ორშაბათი, სექტემბერი 9, 2024
9 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

„ჩეხოვის თოფი“ ლიტერატურაში

გახსოვთ, რა თქმა უნდა, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ ნონაი რომ აფრთხილებს უტას, მორიელები დახოცოს. რამდენჯერმე მეორდება ეს თხოვნა სხვადასხვა ეპიზოდში. მანამდე რატის ვაჟის დაღუპვის ამბავიცაა ნახსენები ტექსტში – დიდოსტატის სასახლის წინა ბინადრის სიცოცხლე მორიელების ნაკბენს შეუწირავს. რომანის დასასრულს „სვეტიცხოვლის ცუდად აგებისთვის“ მკლავმოჭრილი ხელოვანი სწორედ მორიელების მსხვერპლი გახდება.

ყველამ ვიცით ანტონ ჩეხოვის ცნობილი დრამატურგიული პრინციპი: „თუ პიესის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მაშინ ბოლოში ეს თოფი უთუოდ გაისვრის.“ და თუ თოფი არ გვჭირდება, მაშინ ის არც უნდა გამოვიტანოთ სცენაზე. მხატვრულ ნაწარმოებში (ტექსტში, ფილმში, სპექტაკლში…) უმიზნოდ გაჩენილი ნებისმიერი დეტალი შინაარსის აღქმას აძნელებს.

ამ პრინციპზეა აგებული მთელი წყება ტექსტებისა ქართულ, და არამარტო ქართულ, კლასიკურ, და არამარტო კლასიკურ ლიტერატურაში…

ამ პრინციპზეა აგებული ზღაპრების უმრავლესობა.

ყველაზე ცნობილი მაგალითები გავიხსენოთ: ზღაპარ „ეთერში“ აბესალომი ეთერს სჩუქნის შავტარიან დანას წინდობისთვის. უცნაურია, არა? როდის იყო, ნიშნად შავტარიან დანას აძლევდნენ ბეჭდის ნაცვლად! ნაწარმოების ბოლოს მთავარი პერსონაჟი სწორედ ამ დანით იკლავს თავს:

„აბესალომის დანაო,

ჯიბეს მიდევხარ, განაო.

ამოვიღებ და დავიცემ

მარცხენა ძუძუსთანაო“…

ესეც – ჩეხოვის წმინდა დრამატურგიული პრინციპი.

ცოტა უფრო შორს წავიდეთ. ლევ ტოლსტოის „ანა კარენინაშიც“ ასეა: ნაწარმოების დასაწყისში სრულიად უცხო პერსონაჟი (რომლის ისტორიაც ტექსტისთვის არანაირად არაა საინტერესო) მატარებელს უვარდება და ისე კვდება. მთელი უზარმაზარი ტექსტის კითხვისას ერთგვარად გაურკვეველია, რაში სჭირდებოდა კომპოზიციის დიდოსტატს ეს ეპიზოდი. ყველაფერი მაშინ ლაგდება ტოლსტოისეულ სისტემაში, როცა ცხოვრების ასეთი აღსასრული რომანის მთავარ პერსონაჟს დაუკავშირდება.

აღარაფერს ვამბობ დეტექტიური ჟანრის ტექსტებზე, სადაც მთლიანი სიუჟეტი ამ ერთი დრამატურგიული პრინციპის გარშემო ტრიალებს.

თანამედროვე ბესტსელერების დრამატურგიული სტრუქტურის ამოსავალიც მსგავსია და შესაბამისი მაგალითების მოხმობა არც თქვენ და არც მე არ გაგვიჭირდება („ბეჭდების მბრძანებელი“, „ჰარი პოტერი“, „დიდი გეტსბი“…).

მწერლის სათქმელის ამოცნობასაც ხშირად აადვილებს ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება, ესეც არის იდეის გასაღები, სხვა ელემენტებთან ერთად.

ჩემი წერილი ერთი ცნობილი კინოფილმის თენგიზ აბულაძის, „მონანიებიდან“ მაგალითებით მინდა, დავასრულო: 1. ვარლამ არავიძე პირველად რომ გამოდის ხალხის წინაშე, როგორც ქალაქის ახალი მერი, ფონზე ძალიან მკრთალად ყვავი და სახრჩობელა მოჩანს, ნიშნად იმ უბედურებისა, რომელსაც ის მოუვლენს საზოგადოებას. 2. თორნიკეს ბაბუა ვარლამი თოფს სჩუქნის. ნაჩუქარი იარაღი (წარწერით „სახსოვრად თორნიკეს ბაბუა ვარლამისაგან“) შვილიშვილს ოთახში, საწოლთან უკიდია. ეს სწორედ ის თოფია, რომელიც ფილმის ბოლოს გაისვრის – არავიძეების შთამომავლობას, გვარს ის მოუღებს ბოლოს.

ამ ფილმიდან (ისევე, როგორც ბევრი შესანიშნავი ნაწარმოებიდან) მაგალითების მოხმობა უხვად შეიძლება, თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას ყველა მათგანის გახსენებას ადვილად შევძლებთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ დავიწყოთ წერა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“