შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

როგორ მოვიპოვოთ მხარდამჭერები და რესურსები სკოლისთვის

0

სასკოლო გარემოს ცვლილება და არაფორმალური განათლების ელემენტების ინტეგრირება რესურსებთანაა დაკავშირებული. მასწავლებელს ინიციატივისა თუ იდეის განსახორციელებლად ესაჭიროება საკანცელარიო ნივთები, თანამედროვე ლიტერატურა, სივრცის აღჭურვა ტექნიკით და ა.შ.

საჯარო სკოლები რესურსების სიმწირეს განიცდიან. სკოლების უმრავლესობას არ აქვთ დამატებითი ფინანსური სახსრები, მცირე კონტინგენტის გამო. მეორე ნაწილი მხოლოდ სკოლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ აუცილებელ შესყიდვებს ახორციელებს. არსებობს სკოლების (დირექტორების) კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც ერიდებიან მასწავლებლების შესაბამისი რესურსებით მომარაგებას.

ამ სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან სკოლებს და მათ, ვისთვისაც განათლება პრიორიტეტულია. დაინტერესებულ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ წინადადებების წარდგენა არსებული პრობლემის გადაჭრისა თუ რესურსების მობილიზების მიზნით.

საქართველოში ერთეულია ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მხოლოდ სკოლის რესურსებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. სწორედ ასეთ ფონდს წარმოადგენს www.donors.ge. წამოწყების მიზანია თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს საბაზისო და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსები სკოლის მოსწავლეებისათვის, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. პლატფორმაზე ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია დაამატოს საკუთარი იდეა და მისი მოწონების შემთხვევაში, ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ფინანსური რესურსის შეგროვების მიზნით.

ფონდი ფინანსების მოძიებას უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობით. დაინტერესებული პირები ნახულობენ მასწავლებლების ინიციატივებს და ფინანსური შენატანით ეხმარებიან მათ განხორციელებაში. სამიზნე თანხის შეგროვების შემდეგ, ფონდის წარმომადგენლები ყიდულობენ რესურსებს (წიგნები, ტექნიკა თუ სხვა რამ) და გადასცემენ სკოლას/მასწავლებელს.

2021 წელს სწორედ ამ ფონდის დახმარებით, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მეწარმეთა კლუბს გადაეცა 1000 ლარის ღირებულების რესურსი.

სამოქალაქო განათლების პროგრამა

USAID-ის დაფინანსებით, სამოქალაქო განათლების ახალი მასშტაბური ხუთწლიანი პროგრამა 2022 წელს დაიწყო. აღნიშნული პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს 650 სკოლასთან.

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პერიოდულად ცხადდება მცირე გრანტების კონკურსები. პროგრამაში ჩართული სკოლების, სამოქალაქო კლუბებს, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება, 450$-ის ეკვივალენტი ლარში.

2023 წელს მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს ქალაქ მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ინიციატივებმა.

ვრცლად იხილეთ აქ: https://civics.ge/

მასწავლებლებს შორის ძალიან პოპულარულია პლატფორმა „ორბელიანი მეტი“. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სკოლების საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი აღჭურვა და განვითარებაა.

პლატფორმა „ორბელიანი მეტი“ თანადაფინანსების პრინციპითა და ფინანსური რესურსის საზოგადოების მხარდაჭერით შეგროვების პრინციპით მუშაობს. ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია დაამატოს საკუთარი იდეა. გარკვეული ეტაპების შემდეგ ინიციატივები ქვეყნდება პლატფორმაზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმდინარე პროექტების გაცნობა და სასურველი თანხის გადარიცხვა. სამიზნე თანხის შეგროვების შემდეგ, ორგანიზაცია აკეთებს თანადაფინანსებას და შეგროვილ ფინანსურ რესურსს გადასცემს იდეის ავტორს.

დასრულებულ პროექტთა ჩამონათვალში უამრავია ისეთებიც, რომლებიც სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მათ შორის იხილავთ 2021 წელს დაფინანსებულ პროექტს ჩემი ავტორობით „განათლების ბაღი“.

საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო 3-წლიანი სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღია განაცხადების მიღებას ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი აჭარის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.

ორგანიზაცია ვერ გასცემს გრანტებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. სკოლებს/მასწავლებლებს ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ვრცლად იხილეთ აქ: https://una.ge/archive?lang=ge&id=866

საქართველოში ფუნქციონირებს ევროპის ფონდის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული იდეის 18 კომიტეტი შემდეგ რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში/დასახლებებში: ახმეტა, ასპინძა,ახალქალაქი, აჭარა, ბოლნისი, ჩოხატაური, დედოფლისწყარო, გარდაბანი, გორი, ხობი, ხონი, მარნეული, ფოთი, რაჭა, სვანეთი, ტყიბული, წალკა და წეროვანი.

ახალგაზრდული იდეა ყოველწლიურად აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რომლებიც ითვალისწინებს ახალგაზრდების, აქტიური მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების დაფინანსებას 960 ლარამდე ოდენობის ფინანსური რესურსით. კონკურსში სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო კლუბებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა – ჩვენი მომავლისთვის 2022 წელს 960 ლარის დაფინანსება მიიღო პროექტისთვის „ათი ბარათი გენდერული თანასწორობისთვის“.

უშუალოდ განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი. ფონდმა, 2022 წელს, ღია კონკურსის წესით შეარჩია ორი სკოლა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ რვა ათასი ლარი. სკოლები, მიღებულ ფინანსურ რესურსს ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო საჭიროებების აღმოსაფხვრელად გამოიყენებენ.

საქართველოში საგრანტო კონკურსებს აცხადებენ ან აქვთ ღია წესით კონკურსები შემდეგი ფონდებს/ორგანიზაციებს:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პერიოდულად აცხადებს სხვადასხვა შინაარსის საგრანტო კონკურსს, სადაც განათლების მიმართულებაა პრიორიტეტული.

ფინანსური რესურსის მოძიება, ასევე, შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. მუნიციპალიტეტის მერიები, მათ სამოქმედო არეალში არსებული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით, ხშირად აცხადებენ მცირე საგრანტო კონკურსებს. გარდა საგრანტო კონკურსებისა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს პეტიციით/განცხადებით და სთხოვონ თანამონაწილეობა კონკრეტული ინიციატივის განხორციელებაში.

მაგალითისათვის ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მიმართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვეს სკვერის სკამები და ნაგვის ურნები.

ვფიქრობ, აქტიურმა მასწავლებელმა მუდმივად თვალი უნდა ადევნოს ვებგვერდს პროექტები საქართველოში. აღნიშნულ პლატფორმაზე ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფინანსური გარე რესურსის მობილიზების გარე გზები მუშაობს. მნიშვნელოვანია გვყავდეს მოტივირებული, ცვლილებაზე ორიენტირებული მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები. ჩამოთვლილი თუ სხვა ორგანიზაციებთან/ფონდებთან თანამშრომლობით შესაძლებელია საინტერესო გავხადოთ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება, მოვაგვაროთ სკოლაში არსებული პრობლემები და წავახალისოთ ფორმალური თუ არაფორმალური განათლება სკოლაში.

***

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რამდენად ექნებათ საჯარო სკოლებს წვდომა დამატებით რესურსებზე, ჯერ ბუნდოვანია. ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით USAID-ის პროექტები დროებით (90 დღით) შეჩერდა, რამაც სამოქალაქო განათლების პროგრამის გაჩერებაც გამოიწვია.

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის პირველი ნომერი გამოიცა!

0

წერილი, რომლის ამონარიდსაც რედაქტორის წერილში წაიკითხავთ, 120 წლისაა.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ქართველი საზოგადოება შეთანხმებული იყო  მთავარ ღირებულებებზე განათლებაში და ის თავმოყვარე, თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანის აღზრდას გულისხმობდა.

მას შემდეგ  განათლების რეფორმის რამდენიმე ფერის და ფორმის ცვალება გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თითოეულ მათგანში, ცხადია, ეს სურვილები გაცხადებული იყო და ძალისხმევაც აქეთკენ მომართული.

თუმცა, 120 წლის შემდეგაც ეს წერილი ისეთივე თანამედროვეა და ისევე იკითხება, როგორც მაშინ  და   დღესაც  ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევ ეს სატკივარია.

„საზოგადოებას ესაჭიროება არა კაცი მორჩილი, მუდამ ქედ-მოხრილი, სხვის თვალში მაცქერალი, არამედ კაცი დამოუკიდებელი, თავმოყვარე, თავისუფლების მოტრფიალე, – ერთის სიტყვით, ნამდვილი მოქალაქე, როგორც ეს ესმის დღეს ყოველ განვითარებულ ევროპიელს. რაც ანვითარებს მონობას, აუძლურებს ადამიანის ხასიათს, ჰკლავს დამოუკიდებლობას, – ის საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგია, საზოგადოების მერმისის დამღუპველია. ვინც მონაა, სულით დამონებას ემორჩილება, ის საზოგადოების დამაბრკოლებელი ბარგია. საზოგადოების მტერია. ამიტომაც სკოლა თავიდანვე უნდა ანვითარებდეს მოწაფეში იმ მოქალაქეობრივ თავისუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც აუცილებელ საჭიროებას, აუცილებელ საფუძველს შეადგენს ყოველ საზოგადოებისათვის.

აქედან ცხადია, – სასწავლო საგნებიდან უნდა გამოირიცხოს ყველაფერი, რაც მოქალაქეობრივ თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. და სწორედ ამ თავისუფლებას ეწინააღმდეგება ყველაფერი ის, რაც ყალბია, არა-მეცნიერულია. მეცნიერება თავის მიდრეკილებით მონობის მტერია. იქ, სადაც მონობაა, მეცნიერება ფეხს ვერ იკიდებს. მეცნიერება და თავისუფლება ტყუპი ძმები არიან. ისინი წარმოიშვენ ერთის საზოგადოებრივ პროცესისაგან და ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ერთად მოქმედებენ. როცა ხალხში გამეფებულია მონობა, მეცნიერებასაც გზა დახშული აქვს; ხოლო როცა მეცნიერება გზას გაიკაფავს, თავისუფლებაც აღორძინდება.

  ილია ჭავჭავაძე

„ განათლების რეფორმის შესახებ“ – ივერია, 1905 წელი

თუ დღეს სხვაგვარად არ ვფიქრობთ, მაშინ გავბედავ და ცოტა რიტორიკულად ვიკითხავ − სურვილები და სინამდვილე რატომ არ არიან თანხვედრაში?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: მანანა ბოჭრიშვილი, ნათია ფურცელაძე, თამთა დოლიძე,  მაია ფირჩხაძე,  ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი,  თემურ სუყაშვილი,  ქრისტინე სურგულაძე,  ირმა ტაველიძე,  ნათია ნაფეტვარიძე, მედეა კავთუაშუილი, მაია მენაბდე, მარიამ გოდუაძე, გიორგი ჭაუჭიძე, მაია ინტბელიძე, ლევან ალფაიძე, ირენა მახარაძე, დიანა ანფიმიადი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

 ჟურნალი “მასწავლებელი” #1 2025

დააკვირდი – წარმოთქვი- დაფარე- დაწერე -შეამოწმე

0

გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ამავდროულად, ის ხელს უწყობს დაკვირვების, დამახსოვრებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებასაც.

სტრატეგია ეფუძნება ხუთ მარტივ პრინციპს:

  1. დააკვირდით სიტყვას ყურადღებით.
  2. წარმოთქვით ხმამაღლა, გამოთქმის გასაძლიერებლად.
  3. დაფარეთ სიტყვა.
  4. დაწერეთ სიტყვა მეხსიერებიდან.
  5. შეამოწმეთ მართლწერა სიზუსტისათვის.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ მომზადებულ შაბლონებს, რომლის პირველ სვეტში მოცემულია სიტყვების ჩამონათვალი.

მოსწავლეები აკვირდებიან თითოეულ სიტყვას და ხმამაღლა წარმოთქვამენ. როდესაც ყველა სიტყვას წაიკითხავენ, პირველ სვეტს დაფარავენ სუფთა ფურცლით და მეორე სვეტში დაწერენ მეხსიერებაში დამახსოვრებულ სიტყვებს. ბოლოს შეამოწმებენ დაწერილი სიტყვების სიზუსტეს პირველი სვეტის დახმარებით. თუ რომელიმე სიტყვა არასწორად იქნება დაწერილი, შეასწორებენ და ჩაწერენ მესამე სვეტში.

შენიშვნა: სიტყვების რაოდენობას განსაზღვრავს მასწავლებელი.

 

მოსწავლეებს უჭირთ კომპოზიტების (რთული სიტყვების) მართლწერა. ამიტომ პერიოდულად ვიყენებ ამ მეთოდს.

შაბლონის პირველ სვეტში შეგვიძლია, ჩავწეროთ, როგორც ერთცნებიანი, ასევე – ორ- და მეტცნებიანი კომპოზიტები, რაც უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს. ქვემოთ განხილულია ყველაზე მეტად გავრცელებული კომპოზიტები.

ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები:

კაშკაში, რაკარუკი, ბინდბუნდი, არემარე, ჩამიჩუმი, ქოხმახი, ახლომახლო, უსწორმასწორო, სხაპასხუპი, ბრახაბრუხი…

ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში „და“ კავშირია ჩასმული:

თანდათან, ცხენდაცხენ, გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, სხვადასხვა, ხანდახან, კვალდაკვალ…

სხვადასხვა ფუძის ან ფორმის შეერთებით მიღებული კომპოზიტები:

გლეხკაცი, ახალგაცნობილი, გულდამწვარი… დედაბუნება, ელექტროგადამცემი, კინოფირი, ლუკმაპური, რადიოგადაცემა, წყალსადენი… დისშვილი, ხელისგული, კარისკაცი, ვარდისფერი, ცხვირსახოცი, ერთადერთი… ზედამხედველი, თანასკოლელი, წინდახედული… ხელფეხგახსნილი, ცხვირპირდასიებული…

ნათესაობის აღმნიშვნელი კომპოზიტები, როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა: ბებიაჩემი, ბიძაშენი, ბებიათქვენი.

კომპოზიტები, რომლებიც დეფისით იწერება:

სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები

ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი, ალალ-მართალი, სვე-ბედი, ტოლ-ამხანაგი, ღარიბ-ღატაკი, ოხერ-ტიალი, მთა-ბარი, დიდ-პატარა, კვლევა-ძიება, მშვილდ-ისარი, ჩოხა-ახალუხი, სასოფლო-სამეურნეო, ფოსტა-ტელეგრაფი…

ზმნისწინით განსხვავებული ან სხვადასხვა ფუძის მქონე ზმნების გაერთიანება

გაიხედ-გამოიხედა, აიხედ-ჩაიხედა, გაატარ-გამოატარა…

სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ზმნიზედები ან ზედსართავები

ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ნაპირ-ნაპირ, ცხელ-ცხელი, ჭრელ-ჭრელი…

მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, გზა-გზა, ლამაზ-ლამაზი, მაღალ-მაღალი…

გაორკეცებული რიცხვითი სახელები

ორ-ორი, ერთ-ერთი, ათ-ათი…

უდეფისო, მაწარმოებელი სუფიქსების მქონე კომპოზიტები:

დედაშვილობა, უდედმამო, უსახლკარო, სტუმარმასპინძლობა…

მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სწავლების სამივე საფეხურზე, სხვადასხვა მიზნით, განსაკუთრებულად მომგებიანია დიფერენცირებული სწავლების პროცესში, როცა შაბლონში სიტყვების რაოდენობას, შინაარსსა და სირთულეს განსაზღვრავს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. შესაბამისად, შეგვიძლია, გავამარტივოთ ან გავართულოთ დავალება.

შაბლონებით სწავლება უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ პრაქტიკას, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს საკუთარი თავის ნდობისა და შესაძლებლობების მიმართ.

შაბლონი

გამოყენებული რესურსები:

https://www.teachstarter.com/us/blog/christmas-games-for-kids/

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/qartul_enis_marTlwera/qartul-enis_marTlwera-tavi-6.htm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზამთრის მიწურულის ჩანაწერები 

0

პირველი ნაწილი

ამასწინ ვუყურებდი გოგი გვახარიას გადაცემას რეზო კიკნაძეზე, რომელიც იმ სახლში და ეზოშია გადაღებული, სადაც სტუმრობა ძალიან ცუდად მყოფს მომიხდა. ეგრე გამოვიდა, რომ ჯერაც ვახერხებდი ნაძალადევ სიარულს და რახან სიარულს – მუშაობასაც. ზურაბ კიკნაძეს სანახავად და პორტრეტის მოსამზადებლად სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. მახსოვს, ოდესღაც, როცა, პირველ კურსზე მივედი, პირდაპირ ფოლკლორის სემინარზე აღმოვჩნდი. ქურუმის გარეგნობის კაცი იდგა, მოგრძო თმით, შესამჩნევი საქორწინო ბეჭდით, ხელში დაკუჭული ფურცლები ეჭირა, ჩახედავდა, ოდნავ თითქოს შეხტებოდა და ფართო, წყლიანი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა. იყურებოდა და ამბობდა:

„ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა“.

ეგ კაცი იყო ჩემი დიდი მასწავლებელი და მეგობარი – ზურაბ კიკნაძე. რეზოს მამა. ჰოდა, ბოლოს ეგრე აღმოჩნდა, რომ კახეთში ვესტუმრე. მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა, არადა, ზოგადად იმ დროიდან ცოტა მახსოვს. და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – აქ მარტო ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორად, სჯობს, რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. „მეტანოია!“ – ეს მითხრა, გამოსამშვიდობებლად როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – „მეტანოია!“.

….

გაუქმების კულტურა და ვოუქიზმი აღმოჩნდა შავი ჭირი, რომელიც მიეტმასნა და მნიშვნელოვნად გამოშიგნა კაცობრიობის უკეთესი გზით განვითარების იდეა.

ჰუმანიზმის ლოზუნგით რევოლუციური წინსვლის მეთოდი ამორფული აღმოჩნდა და გარდაუვალ ჩიხს გულისხმობდა. ადამიანი, საზოგადოება, კონცეფცია, რომელიც მხოლოდ ძახილის ნიშანს სვამს ან წერტილს და არასდროს იყენებს კითხვის ნიშანს – ვეღარ ვითარდება.

ადამიანმა მოიგონა სამართალი და კანონი დანაშაულის აღმოსაფხვრელად და დამნაშავის დასასჯელად. დასასჯელად და არა გასაუქმებლად. არავის აქვს სხვისი უვადო იზოლაციის უფლება და მით უფრო არ აქვს ეს უფლება კანონს მიღმა. არ შეიძლება ამგვარი ამბავი მოდური გახდეს და ერთმანეთის წამხედურობით თუ იძულებით ერთვებოდეს მეორე და მესამე. არც ის შეიძლება, რომ მეტანოია, შენანება ლექსიკონიდან ამოიღო და ეგ პროგრესად მიგაჩნდეს. თან ვინ? ეგ ცალკე კითხვაა და ცალკე სამსჯელო.

მეორე და ლოგიკური სირთულე – სხვაგან და აქაც – ამ პროცესს მიეკედლა უნიჭო და ზოგჯერ, სამწუხაროდ, მოტივირებულად ბოროტ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საზოგადოებაში ისტერიული ტივტივის ერთადერთ ინსტრუმენტად ქოროს ნაწილად ყოფნა მიაჩნდა. ალბათ სწორადაც – არ მგონია, რამე სხვა საქმე, მათთვის შესაბამისი ყოფილიყო. რიგ შემთხვევებში, ეს მართლა ბოლშევიკურ მეთოდიკას დაემსგავსა – ცილისწამების გაიოლებით და ამავდროულად სტანდარტების იმის მიხედვით მონაცვლეობით, რაც კონკრეტულ ტალღას აწყობდა – წინა თუ უკანა რიცხვით.

და მესამე – ყველაზე მეტად ამ საქმით, რეტროგრადული და ტოტალიტარული რეჟიმები სარგებლობდნენ და სარგებლობენ. რატომ და როგორ, რთული მისახვედრი არ არის.

როგორც პატივცემული კამიუ იტყოდა, ამ მხრივ უკვე – „ზომიერების სიმამაცის“ – დროა.

 

ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

0

ჩილეს ამაყი შვილი, ლაუტარო – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უწყვეტი ისტორია

პირველი ნაწილი

აშკარაა, რომ ესპანელებს არ გააჩნდათ მცირედი საბაბიც კი ამერიკის კონინენტის დასაზიანებლად და იქ ომის წამოსაწყებად. აშკარაა ისიც, რომ ომი, როგორც ასეთი, არ ყოფილა. მათი [ესპანელების] ქმედებები უბრალოდ უკანონო გახლდათ, გამარჯვებად ითვლებოდა მკვლელობები, ხოლო დაპყრობები ხორციელდებოდა ძალადობისა და ძალაუფლების უზურპაციის გზით. დაღვრილი სისხლი, გაძარცვული ქალაქები, დანგრეული პროვინციები – ასეთია მათი ბოროტმოქმედებანი, ღთისა და ხალხის წინაშე“.

ფრანსისკო დე მირანდა (ვენესუელელი რევოლუციონერი, ე.წ. El Precursor-ის „წინამორბედი, ლათინური ამერიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის ინიციატორი, მისი განმათავისუფლებლის, გენერალ სიმონ ბოლივარის წინამორბედი. 1801 წ.)

 

ჩვენი დღევანდელი საუბარი, სამხრეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის იმ ნაწილს შეეხება, რომელიც დღემდე არ ემორჩილება ევროპული (ესპანური) კოლონიზაციის შედეგებს და რომლის დამონებაც ვერ შეძლეს ვერც ინკებმა და ვერც ესპანელებმა! ეს ხალხია მაპუჩე (ესპ. არაუკანები) – პატაგონიის (სამხრეთი არგენტინა) და სამხრეთ-ცენტრალური ჩილეს მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც გააფთრებით იბრძვის თავისი მიწისა და უფლებებისთვის ასწლეულების განმავლობაში!

ქვემოთ შევეცდები, გესაუბროთ ქართველებისთვის შედარებით უცნობი თემის, ლათინური ამერიკის კოლონიალიზმის ისტორიისა და მისი დღევანდელი შედეგების შესახებ, რომლებიც ჩვენი დღევანდელი საზოგადოებისთვისაც საინტერესო და აქტუალურია დღეს საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური პროცესების ფონზე.

ესპანელების მიერ სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდიდან (1493 წელი, კოლუმბის მიერ კ. ისპანიოლას/ჰაიტის დაპყრობა, კარიბის ზღვის აუზში) მე-19 საუკუნემდე ესპანელებმა ვერ მოახერხეს მაპუჩეს ხალხების (ევროპელთა მიერ დარქმეული სახელი – არაუკანები; ესპანურად araucano) ბოლომდე დაპყრობა და დამორჩილება; ხოლო ლათინური ამერიკის ესპანეთისგან განთავისუფლების წლებიდან (1809-1829 წწ., „ესპანურენოვანი ამერიკის დამოუკიდებლობის ომები – Guerras de independencia hispanoamericanas“) დღემდე კვლავ გრძელდება მაპუჩეს ხალხების ბრძოლა ჩილესა და არგენტინის ახლა უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან საკუთარი მიწების მკვიდრი მოსახლეობისთვის დაბრუნების, სამართლიანობის აღდგენისა და მაპუჩეს მიწების ავტონომიისათვის.

დღესაც მიმდინარე ბრძოლის ნამდვილ სიმბოლოს წარმოადგენს მაპუჩეს ხალხის შვილი, არაუკანების მხედართმთავარი ლაუტარო (მაპუჩეს ენაზე Lef-Traru – „სწრაფი შევარდენი“, ესპ. „ლაუტარო“). არაუკანები (იგივე მაპუჩე – „მიწის ადამიანები“), ორივე ამერიკის ალბათ ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ხალხია – მათი დაპყრობა და მეტ-ნაკლებად დამორჩილება, ევროპელებმა მხოლოდ 1883 წელს მოახერხეს, სამსაუკუნოვანი „არაუკანული ომების“ შემდეგ. როგორც ესპანელი ჟამთაღმწერნი წერენ, მაპუჩეს ხალხებთან ომებში ორმოცდაათი ათასზე მეტი ესპანელი და ესპანელთა მხარეს მებრძოლი ინდიელია დაღუპული. დღეს მაპუჩეს ხალხების რაოდენობა დაახლ. 1,400,000 ადამიანს შეადგენს (ჩილესა და არგენტინაში), თუმცა მათი უმეტესობა ჩილეს რესპუბლიკაში ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ არაუკანელთა დამოუკიდებლობის ტრადიცია, ევროპულ კოლონიზაციაზე უფრო ხნიერია – არაუკანელთა დაპყრობას ესპანელებამდე ინკები ცდილობდნენ, თუმცა მათაც არაფერი გამოუვიდათ ამ მამაც და თავისუფლებისმოყვარე ხალხთან. საქმე ალბათ ის გახლავთ, რომ მაპუჩეს ხალხები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იძულებით შრომას. ამ დროს არაუკანები ყოველთვის მშრომელი ხალხია. ანდების მთებში მცხოვრები არაუკანები ოდითგანვე ცნობილნი იყვნენ სიმინდისა და კარტოფილი მოყვანით, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავებით და დღესაც, ჩილელი არაუკანების საფეიქრო ნაწარმი რამდენჯერმე უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ჩვეულებრივი საქარხნო ქსოვილი. არაუკანელთა იარაღი საგრძნობლად ჩამორჩებოდა ინკებისა და ევროპელთა იარაღს, თუმცა მაპუჩეს საზოგადოების მთავარი „იარაღი“ და აქტივი მათი საზოგადოების ტრადიციული ორგანიზაცია გახლდათ, რამაც ეს ხალხი ესპანელთა მთავარ მოწინააღმდეგედ აქცია ლათინურ ამერიკაში.

არაუკანელ-მაპუჩეს ხალხის მთავარ უპირატესობას, მათი საზოგადოებრივი ორგანიზების განსაკუთრებული ფორმები წარმოადგენდა. ეს ხალხი, ჩვეულებრივ, კლანების/ტომების (მაპუჩეს ენაზე „ლაფ“) მიხედვით იყოფოდა. არაუკანელთა ძირითად ბირთვს ჩილესა და არგენტინის ანდებისპირა ტერიტორიებზე შეადგენდა სამი მონათესავე ხალხი – მაპუჩე (Mapuche), პიკუნჩე (Picunche) და ჰუილიჩე (Huilliche). უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ მაპუჩეს ხალხები საკუთარ თავს „მაპუჩეს“ უწოდებენ (mapu = დედამიწას, მიწას; , che = ხალხს). დღეს, ჩილესა და არგენტინის არაუკანელები, ძირითადად ამ ქვეყნების რამდენიმე პროვინციაში ცხოვრობენ: ჩილეს ცენტრალურ დაბლობზე (მდ. ბიობიოს სამხრეთი), დედაქალაქი: ტემუკო, არაუკანიის რეგიონი, ჩილე და ნეუკენის (Neuquén) და რიო-ნეგროს თემები, დასავლეთ, ანდისპირა პატაგონიაში (არგენტინა). მაპუჩეს ხალხის ძირითადი საქმიანობა უკავშირდება სიმინდის, ლობიოს, გოგრის, კარტოფილის, ჩილის წიწაკისა და სხვა ბოსტნეულის მოყვანას ჩილეს ცენტრალურ დაბლობზე. ისინი ასევე კარგი მეთევზეები და მონადირეები არიან/ მესაქონლეობის მიმდევარი მაპუჩეს ხალხები ამრავლებენ ლამენსა (შალისთვის) და ზღვის გოჭებს (საკვებად). არაუკანიაში, ხშირად, ადამიანის სიმდიდრე, მისი ლამების ჯოგის რაოდენობით განისაზღვრებოდა.

მაპუჩეს ხალხებს მკაცრად განსაზღვრული კლანური და გვარ-ტომობრივი ორგანიზაცია ჰქონდათ, რაც დამახასიათებელია მთისა და მთის ხეობების ხალხებისათვის. ყოველი რვა კლანი, ქმნიდა უფრო მსხვილ გაერთიანებას „აილარეუს“, რაც ბრძოლების დროს, ძირითად მაორგანიზებელ ფაქტორს წარმოადგენდა. თითოეულ კლანს შეეძლო ათასამდე მებრძოლის გამოყვანა. შესაბამისად, თითოეული აილარეუ რვა ათას მებრძოლს გამოდიოდა. ყოველ კლანს ჰყავდა წინამძღოლი, მემკვიდრეობით გარდამავალი „ლონკო“, ტომის ბელადი. ესპანელი კონკისტადორის, ჩილეს გუბერნატორისა და დამპყრობლის, ფრანსისკო პისაროს არმიის ოფიცრის, პედრო დე ვალდივიას (1497 –1553) ჩანაწერებით, ჩილესა და არგენტინის არაუკანები აერთიანებდნენ 40 აილარეუს და 320 კლანს! იმის თქმა, თუ რამდენად ზუსტია ვალდივიას გათვლები, დღეს ძნელია. თუმცა არაუკანებთან ბრძოლებში, ესპანელთა მიხედვით, სულ მცირე ორმოცი ათასი მებრძოლი გამოსულა. თუმცა ვალდივიას მონაცემების ნდობა ალბათ შესაძლებელია, რადგან 1553 წელს, არაუკენელებთან და მათ წინამძღოლთან, ლაუტაროსთან, ესპანელების ერთ-ერთი დიდი ბრძოლის შემდეგ, ფორტ ტუკაპელთან (სამხრეთი ჩილე, ბიობიოს პროვინცია) ესპანელები დამარცხდნენ, ხოლო პედრო დე ვალდივია ტყვედ ჩაუვარდა არაუკანელებს და მას თავი მოჰკვეთეს.

მაპუჩეს ხალხების ბრძოლისუნარიანობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მათი გონიერება და გამჭრიახობა იყო – როგორც ესპანელი ჟამთაღმწერნი წერდნენ, არაუკანელთა ლეგენდარული წინამძღოლი, „ტოკუი“ (მთავარი) ლაუტარო თორმეტი წლის ასაკიდან ვალდივიას მეჯინიბე გახლდათ. ესპანელებისგან გაქცევის შემდეგ, ლაუტარომ თავისიანებს მაშინვე გადასცა ესპანელებთან შეძენილი ცოდნა, ნათლად აუხსნა თავისიანებს, რომ ესპანელი მხედრები ღმერთები არ არიან და მათსავით მოკვდავებს წარმოადგენენ, ხოლო ცხენები მოშინაურებული ცხოველები არიან; ესპანელთა თოფები კი ისეთივე იარაღია, როგორც მაპუჩეს ისრები. შედეგად, 1550 წლიდან მაპუჩეს მებრძოლები ესპანელებს უკვე თავისი კავალერიითა და ცხენოსნებით უპირისპირდებიან, რაც საბოლოოდ მაპუჩეს ჯარის მთავარი შემადგენელი ნაწილი ხდება. მაპუჩეს „საყვარელი“ გართობა ხდება ე.წ. „მალონი“ – ცხენოსანთა სწრაფი თავდასხმები ესპანელთა ფორტებზე, საქონლისა და ქალების შეპყრობის მიზნით. ამავე წლებში, არაუკანელი ხელოსნები მალევე ეუფლებიან ესპანელებისგან რკინის დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მათ ჯარს ფოლადის ისრებითა და შუბებით შეიარაღების საშუალებას აძლევს. არაუკანებმა, გარდა სამხედრო იარაღისა, სწრაფად აითვისეს ესპანელებისგან სამხედრო საქმეც. ლაუტაროს ესპანელების მონობაში გატარებულმა წლებმა მას ბევრი რამ ასწავლა – მაპუჩეს ჯარი, ლაუტაროს წინამძღოლობით, უკვე ევროპელების ტაქტიკურ ხერხებს იყენებს, რაც მათი სამხედრო წარმატებების საწინდარი ხდება. საინტერესოა არაუკანების სამხედრო სწავლების მეთოდები და წესები ახალგაზრდა მებრძოლებისათვის. სასწავლო კომპლექსში შედიოდა სხვადასხვა სპორტული თამაში: „პალინი“ – ჰოკეის მსგავსი თამაში ბალაზე; „პილმანი“ – ბურთით თამაში, წევრების გამოგდების პრინციპით; „ლინაო“ – რაგბის მსგავსი თამაში ბურთით; „ჩოიკეინი“ – სირბილში შეჯიბრი ერთ ფეხზე(!) „ლაზუ“ – ლასოს ტყორცნა და ადამიანის შებოჭვა თოკით. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აღწერილია არაუკანების ოცდაორამდე ასეთი ვარჯიში-თამაში, რომელთაც სამხედრო დანიშნულება და ახალგაზრდების წვრთნის ფუნქცია ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაუკანელების საწვრთნელი თამაშების უმეტესობა გუნდური გახლდათ. ახალგაზრდა მებრძოლს ბავშვობიდან ასწავლიდნენ იმას, რომ გამარჯვებას აღწევს გუნდი!

არაუკანელთა სამხედრო ორგანიზების კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ მათ ჯარში მკაცრად იყო განაწილებული ფუნქციები. ყოველი მებრძოლი ბავშვობიდან ირჩევდა იარაღს, მისი სურვილისამებრ: შუბი, კომბალი (მაკანა) თუ მშვილდისარი. ამის შემდეგ, მებრძოლი მხოლოდ ამ იარაღით ვარჯიშობდა. ესპანელი ბასკი პოეტი, ალონსო დე ერსილია ი სუნიგა (1533-1594), პოემა „ლა არაუკანიაში“ წერს: „ყოველ მებრძოლს ერთი თავისი იარაღი აქვს, რომელსაც სწავლობს და რომლითაც იბრძვის. ეს ყოველთვის ის იარაღია, რომელიც მებრძოლს ბავშვობიდან მოსწონდა. მებრძოლმა მხოლოდ ეს იარაღი უნდა გამოიყენოს და დრო არ დახარჯოს სხვაზე. არ ეგების, რომ მოისრემ შუბით ითამაშოს ან შუბოსანმა მშვილდისრით…“.

„მიწაზე ვარსკვლავები ცხოვრობენ. წარმოსახვის წყალი ცაში მღერის. ღრუბლების მიღმა, რომლებიც ამ წყლიდან და მიწიდან იშვნენ, ჩვენი წინაპრების ოცნებებია ჩვენ შესახებ. ისინი გვეუბნებიან, რომ მათი სული მთვარეა, ხოლო სიჩუმე, მათი გულისცემაა“ ელიკურა ჩიჰუაილაფი (თანამედროვე ჩილელი პოეტი, მაპუჩეს ხალხის წარმოადგენელი).  

არაუკანელთა ახალგაზრდა წინამძღოლი, ლაუტარო, გარდა ბრძოლისადმი ბუნებრივი ნიჭისა, შეტაკებების დროს დიდი გამჭრიახობითაც გამოირჩეოდა. ასე მაგალითად, 1553 წელს, ტუკაპელის ცნობილი ბრძოლის დროს, ლაუტარომ ფორტის აღებისას ეშმაკობას მიმართა და ესპანელების ფორტის მიმართულებით რამდენიმე ათეული მებრძოლი გააგზავნა, რომლებსაც თითქოს ფიჩხი მიჰქონდათ ფორტში. ფორტის აღების შემდგომ, დე ვალდივიას ჯართან ბრძოლისას, ლაუტარომ თავისი ჯარი რვა ჯგუფად დაყო და ისინი ერთმანეთის უკან განათავსა. ყოველ რაზმს დავალებული ჰქონდა, ებრძოლა მტერთან, სანამ ძალა ეყოფოდა, ოღონდ მათთვის თავი არ შეეკლა და დროულად გასულიყო ბრძოლიდან უკანა რიგებში. როდესაც ვალდივიას მეომრებმა არაუკანების პირველი რაზმი დაამარცხეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ახალმა, დასვენებულმა რაზმმა შეცვალა. სანამ ესპანელები არაუკანების რაზმებს ებრძოდნენ, პირველმა რაზმმა მოახერხა დასვენება, საჭმლის ჭამა და ახალი ძალებით ჩართვა უკვე გასავათებულ ესპანელებთან ბრძოლაში… არაუკანელთა ყველა რაზმი ასე იქცეოდა. სამსაათიან დამქანცველ შეტაკებას ესპანელთა ცხენებმა ვეღარ გაუძლეს და დაღლილობისგან ძირს დაეცნენ. კონკისტადორი მიხვდა, რომ აგებდა და თავის გადარჩენა მხოლოდ უკან დახევით შეეძლო, თუმცა უკან დასახევი ხეობა უკვე არაუკანელებს ჰქონდათ დაკავებული. ამ ბრძოლაში, როგორც ზემოთ ითქვა, დე ვალდივიამ სასტიკი მარცხი იწვნია და ბოლოს თავიც წააგო. აქვე უნდა დავამატოთ ის, რომ ამ ბრძოლისას, ლაუტარო მხოლოდ 18 წლისა გახლდათ(!) მაპუჩეს ხალხის კიდევ ერთი წესი გახლდათ ის, რომ ისინი სამხედრო ბელადს, „ტოკუის“, სახალხოდ ირჩევდნენ, მიუხედავად გვარისა თუ წარმომავლობისა. მაპუჩესთვის მთავარი, არჩეულის სამხედრო თვისებები იყო. ლაუტარო გონების, გამჭრიახობისა და საბრძოლო თვისებების გამო აირჩიეს ბელადად და მას ბრძოლისას უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველა მებრძოლი, ახალგაზრდიდან ჭაღარათმიან მეომრებამდე… მაპუჩეს მებრძოლთა რეპუტაცია ესპანელებთან მუდმივი შეტაკებების შედეგად ძალიან მაღალი იყო და მათი ბადალი, სახმელეთო ბრძოლებში ამერიკაში არავინ გახლდათ. 1726 წელს, არაუკანებთან დაუსრულებელი და სისხლისმღვრელი ომებით გათანგულმა ესპანელებმა, არაუკანებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს, რომელსაც ჩილეს დამოუკიდებლობამდე (1810 წელი) ორივე მხარე ზედმიწევნით ასრულებდა.

ამერიკელ ინდიელთა (უფრო მართებული ტერმინია, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, Nativos, ესპანურად) ბრძოლისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მკვლევარი, სოცილოგიის დოქტორი და ლიმას უნივერსიტეტის პროფესორი, ანიბალ კიხანო, Anibal Quijano, თავის ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად სამეცნიერო სტატიაში წერს:

„ის, რასაც დღეს „გლობალიზაციას“ ვუწოდებთ, წარმოადგენს იმ პროცესის კულმინაციას, რომლებიც დაიწყო ამერიკის დაარსებითა და კოლონიური-მოდერნული, ევროცენტრისტული კაპიტალიზმის, როგორც გლობალური ძალის ჩამოყალიბებით“. დოქტორი ანიბალ კიხანო, თავის გახმაურებულ ესეიში, „კოლონიალიზმი და მოდერნულობა/რაციონალიზმი“[1] ბევრ ისეთ საკითხს ეხება, რომლებიც არც ისე ხშირად განიხილება დასავლეთის დღევანდელ აკადემიურ წრეებში, რადგან კიხანო ევროპული კოლონიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს წარმოადგენს.

კიხანოს წარმოდგენით, კოლონიურ-მოდერნული ძალაუფლების მოდელის ფუნდამენტურ ღერძს მოსახლეობის სოციალური სტრატიფიკაცია წარმოადგენდა. ეს მოდელი ემყარება რასის იდეას, მენტალურ კონსტრუქციას, რომელიც გამოხატავს კოლონიური ბატონობის (დომინაციის) საბაზო გამოცდილებას და მას მთავარ ხაზად გასდევს გლობალური ბატონობის უმთავრესი განზომილებები, ევროპული ცივილიზაციის განვითარების მოდერნული ეპოქისთვის დამახასიათებელი რაციონალიზმისა და ევროცენტრიზმის ჩათვლით. ზოგადად, დასავლური ცივილიზაციის განვითარების მოდერნული პერიოდის განსასაზღვრად სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და ისტორიული გარდამავალი ეპოქები და ფაქტები მოიაზრება: კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს და ოტომანთა გაბატონება; წმინდა მიწის განთავისუფლებისათვის წარმოებული ჯვაროსნული ომების დასრულება (დაახლ. 1095 – 1291 წწ.); გერმანული რეფორმაცია და პროტესტანტიზმის დაბადება ევროპაში (1517 წელი, მარტინ ლუთერის თეზისების საჯარო დემონსტრაცია შლოსკირხეს კარზე, ქ. ვიტენბერგში, ზაქსენ-ანჰალტი, გერმანია); დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი და ევროპული კოლონიზაციის პირველი ტალღა სამხრეთ ამერიკაში (დაახლ. 1400 წელი, პორტუგალიის მონარქის ენრიკეს მიერ პირველი ექსპედიციის გაგზავნა „ახალი მიწების“ გამოსაკვლევად) და მოდერნის დასასრული რომელიც ხშირად, საფრანგეთის რევოლუციით, ამერიკული რევოლუციით ან საფრანგეთში ნაპოლეონის მოსვლით არის განსაზღვრული.

დოქტორი კიხანოს აზრით, „უთანასწორობის კომპონენტსა და რასობრივ ღერძს კოლონიური წარმოშობა და ხასიათი აქვს. იგი ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთრივ კოლონიალიზმი, რომლის ფარგლებშიც იგი ჩამოყალიბდა. ამიტომაც, ძალაუფლების მოდელი, რომელიც დღეს მსოფლიოს ჰეგემონისტურ მოდელს წარმოადგენს, ნამდვილად ითვალისწინებს კოლონიალიზმის ელემენტებს“.

 

[1] Colonialidad y Modernidad/Racionalidad. Perú Indígena, vol. 13, No. 29, pp. 11–20. Lima: Instituto Indigenista Peruano.

როცა მოსწავლის დილა ენერგეტიკულით იწყება

0

გაკვეთილზე მოსწავლის დაგვიანებით შემოსვლა მასწავლებლისთვის რამდენად უსიამოვნოა, თუმცა კლასში ჯერ ენერგეტიკული  სასმლის ქილა და მერე მოსწავლე რომ შემოდის, ჩემთვის ეგ უკვე ტრაგედიაა. ტვინში ირთვება სირენები, თვალები მინათდება და ყოველ ჯერზე იმის ახსნას ვიწყებ, რატომ არ უნდა მიიღოს ის არასრულწლოვანმა და მით უფრო, უზმოზე. ენერგეტიკულ სასმელზე „დაუსრულებელი“ საუბრით ისე მოვაბეზრე თავი ჩემს მოსწავლეებს, რომ გაკვეთილზე უკვე მალავენ, მაგრამ ეს ხომ საბოლოო გამოსავალი არაა. დერეფანში, ქუჩაში, სხვა გაკვეთილზე, კინოში და კიდევ ბევრ ადგილას, სამწუხაროდ, ოჯახებში სიამოვნებით აგემოვნებენ. ენერგეტიკული სასმელებზე დამოკიდებულებაც ისეთივე მასშტაბური გახდა, როგორც ნიკოტინზე.  ვფიქრობ, რომ ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ, სადაც და როგორც მიგვიწვდება ხმა. ჩემი წერილის მიზანი მკითხველის დაფიქრებაა, მასწავლებლისთვის კი სხვადასხვა აქტივობის ჩამონათვალის მიწოდებაა

ნაწილი I – ზოგადი მიმოხილვა

ენერგეტიკული სასმელი პირველად ავსტრიაში დაამზადეს. ის განსხვავდება ე.წ. სპორტული სასმელებისგან.

სახელწოდებაში სიტყვა „ენერგეტიკული“ არ გამოსახავს საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას. მის შემადგენლობაში შედის:

კოფეინი – სტიმულატორი – რომელიც ახდენს ფიზიკური და მენტალური პროცესების სტიმულირებას. კოფეინის დღიური უსაფრთხო ნორმა მოზარდებში არის 100 მგ, ზრდასრულებში – 400 მგ, ორსულებში – 200 მგ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ირღვევა გულის ციკლი, ვითარდება უძილობა, იზრდება არტერიული წნევა, ძლიერდება თავის ტკივილი და მატულობს ადამიანის დაძაბულობა. ყავა ესპრესოში კოფეინი მხოლოდ 45 მგ-ია. კოფეინი ტვინსა და ნერვულ სისტემას ასტიმულირებს კორტიზოლისა და ადრენალინის ცირკულაციის გაძლიერებით.

ენერგეტიკულ სასმელში შესაძლოა, იყოს გაზირებული წყალი, გლუკოზა, დამატკბობელი ან ფრუქტოზა. ასევე არის მცენარეული ექსტრაქტი და სხვა ინგრედიენტები.

ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი საშუალოდ შეიცავს 54 გრამ შაქარს, უმთავრესად გლუკოზის სახით, რაც კაფეებში გამოყენებული შეფუთული შაქრის 13,5 პაკეტს შეესაბამება. ეს იგივეა, რაც 5,4 საშუალო ზომის დონატში არსებული შაქრის რაოდენობა. ყველაზე მეტ შაქარს მოიხმარს აშშ-სა და ბელგიის მოსახლეობა, სწორედ აშშ-ს მოსახლეობის 33%-ის BMI > 30, ე.ი. გავრცელებულია სიმსუქნე და ჭარბწონიანობა. 1988-1994 წლებში აშშ-ს კაცების 63%, ქალების – 55% იყო მსუქანი ან ჭარბწონიანი, 2007-2012 წლებში კი მაჩვენებელი შესაბამისად 75% და 67%-მდე გაიზარდა. მკვლევრებს აინტერესებდათ მიზეზი. მონაცემების დამუშავების შემდეგ გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი გამომწვევი ენერგეტიკულ სასმელებში არსებული დიდი რაოდენობით გლუკოზა და ტაურინია. ტაურინი ამინომჟავაა, ის მნიშვნელოვანია გულისა და ჩონჩხის კუნთებისთვის, ასევე ტვინის, თვალებისა და სისხლის წნევის რეგულირებისთვის. მისი უსაფრთხო დღიური დოზა 300 მგ-ია. ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი კი ტაურინის ათასზე მეტ მგ-ს შეიცავს. ტაურინი მონაწილეობს ცხიმებისა და წყლის შერევის პროცესში. ამინომჟავას შეიცავს ნაღველი და მსხვილი ნაწლავები. კოფეინისგან განსხვავებით არ ასტიმულირებს, თუმცა ცვლის სისხლში კალციუმის კონცენტრაციას, სწორედ ეს იონი მოქმედებს გულის შეკუმშვის სიხშირესა და სისხლის წნევაზე.

ენერგეტიკულ სასმელებში არის B ჯგუფის ვიტამინები: B3; B6, B2, B12. ნიაციანი B ჯგუფის ვიტამინია. ის საკვებს „აკონვერტირებს“ ენერგიაში. ასევე ასტიმულირებს „კარგი“ ქოლესტერინის გამოყოფას.

გუარანა – ენერგეტიკული  სასმლის ძირითადი ინგრედიენტია, შეიცავს კოფეინსა და სტიმულატორებს, მაგალითად თეოფილინს, თეობრომინს, რომლებიც არც ისე უსაფრთხოა განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის. მასში ორჯერ მეტი კოფეინია, ვიდრე ყავაში.

ენერგეტიკული  სასმლის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირესა და სიძლიერეს, იზრდება სისტოლური დაძაბულობა. 2015 წელს ტეხასის შტატის მედიცინის სკოლამ მოხალისე პირებზე ჩატარებული კვლევით დაადგინა, რომ ენერგეტიკული სასმელების სისტემატური გამოყენების შედეგად იზრდება წნევა, იცვლება გულის კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსის სიხშირე, ვითარდება არითმია, გვირგვინოვანი არტერიის სპაზმი და აორტის მწვავე შეკუმშვა.

ენერგეტიკული სასმელები შეიცავს ჟენშენის ფესვების ექსტრაქტს. ამ მცენარის ნაყენი მცირე რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში: ასტიმულირებს იმუნურ ფუნქციას, ადამიანს თავს აგრძნობინებს კარგად, ზრდის გარეგანი სტრესორებისადმი მდგრადობას, აძლიერებს კოგნიტიურ ფუნქციას, კონცენტრაციის უნარს და აუმჯობესებს მეხსიერებას. 19 ზრდასრულში 200 მგ/დღეში რვა კვირის განმავლობაში არ ცვლის მეტაბოლურ პასუხს. 38 ზრდასრულში 2 გ/დღეში არ შეინიშნა ვარჯიშისა და აღდგენის უნარების გაუმჯობესება. ენერგეტიკულ სასმელებში არის 400 მგ ჟენშენის ექსტრაქტი.

ენერგეტიკული სასმელი აფხიზლებს, ზრდის ყურადღების სიმახვილეს, რეაქციის სიჩქარეს. აძლიერებს კუნთების ძალასა და გამძლეობას, თუმცა ამ ფაქტის მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება ჯანმრთელობისთვის მრავალ რისკს შეიცავს. ალკოჰოლთან ერთად მისი მოხმარება ზრდის ტრავმების ჩამოყალიბების სიხშირეს. გადაჭარბებული მოხმარება იწვევს გულისა და ფსიქიატრიულ დაავადებებს. რისკის ქვეშ არიან ორსულები, თინეიჯერები, სპორტსმენები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე ქრონიკული დაავადება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მათი მომხმარებლის რაოდენობას. რაც უკავშირდება ახალგაზრდებზე გათვლილ სარეკლამო რგოლებს, სოციალურ ქსელებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ღია ცის ქვეშ კონცერტებზე მათ უფასო გავრცელებას.

შეჯამების სახით, მაინც რა გავლენას ახდენს ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობაზე:

  • იზრდება ტიპი 2 დიაბეტის რისკი, რადგან სისხლში ხანგრძლივად ჭარბი გლუკოზა უჯრედების მიერ მის არაეფექტურ აბსორბციასა და მეტაბოლიზმს განაპირობებს;
  • იზრდება სიმსუქნის რისკი;
  • იზრდება გაუწყლოების რისკი, რადგან შარდმდენ ნივთიერებებს შეიცავს;
  • უძილობას იწვევს, რადგან ირღვევა სეროტონინის ცვლა და შესაბამისად ძილ-ღვიძილის ციკლი. ამ დროს სეროტონინის გამოთავისუფლება ითრგუნება;
  • სისხლში მოცირკულირე ადრენალინის რაოდენობა იმატებს და შედეგად ხდება გულის აჩქარება.

დასკვნა: წამიერი ენერგიის მოზღვავებისთვის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არაგონივრული ქცევაა.

ნაწილი II – აქტივობები მასწავლებლებისთვის

(აქტივობების განხორციელება სასურველია დამრიგებლების, ბიოლოგიის, ქიმიის, სპორტის მასწავლებლებისა და სკოლის ექიმის მონაწილეობით).

  1. მოსწავლეების გამოკითხვა, რომლითაც დადგინდება რა ასაკის მოსწავლეები და რა სიხშირით მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს.
  2. ენერგეტიკული სასმლის ეტიკეტის გამოკვლევა – მოსწავლეები სხვადასხვა ენერგეტიკული  სასმლის ეტიკეტებზე წარმოდგენილ ინფორმაციას შეაგროვებენ, ცხრილის სახით წარმოადგენენ და შეადარებენ ჯერ ერთმანეთს სხვა რომელიმე სასმელს;
  3. რეკლამისა და ანტირეკლამის მომზადება – მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მოამზადებს რეკლამას, მეორე კი ენერგეტიკული სასმლის ანტირეკლამას;
  4. დისკუსია/დებატები – სკოლის ექიმისა და რამდენიმე მშობლის მონაწილეობით ჩატარდება დისკუსია ან დებატები, სადაც მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით დაიყოფიან ენერგეტიკული სასმელების გამოყენების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ჯგუფებად და წინასწარ მოამზადებენ არგუმენტებს საკუთარი პოზიციის დასაცავად;
  5. სპორტის მასწავლებელი ჩაატარებს მინი-ლექციას ე.წ. სპორტული და ენერგეტიკული სასმელების მოქმედებაზე ადამიანის სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე, განსაკუთრებით გულსა და კუნთებზე;
  6. კლასში ჩამოყალიბდება მოხალისეების ჯგუფი, რომლებიც სკოლის ექიმთან ერთად სხვა კლასების მოსწავლეებს გაესაუბრებიან ენერგეტიკულ სასმელებთან დაკავშირებით.
  7. სურვილის შემთხვევაში მოამზადებენ საინფორმაციო ხასიათის რესურსს მშობლებისთვის.

https://en.wikipedia.org/wiki/Energy_drink

https://youtu.be/9_MpaZmuoxM

https://www.reagent.co.uk/blog/chemicals-in-energy-drinks/

გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის

0

რამდენიმე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას ჩემ წინ მჯდომ ორ მოზარდ გოგონას შორის საინტერესო, საყურადღებო და შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მშობლისთვის ერთგვარად საგანგაშო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „რომ იცოდე, რა ბედნიერი ხარ, დედა გვერდით რომ გყავს“ – ხმაში ერთგვარი სინანულით მიმართა ანანომ მეგობარს – „ყველაფერს დავთმობდი დედაჩემი ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო. როგორ ვეხვეწებოდი, უცხოეთში სამუშაოდ რომ მიდიოდა, უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე. ის ცდილობდა, დავემშვიდებინე, შენს მომავალზე ვზრუნავ და იმიტომ მივდივარო. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც დედა ჩემ გვერდით არ არის. მართალია მირეკავს, მესაუბრება, საჩუქრებსაც არ მაკლებს, მაგრამ მე მასთან ჩახუტება მენატრება. იცი, ახლა ცოტა მაშინებს კიდეც მასთან შეხვედრა, თანდათან ის ჩემთვის თითქოს უცხო ადამიანი ხდება. ხშირად, როცა მირეკავს, ორივე სასაუბრო თემებს ვეძებთ, არ ვიცით რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს“. მეგობარი ერთგვარი სევდით უსმენდა თანატოლს. შემდეგ კი მისი დამშვიდება დაიწყო – „არ ინერვიულო. შენ გგონია რახან დედაჩემი ჩემ გვერდით არის და უცხოეთში არ წავიდა, დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან?! ხანდახან ისეთი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ჩემთან საუბრის არანაირი სურვილი არა აქვს. არის შემთხვევები, როცა მე უკვე მძინავს მისი მოსვლისას. იმ დღეებში კი, როცა ორივე სახლში ვართ, ან საქმეებშია ჩაფლული, ან საკუთარ მეგობრებთან სატელეფონო საუბრებით არის დაკავებული. მე კი როგორ მჭირდება მისი რჩევები, რომ სირთულეების გადალახვა შევძლო, მართალია ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენც თანდათან უცხო ადამიანები ვხდებით ერთმანეთისთვის“, – გულდაწყვეტილი თიკო არ ცდილობდა დაემალა საკუთარი გულისტკივილი მეგობრისთვის და ამით ერთგვარი თანაგრძნობაც გამოეხატა მის მიმართ.

 

გაუცხოება რომ უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ ამას ყველა უნდა ამჩნევდეს. გაუცხოება მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს შორის დღეს აღარავის აკვირვებს. თუმცა, მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პიროვნული ფორმირების პროცესში მყოფ მოზარდს ყველაზე მეტად მშობლების სიახლოვე, მათი ყურადღება, მზრუნველობა და ჩართულობა ესაჭიროება. ვერავინ შეძლებს ბავშვისთვის იმის გაკეთებას, რის გაკეთებაც მშობელს შეუძლია, ვერავინ შეძლებს მის ჩანაცვლებას. თუ მათ შორის გაუცხოება დაისადგურებს, ამას ბევრი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოhყვეს და სერიოზულად დააზარალოს ბავშვი, მისი განვითარება.

 

 მშობლებთან გაუცხოების შესაძლო შედეგები ბავშვებში:

  • დაქვეითებული თვითშეფასება;
  • სირთულეები საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისას. ბავშვს ექნება საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის შიში;
  • შფოთვა, ბრაზი, აგრესია;
  • სტრესული მდგომარეობა, ემოციური ლაბილურობა და ემოციური გადაღლა;
  • ნევროზული დარღვევები, ისეთი, როგორიცაა მაგ. დეპრესია, შიშები, მაღალი შფოთიანობა;
  • მტრული დამოკიდებულება გარე სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ;
  • თანაგრძნობის, თანაგანცდის, ემპათიის ნაკლებობა;
  • ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების უუნარობა;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
  • შებოჭილობა ქცევაში.

 

იმისათვის, რომ შევძლოთ მშობლებთან გაუცხოების შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობის ერთგვარად შემსუბუქება, უნდა ვიცნობდეთ იმ მიზეზებს, რომლებიც მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოებას იწვევს.

 

მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

 

  • უკანასკნელ ათწლეულებში ჩვენს ქვეყანაში მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად იქცა მშობლების, განსაკუთრებით კი დედების უკონტროლო გადინება ქვეყნიდან. ლუკმა-პურის საშოვნელად, შვილების გამოსაკვებად და მათი მომავალი ცხოვრების მოსაწყობად უცხოეთში გადახვეწილი დედები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს, არ არიან მათ გვერდით მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, არცთუ იშვიათად სრულიად უცხო ადამიანებად იქცევიან შვილებისთვის და წლების შემდეგ, როცა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, აღმოაჩენენ, რომ საერთოდ არ იცნობენ საკუთარ შვილებს. შვილებთან გაუცხოება მათ ქვეცნობიერად ახალი მიზეზების ძებნას აწყებინებს, რომ კვლავ დატოვონ ოჯახი და უცხოეთში წასვლის მიზეზად ამჯერად შვილიშვილების დახმარების სურვილს ასახელებენ;
  • ბავშვების მშობლებთან გაუცხოების საკმაოდ ხშირ მიზეზს წარმოადგენს მშობლების უზომოდ დაკავებულობა და შვილებთან ურთიერთობისათვის დროის სერიოზული დეფიციტი. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მშობლები და შვილები თითქმის ვერ ხედავენ ერთმანეთს – დილით, მშობლების სახლიდან გასვლისას ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ, საღამოს კი სახლში გვიან დაბრუნებულ მშობელს შვილი უკვე დაძინებული ხვდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვი არ იძინებს და ელოდება დედის დაბრუნებას, რომ მასთან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე ესაუბროს, დაღლილ-დაქანცული დედა თავს არიდებს შვილთან საუბარს იმ მოტივით, რომ ძალიან დაღლილია, საუბრის თავი არა აქვს და უნდა დაიძინოს, რომ დილით დროულად ადგომა და სამსახურში წასვლა შეძლოს. როცა ასეთი მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, შეიძლება ბავშვმა სხვაგან დაიწყოს იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც მას მოუსმენენ, პატივს სცემენ, რჩევებს მისცემენ. არის შემთხვევები, როცა ეს ადამიანები ერთგვარი საფრთხის შემცველებიც ხდებიან ბავშვისთვის, მაგრამ მშობლებთან გაუცხოებული მოზარდისთვის შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი დიდ ავტორიტეტად იქცეს და მისი რჩევებიც კრიტიკის გარეშე გაითვალისწინოს;
  • მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე დაძაბული ვითარება ოჯახში და გაუთავებელი კონფლიქტები მეუღლეებს შორის. ასეთ დროს ხშირად ერთ-ერთი მშობელი შეგნებულად, განზრახ უარყოფითად განაწყობს ბავშვს მეორე მშობლის წინააღმდეგ. მოზარდები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში ხვდებიან, განიცდიან რთულ, ამბივალენტურ გრძნობას. მათ უყვართ ორივე მშობელი, მაგრამ იძულებულები არიან, მუდმივად ასიამოვნონ ერთ-ერთ მათგანს, იმას, ვინც მოცემულ მომენტში იკავებს ძალის პოზიციას და აქვს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ბავშვზე. შედეგად მოზარდი იწყებს იმის დაჯერებას, რომ მეორე მშობელი ნამდვილად ცუდია; ის არ გრძნობს თავს დამნაშავედ მშობლის სიძულვილის გამო და არ ღელავს მასზე, გაურბის მასთან ურთიერთობას, პირისპირ საუბარს;
  • მშობლებისა და შვილების ურთიერთობას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს და ერთ-ერთი მშობლის მიმართ გაუცხოების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის მეუღლეების განქორწინება, ოჯახის დანგრევა. ასეთ დროს ძალიან ხშირად ერთ-ერთი მშობელი ბავშვის მანიპულირებით არის დაკავებული და ძალისხმევას არ იშურებს, რომ მომართოს მოზარდი მეორე მშობლის წინააღმდეგ. რადგანაც ბავშვს არა აქვს ასეთი მშობლისაგან განცალკევებით ცხოვრების შესაძლებლობა და მთლიანად დამოკიდებულია მასზე ცხოვრების ყველა ასპექტში, ის მძევლის მდგომარეობაში იმყოფება. ის იკავებს იმ მშობლის მხარეს, რომელიც მას სხვადასხვა გზით აიძულებს უარყოს მეორე მშობელი, შეურაცხყოს, განდევნოს ის საკუთარი ცხოვრებიდან. გულის სიღრმეში ბავშვებს, როგორც წესი, სურთ, ღიად გამოხატონ თავიანთი სიყვარული უარყოფილი მშობლის მიმართ, მაგრამ ეშინიათ მეორე მშობლის აგრესიული რეაქციის. პრობლემა ის არის, რომ გარკვეულ მომენტში ბავშვები თავად იწყებენ იმის დაჯერებას, რომ სძულთ მშობელი. სასურველი მიზნის მისაღწევად ბავშვზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა ემოციური განდგომა, განცალკევება, გულგრილობა, სიცივე და სიყვარულის გაცემაზე უარის თქმა, თუ ბავშვი თავს უფლებას მისცემს გამოხატოს დადებითი დამოკიდებულება მეორე მშობლის მიმართ. დროთა განმავლობაში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეიძლება სერიოზული გაუცხოება გამოიწვიოს ბავშვსა და მშობლებს შორის.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის – რეკომენდაციები:

  • მოვერიდოთ ბავშვთან ხანგრძლივ განშორებას, თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის ბავშვისთვის ან მშობლისთვის. გავითვალისწინოთ, რომ დედის სიახლოვეს, მის სითბოს, სიყვარულს, მასთან მუდმივ ურთიერთობას ბევრი სირთულის დაძლევა და ასევე ბევრი პრობლემის კომპენსირება შეუძლია ბავშვისთვის. თუმცა, მატერიალური კეთილდღეობა და საჩუქრების სიმრავლე ნამდვილად ვერ ანაცვლებს დედის სითბოს, სიყვარულს, მასთან ჩახუტებით მიღებულ სიამოვნებას;
  • ნურასოდეს მოვიმიზეზებთ დაღლილობას და ნუ მოვიცილებთ ბავშვს უხეშად, თუ მას ჩვენთან ურთიერთობის და საუბრის სურვილი აქვს. მაშინაც კი, თუ ძალიან დაღლილი ვართ და გვიჭირს ბავშვის მოსმენა, შეგვიძლია გამოვნახოთ საუბრის გადავადების ისეთი ფორმა, რომელიც მოზარდს არ გაანაწყენებს და პირიქით, ემპათიას, თანაგრძნობას აღუძრავს ჩვენ მიმართ ჩვენი მდგომარეობის გამო. მაგ. შეგიძლიათ უთხრათ, რომ ძალიან გაინტერესებს, ამასთან გვსურს კიდეც მასთან საუბარი, მაგრამ იმისათვის, რომ ყურადღებით მოსმენა შეძლოთ, ცოტას დაისვენებთ და შემდეგ აუცილებლად მოისმენთ მის მონათხრობს. ეს უფრო მისაღები იქნება ბავშვისთვის, ვიდრე მისი უხეშად მოცილება სიტყვებით: „შენი თავი არ მაქვს, ჩემთან ლაპარაკს გირჩევნია დაჯდე და გაკვეთილები მოამზადო!“. გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს ბავშვთან მეგობრული, ნდობით განმსჭვალული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ეს მხოლოდ გარდატეხის ასაკამდეა შესაძლებელი. თუ ამ დროისათვის ვერ მოვასწრებთ, გარდატეხის ასაკში მოზარდი უკვე თავად იპოვის იმ ადამიანებს, რომლებსაც გულს გადაუშლის, რომლებიც მოუსმენენ და რჩევებსაც მისცემენ. თუმცა, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რჩევები, შეიძლება ჩვენთვის ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩეს;
  • ნუ გავხდით უფროსები ბავშვებს ჩვენ შორის კონფლიქტების განხილვის მოწმედ. ეს ჩვენ ვერაფერში დაგვეხმარება, ბავშვს კი სერიოზულად დააზარალებს ემოციურად და ნდობასაც დაუკარგავს ჩვენ მიმართ;
  • განქორწინების შემთხვევაში ნუ ვისაუბრებთ უარყოფითად ყოფილ მეუღლეზე, ნუ წამოვწევთ წინ მის ნაკლოვან მხარეებს. ნება მივცეთ ბავშვს ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან. მეტი დრო გავატაროთ პატარასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3-დან 7 წლამდე პერიოდში, როდესაც ყალიბდება მიჯაჭვულობა და საფუძველი ეყრება გენდერულ როლებს. მშობლებთან გაუცხოების თავიდან აცილების მიზნით ბავშვი უნდა იღებდეს მეტ-ნაკლებად თანაბარ ყურადღებას ორივე მშობლისგან.

 

დაბოლოს გავითვალისწინოთ, რომ მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოების თავიდან აცილება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ არის, თუმცა შესაძლებელია. ამაში სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს იმ უარყოფითი შედეგების გააზრება და გაანალიზება, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ბავშვებთან გაუცხოებას. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არავის და არაფერს შეუძლია ბავშვის განვითარებაზე ისეთი სერიოზული გავლენის მოხდენა, როგორც მშობელთან ურთიერთობას. კაცობრიობას ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია.

 

 

პირველი სიყვარული და პირველი გაწბილება

0

გახსოვთ წიგნით თქვენი პირველი იმედგაცრუება?

მე მახსოვს.

არა, არც სიუჟეტმა გამაწბილა და არც პერსონაჟის სიკვდილი მწყენია. მართალი გითხრათ, მაშინ საერთოდ არ ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას („ჰარი პოტერის“ გარდა, მაგრამ ეგ სხვა სტატიის თემაა). კითხვა მაშინ ჩემთვის შემეცნების წყურვილს და კითხვებზე პასუხების მიღებას უკავშირდებოდა. კითხვები კი ღმერთსა და სამყაროს მოწყობას შეეხებოდა.

არ მახსოვს, ვინმეს დავუსვი თუ არა ეს კითხვები. მგონი, არა. მგონი, მაშინაც ასეთი გულჩათხრობილი ვიყავი – არც დახმარებას ვთხოვდი ვინმეს და არც რამის ახსნას, რაც არ მესმოდა. ვცდილობდი, ყველაფერი თვითონ მომეგვარებინა და გამერკვია. ამ შემთხვევაში საკითხიც სპეციფიკური იყო – რელიგიებს შორის განსხვავებები, თითოეულის სწავლება და ისტორია მაინტერესებდა.

სწორედ ამ დროს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ „საბავშვო ენციკლოპედია“.

გინახავთ ეს წიგნი? კრემისფერ ყდაზე დედამიწა ახატია. მგონი, განახლებული ტირაჟი დღესაც არის. აი, მაშინ კი, პირველად რომ დაისტამბა, სატელევიზიო რეკლამაც გაუკეთეს. როგორ მახსოვს, რეკლამაში მხოლოდ წიგნი ჩანდა, ბრუნავდა, იფურცლებოდა, უხილავი ხმა კი ჩამოთვლიდა, რის შესახებაა. ულამაზესი იყო! დიდი და დასურათებული.

მომინდა. ისე მომინდა, სული მელეოდა ნატვრაში. და ყოველ ჯერზე, როცა რეკლამას იმეორებდნენ, სიხარულით მივაშტერდებოდი ხოლმე – ასე, შორიდან ყურებით მაინც რომ დამეკმაყოფილებინა სურვილი.

მშობლებს არ გამოჰპარვიათ ან, შეიძლება, მე ვთქვი, მინდა-მეთქი, და დაბადების დღეზე მიყიდეს.

როგორ გამიხარდა! გვერდიდან არ ვიშორებდი, ვათვალიერებდი, პრიალა ფურცლებს ხელს ვუსვამდი.

გადავწყვიტე, თავიდან ბოლომდე წამეკითხა – მე ხომ თხრობით ტექსტებზე ვიყავი გაზრდილი, რომლებსაც სწორედ ასე კითხულობენ. არ ვიცოდი, რომ ენციკლოპედია სხვაა, რომ იქ ნახულობ კონკრეტულად იმას, რაც გაინტერესებს და არაა აუცილებელი, მთლიანად ჩააბულბულო; რომ ასე არავინ იქცევა.

მეც, რა თქმა უნდა, პირველ თავს ვერ გავცდი, პლანეტებსა და გალაქტიკას რომ ეხებოდა. ნაჩვენები იყო, რატომ ცვლის დღე ღამეს და წელიწადის ერთი დრო – მეორეს.

მერე არ მახსოვს, რა მოხდა; ან ვინმემ მიმითითა, რომ შემიძლია, თავი არ გავიტანჯო და ან მე წამძლია სულმა. ალბათ, უფრო მეორე. ჰოდა, გადავშალე რელიგიის თავი და…

იქ არაფერი, სრულიად არაფერი ეწერა!

არაფერი ის, რაც მე მაინტერესებდა. თითო რელიგიას თითო, ოთხ-ხუთ სტრიქონიანი აბზაცი ეთმობოდა. ეგ იყო და ეგ.

მას მერე უამრავი უვარგისი წიგნი მომხვედრია ხელში, მაგრამ ამ, ბავშვობისდროინდელ, პირველ გაწბილებას მაინც ვერცერთი ვერ შეედრება. მახსოვს, ნათესავთანაც კი დავიჩივლე, ძალიან ცოტა რამ წერია-მეთქი.

რაღაცები არ იცვლება და ცოდნის შეძენაზე დიდ ბედნიერებას დღემდე არაფერი მანიჭებს. შემეცნების წყურვილიც ზუსტად ისეთივე მძაფრი მაქვს, როგორც მაშინ, ბავშვობაში – ეს ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ეგაა, რომ რელიგიებით დაინტერესება თეოლოგიისადმი ინტერესით განივრცო, თუმცა ესეც სხვა სტატიის თემაა.

თქვენ რა წიგნმა გაგიცრუათ იმედი?

„ნაწილიანი” – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე

0

(მეორე ნაწილი)

 

ნინო ზედელაშვილმა 2012 წელს გამოსცა წიგნი, სახელად „ნაწილიანი – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე“. ავტორი მწერალსა და მის ოჯახთან დამეგობრების ულამაზეს ამბავს მოგვითხრობს, მერე მისი მწერლობისა და რეჟისორობის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვაცნობს, რასაც მოჰყვება გოდერძი ჩოხელის მეგობრების, კოლეგების, ოჯახის წევრების მიერ წერილებში ასახული მოგონებები. წიგნს დართული აქვს ფოტომასალა ოჯახის არქივიდან.

წიგნის კითხვისას მკითხველის თვალწინ იძერწება მწერლის პორტრეტი, გოდერძი ჩოხელი – შვილი, ძმა, მოსწავლე, სტუდენტი, მეუღლე, მამა, მეგობარი, რეჟისორი, მწერალი, პოეტი, სცენარისტი, მეზობელი, ბიძა, სულიერი შვილი, მოქალაქე. ვეცნობით მას მრავალმხრივ: წარმატებულსა და ცხოვრებისეულ ქარიშხალში მოყოლილს, აღტაცებულსა და სევდიანს, ხალისიანსა და ფიზიკური ტკივილებით სავსეს, წერაზე, კინოზე, სამშობლოზე, ოჯახზე თავდავიწყებით შეყვარებულ კაცს. მოგონებების ადრესანტებს ერთადერთი ადრესატი ჰყავთ – ყველასთვის საყვარელი გოდერძი ჩოხელი, ადამიანთა გულების გამაერთიანებელი.

ნინო ზედელაშვილის წიგნი „ნაწილიანი – მოგონებები გოდერძი ჩოხელზე“ საინტერესო იქნება როგორც მწერლის შემოქმედების მკვლევრებისთვის, ისე მისი ბიოგრაფიის დაწვრილებით გაცნობის მსურველთათვისაც. ამასთანავე, მოგონებები ეპოქის პოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ მოვლენებს ასახავს. მწერლის ფსიქოლოგიური პორტრეტის გაცნობა მკითხველს მისი მრავალმხრივი შემოქმედების – ფილმების, პროზისა და პოეზიის – აღქმას გაუადვილებს.

მოგონებებიდან ამონარიდების გაზიარებამდე მოვიყვანთ წიგნში ასახულ ინფორმაციას გოდერძი ჩოხელის ფილმების შესახებ, რადგან მის მწერლურ შემოქმედებასთან ერთად ფართო საზოგადოებისთვის გოდერძი ჩოხელის კინონამუშევრების შეხსენება მნიშვნელოვანი მგონია:

„ადგილის დედა“, „ნამეხარი მუხა“, „ბაკურხეველი ხევსური“, „აღდგომა“, „მიწისმზომელები“, „ლუკას სახარება“, „ადამიანთა სევდა“, „მეკვლე“, „ცოდვის შვილები“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „სიყვარულის ცეცხლი“, „აღდგომის ბატკანი“, „უცხო“ -გოდერძის ფილმები, როგორც წესი, საერთაშორისო კინოკონკურსების პრიზებით აღინიშნებოდა. ობერნჰაუზენის კინოფესტივალის გრან-პრი, ჰიროშიმის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, მონტე-კარლოს კინოფესტივალის ვერცხლის ნიმფა, საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი, რუსეთის კინოფესტივალ „კინო-შოკის“ მთავარი პრიზი (სამჯერ), სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის პრიზი, საქართველოს კინოფესტივალ „ოქროს არწივის“ ჟიურის სპეციალური პრიზი და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია – ეს არის არასრული ნუსხა გოდერძი ჩოხელის მიერ კინემატოგრაფიაში გაწეული ღვაწლის აღიარებისა, ყველაზე დიდი ჯილდო კი, რაღა თქმა უნდა, ქართველი ხალხის სიყვარულის დამსახურებაა“.

 

ამონარიდები მოგონებებიდან

„გოდერძი ჩოხელის მრავალმხრივი შემოქმედება სიკეთისა და სიყვარულის სადიდებელია. ეს არის პიროვნება, რომელიც მთელი გულწრფელობით უხსნის თავის შინაგან მდიდარ სამყაროს ადამიანებს და საოცარი უბრალოებით აფიქრებს მათ ღრმა ფილოსოფიურ საკითხებზე“. – ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი

„მას ჰქონდა საოცარი უნარი – მთელი არსებით განიცდიდა მოყვასის ტკივილს, ნებისმიერ ჩაგვრას, უსამართლობას და, ამავე დროს, შეეძლო დამტკბარიყო მშვენიერებით, სიკეთით, სიყვარულით. გოდერძი რაღაც განსაკუთრებული სიმძაფრით აკეთებდა ამას“. – მეუფე დანიელი (დათუაშვილი), ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი

„გოდერძი ჩოხელი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. იგი ქართულ ნიადაგზე დგას შესანიშნავი შემოქმედებით, მაგას შემოევლოს ჩემი თავი! გოდერძი ჩვენი ქვეყნის სიამაყეა“. – გურამ დოჩანაშვილი, მწერალი

„გოდერძი ჩოხელი უნიჭიერესი ადამიანი, უპატიოსნესი პიროვნება და უდიდესი შემოქმედი იყო. იშვიათად მინახავს ასეთი მართალი მხატვარი, ასეთი მართალი პიროვნება, გენიალური იყო როგორც მწერალი, ასევე რეჟისორიც“. – გიგა ლორთქიფანიძე, კინორეჟისორი

„მე გოდერძის ახლო მეგობარი არ ვიყავი, მაგრამ ნამდვილად კარგად ვიცნობდი მას და მის შემოქმედებას. გენიალური ადამიანი იყო. ძალიან დიდ პატივს ვცემდი როგორც ქართველ კაცს და დიდ შემოქმედს“. – ოთარ ჭილაძე, მწერალი

„დარწმუნებული ვარ, რომ იმქვეყნად მას პირველად ვაჟა შეეგებება, დაჰკრავს ბეჭზე ხელს და ეტყვის: „ყოჩაღ, ბალღო!“ – გოგი დოლიძე, კინომცოდნე

„თავი სიზმარში მეგონა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში გოდერძი ჩოხელი კითხულობდა ვაჟა-ფშაველას ულამაზეს პოეზიას და დღესაც გული მწყდება, რომ მე მისი ერთადერთი მსმენელი ვიყავი. ეს იყო წუთები, რომელიც უნდა ენახათ ახალგაზრდებს. წლები გავიდა, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს ის დღე, მახსოვს მისი მშვიდი, მტკიცე და ლამაზი ხმა. არაჩვეულებრივად კითხულობდა“. – ნინო ზედელაშვილი

„ამირან, მე წავედი. შეიძლება მთის ხატებმა ჩემი უკან დაბრუნება მოიწადინონ. გკოცნი ბევრს. გოდერძი“. – მიაწერე ერთხელ ჩემი საერთო რვეულის ყდას და წახვედი მთაში. სამი ათეული წლის წინანდელი ის რვეული დღემდე შემომრჩა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლაც ამ სიტყვებით მემშვიდობები და ჩვენი განშორებაც დროებითია“. – ამირან არაბული

„ერთხელ ამერიკაში ყოფნის დროს ვიჯექი და ვფიქრობდი, სად დამერეკა. პირველი, ვინც გამახსენდა, გოდერძი იყო. სიტყვა „მოიფიქრა“ არ შეესაბამება იმას, რასაც გოდერძი აკეთებდა. ის სიუჟეტები და სიტყვები მასში ბუნებრივად იბადებოდა. ვინმემ რომ მკითხოს, რომელ თვისებას გამოვყოფდი გოდერძის პიროვნების დასახასიათებლად, უყოყმანოდ ვუპასუხებ, რომ ეს იყო მისი გასაოცარი თავმდაბლობა, რომელშიც ჩანდა მისი სიდიადე“. –კახი კავსაძე, მსახიობი

„თოვლი არ იყო, არადა, გადაღებისთვის აუცილებლად გვჭირდებოდა. გოდერძი ადგა და სალოცავში წავიდა, საღამოს დაბრუნდა. მეორე დილას რომ გავიღვიძეთ, ისე ბარდნიდა, გარშემო აღარაფერი ჩანდა. ყველანი გავოცდით, ვერ ვიჯერებდით, უზარმაზარი ფანტელები მოდიოდა ციდან. გოდერძის ვეკითხებოდით: მართლა სთხოვე ღმერთსო? ის კი იღიმებოდა ალალი ღიმილით: ჰო, რა ვიცი, მე კი ვთხოვე და… დღემდე მიკვირს ეს ამბავი, არადა ჩემ თვალწინ მოხდა“. – გურამ ფირცხალავა, მსახიობი

„გოდერძი ჩემი სიბერის ნათელი წერტილი იყო. ჩვენი შეხვედრა გვიან მოხდა, მაგრამ დიდი წარმატებით დაიწყო, იმიტომ, რომ პირველმა ფილმმა, რომელიც ერთად გადავიღეთ, გრან-პრი აიღო. ეს იყო „სამოთხის გვრიტები“. ამ ფილმის შემდეგ სულ ერთად ვიყავით, განუყრელნი გავხდით“. – გივი ბერიკაშვილი, მსახიობი

„ის მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში პირდაპირ გუდამაყრის ხეობიდან, თავისი ჩოხიდან, – რაც კარგები ვართ, ჩოხელები ვართო, ამბობდა სიცილით, – პატარა გამხდარი ბიჭი, რომელიც სრულებით არ ჰგავდა სტერეოტიპულ მთიელს და მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი არაახალგაზრდულად დაკვირვებული მზერით, სხვებისგან განცალკევებისა და სიჩუმისადმი მიდრეკილებით, და, რაც მთავარია, წერის ღვთით მომადლებული ნიჭით. ეს მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემი დავალებით – პირველი კურსის სტუდენტმა – პირველი მოთხრობა დაწერა ხევსურული სოფლის ანატორის ტრაგიკული ბედის შესახებ. უკვე მაშინ, ამ აშკარად გამოუცდელი ხელით ნაწერში, სიტყვის ისეთი ძალა, წარმოსახვის ისეთი უნარი იგრძნობოდა, რომ უცებ სული შემეხუთა, რადგანაც მივხვდი – ამ მორცხვი და თავისებურად ფაქიზი მთიელის სახით საქართველოს ჭეშმარიტი მწერალი მოევლინა!“ – ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი

„დიდი მადლობა, რომ ბაგრატის სასახლის ნანგრევების ჩუქურთმებს კოცნიდი, მერე ხელები გაშალე არწივის მართვესავით, სირბილით მიადექი მისი ეზოს კბოდეს და გაბრწყინებული სახით რიონის ხეობას ომახიანად გასძახე: – შენ გენაცვალე, საქართველო! დიდი მადლობა მითქვამს, ჩემო გერგეტის ტაძრის ანგელოზო, ხევის, ხევსურეთის მარგალიტო, გმადლობ, რომ არსებობდი, ამშვენებდი, ამდიდრებდი შედევრებით ხელოვნებას და მწერლობას“. – ნინო ჩხეიძე

„ერთხელ ცდოში ქვაზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ახალი დუბლი უნდა გადაგვეღო, მთელი ჯგუფი მოემზადა და ველოდით გოდერძის. ის ჩვენგან ზურგშექცევით იჯდა, აღარ ვახსოვდით. გვერდით მივუჯექი, წყნარი ხმით მისი ლექსის „სად დაგიჩოქო, არაგვო“ კითხვა დავიწყე. ნელ-ნელა ხმას ავუწიე, დავამთავრე ლექსის წაკითხვა და მოვიხედე, გოდერძი გაღიმებული მომჩერებოდა: „წავიდეთ, ქალბატონო თამარ, გადავიღოთ!“ თავისივე ლექსით გამოვიყვანე იმ გარინდებიდან და ჩვენთან დავაბრუნე“. – თამარ სხირტლაძე, მსახიობი

„აუუუო! – დაიყვირა გოდერძიმ, – ცოცხალ ეთეროს შევხვდიო… – შავი ტყავის „კურტკის“ ჯიბეში ჩაყოფილი ხელით ტყავი სარჩულის მხარეს გადაიბრუნა. კინაღამ დავიკივლე: დახეული ჯიბის სარჩულიდან ბაყაყს თავი არ გამოუყვია?! დგაფადგუფი გაუდის მის ყელს. თვალები ზომაზე მეტად დაუჭყეტია და კრუტუნებს… გოდერძიმ ჯიბესთან მიუტანა ტუჩები და ბაყაყს აკოცა. ჩემთვის გავიფიქრე, მთლად დალაგებული ვერ არის-მეთქი. ასე გადავწყვიტე, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად სჯიდა და იმ დღის შემდეგ დავახლოვდით“. – ეთერ თათარაიძე, პოეტი

„შეიძლება, ვინმემ მკრეხელობად ჩამითვალოს, მაგრამ ვიტყვი, რომ გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ბიბლიასავითაა, ის ჭკუას არ გარიგებს, – გასწავლის, როგორ არ უნდა იცხოვრო, თუ ოდნავ მაინც გინდა უფალთან მიახლოება“. – ჯემალ ჭკუასელი

„გოდერძის ცხედარი სახლიდან ქაშვეთის ეკლესიაში უნდა გადაესვენებინათ. საღამო იყო, ბინდი იდგა, მაგრამ ლამპიონები არ ენთო. დამამახსოვრდა საოცარი ფაქტი: როდესაც ის ეზოში გამოიყვანეს, გარშემო უცნაური, იისფერი ნათება იყო“. – დარეჯან ხაჩიძე, მსახიობი

„გოდერძი სტუდქალაქში ყოფილა მეგობრებთან მიწვეული. დაუგვიანია. წვეულებაზე მისულს მხრებით მიუტანია ძლიერი ქარისგან ფესვებიანად მოგლეჯილი ხე და უთქვამს: „ქარს მოეგლიჯა, შემეცოდა, მარტო ვერ დავტოვე და თან წამოვიღე!“ ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ბუნებრივად მიჩნდება აზრი: გოდერძი ჩოხელი თავად იყო მისი ყველა მოთხრობის გმირი: ვაჟი გოგიც, ბერიც, მაქსინაც, გამიხარდაიც, ბიბღაც, შუღლაიც, სტეფანეც, აჩლახუნეც, სებაც, თადეოზიც, ლუკაც…“ – ვახტანგ გურული

„ჩვენ ვთანამშრომლობდით საფრანგეთში ჟორჟ პომპიდუს სახელობის კინოცენტრთან. ამ ცენტრმა 1991-1992 წლებში ორი ფილმი დააფინანსა. ერთი ფილმის გადაღების უფლება მიეცა ნოდარ მანაგაძეს, მეორე კი რეზო ჩხეიძემ, სცენარის უნახავად, გოდერძის მისცა. იცოდა, რომ გოდერძის საინტერესო სცენარები ჰქონდა. ფრანგები ფილმების თანამონაწილენი იყვნენ. გოდერძიმ თავისი ბრწყინვალე რომანის „მგლების“ მიხედვით დაწერა სცენარი და ფილმის თითქმის ნახევარი გადაიღო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ ყველანაირი კინოსაქმიანობა გაყინა და, შეიძლება ითქვას, გაანადგურა“. – ანდრეი ლოგვინოვი, პროდიუსერი

„გადაღებაზე 60 კაცია დასაქმებული, შალიკო დაიგვიანებს, ჩვენი მოცდენა არ იქნებაო – უთქვამთ გოდერძისთვის. გოდერძის გაღიმებია: შალიკო მე არ მიღალატებსო. ღამე კოცონთან მსხდარან. როცა ღამე დათვის ჯვრის უღელტეხილი გადმოვიარეთ, გოდერძის შუქები დაუნახავს და უთქვამს ხალხისთვის: აგე, მანქანის შუქები ჩანს, შალიკო მოდისო, დილით განახლდა გადაღება“. – შალვა ქირიკაშვილი, მსახიობი

„დაყოფილ-დაწეწილი ქვეყნის დარდი მჭამსო… ის, რომ ერთიანობისა და ურთიერთგაგების მადლთან ერთად ერთმანეთის სიყვარულიც დავკარგეთ… მტრისგან რომ იყოს, არც დამწყდება გულიო, მტერია და უნდა გიმტროს, შენი სისხლი რომ გიღალატებს და გაგიბზარავს სულს, იმ გაბზარულის გამთელება იოლი არ იქნებისო…“ – თამარ შაიშმელაშვილი, პოეტი

„ყაზბეგში ალექსანდრე ყაზბეგის საფლავთან მივედით. გოდერძიმ დაიჩოქა და მოეფერა, უცებ ცხვირიდან სისხლი წასკდა, გადავაწვინეთ, რომ წამოდგა, ისევ დაიჩოქა საფლავთან და ისევ სისხლდენა დაეწყო. ეს რამდენჯერმე განმეორდა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა“. – გოდერძი მარსაგიშვილი, გოდერძის ძმადნაფიცი

„14 აპრილის დემონსტრაციებში ყველა ვმონაწილეობდით. გოდერძი ემოციებს ვერ ფარავდა. დაგვიჭირეს, მაგრამ მალევე გამოგვიშვეს.

ჩვენს კორპუსს ფანჯრებზე რკინის გისოსები ჰქონდა მიკრული, ოთახშიც რკინის საწოლები გვედგა. ციხეში მეგონა თავი, საწოლს რკინის თავი მოვაშორე და ტახტის ფორმა მივეცი. გოდერძიმ ნახა, მოეწონა, სხვებსაც ანახა და ყველამ თავის საწოლს მოაჭრა თავი. ერთგვარი პროტესტი გამოგვივიდა“. – ქეთევან ჩიხაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი

„ბავშვივით სუფთა ბუნების გოდერძი უზნეობას ვერ იტანდა, მისი თანდასწრებით ცუდის თქმა არ შეიძლებოდა, დენთივით იყო, თუ აფეთქდებოდა, კაცი ვერ გააჩერებდა. ჩვენს კორპუსში ერთი აფხაზი, გვარად ჭკადუა ცხოვრობდა. ამ აფხაზმა შეყვარებულს ბავშვი გააყიდვინა. ეს ამბავი გოდერძიმ რომ გაიგო, ყურებს არ უჯერებდა, შეუვარდა იმ ჭკადუას და ისე სცემა, ერთი კვირა ფეხზე ვეღარ დადგა. იმან უჩივლა და გოდერძი დაიჭირეს, ღმერთმა გაანათლოს იაკობ ტრიპოლსკი, მან გამოაშვებინა“. – ლევან აბულაძე, მხატვარი

„ახლა რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას, პირდაპირ დიდი მოედანი იყო და მამას იქ დავყავდი – ჭიანჭველებსა და ჭიამაიებს ქვებითა და ჯოხებით სახლს ვუშენებდით… ერთხელ კალია შემოხტა და ჭაღზე დაჯდა. მოსაკლავად მივვარდი. არ მოკლაო, – გოდერძიმ მთხოვა. ფეხებში მოვკიდე ხელი და გარეთ გავსვი. სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. ბუზის მოკვლასაც არ მანებებდა“. – ლუკა ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის უფროსი შვილი

„ახლა, როცა მამა აღარ არის, ხშირად ვფიქრობ მის საოცარ დამოკიდებულებაზე ჩვენ მიმართ. ის ერთდროულად თითქოს მამაც იყო, ბაბუაც, თანატოლიც, უყვარდა ჩვენი მეგობრები, მათთან საუბარი. დედა ზოგჯერ რაღაცას გვიკრძალავდა, მამა პატივს გვცემდა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევდა“. – ნიკა ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის უმცროსი შვილი

„მე და გოდერძი უმამოდ გავიზარდეთ. მთაში ძნელია ცხოვრება, ოჯახის გაძღოლა. დედას დიდი ჯაფა უწევდა, მთელი დღე შრომობდა, თიბავდა, ხვეტავდა, საქონელს უვლიდა. სულ საქმეს აკეთებდა, არ ეცალა და გოდერძი მე გავზარდე.

ბავშვობაშიც თავისებური იყო. დაჯდებოდა თავისთვის მარტო და აყვავებულ ხეებს უყურებდა. თუ ეცალა, წიგნს ვერ მოაშორებდი, ძალიან უყვარდა კითხვა.

დედაჩემს და ჩემს ძმას უცნაური სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, უსიტყვოდ, შორ მანძილზეც ესმოდათ ერთმანეთის ფიქრი და გულისცემა“. – ელისო ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის და

„ლელა კარგი ქალი იყო, მაგრამ ვერ შევეწყვეთ. ალბათ, ჩემი ახალგაზრდობის ბრალიც იყო. სხვა ოჯახი შევქმენი, თუმცა შვილები აღარ მყოლია. გოდერძიმ მაპატია, რომ მამობა ვერ გავუწიე. როცა ჩემს შვილებს ვჭირდებოდი, მათ გვერდით არ ვიყავი. ახლა გოდერძი აღარ არის, 80 წლის ასაკში მყოფს გული მტკივა იმ წლების გამო“. – ნიკო ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის მამა

„მე და ჩემმა მეგობრებმა გავიცანით გოდერძი. არ მახსოვს, მაშინ რაზე ვილაპარაკეთ. ალბათ, მოვეწონე, რადგან წამოსვლისას, უკვე ავტობუსში მყოფს, ულამაზესი თეთრი ყვავილი მომართვა. თითქოს მორიდებული გოდერძი თავისუფალი აზროვნებითა და ქცევით გამორჩეული, უცნაური ბიჭი იყო. დამშვიდობებისას ქურთუკის ღილზე მომკიდა ხელი, მოატრიალა და მოწყვიტა. დაქორწინების მერე სახლში ვნახე ის ღილი, შეუნახავს.

1982 წელი იყო, გოდერძი ტელევიზიაში ჩემთან მოვიდა, ცალკე გამიყვანა და მითხრა: „ან დღეს გამომყვები ცოლად, ან არასოდეს!“ მიტრიალდა და წავიდა, გულში რაღაც ჩამწყდა, მეგონა ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდა რაღაც ძალიან სუფთა, ლამაზი… და მივხვდი, მივხვდი, რომ მეც არ შემეძლო უიმისოდ არსებობა… იმ საღამოს ზურა ქაფიანიძემ გადაგვიხადა პირველი ქორწილი. ზურამ მოიტანა ღვინო, გაიშალა პურმარილი და ისეთი ქორწილი გვქონდა თავისი ცეკვა-სიმღერით, ლექსებით, დღესაც მახსენდება ხოლმე. ძალიან ბედნიერები ვიყავით.“ – ნინო მელაშვილი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე

ზურაბ კიკნაძე ქართული მითოლოგიის ენციკლოპედიაში ქორწილს ამგვარად განმარტავს: „ძველი ცხოვრების დასასრულისა და ახლის დასაწყისის სიმბოლო. ქორწილით, როგორც საბოლოო მიზნის აღსრულებით, მთავრდება ჯადოსნური ზღაპრების მეტი წილი… ქორწილი ერთიანობის, სიხარულის, იმედის ჟამია“.

გოდერძი ჩოხელზე მოგონებებიდან ამოკრეფილი ამონარიდები სიმბოლურად მისი მეუღლის, ნინო მელაშვილის მიერ ქორწილის გახსენებით სწორედ ამიტომ დავასრულეთ. ბავშვობაში სიზმრად ნანახი გოგო მწერალმა მრავალი წლის შემდეგ ქალაქში იპოვა და წყვილმა ზღაპრის მსგავსად დაბრკოლებებითა და სიხარულით სავსე ცხოვრება გაიარა. მათი სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ მეგობრები ულამაზეს ამბებს ჰყვებიან, „გვაგონებს ერთიანობის, სიხარულის, იმედის ჟამს“.

ცხადია, სტატიაში მოყვანილი ამონარიდები მხოლოდ ნაწილია წიგნში არსებული მასალისა. განსაკუთრებით ამაღელვებელია მეგობრების მოგონებები და მწერლისადმი მათი მიმართვის ფორმა – „გოდე“.

ნინო ზედელაშვილის წიგნის წაკითხვის შემდეგ გაკვირვებული ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, ამდენ ადამიანში დატოვო ულამაზესი კვალი, სითბო, სიყვარული; თითქოს გოდერძი ჩოხელის გახსენებისას ადამიანები ძალიან სათუთ, სულიერებით ავსებულ სამყაროში მოგზაურობენ; მთელი არსებით იაზრებ, როგორი დადებითი, კეთილი ძალა ჰქონდა გოდერძი ჩოხელს.

შესაძლებელია ჩემ მიერ შერჩეული ამონარიდების მიხედვით წარმოდგენის დადგმა – ბავშვები წაიკითხავენ მოგონებებს, შევარჩევთ მუსიკას, დავდგამთ კოსტიუმირებულ პანტომიმას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს ნინო ზედელაშვილმა გამოსცა წიგნი სახელად „დარდების შემგროვებელი“, რომელიც გოდერძი ჩოხელის შესახებ არსებული მოგონებების ახალი კრებულია. ამ წიგნის სახით მკითხველს წინ დიდი ბედნიერება ელის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნინო ზედელაშვილი, ნაწილიანი. რედ. კატო ჯავახიშვილი. თბილისი, საუნჯე, 2012

დეკორაციები და STEAM სწავლება

0

დღესასწაულები ყოველთვის სიყვარულის, სიხარულის, სილამაზისა და სითბოს ატმოსფეროსთან ასოცირდება. ამ დღეებში ყველა ცდილობს, საკუთარი ინტერიერი და ექსტერიერი გახადოს ჯადოსნური. საოცნებო გარემოს შესაქმნელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია საახალწლო დეკორაციები, რომლებშიც ძირითადი დატვირთვა აქვს LED და ნეონის ნათურებს. ისინი სილამაზესთან ერთად განაპირობებენ სიმყუდროვეს და ვიზუალურად მომხიბვლელ მრავალფეროვნებას.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ LED-ნათურების რაობაზე, მათ უპირატესობაზე სხვა ტიპის ნათურებთან მიმართებაში და დამწყებთათვის წარმოგიდგენთ მარტივი წრედების აწყობის ინსტრუქციას Tinkercad-სა და Arduino-ში. სწორედ Tinkercad-სა და Arduino-ში მუშაობაა წარმოადგენს სასკოლო სივრცეში STEAM განათლების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას.

STEAM განათლება არის სწავლა-სწავლების მიდგომა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და მათემატიკას, როგორც უნიკალურ შესაძლებლობას მოსწავლეთა კრეატიულობის, მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად. STEAM მოზარდს უბიძგებს ღრმა ფიქრისა და ანალიზისკენ.

STEM განათლება საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტებში, დაუშვას შეცდომები და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანოს დასკვნები, არ დაეყრდნოს მხოლოდ სახელმძღვანელოებში არსებულ ინფორმაციას. STEM განათლების ქვაკუთხედია კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი, კვლევა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. ასეთი მიდგომები ბავშვებში აღძრავს ცნობისმოყვარეობას, რაც სასწავლო პროცესს ხდის მხიარულს, აქტუალურსა და ნაყოფიერს.

საბუნებისმეტყველო საგნების განცალკევებულად სწავლების ძირითადი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მოსწავლეები ვერ ხედავენ კავშირს ნასწავლ დისციპლინასა და რეალურ ცხოვრებას შორის, სწორედ ამიტომ არის STEAM განათლება ასე მნიშვნელოვანი. მოსწავლეები იკვლევენ ცნობისმოყვარეობით, თამაშისა და პრაქტიკული დასწავლის საშუალებით, ახდენენ საგანთა შორის ინტეგრაციას და რაც მთავარია, თავად ქმნიან რეალურ რესურსებს.

გაგაცნობთ Tinkercad-ში ასაწყობ მარტივ და სახალისო სქემას ,,საახალწლო ნაძვის ხე“, რომლის ძირითად რესურსს წარმოადგენს LED-ნათურა.

რას წარმოადგენს LEDნათურა?

სინათლის გამოსხივების დიოდი (LED) ნათურა არის ნახევარგამტარული მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ინფრაწითელ ან ხილულ შუქს. LED-ნათურები გამოიყენება ბევრ ელექტრონულ მოწყობილობაში. ასეთებია, მაგ: ინდიკატორის ნათურები, მანქანის სამუხრუჭე ნათურები, ალფანუმერული დისპლეები, ბილბორდები, შენობების შიდა და გარე განათება, სხვადასხვა სახის დეკორაციები და სხვა. ინფრაწითელი LED-ნათურები გამოიყენება ავტოფოკუსირებულ კამერებსა და სატელევიზიო დისტანციურ მართვის პულტებში. ის ასევე სინათლის წყაროდ გამოიყენება ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო სისტემებში.

LED-ნათურები მუშაობენ ელექტროლუმინესცენციით, რომელშიც ფოტონების ემისია გამოწვეულია მასალის ელექტრონული აგზნებით. LED-ნათურებში ყველაზე ხშირად გამოყენებული მასალაა გალიუმის არსენიდი (GaAs), ასევე, გამოყენება ალუმინის გალიუმის არსენიდი ( Al x Ga 1−x As ) ან ალუმინის გალუიმის ინდიუმის ფოსფიდი (InAlGaP). ეს ნაერთები მზადდება ნახევარგამტართა ჯგუფის III-V, ანუ, პერიოდული სისტემის III და V სვეტებში ჩამოთვლილი ელემენტებისგან. ნახევარგამტარის შემადგენლობის შეცვლამ შეიძლება, შეცვალოს გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძე და შესაბამისად, ფერი.

ელექტრონული ემისია ძირითადად ხდება სინათლის სპექტრის ხილულ  (ტალღის სიგრძე 0,4-დან 0,7 მიკრომეტრამდე) ან ინფრაწითელ ნაწილში (ტალღის სიგრძე 0,75-დან 1,5 მიკრომეტრამდე). LED-ნათურის სინათლის სიკაშკაშე დამოკიდებულია LED-ის მიერ გამოსხივებულ სიმძლავრეზე და თვალის შედარებით მგრძნობელობაზე გამოსხივებულ ტალღის სიგრძის მიმართ. მაქსიმალური მგრძნობელობა ხდება 0,555 მიკრომეტრზე, რომელიც გულისხმობს ყვითელ-ნარინჯისფერ და მწვანე რეგიონს. LED-ებში გამოიყენება დაბალი ძაბვა, დაახლოებით 2,0 ვოლტი. დენის ძალის მნიშვნელობა დამოკიდებულია აპლიკაციაზე და მერყეობს რამდენიმე მილიამპერიდან რამდენიმე ასეულ მილიამპერამდე.

LED-ნათურები საახალწლო განათებისთვის წარმოადგენენ საუკეთესო არჩევანს ბევრი უნიკალური თვისების გათვალისწინებით. ისინი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ენერგოეფექტური და მრავალმხრივი ფუნქციით დატვირთული. LED-ნათურა საახალწლო დეკორაციებში დიდი პოპულარობით სარგებლობს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • გამოირჩევა ფერის, ფორმის, უნიკალური დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანით. მზადდება სხვადასხვა ფორმის ნათურები – ვარსკვლავები, ბურთულები, ფიფქები და ა.შ.
  • ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ და შესაბამისად, მცირეა ხარჯები. LED-ნათურები სხვა ტიპის ნათურებთან შედარებით, უფრო მეტ ხანს მუშაობენ, ეს კი მათ გამოყენებას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
  • ამ ტიპის ნათურა არ ცხელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების გარემოცვაში მათ უსაფრთხოდ გამოსაყენებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ არ შეიცავს ვერცხლისწყალს და ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა აირებს.
  • მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე გარე განათებისთვის. LED-ნათურები გამოიყენება ნაძვის ხის, კარ-ფანჯრების და სხვა ადგილების დეკორაციული სტილით გასაფორმებლად. ამ ნათურებს არ აქვს მინის ნაწილები, რაც განაპირობებს მათ მდგრადობას მექანიკური დაზიანების მიმართ.

LED-ნათურები თანამედროვე დიზაინის განუყოფელი ატრიბუტია. ის ნებისმიერ ინტერიერსა და ექსტერიერს მომხიბვლელობას ანიჭებს. შეიძლება გამოვიყენოთ საახალწლო დეკორაციების მორთვის მრავალი იდეა:

  • შესაძლებელია ნაძვის ხის განათების უნიკალურ ნიმუშებისა და ეფექტების შექმნა;
  • შეიძლება, შეიქმნას კარ-ფანჯრის გასაფორმებელი სხვადასხვა ფორმები, წარწერები და ნიმუშები;
  • გარე განათების მოწყობა, რაც განაპირობებს სადღესასწაულო ატმოსფეროს მთელ უბანში;
  • LED-ნათურებით შეიძლება ვაზების, სანთლების, სურათებისა და სხვა დეკორაციული ობიექტების გაფორმება;
  •  სპეციალური LED-ლენტები შეიძლება სინქრონიზდეს მუსიკასთან და შეიქმნას უნიკალური სინათლის შოუ;
  • არსებობს სმარტ LED-ნათურები, რომელთა კონტროლი შეიძლება სმარტფონის საშუალებით და შესაძლებელია ავტომატიზებული განათების სცენარების შექმნა.

ცოტაოდენი ფანტაზია და შესაბამისი რესურსი საკმარისია საკუთარი LED-დეკორაციების შესაქმნელად. LED-ნათურებით შესაძლებელია საინტერესო სქემების აწყობა Tinkercad-ში, ხოლო შემდეგ უკვე ამ სქემის მიხედვით რეალური მოწყობილობის შექმნა Arduino-ში.

Tinkercad-სა და Arduino-ში მუშაობა მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, ლოგიკური მსჯელობის უნარებს და შემოქმედებითობას. მსგავსი პლატფორმებით მუშაობა საჭიროებს ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლების გაცნობას. მოზარდები სწავლობენ ელექტრონული სქემების შექმნას, პროგრამირების საწყისებს და ფიზიკური მოწყობილობების აწყობას, რაც ხელს უწყობს მათში ტექნოლოგიური განათლების ამაღლებას. ასევე, სამომავლოდ, სხვა მსგავსი და კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური სიახლეების განხორციელებას. მოზარდებს უვითარდებათ როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.

Tinkercad არის უფასო, ადვილად გამოსაყენებელი პროგრამა 3D დიზაინის, ელექტრონიკისა და კოდირებისთვის. Tinkercad არის ონლაინპლატფორმა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ელექტრული წრედების აწყობა. Tinkercad და Arduino ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინის ინტეგრირებულად დასწავლისა და საჭირო უნარების ათვისების შესაძლებლობას. კონკრეტულად ასეთებია:

  • კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები: პროგრამირების ენების შესწავლა და პროგრამული ლოგიკის განვითარება, ალგორითმული აზროვნება; როგორ დავწეროთ კოდი, რომელიც მართავს LED-ებს, გამორთვას და ნათების ინტენსივობას; სხვადასხვა ეფექტის, მაგალითად, მბჟუტავი, გაქრობადი, ანიმაციური განათების სისტემების შექმნის შესაძლებლობა; რობოტების პროგრამირება, ვირტუალური მოწყობილობების და სიმულაციების შექმნა;
  • ინჟინრული უნარები: დიზაინი, მოდელირება, მსგავსი ან უნიკალური დიზაინის მქონე პროდუქტის შექმნა;
  • მათემატიკური უნარები: გაზომვები, გამოთვლები, მონაცემთა ანალიზი; გეომეტრიული ფორმების შექმნა, გრაფიკების აგება, მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • ფიზიკა: ელექტრობის ძირითადი პრინციპების შესწავლა. ძაბვა, დენი, წინააღმდეგობა და მათი ურთიერთკავშირი, მუდმივი დენის კანონები, გამტარების, კონდენსატორების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება. ელექტროსქემების სიმულაცია, სენსორები, მექანიკური მოძრაობის მოდელირება;
  • ხელოვნება: ინტერაქციული ხელოვნების ნიმუშების შექმნა;
  • მომხმარებლის გაცნობა: როგორ მუშაობს LED ნათურა, რეზისტორი, Arduino-ს მიკროკონტროლერი და სხვა. როგორ დავაკავშიროთ მონაცემები, მივიღოთ სასურველი შედეგი.
  • პრობლემების გადაჭრა და საკუთარი პროექტების შექმნა: რეალური სამყაროს პრობლემების ელექტრონული გადაწყვეტის შემუშავება, იდეების დიზაინი და უნიკალური პროექტების შექმნა.

Tincerqad ძალიან მოსახერხებელია დამწყებთათვის, რადგან არ საჭიროებს რთული პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნას. ამის შემდეგ შესაძლებელია, ზუსტად იმავე სქემითა და გენერირებული კოდით მუშაობა Arduino-ში და უკვე რეალური პროდუქტის შექმნა.

გაგაცნობთ Tinkercad-ში ასაწყობ მარტივ და სახალისო პროექტის – „საახალწლო ნაძვის ხე სქემასა და მისი მუშაობის კოდს.

პირველ ჯერზე ვისწავლოთ უმარტივესი – ერთი ნათურის ციმციმის აგება. გთავაზობთ ჩემ მიერ აგებულ სქემას და შესაბამის კოდს:

სქემა: https://rb.gy/ey7x2y

კოდი: https://rb.gy/1v5tmi

ახლა უკვე წრედი ავაგოთ ორი ნათურასთვის:

სქემა: https://rb.gy/lh6bln

კოდი: https://rb.gy/z0kz7t

ახლა კი, სქემა სამი ნათურასთვის:

სქემა: https://rb.gy/l4tw8m

კოდი: https://rb.gy/amvvn6

საინტერესოა RGB LED-ნათურის გამოყენება. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ნათურას შეუძლია სხვადასხვა ფერად ნათება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი კოდის შექმნა და გამოყენება.

სქემა: https://rb.gy/wkfbgq

კოდი: https://rb.gy/vnldnl

გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. შევთავაზოთ მოსწავლეებს, ააწყონ სქემა საახალწლო ნაძვის ხის მოდელი. შესაძლებელია, რესურსი გაკეთდეს, როგორც Tincerqad-ში, ასევე რეალურად, arduino-ს გამოყენებით.

სქემა: https://rb.gy/1kjyfe

კოდი: https://rb.gy/iir2np

ყველაზე საინტერესო და შრომატევადი სამუშაო, საახალწლო ნაძვის ხე მრავალი ნათურის გამოყენებით:

სქემა: https://rb.gy/8yxsm1

კოდი: https://rb.gy/qxf17u

 

Tinkercad-ში წრედების აწყობის შემდეგ მარტივია იმავე წრედებისა და კოდების გამოყენებით რეალური რესურსის შექმნა Arduino-ს გამოყენებით. რეალური წრედის ასაწყობად საჭიროა შემდეგი რესურსები: Arduino-uno, LED ნათურები, ჯამფერები, რეზიტორები, დიოდები.

მსგავს ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებულ პროექტებს მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით და ხალისით განახორციელებენ.

სასარგებლო ბმულები:

https://rb.gy/ta5w44

https://rb.gy/f8qt4f

https://rb.gy/01722s

https://rb.gy/bxvooj

გამოყენებული რესურსები:

მასწავლებლის სახლის „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მხარდაჭერის“ პროგრამის“ მასალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...