ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

ევროპელი თათქარიძეები

მეოცე საუკუნეს უამრავი გენიალური მოაზროვნე ჰყავდა. დიდი გარდატეხა, ომები, იმპერიების აღდგენა და დაშლა განსაკუთრებული ადამიანებისა და მათი წვლილის გამოკვეთას უწყობს ხელს. უმაღლესი რანგის მოღვაწეთა მთელს არმიაში მაინც შეიძლება მოწინავე ფიგურების გამორჩევა. ევროპაში ბევრი თანხმდება, რომ გასული ასწლეულის ყველაზე ძლიერი ინტელექტუალი თომას მანი გახლდათ. შეიძლება ბევრი ვიდავოთ თომას მანის მოწინავეობის შესახებ, მაგრამ მის ელვარე გონებასა და ლიტერატურული მემკვიდრეობის ეპოქალურ მნიშვნელობას ვერავინ უარყოფს.

„ბუნდენბროკების“ ავტორმა არაერთი მისი თანამედროვე დაჩრდილა, თომას მანის ჩრდილი ყველაზე უმოწყალოდ დიდი მწერლის ოჯახის წევრებს გადაეფარა. თუმცა, შესანიშნავი ქართველი გერმანისტის – ნოდარ კაკაბაძის თავდაუზოგავი შრომის შედეგად საბჭოთა ქართველმა მკითხველმა მაინც გაიცნო ჰაინრიჰ მანი, რომელიც შეიძლება თავისი ძმის სიმაღლეებს ვერ სწვდებოდა, მაგრამ უდავოდ მიეკუთვნებოდა ბრწყინვალე შემოქმედთა კოჰორტას. მგონი დროა, დამოუკიდებელ საქართველოშიც გავიხსენოთ გერმანიის ყველაზე გულწრფელი და მართალი მწერალი.

ევროპაში ჰაინრიჰ მანის სახელის გაგონებისას უმრავლესობას ერთი და იგივე აზრი ამოუტივტივდება გონებაში. ჰაინრიჰ მანი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მტკიცედ იდგა დემოკრატიისა და მშვიდობის იდეალების სადარაჯოზე. მაშინ, როდესაც სხვა მწერლები „გერმანული სულის“ რომანტიკულ განდიდებაში იყვნენ გადავარდნილი და მსოფლიო ომებს თავიანთი სამშობლოსთვის სასიცოცხლო სივრცის მოპოვების არგუმენტით ამართლებდნენ, უფროსი მანი შეუდრეკლად იდგა ანტიმილიტარისტულ პოზიციაზე. მაგალითად, თომას მანი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს განუდგა გერმანიის იმპერიალისტურ ამბიციებს, 1914 წელს კი ღიად გულშემატკივრობდა მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობის გზით სახელმწიფოს განვითარების იდეას. ჰაინრიჰ მანი კი ორივე შემთხვევაში ხმალამოღებული იბრძოდა თავისი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან წინსვლის უმთავრეს წინაპირობად ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის არსებობას მიიჩნევდა. თომას მანის მორალური კომპასი მეოცე საუკუნის ათიან წლებში კარგად არ მუშაობდა, ჰაინრიჰისა კი ყველა დროსა და ყველა ეპოქაში სწორ მიმართულებას უჩვენებდა ძმასაც და თანამემამულეებსაც.

მწერალი საკუთარი სამოქალაქო პოზიციისა და პოლიტიკური შეხედულებების წარმოჩენად უმძაფრეს სატირასა და უბასრეს გროტესკს იყენებდა. პროფესორი კაკაბაძე ჰაინრიჰ მანის შემოქმედებიდან ორ პერსონაჟს გამოარჩევს, რომელთაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გადაგვარების გზაზე შემდგარი გერმანიის ჭეშმარიტი სახე.

გერმანელები დიდ გამარჯვებასაც და საბედისწერო მარცხსაც მასწავლებელთა საქმიანობას უკავშირებენ. ჰაინრიჰ მანის სატირისა და გროტესკის პირველი სამიზნე სწორედ მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანელი მასწავლებელია. 1905 წელს იგი აქვეყნებს რომანს „პროფესორი უნრატი“. რომანის მთავარი პერსონაჟი, პრუსიული გიმნაზიის პედაგოგი სინამდვილეში გვარად რაატია, მაგრამ შეგირდები და კოლეგები მან უნრატად მოიხსენიებენ, რადგან „Der Unrat” გერმანულად „ჭუჭყს“, „ნაგავს“ ნიშნავს.

პროფესორი გერმანიის უდიდეს პატრიოტად და იმპერიის უერთგულეს მოქალაქედ არის აღიარებული. მისი ერთგულება და პატრიოტიზმი სწავლების მეთოდებსა და პედაგოგიურ მრწამსში გამოიხატება. პროფესორ უნრატს ერთადერთი მიზანი აქვს: გაზარდოს „მორჩილი, ბრმად დამჯერე, უკრიტიკო ადამიანების მთელი ბატალიონი“. მიზნის მისაღწევად კი ძალასა და ენერგიას არ იშურებს, რათა მოწაფეებში ჩაკლას კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, მეცნიერული ინტერესი, საგანთა მრავალფეროვნების აღქმის უნარი. უნრატი დიდი სიამოვნებით ძალადობდა ბავშვებზე და სასტიკად ჩაგრავდა მოზარდებს, რომელთაც ყველაფერი უნდა დაეზუთხათ, შაბლონები უნდა დაეზეპირებინათ და არაფრის ახსნის, განმარტების უნარი არ უნდა ჰქონოდათ. ცხადია, იუმორი და სილაღე ვილჰელმისეული სისტემის ჭანჭიკისთვის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენები გახლდათ.

რომანში ჰაინრიჰ მანი უზუსტესად აღწერს პედანტებისა და მორალისტების, სხვების განსჯისა და გაკრიტიკების ოსტატთა ნამდვილ ხასიათს. მცირე ცდუნებაც კი საკმარისია, რომ ისინი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვან და წვრილმან ხულიგნებად, ავანტიურისტებად და გარყვნილების თანამონაწილეებად იქცნენ. შანსონეტ ქალთან შეხვედრა სწორედ ამგვარ ტრანსფორმაციას გამოიწვევს მწვალებელ პროფესორში.

პროფესორ უნრატის მსგავსი ფსევდომორალისტები ზრდიდნენ ფანატიკოსებსა და ქვეშევრდომებს, რომლებიც მომავალში ადვილად დაექვემდებარნენ ჰიტლერის ხორცის საკეპ მანქანას.

ჰაინრიჰ მანის მთავარი სატირული რომანი მოგვიანებით დაიწერა. „ქვეშევრდომი“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რესპუბლიკურ გერმანიაში გამოქვეყნდა. ნოდარ კაკაბაძე თავის ერთ-ერთ სტატიაში რომანის შესახებ გერმანელი კრიტიკოსის ციტატას მოიხმობს: „შიმშილობის წლებში ადამიანები ისე ეძებდნენ ამ წიგნს, როგორც გირვანქა კარტოფილს“.

რამ განაპირობა „ქვეშევრდომის“ არნახული პოპულარობა?

კითხვაზე პასუხის მისაღებად კვლავ ქართული გერმანისტიკის ფუძემდებლის არგუმენტები უნდა მოვიხმოთ.

წიგნის პოპულარობის მთავარი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ რომანში ვილჰელმის ეპოქის ტიპური გერმანელი და ნაცისტის პირველსახეა აღწერილი. მთავარი მოქმედი გმირი – დიდერიჰ ჰესლინგი „არ ცნობს არაფერს, რისი ხელით შეხებაც არ შეიძლება, სძაგს ყველაფერი, რაც უხილავია, რაც ადამიანის სულში, ცნობიერებაში არსებობს“. აქვს შიში ხელისუფლებისადმი და უყვარს ყველა, ვისიც ეშინია. ძალაუფლების მქონეთა მიმართ პირფერობა და ქლესობა მისი დნმ-ის ნაწილია. დიდერიჰი დაუმორჩილებელთა დასჯისა და დათრგუნვის თავგანწირული მომხრე გახლდათ, სკოლის ასაკიდანვე აღფრთოვანებული აკვირდებოდა მასწავლებელთა მიერ მოწაფეთა გაროზგვას.

„დიდერიჰი თავხედი და დიდგულა ხდებოდა სუსტების მიმართ, უზომო სიამოვნებას ანიჭებდა ებრაელი თანაკლასელის ფიზიკური და მორალური წვალება, როცა მან ამ მხრივ მასწავლებლის მხარდაჭერა და თანაგრძნობა ჰპოვა, ებრაელის გვემა წესად შემოიღო. იგი ზევიდან დაჰყურებდა მუშებსა და ღარიბებს.“ ცხადია, თანატოლთა დაბეზღება შოვინისტი მოსწავლისათვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„რომანში გროტესკული დეტალებით რელიეფურადაა დახასიათებული გლახაკი ადამიანის ბუნება, რომელიც სხვების ნაკლოვანებებში საკუთარი მანკიერებების გამართლებას ეძებს.“

როგორი ბასრია ჰაინრიჰ მანის სატირა! რა პროფესიის შეიძლება იყოს გერმანული შოვინიზმის მთავარი სიმბოლო და ვილჰელმის უერთგულესი ქვეშევრდომი? დიდერიჰ ჰესლინგი ტუალეტის ქაღალდის ქარხანას ფლობს და საკუთარ ფაბრიკაში ცდილობს იმპერატორის როლის შესრულებას.

„ქვეშევრდომის“ კიდევ ერთი მთავარი თვისება სიბრიყვეა. დიდერიჰი სრულიად გაუნათლებელი ადამიანია, სძულს კითხვა, პოეზია და ლიტერატურა, ყალბად ეტრფის მუსიკას და ვაგნერის ოპერის მოსმენის შემდეგ, გარდაცვლილ კომპოზიტორს მისასალმებელ დეპეშებს უგზავნის.

ნოდარ კაკაბაძე უზუსტესად შენიშნავს და გვეუბნება, რომ დიდერიჰ ჰესლინგი ერთდროულად არის მონაც და ტირანიც. იგი მასზე ზემდგომ პირებს უსიტყვოდ ემორჩილება, მის დაქვემდებარებულ მოქალაქეებს კი ტყავს აძრობს. სწორედ ასეთ მონებსა და ტირანებზე იდგა „მესამე რაიხი“.

ევროპელ თათქარიძეებს პროფესორ უნრატისა და დოქტორ ჰესლინგის სახე ჰქონდათ.

საბჭოთა პერიოდში ჰაინრიჰ მანის რამდენიმე რომანი ქართულად ითარგმნა და მრავალათასიანი ტირაჟით გამოიცა. სამწუხაროდ, ჩემი ნაცნობი ბუკინისტები მათ შოვნას ვერ ახერხებენ, არც თანამედროვე გამომცემლები ფიქრობენ ჰაინრიჰ მანის ძველი თარგმანების თუნდაც მცირე რაოდენობით გამოცემას. არადა, თომას მანის უფროსი ძმის შემოქმედება ძალიან გაგვიადვილებდა ევროპული აზროვნების ახალი მიმართულებების ხელახლა აღმოჩენას. ჩვენ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ თომას მანის გარდა ჰაინრიჰ მანის ნაწარმოებებიც გვქონდეს ქართულად, მაგრამ განძი დაკარგულია და არც არავინ ცდილობს მის პოვნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ენაგრამი  – Enagram

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“