ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

მ ო რ ფ ი

ლექსიკონებში მას ასე განმარტავენ: მორფინი, მორფიუმი – ოპიუმის ალკალოიდი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. სამედიცინო პრაქტიკაში იხმარება (მხოლოდ ექიმის დამიშნულებით) მორფინის ჰიდროქლორიდი ტრავმისა და ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც დაერთვის ძლიერი ტკივილი. ეს სიტყვა წერილის სათაურადაც კი შემაძრწუნებელია. ამ თემაზე ალბათ ექიმებსა და ფსიქოლოგებს უნდა მივმართოთ, ვისაუბროთ ადიქციის კოშმარზე, მაგრამ ლიტერატურა ხომ უნივერსალური ხელოვნებაა და იმას, რაც მეცნიერთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა საქმეა, მხატვრული ენით მწერალი ყველაზე შთამბეჭდავად გადმოსცემს. მორფი ასოცირებულია ძლიერი ტკივილის დაყუჩებასთან და წამალზე მიჯაჭვულობასთან, რაც ნარკომანიის ჭაობში ითრევს ადამიანს. ნებისმიერი მიჯაჭვულობა: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი ან გემბლინგი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) სერიოზული პრობლემაა, კვლევასა და ფსიქოთერაპიას რომ საჭიროებს, ლიტერატურულ ტექსტში კი ავტორს შეუძლია ადიქციის ფონზე ადამიანის ყოფა ისე დამაჯერებლად წარმოაჩინოს, რომ ტექსტი მკითხველისთვის იქცეს ამ უდიდესი საფრთხისა და პრობლემის ანატომიის შესახებ ერთგვარ გაფრთხილებად.

მიხაილ ბილგაკოვს აქვს ამავე სათაურის მოთხრობა, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1917-18  წლებში. მოთხრობის მთავარი გმირია 25 წლის ექიმი სერიოჟა პოლიაკოვი, რომლის დღიურებიც ძალზე შთამბეჭდავად არის ჩართული სიუჟეტში. მოგეხსენებათ, დღიური თავისი გულწრფელობითა და ემოციურობით ყოველთვის იწვევს მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს. მთხრობელი ექიმი ბომგარდია, რომელიც სერიოჟა პოლიაკოვის თანაკურსელი და მეგობარი გახლავთ. მოთხრობის სიუჟეტი ბულგაკოვისთვის ჩვეული მხატვრული ოსტატობით ძალზე დამაინტრიგებლად არის აგებული.

27 წლის ექიმი ბომგარდი სოფელ გორელოვოს მედპუნქტიდან სამაზრო ქალაქში გადავიდა ბავშვთა ექიმად, ხოლო მის ადგილას სამუშაოდ პოლიაკოვი მიიღეს. ერთ დღეს ბომგარდმა პოლიაკოვისგან წერილი მიიღო, სადაც მეგობარი სასწრაფოდ მონახულებას სთხოვდა, რადგან მძიმე სენით იყო შეპყრობილი და მეგობრის დახმარება სჭირდებოდა. ის-ის იყო ბომგარდმა მთავარ ექიმს გორელოვოში ერთი დღით გასამგზავრებლად ნებართვა სთხოვა და თოვლიან-ქარბუქიან სოფელში ჯერ მატარებლითა და შემდეგ მარხილით გასამგზავრებლად მოემზადა, რომ რევოლვერით გულში დაჭრილი პოლიაკოვი ბომგარდის კლინიკაში მოიყვანეს. ის მალევე გარდაიცვალა, ხოლო სიკვდილის წინ მეგობარს თავისი დღიური გადასცა და აქ იწყება მკითხველის მოგზაურობა  ნარკოდამოკიდებულების გამო ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებული ადამიანის სულიერ სამყაროში. დღიური პატრონის ერთწლიან ცხოვრებას ასახავს. ნარკომანიის დემონმა 25 წლის ყველაფრით შემკული ადამიანი ამ მოკლე დროში სრულიად გაანადგურა. დღიურის პირველი ჩანაწერი 1917 წლის 20 იანვრით თარიღდება, ხოლო 1918 წლის 13 თებერვალს პოლიაკოვმა თვითმკვლელობა სცადა. მან მეგობარს სთხოვა მისვლა დასახმარებლად, მაგრამ ვერ დაელოდა და განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, რადგან როგორც უკანასკნელ წერილში წერდა, ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შეეძლო და გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

განსაკუთრებით ფასობს მხატვრული ტექსტი, თუკი ის საზოგადოებაში ფესვმოკიდებულ მწვავე პრობლემას ეხება. ნარკომანია საუკუნის სენია დღესაც. ბულგაკოვის მოთხრობა დამაჯერებლად სცემს პასუხს კითხვაზე: ბავშვმაც კი იცის ნარკოდამოკიდებულების ტრაგიკული შედეგები და მაშ, ზრდასრულ გონიერ ადამიანს რა აიძულებს, რომ ამ ჯოჯოხეთში საკუთარი ნებით შევიდეს?

გასულ წელს ორი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მომიხდა, მქონდა მუცლის ღრუს ორგანოების ძლიერი ტკივილი, რის დაყუჩებასაც ექიმები მხოლოდ მორფით ახერხებდნენ. ნახევარ საუკუნეს გავცდი და მანამდე არასდროს არანაირი კავშირი არ მქონია არამცთუ ნარკოტიკთან, მსუბუქ მოსაწევ საშუალებებთან, თვით სიგარეტთანაც კი. ვერასდროს წარმომედგინა, რანაირია ნარკოტიკული თრობა. საკმაოდ ბევრჯერ მომიწია მორფის გაკეთება კლინიკაში პანკრეასის გაუსაძლისი ტკივილის დროს. მახსოვს, ერთ დღეს სამჯერ გამიკეთეს მორფი, რომ ტკივილი როგორმე დაეყუჩებინათ. ჩემთვის ეს მხოლოდ ტკივილის დასაძლევი საშუალება იყო. შეშინებული ბევრს ვფიქრობდი, ხომ არ გამოიწვევდა ამგვარი იძულებითი სამედიცინო ჩარევა დამოკიდებულებას. როცა ერთხელ ნათესავი გამეხუმრა: კაი ყოფილა მორფი? – დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ის ჩემთვის მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი იყო და არანაირი სიამოვნება, ე.წ. “კაიფი” არ განმიცდია, არც არანაირი მოთხოვნილება გამჩენია მის მიმართ. მაშ, როგორ ხდებიან ადამიანები ამ ნივთიერების ტყვეები?

ყველაფერი იწყება ადამიანის რაციოდან და ფსიქოდან. როცა სერიოჟა პოლიაკოვი მივარდნილი გორელოვოს მედპუნქტის ექიმი გახდა, ძალიანაც კმაყოფილი იყო ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას ყოფნით, რადგან ახალგაზრდა კაცს დაუძლეველი სულიერი ტკივილი და მოუშუშებელი იარა ჰქონდა საყვარელ ქალთან განშორების  გამო. ოპერის მომღერალმა ქალმა ერთი წელი იცხოვრა მასთან და შემდეგ მიატოვა. როგორც სერიოჟა ამბობს, ამ ბრწყინვალე და იშვიათი ხმის  ქალბატონი, რომელსაც თურმე ბოლოს ვერდის “აიდაშიც” შეუსრულებია ამნერისის პარტია, ბილწი სულის ადამიანია. სიმბოლურია, რომ პოლიაკოვის სატრფო ამნერისის – საბედისწერო  და გულბოროტი ქალის როლს ასრულებს საოპერო სპექტაკლშიც. ამნერისი მოძალადე, ცბიერი და საშიშია. აიდასა და რადამესის დიდ სიყვარულს ის “მურმანის ეკლად” მოევლინა, საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედი შექმნა, რადამესისა და  აიდას მოკვდინებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. აიდა ერთგულების სიმბოლოა, ის მზადაა, ქვესკნელშიც ჩაჰყვეს სატრფოს. როცა რადამესს ქურუმები ცოცხლად დამარხვის განაჩენს გამოუტანენ, აიდა მოდის მასთან, რომ თავადაც მის გვერდით დაიმარხოს. ამნერისის მსგავს ნატურებს ასეთი სიყვარული არ შეუძლიათ. ისინი უსიყვარულობით იტანჯებიან და როცა ვინმე მათ კაპრიზებს შეეწინააღმდეგება, სასტიკ შურისძიებას იწყებენ. აიდასა და რადამესის სიყვარული უკვდავია, მათ კლავენ, მაგრამ სიკვდილის წინ ორივე მაინც ბედნიერია. სარკოფაგში გამომწყვდეულები ერთმანეთს ეხვევიან და ღმერთებს სულიერ სიმშვიდეს შესთხოვენ. სიყვარული სიკვდილის დამმარცხებელია, ხოლო სიყვარულში მოტყუებული ადამიანის სულს უჭირს გამოსავლის ძიება და აი, აქ ექიმ პოლიაკოვის ცხოვრებაში გამოჩნდა მორფი. მისი სულიერი ტკივილი ფიზიკურშიც გადაიზარდა და მედდა ანა კირილოვნამ მორფის ინექციით შესთავაზა დაყუჩება. ყველაფერი იწყება იმით, რომ სერიოჟა ადიდებს მორფს: “არ შემიძლია ქება-დიდებით არ მოვიხსენიო ის, ვინც ყაყაჩოს მარცვლებიდან პირველად შექმნა მორფი, კაცობრიობის ნამდვილი კეთილისმყოფელი ის ყოფილა… აღარც მიფიქრია მასზე, ვინც მომატყუა”…

ბულგაკოვი თავის გმირს დეტალურად აღაწერინებს მორფის ზემოქმედების პროცესს: “პირველ წუთებში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყელზე რაღაც შეგეხოთ. ეს შეხება თანდათან თბება და ფართოვდება. შემდეგ წუთებში გულის კოვზთან უცებ ცივი ტალღა გადაივლის, ამის შემდეგ არაჩვეულებრივად ნათდება გონება და იწყება ენერგიის მოზღვავება. ყოველგვარი უსიამოვნო შეგრძნება ქრება. ეს არის ადამიანის სულიერი ძალების გამოვლენის უმაღლესი ფაზა. მე რომ სამედიცინო მეცნიერებით არ ვიყო დატენილი და დათრგუნული, ვიტყოდი, რომ ნორმალური მუშაობა ადამიანს შეუძლია მხოლოდ მორფის გაკეთების შემდეგ”…

ანა კირილოვნა – თოვლის აკლდამაში გამომწყვდეული ახალგაზრდა და კეთილშობილი მედდა, რომელსაც ქმარი ტყვედ ჰყავდა გერმანიაში, მალევე პოლიაკოვის საყვარელი გახდა. სერიოჟას ხიბლავდა მისი ადამიანობა ხიბლავდა და ცოლად შერთვასაც კი ფიქრობდა. ანას ეშინოდა და აფრთხილებდა სერიოჟას, როგორც კი მორფზე დამოკიდებულება შეატყო, მაგრამ კაცი ამშვიდებდა, ბავშვობიდანვე უდიდესი ნებისყოფით გამოვირჩეოდიო. თუმცა ეს გონიერი ადამიანიც კი ვერ მიხვდა, რომ მორფთან უძლურია ადამიანური ნებისყოფა.

მოთხრობის სიუჟეტი რუსეთში რევოლუციური მღელვარების ფონზე ვითარდება. რევოლუცია ხდება პერსონაჟის სულშიც. ანა სასოწარკვეთილია და ემუდარება სერიოჟას, რომ როგორმე თავი შეიკავოს, თუმცა ის პასუხობს, რომ Morphium Hidrochloricum, მართალია, საშიში რამაა, მაგრამ ცოტაოდენი შეჩვევა მორფინიზმს არ ნიშნავს. თუმცა თებერვლიდან აპრილამდე, სულ რაღაც 2-3 თვეში, სერიოჟა უკვე ადიქციით იტანჯება. მალე ის მორფს კოკაინით ანაცვლებს.  “ეშმაკი ფლაკონში, კოკაინია ეშმაკი ფლაკონში!” – მოთქვამს გმირი თავის დღიურში და განაგრძობს: “2%-იანი ხსნარით ერთი ინექციის გაკეთების შემდეგ ელვისებური სისწრაფით გეუფლება სიმშვიდე, რომელიც მყისვე გადადის აღტაცებასა და ნეტარებაში, ეს კი მხოლოდ ერთი-ორი წუთი გრძელდება, რის შედეგადაც ყველაფერი ისე ქრება, თითქოს არაფერი ყოფილა და იწყება ტკივილი, წყვდიადი, ჯოჯოხეთი”… “ერთი წამიც და სისხლში მოხვედრილი კოკაინი ყოველგვარი ფარმაკოლოგიისთვის უცნობი და იდუმალი კანონის თანახმად, რაღაც სიახლედ გარდაიქმნება. ვიცი ეს რაც არის, ეს არის ჩემი სისხლის დემონთან შერწყმა!”

სასოწარკვეთილი ექიმი გვაფრთხილებს: “…ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ჩემნაირი ხვედრი ერგო წილად, რომ არ ეცადოთ მორფი შეცვალოთ კოკაინით. კოკაინი ვერაგი და საშინელზე საშინელი შხამია”…

თუკი ამ ამბების დასაწყისში პოლიაკოვი ადიდებდა მორფს, რამდენიმე თვეში ის უკვე იმკის თავისი ფსიქიკური გადახრის შედეგებს. საგულისხმოა, თუ როგორ აღწერს ის მორფინისტის ტანჯვას: “ნელი კვდომა ეუფლება მორფინისტს იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი ან ორი საათით მაინც შეუზღუდეს მორფის მიღება. ორგანიზმში ერთი უჯრედიც არ არის, რომ სურვილი და ნდომა არ კლავდეს, მაგრამ რისი სურვილი – ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით, ადამიანი აღარ არსებობს, ის გამოთიშულია ცხოვრებისგან, მოძრაობს, წუხს და იტანჯება ლეში. მას აღარაფერი სურს, აღარაფერზე ფიქრობს, გარდა მორფისა”.

ერთი ნაცნობი შვილმკვდარი მამა ყვებოდა თავის ნარკომან შვილზე. უბედნიერესი ოჯახი გვქონდა, ვიყავით მდიდრები, ლაღები, ჩემს შვილს ულამაზესი ცოლ-შვილი ჰყავდა, მასზე ბედნიერი ადამიანი იშვიათად თუ იქნებოდა, მაგრამ ნარკოდამოკიდებული გახდა და როდესაც ერთხელ შეძრწუნებულმა ვკითხე, ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის და რას პოულობ ამ მორფში ისეთს, რომ ამხელა მსხვერპლად გიღირდესო, მან მიპასუხა, მამა, არ არსებობს სამყაროში ისეთი სიამოვნება, როგორსაც მორფი განმაცდევინებს, მზად ვარ მის გამო ყველაფერი გავწიროო. მალე ეს უბედნიერესი ოჯახი სრულიად განადგურდა. ამ ადამიანმა ბოლომდე გაანადგურა საკუთარი თავიც და ოჯახსი წევრებიც.

პოლიაკოვს მკურნალობის დროს ფსიქიატრიის პროფესორმა აუხსნა, რომ მოგვიანებით მაინც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდებოდა: “თქვენ გელოდებათ სულიერი განადგურება, თქვენი მუშაობაც არ შეიძლება და დანაშაულიც კი არის”… ასეთმა შემზარავმა გაფრთხილებამაც კი ვერ იხსნა ეს კაცი.  მან ერთხელ კლინიკაში კარადის კარზე გასაღები დაინახა და მორფი მოიპარა, შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხა, გატეხდა თუ არა კარადის კარს, გასაღები იქ რომ არ ყოფილიყო? “გულახდილად უნდა ვთქვა – გავტეხდი”, – პასუხობს. “კრისტალოვანმა კერპმა”, როგორც მას პოლიაკოვი უწოდებს, რამდენიმე თვეში სრულიად დაიმონა უჯანსაღესი ადამიანი. ერთხელ ანამ სცადა, რომ მისთვის დოზა შეემცირებინა, ხუთპროცენტიანი ხსნარი ორპროცენტიანით შეუცვალა, მაგრამ სერიოჟა ისე ცუდად გახდა, ყინვასა და ქარბუქში ანამ თავადვე ჩამოუტანა დოზა ლევკოვოდან.

სიმბოლურია ასევე, რომ ექიმი პოლიაკოვი ნაყოფის შემოსაბრუნებელ ოპერაციებს უკეთებს მშობიარეებს. მას შეუძლია გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე, დედისაც და ახალშობილისაც, ხოლო საკუთარი სულისა და სხეულის ხსნა არ ძალუძს.

ვფიქრობ, მიხაილ ბულგაკოვის “მორფი” მსოფლიო მწერლობის დიდოსტატის კალმით შექმნილი მორიგი დამაინტრიგებელი, მარად აქტუალური და საჭირო ნაწარმოებია. ის ახალგაზრდებს ნამდვილად დაეხმარება ნარკოდამოკიდებულების კოშმარული შედეგების გააზრებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“