პარასკევი, სექტემბერი 27, 2024
27 სექტემბერი, პარასკევი, 2024

მშობლიური სიყვარული როგორც ბავშვის განვითარების მამოძრავებელი ძალა

ვის არ სიამოვნებს იმის ყურება, როგორ ეალერსება მოსიყვარულე დედა შვილს, თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ზედმეტი ფერება და ალერსი ანებივრებს, „აფუჭებს“ ბავშვს.

რამდენიმე დღის წინ, ავტობუსით მგზავრობისას, ასეთ სუართს შევესწარი: ახალგაზრდა ქალი კალთაში მჯდომ სამიოდე წლის გოგონას სიყვარულით ეფერებოდა და გულში იხუტებდა. „მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლევ“, – ეუბნებოდა დედა შვილს. „მე უფრო მიყვარხარ!“ – პასუხობდა თვალებგაბრწყინებული პატარა და ბედნიერებისგან მხიარულად კისკისებდა.

მგზავრების უმეტესობა სიამოვნებით ადევნებდა თვალს ამ სცენას, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც არ იწონებდნენ დედის საქციელს. ერთმა ქალბატონმა ვერ მოითმინა და ახალგაზრდა ქალს ჭკუის დარიგება დაუწყო: „იცით, რას გეტყვით? ყველას გვიყვარს შვილები, მაგრამ არ არის საჭირო ამდენი ფერება და ალერსი, ამით მხოლოდ გააფუჭებთ ბავშვს. მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება. როგორც არ უნდა გიყვარდეთ შვილი, ცოტა თავი უნდა შეიკავოთ სიყვარულის გამოხატვისგან, რომ ბავშვი არ გაანებივროთ“.

ნუთუ მართლა ასეთი საშიშია შვილთან სიყვარულის დაუფარავად გამოხატვა?

 

მშობლიური სიყვარული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გრძნობაა ბავშვის ცხოვრებაში. ის დიდ როლს ასრულებს მისი პიროვნების, ხასიათის, მომავლის ფორმირებაში. მშობლები, რომლებსაც უყვართ შვილები  და გამოხატავენ კიდეც ამ გრძნობას თავიანთი ქმედებებით, განვითარებასა და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან მათ.

 

ბავშვის განვითარების ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც გავლენას ახდენს მშობლიური სიყვარული

* თვითშეფასება – როდესაც მშობლებს უყვართ შვილი და ამას გამოხატავენ კიდეც, ის მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად აღიქვამს თავს. ესმის, რომ უყვართ და იღებენ ისეთს, როგორიც არის. ეს ხელს უწყობს ჯანსაღი თვითშეფასების, საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის, საკუთარი თავის რწმენის ფორმირებას. ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ უყვართ, იქნება უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული, უშიშრად შეხვდება ახალ გამოწვევებს და უფრო ადვილად გაართმევს თავს პრობლემებს, რომლებსაც განვითარების პროცესში შეეჯახება. ბავშვი, რომელიც ვერ იღებს საკმარის სიყვარულს და ყურადღებას მშობლებისგან, შესაძლოა გამოირჩეოდეს დაბალი თვითშეფასებით, საკუთარ ძალებში, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებით, სტრესისადმი მიდრეკილებით, გარე სამყაროსადმი უნდობლობით… ყველაფერი ეს კი მომავალში სხვა პრობლემებს დაუდებს სათავეს.

* ემოციური სტაბილურობა – სიყვარულის გამოხატვით მშობლები შვილს ემოციური სტაბილურობის ფორმირებაში ეხმარებიან. როცა ბავშვი გრძნობს, რომ ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია დაეყრდნოს მშობლებს, როცა იცის, რომ, რაც უნდა გაუჭირდეს, დედ–მამა ყოველთვის მის გვერდით იქნება – ეს სტრესსა და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას უადვილებს. ამგვარად, მშობლების სიყვარული ბავშვის ემოციური სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

* სოციალური უნარები –  როდესაც მშობლები გამოხატავენ შვილის სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ჩახუტებით, მოფერებით, კოცნით, ბავშვზე ზრუნვით, მისი დაცვით, პრობლემების მოგვარებაში დახმარებით და ა.შ., ამით ისინი შვილს სოციალური უნარების განვითარებაშიც ეხმარებიან. ბავშვი, რომელიც თავს მშობლების სიყვარულის ობიექტად, მათთვის სასურველ, მათ მიერ მიღებულ ადამიანად გრძნობს, უფრო ადვილად და მეტი სიამოვნებით ურთიერთობს სხვებთან, უკეთესად ესმის მათი და პატივს სცემს მათ გრძნობებს. გარდა ამისა, მშობლების სიყვარული პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაში ეხმარება ბავშვს და ასწავლის, როგორ მოექცეს გარშემო მყოფებს სხვადასხვა ვითარებაში.

* გარე სამყაროსადმი ბავშვის დამოკიდებულება – მშობლების სიყვარული ბავშვს გარე სამყაროსადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ბავშვი, რომელიც გრძნობს, რომ სასურველი შვილია, უფრო პოზიტიურად აღიქვამს სამყაროს და სწავლობს ადამიანებსა და მოვლენებში კარგის დანახვას, რაც გარე სამყაროსადმი ჰარმონიული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების საწინდარია. მშობლების სიყვარული ასევე შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, გახდეს უფრო ტოლერანტული და ღია სხვა კულტურებისა და განსხვავებული ცხოვრების წესის მიმართ.

დასასრულ კი აი, რას გეტყვით: მშობლიური სიყვარული არა მხოლოდ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება ბავშვს, არამედ ის ერთ-ერთი უდიდესი და უძვირფასესი საჩუქარია, რომელსაც კი ოდესმე გაუკეთებს მშობელი შვილს. ეს სიყვარული უნდა იყოს უპირობო, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობლებს ის ყოველთვის უყვართ, მაშინაც, როცა წარმატებას აღწევს და აქებენ და მაშინაც, როცა ზარმაცობს, მარცხს განიცდის და ემდურიან, საყვედურობენ. მეტიც: ბავშვს ჩვენი სიყვარული ყველაზე მეტად სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ამას.

გვახსოვდეს ისიც, რომ პატარები აირეკლავენ სიყვარულს: თუ ის მიიღეს ჩვენგან, დროთა განმავლობაში აუცილებლად უკანვე დაგვიბრუნებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“