სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სახალისო დავალება მოსწავლეებისთვის

როგორ მოვამზადოთ მარწყვის ნაყინი

ზაფხულის ერთ დღეს, როდესაც ჩემი მოსწავლეებისთვის სახალისო დავალებას ვეძებდი, ყველასათვის საყვარელ ვებპორტალს http://www.kargiskola.ge/-ს ვესტუმრე და ასეთი ორიგინალური დავალება ვიპოვე.

გაგისინჯავს შინ დამზადებული ნაყინი? წაიკითხე რეცეპტი და გაიგებ, როგორ მზადდება ნაყინი სახლის პირობებში.

დასაწყისმა იმდენად მომნუსხა,  მაშინვე მივხვდი, სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი.

ნაყინი გემრიელი დესერტია. ის ასევე გაგრილების საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის ცხელ დღეებში. ამიტომ უყვარს ნაყინი ყველას. არსებობს ბევრნაირი ნაყინი: რძიანი, ნაღების, ხილის და სხვა. მისი დამზადება სახლშიც შეიძლება. ეს სულაც არ არის რთული. არც  დიდი დროა  საჭირო, არც – ბევრი რამის ყიდვა. ამას შენ თვითონ ნახავ, თუ რეცეპტს გაეცნობი.

მარწყვის ნაყინის რეცეპტი

საჭირო მასალა:

ნაღები    100 გრ;

კვერცხი 5 ცალი;

შაქარი   100 გრ;

მარწყვი 100 გრ.

 

მომზადების წესი:

აიღე ორი ჯამი. გატეხე ხუთივე კვერცხი. გული ერთ ჯამში მოათავსე, ცილა – მეორეში. ეს ჯამი გვერდზე გადადე. ცილა აღარ არის საჭირო.

ჯერ კარგად  ათქვიფე  კვერცხის  გული და შაქარი. შემდეგ ცალკე ათქვიფე ნაღები. ეს ყველაფერი შეურიე ერთმანეთს. მერე დაუმატე მარწყვი. ბოლოს მიღებული მასა ჩადე სუფთა ჭიქაში. ჭიქა ორი საათით შედგი გასაყინად. აი, ნაყინიც მზადაა!

  • როგორ ფიქრობ, შეძლებ ამ რეცეპტით ნაყინის დამზადებას?
  • მარწყვის ნაცვლად რომელ ხილს გამოიყენებდი და რატომ?

 

სავარჯიშოები და აქტივობები:

ტექსტის გაგება

ყოველ შეკითხვას შეურჩიე თითო სწორი პასუხი.

ნაყინის რეცეპტში ჯერ:

ა) მითითებულია, როგორი ჭურჭელი გჭირდება.

ბ) ჩამოთვლილია მასალა, რომელიც უნდა გამოიყენო.

გ) ჩამოთვლილია მისი მომზადების წესები.

 

მას შემდეგ, რაც ერთ ჯამში მოათავსებ კვერცხის გულს:

ა) ათქვიფე იგი შაქართან ერთად.

ბ) ორი საათით შედგი გასაყინად.

გ) ათქვიფე ნაღებთან ერთად.

 

მარწყვი უნდა დაუმატო:

ა) კვერცხის გულის, შაქრისა და ნაღების ნარევს.

ბ) კვერცხის გულს შაქართან მისი ათქვეფის დროს.

გ) ნაყინს მას შემდეგ, რაც მაცივრიდან გამოიღებ.

 

ნაყინის მომზადების წესში მითითებულია:

ა) რა ზომის ჭურჭელი არის საჭირო.

ბ) რატომ არ სჭირდება ნაყინს ცილა.

გ) რისთვის არის საჭირო ორი ჯამი.

 

ლექსიკა

ხაზებით დააკავშირე სიტყვები და მათი მნიშვნელობები.

  1. ნაღები კვერცხის გულის გარშემო არსებული გამჭვირვალე მასა.
  2. ცილა რაიმეს გასაკეთებლად საჭირო მასალა და მომზადების წესი.
  3. რეცეპტი ხილი ან ტკბილეული, რომელსაც სადილის შემდეგ მიირთმევენ.
  4. დესერტი რძის ზედაპირზე მოდებული ცხიმი.

 

ხაზებით დააკავშირე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები (ანტონიმები).

ცხელი                        ცოტა

ბევრი                        რთული

მარტივი                    ცივი

 

რომელია ზედმეტი სიტყვა?

ა) კვერცხი.    ბ) ნაღები.      გ) შაქარი.      დ) ჯამი.

 

 

გრამატიკა

სწორად დაწერე ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები.

  1. (მაცივარი) ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ კარი კარგად დახურე.
  2. (შაქარი) ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ დამატება არ დაგავიწყდეს.

 

დაწერე ნიმუშის მიხედვით.

ნიმუში: გრილი აგრილებს.

  1. რთული – ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­. 2. ცხელი –   ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­.

 

დაწერე მოცემული სიტყვები მრავლობით რიცხვში.

ნიმუში: ჯამი – ჯამები.

  1. დღე – ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­. 2. კვერცხი –  ­­­­­­­­­­­­­­­­­­.

 

დაწერე ნიმუშის მიხედვით.

ნიმუში: შენ ათქვიფე.         მე ავთქვიფე.

  1. შენ შეურიე. მე ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ .
  2. შენ დაუმატე. მე ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ .

 

წერა ჩამოწერე ნაყინის მომზადების ყველა ნაბიჯი. გააფორმე ნაწერი ნახატებით.

რომელია შენი საყვარელი საჭმელი? დაწერე მისი რეცეპტი. გააფორმე შენი ნამუშევარი ნახატით.

————————————————————————–

————————————————————————–

————————————————————————–

 

 

 აღსანიშნავია, რომ ვებპორტალზე ,,კარგი სკოლა’’ უამრავი ტექსტია, რომელიც შეიცავს საინტერესო ინფორმაციას, ბავშვებისთვის გასაგებად არის დაწერილი და ამავდროულად მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა უნარების განვითარებაში, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება, მთავარი აზრი და დეტალები, ფაქტები და მოსაზრებები, მოვლენების თანმიმდევრობა, შეჯამება (რეზიუმირება), მიზეზები და შედეგები, დაჯგუფება (კატეგორიები), პრობლემის გადაჭრა, შედარება (მსგავსება-განსხვავებები), ლექსიკა, გრამატიკა და წერა.

 

გამოყენებული რესურსი:

ვებპორტალი ,,კარგი სკოლა’’

http://kargiskola.ge/index.php

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“