ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

სახალისო დავალება მოსწავლეებისთვის

0

როგორ მოვამზადოთ მარწყვის ნაყინი

ზაფხულის ერთ დღეს, როდესაც ჩემი მოსწავლეებისთვის სახალისო დავალებას ვეძებდი, ყველასათვის საყვარელ ვებპორტალს https://www.kargiskola.ge/-ს ვესტუმრე და ასეთი ორიგინალური დავალება ვიპოვე.

გაგისინჯავს შინ დამზადებული ნაყინი? წაიკითხე რეცეპტი და გაიგებ, როგორ მზადდება ნაყინი სახლის პირობებში.

დასაწყისმა იმდენად მომნუსხა,  მაშინვე მივხვდი, სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი.

ნაყინი გემრიელი დესერტია. ის ასევე გაგრილების საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის ცხელ დღეებში. ამიტომ უყვარს ნაყინი ყველას. არსებობს ბევრნაირი ნაყინი: რძიანი, ნაღების, ხილის და სხვა. მისი დამზადება სახლშიც შეიძლება. ეს სულაც არ არის რთული. არც  დიდი დროა  საჭირო, არც – ბევრი რამის ყიდვა. ამას შენ თვითონ ნახავ, თუ რეცეპტს გაეცნობი.

მარწყვის ნაყინის რეცეპტი

საჭირო მასალა:

ნაღები    100 გრ;

კვერცხი 5 ცალი;

შაქარი   100 გრ;

მარწყვი 100 გრ.

 

მომზადების წესი:

აიღე ორი ჯამი. გატეხე ხუთივე კვერცხი. გული ერთ ჯამში მოათავსე, ცილა – მეორეში. ეს ჯამი გვერდზე გადადე. ცილა აღარ არის საჭირო.

ჯერ კარგად  ათქვიფე  კვერცხის  გული და შაქარი. შემდეგ ცალკე ათქვიფე ნაღები. ეს ყველაფერი შეურიე ერთმანეთს. მერე დაუმატე მარწყვი. ბოლოს მიღებული მასა ჩადე სუფთა ჭიქაში. ჭიქა ორი საათით შედგი გასაყინად. აი, ნაყინიც მზადაა!

  • როგორ ფიქრობ, შეძლებ ამ რეცეპტით ნაყინის დამზადებას?
  • მარწყვის ნაცვლად რომელ ხილს გამოიყენებდი და რატომ?

 

სავარჯიშოები და აქტივობები:

ტექსტის გაგება

ყოველ შეკითხვას შეურჩიე თითო სწორი პასუხი.

ნაყინის რეცეპტში ჯერ:

ა) მითითებულია, როგორი ჭურჭელი გჭირდება.

ბ) ჩამოთვლილია მასალა, რომელიც უნდა გამოიყენო.

გ) ჩამოთვლილია მისი მომზადების წესები.

 

მას შემდეგ, რაც ერთ ჯამში მოათავსებ კვერცხის გულს:

ა) ათქვიფე იგი შაქართან ერთად.

ბ) ორი საათით შედგი გასაყინად.

გ) ათქვიფე ნაღებთან ერთად.

 

მარწყვი უნდა დაუმატო:

ა) კვერცხის გულის, შაქრისა და ნაღების ნარევს.

ბ) კვერცხის გულს შაქართან მისი ათქვეფის დროს.

გ) ნაყინს მას შემდეგ, რაც მაცივრიდან გამოიღებ.

 

ნაყინის მომზადების წესში მითითებულია:

ა) რა ზომის ჭურჭელი არის საჭირო.

ბ) რატომ არ სჭირდება ნაყინს ცილა.

გ) რისთვის არის საჭირო ორი ჯამი.

 

ლექსიკა

ხაზებით დააკავშირე სიტყვები და მათი მნიშვნელობები.

  1. ნაღები კვერცხის გულის გარშემო არსებული გამჭვირვალე მასა.
  2. ცილა რაიმეს გასაკეთებლად საჭირო მასალა და მომზადების წესი.
  3. რეცეპტი ხილი ან ტკბილეული, რომელსაც სადილის შემდეგ მიირთმევენ.
  4. დესერტი რძის ზედაპირზე მოდებული ცხიმი.

 

ხაზებით დააკავშირე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები (ანტონიმები).

ცხელი                        ცოტა

ბევრი                        რთული

მარტივი                    ცივი

 

რომელია ზედმეტი სიტყვა?

ა) კვერცხი.    ბ) ნაღები.      გ) შაქარი.      დ) ჯამი.

 

 

გრამატიკა

სწორად დაწერე ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები.

  1. (მაცივარი) ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ კარი კარგად დახურე.
  2. (შაქარი) ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ დამატება არ დაგავიწყდეს.

 

დაწერე ნიმუშის მიხედვით.

ნიმუში: გრილი აგრილებს.

  1. რთული – ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­. 2. ცხელი –   ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­.

 

დაწერე მოცემული სიტყვები მრავლობით რიცხვში.

ნიმუში: ჯამი – ჯამები.

  1. დღე – ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­. 2. კვერცხი –  ­­­­­­­­­­­­­­­­­­.

 

დაწერე ნიმუშის მიხედვით.

ნიმუში: შენ ათქვიფე.         მე ავთქვიფე.

  1. შენ შეურიე. მე ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ .
  2. შენ დაუმატე. მე ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ .

 

წერა ჩამოწერე ნაყინის მომზადების ყველა ნაბიჯი. გააფორმე ნაწერი ნახატებით.

რომელია შენი საყვარელი საჭმელი? დაწერე მისი რეცეპტი. გააფორმე შენი ნამუშევარი ნახატით.

————————————————————————–

————————————————————————–

————————————————————————–

 

 

 აღსანიშნავია, რომ ვებპორტალზე ,,კარგი სკოლა’’ უამრავი ტექსტია, რომელიც შეიცავს საინტერესო ინფორმაციას, ბავშვებისთვის გასაგებად არის დაწერილი და ამავდროულად მასწავლებელს ეხმარება მოსწავლეთა უნარების განვითარებაში, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება, მთავარი აზრი და დეტალები, ფაქტები და მოსაზრებები, მოვლენების თანმიმდევრობა, შეჯამება (რეზიუმირება), მიზეზები და შედეგები, დაჯგუფება (კატეგორიები), პრობლემის გადაჭრა, შედარება (მსგავსება-განსხვავებები), ლექსიკა, გრამატიკა და წერა.

 

გამოყენებული რესურსი:

ვებპორტალი ,,კარგი სკოლა’’

https://kargiskola.ge/index.php

 

ურთიერთობა თუ კომუნიკაცია?

0

პერფორმანსული კომუნიკაცია

 

თუ ვერბალური კომუნიკაცია გადაცემისათვის იყენებს ვერბალურ არხს, ვიზუალური – ვიზუალურს, პერფორმანსი განკარგავს თავის გზავნილს სივრცეში.

პერფორმანსს რიჩარდ სეხნერი იგებს, როგორც ერთი ადამიანის ან ჯგუფის მოქმედებას მერე ადამიანის ან ჯგუფისადმი. ცენტრალურ მახასიათებლად აქ იქცევა მესამე პირი, მეთვალყურე, მაყურებელი, რომლის რაოდენობა კარდინალურად ცვლის მთელ პროცედურას. საზოგადოებაში ყოველთვის იყო განსაზღვრული უტრირებულ-პერფორმანსული როლები.

ასე ვეძახით, რადგან მათ შესასრულებლად საჭირო იყო გარკვეული „ქცევის გადახრა“. ესაა სულელის, მასხარას როლი. სულელი არ ისჯება თავისი მოქმედებისთვის, რადგან, როგორც თვლიდნენ, მისი საშუალებით შეიძლება ღმერთმა ისაუბროს.

თუ გავიხსენებთ სიას დიდი მასხარებისა, მივხვდებით, რომ კარგი მასხარის როლი არაა ადვილი, რაც მთავარია, ის არავითარ შემთხვევაში არაა დამამცირებელი, როგორც დღეს წარმოუდგენიათ. „ისტორიის მრავალი მაგალითია, როცა დიდი მონარქები სიამოვნებით უსმენდნენ (და ხშირ შემთხვევებში წარმატების მომტან) თავიანთი ერთგული და საუკეთესო მასხარების რჩევებს, ვიდრე თავიანთ ერთგულ და საუკეთესო მინისტრებს, რაც საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ისტორიული ღირებულება მასხარისა, რომელიც რჩეულ სიტყვათა ლექსიკონშია შესული, მოითხოვს გადასინჯვას…“ (ნიკოლაი ევრეინოვი „თეატრი საკუთარი თავისთვის“). ალბათ ამ სიბრტყეზე უნდა მოვათავსოთ დისიდენტები ყოფილ საბჭოთა საზოგადოებაში, იმდენად რამდენადაც ისინი აშკარად ამოვარდნილი იყვნენ ქცევის მიღებული ნორმებიდან.

ამერიკელი მკვლევარი ქალი არტ ბორეკა პირდაპირ აკავშირებს პოლიტიკასა და დრამატურგიას, ხაზს უსვამს რა მას-მედიის მზარდ როლს ამ პროცესში. იგი ჩამოთვლის მთელ რიგ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც პერფორმანსულ ხასიათს ატარებს.

 

მითოლოგიური კომუნიკაცია

 

მირჩე ელიადემ დაწერა სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად სრულიად შეეფერება ამ თავს: „შესაძლოა დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ მითის გაგება მიკუთვნებული იქნება მეოცე საუკუნის ყველაზე სასარგებლო აღმოჩენებს“.

თანამედროვე მითი ხშირად იღებს იმ ფორმებს, რომლებიც აღწერს სრულიად ყოველდღიურ მოვლენებს. მაგრამ ამასთან, აქტიურად ეყრდნობა არატიპურ სიტუაციებსაც, ჩანერგილებს თანამედროვეობაში. მითის შემადგენლობაში განიხილავენ „არაჩვეულებრივს“. საკუთარი გმირების ცხოვრებიდან ყველაზე ნათელი მოვლენების შერჩევისას, მას-მედია მიემართება მათი მითოლოგიზაციის გზით. თუ მოვლენები არაა თვალისმომჭრელი, ისინი არ წარმოადგენს საინტერესოს არც ჟურნალისტის, არც მკითხველისათვის. ასე რომ, კომუნიკაციის პროცესის შემდგენლები (მოვლენათა მახასიათებლების შერჩევა აუდიტორიის თვალსაწიერიდან) ძალიან აქტიურად ახდენს მითოლოგიური გარემოს ფორმირებას. მით უფრო ეს ეხება, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მითოლოგიური აზროვნების აპოთეოზს წარმოადგენს.

მითი სრულიად თავისუფლად იჭრება ჩვენს სინამდვილეში, იღებს რა სხვადასხვა ფორმას. მითი კონკიაზე იდენტურია მითისა წაღების მწმენდავზე, რომელიც მილიონერი გახდა და ის ბევრ რამეში მსგავსად რეალიზდება. მითის სქემების ეს თავისუფალი განმეორებადობა სხვადასხვა ხალხებისა და დროისთვის მეტყველებს მის პრინციპულ უნივერსალურობაზე.

მითი წარმოადგენს ქცევის გარკვეულ გრამატიკას, ამიტომაც არ შეიძლება მხოლოდ ტექსტუალურ დონეზე მისი უბრალოდ დარღვევა, რაც საპასუხოდ შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც წესებიდან გამონაკლისი. „არის რა რეალური და წმინდათაწმინდა, მითი ხდება ტიპური, შესაბამისად, განმეორებადი, რადგან წარმოადგენს მოდელს და გარკვეულ დონეზე ყველა ადამიანური ქცევის გამართლებას“ (ელიადე „მითები, სიზმრები, მისტერიები“).  მაგრამ რომელი ობიექტები ხვდებიან ამ გრამატიკაში? თუ ყველა კონკია იპოვის თავის პრინცს, ვინღა გარეცხავს ჭურჭელს და მიიტანს კაფეში საჭმელს? თუ ყველა ფეხსაცმლის მწმენდავი გახდება მილიონერი, ვინღა გაწმენდს ფეხსაცმელს? მითი უცნაურად მუშაობს არარეალიზებულ სივრცეში. მისთვის შესაფერისია ისეთი სიტუაცია, როცა ადამიანი კბენს ძაღლს და არა პირიქით.

არსებობს გარკვეული სიმბოლური მახასიათებლები, რომლებსაც შეუძლია გადმოგვცეს საჭირო ინფორმაცია. ამბობენ მოგზაურობის აუცილებლობაზეც გმირის ტრანსფორმაციისათვის – მაგალითად, ოდისევსს, ჰამლეტს, წითელქუდას სჭირდებოდათ სახლიდან გამგზავრება, რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა აკრძალვის დარღვევისა. ნორმის სივრცე განსხვავდება ის სივრცისაგან, გმირს რომ სჭირდება. გმირს არაფერი ესაქმება ტროლეიბუსში, გარდა კონტროლიორისთვის ტალონის ჩვენებისა. გმირს სჭირდება სხვა სივრცე, რომელშიც ის თავის გმირულ თვისებებს გამოავლენს.

დღევანდელი მითოლოგია ზემოქმედებს ახალგაზრდობაზე თავისი მისაბაძი ნიმუშებით.

მ. ელიადე საუბრობს თანამედროვე წიგნის მითოლოგიურ ხასიათზე. ,,ყოველი პოპულარული რომანი უნდა აჩვენებდეს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას, გმირსა და ანტიგმირს (დემონის თანამედროვე ხორცშესხმა) და იმეორებდეს ფოლკლორის ერთ-ერთ უნივერსალურ მოტივთაგანს – დევნილ ახალგაზრდა ქალს, გადარჩენილ სიყვარულს, უცნობ კეთილისმყოფელს. დეტექტიური რომანებიც კი სავსეა მითოლოგიური თემებით. აქ დავამატოთ ტიპური სქემები თანამედროვე პოლიტიკის ინტერპრეტაციებისა, სადაც ყოველი მხარის ინტერპრეტაცია მიჰყვება კეთილისა და ბოროტის ხაზებს.

მითი – ეს ყველასთვის ფსიქოლოგიურად ხელმისაწვდომი პასუხია საერთო მნიშვნელობის პრობლემებზე. ის გშველის და გიცავს.

თანამედროვე მსოფლიოში მასობრივმა კომუნიკაციამ და კულტურამ გაზარდა მითოლოგიის ახალი ასპექტები. რა არის უფრო დამახასიათებელი მითოლოგიური ტექსტებისთვის? მთავარს წარმოადგენს შემდეგი პარამეტრები:

ისინი შეუმოწმებელია (როგორც თქმულებები სასწაულებზე, წმინდანებზე და ა.შ.). პრინციპულად არ შეიძლება მათი უარყოფა, მხოლოდ ახალი მაგალითით დამტკიცება.

მათ ახასიათებს გარკვეული ცნობადობა – ეს ახალი ინფორმაცია არაა, არამედ თითქოს ჩვენთვის უკვე ცნობილი სქემის რეალიზაცია. ხშირად ამ მოდელში, ჩარჩოში, სტერეოტიპში ჩვენ სინამდვილის ჩართვას ვცდილობთ.

მხატვრული კომუნიკაცია

ცივილიზაცია ფლობს ორ ტიპს მანქანებისა, რომლებიც ბადებენ სიმბოლოებს. თავისი ფუნქციების მიხედვით ისინი დაახლოებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთნიც და მეორენიც მიმართულია, შემოიტანოს საერთო სქემები ინფორმაციის გზით სინამდვილის ინტერპრეტაციისთვის. კულტურის ფარგლებში ასეთი სქემების შემოტანა უფრო ჰედონისტურ ხასიათს ატარებს, იმდენად რამდენადაც ის უფრო ემოციურად შეფერილია. ამასთან საინტერესოა, რომ (თუმცა ზუსტი ციფრები უცნობია) მხატვრული სამყაროების შექმნაში დღეს ჩართული აღმოჩნდა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე ობიექტური რეალობის აღწერაში.

აუცილებელია გვახსოვდეს ის, რომ მასმედია ბადებს სიმბოლურ რეალობას, რადგან მილიონი მოვლენიდან გაზეთის ფურცლებზე თუ ტელევიზიის ეკრანზე ხვდება მხოლოდ ზოგიერთი. მოვლენათა შერჩევის  პროცესი რეზულტატში მასობრივ შემეცნებაში შეტანილ მოვლენას ნიშანდობლივს ხდის. ამავდროულად, მასმედია ასევე ფლობს ნიშანდობლივ მეთოდს მოვლენათა დემონსტრაციისა.

გადავიდეთ უშუალოდ სიმბოლური რეალობის ქმნადობის ორი ვარიანტის  დამაახლოებელ თუ განსხვავებების ხაზგამსმელ  მახასიათებლებზე – მხატვრული კომუნიკაცია და მასმედია. მასმედია ქმნის ხანმოკლე სიცოცხლის ტექსტს, ლიტერატურა და კულტურა – ხანგრძლივს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მათი ფუნქციონირების შემდეგ თავისებურებებს: მასმედიის ტექსტები თითქოს ავიწროებს ერთმანეთს, ობიექტზე ხვალინდელი მონათხრობი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გუშინდელი მონათხრობი. ამავე დროს, მხატვრული კომუნიკაცია ბადებს ალტერნატიულ და არა ერთმანეთის შემავიწროებელ ტექსტებს. მის ველში თანაარსებობა შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტს, როცა მასმედიის ველში ტექსტები ურთიერთგამანადგურებელია. ეს შეიძლება ირიბად უკავშირდებოდეს იმასაც, რომ მასმედიის ტექსტები, ცვლიან რა ერთმანეთს, ხშირად ჰყვებიან ერთსა და იმავე ობიექტებზე. მხატვრული ტექსტები კი გვატყობინებენ სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც მსგავსი კონკურენცია უსათუოდ უნდა გავიგოთ.

მაგალითად, დეტექტივი, რომელშიც დამნაშავე ბოლოს კანონით ისჯება, გარკვეული თვალსაზრისით, შესაბამისია საგაზეთო შენიშვნისა ძებნილი დამნაშავის დაკავების შესახებ. მაგრამ დეტექტივისთვის მისი ბოლო აქტი ზედმეტია, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტექსტს, ჟანრის კანონებიდან გამომდინარე, როცა დამნაშავის დაჭერა კი არ არის დეტექტივის ცენტრალური შემადგენელი, არამედ თვითონ დაჭერის პროცესი.

ამგვარად, რეალობის ინტერპრეტაციის სქემები შეიძლება აქცენტირდეს თავის სხვადასხვა ნაწილზე. საგაზეთო შენიშვნა პირობითად ორიენტირებულია ფინალზე, თუ ფორმალურ ნაწილებზე ვისაუბრებთ, დეტექტივი – ასევე პირობითად – შუა ნაწილზე. ეს ორი ორიენტაცია მოედინება ჟანრობრივი კანონზომიერებებიდან. მასმედია ორიენტირებულია სივრცისა და დროის მოცემულ წერტილთან მიბმაზე. მაგალითად, გუშინდელი გაზეთი არავის აინტერესებს. მოცემულ მომენტთან ყველაზე ახლოსაა დამნაშავის დაჭერა: დანაშაულისა თუ ძებნის წერტილები უკვე შორსაა ინფორმაციის მიღების დროსთან. დეტექტივისთვის კი ეს წერტილი წარმოადგენს არანაკლებ საინტერესოს, რამდენადაც ნარატიულად ის დამამთავრებელია. მოვლენათა შუაში მყოფობას, პრაქტიკულად, არ აქვს საზღვრები, ჩვენ შეგვიძლია, ვზარდოთ ეპიზოდების ნებისმიერი რაოდენობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ცივილიზაციური ნორმების ჩარჩოებში საგაზეთო შენიშვნა მიისწრაფვის თავისი მოცულობის შემცირებისკენ იმ დროს, როცა, მაგალითად, დეტექტივს აქვს განსხვავებული მოცულობის შემოსაზღვრულობა. ყოველ შემთხვევაში, მას აქვს გაცილებით მეტი სიდიდის უფლება.

მასმედიის კომუნიკაციებს ჩვენ მივიჩნევთ უფრო ობიექტურად ანუ ფსიქოლოგიურად ისინი ითვლება სინამდვილესთან უფრო შესაბამისად, ხოლო მხატვრული კომუნიკაცია საზოგადოების მიერ განიხილება, როგორც სუბიექტური. უფრო მეტიც, ყოველი, კომუნიკაციის ამ პოლუსებიდან, ესწრაფვის, მიაღწიოს მაქსიმუმს: ერთი მხრივ – ობიექტურობისა, მეორე მხრივ – სუბიექტურობის. ობიექტურობის სტანდარტის  მიღწევისას ჟურნალისტები შეიძლება სროლაში მოყვნენ, დაიღუპონ მოვლენების ეპიცენტრში, რაც ძნელი წარმოსადგენია მწერლის შემთხვევაში.

სიმბოლური სინამდვილის წარმოქმნის ამ მეთოდის განსაკუთრებულ ხასიათს აქტიურად და ძირძველი დროიდან გამოიყენებს ადამიანური ცივილიზაცია. სიმბოლური რეალობის წარმოქმნის ყველა ტიპი ამა თუ იმ ხარისხით ექვემდებარება ურთიერთგავლენას. მაგალითად, რომანი, როგორც ითვლება, ამოიზრდება რიტორიკაში სპეციალური აკადემიური სავარჯიშოებიდან. დღეს არსებობს რომანები, ჟურნალისტური ჟანრების მამოდელირებელი. ასე რომ, კომუნიკაციური სიბრტყე მთლიანობაში გამუდმებით იყენებს ზემოქმედების უფრო ეფექტურ საშუალებებს, რთავს რა მათ ახალ კონტექსტებში.

მხატვრული კომუნიკაცია ეყრდნობა სინამდვილეს, მაგრამ უფრო რთულ დონეზე. ის ახდენს სინამდვილის რეინტეგრაციას, ალბათ უფრო რომანტიკული მოდუსით და საკმაოდ ხშირად ზუსტად ის ხდება მასობრივი შემეცნების გზამკვლევი ისტორიაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდუმლოს გასაღები: რას გვიამბობენ ჩინური იეროგლიფები და ტოპონიმები

0

(მეორე ნაწილი)

ძლიერია ის, ვისაც სხვების მართვა შეუძლია,

მაგრამ უფრო ძლიერია ის, ვისაც შეუძლია თავი მართოს“,

ლაო ძი (ჩინელი ფილოსოფოსი, ძვ.წ. VI საუკუნე)

საბაზო ინფორმაცია ჩინური ენის და დამწერლობის შესახებ

ჩინური ასო-ნიშნები, ან ჩინურად ‘ჰან-ძე“ ( ,hànzì), წარმოადგენენ სიტყვების და იდეების პიქტოგრაფიულ გამოსახულებებს, რომლბიც საუკუნეების განმავლობაში, მარტივი გრაფიკული გამოსახულებებით შეივსო და დაიტვირთა აბსტრაქტული იდეებით და სიმბოლოებით.

ჩინური იეროგლიფების ორი ჯგუფიდან, (1) ფონეტიკურ-იდეოლოგიური ნიშნები ყველაზე მეტია (80%-მდე). ამ ტიპის იეროგლიფში გამოიყოფა ორი ნაწილი: ერთი მიგვითითებს მოვლენის ან საგნის ტიპზე, რომელსაც გამოხატავს ეს იეროგლიფი (მას დასავლურ ლიტერატურაში ეძახიან დეტერმინანტს, გასაღებს), ხოლო მეორე ნაწილი- ფონეტიკურია და იგი იეროგლიფის წაკითხვაში გვეხმარება. ქვემოთ იხილეთ მაგალითები, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან იეროგლიფები, რომლებსაც მსგავსი ჟღერადობა აქვთ (მიაქციეთ ყურადღება ტრანსკრიფციას), მაგრამ სხვანასხვაგვარად იწერებიან:

“ლი” – შიგნით, -ში; 鲤 “ლი”– კობრი (თევზი);

理 „ლი“– მართვა.

(2)         იდეოგრაფიკული იეროგლიფები – მათი მნიშვნელობა ყალიბდება ორი გრაფემისგან და მათი „შთანხმება ავსებს იეროგლიფის შინაარს, მაგრამ არ აისახება მის წაკითხვაზე. მაგალითად ამ ორი გრაფემის შეერთევა (ჟღერადობა: „ჰააო“) – აერთიანებს ორ „გასაღებს“«ქალი» და «ბავშვი», რაც უდრის ცნება „კარგს“;

ორი გრაფემის გაერთიანებით (ჟღერადობა: „სიოუ“), რომლებიც ცალ-ცალკე „ადამიანს“ და „ხეს“ აღნიშნავენ,  მიიღება ზმნა „დასვენება“.

კიდევ ერთი მაგალითი: (ჟღერადობა: „გონ-გ“); ორი „გასაღები“ გრაფემა „მუშაობა“ და „ძალა“, შესაბამისად, ქმნიან ახალ სუტვას, რომელიც „მიღწევას“ აღნიშნავს.

ზოგადად, გამოდის რომ ასეთი სიტყვები, გარკვეულწილად, მოკლე ისტორიებია, რომელიც გვიყვებინა რომ თუ „ადამიანი ხის ქვეშ“ არის, ის  – ისვენებს.  თუ ყურადღებას მივაპყრობთ ფონეტიკურ-იდეოგრაფიკული იეროგლიფის სტრუქტურას, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათი ერთი ნაწილი შინაარსს „გვიყვება“, მეორე კი – წარმოთქმაზეა პასუხისმგებელი; იდეოგრაფიკულ იეროგლიფებში, მათი ორივე ნაწილი შინაარს ემსახურება და არ ახდენს გავლენას წაკითხვაზე და ფონეტიკურ ჟღერადობაზე.

როგორ გავიგოთ ჩინური დამწერლობის “გასაღები” ნიშნების მნიშვნელობა?

იეროგლიფის ის ელემენტები, რომლებიც სიტყვის მნიშვნელობებს ან კატეგორიებს მიგვითითებენ, „გასაღებებს“.  მათ შეუძლიათ „გვიკარნახონ“ თუ რომელ სფეროს შეეხება ესა თუ ის იეროგლიფი. თუმცა გრაფემების შემადგენელი ხაზები, არაფრით არ მიუთითებენ სიტყვის მნიშვნელობას. მაგალითისთვის შეადარეთ „ვერტიკალი მარყუჟით“, რომელიც სხვადასხვა სიტყვებში და იეროგლიფში გამოუიყენება:

– «წყალი» (ასე იწერება „წყალი “– „შუეი “); – «მთვარე» („იუე “);  – «პატარა» („სიაო “); – „ხელი “(„შოუ “); – «რვა» („ბა “); – «ადამიანი» („ჟენ “). ყველაზე ხშირად გამოყენებადი იეროგლიფი-„გასაღებების“ ცხრილი 1716 წლიდან არის სისტემატიზირებული და 214 პოზიციას მიცავს.

ასევე არსებობენ „გასაღებები“, რომლeბიც თვითონ შეიძლება იყვნენ გამოყენებულნი როგორც ცალკე სიტყვა, ან შედიოდნენ ორ- ან სამწევრიან იეროგლიფში.

მაგალითად „გასაღები“-იეროგლიფი „ბალახი“ („ცაოო“), სხვა იეროგლიფებთან/გრაფემებთან ერთად, მიგვანიშნებს რომ საქმე გვაქვს მცენარეულ სამყაროსთან:

სიტყვა «ბალახი», ცალკე ასე იწერება: “ცაოო“. სხვა „გასაღებებთან“ კომბინაციაში, „ბალახი“ მიგვითითებს სხვა „მცენარეულ“ სიტყვებზე:

– «ჩაი» („ჩა “); – «ყვავილი» (“ჰუა “); – «ბოსტნეული» („ცაი);

მსგავსია მდგომარეობა, იეროგლიფ „წყალთან“ დაკავშირებითაც, რომელიც ორნაირად იწერება:  «წყალი» („შუეი“) – და :

– «ალკოჰოლი» („ძიაუ “); – «ტბა» („ჰუ “); – «ზღვა» („ჰაი “); – «მდინარე» („ხ “); – «ოფლი» (“ჰან “);

– «წვენი» („ჯი “).

ნებისმიერი გეოგრაფიული სახელწოდება შეიცავს შინაარს, თუმცა, ისიც ხშირია რომ დროსთან ერთად, საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში  სახელწოდების შინაარსი, ენაში ცვლილების, ან სხვა მიზეზებით, ჩვენგან დაფარული და უცნობი ხდება. დღეს ძნელია ზუსტად განვმარტოთ ისეთი ძველი სახელწოდებების მნიშვნელობა და შინაარსი როგორებიცაა ვთქვათ „რიონი“, „თერგი“ თუ „ლიახვი“.

ზოგადად, ჰიდრონიმების (ანუ მდინარეთა, ტბების და სხვა წყლიანი ობიექტების) სახელების ცვლილება ძალიან ნელა ხდება და სწორედ მდინარეები ატარებენ ხშირად, წარსულში, ათასწლეულების წინ მათთვის ადამიანების მიერ დარქმეულ სახელებს. სწორედ სახელების სიძველე განაპირობებს იმას რომ ბევრი გეოგრაფიული ტოპონიმის შინაარსი ჩვენთვის დაფარულია. ტერიტორიაზე ადამიანთა ერთობა და საზოგადოებები იცვლებიან და ხშირად ამ ცვლილებებს ეწირება ძველი სახელები, რომლებიც ადრე იმ კონკრეტულ მცხოვრებთათვის შინაარსის მატარებელნი იყვნენ.

ძალიან საინტერესოა ჩინური ტოპონიმების (და ჰიდრონიმების) იეროგლიფური ფორმები. ფონეტიკური ანბანებისგან განსხვავებით, ჩინური იეროგლიფური ანბანი იწერს არა სიტყვის (სახელის) ჟღერადობას, რომელიც ექვემდებარება ფონეტიკურ ცვლილებებ,  არამედ მის მნიშვნელობას. ეს ბევრად უფრო კონსერვატიული ჩანაწერია და ხშირად მას გასაგები შინაარსი ახლავს. გარდა ამისა, ჩინელები, უძველესი დროიდან ცნობილნი იყვნეn იმითი რომ სკრუპულოზურად ინიშნავდენნ და იწერდნენ მიმდინარერ მოვლენებს წიგნებსა და არქივებში. უძველესი ჩინური ჩანაწერები, რომელბმაც დღევანდლამდე მოაღწიეს, სულ მცირე 3,500 წლის წინ არიან შექმნილნი (ე.წ. „სამისნოს ძვლების“ წარწერები კუს ბაკანზე და ბრინჯაოზე, შანგის დინასტია 1400-1200 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის ჩინური, ჩინეთის რესპუბლიკაში არსებული სახელების განსხვავება ძნელი იქნება. ხშირად შეუძლებელი გეჩვენება განასხვაო შიანი და შაიანი, შანსი და შაანსი, ჰაინანი და ჰენანი. ამ დროს, ყველა ეს სახელი ერთმანეთისგან განსხვავებულია და უმეტეს შემთხვევაში, ისინი დღესაც გასაგენ შინაარს ა მნიშვნელობას შეიცავენ – მათში დაფარულია ადგილის დამხასიათებელი ნიშნები, ადგილი შინაარსი და ხშირად ისინი ადგილის პოეტურ მნიშვნელობასაც კი ავლენენ.

და მაინც რას ნიშნავს გეოგრაფიული ჩინური სახელები? ვცადოთ განვიხილოთ ძირითადი და ყველასთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი რამდენიმე სახელის წარმოშობა და შინაარსი.

ჩინურში, ძალიან ხშირად გვხვდება ტოპონიმები, რომლებშიც სამყაროს მხარეების დასახელებებია გამოყენებული.

მაგალითად, სიტყვა „ბეი“, ჩინურად () ჩრდილოეთს აღნიშნავს იგი ქალაქ პეკინის, იგივე „ბეიჯინის (პეკინის)“ სახელში გამოიყენება (北京) და ნიშნავს „ჩრდილოეთის დედაქალაქს“. სიტყვა „ბეიშანი“ (北山), „ჩრდილოეთის მთას“ აღნიშნავს.

სიტყვა „დუნ“ (), „აღმოსავლეთს“ ნიშნავს და მისგან არის წარმოქმნილი გეოგრაფიული სახელები „შანდუნი“ (ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის სახელი) – აღმოსავლეთის მთა“ (山东) – ამ პროვინციის სახელი უკავშირდება ჩინეთის ხუთი წმინდა მთიდან ერთ-ერთის, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე მთის, ტაი-შანის, სახელს; „დუნხუანი“ (东皇) – „აღმოსავლეთის იმპერატორს“ ნიშნავს, სადაც აღმოსავლეთის აღმნიშვნელი „დუნ“ ნიშანია გამოყენებული.

სიტყვა „ნან“ () ჩინურად „სამხრეთია“ და მისგან უამრავი გეოგრაფიული სახელის წარმოქმნილი: „ნანჯინი (ნანკინი)“  (南京)  -„სამხრეთის დედაქალაქი“, „ნანჩანგი“ (南昌)- „სამხრეთის კეთილდღეობა“,  „ჰაინანი“  (海南) – „სამხრეთის ზღვა“.

სიტყვა „სი“ (西) ჩინურად „დასავლეთს“ ნიშნავს და ჩინურ გეოგრაფიულ სახელებში ისიც ხშირად გვხვდება: „სინინი“ (西宁) – „მშვიდობა დასავლეთით“; „გუანსი“ (广西) –„დიდი დაბლობის დასავლეთი [ნაწილი]“ , „სიანი“(西安) – „სიწყნარე დასავლეთით“;

სიტყვა „ჩჟონ“ () „ცენტრი/შუაგული“: „ჩჟონგუო“ -ჩინეთი ( 中国) – „შუა სამეფო“ – ჩინელები, უძველესი ფდროიდან თავიანთ სამშობლოს „შუამდებარე სამეფოს“ ეძახიან, რადგან უხსოვარი დროიდან თვლიან რომ მათი ქვეყანა სამყარო და მსოფლიოს ცენტრში მდებარეობს; „ჩჟონჰაი“ (中海) – „შუა ზღვა/ხმელთაშუა ზღვა“.

როგორც ხედავთ, ჩინური ტოპონიმების სწავლა შესა-ძლებელია; მათ თან ახლავთ შინაარსი, ჩამოყალიბებული ფორმა და მათი ერთობლივად გააზრება ნამდვილად აადვილებს ჩინური დამწერლობის დასწავლას მათი გეოგრაფიული, ბოტანიკური თუ სხვა მნიშვნელობების დახმარებით…

„ჩინურის სწავლას რა უნდა ბიჭო, მთელი ჩინეთი ჩინურად ლაპარაკობს“ – დარწმუნებით ამბობდა პატივცემული გურული ოლღა ბებია, ნოდარ დუმბაძის უკვდავ რომანში.

 

ზაფხულის ერთ საღამოს,  ნიღბების კარნავალზე…

0

ზაფხული ერთი დიდი თავგადასავალია, იდეალური დრო, როდესცა ბავშვები თამაშ-თამაშით უამრავ რამეს შეიმეცნებენ და სწავლობენ. მათი საყვარელი საქმიანობის ცოდნის მიღების წყაროდ ქცევა გაცილებით მარტვია, ვიდრე სკოლითა და უამრავი წრით დატვირთულ დღეებში. ასეთია ნიღბების დამზადება, ერთი შეხედვით ამ ჩვეუელბრივ, გასართობ აქტივობას შეგვიძლია განსაკუთრებული შინაარსი შევძინოთ.

ვის არ უყვარს ნიღბების დამზადება! სხვადასხვა ცხოველის თუ საყვარელი გმირის გამოსახულებით. გარდა იმისა, რომ დამზადების პროცესი მეტად სახალისოა, ნიღბების მორგება იდუმალ, საიდუმლოებით მოცულ ადამიანად გვაქცევს, სულ ცოტა ხნით იმ როლს ვირგებთ, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ.

ნიღაბი ჩამოიფარა  კი გამონათქვამია, რომელსაც ამბობენ ადამიანზე, რაიმეს დამალვა და დაფარვა რომ გადაუწყვეტია.  ხოლო ნიღაბი ჩამოიხსნა – აღნიშნავს ეს ადამიანი ამ დამალულს რომ გამოაშკარავებს და გაამჟღავნებს. ნიღბით ხომ საკუთარ სახეს, პიროვნებას ვმალავთ  და იმად წარმოვაჩენთ თავს,  ვინც სინამდვილეში არ ვართ.

კარნავალი,  ღია ცის ქვეშ სახალხო ზეიმი, დღესასწაული წარმოუდგენელია ნიღბებისა და კოსტიუმების გარეშე.

ნიღბებს ჩვენამდე ძალიან, ძალიან შორეული წარსულიდან მოუღწევიათ. ადრე სჯეროდათ, რომ თუ კი ნიღბებს გაიკეთებდნენ თავადაც იქცეოდნენ იმ ცხოველად თუ მითიურ არსებად, ან მათ ძალას, უნარებს მიიღებდნენ, რომლის გამოსახულების ნიღბებსაც იფარებდნენ სახეზე. საქართველოშიც საუკუნეების წინ დაუწყიათ ნიღბების გამოყენება, იყენებდნენ სახალხო დღესასწაულებზე, რიტუალების დროს. ამზადებდნენ ქეჩისგან, ხის ქერქისგან, ნამჯისგან,  ტყავისგან, გოგრისგან, ქსოვილისგან.

შეგვიძლია დავამზადოთ ნიღბები, ბავშვებს თავადა ავარჩევინოთ სასურველი პერსონაჟი, სასურველი ქვეყნიდან და კულტურიდან, კარგი იქნება თუ ამ ნიღბების შინაარს ჯერ გაიაზრებენ, მოძებნიან მათ ისტორიას, წაიკითხავენ და შემდეგ მოირგებენ. საბოლოოდ სამეზობლოში ერთი დიდი კარბავლის მოწყობაც შეგიძლიათ, უამრავი ფერადი ნიღბითა და აქსესუარებით.

მარტივი ნიღბის დამზადება ბავშვებს თავად  შეუძლიათ, ამისთვის კი მუყაო, საღებავები, წებო, ძაფი და მაკრატელი დასჭირდებათ. მუყაოზე სასურველი ზომის და ფორმის ნიღბის კონტურის დახატვის შემდეგ სასურველია გააფორმონ,  გააფერადონ,  დააწებონ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ფორმები და მძივები, გამოჭრან და ძაფით შესაკრავი ზონრები დაუმაგრონ. ნიღაბიც მზადაა, გაიკეთე და ცოტა ხნით გახდი ის, ვინც გინდა რომ იყო.

 

გაგიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც ნიღბების კარნავლის მოსამზადებლად დაგეხმარებათ:

როგორ ნიღაბს ისურვებდი? შექმენი ესკიზი!

მე გაგიზიარებთ რამდენიმე იდეას:

ესეც ნიღბების ესკიზები:

შეგვიძლია თამაშ-თამაშით პატარა დავალებებიც შევაპაოთ, მაგალითად ასეთ:

  • გამონათქვამების: ნიღაბი ჩამოიფარა, ნიღაბი ჩამოიხსნა – გამოყენებით შეადგინე წინადადებები, სადაც გამონათქვამებს გამოიყენებ გადატანით მნიშვნელობით.
  • ალბათ შენ ცხოვრებაში იქნებოდა ისეთი მომენტი, როდესაც ნიღაბის მორგება მოგიწია. ეს შესაძლოა სასკოლო ღონისძიება, დღესასწაული, შენი ან  შენი მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო. გაიხსენე და გადმოეცი მოგონება. აღწერე როგორი ნიღაბი გეკეთა, რას გრძნობდი, როგორ შეარჩიე და რა შთაბეჭდილება მოახდინე სხვებზე.
  • ვენეციაში, იტალიის ქალაქში, ძალიან ძველად, კატები ძალიან ცოტა ყოლიათ, ამიტომ მათ დიდ პატივს სცემდნენ და ნიღბებს უძღვნიდნენ. ამაზე უამრავი ლეგენდაც არსებობს. მოიფიქრე ამბავი, შექმენი ლეგენდის შენი ვარიანტი, თუ როგორ დაიწყეს ვენეციის მცხოვრებლებმა კატის ნიღბების დამზადება. მოიფიქრე პერსონაჟები, დაარქვი სახელები. მოთხრობას სათაურიც დასჭირდება და ილუსტრაციაც.
  • ნიღბების კარნავალი კარგად დაგეგმე, შეგიძლია შეარჩიო მუსიკა – გირჩევდი კამილ სენ სანსი ნაწყვეტს სიუიტიდან ,,ცხოველთა კარნავალი”: https://www.youtube.com/watch?v=AnSiYCpzap4 ასევე სიტყვები, ცეკვა – რომელითაც წარმოდგენას გაალამაზებ. კარნავლის ადგილი მოაწყვე: ძველი ფარდებით, ხალიჩებით, ნათურებით, სანთლებით. შეგიძლია ასეთი დეკორაციები გამოიყენო (იხ. ფოტოები ქვემოთ).
  • კარნავლაზე აუცილებლად გადაიღე ფოტოები და შექმენი შენი სამახსოვრო ალბომი, სადაც ასევე ჩააწებებ კარნავლიდან მორჩენილ ნიღბებისა და დეკორაციები ნაწილებს, ჩაწერ მოგონებებს წარმოდგენის შესახებ. აუცილებლად ჩააწებე შენი ნამუშევრები, რომლებიც კარნავლის მომზადების დროს მოამზადე. ეს ალბომი შეგიძლია შემდეგ სკოლაშიც წაიღო და ზაფხულის უმაგრესი შთაბეჭდილება მთელს კლასს გაუზიარო, დარწმუნებული იყავი, შენი ალბომით კლასში კარნავლის სურნელსა და განწყობას დაატრიალებ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინა იმედაშვილი

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მესამე ნომერი გამოიცა!

0

ჟურნალის  ამ ნომრის მთავარი თემა  მომავლის განათლების მნიშვნელოვან ამბავს ეხება –  ხელოვნურ ინტელექტს, რომლის ხსენებისას, ჯერ კიდევ, გაურკვევლობა გვიპყრობს. გაურკვევლობა შიშს ბადებს.

ჩვენი ავტორები საინტერესო მოსაზრებას და გამოცდილებას გვიზიარებენ ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც მასწავლებლის სამუშაო ინსტრუმენტზე და საუბრობენ სკოლებში პოლიტიკის დოკუმენტის აუცილებლობაზე , რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უნდა შეეხებოდეს.

გვიზიარებენ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს, რომლებსაც მოუწევთ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცხოვრება, ზუსტად ესმოდეთ, რა არის ის, რა დადებითი თუ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტექნოლოგიამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გვაცნობენ გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში გამოყენების შესახებ და საუბრობენ იმაზე, თუ რა მიზანი აქვს სინამდვილეში ხელოვნურ ინტელექტს,  რომელსაც შეუძლია  ინტელექტუალური ფუნქციების სიმულაცია, მათ შორის  ნიმუშის ამოცნობა, ბუნებრივი ენის დამუშავება, გადაწყვეტილების მიღება, სწავლა, დაგეგმვა და სხვა. ნეიროქსელები კომპიუტერული ალგორითმებია, რომლებიც ცდილობენ ადამიანის ტვინის მუშაობის სიმულაციას და შეუძლიათ ინფორმაციის დამუშავება და სხვადასხვა ამოცანის შესრულება.

ციფრულ სფეროში ბოლო ათწლეულების მიღწევებმა ფუნდამენტურად შეცვალა საზოგადოება. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კი გვაიძულა მასთან დამეგობრება და ინტეგრაცია. ბავშვებს ყოველთვის აქვთ სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილი, განსაკუთრებით, თუ ეს ტექნოლოგიებს ეხება. მასწავლებლებს შეუძლიათ, სასიკეთოდ გამოიყენონ ეს ყოველივე და მიზნობრივი გახადონ მისი არსებობა სასწავლო პროცესში.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რასაც ამ ნომერში იხილავთ. შვიდი განსაკუთრებული ამბავი  ელოდება სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მრავალფეროვანი  გრამატიკული თხრობის თავგადასავალი და იდეები გრამატიკის გაკვეთილისათვის. გავიგებთ, თუ როდის და როგორ ირღვევა ბავშვების პირადი საზღვრები, გავეცნობით ამბავს მასწავლებლებზე, რომლებმაც საკუთარი თავი გამოზარდეს, მოვისმენთ მასწავლებლისა და მოსწავლის საყვარელ მუსიკას, ვიმოგზაურებთ  მეტამორფოზების სამყაროში და წავიკითხავთ  ამბავს შინაგან მშვიდობაზე,  როცა ადამიანი ინარჩუნებს ჰუმანურობას, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და აღიარებული ფასეულობებია მისი ორიენტირები და ის არ მოქმედებს განადგურების, ჩაგვრის, განსხვავებულის გაჩანაგების/უპირობოდ დამარცხების/ სურვილით ანთებული.

იქნებ, ამასობაში, ხელოვნური ინტელექტიც შემოგვეშველოს და ნაკლები შეცდომების, იმედგაცრუების და დანაკარგების ხარჯზე მოვიპოვოთ შინაგანი მშვიდობა, რომლის გარეშეც გლობალური მშვიდობა ვერაფრით ჩამოდგება.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

თინათინ ზარდიაშვილი, ნესტან მიქაძე, მაია ბლიაძე, მაია ფირჩხაძე, შორენა მერაბიშვილი, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, ნათია უჩავა, ინა იმედაშვილი, ლელა კოტორაშვილი, მარიამ გოდუაძე, ზვიად კვარაცხელია, დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე, ნანა აბულაძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #3

როდის ადიდდება მდინარე?

0

26 მაისის გამთენიისას, მარნეულში მდინარე ალგეთი ადიდდა. წყალმოვარდნის შედეგად მთლიანად დატბორა მარნეულის ბაზარი და მიმდებარე დასახლება, ნაწილობრივ დაანგრია ახალი ხიდი და გაანადგურა სოფლის მეურნეობის სავარგულები. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი რაოდენობის წყალი მდინარე ალგეთის კალაპოტში არ ახსოვთ.

მდინარე ალგეთი სათავეს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე იღებს, გაივლის თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს და უერთდება მდინარე მტკვარს. სოფელ ტბისთან, აშენებულია ალგეთის წყალსაცავი. 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, წყლის ჭარბი რაოდენობა, სწორედ ალგეთის წყალსაცავის შემდგომ მონაკვეთზე  შეგროვდა. ალგეთის წყალსაცავიდან მარნეულამდე მანძილი დაახლოებით 35 კილომეტრია.

როგორ შეიძლება წყალდიდობის შემდგომი ტერიტორია ვაქციოთ სასწავლო რესურსად?

მდინარე ალგეთის მარნეულის მონაკვეთის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „მდინარე, რომლის ხმაურიც არავის ესმის“ ვსაუბრობდი. მაშინ მოსწავლეებთან ერთად მდინარის დაბინძურებული არეალების შესწავლის მიზნით, ფეხტური მოვაწყვეთ. 2023-2024 წლებში მასშტაბური დასუფთავების აქციებიც ჩავატარეთ.

წყალდიდობის მეორე დღეს, 27 მაისს, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად დავათვალიერე მდინარე ალგეთის კალაპოტი და წყალდიდობით დაზარალებული ტერიტორია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წყალდიდობის შემდგომ ველზე გასვლასაც ერთგვარი სასწავლო დანიშნულება შეიძლება გამოვუძებნოთ.

ტერიტორიის ზედაპირული დათვალიერება, წყლის დონის განსაზღვრა

მოსწავლეებმა სიმაღლეებიდან დაათვალიერეს დატბორილი მონაკვეთი. ამ დროს ყურადღება გავამახვილეთ იმ სხვაობაზე, რაც დაფიქსირდა მდინარის ჩვეულებრივ ჩამონადენსა და 26 მაისის გამთენიისას დაფიქსირებულ ხარჯს შორის. გამოითქვა ვარაუდები იმის შესახებ, თუ რატომ გადავიდა წყალი დასახლებაში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე საჭიროა დამცავი ჯებირები, რომელიც მოსახლეობას დატბორვისგან გადაარჩენდა.

კითხვები, რომლებიც შეიძლება საკლასო ოთახში დაისვას:

  • რატომ უნდა აშენდეს დამცავი ჯებირები მდინარეების ნაპირას?
  • კიდევ როგორ შეიძლება მოსახლეობის, მინდვრების დაცვა?

მდინარის კალაპოტი, როგორც „სანაგვე“

სტიქიის ზონის ის უბანი მოვინახულეთ, სადაც ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავების აქცია სამჯერ მოვაწყვეთ. რუსთაველის N7ის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ნაგავს პირდაპირ მდინარეში ყრის. 26 მაისს, წყალდიდობის დროს, მოსახლეობას ეზოებში და სავარგულებში ტალახთან ერთად, უამრავი პლასტმასის ბოთლი, პოლიეთილენის ცელოფანი და სხვადასხვა ნარჩენი მოხვდა.

  • როგორ და საიდან მოტანა ადიდებულმა მდინარემ ამდენი საყოფაცხოვრებო ნარჩენი?
  • სად იკვეთება მოსახლეობის პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით?
  • რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა ნარჩენების ეფექტური მართვის თვალსაზრისით?

ეს ის, კითხვებია, რომლებიც შეიძლება შევთავაზოთ საკლასო ოთახში წყალდიდობებისა თუ წყალმოვარდნების შესწავლის მიზნითა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ახალმა ხიდმა ვერ გაატარა წყალი…

წყალდიდობამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. მარნეულის ცნობილი ბაზრის უდიდესი ნაწილი დაიტბორა და მოვაჭრეებს მაღაზიებში შენახული პროდუქტი გაუფუჭა. ამასთან ერთად, სახეზე იყო ინფრასტრუქტურული ზიანიც. მდინარემ მარნეულის შემოვლითი გზის მონაკვეთზე გადებული ხიდი დააზიანა. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს ხიდი გახდა, რადგან ჭარბი რაოდენობის წყალი ვერ გაატარა, გაიჭედა და შემდეგ ნაპირებზე გადავიდა.

ამ მონაკვეთის ჩვენების შემდეგ შეიძლება დავსვათ შემდეგი კითხვები:

  • რა შეცდომებს ხედავთ ხიდის დაპროექტებისას?
  • რა უნდა გაეთვალისწინებინა ხიდის მშენებელს?

ადრეული შეტყობინების სისტემები

გეოგრაფიის სწავლებისას, სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლეებს ვაცნობთ ადრეული შეტყობინების სისტემებსა და მის დანიშნულებას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მაგალითისათვის XI კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში ადრეული გაფრთხილების სისტემების როლისა და დანიშნულების განხილვას მთლიანი თავი ეთმობა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ მოსწავლეებთან შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საკითხები:

  • რა როლი აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემებს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით?
  • როგორ შეიძლება ზარალის აცილება ასეთი სისტემების არსებობის პირობებში?

კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება

გახშირებული წყალდიდობების მიზეზად კლიმატის გლობალური ცვლილება სახელდება. კლიმატის ცვლილების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა, რასაც თან სდევს დიდი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები. რაც უფრო ძლიერ იცვლება კლიმატი, მით უფრო დიდია ზიანის რისკი.

კლიმატის ცვლილების შედეგების აღქმა ხშირად მოსწავლეებს უჭირთ, რადგან ჰგონიათ, რომ მათგან შორს, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ხდება. მათ საცხოვრებელ არეალში მომხდარი წყალდიდობა თუ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა კატასტროფა, მაგალითად გვალვა, ის ხილული და ხელშესახები მოვლენაა, რომელზეც შეიძლება დავაფიქროთ.

ჩემი მოსწავლეების ოჯახებს მარნეულის ბაზარში გაუფუჭდათ პროდუქტები. ქალაქ მარნეულში მომხდარსა და გლობალური მოვლენას შორის კავშირის დასანახად დავსვათ კითხვები:

  • როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე?
  • რა ტიპის ზიანი მოაქვს კლიმატის ცვლილებას პოლუსებზე და საქართველოში?
  • რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები?
  • რა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს კლიმატის ცვლილება? რატომ აისახება აღნიშნული მწვავედ განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში?
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სოციალური რისკების შესამცირებლად რა ღონისძიებების გატარება იქნებოდა მიზანშეწონილი?

მოსწავლის ანარ კურბანოვის მიერ გადაღებული სტიქიის ამსახველი ვიდეო (პირველი ნაწილი)

ხშირად ისე გამოდის, რომ ბუნება საუკეთესო მასწავლებელი ხდება. ჩვენი მასწავლებლების, თეორიული მასალის სწავლებასთან  ერთად, გვევალება მოსწავლეებს მივცეთ გარემოში მომხდარ მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობა. მსგავსი მიდგომით უფრო კარგად აღიქვამენ სკოლაში ნასწავლს, აკავშირებენ მას რეალურ ცხოვრებასთან. ველზე დაკვირვების დროს მოსწავლეებმა თვითონვე აღნიშნეს, რომ მდინარე ალგეთის ადიდება სწორედ წყალმოვარდნის კლასიკურ შემთხვევას წარმოადგენდა.

 

მულტიმედია რესურსები და  ენის სწავლება

0

მულტიმედია რესურსები მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების პროცესის ეფექტიანობას, განსაკუთრებით უცხო ენების სწავლებაში. იტალიური ენის სწავლებაში მულტიმედია რესურსები ეხმარება მოსწავლეებს  შეიძინონ ცოდნა, განავითარონ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარები.

რაში მდგომარეობს მულტიმედია რესურსების გამოყენების სარგებელი?

აუდიო და ვიდეო მასალები, ავითარებს მოსმენის უნარს –  აუდიო და ვიდეო რესურსები მოსწავლეებს ეხმარება იტალიური ენაში ენობივი კომპეტენციის განვიტარებაში   რეალურ  მაგალითებზე დაფუძნებით. ვიდეოები, რომლებშიც იტალიურად საუბრობენ, ეხმარება მოსწავლეებს სწორი გამოთქმასა  და ინტონაციაში

ინტერაქტიული პროგრამები და აპლიკაციებიინტერაქტიული პროგრამები, როგორიცაა Duolingo, Babbel და სხვა, ეხმარება მოსწავლეებს სიტყვებისა და გრამატიკის აქტიურად შესწავლაში თამაშების და სავარჯიშოების მეშვეობით. აპლიკაციები გვთავაზობს შედეგების მონიტორინგის სისტემას, რაც ეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს პროგრესის თვალყურის დევნებაში.

სოციალური ქსელები და პლატფორმებისოციალური ქსელების მეშვეობით მოსწავლეები  ურთიერთობენ იტალიელ  მოსწავლეებთან, რაც ეხმარება მათ ენის პრაქტიკის დახვეწაში.

მულტიმედია რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იტალიური ენის სწავლებაში. მულტიმედია რესურსების მეშვეობით მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო სწრაფად და  შეისწავლონ ენა, რაც საბოლოო ჯამში ზრდის  სწავლის ხარისხს.

მინდა გაგიზიაროთ ის აქტივობები, რომელსაც ვიყენებ პრაქტიკაში მულტიმედია რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში.

აქტიური მოსმენა და რეფლექსია ვიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გაანალიზონ მოსმენილი და უპასუხონ კითხვებზე. მაგალითად, “Peppa Pig” ეპიზოდის ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ პერსონაჟების ქცევას და მოვლენებს, რაც ეხმარება მათ ენის გაგებაში და განმტკიცებაში.

კომუნიკაციური სავარჯიშოები  ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები ივარჯიშებენ დიალოგების ან სცენების განსახიერებაში. მაგალითად, “Muzzy in Gondoland” ეპიზოდის ყურების შემდეგ, მოსწავლეები წყვილებში ისახავენ სცენას, რაც ეხმარება მათ დიალოგების პრაქტიკაში.

ლექსიკის და გრამატიკის გაძლიერებავიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას ახალი სიტყვების და გრამატიკული სტრუქტურების განმარტებაზე და ვარჯიშებზე. მაგალითად,  “Learn Italian with ItalianPod101” ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები ამზადებენ ახალ სიტყვებსა და გრამატიკას გამოყენებით სავარჯიშოებს.

კულტურული კონტექსტის შესწავლავიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ იტალიურ კულტურას და ჩვეულებებს, რაც ეხმარება მათ ენის უფრო ღრმად გაგებაში. მაგალითად,  იტალიური მულტიპლიკაციური ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ იტალიურ ოჯახურ და სოციალურ ტრადიციებს.

ინტერაქტიული აპლიკაციები და პლატფორმები მასწავლებელი იყენებს ინტერაქტიულ აპლიკაციებს და პლატფორმებს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ვიდეოების ყურება და მათი განხილვა. მაგალითად, “Kahoot!” ან “Quizlet” პლატფორმების გამოყენებით, მასწავლებელი ქმნის კითხვარებს და თამაშებს ვიდეოს თემაზე.

საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს როდესაც მოსწავლე შესასწავლ თემაზე თვითონ ქმნის ვიდეომასალას – მოსწავლეების მიერ იტალიურ ენაზე ვიდეოფილმების შექმნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენის სწავლების პროცესში.

https://drive.google.com/file/d/1YItlJpFR_o2p79-OBSbSZw-yTLo1yyUh/view

ეს მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურობას, მოტივაციას და ავითარებს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. გარდა ამისა, ვიდეოფილმების შექმნა აძლიერებს კრეატიულობას და ტექნოლოგიურ უნარებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის. ამ დროს ხდება:

ენობრივი უნარების გაუმჯობესებავიდეოფილმების შექმნის პროცესში მოსწავლეები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ მოსმენასა და საუბარში. ისინი სწავლობენ იტალიურ ენაზე სწორ გამოთქმებს და ინტონაციას.  სცენარის შექმნის დროს, მოსწავლეები ივითარებენ წერით უნარებს. ეს ხელს უწყობს გრამატიკული სტრუქტურების და ლექსიკის გაუმჯობესებას.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ვიდეოფილმების შექმნის პროცესი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი კრეატიულობა, შექმნან ინოვაციური სცენარები და ვიზუალური კონტენტი.  ვიდეოფილმების წარმოების დროს მოსწავლეები აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს და ჭრიან მათ, რაც ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას.

ტექნოლოგიური უნარების განვითარებამოსწავლეები სწავლობენ ვიდეო რედაქტირების პროგრამების გამოყენებას, რაც ტექნოლოგიურ უნარებს ავითარებს. ზოგიერთი ვიდეო პროექტი მოითხოვს  ანიმაციის გამოყენებას, რაც დამატებით ტექნოლოგიურ ცოდნას საჭიროებს.

კულტურული კონტექსტის გაგებავიდეოფილმების შექმნის პროცესში მოსწავლეები  ეხებიან  იტალიური კულტურის სხვადასხვა ასპექტებს, რაც ეხმარება მათ კულტურული გაგების გაღრმავებაში.

გუნდური მუშაობა და სოციალური უნარებივიდეოფილმების შექმნის დროს მოსწავლეები ხშირად მუშაობენ ჯგუფებში, რაც ეხმარება მათ გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს და სწავლობენ სხვებთან ეფექტურად ურთიერთობას.

ჩემი მოსწავლეები სამიზნე ცნებებისა და შესასწავლი თემების შესაბამისად ქმნიან:

მოკლე ფილმებს და სიუჟეტებს რომელთა საშუალებითაც ისინი აღწერენ სხვადასხვა სიტუაციებს იტალიურ ენაზე. ეს ფორმატი ეხმარება მოსწავლეებს ყოველდღიური საუბრისა და დიალოგების პრაქტიკაში გამოყენებაში.

ანიმაციებს და მულტიპლიკაციური ფილმებს,  რომლებიც შეიძლება მოიცავდეს საგანმანათლებლო თემებს ან მოთხრობებს.  ანიმაციების შექმნა ხელს უწყობს გრაფიკული უნარების განვითარებას და ენის ვიზუალური კონტექსტის გაგებას.

დოკუმენტურ ფილმებს, როგორიცაა იტალიური კულტურა, ისტორია ან ცნობილი ადამიანები.  დოკუმენტური ფილმები ეხმარება მოსწავლეებს კვლევისა და ინფორმაციის ანალიზის უნარების განვითარებაში.

ინტერვიუებს და  რეპორტაჟებს – მოსწავლეები იწერენ ინტერვიუებს ან აკეთებენ რეპორტაჟებს სხვადასხვა თემებზე. ეს ფორმატი ეხმარება მოსწავლეებს კომუნიკაციისა და ჟურნალისტური უნარების გაუმჯობესებაში.

მოსწავლეების მიერ იტალიურ ენაზე ვიდეოფილმების შექმნა მნიშვნელოვანი საშუალებაა ენის სწავლებაში, რომელიც აერთიანებს – ენას, კრეატიულობას, ტექნოლოგიას და გუნდურ მუშაობას. ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები იღებენ მრავალფეროვან და ინტეგრირებულ გამოცდილებას, რაც ეხმარება მათ არა მხოლოდ ენის უკეთ შესწავლაში, არამედ ზოგადი განათლების და უნარების გაუმჯობესებაში.

ასევე  კარგი შედეგები  აქვს იტალიურ ვიდეომასალაზე ქართული ტიტრების დადების აქტივობასიტალიურ ენაზე არსებული ვიდეომასალებზე ქართული ტიტრების დადებას  მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს მოსწავლის ენობრივი კომპეტენციის განვითარებაში. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და შეისწავლონ უცხო ენა, განავითარონ მოსმენის, კითხვის, წერისა და ინტერპრეტაციის უნარები. ამ დროს ხდება:

ქართული ტიტრების დადების აქტივობების  სარგებელი

  1. ინტერაქტიული გაკვეთილებივიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი განიხილავს ტიტრებში გამოყენებულ სიტყვებსა და ფრაზებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს ტიტრებში არსებული ინფორმაციის უკეთ გაგებაში და გამოყენებაში.
  2. ვიზუალური სწავლება ვიდეოს ყურებისას მასწავლებელი აჩვენებს ტიტრებს და განიხილავს იტალიურ და ქართულ ტექსტებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ და შეისწავლონ იტალიური ტექსტი ვიზუალური და ხმოვანი კონტექსტის გამოყენებით.
  3. სიტყვებისა და ფრაზების ანალიზივიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები იწერენ და განიხილავენ ტიტრებში გამოყენებულ ახალ სიტყვებს და ფრაზებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაში  და გრამატიკული ცოდნის  გამყარებაში.
  4. ინტერკულტურული  მიდგომა  მასწავლებელი განიხილავს ვიდეოს შინაარსის კულტურულ კონტექსტს და მის მნიშვნელობას იტალიურ ენასა და კულტურაში.  ეს ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ იტალიური კულტურა და მისი გავლენა ენაზე.
  5. თარგმანის სავარჯიშოები მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჯგუფებში თარგმნიან იტალიური ტექსტს ქართულად და განიხილავენ შედეგებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს თარგმანის უნარების განვითარებაში და ენის  სტრუქტურების გაგებაში.

იტალიურ ენაზე არსებულ ვიდეომასალებისთვის ქართული ტიტრების დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ენის სწავლებას. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს უფრო სწრაფად და მიზნობრივად შეისწავლონ იტალიური ენა, განავითარონ ლექსიკური და გრამატიკული უნარები, ასევე გააცნობიერონ კულტურული კონტექსტი. სწავლებაში ასეთი სტრატეგიის ინტეგრაცია მრავალფეროვნებას და ინტერაქტიულობას ანიჭებს გაკვეთილებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უფრო ინტერესით ისწავლონ იტალიური ენა.

ლეპბუკებით სწავლება დაწყებით კლასებში

0

ვიზუალური მანიპულატივების გამოყენება  მასალის  შესწავლისას დამატებით სტიმულებს მოიცავს.  რომლებიც უფრო მეტად ამდიდრებს და ეფექტიანს  ხდის სასწავლო პროცესს  დაწყებით კლასებში.  ვიზუალური მანიპულატივების ერთ-ერთი ფორმაა ლეპბუკი. აღსანიშნავია, რომ დაწყებით კლასებში ლიტერატურული ტექსტების ვიზუალური მანიპულატივებით  სწავლებისას  ხდება:

საკითხის შესწავლის გაიოლება  – ვიზუალური მანიპულატივები ეხმარებიან მოსწავლეებს უკეთ დაიმახსოვრონ ახალი სიტყვები, ფრაზები და გრამატიკული სტრუქტურები. რადგან ვიზუალური მასალები უფრო ადვილად და უფრო ხანგრძლივად რჩებიან მეხსიერებაში, ვიდრე მხოლოდ ტექსტური ინფორმაცია. მაგალითად, ფლეშბარათები, სურათები, დიაგრამები და გრაფიკები, ლეპბუკები ვიზუალური მასალის სახით ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.

დამატებითი მოტივაცია და ინტერესი – ვიზუალური მანიპულატივები ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას. ფერადი, მრავალფეროვანი და ინტერაქტიული მასალები ამაღლებენ სასწავლო პროცესის ინტერაქტიულობას. ვიზუალური მასალების დახმარებით სწავლა უფრო სახალისო ხდება, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.

მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდება – ვიზუალური მანიპულატივები ეხმარებიან მოსწავლეებს სხვადასხვა კუთხიდან მიიღონ ინფორმაცია. მაგალითად, ერთი და იგივე მასალა შეიძლება იყოს წარმოდგენილი სურათებში, დიაგრამებში, გრაფიკებში, ვიდეოებში და სხვა ფორმატებში. ეს ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და აღიქვან ინფორმაცია სხვადასხვა სახით.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერა- ვიზუალური მანიპულატივები განსაკუთრებით ეხმარება იმ მოსწავლეებს, ვისაც უჭირთ ინფორმაციის ტექსტური გზით აღქმა. ვიზუალური მასალები, როგორიცაა სურათები, დიაგრამები, ვიდეოები და გრაფიკები, ეხმარება განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და აითვისონ მასალა.

კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება – ვიზუალური მანიპულატივები ხელს უწყობენ კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

ვიზუალური მანიპულატივების გამოყენება უცხო სწავლებაში მნიშვნელოვანი დამატებითი სტიმულებს უზრუნველყოფს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უკეთესად გაიგონ, დაიმახსოვრონ და გამოიყენონ საკითხი. ისინი აძლევენ მოსწავლეებს შესაძლებლობას, ინტერაქტიულად და სახალისოდ შეისწავლონ ახალი მასალა, ამაღლონ მოტივაცია და ინტერესი და უკეთეს შედეგებს  მიაღწიონ სასწავლო პროცესში.

მინდა გაგიზიაროღ ჩემს მიერ განხორციელებული  სასწავლო პროექტიინტერაქტიური ლეპბუკი ემილის თავგადასავალი“

პროექტის თემა: ასტრიდ ლინდგრენის “ემილის თავგადასავალი”-ს  პირველი თავის შვიდ ეპიზოდზე  ინტერაქტიური ლეპბუკების შექმნა და რჩევების მიცემა ემილისათვის.

კლასი: 3

მიზანი: მოსწავლეებმა  გაიუმჯობესონ  ტექსტის გააზრების უნარები, განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, ასევე დაეუფლონ ლეპბუკების დამზადების ტექნიკას და შექმნან ინტერაქტიური, თემატური ლეპბუკი.

ეტაპები:

I შესავალი  

  1. წინასწარი მომზადება:
    • წაიკითხეთ “ემილის თავგადასავალი” პირველი თავი კლასში.
    • განიხილეთ  ამ თავის შვიდი ეპიზოდი.
    • დაეხმარეთ მოსწავლეებს  გააცნობიერონ  ტექსტის შვიდივე ეპიზოდი.

II. ლეპბუკების დაგეგმარება

  1. სამუშაო ჯგუფების შექმნა:
    • გავყვოთ მოსწავლეები 7 ჯგუფად, თითოეული ჯგუფს მიეცით ერთი ეპიზოდი დასამუშავებლად.
  2. ლეპბუკების კომპონენტები:
    • ყდა: თითოეულ ლეპბუკს უნდა ჰქონდეს ლამაზი ყდა, რომელიც ასახავს ეპიზოდის კონტურულ, გასაფერადებელ  ილუსტრაციას.
    • ყდის შიგა სივრცის მომზადება: ლეპბუკის „ფანჯრის“ შიგნით სივრცე 2 ნაწილად უნდა ფორმირდეს ერი ნაწილი ეპიზოდის ტექსტისთვის. მეორე ნაწილში ამ ეპიზოდიდან გამომდინარეპერსონაჟისთვის  რჩევის დასაწერი სივრცე.

III. ლეპბუკების დამზადება

  1. მასალები:
    • მუყაოს ფურცლები, მარკერები, ფანქრები, მაკრატლები, წებო, სხვადასხვა ფერის ქაღალდები და დეკორატიული მასალები.
  2. პროცესი:
    • მოსწავლეებმა გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები, რათა შექმნან ლამაზი და ინფორმაციული ლეპბუკები.
    • თითოეული ჯგუფი იმუშავებს თავის ეპიზოდზე, ხოლო საბოლოო პრეზენტაციისთვის ისინი გააერთიანებენ ლეპბუკებს.

3. ლეპბუკების პრეზენტაცია

პრეზენტაციის მომზადება:

    • თითოეულმა ჯგუფმა მოამზადოს პრეზენტაცია თავიანთი ლეპბუკის შესახებ.
    • წარმოადგინონ თავიანთი ლეპბუკები კლასში, ახსნან  რა ეპიზოდს ასახავს ილუსტრაცია და  როგორია  თავიანთი რჩევები ემილისთვის.

ამ ილუსტაციაში  კარგად ჩანს: 1)ლეპბუკის ყდა – გაფერადებული ილუსტრაციით, რომელიც იხსნება 2) შიდა სივრცე, რომელიც ორადაა გაყოფილი, ზედა ნაწილში ილუსტრაციის შესაბამისი  ტექსტია და ქვედა ნაწილში მოსწავლის მიერ მიცემული რჩევაა.

განხილვა და უკუკავშირი:

    • განიხილეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი
    • ჯგუფებმა გაუზიარონ ერთმანეთს რჩევები და მოისმინონ სხვების აზრები.

საბოლოო აქტივობა:

  • მოაწყეთ ლეპბუკების გამოფენა სკოლაში, სადაც სხვა კლასები და მასწავლებლები შეძლებენ ნახონ მოსწავლეთა ნამუშევრები.
  • მისცეთ მოსწავლეებს სერტიფიკატები, სტიკერები დაშ  შემოქმედებითი და აქტიური მუშაობისთვის.

ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს  გააუმჯობესონ ტექსტის გააზრების, შემოქმედებითი აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარები.

ლეპბუკის შეფასება უნდა მოიცავდეს მრავალფეროვან კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ობიექტურ და სამართლიან შეფასებას. ყურადღება უნდა მიექცეს შინაარსს, სტრუქტურას, ვიზუალურობას, ენობრივ უნარებს, პრეზენტაციას და მოსწავლეების ძალისხმევას. ეს კრიტერიუმები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და მათ პროგრესს.

ლამარა – ზრუნვის დიდოსტატი

0

„გარდაიცვალა დედაჩემი

მშვიდად მიიღეთ

ამოწურა თავისი სასიცოცხლო ძალები“

დაწერა დედაჩემმა ჩვენს საოჯახო „ჩატში“, მარტის დასაწყისის ერთ ცივ და სუსხიან დღეს. ისეთივე სუსხიანი და მკაცრი იყო ახალი მოვლენის გააზრება, რომელსაც ეს სამი წინადადება იტყობინებოდა, როგორც თავად ფაქტი. ამის შემდეგ, ჩვენთან ლამარა აღარ იქნებოდა, ბაღდათის სახლი მის გარეშე მოიწყენდა, ჩვენ ხომ მოვიწყენდით და მოვიწყენდით მის გარეშე და საშინელი სევდიანობა შეგვეყრებოდა. ყოვლად აუტანელი გახდა ამ მოცემულობასთან შეგუება, უცებ გავიზარდე რამდენიმე წლით და მძიმე ფიქრების ღრუბელში გავეხვიე.

ზრდასრულობის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვურად მჯეროდა, რომ ბებიები, ძალიან, ძალიან გვიან უნდა მიდიოდნენ ჩვენგან. ან როდის არის ეს „ძალიან გვიან“, რომ მათთან ყოფნას შეველიოთ და მათი წასვლა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ?! აი, მე კი თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ლამარა არასდროს დაგვტოვებდა. არასდროს დატოვებდა საკუთარ სახლს, საკუთარ საქმეებს, საყვარელ ადამიანებს და კიდევ 100 წელი მაინც ივლიდა ბაღდათის კოპწია ქუჩებში ზამთარში ლურჯი ბერეტით, ზაფხულში შავი საზაფხულო ქუდით; კიდევ 100 წელი იქანავებდა ჩვენის სახლის ჭიშკართან, კარალიოკის ხეზე  ჩამოკიდებულ საქანელაზე გულის „დასასვენებლად“, კიდევ უფრო დიდხანს შეაწუხებდა გაზაფხულობით წნევები და შესაცვლელი ექნებოდა წნევის მარეგულირებელი წამლები, კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებდა შვილებზე და შვილიშვილებზე ზრუნვას.  შეუძლებელი იქნებოდა სხვანაირად, რადგან თვითონაც ეცოდინებოდა, რომ მისი წასვლით ყველაფერი გაფუჭდებოდა და მეგონა, ამას  არაფრით დაუშვებდა.

ლამარა მაინც წავიდა, – მშვიდად და ღირსეულად, საყვედურების და წვალების გარეშე. წასვლისასაც არ უღალატია მისი საუკეთესო თვისებისთვის, ეტვირთა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო; აეღო იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ამას სხვები მოელოდნენ მისგან. აქაც გაგვიფრთხილდა და დაგვიცვა… ამის მერე ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რომ მხოლოდ ისეთ ქალს, როგორიც იყო ლამარა ჭელიძე-ყურაშვილი, მხოლოდ  ასეთ დედას შეუძლია გაზარდოს მამა ანდრიასნაირი  ადამიანები, რომლებიც უპირობოდ, ზედმეტი კირკიტის, ორჭოფობის და რაციონალური განსჯის და ჩხრეკვის  გარეშე ხდებიან სხვების სიმძიმის თანამტვირთველები და ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობასაც პირველები იღებენ საკუთარ მხრებზე.

ბაღდათი, ბაღდათის სახლი, ლამარა, ჩვენ ყველა ერთად ამ სახლში – საუკეთესო მოგონებების კიდობანია. სახლში უამრავი საბავშვო წიგნია, ყველა მკითხველი ბავშვისთვის საოცნებო ადგილი. არც წიგნის კითხვას გიშლის ვინმე, არც საქმეს გაძალებს – იკითხე, დაისვენე, შეიფერე, დატკბი ბავშვობით! აქ წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, იანუშ კორჩაკის წიგნები. ამ სახლის წიგნების დახმარებით იძერწებოდა ჩემში პატარა მკითხველი. ეს სახლი ჩემი ყველა საყვარელი საბავშვო ლიტერატურული პერსონაჟის სახლიცაა, სადაც ვკითხულობდი პეპი გრძელწინდას, ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონის თავგადასავალს, ემილის თავგადსავალს, ბიულერბიულ ბავშვებზე ამბებს, „ჩვენ სალტკროკელები ვართ“ და ა.შ. და ა.შ. წიგნები, გაზეთები, ფურცლები, ჩანაწერები – ბაღდათის სახლის შეუცვლელი რეკვიზიტები იყო ყოველთვის და ასე დარჩება სულ. ხანისწყალი, სათავე და იქ გატარებული დრო ყველაზე ჯანსაღად გატარებული დროა, რაც კი შეიძლება გამახსენდეს ბავშვობიდან – მზისგან შებრაწულებს ბებია ლამარა ცხელ ჭადებს რომ დაგვახვედრებდა, ვარდისფერ პამიდორს, გემრიელ ყველს, მწვანე ლობიოს, აწეწილ ბადრიჯანს ნიგვზით. ბაღდათის სახლი ყოველთვის იყო გემრიელად გამასპინძლების კერა თითოეული ჩვენგანისთვის, სადაც ბუხარში მინავლულ ნაკვერჩხლებთან ერთად კეცებში თვლემდა ნეშოიანი ჭადები და რეგულარულად ფუვდებოდა ცომი ხაჭაპურებისთვის. ლამარა ყოველთვის ეზიდებოდა პროდუქტს ბაზრიდან და იყო შესყიდვის ნამდვილი ექსპერტი, რომელსაც ყველაფერი ბევრი და გამოულეველი უნდა ჰქონოდა სახლში შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის, მეზობლისთვის, მეგობრებისთვის და შეჭირვებულისთვის გასაგზავნად და „მისაკითხად“. ჩემი შვილები ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ლამარა იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბებია, რადგან ბაღდათში ყოველი სტუმრობისას პენსიის ფულით ასაჩუქრებდა:“რამე იყიდეთო, ბებიაო“.

ადრეული ბავშვობის მოგონებებში მკრთალად ციმციმებს იმერული ზამთარი –  დიდთოვლობა ბაღდათში, ცელოფნის პარკებით სრიალი ჭიშკრამდე და სახურავიდან გადმოხტომა უზარმაზარ თოვლში.

შემდეგ უკვე, მე და ლამარა ბებია ძველ და ძნელ 90-იანებში, უშუქობის პერიოდში, საღამოს, ბაზრისთავში მივდივართ, ერთ-ერთ ჩვენს მეზობელთან, რომელსაც ე.წ. “დვიჟოკი“ აქვს, რომ სხვა ჩვენსავით შეკრებილ ბაღდათლებთან ერთად გვეყურებინა „ველური გულისთვის“ და , ერთად გვენერვიულა ვენესუელურ დრამაზე, ხუანის და მონიკას სასიყვარულო გამოწვევებზე.

ახლახანს ვიყავი. მწვანედ ხასხასებდა  ყველაფერი. მისაღებ ოთახში სარკმელი იყო ღია და მზის შუქ-ჩრდილები ფარდაზე ირეკლებოდა. ვარდებს უკვე გადაუყვავილიათ, ისეც ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გამოვტოვებთ ხოლმე. ბაღდათის სახლი მცხუნვარე მზით იყო განათებული, გამთბარი და ისეთი მშობლიური, როგორც ნამდვილი ბავშვობის სახლი. მძაფრდება სიმშვიდის და დაცულობის, სანდოობის და მიჯაჭვულობის შეგრძნება და პარალელურად ისმის ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი, ქათმების კრიახი, მამლების ყივილი… ზაფხულია. ეს სამყაროსთან თანაცხოვრების, თანაარსებობისთვის გაყვანილი ბილიკებია და ერთგვარი სამოქმედო მოდელი, სამყაროსთან საუბრის და დამეგობრებისთვის ჩაყრილი საძირკველი.

მე ყოველთვის მეშინოდა ბებიების სიკვდილის, ამიტომ ლამარას ისე ველაპარაკები, როგორც დროებით ჩვენგან წასულს რაღაც საქმეზე და მის არყოფნაზე ფიქრიც ისეთი დამთგრუნველი აღარაა. შეიძლება ბაზრისთავშია, იქნებ ელისოს მაღაზიაში, იქნებ ეკლესიაში, იქნებ პროდუქტებით დატვირთული ტაქსშია და მალე გაჩერდება ჩვენი ნაცრისფერი ჭიშკრის წინ და შემოგვძახებს:“ ნონა, ლელა, მომეშველეთ“. როგორ შეიძლება დაგეზაროს ჭიშკართან ჩარბენა და ნესვების, დიდი, ვარდისფერი პომიდორების, უგემრიელესი ყველის, სურნელოვანი ატმების სახლში ამოტანა და დაბინავება. ბოლო დროს ჭადის ფქვილის ყიდვა და თბილისში გამოგზავნა რაღაც ხერხებით და საშუალებებით ლამარას ფუნქციად იქცა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სულ მავიწყდება ყიდვა, მგონია ამაზე კიდევ ლამარა იზრუნებს და ვინმე წამომიღებს ბაღდათიდან, კარგ, იმერულ ჭადის ფქვილს, თბილისში რომ ვერსად ვერ ვიშოვი ისეთს და  მარტო მან რომ იცის შერჩევა, მარტო მას რომ აქვს შეგულებული, კაი ნაცნობები რომ ჰყავს ბაღდათის ბაზარში და მისთვის რომ აქვთ გადანახული ყველაფერი კაი.

„შენ რაფერ ხარ ბებია? ბოვშები რაფერ არიან? ჩვენ რა გვიჭირს, კარგად ვართ ყველა“ – ეს ჩვენი სატელეფონო საუბრის დასაწყისია – ყოველთვის იმედიანი, გადამდები და გამამხნევებელი ტონით.

„კარგად ბებია, ერთმანეთს გოუფრთხილდით და მოუარეთ. მადლობა მოკითხვისთვის“ – ეს ტრადიციული დამშვიდობებაა.

ლამარა ჭელიძე მთელი მისი მონაგარის მეხსიერებაში დარჩება ზრუნვის მასწავლებლად და დიდოსტატად.

 

 

 

 

 

იდეიდან ტექსტამდე

0

(პირველი ნაწილი)

ამ წერილს უფრო ჩემთვის ვწერ და კიდევ – ჩემი მკითხველებისათვის. ჩემთვის იმიტომ, რომ შემოქმედებითი პროცესი უკეთ გავიაზრო (გამოცდილი მწერალი ამას უსტატიოდაც მოახერხებდა, მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ). მკითხველებისთვის კი იმიტომ, რომ ყველა მკითხველს სურს ხოლმე, თავის საყვარელი ავტორის შიდა სამზარეულოში შეიჭყიტოს. ეგ მეც მიყვარს, როგორც მკითხველს და ჩემი მკითხველებიც შემოქმედებითი საქმიანობის დეტალებით ხშირად ინტერესდებიან. ამ წერილში მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხს შევეხები, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ცნობისმოყვარეობას ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილებ.

არ ვიცი, შეიძლება, ზოგი ავტორი, თავში იდეა მოუვა თუ არა, მაშინვე იწყებს წერას. მე – არა, იდეის მოსვლიდან წერის დაწყებამდე თვეები გადის და ზოგჯერ, შეიძლება წლებიც გავიდეს. ახლა, მაგალითად, მაქვს იდეა, რომელიც „აკუმის“ იდეაზე ადრინდელია, მე კი დღემდე არ შევდგომივარ მის განხორციელებას. არადა, სათაურიც მაქვს და პირველი ფრაზაც. სულერთია – ის დასაწერად მზად არ არის, არ არის მზად და მორჩა. აი, მზად როდის იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ, ეგ უკვე ჩემზე აღარაა დამოკიდებული.

აბა, ვისზეა დამოკიდებული?

იდეა ხომ ჩემია და მის განხორციელებასაც მე უნდა მოვაბა თავი?

ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არა მაქვს. მგონი, ესაა ზუსტად ის საიდუმლო, რაც შემოქმედებას შემოქმედებად აქცევს, ის, რისი წყალობითაც ჩანაფიქრი თუ მონახაზი ხელოვნების ნიმუში ხდება.

მე რაც ვიცი, იმას გეტყვით: იდეის გაჩენიდან დაწერამდე ჩემი ტვინის ერთი ნაწილი მუდამ მასზე ფიქრობს. ფიქრისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობები არ მჭირდება, თუმცა გამოგიტყდებით, რომ მგზავრობა, გზაში ყოფნა იდეალურია. მეტრო, ავტობუსი, თუნდაც მანქანით შორ მანძილზე წასვლა – აი, ასეთ დროს გონების მოკრება უფრო მიადვილდება ხოლმე. ამიტომ ყველა ჩანთაში, უფრო სწორად, ორივე ჩანთაში (რომელი ჩანთების კოლექცია მე მაქვს), ყოველთვის მიგდია პატარა წიგნაკი – თუ იდეამ ბევრი სხვა აზრი გამოისხა, ჩემი ბატიფეხურით იქვე რომ მოვინიშნო. მერე ზოგჯერ (ბოლო დროს უკვე – ხშირად) თვითონვე ვეღარ ვარკვევ, რა ჩავიწერე, რაც კიდევ დამატებითი ნერვიულობის წყაროა.

მარგარეტ ეტვუდი გვირჩევს, თუ სადმე მიდიხართ, თან იქონიეთ ფანქარი და ფურცლები, რადგან კალამი, შეიძლება გაგითავდეთ, ფანქარს კი გათლითო. მაგრამ თუ თვითმფრინავით გიწევთ მგზავრობა, მაშინ ეგრევე გათლილი ფანქრები წაიღეთ, სათლელს კაბინაში არ აგატანინებენო.

რა ვიცი, მე კალმით დავდივარ და მინდა გითხრათ, სულ არ ვუჩივი.

რატომ ვინიშნავ?

შიშის გამო ანუ შიშით, რომ დამავიწყდება. სინამდვილეში, არასოდეს არაფერი მავიწყდება. და თუ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩანაწერებში ჩანიშნული რომელიმე დეტალი გამომრჩა და ტექსტში არ გადამიტანია, როგორც წესი, ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს დეტალი არც ყოფილა ტექსტისთვის საჭირო.

აბა, რა თავს ვიკლავ?

მ ე შ ი ნ ი ა.

და ეს საკმარისი მიზეზია თავის მოსაკლავად.

დამიჯერეთ.

ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპია შეგრძნება, რომ იდეა დასაწერად მზად არის. ამას როგორ ვხვდები, ვერ აგიხსნით – თვითონაც არ ვიცი. ამიტომ თუ იდეა მეტისმეტად დიდხანს ვხარშე გონებაში და მის დასაწერად მზაობას მაინც ვერ ვგრძნობ, შიში მიორმაგდება: რა ხდება? საერთოდ რომ ვერ დავწერო? ზედმეტი რომ ვიფიქრო და ფიქრში დაწერამდე გაუვიდეს ყავლი? რომ ვერ მივხვდე, რომ მზადაა? მაგას როგორ უნდა მივხვდე?

ფიქრში ყავლის გასვლა ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი აზრით, ეგ იმას მიგვანიშნებს, რომ ასეთი იდეა არც ღირდა დასაწერად. ამიტომ მასზე გულის ხეთქა ფუჭია. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – დაიწყო წერა, შუამდე ჩახვიდე და აღარ დაასრულო, რადგან სანამ შუამდე ჩახვედი, შენი ცხოვრება შეიცვალა და ის აღარაა შენი სათქმელი, რაც წერის დაწყებისას იყო. მაქვს ერთი ეგეთი ტექსტი – აიოვაში ყოფნისას დაწყებული რომანი, რომლის პირველი ორასი გვერდი დაწერილია და მეტი აღარ დაიწერება – იქ იმდენი რამ მოხდა, რომ ჩამოვედი, უკვე სულ სხვა საფიქრალში ვიყავი. მერე რაც შემემთხვა, იმან კიდევ სხვა იდეის განვითარებას შეუწყო ხელი.

ერთი სიტყვით, გარდაუვალი კანონია – რაც დასაწერია, აუცილებლად დაიწერება. რაც არა და, ესე იგი, ასე უმჯობესი იყო ყველასთვის.

წერამდე მე კიდევ ერთი ეტაპი მაქვს: კვლევა. ზოგჯერ ის თავად წერის ეტაპსაც ემთხვევა ხოლმე. მოკლედ, ქრონოლოგიას მნიშვნელობა არა აქვს, თავად პროცესის მიმდინარეობაზე გეტყვით:

აიოვაში ყოფნისას მექსიკელმა პოეტმა, დავიდ ანუარმა ილაპარაკა წერისწინა სამუშაოებზე და რომელიღაც სხვა პოეტის ციტატა მოიხმო, როცა წერ, ყოველი სიტყვა სისხლში უნდა იყოს ამოვლებულიო. თავად კი დაამატა, საამისოდ ორი გზა არსებობს: ან პირად გამოცდილებას უნდა დაეყრდნო ან უნდა იკვლიო. თვითონ ორივე გზას კარგად იცნობს – თუ ერთი კრებულისთვის ბიძგი დედის ავადმყოფობამ მისცა, მეორე კრებულისთვის არქივებსა და ბიბლიოთეკებში ძრომიალი დასჭირდა.

დავიდს რომ ვუსმენდი, მივხვდი, რომ მე მეორე გზის მწერალი ვარ – მწერალი, რომელიც იკვლევს. პირად გამოცდილებას არასდროს ვეყრდნობი, დიდი-დიდი რაღაც მოტივები ავიღო იქიდან, რომლებსაც მერე კიდევ გარდავქმნი, მაგრამ მთლიანი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან ჩემს ტექსტებში არასდროს ხვდება. ბევრჯერ მსმენია ეს დარიგება: „დაწერე იმაზე, რაც იცი!“ მე კი პირიქით, ყოველთვის იმაზე ვწერ, რაც არ ვიცი. ვწერ იმისთვის, რომ ჩემი არცოდნა კითხვებად დავშალო, ვწერ შეცნობის იმედით, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერასდროს ვაღწევ. ალბათ, ამიტომ ვაგრძელებ წერასაც.

ცოდნისა და სწავლისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, წერის წინა კვლევა მეზიზღება – მე ხომ ამ შემთხვევაში, ვიკვლევ იმას, რაც ტექსტს სჭირდება და არა იმას, რაც მაინტერესებს. ახლა იტყვით, რომ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები. სულაც არა – „ახალ აღქმაზე“ მუშაობისას ბიბლიის ეგზეგეტიკა, რაც იყო კიდეც ჩემი წერის საგანი, ნამდვილად მაინტერესებდა, აი, ძველი ისრაელის ყოფა-ცხოვრება და არქეულოგიური გათხრების შედეგები კი – არა. მაგრამ ამ უკანასკნელის შესწავლის გარეშე ტექსტის მხატვრულ სამყაროს ვერ ავაშენებდი. „აკუმის“ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივადაა საქმე: ცხადია, მედიცინა არ მაინტერესებს, რომ მაინტერესებდეს, ექიმი გამოვიდოდი. მაგრამ რა მექნა? იდეა მოითხოვდა, რომ სამედიცინო ნაწილი კარგად შემესწავლა. მაგალითად გამოდგება ჩემი ზემოთ ნახსენები დაუსრულებელი რომანიც – მარტოხელა მამაზეა. მარტოხელა მამის თემა უთუოდ მაინტერესებდა და არ ვიცოდი (რადგან, როგორც მოგეხსენებათ, არც მამა ვარ და არც – მარტოხელა), მაგრამ მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამრავი სამედიცინო სტატია წავიკითხე და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო საქმე. მისი ცოლი პოსტსამშობიარო ფსიქოზით იტანჯებოდა – ეს თემაც მიზიდავდა, თუმცა აქაც უამრავ სამედიცინო ლიტერატურას გავეცანი და ბოლოს ცოტა მომწყინდა. აი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მივადექით – კვლევის კიდევ ერთი უბედურება ისიცაა, რომ დანამდვილებით იცი: უმეტეს ნაწილს იმისას, რასაც წაიკითხავ, წერისას არ გამოიყენებ. ეს ყოველთვის ასე ხდება. მით უფრო, რომანის შემთხვევაში – აბა, როგორ უნდა განსაზღვრო, საით წავა ამბავი და მესამასე გვერდზე რისი ცოდნა დაგჭირდება და რისი არა? ამიტომაც სჯობს, იცოდე მეტი, ვიდრე ნაკლები. არც ჰემინგუეის დასჭირდა ის ყველაფერი, რაც თევზაობაზე იცოდა, როცა „მოხუცი და ზღვა“ დაწერა, გამოვტოვეო, – დასძენს, – როცა იცი და ტოვებ, არ ეტყობაო. როცა არ იცი და ამის გამო გამოტოვებ, დაეტყობა.

ამიტომ კვლევისას სიზარმაცე გაუმართლებელია.

თუმცა არც კარგად ნაკვლევი საკითხია კარგი ტექსტის დაწერის გარანტია. შესაბამისად, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები შიშიც არასოდეს გტოვებს. მაგრამ ეს უკვე შემდეგი წერილის თემაა…

გაგრძელება იქნება

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...