დიდი ხნის მანძილზე მეგონა, რომ კლასის მართვა (რომელიც აგრეთვე ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიმაჩნდა სწავლებისას) მხოლოდ მოსწავლეების ცუდი ქცევის გამომწვევ მიზეზებსა და მათ გამკლავების გზებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ცხადია, ქცევის კონტროლი კლასის მართვის უდიდეს ნაწილია, თუმცა როდესაც სრულიად მართვაზე მიდგება საქმე, სხვა ბევრი რამეც უნდა გავითვალისწინოთ: მათ შორის გარემო და რესურსები.
თუკი გაკვეთილის დაგეგმვისას გარემოს და რესურსებს სწორად გავითვალისწინებთ, მაშინ კლასის მართვის ის ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა ქცევის კონტროლს უკავშირდება, გაცილებით გამარტივდება.
კლასის მართვის დროს მასწავლებელი ყველამხრივ დარწმუნებულია იმაში, რომ გაკვეთილი კარგად ჩაივლის. როდესაც გარემოს მართვაზე მიდგება საქმე, ძირითადად სამ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო: ფიზიკურ რესურსებზე, მოსწავლეების განაწილებაზე კლასში და თავად კლასზე.
- ფიზიკური რესურსების მართვა
ფიზიკურ რესურსებში მოიაზრება ნებისმიერი რამ, რაც მოსწავლეებმა ან მასწავლებელმა გაკვეთილზე შეიძლება გამოიყენოს: წიგნები, რვეულები, სურათები, წებო, მაკრატელი, ფანქრები თუ ნებისმიერი სხვა რამ. ფიზიკური რესურსების მართვისას ყველა მასწავლებელი წინასწარ ფიქრობს და გეგმავს იმას თუ რა და რამდენი ჭირდება, ფიქრობს უსაფრთხოებაზე და იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ესა თუ ის რესურსი გაკვეთილის მიზნების მიღწევაში. რესურსების დაგეგმვისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე თუ რა რაოდენობის რესურსი იქნება საჭირო, როგორ მუშაობენ მოსწავლეები რესურსებზე, დამოუკიდებლად, წყვილებში თუ ჯგუფებში; როგორ და რა პრინციპით ნაწილდება რესურსები მასწავლებლის მხრიდან და ა.შ. ყველაფერი ამის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა კლასის მართვისთვის და საგაკვეთილო პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
საბოლოოდ კი, რესურსების დარიგებისას არ დაგავიწყდეთ, რომ არასდროს გადასცეთ ბავშვებს ისინი მანამ, სანამ ამ რესურსებზე მუშაობის ინსტრუქციების გაცემას არ დაასრულებთ. მაგალითად, თუკი მასწავლებელს ხელში უჭირავს სამუშაო ფურცელი და ინსტრუქციების გაცემამდე ან გაცემისას მათ მოსწავლეებს დაურიგებს, ათიდან ცხრა ბავშვი სამუშაო ფურცელში დაიწყებს ყურებას და ინსტრუქციებს აღარ მოისმენს, რაც რამდენიმე წუთში შეფერხებას გამოიწვევს. მალე კლასიკური შეკითხვის “მასწ, რა უნდა გავაკეთოთ?” მოსმენაც ყველასგან ცალ-ცალკე მოგიწევთ, ინდივიდუალურად პააუხების გაცემაში კი მთელი ძვირფასი დრო და ენერგიაც ფუჭად დაგეხარჯებათ.
- მოსწავლეების განაწილება კლასში
როდესაც გაკვეთილს ვგეგმვთ, ყოველთვის ის კონკრეტული კლასი გვიდგას თვალწინ, რომლისთვისაც ვირჯებით; რამდენი ბავშვია კლასში, როგორ დგას მათი მერხები, ვინ ვის გვერდით ზის, როგორი ურთიერთობაა ახლოს მჯდომ მოსწავლეებს შორის ანუ როგორ ურთიერთქმედებენ ან თანამშრომლობენ ისინი ერთმანეთზე და ერთმანეთთან მუშაობისას და ა.შ.
გაკვეთილის დაგეგმვისას მსგავსი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია სხვადასხვა მიზეზების გამო: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აქტივობების დაგეგმვისას მარტივად ვწყვეტთ თუ როგორ უნდა გავანაწილოთ მოსწავლეები სივრცეში, ვინ სად გადავსვათ საჭიროებისამებრ, რომელი ინტერაქციის მეთოდის გამოყენება სჯობს და ა.შ.
ზოგიერთი კლასი უფრო დიდხანს ახერხებს კონცენტრაციის შენარჩუნებას მასწავლებლის საუბრისას (ძირითადად უფროსები), ასეთ დროს უმჯობესია მოსწავლეები ოვალურად ისხდნენ, რათა ცენტრში მდგომ მასწავლებელს და დაფას/ეკრანს ყველა თანაბრად ხედავდეს.
ზოგიერთი აქტივობა წყვილში ამ ჯგუფი მუშაობას საჭიროებს; ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს თუ როგორ გადაადგილდებიან მოსწავლეები, ვინ ვისთან და რისთვის, ამასთანავე როდის (აქტივობის წინ თუ სულაც გაკვეთილის დაწყებისას) გადაჯდება და ა.შ. მსგავსი დეტალების წინასწარ და ზედმიწევნით ცოდნა, კლასის წარმატებულად მართვის საწინდარია.
- საკლასო ოთახი
იმისთვის რომ გაკვეთილმა წარმატებულად ჩაიაროს, პირველ რიგში უსაფრთხო და ჩვენს აქტივობებზე მორგებული საკლასო ოთახების ქონაა საჭირო. თუმცა რაკი საკლასო ოთახები, როგორც წესი, ზოგადი მოცემულობაა ( ძირითადად საშუალო ზომის ოთახი მერხებით სკამებით და დაფით/ეკრანით), მაშინ სწორედ მასწავლებლემა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივობების დაგეგმვისას მისი ზომა და სივრცე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ავითვისოთ.
როდესაც გაკვეთილები დაბალ კლასებთან გვაქვს, ხშირად ჩვენი აქტივობები სირბილს, ხტუნვას, ცეკვას ან სიმღერას უკავშირდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, წინასწარ დავგეგმოთ ყველა მოძრაობა, რათა შესაძლო საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. თუკი ჩემი აქტივობა ძალიან დიდ სარბენ სივრცეს მოითხოვს, უნდა დავრწმუნდე, რომ მსგავსი სივრცე ნამდვილად მაქვს; ცხადია სივრცის გათავისუფლება მერხების მიწევით შეიძლება, მაგრამ ვინ მეხმარება მერხების მიწევაში, როდის ვაკეთებთ ამას, აქტივობამდე თუ გაკვეთილის დაწყებამდე? სწორედ ეს არის ის საკითხები, რომელიც საკლასო ოთახის მოწესრიგებას ეხება და კლასის მართვის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
თუკი ყველა ამ კითხვას გაკვეთილის დაგეგმვისას ჩვენ თავს დავუსვამთ და მასზე პასუხებსაც ვიპოვით, გაკვეთილის მიმდინარეობისას გაცილებით ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რადგან კარგი გეგმის ქონა, პირველ რიგში, ჩვენთვისაა შვებაა. მეორეს მხრივ, როცა მოსწავლეთა ყველა ნაბიჯი წინასწარ გაანგარიშებული და გათვლილია, მათ ნაკლები დრო აქვთ იმისთვის რომ იცელქონ, რაც გარკვეულწილად ქცევის კონტროლშიც გვეხმარება. თუმცა ქცევაზე, მისი დარღვევის და მასთან გამკლავების მიზეზებზე, ცოტა მოგვიანებით, შემდეგ სტატიაში გიამბობთ.