ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

დილემებით სწავლება

ჩვენ ყოველდღიურად ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება, პრობლემის გააჭრის გზების ძიება, ფიქრი. ხშირად გვეჩვენება, რომ გამოუვალი სიტუაციაა, მაგრამ შემდეგ ჩვენი მიღებული უნარ-ჩვევები, რაც განვლილი წლების მანძილზე მივიღეთ, გვაიძულებს გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენი გამოცდილება და დაგროვილი ცხოვრებისეული პრაქტიკა, საბოლოოდ ჩვენი მხსნელი აღმოჩნდება ხოლმე.

რა არის მასწავლებლისთვის მთავარი მიზანი სწავლების დროს? ჩემი აზრით ცოდნის ტრანსფერი. ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ მოსწავლეებს გადავცემთ, არ უნდა დარჩეს ჰაერში წარმოთქმულ ბგერებად, მათ უნდა შეისხან ხორცი და ქმედებებად იქცნენ. თუნდაც წლების შემდეგ. ცოდნის ტრანსფერი არის ის, რაც თითოეულ ადამიანს ეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების გამკლავებაში.

დაწყებითი კლასებიდანვე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განვუვითაროთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევები. ასევე კრიტიკული, შემოქმედებითი, ანალიტიკური აზროვნება. ხდება ხოლმე, რომ მოსწავლე მასწავლებელს ცარიელ აუდიტორიაში ეკითხება – „სად დავჯდე?“. ამ თითქოს უწყინარ კითხვაში ჩანს, რომ მოსწავლეს უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. თითოეულ წვრილმანში დევს ის კვანძი, რომელიც უნდა გაიხსნას და არ დარჩეს მიმალულად.

როგორ განვუვითაროთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები? როგორ წარვმართოთ დილემებით სწავლება? ამისათვის შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ დილემის ბარათი.

 

დილემა 1

სკოლას აქვს შემუშავებული სასკოლო წესები, რომლის გათვალისწინებითაც მოსწავლეები იღებენ ჯილდოს. სემესტრის განმავლობაში, თუ მოსწავლე ჩამოთვლილ ყველა პუნქტში დაიმსახურებს დადებით შეფასებას, ის საჩუქრად მიიღებს ქინდლს (ელექტრონულ წიგნს). ელენე გამოირჩევა სასკოლო წესების დაცვით. მას ძალიან სჭირდება ქინდლი, რომლის შეძენის საშუალება არ აქვს. სემესტრის ბოლომდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა ერთ დღეს მას სკოლაში აგვიანდება, რის გამოც ერთ-ერთ კომპონენტში ვერ დაიმსახურებს დადებით შეფასებას. მას მხოლოდ ერთი დადებითი შეფასება აკლდება პრიზამდე. მის თანაკლასელ ერეკლეს რამდენიმე ქინდლი აქვს და ელენეს მსგავსად ისიც მოწინავე ადგილასაა. მათ შორის ის სხვაობაა, რომ ელენე მუდმივად პასუხისმგებლობით ასრულებს სასკოლო წესებს, ხოლო ერეკლე სხვის ხარჯზე ცდილობს დადებითი შეფასებების მიღებას. სამშაბათს გამოქვეყნდება სია, რომელი მოსწავლეები მიიღებენ სემესტრის ბოლოს ქინდლს.

დილემის წარდგენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ კითხვებს:

  • იმსახურებს თუ არა ორივე მოსწავლე თანაბარ შეფასებას?
  • რომელ მოსწავლეს უფრო სჭირდება ქინდლი?
  • სასკოლო წესების დაცვის დროს, რამდენად შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი?
  • სასკოლო წესი ყველასთვის ერთია?

მასწავლებელი ფლიფჩარტზე ჩამოწერს მოსწავლეების ვარაუდს, რომლებსაც გამოთქვამენ სადისკუსიო კითხვების შედეგად. სავარაუდოდ, აზრი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა. მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეები დააფიქროს, რომელი ღირებულებები მოდიან ერთმანეთთან კონფლიქტში? მოსწავლეები იდენტიფიცირებას უკეთებენ დილემაში მოცემულ ღირებულებებს, რომლებიც მასწავლებელს ყოველგვარი რევიზიის გარეშე გადააქვს ფლიფჩარტზე.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დილემის წინაშე აყენებს. გამოთქმული ვარაუდებიდან მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ინდივიდუალური გადაწყვეტილება. უნდა დარჩეს თუ არა ელენე ქინდლის გარეშე? სასკოლო წესი ყველასთვის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს თუ არა? პასუხების მიხედვით მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და სთხოვს მათ, არგუმენტირებულად უპასუხოს საკუთარ გადაწყვეტილებას.

თითოეული ჯგუფის მიერ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებისა და დასაბუთების წარდგენის შემდეგ, ახდენენ იმ საკითხების იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა. მაგალითად: რა შეიძლება მოჰყვეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ელენეს დატოვებს პრიზის გარეშე? ხომ არ დაეკარგება მას მოტივაცია? თუ ელენე/ერეკლე მიიღებს პრიზს, ხომ არ დარჩებათ სხვა მოსწავლეებს უსამართლობის განცდა? სასკოლო წესების შემუშავებისა და მისი დაცვის დროს, რამდენად მნიშვნელოვანია პრინციპულობა? განიხილავენ იმ არგუმენტებს, რომლებიც დასჭირდებათ მიღებული გადაწყვეტილების განსამტკიცებლად ან პირიქით, შესაცვლელად.

ამის შემდეგ, მოსწავლეები დამოუკიდებლად ცდილობენ, მოიძიონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ არგუმენტების გამყარებაში, ან პირიქით, მათ გასაანულირებლად. მოსწავლეები გაეცნობიან ფსიქოლოგიის ლიტერატურას. გაეცნობიან წესების მიღებისა და მათი დაცვის მექანიზმს, რაც მათ დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების სრულყოფილებაში.

ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთში გაცვლიან მოსაზრებებს და შეავსებენ არსებულ ცოდნას.

ამის შემდეგ, მათ კიდევ ეძლევათ შესაძლებლობა, გადააფასონ საკუთარი გადაწყვეტილება. შეცვალონ ან დატოვონ.

მოსწავლეები ისევ ჯგუფდებიან მოსაზრების მიხედვით, რომელიც მათ საბოლოოდ მიიღეს და გამოთქვამენ ვარაუდს, როგორ დაეხმარათ მოძიებული ინფორმაცია. შესაძლებელია ზოგიერთმა მოსწავლემ შეცვალოს მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება.

მოსწავლეები გააკეთებენ მოსაზრებებზე პრეზენტაციას და ხაზს გაუსვამენ არგუმენტებს, რაც დაეხმარა მათ გადაწყვეტილების მიღებაში.

მოსწავლეები ისაუბრებენ განზოგადებულად საკითხზე. რა შეიძლება მოხდეს, თუ დაირღვევა სასკოლო წესები? რა შეიძლება გამოიწვიოს სასკოლო წესების დარღვევამ?

მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, ამ დილემის შემდეგ, მოსწავლეებმა მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვაწყდებით უსამართლობასა თუ სამართლიანობას. ზოგჯერ ის რაც ჩვენთვის სამართლიანია, მეორე ადამიანისთვის პირიქითაა. ისევე როგორც ზემოთ წარმოდგენილ დილემაში. მთავარია, ადამიანმა შეძლოს საკითხის არა ერთ ჭრილში დანახვა, არამედ მისი ყოველი კუთხის დათვალიერება, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და ამის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება.

სამყარო ხომ ჩვენი გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების მიხედვით, პატარა ფაზლის ნაწილებისგან შედგენა, რომელიც საბოლოოდ ერთ დიდ მთლიანობას ქმნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი