შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

კლასის მართვა: გარემო და რესურსები

0

დიდხანს მეგონა, რომ კლასის მართვა (რომელიც აგრეთვე ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიმაჩნდა სწავლებისას) მხოლოდ მოსწავლეთა ცუდი ქცევის მიზეზებსა და მათთან გამკლავების გზებს უკავშირდებოდა. თანდათან ნათელი გახდა, რომ ასე არ ყოფილა. რასაკვირველია, ქცევის კონტროლი კლასის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ბევრი სხვა რამეც გასათვალისწინებელია, მათ შორის – გარემო და რესურსები.

თუ გაკვეთილის დაგეგმვისას გარემოსა და რესურსებს სწორად გამოვიყენებთ, კლასის მართვის ის ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა ქცევის კონტროლს უკავშირდება, საგრძნობლად გამარტივდება.

კლასის მართვის დროს მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ გაკვეთილი კარგად ჩაივლის. როდესაც გარემოს მართვაზე მიდგება საქმე, უმთავრესად სამ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო: ფიზიკურ რესურსებზე, კლასში მოსწავლეების განაწილებასა და თავად კლასზე.

 

  1. ფიზიკური რესურსების მართვა

ფიზიკური რესურსები გულისხმობს ნებისმიერ რამეს, რაც შეიძლება მოსწავლეებმა ან მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენონ: წიგნებს, რვეულებს, სურათებს, წებოს, მაკრატელს, ფანქრებს… გაკვეთილის დაგეგმვისას ყველა მასწავლებელი წინასწარ ფიქრობს იმაზე, რა და რამდენი დასჭირდება, რამდენად უსაფრთხოა ან რამდენად დაეხმარება ესა თუ ის რესურსი გაკვეთილის მიზნების მიღწევაში. მოსაფიქრებელია ისიც, როგორ იმუშავებენ მოსწავლეები ამ რესურსებზე – დამოუკიდებლად, წყვილებად თუ ჯგუფებად, როგორ და რა პრინციპით განაწილდება რესურსები და ა.შ. ყოველივე ამის წინასწარ გათვლა და დაგეგმვა საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვის აუცილებელი პირობაა.

არ დაგავიწყდეთ: არასდროს დაარიგოთ რესურსები, სანამ ბავშვებს მათზე მუშაობის წესებს არ აუხსნით. მაგალითად, თუ მასწავლებელმა სამუშაო ფურცლები ინსტრუქციის გაცემამდე ან გაცემის პროცესში დაარიგა, ათიდან ცხრა ბავშვი ამ ფურცლებში დაიწყებს ყურებას და ინსტრუქციას აღარ მოისმენს. კლასიკური შეკითხვის: „მასწ, რა უნდა გავაკეთოთ?“ – მოსმენაც ყველასგან ცალ-ცალკე მოგიწევთ, სათითაოდ პასუხის გაცემაში კი დრო და ენერგია ფუჭად დაგეხარჯებათ.

 

  1. მოსწავლეების განაწილება

როდესაც გაკვეთილს ვგეგმავთ, ყოველთვის ის კლასი გვიდგას თვალწინ, რომლისთვისაც ვირჯებით: რამდენი ბავშვია კლასში, როგორ დგას მერხები, ვინ ვის გვერდით ზის, როგორი ურთიერთობა აქვთ ახლოს მჯდომ მოსწავლეებს – როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან, როგორ თანამშრომლობენ და ა.შ.

გაკვეთილის დაგეგმვისას ასეთი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია, რათა წინასწარ მოვიფიქროთ, ვინ სად გადავსვათ, ინტერაქციის რომელი მეთოდის გამოყენება ჯობია და ა.შ.

ზოგიერთი კლასი უფრო მეტხანს ახერხებს მასწავლებლის მოსმენისას კონცენტრაციის შენარჩუნებას (უმთავრესად – უფროსი კლასები). ასეთ დროს უმჯობესია, მოსწავლეები ოვალურად ისხდნენ, რათა ცენტრში მდგომ მასწავლებელს და დაფას/ეკრანს ყველა ერთნაირად ხედავდეს.

ზოგიერთი აქტივობა წყვილებად ან ჯგუფებად მუშაობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, როგორ გადაადგილდებიან მოსწავლეები, ვინ ვისთან დაჯდება და რისთვის, როდის გადაჯდება – აქტივობის დაწყებამდე თუ სულაც გაკვეთილის დაწყებამდე – და ა.შ. ამ დეტალების წინასწარ და ზედმიწევნით ცოდნა კლასის წარმატებით მართვის საწინდარია.

 

  1. საკლასო ოთახი

იმისთვის, რომ გაკვეთილმა კარგად ჩაიაროს, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო და ჩვენს აქტივობებს მორგებული საკლასო ოთახია საჭირო, მაგრამ რაკი ოთახი, როგორც წესი, ერთნაირია, მასწავლებლემა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივობების დაგეგმვისას მისი ზომა და სივრცე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად ავითვისოთ.

უმცროს კლასებთან აქტივობები ხშირად სირბილს, ხტუნვას, ცეკვას ან სიმღერას გულისხმობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ დავგეგმოთ ყოველი მოძრაობა, რომ საფრთხე თავიდან ავირიდოთ. თუ აქტივობა ძალიან დიდ სარბენ სივრცეს მოითხოვს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი სივრცე ნამდვილად გვაქვს. ცხადია, სივრცის გათავისუფლება მერხების მიწევით შეიძლება, მაგრამ ვინ დაგვეხმარება მერხების მიწევაში? როდის გავაკეთებთ ამას – აქტივობის თუ გაკვეთილის დაწყებამდე? სწორედ ესენია ის საკითხები, რომლებიც საკლასო ოთახის მოწესრიგებას ეხება და კლასის მართვის ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თუ ყველა ამ კითხვას გაკვეთილის დაგეგმვისას დავუსვამთ საკუთარ თავს და პასუხებსაც ვიპოვით, გაკვეთილის მიმდინარეობისას გაცილებით ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს, რადგან კარგი გეგმა, უწინარესად, ჩვენთვისვეა შვებაა. მეორე მხრივ, როცა მოსწავლეთა ყოველი ნაბიჯი წინასწარ არის გათვლილი, მათ ნაკლები დრო რჩებათ ცელქობისთვის, რაც გარკვეულწილად ქცევის კონტროლშიც გვეხმარება. თუმცა ქცევაზე, მისი დარღვევის მიზეზებსა და ამ დარღვევებთან გამკლავების გზევბზე მომდევნო სტატიაში  გიამბობთ.

დედის თემა  და  ორი ლექსი, როგორც ეპოქის სარჩულ-საპირე

0

 „დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი…“

1940 წელს 23 წლის ლადო ასათიანს უკვე დაწერილი ჰქონდა „ალბომიდან“, „არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“, „საქართველოში“, „კრწანისის ყაყაჩოები“. ჯერ კიდევ დასაწერი იყო „სალაღობო“, „ქართლის გზაზე“, „ფიროსმანის მეგობრებთან“… – სულ რჩეული და ერთმანეთზე უკეთესი ლექსები.

ლადოს სულში პოეზიის ხანძარი ბრიალებდა, ფილტვებში კი ნელ-ნელა იფოთლებოდა „სიმჭლის სენი“.

„ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა

ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა…“

წერდა იგი 1940 წელს ერთ-ერთ ლექსში. დედა კი სად იყო ამ დროს, რომ მის იარებს სალბუნად დასდებოდა. 1937 წლის  „ხანმა უნდობარმა“, უხვად რომ მოეტანა „სისხლი და ცხედრები“, ისიც ჩაითრია იმ სასტიკი სახელმწიფო მანქანის რკინის ბორბლებში, რომელიც უამრავ უდანაშაულო ადამიანს სრესდა.

რამდენიმე ამონარიდი პოეტის უფროსი მეგობრისა და ჭირისუფლის ნიკა აგიაშვილის მოგონებიდან: „კარგა ხანს იყო მოწყენილი ლადო და დასევდიანებული და ძალზე გამკილავი გახდა“; „ბოლო ხანებში ლადო ასათიანს ძლიერ გაუჭირდა ცხოვრება. ზოგიერთმა ვერ გამოიჩინა მისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება. ბევრი ამხანაგისაგან დააკლდა მას დროზე ნათქვამი ალერსიანი სიტყვა, მორალური მხარდაჭერა, მეგობრული დახმარება“; „ახსენებდა საყვარელ დედას, რომელიც იმ მძიმე წლებს გაჰყვა“[1].

ძალადობის სუსხი დაქროდა უზარმაზარ იმპერიაში. ეს სუსხი შეეხო უამრავ ოჯახს, ართმევდა მათ წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. ძნელი იყო ამ წნეხის გაძლება.

ასათიანების ოჯახის რეპრესია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ლადო 13 წლის იყო. 1930 წელს ლადოს ბაბუის, „დიდი გუჯუ ბატონის“, ოჯახი გააკულაკეს – ჩამოართვეს მთელი ადგილ-მამული, ტყეები  და  სოფლის გლეხობას გადასცეს; ოჯახს საკუთარ სახლში ერთი ოთახი დაუტოვეს და დანარჩენ ოთახებში კოლმეურნეობის კანტორა და კოოპერატივი გახსნეს (ეს გადაწყვეტილება წიგნიერ მკითხველს  აუცილებლად გაახსენებს მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მსგავს ეპიზოდებს). პოეტის ბაბუამ ამ ტრაგედიას ვერ გაუძლო, მიწების ჩამორთმევის გაგების დღესვე  გარდაიცვალა, მალევე გარდაიცვა მისი მეუღლეც, პელაგია ჩიქოვანი.

ლადოს მშობლებმა დიდი წვალების შედეგად მხოლოდ სოფლის გლეხობის მიერ გაპარტახებული სახლისა და მცირე მიწის ნაკვეთის დაბრუნება და ასე თუ ისე აღდგენა შეძლეს. რომ ეგონათ,  ოჯახი ოჯახს დაამსგავსეს,  ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ. ძლივს შემორჩენილ ორიოდე მიწის ნაჭერზე ჩასაფრებულმა ადამიანებმა ახლა ლადოს დედა, ლიდა ცქიტიშვილი, ამოიღეს მიზანში და როცა დასმენა-ჩაწიხვლის ხელსაყრელი დრო დადგა, ანტისაბჭოთა ლაყბობისთვის უჩივლეს. ეს ხელსაყრელი დრო დამსმენთათვის კი   1937 წელი იყო.

უცნაურია ბედისწერის განგებულება. წლების შემდეგ, როცა ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-კარის განახლება, ხოლო ცაგერის ცენტრში პოეტის ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიებისა და იუბილეს ორგანიზება დაიწყო, ამ საქმეებში განსაკუთრებული მონაწილეობის მიღება სწორედ იმ კაცს მოუწია,  რომლის ოჯახსაც პოეტის დედის დასმენა ბრალდებოდა.

ლადო ასათიანის ლექსები „დედისადმი“ და „ბარდნალა“  ორივე 1940    წელს დაიწერა.  დედისადმი მიძღვნილი ლექსის დაწერის დროს პოეტი მის არათუ დაბეჭდვაზე, გამოჩენაზეც ვერ იოცნებებდა. ეს ლექსი უფრო საკუთარი გულის მოსაოხებლადაა  დაწერილი. მასში დედის დატუსაღებითა და  ადამიანთა დაუნდობლობით გამოწვეული ტრაგედიაა გადმოცემული. წლების განმავლობაში დაგროვილმა ტკივილმა და უსამართლობამ, როგორც ჩანს, ამ ლექსში ერთიანად  ამოხეთქა. მართალია, 1937 წლიდან უკვე სამი წელი იყო გასული, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ეთქვა, საკუთარი თავისთვის მაინც, ის, რაც ასე ტანჯავდა ცხადად თუ სიზმრად, ცოტათი მაინც ხომ უნდა გათავისუფლებულიყო იმ საშინელი პროტესტის გრძნობისაგან, რომელიც დუმილს აიძულებდა.

თუმცა ეს არ იყო დედისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი. ჯერ კიდევ 1938 წელს ლადო ასათიანს თავის უბის წიგნაკში შემდეგი სტრიქონები ჩაუწერია:

 

1938 წელი, 8 თებერვალი

ავდექი დარდით გულგასერილი,

გავაღე ჩემი მაგიდის ყუთი,

ვნახე, ძვირფასო, შენი წერილი…

და გამიბრწყინდა თვალები წუთით.

 

ვკითხულობ, ვღელავ, ქართლის მთებიდან

გინატრე შვილმა, იტირა ლექსმა,

ამ გაყვითლებულ წერილებიდან

მე შენი გულის ფართქალი მესმა.

 

ჰაუ, რამდენი ცრემლები ვღვარე,

როცა გავყევი წუხილის დემონს,

ნეტავ სადა ხარ, ან რომელ მხარეს…

სულზე უტკბესო დედილო ჩემო,

 

ავიღებ ყვითელ წერილის ფურცლებს,

ვინახავ გულთან, მარცხენა მხარეს…

შემაჟრიალებს ტანში და უცებ

ვგრძნობ შენი ხელის სიტკბოს და ალერსს.

 

და მჯერა, როცა ბრძოლის დროს, ხმალში,

განიგმირება პოეტის გული,

დედი, მაგ გულიც მოკვდება მაშინ,

უცხო მხარეში გადაკარგული.

 

აუხდა წინასწარმეტყველება – როცა 1943 წელს სიკვდილთან ბრძოლაში დამარცხდა ლადო ასათიანი, სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდში „უცხო მხარეში“ გაჩერებულა დედამისის, ლიდა ცქიტიშვილის, გულიც, რადგან ამ დროიდან მისი წერილებიც შემწყდარა.

ჯერ კიდევ 1940 წლის  სექტემბერში მექი ასათიანი რძალს, ანიკო ვაჩნაძეს, შუა აზიაში გადასახლებული მეუღლის შესახებ სწერდა: „თქვენი ფასი მას არავინ დარჩება იცოდეთ ანიკო, თუ ლადოს კარგად დაახვედრებთ… და შეიძლება მასაც გაუღიმოს ბედმა და დაბრუნდეს ცოცხალი. ბევრი არ დარჩენია კიდევ, წელიწადზე მეტი. მეოთხე წელია ახლა და ეღირსოს თქვენს ნახვას ეგებ. ის ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ ვადამდის განთავისუფლდეს“.

ამ წერილის მიხედვით, პოეტის დედა 1942 წლისთვის უკვე განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. 1938 წელს დედის სახემ ორიოდე სიტყვით გაიელვა ლექსში „თავადის ქალს“:

„დავშორდი დედას, არ ვახსოვარ ჭაღარა მამას

(უდროოდ დასჭკნენ სიჭაბუკის ჩემის ვარდები)“.

არ არის შემთხვევითი, რომ ლადო ასათიანს სწორედ 1938 წელს უთარგმნია რუსი პოეტის, სერგეი ესენინის,  ლექსი, რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარ წარსულსა და აწმყოს ახსენებდა. ვერ ისვენებდა, დედის თემას უტრიალებდა. რადგან დედისადმი მიძღვნილ საკუთარ ლექსს ვერ აქვეყნებდა, თავისი  სატკივრის გადმოცემას  ესენინის ლექსის თარგმანით  ცდილობდა:

 

***

ყველა სულდგმული თავის ბედს მიჰყავს

და ყველას ბედის ლოდინი დაღლის.

მე რომ პოეტი არ ვყოფილიყავ

დამიძახებდნენ ქურდსა და თაღლითს.


ტანად დაბალი და კაფანდარა,

ბიჭებში  ყოჩი, სინდისიანი,

თითქმის ყოველდღე, არ დაგიმალავ,

შინ ვბრუნდებოდი პირსისხლიანი.


და განცვიფრებულ დედაჩემს ასე,

კვნესით ვეტყოდი ანგლობის ამბავს:

ეგ არაფერი, დავეცი ქვაზე

და ხვალ დილამდის მოვრჩები ალბათ.


და ახლა, როცა შორით წასულან

იმ ათელ დღეთა მღელვარე ხმები,

ზვიადმა ძალამ, მამაკაცურად,

ჩემს პოემებში გაშალ მხრები.


ოქროს სიტყვების ძვირფასი ხვავი

ველ სტრიქონში საქვეყნოდ მამხელს,

როგორც ოდესღაც უშიშარ რაინდს,

როგორც მოჩხუბარს და როგორც  თავხედს.


და დავრჩი მაინც  ამაყი დღემდე,

მხოლოდ ახლისკენ ვადგამ ნაბიჯებს

და თუ წარსულში სახეში მცემდნენ,

ახლა ეს სული სისხლით ამივსეს.


და დედის ნაცვლად ვაუწყებ ასე

ბობოქარ ბრბოებს ანგლობის ამბავს:

ეგ არაფერი, დავეცი ქვაზე

 და ხვალ დილამდის მოვრჩები ალბათ.

მაგრამ ეს მაინც სხვისი ლექსი იყო და სრულად ვერ გამოხატავდა იმ  მძაფრ პროტესტს, რომელიც მის გულში გიზგიზებდა.

თავის ლექსში უნდა ეთქვა ის, რაც ახრჩობდა – მერე რა, თუ ვერ დაბეჭდავდა.

1939 წელს კიდევ ერთ ლექსში, „წარწერა სურათზე“, გაიელვა დედის თემამ:

„როცა ვნატრობდი უბრალო ხალათს,

დედის ძვირფასი ხელით შეკერილს…“

მაგრამ არც ეს არ იყო ის, რისი თქმაც სურდა.

ცხოვრებაში ბევრი, ერთ დროს წარმოუდგენელი, რამ ხდება. ლადო ასათიანის ეს ლექსიც – „დედისადმი“ –  დაწერიდან 35 წლის შემდეგ მაინც გამოქვეყნდა, გამოქვეყნდა არა საქვეყნოდ და სახალხოდ, არამედ საიდუმლოდ – არალეგალურ ჟურნალ „ოქროს საწმისში“.  დაწერიდან 48 წლის შემდეგ  კი ჟურნალ „განთიადში“ უკვე ლეგალურად დაიბეჭდა:

 

დედისადმი

 

ამქვეყნად როცა ავიდგი ენა,

პირველი სიტყვა იყავი დედა,

დედა სიზმრებმა არ მომასვენა

შენს ბნელ საკანში გადმომახედა.


გეძახი, მინდა გაგესაუბრო

შუა აზიის ურწყულ მხარეში

რა გენატრება ქმარი თუ უფრო

დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.


მთვარეულივით დავდივარ ხმელზე

აგერ ეს ოცდასამი წელია,

მაგრამ, ძვირფასო მშობელო, შენზე 

ერთი სიტყვაც არ დამიწერია.


ეს იმიტომ, რომ მიყვარხარ ძლიერ,

დამქონდი, როგორც საუნჯე გულით

და სიყვარულის სიმღერის მიერ 

ვიყავი დღემდე დამუნჯებული.


ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა

ტირილი მინდა და შეცხადება,

შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად 

წარმომიდგინეს შენი ხატება.


ჩვენი სახლკარი ააწიოკეს 

დაუბანელმა გლეხის კაცებმა,

ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე

არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.


ინგრევა შენი ნაამაგარი

და არ გახსენო, არ შემიძლია,

აღარ გაჰკივის რთველში მაყარი

ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.


თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს

მამამ ბეღელი ვალში გაყიდა 

და ძველებურად არ მიფრიალებს 

შუკაში თეთრი ბაშილაყითა.


ჩვენი მარანი და საწნახელი 

უფრო ძლიერმა დაიგირავა,

მამა ბუხართან ზის თავდახრილი

ცეცხლში აფურთხებს და იგინება.


რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში 

არ შემოვდივართ მე და ურემი

და გაზაფხულის ხმაზე თავლაში 

არ ჭიხვინებენ ბედაურები.


დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი

ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,

წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,

დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.


დანაცრებულან ციხეკოშკები,

მრავალჟამიერარსად გუგუნებს.

მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები,

მე ვერ გაუძლებ ამ საუკუნეს.


, ვიცი ეგ და ამიტომ მინდა,

უკანასკნელად მაინც გიხილო,

დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,

და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო


და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად 

ხელებგაშლით და თვალებგახელით,

დაუვიწყარო, სიკვდილის ჟამსაც 

გავიმეორო შენი სახელი.

ხომ მძიმეა ასათიანების „დანგრეული ბუდის“ წარმოდგენა, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია წარმოდგენა თავისთვის ჩუმად მოტირალი ახალგაზრდა კაცისა, რომლის ცრემლები მის მკითხველს არასდროს უნახავს. არ უნახავს მაშინაც კი, როცა სიკვდილის სარეცელზე იწვა.  ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაზე ინტიმური, „პირადი“ ლექსია, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაწერილი, ისეთი ლექსი – საშუალებაც რომ ჰქონოდა,  არათუ სხვისთვის, იქნებ დედისთვისაც კი დაემალა ეს სიტყვები:

ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა

                                                        ტირილი მინდა და შეცხადება“.

წარმოიდგინეთ, როგორ უჭირდა, რომ  ეს თქვა კაცმა, რომლის სტრიქონებიც:

                                                      „ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,

                                                      მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ“

დღემდე მოუდრეკელი ქართული ხასიათის უმთავრეს ნიშან-თვისებად მიიჩნევა.

პოეტის სათქმელი პირად ტრაგედიაზე, ოღონდ სხვებისთვისაც გასაგონად, მაინც ითქვა – ითქვა განსხვავებულად, უცრემლოდ, შეფარულად და საყოველთაოდ ცნობილიც გახდა. „ბარდნალა“ „საგარეო“ ვარიანტია იმავე თემისა, რომელზედაც პოეტმა ლექსში „დედისადმი“ ისაუბრა. მრავალი წელია „ბარდნალას“, როგორც საბავშვო ლექსს, ისე ასწავლიან. არადა ლექსი ბედნიერი ბავშვობის მონატრება  კი არა, ბედნიერი წარსულის გამოტირებაა. ნურავის მოატყუებს  ალიტერაციის მუსიკა, რომელიც ამ ლექსის დასაწყისში ისმის და ნურც შემდეგ სიტყვათა გამეორებით მიღწეული გრადაცია, რომელთა მიღმაც  მწარე ცრემლები იმალება.

ხელნაწერთა კრებულ „მთვარიან ღამეებში“ ლექსის სათაურის ქვეშ ფრჩხილებში წერია „ბარდნალა (პირველი ვარიანტი)“. ამ ლექსის მეორე ვარიანტი კი არსად ჩანს. ისიც არ ვიცით, საერთოდ არსებობდა თუ არა. ფაქტია, რომ ლადოს რაღაც გეგმები ჰქონია „ბარდნალასთან“ დაკავშირებით, მაგრამ  რა… იქნებ ამ ლექსის მეორე ვარიანტი სწორედ დედისადმი მიძღვნილი ის ლექსია, რომელსაც იმ გადასახედიდან ვერასდროს დაბეჭდავდა.

ყველასთვის ცნობილი პირველი ვარიანტი კი ესაა:

 

                                   ბარდნალა

                              (პირველი ვარიანტი)

 

რა კარგი იყო ბარდნალა

ბარდნალელების ბორანი

ვარდებიანი ბარდნარი

ბულბულთა ნაამბორალი,

ჩემი ხორგო და მარანი

ჩემი ცეცხლი და ღადარი

სახლის წინ ნაგრიგალარი

გაფითრებული ჭადარი,

ჩემი კავი და სახნისი

ჩემი თონე და ბეღელი 

და დედა, დიასახლისი

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი

დუღილით ნაქოთქოთარი. 

რა კარგი იყო ბარდნალა

როგორი სათაყვანები!

ვარდებიანი ბარდნარი 

და გუმარეშის ყანები, 

თოხი პირგამოპირული

გაციებული ბინული

 

გახსოვს, ტყეები, ირიბად 

ხეზე დაკრული თარჯები… 

ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს

შეყვარებული დარჩები… 

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი

თევზაობა და აპრილი

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით 

მისგან დამთვრალი ბიჭები

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს 

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი

ან გაზაფხულიპირიქით

გახსოვს, ამტყდარი ავდარი 

და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი 

და მეწისქვილე დამრჩვალი

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი 

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი 

თავისი ქამარხანჯალით

ხან ისე იყო, ხან ასე

გახსოვს, ცაგერის ჭალაზე.

 

ეჰ, რა იქნება ხელახლა 

დაიწყებოდეს თავიდან

რაც დროის დენამ შელახა

რაც დროსთან ერთად წავიდა.

რა კარგი იყო ბარდნალა

როგორი სათაყვანები

შენ, მამაჩემო, რა დარდობ

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო

რომ ლექსი გამაბედვინო?! 

რად არ ჭიხვინებს ვეება 

ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?

ჰეი, წარსულის დღეებო

დაბრუნდებოდეთ ნეტავი

რა კარგი იყო ბარდნალა

ბარდნალელების ბორანი

ვარდებიანი ბარდნარი

ბულბულთა ნაამბორალი!

 

საინტერესოა, ამ ორი ლექსიდან  – „დედისადმი“ და „ბარდნალა“ – რომელი დაიწერა პირველად. ის, რომ ორივე ლექსის თემა ერთი და იგივეა, მათი შედარება-შეპირისპირებითაც კარგად ჩანს.

„ბარდნალაში“ ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ წარსულშია: „რა კარგი იყო ბარდნალა…“.

ხორგოც და მარანიც, ცეცხლიც და ღადარიც, კავიც და სახნისიც, თონეც და ბეღელიც იყო…  იყო და აღარ არის, თუ რატომ, ამის განზოგადებული პასუხი მეორე ლექსშია – „დედისადმი“:

ჩვენი სახლკარი ააწიოკეს 

დაუბანელმა გლეხის კაცებმა…“

უფრო კონკრეტული პასუხები კი ამ ორი ლექსის მიხედვით, ასეთია:

ჩემი ხორგო და მარანი…“  („ბარდნალა“)

ჩვენი მარანი და საწნახელი 

უფრო ძლიერმა დაიგირავა…“ („დედისადმი“);

 

ჩემი თონე და ბეღელი…“   („ბარდნალა“)

თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს

მამამ ბეღელი ვალში გაყიდა…“ („დედისადმი“);

 

 „რად არ ჭიხვინებს ვეება 

ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?(„ბარდნალა“)

და გაზაფხულის ხმაზე თავლაში 

არ ჭიხვინებენ ბედაურები („დედისადმი“).

„ბარდნალაში“ საინტერესოა კიდევ ერთი რამ – ავტორი ცდილობს, რომ მკითხველის ყურადღება  ერთი აკვიატებული სიტყვის გამეორებით მიიქციოს. პირველი ასეთი  სიტყვაა „ჩემი“:

                                     „ჩემი ხორგო და მარანი

                                      ჩემი ცეცხლი და ღადარი

                                      ჩემი კავი და სახნისი

                                      ჩემი თონე და ბეღელი 

                                      ჩემი პაწია ქოთანი…“

ჩემი – ამ სიტყვის  ჯიუტად გამეორებით პოეტი მკითხველს მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი, რაც ერთ დროს მისი ოჯახის საკუთრება იყო, დაუნდობელმა დრომ წაართვა.  იყო და აღარ არის…

შემდეგ სტრიქონებში  თონეს, ბეღელსა და ქოთანს შორის მოქცეულია  დედის სახე, რომელიც წარსულის მოზაიკის ყველაზე ძვირფასი კენჭია:

ჩემი კავი და სახნისი

ჩემი თონე და ბეღელი 

და დედა, დიასახლისი

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი

დუღილით ნაქოთქოთარი. 

და ისევ რეფრენი: „რა კარგი იყო ბარდნალა…“ .

ლექსის შუა ნაწილში პოეტი  უკვე სხვა სიტყვაზე აკეთებს აქცენტს,  მის გამეორებას იწყებს და  სათქმელს ამ სიტყვის ქარგაზე აწყობს:

გახსოვს, ტყეები, ირიბად 

ხეზე დაკრული თარჯები… 

ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს

შეყვარებული დარჩები… 

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი

თევზაობა და აპრილი

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით 

მისგან დამთვრალი ბიჭები

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს 

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი

ან გაზაფხულიპირიქით

გახსოვს, ამტყდარი ავდარი 

და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი 

და მეწისქვილე დამრჩვალი

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი 

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი 

თავისი ქამარხანჯალით?

გახსოვს?“ –  ამ სიტყვის ყოველი გამეორების შემდეგ სტრიქონებში მოქცეული მონატრება თანდათან ტკივილად,  საყვედურად, სასოწარკვეთად იქცევა.

„ბარდნალაში“ ორი პასუხგაუცემელი კითხვაა:

ვის მიმართავს ავტორი ასე დაჟინებით: „გახსოვს?“

და  ვის გულისხმობს სიტყვებში:

ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს

 შეყვარებული დარჩები

პირველი კითხვის სავარაუდო პასუხს, რომ შეიძლება პოეტი საკუთარ თავს ესაუბრებოდეს,  შემდეგი სტრიქონი გამორიცხავს: „გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი…“. 

ვინ არის ის მეორე – მეგობარი თუ  საყვარელი გოგონა?

ჩემი აზრით, სწორედ დედაა ის მეორე, რომელსაც, როგორც მისი ბავშვობის წლების თანაზიარს, ჩავლილი ეპიზოდების მომსწრესა და ზოგჯერ მონაწილესაც, წარსულს ახსენებს…

ამ ლექსის დასაწყისში ასათიანების სახლის წინ ერთი ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი ჩანს. ეს ჭადარი ჩვეულებრივი ჭადარი არავის ეგონოს, იგი  მეტაფორაა ერთი  ქარიშხალგადავლილი ოჯახისა:

სახლის წინ ნაგრიგალარი

გაფითრებული ჭადარი…“

თუ „ბარდნალაში“ აღწერილ ფრაგმენტებს გავაერთიანებთ,  ასათიანების გაფითრებული ჭადრის ფონზე „გადაღებულ“ ოჯახურ პორტრეტს დავინახავთ. ამ „ფოტოზე“ მხოლოდ სამი ადამიანია: ბაბუა, გუჯუ ბატონი, რომელიც ლექსის დაწერის დროს, მართალია, ცოცხალი აღარაა, თუმცა ერთგვარი თანამდევი სულია არა მარტო ამ ოჯახისა, არამედ – პოეტის შთაგონებისა; მამა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენია ნაგრიგალარ ოჯახს და დედა, რომელიც სადღაც, შუა აზიის უდაბნოშია გადაკარგული.

ჩემი აზრით, თუ ვინმე შეიძლება იყოს ჩამოთვლილთაგან ამ სიტყვების მიმართვის ობიექტი:

ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს

შეყვარებული დარჩები“ – სწორედ დედაა.

„საიდუმლო“ ლექსშიც ხომ არის მსგავსი სიტყვები:

ეს იმიტომ, რომ მიყვარხარ ძლიერ,

დამქონდი, როგორც საუნჯე გულით…“ („დედისადმი“);

 

ამ ორი ლექსის საერთო სულისკვეთების გამომხატველია ასევე შემდეგი პარალელები:

შენ, მამაჩემო, რა დარდობ

რამ დაგისველა თვალები(„ბარდნალა“)

მამა ბუხართან ზის თავდახრილი

ცეცხლში აფურთხებს და იგინება  („დედისადმი“);

 

ან შენ სადა ხარ, დედილო

რომ ლექსი გამაბედვინო?!  („ბარდნალა“)

 „და სიყვარულის სიმღერის მიერ 

ვიყავი დღემდე დამუნჯებული“  („დედისადმი“).

 

პოეტმა მშვენივრად იცის, რომ რაც იყო, ის ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ ნატვრას მაინც  რა უდგას წინ:

ეჰ, რა იქნება ხელახლა 

დაიწყებოდეს თავიდან

რაც დროის დენამ შელახა

რაც დროსთან ერთად წავიდა.

„ხელახლა, თავიდან…“ – შეუძლია კი ვინმეს წარსულის უკან დაბრუნება ან ჩავლილ მდინარეში ხელმეორედ შესვლა?

დიახ, შეუძლია – შეუძლია პოეტის სიტყვას; ეს შეეძლო ლადო ასათიანს, რომელმაც გრძნობები და ემოციები პოეტურ სიტყვად ისე გარდაქმნა, რომ მკითხველიც თავისი განცდების თანამონაწილედ აქცია. ამ ჯადოსნურ ძალას თავადაც კარგად გრძნობდა  და ამიტომაც ერთ ლექსში დაწერა კიდეც:

                „მჯერა, ამ დიად ბუნების კართან

                მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“ („ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“).

ლადო ასათიანის „ბარდნალა“ მრავალი წელია სკოლაში ისწავლება, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს ლექსი პოეტის ბიოგრაფიის ნაწილია, უნდობარი ხანის ექოა. არ ჩანს ეს პოეტის ბიოგრაფიაშიც, რომელიც ლექსს უძღვის წინ, არ ჩანს არც მეთოდიკურ ნაწილში, რომელიც ლექსს განსჯისა და ანალიზისათვის მოსდევს.  ამის გარეშე კი გაუგებარია სტრიქონები:

შენ, მამაჩემო, რა დარდობ

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო

რომ ლექსი გამაბედვინო?!

ლადო  ასათიანის „ბარდნალა“ არ არის ერთი კონკრეტული ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიის ექო, იგი მთელი თაობების ტკივილია, დაუნდობელი ეპოქის ანარეკლია.

 

***

 

ბევრ თქვენგანს მოუსმენია ალბათ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცნობილი ქართველი მსახიობი ეროსი მანჯგალაძე ლადო ასათიანის ბარდნალას კითხულობს. ასათიანის პოეზიის მოყვარულნი დროდადრო აზიარებენ ხოლმე ამ ლექსს. მე არ მიყვარს ამ ჩანაწერის მოსმენა, რადგან იგი გულისმომკვლელი დასტურია იმისა, თუ როგორ ჩეხდა საბჭოთა ეპოქა ლადო ასათიანის შემოქმედებას. წარმოვიდგენ, როგორ დაესერებოდა გული პოეტს, ეს დაჩეხილი ლექსი რომ მოესმინა. ხომ ცნობილია, რომ ლადო საშინლად ღიზიანდებოდა, როცა მის ლექსში რაიმე, თუნდ უმნიშვნელო, ცვლილება შეჰქონდათ.

მეუღლის, ანიკო ვაჩნაძისათვის,  გაგზავნილ ერთ წერილში წერს: „უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე… წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რაიმე შეიცვლება, თუ გინდ ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა…“ . ძმას, გოგი ასათიანსაც, ასეთ რამეს სწერს ერთ წერილში: ძმაო, გოგი! შენი ლექსი უშეცდომოდ დაიბეჭდაო, რომ მწერ, ესაა, ბიჭო, უშეცდომოდ?! წათების მაგიერწაქები წერია, ნადუღი რომ დაგეწერათ, უკეთესი იქნებოდა, წინმბრძოლის მაგივრადწინბრძოლი. ისე მაგივრად ისევ და სხვა. განსაკუთრებით ეს ისევ ამახინჯებს აზრს. ზევით სამ სტრიქონში ისევ არის ნახმარი და თქვენ, ალბათ, იფიქრეთ, მეოთხეშიც ისევ იქნებაო, და გაუშვით ასე. მეოთხეში უნდა იყოს ისე გულდაგულ შევარდნენ. თქვენ გაგიწყდათ მიწა, თქვენ!“.

ვინც ეროსი მანჯგალაძის მიერ წაკითხულ „ბარდნალას“  ყურადღებით მოისმენს, ადვილად მიხვდება, რომ   მსახიობი ლექსის შემოკლებულ ვარიანტს არ კითხულობს. ჩანს, მას ლექსი თავიდან ბოლომდე წაუკითხავს, მაგრამ არასასურველი სტროფები შემდეგ ვიღაცას ამოუჭრია.

ამოჭრილი კი  საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთია:

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი

და მეწისქვილე დამრჩვალი?

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი

თავისი ქამარხანჯალით?

ხან ისე იყო, ხან ასე,

გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?

ეჰ, რა იქნება ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა,

რაც დროსთან ერთად წავიდა!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

შენ, მამაჩემო, რად დარდობ,

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო,

რომ ლექსი გამაბედვინო?!

 

თუ რატომ ამოჭრა „მაკრატლიანმა“ ცენზორმა ეს მონაკვეთი ლექსიდან, რთული მისახვედრი არაა – როგორ შეიძლებოდა იმ დროს ბედნიერი საბჭოთა ადამიანის მოგონებებში ავისმომასწავებელი განწყობა ჯერ დამხრჩვალი მეწისქვილის გახსენებას შემოეტანა, შემდეგ – ვარდიგორაში გაჩენილ ხანძარს, არც „დიდი გუჯუ ბატონის“  პოზიტიური კონტექსტით  გახსენება იქნებოდა სასურველი და   არც ბედნიერი ბავშვობის „შემლახველ“ დროზე საუბარი იქნებოდა მისაღები…

ყველაზე უსიამოვნო და აუხსნელი კი ალბათ ეს სტროფი აღმოჩნდა:

 

  შენ, მამაჩემო, რად დარდობ,

                                                            რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო,

რომ ლექსი გამაბედვინო?!

 

რომელ წელშია ჩაწერილი ამ ლექსის აუდიოვერსია, არ ვიცი, მაგრამ ალბათ დიდი მნიშვნელობა არცა აქვს. ვიღაცის მახვილმა ყურმა ზუსტად ის გაიგონა, რაც პოეტმა თქვა და „მაკრატელიც“ იმიტომ აიღო ხელში.

ყველაზე კარგად თვითონ ლადო ასათიანმა იცოდა, როგორ ეპოქაში უწევდა ცხოვრება და ამიტომაც ზოგჯერ იძულებული იყო, თავად შეეტანა კორექტივები საკუთარ ლექსებში, რომ თვალმახვილი და ყურმახვილი ადამიანების შემოტევებისაგან დაეცვა თავი. ვისაც ლადო ასათიანის ხელნაწერი კრებული „მთვარიანი ღამეები“ უნახავს, შეამჩნევდა, რომ ამგვარი შესწორებები იქ აქა-იქ გვხდება. „ბარდნალაშიც“ არის ერთი ამგვარი, პოეტის ხელით ჩასწორებული, ადგილი. ჯერ წერია:

 

                                   რაც საუკუნემ შელახა,

                                   რაც საუკუნოდ წავიდა! 

 

შემდეგ კი ისე, რომ თავდაპირველი ვარიანტი არ გადაუშლია, პოეტს ხაზებს შორის დაუწერია:

 

                             რაც დროის დენამ შელახა,

                             რაც დროსთან ერთად წავიდა!“

ლადო ასათიანის კრებულებში ჩანს, რომ ვიღაცას „ბარდნალაში“ ერთი სხვა შესწორებაც შეუტანია. ლადოს ლექსის დედანში ასე უწერია: „ჰეი, წარსულის დღეებო…“, კრებულებში კი დღემდე ასე იბეჭდება: „ჰეი, ბავშვობის დღეებო…“.

ლექსის ტრაგიკული    სულისკვეთება რომ შეეცვალა, იმ ვიღაცამ  სიტყვა წარსული ბავშვობით ჩაანაცვლა. იქნებ სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა „ბარდნალა“ საბავშვო ლექსად?

უკვე ვთქვით, რომ არავინ უნდა მოტყუვდეს ვარდებითა და ბულბულებით, რომლითაც ეს ლექსი იწყება. როცა პოეტის სათქმელს ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვები, ადვილი მისახვედრია, რომ „ბარდნალა“ არც საბავშვო ლექსია და არც პასტორალი. „ბარდნალა“ ერთი დიდი კვნესაა, რომელშიც არა მხოლოდ ასათიანების ოჯახის, არამედ მილიონობით საბჭოთა ადამიანის ტრაგედია აირეკლა. აკი, ლადოც ზუსტად ასე –  განზოგადებულად ხედავდა თავისი ოჯახის უბედურებას:

                     „დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი

                     ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,

                     წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,

                     დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს“.

 

ხომ უცნაურია, მაგრამ როცა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ლადო ასათიანის  დედისადმი მიძღვნილ ლექსს ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად დაბეჭდვა ეღირსა, ვერც მაშინ გადაურჩა ცენზურას. ის ადგილი, სადაც პოეტს „დაუბანელმა გლეხის კაცებმა…“ ეწერა, დაბეჭდვისას ასე შეცვალეს: აუანელმა გლეხის კაცებმა…“. თუმცა ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, ასათიანების ოჯახი ჯერ კიდევ მოძალადე თანასოფლელთა შთამომავლებს ერიდებოდა.

ლადოს „ბარდნალა“ – ეს გამორჩეული ლირიკული ლექსი ნატიფი პოეტური სახეებით, დახვეწილი ენობრივი ქსოვილით, ალიტერაციის მუსიკით, შინაგანი დრამატიზმით, ინტიმითა და სიფაქიზით – უნდობარი ხანის რეკვიემად ქცეული ერთი გულწრფელი და გულისგულში ჩაბრუნებული მდუღარე ცრემლის წვეთია.

დრომ ბევრი რამ გადააფასა. მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურასაც საბჭოური სტერეოტიპებისაგან გათავისუფლება და ახლებურად  წაკითხვა-გააზრება სჭირდება.

 

[1] ნიკა აგიაშვილი, „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, გვ.76, თბ, 1971.

„ნუ მკითხავ – რასა ვხედავ თვალდახუჭული“

0

(გიორგი ლობჟანიძის პოეზია)

 სიბრძნის ირონია, ანუ… წუთიერის მონათვლა პოეზიის მდუღარებაში

 ამასწინათ ჩემი უახლოესი მეგობრის მეგობარი მეკითხებოდა, „წუთისოფელი ასეა…“ ვისი კონცეფციააო. მე ვუპასუხე, რომ ესაა ნებისმიერი შემოქმედების კონცეფცია, მხატვრობა იქნება, ცეკვა, მუსიკა თუ ლიტერატურა, რადგან ყოველი მათგანი არის წუთისოფლის გაგებისა და გამოხატვის მცდელობა. თუნდაც ლიტერატურაში მწერალი გვთავაზობს თავის ხედვას, მოდელს ცხოვრებისა, საკუთარ სააზროვნო „პრიზმაში გადაწყვეტილ-გადახარშულს“. მოდი, ვცადოთ, გავიგოთ გიორგი ლობჟანიძის მსოფლაღქმა მისი პოეზიის მიხედვით…

სიცოცხლის შემეცნება ბავშვობიდან იწყება, ცხადია, როცა ჩვენი სულები ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, გრძნობს მას, მაგრამ ინტელექტუალურად ვერ გადმოსცემს.

„იყო ერთი ქალაქი,

სადაც

ცხოვრობდა ერთი ობოლი ბიჭი – მესალამურე“ (ბავშვობის ხაშურს).

ვერასოდეს ვხსნიდი და გამეგო, მაგრამ დიდი ტკივილები ბავშვობაშიც გვეძლევა. გიორგის „ობლის კვერიც“ გამოცხვა – დღეს ის რჩეული რჩეულთა შორის, საუკეთესო აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი, პროფესორი, განათლებითა და ნიჭიერებით შემკული ადამიანია… თითქოს, თავის თავზე წერს იგი: „შენ იცი, როგორ თარგმნო ტკივილი და ცხოვრება სიხარულად როგორ აქციო“; მართლაც, უბადლო მთარგმნელია და შესაშურად მცოდნე ქართული ენისაც, რეალობისაც… მაგრამ რაც უფრო ჭკვიანი და მგრძნობარეა კაცი, მით რთულია ცხოვრება მისთვის, განსაცდელებით „დახუნძლული“, თუმცა ამ სიძნელეებითვე უკეთ, სიღრმისეულად შესამეცნებელი.

 

გიორგის ლექსები ღრმაა და ფიქრისთვის განგაწყობს. ფორმით ვერლიბრია, ე.წ. „თეთრი ლექსი“, რომლითაც სათქმელს, რაღაცნაირად, მეტი თავისუფლება ენიჭება. ეს სიღრმეც და თავისუფლებაც აზრისა, აშკარად, შეგაგრძნობინებს აღმოსავლურ სულთან, კულტურასა და ფილოსოფიასთან დაახლოებულ ადამიანს. ირონიას რაც შეეხება, სიბრძნის შემეცნების თანამდევია, თვითირონია, მით უფრო და ზოგადადაც, გადამრჩენია კაცისაც და ალბათ მისი სამყაროსიც, ფიზიკური იქნება ის თუ სულიერი. თუმცა ეს, თითქოს, მარტივი ფორმა არ ნიშნავს ნაკლებ მხატვრულობას და გიორგის ლექსებიც, რომლებსაც მე გარეალისტებული რომანტიკოსისას შევარქმევდი, ოსტატურ თუ მოხდენილ ტროპულ მეტყველებას გვთავაზობს, შედარებებისა თუ მეტაფორების მთელ მომნუსხველობას:

 

  • „სიცხით ათავთავებული ჰაერი“;
  • „ენძელებივით ჩავეხუტებით ქარიან მარტს სევდის მკლავებში“;
  • „მორკალულია, ვით მთვარის წარბი“;
  • „შორი ენძელას ზანზალაკი დაურეკავად წკრიალებს, თითქოს, უდაბნოში მიაფრთხობს მირაჟს“(ეს „მირაჟი“ სიცოცხლეა ალბათ, „უდაბნო ურწყული“);
  • ქალი, ფანჯარა, „საიდანაც ფერები გარეთ იყურებიან/ კაკლის მურაბით მოთხუპნული, ცელქი ბავშვივით…“;
  • სულიერი სისუფთავის ხსოვნა – „დუმფარას თეთრი დროშასავით დავიწყების ქონგურებზე გადმოკიდებული“;
  • ჭორიკანა ქალები: „წარმავალობის ეს მოციმციმე ჭუჭრუტანები“; ხოლო „ვარსკვლავები – მარადისობის ჭუჭრუტანები“.

 

რა არის ცხოვრება, „ზღაპრულ, უმღერელ იავნანაში დამალულთათვის“? როგორც ოსტატური მეტაფორულობით ახასიათებს ყველა მოკვდავს და ყველა ქართველს, დედის (სამშობლოს) რძე რომ ხსენად ჰქცევია, პოეტი… რა არის ამ უკანასკნელში ძვირფასი: „მიწისა თუ ცისა“?

 

„მაგრამ მე უფალს ანგელოზად არ შევუქმნივარ.

ისიც მიყვარს ჩემში მისგან, რაც მიწის არის“.

 

ის, რაც გიყვარს, ზოგჯერ არც მოგწონს, ამიტომ მწარეა სიცოცხლის მძაფრი სიყვარულიც ხშირად, რაც ღვთის სიყვარულსაც გულისხმობს და ადამიანისაც, სამყაროსიც; სულიც ტკბილია და სხეულიც. პოეზიაც („პოეზია – ჩემი რელიგია“) ამ ტკბილში გარეულ სიმწარესაც აღწერს, რა თქმა უნდა, რადგან ის კი არის „ზემორე“, რაფინირებული სინამდვილე, მაგრამ აუცილებლად „ქვემორესაც“ წარმოაჩენს („სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის“ – რომელზეც თქვა გალაკტიონმა) იმიტომ თუნდაც, რომ ამ ორს შორის განსხვავება თვალნათლივ დაგვანახვოს და გვაჩვენოს გზები, როგორ გავთავისუფლდეთ ერთით მეორისგან. რეალობაზე ამ ამაღლების სურვილს ვინ არ დაუტანჯავს?! რელიგია ამისთვის „ტანჯვით მხიარულების“ სენტენციას გვთავაზობს. პოეტს რაც შეეხება, ის მარადი მაძიებელია კაცისაც და ღვთისაც, დიდი იმედგაცრუებებითაც და აღმაფრენებითაც, რადგან ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებ, უმანკოებით ზვარაკს, თვალებცისკრიანს, უნივერსალურსა და უსასრულოს, მაშინ მოდის ხოლმე, როცა ა(ღა)რ ელი:

 

„მერე,

მერე,

მერე,

როცა თვალებს დახუჭავ,

როცა სულერთი გახდება,

მოვა თუ არა…

როცა იონჯა აყვავდება უდაბნოებში…“ (პოეზია – ჩემი რელიგია).

 

თუნდაც ეჭვიან, ბობოქარ, პროტესტანტ სულს ახსოვს „თავისი ნამდვილი სამშობლო და წრიალებს“; ყველას აქვს ხსოვნა უნაკლო, უნივერსალური წიაღისა, მაგრამ ცხოვრების ბანალობა აუბრალოებს ამაღლებულს. ადამიანი გადაეჩვია ღმერთსაც და ბუნებასაც, რადგან ცხოვრობს ურბანისტულ, კაცთა და შენობების „ტყეში, ჯუნგლებში“, სადაც ძნელია საკუთარი თავის შენარჩუნებაც კი. ამიტომ გინდება ადამიანს ღმერთს მეგობარივით, შინაურივით მიმართო და თუნდაც გარდაცვლილი ძვირფასი მეგობრის ლაზარესავით მკვდრეთით აღდგენა სთხოვო („გემუდარები! როგორც შენი მეგობარი!“)… მართალია, ეს – ქრისტეც მხოლოდ ლოცვა, თავგადაკლული მეტანიები, სქოლასტიკა კი არაა, არამედ ცოცხალი საუბრები მაცხოვართან. ეს სიტყვა გვეუბნება, რომ ღმერთი სიცოცხლეა და არა მხოლოდ დოგმატიკა, სახეზე რომ „მოგაკერებენ“, როცა მარადიულ კითხვებზე პასუხგაუცემლობას უნდათ, გაექცნენ. სწორედ ეს შეგრძნება სიცოცხლის სისავსის სიყვარულისა არის ყველაზე დიდი რელიგია:

 

„სინამდვილეში,

აქ ყველა ხე არის ტაძარი,

სადაც ღამით ქარი ლოცულობს

და თავზე ჯიღად ეხურებათ

ვარსკვლავების კანდელაბრები…

 

მე მწამს მხოლოდ ცოცხალი ღმერთი,

რომელიც ზამთრის ქვაზე გაკრული,

გაზაფხულზე ბაიებად ამოანათებს

და ენძელების ხელს დამიქნევს

მეგობარივით…

 

შენიცა მწამს,

რადგან ჩემი მეგობარი ხარ,

ამიტომაც: ვერასოდეს ვერ გაგყიდი,

რადგან მუდამ არის რაღაც,

რასაც ფასი არ დაედება,

არ გასხვისდება,

არ გაჩუქდება

ამ მიწასავით…“ (*. *. *).

 

უმძიმესი ოქსიმორონებისაა ჩვენი წუთისფელი, არადა, ბედნიერებისთვის ვიბადებით, იდეაში. დიდი ხელოვნება რომ ტანჯვის გარეშე არ იქმნება, ვთქვით. ახლა იმაზე, რომ ზოგის სიკვდილი სჯობს ზოგის სიცოცხლეს და სიკვდილი უფრო დიდი სიცოცხლეა, ვიდრე ის, რომ, უბრალოდ, სუნთქავდე. ხოლო როცა არ სუნთქავ „უბრალოდ“, იბრძვი კიდეც ღირსეულობისთვის, ეჭიდები ყოფასაც კი („მადლობა, ღმერთო, /რომ ამ ჩვენი დედაქალაქის/ყველა უბანში,/სადაც აქამდე გვიცხოვრია,/სულ ცოტა – ერთი მაღაზია მაინც შექმენი,/ სადაც დარცხვენით, მაგრამ მაინც/შემიძლია, სანოვაგე/ნისიაზე გამოვიტანო.“ – „პარკებიანი კაცის ლოცვა“); ტანჯვის არსსაც სწვდები და ცხოვრების აზრსაც, რომელიც, არც მეტი, არც ნალები, „ასეთია, ამ ცელოფნის პარკების ჯვარცმა,/ხუთი თევზით და/ ორი პურით…“!

 

არც არაფერია გასაკვირი, როცა 21-ე საუკუნის მსოფლიოში არის პატარა და დიდი ქვეყანა, რომელსაც ისევ ეროვნულზე, დაკარგულ ტერიტორიებზე უწევს „ტირილი“; რომელშიც სიღატაკე „არის ყველაზე დიდი ზნეობა/ თვალთმაქცობით გამდიდრებულ კოლონიაში…“ (დეპორტაცია) და ეს „რხევა ქართაგან ძლიერთა“ დღეს არ დაწყებულა. ჩვენ გვყავდა დიდი ტატო ბარათაშვილი, გენიალური ვაჟა-ფშაველა, შეუდარებელი გალაკტიონი და ყველა მათგანმა ტანჯვის გზა გაიარა თუ გავატარეთ.

 

„ვირეკდი და არ განმეღო კარი,

სულის მინებს

ზამთრის ჭირხლი ფხოჟნის,

თან მომყვება მაწანწალა ძაღლი,

ჩემი წუთისოფელივით კოჭლი…

საკუთარი მარტოობის ქარში

მოვირხევი, როგორც ცრემლის საყურე…

 

უცნაური ქსოვილია ყინვა –

აბრეშუმი, ყაჭი და ჭიჭნაუხტი,

იყო ჩვენთან ერთი კოჭლი ღმერთი

და არც ერთი (ვითომ) შინ არ დავუხვდით…“ (იყო ჩვენთან).

 

ასეა – ღმერთის არ და ვერცნობა კაცთა წესია. იდეალურს, მტანჯველად ამაღლებულს აფასებს, თუმცა ებრძვის კიდეც ადამიანთა მოდგმა, რომ ზედმეტად არ შეწუხდეს მისი სიდიადით, არ დაიტანჯოს.

 

„უხილავია ყველაფერი, რაც ჩვენ გვაწუხებს

ან უფრო: თვალით სახილველად გაუწირველი…“ (ძველმოდური ლექსი).

 

ყოველთვისაა რაღაცა, ვერავისთვის გამხელილი და განწირული დუმილის „ოქროობისთვის“. გაამხელ და ერთი ტკივილი ათასად იქცევა, როგორც გარდაცვლილი წინაპრის, მამის, მონატრება: „ჩაიარა იმ მდინარემ დიდი ხანია, რომლის ნაპირზეც მამაჩემი იდგა“. „ახოვანი მამის ღიმილი“, მოგონებად ქცეული, თითქოს, გარს გეხვევა, უცხო რიდესავით, რომ ავბედობებისგან ჯავშანივით დაგიცვას („დავდივარ, ვწუხვარ და მენანება“ – გალაკტიონი).

 

გიორგი ლობჟანიძის მიერ შემოთავაზებულ ცხოვრების „მოდელზე“ ვსაუბრობთ, თუმცა, განა, ცხოვრების ყველა „ფორმულა“ ფიქციაა არაა, სანამ თავად არ განიცდი და აღმოაჩენ ყველა, თუნდაც „უმარტივეს“ ჭეშმარიტებას?! არის ნიშანსვეტები, რომლებზე ორიენტირებაც წონასწორობას გვინარჩუნებს. ასეთი ჩვენი ბავშვობაცაა და ათვლა, რამდენად დაგვიმახინჯდა სული მის შემდეგ, როგორც „დორიან გრეის პორტრეტშია“ („ჩვენ ყველას ჩვენი ბავშვობის სურათი გვაქვს,/ რომელსაც ჩუმად ამოვიღებთ ხოლმე და დავტირით“). ეგზიუპერის პატარა უფლისწულიც, რომელიც ქრისტეს ალუზიაა, ჩვენი სულის დიდ უდაბნოში დაკარგულა, როგორც წერს და განიცდის პოეტი: „ამქვეყნად ყველა პრინცი მარტოა,/ რადგან ვერავინ უხატავს ბატკანს…“ – რადგან პატარა უფლისწულის „ბატკანი“ მარტო ხსოვნა კი არ არის ერთ დროს ჩვენი სრულყოფილებისა, იდეალურობისა, არამედ თავადაა სრულყოფილება, მარად ზვარაკად მიტანილი კაცთა მიერ წუთისოფლის მერკანტილურობისადმი… აქედანაა იმედგაცრუებები: ცხოვრებით, ადამიანებით და, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავითაც („ბავშვობაში სიზმარშიაც აღარ შემიშვეს“). ამას, ყველაფერს, უძლებენ ადამიანები, „მედგრად მდგარნი, საკუთარი თავის ძეგლივით“:

 

„მიყვარხარ, ჩემო გაძლების ნიჭო,

საკუთარ თავში ჩამხობილი,

სულ შენს გალეულ,

მოცახცახე მხრებს რომ ეხვევი,

რადგან ყველგან, სადაც მეგობრის მხარი გეგონა,

სიპი აღმოჩნდა,

რომელზეც ყველა სიმარტოვეს უცურავს ფეხი…“ (*. *. *).

 

ტანჯვას ვერსად გაექცევი ვერც საკუთარშივე „დევნილად და ხიზნად ქცეულ“ საქართველოში („ან ჩემი ქართლი სად არის,/ დედის გულივით ვეძებ…“) და ვერც მსოფლიოში. როგორც სიზმარში, ისე ვეძებთ ყველაზე ძვირფასს, რაც გაგვაჩნია. „თუმცა სიზმრის ყლორტი სინამდვილეს არ დაემყნობა“, როგორც ადამიანი და ღვთაებრივი ჭეშმარიტება, რომლის ზიდვაც და შეჩვევაც უძნელესია. იქნებ ის, რაც შეჩვევა გვგონია, შიშია პასუხგაუცემელი კითხვისა: „ჰო, მაგრამ რომელია ცხადი და რომელი სიზმარი: ყოფნა თუ არყოფნა?“, „საკითხავი, აი, ეს არის“. სიზმარივით გაუგებარი კია ზოგჯერ ყოფნა, რომელშიც:

 

„პოეტებსა და გიჟებს შერჩათ მხოლოდ ძალა,

წუთისოფელი ქვასავით და კლდესავით კოდონ,

ვიდრე იმ კლდიდან ამოკვეთილი ჩუქურთმასავით

წყაროსთვალივით წამოგხეთქავს სტრიქონი თოთო“ (რას გვეუბნება).

 

ნამდვილად – წერა, შემოქმედება გადარჩენაა! პოეტისთვისაც, ვისი გულიც დამსგავსებია პეპლების სასაფლაოდ ქცეულ, ერთ დროს ნანატრ ჭაღს, „რომელიც მუდმივად ბნელში ანთია… ამ ცხოვრების ფუჭი სინათლე“; ეს ბოლო სიტყვები დროებითი პესიმიზმია („დავკარგე სიცოცხლის ხალისი… მპოვნელი დასაჩუქრდება… არ მესროლოთ! ილია (არა) ვარ!“) და თვითონ გიორგიც არ დაეთანხმება საკუთარ თავს, არათუ მე – ეს სულის ნათელი ფუჭი არაა, რადგან თუ პოეტი ნამდვილია და შურით კი არა, „სიყვარულით კვდება“ („გახსოვს, ერთხელ/როცა დავღამდი/და შენ ჩემში მთვარესავით ამოხვედი,/რა კარგი იყო…“), ყოფა უნდა დაგამარცხებინოს ყოფიერების წვდომით!… ყოფა, რომელშიც პოეტმა იხილა, „როგორ ჭამდნენ პატარ-პატარა სურვილები დიდ საქმეთათვის დაბადებულებს“; რომელშიც „სიკეთეს აცვია ძველი, გაცრეცილი პალტო“ (ან არც აცვია ეს პალტო გალაკტიონივით!); რომელშიც ცხოვრება „ყრუ-მუნჯია“ სისასტიკისაგან და სიმართლესაც ვერასდროს გეტყვის; რომელშიც ტკივილებს სიბრძნე მოაქვს, სიბრძნეს – სიძლიერე. ძალა კი „სიზიფეს აღმართს ხნავს“, „ლოდის“ სიმძიმე ჩვენი ადამიანურობის საზომია; ყოფა, არსობა, რომელშიც ამ ტანჯვის სიბრძნეს უწოდეს „იობის სიბრძნე“ – „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“ – ეს ერთ-ერთი უმძიმესი „ლოდის“ მტვირთველმა თქვა. სევდიანია ღმერთიც, რომელიც იობს, როგორც გიორგი ამბობს, „ხმელ ფოთოლს“, კი არ ებრძვის, საკუთარი ძალმოსილება და ტკივილი უნდა განაცდევინოს, რადგან ყველაზე მეტად „ჯვარცმაში“ ვემსგავსებით არსთა გამრიგეს… თანაც, ყველა აღმართს დაღმართი არ მოჰყვება, „მწვერვალზეც შეგიფარებენ“… ეს მისია აქვს პოეზიასაც.

 

დაბოლოს, – „სად მიიჩქარის თქვენი (ჩემი, მისი – მ.ი.) ცრემლი?“ – იდეალურის სინათლისკენ. ამაღლებულია ადამიანური მსხვერპლიც და ამაღლებულია პოეზიაც, რომელიც თავადაა მსხვერპლი:

 

„შენს თვალებში

ვბრწყინავ,

როგორც

ტბაში მზის შუქი…“ (მკითხველს).

როგორც მკითხველს, ბევრჯერ „შემომანათა“ გიორგი ლობჟანიძის პოეზიამ…..

 

ციტატები წიგნიდან – გიორგი ლობჟანიძე „სიზმრის ნანგრევებში“, „ჩვენი მწერლობა“, თბილისი, 2019 წ.

 

 

ნშშმ ბავშვები – ნიჭიერები შეზღუდვებით

0

კვანტური ოპტიკის საფუძვლების ლექტორმა „პირველი ტესტის დაწერის შემდეგ კაბინეტში მიხმო. ფორესტ, სიმართლე მითხარი, ამ განტოლების პასუხები წინასწარ მოგცესო? მე თავი გავაქნიე. მაშინ პროფესორმა ჰუკსმა ფურცელს დახედა და, გაკვირვებულმა, თავის ქნევით წამოიძახა, ღმერთო დიდებულოო! ინგლისურის ლექციაზე კი საქმე სულ სხვაგვარად მიმდიოდა, მკაცრი ლექტორი მყავდა, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, პირველი ლექციის ბოლოს დაგვავალა, ავტობიოგრაფია დამიწერეთო. არ გამჭირვებია, წინასწარ ხო გამაფრთხილეს, ინგლისურის გამოცდაზე რომ ჩაიჭრა, მაინც დაგეხმარებითო. ჰოდა, მეც დავჯექი და მთელი ღამე ვწერდი, რაც თავში აზრად მომდიოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მისტერ ბუნმა შენიშვნებით აჭრელებული ავტობიოგრაფიები დაგვიბრუნა და კარგადაც დაგვცინა. ჩემთან რო მოვიდა, ვიფიქრე, აი, კიდე ერთხელ მომეჭრა თავი-მეთქი, მაგრამ უცებ ჩემი ავტობიოგრაფიის ხმამაღლა კითხვა დაიწყო… ორიგინალურობაც ამას ჰქვია! აი, რას ვითხოვ თქვენგან, – თქვა მან,  – მისტერ გამპ, ასეთი რამ როგორ დაწერეთ? – ყველა ჩემკენ მოტრიალდა, მე კი ვუპასუხე, – მეფსია!“

/უინსტონ გრუმი, „ფორესტ გამპი“/

 

ვინ არიან  ნშშმ ბავშვები?

ზოგიერთ ნიჭიერ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობის შეზღუდვა – მენტალური დარღვევის ან განვითარების დარღვევის დიაგნოზი ერთ ან რამდენიმე სფეროში. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ორმაგად განსაკუთრებულია. მაგალითად, მოსწავლის მხედველობის, სმენის ან გადაადგილების/მოტორიკის შეზღუდული უნარი ან თუნდაც სწავლის უნარის დაქვეითება/დასწავლის სირთულეები არ გამორიცხავს განსაკუთრებული ნიჭის არსებობას. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები წარმოადგენენ რისკჯგუფს, რომ მათი განსაკუთრებული უნარები და ნიჭი შეუმჩნეველი დარჩეს (Hua & Coleman, 2002).

ერთ-ერთი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება შერეული იყოს ნიჭიერება სხვა ტიპის საჭიროებასთან, არის აუტიზმი. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გარკვეულ ნაწილს შესაძლოა საკმაოდ მაღალი ინტელექტი და განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდეს (Attwood, 1998). ბავშვი შესაძლოა ფლობდეს ენციკლოპედიურ ცოდნას, მაგრამ ჰქონდეს სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ სპეციალური ხელშეწყობა სოციალურ ადაპტაციაში, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად მოწინავეები არიან აკადემიურად. არსებობს მითი, რომ აუტისტი ბავშვები ყოველთვის განსაკუთრებით ნიჭიერებიც არიან, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ აუტისტი ადამიანების დაახლოებით 70%-ს აქვს შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები, რაც ნიშნავს, რომ მათი IQ 38 / 74 70-ზე დაბალია. დანარჩენ 30%-ს აქვს ინტელექტი, რომელიც საშუალოდან ნიჭიერამდე მერყეობს. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ აუტიზმი და ინტელექტი ორი განსხვავებული მახასიათებელია. ნებისმიერი დონის ინტელექტის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს აუტისტი, მაგრამ ხშირად, თუ ბავშვი ნიჭიერი და ამავე დროს აუტისტია, ნიჭიერებას აუტიზმს მიაწერენ ხოლმე. თუმცა, ნიჭიერებასა და აუტიზმს აქვს მსგავსი თვისებებიც, როგორიცაა, მაგ., ინტელექტუალური აღგზნებადობა და სენსორული თავისებურებები.

საინტერესოა, რომ ნიჭიერება და აუტიზმი შესაძლოა სხვა მსგავსი თვისებებითაც ხასიათდებოდეს, მაგალითად:

✓ იდეალიზმი;

✓ ერთ კონკრეტულ თემაზე ინტენსიური ფოკუსირება;

✓ სწავლის მაღალი მოტივაცია;

✓ სენსორული თავისებურებები;

✓ მდიდარი ფანტაზია;

✓ მოუსვენრობა;

✓ ემოციური რეგულაციის დარღვევები;

✓ ლოგიკური და ზუსტი აზროვნება;

✓ განსხვავებული/უცნაური აზროვნება.

ზოგიერთ ბავშვს ყველა ზემოთ აღწერილი თვისება ახასიათებს, რადგან ისინი ნიჭიერებიც არიან და აუტისტებიც. შესაძლოა, მოსწავლე არ ლაპარაკობდეს და თავს არიდებდეს თვალით კონტაქტს და შეხებას, მაგრამ შეეძლოს საფორტეპიანო კონცერტის დაკვრა ერთხელ მოსმენის შემდეგ.

ადვილია აუტიზმისა და ნიჭიერების თანაარსებობაზე საუბარი, თუმცა ასეთი განსაკუთრებული ნიჭი საკმაოდ იშვიათად გვხვდება. უმეტეს შემთხვევაში მასწავლებლები და მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვს აქვს შთამბეჭდავი, დეტალური ცოდნა საგნებსა და მოვლენებზე, რომლებიც მათი ვიწრო (ფოკუსირებული) ინტერესის ობიექტია. მშობლები, მასწავლებლები და განათლების პოლიტიკის შემქმნელებიც კი ხშირად ფიქრობენ, რომ ყველა განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან გაუმართლა, აუცილებლად წარმატებული იქნება სკოლაში, ისიამოვნებს ურთიერთობებით, ისწავლის ძალისხმევის გარეშე, მიაღწევს აკადემიურ წარმატებას და ემოციურადაც ჰარმონიულად განვითარდება. სამწუხაროდ, ხშირად შეცდომით ვარაუდობენ, რომ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები და განსაკუთრებული ნიჭი იცავს ბავშვებს და ისინი არ ეჯახებიან იმ სირთულეებსა და გამოწვევებს,  რომლებსაც დანარჩენი, ტიპური განვითარების მქონე ბავშვები[1].

ასევე მცდარია ვარაუდი, რომ ნიჭიერი ბავშვები საბოლოოდ წარმატებულები იქნებიან ცხოვრებაში, განურჩევლად იმისა, რას განიცდიდნენ სკოლაში სწავლის დროს. რეალობა კი საპირისპიროს ამტკიცებს, სამწუხაროდ, ყველა ნიჭიერი ბავშვი როდია წარმატებული. ბევრი განსაკუთრებით ნიჭიერი ვერ აღწევს მაღალ შეფასებას, ვერ ამართლებს ნიჭიერების სტერეოტიპებს და ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც მათ. ზოგიერთი ძალიან ნიჭიერი ბავშვი ყოველდღიურად ჩუმად ებრძვის ამოუცნობ, არაიდენტიფიცირებულ შეზღუდულ შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის სწავლაზე, აკადემიურ წარმატებასა და ზოგად კეთილდღეობაზე. ზოგი ნელა და მტკივნეულად კითხულობს, ვერ გეგმავს და ანაწილებს დროს ან უჭირს აზრების წერილობით გადმოცემა. ინტელექტუალური (გონებრივი) ნიჭიერება ზოგჯერ შესაძლოა შეზღუდული ან კომპრომეტირებული იყოს მოულოდნელი გამოწვევებით, როგორიცაა, მაგალითად, კითხვის სირთულე, რამაც ტრადიციულ საგანმანათლებლო გარემოში შესაძლოა გამოიწვიოს დისონანსი, შედეგად კი ბავშვის აკადემიური წარუმატებლობა და ემოციური დისტრესი. შეზღუდული შესაძლებლობისა და ნიჭიერების მრავალი კომბინაცია არსებობს.

მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, რომლებსაც ასევე აქვთ ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობა, ნიჭიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები (ნშშმ) ან ორმაგად განსაკუთრებული მოსწავლეები ეწოდებათ. ტერმინი ნშშმ მოიცავს იმ ინტელექტუალურად ნიჭიერ ბავშვებს ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს სწავლასა და/ ან აკადემიურ მოსწრებაზე, მათ შორის:

➢ სპეციფიკური სწავლის დარღვევა – კითხვის დარღვევა (დისლექსია), წერილობით აზრის გადმოცემის დარღვევა (ზოგჯერ შეცდომით უწოდებენ დისგრაფიას), მათემატიკური უნარის დარღვევა (დისკალკულია);

➢ კომუნიკაციის დარღვევები;

➢ უყურადღებობა – ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), განსაკუთრებით მისი უპირატესად უყურადღებო პრეზენტაცია (PIP) ჰიპერაქტიურობის, იმპულსურობის, დაუმორჩილებლობის ან დარღვევის ხილული სიმპტომების გარეშე;

➢ აუტიზმი, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული მაღალი ფუნქციონირების აუტიზმი;

➢ მოტორული დარღვევები – კოორდინაციის უნარის დარღვევა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს წერის უნარზე;

➢ სენსორული (სმენის, მხედველობის) დარღვევები;

➢ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა.

არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა არ არის დაკავშირებული ინტელექტთან. როგორც უკვე აღინიშნა, ნიჭიერება არ გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობების არსებობას  და პირიქით. მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი არაფრისგან აზღვევს ბავშვებს. ინტელექტის დაბალი მაჩვენებელი ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობაა, რომელიც ლოგიკურად შეუძლებელია თან ახლდეს ინტელექტუალურ ნიჭიერებას, თუმცა მხოლოდ ინტელექტუალური ნიჭიერება ვერ იცავს ბავშვს ნებისმიერი სხვა შეზღუდული შესაძლებლობისგან, რომელიც ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ გულისხმობს. ამრიგად, ნშშმ მოსწავლეებში გვხვდება მაღალი კოგნიტიური უნარები და თანდაყოლილი შეზღუდული შესაძლებლობის ფორმები. შესაბამისად, ნშშმ მოსწავლე არის ის, ვინც ინტელექტუალურად დაჯილდოებულია და, იმავდროულად, მის თავს „რაღაც ისეთი ხდება“, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის აკადემიურ მიღწევებს და/ან სოციალურ-ემოციურ კეთილდღეობას.

ნიჭიერი ბავშვების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების ნუსხა მრავალფეროვანია. ისინი შეიძლება იყოს თვალსაჩინო/ხილული ან არათვალსაჩინო/უხილავი. ზოგჯერ ნშშმ ბავშვს აღწერენ, როგორც ნიჭიერს სწავლის უნარის დარღვევით, თუმცა ზოგიერთ ნშშმ ბავშვს საერთოდ არ აქვს „სწავლის უნარის დარღვევა“ და მხოლოდ გამოხატვის/გადმოცემის სირთულეს განიცდის. ერთმა ასეთმა მოსწავლემ მულტიდისციპლინური გუნდის წევრს უთხრა: „არა, ვერ იტყვი, რომ სწავლის უნარი არ მაქვს. არ მიჭირს ახლის პირველად დასწავლა. არ მიჭირს გავიხსენო, რაც ვისწავლე. რაც მე მახასითებს, არის ის, რომ გამოცდაზე, ხშირად გაკვეთილზეც, მიჭირს იმის დამტკიცება, რომ ეს ნამდვილად ვისწავლე“.

რა ახასიათებთ ნიჭიერ შშმ მოსწავლეებს?

➢ ნიჭიერ შშმ მოსწავლეებს შეუძლიათ კომპლექსური ურთიერმიმართებების იდენტიფიცირება და გაგება, პრობლემის გადაჭრის დახვეწილი სტრატეგიების გამოყენება, ახალი იდეების გენერირება და ანალიზი.

➢ მათ შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსაკუთრებული ვერბალური გამოხატვის უნარი, მოულოდნელად დახვეწილი ლექსიკა (რამაც შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს მასწავლებლებზე, მაგრამ ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამავე ასაკის ტიპურ თანატოლებთან კომუნიკაციაზე).

➢ მათ ასევე შეუძლიათ ერთი შეხედვით მარტივი მოვლენის პოტენციური შედეგების საფუძვლიანი და მასშტაბური გააზრება.

➢ სხვა ტიპიური ნიჭიერების მახასიათებლები შეიძლება მოიცავდეს: აქტიურ წარმოსახვას, საოცრად მომწიფებულ ინტერესებს ან მოსაზრებებს, ფართო ზოგად ცოდნას და აღფრთოვანებას რთულ, აბსტრაქტულ პრობლემებთან შეხებისას.

➢ როგორც წესი, ნიჭიერი შშმ ბავშვები, ერთი მხრივ, უსწრებენ საკუთარ ასაკობრივ განვითარებას, მეორე მხრივ კი ჩამორჩებიან მას. შესაბამისად, ნშშმ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მაგრამ იყვნენ ძალიან წარუმატებელნი კითხვაში, მართლწერაში, წერილობით აზრის გადმოცემაში, კალმის ჭერაში, სიტყვის დამახსოვრებაში, საბაზისო გამოთვლაში და სხვა ვითომდა მარტივი და ძირითადი აკადემიური ამოცანების (განსაკუთრები ტესტები) ამოხსნაში. ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა შესაძლოა ზედმეტად რთული ამოცანა აღმოჩნდეს ნშშმ ბავშვისთვის. ნიჭიერ შშმ ბავშვებს ხშირად აქვთ დროის მართვის, თანმიმდევრული ყურადღებისა და ორგანიზებულობის პრობლემები. ისინი შესაძლოა ცუდად მუშაობდნენ ზეწოლის ქვეშ ან ბუნდოვან, „აბდაუბდა“ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მათ შესაძლოა გაუჭირდეთ მარტივი ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციების შესრულება ან ჰქონდეთ მუდმივი პრობლემები სოციალურ კომუნიკაციასა და თანატოლებთან ურთიერთობაში. ნშშმ ბავშვებმა შეიძლება საოცრად მაღალ შედეგებს მიაღწიონ აკადემიურ შეჯიბრებებში სკოლის გარეთ, მაგ. ოლიმპიადებზე, მაგრამ იღებდნენ საშუალო შედეგებს სკოლის ყოველდღიურ შეფასებებსა და ტესტებში. ასევე, ნშშმ მოსწავლეები შეიძლება გამოირჩეოდნენ ტესტებში, მაგრამ გაუჭირდეთ პასუხები ცარიელ გვერდზე ან პირიქით. მათი უნიკალური შესაძლებლობები ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება, რადგან მათ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რომლებიც არაიდენტიფიცირებულია. ნშშმ მოსწავლეების აკადემიური მოსწრება და ნიშნები, წესისამებრ, არ ასახავს მათ განსაკუთრებულ ინტელექტუალურ ნიჭს და ამ შეუსაბამობამ შესაძლოა გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს მათ თვითშეფასებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

როგორ ამოვიცნოთ ნშშმ მოსწავლეები?

ნშშმ მოსწავლეების იდენტიფიცირება ხშირად რთულია. შესაძლოა, იმის გამოც, რომ ისინი, როგორც წესი, არ ერგებიან არც მხოლოდ ნიჭიერი ბავშვის და არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტერეოტიპს. ბევრი ნშშმ ბავშვის განსაკუთრებული ინტელექტუალური ნიჭი რჩება უღიარებელი, ბევრი ოფიციალურად არ არის იდენტიფიცირებული როგორც ნიჭიერი შშმ მოსწავლე. თუმცა ნიჭიერი შშმ მოსწავლეები ხშირად საგრძნობლად განსხვავდებიან თავიანთი ტიპური თანატოლებისგან როგორც ნიჭით (ინტელექტის მაღალი კოეფიციენტით), ისე თანმხლები შეზღუდული შესაძლებლობებით და ნამდვილად „ორმაგად განსაკუთრებულები“ არიან. ნშშმ ბავშვის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი მახასიათებელია არათანაბარი ან არათანმიმდევრული აკადემიური მოსწრება, რომელიც აუხსნელი და არაპროგნოზირებადია. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ყურადღება მიაქციოს მოსწავლის მუდმივ არათანაბარ და უჩვეულო აკადემიურ საქმიანობას, როგორიცაა, მაგალითად, აკადემიური მოსწრების შეუსაბამობა სხვადასხვა დისციპლინაში, ზეპირად ახსნის შესანიშნავი უნარი ან საგნის არაჩვეულებრივი ცოდნა, რასაც თან ახლავს უხალისობა წაკითხვის ან წერილობითი დავალების შესრულებისას. მოსწავლის მხრივ მსგავსი ქცევის დემონსტრირებისას აუცილებელია ბავშვის ზეპირი კითხვის,  დეკოდირების, წაკითხულის გააზრებისა და მართლწერის უნარების შეფასება მისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებისთვის. ასეთი შეუსაბამობა შეიძლება მათემატიკაშიც შეგვხვდეს. მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა გადაჭრას რთული აბსტრაქტული რაოდენობრივი ამოცანები, მაგრამ გაუჭირდეს ძირითადი რიცხვების ფაქტების/მათემატიკური ცხრილების დამახსოვრება. როგორც წესი, ნშშმ მოსწავლის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიკაციის სირთულე გამომდინარეობს იქიდან, რომ მისმა ძლიერმა შემეცნებითმა უნარმა შესაძლოა დაჩრდილოს ან კომპენსირება გაუკეთოს მათსავე შეზღუდულ შესაძლებლობას, ხოლო შეზღუდულმა შესაძლებლობამ, თავის მხრივ, შენიღბოს ან გადაფაროს მისი მაღალი ინტელექტი. შესაბამისად, მოსწავლის ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი შენიღბული, დაჩრდილული ან გაზვიადებულია მეორის მიერ, ამიტომ, მოსწავლე ვერც რეგულარულ მაღალ აკადემიურ მოსწრებას ავლენს და ვერც შეზღუდული შესაძლებლობის იდენტიფიცირება ხერხდება. მსგავს შემთხვევაში ნშშმ მოსწავლე შეუმჩნეველი რჩება და მისი სასკოლო მიღწევები შესაძლოა საგრძნობლად ჩამორჩებოდეს იმას, რასაც ნიჭიერი ბავშვისგან უნდა ველოდეთ. ნშშმ მოსწავლეებს სკოლაში შესაძლოა „საშუალო“ მოსწრება ჰქონდეთ და, ვინაიდან, „საშუალო“, ზოგადად, მიჩნეულია ნორმად, ასეთი ბავშვები ნაკლებად იქცევენ ყურადღებას. ცოტას თუ შეუმჩნევია გარეგნულად საშუალო, სინამდვილეში კი განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლე. ხშირად ნშშმ მოსწავლე ყურადღების ცენტრში პირველად რთული ქცევის გამო ექცევა. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, იმედგაცრუების და/ან უხერხულობის შედეგია, როდესაც ბავშვი ადვილად აღწევს წარმატებას რთული და კომპლექსური დავალებების შესრულებისას, მაგრამ მოულოდნელად ვერ ასრულებს მარტივ სასკოლო დავალებებს, რომლებიც სხვებს ძალიან უადვილდებათ[2].

სპეციალური მასწავლებლობის ცხრაწლიანი კარიერის განმავლობაში მე ვასწავლიდი შეზღუდვების მქონე რამდენიმე ნიჭიერს. ისინი ყოველდღე მაოცებდნენ და ძალიან მინდოდა, მათ მშობლებს, მასწავლებლებს და განათლებაში ჩართულ სხვა ადამიანებს ისევე დაეჯერებინათ მათი ნიჭის, როგორც თავად მათ სჯეროდათ. ალბათ, ამ სამყაროში ბევრი თემო, ანდრია, სოლომონი ან ილიაა, რომლებიც ელიან ჩვენგან ბიძგს, მინიშნებას და დახმარებას, ჩვენ კი ისინი აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ. ამით თავადაც გავძლიერდებით.

 

[1]Handbook of Autism and Pervasive Developmental Disorders, by Fred R. Volkmar 3rd edition (April 29, 2005).

[2]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

 სიტყვის ბარათები

0

 მე-4 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”

ამას წინათ ორი მასწავლებლის კამათს გადავაწყდი. დავობდნენ, სიტყვის ბარათია სწორი თუ სიტყვების ბარათიო. უფრო დაწვრილებით რომ წარმოგადგენინოთ, მათ ნალაპარაკევს მოვუხმოთ:

— ცხადია, ერთი სიტყვის ბარათს არ გამოვიყენებთ, მაგრამ, განა საკმარისი არაა ბარათების მრავლობითი რიცხვი, რათა მათი სიმრავლე გამოვხატოთ?

ბოლოს, როგორც იქნა, შეთანხმდნენ: თუკი ბარათზე მხოლოდ ერთი სიტყვა წერია, მაშინ მას უნდა დავარქვათ სიტყვის ბარათი, ხოლო რამდენიმე ასეთ ერთსიტყვიან ბარათს — სიტყვის ბარათებს ვუწოდებთ. იმ შემთხვევაში კი, თუკი ერთ ბარათზე ორი ან რამდენიმე სიტყვაა მოცემული, მაშინ ამ ბარათს სიტყვების ბარათი უნდა ვუწოდოთ, ხოლო რამდენიმე ასეთი ბარათს – სიტყვების ბარათები.

შეიძლება ზოგიერთ ჩვენგანს უსაგნო კამათად მოეჩვენოს ზემოთ აღწერილი დიალოგი, მაგრამ არაა ასე. როდესაც ადამიანს რაიმე, თუნდაც წვრილმანზე, ახირება აწუხებს და აშფოთებს, მას ეს შფოთვა უნდა მოვუხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება მის მიერ საკითხის არსობრივად აღქმა-გათავისების საქმე. სამწუხაროდ, ხშირად ამ ფაქტორს არ ვითვალისწინებთ ხოლმე და წვრილმანზე ახირებულ ადამიანებს ვამუნათებთ, დავცინით და ჯიუტად ვცდილობთ მათ ,,გონიერების კალაპოტში” დაბრუნებას…

* * * * * * *

სერია ,,სწავლის ძირის” მე-4 წერილში ვისაუბრებთ ერთ-ერთი ეფექტიანი რესურსის გამოყენებაზე, რომელიც დაგვეხმარება, მოსწავლეებს გაწაფული კითხვის უნარის ჩამოვუყალიბოთ. სწორედაც რომ სიტყვის ბარათებს ვგულისხმობთ. ამ რესურსის შესახებ შეგვიძლია ცნობილი გამონათქვამი გადავაკეთოთ: არაფერი ისეთი იაფი არ უჯდება მასწავლებელს, როგორც სიტყვის ბარათების დამზადება და არაფერი ისეთ ზეგავლენას არ ახდენს კითხვის გაწაფულობაზე, როგორც სიტყვის ბარათები

დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ გაწაფული კითხვა კითხვის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც გულისხმობს ტექსტის სწორად, სწრაფად და ინტონაციით წაკითხვას. უფრო დაწვრილებით ეს კომპონენტი ნამდვილად იმსახურებს განხილვას, აქ კი მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ამ უნარზე მუშაობა აუცილებელია კითხვის სწავლების დასაწყისშივე, მეტიც, წინასაანბანო პერიოდშიც.

— როგორ უნდა ვიმუშაოთ წინასაანბანო პერიოდში კითხვის გაწაფულობაზე, როდესაც ბავშვებმა ასოების ცნობაც კი არ იციან? — იკითხავს მავანი.

სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებთ, მოკლედვე გავიხსენოთ, რომ არსებობს კითხვის სწავლების ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი, ე.წ. ანალიზური (დაღმავალი) მიდგომა გულისხმობს მთლიანი სიტყვების ამოცნობაზე მუშაობას და შემდეგ მისი შემადგენელი ასოების დასწავლას. მეორე, ე.წ. სინთეზური (აღმავალი) მიდგომა კი გულისხმობს ასოების დასწავლის შემდეგ მათ სიტყვებად გაერთიანებაში ვარჯიშს. დავამატოთ, რომ გენიალურმა იაკობ გოგებაშვილმა თავის დედაენაში მაშინდელი დროისა და დღევანდელობისთვისაც პროგრესული ანალიზურ-სინთეზური მიდგომა შეიტანა. ხოლო გასულ ათწლეულში საქართველოს სკოლებში ჯიპრაიდის (USAID დაწყებითი განათლების პროექტი) მიერ დაინერგა სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მიდგომა, რომელიც უფრო ვრცლადაც განხილვას იმსახურებს.

რომელ მიდგომასაც არ უნდა მიჰყვებოდეს ესა თუ ის სახელმძღვანელო, გასათვალისწინებელია კვლევებით დადასტურებული დასკვნები, რომ მთლიანი სიტყვების ამოცნობაში ვარჯიში მოსწავლეებს ეხმარება გაწაფული კითხვის შედარებით მაღალი შედეგების მიღწევაში. ეს დასკვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ დადებითია კორელაცია (ურთიერთდამოკიდებულება) კითხვის გაწაფულობასა და წაკითხულის გააზრებას შორის.

ამიტომ მთლიანი სიტყვების ამოცნობაზე ყურადღების გამახვილება წინა საანბანო პერიოდშივე უნდა დავიწყოთ. მეტიც, სკოლაში შესვლამდე ზოგიერთი ბავშვი უკვე ცნობს გარკვეულ სიტყვებს. სიტყვების ამოცნობა და მათი დეკოდირების (ასო-ასო გაშიფვრის) გარეშე წაკითხვა მოსწავლეს ეხმარება კითხვის სიჩქარის მომატებაში, უზოგავს ენერგიას, რომელსაც უკვე წაკითხული ტექსტის გააზრებისკენ მიმართავს (ამიტომაცაა, ორ კომპონენტს შორის დადებითი კორელაცია).

სანამ სიტყვის ბარათების გამოყენების სხვადასხვა მეთოდს მიმოვიხილავთ, აღვნიშნოთ, რომ წინასაანბანო პერიოდში ადეკვატური იქნება, თუკი სიტყვის ბარათებთან ერთად შესაბამისი ნახატიც იქნება. ჩამოვთვალოთ და მიმოვიხილოთ, რა სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვის ბარათების დამზადებისას:

  1. მოსწავლეთა საკუთარი სახელები
  2. ხშირი სიტყვები
  3. თემატური სიტყვები
  4. ტექსტის სიტყვები
  5. ცრუ სიტყვები
  6. ნაკლული სიტყვები
  7. სინონიმები, ანტონიმები…
  1. მოსწავლეთა საკუთარი სახელების ბარათები

ამ სერიის პირველ წერილში ვსაუბრობდით, რომ პირველი სიტყვის ბარათები, რომლებიც პირველკლასელებთან უნდა გამოვიყენოთ, მოსწავლეთა საკუთარი სახელების ბარათები უნდა იყოს. ამიტომ ამაზე აქ აღარ გავაგრძელოთ საუბარი, თუმცა კი ჩემი სასწავლო პრაქტიკიდან ერთი ამბავი მინდა, გავიხსენო.

ერთ არაქართულენოვან სკოლაში მუშაობისას ვასწავლიდი მეშვიდე კლასს და აღმოვაჩინე, რომ არიადნე (სახელი შეცვლილია)  ქართულად ვერ კითხულობდა. გავიკითხე და დავადგინე, რომ მას კითხვა არც მშობლიურ ენაზე შეეძლო. ფაქტობრივად, სსსმ მოსწავლე იყო, ოღონდ სტატუსის გარეშე. მასთან საბაზისო უნარების ჩამოყალიბებაზე მუშაობა დავიწყე, თუმცა უშედეგოდ. დავუხატავდი ნაცნობ საგნებს (ბანანი, დაფა, მაგიდა, ვაშლი…) დავმარცვლავდით, მივუწერდით მნიშვნელობებს. ამ კონტექსტში ხვდებოდა, რომ ვაშლთან „ვაშლი“ ეწერა, ბანანთან — „ბანანი“… მაგრამ, თუკი ზეპირად დავასახელებდი ბგერა-ბგერა იმავე ვაშლსა თუ ბანანს, ვერ ამთლიანებდა, ვერ ამბობდა სწორად. შესაბამისად, ამოვიკითხავდით ასო-ასო ამა თუ იმ დაუსურათებელ სიტყვას, მთლიანი დაწერილი სიტყვის ამოცნობას ვერ ახერხებდა. ცხადი იყო, რომ არიადნას არ ჰქონდა ფონოლოგიური კომპეტენცია — ბგერებს სიტყვად ვერ აერთიანებდა. სიტყვების გამოთქმა შეეძლო, მეტიც, ქართულად ყველაზე უკეთესადაც კი ლაპარაკობდა.

გადავწყვიტე, ამ მეშვიდეკლასელებთანაც ის საკუთარი სახელების ბარათები გამომეყენებინა, რომელსაც, როგორც წესი, პირველი კლასელებისთვის ვიყენებდი ხოლმე. და დავამზადე კიდეც: ირინე, არიადნა, მანუჩარი, ანაჰიტი, ბეგლარი, მემედი…

და სიის ამოკითხვისას ავწევდი ხოლმე შესაბამისი მოსწავლის ბარათსაც. თან თვალს გავაპარებდი არიადნესკენ, რომელიც თან ჩემს ბარათიან ხელს უყურებდა, თან ტუჩებს აცმაცუნებდა. მე, ვითომც არაფერი, ვაგრძელებდი ,,სიის ამოკითხვას”. სია კი მუდამ ერთი თანმიმდევრობით იკითხებოდა: ირინე, არიადნე, მანუჩარი, ანაჰიტი, ბეგლარი, მემედი…

ერთი კვირის შემდეგ სიის ამოკითხვისას დასასახელებელ სახელს ბგერა-ბგერა ვაცხადებდი: ი-რ-ი-ნ-ე, ა-რ-ი-ა-დ-ნ-ა, მ-ა-ნ-უ-ჩ-ა-რ-ი…

ორი კვირის შემდეგ არიადნე უკვე ახერხებდა თავისი და სიაში პირველი თანაკლასელის ბგერა-ბგერა ნათქვამი სახელების ამოცნობა-თქმას და ამ სახელების ჩასაწერად საჭირო ასოების ცნობას. ორი თვის შემდეგ კი ის ყველა ნაცნობ ლექსიკურ ერთეულსაც კითხულობდა.

  1. ხშირი სიტყვების ბარათები

ენაში მაღალი ინტენსივობით გამოყენებულ სიტყვებს ხშირი სიტყვები ჰქვია. სიტყვათა რეიტინგის შედგენა მარტივია: უნდა ავიღოთ თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე პრესა-ტელევიზიაში არსებული ტექსტები, სოციალური ქსელების ნაწერები, პოლიტიკოსთა და ბლოგერთა გამოსვლები და დავთვალოთ მათში ამა თუ იმ სიტყვის გამოყენების სიხშირე. ასეთი საქმე ქართული ენისთვის არ გაკეთებულა, თუმცა ქართულის ხშირი სიტყვების რამდენიმე ვარიანტი ცნობილია. ერთი ვერსია თხუთმეტზე მეტი წლის წინ გამოქვეყნდა, რომელიც ძირითადად მაშინდელი პრესის ტექსტებს ეყრდნობოდა და იგრძნობოდა კიდეც მასში პოლიტიკურ ტერმინთა სიმრავლე. მეორე ჩვენთვის ცნობილი ვერსია ჯიპრაიდის სიაა, რომელიც ამ ათიოდე წლის წინ გამოქვეყნდა. სანამ ჩვენეულ 100 ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვას გაგიზიარებდეთ, დავფიქრდეთ, რამდენად დაემთხვევა 100 ყველაზე ხშირი ქართული სიტყვა 100 ყველაზე ხშირ ინგლისურ თუ ფრანგულს სიტყვას? ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გამოგვივა, თუკი ამ საკითხს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე და პასუხის საძიებლად კვლევებსაც ჩავატარებთ ჩვენივე მოსწავლეების ჩართულობით.

ვნახოთ ასი ყველაზე ხშირად გამოყენებული ქართული სიტყვის ჩვენეული ვერსია, რომლის შედგენისასაც გათვალისწინებულია ინგლისური ენის ხშირი სიტყვებიც:

და

ის

ეს

არის

აი

იქ

აქ

არა

რა

რომ

ვარ

ვართ

ხარ

არიან

ზის

აქვს

თავი

იყო

ჩვენი

შენი

ჩემი

თქვა

მერე

ხელი

პირი

ვინ

მე

შენ

ან

ანუ

მაგრამ

როგორ

სად

როდის

მათი

თუ

სხვა

სულ

შესახებ

ბევრი

ჯერ

შემდეგ

ზოგი

უნდა

მინდა

ძაღლი

ჰყავს

ვიცი

იცის

ამბობს

მამა

მისი

სახლი

დედა

წინ

უკან

ერთი

ერთხელ

ბევრი

კარგი

კარგად

ცუდად

ჰქვია

მიდის

თითი

დადის

დაბლა

მაღლა

დიდი

პატარა

რატომ

ვაშლი

მადლობა

გზა

ხალხი

ფეხი

მელა

კატა

კაცი

ქალი

მიწა

იცინის

პური

წყალი

უცებ

ცა

მიწა

ხვალ

დღეს

ზეგ

რძე

ხმა

დაფა

წიგნი

კალამი

რვეული

მზე

ია

ხიდი

მთა

 

  1. თემატური სიტყვები

სიტყვის ბარათები უნდა დავამზადოთ ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებითაც. მათ გამოვიყენებთ ან ამ სასწავლო თემის გავლისას, ან მისი გახსენების მიზნით. აღსანიშნავია, რომ თემატური სიტყვების ბარათებზე გადატანის დროს უნდა გავითვალისწინოთ ამა თუ იმ სიტყვის სიგრძე (მასში ასოთა რაოდენობა) და მოსწავლეთა ვარჯიში არ უნდა დავამძიმოთ ბევრი გრძელი სიტყვის გამოყენებით. აგრეთვე გასათვალისწინებელია შესარჩევი სიტყვების სიხშირეც — არაა საჭირო, მაგალითად, ზამთრის თემატიკაზე საუბრისას ბავშვების ვარჯიში ისეთი სიტყვის ბარათებით, როგორიცაა: ჭირხლი ან, თუნდაც, მაქმანი. ვნახოთ რამდენიმე სასწავლო თემა და ის სიტყვები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ამ თემის დამუშავებისას.

სახლი სკოლა შინაური ცხოველები (ფრინველებიც)
ოთახი, მაგიდა, სკამი, ტახტი, ტელევიზორი, საწოლი, კედელი, იატაკი, ჭერი, კარადა, გაზქურა, აბაზანა, სავარძელი… კლასი, ეზო, დირექტორი, მასწავლებელი, მოსწავლე, მერხი, დაფა, სკამი, მაგიდა, ცარცი, ჩანთა, წიგნი, კალამი, რვეული… ძაღლი, ძროხა, კატა, ცხენი, ღორი, ქათამი, ბატი, ინდაური, ცხვარი, თხა, კურდღელი, იხვი, ციცარი… ხბო, ლეკვი, წიწილა, კნუტი…
შემოდგომა ზამთარი ცა
ხე, ფოთოლი, ყვითელი, გრილა, სიგრილე, წვიმა, წვიმს, ბალახი, მწვანე, ხილი, ქარი, ფრინველი, რთველი, სექტემბერი… თოვლი, ფიფქი, სიცივე, ცივა, თოვს, თოვლის ბაბუა/პაპა, საჩუქარი, ახალი წელი, მეკვლე, ციგა, გუნდა, ჩურჩხელა, ნაძვის ხე… მზე, მთვარე, ღრუბელი, ქარი, რაკეტა, კოსმოსი, ვარსკვლავი, თვითმფრინავი…

 

  1. ტექსტის სიტყვები

ჩვენი სიტყვის ბარათების ბანკს პერიოდულად უნდა დავამატოთ ხოლმე იმ ტექსტის მიხედვით დამზადებული ბარათებიც, რომლებსაც გავდივართ. წინასაანბანო პერიოდში ეს შეიძლება იყოს ზეპირად დამუშავებული ტექსტიდან ამოკრეფილი სიტყვები, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი ამოცნობა-ამოკითხვა ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ უნდა იყოს. მხოლოდ თამაშითა და ხალისით უნდა მივაღწიოთ რამდენიმე სიტყვის ხატის დამახსოვრებას.

წინასაანბანო ტექსტიდან სიტყვების ამოსარჩევად შეგვიძლია, გავიხსენოთ მაყვალა მრევლიშვილის ბრწყინვალე ლექსი ,,დილა მშვიდობისა”, რომელიც ბავშვებმა სკოლაში შესვლამდეც იციან და ჩვენ მას უკვე საპირველკლასო სხვა მიზნებისთვის ვიყენებთ. რა სიტყვებს გადავიტანთ ბარათებზე? ესენი შეიძლება იყოს: ჩიტი, დილა, მზე, ყვავილი, ვის, შენ, პატარა, პირი, ყველა, მე.

თუკი ამ სიტყვებს შევაფასებთ, უნდა ვთქვათ, რომ მათი უმრავლესობა ერთდროულად რამდენიმე პრინციპს აკმაყოფილებს: ხშირი სიტყვებიცაა და მოკლეც. ეს კი ერთი-ორად ზრდის მათ სარგებლიანობას. ეს პრინციპი — სიხშირე და სიმარტივე — უნდა გავითვალისწინოთ ტექსტებიდან შერჩეული სიტყვების მიხედვით სხვა ბარათების დამზადებისასაც.

  1. ცრუ სიტყვები

რადგან სიტყვის ბარათებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ სიტყვების კიდევ ერთი სახეობა, თუმცა მკაცრად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი გამოყენება წინასაანბანო პერიოდში დაუშვებელია. ეს არის ე.წ. ცრუ სიტყვები ან, გნებავთ, ფსევდოსიტყვები, ვითომ სიტყვები.

ზოგიერთი მასწავლებელი ასეთი სიტყვების გამოყენების წინააღმდეგია, თუმცა მომხრეები ამბობენ, რომ ენაში არარსებული სიტყვების ამოცნობა-ამოკითხვაში ვარჯიში მოსწავლეს დეკოდირების უნარში წაფავს. თან ეს პროცესი სახალისოდაც წარიმართება და ბავშვებსაც ვუბიძგებთ „შემოქმედებითად” გამოიგონონ ახალი აბსურდული სიტყვები. ისეთები, როგორიცაა: ბორგე, მითხი, კრაფა, ცორბა, გლა, არბანი, გავსი…

შეიძლება ბარათებზე შეთავაზებული ცრუ სიტყვა რომელიმე სიტყვის ნაწილიც იყოს: ტყელა (ცისარტყელა), მზესუ (მზესუმზირა), ავილი (ყვავილი), ვლებე (მასწავლებელი), ოთეკა (ბიბლიოთეკა) და ა.შ.

ზოგიერთმა შეიძლება ამ მიზნით ინგლისურის (ან სხვა უცხოური ენის) ქართულად ჩაწერილი სიტყვები გამოიყენოს (ბექ, ბლექ, ორენჯ, გლასს…). თუმცა ასეთი მიდგომის ეფექტი მე არ შემისწავლია და მის შედეგიანობაზე თავს ვერ დავდებ…

  1. ნაკლული სიტყვები

ზოგჯერ შეიძლება გამოვიყენოთ ე.წ. ნაკლული სიტყვებიც. ანუ სიტყვები, რომლებიც ბოლომდე არ წერია ბარათზე და ნაკლული ასოების ნაცვლად შესაბამისი რაოდენობის წერტილი/ხაზია გამოსახული. მაგალითად:

მაგი – – (მაგიდა)

– – ფა (დაფა)

ლ – – ა (ლუკა)

გე – – (გემი)

სახ – – (სახლი)

დაკვირვებული მასწავლებლები დაგვეთანხმებიან, რომ ბავშვებს ზოგჯერ ეშლებათ ხოლმე ამა თუ იმ სიტყვის დაბოლოების სწორად ამოკითხვა. ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს (უყურადღებობა, ენერგიის დაზოგვა, უნებისყოფობა, გაუაზრებლად წაკითხვა…) და საჭიროა სწორედ ამ მიზეზების კვლევაც. ასეთი ნაკლულის სიტყვებით დამზადებული ბარათებით ვარჯიში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მოსწავლეებს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაშიც. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინასაანბანო პერიოდში ასეთი ბარათების გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუ მაინცდამაინც, საკუთარი სახელების ნაკლული ვერსიები შეიძლება გამოვიყენოთ.

  1. სინონიმები, ანტონიმები…

როგორც სიტყვის ბარათების ნაირსახეობა, კარგად გამოიყენება სინონიმებისა და ანტონიმების ბარათებიც. ოღონდ, რასაკვირველია, მათი გამოყენებისგან წინასაანბანო პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ.

ასეთი ბარათები შეიძლება ორი გზით დავამზადოთ:

  1. ბარათზე დავწეროთ ორივე სიტყვა: ანტონიმური და სინონიმური წყვილები (დღე — ღამე, ბიჭი — გოგო, ბებია — ბაბუა… ბაბუა — პაპა, აბი — ტაბლეტი, ვაზი — ვენახი…)
  2. სინონიმური ან ანტონიმური წყვილის მხოლოდ სიტყვა დავწეროთ ბარათზე და მათ მეწყვილეს ბავშვები სხვადასხვა აქტივობით ამოიცნობენ.

როგორ გამოვიყენოთ სიტყვის ბარათები?

სიტყვის ბარათებით აქტივობებს უხვად შევხვდებით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”, რომელიც ღიადაა ხელმისაწვდომი და ბევრი მასწავლებლის სამაგიდო წიგნია: http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

სიტყვის ბარათების ჩასატარებელი აქტივობები უნდა დაეყრდნოს სამ პრინციპს:

  • სისტემურობა — მასწავლებელმა ყოველ გაკვეთილზე უნდა გამონახოს მცირე დრო მაინც მათი გამოყენებისთვის;
  • ხალის— სიტყვის ბარათებით ვარჯიში უნდა წარიმართოს თამაშის ფორმატით, ხალისით, აზარტით, დაღლისა და მობეზრების გარეშე;
  • თანამონაწილეობა — მნიშვნელოვანია, თამაშის წამყვანის როლში მოსწავლეებიც ჩავრთოთ ხოლმე. მათ კარგი იდეები შეიძლება გაუჩნდეთ ახალი თამაშების მოფიქრებითაც.

მოკლედ მიმოვიხილოთ რამდენიმე აქტივობა:

  • ბარათი-იარლიყები: საკლასო ოთახში არსებულ საგნებზე (დაფა, მაგიდა, მერხები, კარადა, კედელი, ჭერი, იატაკი…) სიტყვის ბარათების მიკვრა და პერიოდულად მათი ამოცნობა;
  • ბარათების განთავსება ანბანური სიტყვების კედელზე;
  • ბარათების სწრაფი ჩვენება და წაკითხვის/ამოცნობის მოსწრება;
  • დაფაზე გაკრული ბარათების დამახსოვრება და მათი გადაბრუნების შემდეგ ამოცნობა;
  • დაფაზე გაკრულ ბარათებში რითმული სიტყვების ამოცნობა (ხელი, ფეხი, თავი, ცელი…);
  • მაგიდაზე ამობრუნებულად დალაგებული ბარათებიდან ერთის შერჩევა და დაფაზე დაწერილ იმავე სიტყვებიდან შესაბამისზე მიკვრა;
  • სიტყვის ბარათის დაკავშირება შესაბამის ილუსტრაციასთან (წინასაანბანო პერიოდში ილუსტრაციას შედარებით მცირე ზომით სიტყვაც უნდა ეწეროს);
  • სიტყვის ბარათებით ლოტოს პრინციპით დამზადებული დაფების შევსება;
  • სიტყვის ბარათებით ვაჭრობა — მოსწავლეების მიზანია, დარიგებული სიტყვის ბარათები შეავსონ ერთგვაროვანი სიტყვებით. მაგალითად, ხილი, ცხოველი, სასწავლო ნივთები და სხვა;
  • დაფაზე გაკრული სიტყვების მწკრივში გადაადგილებული ბარათების ამოცნობა;
  • სიტყვის ბარათის თანდათან (ასო-ასო) ჩვენება და ბავშვების მიერ მისი პროგნოზირება;
  • დარიგებული სიტყვის ბარათების სირთულის მიხედვით დალაგება…

გარდა ამისა, მასწავლებელს შეუძლია სხვა უამრავი აქტივობის მოძიება და მოგონება სიტყვის ბარათების სასარგებლოდ გამოყენების მიზნით. ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებიდან წინასაანბანო პერიოდში ყველას გამოყენება შეუძლებელი იქნება, თუმცა რამდენიმე მათგანი (განსაკუთრებით, თუკი ისინი მოსწავლეთა საკუთარი სახელებით იქნება წარმართული) ნამდვილად სასარგებლოა. სიტყვის ბარათების გამოყენებით ზოგიერთი აქტივობის შესახებ დამზადებულია ვიდეოფილმიც USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში: https://www.youtube.com/watch?v=3dh1OO_I8M0&t=2s.

ბოლოს აღვნიშნოთ, რომ თანდათანობით ჩვენი ბარათების სიტყვები ადგილს დაიკავებენ ანბანური თუ თემატური სიტყვების კედელზეც. კიდევ ერთხელ გადავხედოთ სიტყვების კედლის სხვადასხვა ვარიანტს ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე (ფოტოები ამოღებულია ვიდეომასტერკლასიდან „ანბანური სიტყვების კედელი” 1. ანბანური სიტყვების კედელი). აღსანიშნავია, რომ ანბანური სიტყვების კედელი ნამდვილად იმსახურებს ცალკე საუბარს.

ადრეული ვარიანტი წინა საანბანო პერიოდში

ანბანური სიტყვების კედლის ვარიანტი საანბანო პერიოდის ბოლოსკენ

ბოლოს გთავაზობთ ონლაინფაილს — სლაიდებზე გადატანილ სიტყვებს, რომლებსაც მასწავლებლები საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ, მასში შეიტანენ სათანადო ცვლილებებს: https://docs.google.com/presentation/d/1FT_xsX_cpu_XBLnvlVhWjPQxfvzLoImYefiXo8m9f9s/edit?usp=sharing.

 

რაღაც და როგორღაც: ხევისბერი გოჩა – ბედისწერა და ტრაგედია

0

 

  1. ამბის დასაწყისი

ამბავი იდეალური წესრიგით იწყება. თითქოს ყველაფერი რიგზეა. რიგზეა კი არა, შესანიშნავადაა. ქორწილია მთაში, სადაც გუგუას ხელისმომკიდედ ონისე ჰყავს, ავთანდილს – თავისი ტარიელი. სულ ნარჩევ-ნარჩევი ვაჟკაცები. ეტყობათ, რომ სამტროდ არ მიდიან. მოხდენილი და მხიარული მხედრები ერთმანეთს მშვიდობას უსურვებენ. ჯვარულის სიმღერას ცეკვა ცვლის, მხიარულებას – ბედნიერება. რატომაც არა, განა ვინმეს ძალით აქორწინებენ? გუგუას დიდი ხნის ნატვრა უსრულდება და საოცნებო ძიძიას ირთავს ცოლად, ძიძიასაც მიუცია თანხმობა და არაერთი ღამე გაუთენებია საქმროზე ფიქრით.  ონისე? ავტორ განზრახ დაგვიმარცვლავს, რომ ონისე სიყვარულს ეძებს, საზოგადოდ, სიყვარულის ძიებაშია, ისევე, როგორც მისი ასაკის ყველა ყმა. „ონისე კი, რომ ქორებრივი თვალი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს – მიმზიდველობა, ლოყებს – სიყმაწვილის ელფერი და გულს – სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა“.

თითქოს არაფერი მოასწავებს საფრთხეს, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – იდეალურად.

 

  1. რაღაც და როგორღაც

მალე მკითხველს შფოთვა და მღელვარება იპყრობს. იდეალურ, სამოთხისეულ წესრიგში ეჭვი იპარება და წესრიგის რღვევა სულ ორი სიტყვით გამოიხატება: „რაღაც“ და „როგორღაც“… განა მიზეზი ვიცით? განა უკვე ყველაფერს ვხვდებით ან ჩვენ, ან პერსონაჟები? არა, აქ რაღაც და როგორღაც ხდება. ჯერ „რაღაცა ჯერედ უცნობი ბედნიერება“ ჩნდება, მერე „ქალი ჰგრძნობდა რაღაც ინსტიქტიურს მღელვარებას“, მერე „გულში რაღაცამ უჩხვლიტა“, „რაღაცა უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო“, „გული როგორღაც აუკანკალდა“, „ონისე როგორღაც შეკრთა“… მოკლედ, კიდევ ბევრი „რაღაც“ ხდება, რისგანაც ვეღარავინ დაიცავს პერსონაჟებს.

ქალმა სასწრაფოდ ჩამოიფარა პირბადე, მაგრამ უშველის კი? იქნებ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია? იქნებ უკვე დაძრულია „რაღაც უხილავი ძალა“?

„რაღაცა უცნაური დუმილი“ და „რაღაცა ჭმუნვით სავსე დუმილიც“ გამეფებულა.

ბოლოსაც, ნაწარმოების ყველაზე რთულ, გადამწყვეტ მომენტში, ონისეს თვალს „რაღაც ძალა“, „რაღაც გრძნობა“ დაუბრმავებს, მტერიც ამიტომ გამოეპარება.

 

  1. ხელები

რა თქმა უნდა, არცერთ მკითხველს არ უყვარს ამბის დასასრულის წინასწარ ცოდნა, ამიტომ არც მე მოგიყვებით. ოღონდ ესაა, რომ ავტორი თითქოს წინასწარ გვიხსნის კვანძს, თავისი პერსონაჟების ბედს წინასწარმეტყველებს, ოღონდ დაფარულად, ხელების მოძრაობისა და ურთიერთობის საშუალებით, მინიშნებებითა და მეტაფორებით. კარგად დააკვირდით ამ ეპიზოდს, არ გამოგრჩეთ:

„- ონისევ! აჰა, ჩაგვიბარებია თქვენთვის ქალი წრფელი და შეურცხვენელი… დღეის ამას იქით შენ აგვირჩევიხარ ამის ძმად, – ამ სიტყვებზედ იმან გადასცა ონისეს ქალის მთრთოლვარე და გახურებული ხელი.

ონისემ რაწამს ამ ხელის მიკარება იგრძნო, როგორღაც შეჰკრთა, დაიბნა და თითონაც გაჟრჟოლდა, თუმცა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ვერ აეხსნა.

… – არ მინდა, შენაი ჭირაიმე, – უპასუხა კაცმა, რომელსაც ქალის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა, თუმცა ჰგრძნობდა, რომ ეს ხელი სწვავდა, სდაგავდა მას, უღელვებდა სისხლს და გონებას აფანტვინებდა.

ონისემ მოისვა შუბლზედ ხელი, მაგრად მოიწურა ოფლი, პირდაპირ შეჰხედა ქალს და ხმამაღლა მტკიცედ წარმოსთქვა:

– იყოს თავდებად ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყვარება, გავუწევ ძმობას, მაგისთვის ძმაზედ უფრო მეტი ვიქნები!

… ონისემ მიიყვანა ქალი და გადასცა სასიძოს, რომელმაც გაშმაგებით საჩქაროდ მიაშველა თავისი ხელი. მხოლოდ საკვირველი ეს იყო, რომ ქალი თითქოს რამდენჯერმე შეჰკრთა და ხელისმომკიდის ხელის გაშვება ეძნელებოდა, მაგრამ გუგუამ გაავლო ხელი და ისეთ რიგად მოუჭირა, რომ ქალს ძვლებმა ჭახჭახი დაუწყეს და ტკივილისაგან კინაღამ შეჰყვირა“.

 

  1. სიყვარული როგორც ბედისწერა

ყაზბეგის არცერთ ნაწარმოებში არ არსებობს უფრო ბრმა და ყოვლისშემძლე ძალა, ვიდრე სიყვარულია. აქ სიყვარული არჩევანი არ არის, აქ სიყვარული მეწყერია, ბედისწერაა, რაღაც თავისთავადი სტიქიაა, რომელიც პერსონაჟების ბედს ცვლის. სწორედ ისე, როგორც ძველ ბერძნულ მითოსში, სადაც რომელიმე ქალღმერთი აფროდიტე გადაწყვეტს, რომელიმე დედოფალ ელენეს რომელიმე პარისი შეაყვაროს. ეროსის ერთი ისარი და ომის ამბავი გადაწყვეტილია.

სიყვარული ყაზბეგთან ტანჯვაა, ის ყოველთვის ეწინააღმდეგება ლოგოსს, საღ აზრს, საზოგადოებას, მოვალეობას. ყაზბეგის პერსონაჟები სულ მარცხდებიან, ზოგიერთი ისე მარცხდება, რომ ბოლო წამს მიჯნურისთვის ყველაზე წარმოუდგენელ ღალატს სჩადის, ლაჩარივით იქცევა და ამ ბედისწერასავით სიყვარულს, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ორი ხელი ერთმანეთს შეეხებოდა, სატრფოს პასუხისმგებლობად და მეტიც, დანაშაულად აქცევს.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ – კრიტიკული კითხვისთვის

0

საბავშვო ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ეს მოვალეობაა შვილების მიმართ, ზოგჯერ კი თერაპიისთვის ვკითხულობ, საკუთარი სიამოვნებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, საამისოდ მცალია. ისეთ ამბებთან ერთად, რომლებიც გვამხიარულებს და გვაბედნიერებს, საბავშვო წიგნებში რთული, დიდური თემებიც გვხვდება. ასეთ დროს მზად უნდა ვიყოთ, ბავშვებს დაუფარავად და საინტერესოდ ვესაუბროთ მათ შესახებ. თუ ბავშვი არ არის გაწაფული კრიტიკულ კითხვაში, არ არის მიჩვეული სიმბოლოების ამოცნობას, რეალობასთან პარალელების გავლებას, შესაძლოა, ვერ მოახერხოს ნაწარმოების სიღრმისეული გაგება და შეფარული სიმართლის ამოკითხვა.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ჩემი და ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. ის ცნობილმა იტალიელმა საბავშვო მწერალმა ჯანი როდარიმ დაწერა. ავტორი შეფარვით, იგავურად გვიყვება შორეული ქვეყნის შესახებ, სადაც დიქტატურა და სიცრუე გამეფებულა. ის ცდილობს, ბავშვებს გასაგები ენით აუხსნას რთული საკითხები, ისე, რომ პატარა მკითხველმა ინტერესითა და ხალისით იმოგზაუროს „ცრუთა ქვეყანაში“, სადაც არც ისე კარგი ამბები  ხდება.

ნაწარმოების მთავარი გმირი, ჯელსომინო, უჩვეულოდ ძლიერი ხმის პატრონია. მის ხმაზე ფანჯრის მინები იმსხვრევა და შენობები ინგრევა. ერთხელ ჯელსომინო მოხვდება ქვეყანაში, სადაც ყველა იტყუება და ყველაფერი ყალბია. ცრუთა ქვეყანაში პურს მელანი ჰქვია, ყველს – საშლელი, სასურსათო მაღაზიაში რვეულები და საღებავები იყიდება, საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში კი – ძეხვი და ყველი. ამ ქვეყანაში კატები ყეფენ, ძაღლები კნავიან, ლომი ვალდებულია, თაგვივით იწრიპინოს, ხოლო თაგვები ლომივით ბრდღვინავდნენ. თუ ვინმე სიმართლის თქმას გაბედავს, საგიჟეთში ამწყვდევენ. ცრუთა ქვეყნის მთავარ გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ჰქვია და სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. აბსურდი ცხოვრების ნორმად ქცეულა.

ცრუთა ქვეყანას ჯაკომონი, ყოფილი მეკობრე მართავს. მას მხოლოდ თავისი ძალაუფლება და პარიკები ანაღვლებს, რადგან ქაჩალია და „დაკოჟიჟებულ, მეჭეჭებიან, არასასიამოვნო ვარდისფერ მელოტ თავს პარიკით იფარავს“. დიქტატორი ჯაკომონი ყველას აიძულებს, სიცრუე სიმართლედ მიიღონ და  ცხოვრების წესად აქციონ. ვინც ამ წესრიგს ეწინააღმდეგება, იჭერენ და აჯარიმებენ.

როგორც ყველა ზღაპარს, ამ წიგნსაც კეთილი დასასრული აქვს: ჯელსომინო თავისი მჭექარე ხმით საგიჟეთს ანგრევს და იქიდან გამოჰყავს სიმართლის თქმისთვის დასჯილი ადამიანები.  ჯაკომონის მოძალადე სისტემა ინგრევა, სიმართლე და საღი აზრი იმარჯვებს. ჯელსომინო ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილა – გვერდით ედგნენ მეგობრები.

ბავშვები იოლად მიხვდებიან, რომ კეთილისა და ბოროტის ეს მარადიული  დაპირისპირება კეთილის გამარჯვებით რომ დასრულდეს, საჭიროა მამაცი ადამიანების არსებობა, ისეთებისა, როგორიც ჯელსომინოა. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც ეს არის: თითოეული გაბედული ადამიანის ხმას აქვს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია, „სიცრუის სვეტები“ დაანგრიოს და სიმართლე ყველას დაანახოს.

ეს წიგნი გამოგვადგება იმისთვის, რომ ბავშვებს ცხადი მაგალითებით ვესაუბროთ ძალმომრეობითი სახელმწიფოების ბედზე; იმაზე, რომ შეუძლებელია, სიცრუესა და სისასტიკეზე აშენდეს იმ სახელმწიფოს საძირკველი, სადაც მომავალში ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ;  რომ ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლება და სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს ჩაანაცვლებს ორპირობა და ტყუილი.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ბავშვებს დაანახებს სიმართლისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რომელიც ყველას გვჭირდება და რომელიც ყველას უნდა გავუზიაროთ.

მნიშვნელოვანია, უფროსებმა ბავშვებს ვასწავლოთ კრიტიკული კითხვა, დავაფიქროთ იმაზე, რა ადვილია რეალობის დანახვა, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ მოვლენებს და ობიექტურად შევაფასებთ სიცრუით დამახინჯებულ სინამდვილეს.

თუ ბავშვებისთვის ახალ საკითხავს ეძებთ, ეს წიგნი აუცილებლად მოინიშნეთ. ზოგჯერ დიდებსაც  გვჭირდება ყურადღება და დაკვირვება, რომ სიცრუის სამყაროში სიმართლის დანახვა შევძლოთ.

საუკეთესო დავალება

0

ჩვენს ეპოქაში ქართველი პედაგოგები წელიწადში რამდენიმე ათეულ სემინარს ესწრებიან სწავლა-სწავლების მეთოდების შესახებ. მასწავლებელთა უმრავლესობას უკვე დამუშავებული აქვს გაკვეთილის ჩატარების უამრავი ტექნიკა, თითქმის ყველა სკოლაში შეიძლება ერთი ადამიანის აღმოჩენა მაინც, რომელიც მოსწავლეებს ყოველი ახალი თემის დამუშავებისას ახალ-ახალი ტიპის სამუშაოს უნაწილებს. საქმე ყოველთვის ამგვარად არ ყოფილა. ჩემს ბავშვობაში იშვიათად გვაძლევდნენ ხოლმე არასტანდარტულ, ორიგინალურ საშინაო დავალებებს.

ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან ყველაზე უკეთ მახსენდება ისტორიის მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მან ერთხელ გვთხოვა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის თავგადასავლის მიხედვით ერთი კონკრეტული ქალაქის წარსული გაგვეცოცხლებინა. თავდაპირველად, გადავწყვიტე ჩემი წინაპრების თბილისში ჩამოსახლების ამბავი მომეთხრო, მაგრამ მალევე ავიღე ხელი განზრახვისგან. ვიფიქრე, რომ თანაკლასელებიც ამავე გზას დაადგებოდნენ და მარტივად შეეცდებოდნენ ფონს გასვლას. შესაბამისად, გადავწყვიტე უფრო შორეული და ბუნდოვანი მოვლენებისთვის მიმეპყრო ყურადღება და იმერეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქის განსაკუთრებული მახასიათებლები მომეძიებინა.

ალბათ, ყველა ოჯახში მოიძებნება მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურა, რომელიც იმქვეყნად გამგზავრების შემდეგაც სახლში რჩება და არსად მიდის, მასზე საუბარს არ წყვეტენ თაობები, ისინიც კი, რომელთაც თვალითაც არ უნახავთ იგი; მის გამონათქვამებსა და ამბებს ათასგზის იმეორებენ შთამომავლები, მაგრამ მაინც არ ჰბეზრდებათ მათზე მსჯელობა, ხანდახან გულიანი სიცილიც კი. საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არიან ჩემ ირგვლივ, მაგრამ დავალების სპეციფიკიდან და მონატრების უცნაური გრძნობიდან გამომდინარე გადავწყვიტე ღრმა ბავშვობაში დაღუპული ბებია და მისი მშობლიური ქალაქი – ხონი მექცია ჩემი დავალების მთავარ თემად.

მოულოდნელად ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოვჩნდი. ბებია რამდენიმე ეპიზოდად შემომრჩენოდა მეხსიერებაში, ხონში ნამყოფი არ ვიყავი, მისი ნათესავები დიდი ხნის წინ იყვნენ ბათუმში გადასახლებულნი. როგორ უნდა შემესრულებინა დავალება? გადავწყვიტე მის შესახებ არსებული ოჯახური ლეგენდები კიდევ ერთხელ, მოწესრიგებულად გამეხსენებინა და ფურცელზე ჩამომეწერა ის გამონათქვამები, რომლებიც ბებიას იმერეთის პატარა ქალაქთან, თავის ბავშვობასთან აკავშირებდა.

მუშაობის დაწყებისთანავე ფურცელზე დავწერე მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ციტატა: „უბრალო ქალი კი არ ვარ, ხონში დავიბადე, სემინარიის გვერდით ვცხოვრობდი!“. მოსწავლეობის პერიოდში მეგონა, რომ პატარა ქალაქში სასულიერო სასწავლებელი ფუნქციონირებდა და ამ სულიერ-კულტურულ კერასთან სიახლოვით იწონებდა თავს თბილისის ცნობილი ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე. თურმე, სასტიკად ვცდებოდი. წლების შემდეგ ახლობლების დახმარებით ერთი უჩვეულო ფაქტი აღმოვაჩინე.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისის გუბერნატორს თავის რეგიონში სამასწავლებლო სემინარიის, ანუ მასწავლებელთა მოსამზადებელი ცენტრის, სასწავლების დაფუძნების გადაწყვეტილება მიუღია. ცხადია, მასწავლებელთა სახლი ქუთაისში უნდა აშენებულიყო, მაგრამ ხონელებმა იბრძოლეს, რომ მათ ქალაქსაც მინიჭებოდა ახალი და განსაკუთრებული ფუნქცია. ამ ბრძოლას ივანე შარაშიძე ედგა სათავეში, ადგილობრივი ვაჭარი, რომელსაც თავად არ ჰქონდა მიღებული სასკოლო განათლება, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებდა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.

ივანე შარაშიძემ დაბაში თავისი სახსრებით დააარსა რამდენიმე ორკლასიანი სასწავლებელი, მაგრამ ბოლომდე მშვიდად მაინც ვერ გრძნობდა თავს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს სურდა, რომ სამასწავლებლო სემინარია ქუთაისის ნაცვლად ხონში აშენებულიყო. ბევრი იბრძოლა, მიაღწია იმას, რომ დაინიშნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი მთავარ ქალაქსა და მის მეზობელ დაბას შორის. შარაშიძემ მიმდებარე სოფლებიდან, მთელი იმერეთიდან შეკრიბა ნაცნობები და ხონის ქუჩებში ეტლებით სეირნობა სთხოვა. მეფისნაცვალს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცოცხალ, მჭიდროდ დასახლებულ, მზარდ დასახლებაში იმყოფებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სემინარიისთვის საფუძველი მოგუგუნე დასახლებაში ჩაეყარა. ალბათ, ბებიაჩემსაც უხაროდა, რომ მასწავლებლების, მომავალი პედაგოგების, წიგნის მოყვარული ადამიანების გვერდით დაიბადა და აღიზარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უსვამდა ხაზს თავისი მშობლიური სახლის ადგილმდებარეობას.

ჩემთვის გამოუცნობ შეკითხვად რჩებოდა, თუ რატომ სთხოვდა სრულიად ახალგაზრდა ბებიაჩემი თავის სამივე ვაჟს, რომ თავის გასვენებაში აუცილებლად მოეწვიათ სასულე ორკესტრი; რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი განსაკუთრებული სიყვარული მას სასულე მუსიკის მიმართ. კვალს კვლავ სემინარიასთან მივყავართ. ლევან კიტიასა და ნინო კაკაურიძის ფილმში „დუხავოი“ (პირველი არხი) სამასწავლებლო სასწავლებლის პირველი წლები კარგად არის აღწერილი. სასწავლებლის მსმენელები უშველებელი გალავნის მიღმა ცხოვრობდნენ, მათ იშვიათად ჰქონდათ პანსიონატის გარეთ გამოსვლის უფლება. მზრუნველებს ძალიან უჭირდათ ახალგაზრდების დიდი ხნით გაჩერება ერთ ადგილზე. მოსწავლეთა მოწყენილობის დასამარცხებლად რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. 1890 წელს სემინარიაში პედაგოგად მოიწვიეს ჩეხი განმანათლებელი – ანტონ ვიაჩესლავ ჰაუდეკი, რომელმაც ხონელი სემინარისტებისათვის სამოქალაქო სასულე ორკესტრი დააფუძნა. მას შემდეგ 135 წელი გავიდა და ხონში ტრადიცია დღემდე ცოცხალია, ქალაქში დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას ჰაუდეკის მიერ დაფუძნებული კოლექტივი. როგორც ჩანს, ამ ორკესტრის არსებობამ განაპირობა ერთი იმერული დასახლების მცხოვრებთა შორის განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულებების გავრცელება. ერთი ჩეხი პედაგოგის მიერ დაწყებულმა საქმემ აქცია მუსიკა პატარა ქალაქის დიდ თანამგზავრად.

ალბათ თქვენც გიჭირთ ღიმილის შეკავება, როდესაც ადამიანები სიამაყით, წარბშეუხრელად, განმარტების გარეშე უკავშირებენ ერთმანეთს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. მაგალითად, ბებიაჩემი საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად, ჯიუტად და ხშირად იმეორებდა ფრაზას: „მამაჩემი უპატიოსნესი კაცი იყო, ორჯერ გახლდათ ნასამართლები!“. დავალების შესრულების დროს ეს ამოცანაც ვერ გადავწყვიტე დამოუკიდებლად, კარგად ვერ მივხვდი, რა საიდუმლო იმალებოდა მამაზე უზომოდ შეყვარებული ქალის სიტყვების მიღმა, მაგრამ დამეხმარნენ.

ხონში სემინარიის აშენებას მხოლოდ განათლებისა და კულტურის მძლავრი კერის ჩამოყალიბებისთვის არ შეუწყვია ხელი. თითქმის ასი მეტრი სიგრძის, ორსართულიანი შენობის აღმართვას აგურ-კრამიტის ქარხანა სჭირდებოდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანამ მუშაობა განაგრძო. იქვე არსებობდა აბრეშუმის პატარა ფაბრიკაც, რომელიც დაბას დამატებით სიმდიდრეს სძენდა. ორი ახალი საწარმოსა და სემინარიის ამოქმედებამ ძალიან გააძლიერა ხონის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი დაწესებულება – „იარმარკა“. ვინაიდან ქალაქი ახლოს იყო ქუთაისთან, სამეგრელოსთან, გურიასთან, ლეჩხუმთან, სავაჭრო გზებთან, ხონში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან პარასკევობით ყოველთვის დიდი ბაზრობა ეწყობოდა. ბაზრობის მრავალფეროვნებასა და გამორჩეულობას უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი ებრაელებიც, რომელთა კოლონიაც მოგვიანებით კულაშში გაასახლეს. ერთი სიტყვით, მანუფაქტურული წარმოებითა და ვაჭრობით ხონი იმერეთის მოწინავე პუნქტი იყო. „იარმარკის“ ფუნქციონირებაში ადგილობრივები ახალგაზრდული ასაკიდანვე ერთვებოდნენ და ნამდვილ პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდშიც, ხონელები ბოლშევიკური რეჟიმის პირობებშიც ახერხებდნენ საქონლის გატანას შორეულ ქალაქებში და იქიდან დეფიციტური პროდუქტებისა თუ საგნების შემოტანას. ჩემი დიდი ბაბუაც ამგვარი მაქინაციების შუაგულში აღმოჩენილა, ჩეკას ორჯერ დაუპატიმრებია არალეგალური ვაჭრობისთვის. მიუხედავად ამისა, პეტრეს ყველა მაინც პატიოსან კაცად იცნობდა, არ იპარავდა, არ იტყუებოდა და თავისი საქმით ბევრ ადამიანს უმართავდა ხელს.

თითქმის ოცი წელი გავიდა და დღემდე მახსოვს ეს საშინაო დავალება. მან მომცა შესაძლებლობა:

  1. ჩემს ცხოვრებაში შემომეყვანა ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად არ ვიცნობდი. დამეწყო ფიქრი მის გრძნობებზე, ტკივილზე, განვლილ გზაზე;
  2. გამეხედა ჩემი ქალაქის, დიდი მეგაპოლისის მიღმა, გავქცეულიყავი შორს ხმაურიანი თანამედროვეობისგან. დამენახა კავშირი საუკუნის წინ საქართველოში დაწყებულ პროცესებსა და ვთქვათ, ბებიაჩემის მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულს შორის;
  3. აღმომეჩინა ერთი ციდა ქალაქის უპირობო განსაკუთრებულობა. მეგრძნო, რომ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს თავისი ორიგინალური ისტორია აქვს.

იმედი მაქვს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაცილებით მეტი მასწავლებელი გასცემს ისეთ საშინაო დავალებას, რომელიც ბავშვებს ათეულობით წლის შემდეგაც ემახსოვრებათ.

ლიტერატურის გაკვეთილები არდადეგების შემდეგ

0

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ სწავლის განახლება ზოგი მოსწავლისთვის სახალისოა, ზოგი კი სიზარმაცეს ვერ ელევა. ძნელია, როცა ჯერ ისევ მოკლე დღეა, სიბნელესა და სიცივეში ადგე, მოწესრიგდე, რუტინას დაუბრუნდე. მაგრამ ისიცაა, რომ მონატრებულ მეგობრებს შეხვდები, განვლილ დღეებს მათთან გაიხსენებ, შეაჯამებ და ახალ-ახალ თავგადასავლებსაც დაიწყებ მათთან ერთად.

ჩვენზე, მასწავლებლებზე, ბევრია დამოკიდებული. მოსწავლის მოტივაცია პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ საინტერესო და სახალისო დავალებებს. ფაქტობრივად, ახალი სემესტრის დასაწყისი ხელახლა გვაძლევს შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს მოსწავლეებთან, გავუღვივოთ მათ ინტერესი კითხვის მიმართ და გავუმარტივოთ ყოველდღიურობა.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იყენებს, მაგრამ ვფიქრობ, აჯობებს, ერთად მოვუყაროთ თავი:

  1. აქტივობა საკლასო ოთახის შესამზადებლად:

ვთხოვოთ მოსწავლეებს, დახუჭონ თვალები და გრძნობის ორგანოების საშუალებით აღწერონ ერთი მომენტი არდადეგებიდან (მესმის, ვხედავ, ვგრძნობ (შეხებას, გემოს)…

  1. დავურიგოთ მათ სტიკერები ან ბარათები და ვთხოვოთ, ჩამოწერონ ამ დღეებთან დაკავშირებული ემოციები და გაიხსენონ შესაბამისი სიტუაცია…
  2. ყინულის გასალღობად, საკლასო ოთახში გონებით (და არამხოლოდ ფიზიკურად) დასაბრუნებლად ვკითხოთ მოსწავლეებს:
  • არდადეგების დროს წაკითხული რომელი წიგნი იყო გამორჩეული შენთვის?
  • გაგვიზიარე შენი სადღესასწაულო ემოციები (ეს ემოციები შეიძლება წიგნებს ან ფილმებს უკავშირდებოდეს და არა რეალურ ამბებს).
  • როგორი დამოკიდებულება გაქვს კითხვასთან ახლა, როცა დავბრუნდით?

ეს და მსგავსი შეკითხვები ეხმარება მოსწავლეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ და განეწყონ სასწავლო პროცესისთვის.

  1. 4. ლიტერატურული ჟურნალები/დღიურები:

ვთხოვოთ მოსწავლეებს, დაწერონ სწრაფი ჩანაწერი ჟურნალში/დღიურში, და გვიამბონ არდადეგების დროს წაკითხული, ან დაუსრულებელი წიგნების შესახებ. შეგვიძლია, კითხვები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

  • არდადეგებზე წაკითხულ რომელ ტექსტს გამოარჩევდი? რატომ?
  • რამ გაგაკვირვა? რატომ?
  • როგორ შეიძლება, არდადეგებზე წაკითხული ამბები გაკვეთილებზე ნასწავლ ტექსტებს დავუკავშიროთ?

ეს დაეხმარება მოსწავლეს წაკითხულსა და ნასწავლს შორის კავშირების პოვნასა და პირადი გამოცდილების გამოყენებაში.

  1. 5. წავიკითხოთ ხმამაღლა/გავმართოთ დისკუსია:

შეგვიძლია, გაკვეთილი სეზონთან, ამინდთან, მიმდინარე დღეებთან დაკავშირებული ტექსტიდან ამონარიდით დავიწყოთ. მთავარია, თემა და ტექსტი ისე შევარჩიოთ, რომ ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკას მივმართავთ თუ თანამედროვე ნაწარმოებით დავკმაყოფილდებით. წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია:

  • ვთხოვოთ მოსწავლეებს, გაგვიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილება ამბავზე;
  • განვიხილოთ ტექსტში გამოყენებული ახალი ლექსიკა ან ლიტერატურული ხერხები;
  • ვთხოვოთ, გამოთქვან ვარაუდი, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, კითხვის პროცესი დასრულებული არ აქვთ).
  1. 6. მიზნების დასახვა:

მოსწავლეებს გამოვათქმევინოთ თავიანთი სურვილები, მივცეთ თემატური ჩამონათვალი იმ თემებისა თუ წიგნებისა, რომლებსაც წაიკითხავენ ამ სემესტრის/წლის განმავლობაში. მივცეთ საშუალება, თავად დასახონ კითხვის გეგმა. შეგვიძლია, შემდეგი შეკითხვებით განვაწყოთ ისინი კითხვის პროცესისთვის:

  • როგორი მოთხრობების ან წიგნების წაკითხვას ისურვებდი ამ სემესტრში?
  • ხომ ვერ გამოყოფ შენთვის საინტერესო ჟანრს ან ავტორს?
  • როგორ ფიქრობ, რაში გვეხმარება კითხვა?

მსგავსი დამოკიდებულების გაჩენა მოსწავლეებს საკუთარი გრძნობების, ემოციების გამოხატვისკენ უბიძგებს და განაწყობს მომავალი გაკვეთილებისთვის.

  1. 7. თვალი გადავავლოთ ლიტერატურულ ცნებებს:

მიმოვიხილოთ წინა სემესტრში, წინა წელს განხილული ძირითადი ლიტერატურული ცნებები თუ ტერმინები (პერსონაჟები, გარემო, სიუჟეტი, თემები…). ამისთვის გამოვიყენოთ სახალისო თამაშები, ვიქტორინები ან საკლასო დისკუსია. შემდეგ შევეხოთ იმ ახალ ცნებებსა თუ უნარებს, რომლებსაც ისინი ისწავლიან (მაგალითად, მხატვრული ენა, სიმბოლოები, თხრობის მანერა…). ამისთვისაც შეგვიძლია, მივმართოთ სხვადასხვა აქტივობას:

  • მოკლე ვიქტორინა ან ინტერაქტიური თამაში (მაგ. Kahoot ან სხვა პლატფორმის მეშვეობით) წინარე ცოდნის შესამოწმებლად.
  • მინი-გაკვეთილი ახალი ლიტერატურული ელემენტის შემოსატანად, სადაც მოსწავლეებს ამ ახალ ტერმინს შევასწავლით.

ეს დაგვეხმარება განვლილი მასალის სწრაფად და ეფექტიანად მიმოხილვაში და ახალი ცნებების დამუშავებასაც შეუწყობს ხელს.

ასე ნელ-ნელა, გართობით, ხალისით, გამეორებით, მთავარი საკითხების გამოკვეთით შეგვიძლია უმტკივნეულოდ, შეუფერხებლად გადავიდეთ ენისა და ლიტერატურის სამყაროში!

BRICS – გლობალური სამხრეთის ხმა

0

BRICS ბლოკი (Brazil, Russia , India, CHina, South Africa) განვითარებადი ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი გაერთიანებაა მსოფლიოში.

ტერმინი BRIC პირველად გამოიყენა 2001 წელს ამერიკული საფინანსო-საინვესტიციო კომპანიის „გლობალ საქსის“ გლობალური ეკონომიკის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა ჯიმ ო’ნილმა, მშპ-ის მოცულობით ყველაზე დინამიკურად ზრდადი ოთხი ძირითადი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის აღსანიშნავად.

BRICS-ის შექმნის ინიციატორი რუსეთი იყო.

2006 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებით, BRICS-ის პირველი მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა. მათი შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაფართოება იყო.

რუსეთის ინიციატივით 2008 წლის 16 მაისს ეკატერინბურგში გაიმართა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი კომუნიკე, სადაც ასახულია საერთო პოზიციები გლობალური განვითარების აქტუალურ საკითხებზე.

BRIC-ის ქვეყნებმა პირველი სამიტი 2009 წელს კვლავ მოსკოვის ინიციატივით რუსეთში, ეკატერინბურგში გამართეს. ყურადღება გაამახვილეს გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ფინანსური ინსტიტუტების რეფორმაზე; თუ როგორ შეიძლება, განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტად ჩაერთონ გლობალურ პროცესებში.

2009 წლის ეკატერინბურგის სამიტის შემდეგ, BRIC-ის ქვეყნებმა განაცხადეს ახალი გლობალური სარეზერვო ვალუტის საჭიროების შესახებ, რომელიც უნდა იყოს „მრავალფეროვანი, სტაბილური და პროგნოზირებადი“.

BRIC 2009 წლიდან ყოველწლიურად ატარებს სამიტებს, რომლებსაც წევრი ქვეყნები რიგრიგობით მასპინძლობენ.

2010 წელს ბლოკში კიდევ ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გაწევრიანდა. ახალი წევრის დამატებამ ორგანიზაციის სახელწოდება შეცვალა და გადაკეთდა, როგორც „BRICS“.

BRICS, რომელსაც ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ „გლობალური სამხრეთის ხმა“ უწოდა, აერთიანებს სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:

B: ბრაზილია – სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით;

R: რუსეთი – ამ დრომდე ძირითადი მოთამაშე აზიასა და ევროპაში, ასევე მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით;

I: ინდოეთი – მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელშიც დიდი წილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების [software] სერვისებს;

C: ჩინეთი – ახლა რიგით უკვე მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, გლობალური წარმოების „ჰაბი“ და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, რომელმაც სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

S: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, – ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე აფრიკის კონტინენტზე, 2024 წლამდე კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელი.

2024 წლის 1 იანვარს ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ოფიციალურად შეუერთდნენ BRICS-ს, რითაც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა მსოფლიო ასპარეზზე გააფართოვეს და გაზარდეს. სამიტზე მიწვეული იყო საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ გააძლიერებს BRICS-თან პარტნიორობას და არ განიხილავს წევრობას, თუმცა ჯერ კიდევ 2022 წელს ქვეყანამ გამოხატა ბლოკში გაწევრების ინტერესი. ნავთობის მთავარი ექსპორტიორის საუდის არაბეთის წევრობა ხელსაყრელი იქნებოდა BRICS-ისთვის.

ბლოკში მიწვეული იყო არგენტინაც, თუმცა, სამხრეთ ამერიკელმა ერმა შეთავაზებაზე ოფიციალური უარი 2023 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა. არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ წევრობა „ამ დროისთვის მიზანშეწონილად არ იყო მიჩნეული“. ვრცელდება უფრო რადიკალური განცხადებაც: არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მელეიმ უარყო ბრიქსი და თქვა, რომ ის „კომუნისტებთან მოკავშირეობას არ დაამყარებს“.

2024 წლის სექტემბერში ბლოკში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა ალჟირმაც.

2024 წლის BRICS-ის სამიტის შემდეგ, ბრაზილიამ დაბლოკა ვენესუელის განაცხადი ბლოკში, ძირითადად 2024 წლის არჩევნებისა და მიმდინარე კრიზისის გამო. საპასუხოდ ვენესუელამ ბრაზილიიდან თავისი ელჩი გაიწვია.

2024 წლის ოქტომბერში BRICS-მა „პარტნიორ ქვეყნებად“ მიიწვია – ალჟირი, ბელორუსია, ბოლივია, კუბა, ინდონეზია, ყაზახეთი, თურქეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.

2025 წლის 6 იანვარს, ინდონეზია BRICS-ს ოფიციალურად შეუერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი, რაც გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ბლოკს, ასევე BRICS-ის მე-10 წევრი.

BRICS-ის გაფართოებაზე საუბრისას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა BRICS-ის შესახებ, როგორც გლობალური სამხრეთის ხალხების საჭიროებებისა და საზრუნავების დამცველი. იგი მოიცავს მომგებიანი ეკონომიკური ზრდის, მდგრადი განვითარებისა და მრავალმხრივი სისტემების რეფორმის აუცილებლობას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი წევრების დამატება ბლოკის გაფართოების პროცესის მხოლოდ დასაწყისია: „როგორც BRICS-ის ხუთმა ქვეყანამ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას BRICS-ის გაფართოების პროცესის პრინციპებზე, სტანდარტებზე, კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია განიხილება. ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ გაფართოების პროცესის პირველ ფაზაზე, რასაც შემდგომი ფაზები მოჰყვება”.

BRICS-ის წევრი ქვეყნები

BRICS-ის წევრი ქვეყნები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 %-ს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთის ქვეყნების მიერ მოსკოვის იზოლაციაში მოქცევის მცდელობებს.

2024 წლის იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობდა, 2025 წელს კი – ბრაზილია.

BRICS-ის ლოგო 2025 წლის ბრაზილიის თავმჯდომარეობის დროს

BRICS-ზე დედამიწის მოსახლეობის ნახევარი და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის. ორგანიზაციის ლიდერთა შორის ჩინეთი და ინდოეთია – ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, პლანეტის სამომავლო დღის წესრიგს განსაზღვრავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის გავლენა გაიზარდა გასული ათწლეულის განმავლობაში, ისტორიული მეტოქეობა და ინტერესთა კონფლიქტი ნიშნავს, რომ ცალკეული წევრების მიზნები ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს და რუსეთ-უკრაინის ომი და ახალი პრეზიდენტის არჩევა ბრაზილიაში აჩენს კითხვებს BRICS-ის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა 2024 წლის გაფართოების შემდეგ ათობით სხვა ქვეყანაა დაინტერესებული გაწევრიანებით.

BRICS-ის ბლოკი მზად არის გახდეს „გლობალური სამხრეთის“ პროგრესის მექანიზმი მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რასაც ბევრი მსოფლიო წესრიგის შეცვლად მიიჩნევს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.statista.com/chart/30641/gdp-per-capita-in-brics-and-g7-countries/ ; https://www.statista.com/chart/33311/brics-share-of-global-gdp-and-population/ ; https://www.statista.com/chart/30638/brics-and-g7-share-of-global-gdp/ ; https://www.cfr.org/backgrounder/what-brics-group-and-why-it-expanding#chapter-title-0-3

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...