შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

როგორ გავიაზროთ იგავ-არაკები

0

ამ სტატიაში განხილულია პედაგოგიური მეთოდები და სტრატეგიები, რომელიც  სახალისოს ხდის  იგავ-არაკების გააზრების პროცესს.

იგავ-არაკი არის ლიტერატურული ჟანრი, რომელიც შეიცავს გარკვეულ მორალს და ქცევების შეფასებას. სწორედ  ამიტომ,  მისი  სწავლება  უნდა  დაეხმაროს  მოსწავლეებს  არა  მხოლოდ ტექსტის გასაგებად აღქმაში, არამედ მისი მნიშვნელობების გააზრებაში. გთავაზობთ, ჩემ გამოცდილებას და პედაგოგიური მეთოდებს,  რომლებიც  იგავ-არაკის  გააზრებას  ემსახურება:

I.              დამაფიქრებელი კითხვები, შეფასებითი დისკუსია: სასწავლო პროცესში აუცილებელია დამაფიქრებელი კითხვების დასმა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებმა  გაააზრონ  პერსონაჟების  ქცევები და ამ ქცევების შედეგად  მიღებული  შედეგები. მაგალითისთვის:

  • რა ფაქტორები განაპირობებენ გმირის გადაწყვეტილებას და როგორ შეაფასებდით მათ?
  • რას გვეუბნება იგავ-არაკის სათაური?
  • რა მორალური არგუმენტები გაქვს იმისთვის, რომ მოქმედება სწორად ან არასწორად შეფასდეს?
  • როგორ დააკავშირებ იგავ-არაკში მოცემულ პრობლემას დღევანდელ ცხოვრებასთან?
  • ამ გმირის ადგილას, როგორ მოიქცეოდი და რა გადაწყვეტილებას მიიღებდი?
  • რას გვასწავლის ეს იგავ-არაკი?
  • შეაფასე თითოეული პერსონაჟის ქცევა და დაასაბუთე ტექსტიდან შენი მოსაზრებები.
II.                  შემოქმედებითი წერილობითი დავალებები:  მოსწავლეებს შეიძლება დავავალოთ საკუთარი იგავის შექმნა, რომელიც ასახავს კონკრეტულ ეთიკურ დილემას. ასეთი დავალებები  ხელს  უწყობს  შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

III.               დეტალური შინაარსობრივი ანალიზი: დაწყებამდე ავუხსნათ ბავშვებს, რა არის იგავი და რა ამოცანას ატარებს იგი. განვიხილოთ ტექსტი დეტალურად, მიმოიხილოთ პერსონაჟები, მათი ქცევები, გადაწყვეტილებები და შედეგები.

  1. სიმბოლიზმის გაგება, ალეგორიების გაგება : შეგვიძლია განვიხილოთ მეტაფორული ასპექტები (მაგალითად, როგორ შეესაბამება ცხოველების ქცევა ადამიანის ბუნებას). ასეთი დისკუსია დაეხმარება ბავშვებს, გააცნობიერონ,  რომ  იგავში  წარმოდგენილ  პერსონაჟებს   ადამიანური  ღირებულებები აქვთ.
  2. ვიზუალური და აუდიო მხარდაჭერა: გაამყარეთ გაგება ვიზუალური მედიით — შეიძლება გამოიყენოთ კომპლექსური სურათები ან ვიდეო  მასალა, რათა   უფრო  კარგად აღიქვან  ტექსტში არსებული ძირითადი იდეები.
  3. შემთხვევების ანალოგია: იმ შემთხვევაში,  თუ იგავ-არაკში ჩანს გარკვეული სიტუაცია (მაგალითად, ვიღაცამ მიიღო კარგი ან ცუდი გადაწყვეტილება),  გადავიტანოთ ეს სხვა სიტუაციებში: სახლში,  სკოლაში  ან პირად ურთიერთობებში. ბავშვების  აზროვნება  ამ  პროცესში უფრო ღრმა გახდება.
IV.            დასკვნის მომზადება:  მოსწავლეებმა უნდა  გაიაზრონ, რა იყო იგავის მთავარი იდეა და როგორ შეიძლება ეს იდეები გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეძლონ ცოდნის ტრანსფერი.
  • ხელოვნების და ეთიკის ურთიერთობა: განვიხილოთ თითოეული გმირის ქცევა არა მხოლოდ ლიტერატურული მორალის,  არამედ ეთიკური და სოციოკულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. ამ მეთოდით, მოსწავლეები უკეთ გაიგებენ, როგორ მოქმედებს მორალი ყოველდღიურ ცხოვრებაზე;
  1. სოციალური დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა: მოსწავლეები უნდა დაჯგუფდნენ, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი აზრი. ჯგუფურ მუშაობაში, ისინი შეძლებენ ერთმანეთის იდეებისა და მოსაზრებების მოუსმინონ, განიხილონ. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება დაავალოს მათ, რომ თითოეულმა ჯგუფმა შეაფასოს პერსონაჟის ქცევა, გამოყოს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმსჯელონ მთავარ აზრზე და ა.შ;
  2. შექმენით საკუთარი იგავარაკი: მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი იგავი ან მორალური ზღაპარი, რომელშიც გადმოცემული იქნება კონკრეტული ქცევა და თვისება. ასეთი დავალებები  დაეხმარება  მათ  ტექსტის  მახასიათებლების  უკეთ  გაგებაში;
  3. შემოქმედებითი შეფასება: მოსწავლეებს შეიძლება დაევალოთ, რომ შექმნან ვიზუალური ან მხატვრული ნამუშევარი (პლაკატი, ნახატი, კომიქსი ), რომელიც ასახავს იგავ-არაკის მთავარ იდეას. ეს მათ დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ მორალური გზავნილი;
  • ბოლო საკითხი და მოსაზრება: აუცილებელია თითოეული პერსონაჟის ქცევას მოჰყვეს კითხვა მასწავლებლის  მხრიდან , რომელი არჩევანი იყო სწორი და რატომ?, კითხვებს თან უნდა ახლდეს დისკუსია.
  • აუდიო ბიბლიოთეკა:

იხ. ლინკზე https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/kldurz8f6d4h

აქვე  გიზიარებთ უშუალოდ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც შეგიძლიათ  სულხან-საბა ორბელიანის „ენით დაკოდილის“  გააზრებისთვის გამოიყენოთ:

QR კოდი: 

https://learningapps.org/watch?v=pv9gky1en25

QR კოდი:

https://learningapps.org/watch?v=p5qtv3dea21

ამდენად, თანამედროვე პედაგოგიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მხოლოდ ტექსტი დავასწავლოთ, არამედ ვასწავლოთ, რატომ სწავლობენ,  როგორ გაიაზროთ  მასში ჩადებული ღირებულებები  და  როგორ  გამოიყენონ   მიღებული  ცოდნა   ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აუდიო ბიბლიოთეკა – იხ. ლინკზე:  https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/kldurz8f6d4h
  2. მარგოშვილი, ლ. – ინტერნეტგაზეთი- https://mastsavlebeli.ge/ „კომპლექსური დავალება – მოიფიქრე და დაწერე იგავის შეგონება“. იხ.ლინკზე- https://mastsavlebeli.ge/?p=35152
  3. ჭყოიძე, თ. – ინტერნეტგაზეთი – https://mastsavlebeli.ge/ „როგორ ვასწავლოთ ამბავი, რომელიც მორალს შეიცავს?“. იხ. ლინკზე- https://mastsavlebeli.ge/?p=2119
  4. სამსონია, ი. „წიგნიერება“: https://ru.scribd.com/doc/177130018/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90

საბავშვო ლიტერატურა – თანასწორობის ჯადოსნური სივრცე

0

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს და საბავშვო წიგნის დღეს აღნიშნავს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ წიგნებში აღწერილი სამყაროები სადღაც არსებობს ან ჩვენი სამყაროც რომელიღაც წიგნშია აღწერილი, სადღაც, რომელიღაც პლანეტაზე, უნდა არსებობდეს საბავშვო მწერლებისა და წიგნების ქვეყანა.

იქ ალბათ ასტრიდ ლინდგრენი პეპისთან ერთად მაჭკატებით საუზმობს, ჰანს ქრისტიან ანდერსენი ასანთის გამყიდველ გოგონას ხელებს უთბობს და ცხელ შოკოლადს უმზადებს, ტომ სოიერი და მარკ ტვენი ერთად გეგმავენ ახალ, სახიფათო თავგადასავლებს, ეგზიუპერი და პატარა პრინცი იმ ერთადერთ ვარდს ბუგრებს აცლიან.

ამ ქვეყანაში აუცილებლად ნახავთ ხეობაში მდგარ პატარა, სასაცილო სახლს, რომლის სამზარეულოშიც დედა მუმინი გემრიელ მურაბებს ხარშავს, სამზარეულოს მაგიდასთან კი ტუვე იანსონი ზის და ცხელ, ქაფქაფა ჩაის მიირთმევს. სხვა მუმინებიც აქ არიან: სნუსმუმრიკი, სნიფი, ჰემული და ზღაპრული ხეობის სხვა ბინადრები. იცინიან, ლაპარაკობენ, ახალ, სასაცილო, ზოგჯერ ნაღვლიან ამბებს ყვებიან…

ყველა ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ. სწორედ ეს წიგნები გვაყალიბებენ ადამიანებად. ხან ჰეკლბერი ფინივით თავისუფლებაზე ვოცნებობთ, ხან ტომ სოიერივით შეგვიყვარდება თანაკლასელი გოგონა, ხან ჩვენი ოცნების სალტკროკას ვპოულობთ, ხან ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური, ცეცხლისფერთმიანი გოგო გადმოდის, ხან პროპელერის ზუზუნი გვესმის სამზარეულოს ფანჯარასთან, ხანაც განძთა კუნძულზე ნაპოვნ ძვირფასეულობას გადავთვლით.

აქ შეიძლება, გარდაცვლილი ძმის საძებრად გაეშურო ნანგიალაში – სამოთხეში – ან ობოლი, მოწყენილი ბიჭი იყო და ჯადოსნურ ქვეყანაში მამა იპოვო.

აქ შეიძლება, ზეცაში მყოფ დედას ახედო და დაამშვიდო, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს, შეიძლება, დიდხანს ელოდო საყვარელ, პროპელერიან მეგობარს.

განა არასდროს გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში მოხვედრაზე? იქნებ სარკისმიღმეთი, საოცრებათა ქვეყანა ან დედამიწის გარშემო საოცარი მოგზაურობა დაგსიზმრებიათ?

თუ აუტიზმის მქონე ბავშვს ლიტერატურული პერსონაჟებიდან ვინმე ჰგავს, ეს ალბათ ეგზიუპერის პატარა პრინცია.  გზა საკუთარი, შინაგანი პლანეტიდან გარეთ, ადამიანებისკენ, სამყაროს შეცნობისა და შთაბეჭდილებებისკენ… სირთულით, იმედგაცრუებებითა და სიყვარულით სავსე გზა… ზოგან შესაძლოა უდაბნო იყოს, ზოგან ვარსკვლავებს ითვლიდნენ, ზოგან საკუთარი თავის უზომოდ მოყვარული ეგოისტი ხელმწიფეც შეხვდეს…. მთავარია, ერთი მელია-მეგობარი მაინც აღმოჩნდეს ამ გზაზე, მოუსმინოს, გაუგოს და შეიყვაროს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ბავშვი სულაც არ ჰგავდეს სხვებს, მთავარია, რომ მის გულში მუდამ ანთია სიყვარული – ეს ოთხეკლიანი, თავისნათქვამა და თავნება ვარდი.

სინამდვილეში სწორედ საბავშვო ლიტერატურაა ყველაზე ნათელი დარდის, ყველაზე ტკბილი ტკივილის სივრცე. ბავშვებს ხომ დიდი, ნამდვილი პრობლემები აქვთ. პეპი ობოლია; ანიკას და ტომს, ვერ იტყვი, რომ ძალიან გამგები მშობლები ჰყავთ; კარლსონი ალბათ უსახლკარო ბიჭია, უკონტექსტო, ყველასგან განსხვავებული, რომელიც იბრალებს, ბებია მყავსო, სინამდვილეში არ ჰყავს, ორთქლის მანქანები მაქვსო, სინამდვილეში არ აქვს და სადაც გამოჩნდება, მისკენ თითს იშვერენ; ბიჭუნა მარტოა და თან ნაღვლიანი, მისი არავის სჯერა; ძმები ლომგულებიდან ერთს ძმა უკვდება; მიო ობოლია და მარტოსული… მაგრამ ამ დარდებთან ერთად როგორი სინათლით გატენილია ეს სამყარო, როგორი ოპტიმისტური, როგორი ბედნიერი, ისეთივე, როგორიც სალტკროკა, რომელიც ალბათ ბავშვობის აღთქმული მიწაა, ბედნიერების კუნძული.

გახსოვთ, როგორ მთავრდება “ვინი პუჰი”? წერტილით კი არა, მარადიული აწმყოთი, უნაღვლიანესი ფინალით, მრავალწერტილით:

“აქ, ამ მოჯადოებულ ადგილას, ამ გორაკზე შეფენილ ტყეში, პატარა ბიჭი მაინც ყოველთვის ითამაშებს თავის დათუნიასთან ერთად”.

აი, ეს ჯადოსნური მრავალწერტილია საბავშვო ლიტერატურის მთავარი მაგია.

თუ ბოლო დროს სამყაროს ყველა წესისა და კანონის ამოყირავებამ, სამშობლოსა თუ სამყაროში განვითარებული ამბების სისასტიკემ და გაუგებრობამ საყრდენი გამოგაცალათ, დაგაბნიათ, იმედი დაგიკარგათ, იქნებ სცადოთ, წონასწორობა თქვენი საყვარელი საბავშვო წიგნების სამყაროში იპოვოთ და იფიქროთ: თუ მაწანწალა რასმუსმა დაიბრუნა სახლი, იქნებ თქვენც დაიბრუნოთ, იქნებ ციცინათელების მწყემსი ბაიას გათავისუფლებაც შეიძლებოდეს, ამ საბავშვო ლიტერატურის ნესტან-დარეჯანის, იქნებ, იქნებ, იქნებ…

საინტერესო ექსპერიმენტები

0

ამას წინათ ერთმა მოსწავლემ სრული სერიოზულობით მითხრა – მე რომ ქიმიკოსი ვიყო და ჩემი ლაბორატორია მქონდეს, დილიდან საღამომდე მხოლოდ მხიარულ ექსპერიმენტებს გავაკეთებდიო. გარშემო ყველაფერი თუხთუხა და ფერადი იქნებოდაო… თქვენ კიდევ რამხელა შესაძლებლობას არ იყენებთო.

 

რა გინდა, რომ უთხრა, მართალია. უბრალოდ, ზოგჯერ ყოველდღიური რუტინა კლავს იმ ენერგიას, ყველაფერი აფერადო და ათუხთუხო.

 

თუმცა, ზოგიერთი საინტერესო ექსპერიმენტის მსვლელობას აქ მაინც დავწერ.

 

გახსოვდეთ! ცდები მხოლოდ მასწავლებელთან ერთად უნდა გაკეთდეს. თუ საკლასო ოთახში არ არის გამწოვი კარადა, მაშინ ფანჯრები უნდა გააღოთ. უნდა გამოიყენოთ დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათი. მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებებთან მუშაობისას (მაგ. ამიაკი) გამოიყენეთ პირბადე. ასევე გახსოვდეთ, რომ სიფრთხილით უნდა მოიქცეთ მჟავებთან.

 

ქიმიასთან უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია!

 

„ოქროს წვიმა“

 

ანტიკურ ლეგენდებში მზეთუნახავი დანაე ცხოვრობს. ცხრაკლიტულშია გამომწყვდეული და ერთ დღესაც მის გისოსებიან სარკმელთან „ოქროს წვიმა“ წამოვა. ეს ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთი ზევსი მივიდა მის მოსანახულებლად და ოქროს წვიმის სახე მიიღო.

 

ჭურჭელი და რეაქტივები: ტყვიის აცეტატი/ტყვიის ნიტრატი – 1გრ; კალიუმის იოდიდი – 1გრ; ცხელი წყალი – 350მლ; ძმარმჟავა; სამი 400 ლმ-იანი ქიმიური ჭიქა.

 

აიღეთ ერთი გრამი ტყვიის აცეტატი (ან ტყვიის ნიტრატი) და ამდენივე (ანუ, ერთი გრამი) კალიუმის იოდიდი. თითოეულს დაასხით 175მლ ადუღებამდე მიყვანილი ცხელი წყალი. ტყვიის მარილის წყალხსნარს რამდენიმე წვეთი ძმარმჟავა ჩაამატეთ, რომ გამოლექვა შეაჩეროთ. შემდეგ ეს ორი წყალხსნარი ერთმანეთს შეურიეთ. ნელი გაციებისას ხსნარიდან ტყვიის იოდიდის გამოყოფა დაიწყება. მბრწყინავი ოქროსფერი ქერცლები „ოქროს წვიმის“ სახით წამოვა:

 

2KI+Pb(NO3)2=PbI2+2KNO3.

 

ტყვიის ნიტრატზე ასევე სცადეთ:

 

ჭურჭელი და რეაქტივები: ტყვიის ნიტრატი – 5-10გრ; თუთიის ფირფიტა; 500 ლმ-იანი ქიმიური ჭიქა (ორი ცალი); ნატრიუმის ჰიპოქლორიდი – 5გრ; ნატრიუმის ტუტე – 5გრ.

 

  1. ავიღოთ 500მლ ქიმიური ჭიქა და შიგნით მოვათავსოთ თუთიის ფირფიტის ნაჭერი. დავამატოთ ტყვიის ნიტრატის ნაჯერი ხსნარი, ისე, რომ თუთიის ნაჭერი მთლიანად დაიფაროს. ცოტა ხნის შემდეგ, თუთიის ფირფიტაზე ტყვიის კრისტალები წარმოიქმნება. ეს ჩანაცვლების რეაქცია გახლავთ:

Pb(NO3)2+Zn→ Pb+ Zn(NO3)2.

 

  1. ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ ტყვიის ნიტრატის ნაჯერი ხსნარი და დავამატოთ ნატრიუმის ჰიპოქლორიდი. შედეგად, ტყვიის ჰიპოქლორიდის ნალექი გამოიყოფა:

Pb(NO3)2+2NaClO→ Pb(ClO)2+2NaNO3.

 

  1. ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ ტყვიის ნიტრატის ნაჯერი ხსნარი და დავამატოთ ნატრიუმის ტუტის 5%-იანი ხსნარი. თავდაპირველად ტყვიის ჰიდროქსიდი წარმოიქმნება, მაგრამ ნატრიუმის ტუტის სიჭარბის გამო ტყვიის რთული კომპლექსური ნაერთი მიიღება, რომელიც წყალში კარგად იხსნება:

Pb(NO3)2+4NaOH→Na2[Pb(OH)4]+2NaNO3.

 

ცოტა უფრო მძაფრი რეაქციებიც ვცადოთ.

 

  1. ქიმიური „რაკეტა“

ჭურჭელი და რეაქტივები: კოლბა – ერთი ცალი; პიპეტი; კალიუმის ქლორატი 30-40 გრ; მარმელადის ნაჭერი.

 

კოლბაში მოვათავსოთ 30-40 გრამი კალიუმის ქლორატი, იგივე ბერთოლეს მარილი KClO3. ეს მარილი ძლიერი დამჟანგავია. კოლბა გავაცხელოთ და მარილი გავალღოთ, შემდეგ დავამატოთ მარმელადის ნაჭრები და დავაკვირდეთ ცდის მსვლელობას, კოლბაში ნამდვილი ვულკანი აბობოქრდება. კალიუმის ქლორატი ჟანგავს მარმელადში არსებულ შაქარს და ჟელატინს. წარმოიქმნება კალიუმის ქლორიდი, ნახშირორჟანგი და წყალი.

 

  1. ქაღალდი ან ძველი ფულის კუპიურა თუ გაქვთ, შეგიძლიათ თან დაწვათ და თან არც დაწვათ.

 

ჭურჭელი და რეაქტივები: ქიმიური ჭიქა 500მლ, 3 ცალი; სამედიცინო სპირტი; ნატრიუმის ქლორიდი; სპირტქურა; პინცეტი.

 

ავიღოთ სამი ქიმიური ჭიქა. პირველ მათგანში ჩავასხათ 100მლ სამედიცინო სპირტი; მეორეში – 100მლ წყალი; მესამეში – 50მლ სპირტი და 50მლ წყალი. მესამე ჭიქაში ჩავამატოთ მცირე რაოდენობით ნატრიუმის ქლორიდი. ავიღოთ ქაღალდი. პინცეტით ჯერ კარგად დავასველოთ პირველ ჭიქაში, შემდეგ მეორეში, სულ ბოლოს მესამეში. როცა დავრწმუნდებით, რომ კარგად არის დასველებული, ამოვიღოთ და ცეცხლი წავუკიდოთ. ქაღალდი მკვეთრი ყვითელი ალით „დაიწვება“. ოღონდ, არ დაიწვება. დაიწვება მხოლოდ სპირტი ქაღალდის ზედაპირზე. მკვეთრ ყვითელ ფერს ალს ნატრიუმის იონები მისცემენ, ქაღალდი კი მთელი დარჩება.

თუ თქვენი ლაბორატორიიდან ან საკლასო ოთახიდან გზაჯვარედინი მოჩანს, სადაც შუქნიშანი მანქანის ნაკადს წამდაუწუმ აჩერებს, გავიხსენოთ, ჩვენი, „ქიმიური შუქნიშანი“.

  1. შუქნიშანი

ჭურჭელი და რეაქტივები: 500მლ ქიმიური ჭიქა 2ცალი; გლუკოზა; ინდიგოკარმინი (ნამცხვრის ლურჯი ფერის საღებავებში შედის); 5% ნატრიუმის ტუტე.

ქიმიურ ჭიქაში გამოხდილი წყლის მცირე რაოდენობას დავამატოთ 2 გრ გლუკოზის ფხვნილი, კარგად მოვურიოთ და დავამატოთ ინდიკატორ ინდიგოკარმინის მცირე რაოდენობა, ისე, რომ ხსნარმა ხასხასა ლურჯი შეფერილობა მიიღოს. ასევე დავამატოთ 10მლ 5% ნატრიუმის ტუტე.

შემდეგ გადავასხათ სხვა ქიმიურ ჭიქაში, კვლავ ძველ ჭიქაში გადმოვასხათ და ასე რამდენჯერმე გავიმეოროთ. ხსნარი ჯერ მწვანეა, შემდეგ წითლდება და ბოლოს ყვითელ ფერს იღებს. ქიმიური ჭიქიდან სხვა ჭიქაში გადასხმით ინდიკატორი ჰაერში შემავალი ჟანგბადით იჟანგება, ხსნარში შემავალი გლუკოზა და აღმდგენელია და რეაქცია თავიდან იწყება, ანუ ფერების ერთმანეთში გადასვლა ხელახლა ხდება.

ეს ექსპერიმენტები ერთი მხიარულებისთვის საკმარისი იქნება. დანარჩენი მერე ვნახოთ.

ადამიანების სამყოფელი „ედემის აღმოსავლეთით“

0

დიდი ტექსტი დიდი სამყაროა. რომანი სიტყვებით ნაშენებ რეალობას ჰგავს და ავტორები იქ შეგვიძღვებიან ხოლმე, ამ თავიანთ სამყაროებში.

 

ჯონ სტაინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ დიდი და დიდებული რომანია.

ქართულად თარგმნილი[1] 800 გვერდია და კითხვისას ფურცელ-ფურცელ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობით ადამიანს.

წიგნი ადამიანებზეა.

ადამიანთა შორის ურთიერთობაზე, ამბივალენტური გრძნობების გაშინაგანებაზე – როგორ შეიძლება იგრძნო ერთდროულად ორი ურთიერთსაპირისპირო განცდა. წიგნი ჩვენთვის ასე ნაცნობ განტოლებაზეც თავის პასუხს გვცემს – მარტო წვრთნა უშველის, თუ ბუნება, გენეტიკა, თანდაყოლილი და ჩაკირული სქემებია ადამიანი?

წიგნი სიკეთესა და ბოროტებაზე, გამარჯვებასა და დამარცხებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზეცაა. სტაინბეკმა ყველა მთავარ საფიქრალს მოუყარა თითქოს თავი, შექმნა ტექსტის კალაპოტი და მდინარედ აქცია, სალინასივით დაუდგრომელ, ბობოქარ, მშვენიერ, თვალწარმტაც მდინარედ.

 

ამ წიგნში ვეცნობით მსოფლიო მონსტრებისა და ურჩხულების, არაადამიანებისა და უგულოების გალერეაში ერთ-ერთ გამოსაჩენ ადგილს რომ იკავებს, ისეთ ურჩხულს, ქეთი ეიმსს და ამავე წიგნშია მარადიული განთიადივით მშვენიერი ადამიანი, ვისი აზრებიც მერცხლებივით მსუბუქად და ლამაზად ფრენენ, ვინც აკეთილშობილებს ყველასა და ყველაფერს მის ირგვლივ.

 

საშუალო საფეხურზე ერთი ზაფხული ჯონ სტაინბეკის ზაფხულად შეიძლება გამოცხადდეს. მაგალითად, მე-11 კლასში თუ მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებს სტაინბეკის ქართულად ნათარგმნ (ან, თუ ენის ცოდნა ხელს აძლევთ, ორიგინალში, ინგლისურად) წიგნებს წაიკითხავენ, დაუგროვდებათ საფიქრალი, სათქმელი, უამრავი არაჩვეულებრივი პერსონაჟით, გმირით შეივსება მათი არსენალი, გული სითბოთი აევსებათ და თვალები, ზოგჯერ, ცრემლებით, მაგრამ სტაინბეკი ის ავტორია, რომელსაც კაცობრიობის სჯერა, სწამს, ადამიანს ხედავს და აღიარებს, იღებს მას ყველანაირ გამოვლინებაში და დარწმუნებულია სიკეთის გამარჯვებაში. ის მაწანწალების, ავაზაკების, ჩათლახების, სუტენიორების, ნაბიჭვრების, ყველანაირი ჯურის ხალხის ქომაგია. მისი მაწანწალები ყველაზე ღირსეული და ღვთისნიერი მაწანწალები არიან. სოციალურ ფსკერზე ბედისწერის განგებით გადასროლილ ადამიანებში ყოველთვის პოულობს ღირსებას, ადამიანურობას. ეს კი ისე ძალიან გვჭირდება ხოლმე სულის სალბუნად, მძიმე ჟამს იმავ სულის მოსათქმელად.

 

„ედემის აღმოსავლეთით“ ცოტა ხნით ჩასახლება ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისთვის ბევრის მომცემია. წიგნში ბავშვებსა და აღზრდაზე ბევრია ნათქვამი. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის, ჩინელი ლის აღზრდის პრინციპებით კი პედაგოგიკის ქრესტომათია შეიძლება შეიქმნას.

 

 

ლის აღზრდის პრინციპები

  1. თავისუფლება კონტროლის ნაცვლად. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუშვას შეცდომები. შეცდომების გათავისება, შედეგების წვნევა, დასკვნების დამოუკიდებლად გაკეთება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილებია. მშობლის (აღმზრდელის) დიდაქტიკა და დიქტატი ამ გამოცდილების სიკეთეს ვერ ჩაანაცვლებს. ტრასკების ტყუპებს ის ამ პრინციპით ზრდის. ქეილისთან ურთიერთობისას ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება. ფულის დაწვის ეპიზოდში ქეილი ელის, რომ ლი მას ხელიდან წაგლეჯს ასანთს, ქოქოლას დააყრის, გაუბრაზდება, შეეცდება შეჩერებას ან ჭკუას ასწავლის. ლი „გააწბილებს“ მას და საბოლოოდ „იმარჯვებს“, რადგან ქეილის შინაგანი ხმა, მისი სინდისი და სინდისის ქენჯნა მეტს ასწავლის, ვიდრე ყველაზე ბრძენი ადამიანის დარიგებებს შეეძლო ესწავლებინა.
  2. მორალი არჩევითია და ადამიანს შესწევს უნარი, გააკეთოს სწორი არჩევანი, გარემო პირობების მიუხედავად. ამაში მას დახმარება სჭირდება. ლი დარწმუნებულია, რომ ადამიანი ყოველთვის სიმართლისა და სიკეთის მხარეს იქნება, თუკი მას ერთხელ მაინც დაანახვეს, რომ ენდობიან. არცერთ მოზარდს არ ანიჭებს ბედნიერებასა და სიამოვნებას დესტრუქცია, არ არსებობს ბავშვი, რომელიც „ტკბება ცუდი საქციელით“ და ილტვის რაც შეიძლება მკაცრი სასჯელის მისაღებად. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დასწავლილი ქცევა, რომელიც დამანგრეველია მისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც.

 

  • მე ის იმიტომ მძულს, რომ კარგად მესმის მისი, მას ჩემს თავში ვხედავ“ – ამბობს ქეილი დედამისზე, ქალზე, რომელსაც სტაინბეკიც კი ურჩხულს უწოდებს (არადა, ზევით ვთქვი, ამ მწერალს აქვს გამაოგნებელი უნარი, ეძებოს და იპოვოს სინათლე ყველა ადამიანში, ოღონდ არა ქეთი ეიმსში. მის შემოყვანამდე მწერალი მთელ წინასიტყვაობას სთავაზობს მკითხველს, შემდეგ კი იმასაც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რა შეცდომებს უშვებენ ქეთის აღზრდისას მშობლები და როგორ ყალიბდება ამ ურჩხულად უმშვენიერესი, ანგელოზისსახიანი გოგონა).
  • ახლავე გაჩუმდი! – წამოხტა ლი, – ასეთი სისულელეები აღარ გამაგონო, გესმის? რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, რომ შენშიც იყოს ცუდი, ყველა ადამიანშია უარყოფითი მხარეები. ასწიე თავი! თვალებში შემომხედე!…
  • …რა გინდა?
  • შენში კარგიც არის, გაიგე?! შემომხედე-მეთქი, რომ გელაპარაკები! ასე რომ არ იყოს, ახლა ასეთი დაღონებული არ იქნებოდი. არ გაბედო იოლი გზის არჩევა. ძალიან ადვილია ყველაფრის მემკვიდრეობისთვის გადაბრალება. აღარ გამაგონო ასეთი სისულელეები! ყურადღებით მისმინე: ყველაფერი, რასაც შენ გააკეთებ, შენი ბრალი იქნება და არა დედაშენის!
  • შენ ამის გჯერა?
  • მჯერა და გირჩევ, შენც დაიჯერო, თორემ ტყავს გაგაძრობ, იცოდე!

ქეილი რომ ოთახიდან გავიდა, ლი ისევ სავარძელში ჩაეშვა. „სად ჯანდაბაში წავიდა ჩემი აღმოსავლური თავშეკავება? – გაიფიქრა მან.

 

საინტერესოა, რომ აღმოსავლური თავშეკავება ლის მხოლოდ მაშინ „ღალატობს“ ხოლმე, როდესაც ბიჭები, მისი აღზრდილი ტყუპები, საკუთარ თავში დაურწმუნებელნი და დესტრუქციულნი ხდებიან. ამ დროს მასში უპირობო მხარდამჭერი, გზამკვლევი და აღმზრდელი იღვიძებს ხოლმე.

 

  1. აღმზრდელი ბავშვისთვის უფროსი მეგზურია, გზას უკვალავს ცხოვრების სავალ გზებზე, ის არაა დიქტატორი, მოკარნახე, იძულების მექანიზმი ახალგაზრდასთან არ ჭრის და მოთმინება და მოსმენა, საუბრები ყველაფერზე, გულახდილობა, გულწრფელობა ლის მთავარი სამარჯვებია. სხვა ყველა გზა ჩიხში მიდის. ულმობელი სიმართლე და შიშველი გულწრფელობა, როცა ადამიანი ამ სიმართლის მისაღებად მზადაა, უკეთესია, ვიდრე დაშაქრული ტყუილი, ილუზია.

 

– ნეტა შეიძლებოდეს, რომ ბიჭებს სიმართლე გაუმხილოთ.

– ჰო, მაგრამ არ მინდა, რომ დედაზე ცუდი იფიქრონ.

– სხვა საფრთხეზე არასდროს გიფიქრიათ?

– რას გულისხმობ?

– თვითონ რომ შეიტყონ ყველაფერი? შეიძლება ვინმემ უთხრას.

– რას იზამ? რომ გაიზრდებიან, შეიძლება უფრო ადვილი იყოს მათთვის.

– არა მგონია, – თქვა ლიმ. – თუმცა ეს არ არის ყველაზე მთავარი საფრთხე.

– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.

– ტყუილი მაღელვებს ყველაზე მეტად. სიცრუე ყველაფერს აფუჭებს. თუ ისინი ოდესმე შეიტყობენ, რომ ატყუებდით, სიმართლე დაზარალდება. ისინი თქვენ აღარასდროს დაგიჯერებენ.

 

და მერე ლი ჰყვება თავისი მშობლების ამბავს, რაც დამზაფრავად მძიმე, ტრაგიკული, არაადამიანური ტკივილის დამტევია. ლი ჰყვება ბოლომდე, დაუფარავად და ამ ამბის ფინალი ყველაზე მოულოდნელი რამაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ლის მშობლების ამბავზე მეორე ვეებერთელა და დიდებული რომანი იწერება მკითხველის წარმოსახვაში და სამუდამოდ რჩება იქ.

 

 

სტაინბეკმა ამ რომანისთვის ნობელის პრემია მიიღო. ნობელის პრემიის გადაცემისას ფორმულირებებია ხოლმე ძალიან საინტერესო. სტაინბეკისთვის განკუთვნილი ჯილდო ასეა სიტყვებით გადმოცემული: „რეალისტური და ამავდროულად, გასაოცარი წარმოსახვითი ქმნილებებისთვის, რომლებიც თბილი იუმორითა და სოციალური გამჭრიახობითაა განმსჭვალული“.

პირადად ჩემგან კი სტაინბეკს სამუდამოდ ეკუთვნის მადლობა და ადგილი გულსა და გონებაში ადამიანისა და ადამიანობის ასე დაფასებისთვის, წარმოჩენისთვის, თითოეულ მკითხველში ადამიანის შეღვიძებისთვის.

 

 

[1] რამაზ ხატიაშვილის თარგმანი, სულაკაურის გამომცემლობა, 2023წ.

ლექსის ანალიზი და აქტიური სწავლება

0

ოთარ ჭილაძის პოეზია განსაკუთრებულად ღრმა, ემოციური და ფილოსოფიურია, რაც მას მნიშვნელოვან რესურსად აქცევს ლიტერატურის სწავლების პროცესში. მისი ლექსები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, არამხოლოდ შეისწავლონ პოეტური ფორმები და სიმბოლიზმი, არამედ განივითარონ კრიტიკული და ფილოსოფიური აზროვნება. განსაკუთრებით გამორჩეულია ლექსი „ზოოპარკი“, რომელიც დამკვიდრებულია სასკოლო პროგრამაში და საინტერესო საშუალებას იძლევა მრავალმხრივი ანალიზისთვის.

ლექსის სიმბოლური მნიშვნელობა ლექსში „ზოოპარკი“ აღწერილია ცხოველების სამყარო, რომლებიც ზოოპარკში, ადამიანის თვალწინ, ხელოვნურად შექმნილ გარემოში ცხოვრობენ. თუმცა ლექსის არსი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხოველების გალიაში გამოკეტვით. ის სიმბოლურად გადმოსცემს ადამიანის მდგომარეობას საზოგადოებაში, თავისუფლების შეზღუდვის, უუნარობისა და თვითგამოხატვის პრობლემებს. ცხოველები ამ კონტექსტში ხშირად ადამიანურ ემოციებსა და განცდებს ასახავენ, ხოლო ზოოპარკი – საზღვრებსა და ჩარჩოებს, რომლებიც ზოგჯერ საზოგადოების მიერ არის დაწესებული.

როგორ დავეხმაროთ ამ ლექსის გააზრებაში  მოსწავლეებს?  

უნდა გავითვალისწინოთ ….

  1. ლექსის კონტექსტი: „ზოოპარკი“ ხატავს სამყაროს, სადაც ცხოველები ცხოვრობენ. აქ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ეს ლექსი არ ეხება მხოლოდ ცხოველების გალიებში გამოკეტვას, არამედ ეხება იმავე ცხოველების ბუნებრივ ცხოვრებას, რომლებიც ზოოპარკში ადამიანის  თვალწინ  ჩაკეტილნი არიან.
  2. სიმბოლიზმი და სათქმელი: ცხოველები, ლექსის პერსონაჟები, შეიძლება ემსგავსებოდეს ადამიანების ცხოვრებას და ადამიანური ემოციების გამოხატვას. მაგალითად, ცხოველების გალიაში ყოფნა შეიძლება იქნას გააზრებული, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა.

შესაძლებელია ლექსის გააზრება, როგორც ადამიანების მიერ ბუნებისა და ცხოველების მიმართ გაუაზრებელი დამოკიდებულების გამოხატულება.

  1. მასწავლებლის როლი: მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ არა მხოლოდ ლექსის  პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ მისი სიღრმე და ფილოსოფიური ელემენტები. ამისათვის შეიძლება გავუზიაროთ მათი საკუთარი გრძნობები და აზრები ცხოველებზე,  ბუნებაზე  და  ზოოპარკის შინაარსზე. გავმართოთ დისკუსია.
  2. კითხვები მოსწავლეებისათვის: რა შეგრძნება გაქვთ, როდესაც ხართ ზოოპარკში? როგორ ფიქრობთ, რატომ იყენებს ავტორი ცხოველებს, რომ საუბრობს ადამიანის ცხოვრების შესახებ? რას ნიშნავს „გამბედაობა“ და „თავისუფლება“ ამ ლექსში?

აქვე გიზიარებთ მეთოდებს და  ჩემს შექმნილ აქტივობებს  https://learningapps.org/- ზე   ლექსის გასააზრებლად  სხვადასხვა პედაგოგიური მეთოდები არსებობს, რომლებიც საშუალებას იძლევა მოსწავლეებს უფრო ღრმად ჩაწვდნენ ტექსტის შინაარსს, სიმბოლიზმს და ემოციურ დატვირთვას. აქ არის რამდენიმე მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ლექსის გააზრებისთვის:

  1. 1. წაკითხვისა და ანალიზის მეთოდი:

მეთოდი: ლექსის წაკითხვის შემდეგ, მასწავლებელი კითხვებს სვამს, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს ანალიზში და გააზრებაში.

მნიშვნელობა: მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები შეძლონ არა მხოლოდ ლექსის გაგება, არამედ მისი ფილოსოფიური და ემოციური შინაარსის გაცნობაც.

შეკითხვის მაგალითები: რას გამოხატავს ეს სიმბოლო (მაგ. გალია,  ან ცხოველი)?, როგორ შეიძლება განვიხილოთ ამ ლექსში გამოყენებული ბუნების ელემენტები?, რა არის ლექსის მთავარი იდეა?

  1. სიმბოლიკის გააზრება:

მეთოდი: ლექსში  გამოყენებული  სიმბოლოების ანალიზი, რომელიც  გაარკვევს, თუ როგორ შეიძლება  ზოგიერთი  ელემენტი  (მაგ. ცხოველები, ბუნება, კონკრეტული სახეები) დაკავშირებული  იყოს  ადამიანურ  გრძნობებს,  ემოციებს  და  ცხოვრებისეულ თემებს.

მნიშვნელობა: ლექსები ხშირად შეიცავენ სიმბოლებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან აღქმული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს დაეხმაროს მათ ამოცნობაში.

შეკითხვები: რას წარმოადგენს ზოოპარკის ცხოველები და რატომ არის მათი ყოფნა ასე მნიშვნელოვანი?, რა შეიძლება გამოიხატოს ცხოველების ან გალიების საშუალებით?

  1. მხატვრული გამოხატვა:

მეთოდი: მოსწავლეებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, თავიანთი ინტერპრეტაცია ვიზუალურად გამოხატონ (ნახატები, კოლაჟები, პოსტერები, კომიქსები).

მნიშვნელობა: მხატვრული გამოხატვა არა მხოლოდ ინტერპრეტაციას აძლიერებს, არამედ ბავშვებს ეხმარება ლექსის ემოციური მხარის დანახვაში.

შეკითხვები: როგორ გამოიყურება ზოოპარკი თქვენს მიერ შექმნილ ნახატში?, როგორ გამოხატავს თქვენი ნახატი ლექსის მთავარი იდეა?

  1. ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები:

მეთოდი: ჯგუფური მუშაობა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს აჩვენებენ თავიანთ ინტერპრეტაციას, განიხილავენ ლექსის სიმბოლოებს და მხატვრულ ელემენტებს, პერსონაჟებს.

მნიშვნელობა: ჯგუფში მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს ერთმანეთისგან ისწავლონ და განსხვავებული აზრები გაიზიარონ, ისწავლონ გუნდურობა, აზრის გამოხატვა და არგუმენტირება.

შეკითხვები: რა განსხვავებები და მსგავსებები ნახეთ თქვენს და თქვენი თანაკლასელების ინტერპრეტაციებში?, როგორ აისახება თქვენი წაკითხული ლექსი თქვენს სამყაროში?

  1. ბუნებაში დაკვირვება:

მეთოდი: მოსწავლეებს შეუძლიათ დააკვირდნენ ბუნების ელემენტებს (მაგ. ცხოველები, ხეები, მზე) და შეადარონ ისინი ლექსში არსებულ სიმბოლურ ელემენტებს.

მნიშვნელობა: ბუნებრივი სამყაროს დაკვირვება ამდიდრებს ლექსის გააზრებას და აძლევს მოსწავლეებს საშუალებას, უშუალოდ იმუშაონ გარემოსთან.

შეკითხვები: როგორ მოქმედებს ბუნების ეს ელემენტები თქვენს აღქმაზე?, რა არის ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობა ამ ლექსში?

  1. 6. ბავშვური ინტერპრეტაცია:

მეთოდი: ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან ცხოველები ზოოპარკში, და განიხილონ რა შეიძლება იგრძნონ და რას უყურებენ ისინი, როცა თავისუფლება შეზღუდულია.

მნიშვნელობა: ბავშვური ინტერპრეტაცია ეხმარება მოსწავლეებს, დაეუფლონ ემოციურ გადმოცემას და შინაგანი სამყაროს შესწავლას.

შეკითხვები: როგორ ფიქრობთ, როგორ განიცდიან ცხოველები ზოოპარკში?, როგორ შეუძლია ამ ლექსის პერსონაჟს (ცხოველს) დაგვეხმაროს გრძნობების გამოხატვაში?

  1. დოსიეს შექმნა:

მეთოდი: მოსწავლეებს დავავალოთ, რომ შექმნან საკუთარი დოსიე ზოოპარკში ცხოველების შესახებ, სადაც თითოეული ცხოველი მათთვის მნიშვნელოვნად იქნება განსახილველი.

მნიშვნელობა: ეს მეთოდი ხელს უწყობს ცხოველების დეტალური და ემოციური გააზრებას.

შეკითხვები: როგორ შეიძლება თითოეული ცხოველი გამოხატავდეს ადამიანურ გრძნობებსა და განცდებს?

გიზიარებთ აქტივობებს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უშუალოდ გაკვეთილის მსვლელობისას:

QR კოდი:

QR კოდი:

    ამდენად, ოთარ ჭილაძის პოეზია, თავისი სიღრმითა და სიმბოლურობით, უნიკალური რესურსია  მასწავლებლებისთვის, რომლებიც ლიტერატურის სწავლების პროცესში მოსწავლეებს  უვითარებს შემოქმედებით უნარებს. სწორი პედაგოგიური მიდგომების გამოყენებით, ლექსის  გააზრება  შეიძლება გახდეს  საინტერესო, შემოქმედებითი.  რაც საშუალებას იძლევა მოსწავლეებს  უკეთ  გაიგონ  ტექსტის ღრმა შინაარსი და მის ფილოსოფიური დატვირთვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://kargiskola.ge/downloadsesia.php
  2. მენაბდე,მ., – ინტერნეტგაზეთი – https://mastsavlebeli.ge/ ,” როგორ ვასწავლოთ ლექსები”.   სტატია იხ: https://mastsavlebeli.ge/?p=14266
  3. https://learningapps.org/

 

ეპისკოპოსი მარიან ედგარ ბადი, „How We Learn to be Brave: Decisive Moments in Life and Faith“

0

ნამდვილად ნახავდით ვიდეოს, რომელშიც ვაშინგტონის კათედრალში მჯდარ დონალდ ტრამპს, ინაუგურაციის დღეზე, ღვთისმსახური ქალი მოწყალების გამოჩენისკენ მოუწოდებს (ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=31ylIPemGlE). რასაც იგი ამ ქადაგებაში ამბობს, სრულად ემყარება წმინდა წერილს და შემთხვევითი არაა, რომ თავის თხოვნას ტრამპისადმი ბიბლიური ფრაზის პერიფრაზით ასრულებს: „ჩვენი უფალი მოგვიწოდებს, მოწყალე ვიყოთ უცხოთა მიმართ, რადგან ერთ დროს ჩვენც უცხონი ვიყავით ამ ქვეყანაში“ („გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში“. მეორე რჯული 10:19).

ეს მამაცი ქალი ვაშინგტონის ეპისკოპოსი მარიან ედგარ ბადია. იგი 2011 წლიდან ჩაუდგა სათავეში ვაშინგტონის ეპარქიას და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასეთი თამამი და მტკიცეა: 2020 წელს, როცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ამერიკა შეძრა, ტრამპმა წმ. იოანეს ეკლესიის ეზოდან სატელევიზიო ჩართვა მოაწყო. ეს დილით მოხდა, როცა პრესკონფერენცია, რომელზეც პრეზიდენტმა განაცხადა, საპროტესტოდ გამოსული ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ მოვერიდებიო, ახალი დამთავრებული იყო.

ტრამპს ბიბლია უკუღმა ეჭირა და ამბობდა: „ეს დიადი ქვეყანაა“ („This is a great country“).

როგორც ეპისკოპალური ეკლესიის მრევლმა, ისე სხვა ამერიკელებმაც იფიქრეს, რომ წმ. იოანეს ეკლესიის პოზიციაც ეს იყო, რაკი პრეზიდენტს ნება დართეს, ტაძრის წინ სიტყვით გამოსულიყო. ეპისკოპოსი მარიანი დაუყოვნებლივ გამოვიდა განცხადებით CNN-ზე:

„პირდაპირ ვიტყვი: პრეზიდენტმა გამოიყენა ბიბლია, იუდეო-ქრისტიანული ტრადიციის უწმინდესი ტექსტი, და ასევე, ჩემი ეპარქიის ერთ-ერთი ეკლესია უნებართვოდ, რათა იესოს სწავლების სრულად საპირისპირო მესიჯი გაევრცელებინა. ყველაფერი, რაც მან გააკეთა და თქვა, მხოლოდ გაამძაფრებს ძალადობას. ჩვენ გვჭირდება მმართველობა, რომელიც მორალისა და ეთიკის ნორმებს დაიცავს, მან კი ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საზოგადოება ორად გავეყავით“.

ბადის სიმტკიცით მაშინაც ბევრი აღფრთოვანდა. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი ერთი ინტერვიუთი არ დამთავრებულა – ეპისკოპოსი დაუზარებლად დადიოდა ეთერიდან ეთერში, რათა ამერიკელებისთვის დავიწყებული ქრისტიანული ჭეშმარიტებები შეეხსენებინა.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანს ნამდვილად ბევრი ექნება მოსაყოლი სიმამაცეზე. მართალიც იქნებით – ეპისკოპოსი მარიანი ავტორია შესანიშნავი წიგნისა „How We Learn To Be Brave“, რომელშიც როგორც პირად, ასევე სხვების გამოცდილებაზე გვიამბობს. მოსაწყენი სამოტივაციო წიგნი არ გეგონოთ – ეს უფრო სამეცნიერო-პოპულარული, ესეისტური ნაშრომია, გაჯერებული ფილოსოფიური, ისტორიული, სოციოლოგიური მაგალითებით, რომელთაც ეპისკოპოსი სახარების შუქზე გვაჩვენებს. წიგნში იგი იმ გადამწყვეტ მომენტებზე მსჯელობს, ერთი შეხედვით, სრულიად ყოფით მომენტებზე, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში რომ ყოფილა, რომლებიც ჩვენგან სიმამაცის გამოვლენას მოითხოვს. სიმამაცე კი თანდაყოლილი თვისება როდია – ეს არჩევანია. ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ, ვიყოთ მამაცები და ამ არჩევანისას ვსწავლობთ კიდეც სიმამაცეს. ასეთი მომენტები ეპისკოპოსმა შვიდ ნაწილად დააჯგუფა. შესაბამისად, წიგნიც შვიდი თავისაგან შედგება: „Deciding to Go“, „Deciding to Stay“, „Deciding to Start“, „Accepting What You Do Not Choose“, „Stepping up to the Plate“, „The Inevitable Letdown“,„The Hidden Virtue of Perseverance“ – „დარჩენა“, „წასვლა“, „ახალი საქმის დაწყება“, „მიღება იმისა, რაც არ აგირჩევია“, „პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რისთვისაც თავი ღირსად არ მიგაჩნია, მაგრამ იცი, რომ სხვა არავინ გააკეთებს“, „გარდაუვალი გაწბილება“, „სიმტკიცის ფარული ღირსება“.

წიგნს ვკითხულობთ და ბადის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებასაც ვეცნობით: სულ პირველად სიმამაცის გამოჩენა მაშინ დასჭირდა, როცა მამა დედინაცვალს გაშორდა. მამასთან გადასვლა გამორიცხული იყო (ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა), მაგრამ ასევე გამორიცხული იყო დედინაცვალთან დარჩენა. ამიტომ 17 წლის მარიანმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო – დედასთან ჩავიდა, რომელთანაც წლობით არავითარი კონტაქტი არ ჰქონია. ამის საპირისპიროდ, სწორედ დარჩენა იყო სიმამაცე, მოგვიანებით, როცა შვილები ჰყავდა, ოჯახზე უნდა ეზრუნა, გული კი ინტელექტუალური საქმიანობისკენ მიუწევდა. არნახული ძალისხმევა დასჭირდა, როგორმე გამკლავებოდა დროის ფლანგვისა და საკუთარი უსარგებლობის შეგრძნებას. მერე მოხდა ისე, რომ მისი დის ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: დის ქმარს, ჯეკს, სიმსივნე დაუდგინეს. მკურნალობამ რემისია შესაძლებელი გახადა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. ბადი გვიყვება, მისი დაც და ჯეკიც როგორი სიმამაცით შეხვდნენ იმას, რაც გარდაუვალი იყო – ბოლო დღეებში ჯეკი მხიარულად ამბობდა კიდეც, ისე ვკვდები, როგორც ეკლესია გვასწავლისო.

ამასობაში, ბადის სასულიერო გზაც გრძელდებოდა: გულწრფელად გვიამბობს თავის ოცნებებსა და მიზნებზე, გამხდარიყო ჯერ ეკლესიის წინამძღვარი, შემდეგ – ეპისკოპოსი და გულწრფელად გვიამბობს ამ გზაზე განცდილ მარცხებზეც. ვისაც სანუკვარი ოცნება გქონიათ, რომლისკენ სწრაფვაშიც წაბორძიკებულხართ, გეცოდინებათ, რა სიმწარეა მარცხი, რა სიმწარეა, როცა ის, რაც გულით გინდა, არაფრით გამოდის. ამას ემატებოდა ქრონიკული ტკივილიც, რომელზეც ეპისკოპოსი უფრო ფართო, ავადმყოფობისა და მასთან დამოკიდებულების, კონტექსტში მსჯელობს. იყო ბევრი შეცდომაც, ქადაგებისას, მრევლთან ურთიერთობისას დაშვებული, რომლებიც ბადიმ ძალიან მძიმედ განიცადა. შეცდომისა და მარცხის თემა ერთ-ერთი მთავარია წიგნში.

მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ეპისკოპოსი მხოლოდ თავის გამოცდილებაზე არ გვიყვება – ეს წიგნი ძვირფასი სახელმძღვანელოა ამერიკის ისტორიაში სიმამაცის მაგალითების საპოვნელადაც. აქ არიან: მარტინ ლუთერ კინგი და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი თეთრკანიანი სემინარიელები, აგრეთვე რუზველტი და მისი მეუღლე, ელეონორი, უჩვეულო ცოლ-ქმრობა, უფრო პარტნიორობა, რომ აკავშირებდათ, სამართლიანობისათვის მებრძოლი თარგუდ მარშალი და მისი თანამედროვე პოლი მორეი – ეს სრულიად არაჩვეულებრივი, მიზანდასახული და უშიშარი ქალი, რომლის არგუმენტაციაც შავკანიანთა უფლებების დასაცავად დღეს ამერიკის სამოქალაქო სამართლის ნაწილია.

ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო ბოლო თავები: ლიდერობასა და სიმტკიცეზე. საქმე ისაა, რომ სასულიერო პირის ცხოვრება მხოლოდ ღვთისმსახურება არ არის, ეს, უწინარესად, ადამიანთა მსახურებაა, სამრევლოს მართვა, ეპარქიის მართვა. როგორც ეპისკოპოსი წერს, სიმტკიცე აუცილებელია, მაგრამ არ კმარა – არსებობს თეორიები, რომლებიც სოციოლოგიაში კარგადაა ჩამოყალიბებული და რომლებიც ლიდერმა (როგორც სასულიერომ, ასევე საერომ) უნდა შეისწავლოს და დანერგოს. მართვას, ყველა სხვა საქმის მსგავსად, სჭირდება სპეციფიკური ცოდნა. პირველი, რითაც ლიდერმა მართვის სწავლა უნდა დაიწყოს, თავისი ცხოვრების მოწესრიგებაა – მართვა სამი კომპონენტისგან შედგება: ხალხის ის ჯგუფი, რომელსაც უძღვები; შენი ოჯახი (დედა, მამა, და-ძმები); და შენი შეძენილი ოჯახი (მეუღლე, შვილები). რაც ერთ კომპონენტში ხდება, ზემოქმედებს დანარჩენებზეც. ამიტომ მინეაპოლისში ეკლესიის წინამძღვრად ახალდანიშნულმა მარიანმა გადაწყვიტა, ურთიერთობა შეენარჩუნებინა მამასა და დედინაცვალთან (თუმცა უფრო ადვილი იქნებოდა, ასე არ მოქცეულიყო), ასევე უკეთ გადაენაწილებინა მეუღლესთან ოჯახური მოვალეობები.

„How We Learn To Be Brave“ ნამდვილად შთამაგონებელი წიგნია და არამხოლოდ მორწმუნე ადამიანებისთვის გამიზნული. ამაში რომ დარწმუნდეთ, მეც იმ ფრაზით დავასრულებ ამ წერილს, რომლითაც წიგნი მთავრდება:

„May you and I dare to believe that we are where we are meant to be when the moment comes, doing the work that is ours to do, fully present to our lives. For it is in this work that we learn to be brave.“  („დაე თქვენც და მეც გვწამდეს, რომ როცა მოვა ამის დრო, სწორედ იქ ვიქნებით, სადაც უნდა ვიყოთ, გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელია, სრულად ვიქნებით აქ და ახლა – ჩვენს ცხოვრებაში. რადგან სწორედ ამ შრომაში ვსწავლობთ სიმამაცეს“).

 

მანიპულატივები და სწავლება

0

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ გაკვეთილის შესახებ, რომელიც ჩავატარე  მესამე კლასში და  მზის დაბნელებას ეხებოდა. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და მათი პრაქტიკული ჩართულობის უზრუნველყოფა. მოსწავლეებმა მოამზადეს  საინტერესო მასალები. ერთ-ერთმა მოსწავლემ გაკვეთილის ფარგლებში შექმნა და წარმოადგინა  მანიპულატივი, რომელიც მზის დაბნელების პროცესს თვალსაჩინოდ ასახავდა.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს:

  1. რა არის მზის დაბნელება?

მზის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და ნაწილობრივ ან სრულად ფარავს მზის დისკოს. ამ მოვლენის დროს დღისით დროებითი სიბნელე ისადგურებს, რაც კოსმოსში მიმდინარე განსაკუთრებული ფენომენის შედეგია. მზის დაბნელებას სხვადასხვა კულტურები განსხვავებულად აღიქვამდნენ – ზოგიერთი მას მიიჩნევდა ღვთის რისხვად, ზოგი კი კეთილ ნიშნად.

  1. საინტერესო ფაქტები მზის დაბნელების შესახებ:
  • სრული მზის დაბნელების დროს შესაძლებელია დავინახოთ მზის გარეგანი ფენა – კორონა, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში უხილავია.
  • მზის დაბნელების დროს ცხოველთა ქცევა იცვლება – ფრინველები წყვეტენ გალობას, ხოლო ცხოველები ძილისთვის მზადებას იწყებენ.
  • ყველაზე ხანგრძლივი სრული მზის დაბნელება 7 წუთსა და 32 წამს გრძელდება.
  1. მზის დაბნელების ტიპები
  • სრული დაბნელება – მთვარე მთლიანად ფარავს მზეს და დედამიწაზე დროებითი სიბნელე ისადგურებს.
  • ნაწილობრივი დაბნელება – მთვარე მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს მზეს, რის გამოც მისი ნაწილი ხილული რჩება.

4.როგორ ვუყუროთ მზის დაბნელებას უსაფრთხოდ?

მოსწავლეებმა ისწავლეს, რომ მზის დაბნელების ყურება შეუიარაღებელი თვალით არ შეიძლება, რადგან ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს მხედველობისთვის. მისი დაკვირვება შესაძლებელია სპეციალური მზის სათვალეებით, ტელესკოპებით ან წყლით სავსე კონტეინერში არეკლილი გამოსახულების საშუალებით.

მოსწავლის ნამუშევარი – მზის დაბნელების მანიპულატივი

განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლის ()მიერ შექმნილი ინოვაციური მანიპულატივი, ეს ხელსაწყო რეალურად აჩვენებს მზის დაბნელების მოვლენას. მანიპულატივი შედგება ორი მთავარი ნაწილისგან:

  1. მზის მოდელი – ყვითელი წრიული ობიექტი, რომელიც განათებულია და წარმოადგენს მზეს. მოსწავლემ ეს გააკეთა ბრტყელი ყვითელი დისკოსგან, რომელსაც უკან განათება აქვს, რაც მზის ბრწყინვალებას იმიტირებს.
  2. მთვარის მოდელი – მუქი ფერის რუხი დისკო, რომელიც წარმოადგენს მთვარეს. ეს მოდელი მოძრავია და მოსწავლეს შეუძლია გადააადგილოს მზის მოდელის წინ.

როდესაც მოსწავლე მთვარის მოდელს გადააადგილებს მზის წინ, ის ქმნის დაბნელების ეფექტს – მთვარე ფარავს მზის შუქს და ხდება ზუსტად ის, რაც ხდება ნამდვილი მზის დაბნელებისას. მოსწავლის შექმნილი ეს სიმულაცია ძალიან თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ ხდება ასტრონომიული მოვლენა რეალობაში.

მანიპულატივის ქვედა ნაწილში ჩანს მეორე ყვითელი განათებული წრე, რომელიც იმეორებს ზედა ნაწილის პროცესებს და ამით კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მოდელს. ეს მოსწავლის მიერ კარგად გააზრებული დეტალია, რომელიც ხაზს უსვამს მზის დაბნელების ეფექტების მნიშვნელობას.

გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა:

  • უყურეს ანიმაციურ ვიდეოს მზის დაბნელების შესახებ;
  • განიხილეს, როგორ ხდება დაბნელება და რატომ გვხვდება ის მხოლოდ გარკვეულ ადგილებში;
  • იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს  საკუთარი ახსნა-განმარტებები;
  • დაბოლოს, წარმოადგინეს საინტერესო პროექტები, მათ შორის – რეალურად მოქმედი მზის დაბნელების მანიპულატივი.

მოსწავლეებმა არა მხოლოდ შეიძინეს ახალი ცოდნა, არამედ ხელით შესრულებული სამუშაოთი კიდევ უფრო გაიღრმავეს წარმოდგენა ასტრონომიულ მოვლენებზე. შესასწავლი საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ მათ განუვითარა კვლევითი უნარები და ხელი შეუწყო მეცნიერული აზროვნების ჩამოყალიბებას.

მოსწავლის მიერ შექმნილი მანიპულატივი  არა მხოლოდ შემეცნებითი ღირებულების მქონეა, არამედ ის აჩვენებს, რომ სამეცნიერო ცოდნა შეიძლება იყოს სახალისო და ხელმისაწვდომი. ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) მიდგომების გამოყენება დაწყებით განათლებაში.

იტალიური სკოლის სასწავლო პროგრამაში ასტრონომიის და ბუნებისმეტყველების საკითხების ჩართვა ხელს უწყობს მოსწავლეების სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის განვითარებას და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

 

კითხვის გაკვეთილები: პირველი წიგნის აღმოსაჩენად

0

როგორ გავზარდოთ კარგი მკითხველი?! – ამ შეკითხვას საკმაოდ ხშირად სვამენ საგანმანათლებლო სივრცეებში და მის გარეთაც. არსებობს ბევრი საინტერესო სასწავლო მეთოდი, რომლებიც ხელს უწყობენ წაკითხულის სიღრმისეულად გააზრებას და კითხვის პროცესსაც სახალისო აქტივობად გარდაქმნიან. ამჯერად მინდა განვიხილო შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპით აგებული ლიტერატურის გაკვეთილების ერთგვარი მოდელი და გაგიზიაროთ მასთან დაკავშირებული რამდენიმე აქტივობა, რომელთა დახმარებითაც ჩემმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს მკითხველად ჩამოყალიბების გრძელ და საინტერესო გზაზე.

მოგზაურობა დონალდ ბისეტის სამყაროში

მეორე კლასის მოსწავლეებისთვის პირველი წიგნის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან მათ ჯერ მცირე ზომის მარტივი ტექსტების მეტი არაფერი წაუკითხავთ. პირველ წიგნად, როგორც წესი, ვირჩევ მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი სირთულის ზღაპრების ან მოთხრობების კრებულს, რადგან გამოუცდელ მკითხველთა უმეტესობას უჭირს ხანგრძლივი სიუჟეტებითა და მრავალრიცხოვანი პერსონაჟებით დატვირთულ წიგნებთან შეჭიდება. წელს დონალდ ბისეტის ზღაპრები შევარჩიე. კრებულს ჰქვია „ყველაფერი ყირამალა“ და მასში მართლაც თავდაყირა ანუ დაუჯერებლად სახალისო ამბებია მოთხრობილი. ამას გარდა, ზღაპრები წიგნთან/ავტორთან დიალოგის შესაძლებლობას და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება გაკვეთილის მსვლელობას, მოსწავლეებს მისთვის წინასწარ უწევთ მომზადება. ისინი დამოუკიდებლად კითხულობენ მითითებულ ზღაპარს, კითხვის პროცესში ხაზავენ უცნობ სიტყვებს, ინიშნავენ შეკითხვებს, რომლებიც წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით გაუჩნდათ და ასრულებენ წაკითხული მასალის სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებულ დავალებებს, რომლებიც, სასწავლო საფეხურით გათვალისწინებული საგნობრივი უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, ახალი ცოდნის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას, შემოქმედებითი უნარების ეფექტურად გამოყენებასა და მრავალფეროვანი სასწავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. უშუალოდ საგაკვეთილო პროცესი კი დამუშავებული მასალის მიზნობრივად გამოყენებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ეთმობა.

ლიტერატურული პროექტი პერსონაჟის დღე

გარკვეული გამოცდილების მიღებამდე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ამბის გამართულად და თანმიმდევრულად თხრობა უჭირთ. ამ სირთულის დასაძლევად არაერთ სასწავლო მეთოდს მივმართავთ. მათ შორისაა ჩემი ფავორიტი მეთოდი „თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით“, რომელიც ბავშვებსაც ძალიან უყვართ. სწორედ აღნიშნული მეთოდის დახმარებით განვახორციელე ზემოაღნიშნული ლიტერატურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩემმა მოსწავლეებმა დონალდ ბისეტის პერსონაჟების როლი მოირგეს და პირველ პირში გადმოსცეს თავიანთი რჩეული გმირების თავგადასავალი. ამ დღეს სკოლის მერხებთან ისხდნენ ზოლებდაკარგული ვეფხვის ბოკვერი ბინკი,  ლამაზა ძროხა, მოგზაური მირანდა, ურჩხული კომოდო, ადმირალი ნელსონი, გოჭი იკაროსი, იადონი რაკრაკა და სხვ. ბავშვებმა ასევე უპასუხეს თანაკლასელების მხრიდან დასმულ თემატურ შეკითხვებს და ბისეტის პერსონაჟები სხვა კლასების მოსწავლეებსაც გააცნეს. შედეგად, დღის ბოლოს დონალდ ბისეტის ზღაპრების შესახებ ყველამ იმაზე ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე – დღის დასაწყისში.

რეფლესია დავალებად

წაკითხულ ტექსტებთან დაკავშირებული დავალებები უმეტესად ტექსტთან მიბრუნებაზე, საკუთარ გამოცდილებასა და წაკითხულ ამბავს შორის კავშირის გაბმაზე და არსებული ცოდნის/უნარების ეფექტურად გამოყენებაზეა ორიენტირებული.  რეფლექსიის საშუალებით მოსწავლეები ემოციურ კავშირს ამყარებენ ტექსტთან და სიღრმისეული გააზრების უნარ-ჩვევების განვითარების საწყის ეტაპსაც წიგნთან ერთგვარი დიალოგის რეჟიმში გადიან. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ დავალების რამდენიმე ნიმუშს:

ზღაპარი „ბზუ“

დავალება 1 – განცხადება

ყურადღებით წაიკითხეთ ზღაპარი „ბზუ“ და წარმოიდგინეთ, რომ ვეშაპის მეგობარი ბუზი დაიკარგა. შეადგინეთ მწერების პოლიციაში წარსადგენი განცხადების ტექსტი (განცხადების ნიმუშს შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმძღვანელოს (ქართული ენა და ლიტერატურა 2,  ავტორები: თ.კუხიანიძე, მ. ბედოშვილი, ნ.გორდელაძე) 77-ე გვერდზე). სასურველია, განცხადებას თან დაურთოთ ბუზის ე.წ. პორტრეტი ან დეტალური აღწერა, რათა პოლიციას მისი მოძებნა გაუადვილდეს.

დავალება 2 – დისკუსია ზღაპრის გმირთან

გამართეთ დისკუსია ზღაპრის ერთ-ერთ პერსონაჟთან. ვრცლად/წერილობით უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს. ნიმუშად გთავაზობთ ინტერვიუს ფუტკარ ზუზუსთან:

  1. როგორ მოიქცა ბზუ?

ბზუ ვეშაპთან საცხოვრებლად გადასახლდა, რადგან ბზარების ეშინოდა. მან მე და ჩემს მეგობრებს თაფლი გვთხოვა და ნიკის მიართვა.

  1. რაში ეთანხმები მას?

მეგობრისთვის საჩუქრის მირთმევა კარგი საქციელია.

  1. რაში არ ეთანხმები მას.

ბზარების გამო ოჯახი და მშობლიური სახლი არ უნდა მიატოვო.

  1. შენ როგორ მოიქცეოდი?

მეგობარს ხანდახან ვესტუმრებოდი, მაგრამ ოჯახს საფრთხეში არ დავტოვებდი (თუ ბზარები საშიშია, ისინიც ხომ საფრთხეში არიან?!).

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ძალიან უყვართ კომიქსები და პირველ წიგნებად უმეტესად მათ ირჩევენ. კომიქსად ქცეული მოთხრობები სახელმძღვანელოებშიც მრავლად გვხვდება და მათ შექმნას მოსწავლეებსაც ხშირად ვთავაზობთ.  მაგალითისთვის წარმოგიდგენთ დონალდ ბისეტის ერთ-ერთ ზღაპართან დაკავშირებული დავალების დეტალურ ინსტრუქციას:

ზღაპარი „დიდი ტალღა და პატარა ტალღა

შეადგინეთ კომიქსი ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ კომიქსი შედგება თემატური ილუსტრაციებისა და დიალოგებისგან, რომლებშიც თანმიმდევრულად იკითხება სიუჟეტის ძირითადი ხაზი. აქვე შემოგთავაზებთ ზღაპრის დაყოფის ვრცელი ვარიანტის ინსტრუქციას:

I ფანჯარა – აქ ვხატავთ პატარა და დიდ ტალღებს, ე.წ. ღრუბლებში კი  ვწერთ დიალოგს, სადაც ჩანს, რომ ისინი მეგობრობენ, მაგალითად: – „მოდი, ვითამაშოთ!“ – „მოდი!“

II ფანჯარა – ამ ეპიზოდში უნდა გამოჩნდეს, რომ პატარა ტალღა ყველას ემეგობრება, დიდი კი ყველას თავს ესხმის. დიალოგებიც ჩანახატის შესაბამისი უნდა იყოს, ანუ პატარა ტალღას სიხარულით ეგებებიან ზღვის ბინადრები, გემები, ნაპირი, კლდე, ადამიანები. დიდს კი გაურბიან, მათი შეძახილებიც ემოციის შესაბამისია.

III ფანჯარა – დიდი ტალღა ბიჭს ნაყინს გამოსტაცებს და პატარა ტალღისთვის მიაქვს (მგონი პერსონაჟებისთვის შესაბამისი რეპლიკების შერჩევა არ გაგიჭირდებათ).

IV ფანჯარა – დიდი ტალღა კლდეებს ეჯახება და შემთხვევით, მათ უკან, ჩაღრმავებულ ტაფობში ვარდება. დიალოგის შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ დიდი ტალღა ჯერ ტრაბახობს პატარა ტალღასთან, ამ კლდეს მოვერევიო! კლდის მეორე მხარეს გადავარდნილი კი შველას ითხოვს.

V ფანჯარა – ამ ეპიზოდში მთავარი იხვისა და დიდი ტალღის გასაუბრებაა. მასში მოცემულია მზა დიალოგები. შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კითხვა-პასუხი იხვისა და ტალღის დიალოგიდან და დაურთოთ თემატურ ილუსტრაციას.

VI ფანჯარა – აქ იხვი პატარა ტალღას ხვდება. მათი საუბრის გადმოსაცემად აქაც შეგიძლიათ ტექსტში მოცემული დიალოგის გამოყენება.

VII ფანჯარა –  ამ ეპიზოდში იხვი მირანდა პატარა ტალღას კლდის მეორე მხარეს მოხვედრაში ეხმარება. დახატეთ ეპიზოდში განვითარებული მოვლენები და მოიფიქრეთ სიტუაციის შესაბამისი დიალოგი.

VIII ფანჯარა – ზღაპრის ბოლო მონაკვეთში პატარა და დიდი ტალღა ერთმანეთს ხვდებიან. ეპიზოდში მოცემული დიალოგიდან შეარჩიეთ სასურველი კითხვა-პასუხი, რომელიც თქვენს ილუსტრაციას ყველაზე მეტად შეესაბამება.

შენიშვნა: შეგიძლიათ ზღაპარი სხვაგვარად დაყოთ (გააერთიანოთ ზემოაღნიშნული ეპიზოდები, უფრო მოკლედ გადმოსცეთ შინაარსი), მაგრამ ნახატებს აუცილებლად უნდა ახლდეს პერსონაჟთა რეპლიკები ანუ დიალოგი, რომელიც სიუჟეტის აღქმაში ეხმარება მკითხველს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ზღაპრის ერთი მონაკვეთი და ეპიზოდის დეტალური კომიქსი შექმნათ.

 

 

 

 

 

„ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“, ანუ როგორ გამოვიყენოთ ზღაპარი სასწავლო რესურსად

0

საუკუნეების განმავლობაში ზღაპრები კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. მსმენელს (და ახლა მკითხველს) ატყვევებდა ჯადოსნური სამყაროს მომხიბლავი ისტორიებით, გმირული თავგადასავლებითა და მარადიული ღირებულებებით. უძველესი ფორმებიდან დღემდე, ზეპირი გადმოცემებიდან წიგნებში, ფილმებსა და პიესებში სახეცვლამდე ზღაპრები ამდიდრებენ ადამიანის წარმოსახვას. იყო არა მხოლოდ გართობის, არამედ ცოდნისა და სიბრძნის გადაცემის საშუალება. შესაბამისად, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ზღაპრის გამოყენება ხელს უწყობს ერთდროულად სწავლებას, გართობასა და ღირებულებების გადაცემასაც.

ეს სტატია სწორედ ზღაპრების მნიშვნელობაზეა, მათ ისტორიულ მახასიათებლებზე, მათ როლზე განათლებაში, იმაზე, რომ ეს ტექსტები დღესაც, უწინდელივით, სწავლების მძლავრი ინსტრუმენტია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ შეიძლება ზღაპრის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა სარგებელი მოაქვს მას მოსწავლეებისთვის.

რატომ ზღაპარი?

ზღაპარი ერთგვარი უნივერსალური ენაა, ყველა ასაკის ადამიანისთვის თანაბრად გასაგები. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული მისი გამოყენება სასწავლო რესურსად სხვადასხვა ასპექტში:

  1. ემოციური ჩართულობა – ზღაპრები იწვევენ ემოციებს, რაც ზრდის მოსწავლეების ინტერესსა და ყურადღებას.
  2. ღირებულებების გადაცემა – ხშირად ზღაპრები ერთგვარ „მორალურ გაკვეთილებს“ შეიცავს, და ეხმარება მოსწავლეებს ეთიკური ღირებულებების გააზრებაში.
  3. წარმოსახვის გააქტიურება – ზღაპრის სამყარო ხელს უწყობს კრეატიულ აზროვნებას.
  4. კომპლექსური ცნებების გამარტივება – ზღაპრები გვეხმარება რთული იდეების მარტივად წარმოდგენაში.

ზღაპრის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარის განსავითარებლად

ენისა და ლიტერატურის სწავლება

ზღაპრები იდეალური რესურსია ენობრივი უნარების განვითარებისთვის:

  • კითხვის უნარების განვითარება – ხელს უწყობს კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებას და გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბებას.
  • ლექსიკის გამდიდრება – ახალი სიტყვები და გამოთქმები ამდიდრებს მოსწავლის ლექსიკურ მარაგს.
  • წერის უნარების განვითარება – ზღაპრების საფუძველზე შეიძლება მოსწავლეებმა შექმნან საკუთარი ნაწარმოებები, მოახდინონ ზღაპრების ადაპტირება ან გაგრძელება და სხვა.

მათემატიკა

ზღაპრები შეიძლება მათემატიკური კონცეფციების სწავლებისთვისაც გამოვიყენოთ:

  • რიცხვითი თანმიმდევრობები – მაგალითად, „სამი გოჭი“ გამოგვადგება დათვლისა და რაოდენობის კონცეფციების სწავლებისთვის.
  • გეომეტრიული ფიგურები – ზოგიერთი ზღაპარი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც გვეხმარება გეომეტრიული ფორმების გაცნობაში.
  • პრობლემის გადაჭრა – ზღაპრის გმირები ხშირად გადაჭრიან პრობლემებს, რაც კარგი მაგალითია ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის (ეს უნარი არცაა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დისციპლინასთან დაკავშირებული).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ზღაპრები შეიძლება დაგვეხმაროს ბუნების შესახებ ცოდნის გადაცემაშიც:

  • ბუნების შემეცნება – ზღაპრები ცხოველების შესახებ გვეხმარება ცხოველთა სამყაროს გაცნობაში.
  • ბუნებრივი მოვლენები – ზოგიერთი ზღაპარი ასახავს ბუნებრივ მოვლენებს, რაც შეიძლება მათი ახსნისთვის გამოვიყენოთ.
  • ეკოლოგიური ცნობიერება – თანამედროვე ზღაპრები ხშირად ეხება გარემოსდაცვით თემებს.

სოციალური უნარები

ზღაპრები ასევე გვეხმარება სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაში:

  • ემპათია – ზღაპრის პერსონაჟების განცდებთან თანაზიარობა ავითარებს ემპათიის უნარს (მაგალითად, თუნდაც, „კონკიას“ ზღაპრის სხვადასხვა ვერსია გამოგვადგება, სადაც ობოლი, თავად გასაჭირში მყოფი გოგონა, სხვებს ეხმარება, როგორც შეუძლია).
  • კონფლიქტების მოგვარება – ზღაპრებში არსებული კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები საინტერესო მაგალითებად გამოგვადგება ჩვენს მოსწავლეებთან („სამი გოჭი“, „ნაცარქექია“, „თერთმეტი გედი“, „თორმეტი ძმა“, „რაპუნცელი“ და სხვ.).
  • განსხვავებულობის პატივისცემა – მრავალფეროვანი ზღაპრები გვასწავლის განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების პატივისცემას („სინდბადი“ ან ნებისმიერი სხვა ტექსტი, რომლებიც გმირის მოგზაურობას, მის თავგადასავალს და თავს გადახდენილ ამბებში მიღებულ გამოცდილებას თავის და სხვათა სასარგებლოდ იყენებს).

პრაქტიკული მეთოდები ზღაპრის სწავლებისას

როლური თამაშები

ზღაპრის სცენების გათამაშება ეხმარება მოსწავლეებს:

  • უკეთ გაიაზრონ პერსონაჟების მოტივაცია
  • განივითარონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები
  • გამოხატონ ემოციები უსაფრთხო გარემოში.

შემოქმედებითი დავალებები

  • ზღაპრის გაგრძელება ან ალტერნატიული დასასრულის შექმნა
  • ზღაპრის პერსონაჟების დღიურის წერა
  • ზღაპრის ადაპტირება თანამედროვე კონტექსტში

დისკუსია და ანალიზი

  • ზღაპრის გმირების ქმედებების განხილვა.
  • მორალური დილემების ანალიზი.
  • ზღაპრის შედარება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან.

მნიშვნელოვანია, ზღაპრები შევარჩიოთ ჩვენი მოსწავლეების საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი დავუკავშიროთ ჩვენს სასწავლო მიზნებს,  ვეცადოთ, გავამდიდროთ სხვადასხვა ვიზუალური ელემენტით, წავახალისოთ კრიტიკული აზროვნება, და, რაც მთავარია, პატივი ვცეთ კულტურულ მრავალფეროვნებას, შევარჩიოთ სხვადასხვა კულტურის ზღაპრები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზღაპარი მრავალფუნქციური სასწავლო რესურსია, რომლის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგნის სწავლებისას და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან. ისინი არა მხოლოდ ხელს უწყობს აკადემიური უნარების განვითარებას, არამედ ეხმარება მოსწავლეებს ზოგადი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებაში. ზღაპრის ინტეგრირება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას და ხდის მას უფრო საინტერესოს და სახალისოს მოსწავლეებისთვის.

პედაგოგების კრეატიულობასა და ინოვაციურ მიდგომებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს ზღაპრებს სასწავლო პროცესში. ამ უძველესი ლიტერატურული ჟანრის თანამედროვე განათლებაში ინტეგრირებით, ჩვენ ვქმნით კავშირს წარსულსა და აწმყოს შორის, ვამდიდრებთ მოსწავლეთა გამოცდილებას და ვხდით სწავლას უფრო მნიშვნელოვანს, საინტერესოს და დასამახსოვრებელს.

განსხვავებული მასალების ხიბლი

0

ხელოვნების გაკვეთილებზე სისტემატური სამუშაო მასალები გვაქვს: სახატავი რვეულები, ფანქრები, აკვარელი თუ გუაშის საღებავები, პასტელები, მარკერები, ფერადი ქაღალდები, პლასტილინი და ჰაერზე შრობადი თიხა. მაგრამ შემიმჩნევია, რომ ჩვენს ცნობისმოყვარე მოსწავლეებს რაღაც განსხვავებული ყოველთვის უფრო მეტად ხიბლავთ და ააქტიურებთ.

როცა გაკვეთილს განსხვავებული მასალებით ვგეგმავ, დანამდვილებით ვიცი, რომ ყველაზე მოუსვენარი ბავშვებიც კი დავალებას ყურადღებით შეასრულებენ. აქ მნიშველოვანია რესურსების წინასწარ მომარაგება და პრაქტიკული სამუშაოსთვის განკუთვნილი დროის სწორად განსაზღვრა. თეორიული ნაწილის განხილვის შემდეგ კი მოსწავლეები იწყებენ მუშაობას ფუმფულა თიხით, ფერადი მავთულებით*, მუყაოთი, ერთჯერადი თეფშებითა თუ ჭიქებით, თოკებით და სხვა.

მოდი, დავიწყოთ ფერადი ფუმფულა თიხით („ფუმფულა“ ჩვენ დავარქვით, ისე Foam Air dry clay – „ჰაერზე შრობადი ქაფის თიხა“ ჰქვია). (სურათი 1)

თავიდან ბავშვები ამ მასალას საძერწად ვერ აღიქვამენ, ზოგს ის მხოლოდ ანტისტრესული სათამაშო ჰგონია. სინამდვილეში ეს ფერადი, ჰაერზე შრობადი თიხაა, ადვილად დასამუშავებელი, არც ხელებს სვრის, არც მაგიდას, არც იარაღებს. შეიძლება მისი მოხატვაც, მყარ ზედაპირზე დაკვრა და ეფექტური რელიეფური კომპოზიციების, ქანდაკებების, სათამაშოებისა და დეკორატიული ნივთების დამზადებაც.

ფუმფულა თიხასთან შეხებისას პირველი სასიამოვნო მომენტია მისი ფაქტურა – ქაფისებრი, რბილი და დამყოლი, რომელიც, ფერების დიდ არჩევანსაც გვთავაზობს. მასალის ეს თვისებები უმალ აღვიძებს მოსწავლეების ფანტაზიასა და შემოქმედებითობას. ზოგ აქტივობაში პლასტელინიც კი ჩავანაცვლეთ ამ თიხით, იმდენად მოხერხუბელია მასთან მუშაობა. თან ერთ დღეში შრება და თუ კარგად არის დამუშავებული, ადვილად არ ზიანდება.

მესამეკლასელებმა რელიეფური კომპოზიციები შექმნეს, მაგალითად, „ჩემი ოჯახი“ (სურათი 2) – მუყაოზე ჯერ დახატეს, მერე ფუმფულა ფერადი თიხით დააძერწეს გამოსახულებები.

სადაც შერეული ტექნიკა გვჭირდება, იქაც შეუცვლელია ეს ფერადი თიხა. მეშვიდეკლასელები თრიალეთის ოქროს თასის ინტერპრეტაციებზე ფიქრობდნენ. მყარი მასალის ერთჯერადი ჭიქები დაფარეს ამ ფუმფულა თიხით და შემდეგ მოხატეს – ორიგინალური დიზაინი გამოუვიდათ და პროცესით ძალიან ისიამოვნეს (სურათი 3).

სადაც შერეული ტექნიკა გვჭირდება, იქაც შეუცვლელია ეს ფერადი თიხა. მეშვიდეკლასელები თრიალეთის ოქროს თასის ინტერპრეტაციებზე ფიქრობდნენ. მყარი მასალის ერთჯერადი ჭიქები დაფარეს ამ ფუმფულა თიხით და შემდეგ მოხატეს – ორიგინალური დიზაინი გამოუვიდათ და პროცესით ძალიან ისიამოვნეს (სურათი 3).

როგორც ხედავთ, საახლწლო სათამაშოებისთვისაც გამოგვადგა (სურათი 4).

ხელმარჯვე ოსტატები კარგად იცნობენ ძაფის ბუსუსებით დაფარულ ფერად-ფერად მავთულებს, ე.წ. „მუხლუხოს ღეროებს“ (ინგლისურად „pipe cleaners“ – „მილების საწმენდი“, თავდაპირველი მნიშვნელობა კი ფრანგულია: „chenille stem“ – ღეროები“) (სურათი 5). ეს ფაფუკი და ადვილად დრეკადი მასალა, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ადამიანისა თუ ცხოველის ფიგურის კარკასის ასაწყობად, კიდურების გასაკეთებლად, სამკაულებისთვის, საკიდებისთვის, დეკორისთვის, საინტერესო კოლაჟებისა თუ ასამბლაჟების შესაქმნელად და ა.შ.

გაკვეთილზე ამ მავთულების გამოჩენა დიდ აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს სიფერადე, ზოგისთვის ნაცნობია, მაგრამ უმეტესობა მეკითხება: „რა შეიძლება ამისგან გავაკეთო?“ მე ამ მავთულებით ადამიანის ფიგურის აგებას ვასწავლი. თანდათან ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე და იწყებენ ცხოველების, ყვავილების, სხვადასხვა ნივთის კეთებას. ვცდილობ, მასალა ისე გავანაწილოთ, რომ ჯერ მიცემული თემის მიხედვით შეასრულონ დავალება, დარჩენილი დრო კი სურვილისამებრ გამოიყენონ და რაც მოესურვებათ, ის დაამზადონ.

ფერადი მავთულებით კარკასის აგება პროპორციის, სიმეტრია-ასიმეტრიის გასააზრებლადაც ძალიან სასარგებლო აქტივობაა.

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ასეთი „მხიარული კაცუნები“ შექმნეს (სურათი 6)

თითო მოსწავლეს ორი მავთული დასჭირდება, ერთისგან თავსა და ხელებს გავაკეთებთ, მეორეს მხრებზე გადავაბამთ, ქვევით ჩამოვუშვებთ, წელთან გადავგრეხთ და ტორსი და ფეხები გამოვა. ამას სადემონსტრაციოდ ვაჩვენებ, რომ პროპორცია დაიცვან.

ბავშვებმა ბევრი იცინეს, როცა ორიოდე ფიგურას ზედმეტად გრძელი ხელები აღმოაჩნდა. იმაზეც იხალისეს, რომ ზოგს თავი გამოუვიდა დიდი, ზოგს – ტორსი, ზოგს – კისერი. მერე განვიხილეთ ადამიანის პროპორციები, დააკვირდნენ საკუთარ სხეულს, რომ, აი, ხელები წვივებამდე კი არა, მუხლებამდეც არ უნდა სწვდებოდეთ და მავთულის კაცუნებიც შეასწორეს. დრეკადი კიდურების წყალობით სხვადასხვა პოზაში დასვეს, აამოძრავეს, ააცეკვეს, მერე ამ კარკასს ზოგმა ქაღალდისგან გამოჭრილი სახე და ტანსაცმელი დააწება, ზოგმა პლასტილინით ან ფუმფულა თიხით შემოსა, გარემოც მოუწყო. მუშაობისას ერთმანეთს ეხმარებოდნენ, უზიარებდნენ იდეებს, როგორ შეიძლებოდა ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის დამზადება. ძალიან საყვარელი არსებები შექმნეს, სახელებიც დაარქვეს და ამ პერსონაჟებზე პატარა ისტორიებიც მოიგონეს.

ხელოვნებაში სამუშაო მასალის მრავალფეროვნება და ზოგჯერ მოულოდნელობაც მნიშვნელოვანია აღქმისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ხელოვნების გაკვეთილებზე განსხვავებული მასალების შეთავაზება მოსწავლეებს უფრო მეტად ააქტიურებს, სხვანაირად ანთებს მათ შემოქმედებით ენერგიას. ასეთ დროს აღარ ფიქრობენ იმაზე, „სწორად“ გამოუვათ თუ არა, იმიტომ რომ ამ განსხვავებული მასალებით მუშაობისას „წესები“ არ არსებობს. მასალით განპირობებულ თავისუფლების ამ შეგრძნებას ბავშვები თავიდან სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ შემოქმედების პროცესში მათ აღტაცებულ შეძახილებსა და ანთებულ მზერებში ეს განცდა ნათლად იკითხება. დავალების დასრულების შემდეგ კი ყოველთვის ვუმახვილებ ყურადღებას ამ ფაქტორზე. ვთხოვ, დააკვირდნენ საკუთარ შეგრძნებებს და თანდათან მიხვდებიან, რომ ხელოვნებაში ასეთივე თავისუფლებით უნდა მიუდგნენ ტრადიციული მასალებით მუშაობასაც, მაქსიმალურად გამოიყენონ მისი შესაძლებლობები და ხატვისა თუ ძერწვის პროცესით ისიამოვნონ.

*ამ ფერად მავთულებს და თიხას ძირითადად თბილისში, ვაგზლის მოედანზე არსებულ საკანცელარიო მაღაზიებში შეხვდებით ხელმისაწვდომ ფასად (დააახლოებით 40 ცალი მავთული 2,5 ლარი ღირს, ფუმფულა თიხის 12-ფერიანი მოზრდილი შეკვრა – 8 ლარი. შესაძლებელია უცხოეთიდან გამოწერაც). ასეთ დეტალებს იმიტომ ვწერ, რომ ჯერ ბავშვი არ შემხვედრია, არ ეკითხოს, სად შეიძლება ამ მასალების ყიდვა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...