შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

რა არის სასწავლო დღიური?

0

განმარტების თანახმად, სასწავლო დღიური არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწავლის სწავლას და მოსწავლეს ეხმარება საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. იგი აქტიურად გამოიყენება თვითმართული სწავლების პროცესში, რადგან საკუთარი სწავლის გაცნობიერებას უწყობს ხელს (დანერგილია ფინეთის და სკანდინავიის რეგიონის სხვა ქვეყნებში).

სასწავლო დღიური ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად რამდენიმე მიზეზის გამო ითვლება. მისი უმთავრესი ღირებულებაა ის, რომ იგი კონკრეტული საკითხისა თუ საგნის შესწავლასთან ერთად, ცხოვრებისეული უნარებისა და მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეს ასწავლოს: შეჯამება, ანალიზი და კომენტარი.

სასწავლო დღიურის შექმნა შემსწავლელს შეუძლია დაიწყოს კონკრეტული პარაგრაფის, თემის/საკითხის, სემესტრისა თუ სასწავლო წლის დაწყების წინ. შესაბამისად, ინსტრუმენტი გამოიყენება მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაკვირვების საწარმოებლად.

სასწავლო დღიური დაფუძნებულია მოსწავლის (შემსწავლელის) თვითრეფლექსიაზე.  სასწავლო პროცესის განმავლობაში მუდმივად უპასუხებს იმ კითხვებს/დებულებებს, რომლებიც შეიმუშავა დამოუკიდებლად ან შესთავაზა მასწავლებელმა. ამასთან, ნამუშევარი ხდება ერთგვარი თვითშეფასების ინსტრუმენტი.

სასწავლო დღიური მოსწავლეს ეხმარება ორგანიზების უნარების გამომუშავებასა და კოგნიტიური უნარების განვითარებაში. რაც მთავარია, პარაგრაფისა თუ საკითხის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეს ხელთ აქვს სრული სურათი, სადაც ჩანს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღწევები, შედეგები, გასაძლიერებელი მხარეები და ა.შ.

სტატიაში წარმოგიდგენთ სასწავლო დღიურის ორ მრავალკომპონენტიან და თვითრეფლექსიაზე დაფუძნებულ ვერსიას. თქვენი მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეცვალოთ, დაამატოთ ან ამოიღოთ კითხვები მატრიციდან.

თემის, საკითხის

დასახელება

თემასთან, საკითხთან დაკავშირებული წინარე ცოდნა ახალი ტერმინები და ცნებები პასუხგაუცემელი

კითხვები, დილემები

რესურსები, რომელსაც გავეცანი საკითხზე მუშაობისას (სათაური, ბმული…)
 

 

 

 

საკვანძო და მნიშვნელოვანი დავალებები მიდგომები, მეთოდები, აქტივობები რომლებიც დამეხმარა თემის შესწავლაში სირთულეები რომლებსაც წავაწყდი საკითხზე მუშაობისას დროს უნარები, რომლებიც გავივითარე საკითხზე მუშაობისას თავისუფალი სივრცე – კომენტარის ველი
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეიძლება მატრიცას/ცხრილს ჰქონდეს განსხვავებული დიზაინი. 2024-2025 სასწავლო წლიდან ვაპირებ სასწავლო დღიურის პრაქტიკაში აქტიურად გამოყენებას. თავდაპირველად დავურიგებ ამობეჭდილ ვერსიებს, ხოლო შემდეგ ვთხოვ, რომ ყველა მოსწავლემ ინდივიდუალურად გაამზადოს მისთვის სასურველი დიზაინით. შემოთავაზებული ინსტრუმენტის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერ საგანში.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ვისწავლე ამ პარაგრაფის, საკითხის დამუშავებისას? რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შედეგების გასაუმჯობესებლად მომავალ კვირას/სემესტრში? საკითხები, რომელთა შესახებაც მინდა მეტი ვისწავლო/გავიგო არის… როგორ შემიძლია საკუთარ თავს დავეხმარო პარაგრაფის, საკითხის შესწავლაში?
 

 

 

რა იყო ყველაზე საინტერესო დავალება, რომელიც შევასრულე ამ პარაგრაფის, საკითხის შესწავლისას? როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკაში? ხუთი ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც დაისვა/დავსვი პარაგრაფის, საკითხის შესწავლისას იყო… პარაგრაფზე, თემაზე, საკითხზე მუშაობისას თავს ვგრძნობდი თავდაჯერებულად მაშინ, როცა…
 

 

 

 

მასწავლებლის როლი და ინსტრუმენტის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს სასწავლო დღიურის წარმოებაში. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ავუხსნათ მოსწავლეებს სასწავლო დღიურის მნიშვნელობა და სარგებელი და მივაწოდოთ მკაფიო ინსტრუქციები დღიურის წარმოების წესის შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია რეგულარული უკუკავშირი. ამ დროს სასურველია დავეხმაროთ პროგრესის შეფასებაში. მნიშვნელოვანია, რომ დღიურის წარმოებისთვის დავუთმოთ გაკვეთილის დრო, არ ვაქციოთ საშინაო დავალების სავალდებულო ნაწილად და წავახალისოთ ნებაყოფლობითობა.

ნებისმიერ ახალ წამოწყებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. შემდეგ, მათი მოტივაცია თანდათან იკლებს. ამ გამოწვევის თავიდან ასაცილებლად შეიძლება შევთავაზოთ წახალისების სხვადასხვა მექანიზმი. მაგალითად, სადისკუსიო კითხვების სასწავლო დღიურიდან შერჩევა, საინტერესო მიგნებებზე ერთობლივი მსჯელობა, მათი ელექტრონული ვერსიების მომზადება და ა.შ. თავის მხრივ, ციფრული სასწავლო დღიურების გამოყენება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების გამოყენებასა და ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.

 

 

გამოყენებული რესურსები:

როგორ ვაწარმოოთ შეფასებითი სასწავლო დღიური

https://ocnlondon.org.uk/centres/training-events/training-and-development/how-to-produce-a-reflective-learning-diary/

გამზადებული მატრიცების გადმოსაწერად დააწკაპუნე აქ.

ვინ არის კვაჭი კვაჭანტირაძის შესაძლო პროტოტიპი ვასილ დუმბაძე – აფერისტი თუ პატრიოტი?!

0

“კვაჭი კვაჭანტირაძე” მიხეილ ჯავახიშვილის პიკარესკული რომანია, რომელიც მწერალს თავიდან მოთხრობების ციკლად ჰქონდა ჩაფიქრებული. ასეთი სახით გამოაქვეყნა კიდეც 1924 წელს ლიტერატურულ პერიოდიკაში, მაგრამ შემდეგ ავტორმა ცალკეული სათავგადასავლო-ავანტიურისტული ეპიზოდები ერთ სიუჟეტად გააერთიანა და მთლიანი რომანის სახე მისცა. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ მიხეილ ანდრონიკოვი, იგივე მიხეილ ანდრონიკაშვილი, რუსეთის სახელმწიფო მოხელე, ცნობილი ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და თანამშრომლობდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაქნილ ავანტიურისტთან და გარყვნილ რუსთან გრიგორი რასპუტინთან, შეიძლება იყოს კვაჭის პროტოტიპი. თუმცა, გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით არსებობს მეორე მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე, რომლის ბიოგრაფიული დეტალებიც მჭიდრო კავშირშია ჯავახიშვილის გმირთან. ვასილ დუმბაძისადმი საზოგადოებას, მათ შორის თვითმხილველებსაც კი, ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდათ და ვერ გადაეწყვიტათ,  ვინ იყო იგი სინამდვილეში.

ვასილ დუმბაძე დაიბადა 1882 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამამისი სოფლის მღვდელი და ცნობილი მგალობელი დავით დუმბაძე იყო. ვასილ დუმბაძეს 10 დედმამიშვილი ჰყავდა, ერთი ძმა და ცხრა და. 16 წლისამ  ოზურგეთის გიმნაზია დაამთავრა, ხოლო  21 წლისამ თბილისის გიმნაზია. შემდეგ ლაიფციგში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა საინტერესო დისერტაციებზე: “ქართველები – ეთნოგრაფიული მიმოხილვა” და “ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება”. 1906 წელს დაიცვა დიპლომი, თუმცა,  მას შემდეგ  სამეცნიერო საქმიანობა არ გაუგრძელებია. მალევე სამშობლოში დაბრუნდა და ბევრ საქმეში სცადა ბედი. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კომერციულ საქმიანობაში ჩაება და იმდენად გაითქვა სახელი, რომ ქართველებმა იმედიანი მზერა მიაპყრეს მას და მის  კაპიტალს.

ვასილ დუმბაძე პირველი მსოფლიო ომის დროს ჩართული იყო სამხედრო საქმიანობაშიც. რეზო გაბაშვილის მოგონებებში ნახსენები არიან ივანე მაჩაბლის ძმისშვილი და ამერიკული პარფიუმერული ფირმა “Prince Matchabelli”-ს დამაარსე­ბე­ლი გიორგი მაჩაბელი, ვასილ დუმბაძე, სამხედრო მინისტრი ვლადიმერ სუხომლინოვი და მინისტრის მეუღლე, რომელთაც რამდენიმე სამხედრო საქმის მოგვარება ჰქონდათ დავალებული. მსოფლიო მასშტაბით, ამ საქმეებიდან, ზოგიერთს   დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუკი გავიხსენებთ მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან ორ თავს, “ამბავი საიდუმლო ვალდებულობისა” და “ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის გაიმასქნებისა”, რომლებიც ეხება I მსოფლიო ომის ამბებს, შეიძლება დავუშვათ, რომ ვასილ დუმბაძე და ზემოთ ხსენებული სამხედრო საქმეები შეიძლება ინსპირაცია გამხდარიყო მიხეილ ჯავახიშვილისთვის კვაჭის პერსონაჟისა და მისი თავგადასავლების შექმნისას.

სუხომლინოვთან ერთად ვასილ დუმბაძეს კიდევ რამდენიმე სამხედრო საქმე დაევალა. რადგან ეს უკანასკნელი ნამდვილად დაჯილდოებული იყო დიპლომატიური ნიჭით და ცხოვრების რაღაც ეტაპზე გერმანიაშიც ცხოვრობდა, ნიკოლოზ II-ის დროს გაგზავნეს გერმანელებთან ზავის დასადებად. თუმცა, მან ზემდგომთა დავალებებს გვერდი აურა და თვითნებურად მოქმედებდა. ამის გამო მას და სუხომლინოვს თავიდან სიკვდილი, შემდეგ კი კატორღა მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ დუმბაძის საქმე გადაისინჯა და ილო მაჩაბლის თავდებით ციხიდან გაათავისუფლეს.

1920-იან წლებში დუმბაძეს  რუსეთში აღარ დაედგომებოდა, ამის გამო ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად  და იქ დიდ წარმატებას მიაღწია. შეირთო ცოლი, რომელსაც გაზეთ “Chicago Tribune”-ში წილი ჰქონდა. გავლენიანი ცოლის, საკუთარი გამჭრიახობის, გარეგნობისა და ენაწყლიანობის დახმარებით დუმბაძისთვის ბევრი ისეთი კარი გაიღო, რომელთა არსებობის შესახებ თავად ამერიკელებმაც არაფერი იცოდნენ. ერთნი ამბობენ, რომ ამერიკაში, და არა მხოლოდ, ვასილ დუმბაძემ დიდი შრომა გასწია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 1931 წელს დააარსა ნიუ-იორკის სათვისტომო და ოთხჯერ იყო მისი თავმჯდომარე. დუმბაძის დახმარებით ამერიკაში ჩავიდა არაერთი ქართველი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ვასილ დუმბაძე იყო გაქნილი მატყუარა. საზოგადოებაში ვასილ დუმბაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა გერონტი ქიქოძის მოგონებამ “აფერისტი დუმბაძე”. თუმცა, ბოლო დროს ქველი ჩხატარაიშვილის ნარკვევის, ალეკო ასლანიშვილის წერილებისა და რუსუდან დაუშვილის სტატიების დახმარებით, ვასილ დუმბაძის პიროვნება რეაბილიტირდა და მისი მეორე მხარეც გამოჩნდა. ვასილ დუმბაძე 1943 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. ამბობენ, რომ არსებობდა ანდერძი, რომ­ლის მიხედვითაც მან დედას და დებს 27 მილიონი დაუტოვა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დაზუსტებული.

საერთო ჯამში ვასილ დუმბაძე ძალიან საინტერესო და მრავალშრიანი პიროვნებაა, რომელიც შესაძლოა,  ყოფილიყო მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მთავარი გმირის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. არ არის გამორიცხული, პერსონაჟის შექმნისას, ჯავახიშვილმა მისი ხასიათის გარკვეული თვისებები გამოიყენა და, გერონტი ქიქოძის მოგონებებთან ერთად, ეს გახდა მიზეზი საზოგადოების ცნობიერებაში ვასილ დუმბაძის პიროვნების ცალსახად უარყოფით პერსონად აღქმის.

რომანის მიხედვით, სამტრედიაში კვაჭი კვაჭანტირაძის დაბადებისას, მამამისი ამბობს: “ბავშვის ასეთი ტირილი ჯერ არ გამიგია. სულ “მე-მეს” იძახის. ეტყობა, სხვას არაფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დაიჩემებს”. თუმცა, დროა, მივეჩვიოთ სხვადასხვა წყაროს მოძიება-გაცნობას, გაანალიზებას და მათზე მსჯელობას, რომელთა საფუძველზეც დავასკვნით –  მართლა კვაჭივით არასანდო ადამიანი იყო ვასილ დუმბაძე თუ პატრიოტი და თავისი ქვეყნისა და ნაცნობ-მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი.

როდესაც მოსწავლეებს კვაჭის პროტოტიპზე ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა გავუზიაროთ არსებული მოსაზრებები, გავაცნოთ ვასილ დუმბაძის ბიოგრაფია და გერონტი ქიქოძის მოგონებაც. ასევე, რუსუდან დაუშვილისა და სხვათა ნარკვევები, რომლებიც ვასილ დუმბაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოიპოვება. ეს ყველაფერი კი ჩვენს მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, თავად იმსჯელონ, იკვლიონ და არგუმენტირებულად დაასაბუთონ თავიანთი მოსაზრება. ვფიქრობთ, ამ ფორმით პერსონაჟის, ავტორის ჩანაფიქრისა და ზოგადად, ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ბევრად უფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის.

აქვე გიზიარებთ ლიტერატურის მუზეუმში დაცულ გერონტი ქიქოძის მოგონებას “აფერისტი დუმბაძე”, რომელმაც თავის დროზე საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია  და რომელიც ერთ-ერთ წყაროდ მიგვაჩნია კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპზე მსჯელობისას.

აფერისტი დუმბაძე  გერონტი ქიქოძე

                                                                                                                       

– ლაიპციგში სწავლის დროს ჩვენთან ერთად სტუდენტად იყო გურული ახალგაზრდა, გვარად დუმბაძე. დიდი მოხერხებული ყმაწვილი იყო.  დაუმეგობრდა გერმანელ სტუდენტებს. ერთი გვარად კურტი იყო, მეორე კორტი. კურტი მდიდარი მექარხნის შვილი იყო. დუმბაძეს სამი ბიძა ყავდა, ორი მათგანი – გენერლები. ისინი თვეში თორმეტ-თორმეტ მანეთს უგზავნიდნენ. ეს ფული, ცხადია, საკმარისი არ იყო ლაიპციგში საცხოვრებლად.

ერთხელ ამ დუმბაძემ დიდი სადილი გამართა, უკანასკნელი ფულები დახარჯა, მოიწვია მთელი თავისი ამხანაგები, მათ შორის გერმანელი სტუდენტი კურტი. შუა სადილზე მასპინძელს დეპეშა მოუვიდა. ის მოიღუშა, მაგრამ არაფერი თქვა. ყველანი დაინტერესდნენ. კურტი ჩააცივდა, გვითხარი დეპეშის შინაარსიო. ბოლოს, როგორც იქნა, ვითომ იძულებით, დუმბაძემ გააცნო მას დეპეშის შინაარსი: ზუგდიდიდან სწერდნენ, შენს ქარხნებში მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მუშაობა შეჩერდაო ( ეს ამბავი1905 წელს ხდებოდა). დუმბაძემ მქუხარედ თქვა, ეხლა ფულიც არ მაქვს, რომ სასწრაფოდ გავემგზავრო და საქმეები მოვარიგოო. კურტი შეცდა და უთხრა, არ შეწუხდე, ჩემს სიმამრს გამოვართმევ და გასესხებო. მართლაც მეორე დღეს დიდძალი თანხის საბანკო ჩეკი მიუტანა. ამ ფულით გაემგზავრა საქართველოში დუმბაძე . ცხადია, მას ზუგდიდში არავითარი ქარხნები არ ჰქონდა. დეპეშა ლაიპციგიდანვე გაუგზავნა მისმავე ამხანაგმა იასონ მენაბდემ, რომელიც წინასწარ იყო განზრახული.

ქვიშხეთში

20 აგვ. 1959.

გოგა გუგავა

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის

სახელმწიფო მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების რედაქტორი

 

 

რომ არა ფიზიკის მიღწევები – რის სანახავად წავიდა მსაჯი?

0

ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მონაწილეობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სრულიად საქართველო გააერთიანა ეროვნული წარმატებით გამოწვეულმა სიხარულის განცდამ. მეხსიერებაში ყველას დაგვრჩა ბედნიერი წამები, როდესაც ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საქართველოსა და პორტუგალიის გუნდების შეხვედრა და ქართველების სახელოვანი წარმატება ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში. წლის ფრაზად იქცა ფეხბურთის კომენტატორის სიხარულით წარმოთქმული:

„მიდის სანახავად! მიდის სანახავად! მიდის სანახავად!“.

https://www.facebook.com/watch/?v=1614688829098482

იშვიათად, თუ ვინმე შინაარსობრივად ჩაუღრმავდა, რის სანახავად წავიდა მსაჯი? ამას მხოლოდ ფიზიკოსი ან გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი თუ გაიფიქრებდა… მსაჯი წავიდა ვიდეოჩანაწერის სანახავად, სადაც სხვადასხვა მხრიდან გადაღებული კადრის განმეორებითი ხილვით დარწმუნებულიყო თერთმეტმერტიანი საჯარიმოს დანიშვნის საჭიროებაში.

მივიდა, ნახა და გიორგი მიქაუტაძემ გოლიც გაიტანასრულიად საქართველო კი სიხარულის ყიჟინამ მოიცვა….

ჩვენი მამებისა და პაპების თაობა ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო. ბევრი სასიხარულო ამბავი გვახსოვს ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით მიღებული. იყო და ახლაც არის შემთხვევები, როდესაც მაყურებლის უკმაყოფილებას იწვევს მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარიმო გოლების დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ. მსაჯის არასწორი შეხედულება შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმით, რომ მას თვალთახედვის არიდან გამორჩეს ის ნიუანსი, რომელიც აუცილებელია საჯარიმო დარტყმის დასანიშნად.

თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევები ბუნებრივად ერწყმის ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს. ერთი მაგალითი სწორედ ვიდეოჩანაწერის ხილვის შესაძლებლობაა, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. 21-ე საუკუნის ცხოვრება წარმოუდგენელია ფიზიკის აღმოჩენებთან სინთეზის გარეშე. ადამიანის ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ქმედება, გადაადგილება მრავალნაირ ელექტრომოწყობილობას უკავშირდება. უმრავლეს შემთხვევაში არც კი ვუფიქრდებით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ფიზიკის მიღწევებმა მოგვიტანა. გვაქვს და მორჩა!

ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტი, სამზარეულოს ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რადიო, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სმარტფონები და ასე გაუთავებლად… ამ მოწყობილობების ფიზიკურ კანონზომიერებებთან კავშირის ახსნა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

წინამდებარე სტატიაში მოკლედ ვისაუბრებ, რას წარმოადგენს ვიდეოჩანაწერი.

მე-20 საუკუნის ბოლო წლებიდან დაწყებული, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კაცობრიობას საშუალება მისცა, ფართოდ გამოეყენებინა ვიდეოჩამწერი მოწყობილობები, ვიდეოკასეტების, DVD-, ვიდეოკამერების თუ მობილური ტელეფონების მეშვეობით. ფოტო- თუ ვიდეოგადაღება ცხოვრების წესად იქცა, რის გარეშეც უკვე ვერავის წარმოუდგენია ყოველდღიურობა. ვიდეოჩანაწერებს იყენებენ სხვადასხვა პროფესიაში; ის გვხვდება შენობებში, ქუჩებში, ბანკომატებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში.

პირველად ვიდეოკამერა შეიქმნა. ვიდეოჩანაწერებს ტელეგადაცემებისთვის იყენებდნენ. მალევე ვიდეოჩანაწერების გამოყენება დაიწყო საოჯახო რესურსად. მასობრივი სახე მიიღო ქორწილების, ბანკეტების, დაბადების დღეების, ბავშვის პირველი ნაბიჯების ვიდეოჩანაწერების გადაღება-შენახვამ. გაჩნდა უამრავი ვიდეოგადაღების პროფესიონალი თუ მოყვარული. შესაძლებელია ვიდეოს როგორც გადაღება და შენახვა, ასევე გაგზავნა მობილური ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით; ასევე – მისი სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსება. ვიდეოჩანაწერის განვითარებამ რევოლუცია მოახდინა ადამიანების ცხოვრებაში. ყველას შეუძლია შექმნას ვიდეოჩანაწერთა ბიბლიოთეკა.

ვიდეოს ჩასაწერად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია: ვიდეოფირი, ვიდეოდისკი, ლაზერული დისკი და მეხსიერების ბარათი.

პირველ ვიდეოჩამწერებს სჭირდებოდათ დიდი რაოდენობით მაგნიტური ლენტი. მათი ტრანსპორტირება საჭიროებდა სატვირთო მანქანებსა და ფურგონებს. 1970-1990-იან წლებში დომინანტური იყო ლენტიანი ვიდეოკასეტები. ვიდეოჩანაწერის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ერთი და იგივე მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგნიტური ფირის როგორც ჩასაწერად, ასევე დასაკრავად. უფრო მეტიც, ვიდეოფირზე ინფორმაცია შეიძლება წაიშალოს ან ჩაიწეროს ფირების ხელახალი გამოყენებისთვის. თუმცა, ფირის დეგრადაცია საბოლოოდ მაინც გარდაუვალია.

VCRვიდეოკასეტების ჩამწერის ფართო მასშტაბით გაყიდვა და მოხმარება 1980-იან წლებში დაიწყო. VCR მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების მათთვის უფრო მოსახერხებელ დროს ყურება. ასევე შესაძლებელია, ერთი გადაცემის ყურებისას მეორის ჩანაწერის გაკეთება.

VCR არის ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელიც იღებს აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს სამაუწყებლო ტელევიზიიდან ან სხვა AV წყაროებიდან და შეუძლია ჩანაწერის დაკვრა გადახვევის შემდეგ. VCR-ის გამოყენებას სატელევიზიო პროგრამის ჩასაწერად და უფრო მოსახერხებელ დროს დასაკრავად, ჩვეულებრივ, დროის ცვლას უწოდებენ. VCR-ებს ასევე შეუძლიათ წინასწარ ჩაწერილი ფირების დაკვრა, რომლებიც ფართოდ იყო ხელმისაწვდომი ყიდვისა და გაქირავებისთვის 1980-90-იან წლებში.

VCR-ების პოპულარობა 2000-იან წლებში შემცირდა და 2016 წლის ივლისში Funai Electric-მა, მათმა ბოლო მწარმოებელმა, წარმოება შეწყვიტა.

21-ე საუკუნის დასაწყისიდან უკვე სწრაფად მოხდა ვიდეოჩამწერების ვიდეოდისკებით ჩანაცვლება. ვიდეოდისკით ჩაწერისას ლაზერის საშუალებით გამოსახულება დისკზე გარდაიქმნება და ჩაიწერება სიგნალად. ლაზერული ვიდეოდისკით უფრო მცირე ფართობზე მეტი ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი. დისკის კონკრეტულ უბნებზე სწრაფად წვდომა შეიძლება მაღალსიჩქარიანი სკანირებით ან პროგრამირებით. ვიდეოდისკები გვთავაზობენ უფრო მკვეთრ სურათს და უკეთეს ხმას. ვიდეოდისკები ასევე გამოიყენება ზოგიერთ ვიდეოთამაშში.

ლაზერული დისკის აპარატი შეიქმნა 1970-იანი წლების ბოლოს. პირველი ოპტიკური დისკები იყო 12 ინჩის (30,5 სანტიმეტრი) დიამეტრის და შეეძლო დამატებითი ინფორმაციის შენახვა, როგორიცაა, სუბტიტრები და კომენტარები. დისკები მასობრივად გამოიყენებოდა კინოინდუსტრიაში.

ოპტიკურ დისკებს, რომლებიც გამოიყენება უაღრესად მაღალი ხარისხის აუდიოჩანაწერების გასაკეთებლად, უწოდებენ CD-ს. ეს დისკები არის 4,75 ინჩი (120 მილიმეტრი) დიამეტრი და 0,05 ინჩი (1,2 მილიმეტრი) სისქის. ისინი ასევე ფართოდ გამოიყენება კომპიუტერულ სისტემებში დიდი რაოდენობით ინფორმაციის შესანახად, როგორც ტექსტის, ასევე გრაფიკის. ერთი ოპტიკური დისკი დაახლოებით ინახავს 3 მილიარდ სიტყვას, რაც არის 10 000-წიგნიანი ბიბლიოთეკის ეკვივალენტი.

DVD 1995 წელს დაინერგა. DVD და CD ერთი და იგივე ზომისაა. ისინი დისკზე აერთიანებენ როგორც ხმას, ასევე გამოსახულებას. DVD პლეიერი იყენებს უფრო მაღალი სიმძლავრის ლაზერს და აქვს შესაბამისი ფოკუსირების წერტილი, ვიდრე CD პლეიერს.

სატელევიზიო შესაძლებლობების განვითარებამ და წინსვლამ გამოიწვია ახალი დისკების ტექნოლოგიაც. მაგალითად, მაღალი გარჩევადობის HD ტელევიზორის გამოჩენამ, რომელიც იძლევა უფრო მკვეთრ, უფრო ნათელ სურათს, განაპირობა Blu-ray ჩაწერადი დისკების შექმნა. მათ შეუძლიათ ტელეგადაცემების მაღალი ხარისხით ჩვენება. სტანდარტული წითლის ნაცვლად, დისკს კითხულობს ლურჯი ლაზერი. ლურჯ ლაზერს შეუძლია უკეთესი ფოკუსირება მოახდინოს და ამოიღოს მასალა, რაც დისკს საშუალებას აძლევს, შეინახოს ხუთჯერ მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვეულებრივ DVD-ზეა შესაძლებელი. HD-DVD პლეიერები ასევე იყენებენ ლურჯ ლაზერს, რომელიც თავსებადია მაღალი გარჩევადობის ტელევიზორთან, თუმცა მათი შენახვის მოცულობა Blu-ray დისკებზე ნაკლებია. სამომხმარებლო აუდიტორიის მოთხოვნის შესაბამისად ვიდეოს ჩაწერის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობა გრძელდება.

ციფრულ კამერებს მეხსიერების ბარათზე შეუძლია სურათებისა და მოკლე ვიდეოების ჩაწერა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სურათებისა და ვიდეოს CD ან DVD-ზე გადატანა. თანამედროვე მობილურ ტელეფონებს აქვთ ვიდეოკამერის ფუნქცია. ასევე, მობილურ ტელეფონებს შეუძლიათ ვიდეოჩანაწერი დაუყოვნებლივ გაგზავნონ სხვა ტელეფონზე. ციფრულ კამერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ჩაწერა განახორციელონ პირდაპირ მეხსიერების ბარათზე. მეხსიერების ბარათები კომპიუტერულ აპლიკაციებზე გადასვლას უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის.

ვიდეოს ჩაწერისას სიგნალები მოდის ვიდეოკამერიდან ან სატელევიზიო გადაცემიდან და უბრუნდება ტელევიზორის მიმღებს. ვიდეოკასეტის ჩამწერი, ცვლადი ელექტრული დენის საშუალებით იღებს ელექტრულ სიგნალად გარდაქმნილ გამოსახულებას. დენი მაგნიტური ფირის სიახლოვეს გადის. მიწოდებული სიგნალის ცვლილებისას ელექტრომაგნიტი წარმოქმნის ცვლად მაგნიტურ ველს, რომელიც მოძრავ ფირზე მაგნიტურ ნაწილაკებს იზიდავს. მაგნიტური ნაწილაკები მიმართული არიან ფირის სათავისკენ, რაც წარმოქმნის ელექტრულ დენს. ეს დენი იდენტურია საწყისი ელექტრული სიგნალისა, რომელიც ფირის დასაკრავად გამოიყენება.

VCR-ს აქვს რამდენიმე შესაძლებლობა. ეკრანზე შესაძლებელია ერთი კადრის გაჩერება ან შენელება. VCR-ის საინტერესო მახასიათებელია მათი სწრაფი წინსვლის უნარი — ფირზე წინ გადაადგილება დაჩქარებული სიჩქარით, სანამ გამოსახულება ეკრანზე რჩება. სწრაფი გადამისამართება მაყურებელს საშუალებას აძლევს, გამოტოვოს ფირის არასასურველი ნაწილები, როგორიცაა, რეკლამა. მსგავს კონტროლს გვთავაზობს გადახვევის ფუნქცია, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, შექმნას ფირზე სარეზერვო ასლები განმეორებით სანახავად. VCR აღჭურვილია მცირე მიკროპროცესორებით. მომხმარებლებს შეუძლიათ ამ მიკროპროცესორების დაპროგრამება და სხვა გადაცემის ყურების პარალელურად ჩანაწერის გაკეთება.

თავდაპირველად დაინერგა ორი VCR ფორმატი:

Beta და VHS (ვიდეო სახლის სისტემა). ორივე იყენებდა 1/2 ინჩის (1,3 სანტიმეტრი) სიგანის ლენტს. სახლის ჩამწერი აღჭურვილობის ბაზარი მკვეთრად გაფართოვდა, VHS ფორმატმა უპირატესობა მოიპოვა – ძირითადად იმიტომ, რომ ცარიელი ბეტა ლენტები ჩაწერისთვის გაცილებით ნაკლებ დროს სთავაზობდნენ.

1980-იანი წლების ბოლოს დაინერგა მესამე ფორმატი, რომელიც იყენებს უფრო კომპაქტურ 8 მილიმეტრის სიგანის ჩამწერ ფირს. 8-მილიმეტრიანი ლენტი მაგნიტური ველის ჩასაწერად, ლითონის ოქსიდის ნაწილაკების ნაცვლად იყენებს ლითონის ნაწილაკებს. ვინაიდან ეს ნაწილაკები უფრო მცირე ზომისაა, შესაბამისად, საკმარისია უფრო მცირე ზომის ლენტი. ლენტი საშუალებას აძლევს აუდიოსიგნალს, ჩაიწეროს ციფრული სახით, როგორც პულსების თანმიმდევრობა. ეს უზრუნველყოფს უაღრესად მაღალი ხარისხის ჩანაწერებს და ასევე შესაძლებელს ხდის 8-მილიმეტრიანი ვიდეოჩანაწერების გამოყენებას მაღალი ხარისხის ციფრული აუდიოჩანაწერის მოწყობილობაში (DAT). თუმცა, 8-მილიმეტრიანი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება შეზღუდულია.

 

ვიდეოდისკი არის ლითონის ან პლასტმასის ხისტი წრიული ფირფიტა, რომელიც გამოიყენება ვიდეო- და აუდიოსიგნალების ჩასაწერად და დასაკრავად. ის წააგავს ფონოგრაფის ჩანაწერს და მისი დაკვრა შესაძლებელია დისკზე, რომელიც მიმაგრებულია ჩვეულებრივი ტელევიზორის მიმღებზე. არსებობს ვიდეოდისკების ორი ძირითადი კლასი: მაგნიტური და არამაგნიტური.

The მაგნიტურ ვიდეოდისკს აქვს ოქსიდით დაფარული ზედაპირი, რომელზედაც შეყვანილი სიგნალები მაგნიტური შაბლონების სახით ჩაიწერება. დაკვრის ფუნქცია წარმოქმნის ელექტრულ სიგნალებს, რომლებიც კვლავ გარდაიქმნება სურათებად და ბგერებად.

ძირითადად ხელმისაწვდომია ორი ტიპის არამაგნიტური ვიდეოდისკები. ერთი იწარმოება მექანიკური ჩამწერი სისტემით, რომელიც გამოიყენება ფონოგრაფიული ჩანაწერების წარმოებაში, ხოლო მეორე მოიცავს ლაზერულ ტექნოლოგიას.

He ლაზერული ვიდეოდისკი არის ლითონის ან პლასტმასის დისკი, რომელზეც შეყვანის სიგნალები კოდირებული ხვრელების თანმიმდევრობით ჩაიწერება, რომლებიც თავდაპირველად დაიწერა მთავარ დისკზე მაღალი სიმძლავრის ლაზერის გამოყენებით. ასლები მზადდება ამავე ზომის დისკებზე კონტაქტური ბეჭდვით. დაკვრის დროს სიგნალები იკითხება დაბალი სიმძლავრის ჰელიუმ-ნეონის ლაზერით. დისკიდან არეკლილი სინათლის რაოდენობის ცვალებადობა აღიქმება ფოტოდეტექტორით. ელექტრონული სქემები მიმღები მოწყობილობისთვის სინათლის სიგნალებს ვიდეო- და აუდიოსიგნალებად გარდაქმნის.

მყარი დისკები და ფლეშ მეხსიერების ბარათები ისევე, როგორც VCR, მუშაობს ისეთსავე პრინციპებზე, როგორზეც ჩვეულებრივი მაგნიტოფონი. ლაზერული დისკები სამომხმარებლო ბაზარზე 1970-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ლაზერული დისკების წარმოება 21-ე საუკუნის ბოლოს შეწყდა, თუმცა მან ციფრული ვიდეოდისკების, ანუ DVD- შექმნა განაპირობა.

DVD პოპულარული გახდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში და რამდენიმე წელიწადში ვიდეოჩანაწერების გაყიდვებს გადააჭარბა. DVD დისკები დიამეტრითა და სიგანით CD-ების ტოლია. ვიდეოდისკი უკრავს ლაზერის სხივით, კონტაქტის გარეშე.

DVD დისკები ეყრდნობა ციფრულ კოდირებას, რომელიც ჩაწერს თითოეულ ორმოს და მიწას ორობით, ანუ რიცხვით, კოდით. მაგალითად, თითოეული ორმო ჩაწერილია როგორც 0, და თითოეული მიწა არის 1. როცა დისკი ტრიალებს, ლაზერის სხივი ფოკუსირებულია ორმოებზე. როდესაც ლაზერი მიწას ეცემა, სინათლე აირეკლება ფოტოდიოდის დეტექტორზე. როდესაც ის ორმოს ეცემა, სინათლე იფანტება და გაცილებით ნაკლებ სინათლეს აირეკლავს დეტექტორზე. შედეგი არის შუქის ციმციმი, რომელიც შეესაბამება ციფრული ვიდეოსიგნალის იმპულსებს. დეტექტორი გარდაქმნის ამ ლაზერული სინათლის იმპულსებს ციფრულ ელექტრულ სიგნალებად და აგზავნის მათ სხვა სქემებში, რომლებიც ხელახლა ქმნიან ორიგინალურ ვიდეოს და მას ეკრანს აწვდიან. CD-ს ჩასაწერადაც იგივე ოპერაციული პრინციპები გამოიყენება.

ოპტიკურ დისკებს დიდი უპირატესობა აქვთ სხვა ვიდეოდისკებთან შედარებით, რადგან ფიზიკური კონტაქტის არარსებობა ხელს უშლის ცვეთას. ეს საშუალებას იძლევა ლაზერული დისკების განუსაზღვრელი ვადით გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ციფრული დისკების წაკითხვის ლაზერი შეიძლება მყისიერად გადამისამართდეს დისკის კონკრეტულ ნაწილზე სწრაფად, წინ ან უკან გადახვევაზე. დისკის პლეიერები ასევე იყენებენ პაუზის და შენელებული მოძრაობის ფუნქციებს.

ციფრული ვიდეოჩამწერი – DVR ნომრის კოდს ლითონის დისკზე ინახავს, მოწყობილობაში, რომელსაც ჰქვია მყარი დისკი. DVR გამორიცხავს ფირის ან დისკის საჭიროებას. სხვა ვიდეოჩამწერი მოწყობილობებისგან განსხვავებით, DVR-ს შეუძლია სატელევიზიო პროგრამის ჩვენება თავიდანვე მაშინაც კი, როცა ის უკვე ჩაწერილია. DVR გამოიყენება, როგორც დამატებითი მოწყობილობა ტელევიზორთან დასაკავშირებლად. ზოგიერთ სატელიტურ და საკაბელო კომპანიას DVR შესაძლებლობები პირდაპირ მათ სისტემებში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ DVR-ს აქვს ჩაწერის შეზღუდული დრო, ისინი თავსებადია ინტერნეტთან, ამიტომ ჩანაწერები შეუძლია გადაიტანოს კომპიუტერში.

ფლეშმეხსიერების ბარათები არის პატარა, თხელი მოწყობილობები, რომლებიც ჩასმულია ციფრულ კამერაში, ვიდეოკამერაში ან მობილურ ტელეფონში და გამოიყენება, როგორც ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა. ბარათი შეიძლება ჩასვათ კომპიუტერის პორტში ინფორმაციის გადასატანად ან პრინტერში ინფორმაციის დასამუშავებლად. ფლეშმეხსიერების ბარათით შეიძლება ვიდეოს, მუსიკისა და სურათების მობილურ ტელეფონებზე გადატანა. ბარათებზე გამოსახულებები შეიძლება წაიშალოს, ხოლო ბარათი ხელახლა გამოყენებადია. მეხსიერების ბარათები ვიდეოთამაშების ზოგიერთ სისტემაშიც გამოიყენება.

ციფრული ჩამწერი არის საოცარი გამოგონება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევინახოთ წარსულის ზუსტი ხმები და ვიზუალური გამოსახულება.

რა არის ხმა? ხმა, რომელიც გვესმის, რეალურად არის ობიექტის მიერ გამოცემული ბგერითი ტალღების მეშვეობით გამოწვეული ჰაერის წნევის უმნიშვნელო ცვლილება. როდესაც ობიექტი ვიბრირებს, ის ანაცვლებს მის გვერდით არსებულ ჰაერის მოლეკულებს. ეს მოლეკულები შემდეგ ეჯახება ჰაერის სხვა მოლეკულებს, რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ადამიანის ყურამდე აღწევს ჰაერის შესაბამისი ვიბრაციები და აღიქმება, როგორც ხმა. საინტერესოა, როგორ უნდა შეძლოს მოწყობილობამ ამ ხმის მიღება და მისი დაკვრა ნებისმიერ დროს.

ციფრული ჩანაწერი სიგნალს იღებს მიკროფონის საშუალებით. მიკროფონი ბგერითი ტალღის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. მიკროფონი მოწყობილობას ჰაერის წნევის ვიბრირებას ელექტრონული ფორმით აწვდის, რასაც შემდეგ ციფრული ჩამწერი მოწყობილობა ინახავს.

რაც შეეხება ვიზუალურ კადრებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ეს მიიღწევა კადრების სიხშირის დარეგულირებით. კადრების მინიმალური სიჩქარე მოძრავი გამოსახულების კომფორტული ილუზიის მისაღწევად არის დაახლოებით თექვსმეტი კადრი წამში. ციფრული მოწყობილობა ახდენს ვიდეოკადრების ელექტრონულ სიგნალებად გარდაქმნასა და შენახვას.

დაკვრის დროს კი შენახული ელექტრონული სიგნალი ისევ ბგერად და გამოსახულებად გარდაიქმნება.

აუდიო- და ვიდეოჩანაწერები ორივე ილუზიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვხედავთ ჩაწერილ ვიდეოს ან ვუსმენთ აუდიოჩანაწერს, ეს არის წარსულის სიგნალებად გარდაქმნილი ხმები და გამოსახულება, რომლის ჩაწერაც ჩვენმა მოწყობილობამ განახორციელა.

მომავალში, როდესაც ვიდეოჩანაწერს იხილავთ, კარგი იქნება, თუ იმაზეც დაფიქრდებით, რამდენი შრომა ჩადეს მეცნიერებმა ამ კომფორტის ჩვენს ყოველდღიურობად გადასაქცევად. იქნებ, მოინდომოთ ამ მიმართულებით თქვენი თვალსაწიერის გაფართოება და ეს თქვენს მომავალ პროფესიად აქციოთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://kids.britannica.com/students/article/video-recording/277594

https://info.verkada.com/video-storage/digital-video-recorder-dvr/

 

 

„მართალს ვიტყვი“  — დავით გურამიშვილი და   სოლომონ აშის ექსპერიმენტი

0

ხომ ვიცით, „დავითიანი“ დავით გურამიშვილის მიერ როგორი სიმძაფრით დასურათებული ეროვნული დრამაა თავისი ისტორიული ორომტრიალით, ანალიზით და შედეგების შეფასებით! თან მთელი პოემა ვერდის „ნაბუქოდონოსორივით“ (და შეიძლება, უფრო მძლავრადაც) ჟღერს. ეს გენიალური, სწორუპოვარი პოეტი პოლიტიკური პროცესების სიღრმეებს ჭვრეტს და ისტორიით ამღვრეულ მორევში სიამოვნებით გვითრევს, – ალბათ, იმის სასწავლებლად, ასეთი მწარე და ავბედითი მატიანე ტკბილ კენწეროდ როგორ ვიქციოთ, იმის საჩვენებლად, რომ ისტორიას მოკვდავი ადამიანები ქმნიან და იმის გონებაში ჩასაბეჭდად, რომ თავად ადამიანს უკვდავი, დროში ფასდაუკარგავი ღირებულებები აქცევს ადამიანად!

კლასიკური პოეტიკის წესებზე აგებულ პოემაში ისტორიულ პირთა ხასიათები, ქცევა, დასნებოვნებული ფსიქიკა თუ ცნობიერების შინაარსი ისტორიულ ჭრილში იკითხება. ღვთის დამსახურებული საწყაულიც მიეგებათ მათ, ვინც ანტიღირებულებათა დაღმავალ კიბეს უფსკრულისკენ ჩაუყვა, თუმცა იქიდან ამოძვრომის გზაც ნათელია. ამ გზას სიმართლე ეწოდება და მის გარეშე პოეტს არსებობა არ შეუძლია:

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?

ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.

მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.

სიმართლე განა მარტო პიროვნული ახირებაა?! მის გარეშე სენით იბილწება ქვეყანა, იღუპება საზოგადოება, კვდება ერი, და ეს არის მწერლის ყველაზე დიდი გულისტკივილი თუ საფიქრალი.

„მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“

— აცხადებს ის.

ქართველ პოეტს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში კარგად ესმოდა, რომ სოციალურიზეგავლენის შედეგად ადამიანს ან ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია შეცვალოს სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მოსაზრებები, რწმენა ან უბიძგოს მათ რაღაც კონკრეტულისკენ. ესმოდა, რომ სიცრუე, სიმართლის ღალატი კონფორმიზმია, რომელიც უნდა დაიგმოს, რადგან პირად ინტერესებს ხშირად საზოგადოებრივი თუ საქვეყნო ინტერესები ეწირება და ეს აუცილებლად აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებაა. ამ თვალსაზრისით, დავით გურამიშვილი სოციალურად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა, რამდენიმე ურჩხულს შორის გამომწყვდეულ ქართველობას რა გაიყვანდა ფონს. გრძნობდა და გონივრულად აფასებდა მშვიდობიანი მორჩილების კონფორმულ მდგომარეობას უცხო ძალის მიერ ხელდებულობის პირობებში. ამიტომ იყო, რომ ხაზს უსვამდა ეროვნული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებითაც საქართველოს საუკუნეები ჰქონდა გამოვლილი როგორც ეროვნულ სახელმწიფოს და „რომელთა შელახვა ადრე თუ გვიან გარდუვალად კატასტროფას ნიშნავდა“[1].

ახლა ვნახოთ, როგორ განიმარტება კონფორმულობა სამოქალაქო განათლების ლექსიკონში: კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა.

დიმიტრი უზნაძის მოწაფისა და მისი საქმის გამგრძელებლის, აკად. შოთა ნადირაშვილის წიგნში „სოციალური განწყობა“ (1985) ვკითხულობთ: „ადამიანის ფსიქიკური აქტივობა თავისი ბუნებით არსებითად სოციალური ხასიათისაა… ადამიანი სოციალურ ჯგუფში ყალიბდება, იკმაყოფილებს თავის მოთხოვნებსა და მისწრაფებებს, სოციალური მოთხოვნების საფუძველზე ქმნის ღირებულებებს“[2]. შ. ნადირაშვილი აქვე წერს, რომ სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისთანავე აქტუალურ საკითხად იქცა პიროვნების აქტივობასა და მის განწყობაზე სოციალური ჯგუფის გავლენის ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი. პიროვნებაზე სოციალური ჯგუფის გავლენის ყველაზე ნათელ სურათს კი იგი კონფორმიზმის ფენომენში ხედავს და გვაცნობს სოლომონ აშის მიერ 1956 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის არსი ასეთია:

ცდისპირებს აძლევენ ორ ფურცელს, ერთზე სხვადასხვა სიგრძის სამი ხაზია დასმული, მეორეზე – ერთი, რომელიც აღნიშნული ხაზებიდან ერთ-ერთის ტოლია.

ჯგუფის რვა წევრიდან მხოლოდ ერთია ნამდვილი ცდისპირი, დანარჩენები ექსპერიმენტატორის ასისტენტები არიან. ისინი განგებ არასწორ პასუხს ასახელებენ. ნამდვილმა ცდისპირმა არაფერი იცის დანაჩენ მონაწილეთა წინასწარი მოლაპარაკების შესახებ. ცდისპირები ისე სხედან, რომ ნამდვილ ცდისპირს რიგის მიხედვით მეშვიდეს უხდება ცდის თითოეულ ვარიანტში პასუხის გაცემა. ყოველ ცდაში მისი წინამობედი ექვსი ცდისპირი შეთანხმებულად, ერთხმად, სტანდარტული ხაზის ტოლად მკვეთრდ განსხვავებულ ხაზს ასახელებს.

ინდივიდუალურ ცდებში ყველამ სწორად მიუთითა, სამი ხაზიდან რომელი იყო ცალკე წარმოდგენილი ხაზის ტოლი. ჯგუფური ცდების შედეგები სავალალო აღმოჩნდა: ცდისპირების მესამედზე მეტმა, 37%-მა, გაიმეორა ჯგუფის ყალბი პასუხი. მათზე ჯგუფის გავლენა ისეთი დიდი იყო, რომ ისინი, აშკარად აღქმული მონაცემების საწინააღმდეგოდ, ჯგუფის მიერ გამოთქმულ შეხედულებებს იმეორებენ.

თუ ობიექტების შეფასებისას მათი ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, კონფორმულობა 80%-მდე იზრდება. ჯგუფის კონფორმული გავლენის ეფექტი ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია ადამიანის გრძნობადი შინაარსების შეცვლა და აღქმითი ილუზიების აღძვრა.

როგორ ფიქრობთ, დავით გურამიშვილი სოლომონ აშის საექსპერიმენტო ჯგუფში რომ ყოფილიყო, რას იზამდა, ჯგუფის დანარჩენი წევრების ქუდს ისიც დაიხურავდა?

[1]  ნოდარ ნათაძე, „დავითიანის“ შინაარსი, აღნაგობა და ძირითადი მოტივები, https://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/davitiani_shinaarsi.htm

 

[2] შ. ნადირაშვილი, იქვე, გვ. 230.

წავუკითხოთ ერთმანეთს

0

ჩემს მასწავლებლურ გამოცდილებაზე დაკვირვებით, კითხვის სწავლა უფრო და უფრო უჭირთ ბავშვებს. ბევრს ვფიქრობ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ თანამედროვე სამყაროს ამ ურთულეს გამოწვევას. ახლა ბავშვებს ისე სჭირდებათ უფროსების დახმარება, როგორც არასდროს. ბრაზი იმის გამო, რომ ვერ ან არ კითხულობენ ბავშვები, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგვიშლის. სწორედ ამიტომ, მშობლებმა, მასწავლებლებმა, ბავშვების აღზრდით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, მოთმინებით აღვიჭურვოთ და ბავშვებს როგორმე კითხვა უნდა შევაყვაროთ.

გადავწყვიტე, გიამბოთ, თუ როგორ შეიძლება, კითხვა გადავაქციოთ დღესასწაულად და დაუვიწყარ თავგადასავლად.

მეთოდი სახელად „წავუკითხოთ ერთმანეთს“ მე და ჩემმა 11 წლის შვილმა გამოვიგონეთ. ამ მეთოდამდე მოსასვლელად რამდენიმე წელი დაგვჭირდა. ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა გაბრიელი სკოლაში არ დადიოდა. მაშინ მომაფიქრდა, რომ ჩემი შვილებისთვის ხმამაღლა წამეკითხა ისეთი წიგნი, რომელიც თავადაც არ მქონდა წაკითხული. რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულით“ დავიწყეთ. სათავგადასავალო ჟანრმა, მეკობრეებმა, განძის ძიებამ, გემებმა პატარა ბიჭის ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთო. იმდენად დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ხმამაღლა წაკითხულმა წიგნმა, „განძის კუნძულის“ დასრულებისთანავე ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰობიტი“ შევარჩიეთ. ზღვიდან ჰობიტების, ჯუჯების, ელფების სამყაროში გადაბარგება სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამჯერადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქეთ ერთმანეთს. მაშინ მხოლოდ მე ვუკითხავდი 6-9 წლის ბავშვებს. შემდეგ ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილების“ კითხვას შევუდექით, მაგრამ ერთ თავს ვერ გავცდით. რამდენიმე წელი მივივიწყეთ სქელტანიანი წიგნების ერთობლივი კითხვა. გაბრიელი დროდადრო მთხოვდა, ისევ შემერჩია რომელიმე წიგნი და ხმამაღლა წაგვეკითხა, თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო თავი ვერ მოვაბი: გაბრიელის ქართულის მასწავლებლობა მხვდა წილად და მთელი ძალისხმევა დამოუკიდებლად წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებისკენ მივმართე, კლასში გამუდმებით ვუკითხავდი ბავშვებს მხატვრულ ლიტერატურას, ე.წ. კლასის საკითხავ წიგნს, იმ პერიოდში თავადაც დაიწყო კითხვა და, ამასთანავე, ხმამაღალი კითხვის ერთგულებიც ვრჩებოდით – გამუდმებით ვუკითხავდით ერთმანეთს ქართულ ხალხურ ზღაპრებს. ამ ზაფხულს კი გაბრიელის თხოვნამ დამაფიქრა და ისევ გაგვიჩნდა სურვილი სქელტანიანი წიგნის ხმამაღლა წაკითხვისა. ამგვარი ხანგრძლივი გზა გამოვიარეთ და ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტამდე“ მოვედით.

 

წიგნის შერჩევა

წიგნის სწორად შერჩევა პირველი და უმთავრესი ნაბიჯია. ჩემი არჩევანის მიღმა ულამაზესი ამბავი იმალება. ათი წლის წინ სოფელ უწერის სკოლაში მუშაობისას პირველი ხელფასის ასაღებად კოლეგებს ქალაქ ონში გავყევი. შემოდგომა იდგა. მთებზე ჩამოეთოვა. სკოლის წითელ ავტობუსში ვიჯექი და ყველაფერი მაკვირვებდა: რაჭული დიალექტი, ულამაზესი სიტყვები, ყურმოკრული დიალოგები, განსხვავებული ყოფიერება, ურთიერთობები. მასწავლებლები მაღაზიებში გაიფანტნენ, იმარაგებდნენ ფქვილს, ყავას, ზეთს… ეძებდნენ ქილების ხუფებსა თუ რეზინის ჩექმებს. პატარა ქალაქში შუშებიანი ჯიხური შევნიშნე. გაზეთებს ყიდდნენ. მაშინ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იყიდებოდა წიგნები სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. რიგით 33-ე წიგნი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტი“ იყო. გაზეთების ჯიხური აღმოჩნდა პორტალი ჩემი მასწავლებლური თავგადასავლისა და ამ ჯადოსნური სამყაროს პირველი კარი „ოლივერ ტვისტმა“ გამიღო.

დეკემბრის მიწურულს მე და ჩემმა მოსწავლეებმა უწერის სკოლაში პირველი ლიტერატურული კაფე გავმართეთ. წიგნის წარდგენის ფორმად საინფორმაციო პლაკატი შევარჩიეთ. იმ დღეს სკოლის პატარა სააქტო დარბაზმა უამრავი ადამიანი დაგვიტია. ოთახი შეშის ღუმლით გავათბეთ, ღუმელში დარიჩინიანი ვაშლი შევწვით, კაკაო და გლინტვაინი მოვადუღეთ და წაკითხულ წიგნებზე ვისაუბრეთ. ყველა ვღელავდით. გამოუცდელები, მაგრამ გაბედულები და ერთად ყოფნის ბედნიერებით სავსეები ვიყავით. მე „ოლივერ ტვისტი“ წარვადგინე. გაბრიელი მაშინ 2 წლის ხდებოდა და შინ დავტოვე.

ჩემ შემდეგ ოლივერ ტვისტი მეექვსეკლასელმა მარიამმა და თამარმა წაიკითხეს და ერთად წაკითხულმა წიგნმა თანამოაზრეებად გვაქცია, დავიჯერეთ, რომ ყველა დაბრკოლებას ოლივერის მსგავსად გადავლახავდით და კეთილი ადამიანების თანადგომა ჩვენც არ მოგვაკლდებოდა. მართლაც ასე მოხდა. ორი წლის შემდეგ ლონდონიდან მასწავლებელი გვესტუმრა. ლელამ დაუვიწყარი საჩუქრები გვაჩუქა: ლონდონის მუზეუმის ნახატების მიხედვით შექმნილი სამაგიდო თამაში, „ჯიპრაიდის“ საკითხავი წიგნები, ვან გოგის ნახატებიანი კალენდარი და ბოლოს ყუთიდან ილუსტრირებულყდიანი წიგნი რომ ამოიღო, მე და ჩემი მოსწავლეები ავყვირდით. ლელა გაოცებული გვიყურებდა, ვერ გაეგო, რა გვიხაროდა. ლონდონიდან კი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტს“ უფრენია, უვლია და უწერის სკოლამდე ჩამოსულა. ჩვენ მყისვე ვიცანით ყდაზე დატანილი ილუსტრირებული ეპიზოდი – ოლივერი ხის ჯამით ხელში შრომის სახლის თანამშრომლებთან იდგა, გამხდარი, ობოლი, მშიერი ბიჭი მეგობრების წაქეზებით ულუფის დამატებას ითხოვდა შემდეგი ფრაზით: „Please, sir, I want some more!“ ასეთი შთამბეჭდავი და გამაოგნებელი სიხარული მოგვიტანა ჩვენმა პირველმა წიგნმა. ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეუძლია ლიტერატურას, თავი მნიშვნელოვნად გაგრძნობინოს, დროისა და სივრცის ჩარჩოები დაარღვიოს და ამბების მომგროვებლად გაქციოს.

ეს ყოველივე გაბრიელს ვუამბე. მართალია, რაჭიდან ქალაქში გადმოვინაცვლეთ, მაგრამ რაჭაში გაზრდილი ბიჭის გულს ოლივერ ტვისტი სიყვარულით ავსებს. მე გამოუთქმელი სინაზით ვუბრუნდები წიგნს, გაბრიელი კი დიდი ინტერესით შემოდის.

 

კითხვის დრო და ადგილი

წიგნის კითხვის რიტუალის ჩამოყალიბებას ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, როგორც კი დროს მოიხელთებთ, მაშინ სჯობს წაკითხვა. ჩვენი თავისუფალი დრო დღის განმავლობაში ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ვკითხულობთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება კითხვის ადგილს, ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, წიგნს ძირითადად სასადილო ოთახში ვკითხულობთ. ხშირად სადილის მომზადებისას ან ნამცხვრის ცხობისას გაბრიელი მიკითხავს და ეს მომენტი ყველაზე მეტად მიყვარს.

 

რას ვაქცევთ ყურადღებას კითხვისას?

ხმამაღალი კითხვა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საკუთარი თავი უნდა გამოაფხიზლო, ენერგია უნდა გამოიმუშაო. ამ ყოველივეზე გაბრიელსაც ვესაუბრები. ვაკვირდებით, რომ ხმადაბალი კითხვისას ხალისი იკარგება, სიტყვების დაბოლოების ამოკითხვა ჭირს და აზრიც ბუნდოვანი ხდება. როგორც კი ინტონაციით – ხმის აწევ-დაწევით – ვიწყებთ კითხვას, მკითხველის სხეულიც ფხიზლდება და მსმენელიც ყურადღებით იწყებს მოსმენას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ მონაცვლეობით ვკითხულობთ ხმამაღლა, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი ჩვენგანი უკითხავს მეორეს.

კითხვისას ვაკვირდებით უცხო სიტყვებს, ახალი პერსონაჟების გამოჩენას, ქუჩების სახელწოდებებს, ავტორის შეფასებებსა და მსჯელობას, პერსონაჟთა ქცევას, ძალიან გვიყვარს სქოლიოებში დატანილ სიტყვებზე დაკვირვება და განმარტებების ამოკითხვა.

დროდადრო ვჩერდებით და გამოვთქვამთ ვარაუდებს, თუ როგორ გაგრძელდება სიუჟეტი ან მიმოვიხილავთ განვითარებულ მოვლენებს, ზოგჯერ ცრემლებით გვევსება თვალები, ზოგჯერ კი გულიანად ვიცინით.

კითხვისას ფერადი კალმით ვხაზავთ უცხო სიტყვებსა და საინტერესო ფრაზებს. წიგნში გვხვდება ჩემი რაჭველი მოსწავლეების მიერ შავი ფანქრით გახაზული ფრაზები. ხშირად ჩვენც ის მოგვწონს, რაც – მათ. ფურცლებს შორის ვპოულობთ გამხმარ ყვავილებს, ფოთლებს და ვუფრთხილდებით.

ოლივერის დღიური წერა

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, თუკი აქამდე წიგნის ხმამაღლა კითხვა მხოლოდ მკითხველის აქტიურობას გულისხმობდა და მსმენელი პასიურობდა, „ოლივერ ტვისტის“ კითხვა ამჯერად ინტერაქციული აღმოჩნდა და გარდა იმისა, რომ მონაცვლეობით ვკითხულობთ, გამოვთქვამთ მოსაზრებებს, ხმამაღლა ვაკეთებთ კომენტარებს, თავიდანვე შევთანხმდით, რომ წაკითხვის შემდეგ დღიურს დავწერდით.

საგულდაგულოდ შევარჩიეთ რვეულები, მოვხატეთ ყდები და ოლივერის დღიური დავარქვით. წიგნის ერთი თავის წაკითხვის შემდეგ დღიურში ვწერთ ჩანაწერს, რომლის ინსტრუქციაც ერთად შევიმუშავეთ. წერილობითი ტექსტი მოიცავს ამბებს ჩვენი ცხოვრებიდან და კომენტარს წაკითხულის შესახებ. რა ხდება ახლა? რა მოხდა გუშინ? რას ვაპირებთ ხვალ? – ძირითადად, დროის ამ სამ მონაკვეთს ვარჩევთ და ვწერთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად.

წერისას ხშირად ვუსმენთ მუსიკას. ჩვენს ნაწერს გადავიკითხავთ, ვასწორებთ და შემდეგ ერთმანეთს ვუკითხავთ. ჩემი უმთავრესი ადრესატი გაბრიელია – ერთი სული მაქვს, როდის წავუკითხავ ხოლმე დღიურს და როცა თვალებგაბრწყინებული მეუბნება, რომ ძალიან კარგად ვწერ, უზომოდ მიხარია.

დღიურში ჩამოვწერეთ წერის სხვა მეთოდებიც და გადავწყვიტეთ, რომ დღის ჩანაწერსა და წერილობით კომენტარს დროდადრო ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით ჩავანაცვლებთ:

  • პირადი წერილი პერსონაჟს;
  • ერთი მოგონება;
  • ვენის დიაგრამა;
  • დახატე ეპიზოდი;
  • დაახასიათე პერსონაჟი;
  • მისწერე მეგობარს წერილი ოლივერის შესახებ;
  • ამოიწერე უცხო სიტყვები;
  • ამოიწერე ფრაზები.

ერთმანეთისთვის ხმამაღლა კითხვის შემდეგ წერა ძალიან მოგვწონს. წერა გვეხმარება წაკითხულის გაგება-გააზრებაში, ჩვენი განცდების გადმოცემაში, ერთმანეთის გაცნობაში.

23 ივნისის ჩანაწერების მცირე მონაკვეთი:

„დღეს დილას 6-ზე დავაყენე მაღვიძარა, მარა 10 საათზე გამეღვიძა და ეგრევე ნერსესთან გავვარდი. მერე თურმე მამას ბაბუასთვის ფული გამოუტანებია და ახმეტელზე გავქროლდი. მერე მუსიკაზე გავეშურე. იქ ჩემი მუსიკა დავუკარი და სიმღერა ვიმღერე. ნანა მასმა ყვავილი გამომატანა. თურმე სულთმოფენობა ყოფილა და ეს ყვავილი მთელი წელი უნდა შემენახა და ახლა ვინახავ. საიტერესოა, 5 საათი როგორ გაუძლო… მე და დედამ „ოლივერ ტვისტი“ წავიკითხეთ. ეს თავი ძალიან საინტერესო იყო და ცოტა გამიხარდა, ოლივერი რომ ამ კაცის ხელშია. ცოტა წესიერ რამეს შეჭამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულს გაუმწარებენ“. გაბრიელი

 

„ცხოვრება ლიტერატურასთან ერთად – ჩემი ყოველი დღის სათაური ამგვარია. ხშირად განვიცდი მადლიერებას ლიტერატურის სიყვარულის გამო. დილას შიო მღვიმელის ლექსს „ირემი“ ვკითხულობდი ხმამაღლა. ლილე გვერდით მეჯდა, დღიურში სარკისებურად წერდა ციფრებს, ნერსე ეტლში იწვა და მე ვკითხულობდი ლექსს, ალბათ, მეასედ, მაგრამ მხოლოდ ამ დილას ვიტირე. ლილემ შემომხედა სიყვარულით სავსე თვალებით და შენ რა ყველაფერზე გეტირებაო, შემომღიმა.

…ჩარლზ დიკენსი ძალიან ზუსტად ასახავს ქცევის მოტივს. როცა გულს მტკენენ ან სივერაგეს, მზაკვრობას ვაწყდები, ხშირად მინატრია, ნეტავ, ჩარლზ დიკენსი ვიყო, რომ ზუსტად ავსახო ის, რაც ჩემს თავს ხდება-მეთქი.

ოლივერის სისუსტე მაშინ გადაიქცა უზარმაზარ ძალად, როცა თავმოყვარეობა შეულახეს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს. ის გაძლიერდა. ზოგჯერ ბრაზი გვაძლიერებს. საინტერესო ემოციაა.

ოლივერი დიკს ხვდება. დიკი მისი ერთადერთი მეგობარი იყო ფერმაში. მათ ერთად სცემდნენ და აშიმშილებდნენო, წერს მწერალი. დიკი ოლივერს ემშვიდობება, კოცნის და ლოცავს. ამ ეპიზოდმა ამატირა.

საღამოს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას ვკითხულობდი. აკა მორჩილაძე ისეთი ენით წერს, ადვილად აყვარებს მკითხველს ვაჟას.

…მიდი, ოლივერ, გაიქეცი! ხვალ შეგხვდებით. ლონდონისკენ მიმავალ გზაზე მე და გაბრიელიც გამოგყვებით. არ შეგეშინდეს, პატარავ.

ხშირად ვფიქრობ, რამდენი თაობის მკითხველს აერთიანებს ოლივერ ტვისტი  და რა მაგარია ლიტერატურის ძალა, თუნდაც ამიტომ!“ დედა (ამონარიდი ჩემი ჩანაწერიდან)

ვიდეოჩანაწერი

ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ჩემი პრაქტიკული საქმიანობისა და ლიტერატურის შესახებ ვიდეომასალის ჩაწერას. გაბრიელს და მის მეგობრებს, რომლებსაც Youtube-ზე არხი აქვთ, ხშირად ვეკითხები რჩევებს. ციფრულ ეპოქაში მასწავლებლებმა ყველა პლატფორმა უნდა ავითვისოთ, სადაც ჩვენი მოსწავლეები იმყოფებიან. ამას გარდა, ვიდეოჩანაწერით ინფორმაციის გავრცელება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, გაბრიელს ოლივერ ტვისტის წაკითხვისა და დღიურის დაწერის შესახებ ვიდეოს ჩაწერა შევთავაზე. თავდაპირველად უარი მითხრა. შემდეგ ვესაუბრე, თუ რა მიზანი მამოძრავებდა და დამთანხმდა.

დავსხედით, ჩავრთეთ მობილური ტელეფონის კამერა და გულწრფელად ვისაუბრეთ, რატომ და როგორ ვკითხულობთ, დღიურიდან ერთი დღის ჩანაწერიც წავიკითხეთ. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეობლოგების საჭიროებაში დავრწმუნდით და გადავწყვიტეთ, დროდადრო ჩავწეროთ და საზოგადოებას გავუზიაროთ კითხვისა და წერის ჩვენეული თავგადასავალი.

ამგვარად, ერთ წიგნს დავუკავშირეთ ხმამაღალი კითხვა, წერა, ვიდეოჩანაწერი – აზროვნების, გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. რაც მთავარია, ძალიან გვიხარია კითხვა ერთმანეთისთვის. წიგნის დასრულების შემდეგ ოჯახის წვერებისთვის პრეზენტაციის გამართვას ვგეგმავთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე ისე მიებმება ხოლმე, რომ წაკითხვას ვერ ვახერხებთ. ოჯახის თითოეული წევრი გვგულშემაგვტკივრობს, იციან, რომ ვკითხულობთ და დროდადრო მათაც უწევთ მოსმენა.

ბოლოს რაჭისკენ მიმავალ გზაზე ვკითხულობდით. მანქანის სახურავი ნახევრად გადახდილი იყო. საღამოვდებოდა. შქმერის ცა თან მოგვყვებოდა. მეთერთმეტე თავში ოლივერს ცხვირსახოცის ქურდობას დააბრალებენ, შიმშილისა და შიშისგან ბიჭს გული წაუვა. მოსამართლე კი არ უჯერებს. მისტერ ბრაინლოუ ოლივერის გამართლებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამ უიმედო და უსამართლო ვითარებისას წიგნების გამყიდველი აქოშინებული შემოიჭრება სასამართლო დარბაზში… – ეს ხდებოდა წიგნში, ლონდონში… ჩვენი მანქანა კვლავ სოფელ შქმერში მიქროდა. გზაზე ცხენები გამოჩნდნენ. სვლა შევანელეთ. მანქანაში ყიჟინა ატყდა, ჩემი ოჯახის წევრები ცხენოსნებს გამოელაპარაკნენ. ჩემს კალთაში სამი თვის ჩვილს ეძინა. ხელში მძიმე წიგნი მეჭირა. მგზავრობით გადაღლილმა ცხენზე ამხედრებულ ბიჭებს შევხედე და ჩემი ყოფილი მოსწავლეები ძლივს ვიცანი. ფანჯარას მოუახლოვდნენ რამდენიმე წლის უნახავი ბიჭები და მკითხეს, როგორა ხართ, მასწავლებელოო. სიმბოლური იყო, ხელში „ოლივერ ტვისტი“ რომ მეჭირა. ამ სტატიის წერა თბილისში დავიწყე და ვფიქრობდი, შესავალი ნაწილი ძალიან ხომ არ გამეწელა-მეთქი, ახლა უწერაში ვარ და სტატიის ბოლოს ისევ ვწერ იმ ადამიანებთან შეხვედრაზე, რომლებიც პირველ ლიტერატურულ კაფეში მთავარი პერსონაჟები იყვნენ. ნიკუშა მაშინ მეხუთე კლასში იყო, პაატა – მეათეში, გიორგი – მეთერთმეტეში. იმ დღეს გადაღებულ ფოტოებსაც ცოცხლად ვხედავ. ახლა კი ყველაზე მეტად ნიკუშას ცნობა გამიჭირდა. ბიჭი, რომელიც კლასში კულუმბარებსა და თოხიტარებზე მიყვებოდა, ახლა ცხენზე ზის, სალოცავში მიიჩქარის და ისე მიღიმის, გული მილღვება. იმ საღამოს მე და გაბრიელმა დღიურში დაწერა ვერ მოვასწარით და მაშინვე ვიფიქრე, რომ მეთერთმეტე თავის წაკითხვის პასუხად ამ შეხვედრის შესახებ მოვყვებოდი.

თუკი ამ სტატიაში ასახულ მოვლენებს დავაკვირდებით, დროისა და სივრცის ხაზების უცნაურ კვეთაზე დავფიქრდებით, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთისთვის წაკითხულ წიგნებს ჯადოსნური ჯოხის ეფექტი აქვს – მიუშვერ საყვარელი ადამიანის გულს, ჩრდილოეთის ციალივით გაანათებ და მისი ნათება სხვების გულებსაც მისწვდება.

 

 

წითური ბიჭი „ოქროსგასაღებიანი სოფლიდან“

0

მაისის თვეში „მთის ქალაქებში“ ვიმოგზაურე. ასე მე ვუწოდებ, თორემ სინამდვილეში ყველა ქალაქს თავისი სახელი აქვს და თურქეთის აღრის რეგიონში არარატის მთის ძირას მდებარეობენ. ვისაც წნევა აწუხებს, იქ წასვლას არ ვურჩევ, რადგან მართლა გვარიან სიმაღლეზე ადიხარ. ხე საერთოდ არ ხარობს, გარშემო მთები და გაშლილი მინდვრებია. ამიტომ, აქ ხილს სხვა ფასი აქვს, რადგან ფუფუნებაა. ძირითადი საქმიანობა კი მეცხოველეობა გახლავთ. ჩემი წასვლის ოფიციალური მიზეზი ქალაქ აღრის უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა იყო. თუმცა, მანამდე სპეციალურად ისე დავამთხვიე, რომ ლექციები სწორედ აღრიში წამეკითხა და ისიც აუცილებლად მაისში.

 

რატომ? – აღრის რეგიონში მაისში რიბისი მოდის. სწორედ მისი დიდი რაოდენობით მირთმევა იყო ჩემი ძირითადი მიზანი.

 

რიბისს ადგილობრივები ეძახიან ქურთულ ენაზე. ისე რა ჰქვია, არ ვიცი. ამ რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობა ქურთები არიან. უმეტესობამ თურქული არც კი იცის, ძირითადი ნაწილი, ბუნებრივია საუბრობს, თუმცა უფრო ზევით მთებში გაბნეულ სოფლებში თურქულ ენაზე მოსაუბრეს სულ ტყუილად დაელოდები.

 

რიბისი მცენარეა, რომელიც უნდა გაფცქვნა და მისი ღეროები ჭამო. ძალიან გემრიელი წვენით არის სავსე. როცა კბეჩ, წვენი პირში გესხმება და რაღაცნაირ გემოს გიტოვებს. 50-ზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს და უსაშველოდ მარგებელია. მთელ სხეულს აძლიერებს და აახლებს. მხოლოდ მაისში მოიპოვება და წვენი ისეთი კონცენტრირებულია, რომ მთელი წელი ყოფნის ორგანიზმს. ამიტომ და შესაძლოა ძალიან კამკამა ჰაერის გამოც, აღრის მცხოვრებლები ძალიან იშვიათად ავადობენ სიმსივნით. ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ასე აჩვენებს.

 

მაისის დასაწყისი იდგა და ამიტომ ჯერ ბაზარში რიბისს ვერ ნახავდით. ამიტომ, ჩემმა მეგზურმა მითხრა, წამო, მთის სოფლებში ავიდეთ, იქ მეცხვარეებს ვნახავ, მოგვეხმარებიან რიბისის მოკრეფაშიო.

 

წავედით… წარმოიდგინეთ დახვეული გზა, წინ მხოლოდ ღრუბლებია და გრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ მათთან მიდიხარ სტუმრად. ჩემი მეგზური ქურთულად თავისუფლად საუბრობდა, ამიტომ პირველსავე სოფელში მწყემსები ხალისით დაგვეხმარნენ მთის კიდევ უფრო ზედა ადგილებიდან რიბისის შეგროვებაში. შემდეგ, სახლში ჩაიზე დაგვპატიჟეს. სოფელს „ოქროსგასაღებიანი სოფელი“ ერქვა, ოღონდ ოქროს იქაურობა ნაკლებად ჰგავდა. ხალხი ფაქტობრივად მიწურებში ცხოვრობს. სახლში მოხრილი უნდა შეხვიდე და თუ ოდნავ მაღალი ხარ, ასევე მოხრილმა უნდა იარო და დაჯდე. ბავშვების უმეტესობაც რაღაცნაირია, ოდნავ სევდიანი და ისეთი მორცხვი, ხეირიანად თვალებშიც ვერ გიყურებენ. ზოგადად თურქეთში, როგორ ზრდიან იცით ბავშვებს? შთააგონებენ, ჯერ ალაჰია და შემდეგ მასწავლებელიო. ამიტომ არის, რომ როგორც კი იგებენ, მასწავლებელი ხარ, მაშინვე მოწიწებას გრძნობ ყველა მხრიდან.

 

„ოქროსგასაღებიან სოფელში“ მწყემსის სახლში ჩაის დალევის შემდეგ გარეთ გამოვედით და ცოტა ფეხითაც გავისეირნეთ. მინდვრად ბავშვები თამაშობდნენ. უცხოები დაგვინახეს და ჩვენკენ გამოიქცნენ. დამავიწყდა მეთქვა, სოფელში ასვლამდე, ქალაქის სუპერმარკეტში გვარიანად ტკბილეული მოვიმარაგეთ (იცოდა ჩემმა მეგზურმა, სადაც მივყავდი). ჰოდა, მთელი სოფლის ბავშვობა ისე გავახარეთ, მეც მათ ემოციებში ვიყავი და ყურებამდე ვიცინოდი.

 

– როჟ ბაში, – მიესალმა ბავშვებს ჩემი მეგზური.

 

– დოკურმაჟი ზანი, აპო? – ქურთული იცი, ბიძია? გაუკვირდათ ბიჭებს.

 

– ეზდზანიმ, – ვიცი, აბა, არ ვიციო, გაეცინა ჩემს მეგზურს და აქ საუბარში უკვე მეც ჩავერთე.

 

– ჯანი ბაში, ზაარ? – როგორ ხართ, ბავშვებო?

 

– ბაშიმ, ბაშიმ-ერთხმად მომოგეს და იქვე მკითხეს.

 

– ხატი, დუზი ზანი? – დეიდა, ქურთული იციო? გამეცინა და ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც ქათქათა თეთრი იყო და საოცრად წითური თმა ჰქონდა, ვკითხე:

 

– დუქურმანჯი? – ქურთი ხარ-მეთქი?

 

– ერი, – დიახო, მითხრა.

 

– დუ ქურმანჯექი ჩანი? დუ ტსორი ვე ჩილი. აინი ტავი – რანაირი ქურთი ხარ, თეთრი და წითური თმით? მზეს გავხარ.

 

აქ უკვე ჩემი მეგზური ჩაერთო საქმეში და ბავშვებს უთხრა:

 

  • ხატი დუ ქელიმე დზანე, ევი ბერდე, – დეიდამ მხოლოდ ეს იცის ქურთულად და შეეშვით აწიო.

 

არადა, ეს ქურთი ბავშვი მართლაც განსაცვიფრებლად თეთრი და წითური იყო. ასეთი ფერის თმა ძველთაგანვე იქცევდა გარშემომყოფთა ყურადღებას და რა გასაკვირია, მეც რომ შემემჩნია. ასეთი ფერის თმა მთელ პლანეტაზე ადამიანთა 2-6%-ს აქვს. თითოეულ წითურ ადამიანს კანსა და თმებში ჭარბად აქვს წითელი პიგმენტი ფეომელანინი. მუქი პიგმენტი ეუმელანინი კი მცირე რაოდენობით აღენიშნებათ. სწორედ ამიტომ, ძალიან თეთრი კანი და ჭორფლიც აქვთ. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი. წითური თმები ცილა „პირველი ტიპის მელანოკორტინის რეცეპტორის“ (შემოკლებით MC1R) მუტაციასთან არის დაკავშირებული. მუტაციას ცილა კი არა, ის გენი განიცდის, რომელიც ამ ცილის კოდირებას ახდენს. ცილის სინთეზისთვის უჯრედს ესაჭიროება ე.წ. „თარგი“ , ანუ გენი, რომელშიც კოდირებულია ამ ცილის ქიმიური ფორმულა. გენის მუტაცია, ანუ „თარგის“ ცვლილება იწვევს ცილის ქიმიური შემადგენლობისა და ფუნქციის შეცვლას ორგანიზმში. ასეთი ცილა ფუნქციას ან ცუდად შეასრულებს, ან საერთოდ ვერ შეასრულებს. ზოგ შემთხვევაში კი შეცვლილი ცილა მუშაობს სხვაგვარად ან უკეთესადაც კი. თუმცა, თითოეულ უჯრედში ერთი და იმავე გენის ორი ასლი არსებობს. ერთი ასლი დედის მხრიდანაა, მეორე კი მამის მხრიდან. გამოდის, რომ თუ ერთი გენი ვერ მუშაობს, მეორე სათადარიგო გენი შეენაცვლება. ჰოდა, ეს რეცეპტორი MC1R, ერთგვარ ბიოგამომრთველის როლს ასრულებს. ანუ, თუ რეცეპტორი „ჩართულია“, ანუ აქტიურია, უჯრედი ასინთეზირებს პიგმენტ ეუმელანინს, რომელიც თმის შავ შეფერილობაზეა პასუხისმგებელი. თუ MC1R „გამორთულია“, მაშინ უჯრედი ასინთეზირებს ფეომელანინს. ჭეშმარიტად წითური ადამიანი იბადება, თუ მის უჯრედში MC1R ორივე ასლი „გამორთულია“. გამოდის, რომ წითური ბიჭი „ოქროს სოფლიდან“ სწორედ ასეთი „გამორთული“ MC1R-ის მფლობელი იყო. ანუ, გამოდის, რომ ამ ბიჭის მამასაც და დედასაც თითო-თითო „გამორთული“ გენი ჰქონდათ და ორივე ამ ბიჭს გადაულოცეს. ჰოდა, ისიც ქურთისთვის განსაცვიფრებლად ფითქინა და წითური გამოვიდა.

 

დღეს წითურების რაოდენობა ყველაზე მეტად ირლანდიაშია, მოსახლეობის 10%, შემდეგ მოდის შოტლანდია, მოსახლეობის 6%-ით. ამ 6%-ის ყველაზე მეტი კონცენტრაცია კი ედინბურგში გვხვდება.

 

არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ ძველ დროში წითურების რაოდენობა უფრო მეტი ყოფილა. გათხრების დროს წითელთმიანებს ისეთ ადგილებში პოულობენ, ამავე ტერიტორიაზე ახლა ვერაფრით რომ ვერ შეხვდები. მაგ. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ტარიმში, წითურთმიანი მუმიები იპოვეს. ეს მუმიები ჩვ. ერამდე მეორე ათასწლეულს ეკუთვნოდნენ.

 

იმ დროში წითურმიანებს ეთაყვანებოდნენ. ძველ ეგვიპტეში სეტთან, იგივე უდაბნოს, ქარიშხლის და არეულობის ღვთაებასთან ასოცირდებოდნენ. ჰოდა, წითელთმიანები ავტომატურად ძლიერ ადამიანებად მიიჩნეოდნენ. სკანდინავიური ღვთაება თორი ასევე წითელი თმით არის აღწერილი. „ილიადაში“ აქილევსის თმებზე სიტყვა „ქსანტესია“ გამოყენებული, რაც ღია ოქროსფერ მოწითალოს ნიშნავს. მის შვილს ნეოპტოლემს კი „პირსს“ უწოდებენ, რაც წითელს ნიშნავს. პოლინეზიურ კულტურაში წითური თმები ძალასთან ასოცირდებოდა.

 

 

კელტებს სჯეროდათ, რომ წითელთმიანი ბავშვები ფერიებს ენათესავებოდნენ. გვახსოვს ხომ, წითური ბავშვი შესაძლოა არა წითურ მშობლებს გაუჩნდეს და რადგან კელტებს გენეტიკისა და ბიოქიმიის არა გაეგებოდათ რა, ფიქრობდნენ, ბავშვი ფერიამ მოიყვანაო.

 

შემდეგ დრო შეიცვალა. შეიცვალა დამოკიდებულება წითური ხალხის მიმართაც. ესპანური ინკვიზიციის დროს ყველა წითელთმიანსა და წვერიანს ეშმაკთან წილნაყარად მიიჩნევდნენ. თუ მწვანე თვალებიც ექნებოდა, წასული იყო მისი საქმე. სწამდათ, რომ ვისაც წითური თმები და მწვანე თვალები ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ ვამპირად იქცეოდა. თეოფილე ხუცესმონაზონი კი აღწერს ალქიმიურ რიტუალს, სადაც სპილენძისგან ოქროს მისაღებად წითელთმიანი ბავშვის სისხლია საჭირო.

 

შემდეგ ისევ შეიცვალა დამოკიდებულება და წითური თმა მოდური გახდა. რენესანსის პერიოდის იტალიელი ლამაზმანები თმებს ჯერ კირით, ლიმონით და გოგირდმჟავას ნაზავით იუფერულებდნენ, შემდეგ კი შაფრანით და ქინათი იღებავდნენ. შედეგად, (თუ თმა გაუფერულებას გადაურჩებოდა) წითელთმიანები ხდებოდნენ.

 

წერილის დასაწყისში აღრის ბავშვებზე ვყვებოდი.

 

ჩვენს მანქანას დიდხანს მოსდევდნენ და წითური ბიჭი „ოქროსგასაღებიანი სოფლიდან“ მომძახოდა:

 

  • ხატიი, ჰადი ხათრეთეეე, – დეიდა, მომავალ შეხვედრამდეეე.

განათლების ამბები მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესიდან

0

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ  ისტორიულ ამბებში კირკიტის ახალი საშუალებები მოგვცა. განსაკუთრებით, თუ დიდი და ყველასთვის ცნობილი მოვლენები კი არა, მათ მიღმა განვითარებული ყოფითი ამბები გვაინტერესებს.  როგორ ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ მიდიოდნენ საყიდლებსა თუ სამსახურებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში, ყიდულობდნენ გაზეთებს, აღნიშნავდნენ სადღესასწაულო დღეებს და  სევდიანად კითხულობდნენ გაზეთებში ნეკროლოგებს, მაგალითად, სულ რაღაც ორი საუკუნის წინანდელ საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაზე ბევრი გვისაუბრია, გაკვეთილებიც დაგვიგეგმავს და შემოქმედებითი წერის იდეებიც მოგვსვლია, მით უფრო, როცა ქართული პრესის არქივს, კონკრეტულად კი მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პრესას ვსტუმრობთ.

ამ სტატიაში ისევ დროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ოღონდ ამჯერად, განათლების ამბები უნდა ამოვკენკოთ ძველი პრესიდან. რა იყო აქტუალური? რა სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები არსებობდა? იქნებ რეპეტიტორები მაშინაც იყვნენ? რას ასწავლიდნენ?

მოდით, გადავფურცლოთ დროისგან გაყვითლებული გაზეთების ციფრული ფურცლები:

1972 წლის „დროება“ ნუკრიანელ განმანათლებელზე, იოველ ნასიძეზე მოგვითხრობს, რომელიც ქიზიყელი გლეხის შვილებისთვის წერა-კითხვის სწავლებას ემსახურება.

1972 წლის „დროება“ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემას გვამცნობს.

 

1880 წლის გაზეთი დროება ახალი სამეურნეო სკოლის გახსნის შესახებ გვამცნობს.

1883 წელს, გაზეთი „თერგი“ ვლადიკავკაზში ქალთა სასწავლებლების ნაკლებობაზე მიუთითებს:

1888 წლის „დროება“  სოფელ მელაანზე მოგვითხრობს, სადაც ნინო ანდრონიკაშვილს სკოლა დაუარსებია და უსასყიდლოდ ასწავლის  გლეხის გოგო-ბიჭებს. მათ კი ისე შეჰყვარებიათ თავიანთი მასწავლებელი, გამოცდების დასრულების მერე სულ ცხარე ცრემლით უტირიათ.

„სატანცაო საღამო“ სახელოსნო სასწავლებლის უღარიბეს მოსწავლეთა სასარგებლოდ, 1888 წლის „დროება“.

იმავე წლის „დროების“ სხვა ნომერი საინტერესო განცხადებას იპოვით, სადაც მუსიკის სწავლებას, არც მეტი და არც ნაკლები, დიდი ქართველი მუსიკოსი, ოპერის მომღერალი და ფოლკლორისტი ფილიმონ ქორიძე გთავაზობთ.

 

1906 თებერვლის „მომავალი“ სახალხო კითხვის მოწყობის ინიციატივაზე საუბრობს:

1907 წლის „მომავალი“ ახალი საგანმანათლებლო სტიპენდიის დანიშვნას გვახარებს:

ივანე გომელაურს სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლების სახელმძღვანელო შეუდგენია, ამას 1907 წელს გაზეთი „ჩვენი გზა“ გვაგებინებს.

1909 წლის „ჩანგი“ კი საინტერესო განცხადებას აქვეყნებს, მასწავლებელი ფაქტობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეს მოამზადებს ქართულში და არამხოლოდ.

1903 წლის „ივერია“ გვამცნობს, რომ ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ სეირნობა გამართულა,სამწუხაროდ, უამინდობის გამო, სეირნობას ცოტა დამსწრე ჰყავდა.

და ბოლოს, რუსული კოლონიზატორული პოლიტიკის ენობრივი მიმართულების შესახებ საკმაოდ მწვავედ საუბრობს 1908 წლის „ცნობის ფურცელი“.

 

ჩამორთმეული მედალი    და ბიოეთიკა        

0

ყოველ წელს, როცა ვსაუბრობ ჭიებისა და სხვა ორგანიზმების რეპროდუქციული ორგანოების შესახებ, აღვნიშნავ რომ შეუძლიათ წარმოქმნან კვერცხუჯრედიც და სპერმატოზოიდიც, რის გამოც ისინი ჰერმაფროდიტებს მიეკუთვნებიან. მოსწავლეები უამრავ კითხვას სვამენ და აინტერესებთ ადამიანებში თუ არის მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებული. ვუყვები ჟვანიას სახელობის კლინიკაში ჩემი თვალით ნანახი ახალშობილის შესახებ, რომელსაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ორგანოები ჰქონდა, ვსაუბრობთ ჟანა დარკზე, რომელიც მორისის სინდრომის გამო მამაკაცური სიძლიერით და ქალისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით აკვირვებდა ადამიანებს. სქესისა და გენდერის განსაზღვრა ძალიან რთული თემაა, ამიტომ მოკლე პასუხი უმჯობესია.

რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? აქ წარმოიშობა სამი ჰიპოთეზა:

  1. კლაინფერტერის სინდრომი, შესაძლოა X ქრომოსომაზე მიმაგრდა Y ქრომოსომაზე;
  2. SRY გენის ტრანსლოკაცია კროსინგოვერის შედეგად;
  3. ანდროგენ-რეზისტენტული სინდრომი;

საპრეზენტაციო მასალა pptx

საპრეზენტაციო მასალა pdf

შეკითხვები

დილემა: უნდა დაუბრუნონ თუ არა სპორტსმენს მედალი ასეთ სიტუაციაში?

რეკომენდაცია:

  1. მეიოზის ახსნამდე გააცანით სანტის სიტუაცია;
  2. საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით დაამუშავეთ საკითხი;
  3. დილემაზე მუშაობისას მოსწავლეები დაყავით ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი, რომელიც ემხრობა მედლის ჩამორთმევას, მეორე ჯგუფი – რომელიც ემხრობა მედლის დაბრუნების აზრს. ორივე ჯგუფი მოაგროვებს არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს, შემაჯამებელ გაკვეთილზე შეაჯამეთ საკითხი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. BBC NEWS | South Asia | Indian athlete fails gender test
  2. https://www.sciencedaily.com/releases/2009/10/091020153100.htm
  3. https://merki.mkurnali.ge/sections/1487/klainpelteris-sindromi/
  4. რა არის მეიოზი – CK 12;
  5. https://triasi.ge/upload/10-2-moswavle-biologia.pdf

ივლისის თვის ჩანაწერები – მუსიკა და ფეხბურთი

0

მადლობა ფეხბურთელებს. მადლობა, რადგან ერთი კაცი წინდებს ჰყიდდა და ამ კაცს ქალმა, რომელიც მზესუმზირას ჰყიდდა, უთხრა: მამარდაშვილი გერმანიაში რომ ყველაზე მაგარი გუნდია, იმას სდომებიაო. და ამ კაცმა, კიო, ვიციო და გაიღიმა.

 

მადლობა, რადგან ამ ხალხს რომ გავცდი, ორი შავოსანი, მოხუცი ქალი მიდიოდა და ერთმა უთხრა, გუშინ როლანდოს გოლი არ გავატანინეთო და მეორემ ჰკითხა: როლანდი ვინ არისო და იმ პირველმა, აღარ ვიცი, რა უპასუხა, რადგან მათაც გავცდი.

 

მადლობა, რომ მათ მერე რომ კაცი შემხვდა, იმ კაცს ისე ეტყობოდა, რომ ბანკის ვალი ჰქონდა და აღარ ახსოვდა.

 

მადლობა, რომ ის კაცი სადაც იდგა, იქვე, ფანჯრიდან, მეორე კაცი სიგარეტს ეწეოდა, იმ კაცს ფილტვის კიბო ჰქონდა და აღარ ახსოვდა.

 

მადლობა, რომ ეს ორი კვირა არ გვახსოვდა რაც არის და იყო მხოლოდ ის – რაც გვინდა.

თუ რამე სიმღერა დგას ცალკე, როგორც თხრობა, როგორც ამბავი, გნებავთ, როგორც დღეს უყვართ თქმა – სათქმელი – ეგ არის Strange Fruit – უცნაური ნაყოფი, გნებავთ ხილი. საქმე ერთი ფოტოსგან იწყება, სადაც ხეზე ჩამომხრჩვალი ორი აფროამერიკელი, თომას შიპი და აბრამ სმითი მოჩანან, დასჯილნი ლინჩის წესით.

 

აბელ მიროპოლმა სწორედ ამ სურათის მიხედვით დაწერა საგალობელი-პროტესტი და 1939 წელს ბილი ჰოლიდეიმ იმღერა. მერე ბილიმ იმღერა კიდევ რამდენჯერმე, მაგრამ მე მიყვარს ერთი სტანდარტი, მოკლე და მკაფიო. ბილი ჰოლიდეის ხმა, წესისამებრ, არის გაჭიმული გზა პატარა ბავშვიდან ვიდრე მოხუც ქალამდე. თუ თვალს დახუჭავ, რომელსაც წარმოიდგენ, ეგ არის ან ვერ გაიგებ რომელია ან ყველა ერთადაა. ყველ ასაკი. და ესეც ამბავია – იმ ორი ჩამომხრჩვალი კაცის ცხოვრებას გვანდობს – ყმაწვილობიდან ვიდრე დასჯამდე. ბილისთან კიდევ არის ტაბ სმიტის საყვირის ორი ხმამაღალი ამოსუნთქვა, რაღაც უცნაურად ტრაგიკული, თითქოს მისალმებაც და თითქოს დამშვიდობებაც.

 

ბილის შემდეგ ბევრმა იმღერა, მაგრამ სულ ბილია. ცადა დიდმა ნინა სიმონემაც, თუმცა ისე ვერ ამოაყირავა, როგორც, ვთქვათ სქრიმინ ჯეი ჰოკინსის I Put Spell On You (“მე შენ მოგაჯადოვე”) – ს უყო. კი, მანდ ადგა და ცალკე ამბავი დადო. აქ მგონი, რომ ეგ ვერ მოხერხდა ნინასგან. რაც იშვიათია, მაგრამ ხდება ხოლმე. კარგი ნამღერია, განა ცუდი, მაგრამ მაინც.

 

და რაც ვერ მოხერხდა ნინასგან, მოულოდნელად ბეთ ჰარტისგან მოხერხდა. მგონი ბეთი გაექცა ბილის, შეიძლება შორს არ, მაგრამ გაექცა. და ეს გაქცევა ჯო ბონამასას წაშველების წყალობითაცაა, რომლის სამი სოლო, გაბმული კონწიალია თოკზე. გაქცევა კიდევ იქ არის, სადაც ბეთი სიტყვა მაგნოლიას ამბობს, სახასიათო ჩაგდებით და ოდნავი გაბმით. ხოლო ჯოს გიტარა თითქოს თან კონწიალია და თანაც გასვლის ცერემონიაც. ეპოქა გაყავსო გეგონება. ოდნავი პომპეზურობით, ბლუზური ჩაჭიმვით და ცოტა ეზოთერულობით ანუ ,,მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი”.

 

რახან ინსტრუმენტი ვახსენეთ, აუცილებლად სათქმელია ვინტონ მარსალისის და რიშარ გალიანის გენიალური დუეტი. ეგენიც სხვა მწვერვალისკენ ექაჩებიან ამ ხილის ხეს. და რა გასაკვირია ამ სიმაღლის დიდოსტატებისგან ეგ ამბიცია. არის ორი მომენტი, სადაც მუსიკა ყელზე გიჭერს, როგორც სახრჩობელა და სულ გხდის, ვინტონის და გალიანოს ამ დიალოგისას. თითქოს ორჯერ იხრჩობა, ვინც იხრჩობა – პირველად სხეული და მერე – სული.

 

მაგრამ საბოლოოდ, ეს სიმღერა არის ბილი. და ბილის უკან ნაგულისხმევი ის ორი კაცი, ხეზე მოკონწიალე. და იმ ორი კაცის უკან ადამიანის სასტიკი ისტორია, საუკუნეების მიღმა და მგონი, რომ საუკუნეების მერეც. რადგან ,,რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი”. და – არც ეს.

 

 

 

 

 

 

 

 

უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები

0

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს ისეთ მნიშვნელოვან, დარდიან და ყოველდღიურ საფიქრალზე, როგორიც ოკუპაციაა, იმგვარად, რომ მათში არ გამოვიწვიოთ ყალბი პატრიოტიზმი, ნაძალადევი თანაგანცდა, გაუაზრებელი ერთსულოვნება და ვასწავლოთ იმ მიწისა თუ ზღვის სიყვარული, რომელიც არასდროს უნახავთ. ამბავი ხომ მათ შობამდელია. ალბათ, სწორედ ზღაპრის, ალეგორიული ენის სიმარტივითა და გულწრფელობით მოიყოლება ბავშვებთან ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული, რომელშიც დღემდე ვცხოვრობთ და გვაღელვებს.

ასეთ წიგნად მოიაზრება ნინია სადღობელაშვილის „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები”, რომელიც საგულისხმო ამბავს მოგვითხრობს. ამბავი ერთნაირად საინტერესო და გასაზიარებელ-გასააზრებელია, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა მკითხველისთვის.

წიგნის კაბადონებს მეუფე ისაიას ილუსტრაციები ამშვენებს, ნიქოზელი მღვდელმთავრის, დღემდე არილს რომ მოელის თანასოფლელებთან ერთად, როგორც აბრაამის წიაღი – გამარჯვების საყვირს.

ქართული ლაზათიანი სიტყვის ლაზარესეული მნიშვნელობა წიგნის სათაურშივე ცხადდება – უსაზღვროდ შერიგებული მეზობლობა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, დროსა და სივრცეში მოხეტიალე ადამიანების უსამანო მყოფობასაც მოიაზრებს, რაც ერთმანეთის შეყვარებას, თანხმობასა და თანაზიარებასაც გულისხმობს.

იგნი, რამდენიმე საგულისხმო საფიქრალს იტევს:

 

  1. ინაპრის დაშვებული შეცდომების გადაფასება;
  2. ქართული სიტყვის მოფრთხილება;
  3. მტრობა და სიყვარული;
  4. უანგარო მეგობრობა;
  5. განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობა;
  6. ომის აბსურდი;
  7. ერიგების სიამე.

 

„რად გინდა საზღვრები“ – ამ სიტყვებით მიმართავს წიგნის მთავარი პერსონაჟი ბუჩაჩი მეგობარ ზღარბუნიას, რომელიც მამის დანაბარებსა და წამოწყებულ საქმეს გულდასმით აგრძელებს – თხრის ორმოებს და საზღვარს ავლებს მაჩვების ოჯახთან, რათა ყველამ იცოდეს თავისი ადგილი; რომ „ქლიავის ფესვი“ მას ეკუთვნის და არა მეზობელს, თანაც თვალს მაჩვის ასულ მაშოსკენ აპარებს და საკუთარ თავთან ჭიდილიც სიყვარულისა და მოვალეობის ველზე ინაცვლებს.

ზღარბუნია ვერ სწვდება იმ უსაზღვრებო მდგომარეობას, რომელსაც ბუჩაჩი დაჟინებით უხსნის: „მაინცდამაინც საზღვარი გჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს რამე არ გაუფუჭო?“. ვერც იმას ხვდება ზღარბუნია, რომ თავისუფლება მხოლოდ ლაღ ფრენას არ ნიშნავს, რომ ეს უპირველესად ფიქრისა და აზროვნების თავისუფლებაა.

ზოგჯერ ისეც ხდება, წინაპრების დაშვებულ შეცდომებს ახალმა თაობამ უნდა უწამლოს. ამას კი გონიერება, გააზრება და გამბედაობა სჭირდება. არჩევანის წინაშე მდგარ ზღარბუნიას გადაწყვეტილების მიღებაში განათლებული და წიგნიერი ბუჩაჩი რომ ეხმარება, ესეც საგულისხმო ფაქტი და მწერლის მნიშვნელოვანი შეტყობინებაა უასაკო მკითხველისთვის.

ქართული სიტყვის იმგვარად შემცნობელ-გამომთქმელი მწერალი, როგორიც ნინია სადღობელაშვილია, უთუოდ ათქმევინებდა ერთ-ერთ მთავარ გმირს – მე ყველაფერი მაღელვებს, რაც ფურცელს და ანბანს უკავშირდებაო. სწორად მეტყველი და ქართული სიტყვის სადარაჯოზე მდგარი ბუჩაჩი კეთილი კაცის ეზოს სხვა ბინადრებსაც მოუწოდებს სწორად და გამართულად იმეტყველონ. განათლება კი თავის მთავარ თვისებას ამ წიგნშიც ამჟღავნებს და უხვად მოეფინება ყველას, ვისაც კი მისი სინათლის მოხელთება განუზრახავს.

ზღარბუნიაც მოინდომებს წერა-კითხვის სწავლას და მისი „კურნებაც“ აქედან იწყება. ამ ფერიცვალების გზაზე მას არცთუ იოლი გადაწყვეტილების მიღება უწევს – წინაპრის წესსა და ადათს გონების თვალი უნდა გაავლოს და მისი ავკარგიანობა ამოიცნოს. ზღარბუნიასთვის „ალუდა ქეთელაურობა“ მარტივი არჩევანი არ გახლავთ, მისი ორჭოფობაც მანამ გასტანს, სანამ თავისსავე ამოთხრილ ორმოში არ ჩავარდება და მეფსალმუნის სიტყვებს „ხნარცვ თხარა და აღმოკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა“ საკუთარ ეკლებზე არ იწვნევს. ამჯერად კი მიხვდება ზღარბუნია, საზღვრების თხრას რომ სიკეთე არ მოაქვს და შეინანებს თავის უგუნურ სიჯიუტეს.

საიდან იღებს სათავეს ბუჩაჩის გონიერება? ვისგან უსწავლია მას უსაზღვროება სიკეთისა და უძლეველობა სიყვარულისა? ამ უჩინარ მასწავლებელს წიგნში ყოვლისმჭვრეტელი რა-ბუ ჰქვია, რომელიც ცოდნას ისევე გასცემს, როგორც მზე – სინათლეს. სწორედ მისგან შეუმეცნებია ბუჩაჩის, რომ განგებას მარტოობისა და უვიცობისთვის არ გავუწირივართ და ნუგეში, ხშირად, მეგობრების პირი-სახით გვევლინება. მაშინ კი ვრწმუნდებით, რომ „პლანეტები ვართ ერთმანეთისთვის“.

ყველა ზღაპარი სიკეთესთან ერთად, განსაცდელსაც იტევს. ბუჩაჩისა და ზღარბუნიას თავგადასავალშიც ცა ომის ჯანღით შეიფერება და კეთილი კაცის ეზოში ჭურვები ცეცხლოვანი ბურთებივით ჩამოიყრება. დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, ეზოს ბინადრებმა გადაწყვიტეს მოჩხუბარი ადამიანები როგორმე შეერიგებინათ. ამ კეთილი მიზნისთვის კი ქართული ენის წიაღიდან „დაფარული საიდუმლო“ გამოითქვა და ვეებერთელა აბრაზე „საკურნებლად“ გაიშალა წარწერა „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლებისა“. სწორედ ეს „უსაზღვრო შერიგება“ იქცა დაპირისპირებული ადამიანების ერთიანობის თავკიდურ ლოდად, ამავე სიტყვებმა გადაადნო მტრისგან ჩამოყრილი ჭურვები და მშვიდობის ჰანტელებად აქცია ახალი თაობისთვის.

როდის ვიმარჯვებთ და ვხმიანდებით ერთიან ბგერად, როდის გამოგვდის ურღვეველობა? მაშინ, როდესაც ბუჩაჩისა და ზღარბუნიას მსგავსად ერთმანეთის ამარა ვრჩებით, მეგობრობას ვირჩევთ, წარსულს გადავაფასებთ და საკუთარ ადგილს ვაგნებთ სამყაროში.

მწერალი დიდ-პატარა მკითხველს ფიქრისა და მსჯელობის გადმოსახედზე აყოვნებს, საიდანაც სიკეთის, ადამიანობის, მეგობრობის მარადიული ხატება ირეკლება და გულგრილს არავის ტოვებს.

წიგნს სიყვარულის ოდა ასრულებს… ან იწყებს, ვინ იცის… ან იქნებ არც დასაწყისი აქვს ამ ამბავს და არც დასასრული, როგორც დიდ „რას“ – „სინათლის მზეს“ „რომელი აღმობრწყინდა მაღლით აღმოსავალად“ (შობის ტროპარი) და ქართულ ენაში განიფინა მარადიულ საიდუმლოდ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...