ორშაბათი, მაისი 12, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

ვარიაციები თემაზე – „მსხვერპლი და არა სეირი“

0

ღალატის საფუძველიც, როგორც სხვა მრავალი ცოდვისა – ადამიანური ეგოიზმია, ჯერ თავო და თავოა, ოღონდ უკვე უღირსი ,,თავო”. თუ რაღაცისთვის თავის დავიწყება, დაკარგვა არ შეგიძლია, ვერც ჩასწვდები ქრისტეს. ცოდოა მოღალატეობისთვის განწირული ადამიანი. ვაჟა-ფშაველას წიწოლა მახსენდება, ყველას მიერ უარყოფილი (თვით ბუნებისგანაც), თვითონ მწერლის გარდა. ვაჟა მას თანაუგრძნობს. ესეც ერთგვარი თავდავიწყებაა, როცა მსგავს ცოდვას პატიობ. ესაა ის საოცარი ჰუმანიზმი, რომელიც იესოს მსხვერპლშეწირვაშიც გამჟღავნდა. იუდა კი უდიდესი ცოდვილი კაცობრიობის ისტორიაში, კაცთაგან შერისხვისათვის განწირული, საბრალო, ყველაზე დიდი ცრემლი უფლისა… ღალატი მგონია ყველაზე დიდი ცოდვა: ღვთისა, ქვეყნისა, საკუთარი თავისა თუ მოყვასისა. ღალატი ბადებს ტრაგიზმს მისი, ვისაც უღალატეს და მისიც, ვინც უღალატა.

ღალატი ბადებს მსხვერპლსაც. საყოველთაო, საზოგადოებრივი თუ პიროვნული ღალატი, –გაწირვა ვინმესი… თუმცა ამ ღალატმა ზოგიერთები გახადა ტრაგიკულები, მაგრამ გენიალურები, ბედის წინააღმდეგ ამხედრებულნი… მათ ბევრი დაითმინეს, გახდნენ ძლიერები, ქედუხრელნი და შექმნეს დიდი შემოქმედება, საკუთარი საოცარი სულების გამონაშუქით ბრწყინვალე… რომ მაშინ სევდიანებს, გაუხარლებს, დღეს ჩვენი ნაღველი განექარვებინათ, ოპტიმიზმი, მხნეობა ჩაენერგათ, არსობის ფილოსოფიური სიდიადე გადმოეცათ: ,,…და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს, და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!”, ისინი გვასწავლიან, რა არის თავისუფლება, ბრძოლა ბრძოლისათვის, აი, გამართლებაც მათი ტკივილიანი არსებობისა, ,,განწირული სულისკვეთებისა”.

გუშინ მეგობართან ვსაუბრობდი ადამიანის ემოციურ ასაკზე და გალაკტიონი, კიდევ ერთი ნაღალატევი წითისოფლისა თუ ადამიანებისგან, ბოლომდე იყო მარადი ბავშვი, რომელიც მკაცრად დავსაჯეთ, დავტანჯეთ, რადგან საქართველოში მკვდარი პოეტები უფრო უყვართ. თუმცა ღმერთი მასთან იყო მაშინაც, როცა თავს იკლავდა და მერეც, ,,ვარდისფერი გზით” მარადისობას რომ შეერთო. მისთვის აქაც და ,,იქაც” მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობდა და არსებობს. გალაკტიონი ამქვეყნად მოვიდა, რომ ჩვენც შეგვძლებოდა მოვხვედრილიყავით მისი ლექსით სამოთხეში… აქვე ვაჟაც გავიხსენოთ, აბა:

,,არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა”.

ვაჟა ძალიან ჰგავს საქართველოს, რომლის ღირსებას, სიდიდეს თუნდაც დღევანდელი გარეგნული მხარე, სოციალური ქაოსი, არ განაპირობებს. მოგონებებში მოთხრობილია, რომ ერთხელ ვაჟამ დაძენძილი ჩოხით გაიარა მოქეიფეებთან, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. მერე შესულა თავისი ძმისას, ჩოხა გამოუცვლია და ისე გაუვლია – მობრძანდი, ვაჟაო, დიდის ამბით მიუწვევიათ. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიიდან: ერთი ჩოხა ჰქონია ვაჟას, ინახავდაო. სოფელში კაცი მომკვდარა. რა ვქნათ, შიშველს ხომ ვერ დავმარხავთო? უთქვამთ ამ ღატაკზე. მიუცია ვაჟას ეს თავისი ერთადერთი ჩოხა მიცვალებულის გასაპატიოსნებლად. მოკლედ, მეგობრებო, მიწისაა სწორედაც ჩოხა და შესამოსელი, და ყოველგვარი ამქყვეყნიური სიმდიდრე და პატივი. ეს უნდა თავიდან ვისწავლოთ, რომ მთლად მატერიალისტების ქვეყნად არ ვიქცეთ. გასაგებია, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. „მართალია, დღეს ჩვენ კაცები აღარა გვყავს და აღარა გვყავს იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრებაც აღარა გვაქვს, საკუთარი ინტერესი ჩვენის ქვეყნისა ჩვენ აღარ გვაბარია, საკუთარის აღზრდის წესით აღარ ვიზრდებით. ევროპაში თვით ცხოვრების ვითარება, თვით საზოგადოება უწყობს ხელს, რომ კაცები გამოჩნდნენ, კაცები აღიზარდნენ: იქ ყველა კაცის ღირსება ძვირად ფასობს და ყველასათვის სასიხარულო და სასიქადულოა. სიყრმიდანვე ისეთს საზოგადოებაში იზრდება ყრმა, ისეთი რამ ესმის, სკოლას თუნდ ნუ ვახსენებთ, რომ მისი გონებრივი და ზნეობრივი ნიჭი ვითარდება, ღონეს იძენს, ძლიერდება“. ეს შეფასებაა, თითქოს, დღევანდელობისა. ვაჟამ ყველაზე კარგად იცის ბედნიერებისა და თავისუფლების ფასი. ვისწავლოთ, რა იქნება, მისგან: „უბედურად ჰგრძნობს თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება… რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ვნებდეს, მით უმეტეს, საზოგადოებას. არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო. – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად – თავისუფლება და ბედნიერება სინონიმები არიან“(,,რა არის თავისუფლება”). თავისუფლება, ვაჟას აზრით, ბუნებრივი მოცემულობაა, მას ვერავინ მოგანიჭებს, თუ თავად, შენივე სული არ ააზატე, ესაა, „როგორც გაზაფხულზე ბუნება“. ესაა როგორც შეგრძნება იმ ლექსის ბოლოს, რომლითაც დავიწყე:

,,ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა…”.

ევროპა, ევროპაო, რომ გავიძახით, მისი სიყვარულიც საკუთარი თავის პატივისცემიდან იწყება, რომლის გარეშეც ვერასდროს ვისწავლით ვერც ჩვენი, ვერც სხვისი ქვეყნის, კაცობრიულის სიყვარულს და სიმდიდრეც ბევრი ფული და ამით მოგვრილი მდგომარეობა გვეგონება…
_____________
ამ ფიქრების გაგრძელებას იმით დავამთავრებ, რომ ნურავის შევჩერებივართ, გვიშველოსო, გაგვათავისუფლოსო, გაგვამდიდროსო. ჯერ ჩვენვე უნდა ვუშველოთ თავს, ვძლიოთ ჩვენი საუკუნეების ,,სნეულებას” და ერთმანეთის ,,ჭამით” შინაური თუ გარე მტრის საჯიჯგნები არ გავხდეთ.
ვაჟას, ასე დიდებულსა და ძლიერს, ჭკუა მოეკითხება, რადგან მან დრო დაამარცხა. და არ არსებობს ადამიანის ამაზე დიდი გამარჯვება……

ახლა კი ღალატი გავშალოთ ბოლშევიზმის დემონურ პროფილსა თუ აჩრდილამდე, როგორც მარად ბოროტებამდე.

საბჭოეთში არა მარტო კლავდნენ თავისუფალ ეროვნულ სულისკვეთებას (ფიზიკურადაც), არამედ ცოცხლებს თუ მერე მკვდრებს აბუჩადაც იგდებდნენ „მეფისტოფელური ხარხარით“, ასე ძარღვებში სისხლგამყინავად რომ გაისმოდა თუნდაც ყრილობებზე ხანგრძლივი ტაშის უნისონში ყრუ, შემზარავ ექოდ.

ჯერ კიდევ ჩანასახოვანი ბოლშევიზმი, „ემბრიონული“, სოციალ-დემოკრატების სახით, სრულიად ავი, ყალბი კოსმოპოლიტიზმის ეგიდით (კოსმოპოლიტიზმის ჯანსაღი გაგება ვაჟამ მოგვცა თავის „კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმში“) დაუპირისპირდა ყოველივე ეროვნულს. არც აციეს, არც აცხელეს და მიზანში ილია ამოიღეს, კაცი-უნივერსუმი, ერის ორიენტირი თუ საყრდენი იყო ის ერთი ადამიანი. ფილიპე მახარაძის დავალებით ჯერ ბინძური ჭორები გაუვრცელეს (ეს მეთოდები მერე და მერე დახვეწა საბჭოეთმა და დღემდეა ის სასიცოცხლოდ საშიში შხამი სახელმწიფო აზროვნებასა თუ სტრუქტურებში), მჩაგვრელი მებატონეაო („გლახის ნაამბობის“ ავტორს!), ხალხი აუბუნტეს და შეუსიეს. თავი კი აგრძნობინეს საოცრად მარტოსულად („რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!“), მაგრამ მის უდიდეს ავტორიტეტს რომ ვერაფერი დააკლეს, უკვე ფიზიკური განადგურება გადაწყვიტეს. ნახეს უსამშობლო გიგლა ბერბიჭაშვილი, რომ თვითონ ხელები და სახელი არ გასვროდათ და ტყვიაც დაახალეს თავად საქართველოს, როგორც ვაჟამ თქვა.

მერე კი, ეს მანქურთი მკვლელი ფილიპე მახარაძე სწორედ ილიას მიუსაფლავეს გვერდით. როგორც ვაჟას სტალინის დედა კეკე. ანუ მკვდრებს დასცინოდნენ ვერაგულად. ფილიპე მახარაძის საფლავი ბევრჯერ ააფეთქეს, რადგან ქართველი ამას ვერსდროს შეეგუებოდა – ეშმას წმინდა, საფიცარი საფლავის გვერდით!

მერე ადგებოდა გალაკტიონისნაირი და „კოლექტივო, მხარი მხარს, აბა, ჰე! აბა, ჰოო“ შაყირი რომ  მოჰბეზრდებოდა, ცალკე ზამთარში უპალტოოდ სიარული, გადმოვარდებოდა საავადმყოფოს ფანჯრიდან. კიდევ ერთი აბუჩად აგდებული დიდებულება.
ეს უკურნებელი სენია, მეგობრებო, რენეგატობისა და დღესაცაა ჩვენ თვალწინ, ფარსად თამაშდება, ტრაგი-კომედიად.

ხანდახან მგონია, რომ სწორედ ბერძნული თეატრის სცენაა ჩვენი ქვეყანა, ოღონდ სისხლი და ცრემლი ნამდვილია, არა ბუტაფორიული თუ წარმოსახვითი…
მე რაც შემეხება, სწორედ ამ სისხლისა და ცრემლის იმედიღა მაქვს ღვთის წინაშე ამ უკომპრომისო, პოლარიზებულ რადიკალიზმში, რომელშიც წლებია ვცხოვრობთ…
ჰო, ბოლშევიზმს ზოგად ბოროტებად განვიხილავ, როგორც ფაშიზმს და არა მომავლის თუნდაც 1%-იან პერსპექტივად. წარსული არ ბრუნდება! ეს ყოფიერების კანონია…

სულ ვარიდებთ თვალს, რომ ილიას ვესროლეთ… ანუ საკუთარ თავს…
უბედურება ისაა, რომ ამ „თვითმკვლელობას“ ვიქმთ განგრძობით რეჟიმში.
გამუდმებული „წიწამურია“ საქართველოს გულში, ტყვიაც გულში კი არა, სწორედაც რომ, „თავშია“ დამიზნებული!

„ვერ ვიდავითეთ“ ვერასდროს მას შემდეგ, მაგრამ რადგან ასე ზუსტი დამიზნება ვიცით, მოდი, მიზანი შევცვალოთ როგორმე, უფრო სწორად, ზუსტი და საჭირო მიზანი ვიპოვოთ…. გავიხსენოთ, რადაც გვიქნევია ხმალი, გვიღვრია სისხლი თუ ოფლი.
მოკლედ, ერთმანეთი გავიხსენოთ და რომ (უნდა) გვიყვარდეს, ისიც.
ილიას სისხლს ისე ვერ მოვიწმენდთ. ილიას ცრემლი ამას მოელის იმსოფლიდან…
„ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო… ამინ!“.

*  * *

კატეგორიათა ურთიერთგანსაზღვრულობაა, რომ მატერიალიზმი და იდეალიზმი ისეა ჩაწნეხილი, როგორც თუნდაც დემონურ-ანგელოზებრივი წუთისოფელში.

მატერიალისტურიცაა დიდებული ტაო-კლარჯეთი, ის დარჩენილი ლოდები, რომლებიც უკვე სულიერებას, უდიდეს ენერგეტიკას ასხივებს ისევ.

დიდი აშოტ კურაპალატი, პირველი კურაპალატი და პირველი ბაგრატიონი, რომლის ტრაგიზმი მატერიალურიც იყო – ის ფიზიკურად გაანადგურეს, ტაძრის საკურთხეველს დააკლეს. ამბობენ, ამაში მარტო სარკინოზების ხელი არ ერიაო (გიკვირთ?!) და დღესაც ემჩნევაო ის ქვებს მისი სისხლი (გვაპატიე, მეფეო…); სულიერია ის, რომ ამ მეფეზეც იდგა, დგას და იდგება ჩვენი ქვეყნის მომავალი!

მე არ ვიცი, როდის ვნახავ ტაო-კლარჯეთს და რა დარჩება მისგან, წყლით დაფარვის შემდეგ. ამიტომ უდიდეს ტკივილს, ცრემლს მგვრის მეჩეთად ქცეული უზარმაზარი ქრისტიანული სიწმინდის ტაძრები. ხახული, რომელსაც თითქოს უცხოეთში გადახვეწილი ქართველივით, მიწა თან წაუღიაო; ხანძთა! ოპიზა! ბანა! ეს უკანასკნელი ჩემთვის მატერიალურადაც და სულიერადაც საქართველოს სიმბოლოა: დარღვეული, მაგრამ მ ა რ ა დ ი უ ლ ი! უკვდავი იმიტომ, რომ ეს ტაძრები ჩვენის სულის ციტადელია, მისი არსი, სუნთქვა, არსებობის უზარმაზარი მოტივაცია!…

ეს ისაა, რაც მომავალში გაგვახედებს, როგორც ნივთიერი, ისე იდეალისტურ-მსოფლმხედველობრივ-ზნეობრივ-კულტურულ-მეტაფიზიკური თვალსაზრისით.
დიდება შენ, ჩემო ტანჯულო ქვეყანავ, აწ და მარადის….

 

*  * *

ყოველივე ზემოთქმული წარსული იყო. ახლა დღევანდელობაზეც ანუ ქვეყნის ღალატზე.

„ისმინე, სწავლის მძებნელო“, მინი-პიესა ცხოვრებაზე

საუფლო – მითოსი (პარადიგმულობა)

ადრესატი – დიდი კაცი (ჩინოვნიკი)

ადრესანტი – პატარა კაცი (ისე „პატარაა“, რომ მისას ვერაფერს შეამჩნევენ.)

———————————
პატარა კაცი აჰყურებს დიდს და პირზე ხელის მიდებით ცდილობს ხმა მიაწვდინოს ძლიერსა ამა ქვეყნისასა.

– აუუუუ! თქვენ ადრეგამყინვარებისა თუ პალეოლითის ხანიდან ბრძანდებით?
ჩინოვნიკს არ ესმის და დაბლა არც იხედება, რომ შეამჩნიოს მღილად, ჭიანჭველად.

– ღრმად პატივცემულო, ვხედავ, დინოზავრი ბრძანებულხართ, მაგრამ რომელი, ვერ დამიკონკრეტებთ? – პრონტოზავრი, ნოტოზავრი თუ, მაგალითად, პლესიოზავრი ან მფრინავი დინოზავრი? (ფრთები გექნებათ, ისე აკვესებთ თვალებს)…
ვერაფრით გააგონა, მაგრამ „დინოზავრმა“ დააცემინა, ჯერ ზემოთ აიხედა, მერე დაიხედა და რაღაცა მფეთქავი დინამიკაც მოხვდა თვალში, მისკენ ხელს რომ იშვერდა.
ამრეზილი მზერით და ზიზღიანი სიფრთხილით, ფეხი არ დავადგა და არ შემომჭყლიტოს სხვა ლილიპუტებივითო, ჩინოვნიკმა „ჰუმანიზმის“ ნიღაბი შეისწორა, კუსბაკნიან სათვალესთან ერთად და გაიფიქრა: „რაღაცას მეკითხება, მგონი, მაგრამ განა აქ ჩემ გარდა ვინმე სვამს კითხვებს?!“ ხმამაღლა კი ნიკაპი იმსაიმაღლეზე ასწია, რომ მის დაბლა, „წყლისაუმღვრევლად“, მდგომი არსება პატივ-მოყვრული თვალთახედვიდან არ დაეკარგა („ჩვენ ხალხის ხმა ვართ“ – ხშირად უთქვამს ისეთი მგზნებარე პათეტიკით, რომ ლამის დაუჯერებია თავადაც) და:

– ვინაო, ვინ ხართო მანდაო?!

– ელიოზი ვარ, ელიოზი!!!

რაც შეეძლო, ისეთი სიძლიერით ამოიკვნესა და როგორც იქნა გააგონა, მერე კი გააოგნა.

– როგორ?! თქვენ ცოცხალი ხართ? არ მოკვდით? ხომ უნდა გაყინულიყავით?! რატომ? რატომ არ გაიყინეთ?

– გავიყინებიიიიი, ჯერ დრო მაქვს…

ასეთი რაღაცები კი, ჩუმად თქმულიც კი, ესმით და გაიგონა დიდმა კაცმაც პატარა კაცისა.

– როდის გაიყინები?!

„პასუხი არ არის“.

…და როცა დაჟინებით ჩააცქერდა, რომ სახე დაენახა, ხოლო ამ სახის პატრონსაც უკვე შეეშინდა, – პასუხი რომ არ გავცე, სხვებივით მის სტომაქში არ აღმოვჩნდეო, გულამოყოლებით, მაგრამ ცოტა გროტესკულადაც კი, უპასუხა, რადგან ელოდა ამ კითხვას:
– „ზ ა მ თ ა რ შ ი იიიიიი“

 

თემიდა ყველგან თვალაკრულია? აქაც და „იქაც“?!

სიჩუმის ენა ვინ იცის კარგად? ის – სიჩუმე – გახდება ჩემი მყუდრო ნავსაყუდელი, იქნებ ოტია პაჭკორიას გმირივით, ლაპარაკიც უარვყო. მაგრამ არა წერა – ეს ჩემი სტიქიაა, ხსნა, თავისუფლება, სუნთქვა… მაგრამ არა კითხვა – ეს ჩემი თავშესაფარია, ზემო განზომილება, რომელსაც თუ შესწვდი, გადარჩენილი ხარ…

ლიტერატურა ასახავს ცხოვრებას, ხანდახან ნატურალისტურად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის ცხოვრება არაა, მისი გამხატვრულებული ვარიანტია. და თუ ხელოვნებამ მხატვრულობის მაღალესთეტიკური ნიშა დაკარგა, ის მდარე ასლი გახდება სინამდვილისა.
ცხოვრება? ცხოვრება ყველაზე ბნელია და სასტიკი; ყველაზე დამცინავი და გროტესკული; ყველაზე მატყუარა და ჩამშვები; ყველაზე ჭორიკანა და დამგმობი; ყველაზე მგელი „ცხვრის“ ტყავში, რომელიც ის-ისაა „შეახრამუნა“. ესაა ყველაზე მრუდე „სარკე“, რომელიც მათთვისაა, ვინც ჟანგისფერ, მიწისფერ ბლონდებს ელამი მზერით ისრუტავს, ლანდადქცეულ ოცნებებზე ბაირამობს, რომ კიდევ უფრო ჩაიძირონ ყოფის ჩოთქზე მოანგარიშე სიყალბეში, ბოლომდე დაიჯერონ, რომ ყველაზე ნაღდი ისაა, რაც ფლიდია და ბოროტი; ყველაზე ძლიერი ისაა, ვინც ძალადობს, ჩაგრავს; ყველაზე „მართალი“ ჭეშმარიტების უშნო ღრეჭვით შემნიღბავია…

ღალატი და მოღალატე უნდობია…

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ და მე ამ ბოლო დროს ძაღლებს მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ადამიანებს…

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც ვახსენოთ ბარემ – მათ დაამტკიცეს, რომ ,,მამულიშვილობა მსხვერპლია და არა სეირი”, ძილის მწარე ბანგიდან გამოგვაღვიძეს და კიდევ ერთხელ გაგვატარეს ,,ჩვეულებისაებრ მამულისა სლვით”, გაგვახსენეს ჩვენი საუკუნეებგამოვლილი ქვეყნის ნამდვილი სიყვარული, მისი და ჩვენი თავისუფლება, გვაპოვნინეს სამშობლო სამშობლოში. მადლობა ამ დიდებულ სულებს ამისთვის, ,,იქ” საპატიოდ მყოფებს დიდ წინაპართა გილდიაში.

9 აპრილი იყო დღე, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეროვნული სული არ მოკვდება, სანამ ასეთი ადამიანები დაიბადებიან.

მოკლული პოეტების ქვეყანაცაა საქართველო (მე დღეს ტიციანი, პაოლო, მიხეილ ჯავახიშვილი, ტერენტი გრანელი არ მიხსენებია, მაგრამ ვიგულისხმე…).

„მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი“.

 

 

როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას

0

მდგრადი განვითარების მიზნები მასწავლებელთათვის უცხო არ არის, თუმცა მის პრაქტიკაში დანერგვაზე ხშირად მასწავლებლები უცნაურ ამბებს ჰყვებიან ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ეს არის მსოფლიო დღის წესრიგი სამყაროს მდგრადი განვითარებისათვის. გვაქვს 17 მიზანი, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დედამიწაზე ცხოვრება კვლავ შევძლოთ. ამ სტატიაში არ ვისაუბრებ მიზნების შინაარსის ან მისი შექმნის ისტორიაზე. ზოგადად, ამ მხრივ უამრავი კრიტიკა არსებობს, როგორც მისი არაამბიციურობის ასევე არარელევანტურობის თუ მათი მიღების პროცესის სიჯანსაღესთან დაკავშირებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მიზნები არსებობს და გვაჩვენებს, რამდენად კომპლექსურია სამყარო და რამდენად გადაჯაჭვულია საკითხები ერთმანეთთან, მაგ. სიღარიბის აღმოფხვრა (მიზანი 1), ხარისხიან განათლებასთან (მიზანი 4); თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, მაგ. გენდერულ თანასწორობასთან (მიზანი 5), თუ მდგრად მოხმარებასა თუ წარმოებასთან.

სულ რამდენიმე ხნის წინ, კონკრეტულად აღინიშნა კვირეული „იმოქმედე მდგრადი განვითარებისათვის“, რომლის მიზანია, ხაზი გაუსვას მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობას და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით საზოგადოების მობილიზებას.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ვთარგმნეთ (იგულისხმება განათლების კოალიცია) მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ მომზადებული დოკუმენტი, როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების მიზნებს. ზოგადად, სასკოლო კვების ადვოკატირების მხრივ ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებით აქტიურია და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნის პირობებში, მოკლე ვადაში ეს პროგრამა მაინც დაინერგება (მიუხედავად ხედვისა თუ სტრატეგიის არარსებობისა).

დოკუმენტი 2017 წელს არის მომზადებული და გადმოსცემს საბაზისო ინფორმაციას სასკოლო კვების თაობაზე, მაგ. რამდენი ბავშვია ჩართული სასკოლო კვების პროგრამაში, რის შემდეგაც განიხილავს კავშირებს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

მაგალითად, მეორე მიზანი, შიმშილის აღმოფხვრა პირდაპირ არის დაკავშირებული სასკოლო კვებასთან. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით (2023), მოსწავლეთა მხოლოდ 27% ახერხებს სრულფასოვნად გამოკვებას, ხოლო არასდროს იკვებება 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი – 45%-ია.

კვლევების მიხედვით, სასკოლო კვება აუმჯობესებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამცირებს ავადობას და ზრდის სწავლის უნარს. გარდა ამისა, არაერთ ქვეყანაში სასკოლო კვების დანერგვის ერთ-ერთი დანიშნულება სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა (CTC, 2021).

 

სასკოლო კვებასთან დაკავშირებული მეორე მიზნის შესაბამისი სამიზნეები:

2.1. შიმშილის დასრულება, ყველას ჰქონდეს უსაფრთხო, ნოყიერი და საკმარისი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებს, დედებს და დაუცველ ადამიანებს;

2.2 არასაკმარისი კვების ყველა ფორმის აღმოფხვრა;

2.3 სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და სურსათის მცირე მწარმოებლების შემოსავლების გაორმაგება;

2.4 სურსათის წარმოების მდგრადი სისტემების უზრუნველყოფა.

 

სასკოლო კვების პროგრამების მთავარი დანიშნულება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაა, რასაც მეოთხე მიზანი პირდაპირ უკავშირდება – ხარისხიანი განათლება. კვლევები ადასტურებს, რომ სასკოლო კვების პროგრამებს დადებითი გავლენა აქვს როგორც მოსწავლეთა კოგნიტურ განვითარებაზე, ასევე სკოლაში მათ სოციალიზაციაზე. ამავდროულად იზრდება გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი და მცირდება სკოლის მიტოვების მაჩვენებელი.

 

სასკოლო კვებასთან დაკავშირებული მეოთხე მიზნის შესაბამისი სამიზნეები:

4.1. 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც მათ შესაბამის და ქმედით სასწავლო შედეგებს მოუტანს;

4.2. 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის ადრეულ ასაკში განვითარების, ზრუნვისა და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისათვის;

4.5. 2030 წლისთვის განათლებაში უთანასწორობების აღმოფხვრა და მოწყვლადი ადამიანებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მკვიდრი მოსახლეობისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის განათლებისა და პროფესიული სწავლების ყველა დონეზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა;

4.6 2030 წლისთვის ყველა ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობის, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ წერა‐კითხვისა და არითმეტიკის ცოდნის მიღწევის უზრუნველყოფა.

გარდა აღნიშნულისა, სასკოლო კვების პროგრამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სიღარიბის აღმოფხვრის (1-ლი მიზანი), უთანასწორობის შემცირების (მე-10 მიზანი), გენდერული თანასწორობის (მე-5 მიზანი), ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნაში (მე-8 მიზანი).

მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ყოველ $1-ის ინვესტიციას სასკოლო კვების პროგრამაში 3-დან $10-მდე ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

სასკოლო კვების პროგრამებს ასევე შეუძლია, შექმნას დასაქმების შესაძლებლობები და გააუმჯობესოს სკოლების მახლობლად მცხოვრები თემის საარსებო საშუალებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასკოლო კერძები ადგილობრივად არის მომზადებული. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს კონტექსტში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გაეროს ბავშვთა ფონდი. 2023. ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში – 2023. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://shorturl.at/qDEHP;
  2. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). 2021. საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები. პოლიტიკის დოკუმენტი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა ლაბის პროგრამის ვებგვერდზე: https://ctcskolalab.ge/;
  3. მსოფლიო სასურსათო პროგრამა. 2017. როგორ უწყობს ხელს სასკოლო კვება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs): მტკიცებულებათა ერთიანობა. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.wfp.org/publications/2016-how-school-meals-contribute-sdgs.

 

შობა-ახალი წლის განწყობილებები

0

ქართულ ლიტერატურაში არაერთი მხატვრული ნაწარმოებია, რომლებშიც შობა-ახალი წლის რიტუალურ-სადღესასწაულო განწყობილებები წარმოჩნდება. შობა მისტერიაა, რომელიც სამყაროს ცვლის. ეს ერთხელ მოხდა და კვლავ მეორდება მარადიულად, რადგან შობა ადამიანის სულიერი სამყაროს წიაღში ხორციელდება. ქრისტე ჩვენს გულში უნდა დაიბადოს, მხოლოდ ამგვარად ეზიარება ადამიანი ამ საიდუმლოს, რომელმაც განახლება უნდა მოიტანოს. შობამ თვალი უნდა აუხილოს, გააღვიძოს ადამიანი, გამოიყვანოს საკუთარი ეგოს, უმეცრების, უსიყვარულობის, პლატონისეული გამოქვაბულიდან. ის ჩვენს ცხოვრებაში წარმოქმნის ახალ განზომილებას, რომელშიც ადამიანმა თავისი ცოდვა-მადლი კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს. ამ დროს პროვიდენციალური აღქმა მძაფრდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველივე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, განგების გადასახედიდან, ამ კონტექსტში აღვიქვათ. ამიტომაც მიწას სწყდება მზერა და ზეცისკენ იხედება, „რომ დაშთოს აქ ამაოება“ (ბარათაშვილი). ლიტერატურაში შობის ამბები დახატულია ადამიანის სულიერ-ზნეობრივი კათარსისისთვის. ასეა ყველა ნაწარმოებში, ქართულსა თუ უცხოურ ლიტერატურაში: ჩარლზ დიკენსის, ჰოფმანის, დოსტოევსკის, ო ჰენრის, ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძისა და სხვათა საშობაო ნაწარმოებებში. ახალი წლის დღესასწაული კი საეროა, ზედაპირულია და ზეიმის ტალღებზე ტივტივებს. ის მატერიალური სამყაროს კალენდარულ დასაწყისს გულისხმობს. როგორც ვიცით, ის საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა.

 

სახარებისეული შობის ეპიზოდების პარადიგმები ლიტერატურაში მრავალგვარად ისხამს ხორცს. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები: 1. ბაგაში დაბადება (როგორც სიმბოლო ღვთაებრივის ყოველგვარ სივრცეში არსებობისა და გამოვლენისა), 2. ბეთლემის ვარსკვლავი (როგორც სიმბოლო კაცობრიობისთვის ღვთისკენ გზის მაჩვენებლისა), მოგვთა საჩუქრები (ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც კაცს)), მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოები, განმასახიერებელი სამყაროს უზენაესი კანონებისა (ოქრო-დიდების, გუნდრუკი ღვთაებრიობის, ხოლო მური-წარმავლობის გამომხატველი). ნიკო ლორთქიფანიძე ადამიანის უპირველეს ღირებულებას ასე გამოთქვამს: „ადამიანი იმდენივე ღირს. რამდენიც კაცობრიობა“ („დადიანის ასული და მათხოვარი“). ამიტომაც ლიტერატურაში არა საჩუქარს, არამედ გაცემას ენიჭება მნიშვნელობა: „რასაცა გასცემ. შენია, რასც არა დაკარგულია“. ეს კარგად წარმოჩნდა ო ჰენრის მოთხრობაში, რომელშიც საჩუქრებმა სიმბოლური, სულიერი მნიშვნელობა შეიძინეს და მატერიალური ღირებულება დაკარგეს. ახალგაზრდა წყვილმა ერთმანეთისთვის გაიმეტა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გააჩნდა: „ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ადამიანი, ვინც ასევე გასცემს და იღებს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან“.

 

კონსტანტინე გამსახურდია აღწერს, როგორი საჩუქრები მიართვეს მეფე გიორგის („დიდოსტატის მარჯვენა“): „კათალიკოსმა მელქისედეკმა უთენია უკვლია, საწოლის დარბაზს მოადგა ოქროითა, ვერცხლითა და ბროწეულებით გავსილი ხონჩით, კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელიცხოვლის ჯვარი მიართვა, პატიოსანის თვლებით მოოჭვილ ლუსკუმაში ჩადებული, და ძვირფასი ხატი ამინაშატისა. დილიდანვე ეწვივნენ მეფეს ერისთავნი, ზვიად სპასალარი და მსახურთუხუცესი, მანდატურთუხუცესი და მსაჯულთუხუცესი, ეზოსმოძღვარი და ჩუხჩარხი, მოლარეთუხუცესი და მეღვინეთუხუცესი. მენადირეთუხუცესმა სამი ქორი მიართვა ფოლადისფერი, შვიდი შავარდენი ლაზიკიდან ჩამოყვანილი, ერთი თავიც ველური ეშვისა სავსებით მოოქროვილი. მერემეთუხუცესმა და სამმა ერისთავმა შვიდ-შვიდი ცხენი თვითეულთა. ერისთავებმა ისრებიც მოართვეს მეფეს, მსხვილნი ბოძალნი დიდნადირთათვის, ქეიბურნი მხეცთათვის, ხარჩა და ქიბურჯი ფრინველთათვის, დიდ-დიდნი კაპარჭნი საომარნი. მოიღო მთელი კონა ისრებისა ბანჯგვლიანმა მამამზე ერისთავმა“.

 

მრავალმნიშვნელოვანია სახარებისეულ შობის ეპიზოდში ანგელოზთა გალობა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ამ გალობაში წარმოჩნდება, რომ რწმენა, მშვიდობა და სათნოება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ რწმენის რღვევა იწვევს ათასნაირ შფოთვას, არეულობას და კაცთა შორის მანკიერებათა გავრცელებას. აკაკი წერეთლის „შობა“ შემდეგი სტრიქონებით სრულდება:

 

„დიდება ყოვლის შემოქმედს!

დიდება მისსა მცნებასა!..

დიდება ქვეყნად მაცხოვრის

ხორციელ მოვლინებასა!..“.

 

„ვეფხისტყაოსანში“ კარგად წარმოჩნდება ნავროზობა, როგორც ახალი წლის დღესასწაული გულანშაროში. ეს ქალაქი კი სიმბოლურად სწორედ მატერიალური ყოფის სილაღის, უდარდელობის, ზედაპირულობის განსახიერებაა. სწორედ ამ დღესასწაულზე წარმოჩნდება მნიშვნელოვანი რამ – მოწყენილი და განმარტოებული ფატმან-ხათუნი სარკმლიდან ნესტანს დაინახავს, თვალებზე ხელს აიფარებს, რადგან ქალი თვალისმომჭრელ შუქს აფრქვევს. სწორედ იგი გამოიხსნის ნესტანს შავკანიან მონათაგან და დედასავით უპატრონებს. როგორც ვიცით, დავარმა წყალს მისცა ნესტანი, ბედისწერამ კი ბოლომდე არ გაიმეტა მზეთუნახავი, რადგან წყალი განახლების სიმბოლოა და სწორედ ზღვათა სამეფოში გამოირიყა. ასე რომ, ახალი წელი პოემაში კომპოზიციური ელემენტის ფუნქციას ასრულებს.

 

ეკატერინე გაბაშვილი თავის ნოველას „ღვინია გადაიჩეხა“ ასეთ მინაწერს უკეთებს (საახალწლო იმედები), მაგრამ მასში სწორედ ამ იმედების გაქრობა-გაცამტვერებაა. ერთი საინტერესო ნიუანსიცაა: „1800 წელს მტკვარი ისე გაიყინა, რომ ორი კვირა ხალხი ზედ გადიოდ-გამოდიოდაო“. ურემი შეშა უნდა გაყიდოს კაცმა, რომ ოჯახმა საშობაო სადილის გამართვა შეძლოს. ისინი აწყობენ გეგმებს, რას იყიდიან. მწერალი აღწერს შეშის ბაზრობაზე გამართულ ვაჭრობას. ნინიკაც ცდილობს მყიდველის მოზიდვას, მაგრამ პოლიციელი ადგილის შეცვლას უბრძანებს. ყინულით გასიპულ დაღმართზე ერთ ხარს ფეხი „ყინულში ჩაუვარდა, მეორე ფეხი წაუსხლტა და ორთავე წინა ფეხით გაილასტა. ვიწროდ აკოკოლავებული შეშა საჩქაროდ გადიხარა გვერდზე და მსუბუქი ურემიც თან გადაიტანა“. „ნინიკა უძრავად იდგა, ღვინიას თვალებში ჩასცქეროდა. საქონლის უსიტყვო, საზარელი ტანჯვა უსიტყვოდვე იბეჭდებოდა იმის პატიოსანს სახეზედ და კაცს გულს უკლავდა“. მოსეირე ხალხი ხარისთვის ყელის გამოჭრას ურჩევდა, მაგრამ ნინიკა საყვარელ მარჩენალ ღვინიას, როგორც საკუთარ მარჯვენას, ვერ გაიმეტებდა. სოფელში კი მოლოდინით სავსე ოჯახია. მწერალს რეალობის კონტრასტისთვის სიზმარი შემოაქვს. გოგია ხედავს სანოვაგითა და საჩუქრებით დატვირთულ შვილს: „ნახა, რომ ნინიამ შუა ცეცხლით გაჩაღებულ დარბაზში შემოიტანა პირამდის გატენილი ხურჯინი, მთელ თავისს ჯალაბს სიხარული მოჰფინა: პატარა ფეფეს წითელი ჩუსტები, ნენეს ჭრელი შალის კაბა, მიხას ქუდი და ქალამნები, საღვინით თაფლი, ტიკით არაყი, გოგიასთვის დასტა-დასტა თამბაქო კერას წინ დიდ გორასავით დაგროვილი იყო და პატრონები ცეკვითა და ღრიანცელით გარს უვლიდნენ. თვითონ გოგია საახალწლო ტაბლით, წმინდა სანთლებანთებული, კარებში იდგა და თავის ოჯახის ბედნიერებით ხარობდა“. სულისშემძვრელია მოთხრობის ფინალური ფრაზები; „ღვინია დაჩეხილა, ღვინია დაჩეხილა, ჩვენი ღვინია! – ზარივით გაისმა ყინვისაგან მოკრიალებულს ჰაერში გოგიას ოჯახის გოდება და ძველ წელიწადთან ერთად მისწყდა შეუნიშნავად ჟამთა ვითარებაში…“. ასეთივე სევდიანია ნოველა „როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს“, რომელშიც წარმოჩენილია ქალბატონის მიერ შინიდან გაგდებული ბიჭუნა როგორ იყინება ქუჩაში. ნოველა ეხმიანება დოსტოევსკის „საშობაო ამბავს“.

 

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებსა და ლექსებში სახარებისეული პარადიგმები ახალ მხატვრულ სახეებში ისხამს ხორცს („სათაგური“, „საშობაო მოთხრობა“, „საშობაო თქმულება“ და სხვ.). მის ლექსში „საშობაო ამბავი“ დახატულია ღარიბი ოჯახი. ავტორი აგრძელებს ხალხოსანთა ტრადიციას და უბრალო ადამიანების გასაჭირზე მოგვითხრობს. ქრისტიანული სწავლების კონტექსტშია წარმოჩენილი ლექსის სათქმელი. ოჯახს არაფერი აქვს საშობაოდ, მჭადს გამოაცხობს მხოლოდ. ამ დროს ვიღაც უცხო მოუკაკუნებს და ღამის გათევას სთხოვს. ისინი შეიფარებენ, გაათბობენ და სახვალიოდ გამზადებული მჭადითაც გაუმასპინძლდებიან. საშობაო სასწაული ხდება. გაცემული საჩუქარი ასმაგად ანაზღაურდება. დილას გაღვიძებულ გეგელას უამრავი სანოვაგე ხვდება, თუმცა მგზავრი აღარსად ჩანს. მკითხველი, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ მათ თვითონ ქრისტე ესტუმრა.

 

სახარებაში მოთხრობილია, როგორ მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: „ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? (იოანეს სახარება, 1, 45-46). ე.ი. რა სიკეთეს უნდა მოველოდეთ ნაზარეთიდანო. ამ პარადიგმას ვარიაციულად ეხმიანება ვაჟა-ფშაველა თავისი „საშობაო მოთხრობით“, რომელშიც დახატულია კახეთის ტყიან ჭალაში, მოწნულ ქოხში ღამეს როგორ ათევენ მონადირეები. ისინი წუხან ხელმოცარულობაზე, რადგან შობა დღისთვის ვერაფერი მოინადირეს. მათ შორისაა ღაღოლა, ბეჩავი კაცი, რომელსაც ყველა ეხუმრება და დასცინის, შენ თუ გვიშველიო. ერთი სახალისო სიზმარსაც ჰყვება: „მე წუხელ სიზმარში ისა ვნახე, რომ ღაღოლას თავზედ კლდის კაცის რქები ამოჰსვლიყო, პირი ბუმბულიანი ჰქონდა და ხელში ბარკალი ეჭირა ცხვრისა“, მაგრამ სასწაული ხდება, დილას გაღვიძებული მონადირენი დაინახავენ: „ქოხის კარებში შემოიჭედა ძლივძლივობით კისერზე ირმის თავრქაგადადებული თავის ბანჯღვლიანის ქუდით ღაღოლა. ყველანი გაოცდნენ, მუცელში ენა ჩაუვარდათ, ვერაფერი მოეხერხებინათ და, ბოლოს, თითქოს გონს მოვიდენ, ყველანი ერთად მიეხვივნენ და ულოცავდნენ გამარჯვებას“.

 

შიო არაგვისპირელი მისთვისვე დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სიღრმით აღწერს ახალი წლის ღამეს („ახალწლის ღამეს “). ეს არის ეტიუდი. როგორც ვიცით, მას უყვარდა მცირე ჟანრები და არაჩვეულებრივად ახერხებდა ადამიანური ტკივილების გამოხატვას, მათი ბნელი, დემონური და ნათელი, ანგელოზური მხარეების გამოკვეთას. როგორც რუსთველი ამბობს: „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“, მაგრამ ამ კონტრასტული ჩრდილის გარეშე სიხარულსა და ბედნიერებას ბევრი რამ მოაკლდებოდა. მწერალი ხატავს სიცოცხლით სავსე ქალს, და მომაკვდავ ქმარს, პატარა ოჯახის ტკბილ-მწარე საახალწლო სამზადისს. სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ერწყმის. ეროსისა და თანატოსის სუნთქვა ერთმანეთს გადაეწვნება.

 

ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებში ამ მისტერიას რელიგიურ-ეროვნულ კონტექსტში განიხილავს („ქრისტე აღსდგა“, ქრისტეშობის მილოცვა“). ეს განსაკუთრებით კარგად წარმოჩნდება წერილში „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“. ილიას აზრით, საახალწლოდ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს ადამიანი განვლილ წელსა და მომავალზე. იგი ვერაფერს ხედავს სასიკეთოს, მომავალიც ნისლში ეჩვენება. ილია მეკვლის სარიტუალო სიტყვებს იხსენებს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“ და თავის მსჯელობას ამაზე აგებს, მხოლოდ ღვთის წყალობას მინდობა არაფერს არგებს, რადგან ღმერთმა ქართველს საუკეთესო მიწა-წყალი უბოძა: „დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ?“. იხსენებს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს „სადღეგრძელოდან“ „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება“. წინაპრებმა თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. „ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის“.

 

აქაც გამოიკვეთება დროის რღვევის პრობლემა, აწმყოს თითქოს კავშირი აქვს დაკარგული წარსულთან, შესაბამისად, ის ვერ იქცევა მომავლისთვის ნოყიერ ნიადაგად. ილია ყურადღებას ამახვილებს რწმენის მნიშვნელობაზე, სულიერი საყრდენების სიმტკიცის აუცილებლობაზე: „ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის“. მისი აზრით, საჭიროა გონიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს, როგორ პოლიტიკურ-ეკონომიკურსა თუ კულტურულ კონტექსტში ცხოვრობს: „ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს“. ილია ფუტკარს შრომისმოყვარეობის სიმბოლოდ და მისაბაძ მაგალითად წარმოაჩენს. მისი აზრით, ფილოსოფიური დაფიქრებაა საჭირო თემაზე: „რანი ვყოფილვართ, რანი ვართ, რანი ვიქნებით“. ამისთვის კი „მოძრაობაა“ საჭირო. გავიხსენოთ, ფაუსტი რა დიდხანს ფიქრობს, როგორ თარგმნოს სახარების დასაწყისი: „პირველად იყო სიტყვა“ და ბოლოს ასე გადაწყვეტს: „პირველად იყო საქმე (ქმედება, ე.ი. მოძრაობა)“ (გოეთე, „ფაუსტი“).

 

ილია ჭავჭავაძე თავის მოთხრობაში „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ (საახალწლო მოთხრობა), ერთი მხრივ, საახალწლო განწყობას უქმნის მკითხველს, მეორე მხრივ კი, მორალურ-ზნეობრივ დილემაზე დააფიქრებს, რომელთა შორის უპირველესია შემწყნარებლობა, სხვათა ღირსების აღიარება, ეგოიზმის ჩარჩოების გადალახვა. როცა ვკითხულობთ, როგორ არჩევს ქალი ნიგოზს, როგორ ადუღებს თაფლს, გვახსენდება გრიგოლ რობაქიძის სიტყვები: „ილია თითქოს ყნოსავს და შემდეგ გემოს უსინჯავს სიტყვებს“. მართლაც მკითხველი შეიგრძნობს სახლში დატრიალებულ სურნელსა და სითბოს. მაგრამ ეს არ არის მთავარი, არამედ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ამბავი, რომელიც ბავშვებს ზნეობრივ მაგალითად უნდა ექცეთ. ნიკოლოზმა აღიარა მოწინააღმდეგის ვაჟკაცობა და დამარცხებულს თავი არ მოჰკვეთა: „ნუ გეშინიან, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისათვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო. – მე სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისაგანაო, – უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა“. ეს ის თემაა, რომელსაც შემდეგ ვაჟა-ფშაველა გააღრმავებს და ახალ მხატვრულ-ესთეტიკურ სიმაღლეზე აიყვანს.

 

ნიკო ლორთქიფანიძე საშობაო მინიატიურებში ორ ძირითად სატკივარს გამოყოფს, ეს არის ეროვნული და სოციალური. მინიატიურებს კრავს და ამთლიანებს ერთნაირი დასაწყისი და დასასრული, ერთგვარი წრიული სტრუქტურა: „იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნისა წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი… აქ კი… დღეს…“. აქ კი დღეს ისევ იტანჯება ადამიანი. სამ მინიატიურაში „სარეცელზე“, „საქართველო იყიდება“ და ბრმა თერძი“ მწერალი გულშიჩამწვდომად ხატავს ადამიანურსა და ეროვნულ ტრაგედიას. აქ მთავარია თავისუფლების თემა. ადამიანს პიროვნულსა თუ ეროვნულ თავისუფლებას უზღუდავს წუთისოფელი თავისი „წყევა-კრულვიანი საკითხავებით“. მინიატიურაში „სარეცელზე“ დედას უკვდება ავადმყოფი შვილი, ხელში ანგელოზის ქანდაკებით, შობა ღამეს, ტანჯვით ნაშობი შვილი, მარადიულობას უერთდება, თითქოს ქრისტეს გზას იმეორებს, გარდაიცვლება, „ახალ ცხოვრებას იწყებს“. მესამე მინიატიურაში „ბრმა თერძი“ კვლავ წუთისოფლის ამოუხსნელ უსამართლობას ეჩეხება მკითხველი: რა დააშავეს ბავშვებმა, რომელთა მამა, დაბრმავებული თერძი მათთვის სარჩოს ვეღარ შოულობს. ეს კითხვა ღამეში ისევე იყინება, როგორც პატარათა უმანკო გულები. მინიატიურაში „იყიდება საქართველო“ ადამიანთა ეგოიზმზე, სიბრმავეზე, მათ გაცემა-ღალატზეა აქცენტი გამახვილებული. როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე, ასევე ყიდიან ქართველნი საქართველოს, შესაბამისად, საკუთარ თავს, რადგან „უსამშობლოდ კაცი არა ხარ“ (გურამ დოჩანაშვილი). მწერალი საოცარი ექსპრესიით წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ქართველთა საუნჯეს, ისტორიას, წარსულს, კულტურას, ყოველივეს, რაც საუკუნეთა განმავლობაში ერს შეუქმნია, რაც ღმერთს მოუმადლებია, მეორე მხრივ, „ბედნიერი ერის“ გულგრილობას, უმეცრებას, სიბრიყვეს: „იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით; მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით“. თვითონ მწერალი კი „უძლური ჭირისუფალივით“ შეჰყურებს ამ სავაჭრო „ბალაგანს“. იმას, რომ „ყიდის ყველა, ყველგან“, რომ ყიდიან ერთიანად თუ ნაწილ-ნაწილ – თვითგანადგურება ჰქვია, რომელზეც მთელი მეცხრამეტე საუკუნის მწერლობა, განსაკუთრებით კი, ილია ჭავჭავაძე მიანიშნებდა.

 

მამას, ფესვებსა და სამშობლოს მოწყვეტილი კონსტანტინე სავარსამიძე გამსახურდიას რომანში „დიონისოს ღიმილი) იხსენებს გამზრდელი ტაია შელიას ღარიბულ ისლის ქოხში გატარებულ შობის დღეებს: „ბედნიერი დღეები იყო! შობის მხიარული მეალილოების სიმღერა დაბნელებულ სოფელში. მამაჩემის სახლში მივიყვანდი ალილოს პირველად და მიხაროდა, მამის ნაჩუქარ თეთრ უზალთუნებს ჩემს ძიძიშვილებს რომ გავუყოფდი, კალანდის ღამეს ჩიჩილაკიანი მორდუ წინ გაგვიძღვებოდა, ნალიას, მარანს, ხეებს, ცხოველებს და ფრინველებს ყველას ფეხქვეშ უყრიდა მეფეხური – ნაკურთხ ფეტვის მარცვლებს და შესძახებდა: „მშვიდობა თქვენდა“. შემდეგ დახურულ კარებთან იძახოდა ხელმწიფე მეკვლე: „კარ გამიღე“ ხმა შიგნიდან: „რა მოგაქვს?“ „ღვთისა და კაცის წყალობა. წმინდა ბასილი მობრძანდება. კარი გამიღე!“ „რა მოგაქვს?“ „წმინდა თაფლის სანთელი, ოქრო და ვერცხლი, წმინდა ბასილი მობრძანდება. კარ გამიღე, კარ გამიღე!“ როცა მესამედ დაკაკუნების შემდეგ ძიძა კარებს გაგვიღებდა და სათითაოდ მკერდში ჩაგვიხუტებდა, ჩემი გული სიხარულისაგან ფრთხიალებდა, როგორც ხოხობი ჩირგვებში. ახლაც ყოველ ახალ წელს, ასე მგონია, ჩემი ცხოვრების ბნელ გზებზე ანთებული ჩიჩილაკით ხელში – ახალი ცხოვრებისაკენ წინ მიმიძღვოდეს ტაია შელია“. მწერალი წუხს: „ჩემი გული აწ აღარ ელის ახალ დღესასწაულებს და უნებურად ძველისაკენ ვიყურები მელანქოლიურად“.

 

ეს ტკბილ-მწარე განწყობილებები მსჭვალავს საშობაოდ დაწერილ ნაწარმოებებს. როგორც გალაკტიონ ტაბიძე ერთ ლექსში წერს: „ვის არ უგრძვნია ცრემლი/შობის ხეების რხევით?“ („ქარი არხევდა იტალიური შობის ხეს ტრიპოლისში“).

 

 

 

ტრადიციული ლიტერატურა და ციფრული ლიტერატურა

0

ციფრული ეპოქა ფუნდამენტურად ცვლის ავტორისა და მკითხველის ტრადიციული გაგების პარადიგმას. შესაბამისად, თუ ტრადიციული აღქმით შევაფასებთ ახალ ლიტერატურას, არაფერი გამოგვივა. ეს იგივეა, რომ ვინმემ გითხრათ: დაინახე, სამყარო სხვადასხვა ფერში და თქვენ კი არ იხსნიდეთ წითელფილტრიან სათვალეს. ამიტომ ტრადიციული მწერლებისგან ციფრული ლიტერატურის შეფასება, როგორც „თამაში“ და „არასერიოზულობა“, მინდა გითხრათ, რომ ზუსტი მეტაფორებია და ამით სრულიად არ ადგება ჩრდილი ახალ მხატვრულ ტექსტებს. დიახ, ეს არის მეტი თამაში, მეტი სიმსუბუქე/არასერიოზულობა, სრულიად განსხვავებული ესთეტიკა, რომელსაც ან იღებ, ან ვერა, მაგრამ იმის თქმა, რომ არ არსებობს, – ციფრული ეპოქის არცოდნაა!

ამავე დროს, ციფრული ლიტერატურა არ არის ტრადიციული ლიტერატურის ალტერნატივა და არაფრით არ „ემუქრება“ ავტორი-მკითხველის ტრადიციულ გაგებას. ამიტომ გადამეტებული ღელვა იმაზე, რომ „ლიტერატურას ამასხარავებენ“ – იუმორის სფეროა და ამავე დროს, მართლაც არსებობს ასეთი ციფრული ჟანრი: ტვიტერატურა, რომლის ერთი მიმართულებაა ტრადიციული ტექსტების დეკონსტრუქცია, რაც არ ნიშნავს „მეორედ მოსვლას“. დეკონსტრუქცია ყველაზე მეტად გულისხმობს იმ ტექსტის ცოდნას, რომლის დეკონსტრუქციასაც ახდენ იუმორითა და თამაშით. სამყაროს მრავალი მხარე და წახნაგი აქვს და ერთი მიმართულებით ყურება ღლის თვალებს და არა მარტო თვალებს, ცნობიერებასაც შტამპავს.

შეგვიძლია, ვისაუბროთ მხატვრულობაზე, ექსპერიმენტებზე, გამოხატვის ტექნოლოგიურ ფორმებზე ან საერთოდ არ ვისაუბროთ ციფრულ ლიტერატურაზე, მაგრამ გაბრაზება იმაზე, რაც დრომ მოიტანა, დროის კარგვაა. ამ შესავალს იმიტომ ვწერ, რომ ამ დღეებში ბევრი დაიწერა – „ეს რაღა მოიგონეთ“ – სტილში ციფრულ ლიტერატურაზე.

ციფრული ლიტერატურა არის ტექნოლოგიებზე და მოწყობილობებზე დაფუძნებული ლიტერატურა და გამოიცემა ციფრულად. ციფრულ ლიტერატურას არ სჭირდება „გამომცემლობა“-შუამავალი ან ავტორის აღზევება და ავტორიტეტად ქცევა იმისათვის, რომ „კარგად გაიყიდოს“. რა თქმა უნდა, არსებობს ონლაინსაზოგადოებები, რომლებიც ავრცელებენ ციფრულ ნარატივებს, მაგრამ არამც და არამც ამას არა აქვს ტრადიციული სახე.

ისევე, როგორც ციფრული სამყარო არის ქსელურობა, ზუსტად ასე, ციფრული ლიტერატურაც არის ქსელური, სწრაფადგავრცელებადი და გამოხმაურებადი. ციფრული ტექსტი არ არის მხოლოდ ტექსტი, – ის არის მულტიმედია ნარატივი და ხშირად დაფუძნებულია თამაშზე და არის კიდეც თამაში. მკითხველი ციფრულ ლიტერატურაში არ არის პასიური, ის ჩართულია ხშირად სხვადასხვა ფორმით ტექსტში და უფრო მეტიც, მას შეუძლია ცვლილებების შეტანაც. თუ ტრადიციული ლიტერატურული ტექსტი ეს არის წრფივი ნარატივი, რომელიც იწყება, ვითარდება და სრულდება, ციფრული ტექსტი არაწრფივია, რაც ნიშნავს, რომ არსებობს განშტოებული თხრობა და ჰიპერბმულები, რომლებიც ეფუძნება მკითხველის არჩევანს. ეს რაღაცით ძალიან ჰგავს კვანტურ ფიზიკას, შესაბამისად, კვანტური ცნობიერების ანარეკლია.

ციფრული ლიტერატურა ლიტერატურისა და ტექნოლოგიების შემოქმედებითი კვეთაა და სთავაზობს მკითხველს ინოვაციურ და ინტერაქტიურ გზებს სიუჟეტებში ჩართვისთვის. მაგალითად, “Bury Me, My Love” by The Pixel Hunt and Figs პიქსელ ჰანტის – „დამმარხე, ჩემო სიყვარულო“ – ეს არის ინტერაქტიური თამაში – სირიელი ქალის, ნურის ისტორია, რომელიც გადაწყვეტს სახიფათო მოგზაურობას ევროპაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად. მოთამაშე ირგებს მაჯდის, ნურის ქმრის როლს, რომელიც სირიაში რჩება. მაჯდისა და ნურის შორის კომუნიკაციის ძირითადი რეჟიმი არის შეტყობინებები აპლიკაციის საშუალებით, სადაც მოთამაშეები აკეთებენ არჩევანს და პასუხობენ ნურის შეტყობინებებს, რაც გავლენას ახდენს თხრობის მიმდინარეობაზე. ამ თამაშში ბევრი მოთამაშე ერთვება რეალური ისტორიებით. თამაშის დასრულება დამოკიდებულია ინტერაქციაზე, ვინ როგორ რჩევებს მისცემს ნურის. თამაშის აპები არსებობს სხვადასხვა მოწყობილობისთვის, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და თქვენც მოირგოთ მაჯდის როლი[1].

ავტორის დემოკრატიზაცია

გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტერმინი: ავტორის დემოკრატიზაცია, რაც გულისხმობს ლიტერატურული და შემოქმედებითი ნაწარმოებების შექმნისა და გავრცელების პარადიგმის ცვლას – ეს არის გადასვლა ცენტრალიზებული, ექსკლუზიური ავტორიტეტიდან (ტრადიციული ავტორები, გამომცემლები) უფრო ინკლუზიურ, მონაწილეობით მოდელზე, რომელიც მოიცავს კონტრიბუტორთა უფრო ფართო სპექტრს.

ციფრული სივრცეები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან და გააზიარონ საკუთარი შინაარსი/კონტენტი. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა ბლოგები, სოციალური მედია და ერთობლივი წერის სივრცეები, ყველას აძლევს უფლებას, გაუზიარონ თავიანთი შემოქმედება გლობალურ აუდიტორიას.

ციფრული პლატფორმები ხელს უწყობს აგრეთვე კოლაბორაციულ ავტორობას, როცა რამდენიმე ქმნის ერთ ტექსტს. უფრო მნიშვნელოვანი ხდება იდეა/ტექსტი, ვიდრე ავტორი. ასეთი ტექსტები წარმოაჩენენ კოლექტიური წერის ძალას და არღვევენ ტრადიციული წერის პარადიგმას.

ციფრული წერის პლატფორმები, როგორც საგანმანათლებლო რესურსი

ბევრ ქვეყანაში ეფექტურად გამოიყენება ციფრული წერის საიტები და აპლიკაციები, როგორც საგანმანათლებლო რესურსი.

ასეთია, მაგალითად https://www.storybird.com/ – სადაც ბავშვები/სტუდენტები შეთავაზებული ვიზუალური მასალის არჩევით ქმნიან საინტერესო კონტენტს. ვიზუალური მასალის მრავალფეროვნება მათ ეხმარება, შეარჩიონ მათთვის სასურველი და აგრეთვე, გააღვიძონ მთვლემარე ასოციაციები მათი დახმარებით. მულტიმედია თხრობის ინსტრუმენტები ეხმარება ახალგაზრდებს თვითგამოხატვასა და თვითრეალიზაციაში.

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Twine ან inklewriter, საშუალებას აძლევს სტუდენტებს შექმნან ინტერაქტიური მხატვრული ლიტერატურა. ციფრული წერის ეს ფორმა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულობის განვითარებას ახალგაზრდებში.

ციფრული წერის მსგავსი პლატფორმები https://www.inklestudios.com/ – კარგი იქნებოდა ქართველი ავტორ-მკითხველებისთვისაც.

ზოგიერთი პლატფორმა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს/სტუდენტებს, ითანამშრომლონ თანატოლებთან მთელს მსოფლიოში, ხელი შეუწყონ გლობალურ პერსპექტივებს და კულტურათაშორის კომუნიკაციას.

ციფრული წერის პლატფორმები ხელს უწყობს უფრო დინამიკურ და ინტერაქტიურ საგანმანათლებლო გარემოს, ეხმარება სტუდენტებს განავითარონ წერის და ციფრული წიგნიერების ძირითადი უნარები, ხოლო პროფესორებს/მასწავლებლებს სთავაზობს მრავალმხრივ ინსტრუმენტებს ეფექტური სწავლებისა და შეფასებისთვის.

და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პროცესი, თავისი დადებითი და უარყოფითი ნიუანსებით და რაც უფრო მეტს დავწერთ და განვავითარებთ ციფრულ ლიტერატურას, მით უფრო დაიხვეწება ციფრული მწერლობის გამოხატვის ფორმები, სტილი და ჟანრები ქართულ ლიტერატურულ ციფრულ სივრცეშიც.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] https://store.steampowered.com/app/808090/Bury_Me_My_Love/

 

დიადი რუსული კულტურა

0

ამ წერილის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი სამი ახლობელი რუსული ლიტერატურის ქებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ერთი „ძმებ კარამაზოვებს“ მიბრუნებია. ასე თქვა, რაც კი გამოკითხვა ჩატარებულა, დოსტოევსკი ყველგან ხვდება ათეულში როგორც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მწერალი ტოლსტოისთან ერთადო. მერე დაამატა, მოსკოვში ისეთი მუზეუმები აქვთ, იმპრესიონისტების ისეთი კოლექცია – მაგათ ხო ომის დროს ყველაფერი გაზიდესო (შენიშვნა ჩემი თაობისა და უმცროსი თაობისთვის: ჩემი ახლობლის ასაკის ხალხი „ომში“ ყოველთვის გულისხმობს მეორე მსოფლიო ომს, ხოლო „რევოლუციაში“ – ბოლშევიკურ გადატრიალებას).

საინტერესო თეზისებია. მოდი, განვიხილოთ.

უპირველესად, საკითხავია, მსოფლიო ლიტერატურულ კანონში მწერლის მოხვედრა არის თუ არა მხოლოდ მისი სიდიადის დამსახურება.

რასაკვირველია, არა.

კანონი, როგორც აუცილებლად საკითხავი ტექსტების ნუსხა, თავისთავად არ არსებობს – მას ჩვენ ვადგენთ. ჩვენ კანონზე ვთანხმდებით. სხვაგვარად რომ გითხრათ, ლიტერატურული კანონი არის სოციალური წარმონაქმნი, რომელიც აირკელავს საზოგადოებაში არსებულ ძალაუფლებრივ მიმართებებს და, აგრეთვე, პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტს. სავსებით შესაძლებელია, დასავლეთი აფრიკის რომელიმე ქვეყანას დოსტოევსკიზე ბევრად უკეთესი მწერლები ჰყავდეს, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით მათ შესახებ, რადგან აფრიკას მძიმე, კოლონიური წარსული აქვს. ამიტომაც აფრიკელი ხალხის ხმა, მათი მწერლების ხმა საუკუნეთა განმავლობაში არავის ესმოდა – ქედმაღალი ევროპელები ხომ მათ ველურებად, განუვითარებელ და ბნელ ხალხებად მიიჩნევდნენ. გასათვალისწინებელია კანონის ევროპოცენტრულობაც: რა იცით, მაგალითად, ჩინური ლიტერატურული ტრადიციის შესახებ? თუმცა რაღა შორს წავიდეთ – რატომ არ ხვდება ასეთ სიებში არცერთი ქართველი მწერალი, ამაზე გიფიქრიათ? ნუთუ ასეთი სუსტი ლიტერატურა აქვს ერს, რომელმაც პირველი ლიტერატურული ტექსტი, დღესაც აქტუალური და სავსებით თანამედროვე, მეხუთე საუკუნეში შექმნა? ერს, რომლის პოეტური ტრადიციაც ასეთი დახვეწილია? რატომ ვერ გახდა ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურული კანონის ისეთივე ნაწილი, როგორიც რუსულია?

იმიტომ, რომ 200 წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის კოლონია ვიყავით. რუსეთი კი, როგორც იმპერიალისტური მისწრაფებების მქონე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე, თავის ლიტერატურას ყველგან თავისუფლად ავრცელებდა. გადახედეთ უცხოელ ქართველოლოგებს – მათი უმეტესობა ქართული ლიტერატურის შესწავლამდე სწორედ რუსული ლიტერატურის გავლით მივიდა. ვფიქრობ, ცხადია, რატომაც.

ხშირად გამიგონია, ქართველი ინტელექტუალები სწორედ რუსეთის გავლით ეზიარებოდნენ ევროპულ კულტურას, რაკი განათლებას იქ იღებდნენო. ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა იქნებ თავად მათთვისაც გვეკითხა? გახსოვთ „მგზავრის წერილების“ დასაწყისი?

„დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა“[1] ( ხაზი აქაც და ქვემოთაც ჩემია – ნ.ა.).

ამ ერთი ფრაზით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ ილია სათქმელს უფრო ბასრადაც განაზოგადებს:

„საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზე რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა“.

ამის შემდეგ კი ტექსტში ევროპელის სახე ჩნდება და ცხადად ჩანს რუსეთისადმი მისი დამოკიდებულებაც:

„[…] მივუბრუნდი ჩემს ახლად გაცნობილს ფრანსიელს გამოსასალმებლად.

– ეგ ეტლი ვისი მოგონილია? – მკითხა მან და მიმიშვირა ხელი ფოშტის პოვოსკაზედ, რომელზედაც ჯერ არგამოფხიზლებული „იამშჩიკი“ უგემურად სთვლემდა.

– რუსისა, – ვუპასუხე მე.

– მგონი, არა ხალხი მაგაში არ შეეცილოს. მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ, მაგას გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი.

– არა უშავს-რა. მთელი რუსეთი მაგით დადის და მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ დამიშავდეს რამე.

– მაგით დადის?! იმიტომაც შორს არის წასული!.. […]

ამ სიტყვებზედ მომაწოდა ხელი გამოსასალმებლად და ისე მჭიდროდ მომიჭირა ხელი, როგორც მარტო ევროპიელმა იცის ხოლმე“.

დააკვირდით, როგორი კონტრასტია ზარმაც და ზლაზვნია „იამშჩიკსა“ (რომელსაც ძილიც კი არ შეუძლია რიგიანად და „უგემურად სთვლემს“) და ენერგიულ ევროპელს შორის. ცხადია ისიც, რომ ევროპელისთვის რუსეთი ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.

და მკითხველისთვის ეს დაუჯერებელი რომ არ იყოს, ილიას კიდევ ერთი რუსი პერსონაჟი შემოჰყავს – გენერალი. მისი და მთხრობლის დიალოგს აქ ციტატად არ მოვიყვან, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ საშაქრისა და ბუზების ამბავსა და იზლერის ბაღის შესახებ წარმოთქმულ მონოლოგში ერთი ქედმაღალი, ყეყეჩი და უზნეო კაცი იხატება. ამაზე უფრო დიდი ზნეობრივი და მორალური დეგრადაცია ძნელი წარმოსადგენია.

შემთხვევითი არ არის, რომ ამ სიბნელესთან შემაპირისპირებელ ძალად ილიას მოხევე გამოჰყავს – ალბათ, არცერთი სხვა კუთხისთვის ისე უცხო არ იყო რუსული წესი და რიგი, როგორც საქართველოს მთიანეთისთვის. გადაიკითხეთ ყაზბეგის მოთხრობები – იქ ერთ-ერთი მთავარი კონფლიქტი სწორედ ეს არის: რუსი, რომლის სრულ ამორალურობას, გაუგონარ სისასტიკესა და არაადამიანობას ვერ ეგუება თავისუფალი, ძველ ადათებზე რაინდულად აღზრდილი მოხევე. გახსოვთ ის ეპიზოდი „ელგუჯაში“, ერთი სამხედრო ქალს რომ გააუპატიურებს? რა რეაქცია აქვთ ამაზე მოხუც მოხევეებს, გახსოვთ? უკვირთ. ვერ ხვდებიან, ვერ წარმოუდგენიათ, საერთოდ, როგორ შეიძლება, ქალი გააუპატიუროს ვინმემ.

მეორე მოთხრობა, რომელშიც უფრო მძაფრად ჩანს რუსეთი, როგორც უცხო, ბოროტი ძალა, „მამის მკვლელია“. ამ მოთხრობაში ჩვენი დღევანდელი ყოფისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ ფენომენს ვხვდებით – გირგოლას, რომელიც რუსის სამსახურში დგას და რუსზე უფრო რუსია: თავისი „ნაჩალნიკის“ მეთოდები კარგად აუთვისებია, ძალაუფლებას პირადი მიზნებისთვის იყენებს, უსამართლოდ ჩაგრავს სხვებს და ძალადობს და, რაც მთავარია, „ნაჩალნიკს“ ელაქუცება, მაგრამ ჭკუაში ატყუებს. ესაა მოხევე, რომელმაც ადამიანობაცა და ღირსებაც ძალაუფლებაზე გაცვალა.

ომი ბაბამ, ცნობილმა მკვლევარმა და ჩვენი დროის გამორჩეულმა მოაზროვნემ, ჩამოაყალიბა ჰიბრიდულობის კონცეფცია: მას მიაჩნია, რომ ურთიერთობა დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის ასეთი ცალსახა და მარტივი არ არის, ანუ დამპყრობელი ყოველთვის არ არის მხოლოდ მჩაგვრელი, დაპყრობილი კი ყოველთვის მხოლოდ ჩაგრული – მათი როლები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ურთიერთობა დიალექტიკურია და ეს დიალექტიკა ქმნის ახალ, ჰიბრიდულ კულტურას, რომელშიც შერწყმულია კოლონიზატორისა და კოლონიზებულის ნიშან-თვისებები. გირგოლა სწორედ ამ ჰიბრიდულობის მაგალითია – ის უშიშარია, მაგრამ ვაჟკაცი, როგორც ეს სიტყვა მთიელებს ესმით, არ ეთქმის; თავისუფალი აღარ არის, დამპყრობლის სამსახურში დგას, მაგრამ თან ძალაუფლება აქვს; ჭკვიანი და მოხერხებულია, მაგრამ ამ თვისებებს ბოროტად იყენებს.

აღსანიშნავია სასიყვარულო ხაზიც „მამის მკვლელში“: ის ფაქიზი და, იმავდროულად, თავგანწირვითა და თავდადებით აღსავსე დამოკიდებულება, რომელიც იაგოს აქვს ნუნუსადმი, კონტრასტს ქმნის იმ პირუტყვულ სისასტიკესთან, რომლითაც ნუნუს გირგოლა ეპყრობა (არადა, ეს უკანასკნელიც მის სიყვარულს იჩემებს). ამრიგად, ის, რაც ილიასთვის, უწინარესად, ეროვნული ტრაგედიაა, ყაზბეგისთვის ზოგადადამიანურ ტრაგედიად იქცევა – რუსეთი, როგორც დამპყრობელი, მხოლოდ იმიტომ როდია დიდი ბოროტების წყარო, რომ თავისუფალ მთიელებს თავისუფლება წაართვა, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ზნეობრივ გადაგვარებამდე მიჰყავს. ამასთან, ეს ზნეობრივი დეგრადაცია მუდამ წარმოჩნდება როგორც სხვა, უცხო, გარედან თავს მოხვეული; რუსეთის უღელქვეშ ქართველი თავის ვინაობას, იდენტობას კარგავს – ეს არის ყაზბეგის სათქმელი.

იცნობს მსოფლიო რუსეთის ამ სახე-ხატს, რომელიც ჩვენს ლიტერატურაშია დამკვიდრებული? რამე გაუგონია რუსული კულტურის ამ მეორე მხარის შესახებ? არაფერი – ყაზბეგი და ილია ხომ გამოკითხვათა ლიდერები არ არიან.

აქვე მეორე კითხვაც უნდა დავსვათ: იქნებოდა რუსული ლიტერატურა ისეთი, როგორიცაა, პეტრე პირველის მიერ რუსეთის რადიკალური ევროპეიზაცია რომ არა? დაფიქრდით, აბა, რა იცით რუსულ პოეზიაზე პუშკინამდე? დერჟავინამდე? შუა საუკუნეების რომელი რუსული ტექსტი გაგიგონიათ, ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალური რომ იყოს დღეს, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“? უნდა ითქვას, რომ ამ ევროპეიზაციის პროცესს სათავე პეტრეს მამამ, ალექსანდრემ, დაუდო, როცა საეკლესიო რეფორმების გასატარებლად მასობრივი რეპრესიები წამოიწყო. მიაქციეთ ყურადღება – აქ საუბარია არა კულტურათა ბუნებრივ გაცვლა-გამოცვლაზე, არამედ უცხო კულტურის ნაძალადევ დანერგვაზე, გადმოღებაზე. ეს იყო ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად განხორციელებული პროცესი და არა ხალხთა ურთიერთობით მიღებული თავისთავადი შედეგი.

მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანბანი რუსებს მეცხრე საუკუნემდე არ ჰქონიათ. მაგრამ რომელ ენას შეუქმნეს ეს ანბანი კირილემ და მეთოდემ, ძველ რუსულს? საქმეც ეგაა, რომ არა. გახსოვთ, რომელიღაც მომლოცველთა ჯგუფზე რომ აღვშფოთდით, სვეტიცხოველში რუსულად როგორ გაბედეს ლოცვაო? სინამდვილეში ისინი რუსულად არ აღავლენდნენ პარაკლისს. რუსულად პარაკლისსა და წირვას, საერთოდ, არავინ აღავლენს – კირილემ და მეთოდემ წმინდა წერილი თარგმნეს არა ძველ რუსულად ანუ იმ ენაზე, რომელზეც მაშინ ჩრდილოეთით მცხოვრები სლავები (უკრაინელები, რუსები, ბელორუსები) მეტყველებდნენ, არამედ სამხრეთით მცხოვრები სლავების ენაზე – ძველსლავურად. ეს დღევანდელი მაკედონიელების, სერბებისა და ბულგარელების წინაპართა ენაა. ძველი რუსული კირილემ და მეთოდემ არ იცოდნენ. ისინი არც არასდროს ყოფილან რუსეთში. სამაგიეროდ, ბიზანტიასთან გეოგრაფიულად უფრო ახლოს მყოფი სამხრეთელი სლავების დიალექტები ბავშვობიდანვე ესმოდათ. ასე რომ, ენა, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ იქცა სამწერლობო ენად რუსეთში და უკვე საეკლესიო სლავური ეწოდა, და რომელზეც წირავს მთელი რუსეთი და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ეკლესიები (რომელთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება), რუსებისა არ არის.[2] გახსოვთ ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ერთი ძველი ფორმულა? „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების…“ აი, რუსი კი თავის იდენტობას ასე ვერასოდეს განსაზღვრავდა.

დაბოლოს, საყურადღებოდ მეჩვენება ჩემი ახლობლის ფრაზა ომის დროს რუსების მიერ ხელოვნების ნიმუშების გაზიდვაზე. ვფიქრობ, აქ საკვანძო სიტყვაა „გაზიდეს“. მარადიორობით კულტურას ვერ შეიძენ. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, ის, რაც რუსულ კულტურაში მოგწონთ, სინამდვილეში ევროპული კულტურის შექმნილი და დანატოვარი ხომ არ არის.

[1] „მგზავრის წერილები“, ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტომი მეორე. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1988

[2] ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, თავად რუს ლინგვისტებს მოუსმინოთ: https://www.youtube.com/watch?v=TNn-or7jjVY ; https://www.youtube.com/watch?v=vDSn1HWY8J8 .

აღზრდა – თანამედროვე მიდგომები

0

გაგაცნობთ გერმანელი ავტორის სუზან მირაუს ნაშრომს „თავისუფალი და უდრეკი“ („Frei und unverbogen“). სუზან მირაუ პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტია. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ამასთან ერთად, ის უძღვება ბლოგს, მართავს სემინარებს, სპიკერია კონფერენციებზე, სადაც ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.

 

მშობლებთან ურთიერთობა გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე. მისი სულიერი, ემოციური და ფიზიკური განვითარება სწორედ ამ ურთიერთობის თავისებურებებზეა დამოკიდებული. წიგნის ავტორის აზრით, მშობლების უმრავლესობა ცდილობს, შვილები სწორად აღზარდოს, რათა, ზრდასრულ ასაკს მიღწეულებმა, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. აღზრდის მრავალი თეორია არსებობს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაინც როგორია „სწორი აღზრდის“ პრინციპები? როგორ უნდა მოახერხონ მშობლებმა უამრავ რჩევასა და რეკომენდაციას შორის საუკეთესოს არჩევა? ან იქნებ საერთოდ არ არის საჭირო „აღზრდა“? მშობლებს თავად აქვთ შვილად ყოფნის გამოცდილება და მათი მშობლებიც აღზრდის გარკვეული სტილით ხელმძღვანელობდნენ, ამიტომ უფროსები ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს: „როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, მშობლებს განსხვავებული მიდგომები რომ ჰქონოდათ?“ ეს კითხვები ზრდასრულ ადამიანებს უმეტესად უსიამოვნო განცდებს უჩენს, რადგან ფიქრობენ, რომ მათ თავს მოახვიეს გარკვეული ჩარჩოები, შეზღუდვები ან სულაც ძალიან დააზიანეს.

„უდავოა, რომ აღზრდა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ, – ვკითხულობთ წიგნში, – კერძოდ, იმას, პოზიტიურად აფასებს თუ ნეგატიურად საკუთარ პიროვნებას, საკუთარ შესაძლებლობებს, ართმევს თუ ვერა თავს ცხოვრებისეულ სირთულეებს. ასევე სერიოზული ფაქტორია ბავშვის ცხოვრების დასაწყისში მისთვის მნიშვნელოვანი უფროსისადმი მიჯაჭვულობის განცდის ფორმირება. ბავშვის გადმოსახედიდან, მიჯაჭვულობა მას იცავს, საფრთხეს არიდებს, რაც უზრუნველყოფს მის ფიზიკურ, პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდა-განვითარებას. სამწუხაროდ, თუ ადამიანს ბავშვობიდანვე არ ჩამოუყალიბდა საიმედო, მყარი მიჯაჭვულობა, ის პერიოდულად განიცდის საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას, შესაძლოა, ჰქონდეს უიმედობის განცდა. იმატებს რისკი უფრო სერიოზული პრობლემების განვითარებისა (შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული მდგომარეობები და სხვადასხვა სახის სომატური ჩივილები).

აღზრდის შესახებ სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა მრავლად არის. ამ ლიტერატურაში უამრავ რეკომენდაციას თუ მითითებას ამოიკითხავთ: როგორ მოუწესრიგოთ ძილი პატარას; როგორ ასწავლოთ ბრაზის მართვა და თავადაც ისწავლოთ ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ზოგიერთი ავტორი მშობლებს უხსნის, როგორ მოიქცნენ მცირეწლოვან თუ მოზარდ შვილთან. მიუხედავად ბევრი რჩევა-დარიგებისა, მშობლები მაინც ჩივიან, რომ შვილებთან გაუცხოება სერიოზულ პრობლემად რჩება. ისე გამოდის, რომ ბავშვები, ასე ვთქვათ, თავს კარგავენ, როდესაც სიახლეებთან ადაპტირებას ცდილობენ“.

ყველა ბავშვი და ყველა მშობელი განსხვავებულია, უნიკალურია. პრობლემებიც ყველას კომპლექსური და განსხვავებული აქვს და ტრივიალური, ზოგადი რეკომენდაციებით ისინი ვერ გადაიჭრება. ამდენად, აღზრდის პროცესში ინდივიდუალური მიდგომები უკიდურესად მნიშვნელოვანია. შეუძლებელია, უნივერსალური პასუხი გაეცეს კონკრეტულ სიტუაციებში გაჩენილ კითხვებს. ბავშვები არ არიან ელექტრონული მოწყობილობები, რომ საჭირო ღილაკს თითი დააჭირო და გარანტირებული შედეგი მიიღო. სუზან მირაუს აზრით, ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ სხვადასხვა გამღიზიანებელზე, მათ განსხვავებული ტემპერამენტი და უნარები აქვთ, ამიტომ განსხვავებული რეკომენდაციები და ქცევის კორექციისადმი სხვადასხვა მიდგომა თითოეულზე განსხვავებულად მოქმედებს. ჩვილებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტირილის დროს დასამშვიდებლად ზოგს ხელში აყვანაც ჰყოფნის, ზოგი კი უფრო მეტს მოითხოვს მშობლებისგან.

განსხვავებული მიდგომები, ცხადია, მხოლოდ დამშვიდებისას არ არის საჭირო – ისინი აქტიურობის, აგზნებადობისა და ჰიპერაქტიურობის შემთხვევაშიც შეიძლება განსხვავებული იყოს.

პრობლემის გადაჭრა უმეტესად კონკრეტულ ქმედებას ან მეთოდს გულისხმობს. თავდაპირველად აუცილებელია, მშობელმა/უფროსმა მოახერხოს პრობლემის გამომწვევი მიზეზის ამოცნობა. საქმე ეხება მშობლების/აღმზრდელების შეხედულებას, საზოგადოდ, ბავშვზე, მის მოთხოვნილებებსა და უფროსებთან ურთიერთობაზე. ანუ როგორ იქცევიან ზრდასრულები, როდესაც მშობლის როლში არიან. ამ შემთხვევაში აღზრდის მეთოდებზე საუბარი მეორეხარისხოვანია, ხანდახან კი საერთოდაც არ დგება დღის წესრიგში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მშობელი აღმოაჩენს, რომ აღზრდის არცერთი კონცეფცია არ შეეფერება მის წარმოდგენას საკუთარი შვილის შესახებ.

გერმანელი ავტორი საკუთარ პრაქტიკაზეც გვესაუბრება და ერთ შემთხვევას იხსენებს. ახალგაზრდა მშობლები მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდნენ: მათი ოთხი წლის გოგონა მაია საღამოობით არაფრით არ იძინებდა. დედას, რომელიც სამსახურში მთელი დღე საპასუხისმგებლო საქმით იყო დაკავებული, შინ დაბრუნებისას იმედი ჰქონდა, რომ მას შემდეგ, რაც მაია დაიძინებდა, მშვიდად მოილევდა საოჯახო საქმეებს და დასვენებასა და განტვირთვასაც შეძლებდა. შვილის ურჩობით შეწუხებულმა მშობლებმა უამრავი რამ სცადეს ბავშვის დასაძინებლად: გოგონას უკითხავდნენ წიგნებს, ამშვიდებდნენ აბაზანით ან მასაჟს უკეთებდნენ; დედა და მამა რიგრიგობით წვებოდნენ საწოლში მაიასთან ერთად, უსმენდნენ აუდიოზღაპრებს. მშობლები მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს ქმნიდნენ, რითაც ცდილობდნენ, გოგონასთვის ჩაძინება შეუმჩნეველი და ბუნებრივი გაეხადათ. სამწუხაროდ, არცერთმა მეთოდმა არ გაჭრა. თითქოსდა ჩაძინებული მაია ისევ თამაშს იწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ ისე ეძინებოდა, გამუდმებით თვალებს ისრესდა. მშობლებმა პედიატრსაც მიმართეს და, მისი რეკომენდაციით, შვილის ერთსა და იმავე დროს დაძინება სცადეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ. გაღიზიანებულმა დედამ საწოლში მაიას ძალით გაჩერებაც მოინდომა. ასეთი მცდელობები იმით სრულდებოდა, რომ დედაც და შვილიც ტირილს იწყებდნენ. დაღლილი მაია ძლივს ახერხებდა ჩაძინებას.

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც შეწუხებული მშობლები სერიოზულად გაესაუბრნენ პატარას. მაიამ ისინი მიახვედრა, რომ სურდა, თავად მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

„წარმომიდგენია, – წერს ავტორი, – რა ირონიულად ჩაიცინებენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები და იფიქრებენ: „ასეთი ციცქნა და უკვე საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება?“ დიახ! სპეციალისტები ამას ავტონომიურობის ფაზას უწოდებენ. საბავშვო ბაღში გატარებული დღის შემდეგ მაიასთვის ძალიან დიდი შეზღუდვა იყო დასაძინებლად გამწესება. მას მშობლებთან დროის გატარება და, ამავე დროს, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, გოგონასთვის მოესმინათ. ისინი ნებას რთავდნენ პატარას, ვახშმობამდე ეთამაშა მამასთან ერთად, დედა კი ამ დროს მშვიდად აკეთებდა საქმეს. ამის შემდეგ ბავშვი უპრობლემოდ იძინებდა“.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ხშირად მშობლები შვილებს სათანადოდ ვერ აფასებენ. უფროსების თვალთახედვით, მათი შვილები არიან ისეთები, როგორი წარმოდგენაც აქვთ მშობლებს, საზოგადოდ, ბავშვებზე. პრობლემების უმრავლესობა სწორედ ამ მოცემულობიდან წარმოიშობა, – მიაჩნია გერმანელ ექსპერტს.

მაინც რატომ არის, რომ მშობლები უნიკალურ ინდივიდებად ვერ აღიქვამენ შვილებს? რატომ მიიჩნევენ უფროსები, რომ ბავშვები მათ შეხედულებებს უნდა შეესატყვისებოდნენ? რატომ ჰგონიათ, რომ ისინი ყოველთვის ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებით არის განსაზღვრული? იმიტომ ხომ არა, რომ უფროსებს სავალდებულოდ მიაჩნიათ უმცროსების აღზრდა?

საინტერესო კითხვებია, არა? ახლა გაცილებით საინტერესო კითხვებს მოისმენთ, პასუხებს კი ამავე ავტორის სტატიებში ამოიკითხავთ. მაშ ასე: როგორ ვისწავლოთ შვილების ჭეშმარიტი გაგება? როგორ გავთავისუფლდეთ გარკვეული ფიქრებისა და მოლოდინებისგან? რატომ არის, რომ სხვადასხვა ავტორი დღესაც სთავაზობს მშობლებს აღზრდის მზამზარეულ მიდგომებს? როგორ მოახერხონ მშობლებმა, რომ შვილებს პატივისცემით მოეპყრონ, თანაც ისე, რომ არცერთი მხარე არ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად და გამოფიტულად?

 

 

იცნობ ამ ხალხს?

0

პირველი შეხვედრისთანავე ხეირიანად რომ გავიცნო და მეგობრად გახდომა მოვიწადინო, გულისყურით უნდა მოვუსმინო, დაკვირვების მზერით დავუთვალიერო მიხრა-მოხრა და სახე-იერი, დავიმახსოვრო სიტყვა-პასუხი, ოხვრა-ნუგეში და სიხარულ-ტკივილის ექო. აი, მეგობრობა თუ შემიძლია, მასთან ურთიერთობისას გამოვიცდები, ემანდ გამოჩნდება ჩემი კაცობა. საკითხავია, მე როგორ ვუერთგულებ მას, თორემ ის რომ შეძლებს, უტყუარი ჭეშმარიტებაა. მე ვიცვლები, მუდმივად ვსხვაფერდები, ის კი იგივეა. მეშინია, ერთხელაც იმედს გავუცრუებ და ის ხელს აიღებს ჩემთან მეგობრობაზე. მერე რით ვუშველო თავს? მის გარეშე რა მეშველება?

ან რომელიმეს არ მოვეწონები ასე ცვალებადი, ასე უნდო, არასაყრდენი კაცი. მე შევეცდები მტკიცებას, რომ ჩემი ზნე-ხასიათის ცვლილება მასთან მეგობრობის გამტკიცებისთვისაა. ის მიპასუხებს, რომ არ გამომდის. კიდევ უნდა ვცადო. კიდევ და კიდევ.

მაინც უნდა შემოვირიგო. ამგვარად დავაგროვო, შემოვიკრიბო.

მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟების შესახებ მოგახსენებთ. როცა ფეხს მოვირთხამ მათ შორის და შევუდგებით ბაასსა და განსჯას, ვბედნიერდები. ეს ცალმხრივი საუბარი არ გეგონოთ, არც უენონი და უთქმელნი არიან და არც მხოლოდ მოსმენა შეუძლიათ. არა და არა! ისინი საუკეთესო მრჩევლები მყვანან, მუდმივად გვერდით. იოლი წარმოსადგენია, რას ფიქრობენ ჩემზე, ჩვენზე – ერზე, საზოგადოებასა თუ თითოეულ ადამიანზე. არ არის სახუმარო და მასხრად ასაგდები მათი ქადაგება და შეგონება – სიტყვასიტყვით გამოსადეგი და ანგარიშგასაწევია.

ჰო, ის პერსონაჟებიც ირგვლივ მყვანან, ვინც არ მომწონს და ვუპირისპირდები, ვეწინააღმდეგები, ისე ვებრძვი, როგორც ქარი ფოთლებს. კი, ისინიც მეგობრები არიან. ბევრ რეალურ, ხელშესახებ, ფიცი-მტკიცით შეკრულ ადამიანსაც აჯობებენ. ერთგულები არიან იმით, რომ აზრსა და შეხედულებას არ ღალატობენ, ერთს იტყვიან და მორჩა, კამათი დამთავრებულია. ცვალებად დროსა და წარმავალი ხელისუფლის ნება-უფლებას არ აჰყვებ-დაჰყვებიან, არც იკარგებიან, არც იმალებიან. მოვუხმობ და წამში აქ მყვანან.

პერსონაჟების განათლება თუ უწიგნურობა, ცოდნა და გამოუცდელობა, სირბილე თუ სიხისტე, თავმდაბლობა თუ ამპარტავნება, სიკეთე თუ სიავე, ბრძნობა თუ უგუნურობა, სიმდიდრე თუ სიგლახაკე, დიდგვაროვნება თუ უსახელობა, ძალა თუ უილაჯობა, ბედობა თუ უბედობა – სულ ჩემს სასარგებლოდაა მოსახმარი.

მიწუწუნია, ამ ყოფიერების რამე ახალი საზოგადო მოვლენა ძველ ნაცნობობას რომ შეიწირავს ხოლმე. ისეთი განცდა მიპყრობს, თითქოს თავშესაფარს ვეთხოვებოდე. ვცდები. საბედნიეროდ, ვცდები! სანამ ვსუნთქავ, ვხედავ და მესმის, ჩემი იდუმალი მეგობრები ახლოს მყვანან და, ესე იგი, თავზე ჭერი მახურავს. ესე იგი, მარტო არ ვარ. ხოლო ვისაც ერთხელ გაცნობილი პერსონაჟი სავალზე გადასდგომია, უცვნია და არ მისალმებია, გამოდის, რომ არც საახლობლოდ გადაუქცევია ნაცნობობა. ასე ვინ იქცევა, თუ არა თავმოძულებული, მიწას და ხალხს მოწყვეტილი უსამშობლო მავანი?

ვიღაც იტყვის, ლიტერატურული პერსონაჟები გამოგონილნი არიან, ამბავი მწერალმა შეთხზაო; თუ სულაც არ არსებობდნენ, წარსულს არ იცნობენ და თანამედროვეობის, აბა, რა გაეგებათო; დავუშვათ, რომ იცხოვრეს, დიდი ხანია დაიხოცნენ და მკვდრები სანდონი აღარ არიანო.

მე მცდელობა მირჩევნია. მოვუხმობ რომელიმეს და მოვა. არა ერთი ან ორი – მწკრივი ჩამოდგება. რა ჯობია მათთან ჩამოჯდომას.

შენ, მკითხველო, პერსონაჟი გადმოიბირე და წიგნიდან გამოიხმე, შენსავე ცხოვრებაში შემოუძეხი. მოდი, ვნახოთ!

მაინტერესებს, რა სიტყვას გააგონებ ალავერდის გუმბათზე გურამს, „ზესწრაფვაზე“ რომ აამბობინო, სამშობლოთი გატაცებისთვის; რას ეტყვი ლუარსაბ თათქარიძეს, რომ გაუშინაურდე და გემოებზე ალაპარაკო; აბა, ეცადე, დაარწმუნო თეიმურაზ ხევისთავი და მეზობლად დაისახლო – გონიერია, ნაკითხი, ჭკუასაკითხავი; „მერანის“ მხედარს შეემუდარე, იქნებ შენკენ გამოაქროლოს ცხენი, ბედი გახედნინოს; ვარსქენს უჩურჩულე, როგორმე თავი წარუდგინე, გამოიცადე მასთან ჭიდილში; ალუდა ქეთელაურს გაჰყევ თარეშის მოსაგერიებლად და მკლავქვეშ შეუდექ, ღონიერ სიმართლეს გიწილადებს; ბაში-აჩუკის რაზმში ჩაეწერე და შეიპირე დახმარებისთვის, როცა თავს დაუცველად იგრძნობ; მიდი, ონისე გადაარჩინე, აეფარე მამის მახვილს და ის შენი სახლის არემარეს უთვალთვალებს, მტერი არ გამოეპარება; კითხვებზე პასუხებისთვის ჯერ რუქასთან გაიარე, სანამ ფარსმანს ესტუმრებოდე; სიყვარულში რჩევისთვის ტარიელი მოძებნე; ყივჩაღს პაემანი დაუთქვი – ნაღდი, თავგანწირვის პაემანი; გრიგოლ ხანძთელს გადასძახე, ევედრე სულით გაძლიერებისთვის; ფინეზ მეფესთან ითათბირე საქვეყნო საქმეებზე; ჯუმბერის ცოდნა გაიზიარე; ლეონს მიებარე შეგირდად; იგის ათქმევინე, „იგიში“ ხარო, დარწმუნდი, რომ ვითარდები; ვასიკო კეჟერაძისგან თავისუფლება გაითავისე; პლატონ სამანიშვილს ათქმევინე „გვარიანი“ სიღარიბის ავანჩავანზე; არსაკიძესთან ხელოვნება აქე, ხელი გამოიწრთე; ოთარაანთ გიორგის ვაზი დაარგვევინე; გურამიშვილთან „სწავლის მძებნელობა“ შეიფერე, ის სამშობლოს წარსულს მოგიყვება, შენ მომავალზე უამბე; „ლურჯა ცხენებით“ იჯირითეთ შენ და გალაკტიონმა, შეიგრძენი ქროლის ნეტარება;  ერთად ჩამოკრიფეთ თუთა და დატკბი ანას ლირიკით; გველს არ დაუთმო, შენ იცეკვე ელისთან, შეისუნთქე საქართველოს მონატრება, სურნელოვანი…

სასაუბრო ენა – ქართული.

– იცნობ ამ ხალხს?

მე იდუმალი მეგობრები მყავს – ერთი და ბევრი, ბევრი და ერთი.

პოზიტიური შეფასებისას დაშვებული შეცდომა

0

არ ვიცი, იხსენებთ თუ არა მოსწავლეობის დროინდელ ამბებსა და გულისტკივილებს, მე კი მათი გახსენება მეხმარება, მარტივად დავაყენო თავი ჩემი მოსწავლეების ადგილას და შეცდომები არ გავიმეორო. ახალი ამბავი არ არის, რომ როცა თავს სხვის ადგილას წარმოიდგენ, უფრო ადვილად გაიაზრებ, რატომ იქცევა ის სხვა ასე. ადამიანები ამას იშვიათად ვაკეთებთ, უმეტესად განსჯა გვირჩევნია, თუმცა მუდამ ასე რომ მოვქცეულიყავით, უდიდეს შვებას ვიგრძნობდით და ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდებოდა, პირველ რიგში – ჩვენთვის.

კარგი მოსწავლეობა ადვილი არ არის. „კარგი“ მეტისმეტად სუბიექტური ცნებაა, თუმცა, კლასიკური განმარტებით, ეს ნიშნავს მოსწავლეს, რომელიც შედარებით სწრაფად ითვისებს მასალას, გაკვეთილზე ჩართულია მუშაობაში და დავალებებსაც ყოველთვის ასრულებს. კარგი მოსწავლეობის ეს განმარტება თაობებს მოჰყვება, პერიოდულად რაღაცები იცვლება, განსაზღვრებები ემატება ან აკლდება, ძირითადი ფორმა კი უცვლელია: კარგი მოსწავლე ხარ, თუ სისტემატურად სწავლობ და დავალებებსაც ასრულებ ხოლმე. ჰოდა, ეს სულაც არ არის-მეთქი მარტივი! განა იმიტომ, რომ სწავლა და დავალებების შესრულებაა რთული, არამედ იმიტომ, რომ ამას ყველა მიეჩვია.

როცა პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ხშირად მირჩევდნენ, შემექო და წამეხალისებინა ყველა მოსწავლე, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც განსხვავებული გამოწვევები ჰქონდა, რათა მოტივაცია ამაღლებოდათ და სხვა, შედარებით ძლიერი ბავშვების ფონზე სწავლის ხალისი არ დაკარგვოდათ. დროთა განმავლობაში პოზიტიური შეფასება ისე გამიჯდა ხასიათში, რომ ჩემი საგაკვეთილო პროცესის ძალიან ორგანულ და, იმავდროულად, გულწრფელ ნაწილად იქცა. მერე კი ერთი რამ შევამჩნიე – კლასი თავისთავად დაიყო ჯგუფებად: მოსწავლეები, რომლებისგანაც ყოველთვის მოველოდი შედეგს, მოსწავლეები, რომლებიც მუშაობისა და ქების ფონზე სწრაფად პროგრესირებდნენ და მოსწავლეები, რომლებიც შედარებით ნელა პროგრესირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყურადღება და მოტივაციის ასამაღლებელი ქება უმეტესად სწორედ იმ მოსწავლეებისკენ მქონდა მიმართული, რომლებიც მეორე და მესამე კატეგორიებში მოხვდნენ.

შესაძლოა, ამ შეცდომაზე ყურადღება არც კი გამემახვილებინა, რომ არა გოგონა, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ დღეს გაკვეთილზე მკითხა: „მას, მე არ ვარ ყოჩაღი?“ შენ თავისთავად-მეთქი, მივუგე და როგორც კი გაკვეთილი დასრულდა, მთელი სიცხადით მივხვდი, რას ნიშნავდა მისი შეკითხვა. მე ისე მივეჩვიე მის სტაბილურ პროგრესს, რომ ნელ-ნელა გადამავიწყდა აღმენიშნა, როგორი კარგია. ალბათ დავიჯერე, რომ მასაც ისევე უნდა სცოდნოდა თავისი ყოჩაღობის ამბავი, როგორც მე ვიცოდი. ამასობაში კი დამავიწყდა, ხმამაღლა შემეხსენებინა მისთვის, რომ ვენდობოდი და, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა პატარები ჩვენს ნდობას ასე ვერ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ საკმარისად კარგები არ არიან.

სკოლაში მისულმა, კითხვა მალევე ვისწავლე. გამართულად ვკითხულობდი და ჩემი მასწავლებელი ამას ისე მიეჩვია, თითქოს თანდაყოლილი უნარი ყოფილიყო და არა ჩემი შრომის შედეგი. ჩემი თანაკლასელების უმეტესობა კი ჯერ კიდევ ეჭიდავებოდა ერთად თავმოყრილ ასოებს. ერთ დღეს გაკვეთილზე დირექტორი დაგვესწრო. მახსოვს, ყველას წაგვაკითხეს თითო აბზაცი. სხაპასხუპით ჩავამთავრე და გავჩერდი. ჩემმა თანაკლასელებმაც ჩაკითხეს, მათ შორის ერთმა – ასევე სხაპასხუპით და კარგად. მახსოვს, მასწავლებელი მას მონდომებით აქებდა იმის გამო, რომ კითხვა ასე კარგად ისწავლა. აქებდა, რათა მეტი მოტივაცია მისცემოდა, რადგან მანამდე ბევრი სირთულე ჰქონდა და მასწავლებლის დახმარებით ეტაპობრივად დაძლია. როდესაც მან კითხვა დაამთავრა, მასწავლებელი თავზე დაადგა, მოეფერა და დირექტორსაც უთხრა, აი, რა კარგად ისწავლა კითხვა, რა ყოჩაღიაო. დირექტორმა ჩემზე ანიშნა, ისიც კარგად კითხულობსო. მასწავლებელმა წამით გამომხედა, ხელი აიქნია: ის ჰო, თავისთავადო, -და ისევ ჩემს თანაკლასელზე განაგრძო საუბარი.

ახლა, როცა უკან ვიხედები, ამ ეპიზოდში უამრავ შეცდომას ვხედავ, თუნდაც ჩემი იმ თანაკლასელების წინაშე დაშვებულს, რომლებმაც ვერც მასწავლებლის ქება დაიმსახურეს და არც დირექტორი გამოესარჩლათ, თუმცა მინდა, უკეთ აგიხსნათ, რატომ დატოვა ჩემს მეხსიერებაში ამხელა კვალი ამ მოგონებამ. მასწავლებელს ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი. არ გეგონოთ, ის ხელის აქნევა და პასუხი იმას ნიშნავდა, რომ ჩემს უნარებს არაფრად აგდებდა. უბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ მე ეს მისი პოზიტიური შეფასების გარეშეც უნდა შემძლებოდა და რომ შემეძლო კიდეც. მაგრამ ჩემმა ბავშვურმა გონებამ ვერაფრით გაიაზრა, რატომ არ იყო ჩემი მიღწევა აღნიშვნის ღირსი და ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. ჩემმა თვითშეფასებამ ზემოთ-ქვემოთ დაიწყო მოძრაობა, იმის მიხედვით, თუ როგორ შეაფასებდნენ სხვები ჩემს ნამუშევარს. სხვები კი ხშირად არ მაფასებდნენ. განა იმიტომ, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ ვარგოდა, ამას მოელოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მეც უნდა მცოდნოდა. მე ზოგჯერ ვიცოდი და საკუთარი თავით მეტისმეტად ვამაყობდი, ზოგჯერ კი პირიქით, მეგონა, საკმარისი არ იყო, რასაც ვაკეთებდი და მეტი უნდა მეკეთებინა. მერე ვბრაზობდი და საერთოდ არაფრის კეთება აღარ მინდოდა.

პატარამ თითქმის არასდროს იცის და გამუდმებით ეძებს ხელჩასაჭიდს უფროსებისგან – სიტყვას, საქციელს, ქებას, ნიშნად იმისა, რომ ის, რაც გააკეთა, თუნდაც იოლად, კარგი და საკმარისია. თუ ვერ იპოვა, ნელ-ნელა „კარგი მოსწავლეც“ დაკარგავს მოტივაციას.

„მას, ჩემს დავალებას არ ამოწმებთ?“ – მკითხა წინა დღეს ერთმა მოსწავლემ. „არასდროს არავინ ამოწმებს ჩემს დავალებას“, – ჩაიბურტყუნა მერე თავისთვის. ამის გაგონებისთანავე მის მერხთან გავჩნდი, თუმცა ვაღიარებ, შესაძლოა, მისი დავალება მართლა არ შემემოწმებინა, სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ყველაფერი უშეცდომოდ ექნებოდა დაწერილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს თანაბრად მივაქციოთ ყურადღება, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა და ხშირად შევაქოთ ისინიც, ვინც, ჩვენი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან მივიღებთ უფროსს, რომელიც თავის პროფესიაში შემდგარია, მაგრამ ყველა მიღწევას გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ყოველ წამს სხვებისგან ითხოვს დასტურს, რომ რაღაც გამოუვიდა, რათა ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასტაბილური თვითშეფასება ცოტა ხნით მაინც დაასტაბილუროს.

 

 

 

„სად ხარ?“

0

არარსებულის მონატრებაზე

„სად ხარ?“ – კითხულობს ხოლმე ჩვენი მცირეწლოვანი სხეული, როდესაც ნუგეშისცემა გვჭირდება. საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სინამდვილის, ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დაბნეული და განიარაღებული, ზოგჯერ დამფრთხალი მოვავლებთ ხოლმე თვალს გარემოს ჩვენზე ძლიერის – ჩვენზე მზრუნველის, მფარველის – საპოვნელად.

იმ შემთხვევაში, თუ მე, როგორც პატარას და დაუცველს, შემიძლია, ამ კითხვაზე საკუთარ თავს ვუპასუხო: „აქ ხარ“, – მაშინ მწამს, რომ მეც ვარსებობ.

იმისთვის, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობები დავინახოთ, – მათთვის სიტყვების შესაბამება შევძლოთ, – ცხოვრების საწყის საფეხურზე განსაკუთრებით ხშირად გვჭირდება ზრდასრული, რომელიც შეძლებისამებრ ზუსტად აირეკლავს ჩვენს შინაგან მდგომარეობებს და დაგვეხმარება ჯერ კიდევ აუთვისებელი და უცნობი სივრცის – ჩვენი ფსიქიკური სამყაროს შეცნობისთვის საჭირო ცნობისმოყვარეობის გაშინაგნებაში.

საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებსა და მოლოდინებზე გამოხმაურება ბავშვისთვის მთავარი ამოცანა არ არის და ის დროთა განმავლობაში სწავლობს, რას ელიან მისგან ან რა შეიძლება მოჰყვეს დამკვიდრებულ წესრიგზე გამოხმაურებას თუ გამოუხმაურებლობას. აქედან გამომდინარე, ბავშვის აღზრდა მშობლისთვის, რა თქმა უნდა, ურთულესი ამოცანა და გამოწვევების ერთობლიობაა. აღზრდა უკავშირდება მშობლის უნარს, ერთი მხრივ, გააცნობიეროს და მართოს მდგომარეობები, რომელთაც ბავშვის ქცევები აღძრავს მასში, მეორე მხრივ კი გამოეხმაუროს როგორც საკუთარ, ისე ბავშვის მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობა უნებლიეთ, გაუცნობიერებლად იმეორებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც მისკენ როგორც ბავშვისკენ იყო მიმართული. ამდენად, ადამიანები ხშირად განსჯისა და შედეგებზე დაფიქრების გარეშე იყენებენ მიდგომებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც დღესდღეობით ერთმნიშვნელოვნად დამაზიანებლად არის აღიარებული.

 

„უხილავი ვარ“

უგულებელმყოფი აღზრდა იმ მიდგომების ერთობლიობაა, რომლებიც ადამიანის ძირეული მოთხოვნილებების, მათ შორის – ფსიქიკურისა თუ სულიერის, მიმართ განურჩევლობით, მათდამი გამაუფასურებელი, დამაკნინებელი ან გულგრილი დამოკიდებულებით ვლინდება. უგულებელმყოფი აღზრდა აზიანებს ნდობაზე დამყარებულ კავშირს, რადგან მჭიდროდ არის დაკავშირებული მიტოვების შფოთვის გაღვივებასთან.

უგულებელმყოფი აღზრდის შედეგი როგორც საკუთარი, ისე სხვების მოთხოვნილებებისადმი განურჩეველი, გამაუფასურებელი დამოკიდებულებაა, ზოგჯერ მტრულიც კი, რადგან ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავშივე არ აღიარებს ძირეული მოთხოვნილებების მნიშვნელობას.

„უხილავი ხარ, რადგან მე ჩემთვისვე უჩინარი ვარ“, „არ არსებობ, რადგან თავად არ ვარსებობ საკუთარი თავისთვის“.

 

„არ ვიცი, რა მჭირდება, რადგან არ ვიცი, როგორ გავიგო, რა მჭირდება“

უგულებელმყოფი აღზრდის საფუძველი ზოგჯერ არა უგულებელყოფის გაცნობიერებული განზრახვა ან ბავშვის დაზიანების სურვილია, არამედ მიყურადების უნარისა და მგრძნობიარობის ნაკლებობა. მგრძნობიარობა ამ შემთხვევაში წარმოადგენს როგორც საკუთარ, ისე სხვების ძირეულ მოთხოვნილებებთან დაკავშირების უნარს, რასაც როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან შესატყვისად გამოხმაურების უნარი ეფუძნება.

უგულებელმყოფი დამოკიდებულება ზოგჯერ ერთი შეხედვით, უწყინარი მინიშნებების სახით ვლინდება.

„ამაზე ნუ ფიქრობ… სისულელეა“, – ადამიანის აზრებისკენ მიმართული ასეთი მითითება მას თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს. გარდა ამისა, უბიძგებს, საკუთარი ფიქრები საშიშად მიიჩნიოს და უყალიბებს საკუთარი აზრებისგან განრიდების ზოგჯერ დაუძლეველ ლტოლვას.

„ამაზე არ უნდა ბრაზობდე…“, – ზოგიერთი ემოციისკენ მიმართული მსგავსი განწყობა ამ მდგომარეობათა განცდის შექცევადობის ძლიერ და მცდარ რწმენას აყალიბებს. აკრძალული მდგომარეობების განცდას ხშირად თან ახლავს ბრალეულობის ძლიერი განცდაც. როდესაც ადამიანი მსგავსი დამოკიდებულების სამიზნეა, მისი სასიცოცხლო ძალა ხშირად იმისკენ არის მიმართული, რომ განსაზღვრული მდგომარეობები არ განიცადოს და არა იმისკენ, რომ ამ მდგომარეობებისგან ისწავლოს, რა სჭირდება და როგორ შეუძლია ამ მოთხოვნილებების მისაღები გზებით დაკმაყოფილება.

„მოგეჩვენა… დაივიწყე“, – ამ წინადადების მიღმა ხშირად სინამდვილის გადასხვაფერების ზრახვა დგას ან იმ ადამიანის მდგომარეობათა შენიღბვის მცდელობა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ცდილობს, დამკვირვებლის თვალს გადაემალოს. შედეგად შესაძლოა ჩამოყალიბდეს უნდობლობა საკუთარი შემეცნებითი უნარების (შეგრძნების, აღქმის, ყურადღებისა და მეხსიერების, აზროვნებისა და განსჯის) მიმართ.

„შენ წარუმატებელი ვერ იქნები. ამას ვერ დავიჯერებ“, – მშობლის მიერ შვილის მარცხის უარყოფა უგულებელმყოფი დამოკიდებულების განსაკუთრებული სახეა. ამ დროს ბავშვი სწავლობს, რომ მარცხი იმთავითვე წარუმატებლობის ტოლფასია და შიშობს, რომ მშობელი ვერ გაუმკლავდება შვილის მარცხს, ამის შედეგად კი შესაძლოა ჩამოუყალიბდეს გამოწვევებისგან განრიდების ძლიერი ლტოლვა.

„ისეთი ჭკვიანი ხარ, ყველაფერს შეძლებ. არაფერი გაგიჭირდება“, – ხშირად ამ სიტყვებით ამხნევებენ შრომისმოყვარე ადამიანებს. როდესაც ასეთ ადამიანებს საკუთარ უნარიანობაში ეჭვი ეპარებათ, ირგვლივ მყოფები გულუბრყვილოდ ცდილობენ, ისინი საკუთარ ყოვლისშემძლეობაში დაარწმუნონ, რაც დაახლოებით ასე ფასდება: „გამოდის, რომ მიუღებელია, რამე მიჭირდეს. მე ყველაფერი უნდა შემეძლოს“.

„თუ ჩემს მოლოდინებს უზადოდ არ ეხმაურები, შენ ჩემთვის არ არსებობ“, – კავშირის შეზღუდვისა და შეწყვეტის დასჯის მიზნით გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და შფოთვის აღმძვრელი გამოცდილებაა. წესისამებრ, კავშირის აღდგენა უკიდურესად რთულია. აღზრდაში სიჩუმით დასჯის, გაბუტვისა და ზურგშექცევის გამოყენება წარმოადგენს ნდობის უკიდურესი დაზიანებისა და, საზოგადოდ, კავშირის რღვევის წინაპირობას, რადგან წყდება უმთავრესი: ურთიერთობა ადამიანებს შორის, რაც აბრკოლებს უსაფრთხოების განცდაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და სიწრფელეს. რაც მთავარია, ურთიერთობაში მონაწილე მიმღებ მხარეს – იგულისხმება ის, ვისდამიც იყენებენ მსგავს მიდგომას – აკისრებს დამტვირთავ და ხშირად ცდომილებების ალბათობით სავსე სამუშაოს: სხვისი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოკითხვა-ამოცნობისა და მათზე გამოხმაურების პასუხისმგებლობას. ეს კი განიცდება როგორც უსამართლოდ შრომატევადი დამოკიდებულება, ზოგჯერ – მჩაგვრელიც კი. გარდა ამისა, ყალიბდება მიტოვების ავის მომასწავებელი მოლოდინი, რის გამოც ადამიანს უჭირს განსაზღვრულ ამოცანებზე ყურადღების შეჩერება, რადგან მისი სასიცოცხლო ძალა მიტოვების მომასწავებელი გამღიზიანებლების მეთვალყურეობა-ზედამხედველობისკენ არის მიმართული.

 

„მენატრება, მაგრამ არც კი ვიცი, რა… ვილტვი, მაგრამ არც კი ვიცი, რისკენ…“

უგულებელყოფა განსაკუთრებული სახის დანაკლისის განცდის საფუძველია. ეს დიდწილად არარსებულის დანაკარგის განცდაა: იმისა, რაც გჭირდებოდა და ვერ მიიღე და მხოლოდ დროდადრო, ალაგ-ალაგ თუ ჩნდებოდა გულისხმიერება, მგრძნობიარობა და განუყოფელი ყურადღება შენ მიმართ; გულისყურით თანხლებისა.

უგულებელყოფა იმას ნიშნავს, რომ არც მე ვარსებობ შენთვის და არც შენ – ჩემთვის: ორივე ერთმანეთისთვის მიუწვდომლები და მოუხელთებლები ვართ. არც მე ვიცი, როგორ გაგიგო და არც შენ – როგორ გამიგო. თუ უგულებელყოფილი ვარ, დიდწილად მივიწყებულად ვგრძნობ თავს, დროდადრო განცდილი ჯილდოს – შენი გულისხმიერების – მოლოდინში.

სად ხარ?

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...