შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

შვილთან ერთად საკითხავი – „კაცია ადამიანი?!“

ზაფხულში ანდრიასთან, ჩემს 11 წლის შვილთან ერთად ვაჟა-ფშაველას პოემებს ვკითხულობდი. არ შემშინებია, რომ მეექვსე კლასელისთვის შეუფერებელი და რთული იქნებოდა ვაჟას სამყაროში მოგზაურობა, მისი ღირებულებებისა და მორალური დილემების წვდომა. პირიქით, ანდრიამ შეიყვარა ვაჟას გმირები, კარგა ხანს კომიქსებად ხატავდა – ალუდას, ალაპარაკებდა ნახატების ენით და აღფრთოვანებული იყო მისი პრინციპულობით. ამის შემდეგ სულ ვფიქრობდი, რომ სკოლის პროგრამის, სხვა მხატვრული საკითხავების პარალელურად გამოგვეყო დრო სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებების უკეთ გასაცნობად. ერთად კითხვა დამატებითი სტიმული იყო ორივესთვის, რადგან არც ის არ იწყენდა კითხვისას და ჩემთვისაც ერთგვარი გამოწვევა ოყო, დავხმარებოდი ანდრიას, ნაყოფიერად შეეთვისებინა ჩვენი მშობლიური ლიტერატურის საგანძური და უფრო ყურადღებით გაეცნო მშობლიურ ლანდშაფტში ნასაზრდოები გმირები.

ცოტა ხნის წინ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ კითხვა დავიწყეთ ერთად. ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ამბავი მხოლოდ თავადი ლუარსაბ თათქარიძისა და მისი ოჯახის შესახებ, ილიას დაკვირვების ფოკუსში არ არის მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა მებატონე. ეს ნაწარმოები არის ამავდროულად დიდი სარკე, სადაც მკაფიოდ ჩანს ჩვენი ქვეყნის ეროვნული სატკივარი, ჩვენი მანკიერი მხარეები, რომელიც ერთი ქართველი თავადის, ლუარსაბ თათქარიძის სახით წარმოგვიდგება, მას მიეწერება. მკვეთრი კონტრასტები, საოცარი მხატვრულობით დახატული პერსონაჟები, მათი უნიკალური ხასიათები და გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ, ცოცხლობენ და არაფერს ქმნიან, იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველზე მოახდენს გავლენას და დაუვიწყარ სურათ-ხატებად დარჩება პატარა მკითხველის მეხსიერებაში.

ილია ჭავჭავაძის კრიტიკის მთავარი სამიზნე თავადი ლუარსაბ თათქარიძე, მისი გარემოცვა, მთელი იმდროინდელი საზოგადოება და გაბატონებული შეხედულებებია, რომლებიც არანაირ ღირებულს არ ქნიან და მხოლოდ პირადი საზრუნავით არიან დაკავებული. მათ მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებები ამოძრავებთ – ჭამა, სმა, ძილი და ასე მოჯადოებულ, მანკიერების წრეში განაგრძობენ ცხოვრებას. არადა, გამოფხიზლების, შეჯანჯღარების დროა, მაგრამ ლუარსაბი ღრმა საფიქრალების კაცი არ არის. არც მის ირგვლივ ცხოვრებენ ისეთი ადამიანები, რომელიც ლუარსაბს გამოაფხიზლებდნენ და მნიშვნელოვანზე დააფიქრებდნენ. ყველა იმ ზნეობრივი გარყვნილებისა და მანკიერების ჭაობში იძირება, რომლითაც დატბორილია მათი საარსებო გარემო. სწორედ, ამიტომ ლუარსაბის გასტრონომიული დილემები – ჩიხირთმა სჯობია თუ ბოზბაში და თევზების მეფე ორაგულია თუ თართი – მისი ცხოვრების მთავარ მორალურ დილემებად და ცხოვრებისეულ საფიქრალად რჩება. ლუარსაბის პროტოტიპი ცვლილებებს არ ექვემდებარება, ამიტომაც რჩება უშვილძიროდ, მემკვიდრის გარეშე – ეს ავტორის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენია.

ლუარსაბი, როგორც გადაგვარებულობის, მანკიერ გარემოში ამოზრდილი თესლის ძალიან მკვეთრი, შეულამაზებელი სახე, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პერსონაჟია პატარა მკითხველისთვის. უარყოფითი გმირიც ასეთი უნდა, ნამდვილად უკონკურენტოა ამ საკითხში და ერთგვარ მაგალითსაც გვიჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ეს მოთხრობაც, ხომ დიდაქტიკური ტექსტია, რომელიც ნამდვილად გვასწავლის, გვაფხიზლებს და გამაფრთხილებელ საყვირს გვაძლევს, რომ ცვლილებების, დაფიქრების და გამოსწორების დროა; რომ კმაყოფილება, ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს. სწორედ ამიტომ არის ილია ასეთი დაუნდობელი თავისი გმირის მიმართ. ებრალება, მაგრამ თუ პირდაპირ არ ეტყვის სიმართლეს, ფიქრობს, რომ მანკიერების ტბორი კიდევ უფრო გაფართოვდება. მოთხრობაც ხომ ასე იწყება, ამ შეგონებით, ეპიგრაფად წამძღვარებული ანდაზით: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ და მისი ადრესატიც არა მხოლოდ ვინმე ერთი გაქსუებული თავადია, არამედ ეს თავადი საზოგადო ჭირის სახეა, რომელშიც გაერთიანებულია მთელი ჩვენი მანკიერებები.

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, „კაცია-ადამიანი“ დავიწყებული ტექსტი იყო – ჯერ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში წაკითხული, და შემდეგ დავიწყებული. საინტერესოა, მიბრუნება ისეთ ნაწარმოებებთან, რომელიც ყოველთვის დროულია და აქტუალობას არ კარგავს, რადგან თათქარიძეობის ფენომენი ყველა დროში მტკივნეულია და დამაზარალებელი.

როგორია ლუარსაბის საარსებო გარემო? როგორია მისი კომფორტის, ტკბილი და აუმღვრეველი სამყოფელი? ნაწარმოებიც სწორედ თავადი თათქარიძის სახლ-კარის აღწერით იწყება და ეს შესავალი ჩამოქცეულობის, გავერანებული კარ-მიდამოს ხედების აღწერა, გვიჩენს იმ უტყუარ მოლოდინს, თუ ვინ არის ამ სახლ-კარის პატრონი, რა კაცია და რას წარმოადგენს ის. და აქ ისმევა ის მტკივნეული დიაგნოზიც:იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია“. ეზოც მოუვლელი, მიუხედავი და უწმინდური, ისე როგორც „ძველი ჩინოვნიკის გული“. ვინ არის ამ ყველაფრის პატრონი? პარადოქსია, მაგრამ ამ ყველაფრის მფლობელი, ღარიბი და ღატაკი კაცი სულაც არ არის. თავადი ლუარსაბ თათქარიძე მდიდარი მებატონეა, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ასე გაპარტახებულ გარემოში არ ცხოვრობდეს, მაგრამ ლუარსაბი ზარმაცია და მისი წამყვანი ქცევა – მუქთახორობაა.

როგორ გამოიყურება ლუარსაბი გარეგნულად? რას წარმოადგენს ის თავისი ფიზიკურობით? რამეს გვეუბნება ლუარსაბის ფიზიონომია, მისი გარეგნული მონაცემები? ნელ-ნელა ვიგებთ, როგორი თავსებადია მისი საარსებო გარემო და მისი ფიზიონომია ერთმანეთთან, რომელიც აშკარად უთავმოყვარეოდ გამოიყურება. ლუარსაბის ეს გარეგნული იერსახე თავიდანვე გვაფიქრებინებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას სამყაროსთან, ცხოვრებასთან და საკუთარ საცხოვრებელ და საარსებო გარემოსთან. ლუარსაბი „გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი – უკაცრავდ არ ვიყო ამ სიტყვაზედ – როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები – ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის“ ღირსეული სამკაული“. როგორიც არის – სახლ-კარიც ისეთივე აქვს; როგორც არ ადარდებს თავისი სხეული, საკუთარი შესახედაობა, ასევე არ არადებს, როგორ გამოიყურება მისი კარ-მიდამო. ცოლიც მასავით ზარმაცი ჰყავს, ცოლიც მასავით „ჩაგორგლებული და ჩასორსლებულია“. ლუარსაბი და დარეჯანი უფუნქციო ადამიანები არიან, ერთადერთი საზრუნავით – რა ჭამონ და რა სვან. „ეს იყო მათი გონების ვარჯიში“ – წერს ავტორი. „მართალიც ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისის აზრით, კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო“. მისი სულიერი და ემოციური მდგომარეობაც ეს არის – იყოს დანაყრებული და თუ დანაყრებულია, კმაყოფილიც არის. ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრება ბრიყვულ განცხრომაში და უდარდელობაში გადის, მათი რწმენა-წარმოდგენები სიბრიყვეზე დგას.

ლუარსაბის გარეგნობას მისი სულიერი და გონებრივი სიღარიბეც ემატება. ლუარსაბის დამოკიდებულება განათლებისა და სწავლის მიმართ სრულიად შეუწყნარებელია. ის განათლებას ისე უყურებს, როგორც „ეხლანდელ ჭირს“ და ესეც კარგად მეტყველებს მის გონებრივ სიმწირესა და სიბრიყვეზე.

„დრო გამოიცვალა, – იტყოდა ხოლმე აღმოოხვრით ლუარსაბი, – დრო გამოიცვალა. რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა!ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფ, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი“.

სევდისმომგვრელია ლუარსაბის ეს უკიდეგანო სიბრიყვე და სევდისმომგვრელია მისი დამოკიდებულება განათლების მიმართ. კიდევ ერთი დიაგნოზი ილიასგან: „სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა“. ლუარსაბის შეხედულებები სწავლაზე კარგი განსახილველი თემაა მოსწავლეებთან და განათლების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად.

ლუარსაბის საზრისი ჭამასთან ერთად იმ მინიმალური პასუხისმგებლობის შეგრძნებაა, რომელსაც იჩენენ ის და დარეჯანი მამულისა და ოჯახის სამართავად. მაგრამ აქაც კვაზი ფუნქციონალურობით იღებენ ამ პასუხისმგებლობას და ამას „ბიჭების დაწიოკებას“ ეძახიან. ვითომ ოჯახის მართვა, ბიჭების გამონთება მათი ყალბი ფუნქციონირებისთვის და ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი როლია, რომელიც ეხმარება მათ თავის მოტყუებაში და მათში ყალბი კმაყოფილების განცდას ბადებს. „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენიაო“ – წერდა ავტორი და სწორედ ლუარსაბი და დარეჯანი იყვნენ ამ მომაკვდინებელი სენით ავად, რადგან თავიანთ ცხოვრებაზე მჯობი ცხოვრება არ ეგონათ დედამიწის ზურგზე.

„სადილის შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი, – და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა ამ ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის-სოფელში, რომელმაც ისე არაფერი იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არ იცოდნენ-რა, ჭამა-სმის გარდა, ღვთისგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა“.

ნაწარმოების პერსონაჟები ცალსახად უარყოფითი პერსონაჟები არიან, მოთხრობის მხატვრულ სახეთა გალერეაში – ლუარსაბი, დარეჯანი, ლამაზისეული, დავითი, ელისაბედი, სუტკნეინა, მოურავი დათო, თავადი გძელაძე, მკითხავი – ყველა გაუკუღმართებული და ზნეობრივი თვისებებდაკარგული ადამიანია. მათ მდაბალი გრძნობების და მდაბალი მიზნების გარდა, არაფერი ამოძრავებთ – როგორ ჭამონ, როგორ მოატყუონ ერთმანეთი, უღალატონ, გაჭორონ, ცბიერებით აჯობონ, როგორ იმლიქვნელონ – ერთი სიტყვით სახედაკარგული პერსონაჟების მთელი წყებაა და სანთლად არ ჩანს ერთი ისეთი გმირი, რომელიც მთელი ამ გადაგვარებული პერსონაჟების სიბნელეში ამოანათებს თავისი პიროვნული თვისებებითა და მორალურად სწორი პოზიციით.

ნაწარმოების დასრულების შემდეგ, შეგვიძლია დავსვათ კითხვები ბავშვებთან – რა ღირებული დასკვნების გამოტანა შეიძლება მოთხრობიდან? რა არის ტრაგიკული თათქარიძეობის ფენომენში? რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი?  ეს ის კითხვებია, რომლებიც აუცილებლად გაუჩნდება პატარა მკითხველსაც, როდესაც ლუარსაბის არაფრისმომცემ ცხოვრებას გაეცნობა და ესეც არის მწერლის მიზანი – ღრმა საფიქრალი აღძრას მკითხველში, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, რომ დააფიქროს თავის უპირველეს, ფუნდამენტურ დანიშნულებაზე და აძებნინოს ასეთი საზრისები.

მშობლის, მასწავლებლის, უფროსი მკითხველის მეგზურობით, ვფიქრობ, ბავშვებს უფრო მეტად გაუადვილდებათ კითხვა და მწერლის მიერ განზრახული საფიქრალის ამოცნობა. უფროსთან ერთად კითხვა კი ნამდვილად ეხმარება ბავშვს, გამოკვეთოს სწორი აქცენტები, კარგად ჩაწვდეს პერსონაჟთა ღირებულებით სამყაროს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მოზარდისთვის მხატვრული ლიტერატურის შესწავლისა და გაცნობის პროცესში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი