ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

გისმენ, ვიაზრებ, შევიმეცნებ და… ვიფართოებ თვალსაწიერს – მოსმენის მნიშვნელობა შემეცნების გზაზე

„ეს არ ვიცოდი. ახლა სხვაგვარად შევხედავ საკითხს“.

„საინტერესო იყო ამ ახალი თვალსაზრისის მოსმენა. გმადლობ გაზიარებისთვის!“

„ამაზე ვიფიქრებ. არ შემიხედავს საკითხისთვის ამ კუთხით“.

„მნიშვნელოვანი რამ ითქვა. ღირს დაფიქრებად!“.

„ამ არგუმენტებმა დამაფიქრა“.

„ვერ ვასაბუთებ სათანადოდ ჩემს პოზიციას. არ ვიცი, რატომ ვფიქრობ ასე!“

„ძალიან მყარი კონტრარგუმენტია ჩემი მოსაზრების საწინააღმდეგოდ. გმადლობ!“

„გადააზრებისთვის დრო მჭირდება. ჩავუღრმავდები ამ საკითხს, მოვაწესრიგებ მოსაზრებებს და დავუბრუნდეთ კამათს“.

რა კარგი იქნება, ეს ფრაზები რომ ხშირად ისმოდეს გაკვეთილებზე.

ამ ტიპის აზროვნებას, ქმედებას, ურთიერთდამოკიდებულებას, სწავლის ამ მეთოდს მოსწავლეები სკოლაში აუცილებლად უნდა ეუფლებოდნენ.

დებატები, კამათი, დისპუტი, კრიტიკული შეფასება, მოსაზრებების ურთიერთგაცვლა ის ტექნიკებია, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ გაკვეთილებზე. მოსწავლეებს ვასწავლით პოზიციის მარტივად, გასაგებად, ცხადად, ნათლად გაცხადებას, თვალსაზრისის გამოთქმას, დასაბუთებას, არგუმენტირებას. არგუმენტების მაგალითებით გამყარებას, კამათის ხელოვნებას, მოწინააღმდეგის თვალსაზრისსა და პოზიციაში სუსტი წერტილების აღმოჩენას. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, საჭიროა და აუცილებელი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, მოაზროვნე ადამიანები მივაჩვიოთ სხვისი მოსაზრებების ყურადღებით მოსმენას. არა შეკამათებისთვის, არა საპასუხო არგუმენტის მოფიქრებისა და მისი არგუმენტის გაბათილებისთვის, არამედ მოსმენა – მოსმენისთვის, შემეცნებისთვის, ცნობისწადილის დაკმაყოფილებისა და ცოდნის შევსებისთვის. ახალი თვალსაზრისით გამდიდრებისა და მოქნილი აზროვნების უნარის განვითარებისთვის, ჩვენი წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებისგან თავის დასახსნელად.

მოსმენა მნიშვნელოვანი უნარია და ის დასწავლადია.

სასკოლო ცხოვრებაში მოსმენას არ ეთმობა სათანადო ყურადღება.

მოსწავლეები, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტ დროს სწორედ მოსმენაში ატარებენ (უსმენენ ერთმანეთს, პრეზენტაციებს, მასწავლებელს, ლექციებს, გაკვეთილებს, თეორიებს…), მაგრამ ამ პასიურ, მოსაწყენ მოსმენას არაფერი აქვს საერთო შემავსებელ, შემეცნებითი უნარების გასააქტიურებელ მოსმენასთან.

იმ მოსმენასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, შესავალში ჩამოთვლილი ფრაზების წარმოთქმისკენ უბიძგებს „სწავლის მძებნელს“.

აქტიური მოსმენის უნარის გააქტიურება ქართულის გაკვეთილებზე

გაკვეთილის დაგეგმვისას აქტიური მოსმენის სხვადასხვა სავარჯიშოს სისტემატურად ჩართვა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ქართულის გაკვეთილზე ეს რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს:

კლასში – საშინაო დავალების გაცნობისას

მოსწავლეებს ხშირად ვაძლევთ ხოლმე საშინაო წერით დავალებებს. შესრულებული ნაშრომის კლასისთვის წარდგენა ის ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ვთხოვოთ მოსწავლეს, ხმამაღლა წაიკითხოს კლასში შესრულებული წერითი დავალება, თხზულება, ესეი, ანალიზი…

მსმენელებს კი მივცეთ ასეთი ინსტრუქცია:

მოისმინეთ ყურადღებით კლასელის ნაშრომი. მოიმარჯვეთ კალამი და სამუშაო რვეული.

ჩაინიშნეთ:

  • ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით მოგეწონათ/დაგამახსოვრდათ/;
  • მოსაზრება, რომელსაც ეთანხმებით;
  • მოხდენილად, ცხადად, მკაფიოდ გამოთქმული ფრაზა;
  • ფრაზა, რომელმაც დაგაფიქრათ, ახალი მოსაზრება წარმოშვა;

და ა.შ.

იგივე დავალება შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა მოდიფიკაციით – მსმენელები დაყავით ჯგუფებად ან დააწყვილეთ. ჯგუფებს/წყვილებს სხვადასხვა მითითება მიეცით.

მსმენელები აქტიური მოსმენის შემდეგ კლასს თავიანთ შეხედულებებს უზიარებენ.

წრიული განხილვა

კლასში მოსწავლეები განლაგდებიან ორ წრედ. მცირე წრე – შუაში, ირგვლივ – კვლავ წრეზე – დანარჩენი მოსწავლეები. შიდა წრეს მიეცემა რაიმე საკითხი განსახილველად. მოსწავლეები განიხილავენ საკამათო მოცემულობას, დილემას, საკითხს ტექსტიდან. ასაბუთებენ, გამოთქვამენ მოსაზრებებს. დიდ წრეში მსხდომნი ყურადღებით ისმენენ და აკეთებენ ჩანიშვნებს. მათ უნდა ჩაინიშნონ საინტერესო, განსხვავებული მოსაზრებები, არგუმენტები, რომლებმაც დააფიქრეს, ნააზრევი, რომელიც მნიშვნელოვნად მოეჩვენათ. შეხვედრის ბოლოს დიდი წრის წარმომადგენლები უზიარებენ კლასელებს დაკვირვებებს. აქ სასურველია ისეთი ფრაზების გამოყენება მოსაზრებების გადმოცემისას, როგორებიცაა:

„N-მა საინტერესო დეტალი შენიშნა, ამაზე არ მიფიქრია“…

„საგულისხმო იყო N-ის მოსაზრება, როდესაც მან ასე შეაფასა გმირის ქმედება…“

„ამ დეტალისთვის არ მიმიქცევია ყურადღება და განხილვისას აღინიშნა, რომ…“ და მსგავსი…

საშინაო დავალებები

საშინაო დავალებები ხშირად ერთფეროვანი და მოსაწყენია. მეტწილად, ესაა კითხვისა და წერის სავარჯიშოები. მოსწავლეები კითხულობენ საპროგრამო ტექსტებს, წერენ თხზულებებს საპროგრამო ტექსტების მიხედვით.

შეგვიძლია დავალებები მოსასმენი სავარჯიშოებით გავამრავალფეროვნოთ.

შევარჩიოთ საინტერესო ვიდეოჩანაწერები, ვიდეოლექციები, პოდკასტები ქართულ ენაზე. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მოუსმინონ და ჩაინიშნონ საინტერესო მოსაზრებები. მოსაზრებების წერილობით ჩანიშვნა მნიშვნელოვანი შემადგენელია. მათ შეუძლიათ თეზისებად ჩაინიშნონ ან ციტირების წესების დაცვით ჩაიწერონ მოსმენილი. მოსმენილთან დაკავშირებით ვთხოვოთ მოსწავლეებს ანალიტიკური კომენტარების გაკეთება – რა იყო საინტერესო? საგულისხმო? რამ აღუძრათ საფიქრალი? რის შესახებ დასჭირდათ დამატებითი ცნობების მოპოვება? იყო თუ არა რაიმე ისეთი, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ?

საკლასო კითხვა

კლასში ხშირად წავუკითხოთ ან თავად წავაკითხოთ კარგი პუბლიცისტური წერილები, ბლოგები. კლასიკური ან თანამედროვე პუბლიცისტიკის ნიმუშები, როგორც მწყობრი, საინტერესო, დასაბუთებული მოსაზრებების საბადოები, მნიშვნელოვანი რესურსია. მოსმენისას მითითება აქაც იგივე იქნება – დაწერეთ, რომელი ფრაზა/წინადადება/მონაკვეთი/მოსაზრება მოგეჩვენათ საგულისხმოდ, საინტერესოდ.

თუ დააკვირდებით, მოსმენის ამ ტიპის სავარჯიშოების შესრულებისას საკამათო შეხედულებების ან კრიტიკული შენიშვნების გამოყოფას არ ვითხოვთ მოსწავლეებისგან. ისინი ისმენენ სხვათა მოსაზრებებს და ცდილობენ, ამოიკითხონ საინტერესოდ, ნათლად, მკაფიოდ, ლაკონიურად, მოხდენილად გამოთქმული. შეიძლება არ ეთანხმებოდე პოზიციას, თვალსაზრისს, მაგრამ საგულისხმოდ მიიჩნიო, დრო გამოყო და ჩაუფიქრდე.

ის ფიქრობს, რომ… 

მოსწავლეები წყვილდებიან ან იკვრებიან მცირე ჯგუფებად. მათ ეძლევათ განსახილველი საკითხი. დრო მსჯელობისთვის. ისინი აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს. როდესაც მოსაზრებების გაზიარების დრო დგება, ჯგუფის წევრები არა საკუთარ, არამედ მეწყვილის ან ჯგუფის სხვა წევრის მოსაზრებას განჯისა და შეფასების გარეშე აცნობს დანარჩენებს. მაგალითად – N-ს მიაჩნია, რომ… მისი აზრით…; ის ფიქრობს, რომ…; მისი არგუმენტია… ის არ ეთანხმება/ეთანხმება…

პოზიციების შეცვლა

საკამათო საკითხების ირგვლივ საკუთარი პოზიციის გამოხატვის შემდეგ ვთხოვოთ მოსწავლეებს საპირისპირო მოსაზრების არგუმენტირება. „ვითომ, საპირისპირო პოზიციაზე ხარ. რა არგუმენტებს მოიშველიებდი დასასაბუთებლად?“.

ზოგადად, საკლასო ატმოსფერო და „ეკოსისტემა“ ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მოზარდებს ეხალისებოდეთ შემეცნება, საპირისპირო მოსაზრებების მოსმენა. კამათის კულტურა განვითარებულ საზოგადოებაში მაღალია.

ნაკლებად განვითარებულში – ეს ხმაურიანი, საკუთარი სიმართლისა და „ერთადერთი ჭეშმარიტების“ დამტკიცების პროცესია და არა შემეცნების.

მიღებული ცნობების კვალდაკვალ, ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად, რაიმე სფეროში გაღრმავებული ცოდნის შემდეგ შეხედულებათა ცვლა მოქნილი გონებრივი შესაძლებლობების, მაღალი ინტელექტისა და საზრიანობის მაჩვენებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“