ორშაბათი, მაისი 12, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

დროის მანქანა, როცა დიდები პატარები იყვნენ-აქტივობების ციკლი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის

0

შეგიმჩნევიათ, როგორი აციმციმებული თვალებით ათვალიერებენ ბავშვები მშობლების ბავშვობის ფოტოებს? როგორ ამჩნევენ დეტალებს, როგორ ავლებენ პარალელებს? ერთ დღეს, როცა ჩემმა შვილმა, გიორგიმ მოითხოვა, ჩემი წარსულიდან ყველაფერი არ ვიცი და ფოტოები მომიგროვეთო, მივხვდი, რომ ფოტოალბომი, როგორც დროის მანქანა, ჩემი ბავშვობის ამბები შესანიშნავი გაკვეთილების თემად შეიძლებოდა მექცია და ასეც მოვიქეცი, გაკვეთილების ციკლს, რომელიც ჩვენი საყვარელი მწერლებისა და ისტორიული გმირების ბავშვობას ეხებოდა, ასეც დავარქვი: როცა დიდები პატარები იყვნენ.

ამოვირჩიე 5 ტექსტი

  1. რეზო ინანიშვილი, „დიდი თოვლი“

დიდ თოვლს რომ დადებდა და მოყინავდა, იქვე, სკოლის გვერდზე, ხევში, დავასიპებდით არხისკენ ჩამავალ გზას და იყო ერთი სრიალი და კოტრიალ-კოტრიალი, გოგოები ბიჭებზე მონდომებით სრიალებდნენ, ოღონდ ისინი – წიოკობით, ხანდახან რომელიმე მასწავლებელიც კი დაცურდებოდა ხოლმე. ხანდახან მასწავლებელიც წაიქცეოდა, მაშინ აღარ ვიცოდით, რა გვექნა, გაგვცინებოდა თუ არა.

კითხვები:

  • სად სრიალებდნენ ბავშვები დიდთოვლობისას?
  • როგორ განმარტავთ-„ხანდახან მასწავლებელიც წაიქცეოდა, მაშინ აღარ ვიცოდით, რა გვექნა, გაგვცინებოდა თუ არა.“
  1. ასტრიდ ლინდგრენი, „ბავშვობა ფერმაში“

მე პატარა ფერმაში, სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე, სადაც უფროსი ძმა თავის უმცროს დაიკოს იცავდა, ტყეში სოკოების დასაკრეფად დაჰყავდა და კენკრის შესაგროვებლად ეკლიან ბუჩქებსაც კი არ ერიდებოდნენ.

ჩემს პატარა სოფელში დღემდე აფასებენ სახლში გამომცხვარ პურს, ხელით ამოყვანილ ყველსა და ზამთრისთვის საგულდაგულოდ შებოლილ ლორს. ულამაზესი მინდვრები, შეუდარებელი ხედები და უთვალავი ზღაპრული არსება – სწორედ ისინი იქცნენ ჩემს მუზებად. პეპი, კარლსონი, პატარა მარი, მიო-მიო და სხვები, ყველანი ამ ადგილებიდან წამოვიდნენ.

კითხვები:

  • სად გაიზარდა ასტრიდი?
  • რა იქცა მწერლისთვის შთაგონებად?
  • ასტრიდი ბავშვობაში კენკრას აგროვებდა. შენ გიყვარს კენკრა? შევეჯიბროთ, კენკრის მეტ სახეობას ვინ დაასახელებს?
  1. თამარ მეფე და წერო

(მესხური ლეგენდა)

როცა თამარი პატარა იყო,  ზაფხულს ვარძიაში ატარებდა. ძალიან უყვარდა გამოქვაბულებში დამალობანას თამაში. ერთხელ დაიკარგა კიდეც, დიდხანს ეძებდნენ და როცა იმედი გადაეწურათ, „აქ ვარ ძიაო“ – გაიგონეს მისი ხმა. სწორედ ვარძიაში იპოვა ერთი ფრთამოტეხილი წერო, ფრთა შეუხვია, მოუარა და თავის ოთახში გამოაზამთრა. გაზაფხულზე მორჩენილი ფრინველი წეროების გუნდს გაჰყვა. თამარს ეგონა, რომ ვეღარასდროს ნახავდა საყვარელ წეროს.

შემდეგ გაზაფხულზე ისევ გაახსენდა თამარს თავისი წერო, გაახსენდა და ძალიან მოენატრა. უცებ   ერთი წერო ჩამოფრინდა, მიეალერსა და ორი წინდის ჩხირი მოუტანა: ერთი თეთრი და ერთიც ყვითელი.

ეს ჯადოსნური ჩხირები იყო, ყვითელი – ყველაფერს ოქროდ აქცევდა, თეთრი კი ვერცხლად.

კითხვები:

  • სად ატარებდა ზაფხულს თამარი?
  • როგორ იპოვეს დაკარგული თამარი?
  • რა მოუტანა საყვარელმა წერომ თამარს?
  • როგორი იყო წეროს ნაჩუქარი წინდის ჩხირები?]

 

  1. ერეკლესა და თეკლას ამბავი

ერეკლე, რომელსაც ხალხი სიყვარულით პატარა კახს ეძახდა, ჭკვიანი, მზრუნველი და სამართლიანი მეფე იყო. მას ბევრი შვილი ჰყავდა და ყველა ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით კი უმცროსი შვილი-თეკლა. გოგონა ძალიან თამამი და ყოჩაღი იყო, ცხენზე ჯირითი განსაკუთრებით უყვარდა.

ერთ დღეს თეკლამ, რომელმაც ჯერ-წერა-კითხვა არ იცოდა, მამას წერილი გაუგზავნა. უცნაური ნაწერი იყო, თან ანბანს ჰგავდა, თან ნახატებს, უფრო ნაჯღაბნი იყო, ვიდრე ნაწერი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ ერთი ასოც ვერ იცნო, შვილის სიყვარული მაინც ამოიკითხა და გოგონას პასუხიც მისწერა:

„თეკლუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წერილი მომივიდა,  ძალიან გონიერი გოგონა ხარ,  გამიხარდა, რომ მომწერე. უცხო  ოსტატობით შესრულებული ნაწერიდან ვერაფერი ამოვიკითხე, მაგრამ მადლობას მაინც მოგახსენებ.

გიგზავნი კოცნას და ასევე ექვს კარგ ბროწეულს. ხვალ  ბევრ შაქარყინულს  გამოგიგზავნი და იმედია, მეც მალე გნახავ.

შენი მამა

კითხვები:

  • რა ამოიკითხა ერეკლემ შვილის „ნაწერში“?
  • როგორ შეიძლება ამოიკითხო ნაწერში ის, რაც არ წერია?
  • როგორ ფიქრობ, ამ წერილის მიხედვით, ერეკლე მზრუნველი მამაა?

 

  1. იაკობ გოგებაშვილი

თევზაობა

 

თევზაობა

 

პატარაობისას თევზაობა ძლიერ მიყვარდა. ჩვენი სოფლის არემარეც ხელს მიწყობდა. შუაგულ სოფელში რამდენიმე ვეებერთელა წყარო ამოჩუხჩუხებდა მიწიდან. სოფლის გარშემო ადგილები ხომ სულ სავსე იყო ცივ-ცივი წყაროებით.

წყაროების თავი დაჩრდილული იყო და ზაფხულში საამური სიგრილე ტრიალებდა. ამ ჩრდილში დასვენება, ყინულივით ცივი წყლით წყურვილის მოკვლა ზაფხულის პაპანაქებაში სწორედ ნეტარება იყო.

სათევზაოდ ჩემს უფროს ძმას დავაწვნევინე პატარა კალათი, ისეთი მსუბუქი, რომ ნიავიც კი წაიღებდა. გავსწევდი ქვემოთ და ჩავიდოდი წყლის პირას. გავიხდიდი ფეხზე, ჩავხტებოდი წყაროს ბოლოში და შევყვებოდი ზევ-ზევით თევზაობით. ერთი ხელით კალათს მოვიმარჯვებდი, მეორე ხელით თევზებს ვაფრთხობდი. დაფეთებული თევზები გარეთ  ჩემს კალათაში ცვიოდნენ.

თან წყლიანი ჭურჭელი მქონდა, რომლითაც ცოცხალი თევზები შინ მიმქონდა.

 

 

კითხვები:

  • როგორი იყო იაკობ გოგებაშვილის სოფელი?
  • ვინ დაუწნა იაკობს სათევზაო კალათი?
  • როგორ თევზაობდა იაკობი?

 

 

 

ტექსტებთან დაკავშირებული აქტივობების ჩამონათვალი:

 

  1. ტექსტების წაკითხვა რამდენჯერმე, სხვადასხვა მეთოდით;
  2. ახალი სიტყვების დამუშავება;
  3. გრამატიკული აპარატი- დროის კატეგორია, სავარჯიშოები;
  4. მეტყველების სავარჯიშო – პერსონაჟის აღწერა;
  5. წერითი ნაწილი – წერილი ჩემს თავს დიდობაში;

 

საშინაო დავალება;

  • გადახედე შენი მშობლების ფოტოებს, არის რამე ნივთი, რომლის დანიშნულებაც არ იცი?
  • შავ-თეთრია ფოტოები თუ ფერადი?
  • არის რამე ისეთი მშობლების ფოტოებში, რაც შენს ფოტოებშიც მეორდება?
  • ამოარჩიე ერთი ფოტო და ანახე შენს კლასელებს, თან ამბავიც მოუყევი.
  • მოგეწონა დროში მოგზაურობა?

ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ და მომავლის განათლება

0

(მეორე ნაწილი)

„ხელოვნური ინტელექტის მომავალი არც უტოპიურია და არც დისტოპიური – ის რაღაც უფრო საინტერესოა“.

სტივენ მარჩი

 ჟურნალ „ატლანტიკის“ მიმომხილველი, მწერალი და პროფესორი-ფილოლოგი, სტივენ მარჩი (Stephen Marche) აღნიშნავს, რომ „ChatGPT-ის პირველი მსხვერპლი მართლწერის არსებული ფორმატი გახდება; წერის წესი, რომლებზეც თაობები აღიზარდა და რომლის შექმნასაც განათლების პროცესის ასეულობით წელი დაჭირდა. „ესეი, განსაკუთრებით საბაკალავრო საფეხურის ესეი, ჰუმანისტური პედაგოგიკის ცენტრალური წერტილი გახლდათ თაობების განმავლობაში. ეს ის წესია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით კვლევას, აზროვნებასა და საკუთრივ წერის ხელოვნებას. მთელი ეს ტრადიცია [დღეს] შეიძლება ძირფესვიანად დაზიანდეს”. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ AI-ის სოფტ-პროგრამები არაფერს ქმნიან. მათ ზედაპირზე ამოაქვთ ის, რითაც ისინი „გამოკვებეს“, – ამბობს პროფ. მარჩი.

საინტერესოა დოქტორი ჯეფრი უოტუმულის (Jeffrey Watumull, ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ცენტრის დირექტორი Oceanit-ში, ჰონოლულუ, აშშ), ცოტა ხნის წინანდელი დიალოგი ChatGPT-თან პლანეტა მარსის ზედაპირის ტერრაფორმირების (ანუ მარსის ზედაპირის ძალისმიერი ადაპტაცია ადამიანის მოთხოვნილებებზე) ეთიკურობის საკითხზე.

ხელოვნური ინტელექტის (ანუ „ჩატბოტის“) სიტყვებით, ამ საკითხის ეთიკურობა დამოკიდებული იქნება ადამიანის თვალსაზრისზე, თუ რამდენად ღირებულია სხვა პლანეტების ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნება და ამ ცვლილებების პოტენციური შედეგები. ჩატ-ბოტმა თქვა შემდეგი: „მე ვარ მანქანური სწავლების მოდელი, რომელიც სწავლობს მონაცემების დიდი მოცულობების მეშვეობით და არ გამაჩნია პირადი გამოცდილება თუ გრძნობები. მე არ ვარ ცნობიერი, ვერ აღვიქვამ თავს და არ შემიძლია მქონდეს პირადი შეხედულება. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია და ანალიზი, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებითაც ჩემი სწავლება მიმდინარეობდა. მაგრამ მე არ მაქვს უნარი, ჩამოვაყალიბო პირადი დამოკიდებულება ან მოსაზრება. თუმცა შემიძლია, გავიგო ენა და შევძლო მისი ინტერპრეტაცია. არ მაქვს სუბიექტური გამოცდილება, რომელიც აქვთ ადამიანებს. – ამბობს „ჩატ-ბოტი“ – მორალური თვალსაზრისის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მორალურად გულგრილი ვარ. როგორც ხელოვნური ინტელექტი, მე განსაზღვრული ვარ გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად და ინფორმაციის მოსაწოდებლად, ან მომხმარებლის დასახმარებლად, მიიღოს გადაწყვეტილება, იმ მონაცემების საფუძველზე, რომელთაც მე მივაწვდი. ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ასწავლიან და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ [მანქანა] შეესაბამებოდეს მათ მორალურ და ეთიკურ პრინციპებს“.

ნოამ ჩომსკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირების პროდუქტია, ახერხებს იმას, რომ ჰგავდეს ბანალურ ბოროტებას: იგი ფაქტობრივად პლაგიატორია, აპათიურია, თავს არიდებს კითხვებს. განაზოგადებს სტანდარტულ არგუმენტებს, უარს ამბობს, დაიკავოს რომელიმე პოზიცია, აღიარებს არა მხოლოდ რაიმეს არცოდნას, არამედ ინტელექტის არარსებობასაც. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ხსნის „ბრძანებების უბრალო შესრულებით“ და პასუხისმგებლობას თავის შემქმნელებს აკისრებს“.

ხელოვნური ინტელექტის მოქმედებისა და გავრცელების შესახებ თავის აზრს გამოთქვამს ილონ მასკიც, „ტესლას“ დამფუძნებელი და ინვესტორი: „მე მგონია, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომლებიც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს“.

ხელოვნური ინტელექტი გავლენას იქონიებს დედამიწაზე არსებულ ყველა დარგზე, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი დარგების ჩათვლით“, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიებს მკვლევარი, დოქტორი ფეი-ფეი ლი.

პროფესორი ჩომსკი: „ხელოვნურ ინტელექტსა და „ჩატ-ბოტებს“ შეუძლიათ დიდი გავლენა იქნიონ ადამიანების (მათ შორის ახალგაზრდების) სწავლების პროცესზე“. მისი წარმოდგენით, ChatGPT ფაქტობრივად „მაღალი ტექნოლოგიების პლაგიატია (high-tech plagiarism) და ბილიკი, თუ როგორ ავარიდოთ თავი სწავლას“. პროფესორი ჩომსკი ხელოვნური ინტელექტის გავრცელებას სმარტფონების ბუმს ადარებს: „ბევრი სტუდენტი, ზის აუდიტორიაში და ესაუბრება („ეჩატავება“) ვიღაცას აი-ფონის მეშვეობით. ერთი გზაა ავკრძალოთ აი-ფონის გამოყენება [აუდიტორიაში]. მეორე გზაა – საინტერესო გავხადოთ ლექციის მიმდინარეობა“. სტუდენტები ინსტინქტურად იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს და თავს არიდებენ სწავლას. ეს განათლების სისტემის მარცხს ნიშნავს. „თუ განათლების პროცესი არ იზიდავს მათ (სტუდენტებს, ლ.ა.), არ აინტერესებს მათ, არ უსვამს მათ კითხვებს, არ განაწყობს მათ სწავლისადმი, ისინი სხვა გზას იპოვიან“, – ამბობს ჩომსკი და იხსენებს თუ როგორ „იპოვა“ სხვა გზა კოლეჯში ქიმიის მოსაწყენი კურსის ჩასაბარებლად, როდესაც მეგობრისგან ითხოვა საგნის კონსპექტი ისე, რომ არცერთ გაკვეთილს არ დასწრებია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი და ჩატ-ბოტები (როგორიცაა ChatGPT) ჯერ განვითარების საწყის სტადიაზე იმყოფებიან, მათმა გამოჩენამ უკვე გამოიწვია კამათი და დებატები მკვლევრებს შორის, განსაკუთრებით მანქანების მიერ ენის დასწავლის საკითხებზე. კამათის ერთ მხარეს დგანან ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, ლინგვისტი იან რობერტსი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი დოქტორი ჯეფრი უატუმული, რომლებმაც სხვადასხვა სტატიაში ხმამაღლა განაცხადეს, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას უბრალოდ არ შეუძლიათ ადამიანის აზროვნების რეპლიკაცია (გამეორება), მისი ჩანაცვლება ან სიმულირება, რადგან „ამ პროგრამებს არ შეუძლიათ ინგლისური ენის სინტაქსის წესების ახსნაც კი, რაც მათ მიერ [მანქანების მიერ] მოწოდებულ არჩევანს ან პასუხებს ზედაპირულს, საეჭვოსა და ორაზროვანს ხდის“.

ამ კამათის მეორე მხარეს დგანან ასევე ცნობილი მკვლევრები და პროფესორები, ნეიროფსიქოლოგი, ბერკლის უნივერსიტეტის ენის შესწავლის კომპიუტერული ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი სტივენ ტ. პიანტადოსი და ლინგვისტი, პროფესორი დანიელ ევერეტი (ბენთლის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსი), რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ენის სასწავლ მანქანებს (მოდელებს) არა მხოლოდ ენის სტრუქტურის დასწავლა და აღქმა შეუძლიათ, არამედ გადაწყვიტეს, ChatGPT-ის პლატფორმა და მისი შესაძლებლობების მათეული ინტერპრეტაცია პროფ. ჩომსკის „უნივერსალური გრამატიკის“ თეორიის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

საინტერესოა განათლების სისტემების პროფესორის, როუზ ლაკინის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, Knowledge Lab, დიდი ბრიტანეთი) მოსაზრება ხელოვნური ინტელექტსა და მის შესაძლებლობებზე, რომელიც მან ბრიტანულ „გარდიანში“ 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში წარმოადგინა: „განათლება, გახლავთ ის, რაც ჩვენ ადამიანებად გვამყოფებს. იგი ასაზრდოებს ადამიანის წარმოსახვას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ განათლებამ შეძლო ის, რომ ადამიანმა მთვარეზე დადგა ფეხი და განკურნა ადრე უკურნებელი დაავადებები. სწორედ განათლების დღევანდელმა სტატუსმა გამოიწვია ის, რომ გენერაციული მანქანები, როგორებიცაა, ChatGPT, შეიძლება გახდნენ განათლების სექტორისთვის დიდი ზიანის მომტანი. ასეთი რესურსებისა და ტექნოლოგიების გაჩენა არ გახლავთ მათი გონიერების ნიშანი. ეს უფრო ჩვენი მარცხია, რადგან ვერ შევძელით, შეგვექმნა განათლების ისეთი სისტემა, რომელსაც რუდუნებით გავზრდიდით და გამოვიყენებდით ადამიანის უნიკალური ინტელექტის დასაფასებლად და გასავითარებლად“.

დოქტორი ლაკინის აზრით, „ჩვენ გულუბრყვილოდ გვაჩეჩებენ მოსაზრებას, რომ AI-პლატფორმები ბევრად უფრო გონიერნი არიან, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მექანიზმს ან სისტემას, როგორიცაა, ChatGPT, არ გააჩნია არც აღქმა და არც ცოდნა. ეს მანქანები უბრალოდ თავს უყრიან სიტყვების ნაკრებს, რომლებიც მოცემული საკითხის განხილვისას გამოიყენება. დიახ, ეს ბოტები ძალიან ღირებული ასისტენტები არიან. მაგრამ ისინი არც რამის მცოდნენი არიან და არც გონიერნი. მათ არ აქვთ იმის გაგება ან კონცეფცია, თუ როგორ მიესადაგება მათ მიერ წარმოებული სიტყვები/ტექსტები მათ გარშემო არსებულ სამყაროს“.

ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გადასარევი დამხმარე იყოს განათლების სისტემაში. მან შეიძლება გაათავისუფლოს მასწავლებელი ადმინისტრაციული ამოცანებისგან, მისცეს მათ მეტი შესაძლებლობა და დრო მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის. AI უკვე ათწლეულზე მეტია, გამოიყენება განათლებაში.  ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, როგორიცაა, Carnegie Learning ან Aleks, შეუძლიათ, გააანალიზონ მოსწავლეთა პასუხები კითხვებზე, ადაპტაცია გაუკეთონ სასწავლო მასალებს, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მასწავლებლებისთვის შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს TeachFX და Edthena-ს AI-სისტემები, მათი ტრენინგისა და მხარდაჭერისათვის.

AI-ის განვითარების თვალყურის დევნება საშუალებას მოგვცემს, თავიდან გავიაზროთ განათლების სისტემის არსი და მისი დანიშნულება; მისი, როგორც სისტემის წარმატება და განვითარების პერსპექტივები. ადამიანის გონება ბევრად უფრო კომპლექსური და განვითარებულია, ვიდრე ნებისმიერი AI-რობოტი, რადგან მას მაღალი დონის აზროვნება და რთული ამოცანების გააზრება შეუძლია… კითხვა და არითმეტიკა ფუნდამენტური მიმართულებებია, რასაც დღეს უკვე AI-წიგნიერებაც ემატება. ტრადიციული საგნები, ისტორია, გეოგრაფია, მეცნიერებები, უნდა გახდეს ის კონტექსტი, რომელთა მეშვეობით უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ცოდნის სხვადასხვა დარგში მოსწავლეთა დაოსტატება.

დღეს არსებული განათლების სისტემის უცვლელად დატოვება არ შეიძლება! ახალი ტექნოლოგიები უკვე სახეზეა და ჩვენ გვჭირდება ადამიანების მხარდაჭერა იმ სფეროებში, სადაც AI ვერაფერს შეძლებს და სადაც მანქანები ადამიანებისთვის დამხმარენი იქნებიან. AI ჩვენ უნდა გვემსახუროს და არა პირიქით.

 

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

ლიტერატურული მოტივები ერთი ანიმეს მიხედვით

0

ჰაიაო მიაძაკის „პრინცესა მონონოკე“ მძაფრსიუჟეტიანი ანიმეა, რომელიც სტუდიო „გიბლიმ“ 1997 წელს გამოუშვა და მალევე მოიპოვა პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იაპონური მითოსური სახეები და ისტორიული ამბები რეჟისორმა თანამედროვე სამყაროს აქტუალურ თემებს შეუსაბამა და აზროვნების ახალი მიმართულება შემოგვთავაზა. 2 საათი და 13 წუთი დაძაბულობა არ კლებულობს. შთამბეჭდავია ულამაზესი კადრები, პერსონაჟთა ჩაცმულობა და გარეგნობა, ჯო ჰისაისის მუსიკა, სიუჟეტის დინამიკურობა.

ჰაიაო მიაძაკი მანგებისა და სცენარების ავტორია. მისი შემოქმედების მოტივებზე დაკვირვებისას ადვილი მისახვედრია, რომ იგი კარგი მკითხველია, რაც, პირადად ჩემთვის, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის ანიმეებს. მაგალითად, ანიმეში „ქარი მატულობს“ ერთი ეპიზოდი სანატორიუმში ვითარდება და პერსონაჟი თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ კითხულობს. „პრინცესა მონონოკემ“ კი ძალიან ბევრი საყვარელი ტექსტი გამახსენა და ლიტერატურულ მოტივებზე დამაფიქრა.

ლიტერატურული მოტივები

მოტივი (ფრანგ. motif, გერმ. motiv ლათ. სიტყვიდან „ვამოძრავებ“), როგორც ცნება, ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებულია მუსიკის გავლენით, სადაც ის აღნიშნავს რამდენიმე ნოტისგან შედგენილ ჯგუფს. მოტივი არის სემანტიკური გამეორება (სიტყვის ან შესატყვისების გაამეორება), რომელიც ტექსტის ფარგლებს გარეთ ხორციელდება. მოტივი შეიძლება იყოს ქვეტექსტიც ან წარმოდგენილი იყოს სათაურისა ან ეპიგრაფის სახით. მოტივის უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისება მისი არასრული რეალიზებულობაა“. 1

ორ მედიას – ანიმაციასა და ტექსტს – შორის საერთო მოტივებს შესაძლოა ჰქონდეს მიზანმიმართული ფუნქცია ან მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური მიგნებები, საერთო ადამიანური ღირებულებები და ხელოვანთა მიერ სამყაროს ესთეტიკური აღქმა ედოს საფუძვლად.

 

ანიმეს მოკლე შინაარსი

მოზარდი ბიჭი, აშიტაკა, აღმოსავლეთში ცხოვრობს. სოფელს თავს დაესხმება დემონჩასახლებული ტახი, ნაგო, რომელსაც აშიტაკა განგმირავს. ტახი ბიჭს დაწყევლის. მოხუცი ორაკულისა და უხუცესების რჩევით, აშიტაკა წყევლის მოსახსნელად საყვარელ ლოსსთან, იაკულთან, ერთად სოფელს ტოვებს.

ბედისწერა მას მიიყვანს დასავლეთში, ერთ პატარა დასახლებაში, რომელსაც მართავს ქალბატონი ებოში. მთაზე შეფენილ სოფელში რკინასა და თოფ-იარაღს ამზადებენ. ქალბატონი ებოშის მიზანია ტყის სულის, ირმების ღმერთის, დამარცხება, რათა მისი სისხლით კეთროვნები განკურნოს. ამასობაში, ირკვევა, რომ ველური ტახის სიკვდილის მიზეზად ქალბატონი ებოშის „რკინის ქვა“, ტყვია, იქცევა.

ებოშის სურვილს წინააღმდეგობას უწევს ტყის სამყარო – მაიმუნები, ტახები და მგლები მათი წინამძღოლის, მოროს, მეთაურობით. სანი მოზარდი გოგონაა, რომელიც ადამიანებმა ერთ-ერთი ბრძოლისას მიატოვეს და მორომ, დედა-მგელმა, თავის ორ ლეკვთან ერთად გაზარდა.

ქალბატონი ებოში და მორო დაუნდობლად ებრძვიან ერთმანეთს. მოროს ქალიშვილი სანიც ავსებულია ადამიანებისადმი სიძულვილით, რადგან ისინი ხეებს ჭრიან და ტყეს ანადგურებენ.

აშიტაკა მოდის სიძულვილით ავსებულ ადამიანებთან, ცხოველთა სამყაროსთან და მათ შორის დარღვეული ჰარმონიის აღდგენას ცდილობს. მას პირველივე დანახვისას უყვარდება სანი, იგივე პრინცესა მონონოკე. სიყვარული დაპირისპირებული სამყაროს გამაერთიანებელ ძალად იქცევა, თუმცა, პრინცესა მონონოკე ტყეს უბრუნდება.

მაუგლისა და სანის დედა მგლები

„პრინცესა მონონოკეში“ მორო დედა მგელია, მგლების წინამძღოლი. ის ადამიანებისგან მიტოვებულ გოგოს დედობას გაუწევს. სანის ადამიანებისადმი ნდობა აქვს დაკარგული, რადგან ის მიატოვეს, მის გადასარჩენად არაფერი იღონეს. მორო კი არაჩვეულებრივი დედაა. ის გოგოს უპირობო სიყვარულს ჩუქნის და ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდში, უზარმაზარ თავისუფლებას ანიჭებს ადამიან-შვილს. სანი გარეული ტახების მეთაურს, იკოტოს, ებოშთან გადამწყვეტ ბრძოლაში დაბრმავებული თვალების მაგივრობას გაუწევს. დედა მგელი შვილის გადაწყვეტილებას მყისიერად ემხრობა და დიდი სიმშვიდით ხვდება, თუმცა, კვალდაკვალ მისდევს და მზად არის, ადამიანი-შვილის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გასაწირად.

მგლის მიერ აღზრდილ ადამიანებს მითოლოგია იცნობს, თუმცა, ამჯერად რადიარდ კიპლინგის „მაუგლიზე“ მინდა ყურადღების გამახვილება. ჰაიაო მიაძაკის შემოქმედება ძლიერი, თავდაჯერებული, ჭკვიანი, მებრძოლი გოგოების სიმრავლით გამოირჩევა. ქალისა და მამაკაცის ძალების წარმოჩენა გენდერული თანასწორობის ჭრილში მისი მთავარი გზავნილია. „პრინცესა მონონოკეში“ მგლის მიერ ნაპოვნი ბავშვის სქესის შეცვლა, ვფიქრობ, მიზანმიმართული ჩანაფიქრია, რომელიც გოგოების როლის გაძლიერების თვალსაზრისით არის განპირობებული.

მიუხედავად იმისა, რომ მგლების მიერ აღზრდილი სანის პროტოტიპი იაპონურ მითოლოგიაშიც არსებობს, შეუძლებელია, დედა მგლის, მოროს, პიროვნულმა თვისებებმა მაუგლის აღმზრდელი დედა მგელი არ გაგვახსენოს.

მაუგლისა და სანის ადამიანები ტოვებენ, სავარაუდოდ, ცხოველების შიშის გამო. ორივე დედა მგელს თავდავიწყებით უყვარდება პატარა ადამიანი და თავისი შვილებისგან არ არჩევს, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ შვილებზე მეტ სიყვარულს ჩუქნიან მათ. „მაუგლიში“ დედა მგელი ხაზგასმით და ღიად უმეორებს მაუგლის, რომ ის თავის ლეკვებზე მეტად უყვარს, ხოლო „პრინცესა მონონოკეში“ მოროს სანის გარდა, კიდევ ორი ლეკვი ჰყავს, თუმცა, დედა მგლისა და სანის ამაღლებული ურთიერთობა უფრო მეტად არის წარმოჩენილი.

როდესაც მამა მგელი დედა მგელს ჰკითხავს, შეიხიზნავს თუ არა ჯუნგლებში ნაპოვნ პატარა ადამიანს, დედა მგელი ასე პასუხობს:

„- შევიხიზნებ?- გაიკვირვა დედა მგელმა, – საბრალო, მოვიდა შიშველი, მშიერ-მწყურვალი, მარტოდმარტო, ღამით და მაინც არ ეშინოდა. შეხედე, უკვე განზე გადააგდო ერთი ჩემი პაწია… შევიხიზნებ თუ არა მას? რა თქმა უნდა, შევიხიზნებ, მივცემ თავშესაფარს! იწექი მშვიდად, პაწაწა ბაყაყო, მაუგლი!“.

რადიარდ კიპლინგმა მაუგლის ამბები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოსცა და მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. ჰაიაო მიაძაკის ანიმეს მგლის პროტოტიპად შესაძლოა ნამდვილად იყოს მაუგლის დედა მგელი. დედა მგლის ლიტერატურული მოტივი ანიმაციაში იაპონურ მითოსს შეერწყა, თუმცა, ხასიათის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ანიმეს ყურებისას სულ მაუგლის დედა მგელი მედგა თვალწინ.

კიდევ ერთი მსგავსება ის არის, ორივე დედა მგელი თავისუფალია ეგოისტური მიჯაჭვულობისგან, ორივე ახსენებს სანისა და მაუგლის, რომ ისინი ადამიანები არიან და მათი ადგილი საბოლოოდ ადამიანებთან არის.

„- კიდევ კარგი, იქ არ ვიყავი, – წარმოთქვა მკაცრად დედა მგელმა, – არ შემიძლია გულგრილად ვუცქირო, როგორ სდევნიან ჩემს ლეკვებს… ვანანებდი ადამიანთა ხროვას! მხოლოდ იმ ქალს დავინდობდი, რომელმაც შენ რძე დაგალევინა“. დედა მგლის სამართლიანი და სიყვარულით სავსე სიტყვები მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების მკითხველის გულს სიყვარულით ავსებს. „მხოლოდ იმ ქალს დავინდობდი, რომელმაც შენ რძე დაგალევინა“ – ეს ფრაზა „პრინცესა მონონოკეში“ მოროს მიერ აშიტაკასადმი ნდობის გამოხატვაში აისახა, კერძოდ, საკვანძო ეპიზოდში დედა მგელი სანის ნებას რთავს, შეგიძლია, ბიჭთან ერთად იცხოვროო.

 აყვავებული იარაღი

„პრინცესა მონონოკეს“ უმთავრესი პრობლემა სამყაროში ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენაა, „რკინის ქვები“, ტყვიები, ცხოველების ძვლებს ანგრევს და კანს ალპობს, მათ გულს სიძულვილით ავსებს, რაც ადამიანებს უკან ბუმერანგივით უბრუნდებათ.

ქალბატონი ებოში თავის ხალხს უყვარს. მას პატივს სცემენ, ემორჩილებიან, ენდობიან და მისი სჯერათ, რადგან ის მათ სამურაებისგან იცავს და მათზე ზრუნავს, მაგალითად, არ ერიდება კეთროვნებთან ურთიერთობას. მიუხედავად ამისა, ებოშის არასწორი დამოკიდებულება აქვს ბუნებისადმი. ძალაუფლება გონებას უბინდავს და ტყის ღმერთის მოსაკლავად თავისი ხალხისა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არ ერიდება.

ტყის სამყაროს ჰარმონიას იარაღი არღვევს. იგივე პრობლემა არის წამოჭრილი ფრანგი მწერლის, მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუში“, რომელიც 1957 წელს გამოიცა.

ტისტუ 8 წლის ბიჭია. სკოლიდან პირველივე დღეს გამოაძევებენ, რადგან ის სხვებს არ ჰგავს. ტისტუს მამა ქვემეხების ქარხნის მეპატრონეა. „იგი კეთილი იყო, მაგრამ ტყვიამფრქვევებს ყიდდა. ერთი შეხედვით, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი რამა. თავის ბიჭუნას აღმერთებდა, სხვისი შვილების დასაობლებლად კი იარაღს ამზადებდა. ასეთი რამ გაცილებით უფრო ხშირდ გვხვდება, ვიდრე გვგონია“. – ამგვარად აფასებს მამა-ბატონს ავტორი. ქალბატონი ებოშიც ტისტუს მამას ჰგავს – მასაც ემორჩილებიან ადამიანები, ისიც იარაღს ამზადებს, ერთი შეხედვით, საკუთარი ხალხისთვის სიკეთე სურს, თუმცა, მამა-ბატონისა და ქალბატონ ებოშის ღირებულებები ცალსახად არასწორია. ლიტერატურულ ტექსტში უფროსების არასწორი ცხოვრების წესს პატარა ბიჭი, ტისტუ, დაუპირისპირდება, მწვანე თითებით ყვავილებს ახარებს: თანატოლ ავადმყოფ გოგონას სიცოცხლეს მოაწყურებს, პატიმრებს ციხეს ორანჟერიად გადაუქცევს, ზოოპარკის ბინადარ ცხოველებს მცენარეებს გაუშენებს, ღარიბი უბნის ქოხმახებს ყვავილებით გაალამაზებს და ომის წინააღმდეგ გაილაშქრებს – ყველა ქვემეხსა თუ თოფში ყვავილებს ჩამალავს. წადიელებსა და გადიელებს შორის გაჩაღებულ ომში ქვემეხები და ტყვიამფრქვევები ტყვიების ნაცვლად მაჩიტებს, ღიღილოებს, ბაიებს, ზიზილებსა და მიხაკებს ისროდნენ.

ჰაიაო მიაძაკის ანიმეში კი ბუნებისა და ადამიანების ურთიერთსიძულვილს აშიტაკა დაუპირისპირდება. მისი ორმხრივი მხარდაჭერა ყველას აბნევს, საყვარელ გოგონას, სანის, ბრაზით ავსებს.

„- ნუთუ არ შეიძლება, ქარხანამ და ტყემ მშვიდობის ზავი დადოს?“ – კითხულობს აშიტაკა, რომელიც ერთი მხრივ, იცავს ქალბატონ ებოშს თავისი მოსახლეობითურთ, მეორე მხრივ, კი სანიზე ზრუნავს და მისთვის სიცოცხლის გაწირვასაც არ ერიდება; ასევეა ტისტუ, თავისი ლამაზი, კეთილი მშობლებიც უყვარს და თან ომის სისასტიკე აძრწუნებს, სადაც ყველა რაღაცას კარგავს. აშიტაკა ტყეს გადაარჩენს, ტისტუ – ვარდისფერ უდაბნოს თავისუფლებასა და სიმშვიდეს დაუბრუნებს.

აყვავებული იარაღის მოტივი კი თუკი „მწვანეთითება ტისტუს“ ავტორს საკვანძო ეპიზოდად აქვს ჩაფიქრებული, იაპონელი რეჟისორის ანიმეში მხოლოდ ერთგან, თუმცა, შთამბეჭდავად და მრავლისმთქმელად გაიელვებს, კერძოდ, ქალბატონი ებოში ტყის ღმერთს, ირემს, თოფს დაუმიზნებს, ირემი თოფის ლულას შეხედავს და ისიც მყისიერად აყვავდება. შესაძლოა, რეჟისორს ფრანგი მწერლის მცირეტანიანი რომანი წაკითხული ჰქონდა და თოფის მცენარეებით შემოსვა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გზავნილად გამოიყენა, თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ეს მხატვრული სახე მისი ინდივიდუალური მიგნება იყოს. ერთი რამ ცხადია, რომ მედიათა შორის აღმოჩენილ მოტივებს საერთო სათქმელი აქვს ადამიანებისთვის – ისინი თავისი შემოქმედებით ცდილობენ თანამედროვე სამყარო ომის სისასტიკეში დაარწმუნონ.

ტყის მარადიული სული

არჩილ სულაკაურმა „ცისფერი ირემი“ 1989 წელს დაწერა, „პრინცესა მონონოკეს“ ეკრანზე გამოჩენამდე 8 წლით ადრე. ამ ორ მედიაში საერთო მოტივის სიმკვეთრე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, როგორ იკვეთება მოაზროვნეების ფილოსოფიური ხედვა სხვადასხვა სივრცესა და დროში.

ირმის სახე-სიმბოლოს გააზრება მითოსსა თუ ზღაპრებში, ძირითადად, საერთოა. ირემი ცისა და მიწის შუამავალია. მისი რქები ხეს ჰგავს, რომელიც სამ სივრცეს – ქვესკნელს, სკნელსა და ზესკნელს აერთიანებს. ქართულ ხალხურ ზღაპრებში ირემი რქებით ცას სწვდება და მთავარ პერსონაჟს ცაში ასვლაში ეხმარება.

არჩილ სულაკაურის ცისფერი ირემი ტყის მფარველია. მისი ნამდვილი ფერი ტყის ბინადრებმა არ იციან, რადგან წელიწადში ერთხელ, ყველაზე გრძელ დღეს, მზებუდობისას, 22 ივნისს, ჩნდება და მუდამ ნისლშია გახვეული. მოდის თავის ფურირემთან, ნუკრებთან ერთად, წყალს სვამს და უკან ბრუნდება.

„- ცისფერი ირემი ტყის მეფეა, ტყის მარადიული სულია და მისი მოკვლა არ შეიძლება. ცისფერი ირემი თუ მოკვდა, მოკვდება ტყეც“. მწიგნობარი წერო მოხეტილე მუსიკოს ოლილეს ამგვარად აცნობს ცისფერ ირემს.

ჰაიაო მიაძაკის „პრინცესა მონონოკეშიც“ ირემი ტყის მფარველი სული, ტყის ღმერთია, ის სიკვდილსა და სიცოცხლეს ჩუქნის სამყაროს.

ცისფერი ირემი არჩილ სულაკაურის რომანის პირველ ნაწილში ეპიზოდურად გაიელვებს და მკითხველი გაფაციცებით ელის მის ხელმეორედ გამოჩენას. ტექსტის საკვანძო ეპიზოდში ის უკვე აქტიურ პერსონაჟად გვევლინება და მისი გამოჩენა გზააბნეულ ბავშვებს სწორ მიმართულებას მისცემს. ცისფერი ირმის მოკვლას ჩახმახ ფილთაზარი, გულბოროტი და სიძულვილით სავსე მონადირე, ცდილობს. „პრინცესა მონონოკეში“ კი ტყის ღმერთ ირემს ქალბატონი ებოში დასდევს მოსაკლავად. ჩახმახ ფილთაზარსა და ქალბატონ ებოშს შორის განვითარების თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა, თუმცა, არცერთი მათგანი არ აღიარებს ბუნების მთლიანობასა და ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

„- ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, ეს მთები, ეს ველები, ტყეები, მდინრეები, ზღვები მთლიანი და განუყოფელია. ბუნებისთვის მეც ისა ვარ, რაც პიპაა, რაც ოლილეა, რაც ვაგუა… ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ერთად უნდა ვიღვაწოთ, რომ ეს მთლიანობა არ დაირღვეს. მე მგონია, სწორედ ეს არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა… ქვეყანას კი ნამდვილად უჭირს და გადარჩენა უნდა“, – ამ უმნიშვნელოვანეს სიტყვებს თავად ცისფერი ირემი ამბობს და საოცარია იაპონური ტყის მფარველი ირემიც უსიტყვოდ, მაგრამ თავისი საქციელითა და ქმედებით როგორ ეხმიანება არჩილ სულაკაურის ცისფერ ირემს. ისიც ამთლიანებს თავისი ტყის ჰარმონიას – კურნავს დაჭრილ აშიტაკას, აცოცხლებს ტყეს, ეძებს დაკარგულ თავს, პოულობს და ქალბატონი ებოშიც კათარსისს სწორედ მისი დამსახურებით განიცდის.

 

ნაბიჯებში ამოსული ყვავილები

ქართულ ხალხურ ზღაპარ „უხეიროში“ ახალდაბადებულ ბიჭს მშობლები ვერაფრით აძღობენ, ამიტომ უხეიროს დაარქმევენ. დედ-მამისგან უარყოფილ ბავშვს ხელმწიფე იშვილებს. მალე ისიც მის თავიდან მოშორებას გადაწყვეტს. ჯერ ორი თორმეტთავიანი დევის დამარცხებას დაავალებს, შემდეგ უკვდავების წყლის მოტანას, ბოლოს კი ცხვრის ფარის ელიას ყანაში შერეკვას მოსთხოვს. უხეირო ყველა დავალებას ადვილად გაართმევს თავს. ელია წყევლას ახსნის. უხეირო შინ დაბრუნდება, მაგრამ მალე ბედის საძიებლად გაუდგება გზას. სამ დევს გაიცნობს და დაიმეგობრებს, დაამარცხებს თეთრ, წითელ და შავ დევებს, რკინის კაცს და ცოლად შეირთავს მზეთუნახავს, რომელსაც უშიშრობით, სიმამაცითა და გასაოცარი უნარით მოხიბლავს: „…თან სადაც გაივლის, მის ნაკვალევზე სულ ვარდ-ყვავილი იშლება“. მზეთუნახავის წასართმევად ხელმწიფე კუდიან დედაბერს მიუგზავნის. უხეირომ ძმობილ დევებს ერთი ბურთი დაუტოვა და დაუბარა, როცა ბურთიდან სისხლი დაიწყებს წვეთას, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მიჭირს და ჩემს დასახმარებლად გამოეშურეთო. დედაბერი ცოლ-ქმარს თავს შეაყვარებს, მერე უხეიროს ბანგს დაალევინებს, მაცოცხლებელ სამ ღერ თმას ამოაცლის, მოკლავს და მის მზეთუნახავს ცოლს ხელმწიფეს მიჰგვრის. როცა ბურთიდან სისხლი ჩამოწვეთავს, დევები ძმადნაფიცის დასახმარებლად დაუყოვნებლივ გამოეშურებიან.

„რა, ღმერთმანი, კვალის მიგნება გაუჭირდებოდათ, – უხეიროს დანაბიჯებ ადგილზე სულ ვარდი ყვაოდა“.

ნაკვალევში ყვავილების გახარება – ადამიანის მხატვრული აზროვნების ამგვარი მოტივი -„პრინცესა მონონოკეშიც“ ჩანს, კერძოდ, როდესაც ტყის მფარველი სული, ირემი, მოაბიჯებს, მისი ჩლიქების ქვეშ ყვავილები იზრდება.

 

თამარ ლომიძე ლიტერატურათმცოდნეობის შესავალში (თბილისი, 2012. გვ.101) მოტივის ირგვლივ მეცნიერთა შეხედულებებს მიმოიხილავს და კვლევას ამგვარად აჯამებს:

„კონცეპტუალური თვლსაზრისით, მოტივის ცნება სხვადასხვანაირად განიხილება. მოტივი შეიძლება განვიხილოთ, როგორც: ერთგვარი „ჟანრის მეხსიერება“, ზეინდივიდუალური, არქეტიპული საწყისი; ინდივიდუალურ გამოცდილებასთან დაკავშირებული ფენომენი; კონკრეტული ტენდენცია ან გაერთიანება“.

ამგვარად, ზემოთ განხილული მოტივების, რომლის ათვლის წერტილად ჰაიაო მიაძაკის „პრინცესა მონონოკე“ იქცა, სემანტიკურ მნიშვნელობას განაპირობებს კაცობრიობის გამოცდილება და ადამიანის მხატვრული აზროვნება, საერთო ღირებულებები და ინდივიდუალური მიგნებები, ხელოვნების მეშვეობით ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და იარაღის წარმოების გამანადგურებელი ძალის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ლიტერატურასა და ანიმაციაში დიდი, შემაძრწუნებელი, ამაღელვებელი, მშვენიერი ამბები ხდება: მიდის უხეირო და მის ნაკვალევში ვარდები ხარობენ, ტისტუ თითებს ახებს ქვემეხებს და ტყვიებს ყვავილები ენაცვლებიან, მაუგლი დედა-მგელს ტანზე ეხუტება, სანი მოროს ბეწვში სახით ემხობა და წასვლის ნებართვას ითხოვს, ცისფერი ირმის გადასარჩენად მთელი ტყე ერთიანდება, ტყის ღმერთი ვარსკვლავივით ციმციმებს და ტყეს სიცოცხლეს უბრუნებს – ეს გაბნეული სურათ-ხატები, სახე-სიმბოლოები მოძრაობენ, ფორმას იცვლიან და სათქმელი ადამიანის გულებამდე მოაქვთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თამარ ლომიძე, ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი, თბილისი. 2012. გვ. 92

 

სასკოლო ღონისძიებების სირთულეები

0

რამდენიმე თვის წინ ერთ ჯგუფში აღმოვჩნდი – ჩემი კლასელები სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ შეკრებას აპირებდნენ. განისაზღვრა შეკრების სავარაუდო დრო – აგვისტო და პირობა: ვისაც ოჯახი ჰყავდა, “მეორე ნახევართან” ერთად მივიდოდა შეკრებაზე. მე ვიცოდი, რომ აგვისტოში საქართველოში ვერ ვიქნებოდი და ვინაიდან საორგანიზაციო ამბები არ მეხებოდა, ეს ჯგუფი დროში მოგზაურობის მანქანად გამოვიყენე.

 

მალევე ამოტივტივდა ჩაგვრისა და ბულინგის მოუნელებელი შემთხვევები, ძველი ზედმეტი სახელები, რომელთა უმეტესობა ან განსხვავებული გარეგნობით, ან შეზღუდული შესაძლებლობები იყო შთაგონებული, შესაბამისად, არც თუ ისე ეთიკურად ჟღერდა. გაიხსენეს მასწავლებლები, რომლებსაც კარგად ესმოდათ ბავშვების და ცოტაოდენი ცუღლუტობის, განსხვავებულად ქცევის თუ ფიქრის საშუალებას გვაძლევდნენ და ისინიც, ვინც ვერაფერი გვასწავლა, ვისაც ბავშვები არ უყვარდა, ვინც შიშის ზარს გვცემდა. სასკოლო ღონისძიებები და მწირი საჩუქრებიც, რასაც ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული და ნაომარი ქვეყნის ღარიბი ბავშვები დღესასწაულებზე ვიღებდით საჩუქრად. იმ დროს საჩუქრებზე ძვირფასი ის საზაფხულო ბანაკები და ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილები იყო, რასაც ჩვენი მასწავლებლები გვჩუქნიდნენ. ყველა საათი, რაც გაკვეთილების შემდეგ რაიმე საკითხზე მსჯელობაში გაგვიტარებია და ყველა აქტივობა, სადაც დიდები და პატარები ერთად ვაკეთებდით ხან გოგრის ღვეზელს და ხან საშობაო სპექტაკლს.

 

ჩემი კლასის მოგონებების პარალელურად ჩემი შვილების ბაღის და სკოლის ღონისძიებებიც გამახსენდა.

 

როცა პირველად წავედით მთელი ოჯახი საბავშვო ღონისძიებაზე, ჩემი უფროსი შვილი 3 წლის იყო, გარეთ ზამთარი იდგა და საბავშვო ბაღის საშობაო კონცერტზე ის და რამდენიმე სხვა პატარა გოგო თოვლის ფიფქები იყვნენ. თეთრი წულის კაბებით ცეკვავდნენ, მღეროდნენ და პერიოდულად  კმაყოფილები ათვალიერებდნენ დარბაზს, სანამ ამაყი მშობლები და ბებია-ბაბუები ტაშს უკრავდნენ. მერე გაზაფხულის ბუნიობა აღვნიშნეთ, ჩემი შვილი უკვე 4 წლის იყო, მღეროდა, რა ლამაზი და მშვენიერია დედა  და ყველა დედა, ვინც იქ იყო, ერთად ვტიროდით გულაჩუყებულები. ბოლოს ამ წლის მაისში ვიყავით სკოლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტზე, ყოფილი ფიფქი მეექვსე კლასში გადავიდა და სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეების მიერ მოწყობილ კონცერტზე მისი კლასი ყველაზე დიდი იყო, შესაბამისად, ყველაზე გვიან გამოვიდნენ, ნახევრადცარიელ დარბაზში. კონცერტის ადრეულმა მონაწილეებმა და მათმა მშობლებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ბოლომდე დარჩენა. თუმცა მე  ამ კონცერტზე ჩემ შვილზე მეტად მისი ბაბუა მადარდებდა, რომელიც იმ დროს, როცა პირველად წავედით საბავშვო ღონისძიებაზე, სრულიად მხნე იყო, ახლა კი, სულ რამდენიმე წელიწადში ასაკმა თავისი ქნა და ის არც თუ ისე მარტივ სენს ებრძვის. კონცერტებზე მაინც დადის, მაგრამ უფრო და უფრო უჭირს ბავშვების რეპერტუარის გაძლება და დახურულ დარბაზებში დიდხანს ყოფნა. საწუწუნოდ საქმე ჯერ არ გვაქვს, სანამ ჩვენთან არის და ხარობს მომღერალი ბავშვების ყურებით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, თუმცა მაინც სევდიანია იმის ყურება, როგორ ბერდებიან მშობლები ბავშვების ზრდის პარალელურად.

 

მთელი კონცერტის განმავლობაში დროზე ვფიქრობდი, სამყაროში მომუშავე ალბათ საუკეთესო თანასწორობის მექანიზმზე, რომელთანაც  ვერავინ ვერაფერს გააწყობს  – მხოლოდ ის შეგიძლია, კარგი წუთები წაგლიჯო, სანამ ხარ და ამის თავი გაქვს. იმაზეც ვფიქრობდი, როგორ არ შველის დრო ასეთ კონცერტებს. წლები გადის და ლამის რეპერტუარიც კი იგივეა. ასეთ ღონისძიებებზე კარგად ჩანს  ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებები – მთელი ეს კონცერტი ძირითადად ერთი მასწავლებლის ძალისხმევით იყო ორგანიზებული. ჩვენი სკოლებიც ჰო ასეთია, ცალკეული მასწავლებლების თავგანწირვაზე დგას და არა სისტემაზე, რომელიც ყველას ჩართულობას, ყველას მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას და გათავისებას გულისხმობს.

 

ახლა ახალი სასწავლო წელი იწყება და ალბათ სკოლებს ისევ გაუჭირდებათ თანასწორად აგრძნობინონ ყველა ბავშვს თავი, ყველას მისცენ საკუთარი შესაძლებლობების დანახვის და გამოვლენის საშუალება, სასკოლო ღონისძიებები ისე დაგეგმონ, რომ ის მეტ სიხარულთან და ნაკლებ დაღლასთან ასოცირდებოდეს. ფოკუსი ბავშვებზე იყოს და არა უფროსებზე, რომლების კეთილგანწყობის მოპოვებაზეც ხშირად უფრო მეტს ფიქრობენ მასწავლებლები, ვიდრე იმაზე, რა სურთ მათ მოსწავლეებს. უფროსები კი ბავშვებს აუხსნიან, რომ მთავარი არა საუკეთესოდ ყოფნა, სხვებისთვის თავის მოწონება და სხვებთან უსასრულო შეჯიბრში ჩართვა, არამედ საუკეთესოს მიღებაა ყველანაირი გამოცდილებიდან.

 

სასკოლო ღონისძიებები ერთგვარი სარკეა, სადაც ყველაფერი ირეკლება, კარგიც და ცუდიც. ეს მეხსიერების “გაბოლდებული” ნაწილებია, რომლებიც ბავშვებს უფრო ხანგრძლივად ამახსოვრდებათ, ვიდრე სხვა, რიგითი სასკოლო დღეები.

 

კონცერტებსა და ექსკურსიებზე, მისასალმებელ თუ დამშვიდობების დღეებში ჩანს რას მივიჩნევთ კულტურად და რაა ჩვენთვის ღირსშესანიშნაობა, კომუნიკაციის როგორი ფორმა გვაქვს და რაა ის ღირებულებები, რაც უნდა აერთიანებდათ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესების და გამოცდილების მქონე ადამიანებს. როცა რაიმეს ვგეგმავთ ან მასში ვმონაწილეობთ, ალბათ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. არ არის ადვილი ეს ყველაფერი, როცა თან ათასი სხვა საზრუნავი გაქვს, მაგრამ ვინ თქვა, რომ ან მასწავლებლობაა ადვილი და ან მით უმეტეს, ცხოვრება?

 

 

 

ერთ საყურადღებო საბავშვო წიგნზე

0

რატომ ვკითხულობთ წიგნებს? –  ალბათ იმიტომ, რომ წიგნებში ვეძებთ იმას, რასაც ცხოვრებაში ხშირად ვერ ვპოულობთ ხოლმე. ვეძებთ და ამ ძიებაში ჩვენც ვიზრდებით. წიგნი უფრო გამბედავს გვხდის, ჩვენს შიშებზე გვამარჯვებინებს, თანაგანცდისა და თანადგომის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს და გვარწმუნებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და მას ბევრი რამის შეცვლისა და გამოსწორების უნარი შესწევს.

თანამედროვე ქართველმა ავტორმა, ლილი ალფაიძემ, სწორედ ასეთი ზღაპრების წიგნი დაწერა. ,,ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ თანადგომის, ერთგულებისა და სიმამაცის მაგალითებით სავსე, სტერეოტიპების ფაქიზად მსხვრევის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საბავშვო წიგნია.

ალბათ, იშვიათად, რომ ჩვენი ცხოვრების ის ყველაზე ძვირფასი ეტაპი, ბავშვობა რომ ჰქვია, ქართული თუ მსოფლიო ხალხთა ზღაპრების გარეშე ჩამთავრებულიყოს. ჩვენ სწორედ ამ ხალხურმა ზღაპრებმა გვასწავლა, რომ ზღაპრები არამც და არამც არ უნდა გამორიცხავდეს ,,სადიდო“ საფიქრალს; მეტიც, შესაძლოა, ისინი ზრდასრულებს მეტად გვჭირდებოდეს, სამყაროს მრავალფეროვნების პატივისცემას გვასწავლიდეს და შესაბამისად, სულიერად გვზრდიდეს, რათა შემდეგ, ამ ისტორიებით შთაგონებულები უკეთესი მასწავლებლები და მშობლები ვიყოთ, სწორი ღირებულებების გამტარებად ვიქცეთ და ბავშვების სულების გაფაქიზება შევძლოთ.

გახსოვთ, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა ვის მიუძღვნა ,,პატარა უფლისწული“? – დიახ, ლეონ ვერტს, ზრდასრულ ადამიანს, უფრო სწორედ კი, მასში მარადიულად დარჩენილ ბავშვს. მარადიული ბავშვის შენარჩუნება ჩვენს გულსა და გონებაში კი, ,,ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნას“ მსგავს წიგნებს შეუძლიათ.  სწორედ ამიტომ, ლილი ალფაიძის ზღაპრები მხოლოდ ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი.

ზღაპრების ამ მშვენიერი, ილუსტრაციებით დახუნძლული კრებულის კითხვისას ზურაბ კიკნაძის სიტყვები მახსენდებოდა, რომელიც ზღაპრის ბუნებას ამგვარად ახასიათებს: ზღაპარი ისეთ ამბავს ეწოდება, რომელიც ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას გვამცნობსო.

ოღონდ, სინამდვილეზე აღმატებული შეუძლებელი როდია – ლილის ზღაპრები გვარწმუნებს, რომ სინამდვილეზე აღმატებულის რეალობად ქცევა ყველას შეგვიძლია. აი, მაგალითად, ,,ბებუტა, რომელმაც (კინაღამ) ობობა გადაყლაპა“ გვეუბნება, რომ შეუძლებელი სულაც არაა, იზრუნო მიუსაფარ ცხოველებზე. გვაჯერებს, რომ  იქ, სადაც პრობლემების გადაჭრის სურვილია, ცვლილება აუცილებლად მოხდება და სამყაროს ერთით ნაკლები დარდი და ტკივილი შერჩება.

იმავეს გვიმტკიცებს ,,ბიჭუნა და ფერადი ბუშტები“, რომელიც უსახლკარო, მიუსაფარი ადამიანებისადმი თანაგრძნობას გვიღვივებს და სიკეთის განუზომელ ძალაზე გვიამბობს. ძალაზე, რომელიც, ალბათ, სიყვარულივით ატრიალებს დედამიწას.

და აი, ლილის ზღაპრებში არც სირაქლემასთვის ხდება შეუძლებელი გაფრენა, როცა იგი ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამ ბრძოლით არ დაიღლება; ფრინველი, რომელსაც ფრენა არ ახასიათებს, რომელიც შიშისა და განსაცდელის დროს იმალება და თავს მიწაში რგავს, საკუთარ სისუსტეებზე იმარჯვებს.

ზღაპარი სირაქლემაზე, რომელიც  გაფრინდა, საკუთარი თავის პოვნაში გვეხმარება, მაგრამ, ავტორი სხვა ზღაპარში იმასაც გულწრფელად აღიარებს, რომ ზოგჯერ სამყაროსთან მორგება ყველაზე რთულია – იმდენად რთულიც კი, რომ შეიძლება, საკუთარ თავზე უარის თქმა მოგიხდეს. ,,ჟირაფი, რომელმაც ბაფთაზე დაიდო ბინა“  ჩვენგან განსხვავებულის შემჩნევას, მის მიღებასა და აღიარებას და გასაჭირის დროს მისთვის ხელის შეშველებას გვასწავლის.

წიგნს ხომ უდიდესი ძალა აქვს – მასში ამოკითხული ამბები ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგვახსენებს თავს და ისე მოვიქცევით, როგორც ამ წიგნის პერსონაჟები იქცევიან ხოლმე.

ლილის ზღაპრები მასწავლებლებისთვის შესანიშნავ  დამხმარე რესურსად მესახება, რადგან ამ კრებულით მოსწავლე აუცილებლად გააცნობიერებს, რომ შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ყველაფერს კალაპოტში აბრუნებს, რომ სიყვარულს გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება, რომ საკუთარი ბედნიერება სხვის წუხილზე ვერასდროს აიგება, ხოლო თუ ირგვლივ ყველა ბედნიერი იქნება, სამყაროში აღარც ყვავილები დაჭკნებიან, აღარც ტბები დაშრება და აღარც თევზები დაიწყებენ კვდომას; აჩვენებს, თუ  რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვიღაცას შენი სჯერა, თუნდაც მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ან როგორი კარგია, როცა სხვისი წარმატების გამო ჩვენი გულები სიხარულითაა ანთებული.

ეს წიგნი სტერეოტიპებთან გამკლავებასა და სამყაროს მრავალფეროვნების მიღებაში გვეხმარება. აი, მაგალითად, გვასწავლის, რომ პრინცესა მხოლოდ ტანწერწეტა, ქერათმიანი, ცისფერთვალება და თლილთითებიანი კი არა, ნებისმიერი გარეგნობის მქონე გოგონა შეიძლება იყოს. მაგრამ, აქ საქმე განა მხოლოდ პრინცესობაშია – ეს ყველა სტერეოტიპს ეხება, რომელიც ამ სიტყვებით სრულდება ხოლმე –  ,,შენ ასეთი ვერ გახდები“, ,,შენ ეს არ გამოგივა“ და ა.შ. ,,პუტკუნაც შეიძლება იყოს პრინცესა“ კი გვარწმუნებს, რომ სამყარო ჩარჩოებში მოქცეული სულაც არაა.

ყველა სიკეთესთან ერთად, წიგნი სავსეა ლამაზი და საინტერესო სიტყვებით, ახალი სიტყვათშეთანხმებებითა და რაც მთავარია, ფანტაზიის უდიდეს გასაქანს იძლევა.

ავტორს მთელი სამყარო გასულიერებული ჰყავს და განა რა გასაკვირია, ჩვენ ხომ ზღაპრების კრებულზე ვსაუბრობთ, მაგრამ, მთელი სამყარო უბრალოდ გასულიერებული კი არაა, ამ კრებულით ლილი ალფაიძე მკითხველს სამყაროს თითოეული ბინადრისადმი ზრუნვისკენ მოუწოდებს, მკითხველი კი, წიგნის ბოლო ფურცლის დასრულების შემდეგ, ბევრჯერ გაიფიქრებს, მას რა შეუძლია მიუსაფარი ცხოველებისთვის გააკეთოს? მას როგორ შეუძლია მოხუცების ცხოვრება გაალამაზოს? რა მოიმოქმედოს იმისათვის, რათა ყველა გოგონა დაარწმუნოს, რომ თუ იბრძოლებენ, ყველაფერი გამოუვათ ან როგორ მოვახერხოთ ისე, რომ სხვების წარმოდგენებს არ ავყვეთ და ჩვენი თავი არ დავკარგოთ, არამედ მოვიქცეთ პრინცესასავით, რომელსაც შრომა უყვარდა და მებაღეზე დაქორწინდა და რომელიც სულაც არ ელოდა ცხენზე ამხედრებულ პრინცს.

ალბათ უკვე წარმოიდგინეთ, როგორი ანთებული თვალებით შეიძლება შეხვდნენ ბავშვები თანამედროვე ქართველი ავტორის ამ მშვენიერი ზღაპრების წიგნს. ამიტომ, წააკითხეთ, წაიკითხეთ და დატკბით ახალ-ახალი პერსონაჟებითა და ფიქრის ახალ-ახალი საბაბით. მჯერა, ეს წიგნი ყველა ბავშვისა და მარადიულად ბავშვად დარჩენილი ადამიანების გულებში ბინას სამუდამოდ დაიდებს.

როგორი ჰაერი არის გარეთ?

0

ჰაერი, უხილავი და საოცარი ნარევია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმების ზრდას, განვითარებას, ჩონჩხის აგებულებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას.

წარმოიდგინეთ,  სულ ხუთი წამის განმავლობაში, რომ  ჰაერი გაქრეს… ჩვენი თვალები გასკდება, ყველა ცოცხალი არსება სმენას დაკარგავს, რადგან წნევის ამგვარი ცვლილება წყალში 2 კმ-ზე ქვემოთ  ჩაძირვის ტოლფასი იქნება. საერთოდაც, ადამიანისგან აღარაფერი დარჩება.  ჩონჩხიც კი გაქრება, რატომ? ძვლებში შემავალი კალციუმის ფოსფატისგან კალციუმის ოქსიდი, შემდეგ კი  კალციუმი გამოთავისუფლდება, რომელიც ცილების დაშლის ინიციირებას გამოიწვევს.

ამ უჰაერო 5 წამის განმავლობაში ჩამოიშლება ყველა რკინა-ბეტონის შემცველი შენობა.  ყველა თვითმფრინავი ძირს ჩამოვარდება, რადგან ჰაერი აღარ იქნება და სადღა იფრინონ?    მოძრაობის სივრცის არ ქონის გამო, გაჩერდება ყველა ავტომანქანა.  ჩაქრება  ცეცხლი, აღარ იქნება წყალი,  ოკეანეები, ზღვები, მდინარეები წყალბადად გადაიქცევიან.  მზისგან  დიდი შავი წერტილი დარჩება, რადგან   სწორედ ჰაერი განაბნევს  მზის ენერგიას და ქმნის ჩვენთვის ხილულ მზის სინათლეს.

სხვადასხვა მინერალების, მაგ. ქარვის კვლევისას, დადგენილ იქნა, რომ მეზოზოურ ერაში ჰაერი შემადგენლობით და სიმკვრივით  თანამედროვეობისგან განსხვავდებოდა. ატმოსფერული წნევაც დღევანდელთან შედარებით ათჯერ მეტი ყოფილა.  ამიტომ, ჰაერი უფრო მკვრივი იყო და გიგანტურ ხვლიკებს ფრენის საშუალებას აძლევდა.  სხვათა შორის, ამაზე ძველ მითებსა და ჩანაწერებშიც არის საუბარი. აი, მაგალითად, „დრო იყო, როცა მიწაზე ისეთი სქელი ნისლი იდგა, რომ მზე და მთვარე ღია წერტილებად მოჩანდა, ვარსკვლავების დანახვა კი შეუძლებელი იყო“, ერთ-ერთი ალქიმიკოსის ჩანაწერში ვკითხულობთ.

იმ ძველ პერიოდში ჩვენი წინაპრები ვულკანური გაზებითაც სუნთქავდნენ. გამოქვაბულებში ღია კოცონებით გამოწვეული არასრული წვის შედეგად, ნახშირბადის მონოქსიდიც დიდი კონცენტრაციით უგროვდებოდათ.  ცოტა აქეთ, ძველ ეგვიპტეში ადამიანები ფილტვის დაავადებებით კვდებოდნენ, რადგან აზბესტის ბოჭკოთი გაჯერებული ჰაერის სუნთქვა უწევდათ.

ალქიმიკოსები და შემდეგაც, უკვე ახალ ფეხადგმული ქიმიის ერაში მომუშავე ყველა მკვლევარი  გამოყოფილ გაზს განურჩევლად სუნთქავდა და  ჯანმრთელობა ბედ-იღბალზე ჰქონდათ მინდობილი.

ორგანული ქიმიის,  ლაქ-საღებავების განვითარების ფონზე გერმანიაში 1800 წელს მასშტაბური მოწამვლა დაფიქსირდა. ასი წლის შემდეგ შეამჩნიეს, რომ მომწამლავი ნარჩენების გარემოში დაგროვება იზრდებოდა. მანუფაქტურების განვითარებამ ქლორის, ქრომის, ტყვიის და რკინის ნარჩენების დაგროვება გამოიწვია. ასეთივე კვალი დატოვა პოლიმერების, პლასტმასების სინთეზმა, ხის გადამუშავებამ და ზოგადად მრეწველობამ.

დღეს გოგირდის და აზოტის ოქსიდები ატმოსფერული ჰაერის მუდმივ დამაბინძურებელ ნაწილად ითვლება. გოგირდის დიოქსიდი SO2, რომელიც წიაღისეულის დამუშავება-მოპოვების პროცესში, ასევე ინდუსტრიული პროცესებიდან და მანქანის გამონაბოლქვიდან უერთდება ატმოსფერულ ჰაერს. მისი გამოყოფის ინტენსიურობა დამოკიდებულია საწვავის ტიპზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მას დიზელზე მომუშავე მანქანები გამოყოფენ. მისი კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია დელის, თეირანის და აზიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ასევე, რაოდენობა ნორმაზე მკვეთრად მეტია ლონდონსა და სან პაოლოში. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ პერიოდი ემისიებს შორის საშუალოდ 10 წუთს შეადგენს.

აზოტის ოქსიდები NOx, მანქანის გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან და ძალოვანი სადგურებიდან გამოიტყორცნება. მისი გამოყოფის ინტენსივობაც საწვავის ხარისხზე და გამოყენებული სასუქების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მყარი ნაწილაკები, გამოიტყორცნება სატრანსპორტო გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან;

ჩამონათვალს აღარ განვაგრძობ, რადგან ამ წერილში სწორედ ჩამოთვლილ დამაბინძურებლებს მიმოვიხილავ თბილისის ოთხ ადგილას.

საქმე NATO SPS პროგრამის ფარგლებში მოქმედ სამეცნიერო პროექტს შეეხება, რომლის ფარგლებშიც თბილისის ოთხ ადგილას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ვიკვლევთ. სტატიაში  ერთ კონკრეტულ დღეს მიმოვიხილავ.

მაშ, ასე წერილს 2023 წლის 11 აგვისტოს ვწერ.

პირველი ლოკაცია ვაკე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. თავადაც მოგეხსენებათ, აქ სულ მოძრაობაა.

დღის ოთხი საათია და 36.23 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 954.18 hPa. აზოტის დიოქსიდი 4.69 ppb (particle per bilion), გოგირდის დიოქსიდი 0.5 ppb.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, NO2 ის დასაშვები ნორმა არის 40ppb -მდე  (ემისია ერთი საათის განმავლობაში). 40-100 კარგია, 100-200 საშუალო, 200-400 ცუდი, 400-1000 საგანგაშო.  სურ. 1 იხილეთ აზოტის ოქსიდების კავშირი ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან. ფაქტობრივად აზოტის დიოქსიდთან კავშირშია PAN (Peroxyacetyl Nitrate), VOC (Volatile Organic Compounds), PM (Particular Matter) და აზოტმჟავას წარმოქმნასთან. მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის  პირობებში გვევლინება სმოგის პროდუქტების წინამორბედადაც.

სურ.1. აზოტის ოქსიდების კავშირი ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან.

 

SO2-ის რაოდენობა 100ppb-დე ძალიან კარგ მდგომარეობად ითვლება. ჩვენ მიღებული მონაცემებით, 0.5 ppb გვაქვს.

PM1, PM2,5 და PM 10 ნაწილაკების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. PM1 -0-10 კარგი მდგომარეობაა. ჩვენი მონაცემებით 13.60 აფიქსირებს. ანუ, დაბინძურებას აქვს ადგილი, რაც არცაა გასაკვირი, ისეთი ბუღი, სიცხე და მტვერი დგას.

PM2,5 0-20 კარგი მდგომარეობაა, 50-800 ძალიან ცუდი. ჩვენი მონაცემებით,7.27-ია.  PM10 ნორმაშია 0-20, 35-50 საშუალო, 50-ზემოთ ცუდი. სენსორი 7.62 აფიქსირებს. გამოდის, რომ მხოლოდ ძალიან მიკრო ნაწილაკებია მომატებული, რაც ალვეოლებში იოლად აღწევს.

შემდეგი ლოკაცია კვლავ ვაკეა, ოღონდ ჭავჭავაძის გამზირი (სურ 2).  აქ უფრო ჩრდილია და 34 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 959.97 hPa. აზოტის დიოქსიდი ძალიან მომატებულია და 60.98ppb აჩვენებს, გოგირდის დიოქსიდი 17 ppb. PM1- 12.31, PM2.5 -7.27, PM10- 10.67. ზედა აბზაცში მითითებული ნორმების მიხედვით, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ მტვრის ნაწილაკების მდგომარეობაზე. რაც შეეხება ხმაურს,  62.56 დეციბელ გვიჩვენებს.

სურ.2 ჭავჭავაძის გამზირის ზოგიერთი მაჩვენებელი

 

სხვადასხვა წყაროს მონაცემებით,ხმაურის მაქსიმალური რაოდენობაა 70დეციბელი. ჩვენს მიერ დაფიქსირებული მონაცემი სწორედ სამშენებლო და მსუბუქი მანქანებით არის გამოწვეული (იხ. სურ 3).

სურ. 3. ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის სხვადასხვა წყარო

შემდეგი ლოკაცია ბოტანიკის კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც გოგირდის აბანოების, ლეღვთახევის თავზე მდებარეობს. 4 საათზე აქ  ტემპერატურა 35.54 გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 960.34 hPa. აზოტის დიოქსიდი 30.59 ppb.

გოგირდის დიოქსიდი 27 ppb.  PM1 6.57, PM2.5 5.04, PM10 6.21, ხმაური კი 64.11დეციბელია.

SO2-ის რაოდენობა ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ბუნებრივია, რადგან მოდის გოგირდით გამდიდრებული წყალი, გამოიყოფა გოგირდის დიოქსიდი, რომელიც რეაგირებს ჰაერში არსებულ  გოგირდწყალბადთან და წარმოქმნის წყალს და გოგირდს. გამოყოფილ წყლის ორთქლთან ჭარბი დიოქსიდი შედის რეაქციაში და გოგირდმჟავა წარმოიქმნება. შედეგად, ვიღებთ მჟავა ნალექებს.   ტერიტორიაზე იგრძნობა ლაყე კვერცხის (გოგირდწყალბადის სუნი) და გოგირდის დამახასიათებელი სუნი.

ბოლო საკვლევი ადგილი ნუცუბიძის ქუჩაა, ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ტერიტორია. სენსორს ერთი მხრიდან უკანონო მშენებლობა აქვს, მეორე მხრიდან კი ტყე. დღის 4 საათზე ტემპერატურა 35,69  გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 955.27 hPa. აზოტის დიოქსიდი 50.61 ppb. გოგირდის დიოქსიდი  18.29 ppb.  PM1 7.56, PM2. 3.5, PM10 5.24, ხმაურის მაჩვენებელი  60.78 დეციბელია.

ასეთი მდგომარეობაა ჩვენს მიერ საკვლევ ტერიტორიებზე. ჰაერი შორს არის იდეალური მდგომარეობისგან, თუმცა ჩვენ ჯერ ისევ სუნთქვას ვახერხებთ.

როგორ გავიცნოთ მეხუთეკლასელები?

0

მათი სურვილებისა და უნარების შეცნობა- დიაგნოსტირება

ისე მოხდა, რომ ჩემი ჩვიდმეტწლიანი  პედაგოგიური გამოცდილების მანძილზე სულ ორჯერ აღმოვჩნდი მეხუთეკლასელებთან: მასწავლებლობის პირველივე წლებში და ბოლოს 6 წლის წინ. ბავშვები გაიზარდნენ და მეც ნელ-ნელა გადავეჩვიე პატარებთან ურთიერთობას. ახლა თავიდან უნდა გავიხსენო. ადვილი არაა და ვემზადები. რასაც აქ ვწერ, ჩემი ერთგვარი სამოქმედო გეგმაა და თქვენც გიზიარებთ.

ეს დღეებია უწყვეტი, გულისგამაწვრილებელი ზუზუნი მაქვს თავში: ვინ არიან ისინი, ვინც გაფართოებული და ცოტა შეშინებული თვალებით მიყურებენ პირველი შესვლისას? (წარმოვიდგენ) რას ელიან ჩემგან? თავად რისი თქმა და გაზიარება სურთ? მე როგორ და რამდენს შევძლებ? ამ დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი გზა ვიცი: კეთილგანწყობის, ღიმილის, სწავლისა და თამაშის კომბინაცია. ვეცდები, გამოვიყენო.

ჩემი მიზანია:

ა) გავიგო, რა ჰქვია და რაიმე ნიშნით დავიმახსოვრო თითოეული;

ბ) დავინახო, აკვირდებიან თუ არა საკუთარ თავებს, აფასებენ თუ არა თავიანთ შესაძლებლობებს რეალურად;

გ) რა სურთ, რას ნატრობენ სწავლასთან, სკოლასთან დაკავშირებით, რომ როგორმე გავითვალისწინო.

დ) შევამოწმო მათი უნარები: თხრობა, წერა, ლექსიკური მარაგი.

პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, გაცნობა იქნება. ამისთვის შევქმენი გაცნობის ბარათი, რომელიც ერთგვარი თვითშეფასებაცაა. ბარათებს ამოვბეჭდავ და თითოეულ ბავშვს დავურიგებ.

ეს ბარათი მარტივი შესავსებია, მაგრამ მოითხოვს საკუთარ თავზე დაკვირვებას. საინტერესოა, რას ჩათვლის მოსწავლე თავის მახასიათებლად, რის დახატვას არჩევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომელ თვისებებს აღნიშნავს, დადებითს თუ უარყოფითს- ამით ძალიან კარგად გამოჩნდება, როგორია მისი თვითშეფასება. მოსწავლეების პარალელურად მეც გავაკეთებ იმავეს დაფაზე. მოსწავლეები შეავსებენ ბარათებს, რამდენიმეს პრეზენტაციას მოვასწრებთ გაკვეთილზე, დანარჩენს მოვაგროვებ, რათა კარგად გადავათვალიერო და ვეცადო, თითოეული ბავშვის მახასიათებელი დავიმახსოვრო. ჩემს შთაბეჭდილებებს მოსწავლეებს მეორე დღეს გავაცნობ. შესაძლებელია, ეს ერთგვარი ,,ავტოპორტრეტები“ გავაკრა კედელზე და ვუთხრა ბავშვებს, რომ რასაც აღმოაჩენენ საკუთარ თავში, მიაწერონ ან მიახატონ ხოლმე და ვნახოთ, წლის ბოლოს როგორ პორტრეტებს მივიღებთ. ამით მოსწავლეები მიეჩვევიან საკუთარ თავზე დაკვირვებას, რაც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი უნარია.

თუ მოვასწრებ, ამავე გაკვეთილზე გავაცნობ ბლიცინტერვიუს, ავუხსნი მის არსს, შევსების წესს და გავატან საშინაო დავალებად. ასეთი ტიპის დავალებების შესრულება ბავშვებს არ ეზარებათ ხოლმე, ბევრ დროსა და ფაქტობრივ ცოდნას არ მოითხოვს, ისევ საკუთარ თავზე წერენ. იმასაც ვეტყვი, რომ შემდეგ გაკვეთილზე მე მათთან ერთად ვუპასუხებ იმავე შეკითხვებს. მსგავსი ბლიცინტერვიუები გამიკეთებია უფროსკლასელებთან ლიტერატურულ ბანაკებში და სწავლის ბოლო დღეებში – როგორც სწავლა-სწავლების პროცესის თვითშეფასება და ნამდვილად ვიცი, ეხალისებათ. ვინც ვერ ან არ შეასრულებს სახლში, შეგვიძლია იქვე, გაკვეთილზე, ზეპირადაც გავაკეთებინოთ.

 

წერილობითი ბლიცინტერვიუ საკუთარ თავთან

უპასუხე მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად.

 

  • სახელი ____________________________________________
  • გვარი _______________________________________________
  • ჩემი დაბადების დღე _________________________________
  • საყვარელი საქმიანობა _________________________________________________________
  • სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ __________________________________
  • საყვარელი ფილმი და წიგნი ___________________________________________________
  • ვბრაზდები, როცა _____________________________________________________________
  • ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ______________________________________________________
  • მეგობრად ვთვლი იმას, ვინც ___________________________________________________
  • არ მიყვარს, როცა ______________________________________________________________
  • სიამოვნებით ვერთვები გაკვეთილში, თუ ________________________________________
  • ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს, რომელსაც __________________________________
  • სკოლა რომ არ იყოს, ___________________________________________________________
  • როცა სახლში ვარ, _____________________________________________________________
  • ჩემი ოჯახი ჩემთვის ___________________________________________________________
  • ნატვრისთვალი რომ მქონდეს, __________________________________________________

 

შემდეგი ეტაპია თხრობა. გაბმული, ლოგიკური თხრობა მნიშვნელოვანი უნარია. კარგი იქნება, ახალგაცნობილი მოსწავლეების ამ უნარსაც დავაკვირდეთ. ამისთვის მოვიფიქრე  აქტივობა „ჩვენი კლასის ამბები“.

უმჯობესია, ეს აქტივობა წყვილების ჩართულობით წარვმართო. ბავშვები ერთმანეთსაც დაეხმარებიან, უფრო თამამადაც მოუყვებიან სხვებს, თან დავაკვირდები, როგორ შეენაცვლებიან ერთმანეთს, როგორ გაინაწილებენ სათქმელს, აცლიან თუ არა ერთმანეთს აზრის დასრულებას. მივხვდები, რამდენად აქვთ განვითარებული თანამშრომლობითი უნარები და მოსმენის კულტურაც.

საინტერესო ამბის გახსენება და თხრობა მარტივი არაა, ამიტომ კარგი იქნება, თუ მაპროვოცირებლად წავუკითხავ ამონარიდს რომელიმე საბავშვო ნაწარმოების პერსონაჟის კლასის ამბებიდან. მაგალითად, თამარ გეგეშიძის წიგნიდან „სული-ჩიტი“. მთავარია, ავუხსნათ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ამბავი ბევრნაირი შეიძლება იყოს: სახალისო, სევდიანი, შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი, გასაოცარი, დამაფიქრებელი, ჭკუის სასწავლებელი, გულისამაჩუყებელი… თავიდან გონებრივ იერიშს გამოვიყენებ. საინტერესოა, ბავშვებს როგორი ამბები წარმოუდგენიათ და მერე დავამატებ ჩემს ვერსიებსაც.

პროცესს გააადვილებს და სახალისოს გახდის მზამზარეული, ამბის დასაწყები ფრაზების შეთავაზება მოსწავლეებისთვის. ფერად ფურცლებზე გადატანილ ფრაზებს მოვათავსებ პატარა სკივრში, ლამაზ ქილაში ან ტომსიკაში.

ეს ფრაზებია:

  • ეს ამბავი სასაცილო არაა, მაგრამ…
  • ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ….
  • იმ დღეს გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდებოდა, მაგრამ მოულოდნელად…
  • ამ ამბავს რომ ვყვები, ცოტა ვსევდიანდები, რადგან…
  • ერთ დღესაც დაგვიანებით შემოვაღე საკლასო ოთახის კარი და…
  • ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა…
  • პირველად რომ შემოვედი ამ კლასში…
  • ახლა მე მოგიყვებით ერთ ჭკუისსასწავლებელ ამბავს, რომელიც ჩვენს კლასს უკავშირდება…
  • სახალისო ამბებს კურიოზს ეძახიან. ჰოდა, მე მოგიყვებით ახლა კურიოზს … და ა.შ.

შესაძლოა, წყვილმა ამოიღოს ორი ფრაზა და მერე აირჩიოს, რომელიც უფრო მოეწონება. აუცილებლად უნდა მივცეთ მოსაფიქრებლად 5 წუთი მაინც. მათ ევალებათ, გაიხსენონ ამბავი, რომელსაც ისინი შენაცვლებით მოჰყვებიან.

ახალ კლასში უმნიშვნელოვანესია დიაგნოსტირება:  რა უნარებს ფლობენ ბავშვები? რამდენად აქვთ გააზრებული საგნობრივი ცნებები? ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია, დავადგინოთ, რა მიმართულებით სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება. დიაგნოსტირებისთვის ბევრნაირი დავალება გამოდგება, მთავარია, გავითვალისწინო:

 

  • დავალების პირობა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მოსწავლემ წინარე ცოდნის კომპლექსურად გამოყენებით შექმნას პროდუქტი, რომელშიც ყველა საგნობრივი სამიზნე ცნება გააქტიურდება;
  • უნდა ეფუძნებოდეს ერთ კონკრეტულ საკითხს.
  • უნდა წარმოჩნდეს საგნის კავშირი რეალურ ცხოვრებასთან.

 

ერთ-ერთი ასეთი დავალება შეიძლება ავაგო ნახატებზე:

 

აირჩიე ერთი ან რამდენიმე ნახატი და მასზე/ მათზე დაყრდნობით შექმენი ამბავი, რომლის გმირი თავად იქნები.

 

ნამუშევარში:

  • ნახატის/ ნახატების გამოყენებით ააგე ამბავი, რომლის მთავარი გმირი იქნები შენ და რომელსაც ექნება დასაწყისი, ძირითადი ნაწილი და დასასრული; (ტექსტი; სიტყვა, წინადადება, ტექსტი);
  • ამბის თხრობისას აღწერე ნახატზე ასახული გარემო, წარმოაჩინე განწყობა, ემოციები, რომლებსაც ეს ნახატი აღძრავს( ტექსტი; სიტყვა, წინადადება, ტექსტი);
  • დაიცავი მართლწერის წესები; ეცადე, მართებულად დასვა სასვენი ნიშნები( გრამატიკა).

 

შენიშვნა: ფრჩხილებში მიწერილი სამიზნე ცნებები მხოლოდ მასწავლებლისთვისაა, ბავშვებს როცა მივცემთ ამ პირობას, ფრჩხილებში დაწერილი ინფორმაცია უნდა წავშალოთ.

დიაგნოსტირებისას აუცილებელი ეტაპია ნამუშევრების ანალიზი. ამისთვის ქვემოთ მოცემულ ცხრილს გამოვიყენებ, დავაკვირდები მოსწავლეთა ნაშრომებს ცნებების მიხედვით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დიაგნოსტირებისას არ არის აუცილებელი, ყველა მოსწავლის ნამუშევარი ამ ფორმით შემოწმდეს. შემიძლია, ავიღო ყოველი მესამე ან ყოველი მეხუთე მოსწავლის ნაწერი შემთხვევითობის პრინციპით და მხოლოდ ისინი გავასწორო ასე, რათა კლასის საერთო სურათი დავინახო.

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ რომელ ქვესაკითხებს ახსენებს/იყენებს მოსწავლე შეაფასეთ, რამდენად ღრმადა აქვს მოსწავლეს  გააზრებული სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ქვესაკითხები: ახსენით, რით არის განპირობებული

მოსწავლის შეცდომები

ქვესაკითხებთან მიმართებით

(მაგალითად, რაიმეს შეცდომით ცოდნით)

I სამიზნე ცნება – ტექსტი

ქვესაკითხები:

·         მოგონილი ამბის თემა, დედააზრი;

·         მოსწავლე, როგორც ავტორი, მთხრობელი;

 

 

 

 
II სამიზნე ცნება – სიტყვა, ტექსტი, წინადადება

ქვესაკითხები:

·         მოგონილი ამბის სამნაწილიანობა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);

·         ნახატზე ასახული გარემოსა და მთხრობელში გამოწვეული ემოციების  აღწერა

 

 

 

 

 
III სამიზნე ცნება- გრამატიკა

ქვესაკითხები:

·         შესწავლილი სასვენი ნიშნები;

·         სახელის ბრუნვის ფორმებთან დაკავშირებული მართლწერა:

·         ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებული მართლწერა:

 

 

 

 

 

 

დაბოლოს, ლექსიკაზე მუშაობაც.

აქტივობა სინონიმები და ანტონიმები. ამ აქტივობამდე მოსწავლეებს ავუხსნი ან გავახსენებ, რა არის სინონიმი ან ანტონიმი. თავდაპირველად დაფაზე ჩამოვწერ სიტყვებს, რომლებისთვის სინონიმებისა თუ ანტონიმის მოფიქრება მარტივი იქნება და  მეხუთეკლასელებს ნამდვილად ეცოდინებათ. დათქმა ასეთია: მოსწავლეებმა ტაში უნდა დაუკრან მხოლოდ მაშინ, როცა მე კონკრეტული სიტყვის სინონიმს დავასახელებ, ანტონიმზე- არა. დავადებ ხელს დაფაზე ჩამოწერილ სიტყვათაგან ერთ-ერთს და სწრაფად ვასახელებ სინონიმს ან ანტონიმს. მოსწავლეები, რომლებიც შეცდომით დაუკრავენ ტაშს, თამაშს ტოვებენ. ეს თამაში-აქტივობა ძალიან სახალისოა, ფაქტობრივ ცოდნასაც ამოწმებს და ყურადღების კონცენტრაციასაც ავარჯიშებს პატარებში.

ამის შემდეგ დაფაზე ჩამოვწერ სიტყვებს, რომლებსაც რამდენიმე სინონიმი აქვს, მაგალითად: ლამაზი, მამაცი, განთიადი, საუბარი ( შესაძლოა, გავიმეორო ის სიტყვებიც, რომლებიც წინა აქტივობაში გამოვიყენე), მოსწავლეები ისევ წყვილებში მუშაობენ. მითითებულ დროში მათ უნდა მოიფიქრონ რაც შეიძლება მეტი სინონიმი მოცემულ სიტყვებზე და შეადგინონ წინადადებები მოფიქრებული სინონიმების გამოყენებით. რომელი წყვილიც უფრო მეტ სინონიმსა და წინადადებას მოიფიქრებს, ის იქნება გამარჯვებული. შეიძლება გამოვავლინოთ ყველაზე ყოჩაღ წყვილთა სამეული ან ხუთეული, დამოკიდებულია კლასში მოსწავლეების რაოდენობაზე.

საშინაო დავალებად შემიძლია მივცე რამდენიმე ფრაზეოლოგიზმი, რომელთა მნიშვნელობაზე გაკვეთილზევე ვისაუბრებთ. ესენია: გულის გადაშლა, აბუჩად აგდება, ყურის დაგდება, ალმაცერად ყურება. მოსწავლეებმა უნდა ააგონ ნებისმიერი ტიპის მცირე ტექსტი, რომელშიც ამ ფრაზეოლოგიზმებს გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, რამდენის გამოყენებასაც შეძლებენ. მთავარია, კონტექსტში სწორად ჩასვან.

ვფიქრობ, ამ თავისუფალი ტექსტების წაკითხვაც საინტერესო იქნება და ასე დასრულდება ახალი მოსწავლეების გასაცნობ- შესაცნობი გაკვეთილები, დაიხატება იმ სურათის კონტურები, რომლის გაფერადება მე უნდა გავაგრძელო და უკვე მეცოდინება, რომელი ფერით, საიდან და როგორ. დანარჩენს საკლასო ურთიერთობა გვიკარნახებს.

 

 

პირველი დღე სკოლაში

0

მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები და მთელი საზოგადოება ფიქრობს პირველი დღეების ემოციებზე.

შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე თბი­ლი მო­კითხ­ვა, ღი­მი­ლი ალ­ღობს ყი­ნულს, მოს­წავ­ლეს უჩ­ნ­დე­ბა განცდა, რომ მი­სით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ის ახ­სოვთ. იბ­მე­ბა უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი მოს­წავ­ლესა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა შემ­დ­გო­მი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

სასწავლო პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნა. უზრუნველყოფილი   უნდა იყოს სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

როდესაც რაღაც სიახლე გვინდა გავაცნოთ ბავშვს, ახალ გამოცდილებას  ვაზიაროთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წახალისება,  ყველა ეტაპზე ბავშვის ინტერესის, ბავშვის საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ მათი  მხარდამჭერები.

მსურს შემოგთავაზოთ და გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან აქტივობები, რომელიც  ვფიქრობ, გამოგადგებათ  სწავლის პირველი დღის აქტივობების გათვალისწინებისას.

ვისურვებდი, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს…

 

ეს აქტივობა მეტყველებისა და წერითი უნარების გაუმჯობესებისთვისაა:

მოსწავლეებს დაურიგეთ ფერადი ფურცლები და

სთხოვეთ, დაწერონ ის, რაც სურთ, რომ იცოდეთ მათ შესახებ.

გარდა იმისა, რომ ეს აქტივობა წერით უნარსა და ლექსიკას ავარჯიშებს, პედაგოგი  უფრო კარგად ეცნობა  მოსწავლეებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს.

 

არდადეგების, დღესასწაულის მოგონებები

 

აღნიშნული აქტივობა თქვენი მოსწავლეების მეტყველების უნარს გაავარჯიშებს და უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორების საშუალებაც იქნება.

სთხოვეთ თითოეულ მოსწავლეს, საზაფხულო არდადეგების პერიოდიდან გაიხსენონ 3 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი და მათ შესახებ თანაკლასელებს მოუთხრონ.

აღნიშნული აქტივობის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში.

 

ზღვის სანაპიროს ბურთის კითხვები

 

ეს აქტივობა არაჩვეულებრივია გონებისა და სხეულის გასავარჯიშებლად.

ამ აქტივობისათვის მოსწავლეები დააყენეთ წრეზე, ის მოსწავლე, რომელიც ბურთს დაიჭერს, რომელზეც კითხვებია დაწერილი, უპასუხებს იმ შეკითხვას, რომელზეც მისი ცერა თითები მოხვდება.

შეკითხვების თემატიკა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე, შესაძლოა შეკითხვები იყოს:

  1. როგორ გაატარე ზაფხული?
  2. რომელი წიგნი წაიკითხე?
  3. რა ფილმს უყურე?
  4. რა დახატე?
  5. ვინ გაიცანი?

ეს აქტივობა დაგეხმარებათ ყველა მოსწავლე თანაბრად ჩართოთ საგაკვეთილო პროცესში.

 

ყველაფერი ჩემ შესახებ: ,,მე

მეტად სახალისო აქტივობაა, რომელიც შეიძლება სკოლის პირველ დღეს მასწავლებლებმა  აქტიურად გამოიყენონ.  აღნიშნული აქტივობა ახალი მოსწავლეების გაცნობისა და მათთან დაახლოების საშუალებას იძლევა.

ასევე, ამ აქტივობით შეგიძლიათ მათი ინგლისური ენის  დონისა და სალაპარაკო უნარის განსაზღვრა.

დაისახეთ მიზანი

ახალი სასწავლო წლის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა.

მოსწავლეებს სთხოვეთ ფერადი ქაღალდებისგან დაამზადონ  ისეთი თოჯინები, როგორებიც ფოტოზეა გამოსახული.

ამის შემდეგ ფურცელზე ჩამოწერონ ის მიზნები, რომლებიც უნდა განახორციელონ მიმდინარე სასწავლო წელს და ეს ფურცლები მოათავსონ თოჯინაზე.

გააკარით თითოეული მოსწავლის თოჯინა საკლასო ოთახის კედელზე, რათა მთელი წლის განმავლობაში ყველას ახსოვდეს საკუთარი მიზანი.

 

 

 

 

 

ზრდასრულობის ხიბლი

0

ზრდასრულობა, როგორც ვალდებულებებით დამძიმებული ადამიანის ხატთან გაიგივებული ცხოვრების საფეხური, ბევრ ადამიანში საფრთხის განცდას აღვივებს. თუმცა, სწორედ პასუხისმგებლობის უნარისგან გამომდინარე, ზრდასრულობა, სინამდვილეში, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას პირდაპირ უკავშირდება.

ერთ – ერთი მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ, ასე ჟღერს: „რა არის ზრდასრულობა და რისთვის გვჭირდება ზრდასრული ადამიანები?“

რა არის ზრდასრულობა?

ზრდასრულობა, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ადამიანის სხეულისა და ფსიქიკის მზაობას და, ამავდროულად, შესაძლებლობების ერთობლიობას, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი შინაგანი მდგომარეობები და ქცევები, გაიაზროს, როგორ მოქმედებს მისი ქცევები როგორც საკუთარ თავზე, ასევე – სხვა ცოცხალ არსებებზე, ივარაუდოს და წარმოიდგინოს, რას შეიძლება განიცდიდნენ ირგვლივმყოფები და შესატყვისად შეაფასოს საკუთარი თუ სხვისი შესაძლებლობების საზღვრები და მკაფიოდ შეეძლოს საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების გახმოვანება, დიდწილად, უსაფრთხო გარემოში.

საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გაცნობიერების უნარი, ისევე, როგორც სხეულის მდგომარეობისადმი ყურადღების გამოვლენის უნარი, წარმოადგენს ადამიანის საყრდენს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ქცევის მამოძრავებლების შესახებ აზრის ჩამოყალიბება. ამ უნარის მქონე ადამიანები განირჩევიან საკუთარი შინაგანი სამყაროსა და მდგომარეობების წვდომის განვითარებული უნარით, რაც, მათ საშუალებას აძლევს, ივარაუდონ, რას შეიძლება განიცდიდეს სხვა და რა შეიძლება ამოძრავებდეს სხვების ქცევებს, რაც საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღების უნარის ჩამოყალიბების წინაპირობაა: საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გაცნობიერების გარეშე, რთულია, პასუხი აგო შენს ქცევებზე ან მის შედეგებზე.

საკუთარი ქცევების შედეგების გაცნობიერების უნარი მოიაზრებს იმის აღიარების უნარს, რომ ცოცხალი არსებები ურთიერთდამოკიდებულები ვართ და ვზემოქმედებთ ერთმანეთზე: ჩემს ქცევებს შედეგები მოჰყვება – ზოგჯერ ეს შედეგები დადებითია, ზოგჯერ – უარყოფითი ან დამაზიანებელიც კი.

ურთიერთდამოკიდებულების აღიარების ორი, – ერთი შეხედვით, მცირე, თუმცა, სინამდვილეში უდიდესი – ქმედებაა სიტყვიერად და ქმედებით გამოხატული წრფელი მადლიერებისა და სინანულის განცდა.

ზრდასრულობის ერთ – ერთი აღმნიშვნელი საკუთარი ქცევების შესაძლო შედეგების შესახებ ვარაუდების წარმოება და ქცევის ნამდვილი შედეგების ასე თუ ისე განჭვრეტის უნარია რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი არსებებისთვის დამახასიათებელი ძირეული თავისებურებები არა მხოლოდ ვიცი, არამედ განვიცდი – პირველ რიგში, თუ საკუთარ თავს განვიცდი, შესაბამისად, სხვა ცოცხალ არსებებსაც განვიცდი, როგორც ცოცხალს.

საკუთარი თავისადმი განცდილი თანაგრძნობა – თანაგანცდის უნარი საშუალებას მაძლევს, გულმოწყალება სხვა ცოცხალ არსებებზეც განვაზოგადო და, რაც მთავარია, წარმოვისახო, დაახლოებით მაინც როგორ შეიძლება აისახოს ჩემი ქცევები მათზე.

ფართო გაგებით, ზრდასრულობა საკუთარი და სხვების ნაკლოვანების აღიარების და საკუთარ თავსა და სხვებთან კავშირისთვის მიყენებული ბზარების ნატიფად აღდგენის ხელოვნებაა.

ზრდასრულ ადამიანს შეუძლია აღიაროს და მოიაზროს თავისი წვლილი როგორც საკუთარი, ასევე – სხვების მდგომარეობაში და, ასე თუ ისე მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისაგან თავისი და სხვების პასუხისმგებლობა.

ზრდასრულობა არ ნიშნავს საკუთარ თავზე წარმოდგენებიდან უგუნური, წინდაუხედავი და დამაზიანებელი ქცევების განხორციელების ალბათობის ამოკვეთა – ამოძირკვას. პირიქითაც კი: ზრდასრულობა ზუსტად იმისი აღიარების უნარია, რომ მე, როგორც ცოცხალ არსებას, შემიძლია, ისეთი ქცევები გამოვავლინო, რომლებიც – კეთილი ზრახვების მიუხედავად – დამაზიანებელი და, მეტიც, დამანგრეველი აღმოჩნდეს. თუმცა, მზად ვარ, მომავლისთვის მაინც, გავითვალისწინო, რა შემიძლია, გამოვასწორო იმისათვის, რომ შენზე (გარემოზე, სხვა ადამიანზე, სხვა ცოცხალ არსებებზე) და ჩემზე განმავითარებლად აისახოს ჩვენი კავშირი.

ზრდასრულობა, ასევე, საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გაცნობიერების, მათი წვდომის და, დიდწილად, უსაფრთხო გარემოში, მათი მისაღები სახით გახმოვანების მეტ – ნაკლებად განვითარებული უნარია. ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემის უნარიც: „ის, რაც მინდა, რამდენად უსაფრთხოა და ის, რაც მინდა, რამდენად მჭირდება?“

ზრდასრული ადამიანი, ასე თუ ისე, წინასწარმეტყველებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, დიდწილად, შეუძლია, საკუთარი ყოველდღიური შინაგანი მდგომარეობები გააცნობიეროს და იმგვარად მართოს, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ირგვლივმყოფების კეთილდღეობას. ეს კი უსაფრთხოების განცდისა და ნდობის საფუძველია.

რისთვის გვჭირდება ზრდასრული ადამიანები?

ზრდასრულობა, ფართო გაგებით, სწავლისადმი მზაობაა. ცდომილებისა და საკუთარ თავში როგორც დადებითი და განმავითარებელი, ასევე – უარყოფითი და დამაზიანებელი თუ ზოგჯერ დამანგრეველი ლტოლვების აღიარება იმ ღირებულებების მიხედვით ნამდვილი ცხოვრების საფუძველია, რომელიც უსაფრთხო გარემოს, ნდობასა და კეთილდღეობის განცდას უზრუნველყოფს.

ზრდასრული ადამიანი როგორც საკუთარ თავში, ასევე – სხვაში აღიარებს როგორც სხეულებრივი, ასევე ფსიქიკური, ძირეული მოთხოვნილებების მნიშვნელობასა და მნიშვნელოვნებას და, ამის საფუძველზე, ქმნის წინასწარმეტყველებად გარემოს, რაც უსაფრთხოების განცდის საფუძველია.

ზრდასრული ადამიანისათვის სირთულეებისგან გამოსავალს წარმოადგენს არა ცრუ უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის განცდა ან სირთულეების მოჩვენებითი დაძლევა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების სწორი ხედვის ჩამოყალიბების მზაობა – „სად არის ჩემი შესაძლებლობების საზღვრები, ჩემი მიკერძოებები, ჩემი ცდომილებები და შემიძლია თუ არა რაიმე გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობების საზღვრები გაფართოვდეს, ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ნაკლოვანი ვარ?“

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად სწავლა?

0

სკოლის წლებიდან კარგად მახსოვს, როცა დაწყებითი კლასის საფეხური უკვე დასრულებული მქონდა, როგორ ვბრუნდებოდი სკოლიდან მარტო სახლში, ავირბენდი უამრავ კიბეს, ვისადილებდი და ვიწყებდი გაკვეთილების შესრულებას. ამოვალაგებდი წიგნებს მეორე დღის ცხრილის მიხედვით და ასე შევუდგებოდი გაკვეთილების მომზადებას მეორე დღისთვის. თავად ვიყავი ამ პროცესის მაკონტროლებელი და ყველაზე დიდ სიმშვიდეს, მაშინ მოვიპოვებდი, როდესაც სკოლის ზურგჩანთაში ჩავაწყობდი მეორე დღისთვის საჭირო წიგნებს, რვეულებს და შესრულებულ დავალებებს. ახლაც ხომ ასეა – თეთრ ფურცელზე ჩამოწერილი საქმეებიდან ნელ-ნელა გადახაზავ უკვე გაკეთებულ საქმეებს და დიდ ტვირთსაც იხსნი.

ჩემი სწავლის პარალელურად ჩემი მშობლები მუშაობდნენ, რის გამოც ფუფუნება არ მქონია, ვინმეს ჩემი აკადემიური პროცესი მკაცრად ეკონტროლებინა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეეხსენებინა, რა იყო ჩემი მოვალეობა, როგორ უნდა მომემზადებინა თითოეული საგანი, როგორ მესწავლა. ამ პროცესის მართვით ვიღებდი სიამოვნებასაც და თავსაც იმაზე უფრო დიდად მივიჩნევდი, ვიდრე ვიყავი. ახლა ვხვდები ეს ძალიან საჭირო შეგრძნებაა ბავშვისთვის. განცდა, რომელსაც დღეს ჩვენ თვითეფექტურობას ვეძახით.

სწავლა-სწავლების პროცესი ყველა ეტაპზე რთულია, მოსწავლისთვის ყოველთვის იარსებებს გამოწვევები, ხელის შემშლელი ფაქტორები და დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, უმნიშვნელოვანესია ბავშვს პატარაობიდანვე გავუღვივოთ დამოუკიდებლობის გრძნობა, მივცეთ ამისთვის გასაქანი, არ შევზღუდოთ მათი მცდელობები, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები; გავუჩინოთ სწრაფვა იმისკენ, რომ მომავალში თავად შეძლონ ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.

რა არის დამოუკიდებლობა სწავლაში?

დამოუკიდებლობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენცია, როდესაც ადამიანი თავად განსაზღვრავს, ახორციელებს, აკონტროლებს, გეგმავს საკუთარ სასწავლო პროცესს. ასეთ დროს ადამიანი იაზრებს ამ პროცესისთვის საჭირო ცოდნას, მისი დაუფლების გზებს და აანალიზებს სამომავლო შედეგებს. ამ წინასწარგანწყობით შეიარაღებული ადამიანი და ბავშვი უფრო მეტად არის განვითარებაზე ორიენტირებული, უფრო მეტად იაზრებს ახალი ცოდნის დაუფლების მნიშვნელობას და მის სასიკეთო გავლენას ცხოვრებაზე. ასეთ ბავშვს აღარ სჭირდება გამუდმებული ჩიჩინი, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი; რატომ უნდა ისწავლოს; როგორ აისახება სწავლა მომავალში მის ცხოვრებაზე და რა სასიკეთო შედეგებს უნდა ელოდოს მისგან. ამიტომ დამოუკიდებლად სწავლა, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარი, ძალიან წაადგება ბავშვს, გაიაზროს, რამდენად ღირებულია ახალი ცოდნის დაუფლება მისი პიროვნული თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის.

რა უშლის ბავშვებს ხელს დამოუკიდებლად სწავლაში?

ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში გამოუცდელობის გამო ბავშვებს შეცდომის დაშვების შიში აქვთ, რის გამოც თავს იკავებენ დავალების დამოუკიდებლად შესრულებისგან, ელოდებიან მშობელს ან მასწავლებელს, რომ მისგან მიიღონ მზა რჩევა, ან მზა პასუხი. თუ ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გადალახოს შეცდომის დაშვების შიში, დავეხმარებით მას შეცდომების მიმართ ტოლერანტული განწყობის ჩამოყალიბებაში, ბავშვში უფრო მეტად გაიზრდება მისი თვითშეფასებაც. არაფერი ისე არ აფერხებს სწავლის, თვითშემეცნების პროცესს, როგორც დაეჭვება საკუთარი შესაძლებლობებისადმი. ამ ეჭვების გაქარწყლება მასწავლებლისა და მშობლის თანაბარი მოვალეობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლე დაწყებით საფეხურზეა და პრობლემა დროულად არის აღმოსაჩენი და მოსაგვარებელი.

ჯანსაღი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და შესაძლებლობებისა და უნარების სწორად და ობიექტურად აღქმა, დაეხმარება ბავშვს, დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები. ასეთ დროს მოსწავლე პასიური მდგომარეობიდან, როდესაც ზის და მშობელს ელოდება დასახმარებლად, გადაიქცევა აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც უფრო მეტი ხალისით ისწავლის და სკოლა მისთვის ნამდვილად იქცევა საყვარელ და საიმედო ადგილად, სადაც სიხარულით ივლის.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...