologia –  მეცნიერების სისტემა ბუნებაზე. ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიც ერთიანად სწავლობდნენ პროცესებს. ჩვენი სასწავლო გეგმით ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ცალ-ცალკე საგნად ისწავლება, თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა განყენებულად განხილვაც წარმოუდგენელია.

ინტეგრირებული გაკვეთილების მნიშვნელობაზე ჩვენს ჟურნალში უამრავი საინტერესო მასალაა წარმოდგენილი.  ჩემს წერილში კი ერთ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავ სამივე მეცნიერების კუთხით. სტატია გამოადგება როგორც ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებს ცალკეული გაკვეთილის დასაგეგმად, ასევე ერთობლივად ინტეგრირებული აქტივობებისთვის. საქმე ეხება იმ ელექტროქიმიურ პროცესებს, რომლებიც ადამიანისა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარეობს. კუნთის შეკუმშვა, ნერვული იმპულსის გავლა ნეირონში, ატფ-ის წარმოქმნა მიტოქონდრიაში, ფოტოსინთეზი და სხვა  ელექტროქიმიურ რეაქციებს მიეკუთვნება. უჯრედის შიდა, ციტოპლაზმის მხარე დამუხტულია უარყოფითად, ძაბვა დაახლოებით 50 -200 მვ-ის ფარგლებში მერყეობს.

მემბრანული პოტენციალი ბატარეის, დენის წყაროს მსგავსად მოქმედებს. მისი ფუნქციაა მემბრანის გავლით დამუხტული ნაწილაკების გადატანა. გამომდინარე იქიდან, რომ მემბრანის შიდა მხარე უარყოფითად არის დამუხტული, კატიონები პასიური ტრანსპორტის გზით აღწევენ უჯრედში, ანიონები კი უჯრედგარე სივრცეში გადაადგილდებიან.

იონების რაოდენობა, რომელიც მემბრანაში გაივლის, განსაზღვრულია და არა შემთხვევითი. იონების მოძრაობას ორი ძალა განაპირობებს, ერთი ქიმიური – იონების კონცენტრაციული გრადიენტით განპირობებული; და მეორე ელექტრული – მემბრანული პოტენციალით განპირობებული. ამ ორი ძალის ზემოქმედების შედეგია ელექტროქიმიური გრადიენტი. ის  იქმნება  მიტოქონდრიაში:

მიტოქონდრიის შიდა მემბრანის მატრიქსის მხარე იმუხტება უარყოფითად, მემბრანათაშორისი სივრცის მხარე კი – დადებითად. მას შემდეგ, რაც პოტენციალთა სხვაობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, იხსნება ფერმენტის არხი და წყალბადის კატიონები დიდი სისწრაფით მოძრაობენ მატრიქსის მიმართულებით. ამ დროს მიიღება ენერგიის უნივერსალური წყარო, ატფ.

ასევე ქლოროპლასტის თილაკოიდის მემბრანაში, ფოტოსინთეზის სინათლის ფაზაზე წყლის ფოტოლიზი მიმდინარეობს.  წყალი იჟანგება და წყალბადის კატიონები და მოლეკულური ჟანგბადი წარმოიქმნება.

თილაკოიდის მემბრანა დაგროვილი წყალბადის კატიონების გამო ერთი მხრიდან დადებითად იმუხტება, მეორე მხრიდან კი – უარყოფითად. მიტოქონდრიის მსგავსად, როცა პოტენციალთა სხვაობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ატფ-სინტაზა იხსნება, წყალბადის კატიონები იწყებენ სწრაფ მოძრაობას.

ცოცხალ სამყაროში „ცოცხალი“ დენის წყაროებიც არსებობენ. მათ შორისაა თევზების სახეობები. ნებისმიერი თევზი, რომლებსაც ელექტრული ველის გენერირება შეუძლია, ელექტრულ თევზად მოიხსენიება.

თევზების გარკვეულ სახეობებს შეუძლიათ არა გენერირება, არამედ ელექტრული ველის შეგრძნება. ელექტრული თევზები ცხოვრობენ როგორც ოკეანეში, ასევე მტკნარ წყალში. მათ შორის არის ძვლოვანი და ხრტილოვანი თევზები. მათ გააჩნიათ ე.წ. ელექტრული ორგანო, რომელიც შედგება სახეშეცვლილი, სპეციალიზებული კუნთოვანი და ნერვული უჯრედებისგან. ამ უჯრედებს ელექტროციტები ეწოდება. მათ შეუძლიათ ძლიერი ელექტრული ველის აღძვრა.

იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის ძაბვა აღიძვრება განმუხტვის დროს, არსებობენ სუსტი და ძლიერი ელექტრული თევზები. სუსტი ელექტრული თევზების მიერ გენერირებული ძაბვა 1 ვოლტზე ნაკლებია, ამიტომ ეს თევზები  ელექტრობას თავდაცვისთვის ვერ იყენებენ. მხოლოდ ნავიგაცია შეუძლიათ ასეთი მცირე სიდიდის ძაბვით.

ძლიერ ელექტრულ თევზებს ელექტრული გველთევზა მიეკუთვნება. მის მიერ აღძრულ ძაბვას ადამიანი შეხებისას აღიქვამს. განმუხტვის დროს გველთევზას მიერ გენერირებული ძაბვა 10 ვოლტს აღემატება, ზოგჯერ 860 ვოლტსაც აღწევს.  ელექტრული ორგანო შედგება ბრტყელი, განიერი ელექტროციტებისგან, ეს უჯრედები ქმნიან და აგროვებენ ენერგიას. უჯრედი რეაგირებს ნერვული სისტემის სიგნალზე.

ნერვული უჯრედები გამოყოფენ მედიატორს აცეტილქოლინს, რომელიც უკავშირდება რეცეპტორებს. ბოლოს უჯრედის ერთი ბოლო იმუხტება დადებითად, მეორე – უარყოფითად.  ელექტროციტები ერთმანეთს ნატრიუმის  ტუმბოთი უკავშირდებიან, ე.ი. მიმდევრობით არიან ერთმანეთთან შეერთებული. ელექტროციტების დასტები კი ერთმანეთს პარალელურად უკავშირდებიან.

ნატრიუმის ტუმბოს ფუნქციაა უჯრედიდან ნატრიუმის იონების ამოტუმბვა. ამ დროს უჯრედი შიგნიდან დადებითად იმუხტება და გარედან უარყოფითად. ამის მიზეზია კალიუმის 3 კატიონის შესვლა უჯრედში და იქიდან ნატრიუმის ორი კატიონის გამოთავისუფლება. საფრთხის შემთხვევაში იონები პირიქით მოძრაობენ და უჯრედი შიგნიდან ისევ უარყოფითად იმუხტება, გარედან – დადებითად. მიმდევრობით შეერთებული ელექტროციტები ქმნიან  ცოცხალ აკუმულატორს.

მსგავსი ელექტრული სიგნალებით მოძრაობს მწერი ერთი ყვავილიდან მეორეზე.

კუნძულ მადაგასკარზე, აფრიკასა და ავსტრალიაში ცხოვრობს ელექტრული გეკონი. მისი თითების ქვედა ზედაპირებზე უმცირესი დაბოლოებებია, რომლებიც ზედაპირთან შეხებისას ელექტრომაგნიტურ ველს ქმნიან.

 

 

ძილ-ბურანის საბადო

0

 

***

საუკუნის დასაწყისში, ქობულეთის ზღვისპირა კაფეში ერთი მხიარული გოგო მუშაობდა.  დაუვალებიათ, თუ ვერ იზეპირებ შეკვეთას, კეთილი ინებე და ჩაიწერეო. ეს გოგო პატარა ბავშვივით წერდა, ნელა და დიდი ასოებით, იმხელებით, რომ შეკვეთას ერთ გვერდზე ვერ ატევდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ სამი პორციის შემთხვევაში, სამჯერ წერდა – „კატლეტი და პიურე“, ანუ „ტ“-ს დაწერა 6-ჯერ უწევდა. ტანს რომ მოხაზავდა, ღიმილით გამოგვხედავდა, თავი მარჯვნივ უნდა თუ მარცხნივო.

ჩვენც ვგულშემატკივრობდით, მაგრამ მარჯვენისა და მარცხენის გარჩევაც უჭირდა. არცერთი „ტ“ ერთმანეთს არ ჰგავდა. ამდენი შესაძლებლობა „ი“-ს და „ა“-ს ვერ ექნება, „ტ“ ქართული  ანბანის სამკაულია.

***

რუთო ყოფილა, წამლის ვაჭარი კულაშში. ბებიასთვის ხშირად გაუმართავს ხელი, როცა ბავშვებისთვის წამლის ფული არ ჰქონდა. ბოლოს სამტრედიის რკინიგზის სადგურში უნახავს ისრაელში გამგზავრებამდე და ორივეს უტირია. მამაჩემისგან ისიც მსმენია, შაბათობით ქრისტიანი ბავშვები კულაშში მიდიოდნენ და ებრაელებს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ, იმათ შაბათი რომ შეენახათ. ღანირ-ქუტირამდე კულაშია, ჩემი ბავშვობის გზა აყვავებული ტყემლებით.

***

ქუჩაში დგას ქალი, მობილური მკვდარი ჩიტივით უჭირავს ხელში და ნერვიულად გაიძახის: დამეხმარეთ, დამეხმარეთ! სანამ მივუახლოვდებოდი, თვითონ წამოვიდა ჩემკენ: აი, თქვენ ახალგაზრდა ხართ, შედარებით, იქნებ დამეხმაროთ, ვეღარ ვრეკავ ვერსად, რაღაცაზე დამეჭირა ხელი. მოკლედ, ქალი მიწაზე იდგა და airplane mode-ზე მოუმართავს მობილური, ჯადო მარტივად ავხსენით და ავთოსთანაც დავრეკეთ. ვინც ჩემი და ტექნოლოგიების ამბავი იცის, არ გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ იმ წუთას მხოლოდ ერთი ქალის კი არა, სამყაროს მხსნელი მეგონა თავი.

 

***

ერთმა ოქრომჭედელმა სამაჯურის საკეტი გაკეთების ნაცვლად კიდევ უფრო გამიფუჭა. წამოსაღებად რომ მივედი და მკვდარი გველივით დამახვედრა, ნამეტანი უხეშად ვუპასუხე. წლების მერე იმ სახელოსნოსთან გავლისას გამახსენდა ეს ამბავი და შევუარე ბოდიშის მოსახდელად. შევედი თუ არა, დამესივნენ ხელოსნები, ვიცანი ჩემი დამაქცევარი და დავიწყე მობოდიშება. ამ კაცმა არც შენ მახსოვხარ, შვილო, და არც ამბავიო, მაინც რა იყო, რა მოხდაო. მოვუყევი, ასე იყო და ასე გითხარით-მეთქი. ამიხირდა, გაგიფუჭე – გაგიფუჭე, ეგ როგორღა მაკადრეო, დავცხეთ თავიდან და უფრო მაგრად ვიჩხუბეთ.

 

***

ერთხელ ამერიკელი ქალი გავიცანი, კომუნიკაციის სპეციალისტი. თბილისზე ვლაპარაკობდით, მაშინ აჭრელებული იყო აბაშიძის ქუჩა წარწერებით. მე ვერ ვკითხულობ, მაგრამ რაღაცას გეუბნებიან თინეიჯერებიო. მე ვუხსნიდი, რომ ზოგი წარწერა უხამსია, მაგრამ რადგან ახალი შეკეთებულია ფასადები, როგორც მატერიალურ ზიანს, ისე უფრო აღიქვამენ ამ უბნელები-მეთქი. რამდენჯერაც წაშლით, იმდენჯერ მოხატავენ, მაგრამ არსებობს მეორე გზაც – თუ ამას მავნებლობად აღიქვამთ და არ გსურთ, რომ დილაობით მოხატული კედლები დაგხვდეთ, დაიწყეთ იგივე უფროსებმაც, ისინი ამ სივრცეს გაეცლებიან და მერე შეათეთრეთო. ისე კი, ჯობია, კარგად წაიკითხოთ და პასუხებიც მზად გქონდეთო.

 

***

სულაც არ არის სასაცილო გასაბერი დელფინი პლაჟზე, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ სასტუმროს ლიფტი, საკვამურივით ვიწრო. ვერაფრით თავსდება ერთი ოჯახი  –  წყვილი და ორი ბავშვი, საცურაო სამკლაურებით ხმელეთზე. ლიფტის კარი იღება და იკეტება, ამდენს საკუთარ თავზე ვერ ავიღებო. კაცი რჩება და მომდევნო რეისს ერთად მივყვებით. ცდილობს, სივრცე დამიტოვოს და გასაბერ დელფინს გულში იხუტებს. როგორც ლიფტში უცნობებს სჩვევიათ, ასვლისას ჭერს უყურებენ (ჩამოსვლისას  – იატაკს). ჩვენც ასე ვქენით.

 

***

გამოცდის დრო ამოიწურა. შენობდან თავჩაქინდრული ბიჭი გამოდის. ამდენი ხალხი რომ დაინახა, ცოტა მოერიდა და ქოჩორზე წაივლო ხელი. „მამაძაღლი ესა!“ – ჭიშკარზე მიყრდნობილმა კაცმა თავსაფრისხელა ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა. მერე ერთი თავით მაღალ შვილს ხელი გადახვია და ის დალაგებული ქოჩორი აუწეწა:

– ბიჯო, რა იყო, მეთვალყურედ დაგიტოვეს?!

 

ჩააბარებს, არ ჩააბარებს, მოესწრო მაინც.

 

***

წუხელ ჩაძინებამდე გონებაში ამომიტივტივდა პატარა, შავთმიანი გოგო – ტაიანა, რომელიც ჩემი ბავშვობის დროინდელი წიგნის პერსონაჟია. ცხადად აღვიდგინე ის გვერდიც, სადაც ტაიანა ჭიამაიას ეთამაშება. ალბათ ოცდაათ წელზე მეტია, ეს წიგნი აღარ მინახავს და არც ტაიანა გამხსენებია. ძილბურანი დიდი საბადოა. ტაიანას გახსენება კი არა, ჩაძინებისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიმიღია და რთულ კითხვებზე პასუხიც მიპოვია. მთავარია ჩაავლო, სანამ ძილი წაგიღებს.

 

***

სტუდენტი გოგო ზის ავტობუსში, მუხლებზე უდევს დახურული წიგნი, თითი აქვს ჩაყოლებული და ბუტბუტებს: „მიზეზები გარე ფაქტორებში უნდა ვეძიოთ…“ ვიტანჯებით, არც ჩახედვა უნდა და ვერც იხსენებს ამ გარე ფაქტორებს. დაურეკავს ტელეფონი, შეწყვეტს მეცადინეობას და მერე იმავე ადგილიდან აგრძელებს:  „ვეძიოთ… ვეძიოთ…“, თ-ზე მკვეთრი მუხრუჭით. ისე ჩამოვედი, ამბავი ვერ ჩამოვიტანე.

***

“ეხლავე ჩავაქრობ ამ ოხერს, ძია. ბიჭობაში კი არ ვეწეოდი, ამ სიბერეში დავიწყე. ცოლს მარშუტკამ დაარტყა და მომიკლა, შვილები დამეფანტა. სულ მარტო ვარ და ამ მარტოობაში დავიწყე მოწევა. 4 შვილი მყავს და ყველანი საზღვარგარეთ, გოგოები დედის გასვენებაშიც ვერ ჩამოვიდნენ, საბუთები არა გვაქვსო. კი არ ვემდური, აქაც რა არი, აბა. უნდა წავიდნენ შვილები, მა რა უნდა ქნან. ეხლა მპირდებიან, აუცილებლივ ჩამოვალთო. 250 კილო ყურძენი ვიყიდე, ღვინო უნდა დავაყენო. 50-კაციანი სუფრა მაინც ხომ უნდა გავშალო, თვითონაც ბევრნი ვართ. ახალ წელს არ გადავაცილებთო. რა ვიცი, ჩამოვლენ ალბათ.”

 

***

მაშინ ჰორტენზიებს არ ვეძახდით. ვამბობდით, მარგალიტას ჭასთან ცისფრად რომ ყვავილობს, ის ბუჩქი. არც აბრეშუმა აკაციას ვამბობდით. ვიტყოდით, ხაბეიშვილების ჭიშკართან რომ დგას, ის ხე. არც ირმის რქა ვიცოდით. მივანიშნებდით, ფურნეს წინ ვარდისფერი ყვავილი რომ იცის, ის მცენარე. მერე მოვიდა ეგ სახელები, ბავშვობის რუკა როცა დავკარგეთ.

 

***

ჩამოიქუფრა და მშრალ ხიდზე ატყდა ამბავი. გაზეთებში ცალ-ცალკე ახვევდნენ ჭიქებს და თეფშებს, სამკაულებს ყუთებში ანაწილებდნენ – მძივები ერთში, საყურეები მეორეში. გამოჩნდა კაცი გია, რომელმაც ხელები ცისკენ აღაპყრო და თქვა: არ გაწვიმდება, ხალხო! ზოგმა ხელი აუქნია და საქმე განაგრძო, ზოგმა შენ გენაცვალეო. გადმოწვიმა. ცალ-ცალკე შეფუთვის დრო აღარ იყო და ერთიანად გადააფარეს მიწაზე გაფენილ ძველმანებს პარკი. თან თავისთვის ბურდღუნებდნენ: ეჰ, გია, გია, ეგ არი არ გაწვიმდებაო?!

 

***

ის ზაფხულები მომენატრა, ჩემი იმერელი ბებია რომ წაგვიყვანდა სოფლის კლუბში ინდური ფილმის სანახავად, წამოყრიდა პირველ რიგში მსხდომ ბიჭებს, პეტვრანი ბაღნები უნდა დავაჟინოო. თვითონ აივანზე დაჯდებოდა, მუხლზე დოქი ჰქონდა შემოდგმული, ზედ დამხობილი სტაქნით – წყალი თუ მოგინდენ, დამიძახეთო. სკამის საზურგეზე ჩვენი პატარა ჟაკეტები ეფინა, უკანა გზაზე არ გამიცივდეთო. ჭიშკართან მისულებს დაგვამშვიდებდა: „კინოა მაი, ბებია, კინო! ახლა ყველე კარგადაა და იცინიენ.“

 

***

ავლაბრის სახლში, სადაც ბებია ცხოვრობდა, კედელზე ძველი საათი ეკიდა. ამ საათს გავხედავდით ხოლმე, როცა რუბიკა დაგვპირდებოდა თქვენი ჯინსები ხუთი საათისთვის „დასტროჩკილიც“ მექნებაო და ჯიბეებზე მონტანას მარკებსაც მიაკერებდა; ან როცა არტიკა იტყოდა დედაჩემის ვერცხლის საყურეზე, ამოვარდნილი მარჯნის ჩასმას ათი წუთიც არ უნდაო; ან როცა ბებია მოითავებდა სახლის საქმეებს და გულს გაგვიხარებდა, წამოდით, „ვაენი გარადოკში“ ერთი საათით მაინც გავისეირნოთო. ახლა ბიძაჩემი ცდილობს, ძველი საათი საკუთარი ხელით შეაკეთოს. ის რომ ამუშავდება, ყველაფერი უკეთესად იქნება.

 

***

ბავშვობაში შოვში ვისვენებდით, სანატორიუმში მომღერალი ცოლ-ქმარი დადიოდა ბავშვების გასართობად. გარმონზე უკრავდნენ, მღეროდნენ და ჩვენც გვამღერებდნენ, თან რაღაც დიდ ჩამწერს დაატარებდნენ. ერთხელაც დაგვამღერებინეს – „მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა“ და სიმღერა რომ დავასრულეთ, მომღერალმა ქალმა მიკროფონით ჩამოიარა და ყველას ათქმევინა სახელი და გვარი, მე გამოვრჩი. პრინციპში დამსვენებელი ბავშვების გუნდში არც ვირიცხებოდი, ცოტა მოშორებით ვიდექი და ჩემთვის ვღიღინებდი. როდესაც მივხვდი, რომ ჩემკენ გამოვლას არ აპირებდა, მოვწყდი ადგილს, ამ ქალს მივვარდი და მიკროფონში ჩავძახე: „და მე, რუსიკო რუხაძე!“ წასვლის წინ ჩანაწერი მოგვასმენინეს, რომელიც ჩემი ყველაზე ხმამაღლა ნათქვამით სრულდებოდა. ახლაც მიკვირს, როგორ მოვიკრიბე გამბედაობა.

 

 

 

 

 

 კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა მუსიკის გაკვეთილზე

0

კრიტიკული აზროვნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გააანალიზოს ინფორმაცია, გამოიტანოს დასკვნები და გადაწყვეტილებები ანალიზის საფუძველზე მიიღოს, ასევე – ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და დაიცვას საკუთარი პოზიცია.

დღეს კრიტიკული აზროვნების განვითარების გზებზე მუშაობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეების პიროვნების ჩამოყალიბებას, მომავალში მათი საქმიანობის წარმატების უზრუნველსაყოფად. კრიტიკული აზროვნება არის ცოდნის შეძენის საშუალება, ანალიზის, შეფასების, განსჯის, საკუთარი აზრის შემუშავება შესასწავლ პრობლემაზე და ცოდნის გამოყენების უნარი. კრიტიკულ აზროვნებას ახასიათებს კონსტრუქციულობა, მოქნილობა, გახსნილობა, საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისა და ანალიზის უნარი.

საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილების მთავარი მიზანია მოსწავლეთა მუსიკალური კულტურის ამაღლებაზე მუშაობა, მუსიკის საშუალებით შემოქმედებითად ზნეობრივი ადამიანის აღზრდა, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები საგანმანათლებლო საქმიანობაში და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

მასწავლებლის ამოცანებია:

– მუსიკის ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, მუსიკის მოსმენის სწავლება და მუსიკალური ნაწარმოებებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

– მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა სხვადასხვა მუსიკალური და პრაქტიკული აქტივობის პროცესში: მუსიკის მოსმენა, სიმღერა, მუსიკალური და პლასტიკური მოძრაობები;

– შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარება, მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის გაძლიერება.

მუსიკის გაკვეთილებზე „კრიტიკული აზროვნების“ განვითარების ტექნოლოგიის დანერგვა დაეხმარება მასწავლებელს ამ პრობლემის გადაჭრაში.

კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მოსწავლის ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, რათა მან მისი შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს. ის გულისხმობს გაკვეთილის სტრუქტურას, რომელიც შედგება სამი ეტაპისგან:

  1. გამოწვევის ეტაპი – ინტერესის გაღვივება საგნის მიმართ;
  2. გააზრების ეტაპი – მასალის გააზრება მასზე მუშაობისას;
  3. რეფლექსიის ეტაპი – მასალის განზოგადება, შეჯამება.

ამ ტექნოლოგიას აქვს უამრავი სხვადასხვა მეთოდი და ტექნიკა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მუსიკის გაკვეთილზე მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნებისა და სხვა შესაძლებლობების გასავითარებლად.

წარმოგიდგენთ მეთოდებსა და ხერხებს, რომლებსაც ვიყენებ ჩემს გაკვეთილებზე.

„გონებრივი იერიში“

ბავშვებს ვეუბნები, რომ უნდა გავაცნო ახალი მუსიკალური ნაწარმოები. დაფაზე წინასწარ ვამზადებ საკვანძო კითხვებს, რომლებზეც პასუხები მუსიკის მოსმენის შემდეგ უნდა გასცენ:

  • რას დაარქმევდით ამ ნაწარმოებს?
  • რომელი მუსიკალური ინსტრუმენტები მოისმინეთ?
  • ვინ ასრულებს?
  • მუსიკის რომელ ჟანრს მიეკუთვნება?
  • ვინ შექმნა ეს ნაწარმოები?
  • რა არის ამ ნაწარმოების შექმნის მიზეზი, ისტორია? და ა.შ.

მოსწავლეები ამ დავალების შესრულებისას ზოგიერთ კითხვას პასუხობენ.

„ჯგუფური დისკუსია“

კლასში დისკუსიის გამოყენება მოიცავს რამდენიმე ტექნიკას:

  • მოსწავლეების მხრიდან პრობლემური სიტუაციის წარდგენა;
  • ამ სიტუაციაში პრობლემური კითხვების დასმა;
  • პრობლემური სიტუაციის გათამაშება;
  • განსახილველი პრობლემის მიმართ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ანალიზი.

დისკუსიის წინაპირობაა:

  • მონაწილეთა განსხვავებული შეხედულებების პატივისცემა;
  • რეფლექსიის ეტაპზე წარმოქმნილი უთანხმოების კონსტრუქციული გადაწყვეტა.

ჯგუფური დისკუსიის ფორმა ხელს უწყობს დიალოგური კომუნიკაციის განვითარებას, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას.

„იპოვე წყვილი“

დავალება: მუსიკალური გამომსახველობითი საშუალებების ცოდნა (შეაერთეთ მუსიკალური ტერმინი და მისი განმარტება ისრებით):

·         წყობა ·         მუსიკის შესრულების სიჩქარე
·         დინამიკა ·         ხმის შეფერილობა
·         რეგისტრი ·         მუსიკის ხმის სიძლიერე
·         მელოდია ·         ბგერის გარკვეული სიმაღლის ჟღერადობა
·         ტემბრი

·         ტემპი

·         მუსიკალური ნაწარმოების მთავარი იდეა

·         ბგერების ორგანიზება

 

 

კითხვა-პასუხის თამაში – „დიახ / არა“.

ამ თამაშს შეუძლია მოხიბლოს როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

მაგალითად – გაკვეთილის თემაა „ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი“. მოსწავლეებს ვუსვამ შემდეგ კითხვებს:

  • ქართული სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტია თუ არა ქნარი?
  • აპოლონმა ორფეოს აჩუქა ქნარი. ორფეოსი ქნარზე დაკვრისას აჯადოებდა თუ არა სამყაროს?
  • ჭიანურზე ხემით უკრავენ?
  • არის თუ არა დირიჟორი ადამიანი, რომელიც მართავს კოსმოსურ ხომალდს?
  • გუდასტვირი ცხვრის ტყავისგან მზადდება?

„იდეების კალათა“

გაკვეთილის დასაწყისში ვსაუბრობთ საცეკვაო მუსიკაზე. რა არის საცეკვაო მუსიკა?

დისკუსიაში ერთვება ყველა ჯგუფი და გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს:

საცეკვაო მუსიკა არის მუსიკალური ჟანრი, მელოდია, რიტმი, მოძრაობა და ასე შემდეგ… ყველა ვარაუდი ფიქსირდება დაფაზე. შემდეგ ვაჯამებთ ჯგუფების მუშაობას.

„ვიცი“, „მინდა ვიცოდე“, „გავიგე“

ეს არის გრაფიკული ორგანიზატორი, მასალის ლოგიკური და სტრუქტურირების ერთ-ერთი გზა.

ვიცი გავიგე მინდა ვიცოდე
     

 

გაკვეთილის თემა: „იოჰან შტრაუსი – ვენის ვალსი“, საკვანძო სიტყვა „ვალსი“

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ავსებენ პირველ სვეტს, თუ რა იციან ვალსის შესახებ. პარალელურად აკეთებენ ჩანაწერებს რვეულებში, ცვლიან ინფორმაციას წყვილებში ან ჯგუფებში.

თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ მეორე სვეტს. გაკვეთილის ბოლოს ავსებენ მესამე სვეტს. ორგანიზებული დისკუსიის შედეგად ივსება საერთო ცხრილი. ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა, შეგროვდეს საჭირო ინფორმაცია, შეფასდეს მასალის ათვისების დონე.

„ასოციაციური რუკა“

ეს არის მასალის გრაფიკული ორგანიზების გზა, რომელიც შესაძლებელს ხდის იმ აზროვნების პროცესების ვიზუალიზაციას, რომლებიც კონკრეტული თემის შესწავლისას იჩენს თავს.

ამ ტექნიკას ვიყენებ გაკვეთილის სამივე ფაზაზე: გამოწვევის ეტაპზე – კითხვები თემის შესწავლამდე, გააზრების ეტაპზე; რეფლექსიის ეტაპზე – კითხვების დაფიქსირება კითხვის, მოსმენის, ფიქრის დროს – გავლილი მასალის გაგების დემონსტრირება.

ფურცელზე, შუაში მოსწავლეები წერენ საკვანძო სიტყვას. მათ ირგვლივ წერენ სიტყვებს ან წინადადებებს, რომლებიც გამოხატავს ამ თემისთვის შესაფერის იდეებს, ფაქტებს, სურათებს. სიტყვები, დაკავშირებულია ხაზებით საკვანძო ძირითად ცნებებთან.

მოსწავლეებმა შეადგინეს ასოციაციური რუკა თემაზე „ოპერა“, დაწერეს მათთვის ნაცნობი ჟანრები (სიმღერა, არია, დუეტი, კვარტეტი, გუნდი), შემდეგ კი დაასახელეს მუსიკოსთა გვარები, რომლებიც ასრულებდნენ ამ ჟანრის მუსიკას. შემდეგ უნდა დაეკონკრეტებინათ, თუ ვისი წყალობითაც დაიბადა/ წარმოიშვა ოპერა (კომპოზიტორები, შემსრულებლები), შემდეგ კი უნდა გაეხსენებინათ და ჩაეწერათ მათი გვარები.

ეს მეთოდი ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას.

„ესეი“

ეს მეთოდი მნიშვნელოვანია რეფლექსიის ეტაპზე, ასევე მუსიკის მოსმენისა და ანალიზის დროს, მუსიკალური სურათის აღწერისას.

ესეი არის შემოქმედებითი ფორმა. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ მათ მიერ მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებზე.

ისეთი მუსიკალურ-შემოქმედებითი ამოცანები, როგორიცაა, მოსმენილი ნაწარმოების მიმოხილვა, ესეი, მინი-კომპოზიციები, ხელს უწყობს მოსწავლეების თავისუფალი შემოქმედებითი უნარის განვითარებას.

რეფლექსია „თავისუფალი მიკროფონი“

მოსწავლეებს ვამცნობ, რომ ჩვენს საკლასო ოთახში არის მიკროფონი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. ისინი იღებენ მიკროფონს და პასუხობენ კითხვებს, რომლებიც შეიძლება წინასწარ დაიწეროს ქაღალდზე ან დაფაზე. მაგალითად:

  • „გაკვეთილზე მე ყველაზე მეტად დავიმახსოვრე…“
  • „გამიკვირდა, რომ…“
  • „გაკვეთილის შემდეგ ჩემს მეგობრებს მოვუყევი…“
  • „ასევე, მინდა ვიცოდე…“
  • „გაკვეთილზე მიღებული ცოდნა შემიძლია გამოვიყენო…“
  • „საუკეთესოდ მუშაობდა გაკვეთილზე…“.

კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია მოსწავლეს უვითარებს:

  • კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • სხვებთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარს;
  • ხელს უწყობს აზროვნების გააქტიურებას, ზრდის მოტივაციას;
  • ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემას;
  • ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითგამოხატვის უნარის ჩამოყალიბებას; შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, გამოხატოს საკუთარი თავი;
  • ხელს უწყობს ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ხელს უწყობს საგნის მიმართ მოტივაციის გაზრდას.

გაკვეთილებზე კრიტიკული აზროვნების განვითარების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები უფრო აქტიური ხდებიან. მუშაობის ფორმები საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს გაკვეთილზე. ამ ტექნიკის გამოყენებით, შესაძლებელია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად დაახლოება, დავალების დიფერენცირება.

შედეგად, მოსწავლეები უფრო საფუძვლიანად, ენთუზიაზმით ემზადებიან გაკვეთილებისთვის, გაკვეთილზე არის ურთიერთგაგების, მხარდაჭერისა და შემოქმედებითი ძიების ატმოსფერო. პედაგოგიურ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმაროთ თითოეულ მოსწავლეს, გააცნობიეროს საკუთარი უნიკალური არსი და შექმნას პირობები თვითგანვითარებისთვის.

ამრიგად, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება მოსწავლეში ზრდის ინფორმაციის აღქმის ეფექტურობას; იწვევს ინტერესს როგორც შესასწავლი მასალის, ასევე თავად სასწავლო პროცესის მიმართ; ავითარებს თანამშრომლობითი მუშაობის უნარს; ამაღლებს განათლების ხარისხს.

კრიტიკული აზროვნების განვითარება სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mtm1984.wixsite.com/sophie/-4
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=1577
  3. https://louisville.edu/ideastoaction/about/criticalthinking/what
  4. https://www.skillsyouneed.com/learn/critical-thinking.html
  5. https://www.indeed.com/career-advice/career-development/critical-thinking-skills

 

 

 

 

 

 

 

ანიმეს პოპულარობა მოზარდებში

0

რომელია თქვენი ოცნების ქვეყანა, რომელშიც სიამოვნებით იმოგზაურებდით ან თუნდაც იცხოვრებდით? – ვეკითხები ხოლმე მოსწავლეებს მაშინ, როდესაც პირველად ვხვდებით ერთმანეთს. კლასის უმეტესობა ყოველთვის იაპონიას ასახელებს. რა გასაკვირია? ყველას სურს, ნახოს ქვეყანა, რომელიც ასეთი განვითარებული და ლამაზია. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ასეთი ქვეყნები დღევანდელ მსოფლიოში არც ისე ცოტაა და, შესაძლოა, მართებულად გაგვიჩნდეს კითხვა, რატომ მიილტვიან ისინი მაინცდამაინც იაპონიისკენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია – იაპონია უკვე დიდი ხანია, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს დღევანდელ პოპკულტურაზე, რაც ძირითადად მანგითა და ანიმეთია განპირობებული. მანგა იაპონური კომიქსია, რომლის მიხედვითაც იქმნება ანიმე. მსოფლიოში ანიმეს პოპულარობა „ნარუტოზე“ (მოზარდების საყვარელი შოუ) გაცილებით ადრე დაიწყო. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში ყველაფერი „ნარუტოთი“ დაიწყო. შიგადაშიგ კი ბევრი რამ დაემატა – იქნება ეს სხვა ანიმე შოუები, ჰაიაო მიაძაკის, მაკოტო შინკაის თუ სხვა დიდებული რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები.

ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია, რა არის ანიმეში ასეთი განსაკუთრებულიო. საქმე ის გახლავთ, რომ თუკი იტყვით, ანიმე არ მიყვარსო, ეს იგივეა, თქვათ, ფილმების ყურება არ მიყვარსო. ბევრ ზრდასრულს ანიმე მხოლოდ 500+-სერიანი ნინძების თავგადასავალი ჰგონია, არასერიოზულად მიაჩნია და მოზარდებს გულს სტკენენ. სინამდვილეში ანიმე ძალიან ფართო ცნებაა. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ, მიაკვლიოთ თქვენთვის საინტერესო ჟანრს ანიმეში. ისევე როგორც ჰოლივუდის ფილმებში, ანიმეშიც არის საბავშვო და არასაბავშვო, კომედია, საშინელებათა, საი-ფაი, დრამა, საოჯახო და კიდევ უამრავი სხვა ჟანრის ფილმი. ხოლო ის, რაც ყველა მათგანს ერთად განსაკუთრებულს ხდის, ეს ესთეტიკაა, რომელიც, უცნაურია, თუმცა მხოლოდ ანიმესთვისაა დამახასიათებელი. თითქმის ყველა ანიმეში დევს იაპონური კულტურის, არქიტექტურის, სტილის, ისტორიის ელემენტები. სწორედ ასე, საყვარელი პერსონაჟების თავს გადამხდარი ამბებით აღწევს ყველა ეს დეტალი მოზარდების ცნობიერში და მათთვის ახლობელი ხდება. მოგვიანებით, როდესაც ხედავენ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ანიმეშია, იაპონიის რეალობაცაა, რასაკვირველია, უნდებათ, რომ ის, რაც უყვართ, რეალურ ცხოვრებაშიც ნახონ და განიცადონ.

ჩემი პირველი ანიმე 2001 წელს ჰაიაო მიაძაკის მიერ გადაღებული ოსკაროსანი „მოჩვენებების მიერ გატაცებული“ იყო. მაშინ სულ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ანიმე, ან სად იყო იაპონია. თუმცა ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში ღრმად დაილექა ყველაზე მცირე და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი დეტალები – ჰაში, სახლში ფეხსაცმლით არ შესვლა; ტყეები, სადაც პატარა ქვის ქანდაკებები დგას; უცნაურსახურავიანი სახლები, რომლებსაც გადასაწევი კარი აქვთ; ამოზნექილი ხიდები, მატარებლის სადგურები, ბრინჯის ნამცხვრები და ა.შ. მოგვიანებით, როდესაც „მოჩვენებების მიერ გატაცებულს“ უკვე დიდობაში ვუყურე, აღმოვაჩინე, რომ მისი შინაარსი დიდად არ მახსოვდა. ბავშვობაში ბევრი რამ ჩემთვის თურმე გაუგებარიც დარჩენილა, თუმცა უცვლელი იყო მცირე დეტალებით გამოწვეული სიხარულის განცდა, რამაც საბოლოოდ მიმახვედრა, თუ რა ვიპოვე ასეთი იაპონურ წიგნებში – ის, რამაც ბავშვობაში აღმაფრთოვანა და ინტერესი გამიღვივა.

ცხადია, ბავშვობაში უამრავ ანიმაციურ ფილმს ვუყურებთ. თუმცა რატომღაც სხვა ანიმაციური ფილმები ვერ ახერხებენ შეგაყვარონ თავიანთი ქვეყანა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არაა, რომ იაპონელები ჯადოქრები არიან. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ავთენტურ სახეს და ყოველდღიურ ადგილებსა და საგნებს ისე ხატავენ ალბათ თვითონაც თავიდან უყვარდებათ.

როდესაც ეს თავად მაქვს გამოცდილი, რასაკვირველია, რთული აღარ არის, გავითავისო, რას და რატომ გრძნობენ მოზარდები. თუმცა სამწუხაროა, რომ ხშირად მსმენია დიდი ადამიანების სკეპტიკური დამოკიდებულება მათი შვილების, მოსწავლეებისა თუ ნაცნობების ამგვარ გატაცებაზე. ისინი ხშირად აგდებულად მოიხსენიებენ ანიმეს, ან მთლად უარესი – ამბობენ, რომ ახალგაზრდებს ბრძოლის სცენებით სავსე ანიმეს გამო ფსიქიკა უმახინჯდებათ და იაპონიით უაზროდ შეპყრობილნი ხდებიან. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რამდენ ჟანრს მოიცავს ანიმე და, ცხადია, ამ ჟანრების შერჩევაში მოზარდებს ყოველთვის შეგვიძლია დავეხმაროთ. რაც შეეხება იაპონიით შეპყრობას კი, ვფიქრობ, ეს არც ისე საგანგაშოა. ცოდნა არასდროსაა ზედმეტი, მით უფრო უცხო ქვეყანაზე. ის შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გავეცნოთ კულტურას, ისტორიას და საერთოდაც, ინტერესები მომავალს მოვარგოთ.

სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შეცნობა, პირველ რიგში მათი ხელოვნებით ხდება. პირველად გვაინტერესებს კინემატოგრაფია, მუსიკა, ლიტერატურა. მომავალში სწორედ ეს დაინტერესება გვიბიძგებს, რომ ჩვენი ცოდნა გავაღრმაოთ და უფრო და უფრო მეტი შევიტყოთ ამ ქვეყნის შესახებ. თავის დროზე ინგლისური ენის სწავლა სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ მაინტერესებდა, რაზე მღეროდნენ ჩემი საყვარელი მომღერლები. ვიწერდი ტექსტებს, ვეძებდი სიტყვების მნიშვნელობებს, ვმღეროდი და ეს სიტყვები აღარ მავიწყდებოდა. ჩემმა ბავშვურმა გატაცებამ ზღვა ლექსიკური მარაგი დამიგროვა. იმხელა, რომ ზოგჯერ ახლაც არ ვიცი, სად ამოვიკითხე და საიდან ვიცი X სიტყვა, მერე კი ის მელოდიის სახით ჩნდება გონებაში. მაშინ რატომ არ შეიძლება მოზარდების იაპონიით გატაცებას საჭირო მიმართულება მივცეთ, რომ ის მხოლოდ გატაცებად არ დარჩეს?

ანიმე ბავშვების სულიერ განვითარებაზეც ზრუნავს – ანიმეთი ისწავლება სიყვარული, მამაცობა, თავდადება, მეგობრობა, დამოუკიდებლობა, პატიება, მადლიერება, სხვადასხვანაირი სილამაზის დანახვისა და აღქმის უნარი. ცხადია, ეს ის საბაზისო განვითარებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ანიმეთი და შესაბამისად, იაპონიით დაინტერესება შეიძლება გადაიზარდოს იაპონური ლიტერატურის, მუსიკის, ცეკვის, თეატრის ან კინემატოგრაფიის გაცნობის სურვილში. მოზარდებს შესაძლებელია, გაუჩნდეთ ენის შესწავლის, მისი კულტურისა და ისტორიის კვლევის სურვილი, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუკი მას მასწავლებლები და მშობლები სწორად მიუდგებიან და განავითარებენ.

ამიტომ კიდევ ერთხელ, აუცილებელია, გადავიმეოროთ, რომ მოზარდების ინტერესებს პატივი უნდა ვცეთ, ჩვენც დავინტერესდეთ მათით და თუ არ მოგვეწონა, ხელაღებით „ცუდი“ არ ვუწოდოთ მას. სწორედ ასე ინგრევა ყველანაირი ხიდი დიდებსა და მოზარდებს შორის.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...