ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა?

0

სკოლის წლებიდან კარგად მახსოვს, როცა დაწყებითი კლასის საფეხური უკვე დასრულებული მქონდა, როგორ ვბრუნდებოდი სკოლიდან მარტო სახლში, ავირბენდი უამრავ კიბეს, ვისადილებდი და ვიწყებდი გაკვეთილების შესრულებას. ამოვალაგებდი წიგნებს მეორე დღის ცხრილის მიხედვით და ასე შევუდგებოდი გაკვეთილების მომზადებას მეორე დღისთვის. თავად ვიყავი ამ პროცესის მაკონტროლებელი და ყველაზე დიდ სიმშვიდეს, მაშინ მოვიპოვებდი, როდესაც სკოლის ზურგჩანთაში ჩავაწყობდი მეორე დღისთვის საჭირო წიგნებს, რვეულებს და შესრულებულ დავალებებს. ახლაც ხომ ასეა – თეთრ ფურცელზე ჩამოწერილი საქმეებიდან ნელ-ნელა გადახაზავ უკვე გაკეთებულ საქმეებს და დიდ ტვირთსაც იხსნი.

ჩემი სწავლის პარალელურად ჩემი მშობლები მუშაობდნენ, რის გამოც ფუფუნება არ მქონია, ვინმეს ჩემი აკადემიური პროცესი მკაცრად ეკონტროლებინა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეეხსენებინა, რა იყო ჩემი მოვალეობა, როგორ უნდა მომემზადებინა თითოეული საგანი, როგორ მესწავლა. ამ პროცესის მართვით ვიღებდი სიამოვნებასაც და თავსაც იმაზე უფრო დიდად მივიჩნევდი, ვიდრე ვიყავი. ახლა ვხვდები ეს ძალიან საჭირო შეგრძნებაა ბავშვისთვის. განცდა, რომელსაც დღეს ჩვენ თვითეფექტურობას ვეძახით.

სწავლა-სწავლების პროცესი ყველა ეტაპზე რთულია, მოსწავლისთვის ყოველთვის იარსებებს გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები და დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, უმნიშვნელოვანესია ბავშვს პატარაობიდანვე გავუღვივოთ დამოუკიდებლობის გრძნობა, მივცეთ ამისთვის გასაქანი, არ შევზღუდოთ მათი მცდელობები, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები; გავუჩინოთ სწრაფვა იმისკენ, რომ მომავალში თავად შეძლონ ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.

რა არის დამოუკიდებლობა სწავლაში?

დამოუკიდებლობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, როდესაც ადამიანი თავად განსაზღვრავს, ახორციელებს, აკონტროლებს, გეგმავს საკუთარ სასწავლო პროცესს. ასეთ დროს ადამიანი იაზრებს ამ პროცესისთვის საჭირო ცოდნას, მისი დაუფლების გზებს და აანალიზებს სამომავლო შედეგებს. ამ წინასწარგანწყობით შეიარაღებული ადამიანი და ბავშვი უფრო მეტად არის განვითარებაზე ორიენტირებული, უფრო მეტად იაზრებს ახალი ცოდნის დაუფლების მნიშვნელობას და მის სასიკეთო გავლენას ცხოვრებაზე. ასეთ ბავშვს აღარ სჭირდება გამუდმებული ჩიჩინი, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი; რატომ უნდა ისწავლოს; როგორ აისახება სწავლა მომავალში მის ცხოვრებაზე და რა სასიკეთო შედეგებს უნდა ელოდოს მისგან. ამიტომ დამოუკიდებლად სწავლა, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარი, ძალიან წაადგება ბავშვს, გაიაზროს, რამდენად ღირებულია ახალი ცოდნის დაუფლება მისი პიროვნული თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის.

რა უშლის ბავშვებს ხელს დამოუკიდებლად სწავლაში?

ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში გამოუცდელობის გამო ბავშვებს შეცდომის დაშვების შიში აქვთ, რის გამოც თავს იკავებენ დავალების დამოუკიდებლად შესრულებისგან, ელოდებიან მშობელს ან მასწავლებელს, რომ მისგან მიიღონ მზა რჩევა, ან მზა პასუხი. თუ ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გადალახოს შეცდომის დაშვების შიში, დავეხმარებით მას შეცდომების მიმართ ტოლერანტული განწყობის ჩამოყალიბებაში, ბავშვში უფრო მეტად გაიზრდება მისი თვითშეფასებაც. არაფერი ისე არ აფერხებს სწავლის, თვითშემეცნების პროცესს, როგორც დაეჭვება საკუთარი შესაძლებლობებისადმი. ამ ეჭვების გაქარწყლება მასწავლებლისა და მშობლის თანაბარი მოვალეობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლე დაწყებით საფეხურზეა და პრობლემა დროულად არის აღმოსაჩენი და მოსაგვარებელი.

ჯანსაღი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და შესაძლებლობებისა და უნარების სწორად და ობიექტურად აღქმა, დაეხმარება ბავშვს, დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები. ასეთ დროს მოსწავლე პასიური მდგომარეობიდან, როდესაც ზის და მშობელს ელოდება დასახმარებლად, გადაიქცევა აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც უფრო მეტი ხალისით ისწავლის და სკოლა მისთვის ნამდვილად იქცევა საყვარელ და საიმედო ადგილად, სადაც სიხარულით ივლის.

 

 

 

Technovation Girls Sakartvelo  – გზა გოგონების ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის

0

17-24 აგვისტოს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე 13-დან 18 წლამდე გოგონებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ აისში, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა. ეს იყო ფინალური ეტაპი 6 თვიანი პროექტისა, რომლის ფარგლებშიც გოგონები მენტორების დახმარებით და სპეციალურად ამ პროგრამისთვის შედგენილი კურიკულუმით ცდილობდნენ მათ თემში არსებული პრობლემების კვლევას და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიებას ტექნოლოგიების გამოყენებით.  Technovation Girls საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც გოგონებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

 

“ამგვარ პროგრამებს ორი მიზანი აქვს: ერთი მხრივ, მოქალაქეს ავითარებ, რომ, აი, შენ, კონკრეტულად ერთ მოქალაქეს, რა შეგიძლია და მეორე მხრივ, ტექნოლოგიებით ინტერესდებიან გოგოები– გვეუბნება ნანა დიხამინჯია, Technovation Girls საქართველოს ელჩი, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციების ცენტრის ხელმძღვანელი.

ნანას მათემატიკისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სფეროში საგანმანათლებლო-კვლევების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  წარმატებით ხელმძღვანელობს როგორც სამეცნიერო, ისე ინდუსტრიულ პროექტებს, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის, ისევე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შეფასების კუთხით. ნანა დიხამინჯიამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა მოსწავლეებისა და სტუდენტების ციფრული განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ქალების ტექნოლოგიური გაძლიერების კუთხით.

2023 წელს Technovation Girls საქართველოს მთავარი მასპინძელი ალტე უნივერსიტეტი იყო.  პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით და თი ბი სი  ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნანა ამბობს, რომ ისეთი პროექტები, როგორიც Technovation Girls-ია, ქართველ მოსწავლეებს   სთავაზობს გამოცდილებას, რომელსაც სასკოლო განათლება იშვიათად თუ აძლევს.

“ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის ბავშვებს არაფრის განსაკუთრებული ცოდნა არ მოეთხოვებათ – კურიკულუმი ისეა აგებული, რომ ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს პრობლემის აღმოჩენა, იდეის გენერირება, პროტოტიპის შექმნა, ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელის დატრენინგება და ბოლოს უკვე ბიზნეს-გეგმის დაწერა. ჩვენ არანაირ წინარე ცოდნას არ ვამოწმებთ, აქ იდეა მნიშვნელოვანი და შეიძლება გამოუცდელმა ბავშვებმა კიდევ უფრო საინტერესო იდეები მოიფიქრონ, ან საკუთარი გამოცდილება აქციონ იდეად.

ამ ნახევარი წლის განმავლობაში ხედავ, როგორ ეცვლებათ დამოკიდებულება საქმის მიმართ, როგორ სწავლობენ გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლად მუშაობას – საქართველო სკოლებში  ძირითადად ყველაფერი დაგეგმილია და ვინც გასწავლის, ის შენზე გამოცდილი უნდა იყოს. ეს კი არის ამერიკული მოდელი, როცა მშობელიც კი შეიძლება იყოს მწვრთნელი განსაკუთრებული ცოდნების გარეშე. სწავლის პროცესსაც კი სწავლობენ,  სწავლობენ, როგორ მოიძიონ ინფრმაცია, როგორ მოიპოვონ პასუხები. ეს არის ძალიან მდგრადი პროექტი და ამიტომაც იზრდება დაინტერესება ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში. გვქონდა შემთხვევები, როცა სხვა ტექნოლოგიურ პროექტებში მომუშავე გოგოები თავიანთ უმცროს დებს მონაწილეებად  არეგისტრირებენ პროექტში, თვითონ კი მენტორებად მოდიან, რომ მათ დაეხმარონ” – გვიყვება ნანა.

პროექტი, რომელიც 80-მდე ქვეყანას ფარავს, მოხალისეობრივ პრინციპებზე დგას. მენტორები, რომლებიც გოგონებს იდეების განხორციელებაში ეხმარებიან, პროექტში ანაზღაურების გარეშე არიან ჩართულები. ამ ტიპის პროექტში მონაწილეობა კი სამომავლოდ მასში ჩართულ ბავშვებს უბიძგებს, თვითონაც დაეხმარონ სხვებს, გადასცენ ცოდნა და იზრუნონ მათ განვითარებაზე.

 

გლობალურ პროექტს 17 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში ის სულ რამდენიმე წელია  ტარდება. მასშტაბები ნელ-ნელა იზრდება: თუკი თავიდან 50 გოგონა მონაწილეობდა საქართველოდან, წელს ეს რაოდენობა სამასს აღწევდა.

 

Technovation Girls-ის პრინციპი ასეთია: გოგონები ერთიანდებიან მაქსიმუმ 5 კაციან ჯგუფებში, ჰყავთ მენტორი და ეჯიბრებიან  თანატოლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ 6 თვის განმავლობაში, სანამ საკუთარ იდეაზე მუშაობენ, პროექტის მონაწილე გუნდები წერენ ორ ვიდეორგოლს, ერთს −მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემის, მეორეს კი ამ პრობლემის ტექნოლოგიური გზებით გადაწყვეტის შესახებ. ამ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური აფასებს. გუნდები იქმნება ორ ასაკობრივ კატეგორიაში: 13-დან 15 წლამდე გოგონები ჯუნიორებად ითვლებიან, 15-დან 18 წლამდე− სინიორად. ზოგიერთ ქვეყნებში იქმნება 13 წლამდელთა გუნდებიც. კურიკულუმი, რომელიც პროგრამის მონაწილეებისთვის არის შედგენილი, ეხმარება გოგონებს, 40+ სამუშაო საათში შეძლონ პროექტის დასრულება. ბანაკში კი,  რომელიც ამ პროგრამის ფინალური ეტაპია, გოგონები ისმენენ ლექციებს  კლიმატის, სამედიცინო და აგროტექნოლოგიების შესახებ, ესწრებიან ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამუშაო შეხვედრებს და თამაშობენ სახალისო STEM თამაშებს.

 

“წელს 60-მა გუნდმა დაასრულა პროექტი და ეს იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ გუნდებიდან შეირჩა 6 ნახევარფინალისტი რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც მაისში ჩატარდა ალტე უნივერსიტეტში. ხოლო ნახევარფინალში გასულ გუნდებს შემდეგ აფასებდა საერთაშორისო ჟიური.”  ფინალში მხოლოდ 15 გუნდი გადიოდა. ფინალში  ვერ მოვხვდით, მაგრამ ჯუნიორ კატეგორიაში საქართველოდან გამარჯვებული გახდა სვანეთიდან გუნდი, რომელიც ფარის და ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული. მათ  წარადგინეს პროექტი  სმარტ ლაით. მესტიაში, სადაც ელექტროენერგია უფასო, არავინ  ზოგავს და უფრთხილდება ელექტროენერგიის არამიზნობრივ გამოყენებას, ამიტომ სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს მოწყობილობა და აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია თვალი ადევნო ელექტროენერგიის ხარჯვას და სადაც საჭირო არ არის, გამორთო გვიყვება ნანა. მისი დაკვირვებით, პროექტების ხარისხზე გარკვეული გავლენა აქვს გამოცდილებას, პირველად აქვთ გოგონებს შეხება ტექნოლოგიებთან თუ არა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პირადი გამოცდილებები ყოველდღიური ცხოვრებიდან. მაგალითად, წელს საქართველოში ერთ-ერთმა გუნდმა შექმნა აპლიკაცია, რომელიც გოგონებს ადვოკატთან დაკავშირებაში ეხმარება – ამ იდეის ავტორს თავად ჰქონდა გამოცდილი ოჯახში ძალადობა და იცის, როგორი მნიშვნელოვანია ამგვარ შემთხვევებში სანდო ადამიანის დროულად ჩართვა საქმეში. კვლევა იმის შესახებ, რომელ ქვეყანაში რა თემებია უფრო მნიშვნელოვანი პატარა გოგონებისთვის ამ პროექტის ფარგლებში არ ჩატარებულა, თუმცა ნანა გვიყვება, რომ გარკვეული ტენდენციები შეიმჩნევა: მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში მეტად აქტუალურია სოციალური თემატიკა, განვითარებულ ქვეყნებში მეტი აპლიკაცია იქმნება კლიმატის ცვლილებების, კონსიუმერიზმის, ჭარბი მოხმარების თემატიკაზე.

პროექტის ფინალი ბანაკია, სადაც პროგრამის ის მონაწილეები, ვინც ყველა ეტაპს გაივლიან, ისმენენ ლექციებს და ერთვებიან სამუშაო შეხვედრებში.

 

“წელს ბანაკი იყო ორი გუნდი, თითოში  75 – 75 გოგონა და  მენტორები. ოთხი დღე და სამი ღამე იყო გათვლილი თითოეული ნაკადისთვის.

შინაარსობრივად ცოტა განსხვავდებოდა ბანაკები ერთმანეთისგან. პირველში უფრო მეტი დატვირთვა იყო სამუშაო შეხვედრებზე, შეისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოზე, გაეცნენ პითონის საფუძვლებს, ლექციები ქონდათ კლიმატის ტექნოლოგიებსა და მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, ვათამაშეთ სხვადასხვა სტემთამაშები, კიბერ უსაფრთხოებაზე  მიიღეს სიღრმისეული ინფორმაცია. მეორე ნაკადზე მეტი ლექციები გაიმართა დიზაინ აზროვნებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, დემოკრატიის და კლიმატის ტექნოლოიებზე, მეწარმეობის შესახებ შეხვედრაზე  მეტი ყურადღება დაეთმო პროდუქტისთვის ბაზრის კვლევა, ამ ბანაკის მონაწილეებმაც ითამაშეს ბევრი სტემთამაში. ორივე ნაკადის  მონაწილეები დამეგობრდნენ, მომავლის გეგმები დასახეს.

 

უფროსებში არდუინო, მიკროკონტროლერზე  დაპროგრამება რამდენიმემ იცოდა, პატარების ჯგუფებში თითქმის არავის ჰქონდა ეს გამოცდილება. ორი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა ამ საკითხს, რაც  საკმარისია დამოუკიდებლადაც გაიგნონ გზა, ტუტორიალები ნახონ და მარტოებმა სცადონ მისი გამოყენება“ გვიყვება ნანა. ის დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ჯერ კიდევ თვალშისაცემად ნაკლებია ქალების რაოდენობა, ამგვარი პროგრამები გოგონებს ეხმარება როგორც პროფესიულ არჩევანში, ისე თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

 

ნანას ვკითხეთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს სკოლას, როგორ შეიძლება წაახალისოს  მასწავლებელმა , მისცეს მოტივაცია გოგონებს, რომ  რაც შეიძლება  მეტმა სცადოს  და ამგვარ პროექტებში მონაწილეობით მიიღოს გამოცდილება.

“სკოლების ჩართულობა იქნება ძალიან კარგი, როცა სკოლიდან მოდის ერთი შეკრული გუნდი, ბევრად მარტივია, მათ აქვთ დრო და სივრცე, რომ ერთად იმუშაონ – კვირაში 3-4 საათი მაინც ჭირდება ამაზე მუშაობას. გვქონდა ისეთი შემთხვევებიც, როცა გუნდის ყველა წევრი სხვადასხვა სკოლიდან იყო. ასეთ  შემთხვევაში მენტორებს უჭირდათ მათი ერთად თავმოყრა. იდეალურია, თუკი სკოლიდან მოდის გუნდი და მათ მენტორიც იმ სკოლის მასწავლებელია“ – გვიხსნის ნანა.

 

 

 

 

თბილისმა ქიმიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

0

 რა ხდებოდა 19-22 აგვისტოს აგრარულ უნივერსიტეტში

19-22 აგვისტოს თბილისი ქიმიის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, სადაც საქართველო ერთი 6 კაციანი გუნდით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ნაკრებმა გუნდური მე-5 ადგილი დაიკავა და პირად ჩათვლაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინდივიდუალური მედლები მიიღეს მოსწავლეებმა: არჩილ წიკლაურმა, კონსტანტინე დავითაშვილმა და თემიკო მაჭავარიანმა.

საქართველოს გუნდი ასპარეზობაზე თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციასა და ლაშა ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარსდგა.

სწორედ ლაშა ხუციშვილს ვესაუბრეთ ქიმიის საერთაშორისო ტურნირის მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე. ის ტურნირის მთავარი ორგანიზატორია. ტურნირს თბილისში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მასპინძლობდა.

“ქიმიის საერთაშორისო ტურნირი განსხვავდება ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისგან, რომელიც უფრო ძველი და ტრადიციული ღონისძიებაა. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა წელს 55-ედ ჩატარდა, ტურნირი მეექვსედ. ტურნირის მთავარი პრინციპი ის არის, რომ გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ქიმიის საკმაოდ განსხვავებული ამოცანების ამოხსნაში, ირჩევა საუკეთესო და მათ შორის ნაწილდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს საკმაოდ ინტერაქტიური და შემოქმედებითი ღონისძიებაა.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე გუნდში შეიძლება იყოს 4-6 მოსწავლე. 

ყველა გუნდს მომზადებული აქვს 12 ამოცანა, რომელიც წინასწარ არის ცნობილი.

მაგალითად რომ მოვიყვანოთ, როგორი ამოცანებია, ერთ-ერთს გეტყვით: უნდა შეძლო  ნივთიერების სინთეზი, რომელიც შეიცავს რაც შეიძლება მეტ ელემენტს პერიოდულობის ცხრილიდან. ცხადია, ეს არის თეორიული და ამოხსნა დამყარებული უნდა იყოს სამეცნიერო კვლევებზე, პრაქტიკული ნაწილი აქ არ მოითხოვება.

ტურნირი იყოფა რაუნდებად: თითო რაუნდში მონაწილეობს სამი გუნდი – ერთი გუნდი არის მომხსენებელი, მეორე ოპონენტი და მესამე  რეცენზენტი. როლები გუნდებს სულ ეცვლებათ და ყოველ დღე სამივე გუნდს სამივე როლი აქვს. მომხსენებელ გუნდს ოპონენტი გუნდი სთავაზობს, რომელ ამოცანას წარადგენს წინასწარ ცნობილი 12 ამოცანიდან – სამი აცილების უფლება აქვთ. როცა შეთანხმდებიან, მომხსენებელი წარადგენს 8 წუთიან პრეზენტაციას, მერე ოპონენტი გუნდის წარმომადგენელი გამოდის და  5 წუთში აფასებს, რა სუსტი მხარეები ჰქონდა მომხსენებელს. შემდეგ იმართება დებატები და ბოლოს რეცენზენტი აფასებს, როგორ წარიმართა დისკუსია. ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო ჟიურის წინაშე, რომელიც აფასებს სამივე როლს. შეფასებებს იღებენ როგორც გუნდები, ისევე ინდივიდუალური მონაწილეები. შემდეგ დგება თითოეული ადამიანის მიერ მოპოვებული ჯამური ქულების სია და იქაც ნაწილდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები” – გვიხსნის ლაშა.

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი უფროსკლასელებისთვის არის განკუთვნილი – მასში მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები მონაწილეობენ. საქართველოში წელს ჩატარებულ ტურნირში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო სინგაპურის, რუმინეთის, მექსიკის, ტაილანდის და უნგრეთის გუნდები. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან უნგრეთი და ტაილანდი ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. უნგრეთი ტურნირის შექმნის დღიდან აქტიურად არის მასში ჩართული – გასულ წელს, სწორედ ბუდაპეშტმა უმასპინძლა ამ ღონისძიებას. საქართველომ მაშინ პირველად მიიღო მონაწილეობა ტურნირში და სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი სპეციალური პრიზი მოიპოვა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ მომავალ წელს საქართველო გამხდარიყო ტურნირის მასპინძელი.

“ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად ემზადება ტურნირში მონაწილეობისთვის: მაგალითად, სინგაპურში სკოლებში ჯერ ტარდება ინტერვიუები იმ მოსწავლეებთან, ვისაც უნდა ტურნირში მონაწილეობა, მერე ტარდება ტესტირება იმის დასადგენად, რა იციან და რამდენად შეუძლიათ სამეცნიერო სტატიების გარჩევა და შემდეგ ირჩევენ საუკეთესოებს გუნდისთვის. უნგრეთი ატარებს შიდა ტურნირს, სადაც სხვა, ასევე წინასწარ ცნობილი ამოცანები აქვთ. საქართველოშიც ტურნირს ვატარებთ დაინტერესებული ბავშვებისთვის – სპეციალური ფორმაა, იმას ავსებენ, მერე ვიბარებთ, ვისმენთ მათ მიერ ამოხსნილ ერთ ამოცანას და ასე ვპოულობთ ნაკრების წევრებს.

ასპარეზობისასაც განსხვავდებიან ქვეყნები ერთმანეთისგან. მაგალითად, სინგაპურის გუნდს აქვს ტრადიციულად ისეთი შთამბეჭდავი პრეზენტაციები, რაც ზრდასრულების სამეცნიერო კონფერენციებზეც კი იშვიათად მინახავს. ჩვენ წელს ვეცადეთ, ამოცანებში შეგვეტანა ქართული თემატიკა და მართლაც, ერთ-ერთი ამოცანა 12-დან საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ჩვენ წარვადგინეთ ეს ამოცანა: საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი – გვაქვს 8 ათას წლიანი ისტორია. შეაგროვეთ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია წამოვიდა საქართველოდან.

სხვათა შორის, ნორმალურად გაართვეს თავი. უნგრეთის გუნდმა აიღო ეს ამოცანა დასამტკიცებლად და კარგად გამოუვიდათ. ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით უნდა დაემტკიცებინათ ეს და გენეტიკური სეკვენირება გამოეყენებინათ. ფიზიკურ-ქიმიური მეთოდის ერთ-ერთი მაგალითი, რის საშუალებითაც ამოხსნეს ამოცანა, არის რადიოაქტიური ნახშირბადის გამოყენებით  დათარიღება. ამოცანის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი სანდო მეთოდით დაემტკიცებინათ გამოთქმული მოსაზრება” – გვიყვება ლაშა. ის გვიხსნის, რომ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს გარდა კონკრეტულ საგანში ცოდნის გაღრმავებისა, სხვა უამრავ სიკეთეს უკეთებს და ახალ უნარებს უვითარებს. ტურნირის სამუშაო ენა ინგლისურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები არამარტო ინგლისურ ენაზე ურთიერთობენ ტურნირის განმავლობაში, არამედ ამ ენაზე წარადგენენ მოხსენებებს და ამზადებენ პრეზენტაციებს. ენის კარგად ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია ორატორული ნიჭი, სწორი სტრატეგიის დასახვა, განსაზღვრული დროის ჩარჩოებში ჩატევა და დისკუსიის უნარი. თუმცა, ყველაზე რთული მოსწავლეებისთვის მაინც სამეცნიერო სტატიებთან მუშაობაა, რომლებიც მათ ამოცანების ამოსახსნელად სჭირდებათ.

“მხოლოდ სკოლის მასალა არ არის საკმარისი, ფაქტობრივად სამეცნიერო სტატიების გარჩევა უწევთ, რის პრაქტიკაც სკოლებში არ არის. ქიმიის ოლიმპიადაზეც გაცილებით მაღალი დონის ამოცანები მოდის, ვიდრე ნაციონალურ დონეზე“ – ამბობს ლაშა და გვიხსნის, რა გზა მოიფიქრა პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ ქართველი მოსწავლეების საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მოსამზადებლად. ასოციაციის ინიციატივით, ფუნქციონირებს პროექტი “ზურგჩანთა”, რაც ამ ეტაპზე ონლაინ სკოლის ფორმატს ატარებს და მხოლოდ ქიმიის საფუძვლიან შესწავლაში ეხმარება მოსწავლეებს. ამ სკოლაში გადაადგილება და მოგზაურობა მარტივია. სკოლის საიტზე ნებისმიერი ბავშვი იოლად იპოვის კლასს, შესასწავლ საკითხებს და ლაბორატორიაშიც უსაფრთხოდ გაიკვლევს გზას. “ზურგჩანთა“, გარდა სასწავლო მასალისა, ოლიმპიადასაც სთავაზობს მოსწავლეებს. ამ ოლიმპიადის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

“მასწავლებლებს შეუძლიათ კარგად ასწავლონ სასკოლო პროგრამა და თუ შეატყობენ მოსწავლეს, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს ქიმიის მიმართ, გამოუშვან ჩვენთან“ – ამბობს ლაშა.

ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში” ქიმიის მოყვარული მოსწავლეების გადამისამართებისთვის კარგი დროა – აქ ახალი სემესტრი 2 ოქტომბერს იწყება, მანამდე კი ახალი მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს.

საერთაშორისო ტურნირებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასე თავად ქვეყნისთვის.

„ამ ტურნირის შემდეგ უკვე გვაქვს უნგრეთის უნივერსიტეტთან, ოქსფორდში არსებულ უნგრეთის ქიმიკოსთა საზოგადოებასთან კონტაქტი, ეს გვაძლევს წვდომას სხვა ქვეყნების ლაბორატორიებზე, ძვირადღირებულ ინსტრუმენტებზე, სამეცნიერო გამოცემებზე, ზრდის ინტერდისციპლინარულ კვლევებში კოლაბორაციის შესაძლებლობებს.  ამის გარდა, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, იცნობდნენ საქართველოს, ქართულ კულტურას – გახსნის ღონისძიებაზე მოხიბლულები იყვნენ როგორც ჩვენი ცეკვით და სიმღერით, ასევე სტუმართმოყვარეობით“ – გვიყვება ლაშა.

 

 

 

 

ქალის დაწერილი

0

***

კერამიკის მაღაზიაში ვარ, ფილების შესაკვეთად. ერთი კვირის წინ შევთანხმდით, დიზაინს მოვიფიქრებ და დავბრუნდები-მეთქი. ახლა სხვა გოგო დამხვდა. ვაკეთებთ კარის აბრებს, როგორ არაო, ერთი ქალი იყო მოსული და იმისთვის ვამზადებთ ამ ფერს და იმ ფერს, ასე და ისეო, ანუ თქვენ პირველი კი არ ხართო. შევყევით ლაპარაკს და გაირკვა, რომ პირველი ქალიც მე ვარ, მეორეც და ერთადერთიც.

 

***

აი, სადაც წერია, არ შეეხოთ, არ დაჯდეთ, არ გადასცდეთ, სწორედ იმ ადგილას უნდა დამებინდოს მზერა, ჩავიკეცო, წამომაწვინონ და ყველა წესი დავარღვიო, რაც ძირითადად საგამოფენო დარბაზებში მემართება ხოლმე. „ძვირფასო, შენ იქაც წოლილხარ, სადაც ტომას მორი იდგა და მეფეს ეურჩებოდა. ნუ, შენი ისტორია უკეთ დამთავრდა.“ – გონს მოსულს ჩუმად მეუბნება ლევანი.

 

***

დილიდან ვიმტვრიე თავი ადრე წაკითხულ წიგნზე. არც ავტორი მახსოვდა (თან მიყვარს), არც სათაური, მხოლოდ რამდენიმე კადრი – ზღვის სანაპირო, შეყვარებული წყვილი, თაფლობის თვე და მესამე, მშვენიერი ქალი. მივწერე მეგობარს, ვინც მათხოვა და გავედით კვალზე.

 

***

98 წელს ბინა რომ ვიყიდეთ, ცოლ-ქმარმა სუროვცევებმა რუსულ-ქართული ლექსიკონები და ოთახის მცენარეები დაგვიტოვეს. არ უთხოვიათ, დაგვავალეს, ყვავილებს კარგად მიხედეთო. მას მერე დროდადრო გვაკითხავდა მეზობელი, რომელსაც სუროვცევები დონის როსტოვიდან ურეკავდნენ და სთხოვდნენ, ჩვენთან ჩამოსულიყო და მრავალწლიანი მონსტერასთვის დაეხედა. ხანდახან ასეც ხდება – როდესაც საკუთარ ფესვებზე ფიქრობ, მხოლოდ შენი ხელით დარგული და გახარებული მცენარის ფესვები გახსენდება.

ჰო, საჰაერო ფესვები არ მოაჭრათო, ეგეც დაგვიბარეს.

 

***

ჯიმი, ღამის კლუბი, აუზი, ძაღლების გამოფენა, სოლარიუმი, მანქანების ბაზრობა, ლუდის ბარი, ფეშენ უიკი, ტექნიკის მაღაზია – იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, სადაც ოჯახის წევრებს თურმე ჩემი ნახვა გაუკვირდებოდათ. სცადეთ თქვენც, გამოკითხეთ ახლო ხალხი.

 

***

მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მე და ჩემი და ინჟინრები გამოვსულიყავით. ჩემზე კიდევ, მაგას შეეშვი, თემებს კარგად წერს, თემებს კარგად წერსო და შემეშვა. ამ თემებშიც სულ რაღაცას რომ ითვლი, პროპორციებზე, ხაზებზე, სტრუქტურაზე, ინსოლაციასა და სივრცეებზე ფიქრობ, ინჟინერიაა, აბა, რა არის. ბარემ გამოვსულიყავი.

 

***

საქმე ისე მიდის ფეისბუქში, ერთი კითხვის ნიშნით ამოკნავლებულს პასუხის ღირსად აღარავინ აგდებს. სასვენი ნიშნების ისტერიული გამოყენების გამო პოსტპუნქტუაციური აპოკალიფსი არ აგვცდება.

 

რად გვიღირს???

 

***

ვინტაჟური ნივთების მაღაზიაში ძირითადად წარწერებს ვაკვირდები სუვენირებზე. ერთი მწვანე ტოლჩა ყველაზე უსახურად გამოიყურებოდა, მაგრამ ზედ მიწერილი პატარა იტალიური ქალაქი მაინც დავგუგლე. ამ ყაიდის მოგზაურებიც არსებობენ, ორიოდე კილომეტრის გავლით ნახევარ სამყაროს რომ მოივლიან.

 

***

ტრენიგზე ვთხოვ მონაწილეებს, თვალები დახუჭონ და წარმოიდგინონ… ყველა ემორჩილება ინსტრუქციას, მხოლოდ ერთი ურჩობს. კიდევ ერთხელ ვუმეორებ – დახუჭე თვალები! ჯგუფი იცინის და იხილება იმის გამოსარკვევად, ვინ არ დაიხუჭა. ახლა მხოლოდ ეს ბიჭია თვალდახუჭული და ქუთუთოებს მიღმა ეშმაკები უთამაშებს.

***

ჩემმა მობილურმა ტელეფონმა თავი მოიკლა და არცერთი თვითმკვლელი მობილური ამას არ სჩადის საგარანტიო ვადაში. ოჯახის სხვა მობილურები ერთმანეთის კამერებთან საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბარში აცხადებენ, რომ ეკრანდაბნელებულს ვალები არ ჰქონდა. მეტიც, სწრაფ სესხებზე მესიჯებს თვითონვე შლიდა.

 

***

– გაჩერებასთან გამიჩერეეეთ! (წამღერებით)

– გაუჩერეთ! (ბანი)

– გამიჩერეთ რააა! (წატირებით)

– გაუჩერეთ, გაუჩერეთ! (გუნდი)

– ჩადიან? (ხრინწი)

– კი, ქალი ჩადის, ქალი ჩადის! (ბექები, უკანა რიგი)

– მერე ვერ იტყვით, კაცო? (ახველებს, ხმა ეწმინდება)

 

***

ვითომ საქმე დავატრიალე. დავწერე მოთხრობა, გამოვაქვეყნე გაზეთში, ავიღე ცოტაოდენი ჰონორარი. ვიფიქრე, ავტორიც ხომ უნდა გამოადგეს ტექსტს-მეთქი და ამ ჰონორარიდან ცოტაოდენი საქმეში ჩავაბრუნე, ანუ პოსტი დავბუსტე. სამი დღე აფრიალა ფეისბუქმა, მაგრამ წაკითხვით  ცოტაოდენმა წაიკითხა. რად უნდოდა ათი დოლარი იმის მიხვედრას, რომ პროზა პოეზია არ არის, დაბუსტავ – ვერ წააკითხებ.

 

***

 

ტაქსის ოპერატორებს მითითება აქვთ, რომ ყველაფერი დააზუსტონ:

– თამარაშვილი რომელი, მიხეილი?

– დიახ.

– და სად მიდიხართ?

– აღმაშენებელზე.

– აღმაშენებელი დავითი?

 

***

მთელი დღეა წვიმს თელავში. გავშალეთ ქოლგები და ამოვიარეთ ქალაქი. ერეკლეს სასახლეზე მატასი ლევანს ეკითხება: მამა, ეს რა არის? ლევანს ხმა ეცვლება და დიდაქტიკურად იწყებს – მამა, ეს არის… ელენე ლევანზე მანიშნებს: ნახე, რა მონდომებული ყოფილა საგანმანათლებლო ტურისთვის, კიდევ კარგი, გამოვყევით.

 

***

გუშინდელ საღამოზე ძირითადად მეგობრები მოვიდნენ, რა თქმა უნდა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ არ დაესვათ შეკითხვები:

– რომ გირეკავ, რატომ არ იღებ?

– ერთნაირი ფეხსაცმელები რომ ვიყიდეთ, გახსოვს?

– ის როგორ იყო, გაზეთიდან ეროტიკულ სპექტაკლზე რომ აღმოვჩნდით?

მოკლედ, ასეთები არ იყო, თუმცა მათთან ერთად ძველი ამბების გახსენებას არაფერი მირჩევნია.

 

***

არსებობს ხელის მტევნის ორი ისტორიული ფოტო. პირველი ეკუთვნის ანა ბერტა ლუდვიგს, X-სხივების გამომგონებლის, ვილჰელმ რენტგენის ცოლს. მეორე ჩემია, რომელიც შარშან ბათუმიდან ლევანს გამოვუგზავნე, მინაწერით – „მოვკაკვე!“. აქვე, მადლობა გია ჯალალიშვილს, რომელმაც მიექიმა გაწყვეტილ მყესზე და ერთი წლის თავზე ისევ ძველებურად შემიძლია შუა თითის ჩვენება, თუკი ამას გარემოება მოითხოვს.

 

***

ნესტის სუნს მივყევი და წიგნების კარადასთან მიმიყვანა. გადმოვალაგე, ვაშრობ, ვფურცლავ.

 

– ნუთუ ეს ყვავილი მე ჩავდე?  – გაკვირვებული დავყურებ.

– არ არის გამორიცხული, რომ მე,  – წიგნს მართმევს ლევანი.

 

***

ისეთი დაუნდობელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა მეზობლისგან, ვიფიქრე პატრულს მივაშველებ-მეთქი. ასინეთასავით მივადე ყური კედელს და, სავარაუდოდ, ოთხ ხმაში გამოვარჩიე მართალი კაცის ხმა: დამა ყვავი იყო, ბიჭო!

 

***

ხანდახან ასეც ხდება, ავტორმა იცის, რომ ბოლო კრებულზე მუშაობს და უკანასკნელად უბერავს სულს მინავლებულ ცეცხლს. ლეონარდ კოენის წიგნში ვერ ნახავთ შეწყვეტილი ცხოვრების ამბავს, ეს ბრწყინვალე დაისია და ამასთანავე ახალი გზის დასაწყისი:

 

I pray for courage

At the end

To see death coming

As a friend.

 

***

უხსოვარ დროს ერთი მეზობელი გვესტუმრა, ჩვენს ეზოზე წიგნს ვწერ, თქვენც იქა ხართ, მერე რომ არ გაგიკვირდეთო. ისე, დიალოგებს კი წავიკითხავდი.

 

***

ბოტები, ბოტებიო და მე ჩემი ძველი ბოტები გამახსენდა. თინეიჯერები უცნაური ხალხია – ოღონდ რამე მოეწონოთ და მოერგებათ თუ არა, აღარ დაეძებენ. ერთხელ იმხელა ბოტები ვიყიდე, ცუდ ამინდში ხან მე მეცვა და ხან მამაჩემს.

 

***

გაიხსენეთ სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ იცოდით და სხვა რამე წარმოგედგინათ. მაგალითად, მე პანაკოტა ერთხანს რაღაც იშვიათი თევზი მეგონა. შეიძლება იმიტომ, რომ პირველად ზღვისპირა რესტორანში გავიგე – თავისუფალი მაგიდა არ გვაქვს, ისეთი ხალხი მოდის, სულ პანაკოტები აქვთ შეკვეთილიო.

 

***

წლების უნახავი ნაცნობი მხვდება. მოვიკითხე, ბავშვები ახლა რამხელები არიან-მეთქი. მახსოვს, მაშინ თინეიჯერები იყვნენ. ცხრის და ოთხისო. ეგ როგორ, რა დაგმართნიათ-მეთქი. აა, მეორე ცოლი მოვიყვანე, აბა, ისინი რაღა ბავშვებიო.

 

***

შემომხედავ, თითქოს დალაგებული ვარ. დავჯდები საწერად და დროებს ისე ვურევ, ფაილის დახურვას ვეღარ ვახერხებ აწმყოში. კარგი რედაქტორები მყავს და იმათ იდარდონ.

 

***

რაღაცას რომ ვწერ, უნდა ჩავურთო წუთში ერთხელ რაც ჩამესმის – „დე, ნახე, რა გავაკეთე!“ „დე, ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?“, „დე, ჩემი მობილურის დამტენი სად წავიდა?“, „დე, ყირაზე გადავიდე?“, „დე, გადმოვყრი ჩემ ტანსაცმელს და მერე ისევ დავალაგებ!“

 

ხომ არ დაეტყობა, რომ ქალის დაწერილია?

 

 

 

 

ამბები მასწავლებლის დღიურიდან

0

– როგორი დღე გქონდა? რა მოხდა სკოლაში? – ეკითხებიან სკოლიდან შინ დაბრუნებულ ბავშვებს. მასწავლებლებს ვინ გვისვამს ასეთ კითხვებს? ვის აინტერესებს, რა გაგვიხარდა ან გვეწყინა, როგორი გაკვეთილები ჩავატარეთ?

ძალიან მიყვარს დღიურები. წლების განმავლობაში ბევრი ჩანაწერი დამიგროვდა. გაკვეთილებზე სულ დამაქვს ერთი დღიური, რომელშიც მოსმენისას საინტერესო ფრაზებს ვინიშნავ, ზოგჯერ პირადი მაგალითისთვის მოსწავლეებთან ერთად ვწერ დავალებებს და ვუკითხავ. ჩემი შვილები ხშირად მთხოვენ სკოლის ამბების გაზიარებას. მთავარი „მსმენელი“ კი წითელყდიანი დღიურია, რომელიც საგანგებოდ სკოლის ყოველდღიურობის აღსაწერად ვიყიდე. დღიური დღეების მიხედვით არის დაყოფილი და გვიან ღამით მოკლედ ვინიშნავ მხოლოდ გაკვეთილების ამბებს – რომელ ტექსტს ვსწავლობთ და რომელ მეთოდებს ვიყენებთ. ნაჩქარევი, მშრალი ჩანაწერების მიღმა კი იმდენი ემოცია იმალება, არ ვიცი, წლების შემდეგ მათ ამოკითხვას თუ შევძლებ.

კვირის ბოლოს ჩანაწერებს თვალი გადავავლე და ისეთი მრავალფეროვანი დღეები გვქონია, გადავწყვიტე, რამდენიმე ამბავი თქვენც გაგიზიაროთ.

 

გულდაფაკედელსაკიდელა

ორი თვეა, მეექვსეკლასელებს თამარ გეგეშიძის წიგნს „სული-ჩიტი“ ხმამაღლა ვუკითხავ. თავებს ისეთი საინტერესო სათაურები აქვს, იდეებით მავსებს. ერთ-ერთ თავს ჰქვია „ვატოს ოთახი“. მთავარი პერსონაჟი, ლუკა, კლასელს შინ ესტუმრება. ვატოს ძველებურ სახლში მზრუნველი ადამიანები ტრიალებენ. მისი ოთახი კი ლუკას გააოცებს: „ვატოს ოთახში შევედი თუ არა, სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, რა უცნაური და ჭრელი შპალერია-მეთქი. მერე კი მივხვდი, ასე იმიტომ მომეჩვენა, რომ კედლები სულ პლაკატებით იყო აჭრელებული. რომ დავაკვირდი, წიგნებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან ამოხეული ფურცლები ყოფილა. თურმე, ვატოს რაც მოეწონებოდა, სტატია, სურათი, განცხადება თუ კომიქსის ნაწყვეტი, ყველაფერს კედელზე აწებებდა. ერთ მხარეს ძირითადად კოსმოსის შესახებ იყო ცნობები, მეორე კედელზე კი შარშანდელი ისტორიის წიგნიდან ამოჭრილი ვახტანგ მეფე და ხოხობი ვიცანი. სტიკერებიც იყო, მარკებიც და რამდენიმე ფურცელი სულ ვატოს დაწერილი ჩანდა. ალბათ წერილები იქნებოდა“.

აღფრთოვანებულ ლუკას ვატო ეუბნება, რომ ოთახის მოწყობაში დაეხმარა ბაბუა, რომელსაც სურდა, მისი ოთახი მხიარული ყოფილიყო.

ყურადღება გავამახვილეთ ამ ეპიზოდზე. ვისაუბრეთ პირადი სივრცის შესახებ და გადავწყვიტეთ, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, რას გამოვფენდით ჩვენს კუთხეში. ერთად შედგენილი ნუსხა ამგვარად შეივსო:

  • წიგნის ყდა;
  • საყვარელი მწერლის, მომღერლის, სპორტსმენის, პერსონაჟის პოსტერები;
  • პირადი წერილი ან ღია საფოსტო ბარათი;
  • ლექსის ერთი სტროფი;
  • საკუთარი ან ნაჩუქარი ნახატი.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი ყოფილიყო, რას ვთხოვდი ბავშვებს, მეორე დღისთვის დავხატე საყვარელი პერსონაჟი ანიმედან, წიგნის ყდა, დავწერე ლექსის ერთი სტროფი, დავამზადე ჰერბარიუმი, მოვძებნე მოსწავლის ნაჩუქარი ნახატი და ღია საფოსტო ბარათი, რომლებიც სათითაოდ ჩამოვკიდე ძაფზე და ყუთში მოვათავსე.

ამგვარად მიწოდებული რესურსი დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავს და ყურადღების მოკრების საუკეთესო გზაა.

ვკითხე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყუთში. ბევრი რამ ჩამოთვალეს. რამდენიმემ გამოიცნო. შემდეგ ყველაფერი დაფაზე დავამაგრე და არჩევანის შესახებ ვისაუბრე, კერძოდ, დავასაბუთე, რატომ შევარჩიე თითოეული მათგანი.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, ერთად აკინძულ ნივთებს გულდაფაკედელსაკიდელა დავარქვით.

პრეზენტაციაც საგულდაგულოდ ჩავატარე. ანიმეს პერსონაჟთაგან ლისა შევარჩიე ჰაიაო მიაძაკის ფილმიდან „პონიო“. ლისა ახალგაზრდა ქალია, მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს, შვილს უვლის და ქარიშხლის დროს შარაგზაზე გადმოსულ ტალღებს შორის მანქანას ელვის სისწრაფით დააქროლებს. ლისას ცხოვრება მომწონს. ის გამბედავია, მზრუნველი, კაცთმოყვარე და ძალიან კარგად ესმის ბავშვების. თავისი შვილის სურვილს – იმეგობროს ნახევრად თევზ გოგოსთან, დიდი გაგებით ეკიდება. ზოგჯერ ბრაზსაც გამოხატავს და მისი ეს თვისება ძალიან მხიბლავს. საინტერესო გზავნილია დედებისთვის, რისხვის შემოტევისას როგორ უნდა გავავლოთ ზღვარი გამომწვევ მიზეზსა და გამოხატვის ფორმას შორის და ჩვენი უარყოფითი ემოციები ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, არ მოვახვიოთ თავს.

საყვარელი წიგნებიდან შევარჩიე „ენი ევონლიდან“, რადგან ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რედაქტორმა, მარიამ კორინთელმა, წიგნზე მუშაობისას მომწერა, ასე მგონია, შენს ამბებს ვკითხულობო. ენი სოფლის ახალბედა მასწავლებელია და კითხვისას მარის ჩემი რაჭული თავგადასავლები ახსენდებოდა. ამასთანავე, ავტორი, ლ. მ. მონტგომერი, წიგნს თავის მასწავლებელს უძღვნის: „მადლიერებით, ჩემი ყოფილი მასწავლებლის, ჰეითი გორდონ სმითის ხსოვნას, თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის“. ალბათ, ყველა მასწავლებელი ისურვებდა, მოსწავლეებისგან ასეთივე მიძღვნა დაემსახურებინა.

ნაჩუქარ ყვავილებს წიგნებში ვახმობ. მეექვსეკლასელების მშობლებმა ერთ დღეს თაიგული მაჩუქეს. მადლიერების ნიშნად ამ ყვავილებისგან ჰერბარიუმი დავამზადე. ვფიქრობ, ამგვარი პატარა ნაბიჯებით ბავშვების გულებს სხვებისადმი კეთილი ფიქრებით ავავსებთ.

გალაკტიონის ლექსში „ქარი ქრის“ მართლაც ისმის ქარის ხმა. ამაზე დიანა ანფიმიადის წერილმა დამაფიქრა. სიტყვებიდან ხმოვნებს თუ ამოვიღებთ დარჩება თანხმოვნები: ქრ… ქრ… ქრ… – და საკლასო ოთახშიც ქარის ხმა გაისმის.

ერთხელ ვაჟიკომ, მეექვსეკლასელმა ბიჭმა, თავისი დახატული რეპერ Snoop-Dog-ის პორტრეტი მაჩუქა. ბავშვების ნაჩუქარ ნივთებს რომ ვუფრთხილდებით, ესეც პირადი მაგალითია მათთვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვაჟიკომ თავის გულკედელდაფასაკიდელაზე „ემილის თავგადასავლის“ ყდა გამოფინა და გაგვახსენა: – ეს წიგნი მესამე კლასში ცუდად ყოფნისას ლელა მასწავლებელმა მაჩუქა და ანდრიამ სახლში ამომიტანა; ისე გამიხარდა, იმავე დღეს დავიწყე კითხვა და მეორე დღეს დავამთავრეო. ყდაზე დატოვებული წარწერაც ზეპირად ახსოვდა. როცა ვაჟიკო ამ ამბავს გვიამბობდა, მე მის მერხთან ვიჯექი ჩანაწერის გასაკეთებლად. შევამჩნიე, რომ რამდენიმე ბიჭმა შემომხედა. აინტერესებდათ ჩემი ემოციები. მე კი თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. ასე იცვლება დადებითი ენერგიები, რაც ურთიერთობებს ჰარმონიულს ხდის.

ჩემმა ბიჭმა დაბადების დღეზე ღია საფოსტო ბარათი მაჩუქა წარწერით: მადლობა, ადამიანო, რომ გამაჩინეო, – და ამ სიტყვებით დამემშვიდობა: კეთილი და სულიერიო. დედისადმი გამოჩენილი მზრუნველობა ღია საფოსტო ბარათით ბავშვებისთვისაც პირად მაგალითად იქცევა.

შევაჯამეთ პრეზენტაცია, ვისაუბრეთ მთავარ გზავნილებზე, გავიხსენეთ, რა უნდა გაითვალისწინონ საჯარო საუბრისას და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მეორე დღეს მსმენელის როლი მოვირგე. შეიძლება ითქვას, რომ გულკედელდაფასაკიდელა წლის საუკეთესო აქტივობად იქცა. მოსწავლეების არჩევანის გაცნობისას ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საკუთარი ოთახისთვის შერჩეული ნივთები თითოეული მოსწავლის ბუნებას გამოხატავდა და მათი სამყაროს კარს გვიღებდა. წიგნის პერსონაჟ ლუკას მსგავსად, გაოცებას ვერ ვმალავდით და ხელნაკეთი ნივთებით გადავსებულ დაფას სიყვარულით ვაკვირდებოდით.

ელენეს ვან გოგის სახისთვის ყვითელი თმა-წვერი უჩვეულოდ შემოევლო; ნიკამ პატარა ქვა მოგვიტანა, სკოლის პირველ დღეს ვიპოვე, შინ წავიღე და ამბებს ვუყვებოდიო. ალექსმა რაგბის გუნდის დროშა მოიტანა და გუნდ „იუნკერები-სარაჯიშვილის“ სახელზე გვესაუბრა: იუნკერები ჯარისკაცები იყვნენ და 1921 წელს დაიღუპნენ, ამიტომ ჩვენს ფორმას „1921 წელი“ აწერიაო. ანდრიამ თავისი ნახატი „Lost in New-York“ მოიტანა, ჩემს ნახატებს შორის ყველაზე მეტად მომწონსო. შოთიკომ ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ შეარჩია, ახლაც მახსოვს, მესამე კლასში რომ წაგვიკითხეთ და ბავშვებს თვალების დახუჭვა რომ გვთხოვეთო. ნინიმ ნაქსოვი ჩანთა დაფის გვერდით ჩამოკიდა, ამ ბოლო დროს არავინ ქსოვს და მინდა, ქსოვა სხვებმაც გაიხსენონო. სანდროს გულკედელდაფასაკიდელა ყველაზე მძიმე იყო, რადგან ფურცლებთან ერთად ბუცები ჰქონდა ჩამოკიდებული. ყველა გაგვახალისა დაფაზე ჩამოკონწიალებულმა დაფლეთილმა ბუცებმა. აი, საბას ბუცის ფორმის პენალმა კი გულიანად გვაცინა, მასწავლებლებს ბუცი ჰგონიათ ხოლმე და მერხიდან აღებას მთხოვენო. ნიკოლოზმა „ცხრაკარა“ წაგვიკითხა, ყველაზე მეტად ამ ლექსმა ჩამითრიაო. ბარბარემ ჯინზე ისაუბრა და სურვილების ჩაფიქრება მოგვანდომა. გელამ მურმან ლებანიძის ლექსის ერთი სტროფი წაგვიკითხა და გვითხრა, რომ „ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო…“ ნიკას რვეულში აღმოაჩინა, ძალიან მოეწონა და ინტერნეტში მოძებნა. თამარმა ბარბარეს ნახატი გაგვაცნო, ერთ გაკვეთილზე ჩვენ უკან იჯდა და მე და ნატალი დაგვხატაო.

განსაკუთრებით გამიხარდა ბიჭების მიერ ნაპოვნ-გამხმარი ფოთლები და ყვავილები. მგონია, რომ ბავშვები, რომლებიც ყვავილებს ახმობენ და ლექსებს კითხულობენ, ცხოვრებისეულ სისასტიკეს აისხლეტენ. დაფა გადაივსო მსახიობების, მომღერლების, სპორტსმენების, მხატვრების ამსახველი ნახატებით, ღია საფოსტო ბარათებით, ლექსებითა და ჰერბარიუმებით. ერთმანეთს დიდი ყურადღებით ვუსმენდით, კითხვებს ვუსვამდით, ვიცინოდით და თვალები ცრემლებით გვევსებოდა. ყველას მოსასმენად სამი გაკვეთილი დაგვჭირდა. მე დღიურში საკვანძო სიტყვებს ვინიშნავდი და ბოლოს სახალისო ვიქტორინაც ვითამაშეთ.

გულკედელდაფასაკიდელების სანახავად გვესტუმრნენ მასწავლებლები და სხვა კლასის მოსწავლეები. ერთმა ბავშვმა ხმამაღლა თქვა, თავი მუზეუმში მგონიაო.

 

 

ფეხტური ბიბლიოთეკაში

ოთხშაბათობით მეოთხე კლასთან წყვილი გაკვეთილი მაქვს. 27 მოსწავლიდან სკოლაში მხოლოდ ცოტნე არ იყო. ფეხტური ხომ არ მოვაწყოთ და თან ცოტნეს შევძახოთო, მკითხეს. როგორც წესი, ფეხტურებს იმ დღეებში ვაწყობ, როცა ცოტანი არიან. თვალი გადავავლე 26 მოსწავლეს და სკოლის გარეთ მათი მარტო გაყვანა ცოტა შემეშინდა. მერე სალიტა მოვიდა და მთხოვა, სათავგადასავლო წიგნი შემარჩევინეთო. ქცევის წესებზე შევთანხმდით და უბნის ბიბლიოთეკაში ფეხტური დავგეგმეთ. პუნქტებად ჩამოვწერეთ, რა უნდა გვენახა და სად უნდა წავსულიყავით. გზად კორპუსებს შორის მოქცეული სტადიონი უნდა გაგვევლო. ცოტნეს შევძახეთ. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ვერ შემოგვიერთდა. ამასობაში ჩემი მეგობარი მაკა დავინახეთ. ვთხოვეთ, ჩვენთვის დრო დაეთმო და კლასის საკითხავი წიგნი „ვაფლის გულები“ გავაცანით. შემდეგ პატარა მაღაზიაში კანფეტები ვიყიდეთ და ბიბლიოთეკისკენ გავეშურეთ. კანფეტებით გამვლელებსაც გავუმასპინძლდით. ბიბლიოთეკაში დაფაზე დატოვებული წარწერა შევნიშნეთ. უცნობი მკითხველი წერდა, აქ ზღაპრული გარემოაო. მის სიტყვებს ჩვენც გამოვეხმაურეთ და წიგნ-თავგადასავლების სამყაროს მადლობა გადავუხადეთ. სალიტასთვის საინფორმაციო წიგნი „როცა მთვარეზე გავიარეთ“ შევარჩიეთ და სასწრაფოდ სკოლაში დავბრუნდით. საშინაო დავალებად ფეხტურის ამბები უნდა დაეწერათ. საკლასო ოთახიდან გასვლამდე სალიტას გახსნილ ჩანთას მოვკარი თვალი, საიდანაც ერთად შერჩეული წიგნი იყურებოდა. მეორე დღეს სიხარულით კითხულობდნენ სხვადასხვა თანმიმდევრობითა და სიტყვებით აკინძულ ერთსა და იმავე ამბავს. ჩემი მეგობარი მაკა დღის მთავარ გმირად იქცა.

 

დავით კლდიაშვილის ბიოგრაფია

მერვე კლასის ერთ-ერთი საპროგრამო ტექსტია „სოლომან მორბელაძე“. კვირა ღამით ავკინძე სლაიდშოუ და ხელახლა გადავიკითხე დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი ცხოვრების გზაზე“. ბიოგრაფიების გაცნობა ჩემი საყვარელი აქტივობაა. მწერალი როგორც მოქალაქე თავისი ადამიანური ისტორიებით მოსწავლეებსაც ძალიან აინტერესებთ და ძველი ტექსტების გაგება-გააზრებასაც აადვილებს. გონებრივი იერიშით ვადგენ, რა იციან, შემდეგ მინილექციით ახალ ინფორმაციას ვაწვდი და ბოლოს გასასვლელ ბარათებს ავსებენ, კერძოდ, წერენ 5 რამეს, რაც დაამახსოვრდათ.

მწერლის ადამიანებითა და სიყვარულით სავსე ბავშვობა, რუსეთის სამხედრო სასწავლებელში გამგზავრება, ქართული ენის დავიწყება, ნიკო ლომოურის ნაჩუქარი გაზეთ „ივერიის“ კითხვით მშობლიური ენის გახსენება, 26-წლიანი სამხედრო კარიერა, რუსი უფროსებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ბათუმის ბულვარის გაშენება, თეატრისა და სკოლის დაარსება, მოსიყვარულე მეუღლე და ხუთი შვილი, მოთხრობების წერის პროცესის აღწერა – ეს ყველაფერი ხომ საინტერესოა, მაგრამ „ჩემი ცხოვრების გზა“ კიდევ ერთი ნიშნით არის გამორჩეული: დავით კლდიაშვილი უდიდესი სიყვარულით წერს ცნობილი და უცნობი ადამიანების შესახებ. დაუვიწყარია შეხვედრა ივანე ჯავახიშვილთან, რომელიც სინის მთის მანუსკრიპტებზე ესაუბრა, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართული საღამოები ქუთაისში. მწერალი იხსენებს, როგორ სწამებდნენ ცილს და როგორ სტკენდნენ გულს ალექსანდრე ყაზბეგს, რა გააფთრებით იცავდა ვანო მაჩაბელი კაცს, რომელსაც ლაპარაკი არ ეხერხებოდა, როგორ უყვარდა ხალხს გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელიც ზამთარში გარდაცვლილა და თვე-ნახევარი არ დაუკრძალავთ, რადგან ყველას სურდა, სულიერ მამას გამომშვიდობებოდა. „პირველ რიგში ვარ მოქალაქე და შემდეგ სამხედრო პირი“, – წერს ერთგან დავით კლდიაშვილი და აქ მისი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია მჟღავნდება. რუს მოხელეებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას საქმითა და სიტყვით მტრობდნენ, მწერალი მიწასთან ასწორებს და, ამავე დროს, მათ შორის ღირსეულ ადამიანებს კეთილი სიტყვებით ამკობს.

გასასვლელ ბილეთებზე მერვეკლასელებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რაში გვეხმარება მწერლის ბიოგრაფიის გაცნობა. შინ დაბრუნებული, მათი ნაწერების კითხვისას ვფიქრობდი, რომ ჩემი სათქმელი მათ გულებამდე სწორად მივიდა.

 

ელპიტეს მზითევი

დიალოგების სიმრავლე, დიალექტიზმები, ისტორიული კონტექსტის არცოდნა „სოლომან მორბელაძის“ გაგებას ართულებს. თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი ბატონყმობის გაუქმების ისტორია, სოციალური სტატუსით დაყოფილი საზოგადოების სირთულეები, შემდეგ მოვძებნე რადიოპიესა და ფირსაკრავით ავაჟღერე. ხმამაღლა წავიკითხეთ ტექსტი, შეავსეს პერსონაჟის რუკა, დაწერეს პერსონაჟის მონოლოგი, ერთ-ერთი განსხვავებული აქტივობა კი ამგვარი იყო: თანამედროვეობაში გადმოვიტანეთ მოთხრობაში ასახული სიტუაცია და მოსწავლეებს შევთავაზე, დაეწერათ, ქაიხოსრო ქათამაძის მსგავსად, მაჭანკლის საშუალებით თავად რომ გაებათ მოლაპარაკება ბიჭის საცოლის მშობლებთან, რას მოსთხოვდნენ. დაფაზე ჩამოვწერეთ ელპიტეს მზითევი: 20 თუმნის ვექსილი, 40 თუმანი ხელზე და 20 თუმნის ქონება.

13-14 წლის გოგო-ბიჭები ამ დავალებამ ძალიან გაახალისა. ერთმანეთს არ აცდიდნენ დავალების წაკითხვას. რა აღარ მოსთხოვეს საწყალ ბესარიონ საქარაძეს: უახლესი მობილური ტელეფონები, ჰავაის კუნძულებზე დასვენება, ბარათზე 5000 დოლარის გადარიცხვა და ა.შ.

ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით არასდროს დაავიწყდებათ „სოლომან მორბელაძე“.

 

მინისპექტაკლი

მოთხრობის მეოთხე თავზე ფიქრისას მინისპექტაკლის დადგმის იდეა გამიჩნდა. გავანაწილეთ როლები, შეერთებული მერხები სეფაში გაშლილ სუფრად ვაქციეთ და ახალი ეპიზოდები დავამატეთ, მაგალითად, როგორ ტირის ელპიტე და როგორ ამშვიდებენ მეგობრები. მღვდლის როლის შემსრულებელმა აკაკიმ იკითხა, რა ხდებაო და მისმა ამ გულგრილად ნათქვამმა ფრაზამ შესანიშნავად ასახა მოთხრობაში აღწერილი საზოგადოების გულგრილობა, გონებადაბინდულობა, „თუმნებზე“ გაყიდული გოგოების ბედი.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი

ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ლია მეტივიშვილმა, შუა კვირაში სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ გამართეს სასამართლო პროცესი „მგელი და კრავის“ მიხედვით. ლია ხაშურის სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ქართულს ასწავლის. მისი აქტივობები მასწავლებლის უწყვეტი ფიქრისა და შრომის შედეგია. დავურეკე და გამოცდილების გაზიარება ვთხოვე. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს მსგავსი აქტივობები. ლია აღფრთოვანებული მიამბობდა თავისი მოსწავლეების გონებაგახსნილობის შესახებ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა მოახვიოს თავს სხვამ საკუთარი აზრი და ეს უზომოდ მახარებსო, მიყვებოდა ლია ხაშურიდან გლდანულაში მყოფს და გული სიხარულით მევსებოდა.

მეორე დღეს, ლიას რჩევების გათვალისწინებით, მეოთხე კლასთან მეც გავმართე იმიტირებული სასამართლო პროცესი. შევარჩიეთ მგელი, ცხვარი, მათი ადვოკატები, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები, დაცვა, მგლისა და ცხვრის მეგობრები, მაგალითად, იგავში ცხვარს და-ძმა არ ჰყავს, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ: გავიხსენეთ კეთილი პერსონაჟები – წიქარა, დათვი („ენით დაკოდილიდან“), ანდროკლეს მეგობარი ლომი, ნუცამ გაგვახსენა ჰაიდის პაპის ცხვრები იოჰანა შპირის რომანიდან. ასევე შევურჩიეთ ნაცნობ-მეგობრები მგელსაც. სამწუხაროდ, ზარმა მოგვისწრო და სასამართლო პროცესის გადადება მოგვიწია. ბავშვებს როლიდან გამოსვლა გაუჭირდათ, მცველების როლში მყოფი ორი ბიჭი ეცა და გაკოჭა, ცხვრის დამცველმა ადვოკატმა კი სახელდახელოდ დამზადებული პლაკატი ააფრიალა წარწერით: „მგელი მოძალადეა!“

ლიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მითხრა: არასდროს მომწონდა დასასრული: „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი“, – და ძალიან მინდა, ეს უსამართლობა შევცვალოო. მჯერა, რომ ჩემი მეგობრის აღზრდილი მოსწავლეები უკეთესობისკენ შეცვლიან გარემოს.

პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ, მკითხველთა კლუბის წევრებს შევხვდი, ლიტერატურული კაფესთვის პოსტერები მოვხატეთ და ჩემი გამომცხვარი ნამცხვრით – „ლელათი“ გავუმასპინძლდი. სკოლიდან მოსწავლეებთან ერთად დავბრუნდი და სადარბაზოსკენ მიმავალს დაღლილობისგან ზუსტად ისე მეხუჭებოდა თვალები, როგორც ჩემი საყვარელი ანიმეს მთავარ პერსონაჟს – პონიოს.

 

ასეთი მრავალფეროვანი კვირა იმალება წითელყდიან დღიურში ჩაწერილი მოკლე ფრაზების მიღმა. იმის შესახებაც ვწერ, რაც არ გამომივიდა. მასწავლებლის ყოველდღიურობის მოკლე ჩანაწერებად ასახვა თვითრეფლექსიისა და დროის დაზოგვის მშვენიერი გზა აღმოჩნდა.

 

აქტივობები სწავლის პირველ დღეს

0

„დაუწერე წერილი საკუთარ თავს: რას ელი ახალ სასწავლო წელს? რა მიზნები გაქვს? რას გრძნობ ან ნერვიულობ?“ – რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, თუ ამას მასწავლებელი სასწავლო წლის პირველ დღეს გეტყოდათ, მერხზე ფერად, სუფთა ფურცელს დაგახვედრებდათ და წერისთვის დროს მოგცემდათ. ალბათ დაფიქრდებოდით. „ძვირფასო, მე…“ დაიწყებდი წერას და თქვენს მოლოდინებს, ფიქრებს, ხელის ერთი მოხაზულობით გადაიტანდით. შემდეგ კლასში მასწავლებელი შეაგროვებდა ფიქრებით სავსე ფურცელს და ლამაზ, გამჭვირვალე ქილაში საგულდაგულოდ შეინახავდა. დაგპირდებოდათ, რომ წლის ბოლოს ყველას დაგიბრუნებდათ მას და კიდევ ერთხელ გაგახსენებდათ, დაგანახებდათ განსხვავებას სასწავლო წლის პირველი და ბოლო დღის ფიქრებზე. ეს ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს.

 

ზაფხულის დასვენება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანაბრად სჭირდებათ, რათა ახალი ძალითა და ენერგიით დაიწყონ სკოლა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ძალიან მალე გარბის ზაფხულის მხიარული, მსუბუქი და ცხელი დღეები, თუმცა ჯერი აუცილებლად მიდგება იმ დღეზე, როცა მოგვიწევს სამუშაო რეჟიმთან დაბრუნება. მასწავლებლები ყოველთვის ფიქრობენ, რა შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლის პირველ დღეს ისეთი, რომ მათთვის ის მსუბუქად დაიწყოს და განწყობა აუმაღლდეთ. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი სასწავლო წლის პირველ კვირებში.

 

აქტივობა – იყავი უნიკალური

საკლასო ოთახში სთხოვეთ მოსწავლეებს – ყველა წრეში დადგეს. წაახალისეთ თითოეული სათითაოდ დაასახელოს ის სფერო, რომელშიც, მათი ფიქრით, უნიკალურები/განსხვავებულები არიან. მაგალითად: „მე მქვია ფოტინე და მყავს ოთხი ძმა“; ან „… და მე ვსაუბრობ სამ ენაზე“. მოსწავლეებს აუხსენით, რომ თუ მათი თანაკლასელი იტყვის ისეთ წინადადებას, რაც მასაც უნიკალურს ხდის, მაშინ უნდა დასხდნენ. მაგალითად: თუ სხვა მოსწავლესაც ასევე ჰყავს ოთხი ძმა ან საუბრობს სამ ენაზე, ისინი უნდა დასხდნენ.

ამ აქტივობის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს იდგნენ მოსწავლეები ფეხზე და დაასახელონ განსაკუთრებული რამ საკუთარი თავის შესახებ, რასაც არავინ ახასიათებს. ასე უფრო ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს და აღმოაჩენენ საერთო ინტერესებს ან რამე ისეთს, რაც ამ დრომდე უცნობი იყო.

 

აქტივობა – იპოვე მეგობარი

ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ წინასწარ რესურსის მომზადება. ამობეჭდეთ მოსწავლეების რაოდენობაზე გათვლილი სამუშაო ფურცლები და დაურიგეთ მოსწავლეებს. მიეცით დაახლოებით ხუთი წუთი ყველას, რათა კალმით ან ფანქრით შემოხაზონ თავიანთი საყვარელი კატეგორიები. შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს, წარადგინონ ნამუშევარი და ამის შემდეგ იპოვონ თანაკლასელები, რომლებმაც იგივე კატეგორიები შემოხაზეს და შესაბამისად, საერთო ინტერესები და გემოვნება აქვთ. ეს მისცემს მათ ბუნებრივ სალაპარაკო თემას; დაეხმარებათ, იპოვონ, რა აქვთ საერთო.

აქტივობა – ნავიგაცია საკლასო ოთახში

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები გათვითცნობიერებულნი იყვნენ სკოლის გარემოში. იცოდნენ, სად რა არის. ამისათვის მასწავლებლები ხშირად აწყობენ მინი-ექსკურსიას სწავლის პირველ დღეს, რათა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდონ მათთვის საჭირო კაბინეტების შესახებ. განსაკუთრებით სახალისო გამოდის ის აქტივობები, სადაც მოსწავლეები ფიზიკურადაც იხარჯებიან. თქვენ შეგიძლიათ სწავლის პირველ დღეებში მათ საკლასო ოთახში დიდი თავგადასავალი შესთავაზოთ. დაავალეთ მოსწავლეებს საკლასო ოთახში „ნადირობა“, დაეხმარეთ მათ, გაიცნონ ერთმანეთი და მათი ახალი სასწავლო სივრცე.

მიაწოდეთ სამუშაო ფურცელი, სადაც ჩამოთვლილი იქნება ის ნივთები, რომლებიც უნდა მოიძიონ/დააკვირდნენ საკლასო ოთახში. ფურცელზე დატოვეთ სივრცე მოსწავლეებისთვის, რომ დაწერონ მოკლე აღწერა, თუ სად იპოვეს თითოეული ნივთი.

მიეცით მოსწავლეებს მარტივი მინიშნებები. თქვენ ასევე შეგიძლიათ თავად შეადგინოთ მოსაძებნი ნივთების სია და გაუკეთოთ ლავირება. ამ აქტივობით მოსწავლეები ადვილად შეისწავლიან საკლასო ოთახში საჭირო ნივთების ადგილს. აქტივობა შეგიძლიათ განახორციელებინოთ როგორც ინდივიდუალურად, წყვილებში, ისე ჯგუფურად. ასევე შეგიძლიათ გაცდეთ საკლასო ოთახს და მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე „ანადიროთ“.

 

რას ამბობენ სახლში ჩემზე..

ჩართეთ მშობლებიც აქტივობაში. სთხოვეთ წინასწარ მოგაწოდონ 2-3 წინადადებით თქვენს მოსწავლეზე ინფორმაცია. რომელიც შეიძლება შეიცავდეს სულ ორ ფრაზას: „ჩემს შვილს უყვარს ძერწვა. არის ძალიან მუსიკალური“, და მსგავსი. მშობლების მიერ მოწერილი ინფორმაცია გადაიტანეთ ფერად ფურცელზე. ჩაყარეთ ლამაზ ყუთში. ამოიღეთ სათითაოდ ფურცელი, წაიკითხეთ და სთხოვეთ მოსწავლეებს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ ეხებათ, განიშნონ ხელის აწევით. წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებიც წერილში საკუთარ თავს ამოიცნობენ.

 

სოციალური კონტაქტი

ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ ოთხი ფორმატი. თითოეულს გაუკეთეთ შემდეგი სათაური:

  • „როგორ მინდა, რომ მომექცეს მასწავლებელი?“
  • „როგორ მინდა, რომ მოექცნენ მასწავლებლები სხვა მოსწავლეებს?“
  • „როგორ მოვექცე მასწავლებელს?“
  • „როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები?”

დაურიგეთ მოსწავლეებს წებოვანი ფერადი ფურცლები და სთხოვეთ, დაწერონ პასუხები თითოეულ კითხვაზე და განათავსონ შესაბამის ფორმატზე. მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეთ პასუხები, განიხილეთ და განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას. აუხსენით თქვენს მოსწავლეებს, რომ ეს არის კლასის სოციალური კონტრაქტი. ეს შესანიშნავი გზაა საზოგადოების შესაქმნელად და საზღვრების დასადგენად. ამით მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი გახდება ერთმანეთის გათვალისწინება.

რის სწავლა მინდა

ეს აქტივობა დაგეხმარებათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვაში. ფორმატზე დააწერეთ „რის სწავლა მინდა ნამდვილად“. მოსწავლეებს სთხოვეთ, წებოვან ფურცელზე დაწერონ პასუხები, იქნება ეს კონკრეტულად რომელიმე საგანი, მათი ჰობი, ინტერესები თუ სხვა. არ შეზღუდოთ მოსწავლეები პასუხებში. წაიკითხეთ ხმამაღლა, რათა მათ მოისმინონ ერთმანეთის ინტერესის შესახებ. ჰკითხეთ, ხომ არ გაუჩნდათ იდეა? რამე პროექტი ხომ არ მოაფიქრდათ? შესაძლოა, მოსწავლეებს გაუჩნდეთ იდეები. აუცილებლად ჩაინიშნეთ და სამომავლოდ შეიტანეთ განსახორციელებელ გეგმაში. ეს აქტივობა დაგეხმარებათ სწორად და საინტერესოდ დაგეგმოთ მოსწავლეებზე მორგებული აქტივობები.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგვეხმარება, ახალი სასწავლო წელი დაიწყოთ ხალისით და მაღალი მოტივაციით.

დავიმახსოვროთ, რომ თქვენი განწყობა გადამდებია და მოსწავლეები ყოველთვის გრძნობენ მას!

 

შემაჯამებელი დავალება ბიოლოგიაში – “ლაბორატორიული ხორცი“

0

წინა კვირაში ჩემი მერვეკლასელები ფიზიკის შემაჯამებელს წერდნენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ წერისას არ გამოიყენონ ტელეფონი, თუმცა შესწორებისას აღმოვაჩინე მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოახერხეს და კითხვებს GpT3–ის გამოყენებით უპასუხეს. ისედაც უამრავი გამოწვევა გვქონდა მასწავლებლებს და ახლა ხელოვნური ინტელექტიც ჩვენს გამოწვევად იქცა. ძალიან რთულია დააინტერესო და არ „დაკარგო“ თანამედროვე მოსწავლე, რომელსაც ტიკ-ტოკზე ფიზიკის (და არა მხოლოდ…) გაკვეთილების მოსმენა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ტესტის დაწერა, პრეზენტაციის შექმნა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებს ყოველთვის სამყაროს პულსზე უნდა გვედოს ხელი, რომ როგორმე მოსწავლისთვის საინტერესო დავალება მოვამზადოთ.

კომპლექსური დავალება შუალედურ სასწავლო მიზანს წარმოადგენს. ის ისეთი დავალებაა, რომლის შესრულებაც გულისხმობს რაიმე სახის პროდუქტის შექმნას. ამ გზით მოსწავლე ადასტურებს კომპეტენციას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. მისი პირობის შედგენისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი:

  • უნდა ეხებოდეს კონკრეტულ საგნობრივ საკითხს;
  • მოსწავლე უნდა ქმნიდეს პროდუქტს;
  • გათვლილია უნდა იყოს გრძელვადიან მიზნებზე;
  • საკითხი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანის თანამედროვე ცხოვრებას, რაც მოტივაციის გაზრდის მიზეზი გახდება სამომავლოდ. ამ დროს მოსწავლე ხედავს დავალების გამოყენების შესაძლებლობებს;
  • უნდა უკავშირდებოდეს წინარე ცოდნას;
  • დავალებაზე მუშაობისთვის გასათვლელია გონივრული ვადა კლასის, საგნის, საკითხის ზომის გათვალისწინებით.

ჩემი დღევანდელი დავალება ეხება ლაბორატორიულ, ანუ კულტივირებულ ხორცს.

საგანი: ბიოლოგია

საფეხური/კლასი: საშუალო/10

სამიზნე ცნება: სასიცოცხლო თვისება (შედეგი: 1,2,3,4,5)

ჯანმრთელობა და დაავადება (შედეგი: 1,2,3,4,5)

Მაკრო ცნება: აზრის გამოხატვა, დასაბუთება

ციფრული რესურსები და ტექნოლოგიები

დავალების პირობა:

დეკემბერი, 1931 წელი – უინსტონ ჩერჩილი „აბსურდულია მთლიანი ქათმის გაზრდა, თუ მისგან მხოლოდ ფრთები და გულმკერდი უნდა გამოვიყენოთ. ხომ არ ჯობია შესაბამის გარემოში „გამოვზარდოთ“ ქათმის ცალკეული ნაწილები?“

28 მარტი, 2023 წელი – გარდიანი -ავსტრიულმა კომპანიამ „მამონტის ხორცისგან“ დამზადებული ფრიკადელი წარადგინა.

საკვების ინდუსტრიაში დიდი ცვლილებები ხდება. მსოფლიოში უკვე ასზე მეტი კომპანია ცდილობს ლაბორატორიული ხორცის წარმოებას.

კლასში უნდა მოეწყოს დებატები ლაბორატორიული ხორცის წარმოების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამისთვის მოიძიე ინფორმაცია ლაბორატორიული ხორცის წარმოების განვითარების, მისი მნიშვნელობის, სავარაუდო საფრთხისა და სარგებლის შესახებ. მოამზადე საპრეზენტაციო მასალა შენთვის სასურველ ფორმატში და მიიღე მონაწილეობა კლასში მოწყობილ დებატებში. (დებატებში შესაძლოა, მოგიწიოს ლაბორატორიული ხორცის წარმოების მომხრის ან მოწინააღმდეგის პოზიციაში ყოფნა. ამიტომ ყველა ალტერნატივა უნდა განიხილო, როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი).

დებატების დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:

  • რა პერსპექტივა აქვს ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე დაფუძნებული ხორცის წარმოებას (სასიცოცხლო თვისებები მკ.წ. 1);
  • რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ხორცის ლაბორატორიულ წარმოებას მდგრადი განვითარებისთვის (ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ. 3);
  • რა გავლენას ახდენს მეფრინველეობისა და მესაქონლეობის განვითარება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე (ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ.4).

დებატების მოწყობისას გამოვიყენე სტატიაში მოცემული ტექნიკა: https://mastsavlebeli.ge/?p=2373

ბმულებზე წარმოდგენილია ლაბორატორიული ხორცის შექმნის ისტორიისა და მისი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა პირდაპირ მიაწოდოთ მოსწავლეებს, ან გამოიყენონ ქვემოთ ჩამოთვლილი მასალები.

შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილია სოლო ტაქსონომიის თითოეული დონის აღწერილობა სამიზნე ცნების შესაბამისად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://bit.ly/41JG081
  2. https://bit.ly/3KLifpm
  3. https://bit.ly/3mKKxIL
  4. https://bit.ly/3UUCXIb
  5. https://www.youtube.com/watch?v=bjSe-0vSRMY&t=277s
  6. https://www.youtube.com/watch?v=kG4EO-P93Dk
  7. https://www.youtube.com/watch?v=w61-3ZSAH2o
  8. https://www.youtube.com/watch?v=EYDWPbc0ak4
  9. https://www.youtube.com/watch?v=yE4trT52w9Y
  10. მოსწავლეების ნამუშევარი: პრეზენტაცია 1 და პრეზენტაცია 2.

 

 

 

 

 

ანტიტრავმის განათლება

0

„წერისას იმას მივხვდი, რომ საიდანღაც უკიდეგანო აგრესია მოდიოდა. არც მიცდია, რომ მოვრეოდი, ვერც მოვერეოდი“. 

აკა მორჩილაძე, „გასეირნება ყარაბაღში“

ბუნებრივი კატაკლიზმები, ვირუსები, უბედურების გახშირებული შემთხვევები სოციუმზე, კერძოდ კი განათლებაში ჩართულ საზოგადოებაზე, ნეგატიური კვალს ტოვებს. ბავშვებსა და მათ სწავლაში ჩართულ პირებში იმატებს ტრავმები, ამ ფონზე კი აქტუალურობას იძენს ტრავმის შესახებ ინფორმირების განათლების საკითხები.

ალბათ, ყველას გვინახავს მოსწავლე ან სტუდენტი სხვადასხვა ტრავმით, მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონიდან ჩამოსული, ათრთოლებული გოგონა, რომელიც მთელი ტანით მხოლოდ იმის გამო ცახცახებს, რომ შინ პირადობა დარჩა, შუალედური გამოდის წინ პირადი ნომერი კი ზეპირად არ ახსოვს; გვინახავს მოსწავლეც, რომელიც ყველას ბრაზით და აგრესიით პასუხობს, თანაკლასელებს და მასწავლებლებს უსამართლოდ ექცევა; მოსწავლე, რომელსაც მიღებული ნიშნის ისტერიული შიში აქვს ანაც მოსწავლე, რომელიც მთელი გაკვეთილები კლასის ბოლოში, თავჩაქინდრული ზის.

ალბათ, გიცდიათ მათთვის უკეთესი რეალობა გეჩუქებინათ და ყურადღების სხვა, ხალისიან სასწავლო ასპექტებზე გადატანით ტრავმის დაძლევაშიც დახმარებიხართ.

თუ ასეა, იქნებ გსმენიათ კიდეც, რომ ტრავმის შესახებ ინფორმირების პოზიტიური განათლება თანამედროვე განათლების ფსიქოლოგიაში ფსიქო-სოციალურად დაუცველი მოსწავლეების/სტუდენტების მხარდამჭერ ნაკადად ჩამოყალიბდა და, რომ თანამედროვე სასკოლო ფსიქოლოგიის უცხოურ პერიოდიკაშიც მოხშირდა სამეცნიერო თუ პოპულარული პუბლიკაციები აღნიშნული მიმართულებით[1]. მკვლევრები შეისწავლიან პოზიტიური განათლების პარადიგმის როლს ზოგადი თუ სპეციალური განათლების საკლასო ოთახებში იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც გადაიტანეს კომპლექსური ტრავმა[2]. უწყვეტი კვლევის შედეგად, იდენტიფიცირებული უარყოფითი გამოცდილების ძირითადი ჩამონათვალი მოიცავს გამოცდილებას, როგორიცაა: ბულინგი/ჩაგვრა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, დეპორტაცია ან მიგრაცია, სამედიცინო ტრავმა, საზოგადოებაში ძალადობის მოწმე ან სახლის გარეთ რაიმე სახის ძალადობა და დისკრიმინაცია, რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, დაბადების ადგილი, შესაძლებლობები ან რეგიონი/ეთნიკურობა.

ტრავმის შესახებ ინფორმაციული განათლება ყურადღებას ამახვილებს მარეგულირებელი შესაძლებლობების პოზიტიურ ცვლილებებსა და მოსწავლეებში დარღვეული მიჯაჭვულობის აღდგენაზე.

თუმცა, მენტალური ჯანმრთელობის ორშრიანი მოდელი მიგვანიშნებს, რომ ბალანსის აღდგენა განათლების რეაგირების ნაწილია და ეს აუცილებელია ტრავმით დაზარალებული მოსწავლეების კეთილდღეობის ზრდისთვის. ამდენად,  ტრავმის შესახებ განათლებაზე საუბრისას ამოდიან შემდეგი პერსპექტივებიდან. ესენია:

  • დეფიციტისა (მაგალითად, რა სირთულის, ხარვეზის თუ განვითარების შეფერხების წინაშე დგას მოსწავლე) და
  • გაძლიერების (მაგალითად, რა ფსიქოლოგიური რესურსები უნდა დააშენოს მოსწავლემ მომავალი წარმატების მისაღწევად).

ტრავმის შესახებ ინფორმირების პოზიტიური განათლება მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის განვითარების სამ დონეს გვთავაზობს. ესენია:

  • მარეგულირებელი შესაძლებლობების აღდგენა
  • ჩაშლილი მიჯაჭვულობის აღდგენა და
  • ფსიქოლოგიური ინსტრუმენტების/რესურსების გაძლიერება.

კვლევებით მტკიცდება, რომ აღნიშნულ დონეებს ახასიათებს სინერგიულობა, ინტერაქციულობა, ურთიერთმხარდაჭერა და ქმნის პიროვნების მზარდ ფსიქოლოგიურ სპირალებს.  ტრავმის შესახებ ინფორმირების პოზიტიური განათლების (TIPE) მოდელი ხელს უწყობს პოზიტიური განათლების, პოზიტიური ფსიქოლოგიისა და  ტრავმამცოდნეობის განვითარებას და გამოყენებითი კონტექსტებით ეხმარება მასწავლებლებსა თუ სასწავლო პროცესში ჩართულ სხვა პირებს, რათა პოზიტიური მიდგომებით დაამარცხონ მოსწავლეთა რთული ქცევითი, ფსიქიკური და ურთიერთობითი საჭიროებები.

ტრავმის გამომწვევ, ბავშვობიდან მომდინარე არასასურველ გამოცდილებებად მიჩნეულია:

  • ბავშვთა ფიზიკური, სექსუალური და/ან ემოციური შეურაცხყოფა;
  • ემოციური ან ფიზიკური უგულებელყოფა;
  • ფსიქიკურად დაავადებული, დეპრესიული ან სუიციდისკენ მიდრეკილი პირი სახლში;
  • ოჯახის წევრების მატერიალური შევიწროება;
  • დედაზე ოჯახის სხვა წევრების ძალადობის ფაქტის შესწრება;
  • განქორწინების გამო, სიკვდილის ან მიტოვების გამო მშობლის დაკარგვა;
  • ან დანაშაულის გამო ოჯახის რომელიმე წევრის დაპატიმრება და სხვ. (Anda 2005).

მიჩნეულია, რომ ტრავმა სკოლებს სერიოზული დილემის წინაშე აყენებს. იგი შემდეგია:

  • როგორ დააბალანსოს ძირითადი მისია განათლების რეალობასთან;
  • ბევრ მოსწავლეს სჭირდება დახმარება ტრავმულ სტრესთან გამკლავებაში, საგაკვეთილო პროცესებში რეგულარული დასწრებისა და აქტიურად ჩართვისათვის.

ტრავმის შესახებ ინფორმირების საგანმანათლებლო პრაქტიკაში[3] წარმოდგენილია სახელმძღვანელო მითითებები კლასში ტრავმის ინფორმირებული უსაფრთხოების პრინციპის განსახორციელებლად. თუმცა მათ უძღვის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კლინიკური დაკვირვებები და ემპირიული მასალის ანალიზი, რომელიც ცხადყოფს, რომ საშუალო საფეხურის/კოლეჯის მოსწავლეთა 66%-94%-ს აღენიშნება ერთი ან მეტი ტრავმული მოვლენის ზემოქმედება, ხოლო დაახლოებით 9%-12% პირველკურსელებისა აკმაყოფილებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კრიტერიუმებს, ასევე ბევრ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს ქვესინდრომული სიმპტომები. ისიც ვლინდება, რომ კლინიკურ სასწავლო პროგრამებში ჩარიცხული სტუდენტების/მოსწავლეების დიდი ნაწილი ჰყვება თავისი  ტრავმის ისტორიას [Im, Becher, & Crook-Lyon, 2014 და სხვ.][4].

კლასში უსაფრთხოების ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები

ტრავმის შესახებ ინფორმირება ნებისმიერ კონტექსტში ნიშნავს იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძალადობამ, ჯაბნამ/ვიქტიმიზაციამ და სხვა ტრავმულმა გამოცდილებამ მონაწილე პირთა ცხოვრებაზე და გამოიყენოს ეს გაგება სისტემების დიზაინისა და მომსახურების გაწევის დასანერგად, ასევე დააკმაყოფილონ ტრავმაგამოვლილთა საჭიროებები, რაც ხელს უწყობს მათი ძალების აღდგენასა და გამოჯანმრთელებას. ტრავმის შესახებ განათლების ფუძემდებლების მიერ განსაზღვრულია ხუთი პრინციპი, რომლებიც ფუნდამენტურია  ტრავმის პარამეტრების შესაქმნელად. თითოეული მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრავმიდან გადარჩენილთა მოწყვლადობისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათ მკურნალობაში მონაწილეობის გასაადვილებლად. ეს პრინციპებია:

  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სანდოობის დამყარება;
  • არჩევანის მაქსიმიზაცია;
  • თანამშრომლობის მაქსიმიზაცია;
  • გაძლიერების პრიორიტეტი.

მათზე და იმაზეც, თუ როგორ ავარიდოთ პანდემიის შესახებ სკოლაში დაბრუნებული ბავშვების არმიას სწავლასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ტრავმები, სავარაუდოდ, მომდევნო წერილებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი:

  • არ დავიშუროთ დრო ონლაინსწავლებიდან კლასებში დაბრუნებული მოსწავლეების ბავშვების გრძნობებსა და შეგრძნებებზე სასაუბროდ;
  • ბავშვებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ საკუთარი მნიშვნელოვნება;
  • ისაუბრეთ ღიად პანდემიით გამოწვეულ თქვენეულ ტრავმებზეც;
  • შევქმნათ პოზიტიური და სახალისო სასწავლო პროცესი;
  • რაც შეიძლება გავუმარტივოთ ბავშვებს ასათვისებელი მასალა;
  • დავეხმაროთ ბავშვებს, ადგილზე ხალისით დაისწავლონ გაკვეთილები – ეს შესაძლებელია!
  • ისაუბრეთ თქვენს საგანმანათლებლო საზოგადოებებში პანდემიით გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებით;
  • სასკოლო კოლექტივებში დასახეთ გეგმები არასასურველი გამოცდილებებისა და მათგან გამოწვეული ტრავმის რისკებთან დაკავშირებით.
  • აქციეთ სკოლა ტრავმის შესახებ ინფორმირების კოორდინირებულ და კონსტრუქციულგადაწყვეტილების ნაწილად.

გვახსოვდეს, ნებისმიერ შესასწავლ საკითხებზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებით გამოწვეული ფსიქო-ემოციური სტაბილურობაა, რომელსაც აუთვისებელი მასალა, გაუგებარი, ვერ მოსწრებული თუ ნაჩქარევად გადარბენილი საკითხები მოსწავლეებში ზედმეტ ტრავმად იჩენს თავს და კაცმა არ იცის, რა შედეგებამდე მიიყვანს ჩვენს ისედაც ტრავმირებულ საზოგადოებას.

 

 

 

[1] ტომ ბრუნზელის, ჰელენ სტოუკისა და ლეა ვოტერსის Tom Brunzell, Helen Stokes & Lea Waters სტატიაც ანტიტრამვის განათლებას ეხება: Brunzell, T., Stokes, H. & Waters, L. Trauma-Informed Positive Education: Using Positive Psychology to Strengthen Vulnerable Students. Contemp School Psychol 20, 63–83 (2016). https://doi.org/10.1007/s40688-015-0070-x

[2] კოპლექსური ტრავმა აღწერს ბავშვებში როგორც მრავალჯერადი ტრამვული მოვლენების (ხშირად ინვაზიური, პიროვნების ინტერპერსონალური ბუნებისა) ზემოქმედებას, ასევე ამ ზემოქმედების ფართო და ხანგრძლივ ეფექტებს. ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს უგულებელყოფა ან სასტიკი მოპყრობა, გაუპატიურება, ჩაგვრა. ამავდროულად, არის ყოვლისმომცველი და ღრმა შრეების მქონე.

 

[3]Janice Carello &Lisa D. Butler Pages 262-278. Published online: 01 Jul 2015.

https://doi.org/10.1080/08841233.2015.1030059

[4] ნაშრომში: Brunzell, T., Stokes, H. & Waters, L. Trauma-Informed Positive Education: Using Positive Psychology to Strengthen Vulnerable Students. Contemp School Psychol 20, 63–83 (2016). https://doi.org/10.1007/s40688-015-0070-x-ში

„ახალი დედაენის“ შესახებ

0

რით დავიწყოთ?!

დავიწყოთ იმით, რითაც ახალი დედაენა” იწყება და, ჩვენი ფიქრით, პირველი კლასის ქართულის ყველა სახელმძღვანელო უნდა იწყებოდეს.

მოდი, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ და თქვენც უპასუხეთ ქვემოთ დასმულ იმ შეკითხვებს, რომლებიც ბავშვებისთვის გვაქვს შეთავაზებული მოცემული ილუსტრაციის შესახებ:

  • რას ხედავ ილუსტრაციაზე? რომელიმე ლექსი ხომ არ გახსენდება? რომელი?
  • რას აკეთებს ბავშვი?
  • რა ჩანს ფანჯრიდან?

რასაკვირველია, ადვილად ამოიცნობდით, რომ ეს არის მაყვალა მრევლიშვილის შედევრის – დილა მშვიდობისა! – ჩვენეული ილუსტრაცია (მხატვრობა ეკუთვნის არჩილ კუხიანიძეს.). და სწორედ ამ ლექსის შესწავლით (ილუსტრაციაზე წინასწარ საუბარი, მასწავლებლის მიერ წაკითხულის მოსმენა და გარკვეული აქტივობებით) იწყება „ახალი დედაენა.

რატომ ვიწყებთ ამ ლექს-შედევრით და არა საყოველთაოდ გავრცელებული სასკოლო-საკლასო გარემოს შესწავლით? ჩვენი აზრით, ისედაც უცხო გარემოში, სკოლაში, მოხვედრილი პირველკლასელისთვის უცხო გარემოს (სკოლის) შესწავლით კი არ უნდა დაიწყოს მისი სასკოლო ცხოვრება, არამედ ყველაზე თბილი და მგრძნობიარე სამყოფელით. სწორედ ასეთია ის გარემო, რომელშიც ბავშვი იღვიძებს ყოველდღიურად. და ამისთვისაა ზედგამოჭრილი დიდი მაყვალა მრევლიშვილის გენიალური ლექსი, რომელიც ბევრმა ბავშვმა იცის კიდეც სკოლაში შესვლამდე. შესაბამისად, ნაცნობი გარემოს (დილა, ოთახი, ლოგინი, ფანჯარა…) შესახებ ნაცნობი ლექსით ვიწყებთ შემეცნების სამყაროში მოგზაურობას…

(აქვე დავამატოთ, რომ ეს ლექსი შესანიშნავად გამოდგება წინასაანბანო პერიოდის მიზნებისთვის: ზეპირმეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ფონოლოგიური უნარების ჩამოყალიბება, მთლიანი სიტყვების ამოცნობა, ტექსტის მახასიათებლებზე დაკვირვება).

ზემოთ ვახსენეთ, რომ ეს ლექსი სათანადო აქტივობებითაა დამუშავებული. ერთ-ერთი აქტივობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ ლექსის შეცდომებით (სულ ოთხი შეცდომაა — თითო შეცდომა თითო სტროფში) წაკითხვას და მოსწავლეების მიერ შეცდომების შემჩნევისას ტაშის დაკვრას. შეცდომების ნიმუში:

— ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,

ვის უგალობ, ვისა?!

— შენ გიგალობ, მასწავლებელო,

დილა მშვიდობისა!

ამ აქტივობაში შეცდომა ბოლო სტრიქონის ბოლო სიტყვაშია, ხოლო მომდევნო აქტივობაში შუა სტრიქონში. მაგალითად:

მეც ახლავე ავდგები,

მეც გავაღებ პირსა,

ყველას მოგესალმებით,

დილა მშვიდობისა!“

ოღონდ, ამ დროს ტაშის დაკვრას კი არა, თავის აწევას ვთხოვთ ბავშვებს. პირობა ასე გვაქვს აღწერილი მასწავლებლის წიგნში:

მერხზე დააწყვე ხელები და დადე თავი, ვითომ იძინებ. კიდევ ერთხელ მოუსმინე მასწავლებლის მიერ შეცდომებით წაკითხულ ლექსს და შეცდომის დროს ასწიე თავი.

ამ დავალების შესახებ სამინისტროს გრიფირების კომისიის წევრებმა შემდეგი შენიშვნა გამოთქვეს:

,,1-ელი თემის ერთ-ერთი აქტივობაა „დაიჭირე შეცდომა“ – მე-2 დავალებაა: „მერხზე დააწყვე ხელები და დადე თავი, ვითომ იძინებ. კიდევ ერთხელ მოუსმინე მასწავლებლის მიერ შეცდომებით წაკითხულ ლექსს და შეცდომის დროს ასწიე თავი“, რაც მოსწავლემ 4-ჯერ უნდა გაიმეოროს, რაც მომაბეზრებელია და შესაძლოა, ფიზიკური საფრთხის შემცველიც… „დაიჭირე შეცდომა“ – მოსწავლემ თავის აწევის ნაცვლად სხვა რაიმე ნიშნით (ბარათით, ხელის აწევით…) „დაიჭიროს“ შეცდომა”.

ამ შენიშვნაზე ჩვენს სააპელაციო განაცხადში ჩავწერეთ შემდეგი:

,,აქტივობა ,,დაიჭირე შეცდომა” არათუ მომაბეზრებელი, არამედ ძალიან სახალისოა მოსწავლეებისთვის. ასევე არანაირი საფრთხის შემცველი არაა. ამას ადასტურებს, ერთი მხრივ, ჩვენი, ავტორთა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, მეორე მხრივ, სხვადასხვა მეთოდური რეკომენდაცია და ვიდეოფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ თავების აწევა მოსწავლეებს ზედიზედ ოთხჯერ კი არ უწევთ, არამედ მასწავლებლის მიერ ოთხსტროფიანი ლექსის წაკითხვისას აღმოჩენილი შეცდომების დაფიქსირებისას.

სრულიად შესაძლებელია, მრავალფეროვნების მიზნით მასწავლებელმა მიმართოს შენიშვნებში შემოთავაზებულ ბარათებს ან ხელის აწევას, ან ტაშის დაკვრას, თუმცა ,,მძინარე” ბავშვების გამოფხიზლება უფრო სახალისო და დასამახსოვრებელია ბაშვებისთვის”.

(აკი ზემოთ აღვწერეთ კიდეც, რომ მანამდე სხვა რიგის შეცდომები ტაშის დაკვრით უნდა გამოიცნონ მოსწავლეებმა…).

ჩვენი ეს კონტრარგუმენტი სამინისტროს გრიფირების კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს. ბარემ აქვე დავწერ, არცერთი ჩვენი კონტრარგუმენტი არ გაითვალისწინეს და ჩვენი ხელიხელსაგოგმანები „ახალი დედაენა“ ჩააგდეს (მოგეხსენებათ, სამინისტრომ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მხოლოდ ერთ, დიახ-დიახ, ერთ სახელმძღვანელოს მიანიჭა გრიფი პირველ კლასში).

გრიფირების კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს არც ქვემოთ შემოთავაზებული კიდევ ერთი შენიშვნის შესახებ შეგებებული ჩვენი სააპელაციო კონტრარგუმენტი.

ეს შენიშვნა ამავე ქვეთავს ეხება:

,,წარმოდგენილია 3 ნახატი (მზე, ჩიტი, ყვავილი), ქვემოთ თითოეული სიტყვა რამდენმარცვლიანიცაა, იმდენივე შესატყვისი პირობითი ნიშანია, რომლებსაც, სავარაუდოდ, მიმანიშნებელი ფუნქცია აქვთ. სინქრონული დავალებაა მოსწავლის რვეულში (გვ.4, სავ. 2.) გააფერადე რამდენი მარცვალია. მაგრამ პირველივე თემაში ამ დავალების მიცემა ნაკლებად მიზანშეწონილია. რამდენად შეძლებს მოსწავლე მარცვლების რაოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად რკალების გაფერადებას?“.

ჩვენი სააპელაციო პასუხი, რომელიც, როგორც უკვე იცით, არ გაითვალისწინეს, ასეთი იყო:

,,აქ შეთავაზებულია სამი სიტყვა და ეს სიტყვები დამუშავებულია ჯერ ლექსის კონტექსტში, შინაარსობრივადაც სრულიად ნაცნობია მოსწავლეებისთვის და დამარცვლითაც გაავარჯიშებს მასწავლებელი. ანუ უკვე ნასწავლი სიტყვის მიხედვით უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა მიცემული ინსტრუქცია, რაც სრულიად დაძლევადია. ამას ადასტურებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. მეტიც, ასეთი ამოცანის (ნასწავლი ერთ, ორ და სამმარცვლიანი სიტყვების დამარცვლა) გადაჭრა პირველივე თემაში დაძლევადია ქართული ენის იმ შემსწავლელთათვისაც კი, რომელთათვისაც ქართული არაა მშობლიური ენა”.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს გრიფირების კომისიამ არ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტი. მართლაც, როგორ უნდა გავარკვიოთ სიმართლე? მზე, ჩიტი, ყვავილი — შეძლებენ თუ არა ამ სიტყვების დამარცვლას პირველივე ქვეთავის დამუშავებისას პირველკლასელები? ამოიცნობენ თუ არა, რომ მზე ერთმარცვლიანია და ერთი რკალი უნდა გააფერადოს, ჩიტი — ორმარცვლიანი, ყვავილი — სამმარცვლიანი? შეიძლება, ვინმე პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, მაგრამ როგორც ვხედავთ, სამინისტროს გრიფირების კომისიის წევრებისთვის ასეთ პასუხებს ჩალის ფასი აქვს.

თუმცა… საქმე ისაა, ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელომ პირველ კლასში სულ ახლახან მიიღო სამინისტროს გრიფი, ოღონდ სხვა სპეციალისტთა კომისიის მიერ. ჰოდა, იმ სახელმძღვანელოს პირველივე ქვეთავში დასამარცვლად შეთავაზებულია გაცილებით რთული და გაცილებით მეტი სიტყვა. მენდეთ, ნუ მომთხოვთ ილუსტრირებას…

ანუ რა გამოდის?! ის, რაც დაძლევადია ქართულის, როგორც არამშობლიური ენის შემსწავლელი პირველკლასელებისთვის, დაუძლეველია ქართულის, როგორც მშობლიური ენის შემსწავლელთათვის?! პარადოქსია…

უფრო მეტიც, ხშირად გამოყენებული სიტყვების დამარცვლა და მათში მარცვალთა რაოდენობის (ერთი, ორი ან სამი) ამოცნობა წინასასკოლო მზაობის ერთ-ერთი ინდიკატორია და ნუღარ მივაქცევთ ყურადღებას ზემოთ ნახსენები კომისიის წევრების ახირებებს (რბილად რომ ვთქვათ).

რადგან ხშირად გამოყენებული სიტყვები ვახსენეთ, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ წინასაანბანო პერიოდში მოსწავლეებში ფონოლოგიური კომპეტენციის (ზეპირად ნათქვამი სიტყვების მარცვლებად/ბგერებად დანაწევრებულად გამეორება, მარცვალ-მარცვალ/ბგერა-ბგერა ნათქვამი სიტყვების გამთლიანებულად წარმოთქმა, ზეპირ სიტყვებში მარცვალთა/ბგერათა რაოდენობის ამოცნობა, სიტყვაში პირველი-მეორე-ბოლო მარცვლების/ბგერების ამოცნობა, მარცვლებით/ბგერებით მანიპულაცია — მათი მოკლება, მიმატება, განმეორება) ჩამოყალიბებისთვის უნდა ვავარჯიშოთ პირველ ყოვლისა ხშირად გამოყენებული სიტყვებით. შემდეგ სხვა სიტყვების შემოტანაც, მეტიც, ფსევდოსიტყვების (ძვა, ბაგუ, კომადუ,…) გამოყენებაც კი შეგვიძლია.

აქვე ვიკითხოთ: რომელია ყვეეელაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა ჩვენი პირველკლასელებისთვის? რა თქმა უნდა, მათივე საკუთარი სახელები. სწორედ ამ სახელებს უნდა დააფუძნოს მასწავლებელმა ფონოლოგიური სავარჯიშოებიც. ამ პროცესს კარგად ერგება ჩვენი გენიალური ლექსიც ,,დილა მშვიდობისა!”. მის დასამუშავებლად „ახალ დედაენაში“ შეთავაზებული გვაქვს ლექსის როლებში (ჩიტი, მზე, ყვავილი, ბავშვი) ზეპირად წაკითხვა ისე, რომ ლექს-დიალოგში უნდა გამოიყენონ ბავშვების სახელები:

  • შენ გიგალობ, ნიკოლოზ
  • გაიღვიძე, ელენე
  • შენთვის მინდა, ნინი

ამგვარად, აქტიურად მოხდება ყველა მოსწავლის სახელის ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით გამოყენება — მასწავლებელი მოსწავლეთა თვალწინ დაფაზე (უკეთესია დიდ ქაღალდზე, ე. წ. ფლიპჩარტზე) ჩამოწერს მათს სახელებს. მოსწავლეები აკვირდებიან სახელების დაწერის პროცესს, წერის პროცესის მეთვალყურეები არიან…

როგორც აღვნიშნეთ, მოსწავლეთა სახელები გამოყენებული იქნება ფონოლოგიური სავარჯიშოებისთვისაც. სხვათა შორის, მოსწავლეთა საკუთარი სახელების ზემოთ აღწერილი საჩვენებელი წერაც კარგად დაგვეხმარება ფონოლოგიური უნარების სწავლება-კონტროლში: — შემდეგ ვისი სახელი დავწერო?! ნარინე. ნნნნნ… აააააააა…. ნნნნნნ…. არა, რრრრრრ…

გავეცნოთ „ახალი დედაენის“ კიდევ ერთ მიგნებას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წერაში ვარჯიშსა და ფონოლოგიურ უნარებს. სავარჯიშოების რვეულში მოსწავლეებს ვთხოვთ მარცვლების/ბგერების შესაბამისი რაოდენობის ფიგურების სახელების ამოწერას. ასეთი მიდგომა მოსწავლეებისთვის გარკვეული გამოსახულებების ამოწერას კონკრეტულ ფუნქცია-დანიშნულებას შესძენს.

ბოლოს აღვნიშნოთ, რომ პირველკლასელებისთვის წინასაანბანო პერიოდში შეგვიძლია გამოვიყენოთ ე.წ. ბგერების აღმოჩენის მიდგომა, რომელზე დაწვრილებით საუბარს ამ ვიდეოში – ,,ჯადოსნური ყუთი ბგერების აღმოსაჩენად” – მოისმენთ:

ჯადოსნური ყუთი ბგერების აღმოსაჩენად

.

მთავარ როლში- ეფრო კლდიაშვილი

0

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ორი სახელობითი ლოჟაა – ერთი კოტე მესხს ეკუთვნის, ქუთაისში პროფესიული თეატრის დამაარსებელს და მეორე კი ეფრო კლდიაშვილს – ქალს, რომელმაც თავისი სცენისმოყვარეთა დასით სწორედ პროფესიული თეატრისთვის მოამზადა მყარი და შთამბეჭდავი ნიადაგი.

შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ ეფრო კლდიაშვილი ქუთაისის თეატრის დედაა. დედობა – ნაყოფიერება, სიცოცხლის დაბადება – მისი პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრების მთავარი მდგომარეობაა. მან 11 შვილი გააჩინა, სამი სიკვდილმა წაართვა, მისი რვა შვილიდან კი თითოეული იქცა სამაგალითო მოქალაქედ, რვავემ თავის სფეროში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.

ეფრო ყიფიანების ოჯახში დაიბადა, ქვიშხეთში, 1839 წელს. მისი სახელოვანი ბიძის – დიმიტრი ყიფიანის წყალობით ბავშვობიდანვე შეიყვარა ხელოვნება. სწორედ დიმიტრიმ „დააყენა“ პირველად სცენაზე, თავის შვილებთან და სხვა ბავშვებთან ერთად, როცა საპატიო სტუმრებისთვის ქვიშხეთში სამოყვარულო წარმოდგენებს მართავდნენ. ვინ იცის, რამხელა ვნებით ჩაიჭრა მაშინ ეფროსინეს ბავშვურ გულში თეატრის სიყვარული! ფაქტია, ხელოვნების ამ დარგს მან სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა და ეს ვნება დიდ საქმეებადაც აქცია.

მე-19 საუკუნე დიდი ქარტეხილების ეპოქაა – რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ენისა და ეკლესიის ანექსიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის, ბატონყმობის გადავარდნის, განმანათლებლური იდეების მომძლავრების, რევოლუციური ცვლილებებისთვის ნიადაგის მომზადების დიდი საუკუნე, რომელმაც საქართველოს წიაღში ისეთი სახელები ამოზიდა, მას შემდეგ აგერ სადაცაა მესამე საუკუნეს მოვილევთ და ისევ ამ სახელების შუქით ვინათებთ გზას!..

ეფროსინე კლდიაშვილი ამ სახელებს შორის უნდა წარმოვთქვათ და წარმოვიდგინოთ და ახლა ვეცდები მისი ცხოვრების რამდენიმე მთავარი შტრიხით ეს აზრი დავადასტურო კიდეც:

როდესაც ეფროსინე კლდიაშვილმა თეატრისთვის თავი გადადო და ცხოვრების მთავარ მიზნად სცენიდან სიმართლის ქართულად (!!) თქმა დაისახა, იმ დროში ქალისთვის მსახიობობა დიდად მკრეხელური საქმე იყო, ამისთვის ძალიან გაგკიცხავდნენ, ათას ჭორს აგიგორებდნენ და შეგაჩვენებდნენ კიდეც. ეფრო არც ამ „ბულინგს“ შეუშინდა, რადგან ისეთი კაცის მიერ იყო შთაგონებული, ვინც ზოგადად, ყველა საგანმანათლებლო საქმესა და იდეას ედგა იმ დროს სათავეში – დიმიტრი ყიფიანი! ეფროსაც ღრმად სწამდა, რომ სწორედ თეატრი იყო ის ადგილი და შესაძლებლობა, საიდანაც ქართული ენა გაისმებოდა, ხალხში ხელოვნების/კულტურის სიყვარული გაჩნდებოდა. აი, რას წერს იმდროინდელი მოღვაწე დავით მესხი თავის მოგონებებში: „როცა მეფის რუსეთის პოლიტიკა მწვავედ შეიჭრა სკოლაში და ქართულ ენას განზე ცქერა დაუწყეს, აბუჩად აიგდეს და სასწავლებლიდან თითქმის განდევნეს, ამ ენის სალაროდ, ასპარეზად და საუნჯედ ქართული თეატრი შეიქნა… სკოლიდან ექსორიაქმნილმა ქართულმა ენამ ბინა მოიძია…“.

ამ ვითარებაში, ეფროს გადაწყვეტილება – ბრძოლის ასპარეზად თეატრი აერჩია, მისი მხრიდან დიდი გამბედაობის, შინაგანი რწმენისა და სიძლიერის დასტურია. ის იყო მაგალითი სხვა ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ, საზოგადოების მხრიდან კრიტიკისა და ათვალწუნების ეშინოდათ.

ამ რევოლუციურ და იდეალისტურ შემოქმედებით საქმეებში, ეფროს ყველაზე დიდი თანამოაზრე აკაკი წერეთელი იყო. სწორედ აკაკისთან ერთად, ოცი წლის განმავლობაში მართავდა ეფროსინე კლდიაშვილი სცენისმოყვარეთა დასს – თვითონ იყო კოსტიუმების შემქმნელიც, ბილეთებისა და აფიშების დამამზადებელიც, როლების გამნაწილებელიც. ცხადია, თვითონაც თამაშობდა – ყოველთვის დიდი გატაცებითა და იმ თავდაპირველი ვნებით, ქვიშხეთში რომ განიცადა.

ეფროსინე კლდიაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, რაფიელ ერისთავის და სხვათა თავდაუზოგავი შრომით, ქუთაისში თანდათან გახშირდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლები, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო სიარული თეატრში. ოღონდ „თეატრი“ იმ აზრით არ წარმოიდგინოთ, როგორითაც ახლა ვიცით. ეფროს და მის თანამოაზრეთა საქმის მნიშვნელობა სწორედ ის არის, რომ არც შენობა ჰქონდათ, არც სცენა და არც ფული და მაინც დგამდნენ – სადაც მოახერხებდნენ, ზოგჯერ ღია ცის ქვეშ, ზოგჯერ ვინმეს სახლს ან სასახლეს შეეკედლებოდნენ, სკოლებში ითამაშებდნენ…

ქუთაისის „გულვარდად“ წოდებულ ბულვარში, საღამოობით შეკრებილ საზოგადოებაშიც, სალაპარაკო თემებს თეატრი და მსახიობები შეემატა – არჩევდნენ წინა დღეს ნანახ სპექტაკლებს, ჭორაობდნენ ამა თუ იმ არტისტზე, ზოგს აქებდნენ, ზოგს აკრიტიკებდნენ, მომდევნო წარმოდგენებისთვის თადარიგს იჭერდნენ. გაჩნდნენ ბილეთების გადამყიდველებიც, აფიშების დამტარებლებიც. როგორც აკაკი იგონებს, ქუთაისელმა ქალებმა, როგორც იქნა, ლოტოს თამაშიდან თავები ასწიეს და თეატრის მხარესაც გაიხედეს…

„პირველად რომ თეატრმა ქუთაისში ბიჯი გადადგა, ეფროც თან დაჰყვა და თანასწორმომხიბლავად თამაშობდა როგორც დრამატულს, ისე კომიკურ როლებსაც… მაშინ, საზოგადოდ ქართველ ქალს ეთაკილებოდა სცენაზე გამოსვლა… სცენაზე თამაში და ლეჩაქის მოხსნა ერთი და იგივე იყო… 60-იანი წლების წარმოდგენებზე ქუთაისში ხალხი ბლომად დაიარებოდა, რადგანაც მუდმივად თამაშობდა ეფრო კლდიაშვილი, იმ დროში შესანიშნავი მსახიობი…“, – იგონებს აკაკი და იმასაც აღნიშნავს, რომ „ამ დროს თბილისში მივიწყებული იყო თეატრი, თითქოს იქ მოთხოვნილება არც კი ყოფილიყოს“-ო.

როგორც ვხედავთ, ქუთაისელებს აქეთ ჩამოუტანიათ თბილისში თეატრის ცეცხლი. რკინიგზა ჯერ არ იყო და ფურგონებით ჩამოსულან გასტროლზე, ეფროს და მთელი დასის შესრულებას კი, თბილისელ მაყურებელში ისეთი ოვაცია გამოუწვევია, რომ მათი თხოვნით, გერმანელთა კლუბში რამდენიმე წარმოდგენა ზედიზედ გაუმართავთ.

„თანასწორმომხიბლავად თამაშობდა როგორც დრამატულ, ისე კომიკურ როლებსო“, აკაკი რომ ამბობს, რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ. მით უფრო მაშინ, როცა იმასაც გავიხსენებთ, როგორი დაფიქრებით ადგენდა ეფროსინე კლდიაშვილი რეპერტუარს. ასე მოხვდა ამ რეპერტუარში, 1870-იან წლებში, პიესა „მედეა“, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა გამოუწვევია ქუთაისში.

იმდროინდელმა პრესამ შემოინახა მხოლოდ ინფორმაცია – ეფრო კლდიაშვილმა სუვორინისა და ბურენინის ტრაგედია „მედეა“ დადგაო. სამწუხაროდ, თავად ეს პიესა აღარსად იძებნება. გაზეთები იმასაც იუწყებიან, რომ მაყურებელზე სპექტაკლს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია – დაუმწუხრებია და აუტირებია. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამას უთვლიან ნაკლად ეფროსინე კლდიაშვილს – „იმერლებს ცხოვრების სცენაზეც ეყოფათ სატირალი საგნები“, თქვენ რამე მხიარული გვაჩვენეთო. ეფრომ კი „მედეას“ დადგმით ერთდროულად რამდენიმე სტერეოტიპი დაამსხვრია – თეატრი არამხოლოდ გასართობ და სახარხარო სივრცედ წარმოაჩინა მაყურებლის წინაშე და, დრამატული ნაწარმოები შემოსავლის ახალ წყაროდაც აქცია, სხვა რომ არაფერი, მარტო ინტერესის გამო მოდიოდა მაყურებელი, ამასობაში კი თეატრის სალარო მთელი 30 მანათით შეივსო, რითაც სკამები და 7 ხელი კოსტიუმი შექმნეს, მომავალი სპექტაკლებისთვის.

ეფრო „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად ახალგაზრდების განათლებაზეც ზრუნავდა. საკუთარ ოჯახში აცხოვრებდა ობოლ ბიჭს, რომელიც აღზრდა-განათლებისთვის სვანეთიდან ჩამოიყვანა ეფროს მეუღლემ – გრიგოლმა. სვანეთში ეფრომაც იმოგზაურა – საკუთარი თვალით მოინახულა, შეისწავლა და აღწერა ეს კუთხე, რომელსაც მანამდე „საშიშად უსახავდნენ“. სვანეთით, იქაური მოსახლეობით, ყოფის რიტუალებით მოხიბლულმა სვან ქალებს ხელსაქმე და წერა-კითხვა შეასწავლა. შთაბეჭდილებებთან ერთად, იმდროინდელ პრესაში თავისი მოსაზრებებიც გამოაქვეყნა სვანეთის საჭიროებებთან დაკავშირებით – გზა, სავაჭრო ინფრასტრუქტურა, სკოლები და ა.შ.

განათლების სიყვარული მის ოჯახში მთავარი სიყვარული იყო. მისი შვილები იყვნენ ამის მაგალითი: სვიმონ კლდიაშვილი – ცნობილი არქიტექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კიდევ არაერთი ცნობილი შენობის პროექტის ავტორი; მარიამ კლდიაშვილი-ძნელაძისა – საოპერო მომღერალი, საბა კლდიაშვილი – ყველაზე უმცროსი ეფროს მრავალშვილიან ოჯახში – ოდესის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ქიმიკოსი, ეფროს ცხოვრების უდიდესი და საბედისწერო ტკივილი… საბა კლდიაშვილი, 32 წლის ასაკში, ოდესაში შავრაზმელების მხრიდან ებრაელებზე განხორციელებულ შეტევას შეეწირა. საბა შემთხვევით შეესწრო ამ შეტაკებას, ებრაელებს ხელებით გადაეფარა, ტყვია შუბლში მოხვდა… იმ დღეებში ოდესაში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საბას სიკვდილის შემდეგ ეფროსინე სცენაზე აღარ გასულა. თუმცა თეატრისა და ხელოვნების სიყვარულს პედაგოგიური საქმიანობით გამოხატავდა. სიცოცხლის ბოლო წლები თითქმის სულ მშობლიურ ქვიშხეთში გაატარა. იჯდა სრულ სიმშვიდეში, თავისი განუყრელი ჩიხტიკოპით და წერდა…

წერდა ავტობიოგრაფიას, რომელზეც ამბობენ, რომ საერთოდ არ იკითხება – მას თითქმის თვალისჩინწართმეული მოხუცი წერდა… ესეც ბედისწერაა – საკუთარი ავტობიოგრაფიის ერთგვარ საიდუმლო ტექსტად დაშიფვრა, კოდურ სტიქიად, რომელიც თან ძვირფასი რელიკვიაა, მაგრამ თან ამოუკითხავი, გაუშიფრავი…

რამდენი რამეც ითქმება ეფრო კლდიაშვილზე, ეს ბიოგრაფია ყველგან უტყუარი საბუთის ბეჭდად დაესმება, თუმცა ამბავი ამის შემდეგ უნდა დაიწყო.

როგორც ყველა ნამდვილი როლი – დედნიდან ამოზრდილი და შენს ტყავში განცდილ-გააზრებული.

მთავარი როლი ამ ამბავში – ეფროსინე კლდიაშვილი.

 

ფოტო:ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოდკასტების სერიიდან-  “ქალების მუზეუმი”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...