შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ სწავლებისათვის

0

მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა რომანტიზმმა, უმდიდრესმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ. რომანტიკული მწერლობის ინტელექტუალური მემკვიდრეობა ზედმიწევნით შეისწავლეს ლიტერატურათმცოდნეებმა, არსებობს მსოფლიო რომანტიზმის კამპარატივისტული კვლევები და უაღრესად საინტერესო ურთიერთდამაკავშირებელი ძაფები არის აღმოჩენილი ქართული და უცხოური მწერლობის ქმნილებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საკმაოდ მდიდარი მხატვრული და შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, 21-ე საუკუნის ბავშვების დაინტერესება მეცხრამეტე საუკუნის ადამიანების ლირიკული განცდებით მასწავლებლისთვის სერიოზული გამოწვევაა.      რომანტიკული პოეზია მეთერთმეტე კლასში ისწავლება, თუმცა მანამდე, საბაზო საფეხურის პროგრამაშიც, გვხვდება ცალკეული ნაწარმოებები. შემდეგ უკვე მეთორმეტე კლასში ერთიანი ეროვნული გამოცდების სამზადისში კვლავ მივუბრუნდებით ხოლმე ამ ტექსტებს. წლევანდელი ეროვნული გამოცდების პროგრაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. შემცირდა სავალდებულო ტექსტების რაოდენობა. პროგრამის მიღმა დარჩა ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა”, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, დარჩა მხოლოდ ერთი ლექსი („თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“). ნიკოლოზ ბარათაშვილის რვა ლექსიდან დარჩა მხოლოდ სამი „მაგნუმ ოპუსი“ („მერანი“, „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ და „შემოღამება მთაწმინდაზედ“), ასევე საგამოცდო პროგრამაშია ამავე ავტორის პოემა „ბედი ქართლისა“.

როცა რომანტიკულ პოეზიას ვსწავლობთ, შემჩნეული მაქვს მოსწავლეთა განსხვავებული დამოკიდებულებები ამ ნაწარმოებებისადმი. უხეში სტატისტიკით, ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. ერთი ნაწილს ძალიან მოსწონს რომანტიკოსების სევდიანი, მგრძნობიარე ლირიკა, მათი ფაქიზი სენტიმენტალობა, ხოლო მეორე ნაწილისთვის სრულიად გაუგებარი და მომაბეზრებელია ის თემები, მოტივები და განწყობები, რომელთაც რომანტიკულ პოეზიაში ვხვდებით.

ვერ უარვყოფთ, რომ 21-ე საუკუნის ადამიანისთვის უცხოა მეცხრამეტე საუკუნის მოჭარბებული ემოციურობა, თანამედროვე ადამიანი ბევრად პრაგმატული, თავდაჯერებული და ემოციებისგან დაცლილია.  ამიტომაც ძნელია ახალი თაობის დაინტერესება რომანტიკული პოეზიით. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ბავშვებს უყვართ სიახლეები, ორიგინალური ხედვა, განსხვავებული ხედვის კუთხეებიდან ტექსტების ჭვრეტა. თუკი მასწავლებელი შეძლებს, რომ გარკვეული ინტრიგა შეიტანოს რომელიმე ძველი ტექსტზე მუშაობის პროცესში, ბავშვების დაინტერესება ძნელი არ იქნება.

“შემოღამება მთაწმინდაზედ” ფორმითაც და შინაარსითაც თავისი ეპოქის ნოვატორობაა და დღემდე რჩება აქტუალურ ტექსტად. ნიკოლოზ ბარათაშვილს ახასიათებს ლექსში ორი სხვადასხვა სალექსო საზომის გამოყენება. მაგალითად, “მერანშიც” გვხვდება 14 და 20-მარცვლიანი ტაეპები. ლექსი სულ ცხრა სტროფისგან შედგება, რომელთა შორის პირველი, მეოთხე, მეშვიდე და მეცხრე სტროფები 14-მარცვლიანია, ხოლო მეორე, მესამე, მეხუთე, მეექვსე და მერვე სტროფები 20-მარცვლიანი ტაეპებით არის აგებული. ფორმა და შინაარსი საოცარ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ლექსის რიტმიკა და ინტონაცია სათქმელის მეტი ექსპრესიულობით გადმოცემაში ეხმარება ავტორს.

მსგავსი ხერხია გამოყენებული ლექსში “შემოღამება მთაწმინდაზედ”, თუმცა აქ სალექსო ფორმასთან უფრო ორგანულად არის დაკავშირებული შინაარსი. მონაცვლეობს 14 და 20-მარცვლიანი სტროფები. რომ დავნომროთ, ყოველი კენტი სტროფი 14-მარცვლიანია, ხოლო ყოველი ლუწი – 20-მარცვლიანი. ამასთან, განსხვავებულ სალექსო ფორმასთან ერთად მონაცვლეობს ლექსის თემაც. 14-მარცვლიან სტროფებში ლირიკული გმირი მიმართავს მთაწმინდას, ხოლო 20-მარცვლიან სტროფებში ლირიკული გმირი საკუთარ განცდებზე გვესაუბრება და ერთგვარ ლირიკულ აღსარებას გვთავაზობს.

კლასს ვეუბნები, რომ ტექსტი შეგვიძლია ორ ლექსად დავანაწევროთ და მივიღოთ ორი სრულყოფილი, დამოუკიდებელი ნაწარმოები. ვყოფთ 14 და 20-მარცვლიან სტროფებს და ბავშვების გაოცებას საზღვარი არ აქვს. გამოგვაქვს დასკვნა, რომ ლირიკული ლექსი ხშირად ურთიერთდაუკავშირებელი განცდებისა და ემოციების ამოფრქვევაა და ლირიკული ფრაზები აზრობრივ კავშირში ზოგჯერ არც არის ერთმანეთთან. რუსთველი ასეთ პოეტებს (მისივე სიტყვებით, “ლექსი ცოტაის” ანუ მცირე ფორმის ლირიკული ლექსის ავტორებს) სწორედ ამის გამო უწუნებდა ლექსს: “განაღა თქვას ერთი-ორი, უმსგავსო და შორი-შორი”… რუსთველის ეპოქაში, კლასიკური ხანის მწერლობის დროს, საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ეპოსების ჟამს, რასაკვირველია, აქტუალური იყო ეპიკური პოეზია და რუსთველი თვლიდა, რომ ლირიკოსებს “არ ძალუძთ სრულქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა”, მაგრამ თანამედროვე ლექსთმცოდნეობა რუსთველს ამაში არ დაეთანხმება. ლირიკული ლექსი თანამედროვე მკითხველისთვის უსაყვარლესი ჟანრია, უზომოდ პოპულარული, ემოციური და სულისმიერი. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება სწორედ ბარათაშვილის მოცემული ლექსი, რომ პოეტს მცირე მოცულობის ტექსტში შეუძლია ემოციების მისტიკურ სამყაროში ამოგზაუროს მკითხველი, მეტიც, დაატყვევოს ფაქიზი ლირიზმით.

შემოღამება, როგორც მისტიკური ჭვრეტა (ვიზიონერობა) – ვთავაზობ მოსწავლეებს აქტივობას, რომ დახუჭონ თვალები და შემოღამების/დაისის ლამაზი პანორამა გაიხსენონ, ან თუ არ ახსენდებათ, გამოიგონონ. მათი ფანტაზია უკიდეგანოა. “მივდივართ” მთაში, ან ზღვაზე, ან ტყეში, ან სოფლად, ან სულაც ქალაქის ლამაზი ხედებიდან ვუმზერთ მზის ჩასვლას, ბუნება სულიერდება, ყველაფერი გრძნეული და ჯადოსნურია, ისმის ნიავის ჩურჩული, წყლის ლიკლიკი, ხეების შრიალი, ყვავილების ნაზი ხმები… წელიწადის ყოველ დროს შეიძლება დავუკავშიროთ ჩვენი ფანტაზია, მაგრამ გაზაფხული, აპრილ-მაისი, ბუნების გამოღვიძება, სიმწვანე, სიგრილე, იდუმალება, ყვავილების სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი ყველაზე მძაფრი ემოციური ზემოქმედების მომხდენია. “ვეფხისტყაოსანშიც” ხომ ასეა: “მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა”. როცა “ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა”, სამყაროს მშვენიერება გამაოგნებელია.   ჩვენი წარმოსახვების სამყაროში მოგზაურობის შემდეგ ბინდბუნდიდან იკვეთებიან ბარათაშვილის მხატვრული სახეები: სევდიანი ლირიკული გმირი/ავტორის ალტერ ეგო, მთაწმინდა, ყვავილებით მოჩითული ველი, მაისის მწუხრი, აკვნესებული ნიავი, დისკოგადახრით შუქმიბინდული მთვარე. გამოუთქმელის გამოთქმა გვსურს. უბრალო მოკვდავებს გვიჭირს, ხოლო ზეციური ტატო ახერხებს, რომ ეს ლირიკული აღსარება საოცარი ფანტასმაგორიებით მოიტანოს ჩვენამდე, შეგვიყვანოს თავის სამყაროში და მეოცნებე სულებად გვაქციოს.

ვიწყებთ სინთეზირების ეტაპს და პარალელებს ვავლებთ პოეტურ ასპარეზზე ტატოს მემკვიდრეებთან: აკაკისთან (მისი ლექსები “განთიადი” და “აღმართ-აღმართ” ასევე მაცოცხლებელი ლირიზმით გამოხატავს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას, მძაფრი განცდებით აღბეჭდილი ახალგაზრდული სულის მღელვარებას, გალაკტიონთან (ვკითხულობთ “მთაწმინდის მთვარეს” და ვასკვნით, რომ მთვარის მხატვრული სახე ბარათაშვილის მერე არავის ისე გამომსახველად არ დაუხატავს) და ტერენტი გრანელთან. უფროსკლასელები განსაკუთრებით იხიბლებიან ტერენტი გრანელის სევდიანი ლირიკით. პარალელურ ტექსტად მოგვაქვს ამ ავტორის მაგნუმ ოპუსი “Memento Mori”.

ვისმენთ რადიო თავისუფლებაზე ლევან ბერძენიშვილის ლექციას “Memento Mori”-ზე. მკვლევარი შენიშნავს: „ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება“ – ასე იწყება ეს შედევრი, რომელშიც „თეთრი მარადისობის“ „ზეციური არსება“, ტერენტი გრანელის ლირიკული გმირი მიღმური სამყაროდან დაჰყურებს უბადრუკ აქაურობას. მშვენიერი ქართული მითი ამბობს, თითქოს მთაწმინდაზე მცხოვრებმა ტერენტი გრანელმა დაწერა და ზარატუსტრასავით სასწრაფოდ დაეშვა ბარში და ოპერასთან გალაკტიონს გადაეყარა და თავისი ახალდაწერილი შედევრი წაუკითხა. გალაკტიონმა სამჯერ გაამეორებინა ლექსი, „კაია ძამიკოო“, უთხრა, წავიდა და პოეტი გაოგნებული დატოვა. მეორე დღეს ტერენტი გრანელი ისევ შეხვდა გალაკტიონს და მასთან ჩხუბი დააპირა, მაგრამ გალაკტიონმა გუშინდელი ლექსი ზეპირად უთხრა, აღაფრთოვანა და საბოლოოდ პოეტების შეხვედრა დუქანში დასრულდა”.

“შემოღამება მთაწმინდაზედ”, “მთაწმინდის მთვარე” და “Memento Mori” –  ქართული ლირიკის ოთხი ვირტუოზის მიერ შექმნილი ეს ოთხი ლექსი გვაჩვენებს, თუ როგორია ლირიკული “ფრენა”, ვიზიონერობა (ჭვრეტა), სამყაროს შემეცნება მხატვრული სიტყვის დახმარებით, ბუნებისა და ადამიანის ურღვევი მისტიკური კავშირი და პოეტის მიერ “ლირიკული მეს” გამოხატვის ყველაზე ოსტატური გზები. ამ ლექსებს აერთიანებს სივრცეც – მთაწმინდა. ვსაუბრობთ მთაწმინდის მნიშვნელობაზე. რომ ეს არის ჩვენი დედაქალაქის სახე, საზოგადო აქტივობებისა და სულიერების ცენტრი, მთაწმინდის პანთეონი ქართული ხელოვნების პარნასია, აქ განისვენებენ ჩვენი გენიოსები, მამა დავითის ეკლესია აქ უხმობს მეოცნებე და ღვთის მსასოებელ სულებს, მთაწმინდის სერებზე დააბიჯებდა სულით ობოლი ტატო, გალაკტიონი აქ ხედავდა მთვარის დღესასწაულებს და აქ წერდა თავის შედევრებს ყველაზე სევდიანი მარტოსული პოეტი – ტერენტი გრანელი. მთაწმინდას სულიერად აღიქვამდა აკაკი… “მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა”…

იდეალური იქნება, თუკი მასწავლებელი მოახერხებს, რომ გასვლითი გაკვეთილი ჩაატაროს მთაწმინდის პანთეონსა და ბარათაშვილის მუზეუმში. ეს ერთ დღეს მოხერხდება. ბარათაშვილის მუზეუმი მტკვრის სიახლოვეს გადაგვიშლის იმ სამყაროს, სადაც “ფიქრნი მტკვრის პირას” იწერებოდა, ხოლო მთაწმინდის პანთეონი იმ იდუმალ ადგილებს, სადაც დაეხეტებოდა სიცოცხლეშივე ზეციურ სულად ქცეული, მიწიერებას მოწყვეტილი ახალგაზრდა პოეტი.  ბარათაშვილი, გალაკტიონი და გრანელი თავიანთი შემოქმედებით, პიროვნებით შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც მაგალითი სულიერების ზეიმისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ ვნებებით სავსე ადამიანმა თავი სრულიად დააღწიოს “მიწის ჯანგიან ბორკილებს”, როგორც გრანელი იტყოდა.

გასვლით გაკვეთილზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ლექსი “შემოღამება მთაწმინდაზედ” ნოვატორულია როგორც ფორმით, ისე იდეებით. რომანტიკული პოეზიის მოთქმა-გოდების ფონზე პირველი ლექსია, რომელმაც ოპტიმისტური იდეა გააჟღერა: “რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს”. მანამდე მზიანი დილის გათენება არ ყოფილა ქართულ ლირიკაში. მიუხედავად მკაცრი ბედისწერისა, მიუხედავად უკურნებელი სულიერი ობლობისა, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო ადამიანი, რომელიც არ კარგავდა იმედსა და წონასწორობას. ყოველივე ამის გათვალიაწინებით კი გამოგვაქვს დასკვნა: ბარათაშვილი რომ 1845 წელს არ გარდაცვლილიყო და მოსწრებოდა 60-იანი წლების პოლემიკას ე.წ. “მამათა” და “შვილთა” ბანაკებს შორის, ის არ დადგებოდა თავისი საყვარელი “ძია გრიგოლის” გვერდით, არამედ ილიას მეთაურობით გრიგალივით შემოჭრილი ახალი თაობის თანამზრახველი და მხარდამჭერი იქნებოდა. ამას პოეტურ ენაზე ადასტურებს მისი “მერანიც”, ბრძოლისა და დაუმორჩილებლობის ჰიმნად ქცეული ნაწარმოები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წიგნისა და  სიტყვების ზარდახშა

0

„საერთოდ მე მუდამ მქონდა ეჭვი, რომ სიტყვები  ზღვის ფსკერზე იბადებიან. შესაძლოა, ყოველი  სიტყვა რაღაც არსებაა, თითოეულს, ცალ-ცალკე,  საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვს.  ყოველი მათგანი განუმეორებელი თვისებებით გამოირჩევა – ზოგი ხმალთევზაა, ზოგი მედუზა, ზოგი მარჯანი. ამიტომ, სრულიად არ გამკვირვებია, როდესაც დავინახე, რომ ეს სიტყვა ასე  მოლუსკივით ამოიწვერა ზარდახშის ხავერდოვანი, მწვანე ფსკერიდან და რომ ასე მანათობელი და გამჭვირვალე იყო.“

ზაზა თვარაძე _ „სიტყვები“

სულ მინდოდა ამ წიგნზე რამე მეთქვა ან დამეწერა. მოდი დავანაწევროთ ცნება „წიგნი“ და დავიყვანოთ ის სიტყვებამდე. როგორც ამბობენ, პირველად იყო  სიტყვა და რომ იყო ღმერთთან და ღმერთი იყო თავად  სიტყვა.

სიტყვა _ სამყაროს გაჩენისთანავე დაიტვირთა უზარმაზარი ენერგიით, ხოლო ერთად თავმოყრილი, წიგნად ქცეული სიტყვების გავლენა ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე, განუსაზღვრელია.

არსებობს ასეთი მითიც, რომ მწერლის ბედ-იღბალზე მის მიერ დაწერილი ტექსტები მოქმედებენ და მის ცხოვრებას წარმართავენ ხოლმე, და ისეც ხდება, რომ თავად მწერალი ექცევა საკუთარი  სიტყვების ტყვეობაში.

ცოტა საშიშიც კი არის, იყო მწერალი ან პოეტი, რადგან შენი ტექსტები, სიტყვები, წიგნები შენ გარეშე  აგრძელებენ ცხოვრებას, თან კი მწერლის მიერ წერის პროცესში ჩადებულ გრძნობებს, ფიქრებს, ტკივილს თუ სიხარულს ატარებენ და მკითხველის ემოციებს შეურთდებიან ხოლმე, ან დაუნანებლად ივიწყებენ ავტორს და რომელიღაც მკითხველის რომელიღაც ემოციად იქცევიან.

წიგნი სიტყვების ზარდახშაა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობენ და არსებობენ სხვადასხვანაირი ზნის, სუნის, ფორმის და შინაარსის  სიტყვები. ზოგი გულისარევამდე საზიზღარია, ზოგი _ სულისშეხუთვამდე სევდიანი, ზოგიერთი კი ჩაბჟირებამდე სასაცილო. ზაზა თვარაძისთვის  „სიტყვებში“ ზარდახშიდან ამოფრენილი, ამოზლაზნილი, ამომხტარი სიტყვები მოვერცხლისფროები, ბურთულისებრები, გამჭვირვალეები, მონისლისფრო-მომტრედისფროები არიან და დაღლილი ღამის პეპლებივით დაფარფატებენ. სიტყვები ცოცხლები არიან, მათზე ხელის მოკიდებით და დაწყვილებით იქმნება ტექსტები. წიგნები, წიგნებში კი სიტყვებს ჩვენამდე მოაქვთ  უძველესი ეპოქები, მათი სუნი, ყოფა, იმდროინდელი ვნებები და განცდები. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ერთგვარი დროის მანქანაა, საუკუნეების წინანდელი ამბები და საუკუნის წინანდელი სიტყვები მოაქვს ჩვენთან, მოჰყავს თავისი ავტორიც, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ _ ყველაზე უსახო და უნიჭო მწერალიც კი, როცა წიგნს წერს, საკუთარ თავს ან თავის ნახევარს მაინც ტოვებს იქ. წიგნს, „დროის მანქანას, შეუძლია მომავალიც გვიჩვენოს, წარმოგვიდგინოს მომავალი ალტერნატივები. დღესდღეობით პოსტაპოკალიფსური ფანტასტიკა და ზოგადად, ფანტასტიკა ამის ნათელი მაგალითია.

წიგნები არა მხოლოდ ემოციურად მოქმედებენ  ადამიანებზე, არამედ შეუძლიათ შეცვალონ მათი  მსოფლხედვა, გახადონ უკეთესები ან უარესები.  სიტყვების ძალაუფლება წარმოუდგენლად დიდი და  შეუზღუდავია.

და მივედით ჩვენს მთავარ სათქმელამდეც, ეს ყოვლისშემძლე იარაღი, ეს ჯადოსნური ბროლის ბურთი თუ ნატვრისთვალი, მასწავლებლებო – თქვენს ხელთაა! თქვენს ხელშია იმისთვის რომ გახსანთ ზარდახშა და იქიდან ამოფრენილი ფარფატა სიტყვებოთ საოცრებები დაატრიალოთ!

ძალიან ხშირად წამიკითხავს ან მომისმენია მასწავლებლების გულისტკივილი იმის შესახებ, რომ თანამედროვე თაობა არ კითხულობს, რომ ვერაფრით მოაწონეს წიგნი, რომ წიგნს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა – სოციალური ქსელები სახით, რომ ბავშვებს კითხვას ე.წ. „სქროლვა“ ურჩევნიათ. თუმცა, ერთია გქონდეს ასეთი მძლავრი იარაღი და მეორეა მისი გამოყენების ინსტრუქცია საფუძვლიანად იცოდე, მოდი, თამამად ვთქვათ: წიგნების ძალას ბოლომდე ვერ ვიყენებთ მასწავლებლები, მხოლოდ ზედაპირულად, მხოლოდ ოდნავ თუ გავხსნით ხოლმე ამ ჩვენს ჯადოსნურ ზარდახშას. არადა ამ ზარდახშის ბოლომდე გახსნის გასაღები ადვილად ხელმისაწვდომია, და ეს ერთადერთი რამ არის: ინტერესები! დიახ, მოზარდის ინტერესები. მთავრია შეჩეული წიგნი მათ ინტერესებს ერგებოდეს, მთავარია ცნობისმოყვარეობა გავუღვიძოთ, წაკითხვის სურვილი აღვუძრათ, შინაგალი ძალები გავუაქტიუროთ…

საკუთარი წიგნის შერჩევა და პოვნა ურთულესი საქმეა, არამხოლოდ შენ უნდა იპოვო ის, წიგნმაც უნდა აღმოაჩინოს თავის მკითხველი, რაღაცნაირად ეს პროცესი „ჰარი პოტერში“ ქუდები რომ არჩევენ მოსწავლეებს ამ რიტუალს წააგავს. წიგნთან ურთიერთობა ხომ ძალიან ინტიმური პროცესია, რასაც ძალდატანება არაფრით არ უხდება!

და სანამ კითხვას დაიწყებდნენ, აიღეთ ძველი ზარდახშა, ან თავად დაამაზადეთ მუყაოსგან, გააფორმეთ ლამაზი ილუსტრაციებით, მძივებით, ყვავილებით. კლასის შუაგულში დადგით და ბავშვებს ამცნეთ რომ შიგნით უდიდესი განძია, სასწაულმოქმედი ნივთი. რომელსაც გასაოცარი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. სთხოვეთ რომ ჩაიფიქრონ რა არის მათი პრობლემა, მათი სადარდებელი. ზარდახშაში წინასწარ მომზადებული იმდენი წიგნია, რამდენი ბავშვიც გყავთ, ეს წიგნები სულ არ არ არის საჭირო რომ სქელტანიანი და სქელყდიანი საკითხავები იყოთ, პირიქით, მშვენიერი იქნება თავად შეარჩიოთ ამბები, თქვენი მოსწავლეების ინტერესების მიხედვით და პატარა ბროშურებად ამობეჭდოთ, ჰოდა, გაქვთ ეს წიგნები ამ ზარდახშაში ჩაწიკწიკებული, ბავშვები ფიქრობენ, ნეტავ რა უნდა იყოს? ნეტავ თუ იჭმევა ან თუ ისმევა? აქვთ უამრავი ვერსია და უამრავი ვარიანტი. ბოლოს კი ვხსნით ამ ჩვენს ზარდახშას და იქიდან ამოანათებს ეს ჩვენი წიგნები. შეიძლება ნათების ეფექტიც შევქნათ და წიგნებთან მანათობელი ელექტრონული სანთლები, ნათურები თუ სანათებიც მოვათავსოთ. ვურიგებთ ბავშვებს წიგნებს და თან ვეუბნებით, თქვენს ხელთ ეს ჯადოსნური ნივთები მხოლოდ ერთი კვირა (დრო თავად გადაწყვიტეთ) დაყოფს, ამ დროს უნდა მოასწროთ მათთან გაცნობა, მისი სიტყვების დამეგობრება და გაცოცხლება! როგორ? ეს თავად უნდა მოიფიქროთ! რას იზამენ თქვენი აზრით ბავშვები? აბა სცადეთ და შედეგით ძალიან გაოცდებით!

ფიქრები ოთარ ჭილაძის „აველუმზე“

0

ყოველი ვრცელტანიანი რომანის წაკითხვის შემდეგ ვრწმუნდები, რომ მწერლები თავიანთი ნაწარმოების მთავარ სათქმელზე ჯერ კიდევ შესავალში მიგვანიშნებენ. „საბედნიეროდ, ყველა დიდი წიგნი უკვე დაწერილია“, – გვეუბნება ოთარ ჭილაძე რომანის შესავალში და თავისი ნაწარმოების მისიაზე წერს: „მწერლობა, კაცმა რომ თქვას, სწორედ ესაა, ანდა მხოლოდ ესაა – ვიღაცისთვის ხმის მიწვდენის დაუოკებელი სურვილი – თუ ვერ გაგიგებს, მოგისმინოს მაინც – ნებაყოფლობითი გულახდილობაა… რატომ უნდა დააინტერესოს ვიღაცას, მით უფრო – ჯერ არდაბადებულ ადამიანს, თუ რატომ აკეთებდა ჩემი თანამედროვე ყოველთვის იმას, რისი გაკეთებაც არ შეეძლო?! ანდა, კიდევ უარესი – რამდენი წუმპეჩამდგარი ორმო იყო ჩემს დროს თბილისში და როგორ ახერხებდნენ ერთი და იგივე გამვლელები ერთსა და იმავე ორმოებში ჩაცვენას უსასრულოდ?!“

პროვოკაცია შედგა! – ოთარ ჭილაძის რომანი წუმპეში ჩაცვენილებზე! მწერალს სურს, ქართველ ხალხს თავის ეროვნულ პრობლემებზე ესაუბროს! სამწუხაროა, რომ ქართული მწერლობის მსოფლიო ასპარეზზე გატანა ძნელია ჩვენი მცირერიცხოვნობის გამო. ჩვენ არ გვყავს ნობელიანტი მწერლები. ოთარ ჭილაძე ნამდვილად დაამშვენებდა ნობელის პრემიის ლაურეატთა ნუსხას.

„აველუმის“ მნიშვნელობაზე საუბრობს  რომანის გერმანულად მთარგმნელი ქრისტიანე ლიჰტენფელდი: „ჩვენ წინაშეა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი, უნივერსალური ნაწარმოები, პოეზიის, სასიყვარულო ისტორიის, ფილოსოფიის, საკუთრივ ისტორიის, პუბლიცისტიკის, აფორისტიკის მხატვრული წნული. და ალბათ შემთხვევითი არ არის, ეს მნიშვნელოვანი წიგნი აღმოსავლეთ ევროპაში გარდატეხის ჟამს სწორედ საქართველოდან რომ მოვიდა… ამ წიგნით მიხვდებით, რომ „ბოროტების იმპერიის“ რკინის ფარდის ჩამოგლეჯის შემდეგ ქართული ლიტერატურა თანდათან იკაფავს გზას მსოფლიო ლიტერატურის ასპარეზზე და ძალდაუტანებლად ეწერება საერთო საკაცობრიო კულტურის კონტექსტში როგორც დამოუკიდებელი, თავისთავადი, ორიგინალური ცივილიზაციის ნაყოფი“.

ოთარ ჭილაძის კონცეპტია „საკუთარი უზნეობის კოცონზე დაფერფლილი კაცობრიობა“. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს რომანი არის წერილი საკუთარი უზნეობის კოცონზე დაფერფლილი კაცთა მოდგმისადმი. ამ კონცეპტს ავტორი არაერთხელ მიუბრუნდება და აქვე იმასაც იტყვის: „ჩვენც პანაშვიდი გვიდგას ახლა – მსოფლიო მისტირის საკუთარ ადამიანობას“. აქ ხშირად გაიგონებთ კითხვას: „დავიღუპეთ თუ გადავრჩით?“ ამ რიტორიკულ-ფილოსოფიურ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ „აველუმი“ ადამიანობისა და სამშობლოს გადარჩენის იდეის მატარებელი რომანია უპირველესად, თანაც ისე, რომ ეს ორი ცნება გამიჯნულიც კი არ იყოს ერთმანეთისგან.

რომანის შესავალი თავი თანამედროვეობის მორალურ-ეთიკური პრობლემების მიმოხილვით იწყება. მისი ქრონოტოპი – 1989 წლის თბილისი – უკვე მრავლისმეტყველია. ეს გარდამტეხი ეპოქაა, მიჯნა, რომელიც ყოფს ორ რეალობას – საბჭოთა სინამდვილესა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის ქართველთა ბრძოლის სტარტს.

რომანი ე.წ. ცნობიერების ნაკადის სტილით არის შექმნილი და შინაგანი მონოლოგის ტექნიკას ემყარება, გამორიცხავს დიალოგებსა და პოლილოგებს. თხრობის ამგვარი მონოტონური მანერა ინტელექტუალურ მკითხველს ითხოვს.

მართალია, ოთარ ჭილაძე შესავალშივე აცხადებს, „ბუნებით მე უფრო ლირიკოსი გახლავართ, ვიდრე პოლიტიკოსიო“, მაგრამ „აველუმი“ ყველაზე „პოლიტიზებული“ რომანია, რაც კი წამიკითხავს. აქ მწერლის ენაზე გვესაუბრება პოლიტიკოსი:  „ჩემი მთავარი საიდუმლო სწორედ ის გახლავთ, არაფერი რომ არა მაქვს დასამალი. უფრო სწორად, არაფრის მეშინია, არც აწმყოს დაუნდობლობისა და არც მომავლის გულგრილობისა“.

რომანის მთავარი გმირი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი მწერალია, რომელსაც უცნაური სახელი – აველუმი ქვია. ავტორმა სახელის სემანტიკა ასე ახსნა: „რაც შეეხება თავად „აველუმს“, შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. გმირი ობსერვერია, რომელიც „ხალხთა საპყრობილეში“ ანუ საბჭოთა იმპერიაში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანთა ფსიქოტიპებს აკვირდება. აველუმისა და მისი ფრანგი სატრფოს, ფრანსუაზას, სასიყვარულო თავგადასავლები საბჭოეთის ნგრევის ფონზე ვითარდება, რასაც მოწმობს ავტორის ეს სიტყვებიც: „ეს ის დროა, როცა დედამიწის ერთ მეექვსედზე, ეგრეთ წოდებულ ხალხთა საპყრობილეში, ძირითადად ზედამხედველთა დაუდევრობისა და წინდაუხედაობის წყალობით, იწყება ახალი, არანაკლებ საზარელი ეპიდემია – ვინ იცის, რა გზით შემოღწეული ვირუსი თავისუფლებისა დღითი დღე იპყრობს სატუსაღოს კუთხე-კუნჭულებს, რაც არა მარტო სატუსაღოს ხელისუფალთათვისაა სახიფათო, არამედ ტუსაღებისთვისაც. თუმცა ხელისუფალთ ალბათ ხელსაც აძლევს ამგვარი „თავისუფლება“, რაც სინამდვილეში თავისუფლების იმიტაციაა და მეტი არაფერი, ანუ იგივე მონობაა, ოღონდ გაუფასურებული, უფრო ზუსტად, გაპამპულებული, აბუჩად აგდებული ისევ მონათა სასეიროდ – სამზეოზე გამოტანილი და მორთულ-მოკაზმული გასამკაულებული ჯაჭვებითა და ბორკილებით, სხვათა შორის, ისევ უცხოური ფილმების მიბაძვით“.

რომანის მეორე თავის ფინალში მოთხრობილია აველუმის სიზმარი, სადაც მთხრობელი არის აველუმიც, სონიაც, დანიაც და ეს არ არის შემთხვევითი. მხატვრულ ტექსტში სიზმარსა და სინამდვილეს, რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარი ყოველთვის წაშლილია. მწერლის თქმით, „ყველა ადამიანი, სულ ცოტა, სამი თაობის ჯამია: პაპისა, მამისა და საკუთარისა. ამდენად, სამგზის პასუხისმგებელია შთამომავლობის წინაშე“. სწორედ სამი თაობის შემაჯამებლისა და სამგზის პასუხისმგებელი გმირის განსახიერებაა აველუმი, „ხელოვნური იმედის ფხვნილის“ შემქმნელი. ეს მეტაფორაც მკაფიოდ განსაზღვრავს პერსონაჟის სულიერ მისიას. როცა ის რომანის ფინალურ თავებში მოგვითხრობს 1991 წლის ე.წ.  „არტისტული გადატრიალების“ (ოთარ ჩხეიძე) ანტაგონისტური მხარეების შესახებ, საკუთარ თავს ბურიდანის ვირად მოიხსენიებს. ფრანგ ფილოსოფოს ჟან ბურიდანის ცნობილი პარადოქსის მხატვრული სახე ნათლად წარმოაჩენს აველუმის მდგომარეობას – მან იცის, რომ დაპირისპირებულ მხარეთაგან ორივე მისი სისხლი და ხორცია და არ შეუძლია არჩევანის გაკეთება. საკუთარი ქალიშვილის მეამბოხე ბუნებაზეც ჰყვება, თუმცა არც კი ასახელებს, რომელ ბანაკს ეკუთვნოდა ეკაეკატერინეკატო, რადგან ამას მამისთვის მნიშვნელობა არც აქვს.

რომანში მოთხრობილია აველუმის სამი სასიყვარულო თავგადასავალი: მელანიასთან, სონიასა და ფრანსუაზასთან. გმირი საკუთარ თავს ძერწავს სწორედ ამ საინტერესო, ღრმა, ინტელექტუალური ქალების ფონზე. სარკასტულია საკუთარი თავის მიმართ. აი, როგორ ავტოპორტრეტს გვთავაზობს ის: „ხალისიანი მოსაუბრის, უბადლო კულინარის, შეუმცდარი ჭაშნაგირის, შეუცვლელი მეინახისა და გამოუსწორებელი მუსუსის ნაცვლად ავად მოღუშული, წარბებშეჭმუხნული, კრიჭაშეკრული საშინელება შერჩებოდა ხელში – ასკეტი რაინდისა და ორთოდოქსი მეუდაბნოეს ხელოვნური ნაჯვარი, ოღონდ თვითჩასახვისა და თვითშობის გზით მიღებული“.

აველუმი საკუთარ თავს მარადიულ პატიმრად წარმოიდგენს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიიდან ევროპის ცენტრში გაქცევას ცდილობს, არამედ საკუთარი ბუნების ფილოსოფიური აღქმიდან გამომდინარეც. თუმცა საბჭოთა იმპერიის ტყვეობამ დაღი დაასვა მის სულს. როცა აველუმი ფრანსუაზასთან თავს იმართლებს იმის გამო, რომ ვერ გადაარჩინა საყვარელი, ორ მიზეზს ასახელებს. პირველი: „მე არავის გადარჩენა არ შემიძლია… არ უარვყოფ… შეიძლება მინდოდა კიდეც… მაგრამ… იცი რატომ?.. მე ფეხდაბიჯებული სისხლი მიდგას ძარღვებში“.

ფეხდაბიჯებული სისხლი, რასაკვირველია, უნდა გულისხმობდეს თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ქართველი კაცის მრავალსაუკუნოვან ყოფას. აველუმი საბჭოთა იმპერიის მიერ გათელილი ერის შვილია, მეტროპოლია და კოლონია მის სულში მძაფრი ქარტეხილებით ებრძოდა ერთმანეთს. გმირი თავს მსხვერპლად გრძნობდა. ხოლო მეორე მიზეზი, რის გამოც აველუმს ფრანსუაზას ხსნა არ შეეძლო, გახლდათ სატრფოს სამშობლოს მიერ შესრულებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში:  „მე ისევე ვერ გადაგარჩინე შენ, ოცდაორი წლის ფრანგი გოგონა, თავშესაქცევ სიყვარულს გამოქცეული და ჭეშმარიტი სიყვარულის საზარელ ხახაში ჩავარდნილი, როგორც თქვენ, ფრანგებმა, ვერ გადაგვარჩინეთ ჩვენ, ქართველები. ბუნებაში არაფერი იკარგება. ისტორიაში ყველაფერი მეორდება… რასაც დასთეს, იმას მოიმკი“.

აველუმი ტრიანონის სასახლეში იმასაც წამოაყვედრებს ფრანსუაზას, რომ სამი საუკუნის წინათ ქართველთა დიდი წინაპარი სულხან-საბა ორბელიანი, საქართველოს ევროპასთან კავშირის იდეით საფრანგეთის მეფის წინაშე გამოცხადებული, სრულიად უპატივცემულოდ გამოისტუმრეს: „სხვათა შორის, ერთი ჩემი დიდი წინაპარი სწორედ აქედან გამოაპანღურეს შენმა დიდმა წინაპრებმა. არა, ცოტა უფრო ზემოდან, მთავარი სასახლიდან, ვერსალიდან. აქ ალბათ არც შემოუშვებდნენ, სასულიერო პირი გახლდათ“.

„ფეხდაბიჯებული სისხლის“ ტკივილიანი განცდა აველუმს საბჭოთა იმპერიაში ცხოვრებასთან ერთად გაუჩინა თავისი ბიოგრაფიის ყველაზე ტრაგიკულმა მოგონებამ – მცირე ასაკში სტალინური რეპრესიების დროს დასჯილი მშობლების გამო პატარა დაიკოს იძულებითმა გაჩუქებამ. უმძიმესმა ბავშვობამ და ოჯახურმა ყოფამ მის სულში ღრმა და მოუშუშებელი ჭრილობები გააჩინა. მოგვიანებით ის შეხვდა კიდეც უმცროს დაიკოს, რომელმაც ძმა არ მიიღო, კივილი მორთო. აველუმმა მილიციას სიმართლე დაუმალა, ჩანთა წავართვი გოგონას და ეს ატირებდაო, თვითონ კი ისე გულმდუღარედ ტიროდა, მილიციელები საგონებელში ჩააგდო. მან შვილს დაარქვა დის სახელი და ეძახდა ეკაეკატერინეკატოს, ყველა სახელს, რომელიც კი შეიძლებოდა დაეძახათ დაკარგული დაიკოსთვის.

რომანის შესავალ თავებში მოთხრობილია აველუმის სამწერლო ვნებებისა და პირადი ცხოვრების შესახებ და აქედანვე ვეცნობით მის ფსიქოტიპს, არც ისე მარტივ ხასიათს, გაორებას, ტანჯვასა და ტკივილს, სულიერ ძიებებს. ეს უაღრესად მომხიბვლელი ადამიანი  თვითკრიტიკული და თავმდაბალია, მის ფიქრებში იკითხება განათლებული, სხარტი, მოაზროვნე, თავისუფლებისმოყვარე, ჰუმანური ნატურა. აველუმი ცოდვილად მიაჩნია შვილს და თავადაც ცოდვილად მიიჩნევს თავს, თუნდაც თავისი სექსუალური ვნებების, საყვარელი მეუღლის ღალატის, უკანონო შვილის გაჩენის, საყვარლების მიმართ გამოჩენილი გულგრილობის, საზოგადოებრივ ასპარეზზე პასიურობისა და კარჩაკეტილობის გამო, მაგრამ მკითხველი მისდამი ნეგატიურად მაინც ვერ განეწყობა, რადგან ეს სასიყვარულო თავგადასავლებიც იყო მისი თვითძიების გზა, რუხი და მოსაწყენი საბჭოთა სინამდვილიდან გაქცევა. ბუნებრივიცაა: მწერალს ისევე სჭირდება თავგადასავლები, როგორც სისხლისგან დაცლილს – სისხლის გადასხმა.

„აველუმი“ აქტუალური იქნება ყოველთვის, მაგრამ ის განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვინც გასული საუკუნის 90-იანი წლებით არის დაინტერესებული. მწერლის ფხიზელი თვალი კარგად იცნობს პოლიტიკურ რეალობას, ადამიანთა ფსიქოლოგიას, მათ მორალურ-ეთიკურ პრობლემებს, ეპოქების პარადიგმებს და გვთავაზობს ერთგვარ რეფლექსიებს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. რომანში აღიწერება მეოცე საუკუნის სამი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა: 1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი. ყოველ ამ პოლიტიკურ მოვლენას ავტორი უკავშირებს სუბიექტურ განცდებს, პიროვნებებს, რომლებთანაც ამ დროს ჰქონდა შეხება. 1956 წლის ამბების მთავარი გმირია საპროტესტო აქციების მონაწილე დაჭრილი ბიჭი, რომელიც აველუმმა მოვლენების ეპიცენტრიდან გამოიყვანა, ცდილობდა მის გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლო. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები უკავშირდება სონიასთან მის სასიყვარულო ურთიერთობას, ხოლო 1991 წლის სამხედრო გადატრიალების ამბების პარალელურად აველუმის ფიქრები მელანიასა და ეკაეკატერინეკატოს გარშემო ტრიალებს.

სამივე ეს მოვლენა საბჭოთა იმპერიული პოლიტიკის შედეგია. მართალია, 1991 წლის სამხედრო გადატრიალება უკვე სუვერენული საქართველოს სინამდვილეში მოხდა, მაგრამ ინსპირატორი აქაც აგონიაში მყოფი საბჭოთა იმპერია იყო. აველუმი ყველა ამ მოვლენის დამკვირვებელია შორიდან, გული უსკდება, მაგრამ მაინც არ შედის ცხელ წერტილებში, თუმცა არც შვილს უშლის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ამ მოვლენების ასახვისას მწერლის მიზანი უპირველესად არის არა მათი შეფასება, მტრების ძიება და მხილება, არამედ ჯანსაღი თვითკრიტიკა, ილიასეული გზა ჩვენი ეროვნული უბედურების მიზეზების ძიებისა, რაც ნამდვილად სჭირდება ხალხს საზოგადოებრივი მანკიერებების მოსაშორებლად. მწერალი მკაცრია საკუთარი ხალხის ეთნომენტალური პრობლემების შეფასებისას. მისი რეკომენდაცია ასეთია: „თავისუფლების სურვილი სრულებითაც არ ნიშნავს თავისუფლებისათვის მზადყოფნას, როგორც სქესობრივი სიმწიფე არ ნიშნავს, ოჯახის შექმნაც რომ შეგიძლია. თავისუფლების სურვილის მოკვლა ხელოვნური ფრთებითაც შეიძლება, თავისუფლების უფლება კი ძალიან პროზაულად, ძალიან არარომანტიკულად მოიპოვება მხოლოდ“.

პირველი თემა გახლავთ 1956 წლის 9 მარტის მოვლენები და უცნობი ბიჭის სიკვდილი. აველუმი ტრამვაით მგზავრობდა, როცა უნებურად ამბოხის შემსწრე გახდა. მართალია, ის არაფრით ყოფილა დაკავშირებული ამბოხებულებთან, მაგრამ სისხლიანი ხელი ამ მოვლენამ მასაც შეახო. აველუმმა ქუჩაში იპოვა დაჭრილი ბიჭი, რომელიც ორბელიანის სამ ნომერში მიყვანას ითხოვდა. აველუმს შიშით უსკდებოდა გული, მაგრამ ასეთ განსაცდელში ბიჭის მიტოვება არ შეეძლო, კარგა ხანს ათრია დაჭრილი, მერე კი ხსენებულ მისამართზე მიადგა მამამისს, რომელიც შიშისგან დაიზაფრა, არ ენდო უცნობს, თუმცა ბოლოს მაინც გაჰყვა და ნახა კიდეც აშმორებული სადარბაზოს კიბეზე, სისხლიან გუბეში, მკვდარი შვილი. შემზარავია სცენა, თუ როგორ ჩადგა უბედურმა მამამ ფეხი შვილის სისხლში და როგორ იწმენდდა მას. ეს ეპიზოდი ზუსტად გამოხატავს 1956 წლის 9 მარტის რეალობას, მისი მეტაფორა და ალეგორიაა. გაუგებარია, რას შეეწირა ის ახალგაზრდა და რა მდგომარეობაში იყო მამების თაობა ამ დროს, დამფრთხალი, შვილის სიკვდილით თავზარდაცემული.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა მკაფიოდ წარმოაჩინა იმპერიული მახინის საზარელი სახე, მისი სისასტიკე, სისხლი, რომელიც რუს ჯარისკაცებს სწყუროდათ. მწერალი აქვე ამხელს 1988 წლის ნოემბრის შიმშილობით დაწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ურაპატრიოტულ სულისკვეთებას, ხალხის მოუმზადებლობას დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად, მაგრამ მოსკოვიდან წამოსული გზავნილი  „საქართველო უქართველებოდ“ რომ ამოძრავებელი იმპერიული ძალებისა, ეს კი ცხადია. ამ მოვლენების გაგრძელებად მიიჩნევს მწერალი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეთნოკონფლიქტებს, 1993 წელს უკვე დაკარგულ აფხაზეთზე კი ასეთი წარმოდგენა აქვს: „უაფხაზეთოდ არც საქართველო არსებობს. საქართველო მინუს აფხაზეთი უდრის ნულს. გინდ ყოფილა, გინდ არა, მიუხედავად იმისა, რომ ნული, თავისთავად, ამოუწურავი შესაძლებლობების სიმბოლოცაა. მაგალითად, მილიონს რომ ნული მივუწეროთ, მილიონი ათმაგად გაიზრდება ერთბაშად და, აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნული (იგივე საქართველო) იმას ეკუთვნის, ვისაც მილიონი უკვე აქვს და მის გაათმაგებასაც აპირებს“.

1991 წლის სამხედრო გადატრიალება ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა აველუმისთვის, რადგან ამჯერად იმპერიამ მოახერხა, ქართველები დაეპირისპირებინა. საზარელი სანახავია რუსთაველზე გაჩაღებული ძმათამკვლელი ომი. სიმბოლურია აველუმის მდგომარეობა ამ დროს. ის შვილს ეძებს. მელანია უკვე გარდაიცვალა. ქალიშვილი სახლიდან წასულია და შვილიშვილს მიმხედავი არ ჰყავს. ამ დროს აველუმი აღმოაჩენს, რომ ბავშვის ოთახში ვიღაც უცხო, წვერიანი კაცი ზის და ბავშვს დარაჯობს. ის თავს აველუმის უკანონო შვილიშვილის მამად აცხადებს. აველუმი რუსთაველზე მიდის ეკაეკატერინეკატოს საძებნელად. ხოხვა-ხოხვით, შუშის ნამსხვრევების ხელებში სრესით, სისხლიანსა და განადგურებულს უწევს იმ საშინელების ნახვა, რაც რუსთველზე ტრიალებს: „ერთი საქართველო ბუნკერში, ტყვია-წამლის ცარიელ ყუთებზე შლიდა “საახალწლო სუფრას, მეორე ქუჩაში, სიცივისგან აბუზული ეფიცხებოდა ყრუდ მოგუგუნე ხანძრის მხურვალე გამონაშუქს, მესამე კი საწოლში შფოთავდა, ცხადს სიზმრისაგან ვერ არჩევდა და წარამარა იცვლიდა გვერდს“. აველუმის სიკვდილიც ლოგიკურია. ასეთ ჯოჯოხეთში მას გაძლება არ შეუძლია. ტყვია კი ალეგორიაა იმისა, თუ როგორ აირეკლა ეს მოვლენები ქართველი პატრიოტის ყოფამ. მანამდე აველუმს საშინელი სიზმრები და წინასწარმეტყველური განცდები ჰქონდა. სულ ეჩვენებოდა, რომ კარზე აკაკუნებდნენ, გრძნობდა რაღაც საზარელის მოახლოებას. მისთვის გასაკვირი არ ყოფილა ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მისვლა, რადგან საამისო წინაპირობებს გაცილებით ადრე ხედავდა. ამის გამოხატვას მწერალი გალაკტიონის „მშობლიური ეფემერის“ ასოციაციური ალუზიებით ახერხებს:

„ტაშკენტის შვიდში შფოთავს „მუმია“, გარშემო ისევ ცოდვის ბუმია,

პური ცომია, ხორცი უმია, ქართველისათვის რომი გუმ-ია.

აველუმია, ეგერ რომ მოდის?! აველუმია, აველუმია…“

ახსნაც ზედმეტია, თუ რას ნიშნავს რეალობა, როცა ცოდვის ბუმია, როცა პური ცომია და ხორცი – უმი, როცა ქართველისთვის წმინდა ქალაქად მოსკოვური უნივერმაღი ქცეულა… ასეთ რეალობაში აველუმი, რასაკვირველია, ასოციაციურად ამირანია, ყვავ-ყორანთაგან გვემული საქართველოს ალეგორიული სახე, რომლის მძაფრი კვნესაც გალაკტიონს „უწამლავს დღეებს“.

ავტორისა და გმირისთვისაც, რომელიც უდავოდ მისი ალტერ ეგოა, იმპერიული ძალა მჟღავნდება ყველგან და ყველაფერში. აველუმი კაგებესგან დევნილ-ნათვალთვალევი ტიპია. ის მწერალია, თავისუფალად მოაზროვნე, ოფიციოზისგან თავი შორს უჭირავს, ამიტომაც არ არის მათთვის სანდო. ყოველთვის დევნიან, უთვალთვალებენ. მისთვისაც ყველაფერი იმპერიულ მახინასთან ასოცირდება, ის კარგად იცნობს ამ ლევიათანს. თვითმფრინავიც კი, რომელიც ევროპაში მიფრინავს და უნდა განასახიერებდეს თავისუფალ სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობას, იმპერიის სახე-სიმბოლოა.

იმპერიული საფრთხეების ფონზე დგას აველუმი, ფიქრის ადამიანი, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა შევხედოთ ყოფას, საქვეყნო სატკივარს, ადამიანთა სულებს, სამყაროს ცვალებადობას. სწორედ ეს ფიქრია მთავარი, რაც ადამიანს განასხვავებს ცხოველისგან, ანიჭებს მას ჰომო საპიენსის სტატუსს, უბიძგებს სიკეთისა და ჰუმანიზმისკენ. ოთარ ჭილაძე თავის ლექსში „ადამიანი გაზეთის სვეტში“ კრუს ხიმენესს ათქმევინებს: „და როგორც ტყიდან მეორე ტყეში გადააქვთ ქარებს თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები“. ასეთივე გადამდებია აველუმის ფიქრები, ძიებები და აღმოჩენები.

სასკოლო გამოწვევების გადაჭრა მშობელთა ჩართულობით

0

 

სკოლასა და ოჯახს შორის გაუგებრობის მიზეზი ხშირად ხდება ესა თუ ის სასკოლო გამოწვევა, რომელიც შესაძლოა გვეჩვენებოდეს, რომ ადვილი მოსაგვარებელი არ არის, ან ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქმე მოსწავლეს ეხება, მნიშვნელოვანია მშობელსა და სკოლის თანამშრომლებს შორის უწყვეტი დიალოგი შედგეს. ეს დიალოგი კი იმაზე ბევრად ადრე უნდა დაიწყოს, ვიდრე პრობლემა გაჩნდება.

გამჭვირვალედ, ტაქტიანად, ღიად საუბარი, მშობლების აღჭურვა მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ ცოდნით, მომავალში გაჩენილი სასკოლო პრობლემების დაჩქარებულად გადაჭრას შეუწყობს ხელს.

სასკოლო გამოწვევების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია სკოლის მიერ მშობლების სწორად ინფორმირებულობა.  

სკოლა მშობელს რეგულარულად უნდა აცნობდეს რეალურ სასკოლო მდგომარეობას, შესაძლო გამოწვევებს და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებს. ეს მშობელს სწორი მოლოდინის შექმნაში და მართებული მოქმედების დაგეგმვაში ეხმარება, რაც მისი მხრიდან, მომავალში გაჩენილ პრობლემაზე ადექვატური რეაგირების წინაპირობაა. როდესაც მშობელს პრობლემების შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით აწვდიან, მაშინ, როცა ეს  გამოწვევა უკვე დაუძლეველ ბარიერად არის ქცეული, ცხადია, აქ მშობელს ნაკლები ბერკეტი აქვს, დაეხმაროს შვილს ან მასწავლებელს. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები კონფლიქტით ან ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანით სრულდება.

სასკოლო გამოწვევების გადაჭრისთვის, ასევე,  მნიშვნელოვანია მშობლებსა და სკოლას შორის ნდობის არსებობა და პასუხისმგებლობის განაწილება.

მშობელი იმ შემთხვევაში ენდობა სკოლას, როცა ხედავს, რომ შიდასასკოლო საზოგადოება, ერთის მხრივ, მზადყოფნით, მაღალი პროფესიული კომპეტენციით  ხვდება არასასურველ მოცემულობას, მეორე მხრივ, განიცდის გამოწვევის არსებობას და ძალისხმევას არ იშურებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მათ შორის, მარტო კი არ ცდილობს გამოასწოროს სიტუაცია, არამედ პასუხისმგებლობას უნაწილებს მოსწავლის ოჯახს და არ ზღუდავს მოქმედებაში. მშობლები თავადაც თავისუფლად მოქმედებენ კანონის ფარგლებში და არ ეშიანიათ, რომ ამის გამო დამატებითი პრობლემები შეექმნება მათ შვილს.

მშობლების და მასწავლებლების საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება მოსწავლეების დახმარების საუკეთესო გზაა. ორივე რგოლი, ოჯახიც და სკოლაც, თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული, გააუმჯობესოს სასკოლო გარემო.

ყოველდღიური სასკოლო პრობლემების დიდი ნაწილი ტიპურია. ხშირად იჩენს თავს. ეს ტიპურობა სკოლას შესაძლებლობას აძლევს, დაამუშაოს ამა თუ იმ პრობლემის პრევენციის და რეაგირების მექანიზმები.

განვიხილოთ სკოლაში წამოჭრილი ტიპური პრობლემები და ვნახოთ, როგორ ცდილობენ მათ გადაჭრას განვითარებული ქვეყნების სკოლები მშობლებთან ერთად.

მაგალითად ავიღოთ ფართოდ გავრცელებული სასკოლო პრობლემა – ჩაგვრა, იგივე “ბულინგი”

  • ნორვეგიაში Olweus Bullying Prevention Program-ში მშობლების ჩართვა სავალდებულოა, რათა მათ უკეთ გაიგონ ბულინგის არსი, მისი პრევენციისთვის საჭირო ნაბიჯები და რეაგირების გზებიც. სკოლას უწევს ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან. ამისთვის გამოყოს დრო, ადამიანური რესურსი. თუმცა მომავალში ეს ეხმარება, რომ ჰყავდეს ინფორმირებული მშობლები, რომლებიც კრიზისულ მომენტებს აარიდებენ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან გამოწვევების გადაჭრაში.
  • კანადაშიც მოქმედებს მედიაციის პროგრამები, რომლებიც მოიცავს მშობელთა ტრენინგებს, რათა მათ შეძლონ ბავშვების მხარდაჭერა კონფლიქტის დროს. დროულად აღმოაჩინონ და ჩაერიონ, ვიდრე მდგომარეობა გართულდება.

როგორც ვნახეთ, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ამზადებენ “ბულინგის” მოსალოდნელი შემთხვევების შესახებ, არამედ მშობლებსაც. ეს იმისთვის, რომ ჩაგვრის შემთხვევები არ მოხდეს, ან თუ მაინც იჩინა თავი, სკოლასაც და ოჯახსაც ადექვატური რეაგირება ჰქონდეთ.

 

განვიხილოთ კიდევ ერთი სასკოლო გამოწვევა, მოსწავლეთა ქცევითი პრობლემები, რომელიც ხშირად მშობლებსა და მასწავლებლებს შორის გაუგებრობის საგანი ხდება.

  • შვედეთის სკოლებში მშობლები მონაწილეობენ „სოციალური და ემოციური სწავლების“ პროგრამებში, რაც ბავშვების ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას ეხმარება. ცხადია, ეს სკოლის მიერ არის ორგანიზებული.
  • საფრანგეთში მშობლები მონაწილეობენ „კონფლიქტების მედიაციის“ პროგრამებში და ბავშვებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრაში ეხმარებიან. ეს პროგრამაც სკოლის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.
  • გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, არსებობს დათქმა, რომ პრობლემის განხილვა დაუშვებელია საკლასო ოთახის კართან ან დერეფანში. ბავშვის პრობლემური ქცევის შემთხვევაში, სკოლა დაუყოვნებლივ უკავშირდება მშობლებს და მათთან ათანხმებს თანმდევ ღონისძიებებს. სკოლა და მშობელი ვალდებულნი არიან პირისპირ კომუნიკაციით გადაჭრან პრობლემა და არ გახდეს ის საყოველთაო განხილვის საგანი. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში საკითხი გაფართოებულ შეხვედრაზე გადის. გაფართოებულ შეხვედრას ადმინისტრაცია და კლასის წარმომადგენელი რამდენიმე მშობელი ესწრება, რომელთაც მედიატორის როლი აქვთ და ტაქტიანად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. ამავე დროს, ვალდებულება აქვთ კონფიდენციალურად დატოვონ განხილული საკითხის შინაარსი.

 

როგორც ვხედავთ, მოწინავე ქვეყნებშიც კი სკოლა დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება ყოველდღიურ გამოწვევებს და პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებთან აქტიურად თანაშრომლობს. ეს თანამშრომლობა კი იწყება არა მაშინ, როცა პრობლემა ჩნდება, არამედ ბევრად უფრო ადრე, მაშინ, როცა მოსწავლის მშობელთან თანამშრომლობა იწყება.

 

 

 

როგორი სკოლა სჭირდებათ მოზარდებს

0

განათლების სისტემა 6-3-3 სისტემიდან 6-4-2 ზე გადავიდა. საბაზო საფეხურზე, სავალდებულო წესით გასატარებელი დრო კიდევ ერთი აკადემიური წლით გაიზარდა. რამდენად პასუხობს მსგავსი ცვლილებები  წლების განმავლობაში დაგროვებულ რეალურ პრობლემებს?

მოსწავლეებს სკოლაში მრავალი საბაზისო პრობლემა აწუხებთ. სწავლების ერთფეროვნება, ინდივიდუალური მიდგომის ნაკლებობა, გადატვირთული და ხშირ შემთხვევაში არაეფექტური სასწავლო პროგრამები, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შორის არასაკმარისი კომუნიკაცია, ერთფეროვანი და მოძველებული ინფრასტრუქტურა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეფიციტი, ინდივიდუალური საჭიროების უგულებელყოფა და სკოლაში არსებული მკაცრი, ფორმალური გარემო დღეს ქართული რეალობის სკოლების მთავარი გამოწვევებია.

მოსწავლეები ვერ ხედავენ სწავლების რეალურ მნიშვნელობას და სკოლას „იძულებით სასჯელად“ აღიქვამენ, რაც მათ დემოტივაციას იწვევს. შედეგად, სასკოლო გარემო არა ცოდნისა და განვითარების სივრცედ, არამედ სავალდებულო რუტინად ექცათ. ამ ფაქტორებმა, მოსწავლეთა ნაწილი, სკოლისადმი გულგრილად განაწყო და მათთვის სწავლების პროცესი ნაკლებად საინტერესო გახადა.

ზოგადი დაკვირვებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო სკოლების საბაზო და განსაკუთრებით საშუალო საფეხურის მოსწავლეთა უმეტესობა გაკვეთილებს მხოლოდ სოციალიზაციის მიზეზით ესწრება. აკადემიურ სივრცეში ყოფნისთვის, მათ სხვა მიზეზები არ აქვთ. აღნიშნული ფაქტი გავლენას ახდენს მოსწავლეთა იმ მოწადინებულ ნაწილზე, რომლებიც სკოლაში საგანმანათლებლო მიზნების გამო დადიან. შედეგად ვიღებთ დემოტივირებულ კლასებს, სადაც სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია ნაკლებია.

სტატიის ინსპირაციად ჩვენი ჟურნალის ავტორის, ლელა კოტორაშვილის სტატია ვინ უსმენს ბავშვებს იქცა. მუშაობის პროცესში, გამახსენდა 2023 წელს ჩემი გამოქვეყნებული  წერილი  „ინტერვიუ მოსწავლეებთან – რას და როგორ სწავლობენ არაფორმალური განათლებით“. ორივე სტატია მოსწავლეების მოსმენის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს.

ყველაფერი მოსწავლის ერთი გულწრფელი ფრაზით დაიწყო. „დღეს სკოლაში სიარული სასჯელია“, გვერდით მჯდომმა მისმა მეგობარმა დასძინა – „იძულებითი სასჯელი“. აღნიშნულის შემდეგ დავინტერესდი მოსწავლეების პრობლემებით, განცდებით, ემოციებითა და სკოლისადმი დამოკიდებულებით და ასევე იმით, თუ რატომ ფიქრობდნენ ასე. საუბრის შემდეგ, მომდევნო გაკვეთილისთვის დავგეგმე აქტივობა მსოფლიო კაფის პრინციპით.

  • რა გაწუხებთ/არ მოგწონთ თანამედროვე ქართულ სკოლებში;
  • რას შეცვლიდით სკოლაში, რომ აქ სიარული სასჯელად არ აღიქმებოდეს;
  • რა არის დღეს სკოლის ფუნქცია და რა უნდა იყოს ხვალ;
  • გაკვეთილების გარდა რა სახის დამატებით აქტივობებს ისურვებდით სკოლაში.

აღნიშნული აქტივობა სამი სხვადასხვა სკოლის X-XI კლასელებთან ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები იმაზე კარგად აღიქვამენ არსებულ რეალობას, ვიდრე ჩვენ გვგონია. მათი პასუხები დამაფიქრებელი და საყურადღებოა. აქ ამოიკითხავთ, იმ რეალურ საჭიროებებს, რაც მათ გულებს სკოლისაკენ შემოაბრუნებს. ახლა კი გიზიარებთ ოთხივე მიმართულებით დაფიქსირებულ პასუხებს.

  • რა გაწუხებთ/არ მოგწონთ თანამედროვე ქართულ სკოლებში?
  • სწავლების მოძველებული მიდგომა და სისტემა;
  • რეალური არჩევითი საგნების არ არსებობა;
  • დასვენებისთვის გამოყოფილი მცირე დრო;
  • ხშირია ბულინგი, დამცირება და ძალადობა (როგორც ბავშვებს შორის, ასევე მასწავლებლების მხრიდან);
  • სასადილოსა და უფასო კვების პროგრამის არ არსებობა;
  • პირადი ნივთების შესანახი კარადების არ არსებობა;
  • მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლებში;
  • განმავითარებელი აქტივობების სიმწირე;
  • გაცვლითი პროგრამების არ არსებობა;
  • ჩაკეტილი და უფუნქციო ბიბლიოთეკები და სხვა ოთახები;
  • ფსიქოლოგის/ექიმის კაბინეტის არ არსებობა;
  • მასწავლებლებს ჩვენი არ ესმით/ვერ გვიგებენ;

 

  • რას შეცვლიდით სკოლაში, რომ აქ სიარული სასჯელად არ აღიქმებოდეს;
  • ჩატარდეს მეტი მრავალფეროვანი და ნაკლები რუტინული გაკვეთილები;
  • მასწავლებლებს ჰქონდეთ მეგობრული მიდგომები და ურთიერთობა მოსწავლეებთან;
  • გაუმჯობესდეს სკოლის შიდა ინტერიერი და გარე ფასადი (მოეწყოს სკვერი, ინდივიდუალური კარადები და ა.შ);
  • დაინერგოს უფასო კვების პროგრამა;
  • გაიზარდოს დასვენების ხანგრძლივობა (საჭიროა ერთი მინიმუმ 20 წუთიანი დასვენება კვებისთვის);
  • სპორტული ასპექტები გასაუმჯობესებელია (მეტი ინვენტარი და მეტი შესაძლებლობები ამ მიმართულებით);
  • აქტიურად უნდა ფუნქციონირებდეს სხვადასხვა კლუბები, სადაც განხორციელდება პროექტები (ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების, ცეკვის და ა.შ.);
  • აღიჭურვოს სკოლები საბუნებისმეტყველო კაბინეტებით და ჩატარდეს იქ შესაბამისი მეცადინეობები;
  • შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კლუბები;
  • დაინერგოს რეალური არჩევითი საგნების სისტემა (სკოლამ არ უნდა აირჩიოს ჩვენს ნაცვლად;
  • სკოლამ წაახალისოს მოხალისეობრივი აქტივობები;
  • სწავლება გასცდეს სკოლის კედლებს – დაიგეგმოს რეალური შემეცნებითი ექსკურსიები და გასვლითი აქტივობები;

 

  • რა არის დღეს სკოლის ფუნქცია დღეს:
  • ჩვენი სკოლაში დაკავება დილიდან შუადღემდე;
  • სოციალიზაცია, მეგობრების შეძენა და გართობა;
  • ცოდნის გადაცემა და საგნების თეორიული სწავლება;
  • და რა უნდა იყოს ხვალ:
  • დისციპლინების თეორიული სწავლა და პრაქტიკული გამოყენება;
  • ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა;
  • ცხოვრებისეული (XXI საუკუნის) უნარების შეძენა;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • მოსწავლისთვის სოციო-ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

 

  • გაკვეთილების გარდა რა სახის დამატებით აქტივობებს ისურვებდით სკოლაში.
  • სხვადასხვა სახის წრეები;
  • ხშირი სპორტული შეჯიბრებები სკოლის შიგნით და ქალაქის დონეზე;
  • ფილმის ჩვენები და განხილვები;
  • რობოტექნიკის კლუბი;

როგორც ხედავთ მათი მოსაზრებები ძირითადად ემთხვევა. მოზარდები ყველაზე კარგად ხედავენ სკოლებში არსებულ რეალურ და მწვავე პრობლემებს.  განათლების სფეროში ჩატარებული კვლევებიც ცხადყოფს, რომ სასკოლო გარემო, სწავლების მეთოდები, ავტონომიისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, მოქმედებს მოსწავლეების როგორც შინაგან, ასევე გარეგან მოტივაციაზე. [1] ჩამოთვლილი ფაქტორებიდან უმეტესობა პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა განწყობებთან. ისეთი პრობლემა, როგორიცაა ბულინგი სკოლაში საფუძველშივე აქრობს სწავლა-განვითარების სურვილს.[2]

ზოგად განათლებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები (განათლების სამინისტრო, შესაბამისი სსიპ-ები, რესურსცენტრები, სკოლები) ძალისხმევას  არ უნდა იშურებდნენ, რომ შექმნან სტრატეგიული ხედვა/გეგმა და მოიძიონ ფინანსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაყოვნებული ნაბიჯები უდრის დაკარგულ, მოტივაცია წართმეულ თაობებს.

ბოლოს გთავაზობთ დამატებით აქტივობებს, რომლებიც თქვენი მოსწავლეების (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე) სკოლისადმი დამოკიდებულების გასარკვევად გამოდგება:

ემოცია – მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩამოთვლიან ემოციებს, რომლებიც ეუფლებათ სკოლაში შესვლისას.

შეკითხვების დაფიქსირება – მოსწავლეები ანონიმურად წერენ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რაც მათ სასკოლო სივრცეში აწუხებთ.

მომავლის სკოლა – მოსწავლეები ქმნიან იდეალურ სკოლის მოდელს, რომელშიც მათMი პრობლემები მოგვარებულია. ისინი წერილობით ან ვიზუალურად წარმოადგენენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი აზრით თანამედროვე სკოლა.

იდეალური სკოლის მაკეტი – ჯგუფებს ვაძლევთ დავალებას შექმნან „იდეალური სკოლა“ (ეს შეიძლება იყოს დახატული მოდელი, წერილობითი აღწერა ან პრეზენტაცია), რომელშიც ისინი ასახავენ თავიანთ იდეალურ სასწავლო გარემოს.

[1] Ryan, R. ., & Deci, E. L. (2000). Self-determination theory and the facilitation of intrinsic motivation, social development, and well-being.

[2] UNESCO 2019 – Behind the Numbers: Ending School Violence and Bullying.

გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის

0

 

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ჩემ წინ მჯდომ ორ მოზარდ გოგონას შორის საინტერესო, საყურადღებო და შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მშობლისთვის ერთგვარად საგანგაშო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „რომ იცოდე რა ბედნიერი ხარ დედა გვერდით რომ გყავს“ – ხმაში ერთგვარი სინანულით მიმართა ანანომ მეგობარს – „ყველაფერს დავთმობდი დედაჩემი ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო. როგორ ვეხვეწებოდი, უცხოეთში სამუშაოდ რომ მიდიოდა, უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე. ის ცდილობდა დავემშვიდებინე, შენს მომავალზე ვზრუნავ და იმიტომ მივდივარო. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც დედა ჩემს გვერდით არ არის. მართალია მირეკავს, მესაუბრება, საჩუქრებსაც არ მაკლებს, მაგრამ მე მასთან ჩახუტება მენატრება. იცი, ახლა ცოტა მაშინებს კიდეც მასთან შეხვედრა, თანდათან ის ჩემთვის თითქოს უცხო ადამიანი ხდება. ხშირად, როცა მირეკავს, ორივე სასაუბრო თემებს ვეძებთ, არ ვიცით რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს“.  მეგობარი ერთგვარი სევდით უსმენდა თანატოლს. შემდეგ კი მისი დამშვიდება დაიწყო – „არ ინერვიულო. შენ გგონია რახან დედაჩემი ჩემ გვერდით არის და უცხოეთში არ წავიდა, დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან?! ხანდახან ისეთი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ჩემთან საუბრის არანაირი სურვილი არა აქვს. არის შემთხვევები, როცა მე უკვე მძინავს მისი მოსვლისას. იმ დღეებში კი, როცა ორივე სახლში ვართ, ან საქმეებშია ჩაფლული, ან საკუთარ მეგობრებთან სატელეფონო საუბრებით არის დაკავებული. მე კი როგორ მჭირდება მისი რჩევები, რომ სირთულეების გადალახვა შევძლო, მართალია ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენც თანდათან უცხო ადამიანები ვხდებით ერთმანეთისთვის“. – გულდაწყვეტილი თიკო არ ცდილობდა დაემალა საკუთარი გულისტკივილი მეგობრისთვის და ამით ერთგვარი თანაგრძნობაც გამოეხატა მის მიმართ.

გაუცხოება რომ უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ ამას ყველა უნდა ამჩნევდეს. გაუცხოება მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს შორის დღეს აღარავის აკვირვებს. თუმცა, მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პიროვნული ფორმირების პროცესში მყოფ მოზარდს ყველაზე მეტად მშობლების სიახლოვე, მათი ყურადღება, მზრუნველობა და ჩართულობა ესაჭიროება. ვერავინ შეძლებს ბავშვისთვის იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც მშობელს შეუძლია, ვერავინ შეძლებს მის ჩანაცვლებას. თუ მათ შორის გაუცხოება დაისადგურებს, ამას ბევრი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს და სერიოზულად დააზარალოს ბავშვი, მისი განვითარება.

     მშობლებთან გაუცხოების შესაძლო შედეგები ბავშვებში:

  • დაქვეითებული თვითშეფასება;
  • სირთულეები საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისას. ბავშვს ექნება საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის შიში;
  • შფოთვა, ბრაზი, აგრესია;
  • სტრესული მდგომარეობა, ემოციური ლაბილურობა და ემოციური გადაღლა;
  • ნევროზული დარღვევები, ისეთი, როგორიცაა მაგ. დეპრესია, შიშები, მაღალი შფოთიანობა;
  • მტრული დამოკიდებულება გარე სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ;
  • თანაგრძნობის, თანაგანცდის, ემპათიის ნაკლებობა;
  • ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების უუნარობა;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • შებოჭილობა ქცევაში.

იმისათვის რომ შევძლოთ მშობლებთან გაუცხოების შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობის ერთგვარად შემსუბუქება, უნდა ვიცნობდეთ იმ მიზეზებს, რომლებიც მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოებას იწვევს.

მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად იქცა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების უკონტროლო გადინება ქვეყნიდან. ლუკმა-პურის საშოვნელად, შვილების გამოსაკვებად და მათი მომავალი ცხოვრების მოსაწყობად უცხოეთში გადახვეწილი დედები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს, არ არიან მათ გვერდით მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, არცთუ იშვიათად სრულიად უცხო ადამიანებად იქცევიან შვილებისთვის და წლების შემდეგ, როცა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, აღმოაჩენენ, რომ საერთოდ არ იცნობენ საკუთარ შვილებს. შვილებთან გაუცხოება მათ ქვეცნობიერად ახალი მიზეზების ძებნას აწყებინებს, რომ კვლავ დატოვონ ოჯახი და უცხოეთში წასვლის მიზეზად ამჯერად შვილიშვილების დახმარების სურვილს ასახელებენ;
  • ბავშვების მშობლებთან გაუცხოების საკმაოდ ხშირ მიზეზს წარმოადგენს მშობლების უზომოდ დაკავებულობა და შვილებთან ურთიერთობისათვის დროის სერიოზული დეფიციტი. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მშობლები და შვილები თითქმის ვერ ხედავენ ერთმანეთს – დილით, მშობლების სახლიდან გასვლისას ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ, საღამოს კი სახლში გვიან დაბრუნებულ მშობელს შვილი უკვე დაძინებული ხვდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვი არ იძინებს და ელოდება დედის დაბრუნებას, რომ მასთან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე ესაუბროს, დაღლილ-დაქანცული დედა თავს არიდებს შვილთან საუბარს იმ მოტივით, რომ ძალიან დაღლილია, საუბრის თავი არა აქვს და უნდა დაიძინოს, რომ დილით დროულად ადგომა და სამსახურში წასვლა შეძლოს. თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება ბავშვმა სხვაგან დაიწყოს იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც მას მოუსმენენ, პატივს სცემენ, რჩევებს მისცემენ. არის შემთხვევები, როცა ეს ადამიანები ერთგვარი საფრთხის შემცველებიც ხდებიან ბავშვისთვის, მაგრამ მშობლებთან გაუცხოებული მოზარდისთვის შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი დიდ ავტორიტეტად იქცეს და მისი რჩევებიც კრიტიკის გარეშე გაითვალისწინოს;
  • მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე დაძაბული ვითარება ოჯახში და გაუთავებელი კონფლიქტები მეუღლეებს შორის. ასეთ დროს ხშირად ერთ-ერთი მშობელი შეგნებულად, განზრახ უარყოფითად განაწყობს ბავშვს მეორე მშობლის წინააღმდეგ. მოზარდები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში ხვდებიან, განიცდიან რთულ, ამბივალენტურ გრძნობას. მათ უყვართ ორივე მშობელი, მაგრამ იძულებულები არიან მუდმივად ასიამოვნონ ერთ-ერთ მათგანს, იმას, ვინც მოცემულ მომენტში იკავებს ძალის პოზიციას და აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ბავშვზე. შედეგად მოზარდი იწყებს იმის დაჯერებას, რომ მეორე მშობელი ნამდვილად ცუდია; ის არ გრძნობს თავს დამნაშავედ მშობლის სიძულვილის გამო და არ ღელავს მასზე, გაურბის მასთან ურთიერთობას, პირისპირ საუბარს;
  • მშობლებისა და შვილების ურთიერთობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ერთ-ერთი მშობლის მიმართ გაუცხოების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის მეუღლეების განქორწინება, ოჯახის დანგრევა. ასეთ დროს ძალიან ხშირად ერთ-ერთი მშობელი ბავშვის მანიპულირებით არის დაკავებული და ძალისხმევას არ იშურებს, რომ მომართოს მოზარდი მეორე მშობლის წინააღმდეგ. რადგანაც ბავშვს არა აქვს ასეთი მშობლისაგან განცალკევებით ცხოვრების შესაძლებლობა და მთლიანად დამოკიდებულია მასზე ცხოვრების ყველა ასპექტში, ის მძევლის მდგომარეობაში იმყოფება. ის იკავებს იმ მშობლის მხარეს, რომელიც მას სხვადასხვა გზით აიძულებს უარყოს მეორე მშობელი, შეურაცხყოს, განდევნოს ის საკუთარი ცხოვრებიდან. გულის სიღრმეში ბავშვებს, როგორც წესი, სურთ ღიად გამოხატონ თავიანთი სიყვარული უარყოფილი მშობლის მიმართ, მაგრამ ეშინიათ მეორე მშობლის აგრესიული რეაქციის. პრობლემა იმაშია, რომ გარკვეულ მომენტში ბავშვები თავად იწყებენ იმის დაჯერებას, რომ სძულთ მშობელი. სასურველი მიზნის მისაღწევად ბავშვზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა ემოციური განდგომა, განცალკევება, გულგრილობა, სიცივე და სიყვარულის გაცემაზე უარის თქმა, თუ ბავშვი თავს უფლებას მისცემს გამოხატოს დადებითი დამოკიდებულება მეორე მშობლის მიმართ. დროთა განმავლობაში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეიძლება სერიოზული გაუცხოება გამოიწვიოს ბავშვსა და მშობლებს შორის.

     რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის – რეკომენდაციები:

  • მოვერიდოთ ბავშვთან ხანგრძლივ განშორებას, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის ბავშვისთვის, ან მშობლისთვის. გავითვალისწინოთ, რომ დედის სიახლოვეს, მის სითბოს, სიყვარულს, მასთან მუდმივ ურთიერთობას ბევრი სირთულის დაძლევა და ასევე ბევრი პრობლემის კომპენსირება შეუძლია ბავშვისთვის. თუმცა, მატერიალური კეთილდღეობა და საჩუქრების სიმრავლე ნამდვილად ვერ ანაცვლებს დედის სითბოს, სიყვარულს, მასთან ჩახუტებით მიღებულ სიამოვნებას;
  • ნურასოდეს მოვიმიზეზებთ დაღლილობას და ნუ მოვიცილებთ ბავშვს უხეშად, თუ მას ჩვენთან ურთიერთობის და საუბრის სურვილი აქვს. მაშინაც კი, თუ ძალიან დაღლილი ვართ და გვიჭირს ბავშვის მოსმენა, შეგვიძლია გამოვნახოთ საუბრის გადავადების ისეთი ფორმა, რომელიც მოზარდს არ გაანაწყენებს და პირიქით, ემპათიას, თანაგრძნობას აღუძრავს ჩვენ მიმართ ჩვენი მდგომარეობის გამო. მაგ. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, ამასთან გვსურს კიდეც მასთან საუბარი, მაგრამ იმისათვის, რომ ყურადღებით მოსმენა შევძლოთ, ცოტას დავისვენებთ და შემდეგ აუცილებლად მოვისმენთ მის მონათხრობს. ეს უფრო მისაღები იქნება ბავშვისთვის, ვიდრე მისი უხეშად მოცილება სიტყვებით: „შენი თავი არ მაქვს, ჩემთან ლაპარაკს გირჩევნია დაჯდე და გაკვეთილები მოამზადო“! გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს ბავშვთან მეგობრული, ნდობით განმსჭვალული  და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკამდეა შესაძლებელი. თუ ამ დროისათვის ვერ მოვასწრებთ, გარდატეხის ასაკში მოზარდი უკვე თავად იპოვის იმ ადამიანებს, ვისაც გულს გადაუშლის, ვინც მოუსმენს და რჩევებსაც მისცემს. თუმცა, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რჩევები, შეიძლება ჩვენთვის ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩეს;
  • ნუ გავხდით უფროსები ბავშვებს ჩვენ შორის კონფლიქტების განხილვის მოწმედ. ეს ჩვენ ვერაფერში დაგვეხმარება, ბავშვს კი სერიოზულად დააზარალებს ემოციურად და ნდობასაც დაუკარგავს ჩვენ მიმართ;
  • განქორწინების შემთხვევაში ნუ ვისაუბრებთ უარყოფითად ყოფილ მეუღლეზე, ნუ წამოვწევთ წინ მის ნაკლოვან მხარეებს. ნება მივცეთ ბავშვს ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან. მეტი დრო გავატაროთ პატარასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3-დან 7 წლამდე პერიოდში, როდესაც ყალიბდება მიჯაჭვულობა და საფუძველი ეყრება გენდერულ როლებს.  მშობლებთან გაუცხოების თავიდან აცილების მიზნით ბავშვი უნდა იღებდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ ყურადღებას  ორივე მშობლისგან.

დაბოლოს გავითვალისწინოთ, რომ მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების თავიდან აცილება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა შესაძლებელია. ამაში სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმ უარყოფითი შედეგების გააზრება და გაანალიზება, რაც შეიძლება მოყვეს გაუცხოებას ბავშვებთან. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია ისეთი სერიოზული გავლენის მოხდენა ბავშვის განვითარებაზე, როგორც მშობელთან ურთიერთობას. კაცობრიობას ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია.

 

 

 „ორფევსი, ევრიდიკე, ჰერმესი“

0

მითოლოგია საოცნებო ალაგია ყოველი შემოქმედისთვის, შთაგონების ამოუშრობი წყარო, შთაგონება, ყველაზე მეტად ხომ აღფრთოვანებასთან მეგობრობს, მითი კი ყოველთვის აღგაფრთოვანებს, თავის დაუჯერებლობასაც დაგაჯერებს და  მთელი არსებით გადაგისვრის ღმერთებისა და საოცარი არსებების სამყაროში. იქიდან აბა როგორი გამოაღწევ, თუ არა შთაგონებით სავსე.

მითოლოგია მუდამ იყო ინსპირაციის დაუშრეტელი წყარო, მისი წიაღიდან არაერთი დიდი ნაწარმოები გამოუტანია, არაერთ დიდ ავტორს. ვისაუბრებ, ერთი ასეთი დიდი ავტორის, რაინერ მარია რილკეს გენიალურ ტექსტზე „ორფევსი ევრიდიკე, ჰერმესი“ რომელშიც ბრწყინვალედ რეფლექსირდა ანტიკური მითოლოგიის, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მშვენიერი პასაჟი.

სატრფოს სიკვდილის გაუსაძლისი სიმძიმით იწყბა ლექსი, სატრფოს სისხლის ფერი ისეთია, როგორიც არაფერი ქვეყნად- „სხვა ყველაფერზე ყოვლადწითელი“.

არ შეუძლია ორფეოსს, სამყაროს ამ, „უკანონო კანონზომიერებას“ დაემორჩილოს,  ის ჩადის საიქიოში, რათა ევრიდიკეს სული, წყვდიადიდან კვლავ სამზეოს დაუბრუნოს.

რილკე ასე აღწერს საიქიოს: -„იდგნენ კლდეები და ტყეები ფეხშეუდგამი,

იყო უდაბნო და ბრმა, რუხი, ვეება ტბორი – საკუთარ, უღრმეს ფსკერს დამხობილი,

როგორც ღრუბელი საწვიმარი დაემხობა გადაშლილ მინდორს…

იყო მინდორიც…

მინდორს ზოლად აჩნდა ბილიკი – უნატიფესი მოთმინებით გადაჭიმული,

ძალიან მკრთალი, ძალიან ვიწრო, ძალიან გრძელი…“

 

ბილიკი, ცოცხალთა სამყოფელიდან,  სულთა სავანეში მიმავალი, როგორი შეიძლება იყოს, თუ არა ასეთი „უნატიფესი მოთმინებით გადაჭიმული“.

რილკესეული საიქიოს აღწერა, მაგონებს გალაკტიონისეულ „სამუდამო მხარეს“

,,როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში“{გ.ტაბიძე „ლურჯა ცხენები}

 

უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუხდა ორფევსს, ვერ კი ჩააბარაა… „ასე ძნელად ნაწყალობევი“ ევრიდიკეს სული, ერთი უკან მოხედვით დაკარგა.

„…რომ შესძლებოდა, თუნდაც წამით, შემობრუნება

(რომ მობრუნებით ყველაფერი არ დაეღუპა, რაც ასე ძნელად ეწყალობა),

დაინახავდა იმ ორს, მდუმარედ მის კვალდაკვალ რომ მოდიოდნენ -„

ხოლო ევრიდიკე… „ასე ძლიერ ნაყვარები“ ევრიდიკე… რომელიც ღმერთის ხელს, მოჰყავდა, გადასხვაფერებულიყო, უსურვილოდ, გაუბედავად, უსიხარულოდ, დგამდა ნაბიჯს სიცოცხლისაკენ.

„ჩახვეულიყო თავისთავში, როგორც იმედი…

არ აფიქრებდა არც ის კაცი, წინ რომ უძღოდა და არც ბილიკი,

სიცოცხლისკენ გადაჭიმული…

ჩახვეულიყო თავისთავში… პირთამდე იყო ავსებული თავის სიკვდილით –

როგორც სიბნელით და სიტკბოთი სავსე ნაყოფი,

პირთამდე იყო ავსებული დიდი სიკვდილით – მარადახალით, მიუწვდომელით…“

აღარ ახარებდა ევრიდიკეს, სიცოცხლის ბილიკი, აღაც ის კაცი აინტერესებდა,ერთდოს საყვარელი. სავსე იყო საკუთარი სიკვდილით და იმიტომ. აღარ იყო მისი ცოცხალთსამყარო, სამუდამოდ გადასჩვეოდა  იმ საამო შეხებასაც კი, ერთდროს რომ იყო, ძალიან ტკბილი.

„და ა ღ ა რ იყო იგი უკვე ქერა ასული,

დღისით პოეტის სიმღერაში რომ წკრიალებდა,

ღამით კი კუნძულ-ოაზისი იყო სარეცლის…

აღარც ის კაცი იყო უკვე მისი მფლობელი…“

„გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება…”{გ.ტ „ლურჯა ცხენები“}

არ შეიძლებოდა, ევრიდიკეს ორფევსი ხსომებოდა, ისევ ისე აღელვებულიყო მასზე, როგორც ოდესღაც, რადგან აღარ იყო ევრიდიკე ის რაც ოდესღაც, სქესიც კი ისე დახშობოდა, როგორც შებინდებისას ყვავილთა ფურცლები. ამიტომ, როცა ღმერთმა აცნობა რომ  -ის მობრუნდა, ევრიდიკეს უნდა ეკითხა „_ვინ ის?“

რადგან შეცვალა „სამკვდრო სუდარამ, ყველაფერი გადავიწყა, რადგან ეს არის სამყაროს კანონზომიერება, რაცუნდა უკანონო ჩანდეს იგი „ორფევსებისთვის“.

ევრიდიკეს, რილკესეული პოზიციის, მსგავსებას ვხვდებით, მარინა ცვეტაევას პოემაში „ევრიდიკე ორფეოსს“, ”მან მოახერხა გახდეს მიწისქვეშა ფესვი, იმ დასაწყისიდან, საიდანაც სიცოცხლე იზრდება. იქ, ზედაპირზე, მიწაზე, სადაც ის იყო “სურნელოვანი კუნძული საწოლში და მშვენიერი თმის სიმღერები” – იქ, ის, არსებითად, ზედაპირულად ცხოვრობდა. ახლა კი, აქ, სიღრმეში, ის შეიცვალა.“

„არავინაა ისე ცოდვილი, რომ ორჯერ მოკვდეს“.

 

გენიალური სიმბოლოებით არის სავსე ეს ლექსი, რაც ალბათ მთარგმნელის დიდი დამსახურებაა, ასე ზუსტად რომ მოერგო ქართულ საზომს „დახშობილიყო მისი სქესი, როგორც ფურცლები ყვავილების – შებინდებისას“

„ჩახვეულიყო თავისთავში როგორც იმედი“

ან „ის, ასე ძლიერ ნაყვარები“…

მშობელთა ჩართულობის მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

0

სკოლებში მშობელთა ჩართულობის ფორმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მრავალფეროვანია. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრატორები მოსწავლეთა მშობლების გააქტიურებას სხვადასხვა ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახერხებენ.

ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პოზიტიურ, ინტერაქციულ ურთიერთობას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, მით უფრო, თუ პროცესები კულტურულად მგრძნობიარეა, რაც იმას გულისხმობს, რომ სკოლა აცნობიერებს მოსწავლეთა ოჯახების განსხვავებულ თავისებურებებს.

სტატიაში მოყვანილი მაგალითები სკოლის თანამშრომლებს კონკრეტულ იდეებს მიაწვდის და მშობელთა ჩართულობის ფართო სურათის დანახვაში დაეხმარება.

 

სამხრეთ კორეის სკოლების სასადილოში, რესურსოთახში, ბიბლიოთეკაში ხშირად ნახავთ მშობელ მოხალისეებს, რომლებიც მთელი დღით რჩებიან სკოლაში და პასუხისმგებლობით ირგებენ თავიანთ როლს. ხშირად სკოლის სისუფთავის შენარჩუნებაშიც შეაქვთ წვლილი. ამ დროს მათ სკოლისადმი კუთვნილება ეზრდებათ და მოსწავლეებიც უფრო მეტად უფრთხილდებიან სასკოლო რესურსებს, სამსახურები მშობელთა ამ ვალდებულებებს იზიარებენ და ამ მიზნით არასამუშაო, მოქნილ გრაფიკს უწესებენ მათ. გრაფიკს ქმნის სკოლაც, რომელშიც მშობლები აქტიურად ეწერებიან და შესაბამის დღეებში მოხალისეობენ.

ამერიკაში მშობლები ხშირად ითავსებენ საკლასო დამხმარეებისა და ღონისძიებების ორგანიზატორების ფუნქციებს. ისინი ეხმარებიან მასწავლებლებს გაკვეთილებისთვის მასალების მომზადებაში, ხოლო შვილების თანაკლასელებს იმ საგნებში, რაშიც სწავლა უჭირთ. კიდევ უფრო ხშირად ნახავთ მშობლებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სასკოლო ღონისძიებებს, მაგალითად, გამოფენა-გაყიდვებს, საიდანაც შემოსული თანხა სასკოლო მიზნებს ან საქველმოქმედო ღონისძიებებს ხმარდება.

იაპონიაში მშობლებს ხშირად აქვთ სკოლის უსაფრთხოების პატრულის როლი. ისინი ქალაქებში, სკოლის მისადგომებთან, დილით და დღის ბოლოს მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, რათა გადასასვლელებზე, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას რაიმე საფრთხე არ შეიქმნას. მშობლები, ასევე, ორგანიზებას უწევენ სასწავლო სემინარებსაც, რომელზეც მოსწავლეებს გზაზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და უცნობებისგან თავის დაცვას ასწავლიან. უსაფრთხოების გაკვეთილებში ხშირად ერთვებიან ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებიც.

ფინეთში, გარდა ბიბლიოთეკებში დახმარებისა, ლიტერატურული ღონისძიებების გამართვისა და რესურსების მოძიებისა, მშობლები ბავშვებს მოხალისეობრივად საშინაო დავალებების შესრულებაშიც ეხმარებიან. ამ დახმარებას ისინი იმ მოსწავლეებს სთავაზობენ, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

ავსტრალიაში კი ხშირად ნახავთ სპორტულ საქმიანობებში დამხმარეებად ჩართულ მოხალისე მშობლებს. ისინი მწვრთნელების როლებსაც ირგებენ და სკოლის სპორტულ გუნდებს ავარჯიშებენ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. მშობლები სკოლებს ხშირად ეხმარებიან ისეთი კლუბების მართვაშიც, როგორებიცაა: დრამა, ჭადრაკი ან რობოტიკა.

 

როგორ მონაწილეობენ მშობლები მათი შვილის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში:

 

ამერიკა: მშობელ-პედაგოგთა ასოციაციები (PTA) ბევრ ამერიკულ სკოლაშია. ეს ორგანო მნიშვნელოვანი ნაწილია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მშობლები მონაწილეობენ შეხვედრებში, რომლებზეც სკოლის პოლიტიკას, ბიუჯეტის განაწილებას და ფინანსურ აქტივობებს განიხილავენ. ეს ჩართულობა სკოლების მართვაში მშობელთა ხმების გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

ფინეთი: ფინურ სკოლებში მმართველ საბჭოებში მშობელთა წარმომადგენლები შედიან. ეს საბჭოები პასუხისმგებელნი არიან საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაზე, სკოლების ოპერირებაზე, სასწავლო გეგმის ცვლილებებსა და რესურსების განაწილებაზე. ეს სტრუქტურა ხელს უწყობს თანამშრომლობით გარემოს, სადაც მშობლებს პირდაპირი გავლენა აქვთ საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

ავსტრალია: სკოლის საბჭოები მშობლების, მასწავლებლებისა და თემის წევრებისგან შედგება. ეს საბჭოები სტრატეგიულ დაგეგმვაში, პოლიტიკის განვითარებასა და ფინანსურ მართვაში მონაწილეობენ. მშობლები ამ საბჭოებში ხელს უწყობენ დამხმარე და ინკლუზიური სასკოლო გარემოს შექმნას.

იაპონია: მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია და მოხალისეთა კომიტეტები საშუალებას აძლევს მშობლებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ სკოლის აქტივობებში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღონისძიებების ორგანიზებაში, თანხების შეგროვებაში და სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, რაც შვილების განათლებაში მშობელთა აქტიურად ჩართვის საშუალებაა.

 

როგორ უწყობენ მშობლები ხელს სკოლისა და ადგილობრივი თემის ურთიერთობას:

ფინეთი: სათემო პროექტები ფინურ სკოლებში ხშირად მშობლების ძალისხმევით ხორციელდება. მაგალითად, სკოლებმა და მშობლებმა შეიძლება ითანამშრომლონ ადგილობრივ ბიბლიოთეკებთან, რათა გააძლიერონ საკითხავი პროგრამები, რომლებშიც მშობლები მოხალისედ ასრულებენ კითხვის მენტორების როლს. სკოლებთან ხშირად თანამშრომლობენ გარემოს დაცვის ორგანიზაციები, რომლებსაც მშობლები მდგრადობის პროექტებში ეხმარებიან და აქტივობებში მონაწილეობენ. ეს ჩართულობა უზრუნველყოფს მშობლების აქტიურ მონაწილეობას შვილების განათლებაში და სკოლა-თემის კავშირებს აძლიერებს.

გერმანია: ორმაგი განათლების სისტემა მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავს სკოლებსა და ადგილობრივ ბიზნესებს შორის. მშობლებს ურჩევენ, თავიანთი პროფესიული გამოცდილების გაზიარებით მონაწილეობა მიიღონ ამ სისტემაში და სტაჟირებების ორგანიზებაში. ეს ჩართულობა არა მხოლოდ აუმჯობესებს მოსწავლეთა პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებას, არამედ პარტნიორობას აძლიერებს სკოლასა და თემს შორის, რაც მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მშობლებს საგანმანათლებლო პროცესში.

ინგლისი: სკოლის სათემო ცენტრები მოსწავლეებს ისეთ მომსახურებებს სთავაზობენ, რაც ფორმალური განათლების მიღმა რჩება. ხშირად მშობლები მოხალისეობრივად ატარებენ ზრდასრულთა განათლების კლასებს, პირველადი დახმარების მასტერკლასებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებსა და სოციალურ ღონისძიებებს.

შვედეთი: სკოლები ხშირად აორგანიზებენ სემინარებსა და დისკუსიის ჯგუფებს, რომლებშიც მშობლები და თემის წევრები იდეებს აზიარებენ განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე. ამ შეხვედრებში მშობელთა ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ მათი მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული.  ეს ხელს უწყობს თანამშრომლობით მიდგომებს განათლებაში და სარგებელი მოაქვს მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, სკოლისა და თემის განვითარებისთვის.

 

 კლასის მართვა: გარემო და რესურსები

0

დიდი ხნის მანძილზე მეგონა, რომ კლასის მართვა (რომელიც აგრეთვე ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიმაჩნდა სწავლებისას) მხოლოდ მოსწავლეების ცუდი ქცევის გამომწვევ მიზეზებსა და მათ გამკლავების გზებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ცხადია, ქცევის კონტროლი კლასის მართვის უდიდეს ნაწილია, თუმცა როდესაც სრულიად მართვაზე მიდგება საქმე, სხვა ბევრი რამეც უნდა გავითვალისწინოთ: მათ შორის გარემო და რესურსები.

თუკი გაკვეთილის დაგეგმვისას გარემოს და რესურსებს სწორად გავითვალისწინებთ, მაშინ კლასის მართვის ის ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა ქცევის კონტროლს უკავშირდება, გაცილებით გამარტივდება.

კლასის მართვის დროს მასწავლებელი ყველამხრივ დარწმუნებულია იმაში, რომ გაკვეთილი კარგად ჩაივლის. როდესაც გარემოს მართვაზე მიდგება საქმე, ძირითადად სამ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო: ფიზიკურ რესურსებზე, მოსწავლეების განაწილებაზე კლასში და თავად კლასზე.

 

 

  1. ფიზიკური რესურსების მართვა

 

ფიზიკურ რესურსებში მოიაზრება ნებისმიერი რამ, რაც მოსწავლეებმა ან მასწავლებელმა გაკვეთილზე შეიძლება გამოიყენოს: წიგნები, რვეულები, სურათები, წებო, მაკრატელი, ფანქრები თუ ნებისმიერი სხვა რამ. ფიზიკური რესურსების მართვისას ყველა მასწავლებელი წინასწარ ფიქრობს და გეგმავს იმას თუ რა და რამდენი ჭირდება, ფიქრობს უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ესა თუ ის რესურსი გაკვეთილის მიზნების მიღწევაში. რესურსების დაგეგმვისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე თუ რა რაოდენობის რესურსი იქნება საჭირო, როგორ მუშაობენ მოსწავლეები რესურსებზე, დამოუკიდებლად, წყვილებში თუ ჯგუფებში; როგორ და რა პრინციპით ნაწილდება რესურსები მასწავლებლის მხრიდან და ა.შ. ყველაფერი ამის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა კლასის მართვისთვის და საგაკვეთილო პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

საბოლოოდ კი, რესურსების დარიგებისას არ დაგავიწყდეთ, რომ არასდროს გადასცეთ ბავშვებს ისინი მანამ, სანამ ამ რესურსებზე მუშაობის ინსტრუქციების გაცემას არ დაასრულებთ. მაგალითად, თუკი მასწავლებელს ხელში უჭირავს სამუშაო ფურცელი და ინსტრუქციების გაცემამდე ან გაცემისას მათ მოსწავლეებს დაურიგებს, ათიდან ცხრა ბავშვი სამუშაო ფურცელში დაიწყებს ყურებას და ინსტრუქციებს აღარ მოისმენს, რაც რამდენიმე წუთში შეფერხებას გამოიწვევს. მალე კლასიკური შეკითხვის “მასწ, რა უნდა გავაკეთოთ?” მოსმენაც  ყველასგან ცალ-ცალკე მოგიწევთ, ინდივიდუალურად პააუხების გაცემაში კი მთელი ძვირფასი დრო და ენერგიაც ფუჭად დაგეხარჯებათ.

 

  1. მოსწავლეების განაწილება კლასში

 

როდესაც გაკვეთილს ვგეგმვთ, ყოველთვის ის კონკრეტული კლასი გვიდგას თვალწინ, რომლისთვისაც ვირჯებით; რამდენი ბავშვია კლასში, როგორ დგას მათი მერხები, ვინ ვის გვერდით ზის, როგორი ურთიერთობაა ახლოს მჯდომ მოსწავლეებს შორის ანუ როგორ ურთიერთქმედებენ ან თანამშრომლობენ ისინი ერთმანეთზე და ერთმანეთთან მუშაობისას და ა.შ.

გაკვეთილის დაგეგმვისას მსგავსი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია სხვადასხვა მიზეზების გამო: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აქტივობების დაგეგმვისას მარტივად ვწყვეტთ თუ როგორ უნდა გავანაწილოთ მოსწავლეები სივრცეში, ვინ სად გადავსვათ საჭიროებისამებრ, რომელი ინტერაქციის მეთოდის გამოყენება სჯობს და ა.შ.

ზოგიერთი კლასი უფრო დიდხანს ახერხებს კონცენტრაციის შენარჩუნებას მასწავლებლის საუბრისას (ძირითადად უფროსები), ასეთ დროს უმჯობესია მოსწავლეები ოვალურად ისხდნენ, რათა ცენტრში მდგომ მასწავლებელს და დაფას/ეკრანს ყველა თანაბრად ხედავდეს.

ზოგიერთი აქტივობა წყვილში ამ ჯგუფი მუშაობას საჭიროებს; ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს თუ როგორ გადაადგილდებიან მოსწავლეები, ვინ ვისთან და რისთვის, ამასთანავე როდის (აქტივობის წინ თუ სულაც გაკვეთილის დაწყებისას) გადაჯდება და ა.შ.  მსგავსი დეტალების წინასწარ და ზედმიწევნით ცოდნა, კლასის წარმატებულად მართვის საწინდარია.

 

  1. საკლასო ოთახი

 

იმისთვის რომ გაკვეთილმა წარმატებულად ჩაიაროს, პირველ რიგში უსაფრთხო და ჩვენს აქტივობებზე მორგებული საკლასო ოთახების ქონაა საჭირო. თუმცა რაკი საკლასო ოთახები, როგორც წესი, ზოგადი მოცემულობაა ( ძირითადად საშუალო ზომის ოთახი მერხებით სკამებით და დაფით/ეკრანით), მაშინ სწორედ მასწავლებლემა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივობების დაგეგმვისას მისი ზომა და სივრცე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ავითვისოთ.

როდესაც გაკვეთილები დაბალ კლასებთან გვაქვს, ხშირად ჩვენი აქტივობები სირბილს, ხტუნვას, ცეკვას ან სიმღერას უკავშირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, წინასწარ დავგეგმოთ ყველა მოძრაობა, რათა შესაძლო საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. თუკი ჩემი აქტივობა ძალიან დიდ სარბენ სივრცეს მოითხოვს, უნდა დავრწმუნდე, რომ მსგავსი სივრცე ნამდვილად მაქვს; ცხადია სივრცის გათავისუფლება მერხების მიწევით შეიძლება, მაგრამ ვინ მეხმარება მერხების მიწევაში, როდის ვაკეთებთ ამას, აქტივობამდე თუ გაკვეთილის დაწყებამდე? სწორედ ეს არის ის საკითხები, რომელიც საკლასო ოთახის მოწესრიგებას ეხება და კლასის მართვის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თუკი ყველა ამ კითხვას გაკვეთილის დაგეგმვისას ჩვენ თავს დავუსვამთ და მასზე პასუხებსაც ვიპოვით, გაკვეთილის მიმდინარეობისას გაცილებით ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რადგან კარგი გეგმის ქონა, პირველ რიგში, ჩვენთვისაა შვებაა. მეორეს მხრივ, როცა მოსწავლეთა ყველა ნაბიჯი წინასწარ გაანგარიშებული და გათვლილია, მათ ნაკლები დრო აქვთ იმისთვის რომ იცელქონ, რაც გარკვეულწილად ქცევის კონტროლშიც გვეხმარება. თუმცა ქცევაზე, მისი დარღვევის და მასთან გამკლავების მიზეზებზე, ცოტა მოგვიანებით, შემდეგ სტატიაში  გიამბობთ.

 

 

კილომეტრები, წამები და სიჩქარე

0

მანძილი, დრო და სიჩქარე – ეს სამი ცნება არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ მათემატიკის სასწავლო პროცესშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოსწავლეებისთვის ამ ცნებების გააზრება და მათ შორის კავშირების დამყარება ხელს უწყობს მათემატიკური უნარების განვითარებას, ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და რეალური სამყაროს პრობლემების გადაჭრის უნარის გაზრდას.

ამ სტატიაში განვიხილავ რამდენიმე პრაქტიკულ აქტივობას მე-6 კლასელთათვის, თუ როგორ არის მანძილი, დრო და სიჩქარე ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ გამოიყენება ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.

თემატური ბლოკი – ალგებრა

თემა :

  • ასოითი გამოსახულება. განტოლება;
  • შესაბამისობა, დამოკიდებულება

სამოზნე ცნებები:

1.მათემატიკური მოდელი

 

2. კანონზომიერება

 

3. ლოგიკა

 

 რეალური მოძრაობის პროცესის მათემატიკური მოდელი. განტოლება.  s=vt (ეს მოდელი ეხმარება მოსწავლეებს აღწერონ და გაიგონ მოძრაობის ძირითადი პრინციპები, განაზოგადონ სხვადასხვა სიტუაციაში და გადაჭრან მანძილთან, დროსთან და სიჩქარესთან დაკავშირებული სხვადასხვა ამოცანები.) დამოკიდებულება; პროპორციულობა. სიჩქარე, მანძილი და დრო ერთმანეთზე დამოკიდებული სიდიდეებია. (ეს დამოკიდებულება გამოხატულია განტოლებით და ეხმარება მოსწავლეებს გაანალიზონ, თუ როგორ იცვლება ერთი სიდიდე მეორის შეცვლისას) მსჯელობა ანალიზი:    პრობლემების გადასაჭრელად , განტოლებების შედგენა და მიღებული შედეგების გაანალიზება.

 

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორი:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • ცვლადის შემცველი გამოსახულების /განტოლების შედგენა;
  • სიდიდეებს შორის შესაბამისობის და დამოკიდებულების დამყარება, გამოსახვა და აღწერა;
  • რეალური ვითარების შესაბამისი მათემატიკური მოდელის (ასოითი გამოსახულების, განტოლების, უტოლობის) შედგენა და  პრობლემის გადაჭრა.

გაკვეთილის მიზნები:

  • მოსწავლეებმა უნდა გაიგონ რა არის მანძილი, დრო და სიჩქარე და როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული.
  • მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენება.
  • მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დაკავშირებულია მანძილთან, დროსთან და სიჩქარესთან.
  • მოსწავლეებმა უნდა განავითარონ ლოგიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი.

საკვანძო შეკითხვა: როგორ გამოვთვალოთ, მანძილი, დრო და სიჩქარე

გაკვეთილის მსვლელობა:

მოსწავლეებს ვაცნობ სიტუაციურ ამოცანას: „ოჯახის მოგზაურობა“. ვიხსენებთ რაც ვიცით მანძილისა და სიჩქარის შესახებ, კითხვა-პასუხის, ვიზუალური მოდელების, სქემებისა და ცხრილების და მათზე მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის შედეგად, მოსწავლეების თავად იაზრებენ მათ შორის დამოკიდებულებას და   გამოყავთ, მანძილის დროისა და სიჩქარის  ფორმულები.

აქტივობა 1. ვიპოვოთ მანძილი

ოჯახი მოგზაურობს A ქალაქიდან B ქალაქში ავტომობილით, რომლის სიჩქრე 60 კმ-ია საათში. 3 საათი იარა და რა მანძილი გაიარა ოჯახმა?

·         მანძილი არის მთლიანი სიგრძე ორ პოზიციას შორის, რომლის გაზომვის შედეგად შეიძლება მივიღოთ სიდიდე, გამოსახული შემდეგი ერთეულით: კმ, სმ, ან მმ …

·         სიჩქარე 60  კმ/სთ ნიშნავს, რომ სხეული ერთ საათში გადის 60 კმ-ს. 3 საათში რამდენს გაივლის? (გაივლის 3 ჯერ მეტს ანუ (60 x 3) კმ)

·         რა მანძილს გაივლის იგივე სიჩქარით ავტომობილი 4 სთ-ში; 5 სთ-ში; 6 სთ-ში; 7 სთ-ში; 10 სთ-ში? შექმენი ვიზუალური მოდელი, შეავსე ცხრილი და განაზოგადე, შეადგინე მანძილის გამოსათვლელი ფორმულა

სიჩქარე დრო (სთ) მანძილი (კმ)
60 კმ/სთ 4  
60 კმ/სთ 5  
60 კმ/სთ 6  
60 კმ/სთ 7  
60 კმ/სთ 10  
60 კმ/სთ 12  

ცხრილის შევსების მასზე დაკვირვების შემდეგ,  მოსწავლეებს თავად გამოყავთ მანძილის ფორმულა s=vt

აქვე პასუხობენ კითხვებს და გამოაქვთ დასკვნა

-რა ემართება მანძილს, როცა დროს 2-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება მანძილს, როცა დროს 3-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება მანძილს, როცა დროს 2-ჯერ შევამცირებთ, როგორ იცვლება?

 

 

აქტივობა 2. ვიპოვოთ სიჩქარე

ოჯახის ავტომობილი  150 კმ-ს გადის სამ საათში. იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე.

რა არის სიჩქარე?

•       სიჩქარე არის 1 საათში, 1წუთში, 1 წამში გავლილი მანძილი. შესაბამისად მისი ერთეულია კმ/სთ; მ/წთ; მმ/წმ …

•       როგორ ვიპოვოთ სიჩქარე?

შეავსე ცხრილი, დაიხმარე ვიზუალური მოდელები, სქემები და განაზოგადე,  შეადგინე მანძილის

გამოსათვლელი ფორმულა

მანძილი (კმ) დრო (სთ) სიჩქარე
150 კმ 3  
150კმ 5  
150კმ 6  
150 კმ 10  
150 კმ 15  

 

ცხრილის შევსების მასზე დაკვირვების შემდეგ,   მოსწავლეებს თავად გამოყავთ სიჩქარის  ფორმულა v= s: t

აქვე პასუხობენ კითხვებს და გამოაქვთ დასკვნა

-რა ემართება სიჩქარეს, როცა დროს 2-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება სიჩქარეს, როცა დროს 5-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება სიჩქარეს, როცა დროს 2-ჯერ შევამცირებთ, როგორ იცვლება?

 

აქტივობა 3. ვოპოვოთ დრო

ამჯერად ოჯახი მოგზაურობას ავტობუსით აგრძელებს. ავტობუსმა 250 კმ გაიარა 50კმ/სთ სიჩქარით. რა დრო დასჭირდა ავტობუსს ამ მანძილის გასავლელად?

რა არის დრო?

დახარჯული დრო გვიჩვენებს, რამდენი ხანი დასჭირდა სხეულს ამა თუ იმ მანძილის გასავლელად

•       როგორ ვიპოვოთ დრო?

შეადგინე დამხმარე სქემები/ნახაზები, შეავსე ცხრილი, და განაზოგადე, შეადგინე დროის

გამოსათვლელი ფორმულა

მანძილი (კმ) სიჩქარე (კმ/სთ) დრო (სთ)
250 კმ 50  
250კმ 25  
250კმ 10  
250 კმ 100  
250 კმ 125  

 

 

ცხრილის შევსების და მასზე დაკვირვების შემდეგ,  მოსწავლეებს თავად გამოყავთ დროის  ფორმულა t = s: v

აქვე პასუხობენ კითხვებს და გამოაქვთ დასკვნა

-რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 2-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

–რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 4-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 5-ჯერ გავზრდით, როგორ იცვლება?

-რა ემართება დროს როცა სიჩქარეს 2-ჯერ შევამცირებთ, როგორ იცვლება?

 

აქტივობა 4. შევაჯამებთ სიჩქარის, დროისა და მანძილის გამოსათვლელი ფორმულები როგორ მივიღეთ. კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამ ცნებათა  ფორმულირებას.

 

 

 

 

აქტივობა 5. სავარჯიშოების შესრულება, რამდენიმე ამოცანის სახით,

საერთო საკლასო მუშაობისათვის განვიხილეთ შემდეგი:

  1. ავტომობილის სიჩქარეა 80 კმ/სთ. რა მანძილი გაივლის ის 2 საათში?
  2. ავტომობილმა 300 კმ გაიარა 5 საათში. იპოვეთ ავტომობილის სიჩქარე?
  3. ავტომობილის 70 კმ/სთ სიჩქარით გაიარა 350 კმ. რა დრო დასჭირდა მას ამისათვის?

ამ სავარჯიშოების განხილვის შემდეგ ინდივიდუალური სამუშაო (თითოეულ ბავშვს დავურიგე სამუშაო ბარათი)

S 270 კმ 360 მ   80 მ
t 9 სთ 8 წთ 5 სთ  
V     12 კმ/სთ 16 მ/წთ

 

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება/შეფასება

გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ მთავარი იდეები და შევაფასე მოსწავლეთა მიღწევები.

ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემის გააზრებისთვის ამიტომ თითოეულ ცნების გასააზრებლად გამოვიყენე მათემატიკურ მოდელი, ნახზებისა და სქემების სახით. ასევე, დამატებითი მოტივაციისათვის გამოვიყენე რეალური ცხოვრების მაგალითები, პრაქტიკულმა დავალებებმა და ცხრილების შევსებამ,  ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა თავად გამოეყვანათ ფორმულები, რამაც გააძლიერა საკითხის გაგების ხარისხი. ცხადია, თემის შესწავლა გრძელდება სხვადასხვა ტიპისა და სირთულის  მოძრაობების განხილვით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...