შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული, პერსპექტიული

0

მსოფლიოს ახალი წლის საუკეთესო მასწავლებელი ჰყავს – კენიელი პიტერ ტაბიჩი აფრიკის ერთი პატარა სოფლიდან. ჩვენს დღევანდელ სტუმარს კი, მასთან ერთად სცენაზე ასასვლელად, მხოლოდ ორი ნაბიჯი დააკლდა – ნათია ფურცელაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთესო ათეულიდანაა. სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამავე სკოლის ლიტერატურულ კლუბ „წიგნიერსაც“ ხელმძღვანელობს და, შესაძლოა, მისი მასწავლებლობისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მომენტი ესეც იყოს, რადგან აქ შეგიძლიათ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებიდან დაწყებული, არნოლდ შვარცნეგერით დამთავრებული, ნებისმიერ გმირად იქცეთ.

– ათეულში მოხვედრიდან ორი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი სამასწავლებლო საქმიანობა, რა შეგძინათ ამ აღიარებამ?

– მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ და ათეულში მოხვედრამ უფრო დამარწმუნა, რომ ოდესღაც სწორი არჩევანი გავაკეთე. მასწავლებლობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი არჩევანისადმი საზოგადოების დამოკიდებულება წარმოუდგენლად სკეპტიკური იყო, ვერაფრით იგებდნენ, რატომ მინდოდა ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ და მძიმე პროფესიას შევჭიდებოდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა – აღარ მესმის გაოცებული კითხვები, ეს კი ნიშნავს, რომ ამ პროფესიისადმი თავად საზოგადოების დამოკიდებულებაა შეცვლილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ერთი წარმატებით ჩემი პროფესია ავამაღლე, ოდნავ მეტი პრესტიჟი და პატივისცემა შევმატე.

– თავად კი პასუხისმგებლობა მოგემატათ…

– რაც გარდაუვალი იყო და ამისთვის მზად ვიყავი. ახლა უკვე ვიცი, რომ  ჩემი პროფესიის პოპულარიზაციაზე ზრუნვა მართლაც არის შედეგის მომტანი. საინტერესო მასწავლებლური ცხოვრება აქამდეც მქონდა, თუმცა პროფესიის მიმართ ასეთ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა, სხვა ვალდებულებები და დამოკიდებულებები გამიჩნდა.

– დაიწყეთ რაღაც ისეთის კეთება, რასაც აქამდე საჭიროდ არ მიიჩნევდით?

– კონკურსში მონაწილეობამ უამრავი კოლეგა მეგობარი შემძინა – ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიაზე მართლა ზრუნავენ. ნამდვილად არ ვიცოდი, ამას ვინმე თუ აკეთებდა. თურმე მართლა არიან ასეთი ადამიანები, მე კი არ ვიცოდი. კოლეგებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობის შედეგად პრაქტიკისადმი ინტერესიც მომემატა, გამიჩნდა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მათი მეთოდების გაცნობის სურვილი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუღეთ საკლასო ოთახები, რაც ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდების გავრცელებისთვის საუკეთესო საშუალებაა – სწორედ ესაა თანამშრომლობის კულტურა. მაგალითად, შარშან სვანეთს ვესტუმრე, სადაც 2017 წლის კონკურსის კიდევ ერთი ფინალისტის, მესტიის სოფელ ფარის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკა წულუკიძის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კონფერენციას დავესწარი. უამრავ კოლეგას შევხვდი, მოვუყევი ჩემი ამბავი და მოვისმინე მათი. გარდა ამისა, ავიხდინე სვანეთში მოგზაურობის ოცნებაც. ეს იყო საუკეთესო დღეები და საჭირო გამოცდილება.

mastsavlebeli.ge-ზე ერთ-ერთ სტატიაში წერთ, თუ როგორ და რატომ უნდა მიიღონ მასწავლებლებმა მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნულ კონკურსში. რა იყო თქვენი მოტივაცია?

– ჩემი მთავარი მოტივაცია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია გახლდათ და ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება და მეთოდები, უკვე არსებული წარმატებები, ამისთვის გამოდგებოდა. თავიდან მეც ვყოყმანობდი. ტელევიზიით ნანახი ანონსი უყურადღებოდ გავატარე, მაგრამ შემდეგ ახლობლებმა და ოჯახის წევრებმაც მიმითითეს, რომ განაცხადი აუცილებლად უნდა შემევსო. ამის შემდეგ კი რჩევა ვკითხე ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს, რადგან მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და საუკეთესოდ იციან, რას ვაკეთებ. მართლაც – ამაზე ფიქრი დავიწყე, გავეცანი შერჩევის კრიტერიუმებს და განაცხადის შევსების წესებს. საქმეს ობიექტურად მივუდექი, თუმცა ისიც ვიფიქრე,  რომ კონკურსის ჟიურის წევრებისთვის საინტერესო ვიქნებოდი. მინდოდა, ჩემი საქმიანობა განათლების პროფესიონალებს შეეფასებინათ, მიეთითებინათ ნაკლისა თუ უპირატესობისკენ. საკუთარ თავს ვუთხარი კიდეც: თუ ათეულში მოხვდები, ესე იგი, სწორი გზით მიდიხარ და თუ ვერ, მაინც ასეა, რადგან დაინახავ, რომ რაღაც უნდა შეცვალო და მეტი გააკეთო. ამრიგად, მოტივაცია არც ერთ შემთხვევაში არ დამეკარგებოდა. ვფიქრობ, ამ კონკურსში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო. არა იმიტომ, რომ ჩემი თავი საუკეთესო მასწავლებელი მგონია, არამედ იმიტომ, რომ მოსწავლეების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით ვასწავლი, გაკვეთილებსაც შესაბამისად ვგეგმავ და, წლების განმავლობაში, მოსაყოლი ბევრი დამიგროვდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ვარ და ძალიან მინდა, ჩემი მაგალითით ამ პროფესიით მეტი ახალგაზრდა დავაინტერესო, მასწავლებლობა მათთვისაც გახდეს საინტერსო და გაიგონ, რომ ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული და პერსპექტიული.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვენი მასწავლებლობის სურვილის მიმართ ბევრი სკეპტიკური დამოკიდებულება გსმენიათ. ცხადია, განათლების სფეროში ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მასწავლებლის პროფესიის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას მაინც რა იწვევს?

– ფაქტია, რომ საზოგადოება ნეგატიური ინფორმაციით უფრო ინტერესდება, ვიდრე პოზიტიურით. არადა, ჩვენს სფეროში იმდენი საინტერესო რამ ხდება, მოსაყოლი არ დაილევა. მოდი, ამაზე  ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რამდენი მასწავლებელი ჩაიჭრა გამოცდებზე და რამდენმა ვერ დააკმაყოფილა კომპეტენცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ უმეტესობამ პირადი ცხოვრება დათმო, რათა მასწავლებლის პროფესიაში წარმატებისთვის მიეღწია და ბავშვებისთვის განათლების ბედნიერება მოეტანა. სწორედ, ნეგატიურ სიახლეებზე აქცენტირება ბადებს ჩვენი პროფესიის მიმართ სკეპტიციზმსაც. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ანაზღაურების საკითხიც. ეს აუცილებელია, რათა ადამიანი მხოლოდ მასწავლებლობაზე იყოს კონცენტრირებული და დღე ისე დაგეგმოს, სხვა საქმის კეთება არ უწევდეს. მასწავლებლების უმეტესობა, შემოსავლის გაზრდის მიზნით, სხვა საქმესაც აკეთებს, ამ დროს კი თავის მოსწავლეებს აკლებს.

– მახსოვს, როდესაც „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა, ამ წარმატების გამო კინოცენტრს დაფინანსება გაუზარდეს. იქნებ, ლადო აფხაზავასა და თქვენნაირი სხვა მასწავლებლების ამბავმაც შეცვალოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება?

– ამ მხრივ, იმედიანად ვარ განწყობილი. თუნდაც ერთი ლადოს აფხაზავას მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ უკვე მოიტანა უდიდესი შედეგი – მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება ჯანსაღი მიმართულებით შეიცვალა, და ეს შედეგი წლების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა რეალურ ნაყოფს მივიღებთ. მეც კი, კონკურსის რიგითი მონაწილე, უკვე ვხვდები შეცვლილ განწყობასა და დამოკიდებულებას. თუმცა, სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, ამ განწყობას სულ ვგრძნობდი, რადგან თავიდანვე ისეთ სკოლაში მოვხვდი, სადაც მასწავლებელს აფასებენ, უსმენენ, სადაც მასწავლებლის სჯერათ. ეს დიდი ბედნიერებაა. არიან ისეთი მასწავლებლებიც, თუნდაც იგივე ლადო აფხაზავა, მინიმალურ ხელფასზე და მძიმე პირობებში რომ უმუშავიათ, მაგრამ საქმის კეთება არასდროს შეუწყვიტავთ. აუცილებლად უნდა დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას და ბოლომდე იხარჯებიან ამ პროფესიაში.

– ლადო აფხაზავა ახსენეთ და მოდი, ცოტა მასზეც ვისაუბროთ. თქვენი შეფასებით, როგორი მასწავლებელია? და თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს წლევანდელი ათეულით ვიმსჯელებთ, როგორია თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნები და კრიტერიუმები?

– ლადო ორი წლის წინ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების შეკრებაზე გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ჩიბათის სკოლაში არ ვარ ნამყოფი, არ მინახავს, როგორ ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ შევხვედრივარ მის მოსწავლეებს და ეს უკვე ნიშნავს, რომ ლადოს შესახებ ყველაფერი ვიცი – მოსწავლეები აღტაცებით ყვებიან, ლადოსთან შეხვედრის შემდეგ, როგორ გაუმჯობესდა არა მხოლოდ მათი სასწავლო პროცესი, არამედ ცხოვრებაც. რაც შეეხება მსოფლიო განათლების სისტემის კრიტერიუმებს, აშკარაა, რომ უპირატესობა არაფორმალურ განათლებას ენიჭება, ბავშვებს ისე ასწავლიან, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში მართლაც გამოიყენონ.

– თქვენ რამდენად იყენებთ არაფორმალურ განათლებას?

– ვფიქრობ, რომ ვიყენებ, რაც ჩემი მოსწავლეებისგან მიღებულ უკუკავშირში ჩანს. ახლავე გაჩვენებთ დღევანდელ დავალებას… თავადაც ისე მაინტერესებს, ერთი სული მაქვს, ბოლომდე როდის გადავიკითხავ… აი, ისიც: მერვეკლასელებს პროგრამაში დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ აქვთ. თავიდან არ დაინტერესდნენ, ტექსტს ვერაფრით დაუახლოვდნენ, რაც დროითი დისტანციის, ენის თავისებურებითა და სხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ერთადაც ვცადეთ წაკითხვა, მაგრამ მაინც არაფერი – ინტერესი არა და არ გაჩნდა. ბოლოს გამოსავალი მოვძებნე: ეკრანზე დავით კლდიაშვილის ოთხ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ვაჩვენე და ვთხოვე, მისი ენით მიეწერათ ცოლისთვის, მარიამ მაჭავარიანისთვის, რომელიც ფოტოზე არაა, ვითომ სადღაცაა წასული. შესანიშნავი შედეგი მივიღე, რადგან დავინახე, რომ ასე უკეთესად გაუგეს მწერალს, მის ეპოქას მეტად დაუახლოვდნენ. ერთმა წერილის გარდა მეუღლეს შვილების ნახატებიც გაუგზავნა, ვითომ ბავშვებმა დედას ოჯახის წევრები დაუხატეს. ამ საოცარი უკუკავშირის შემდეგ მეც როლში შევედი და მეტი მოვინდომე: წავიკითხეთ დავით კლდიაშვილის მოგონებები ბათუმზე და ვთხოვე, მაშინდელი ბათუმის ფოტოები მოეძებნათ და საკუთარი აღწერებით გამოეგზავნათ. ამას კი უამრავი თემა მოჰყვა – მაგალითად, ვითომ დავით კლდიაშვილის სახელით წლის საუკეთესო მწერლის საკონკურსო განაცხადი უნდა შეევსოთ. გარეთ 1910 წელია. დავით კლდიაშვილი წერს ბიოგრაფიას, იხსენებს ბავშვობას, ლაპარაკობს განათლებაზე, წერს სამოტივაციო წერილს, ბოლოს კი პასუხს სცემს კითხვაზე, 21-ე საუკუნეში რომ მოხვედრილიყო, რაზე დაწერდა ნაწარმოებს და სათაურად რას დაარქმევდა. ამრიგად, მოსწავლეები ეცნობიან არა მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიას და მრავალშვილიანი მამის ცხოვრების დეტალებს, არამედ სწავლობენ საარქივო მასალის მოძებნას, ბათუმის ისტორიას, საკონკურსო განაცხადის შევსებას, სამოტივაციო წერილის წერას და, ბოლოს, დროშიც მოგზაურობენ. ანუ ერთი გაკვეთილით გავიარეთ არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ მომავალში გამოსადეგი საკითხებიც.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თქვენც აღფრთოვანებით ლაპარაკობთ და ბავშვებსაც მოსწონთ, მაგრამ როგორია მშობლების დამოკიდებულება არაფორმალური სწავლების მიმართ?

– ჩემი ერთ-ერთი მეთოდი თამაშით სწავლებაა, რაც ძალიან სახალისოა და მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. ასევე ძალიან ეფექტურია, როდესაც ბავშვები სასწავლო რესურსს თავად ქმნიან. ცხდია, ამ მეთოდს ხშირად ვერ მივმართავ, რადგან განსაკუთრებული გაკვეთილები უამრავ დროსა და შრომას მოითხოვს, შეიძლება ღამის გათენებაც დამჭირდეს. თუმცა ბავშვების გასაბედნიერებლად ყველანაირი მსხვერპლი გამართლებულია. ამას მშობელიც ხედავს, რომელსაც სწორი კომუნიკაციით ადვილად აუხსნი, თუ რატომ ჯობს ესა თუ ის განსხვავებული მეთოდი უკვე დადგენილს. თუ მშობელთან კომუნიკაცია წარმატებულია, მაშინ ბავშვიც მოგებული გამოდის, რადგან მასწავლებელი და მშობელი სწორედ მისი უკეთესი შედეგისთვის ერთიანდებიან. ამისთვის მშობელს მასწავლებლის მიმართ ნდობაც უნდა ჰქონდეს. საკუთარ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ისეთი პატარა ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლები ჩემს მშობლებზე უფროსები იყვნენ. მაგრამ ნდობა გამომიცხადეს, შვილები მომაბარეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.

– ეროვნული კონკურსის ათეულში მოხვედრა უკვე არის წარმატება. შესაბამისად, ალბათ გქონდათ შემოთავაზებებიც.

– მასწავლებლობა ამ სკოლაში დავიწყე და, მეცხრე წელია, აქ ვარ. ცხადაია, შემოთავაზება სხვა სკოლებიდანაც მქონია, მაგრამ ეს სკოლა, ეს სივრცე, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. შეიძლება ითქვას, რომ აქ გავიზარდე და მენდობოდნენ მაშინაც, როდესაც არავინ მიცნობდა. ამ ნდობამ და თავისუფლების ხარიხმა კი მეტის საკეთებლად გამაძლიერა.

– თითქმის ათი წელია, მასწავლებლი ხართ. გიფიქრიათ ვინ და სად იქნებით კიდევ ერთი ათი წლის შემდეგ?

– სკოლაში აუცილებლად ვიქნები, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე ვასწავლი ქართულის მომავალ მასწავლებლებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მასწავლებლობა შევაყვარო, იცოდნენ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა და აუცილებლად შეუყვარდებათ. პარალელურად „ქორალის“ დირექტორის მოადგილეც ვარ. ჩემი საქმე ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, პროექტების მომზადება და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ყოველდღიურად მზრდის ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორობაც. ამრიგად,  ძიებისა და ახალი აღმოჩენებისთვის მუდამ მზად ვარ – მომწონს მასწავლებლობა და ამ პროფესიაში ყოფნის არ მეშინია.

შესამოწმებელი შეკითხვები: ICQ

0

წინა სტატიაში ვისაუბრეთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებს გაკვეთილის ახსნის პარალელურად შესამოწმებელი შეკითხვები დავუსვათ. თუმცა, როდესაც შესამოწმებელ შეკითხვებს ვახსენებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი მხოლოდ შინაარსის აღქმასა და გაგებას არ უკავშირდება. ინგლისური ენის სწავლებისას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გაკვეთილი პატარა ასაკის ან დამწყები დონის მოსწავლეებთან გვაქვს, აუცილებელია, ინსტრუქციები ნათლად და მკაფიოდ გავცეთ. სწორი ინსტრუქციების გაცემა კლასის მართვის ერთ-ერთ საფუძვლადაც შეიძლება ჩაითვალოს. რადგან როცა ნათელია, რა უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ გაუგებრობით გამოწვეული არეულობა შეიქმნება.

თუკი გაკვეთილი მთლიანად ინგლისურ ენაზე მიგყავთ, თითოეული აქტივობისთვის  ინსტრუქციების მოფიქრება წინასწარ უნდა განსაზღვროთ. ხოლო თუკი გაკვეთილი სანახევროდ ქართულად მიგყავთ, ანუ ინსტრუქციებს ქართულად გასცემთ, კარგად დაფიქრდით იმაზე, რომ თუკი ინსტრუქციებს მაქსიმალურად გავამარტივებთ, მათი დაყვანა ერთ სიტყვამდეც კი შეიძლება. თუმცა ასეთ დროს შესამოწმებელი შეკითხვების დასმაც არ უნდა დაგავიწყდეთ.

 

ინსტრუქციად შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი მითითება, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს: მაგალითად, თუკი მოსწავლეებს ეუბნებით რომ წიგნები 115-ე გვერდზე გადაშალონ და მეორე სავარჯიშოში გამოტოვებული სიტყვები ტექსტის მიხედვით შეავსონ, ეს ინსტრუქციაა. თუკი მოსწავლეებს ეუბნებით, რომ თავიანთ წყვილებთან ერთად დიალოგი უნდა წარმოთქვან, სადაც ერთი მოსწავლე კითხვას სვამს, მეორე – პასუხობს, ესეც ინსტრუქციაა. თუკი მოსწავლეს ეუბნებით, რომ ადგეს, დაფასთან მივიდეს და სწორი პასუხი შემოხაზოს, ესეც ინსტრუქციაა.

თუმცა ზოგჯერ ისეთი აქტივობების მოფიქრებაც გვიწევს, რომელსაც საკმაოდ გრძელი ინსტრუქციის მიცემა სჭირდება, რადგან აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ, მაგალითად, ჯერ ამოჭრან, მერე დაადონ, მერე დააკრან, მერე დააწერონ და ასე შემდეგ. მსგავსი ტიპის ინსტრუქციების გაცემისას სიფრთხილეა საჭირო. ინსტრუქცია თუ ძალიან გრძელია და ბევრი არასაჭირო სიტყვისგან, ანდა ისეთი სიტყვებისგან შედგება, რომლებიც მოსწავლეებმა ჯერ არ იციან, ისინი მას ვერ გაიგებენ და მალე საკლასო ოთახი ქაოსად იქცევა.  ამიტომ ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ: N1 – მაქსიმალურად გაამარტივეთ ინსტრუქცია. N2 – დასვით შესამოწმებელი შეკითხვები.

IC[1] შეკითხვები 

დავუშვათ ეკრანზე გამოსახული გვაქვს სხვადასხვა შინაური ცხოველების სურათები. ჩვენი აქტივობა კი ასეთია: მოსწავლეები, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილები და რომელთაც თავიანთი ნომერები აქვთ (ორივე ჯგუფს ჰყავს ნომერი 1, 2,3 და ა.შ.) უყურებენ ეკრანს და ელოდებიან როდის იტყვის მასწავლებელი ჯერ შინაური ცხოველის სახელს, შემდეგ კი მათ ნომერს. შემდეგ ისინი გარბიან, ცდილობენ ერთმანეთს მიასწრონ, ის შინაური ცხოველი შემოხაზონ, რომელიც მასწავლებელმა თქვა, შემდეგ კი თავადაც გაიმეორონ, ბოლოს კი დასხდნენ. დამეთანხმებით, თუკი მეორე კლასელებს ამსიგრძე ნაბიჯების ახსნას დავუწყებთ, სადღაც შუაში დაავიწყდებათ რა უნდა ქნან: ან ნომრის დასახელებამდე ყველა ერთად წამოხტება და გაიქცევა, ან კიდევ შემოხაზვის მერე არაფერსაც არ იტყვიან და თავქუდმოგლეჯილები გაიქცევიან თავის მერხზე დასაბრუნებლად. ასე და ამგვარად ინსტრუქცია რთული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ვერ დაიმახსოვრეს რა რის მერე უნდა გააკეთონ.

ამის ნაცვლად შეგვიძლია აქტივობის ნაბიჯები ასე დავალაგოთ: პირველ რიგში გაყავით კლასი ორ ნაწილად და ითხოვეთ:

  1. გუნდი 1, გთხოვთ, ხელი აიწიეთ
  2. გუნდი 2, გთხოვთ, ხელი აიწიეთ

თუკი თქვენს კითხვებზე ხელი სწორად აიწიეს ე.ი ყველამ კარგად იცის თუ როგორ განაწილდნენ. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ მომდევნო ეტაპზე გადასვლა, სადაც თითოეულ გუნდში მოსწავლეებს თავის ნომერს აძლევთ ისე რომ თუკი მასწავლებელი იტყვის, N1 ორივე გუნდიდან თითო ბავშვი დგება და გარბის.

ეტაპის შესამოწმებელი შეკითხვები:

  1. ვინ არის ნომერი 1?
  2. ვინ არის ნომერი 2?
  3. ვინ არის ნომერი 3?

ასე და ამგვარად,  ეს ეტაპიც შემოწმებულია, ყველას ახსოვს თავისი ნომერი, რათა აქტივობის სიჩქარე არ დაირღვეს.

ამის შემდეგ ინსტრუქციები უშუალოდ აქტოვიბის ეტაპებზეა, რომელიც ასე შეგიძლიათ მარტივად გასცეთ:

  • N1 შეხედეთ ეკრანს
  • N2 მოისმინეთ
  • N3 გაიქეცით
  • N4 შემოხაზეთ
  • N5 გაიმეორეთ
  • N6 დასხედით

ინსტრუქციებისთვის უმარტივესი სიტყვებია გამოყენებული, თუმცა მათი გაცემისას შეგიძლიათ ჟესტების ენაც დაიხმაროთ, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს იმის აღქმა, თუ რა უნდა გააკეთონ. ინსტრუქციების გაცემის მერე დემონსტრირების დროა. აირჩიეთ ერთი მოსწავლე, რომელიც თქვენთან ერთად გაივლის ყველა ამ ნაბიჯს, ხოლო ამის შემდეგ, ვიდრე აქტივობას დაიწყებდეთ, აუცილებლად დასვით ინსტრუქციების გაგების შესამოწმებელი შეკითხვები, რომელიც ინსტრუქციის გამარტივებიდან გამომდინარე, ასევე უმარტივესად ჟღერს: ‘რა არის N1?’; ‘რა არის N2?’ და ა.შ. ამასთანავე გამოიყენეთ ისეთი შეკითხვებიც, როგორებიცაა ‘შეიძლება თუ, რომ მხოლოდ შემოხაზოთ და არ გაიმეოროთ?’; ‘შეიძლება თუ არა, რომ ისე სწრაფად ირბინოთ, რომ დაეცეთ?’; ‘შეიძლება თუ არა, რომ ერთმანეთს ხელი კრათ?’;

შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, მოსწავლეები ზედმიწევნით იმახსოვრებენ, თუ ვინ სად რას და როგორ აკეთებს. ასე აქტივობის შესრულება და, შესაბამისად, კლასის მართვა გაცილებით უფრო მარტივი ხდება. ამიტომ რა არის N1? მაქსიმალურად გაამარტივეთ ინსტრუქციები, დიახ! და რა არის N2?დასვით შესამოწმებელი შეკითხვებია, დიახ!

[1] ICQ – Instruction Checking Questions

რატომ არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს სოციალურ ქსელებში ანგარიშები

0

ჩემი არც ერთი შვილი ჯერ არ არის 13 წლის, ანუ იმ ასაკის, როცა ლეგალურად შეუძლია ანგარიშის შექმნა სოციალურ ქსელებში – მე ამ წესს მკაცრად ვიცავ და ყოველ ჯერზე, როცა მეუბნებიან რომ კლასელების მესენჯერ ჯგუფში გაერთიანებისთვის, ან რაიმეს გამოსაწერად ჭირდებათ ექაუნთი ფეისბუკზე, ინსტაგრამზე ან შემთხვევით ხომ არ შეიძლება ბედი სცადონ იუტუბერის როლში, ვეუბნები რომ ჯერ არა, ჯერ უნდა გაიზარდონ.

მიზეზები, რის გამოც მათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების გაკეთებაზე უარს ვეუბნები, ბევრია და ჩემს შვილებთან ერთად არაერთხელ განგვიხილავს, მაგრამ რადგან უფრო და უფრო მეტი ბავშვი ჩემს გარშემო თავისუფლად დანავარდობს სოციალურ ქსელებში, საჭიროდ მივიჩნევ ამ საკითხზე ოჯახს მიღმა საუბარსაც. მიზეზებს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ფიზიკური უსაფრთხოება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, როგორც ამბობენ ხოლმე დიდ პრობლემაზე საუბრისას. აი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები:

  • ფსიქოლოგიური ზეგავლენა: ბავშვების ფსიქიკა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, და სოციალური ქსელების გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს თვითშეფასების პრობლემები და გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია.
  • კიბერბულინგი, შეურაცხყოფა და სექსუალური შევიწროება: სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი, რაც განსაკუთრებით საზიანოა ახალგაზრდა ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ემოციური მდგრადობა, რომ გაუმკლავდნენ ასეთ სტრესს. სოციალურ ქსელებში ბავშვები მოწყვლადები არიან როგორც თანატოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ, ასევე ზრდასრულებისგან ზეწოლის, სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შემთხვევებზე. საქართველოში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მოზარდებს ასაკით გაცილებით უფროსები სთხოვენ შიშველი ფოტოების გაგზავნას, აბამენ მათთან ეროტიული შინაარსის მიმოწერას, აშანტაჟებენ ამ მიმოწერით და სთხოვენ მათი ნების საწინააღმდეგოდ
  • პირადი მონაცემების დაცვა: გამოქვეყნებული ფოტოებით მათ შეიძლება ადვილად გასცენ ინფორმაცია იმ სკოლების შესახებ, სადაც სწავლობენ, მარშრუტზე, რომელსაც დღის განმავლობაში გადიან, თავიანთ ინტერესებსა და ემოციებზე რიგი საკითხების მიმართ, რაც მათ მოწყვლად ხდის მავნე პირების და მონაცემთა მოპარვის რისკის წინაშე. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვების შესახებ ინფორმაციის და ფოტოების გავრცელებისას უფროსებსაც სიფრთხილე გმართებთ.
  • დამოკიდებულების რისკი: სოციალური ქსელების ალგორითმები განკუთვნილია მომხმარებლების ყურადღების დიდხანს დაკავებისთვის, რაც ბავშვებში იწვევს დამოკიდებულებას და ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებასა და სწავლის პროცესს.
  • აკადემიური შედეგების გაურესება: სოციალური ქსელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონცენტრაცია, რაც უარყოფითად აისახება სასკოლო შესრულებაზე. სოციალურ მედიაში გატარებული დრო ბავშვების დასვენებაზე, გართობასა და მეცადინეობაზე მოკლებული დროა – მოზარდებისთვის ფუჭად დროის კარგვა კარგი მოვლენა არ არის. სჯობს მათ ხარისხიან გართობასა და დასვენების უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ;
  • არასათანადო შინაარსთან წვდომა: ბავშვები ადვილად შეიძლება წააწყდნენ ძალადობრივ, სექსუალურ ან სხვა არასასურველ კონტენტს, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.
  • კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა: 13 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ კრიტიკული აზროვნების ისე განვითარებულ უნარს, რაც აუცილებელია დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კონტენტის ამოსაცნობად. მაგალითად, 2020 წელს ტიკ-ტოკზე გავრცელებულ “Benadryl Challange”-ს რამდენიმე ბავშვის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. გამოწვევის ფარგლებში მოზარდები წამალ ბენადრილის გადაჭარბებულ დოზას  იღებდნენ, რომელსაც  ე.წ. “ჰალუცინაციების” გამოწვევა შეძლო.  დასვენებისა და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი: სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და ზოგად განვითარებაზე.
  • სოციალური უნარების დაქვეითება: ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ, ხშირად ნაკლებად ვითარდებიან სოციალურ ურთიერთობებში და რეალურ კომუნიკაციაში. დროთა განმავლობაში ხდებიან ჩაკეტილები ან ცოცხალ ურთიერთობებს ვირტუალური ნაცნობებით ანაცვლებენ, რაც მათ მოწყვლადებს ხდის და გარკვეულწილად პარალელურ რეალობაში აცხოვრებს.
  • ეგატიური როლური მოდელები: სოციალურ ქსელებში ხშირად პროპაგანდირდება არასათანადო ქცევა, მაგალითად, აგრესია ან ზედმეტი მატერიალიზმი, რაც ბავშვების ღირებულებებზე გავლენას ახდენს. “ინფლუენსერების” გაზრდილი როლის პირობებში მათი ცდუნება ეფემერული წარმატებებით და მყიფე პოპულარობით შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე ღირებულებებზე დაფუძნებული აკადემიური განათლება და ბეჯითი შრომით მიღწეული წარმატება;
  • ემოციური რეგულაციის უნარის დაქვეითება: მუდმივი “ლაიქების” და “კომენტარების” რაოდენობის კონტროლი ბავშვებში იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას გარეგანი აღიარების მიმართ.

 

სოციალური ქსელების შეზღუდვის ალტერნატივად  მოზარდებს შეგვიძლია ინტერნეტისა და ეკრანების გამოყენება ისეთი საქმეებისთვის, რაც მათ გაართობთ, დააინტერესებთ და დანაკლისის განცდას არ გაუჩენს. შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, სხეულზე ზრუნვის პრაქტიკების გამოსამუშავებლად და თვითგანათლების პროცესის დასაორგანიზებლად განკუთვნილი ონლაინ კურსების, აპლიკაციების და გზამკვლევების გამოყენება მათ უნარებს გაცილებით სანდო კალაპოტში ჩასვამს და ტექნოლოგიების სამყაროში ნავიგაციასაც უფრო უსაფრთხო გზებით ასწავლის.

ფილმის განხილვა ლიტერატურის გაკვეთილზე

0

წაკითხულისა და ნანახის ანალიზის უნარზე ლიტერატურის გაკვეთილებზე გამუდმებით ვმუშაობთ. თუკი საკითხავად ისეთი წიგნი გვქონდა შერჩეული, რომლის ეკრანიზაციაც ხელმისაწვდომია, ეს შესანიშნავი რესურსია ანალიტიკური უნარების განსავითარებლად.

შემეცნების პროცესი ხალისსა და თამაშსაც უნდა მოიცავდეს. რუტინა მომქანცველი და მომთენთავი რამაა. ფილმის ნახვა და ნანახის შესახებ მოსაზრებების გაზიარება ნამდვილად შეგვიძლია ვაქციოთ სახალისო-შემეცნებით თავგადასავალად და ამ წერილში დეტალურად გაწერილ ტექნიკას გთავაზობთ.

მეცხრე კლასში ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ეპიზოდი გვქონდა დასამუშავებელი (სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელო, მე-9 კლასი, გვ.161). ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ ეკრანიზაციის ნახვა დავგეგმეთ. ფილმი 1962 წელსაა გადაღებული რეჟისორ რობერტ მალიგანის მიერ. ფილმი შავ-თეთრია, რეჟისორი მინიმალისტურ სტილსა და რეალისტურ კომპოზიციურ გადაწყვეტებს იყენებს. სწრაფად ცვალებად კადრებს, ბლოკპასტერებსა და ჰოლივიდურ ესთეტიკას ნაჩვევი თვალისთვის მალიგანის კინოენა ნელია, „გაწელილი“, ატმოსფერული, მშვენიერი, უჩვეულო. ეს ის ეპითეტებია, რომლებიც თავად მეცხრეკლასელებმა გამოიყენეს ფილმის დასრულების შემდეგ პირველი შთაბეჭდილებების გაზიარებისას.

შემდეგი გაკვეთილისთვის კი ფილმის გააზრება და ნააზრევის ერთმანეთისთვის გაზიარება გადაწყდა.

ამისთვის ასეთი თამაში შევთავაზე მოსწავლეებს:

წინასწარ შევიძინე ფერადბურთულებიანი შოკოლადის ორი შეკვრა. შეკვრაში წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი ბურთულები ყრია.

შიგთავსი ლამაზ თასში მოვათავსე.

ფერად ფურცლებზე (ფურცლებიც შესაბამისი ფერებისა შევარჩიე. შესაძლებელია, კითხვები თავად დაიტოვოთ იმ ფორმით ამობეჭდილი, რა ფორმითაც აქაა მოცემული. ამ შემთხვევაში მოსწავლე იღებს ბურთულას და ასახელებს ნომერს და თქვენ შესაბამისი ფერის/ნუმერაციის კითხვას სვამთ)  ჩამოვწერე კითხვები, რომლებიც ნანახის გაგება-გააზრებაში დაეხმარებათ. სურვილის მიხედვით მოსწავლე გამოდის, იღებს თასიდან შოკოლადის ბურთულას და ფერის მიხედვით არჩევს კითხვას. აცნობს კლასს. თუ დრო სჭირდება მოსაფიქრებლად, ითხოვს ერთ წუთს. ფიქრობს. როგორც კი მზადაა საპასუხოდ, ნააზრევს უზიარებს კლასელებს და მათგანაც ისმენს. მას თავად შეუძლია მოდერაცია, დამატებითი კითხვების დასმა. ინიციატივა აქ მთლიანად მოსწავლის ხელშია. მასწავლებელი დამკვირვებელია.

კითხვები, რომლებიც აქაა თავმოყრილი, ზოგადი ხასიათისაა და შეიძლება მიუსადაგოთ ნებისმიერ სხვა ფილმს (რასაკვირველია, მხატვრული დეტალებისა და ფაქტობრივ-შინაარსობრივი და კომპოზიციური დეტალების ჩანაცვლების შემდეგ).

კითხვები მოიცავს კომპოზიციურ, შინაარსობრივ, თემატურ, სააზროვნო მიმართულებებს და მოსწავლეებს ფიქრისა და გააზრების სტიმულს აძლევს.

კითხვების რაოდენობა მოსწავლეების რაოდენობის გათვალისწინებით უნდა შეამციროთ ან გაზარდოთ.

წითელი

  1. რობერტ მალიგანის ფილმი შავ-თეთრია. გაიხსენე ეპიზოდები, რომლებიც ემოციურ ზეგავლენას ახდენს მაყურებელზე. რისი მეშვეობით ახერხებს რეჟისორი სათანადო ემოციის აღძვრას? მაგალითად, ბუას სახლის პირქუში გარემო ან საშიში სცენები როგორ იყო გადმოცემული?
  2. სასამართლოს სცენის გადაღებისას გამოყენებული იყო ახლო კადრები. მაგალითად, ტომ რობინსოსის, ატიკუს ფინჩისა და დამბრალებელი გოგოს სახეები ხშირად იყო კამერის ფოკუსში. შენი აზრით, რატომ?
  3. ფილმის რომელ სცენას გააუმჯობესებდი და რითი?
  4. შენი დაკვირვებით, რამდენად სწრაფად იცვლებოდა კადრები? კინემატოგრაფიული თხრობისას სხვადასხვა რეჟისორი სხვადასხვა ხერხს იყენებს ხოლმე. თანამედროვე ჰოლივუდურ ფილმებში კადრის ხანგრძლივობა საშუალოდ 5-8 წამია. კადრების ცვალებადობა კი სწრაფია. ნანახ ფილმზე რას იტყვი ამ მხრივ?

ყავისფერი

  1. ფილმის რომელი პერსონაჟი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი? რით დაგამახსოვრა თავი?
  2. რომელმა პერსონაჟმა გამოიწვია ყველაზე მძლავრი ემოცია – დადებითიც და უარყოფითიც? რატომ?
  3. რას ფიქრობ ატიკუს ფინჩზე, როგორც მამაზე?
  4. და-ძმა ჭყიტა და ჯემი განსხვავდებიან ერთანეთისგან ხასიათით. რა აქვთ მათ აბსოლუტურად განსხვავებული და რაში ჰგვანან ერთანეთს?

მწვანე

  1. ნანახი ფილმის პერსონაჟისთვის კითხვეის დასმის საშუალება რომ გქონდეს, ვის აარჩევდი და რას ჰკითხავდი?
  2. შენმა თანატოლმა რომ გკითხოს აზრი ამ ფილმის ყურებასთან დაკვშირებით, რას ურჩევდი?
  3. ჭყიტას გმირთან რაიმე საერთო თუ შეგიძია გამონახო? რა თვისებაზე იტყოდი, მეც მაქვსო? ემეგობრებოდი ჭყიტას? რატომ?
  4. გაიხსენე და აღწერე რომელიმე სცენა ფილმიდან ისე, თითქოს ამავს უყვები შენს თანატოლს.

ყვითელი

  1. შენთვის რომ შეეთავაზებინათ ამ ფილმში მონაწილეობა, ვინ იქნებოდი და რატომ?
  2. დაასახელე ერთი თემა, რომელზეც ფილმშია გამახვილებული ყურადღება. რა არის ნათქვამი ამ თემაზე ფილმში? რას ფიქრობ შენ?
  3. ატიკუს ფინჩმა ჩიტუნა ჯაფარაზე თქვა, რომ მისი მოკვლა არ შეიძლება, ცოდვაა. გაიხსენე ეს მომენტი, მოჰყევი და გააკეთე საინტერესო კომენტარი.

ლურჯი

  1. ბუა რედლი ფილმში ძალიან ცოტა ხნით ჩნდება. რით დაგამახსოვრა თავი ამ გმირმა?
  2. როდესაც ფილმი დასრულდა, რა ემოცია გქონდა? რა შთაბეჭდილება დატოვა ფილმმა შენზე?

ნარინჯისფერი

  1. გაიხსენე ფილმის ფინალი. შეაფასე შერიფის გადაწყვეტილება.
  2. ატიკუს ფინჩმა თქვა – კაცს ვერასოდეს ბოლომდე ვერ გაიცნობ, თუ დროებით მის ტყავში არ ჩაძვრები და ისე არ გაივლ-გამოივლიო. რას ნიშნავს ეს გამონათქვამი შენთვის?
  3. გაიხსენე, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რა ვითრებაშია წარმოთქმული ისინი: „ჩვენს ქვეყანაში სასამართლო გვევლინება უდიდეს მაწონასწორებლად – აქ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია!“

ანალიტიკური უნარების განვითარებასთან ერთად ეს აქტივობა შეუცვლელია კლასში ხალისიანი შემეცნებითი ატმოსფეროს შესაქმნელად.

საინტერესო შემეცნებით თავგადასავალს გისურვებთ!

როგორ “მოვათვინიეროთ” ჩატბოტები და ვმართოთ კომუნიკაცია?

0

სტატიაში განხილულია,  რატომ უნდა გავეცნოთ ჩატბოტების მუშაობის პრინციპებს, რას ეფუძნება ჩატბოტების ენის მოდელი, როგორია პრობაბილისტური ტექსტის გენერაციის მექანიზმი და რატომ არის აუცილებელი პრომპტ-ინჟინერიის, ალგორითმული აზროვნებისა და კონტექსტური მოდელირების სწავლა.

მანქანები და ჩატბოტები – მართვა, რომელიც გაცნობიერებას მოითხოვს.

როდესაც საჭესთან ჯდები, უბრალოდ მართვა არ არის საკმარისი—უნდა გესმოდეს, როგორ მუშაობს შენი მანქანა. სად არის ძრავა, როგორ რეაგირებს საჭის თითოეულ მოძრაობაზე, როგორ უნდა მოუსმინო, როცა უცნაურ ხმას გამოსცემს. თუ ამ დეტალებს არ იკვლევ, ერთ დღესაც გზაზე გაჩერდები და ისღა დაგრჩება—ხელოსანს დაელოდო.

ჩატბოტებიც მანქანებია, ბორბლებით არა,   ალგორითმებით “მოძრაობს”. მათაც აქვთ ძრავი (ენის მოდელი), საჭე (პრომპტინგი – კითხვების სწორად ფორმულირება), საწვავი (მონაცემები, რომლითაც იკვებებიან, (ამაზე ტექნოლოგიური მეტაფორაც მიუთითებს: ინფორმაცია “აჭამეს” – ასე ეწოდება მონაცემების ჩატვირთვას) და სიგნალები (პასუხების ფორმა და სიზუსტე)). თუ არ იცი, როგორ „მართო“, იმოძრავებ  მხოლოდ წინასწარ გაწერილი მარშრუტით, მაგრამ ნამდვილი კონტროლი არ გექნება. მაგრამ შენ შეგიძლია როგორც გამოცდილი მძღოლი გრძნობს მანქანის „ხასიათს“, ისე შეისწავლო ჩატბოტის ენაზე საუბარიც—მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებ მართლა ეფექტურ კომუნიკაციას.

თუ არ იცი, როგორ მოუსმინო მას, როგორ დაუსვა სწორად შეკითხვა, როგორ „დამუხტო“ საჭირო ინფორმაციით, ჩატბოტი უბრალოდ ტექნოლოგიური სათამაშო გახდება—და არა ძლიერი გონებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შენი იდეების აჩქარება, შემოქმედებითი პარტნიორობა, მოკლედ, “ციფრული ჯინობა”, რასაც ხშირად ვუწოდებ ხოლმე.

საჭე შენს ხელშია. მთავარი კითხვაა—იცნობ თუ არა იმ მანქანას, რომელსაც მართავ?

ჩატბოტებთან კომუნიკაციის სწავლა არ არის უბრალოდ „შეკითხვის დასმა და პასუხის მიღება.“ ეს არის ახალი ტიპის ინტელექტუალური ინტერაქცია, რომელიც ეფუძნება გენერაციული მოდელების არქიტექტურას, ალგორითმულ ოპტიმიზაციასა და კონტექსტურ მოდელირებას.

ჩატბოტები არ გპასუხობენ, როგორც ადამიანები, ისინი გპასუხობენ პრობაბილისტური ტექსტის გენერაციის პრინციპით, როცა ყოველი პასუხი გამოითვლება ტრანსფორმერული ნეირონული ქსელების მიერ, რომლებიც ეყრდნობიან ყურადღების მექანიზმს (self-attention mechanism) და წინასწარ გათვლილ ლინგვისტურ პარამეტრებს.

რატომ არის ამის სწავლა აუცილებელი?

ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის შესაძლოა ჩანდეს, რომ ჩატბოტი „უბრალოდ პასუხობს,“ მაგრამ სინამდვილეში, ტექსტის გენერაცია არ არის სტატიკური პროცესი. ის ეფუძნება მრავალშრიანი ნეირონული ქსელების მიერ შექმნილ სტატისტიკურ ალბათობებს, რომლებიც წინასწარ გაწვრთნილი მოდელის საფუძველზე ადგენენ „ყველაზე მოსალოდნელ“ პასუხს.

მარტივი კითხვის დასმა ვერ უზრუნველყოფს ოპტიმალურ კომუნიკაციას. საჭიროა პროცესის გაცნობიერებული მართვა, რაც მოიცავს:

პრომტ-ინჟინერიას (Prompt Engineering) – ტექსტის ფორმატირების, სტრუქტურირებისა და ოპტიმიზაციის ტექნიკას, რაც ცვლის პასუხის ხარისხს.

ალგორითმული აზროვნების განვითარებას – ანუ პროცესების მოდელირებას, სადაც ადამიანი სწავლობს, როგორ მუშაობს გენერაციული AI, როგორაა განაწილებული ტოკენიზაცია, როგორია პასუხის რანკინგი და როდის მოქმედებს მოდელი „გადამზადებული ფრეიმინგით“.

კონტექსტის გაფართოებასა და მანიპულაციას – რაც გულისხმობს ჩატბოტისთვის ინფორმაციის მიწოდების სპეციფიკურ მოდელირებას, რათა შეიქმნას მაღალი ხარისხის დიალოგური დინამიკა.

ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ჩატბოტთან კომუნიკაცია „უბრალოდ კითხვა-პასუხია“, თვითკმარი მომხმარებელია. ის კმაყოფილდება მოდელის მიერ მომზადებული პასუხის ზედაპირული ფენით, ხოლო მათ, ვისაც სურს ინტელექტუალური ინტერფეისების ოპტიმალური გამოყენება, სჭირდება გაცილებით ღრმა გააზრება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩატბოტი არ არის ცოცხალი არსება. მას არ გააჩნია აზროვნება ან რეალური ინტელექტი, არც მიზნები და ამოცანები აქვს და არც რაიმე განზრახვა ამოძრავებს კაცობრიობის ან თქვენ მიმართ. ის მხოლოდ კონტექსტური სტატისტიკური რეზონანსის შედეგად შექმნილი ტექსტის გენერატორია.

ეფექტური კომუნიკაცია ჩატბოტთან საჭიროებს ახალი ტიპის კომუნიკაციური სტრატეგიების გაცნობიერებას, რომელიც ეფუძნება:

ლინგვისტურ რეფრემინგს (Reframing)

ინსტრუქციული მოდელირების პრინციპებს (Instruction-based Modelling)

ტექსტის კოგნიტურ რესტრუქტურიზაციას (Cognitive Restructuring through Text)

ინტერაქციის პერსონალიზაციას (Adaptive AI Interaction Strategies)

მიზანი არ არის:  „როგორ ჰკითხო ჩატბოტს რაღაც,“ არამედ – როგორ მართო, გააკონტროლო და გადააქციო იგი ქმედით ინსტრუმენტად. ეს არის ახალი ენა, ახალი ალგორითმული აზროვნების ფორმა, და საბოლოოდ – ახალი ტიპის ინტელექტუალური ურთიერთქმედება. ამიტომ სჭირდება ამ პროცესებს შესწავლა და გაცნობიერება.

ვინც ვერ ხედავს ამას, უბრალოდ დაკმაყოფილებულია ჩატბოტის მინიმალური შესაძლებლობით და ვერ აცნობიერებს, რომ ჩვენ ვიმყოფებით კოგნიტური ევოლუციის ზღვარზე.

AI-ის აზროვნების პრინციპი: როგორ „ფიქრობს“ ჩატბოტი?

წარმოგიდგენია, როგორ ფიქრობს ქარი? ის არ ფიქრობს, ის უბრალოდ მოძრაობს – ჰაერის მასები გადაადგილდებიან ფიზიკის კანონების მიხედვით. ანალოგიურად, ჩატბოტიც არ „ფიქრობს“, არამედ გამოთვლის – ალგორითმების, სტატისტიკური მოდელების და ნეირონული ქსელების გზით ქმნის პასუხებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონტექსტს.

და მაინც, როგორ „ფიქრობს“ ჩატბოტი? ადამიანის აზროვნება ეფუძნება ემოციას, გამოცდილებას, ინტუიციასა და ალოგიკურ გადახვევებს. ჩვენ ვქმნით იდეებს და მათ შიგნით ვხედავთ სიღრმეებს. AI-ს შემთხვევაში ეს ყველაფერი განსხვავებულად მუშაობს – ჩატბოტი არ ასრულებს კრეატიულ „გონებრივ პროცესს“, როგორც ჩვენ,  ის მუშაობს პრობაბილისტური (ალბათობრივი) გენერაციის პრინციპით.

  1. Attention Mechanism – „რისკენ არის მიმართული AI-ის ყურადღება?“

თუ წიგნს კითხულობ და მხოლოდ ბოლო გვერდს გადახედავ, ვერ გაიგებ მთელს ამბავს. მაგრამ თუ წინადადებათა მნიშვნელობას ერთმანეთთან დააკავშირებ, გონებაში კონტექსტი შეიქმნება. ეს არის ის, რასაც Attention Mechanism აკეთებს – ის ამუშავებს ტექსტს   პარალელურადაც, რათა უკეთ გაიგოს, რომელ სიტყვებს შორის უნდა შეიქმნას კონტექსტური კავშირი.  ეს ისაა, რაც ჩვენ ჩატბოტის  „აზროვნების ილუზიას“ გვიქმნის.

  1. Tokenization – „როგორ „ხედავს“ AI ტექსტს?“

AI-სთვის სიტყვები ისეთი არ არის, როგორიც ჩვენთვის. ის მათ მცირე ფრაგმენტებად – „ტოკენებად“ აქცევს.

როგორ მუშაობს?

  1. ტექსტი ტოკენებად იშლება
    ვთქვათ, ვწერ:
    „ჩატბოტი ფიქრობს?“
    ეს შეიძლება დაიშალოს ტოკენებად ასე:

    • „ჩატ“
    • „ბოტი“
    • „ფიქრობს“
    • „?“
  2. ტოკენებს ენიჭება ციფრული მნიშვნელობა
    • თითოეულ ტოკენს ენიჭება უნიკალური რიცხვი ნეირონულ მოდელში.
    • მაგალითად, მოდელს შეუძლია მიანიჭოს:
      • „ჩატ“ → 54321
      • „ბოტი“ → 67231
      • „ფიქრობს“ → 90812
      • „?“ → 1003
  3. ჩატბოტი გამოთვლის შემდეგ ტოკენს
    • როცა წერ „ჩატბოტი“, – მოდელი ამ რიცხვებს ამუშავებს ნეირონულ ქსელში და სავარაუდო შემდეგი ტოკენის პროგნოზირებას აკეთებს.
    • მაგალითად, შეიძლება გამოთვალოს, რომ „ფიქრობს“ ყველაზე შესაფერისია სავარაუდო სტატისტიკური კავშირის მიხედვით.

  1. რატომ მუშაობს ეს ასე კარგად?

ტოკენიზაცია AI-ს აძლევს უნარს, გაანალიზოს ენა არა როგორც ტექსტი, არამედ როგორც რიცხვითი მონაცემები! ეს საშუალებას აძლევს გააკეთოს ძალიან სწრაფი და ზუსტი პროგნოზები, რადგან რიცხვებს შორის კავშირები უფრო მარტივი დასამუშავებელია, ვიდრე სიტყვების მნიშვნელობებზე ფიქრი.  ანუ, ჩატბოტი არ კითხულობს, ის „გამოთვლის“! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალური პრომპტინგი (სწორი ფორმულირება) ხელს უწყობს AI-ს, უკეთესად შეარჩიოს მომდევნო ტოკენები და შექმნას უკეთესი პასუხები.

  1. RLHF – „რატომ შეუძლია ჩატბოტს შეცდომებზე სწავლა?“

ჩატბოტი არა მხოლოდ კოდით, არამედ ადამიანთა უკუკავშირითაც „იწვრთნება“. RLHF (Reinforcement Learning with Human Feedback) – ეს არის ალგორითმული სისტემა, რომელიც ადამიანების მიერ შეფასებულ პასუხებს იყენებს, რათა მომდევნო შედეგები უფრო ბუნებრივი გახადოს.  ამიტომ ხდება, რომ AI ერთი და იგივე შეკითხვაზე სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა პასუხს იძლევა – ის ეყრდნობა სასწავლო მონაცემებს და „მოკლევადიანი გამოცდილების“ სისტემას.

 

საბოლოოდ – ფიქრობს თუ არა ჩატბოტი?

                ის არ ფიქრობს. ის გამოთვლის, აანალიზებს და აგენერირებს. მაგრამ თუ ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ ეს პროცესი, შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პასუხები, რომლებიც მართლაც ჰგავს აზროვნებას.

როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა უკეთესი კომუნიკაციისთვის?

თუ გინდა, რომ ჩატბოტმა უფრო ზუსტი პასუხი მოგცეს, უნდა გაამარტივო და უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბო ტექსტი.

✔ სწორი სტრუქტურის კითხვა აძლიერებს შედეგს!

✔ გრძელი და ბუნდოვანი წინადადებები ტოკენიზაციის დროს ფუჭად იხარჯება.

✔ მინიშნებები და დამატებითი დეტალები ეხმარება მოდელს „გააცნობიეროს“, რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს წინადადება.

ახლა უკვე ცხადია – ჩატბოტი არ ფიქრობს, ის გამოითვლის. მაგრამ თუ შენ მართავ ამ გამოთვლას სწორად, შედეგი შეიძლება მართლაც ჰგავდეს აზროვნებას.

 

დორაისხევი და დორაისხეველი – გოდერძი ჩოხელის რომანიდან „წითელი მგელი“

0

ქართულ მითოლოგიაში კუდიანთა უფროსებს სხვადასხვა სახელი ჰქვიათ: დასავლეთ საქართველოში მას როკაპს ეძახიან,  აჭარაში – რომპაპს, ხოლო თუშეთში მას დორაისხეველს უწოდებდნენ.

ზურაბ კიკნაძე ქართული მითოლოგიის შესახებ დაწერილ წიგნში ფარნავაზის სიზმარი ამგვარ ცნობას გვაწვდის:

თუშური მასალის მიხედვით, კუდიანთა უფროსი დორაისხეველი ადგილობრივი თუშური წარმომავლობისაა. დორაისხევი სრულიად გარკვეული ტოპონიმია, თუშეთის ტერიტორიაზე არსებობს და არა სხვაგან… აქ დამკვიდრებული ეშმაკი დორაისხეველის სახელით ადგილობრივ კუდიანებს იკრებს (კიკნაძე 2016, 282).

თუშურ ლექსიკონში დორაისხეველი ამგვარადაა განმარტებული: „დემონოლოგიურ გადმოცემათა პერსონაჟი, ეშმაკის ბელადი, შუბლში ერთი დიდი თვალი უზის. ღამე რომ მოდის, მთელ ხეობას მოანათებს. იგი ყოვლისშემძლე არსებადაა მიჩნეული“ (ცოცანიძე 2012, 95).

რომანში წითელი მგელი გოდერძი ჩოხელი დორაისხეველს ამგვარად გვაცნობს:

ერთ უდაბურ ხევში ჩავედით. ერთ ხანს სიბნელე გვეხურა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი, მერე გავედით მთვარის შუქით მკრთალად განათებულ მინდორზე.

იქ ერთი ჟრიამული იდგა. სტუმრები მიდი-მოდიოდნენ და რიგისად სხდებოდნენ. მე მიმიყვანეს და „სასტუმრო“ სიპზე დამაყენეს. ვხედავ სუფრებია გაშლილი. ზოგ სუფრას მგლები უსხედან გარშემო, ზოგს კატები, ზოგს ალები.

ზემო თავში ზის დორაისხეველი და წესი და რიგი მიჰყავს. მოდიან და მოახსენებენ დორაისხეველს, თუ ვინ რა გააკეთა იმ ღამეს. ისიც ახალ-ახალ ბრძანებებს იძლევა. იმის გარშემო დგანან ყარაულები და თავიანთ უფროსთან ახლოს მისვლის ნებას არავის აძლევენ.

დორაისხეველმა გასცა ბრძანება და მის გარშემო შემოიკრიბა ყველა სუფრიდან თითო წარმომადგენელი. დაიწყო სერობა. ითათბირეს. მერე ვიღაცას მაგრად გაუწყრა დორაისხეველი.  ყველანი მას მიესივნენ და აღავღავდნენ, წაიყვანეს და მანამდე აწამეს, სანამ არ გამოტეხეს რაღაცაში. ამის მერე შეკრეს ბალახის ალდახებით და დილეგში გადაუძახეს. კმაყოფილი იჯდა დორაისხეველი (ჩოხელი 2007, 65).

თევდორეს დორაისხევში მიიყვანენ. დორაისხეველები ითათბირებენ და მგლად გადაქცევას გადაუწყვეტენ. დორაისხეველის გარეგნობა თუშურ ლექსიკონში აღწერილს ემთხვევა: „დორაისხეველს ცალი თვალი ეჯდა შუბლში და იმას ატრიალებდა“  (ჩოხელი 2007, 66)

ჩვენი მოსაზრებით, დორაისხეველის მხატვრული სახე რომანში ტოტალიტარული რეჟიმის მმართველის სიმბოლური სახეა. თევდორეს მგლად გადაქცევის რიტუალში დორაისხეველბი შემდეგ კანონებს გააჟღერებენ:

დღეის მერე იყოს მორჩილი მბრძანებლისა ჩვენის და მისგან განწესებული ყოველი კანონის! დღეის მერე სვას სისხლი და ერიდოს მძორს! არ დაინდოს ადამიანის ძე! არ უღალატოს მგლებს! ნადირობისას არ მოშალოს რკალი! არ გადავიდეს წინამძღოლის ნება-სურვილს! ყოველივე, რაიც განწესდება ჩვენს სამსჯავროზე, იყოს შეუვალი კანონი მისთვის! ყელს გადაცმული ალდახი იყოს მისი მგლობის ბეჭედი (ჩოხელი 2007, 66).

რომანის ანალიზის კვლევისას მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება. 1987 წელი საბჭოთა კავშირის პერიოდია. „წითელი მგლის“ ფაბულა, მართალია, ზღაპრულ-მითოსურია, თუმცა, სათაურშივე სიტყვა წითლის გაჟღერებით ვხვდებით მინიშნებას, თუ რომელი ეპოქის რეალობაა ასახული. რომანში აღწერილი მოვლენების სიღრმისეულად გასააზრებლად გავიხსენოთ კომუნისტური ეპოქის ისტორიული რეალობა: „საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მოქმედებდა კომუნისტური პარტიის სრული დიქტატის პირობებში“. (ვაჩნაძე, გურული 2002, 136)

ამასთანავე, თევდორე თავისი თავგადასავლის მოყოლისას ლუკას, 18 წლის ბიჭს, წარსულს აცნობს და რომანში გვხვდება კომუნისტური რეჟიმის ამსახველი პასაჟები, მაგალითად:

კომკავშირი დაიძახეს და რაზმებად გავერთიანდით. დავდიოდით სოფელ-სოფელ და ეკლესიებიდან განძი გაგვქონდა (ჩოხელი 2007, 143).

იმდროინდელი ვარ, ეს ცხოვრება რომ დაიწყო. ბალღობისდროინდელი ამბები კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ რომ დაიძახეს, კოლექტივიაო, ის მახსოვს (იქვე, 137).

მაშინ ესე კი არ იყო, ეხლა რომ მთელ ხეობაზე ერთი კანტორა არის. მაშინ პატარ-პატარა კოლექტივები იყო და ყველამ თავ-თავის სოფლის კოლექტივში შერეკა ცხვარი (იქვე, 137).

მერე კულაკობაც დაიძახეს და რამოდენიმე კაცი დადიოდა სოფელ-სოფელ. თუ ვისმე ორი ქვაბი ჰქონდა, ერთს ართმევდნენ (იქვე, 138).

გოდერძი ჩოხელი აღწერს, რომ შეწყდა წირვა, ეკლესიის ეზოს შამბი მოეძალა. სწორედ იმ ხანებში გადაიტანა დათვმა ხიზანიანთ მიერ გადამალული მატყლი ტყიდან თავის სოროში და რამდენიმე წლის შემდეგ მატყლთან ერთად როგორ აღმოაჩინა სოფელმა სხვადასხვა ნივთიც: „ქვაბები, ვერცხლის უნაგირი, გარმონი, რამოდენიმე ჭრელი ფარდაგი, ახლა უკვე კირკილისაგან შეჭმული და ჩამორღვეული“  (იქვე, 140)

შემზარავია თევდორეს მოგონება, რომელიც კულაკობას უკავშირდება. იგი იხსენებს, რომ მის ოჯახსაც მიადგნენ „ზედმეტი ქონების“ წასაღებად. ოჯახი სავახშმოდ ემზადებოდა. კერიაზე სპილენძის ქვაბში ფაფა იხარშებოდა:

ხელქვეითები ეცნენ, ფაფიანი ქვაბი ჩამოხსნეს და თან წაიღეს. ქვაბის საკიდელს შუაში ჯოხი გაუყარეს, აქეთ-იქიდან ასწიეს და ორღობე ისე ჩაიარეს ჯერ კიდევ დუღდა შიგ ფაფა, ორთქლი ასდიოდა. მამაჩვენი დაიბნა. ჩვენ კოვზები გვეჭირა ხელში და მამას მივჩერებოდით. დედამ რომ ასეთ ყოფაში დაგვინახა, ვეღარ მოითმინა და ტირილი წასკდა (იქვე, 142).

როგორც ტექსტიდან დამოწმებული მონაკვეთებიდან გამოიკვეთა, რომანში არეკლილია საბჭოთა რეჟიმის ამსახველი მოვლენები: კოლექტივის დაარსება, კულაკობა, ღმერთის უარყოფა, ეკლესიებში შეწყვეტილი წირვა-ლოცვა, შვილის მიერ მამის დაბეზღება – რომლებიც გვახსენებს დორაისხეველთა სისასტიკეს. მგლის კანონები ზუსტად მიესადაგება კომუნისტური რეჟიმისას. გოდერძი ჩოხელი კუდიანების უფროსის, ცალთვალა დორაისხეველის, მხატვრულ სახეში ასახავს დიქტატორის ზოგად სახეს. კუდიანები, მგლად ქცეული ადამიანები, მგელთა ხროვის წინამძღოლები კი მოგვაგონებენ სისტემას დამონებულ ხალხს, რომლებიც რომანში  თავმჯდომარეების, სკოლის დირექტორის, ზოოლოგის მასწავლებლის, მილიციელების, ტაქსის მძღოლის სახით გვხვდებიან.

1921 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ვკითხულობთ: „30-იანი წლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გარდა იმისა, რომ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უდიდესი მორალურ-ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა ქართველ ერს. საზოგადოებაში დამკვიდრდა შიშისა და უნდობლობის ატმოსფერო“ (ვაჩნაძე 2002, 139).

რომანშიც „წითელი მგელი“ შიშისა და უნდობლობის ატმოსფეროა შექმნილი. ლუკას ქალაქში ადამიანებისადმი უნდობლობა ეუფლება, თევდორეს მოსმენისას შიშთან ერთად კვლავ უნდობლობა იპყრობს, მგლად ქცეული თევდორე ხროვის წინამძღოლებს არ ენდობა, სოფელში დაბრუნებული ლუკას იქაც შეუვალი წესები და უნდობლობა დახვდება. მითოსური არქეტიპების გაცოცხლებით გოდერძი ჩოხელი კომუნისტური რეჟიმის თითქმის 70-წლიანი პერიოდის მოვლენებს ასახავს. თხრობის ამ ტექნიკას ლათინური ამერიკის მწერლები იყენებენ სწორედ რომ დიქტატორული რეჟიმების სამხილებლად და ისტორიული პროცესების რეფლექსიისთვის. ჩვენ მიერ გამოთქმული მოსაზრების გასამყარებლად მოვიხმობთ მიგელ ანხელ ასტურიასის სანობელე ლექციიდან ამონარიდს:

„ჩვენც, თანამედროვე ლათინოამერიკელმა რომანისტებმა, განვაგრძობთ რა ჩვენი ლიტერატურის ძველ ტრადიციას – ვემსახუროთ ხალხებს, უნდა მოვითხოვოთ უქონელთათვის მიწების, ხოლო ექსპლუატირებულთათვის მაღაროების გადაცემა, უნდა დავიცვათ დიდძალი ადამიანების უფლებები, რომლებიც ბანანის პლანტაციებში უძლურდებიან; ამიტომაც ჩემთვის ნამდვილი ამერიკული რომანი – ეს არის სიმწრის ამონაკვნესი, საუკუნეების სიღრმიდან ამომავალი და ასეულ გვერდზე გადმოღვრილი. ნამდვილი ლათინურამერიკული რომანი ხალხის სულს გადმოსცემს და მთელი ხმით იცავს მის უფლებებს“. (ასტურიასი 2011, 50)

ამგვარად, მართალია, გოდერძი ჩოხელმა დორაისხევისა და დორაისხეველის უძველესი ქართული მითის გაცოცხლებით  საქართველოს მთიანეთის ერთ კონკრეტულ კუთხეში, გუდამაყარში, მომხდარი მოვლენები მხატვრულად ასახა, თუმცა, ამავდროულად მან კუდიანების სასტიკი და შემზარავი წინამძღოლის სახით მსოფლიოს ყველა დიქტატორის სახე წარმოაჩინა, რადგან ყოველი ავტორიტარული რეჟიმი თავისი არსით ბოროტებას ემსახურება. დორაისხეველის განზოგადება სცდება გეოგრაფიულ და დროის საზღვრებს. ზურაბ კიკნაძე წერს:

„ვირტუალურ დროსა და სივრცეში ხორცშესხმულ კონცეპტს მითოსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ალბათ გადამწყვეტი ნიშანი აქვს: მისი ნარატივის თანახმად, ის რაც მოხდა ერთხელ და კვლავ და კვლავ ხდება მას ჟამსა შინა და სიზმრისეულ სივრცეში, უკუიფინება ისტორიულ დრო-ჟამში, როგორც კულმინაცია ყველა შესაძლო უბედურებისა, რაც კი ადამიანმა შეიძლება აქ და ახლა, ამ ქვეყანაზე განიცადოს. და ერთხელ მიცემული აღთქმა ეშმაკისთვის, როგორც ბეჭედდასმული ხელშეკრულება, კვლავ და კვლავ განახლდება და ახალ-ახალ ადეპტებს გამოარჩევს დუხჭირ მოსახლეობაში“ (კიკნაძე 2016, 313).

ბოროტისა და კეთილის, ბნელისა და ნათლის, შავის/წითლისა და თეთრის დაპირისპირება გამუდმებით გვხვდება რომანში „წითელი მგელი“. დორაისხეველის მითოსური სახის მხატვრულ სამყაროში შემოტანით გოდერძი ჩოხელი ეხება ბოროტი ძალის მიერ ადამიანის დამორჩილების უძველეს რწმენა-წარმოდგენებს. როგორც ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს, კუდიანების მითი მარადიულად განახლებადია და მუდმივ წრებრუნვაშია. მწერალს მკითხველი მიჰყავს დორაისხევში, რომელიც კუდიანთა თავშეყრის ადგილის აღმნიშვნელი ტოპონიმია (საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას ეძახიან ტაბაკონს, იალბუზს, ჭაჭვეთს, აჩხოტის მინდორს), აცნობს ქართულ მითოსში ასახულ კუდიანების უფროსს – ცალთვალა დორაისხეველსა და მისი ქვეშევრდომების, ქმნის სრულიად განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომლის მითოსურობისა და ზღაპრული ელფერის მიღმა გაჟღერებულია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, იკვეთება ინდივიდის მნიშვნელობა, ბრბოს ფსიქოლოგია, ერთპიროვნული ძალაუფლების უარყოფითი გავლენები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვაჩნაძე, მერაბ. 2002. საქართველოს ისტორია. რედ. დიმიტრი შველიძე. თბილისი: არტანუჯი.
  2. კიკნაძე, ზურაბ. 2023. ქართული მითოლოგია ენციკლოპედია. რედ. რუსუდან მოსიძე. თბილისი: ბაკმი.
  3. კიკნაძე, ზურაბ. 2016. ქართული მითოლოგია ფარნავაზის სიზმარი. რედ. მერაბ ღაღანიძე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  4. ჩოხელი, გოდერძი. 2007. წითელი მგელი. რედ. რუსუდან მოსიძე. თბილისი: ბაკმი.
  5. ბაიდოშვილი, ეთერ. 2011. ლათინოამერიკული რომანი – ეპოქის მოწმობა. თბილისი: ინტელექტი, 39-52.

 

 

ვერბალური სიმწირე და სასკოლო აქტივობები

0

 

ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად პროფესიისა თუ განათლებისა, თავისი ენობრივი აქტივის, ენობრივი არსენალის ძალიან მცირე პროცენტს იყენებს. ეს არის ლექსიკური ფონდის აქტიური ნაწილი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს აერთიანებს. როგორც წესი, ეს ლექსიკური ნაწილი ყველა ენისათვის უნივერსალურია,  თუ სხვადასხვა ენის სიხშირულ ლექსიკონებს გადავხედავთ, ამ აქტიური სიტყვების ნახვასაც შევძლებთ.

ლექსიკური სიმწირე,  ვერბალური ჩამორჩენა   თუ წერის პროცესში გამოვლენილი ლექსიკური ერთფეროვნება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც შეიძლება შეინიშნებოდეს არამხოლოდ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე, არამედ ტიპური განვითარების მოსწავლეთა შემთხვევაშიც.

ხშირად, სხვადასხვა უნარების შემფასებელი ტესტებისა თუ კვლევების შედეგად, ჩვენ ვნახულობთ, რომ ინტელექტუალური განვითარების მიუხედავად ვერბალური ჩამორჩენის წილი ძალიან დიდია.

ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, სხვა ენის ჰეგემონია, გაჯეტების სიმრავლე,  ქართულ ენაზე კითხვის ნაკლებობა და კომუნიკაციური სირთულეები, ასევე ვერ გამოვრიცხავთ ფსიქოლოგიურ მიზეზებსაც, როგორიცაა, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება და სხვა.

ვერბალური სიმწირის ან ჩამორჩენის დროს მოსწავლეებს უჭირთ აზრის სიტყვიერად გადმოცემა და საჭირო სიტყვების მოძებნა, საუბრისას სიტყვებს  ხშირად გამოტოვებენ ან შეცდომით იყენებენ, შესაბამისად, ნაკლები კომუნიკაციაც აქვთ. ეს ნიშნები გადადის წერით მეტყველებაშიც, სადაც ერთი და იმავე აზრის ხშირი გამეორება, ლექსიკური სიღარიბე და ხშირი ტავტოლოგიები გვხვდება.

როგორ ვიმუშაოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სკოლასა თუ სახლში?

პირველი მიდგომა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, არის უცხო ენის სწავლების პრაქტიკის გამოყენება მშობლიური ენის სწავლებისათვის. რას ვგულისხმობ? გავიხსენოთ, როგორ ვსწავლობთ ახალ ენას: კითხვის, მოსმენის, სავარჯიშოების შესრულების გარდა, აუცილებლად ვსწავლობთ სიტყვებს, ლექსიკურ ნაწილს, სინონიმებს და ანტონიმებს. ასე მაგალითად, დღეში ახალ 10 სიტყვას ვამატებთ ან კვირაში  რაღაც რაოდენობა გვევალება.

ასეთი პრაქტიკული ლექსიკური დასწავლა მშობლიური ენის უკეთ სწავლისათვისაც გამოგვადგება.

გარდა ამისა, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა აქტივობები:

  • დღის ახალი სიტყვა

ყოველდღიურად წარუდგინეთ მოსწავლეებს ახალი სიტყვა, განიხილეთ მისი მნიშვნელობა, გამოყენების კონტექსტი და სთხოვეთ, შექმნან წინადადებები ამ სიტყვით.

 

 

  • კონტექსტური სწავლება

ახალი სიტყვების სწავლება ტექსტებში ან სიტუაციებში, სადაც ისინი ბუნებრივად გამოიყენება, ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და დაიმახსოვრონ მათი მნიშვნელობა.  შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში ან სხვადასხვა სიტყვა ერთსა და იმავე კონტექსტში.

  • სინონიმებისა და ანტონიმების შესწავლა

ახალი სიტყვის შესწავლისას განიხილეთ მისი სინონიმები და ანტონიმები, რაც გაამდიდრებს მოსწავლეების სიტყვათა მარაგს და გაუმჯობესებს მათი გამოთქმის სიზუსტეს. გამოიყენეთ სინონიმების ლექსიკონი, ასევე, ფრაზეოლოგიზმების, ხატოვან სიტყვა-თქმათა ლექსიკონები.

  • სიტყვების რუკები

მოსწავლეებთან ერთად შექმენით გრაფიკული ორგანიზატორები, სადაც ახალი სიტყვა იქნება ცენტრში, ხოლო მის გარშემო — განმარტებები, სინონიმები, ანტონიმები და გამოყენების მაგალითები.

  • წერითი დავალებები ახალი სიტყვების გამოყენებით

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაწერონ ესეები, მოთხრობები ან წინადადებები, სადაც გამოიყენებენ ახლად შესწავლილ სიტყვებს.

  • ეტიმოლოგიური კვლევები

განიხილეთ სიტყვების ეტიმოლოგია, რაც დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ მათი მნიშვნელობა და გამოყენება.

  • თვალსაჩინოებები

გამოიყენეთ სურათები, დიაგრამები ან ვიდეოები ახალი სიტყვების ასახსნელად, რაც ვიზუალურად გაამყარებს მათ მნიშვნელობას.

  • სიტყვების თამაშები

ითამაშეთ სიტყვების ასოციაციის, ჯვარედინი სიტყვების, სიტყვების ჯაჭვის ან ანაგრამების თამაშები, რაც სახალისო გზით გააძლიერებს მოსწავლეების სიტყვათა მარაგს.

  • გაფუჭებული ტელეფონი

მოათხრობინეთ ბავშვებს ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა სიტყვების დახმარებით

  • სიტყვების სტარტი

ეს თამაში სისწრაფეზეა, მოსწავლეებს ვთხოვთ დაასახელონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა ერთ წუთში, ვინც მეტს დაასახელებს, ის გამარჯვებულია.

ქართველი მასწავლებელი პარიზში (დღე პირველი)

0

ბედმა თუ გაგიღიმა და ახალგაზრდობისას მოხვდი პარიზში, მერე სადაც არ უნდა წახვიდე, იგი სიკვდილის დღემდე შენთან იქნება, რადგან პარიზი – განუყრელი დღესასწაულია, რომელიც მუდამ თან გახლავს.

ერნესტ ჰემინგუეის კერძო წერილიდან

მასწავლებლობის მე-15 წელს მოვხვდი პარიზში, ახალგაზრდა აღარ მეთქმის, თუმცა ის ვიცი, რომ ,,სიკვდილამდე ჩემთან იქნება“. ალბათ, ბევრისთვის პარიზის პირველ ასოციაციას ეიფელის კოშკი ქმნის, მე კი საფრანგეთის დედაქალაქი ელენე ახვლედიანის ნახატით გავიცანი ჯერ კიდევ ბავშვმა. ჟურნალში წავაწყდი და მოვინუსხე. ასე დაიწყო ჩემი და პარიზის ნაცნობობა, უფრო სწორად,  პარიზი შემიყვარდა შორიდან, უნახავად. მერე როგორც ხდება ხოლმე, გაფაციცებით ვაკვირდებოდი ფოტოებს, ვკითხულობდი, ფილმებს ვუყურებდი, განსაკუთრებით მაინტერესებდა საფრანგეთში გადასახლებული ქართველების ჩანაწერები.

წლების წინ მოსწავლეებისთვის საფეხმავლო შემეცნებით ტურს ვგეგმავდი, თბილისში ფეხით შემოვიარე ის ადგილები, რომლებიც ბავშვებთან ერთად უნდა დამეთვალიერებინა, ვეძებდი საინტერესო მასალებს, რომ მათთვის გამეზიარებინა. ქაშუეთის ტაძართან ვგეგმავდი შეკრებას, შემდეგ გუდიაშვილის ქუჩაც უნდა გაგვევლო და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მივსულიყავით. ვინაიდან ქაშუეთის გუმბათი ლადო გუდიაშვილის მოხატულია, იქვეა მისი მუზეუმიც, გადავწყვიტე, მხატვრის მოგონებები წამეკითხა, განსაკუთრებით მიყვარს ავტობიოგრაფიული პროზა. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ლადო გუდიაშვილი პარიზში სასწავლებლად წავიდა დავით კაკაბაძესთან ერთად. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი მხატვრების თვალით დანახულმა პარიზმა: ,,ჩავედით პარიზში. წვიმდა. ყველაფერს რუხი ფერი ედო. ვაგონები მთლიანად დაიცალა… ჩვენ კი ადგილიდან არ ვიძროდით. პარიზი ზღაპარივით გვქონდა წარმოდგენილი…“ თითქოს ბავშვობის შეგრძნებები განმიახლდა. თავი გამახსენა ჩემი და პარიზის უცნაურმა სიახლოვემ. აღარც 90-იანი წლები იყო, ინტერნეტიც მქონდა და კიდევ ათასი შესაძლებლობა, ფოტოსურათები  თუ საარქივო მასალები მომეძებნა და ისე დამეთვალიერებინა პარიზი, ვიდრე ვესტუმრებოდი. მოგონებების კითხვის დროს  გუდიაშვილისეული პარიზი გავიცანი და უკვე ვიცოდი, რა გზას გავყვებოდი, როცა ამ ქალაქში ფეხს დავადგამდი. ამ ამბის შემდეგ გაიქროლა რამდენიმე წელმა. ფიქრები თუ ოცნებები ხანდახან ფერმკრთალდება, მაგრამ არ იშლება. არ წაშლილა პარიზთან შეხვედრის სურვილიც.

გასულ წელს ჩემმა მოსწავლემ ეიფელის სტიპენდია მოიპოვა და სწავლა დაიწყო სამაგისტრო პროგრამაზე. სწორედ მან მიმიწვია პარიზში. მიხაროდა, რომ ბავშვობისდროინდელ ცნობისმოყვარეობას დავიკმაყოფილებდი, უფრო მეტად კი მაბედნიერებდა ის, რომ ვესტუმრებოდი ჩემს მოსწავლეს, ნაცნობებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოაზროვნე ადამიანს. მასწავლებლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა მოსწავლე ასეთ წარმატებას აღწევს და ყველაზე მთავარი – აქვს სურვილი, მასწავლებელს უმასპინძლოს.

განსაკუთრებული იყო პირველი დილა პარიზში – ლადო გუდიაშვილის სიტყვები გამიცოცხლდა – იმდენჯერ მქონდა ეს შეხვედრა წარმოდგენილი, თითქოს წინა ცხოვრებაში გავიარე კიდეც ეს გზა. განთიადისას ჩემს მოსწავლესთან ერთად სტუდენტური საცხოვრებლის ეზოში ჩავედი, გული მიჩქარდებოდა, თავი ისევ სტუდენტი მეგონა. მერე ის ლექციებზე წავიდა, მე კი მარტო დავრჩი და საკუთარ თავს ვკითხე, საით წავსულიყავი, საიდან დამეწყო პარიზის გაცნობა. ბოლო წლების გამოცდილებით ვცდილობ, მოგზაურობისას ვენდო უცხო მიწას, მივყვე მის ქუჩებს და მაინტერესებს, ,,სადაურსა სად წამიყვანს“. ჩავხედე რუკას, მოსანახულებელი ადგილები მონიშნული მქონდა, თუმცა გულმა კაფე ,,როტონდასკენ“ გამიწია, ალბათ იმიტომ, რომ გამეხსენებინა საკუთარი თავისთვის, როგორ მიიღო ამ სივრცემ საუკუნის წინ ქართველი ხელოვანები. რას მივყავდი იქ? ცნობისწადილს? მადლიერების გრძნობას? სევდას თუ აღფრთოვანების სურვილს? ალბათ, ყველაფერს ერთად.

მეტროდან ამოსულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და წითლად შემომანათა კაფე ,,როტონდამ“, აქამდე შავ-თეთრი ფოტოებით ვიცნობდი  და ასეთ ნათელ ფერებს არ ველოდი. ყოველი კუთხე-კუნჭული დავათვალიერე, თან ლადო გუდიაშვილის მოგონებებს დავუბრუნდი, საუკუნის წინანდელს, სწორედ აქ გაიცნო მან პიკასო და მოდილიანი:

,,თითქმის ყოველდღე კაფე ,,როტონდას“ სტუმრები ვიყავით.

სულ, ვგონებ, თორმეტიოდე მაგიდა იდგა იმ ნახევრად ბნელ, პაპიროსის კვამლისაგან ჩახუთულ ოთახში, სადაც მხატვრები და პოეტები იყრიდნენ თავს. რა იყო ეს კაფე?.., არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ განუმეორებელი პოეტური ელფერი მიანიჭეს მას მეოცნებე ადამიანებმა. ვინ არ მოდიოდა აქ… საიდან ჩამოსულებს არ ნახავდით. იყო ერთი ხმაური, ლექსების ხმამაღალი კითხვა, დავა, კამათი… საუბრები კუბიზმზე, აბსტრაქციონიზმზე, რეალიზმზე…

კაფე ძალიან საინტერესო სანახავი იყო იმიტომაც, რომ აქ ათასი ჯურის ხალხი იყრიდა თავს…

ვინ არ მინახავს და არ შემხვედრია აქ… მახსოვს პიკასო… მოდიოდა თავისი თეთრი ძაღლით…

ძალიან ბევრი ცნობილი სახელი გავიდა აქედან ქვეყნად… ერთი მათგანი ამედეო მოდილიანი გახლდათ. ყოველ საღამოს თავის განკუთვნილ ადგილზე იჯდა იგი ,,როტონდაში“ და აკეთებდა ჩანახატებს. ხშირად ჩვენს თვალწინ იქმნებოდა მისი სასწაულებრივი სურათები…“

ცნობილია, რომ კაფე ,,როტონდას“ პაოლო იაშვილიც სტუმრობდა, რომელიც პარიზს ფერწერის შესასწავლად ესტუმრა და მერე პოეზიამ მიიტაცა მისი დრო. ანდრო ბუაჩიძის წერილში წამიკითხავს ილია ერენბურგის მოგონება, როგორ ეკითხებოდა ,,როტონდაში“ მას პაოლო, მართალი იყო თუ არა, რომ იგი კაფეში წერდა ლექსებს.

კაფე ,,როტონდადან“ გამოსული გზას გავუყევი. მივაბიჯებდი და ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც მზეს ეფიცხებოდნენ და კითხულობდნენ. ამდენი მკითხველი არც ერთ ქალაქში არ შემხვედრია.

დაახლოებით 15 წუთში მივადექი ლუქსემბურგის ბაღს, იქ კი გერონტი ქიქოძის ჩანაწერები გამახსენდა, როგორ გაიცნო მან პარიზში პაოლო იაშვილი, როგორ უყვარდა პოეტს ამ ბაღში ყოფნა, თურმე პოლ ვერლენის ძეგლთან ახლოს ჯდებოდა. მყისიერად პაოლოს ლექსი მომაგონდა:

,,ჩემო ქვეყანავ, ვიცი, პარიზი

არის გულის და თვალის ამხელი“.

ათასი ფიქრი მიტრიალებდა გონებაში, თან მთელი არსება აღმაფრენით მქონდა სავსე, რადგან საკუთარი თვალით ვნახე პარიზული კაფე და ლუქსემბურგის ბაღი, ქართველთა ფრანგული თავშესაყარი, როგორც დასტური, რომ საქართველო ნამდვილად ევროპის ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყანა ნასაზრდოებია ევროპული ღირებულებებით. ამ ენით აღუწერელ სიხარულთან ერთად სევდას და ბრაზსაც ვგრძნობდი და ვეძებდი პასუხს შეკითხვაზე – რატომ ართმევენ განვითარების შესაძლებლობებს ისეთი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე ევროპულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა?!

 

 

 წონასწორობა სკოლაში

0
Red And Blue Pawn Figures On Wooden Seesaw Over Reflective Desk

ცნების – ტოლერანტობა – მნიშვნელობა ენციკლოპედიურ და სამოქალაქო განათლების ლექსიკონებში ზედმიწევნითაა განმარტებული. ტოლერანტობა იგივეა, რაც შემწყნარებლობა, უცხოს – განსხვავებულის აღიარება და მიღება, ეროვნებათაშორისი თუ პიროვნებათაშორისი მიმღებლობა და მზაობა. რაც ნიშნავს: თუ მე, მოქალაქეს, მაქვს ნება და უფლება, ვიყო საზოგადოების ნაწილი,  მაშასადამე, ერთი მხრივ, თვითონ სურვილისამებრ ვირჩევ, ვურთიერთობ, ვიცნობ, ვაღიარებ, ვიწყნარებ, ვითვისებ, ვუმეგობრდები პიროვნებებს; მეორე მხრივ, პატივს ვცემ სხვის არჩევანს, შემიძლია ჩემი საზოგადოებრივი ფუნქციონირების კონკრეტულ ეტაპზე შესაბამის გარემოში უკონფლიქტო, მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი თანაცხოვრება განსხვავებული რასის, რელიგიის, კულტურის, ფიზიკური მახასიათებლების, განათლებისა და განვითარების დონის, ხასიათის თვისებების, სოციალური სტატუსის, ასაკობრივი თუ წოდებრივი იერარქიის, სამსახურებრივი პოზიციის, წარმომავლობის მქონე ადამიანებთან.

შემწყნარებლობა – არც ცნება და არც ტერმინი – არ გამოიყენება ძალადობრივი ფაქტების განხილვისას. უფრო მეტიც, გამორიცხავს მოძალადის უპირობოდ პატიებასა და მისი ქცევის გამამართლებელი საფუძველმოკლებული ან ბუნდოვანი მოტივების მოშველიებას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია სწორედ ტოლერანტობის არსის გაცნობიერება და მისი სწავლების, როგორც ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიების, დაგეგმვა.

მოძალადის დამოკიდებულება მსხვერპლისადმი ძალიან ჰგავს ანტიტოლერანტულ (არატოლერანტულ) ქცევას.

ტოლერანტობისა და ბულინგის შედარებისას ერთმანეთს უპირისპირდება: სიყვარული – სიძულვილი, პატივისცემა – დაუფასებლობა, მოსმენა – არმოსმენა, მოთმენა – არმოთმენა, თვითდამშვიდება – ემოციების ვერშეკავება, თვითკონტროლი – ემოციების ვერდარეგულირება, თავაზიანი მოპყრობა – შეურაცხყოფა, წყნარი ტონი – ყვირილი, საუბარი – კამათი, შეთანხმება – ჩხუბი, პატიება – ვერდავიწყება, სამართლიანობა – ძალმომრეობა, თანამშრომლობა – ეგოიზმი, ზრუნვა – სუსტის ჩაგვრა, თანაგანცდა – სიბრალული, აღიარება – დაცინვა, გონივრული განსჯა – დასჯა, კონფლიქტის მოგვარება – აგრესიის ესკალაცია, სამართლიანობის აღდგენა – დაუსრულებელი დავა.

დამოუკიდებლად განსჯის უნარს მოზარდები  სწორედ სკოლაში ეუფლებიან. სკოლაა ის ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც მოზარდები ავლენენ დაბრკოლების გადალახვის საკუთარ სტრატეგიას და ითვისებენ სირთულესთან გამკლავების ახალ ხერხებს. სწავლების მიზნებს შორის პრიორიტეტულია ბავშვის გარდაქმნა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ზრდასრულ პირად – მოქალაქედ, რომელსაც ექნება უნარი, მიიღოს თავისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.

სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარებისა და აღზრდის ყველა ეტაპზე არის შესაძლებელი ტოლერანტობის სწავლება, როგორც ბულინგის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ცოდნა და უნარი. იგი ყოველდღიური ყოფის პარალელური გადაუდებელი პროცესია. როგორც  თითოეული ფაქტის – ქცევის – ანალიზი, მისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, პრობლემის იდენტიფიცირება. მნიშვნელოვნად ეფექტურია მყისიერი რეაქცია. უფროსის მიერ სიმშვიდის შენარჩუნება, მოდავეთა სიტყვიერად მომზადება გარდაუვალი, განმარტებითი საუბრისთვის.

არატოლერანტობის გამოვლენისა და ბულინგის ფაქტები ხშირია სკოლაში – როგორც გაკვეთილზე (საკლასო ოთახებში), ასევე  შესვენებაზე (სკოლის დერეფნებსა და ეზოში). შემთხვევები ვლინდება როგორც მოსწავლეებს, ასევე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორისაც.

სკოლა არის მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ადგილი. მასწავლებელი ხშირად არის მისაბაძი მოდელი. მოსწავლე იმახსოვრებს და იმეორებს, რასაც ასწავლიან და როგორ ასწავლიან. თავის მხრივ, უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის მისაბაძია უფროსკლასელთა ქცევა თუ კომუნიკაციის ფორმები და ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ ხშირად  გადამდები და მოწონებულია „უძლეველი მოძალადის“ იმიჯიც.

მასწავლებლის საჩვენებელი თითი, დადანაშაულების მიზნით, ზოგჯერ მიმართულია მშობლებისკენ. ამ დროს ხდება სკოლის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, არაჯანსაღი ურთიერთობის  მიზეზად ოჯახის დადანაშაულება.   შესაძლოა, ოჯახი მართლაც აღმოჩნდეს მოზარდის ძალადობრივი ქცევის მიზეზი, მაგრამ ასეთი სიტუაციების ცალმხრივად განხილვა  შესაძლოა სასწავლო დაწესებულების უმოქმედობის წინაპირობა გახდეს.

ტოლერანტული ღირებულებების ჩამოყალიბება და ბულინგის აღმოფხვრა ერთდროულად მიმდინარეობს. პროცესის ტემპი და დინამიკა დამოკიდებულია ბულინგად კვალიფიცირებული ქმედების შემსრულებელთა, სხვა მონაწილეთა და თვითმხილველთა მიერ ფაქტების განხილვასა და სწრაფ რეაგირებაზე. მართებული დასკვნებისთვის გასათვალისწინებელია აგრეთვე სკოლის შინაგანაწესი, თანამშრომელთა და მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები.

განვიხილოთ,  ერთი  შესაძლო ეპიზოდი

  1. მოსწავლე: –საკონტროლო როდის გვაქვს, მას?

მასწავლებელი: –მოითმინე! რად მინდა შენი შეხსენება? თვითონ ვერ გეტყვი, როცა გვექნება?!

  1. მოსწავლე: -ვერ გავიგე, მას!

მასწავლებელი: –მაცადე ერთი წუთი! აღარ მინდა, არა მაქვს ამდენი დრო, ახლა ამას ცალკე უხსენი კიდე!

  1. მოსწავლე: -გააჩუმე ეს, მას!

მასწავლებელი: –შენ სად გგონია თავი?! კიდე კაი, ბევრი  არაფერი იცი! გასწორდი, ბიჭო, შენ, ნუ იღრიჯები! …შენ, შვილო, სკოლაში არ უნდა დადიოდე! ოჯახში არ იზრდებით?!

  1. მოსწავლე: – ბევრია, მას, არ მინდა ამდენის ზეპირად სწავლა! რა საჭიროა…

მასწავლებელი: –მე მინდა! ისე ლამაზადაა, მინდა! დიახ! დაიზეპირებ! ეგღა მაკლია, შენ გკითხო, რა არი საჭირო და რა – არა!

 

  1. მოსწავლე: -მე სხვა გზით ამოვხსენი, მას, ეს მაგალითი!

მასწავლებელი: –ვინ მოგცა მერე უფლება?! მე გითხარი?! მე ასე მინდა ეს მაგალითი, ასე გვთხოვენ და მიტომ! ჰე, იმუშავეთ, თავი არ აწიოს ვინმემ!

  1. მასწავლებელი: –რაღაცა აჟიტირებული ხართ დღეს, გლახათ იცინით! რაღაცა მოგწონთ და ვერ გავიგე, რა არის?! არ ხართ კარგი ბავშვები! ხართ უწესრიგოები, იმიტომ იკლებს სწავლის ხარისხი! ხმა არ გავიგო ვინმესი, გაუვიდათ თავს, რომ გავიცინე. მასე ილაპარაკეთ ქუჩაში, არ გაიცინოს ვინმემ!
  2. მასწავლებელი: -ჰე, ჩქარა, რვეული ამოიღე, შვილო, უნდა ვწეროთ კლასში, ადგილზე! რა გინდა ბიჭო, რა ვთქვი გაუგებარი?!

მოსწავლე: -არ დავწერ, არ მინდა და მიტომ!

მასწავლებელი: –აზრზე მოდი, დაიოკე ნერვები! გაჩუმდი! დამიწყო ახლა აქ ბიჭობა! დაკარგული გაქვს სახე! მასე ელაპარაკე დედაშენს სახლში!

  1. მასწავლებელი: –ოჯახში ჭუჭყიან თეთრეულს გამოფენთ? ზრდილობიანად მოიქეცით, ნუ ამზეურებთ სიგლახეს!

* * *

ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეული ეპიზოდის განხილვას მსვლელობა უნდა მიეცეს და მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება. აქვე ჩნდება კითხვები: – ვინ გააკეთებს ამას? -ვინაა უფლებამოსილი პირი, ვინც ფაქტის უტყუარობას დაადასტურებს და მიანიჭებს კვალიფიკაციას, მოახდენს რეფერირებას? – როგორ გავიგოთ სიმართლე?

***

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რომელიც  უკეთესად გადმოსცემს ჩემს სათქმელს.

 

სიტუაცია 1-ლი:

N სკოლის მე-6 კლასი. ისტორიის გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი: ტოლერანტობისა და არატოლერანტობის შედარება ეპოქების  მიხედვით.

აქტივობა: ლექცია.

…მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ტოლერანტული ურთიერთობის აუცილებლობის მნიშვნელობას.

ბეჯითი ლუკა ინტერესით უსმენს, გაფართოებული თვალებით, ვერ ითმენს და აწყვეტინებს წინადადებას მასწავლებელს, ნაფიქრს უზიარებს:

-მას, ჩვენს ქალაქში უკვე ბევრი ჩინელია…

-ლუკა, ვინმემ აზრი გკითხა? – უხეშად მიმართავს მასწავლებელი.

–არა, მას!- პასუხობს ისეთი ხმით ბიჭი, ნამდვილად გაკვირვებული ჩანს ბრაზის გამო.

–აბა, მაცალე ახსნა! რა გჭირს? მასწავლებელი მაინც არ იყოს შენი მშობელი! – უცვლელია „ჟანდარმული“ მიმიკა და ხმის ტემბრი.

მოსწავლე ჩუმდება, თავს დაბლა ხრის.

სიტუაცია მე-2:

Nსკოლის მე-7 კლასში ისტორიის გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი: სხვადასხვა რელიგიის გაცნობა.

აქტივობა: კითხვა-პასუხი.

მასწავლებელი:

-ხვალ რომ ჩვენს ჯგუფს მუსულმანი მოსწავლე მოემატოს, როგორ მოეპყრობით?

1-ლი მოსწავლე: – არ დაველაპარაკები, მას!

მე-2 მოსწავლე: – ვცემ, მას!

მე-3 მოსწავლე: – მის გვერდით არ დავჯდები, მას!

მასწავლებელი: -ასე არ შეიძლება, ბავშვებო! ვინ გასწავლათ ეს, თქვენი ოჯახის წევრები ასე იქცევიან? რა მხეცები ხართ! – აგრესიასა და ბრაზს ვერ ფარავს პასუხებით აღშფოთებული მასწავლებელი.

კლასი დუმს. იყო განსხვავებული პასუხიც: -არაფერს დავუშავებ! დავუმეგობრდები!…

თუმცა მასწავლებელს ეს პასუხი არ გამოურჩევია, არ გაუხმოვანებია, არ აღუნიშნავს, არ მოუწონებია…

სიტუაცია მე-3:

Nსკოლის მე-5 კლასი, ქართულის გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი: კითხვის სტრატეგიის გამოყენებით ტექსტის ენობრივ-მხატვრული ანალიზი.

აქტივობა: ხმამაღლა კითხვა. ლექსიკაზე დაკვირვება.

მასწავლებელი სთხოვს ტექსტის წაკითხვას მათაც, ვინც ინიციატივას არ იჩენს იმის გამო, რომ კითხვა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდით – შეფერხებით, ბორძიკით, დაყოვნებითა და ხშირად გაურკვევლად კითხულობენ. თუმცა მასწავლებლის თხოვნას  ასრულებენ.

…ერთ-ერთ მოსწავლეს მოთმინება ეწურება:

-მას, გააჩერეთ რა, მაგან კითხვა არ იცის და ჩვენ უნდა ველოდოთ? ვინც იცის, იმას წააკითხეთ, მას! – არ ელოდება მასწავლებლის პასუხს და უკვე თანაკლასელს მიმართავს: -ბიჭო, გაჩერდი, რო ბლუკუნებ, ვერაფერი ვერ გავიგე, კითხვა არ იცი მეხუთე კლასელმა! – ბიჭი მკაცრია, ხელსაც იშვერს და თან დამცინავი მიმიკა აქვს.

რამდენიმე მოსწავლე იცავს დაჩაგრულს და კონფლიქტი წარმოიქმნება.

* * *

ესენია ტიპური მოცემულობები.

მსგავსი ფაქტები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. სკოლა თუ არის ემოციური უსაფრთხოების დაცვის ადგილი, დაჩაგრული (შეურაცხყოფილი) მოსწავლე აუცილებლად წამოიწყებს შემთხვევის განხილვას და მასწავლებელიც (ადმინისტრაცია) მხარს დაუჭერს. ხოლო მოსწავლეებს შორის არსებული გაუგებრობის(შეურაცხყოფის) დროს მასწავლებელი უყოყმანოდ შეწყვეტს აქტივობას, რათა მაშინვე გააანალიზოს შემთხვევა. ის სათანადო განმარტებებს გასცემს და მსჯელობაში მონაწილეობას, აზრის გამოთქმას სთხოვს მოსწავლეებს. დრამატულ სიტუაციებში მოსწავლეთა ემოციური ფონი არის დამხმარე ფაქტორი ახალი ინფორმაციის მეხსიერებაში ხანგრძლივად შენახვისთვის, რაც მომავალში, გამოცდილებით მიღებული ცოდნის საჭირო დროს გამოყენების გარანტიაა.

უნდა ითქვას:

ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამით გათვალისწინებული საგნების (ენა და ლიტერატურა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, უცხოური ენები, და სხვა) შესწავლისას სახელმძღვანელო მასალა შეგვიძლია ვაქციოთ მოსწავლის მიერ ტოლერანტულობის მნიშვნელობის გააზრების რესურსად. თუმცა უნდა  ვაღიაროთ, რომ საკუთარი (და სხვისი) ქცევის ყოველდღიური დაკვირვებისა და დროული მოდიფიკაციის თუ ინტერვენციის გარეშე (მხოლოდ განყენებული ცოდნით) მიზნის მიღწევა გადავადდება.

 

დასასრულ:

  1. სკოლა არის ადგილი, სადაც მოზარდი თანასწორობის პირობებში ძლევს სწავლის სირთულეებს და იღებს განათლებას.
  2. სკოლა არის ადგილი, სადაც დაცულია როგორც დაბალი აკადემიური მოსწრებისა და რთული (არაადაპტური) ქცევის მქონე, ასევე განვითარებული სააზროვნო უნარებისა და ემოციური ინტელექტის მქონე მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესები.
  3. სკოლა არის ადგილი, სადაც ყველას უფლება დაცულია მიუხედავად განსხვავებულობისა და სადაც მოვალეობები გაცნობიერებულია და შესაბამისად სრულდება.

***

ტოლერანტობაც ესაა. ბულინგი ამ პროცესს ამახინჯებს. სიმახინჯის შემჩნევა კი იოლად შეიძლება. ამისთვის მხოლოდ თავისუფალი ნებაც კმარა…

 

 

სკოლაში წონასწორობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, შევამციროთ სტრესული გარემო და შევქმნათ უსაფრთხო სასწავლო სივრცე. წარმოდგენილი მაგალითები აჩვენებს, რომ მასწავლებლის ემოციური რეაქცია, წინასწარგანწყობები ან დაუბალანსებელი კომუნიკაცია ხელს უწყობს დაძაბულობის გაზრდას, მოსწავლეთა მოტივაციის შემცირებას და ინკლუზიური გარემოს დესტაბილიზაციას.

პრევენციისთვის აუცილებელია:

  • ემპათიური და მოტივაციური სწავლება, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია.
  • ტოლერანტობის, კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება.
  • პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითრწმენას და ურთიერთპატივისცემას.

 

ინტერვენციისთვის საჭიროა:

  • მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დროული ამოცნობა და მათზე მორგებული მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვა.
  • კონფლიქტური სიტუაციების არაემოციურად, სიღრმისეულად და სამართლიანად მართვა.
  • ინკლუზიური და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო საკლასო გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე ღირსეულად გრძნობს თავს.

წონასწორობის შენარჩუნება სკოლაში ნიშნავს მასწავლებლის უნარს, ეფექტიანად მართოს ემოციები, უზრუნველყოს სამართლიანობა და შექმნას ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად, მოსმენილად და მოტივირებულად გრძნობენ.

 

სკოლის შერჩევის საერთაშორისო პრაქტიკა

0

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შვილისთვის სკოლის არჩევა მშობლების კონსტიტუციური უფლებაა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ბავშვები გეოგრაფიული ნიშნით ირიცხებიან სკოლებში, მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ შვილის გადაყვანა სხვაგან, თუკი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ იძლევა ხარისხიან განათლებას, ან მისი პროფილი თუ მსოფლმხედველობა ეწინააღმდეგება მშობლების ხედვას.

განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე მშობლებს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვთ, თუმცა უახლესი კვლევების თანახმად, მთელ მსოფლიოში სკოლის შერჩევისას მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი გარემოებებია:

  • უსაფრთხო გარემო
  • აქტიური და სასიამოვნო სასკოლო კლიმატი
  • კარგი რეპუტაცია
  • მაღალი აკადემიური მოსწრება
  • სკოლამდე მგზავრობის დრო
  • კლუბური აქტივობების შეთავაზება
  • დაფინანსების წყარო და მოცულობა

არსებობს მოსაზრება, რომ განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში მშობლები განსხავებულ კრიტერიუმებს ანიჭებენ უპირატესობას. ამ მოსაზრებით, განვითარებად ქვეყნებში მშობლებისთვის მნიშვნელოვანია სკოლის სახლთან სიახლოვე, კლასში ბავშვების რაოდენობა, სასწავლო კურიკულუმი და მასწავლებლისა და მშობლების ურთიერთობები.

ხოლო განვითარებულ ქვეყნებში მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლების მომზადება და წარმოდგენები, მოსწავლეთა მორალური განვითარება, ბიბლიოთეკები და სათამაშო მოედნები, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, სასკოლო გარემო და სასწავლო შედეგების ამსახველი რეიტინგი.

OECD-ის 30 ქვეყნიდან 21-ში საჯარო სკოლაში ჩარიცხვა თავისუფალ ადგილებზეა დამოკიდებული, თუმცა მშობლების ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ არ არის მთავრობის პასუხისმგებლობა. როგორც საჯარო, ისე კერძო და სხვა ტიპის სკოლების შესახებ ოჯახებმა თავად უნდა მოიძიონ ინფორმაცია და მიიღონ გადაწყვეტილება. უმეტეს ქვეყნებში მშობლებს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება სასკოლო რეიტინგები.

მაგალითისთვის განვიხილოთ, სკოლის შერჩევის რა შესაძლებლობები აქვთ ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრებ მშობლებს.

აშშ-ში ფუნქციონირებს არამომგებიანი ეროვნული ორგანიზაციის ვებ-გვერდი Greatshcools.org – რომელიც სკოლის შერჩევაში ეხმარება მშობლებს. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში მცხოვრები მშობლების 50%-ზე მეტი სწორედ ამ პორტალს იყენებს სკოლის შესარჩევად. ვებ-გვერდი ინფორმაციას იძლევა სკოლებში ხარისხის შესახებ, რაც მოიცავს ცნობებს სკოლის რეიტინგის, რესურსების, სტუდენტების შედეგების და სხვა მონაცემების შესახებ. მშობლებს საშუალება აქვთ, შეადარონ სკოლები და საუკეთესო შეარჩიონ მათი შვილებისათვის. ვებ-გვერდზე მოცემულია სკოლის შემაჯამებელი რეიტინგი, რომელიც ოთხი ცვლადის გათვალისწინებით მიიღება:

  • ეს არის მოსწავლეთა აკადემიური პროგრესი
  • უნივერსიტეტსა და კოლეჯში სწავლის გაგრძელების მაჩვენებელი
  • თანასწორობის მაჩვენებელი
  • ტესტირებების შედეგები.

შესაბამისად, მშობლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, რადგან ისინი ფართო სახის ინფორმაციას იღებენ აღნიშნული პლატფორმიდან.

გარდა ამისა, მშობლებისთვის შეთავაზებულია მრავალფეროვანი რესურსები, რომლებიც თითქმის 10000-მდე სტატიას, ვიდეოს, პოდკასტს, სახელმძღვანელოს, ინფოგრაფიკასა და სხვადასხვა ინტერაქციულ საკომუნიკაციო მექანიზმს აერთიანებს, რასაც ყოველწლიურად 10 მილიონამდე მშობელი იყენებს.

სკოლების შესარჩევად, ასევე, ფართოდ გამოიყენება კიდევ ერთი პორტალი Niche.com, რომელიც აშშ-ს მასშტაბით არსებული სკოლების შედარებისა და მათი რეიტინგის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. მშობლებს შეუძლიათ, სკოლები მასწავლებლების, მოსწავლეთა კონტინგენტის, მრავალფეროვნების, მოსწავლეთა მიერ სახელმწიფო ტესტირებებში მიღებული ქულების მიხედვით შეადარონ. საინტერესოა, რომ თუ მშობელს გადაწყვეტილი აქვს მოსწავლის შეყვანა ტრადიციულ, საოლქო სკოლაში, აქ არჩევანის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგანაც მსგავსი ტიპის სკოლაში ჩარიცხვა მკაცრად განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და, როგორც წესი, მშობლებს მხოლოდ ერთი ალტერნატივა აქვთ.

სკოლების შესახებ ყოვლისმომცველ პროტოკოლს სხვადასხვა ფორმატით ბევრ ქვეყანაში იყენებენ. საქართველოში ასეთი ტიპის ვებგვერდი, აპლიკაცია ან საჯარო რეიტინგის სხვა ფორმა არ ამ დრომდე არ არსებობს. მშობლებს გადაწყვეტილების მიღება ნაცნობ-მეგობრების მიერ გაწეული რეკომენდაციების საფუძველზე უწევთ.

ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, შესაძლოა, მშობლებს ეს სტატიაც დაეხმაროს, რათა მათ მკაფიოდ გამოკვეთონ თავიანთი პრიორიტეტები და შვილისთვის სკოლა კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით შეარჩიონ. ინფორმაციის მოსაძიებლად კი გამოცდილი მშობლების გამოკითხვის გარდა, მნიშნელოვანია პოტენციურ სკოლაში ვიზიტის დაგეგმვა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გასაუბრება, მასწავლებლის გაცნობა და იმ სივრცის დათვალიერება, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...