შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

აქცენტები ფიზიკის პირველი გაკვეთილის დასაგეგმად

0

მასწავლებლებს ყოველთვის განსაკუთრებული განცდა გვეუფლება, როდესაც ახალ კლასში შევდივართ. სამომავლო ურთიერთობას მეტწილად პირველი შთაბეჭდილება განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენა. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს იმ დისციპლინის საჭიროების დასაბუთება, რომლის შესწავლასაც მოზარდები ახლა იწყებენ. საგნობრივი ცოდნის დასაუფლებლად წინ რამდენიმე წელი გვექნება. პირველ დღეს კი უნდა ვეცადოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. ამაში დაგვეხმარება ავუხსნათ მოზარდებს – რა უნდა შევისწავლოთ? რამდენად საინტერესოა? რაში გამოგვადგება?

წარმოგიდგენთ პირველი გაკვეთილის სავარაუდო თემატიკას ფიზიკაში. სტატია უმეტესად გამოადგებათ ახალბედა პედაგოგებს. პირველი და აუცილებელი პირობაა მრავალფეროვანი და ვიზუალურად დატვირთული პრეზენტაციის მომზადება. შესაძლებელია, გამოვიყენოთ ვირტუალური ანიმაციები და მარტივი, ეფექტური ექსპერიმენტები.

საუბარი უნდა დავიწყოთ ფიზიკის შესწავლის საჭიროების დასაბუთებით, ფიზიკა ხომ ფანჯარაა ამოუცნობის ამოსაცნობად. სამყაროს შეცნობას კი ვიწყებთ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი ადამიანის შეგრძნების ორგანოები.

შეგრძნების რამდენი ორგანო გვაქვს? – ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ სამყაროს აღქმის ხუთ გრძნობას, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდათ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს: სინათლის, მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი. კლასიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხაზი უნდა გავუსვათ ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას, ყნოსვას, გემოვნებას, სმენასა და შეხებას.

უპირველესად ინფორმაციას ადამიანის ტვინი იღებს. თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს. თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. ფერადი სიუჟეტი თუ სასიამოვნო მელოდია, მისთვის სრულიად გაუგებარია. გრძნობათა აღქმის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია.

გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი „თარჯიმანი“ ჰყავს: თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა… ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან. იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის, შევიგრძნობთ სითბოს, სიცივეს, სუნსა თუ გემოს. ლოგიკურად, ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს…

თვალი ურთულესი ოპტიკური სისტემაა, იგი ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, ფოკუსირებას ახდენს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის შეუცნობელი დარჩებოდა კოსმოსი, ცა, გარემო, ფერი, სინათლე, სილამაზე… მხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის ორგანოა. გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ თვალის საშუალებით აღვიქვამთ.
დაქვეითებული მხედველობის ადამიანებს მეტად აქვთ განვითარებული სმენის, გემოვნების, შეხების და ყნოსვის შეგრძნებები. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

როგორ ვხედავთ? – იმისთვის, რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი – ტვინმა გადაამუშაოს. თვალი მასში მოხვედრილი სინათლის სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.

სწორედ თვალით დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება. ასე გაჩნდა ბუნების შემსწავლელი სხვადასხვა მეცნიერება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ასტრონომია. ვიზუალური გარემოს შესწავლით დაიწყო ფიზიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება. ფიზიკა არის მეცნიერება გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიტყვა „ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისაგან ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.

ბუნებაში მიმდინარე მოვლენებსა და მათ აღმოჩენას, რომლებმაც საბუნებისმეტყველო და ზოგადად, მეცნიერების განვითარება გამოიწვია, სწორედ ფიზიკის კანონები უდევს საფუძვლად; გეოგრაფები ფიზიკის აღმოჩენებსა და კანონზომიერებს ეყრდნობიან, როდესაც იკვლევენ მიწისძვრებს, წიაღისეულს, ქანებს, ქარებსა და ა.შ. ფიზიკა ეხმარებათ ასტრონომებს, გამოიკვლიონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა – პლანეტების მზის გარშემო ბრუნვა, ვარსკვლავთა ნათება, ეგზოპლანეტებზე დაკვირვება, სხვადასხვა გალაქტიკების შესწავლა და ახლის აღმოჩენა, ზოგადად, კოსმოსის ყველა საიდუმლოება. ფიზიკის დახმარებით იკვლევენ ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს – სისხლის მიმოქცევას, ბგერების გამოცემასა და მათ აღქმას, სუნთქვას, მხედველობას და ა.შ. ხაზგასასმელია ფიზიკისა და ქიმიის ურთიერთკავშირი. სამყაროში მიმდინარე მოვლენათა უმრავლესობა ერთდროულად გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.

სასურველია, მოსწავლეებს ვთხოვოთ, დაასახელონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენები. სავარაუდო ჩამონათვალში იქნება ფოთოლცვენა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, თოვა, მირაჟი, ოპტიკური ილუზია, დაღამება, გათენება, ახალმთვარეობა, მზის და მთვარის დაბნელება და სხვა. მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შევეცადოთ, მათთვის გასაგები ტერმინებით შევუქმნათ წარმოდგენა თითოეულ დასახელებულ მოვლენაზე.

ერთი რომელიმე მოვლენა განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად, ფოთოლცვენა – რა პროცესები მიმდინარეობს ფოთოლში მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, აღმოცენებიდან ფოთოლცვენამდე და ვიდრე ლპობამდე. მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. უნდა გავმიჯნოთ, სად იწყება და სად სრულდება ფიზიკური პროცესი.

  • ფიზიკური მოვლენების დროს ნივთიერება ქიმიურად არ იცვლება.
  • ქიმიურ მოვლენებში ერთი სახის ნივთიერება გარდაიქმნება მეორე სახის ნივთიერებად.
  • ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ყველას პროცესს.

მოსწავლეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის, ცხადია, გამოიკვეთება ახალი ცოდნის დაუფლების საჭიროება. ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს საშუალება, განვამტკიცოთ ჩვენი საუბრის მიზანი, რომ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც ფიზიკის სფეროში დაგებადებათ, საჭიროებს სისტემატურ მეცადინეობასა და ძველ ცოდნაზე ახლის დაშენებას.

ფიზიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: მექანიკური, ელექტრული, მაგნიტური, ოპტიკური, სითბური, ატომური. ადამიანი სამყაროს ყოფს ორ ნაწილად: მიკროსამყარო და მაკროსამყარო. ვაჩვენოთ მოსწავლეებს ერთი საინტერესო ვიდეო:

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ ეფექტური იქნება საუბარი მიკრო- და მაკროსამყაროებზე. მიკროსამყაროს შესასწავლად ვიყენებთ მიკროსკოპს. მიკროსამყაროს ამოცნობაშია სწორედ ის გასაღები, რაც ჭეშმარიტების გარკვევაში გვეხმარება. ფიზიკის ამ ნაწილს კვანტური ფიზიკა ეწოდება, რომელსაც მომავალში შეისწავლიან მოზარდები. უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ უმცირესი ზომის ნაწილაკები განსაზღვრავენ მაკროსხეულების არსებობას და მის თვისებებს. მაკროსამყაროს ვაკვირდებით ტელესკოპებით. იმის მიუხედავად, რომ მიკრო- და მაკროსამყაროები ზომებით კატასტროფულად განსხვავდებიან ერთანეთისგან, მათი სისტემური აგებულება ერთმანეთის მსგავსია უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით. ფიზიკა მოსწავლეებს სთავაზობს მოგზაურობას ამ საოცრებაში. ვიმოგზაუროთ და შევიმეცნოთ სამყარო მისი კანონზომიერებებითა და სიდიადით.

ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, აკვირდებოდა გარემოს, შეძენილი ცოდნით კი იუმჯობესებდა ყოველდღიურ ცხოვრებას. თანდათან ისწავლა ცეცხლით გათბობა, ხის დამუშავება, სიმძიმეების აწევა, ლითონის მოპოვება და დამუშავება; მინის დამზადება და ბოლოს თანამედროვე სახლის აშენება. პრაქტიკული მოთხოვნილებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ცნობისმოყვარეობა, რომელიც უბიძგებდა ადამიანს, ეფიქრა და სათანადო პასუხები გაეცა იმ კითხვებზე, რომლებსაც საკუთარი თვალით ხედავდა: რატომ დაფრინავს ჩიტი? რატომ ანათებს და სად ჩადის მზე? სად იკარგება და მერე ისევ ჩნდება მთვარე? რატომ წარმოიქმნება ელვა? რატომ არსებობს წელიწადის სხვადასხვა დრო? რა არის ვარსკვლავი? როგორ შეიქმნა სამყარო?

დაგროვილ ცოდნას ადამიანები თაობებს გადასცემდნენ და ასე დაიწყო ზოგადად მეცნიერების, მათ შორის ფიზიკის განვითარება. ფიზიკის მიღწევების დამსახურებაა რადიო, ტელევიზია, ავტომობილი, თვითმფრინავი, მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდი, სატელიტური ანტენა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა კომფორტი, რომელთა გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის არსებობა. ფიზიკა გვეხმარება თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად, გავიუმჯობესოთ ყოფა-ცხოვრება და ზოგადად, დავიკმაყოფილოთ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

საინტერესო იქნება, ვკითხოთ მოზარდებს ცეცხლის მოპოვების, გათბობის, განათების, მიწის დამუშავების, ტრანსპორტის, ინფორმაციის მოპოვებისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის ადრეული და თანამედროვე საშუალებების შესახებ. დისკუსია მსგავსი საკითხების ირგვლივ მოსწავლეს უამრავ ისეთ პასუხგაუცემელ კითხვას გაუჩენს, რომლის სიღრმისეულად გაგებისთვის სწორედ ფიზიკის შესწავლაა საჭირო. კარგი იქნება მოსწავლეებს მარტივი ენით ვესაუბროთ ავტომობილის მუშაობის პრინციპის შესახებ. ავტომობილის ყველა კომპონენტის მუშაობა დამყარებულია ფიზიკის კანონზომიერებზე. ნებისმიერი ავტომობილის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება ფიზიკის კანონების ინტერპრეტაციითა და გამოყენებით მოხერხდა.

  • მანქანის დიზაინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს მანქანის მოძრაობის სტაბილურობასა და მართვის პროგნოზირებას;
  • ძრავის მუშაობა და მისი ეფექტურობა დამყარებულია თერმოდინამიკის კანონებზე. საწვავის მოხმარება, წვის პროცესი, სითბოს გადაცემა, გამონაბოლქვის შემცირება და სიმძლავრის განსაზღვრა;
  • მანქანების მოძრაობაზე პასუხისმგებელია ნიუტონის კანონები და სხეულთა ბრუნვითი მოძრაობის კანონზომიერებები;
  • ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის შექმნისას ითვალისწინებენ აეროდინამიკის კანონებს, რათა მანქანას მოუწიოს ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობის დაძლევა. ასევე, საწვავის მოხმარების შემცირებით შეძლოს დიდი სიჩქარის განვითარება;
  • ფიზიკა ასოცირდება უსაფრთხოების სისტემის დიზაინთან. ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხდება აირბალიშების სისტემების განლაგება და უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟება. აირბალიშები განაპირობებენ იმპულსის გადაცემასა და ენერგიის შთანთქმას;
  • მანქანის მუშაობასა და გამძლეობას განსაზღვრავს ის მასალა და შენადნობები, რომლებიც შეირჩევა სწორედ ფიზიკის კანონების გამოყენებით;
  • საბურავების დიზაინი და მისი კედლების სიმტკიცე შეირჩევა შესატყვისი ხახუნის ძალის შესაბამისად. საბურავებისთვის იყენებენ რეზინის ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს მანქანის მთლიან მუშაობასა და უსაფრთხოებას;
  • თანამედროვე სამუხრუჭე სისტემების შერჩევა სწორედ ხახუნის ძალისა და ენერგიის გარდაქმნის პრინციპის გათვალისწინებით ხდება. დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემები (ABS) იყენებენ სენსორებსა და საკონტროლო ალგორითმებს, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაუდებელი დამუხრუჭების დროს ბორბლის ჩაკეტვა;
  • ელექტრომობილები ელექტრულ ენერგიას  მექანიკურ ენერგიად გარდაქმნიან. ელექტროსქემები განსაზღვრავენ ძრავის ეფექტურობას. დამუხრუჭების დროს მიღებული კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რომლითაც ხდება მანქანის ბატარეის დატენვა. ეს კი იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას;
  • ჰიბრიდულ ავტომობილებში ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა ენერგიის მოხმარების ეფექტურობას განაპირობებენ.

ავტომობილის მუშაობის პრინციპის განხილვა მოიცავს ისეთ განმარტებებსა და საკითხებს, რაც მე-7 კლასის მოსწავლისთვის სიახლეა და შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ საკითხის შეტანა გაკვეთილზე უნდა მოხდეს მოზარდისთვის მარტივად, მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით.

ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, მატერია ეწოდება. არსებობს ადამიანის თვალისთვის ხილული და უხილავი მატერია. მატერიის ერთ-ერთი სახეა ნივთიერება. ჩვენ ირგვლივ სხეულები და ნივთიერებები, რომლებისგანაც ეს სხეულები შედგება, მატერიალურია. არსებობს მატერიის სხვა ფორმაც – ველი. მაგ, გრავიტაციული ველით ურთიერთქმედებს დედამიწა სხვა სხეულებთან. ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით შეიქმნა თანამედროვე ცხოვრების ყველა კომფორტი და უპირატესობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლისას თავდაპირველად მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდსჰიპოთეზას მოვლენის მიზეზების, მისი მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოწმდება დაკვირვებით. ბევრი მოვლენის შესახებ ცოდნა ადამიანმა დაკვირვების შედეგად მიიღო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის და საჭიროა ცდის, ექსპერიმენტის ჩატარება. შესაბამისი მოვლენის კვლევა-ძიება მიმდინარეობს ხელოვნურად შექმნილ პირობებში – ლაბორატორიაში. მეცნიერებაში ერთი უბრალო ცდით დასაბუთება ბევრად მეტად ფასობს, ვიდრე ათასი ავტორიტეტი ერთად, – ამბობდა გალილეო გალილეი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებელი. ფიზიკას ექსპერიმენტულ მეცნიერებას უწოდებენ. დაკვირვებულ მოვლენაზე გამოთქმული ჰიპოტეზის ჭეშმარიტებას მეცნიერები ექსპერიმენტის საშუალებით ამოწმებენ. ახალი აღმოჩენა სწორედ ჰიპოტეზის ექსპერიმენტით დასაბუთებით მტკიცდება. მეცნიერების ისტორია იცნობს უამრავ შემთხვევას, როდესაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული შეხედულებები ცდით არ დადასტურდა. ახალი აღმოჩენის დადასტურება სწორედ ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობა.

ფიზიკის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასურველია მოზარდის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით. მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით; კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით. მნიშვნელოვანია ავხსნათ, ამა თუ იმ ფიზიკური მოვლენის აღწერის შემდეგ რატომ გვჭირდება შესაბამისი სიდიდეების, ერთეულების, ფორმულების შემოტანა.

მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რო ფიზიკის შესწავლა მხოლოდ მოვლენის სიტყვიერი აღწერით ვერ მოხერხდება. ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ახსნისას საჭირო ხდება ახალი სიდიდის შემოტანა, რომელიც დაგვეხმარება ამ მოვლენის ფიზიკური შინაარსის აღწერაში და შემდგომი გამოთვლების განხორციელებაში. აქვე თავს იჩენს მოცემული სიდიდის გასაზომი ერთეულების შემოტანის აუცილებლობა. ახალი სიდიდე კი უკვე ნაცნობ სიდიდეებს უკავშირდება დადგენილი კანონზომიერების შესატყვისი ფორმულებით. აღმოჩენებსა და იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მეცნიერები ასაბუთებენ, სჭირდება მათემატიკური აპარატის გამოყენება. ეს კი გულისხმობს თეორიული ინფორმაციის ფორმულებით ჩაწერას. ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად უმეტესად ვიყენებთ შემდეგ თანმიმდევრობას:

მოვლენაექსპერიმენტისიდიდეერთეულიფორმულა

ზოგადად, ფიზიკის გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

  • დასახული მიზნის მისაღწევი მეთოდების და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, რაც აუცილებელია სხვადასხვა სწავლის სტილის მოსწავლეთა ინტერესების დასაფარად;
  • ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად გამოსაყენებლად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესაბამისი დავალებების შერჩევა ლოგიკურ აზროვნებისა და მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარების გასავითარებლად;
  • ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გაკვეთილების დაგეგმვა სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;
  • ისეთი დავალებებისა და ამოცანების შერჩევა, რომ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები.

სტატიაში ვისაუბრე იმ აქცენტებზე, რომლებზეც ვფიქრობ, სასურველი იქნება ყურადღების გამახვილება. წარმოდგენილი მასალა მოცულობითია და ის ერთი გაკვეთილის ფარგლებში ვერ მოექცევა. შესაძლებელია, პედაგოგმა წაკითხული საკუთარი უკეთესი იდეის განსახორციელებლად გამოიყენოს.

გაკვეთილი აუცილებლად დასრულდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი კითხვების მიხედვით დაამზადონ პოსტერი ან პრობლემების ხე და გააკრან თვალსაჩინო ადგილზე. სამომავლოდ დადგება ამ კითხვების პასუხის გაცემის დრო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა- ქ.ტატიშვილი; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი;

ფიზიკა – მ.ტუღუში, თ.შენგელია, თ. შენგელია, გ. ლომიძე; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი;

ფიზიკა – ე. ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

https://www.geeksforgeeks.org/applications-of-physics-in-automobile/.

 

 

 

 

 

 

გეოგრაფიული აზროვნება – არასტანდარტული აზროვნება

0

ბოლო დროს, და არა მხოლოდ ბოლო დროს, ხშირად ისმის უფროსი თაობის წუწუნი, როგორ არ ესმით ახალგაზრდებს ჩვენი და როგორ ვერ ვუგებთ ჩვენ მათ. არ მოგვწონს მათი დამოკიდებულება იმ, ეგრეთ წოდებული, ადათ-წესებისა თუ სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენს (უფროს) თაობაში მყარდებოდა. „ეგრეთ წოდებული“ იმიტომ დავწერე, რომ ხშირად დამკვიდრებული ადათ-წესები არც რელიგიურად არის მართებული და არც შორეული წარსულიდან იღებს ფესვებს, ამაზე შემდეგ დავწერ. ახლა ჩვენი თაობის განსხვავებულ აზროვნებაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვაფასებ. ბევრჯერ მიკითხავს ჩემი მოსწავლისთვის – საიდან იცის ამდენი; ან რატომ ფიქრობ ასე, როგორ მიხვედი ამ აზრამდე. ერთი კონკრეტული შემთხვევა გამახსენდა: მე-11 კლასში ერთმა ასეთმა განსხვავებულმა გოგომ გლობალიზაციაზე საუბრისას ვაჟა-ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმზე“ ჩართო. ეს მისი განსხვავებული აზროვნების შედეგი იყო. ეს გოგო ძალიან მიყვარს. სტატიის საკითხზე შევჯერდით.

აი, სწორედ ამიტომ განსხვავებული ბავშვების შემყურეს მინდოდა, ლატერალურ აზროვნებაზე დამეწერა სტატია, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ განსხვავებული აზროვნება და უკეთ გავუგოთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას.

2005 წელს დანიელ პინკი თავის წიგნში A Whole New Mind ამტკიცებს, რომ ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, სადაც კრეატიულობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „ამ კონცეპტუალურ ეპოქაში, ჩვენ დაგვჭირდება ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ სწორად მიმართული აზროვნება (კრეატიული და ინოვაციური) და არა ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება“.

ზოგიერთი თვლის, რომ სასკოლო სწავლების ჩვეულებრივი სისტემა შემოქმედებითობას „ახშობს“.

სულ უფრო მეტი ფსიქოლოგი უჭერს მხარს აზრს, რომ არსებობს ინდივიდის კრეატიულობის გაზრდის მეთოდები. რამდენიმე სხვადასხვა მკვლევარმა შეიმუშავა მიდგომები ამ იდეის გასამყარებლად, ერთ-ერთი ედუარდ დე ბონოს მიერ შემოთავაზებული გვერდითი აზროვნებაა.

ედუარდ დე ბონომ 1967 წელს გამოიგონა ფრაზა „გვერდითი აზროვნება“, რათა დაეხასიათებინა პიროვნების უნარი, გადაჭრას საკითხები მიზანმიმართული პასუხების გამოყენებით და არა ლოგიკური და რაციონალური მსჯელობით. ლატერალურად აზროვნება გულისხმობს ადამიანის შემოქმედებით აზროვნებას რთული პრობლემების დასაძლევად. ადამიანები სირთულეების გადასაჭრელად ხშირად ლოგიკურ აზროვნებას იყენებენ. ვერტიკალური აზროვნება, ასევე ცნობილი როგორც ლოგიკური მსჯელობა, ეხმარება ადამიანებს, უპასუხონ კითხვებს მკაფიოდ და პირდაპირ. მსგავსი აზროვნება ადამიანებს ხელს უწყობს შეხედონ საგნებს ახლებურად. ისინი, ვინც ლატერალურად ფიქრობენ, პასუხობენ საკითხებს, რომლებსაც სხვები უგულებელყოფენ.

დე ბონომ დეტალურად აღწერა „ტრადიციული აზროვნების მეთოდები” – აპლიკაციები, რომლებიც ხაზს უსვამენ აზროვნებას, როგორც მიზანმიმართულ მოქმედებას და არა რეაქტიულს. მისი წერის სტილი მარტივი და მკაფიოა, თუმცა ხშირად აკრიტიკებენ სიმშრალისა და განმეორების გამო.

ლატერალური აზროვნება განსხვავდება შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნებისაგან. ედუარდ დე ბონოს ძირითადი კონცეფცია ის გახლავთ, რომ კრიტიკულ აზროვნებას აქვს შეზღუდვები, რადგან ის არგუმენტებზეა დაფუძნებული.

გვერდითი აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძლიერი მხარეა პრობლემის შეუმჩნეველი ასპექტების გათვალისწინება. იმის გამო, რომ ადამიანები არიან ჩაკეტილნი ვერტიკალურ აზროვნებაში, რაც ლოგიკური და რაციონალურია, მათ შეიძლება ვერ დაინახონ სიტუაციის ყველა ასპექტი.

ლატერალური აზროვნება ხელს უწყობს საკითხის ყველა მხარის შესწავლას. მაშინაც კი, თუ ეს ელემენტები უმნიშვნელო ჩანს, ადამიანმა არასოდეს იცის, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს ისინი განხილვის შემდეგ.

ლატერალური აზროვნების დროს გამოყენებული რამდენიმე ტექნიკა მიზნად ისახავს, პრობლემას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ. ეს არის განსხვავებული აზროვნების ან კრეატიულობის საფუძველი, ან ხშირად გამოყენებული გამონათქვამი „ჩარჩოებს მიღმა ფიქრი“.

„გვერდითი აზროვნებისას ადამიანი არ ეძებს სწორ პასუხს, არამედ ინფორმაციის განსხვავებულ აღქმას, რომელიც გამოიწვევს სიტუაციის განსხვავებულ ხედვას“ (de Bono, 1970).

ეს კი მნიშვნელოვანია მაშინაც, თუ განსხვავებული ხედვა სულელური და გამოუსადეგარი ჩანს, თუმცა შესაძლებელია ახალმა რაკურსებმა ისეთი იდეები დაბადოს, რომლებიც საკითხს ზუსტად შეესაბამება.

განსხვავებული აზროვნება საშუალებას აძლევს პრობლემის გადამჭრელს, მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილებები. თუ ხშირად ადამიანები ეჩვევიან გარკვეული გზით სვლას ან ავტომატური, სტანდარტულად მიღებული პროცედურების გავლას, გვერდითი აზროვნების ტექნიკა აიძულებს ადამიანებს ეჭვქვეშ დააყენონ ეს მოცემულობა და ეძიონ ალტერნატივა.

პრობლემის გამომწვევი მიზეზების კითხვის ნიშნის დასმით ვდგამთ პირველ ნაბიჯს აზროვნების უკეთესი პროცესის შესაქმნელად, რომელიც საკითხების მოგვარებისას უფრო ეფექტური შეიძლება იყოს.

ტექნიკას, რომელიც იყენებს გვერდით აზროვნებას პრობლემების გადაჭრისას, ახასიათებს აზროვნების შაბლონების ცვლა ფესვგადგმული ან პროგნოზირებადი აზროვნებიდან ახალ ან მოულოდნელ იდეებამდე.

ლატერალური აზროვნებისას გამოყენებული აღნიშვნა არის ბონოს მიერ გამოგონებული სიტყვა „PO“, რაც ნიშნავს პროვოკაციულ ოპერაციას და გამოიყენება იდეის შესათავაზებლად, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გამოსავალი ან „კარგი“ იდეა თავისთავად, მაგრამ აზროვნებას ახალი მიმართულებით წაიყვანს, სადაც ახალი იდეების გაჩენაა შესაძლებელი.

დე ბონოს თავის წიგნებში მოსწონს საკლასო მაგალითების გამოყენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს, დაეხმარონ მოსწავლეებს გვერდითი აზროვნების განვითარებაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისმა ნაშრომმა ასეთი გავლენა მოახდინა პრობლემის გადაჭრის, განსხვავებული აზროვნებისა და კრეატიულობის შესწავლაში.

ლატერალური აზროვნება გულისხმობს პრობლემის ხელახლა ჩამოყალიბებას ისე, რომ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გამოსავალი, რომელიც ჩვეულებრივი ვერტიკალური აზროვნებისას არ ჩანს.

ლატერალური აზროვნების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი პრობლემისთვის და ხშირად გვხვდება ისეთ პროფესიებში, როგორიცაა, მარკეტინგი, რეკლამა და პროდუქტის დიზაინი, რომლებშიც კრეატიულობა ძალიან ფასდება. ხშირად რეკლამა არის საოცრად მარტივი, მაგრამ ძლიერი, და სწორედ სიმარტივე მატებს მას ეფექტს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია მარკეტინგული კამპანია, ცნობილი „უშიშარი გოგოს“ სახელით, რომელიც ფინანსურ კორპორაციებში გენდერული მრავალფეროვნების არარსებობის გასაპროტესტებლად კომპანია State Street Global Advisors-ის ინიციატივით შეიქმნა. იმის ნაცვლად, რომ სატელევიზიო რეკლამების ჩვეული სტრატეგიისთვის მიემართათ, მათ გამოიჩინეს ძალიან კრეატიული მიდგომა: დაიქირავეს კრისტენ ვისბალი, რომ გამოეძერწა ახალგაზრდა გოგოს ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც უშიშრად იდგა და იგი მოათავსეს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფინანსურ უბანში საკმაოდ დიდი და საშიში ხარის წინ. აღსანიშნავია, რომ ინსტალაცია მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში უნდა მდგარიყო, თუმცა საზოგადოების მოთხოვნით, უშიშარი გოგო დღეს უოლ-სტრიტის მუდმივი მცხოვრებია.

დე ბონოს გვერდითი აზროვნების ტექნიკა – „რატომ?“ – შექმნილია მოწოდებული ინფორმაციის მიმართ დისკომფორტის შესაქმნელად. პროცესი მოიცავს მასწავლებლის განცხადებას, რასაც მოსწავლე მოაყოლებს კითხვას – „რატომ?“. ეს გაცვლა მეორდება დიდხანს; ყოველი ახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„რატომ“-ის მიზანი ინფორმაციის მოპოვებაა. ადამიანს სურს პასუხი გარკვეული ახსნა-განმარტებით, რომელიც შეიძლება მიიღოს და დაკმაყოფილდეს. „რატომ“-ის გვერდითი გამოყენება კი სრულიად საპირისპიროა, რამეთუ მიზანი ნებისმიერი ახსნა-განმარტებით დისკომფორტის შექმნაა, რომ ადამიანმა საგნებს სხვაგვარად შეხედოს“ (დე ბონო, 1970, გვ. 53).

პროცესი ცოტა უფრო რთულია, თუ სწორად შესრულდება. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაიმეოროს სიტყვა „რატომ“, როგორც ბავშვის ჩვევა, სხვა პირობებში კითხვა უნდა იყოს მეტად კონკრეტული და წინა პასუხის კონკრეტულ ასპექტზე კონცენტრირებული.

მაშინაც, როცა მასწავლებელმა იცის მოკლე პასუხი ან გზა, სავარჯიშოდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მან ისეთი პასუხები უნდა გასცეს, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად და მოქნილად შეძლოს შემდეგი კითხვის მოფიქრება.

არასტანდარტული კითხვები არის ფანტასტიკური სტრატეგია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და პრობლემის გადაჭრის უნარების ხელშესაწყობად.

„გეოგრაფია რომ იყოს…“ არის გვერდითი აზროვნების მხოლოდ ერთი მაგალითი, როგორც კითხვის აღწერის საშუალება, რომელიც მოითხოვს გარე აზროვნებასა და კრიტიკულ ანალიზს. ამ ტიპის კითხვები აიძულებს სტუდენტს კრიტიკულად გამოიკვლიოს თავისი ცოდნა და გაგება, შემდეგ კი ეს ცოდნა კონტექსტიდან ამოვარდნილ გარემოებებში გამოიყენოს.

ეს კითხვები შეიძლება დაისვას სხვადასხვა გზით: მოსწავლეებს შეხვდეთ ამოცანებში, საშინაო დავალებაში ან თვითონ შექმნან.

მაგალითი 1: … ექსტრემალური ამინდის მოვლენა?

მოსწავლის პასუხი A: გეოგრაფია რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენა ყოფილიყო, ეს იქნებოდა ჭექა-ქუხილი და ელვა. ელვა მოგცემთ ახალ ცოდნას და ჭექა-ქუხილი გაიძულებთ მოუსმინოთ ახალ ინფორმაციას, რომელსაც ასწავლიან.

სტუდენტის პასუხი B: მე ვფიქრობ, რომ თუ გეოგრაფია ექსტრემალური ამინდის მოვლენა იქნებოდა, ეს იქნებოდა ქარიშხალი. ვფიქრობ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი და ველური. ეს არის მაქსიმუმისა და მინიმუმის ნაზავი. გეოგრაფიის განვითარებას, ისევე, როგორც ქარიშხალს, დრო სჭირდება, საუკეთესო ეპიცენტრამდე მისასვლელად.

მაგალითი 2: … ცხოველი?

ამ ტიპის კითხვები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ თემაზე ან საგანზე და არ უნდა იყოს მსგავსი კონტექსტში. მაგალითად, დევიდ ატენბორო რომ იყოს ბისკვიტი, რის ბისკვიტი იქნებოდა და რატომ?

შეიძლება მოსწავლეებმა თავიდან ცოტა უცნაურად მიიჩნიონ ამ ტიპის კითხვები, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი იწყებენ ერთმანეთს კონკურენციას არატრადიციული და უნიკალური პასუხების მისაღებად.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://uk.indeed.com/career-advice/career-development/lateral-thinking; https://mrsgeographyblog.wordpress.com/2017/11/25/if-geography-was/; https://helpfulprofessor.com/lateral-thinking-examples/; https://www.richardpowers.com/lateral-thinking.

 

 

 

ვალდებულება და იმედგაცრუება

0

ჩვენს ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტი, როდესაც რაიმე ახლის შესწავლის სურვილი გვიპყრობს, თუმცა უდროობის გამო ჩვენი ძალისხმევა უმეტესად მხოლოდ ზედაპირული ტექსტების კითხვით ან ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება. პერიოდულად შესაძლოა რაღაც ჩავინიშნოთ კიდეც.

თეორიულად ვიცით, რომ სწავლა დროს, შეუპოვრობას, მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ თუკი მოულოდნელად რაღაცის მიმართ ინტერესი გაგვიჩნდა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დავიწყეთ, არა მგონია, ამან დაგვსტრესოს. პირიქით, გვიხარია, რომ რაღაცამ ჩვენში ინტერესი გააღვივა, სიამოვნებით ვკითხულობთ და ვუყურებთ, ამიტომ დეტალებიც ბუნებრივად გვამახსოვრდება.

ინტერესების სფერო შესაძლოა შეგვეცვალოს; რაღაც მოგვწყინდეს, რაღაც ახალმა გაგვიტაცოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლა და ახლის აღმოჩენა ყოველთვის სახალისო პროცესია და არა მგონია, რომელიმე ჩვენგანი დილით დასტრესილი იღვიძებდეს იმის გამო, რომ სურს, ოლიმპიადაზე, ტაროზე, ოთახის მცენარეებზე ან თუნდაც დინოზავრებზე მეტი შეიტყოს.

მაშ, რა გვემართება, როდესაც, მაგალითად, უცხო ენის სწავლას გადავწყვეტთ? რატომ აგვედევნება ხოლმე ვებერთელა სტრესის მონსტრი?

ვფიქრობ, ამის განცდა კიდევ ერთხელ გვაიძულებს, ჩვენი ბავშვობისკენ მივიხედოთ და თავი დავუკრათ ფსიქოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ახლანდელი ემოციების დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განაპირობებს.

ერთხელ ჩემმა ზრდასრულმა მოსწავლემ მითხრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი დააპირებს, დაჯდეს და ინგლისური იმეცადინოს, შფოთვა იპყრობს. სჯერა, რომ როგორც არ უნდა მოინდომოს, არაფერი გამოუვა. თავდაპირველად, როცა ამ პრობლემას წავაწყდით, შევთავაზე, რომ დავალებებს არ მივცემდი. დავალება ერთგვარი პასუხისმგებლობაა და როცა ხვდები, რომ ვერ ასწრებ, შფოთავ. განსაზღვრულ ეტაპამდე ამან იმუშავა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც თავადვე უჩნდებოდა იმის სურვილი, რომ თავისუფალ დროს დამატებით ემეცადინა, ყოველ ჯერზე დასტრესილი და დემოტივირებული ასრულებდა მეცადინეობას.

ცხადია, დიდებს უკეთ გამოგვდის, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. პრობლემის პირველწყარო მალევე ვიპოვეთ მის ბავშვობაში, კერძოდ, მოსწავლეობის პერიოდში. ცხადია, ტრავმული ჭრილობების მოშუშება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ყოველგვარი ვითარებიდან არსებობს გამოსავალი: შევთავაზე, ინგლისურის სწავლაზე ისე ეფიქრა, როგორც ნებისმიერი სახის ინტერესის სფეროზე. ვუთხარი, დავალებების საწერად არ სწავლობ, გამოცდებისთვის არ სწავლობ, გინდა იცოდე მხოლოდ იმისთვის, რომ იცოდე. არავის წინაშე ვალდებულება არ გაქვს აღებული, არც ჩემ წინაშე, ზრდასრული ხარ და შეგიძლია, ამ პროცესს ისევე მიუდგე, როგორც, მაგალითად, ოთახის მცენარეების მოსავლელად საჭირო ინფორმაციის ძებნას. თუ ერთ დილით გავიღვიძე და უცებ აღმოვაჩინე, რომ მინდა, პლანეტებზე უფრო მეტი ვიცოდე და ინფორმაციის მოძიება და კითხვა დავიწყე, იმაზე ხომ არ ვიფიქრებ, ამდენ რამეს რა ისწავლის-მეთქი? რასაც შევძლებ, შევძლებ, რასაც დავიმახსოვრებ, დავიმახსოვრებ. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ხომ პროცესია! ის სასიამოვნო პროცესი, რომელიც სიახლეების აღმოჩენით და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მომენტებითაა სავსე! მაშ, რატომ არ შეიძლება, ენის სწავლასაც ასევე შევხედოთ? იმის გაგებას, როგორ მუშაობს ესა თუ ის ენა, რა თანმიმდევრობით ლაგდება წინადადების წევრები, სად დგას ზმნა, როგორ იცვლის ფორმას დროის ცვლილებასთან ერთად, როგორი იდიომებია და ა. შ.?

მოსწავლეს ვურჩიე, თავისუფალ დროს ისევე ეკითხა ან ეყურებინა ვიდეოებისთვის, როგორც ამას ვაკეთებთ სოციალური მეედიის თვალიერებისას და არ ეფიქრა იმაზე, რომ რამე უნდა დაისწავლოს და დაიზეპიროს.

ამგვარად სწავლის პროცესს ვალდებულების მომენტი ჩამოშორდება და ისეთი საშინელი აღარ მოგვეჩვენება.

თუმცა, მეორე მხრივ, საკითხი ასე მარტივად არ დგას; როგორ მოვიქცეთ მასწავლებლები, რომ ჩვენი მოსწავლეები მსგავს ტრავმებს ავარიდოთ?

ჩემი ზრდასრული მოსწავლე მომიყვა, რა ხდებოდა მის ბავშვობაში ინგლისურის გაკვეთილზე და მეტ-ნაკლებად ნათელი მოეფინა იმას, თუ რატომ სჯერა, რომ ვერ ისწავლის, რატომ უტევს შფოთვა, როცა სწავლას ცდილობს.

დავალებების სწორად შერჩევა რომ ძალიან ფაქიზი საკითხია, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. სწორედ დავალებები აძლევს სწავლას ვალდებულების ელფერს, რაც მოგვიანებით მოსწავლეებისთვის არასწორად ფორმულირდება: რაც სავალდებულოა, საძულველიცაა. მეორე მხრივ, რაკი უდავალებო და უგამოცდო ცხოვრებას ვერცერთ მოსწავლეს ვერ ვაჩუქებთ, სიფრთხილე გვმართებს ქებისას თუ გაკრიტიკებისას, თუნდაც კრიტიკა სამართლიანი იყოს.

იმედგაცრუება ბუნებრივი ადამიანური ემოციაა, რომელიც მეყსეულად გვეუფლება, როდესაც, მცდელობის მიუხედავად, შედეგს ვერ ვხედავთ; რას ვგრძნობთ, როდესაც ტესტის შედეგები ისეთი არ არის, როგორსაც მოველოდით? რას ვგრძნობთ, როდესაც მეორე დღეს აღმოვაჩენთ, რომ წინა დღეს მთელი ემოციებით ახსნილი ნახევარ კლასს არ ახსოვს? რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას. სწორედ ეს იმედგაცრუებაა ყველაზე მეტად დასამუშავებელი და გადასამალი. ბავშვებისგან ვსწავლობთ იმას, რომ დროის მონაკვეთი, როცა ჩვენი შრომის შედეგი უნდა ვიხილოთ, ყველა ბავშვისთვის განსხვავებულია, ინდივიდუალურია. იმავდროულად, სწორედ იმედგაცრუებაა ის, რასაც პირველივე წამებში გვატყობენ და რაც დაღს დაასვამს ნებისმიერი სახის პროგრესს, არა მხოლოდ ამ აკადემიურ წელს, არამედ წლების მერე, ზრდასრულობაშიც. მასწავლებელი იმედგაცრუებულია, ფიქრობენ ისინი, რაღაც არ გამომივიდა და ალბათ არც არასდროს გამომივა.

არადა ჩვენი ემოციები მხოლოდ ჩვენი პრობლემაა და შესაძლოა სულაც არ ვგულისხმობდეთ იმას, რაც მათ ჰგონიათ. შესაძლოა, მე იმედგაცრუებული ვიყო არა კლასის ან კონკრეტული მოსწავლის შედეგით, არამედ საკუთარი თავით, რადგან მივიჩნევდე, რომ მაქსიმუმი არ გავაკეთე. ეს ცალკე საკითხია და ჩემი, ზრდასრული ადამიანის საზრუნავია. თუმცა მოსწავლეებისთვის ეს მესიჯი სხვანაირად ინტერპრეტირდება. მით უმეტეს, როცა მასწავლებელი პირდაპირ ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, მაშინაც კი, როცა ცუდი განზრახვა არ აქვს და ცდილობს, უბრალოდ გულწრფელი იყოს.

მხოლოდ ემოციების კონტროლი, სიტყვებისა და დავალებების ფაქიზად შერჩევა აგვარიდებს თავიდან ისეთი თაობის აღზრდას, რომელსაც მერეც სურს რაღაც ახალი ისწავლოს, მაგრამ სკოლაში მიღებული გამოცდილების ფონზე ეს სურვილი სტრესის წყაროდ იქცევა მისთვის.

სწავლა მართლა სიბერემდეა. სკოლა და იქ გატარებული დრო კი პატარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია დიდი სურათისა.

პროექტი „მხიარული ანბანი“

0

დაწყებით საფეხურზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კითხვის სწავლების პროცესს. კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი უნარის განვითარებას მოითხოვს. ეს კომპონენტებია: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა, გაგება-გააზრება. პირველკლასელ მოსწავლეთა ნაწილი განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდება დეკოდირება-კოდირების პროცესში. ამიტომ, მიზნად დავისახე ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც, ერთი მხრივ, მოსწავლეებს დაეხმარებოდა ქართული ანბანის შესწავლა-განმტკიცებასა და კოდირება-დეკოდირების უნარების განვითარებაში, მეორე მხრივ კი – ანბანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, მიმართ ცნობიერების ამაღლებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ხელს შევუწყობთ საგანთა ინტეგრაციას, კლასების დამეგობრებას, თანამშრომლობას. პროექტი ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, მოიცავს ბევრ სახალისო აქტივობას და ეხმარება მოსწავლეებს კითხვის სწავლის პროცესში.

  1. პროექტის სახელიმხიარული ანბანი

კლასი: 1-ელი კლასი,

  1. პროექტის მიზანი
  • მოსწავლეების მიერ დეკოდირება-კოდირების უნარების განმტკიცება (ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება; სიტყვების/წინადადებების წაკითხვა);
  • კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
  • თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
  1. აქტივობები

ოქტომბერი. აქტივობა.1. ანბანის სამყაროში

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას პროექტის – „მხიარული ანბანის“ დაწყების შესახებ. პროექტის დაწყების დღე ემთხვევა დედა ენის დღეს (ან მომდევნო დღეს). მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტის დაწყების აღსანიშნად მასწავლებელი მოსწავლეებს სიმბოლურად საჩუქრად გადასცემს ანბანს და მიულოცავს ანბანის სამყაროში მოგზაურობის დაწყებას. ასევე, ყურადღებას გაუმახვილებს მერხზე დაკრულ ანბანზე (ანბანის მინი-ვერსია მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაკრული ყველა მოსწავლის მერხზე) და სთხოვს, შემოხაზონ ახლად ნასწავლი ასო-ბგერები: „ა” და „ი”. (ყოველი ახალი ასო-ბგერის შესწავლისას მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, მოძებნონ და შემოხაზონ მოცემული ასო თავიანთ ანბანში).

შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი წინასწარ გამზადებული წებოვანი ასო-ბგერებით ააწყობინებს მოსწავლეებს სიტყვებს და ეხმარება მათ მის პერანგზე მიმაგრებაში. თამაშობენ მოსწავლეების მონაწილეობით წინადადების „აი იას“ აწყობას.

აქტივობა 2. ლაბირინთი

მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს სიცილაკს და უხსნის, რომ მას უნდა დაეხმარონ ლაბირინთიდან თავის დაღწევაში. ამისათვის ყოველი შესწავლილი ასო-ბგერა უნდა დაამატონ ლაბირინთში და სიცილაკიც თითო ნაბიჯით წინ გადაადგილდება.

რესურსი საანბანე პერიოდის განმავლობაში კლასში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული. მოსწავლეები ეხმარებიან სიცილაკს ლაბირინთიდან თავის დაღწევაში. ამისთვის ყოველ შესწავლილ ასო-ბგერას მასწავლებელი ამატებს ლაბირინთს და სიცილაკიც ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს.

რესურსი მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სხვა აქტივობებშიც, მაგალითად, წინარე ცოდნის გააქტიურებაში. მაგ.: მოდით, გავიხსენოთ, რომელი ასო-ბგერები ვისწავლეთ? დღეს რომელი უნდა შევისწავლოთ? რომელი ასო-ბგერა არ დაგვიმატებია ჯერ ლაბირინთში? რომელ ასო-ბგერაზე დგას სიცილაკი? დაასახელე ეს ასო-ბგერა? რომელი სიტყვები იწყება მითითებულ ასოებზე.

მასწავლებელი მოსწავლეებს ჰპირდება, რომ ყველა ასო-ბგერის შესწავლის შემდეგ, ლაბირინთიდან გამოსული სიცილაკი, მადლიერების ნიშნად მოსწავლეებს შესთავაზებს სახალისო აქტივობას. იხ. აქტივობა ჯადოსნური ასოები.

ნოემბერი. 3. ბოსტნეულით ასოების აწყობა

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ბოსტნეულს და ახლად შესწავლილ ასო-ბგერებს (ა, ი, ო, ს, ხ, თ) წარმოადგენენ ბოსტნეულის გამოყენებით. ბარათებზე ნასწავლი ასოები წერია. შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები იღებენ ერთ ბარათს და სურვილის მიხედვით ირჩევენ იმ ბოსტნეულს, რომლის საშუალებითაც ააწყობენ ასოებს.

ნოემბერი. აქტივობა 4. ხილით ასოების აწყობა

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სახის ხილს. ამჯერად, მუშაობენ ჯგუფებში. მასწავლებელი ჯგუფს მიაწოდებს სიტყვას, რომელიც უნდა წარმოადგინონ ხილის საშუალებით. ჯგუფის თითოეული წევრი წარმოადგენს თითო ასოს და საბოლოდ დგება სიტყვა.

დეკემბერი. აქტივობა 5. მხიარული ვიქტორინა

პირველი სემესტრის შეჯამების მიზნით კლასში ჩატარდება „მხიარული ვიქტორინა“. ვიქტორინა შედგება რამდენიმე ტურისგან. ვიქტორინის დასასრულ თითოეულ გუნდს დაევალება, შერჩეულ მუსიკაზე შეასრულოს ცეკვა. მოპოვებული ქულები გადაიცვლება სიცილაკებზე, რომლებსაც გაინაწილებენ გუნდის წევრები. თითოეული მონაწილე კი დაჯილდოვდება ბუშტით.

იანვარი. აქტივობა 6. სტუმრად ბიბლიოთეკაში

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრებიან სკოლის ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკარისგან მოისმენენ მინი-ლექციას ბიბლიოთეკაში ქცევის წესებზე. წაიკითხავენ საანბანე ტექსტებს. კლასში დაბრუნებულებს კი მასწავლებელი ესაუბრება ანბანის, როგორც კულტურული ძეგლისა და მისი მოფრთხილების, დაცვის შესახებ. თუ შესაძლებელია, აჩვენებს ი.გოგებაშვილის დედაენის პირველ გამოცემას.

თებერვალი. აქტივობა 7. ჯადოსნური ასოები.

ანბანის ყველა ასო-ბგერის დასასრულ სიცილაკიც დააღწევს თავს ლაბირინთს. მადლიერების ნიშნად მოსწავლეებს შესთავაზებს სახალისო აქტივობას. მოსწავლეები ხმამაღლა ამბობენ თავიანთ საყვარელ ასო-ბგერას, შემდეგ კი სპეციალური მარკერით წერენ თეფშზე. თეფშს ფრთხილად წყალში ათავსებენ. ასოები იწყებენ წყლის ზედაპირზე ცურვას.

https://www.youtube.com/watch?v=RrfBKTBzfik

თებერვალი. აქტივობა 8. მარცვლეულითა და ხილით სიტყვების აწყობა

პროექტის ფარგლებში, ამჯერად მარცვლეულითა და პარკოსნებით მოსწავლეები ერთ- და ორმარცვლიანი სიტყვებს აწყობენ.

მარტი. აქტივობა 9. მხიარული ანბანი და დედის დღე

ანბანის ყველა ასო-ბგერის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ამზადებენ მისალოც ბარათებს, ნახატებს დედებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის.

მოსწავლეები ყვავილებითა და მისალოცი ბარათებით მიულოცავენ სასკოლო საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს. კაბინეტში სტუმრობენ დირექციას, სკოლის ექიმს, მანდატურებს, ბიბლიოთეკარს, ტექპერსონალს, პარალელური კლასების მასწავლებლებს მიულოცავენ დედის დღეს და გადასცემენ ყვავილებსა და ნახატებს.

მარტი. აქტივობა 10. სკოლების დამეგობრება

პროექტის ფარგლებში ვუმეგობრდებით სხვა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. სასურველია, არ იყვნენ პირველკლასელები. ისინი მოამზადებენ გაცნობითი ხასიათის წერილებს და უგზავნიან კონკრეტულ პირველკლასელს. (ამაზე მასწავლებლები წინასწარ თანხმდებიან, რათა არცერთი მოსწავლე არ დარჩეს წერილის გარეშე). პირველკლასელებიც დიდი მოლოდინითა და ინტერესით ელიან წერილებს. შემდეგ კი თვითონაც ამზადებენ საპასუხო წერილებს. შესაძლებელია მოსწავლეთა ემოციები წერილის მიღების პროცესში ავსახოთ ვიდეოზე. დამეგობრებულ კლასებს შორის წერილების წერა გაგრძელდება მომდევნო კლასებშიც.

 

აპრილი. აქტივობა 11. ანბანის წიგნის შექმნა

ფორმატზე თითო მოსწავლე წარმოადგენს თითო ასო-ბგერაზე საანბანე გვერდს.

მშობლების ჩართულობით, მოსწავლეები წინასწარ განსაზღვრულ ასო-ბგერას გააფორმებენ სხვადასხვა საშუალებით: მძივებით, პლასტილინით, ნაჭრებით, ფერადი და ბრჭყვიალა ქაღალდებით. მოსწავლემ უნდა ჩააკრას ან დახატოს წიგნში შესაბამის ასო-ბგერაზე დაწყებული საგნების ფოტოები და ისწავლოს ლექსი შესაბამის ასო-ბგერაზე.

14 აპრილს მოეწყობა „ანბანის წიგნის“ პრეზენტაცია. მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსებს, გააკეთებენ თავიანთი საანბანე გვერდის პრეზენტაციას. ნამუშევრები აიკინძება და დამზადდება ხელნაკეთი „ანბანის წიგნი“.

პროექტის მდგრადობა

პროექტი მდგრადია, რადგან ყოველ 14 აპრილს კლასში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. გავაგრძელებთ მეგობარ სკოლასთან თანამშრომლობას. ანბანის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვგეგმავთ ახალ პროექტებს.

პროექტის შეფასების რუბრიკა

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი

მოსწავლის სახელი, გვარი ————————————————————

კრიტერიუმები  

 

მოცემულ დავალებებს კარგად გავართვი თავი.  

 

 

 

 

 

 
ვთანამშრომლობდი სხვა მოსწავლეებთან.      
შემიძლია სხვადასხვა მასალისგან ასო-ბგერების აწყობა.      
შემიძლია ასო-ბგერებზე საანბანე გვერდის დამზადება.      

 

მკითხველთა კლუბის სიკეთე

0

მკითხველთა კლუბი ჯადოსნური ადგილია. მით უფრო მაშინ, როცა წიგნსაც ჯადოქარზე კითხულობ, რომელიც ტყეში, ჭაობისპირად, მიგრეხილ-მოგრეხილ, ხავსმოდებულ ქოხში ცხოვრობს, ტყის ალქაჯ კეკასთან მეგობრობს და თავისი სიზარმაცისა და დაუდევრობის წყალობით საოცარ თავგადასავალში ამოგაყოფინებს თავს. ვის აღარ გაიცნობ და შეხვდები: მეფე ბუთხუზ პირველიდან დაწყებული, ნიახურა ბიჭით დამთავრებული. ერთ დღეს, დარწმუნებული ვარ, ტყის სილამაზის სალონში თმის გაჩეჩვაშიც გადაიხდი ფულს. ისე როგორ იქნება, სასადილოშიც არ შეიარო და ტყის სოკო არ დააგემოვნო?! სიმართლის წყაროს წყალსაც თუ დააყოლებ, ვინ იცის, იქნებ ტყუილებსაც გადაეჩვიო. და მაინც, ჯადოქარ მარსიასთან ფრთხილად უნდა იყო! ვაითუ ჯადოქრობის წესის თქმისას შეცდომა დაუშვას და, ბოდიში მომითხოვია, სახედრად გადაგაქციოთ.

თუ წაკითხული გაქვთ თამრი ფხაკაძის მხიარული წიგნი ,,გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“, ალბათ თვალწინ გაგიცოცხლდათ ზოგიერთი ეპიზოდი. სულ ცოტა, ღიმილს უნდა გადაერბინა თქვენს სახეზე. ასე დაიწყო ამ წიგნის კითხვაც ჩვენს კლუბში – სიცილ-ხითხით-ფხუკუნით.

ბავშვების სიცილს რა შეედრება, მაგრამ კლუბს ხომ თავისი წესები აქვს, კითხვას კი – სტრატეგიები. ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია. ბავშვებმა დაინახეს თუ არა დიალოგები, „მკითხველთა თეატრი“ მოუხდებაო. გზადაგზა პერსონაჟებიც შევაგროვოთ და როლებში ვიკითხოთ, მერე კი გავითამაშოთო. ზოგმა ისე გაითავისა როლი, რეკვიზიტებიც კი შეარჩია. ვკითხულობთ და ვხვდებით, რომ ისეთი არტისტული მსახიობები გვყავს, შეუძლებელია, სხვებსაც არ გავუზიაროთ მათი ოსტატობა.

იწყება ფიქრი სცენარზე. წიგნში ბევრი პერსონაჟია, კლასში კი – თოთხმეტი ბავშვი. თავგადასავალი საკმაოდ ვრცელია, სპექტაკლის დადგმის სურვილი – უდიდესი. მოკლედ, დიდი გამოწვევაა. როგორ შევკვეცოთ ნაწარმოები ისე, რომ ამბავი თანმიმდევრულადაც გადმოვცეთ და შთამბეჭდავადაც? სად მივცეთ თავს ინტერპრეტირების უფლება? რომელი პერსონაჟია მთავარი, რომელი – უმნიშვნელო? რომელი ეპიზოდებით გავამთლიანოთ ამბავი? როგორც ჩვენი წიგნის პერსონაჟი მეეტლე იტყოდა: „ხუმრობა საქმე ხომ არაა, ქოხში ვირი შევიდა და მეფე გამოვიდაო“. მართლაც არ ყოფილა სცენარის დაწერა იოლი, მაგრამ როცა ბავშვების გულისთქმა ერთიანდება, შეუძლებელი არაფერია. ესეც მკითხველთა კლუბში დავადგინეთ, როცა „მეკობრეთა სკოლა“ წავიკითხეთ.

ასე რომ, ჩვენ შევძელით. ბავშვები – რაღა ბავშვები, ჩემი არტისტები – რეპეტიციების სურვილით იყვნენ შეპყრობილი. ლამის სასწავლო პროცესი ჩაგვეშალა. დეკორაციებიც საკუთარი ხელით შევქმენით, კოსტიუმებიც თვალისმომჭრელი გამოვიდა, სულაც არ ეტყობოდა, რომ უმრავლესობა კარადის ძველი ბინადარი იყო, რადგან დედიკოების მარჯვე ხელებმა ოსტატურად გააცოცხლეს. როცა მივხვდით, რომ დავძლიეთ, გავთამამდით და სპექტაკლის პრემიერაზე ავტორის მოწვევაც გავბედეთ. ყველაზე მეტად მისი შეფასება გვაინტერესებდა. მეორედ კი ჩვენი სოფლის საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის გავმართეთ წარმოდგენა. ისე ლაღად იცინოდნენ და უკრავდნენ ტაშს, სხვა დროსაც აუცილებლად მოვიწვევთ.

მკითხველთა კლუბი ჯადოსნური ადგილია. მით უფრო – როცა წიგნს ჯადოქარზე კითხულობ. შეიძლება, უბრალო მკითხველიდან არტისტად, სცენარისტად, რეჟისორად, დეკორატორად და ვინ იცის, რად გადაიქცე…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ონლაინრესურსების უპირატესობა გეოგრაფიის სწავლებისას

0

 ტექნოლოგიებმა  ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. ინტერნეტი წარმოადგენს შესაძლებლობას – მასწავლებელმა   გაკვეთილები გაამდიდროს  მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერნეტრესურსების გამოყენებით.  შეგვიძლია  მოსწავლეებს  მივცეთ წვდომა გეოგრაფიული ინფორმაციის მთელ რიგ წყაროებზე, რათა მათთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს  საგანი.

ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზანია, მოსწავლეს განუვითროს გამჭოლი კომპეტენციები, ღირებულებები, ციფრული უნარები.  დღეს აქტუალურია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. დაწყებული  ქსელური ძიებიდან, ინფორმაციის გავრცელებამდე.

სასწავლო პროცესის დაგეგმვისას,მრავალი საინტერესო აქტივობა შეიძლება მოიფიქროს  მასწავლებელმა ამ კომპეტენციის განვითარებისათვის, ერთ-ერთი კი გახლავთ  ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.   ციფრული და ინტერაქტიული ინსტრუმენტებით განხორციელებული აქტივობები ზრდის მოსწავლეთა კონცენტრაციას,ამ ტიპის ხელსაწყოები მოსწავლეებს  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უწყობს ხელს.მასწავლებელს შეუძლია ციფრული რესურსები გამოიყენოს მოსწავლეების  მრავალფეროვანი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მათ აქტიურად ჩართულობას სასწავლო პროცესში, ხელს უწყობს გეოგრაფიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოჩენას , მასწავლებელს შეუძლია მიაწოდოს მოსწავლეებს ინსტრუქციები , რათა  დამოუკიდებლად  შექმნან სასწავლო რესურსი.

წარმოგიდგენთ სხავადასხვა  პროგრამაში ჩემს მიერ შექმნილ  ელექტრონულ რესურსს.

playposit.com  არის ინტერაქტიული ვიდეო ინსტრუმენტი, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან   და გააზიარონ ინტერაქტიული ვიდეო- გაკვეთილები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერაქციას და საკითხის ღრმად გააზრებას, ვიდეოს მიმდინარეობის დროს, შეგიძლიათ დასვათ კითხვები, ჩაატაროთ გამოკითხვა, არჩევით პასუხებიანი დავალებები მისცეთ მოსწავლეებს, და ა.შ. გიზიარებთ ჩემს მიერ შექმნილ რესურსს თემაზე :“ მდგრადი განვითარების მიზნები“, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხის  შესწავლისას.    https://app.playpos.it/go/share/1919633/1643782/0/0/——Sustainable-Development-Goals-SDGs

ამავე ინსტრუმენტში შექმნილი მაქვს რესურსი- , „ნარჩენების მართვა“ -რომელიც გამოიყენება გეოგრაფიაში   მე-10 კლასში თემა- „რესურსების გამოყენების და მართვის გლობალური კანონზომიერებები“ , მე-9 კლასში  სამოქალაქო განათლებაში- „გარემოს დაცვის“ თემის შესწავლის დროს, მე- 7 კლასში მოქალაქეობაში თემის-„გარემოსა და კულტურული მემკვიდრების დაცვა“   და ბუნებისმეტყველების საგნის სწავლებისას  https://app.playpos.it/go/share/1922092/1643782/0/0/–

ხელოვნურ ინტელექტს  განათლების სფეროში  დიდი ადგილი უკავია, იგი ეხმარება პედაგოგს, გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, ხელოვნური ინტელექტს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, ერთ-ერთი მათგანია აალაპარაკე სურათი, შეიძლება იყოს თქვენs მიერ შექმნილი სურათი და ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემოთავაზებული ავატარები.

https://www.vidnoz.com/ საიტის გამოყენებით.

აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით შევქმენი რესურსი, რომელსაც გამოიყენებს მასწავლებელი მე-11 კლასში -ენერგოეფექტურობის საკითხის შესწავლისას

1.ენერგიის დაზოგვა-https://share.vidnoz.com/aishare- cgHpEGTIb9RfvxnRvqR94ADw17099807062373376

მოსწავლეს მივეცი დავალება, მოცემულ ვიდეოზე დაყრდნოთ მოეფიქრებინა ენერგიის დაზოგვის რჩევები  2. რჩევები., როგორ დავზოგოთ ენერგია   https://share.vidnoz.com/aishare-clD6Is8sO5WrGNzwgHNfBnjj17099823692373376

https//miro.com პლატფორმა არის ვიზუალური სამუშაო სივრცე ინოვაციისთვის, ეს არის ონლაინ დაფა იდეების ვიზუალიზაციისთვის, სადაც მასწავლებელი ჰქმნის გრაფიკულ ორგანიზატორებს, რომლის გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას

ისინი შინაარსის თავლსაჩინოდ გადმოსაცემად გამოიყენება და ინფორმაციის ორგანიზებაში გვეხმარება, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ ინფორმაციის  დამახსოვრება, ათვისება, ანალიზი და გამოყენება.

გთავაზობთ ჩემს მიერ შექმნილ რესურსს:“გეოგრაფიული ინფორმაციის წყაროები“, რომელსაც მასწავლებელი გამოიყენებს   მე-7 კლასში თემის“დედამიწა“ შესწავლისას, აღნიშნულ რესურსში  თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი გეოგრაფიული ინფორმაციის წყაროების შესახებ ინფორმაცია.   https://miro.com/app/board/uXjVNox1bx4=/

გეოგრაფიის სწავლებისას ხშირად ვიყენებთ დროის ხაზს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გრაფიკული ორგანიზატორია, დროის სკალა, რომელიც მოვლენებს, პროცესებს, ამბებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოსცემს,

https://www.timetoast.com/ მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ თანმიმდევრობა, ზრდა, ცვლილება და ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია. ამ ინსტრუმენტში შექმნილი რესურსი – „ნატოს გაფართოების ისტორია“    https://www.timetoast.com/timelines/3039626,  დროის ხაზზე მოცემულია დავალებები, რომლებიც უნდა შესრულონ მოსწავლეებმა, თითოეულ პუნქტზე დაწკაპებით გამოჩნდება კითხვა, რაზეც მოსწავლეებმა უნდა გასცენ პასუხი , აღნიშული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის უკეთ გააზრებაში .

ონლაინ ინსტრუმენტი  https://bubbl.us/  იძლევა საშუალებას, მასწავლებელმა შექმნას გრაფიკული ორგანიზატორები.  აღნიშნულ ინსტრუმენტში შევქმენი სქემა კომპლექსური დავალებისთვის, მოსწავლემ დავალების შესრულებისას უნდა შეავსოს სქემა, რომელიც ასახავს ვირტუალური წყლის კონცეფციიის ძირითად ასპექტებს. ცენტრში მოთავსებულია თავად ტერმინი “ვირტუალური წყალი”მათ უნდა შეავსონ სქემის თითოეული ნაწილი:

ა) განმარტონ, რას ნიშნავს “ვირტუალური წყალი”. ბ) მაგალითები: ჩამოთვალონ მინიმუმ სამი პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც აქვს მაღალი ვირტუალური წყლის შემცველობა. გ) გავლენა: აღწერონ, რა გავლენა აქვს ვირტუალური წყლის კონცეფციას წყლის რესურსების მართვასა და მდგრადობაზე. დ) გაზომვა: ახსნან , როგორ იზომება ვირტუალური წყალი და რა ერთეულები გამოიყენება. მოსწავეებმა პასუხები უნდა ჩაწერონ სქემის შესაბამის ნაწილებში.  ეს დავალება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ ვირტუალური წყლის კონცეფციის შესწავლაში, გააანალიზონ მისი სხვადასხვა ასპექტი და გაიაზრონ მისი მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში.http://go.bubbl.us/d82133/0c66?/ვირტუალური-წყლის-კონცეფციის-ასპექტები

https://wordwall.net/ არის პლატფორმა,  რომელიც იძლევა საშუალებას,მასწავლებელმა   შექმნას ინტერაქტიული აქტივობები: ქვიზები, სიტყვების დაწყვილება,კროსვორდები, ვიქტორინა, ეტიკეტირებული დიაგრამები, და ა. შ.

გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით:

ქვიზი -თემაზე -მდგრადი განვითარება-   https://bit.ly/49YNnxb

სიტყვების დაწყვილება- თემა „ჰიდროსფერო“   მე-7 კლასი https://bit.ly/4c97eLc

https://genial.ly/     არის პლატფორმა ინტერაქტიური კონტენტის შესაქმნელად. ერთიანი ინსტრუმენტი დიდაქტიკური რესურსებისთვის, პრეზენტაციებისთვის, თამაშებისთვის, ინტერაქტიური სურათებისთვის, რუკებისთვის, ილუსტრირებული პროცესებისთვის, რეზიუმეებისთვის და ა. შ. აღნიშნული ინსტრუმენტი გვეხმარება, გავხადოთ სწავლება უფრო მოტივაციური და შინაარსიანი სწავლისადმი ინტერესის გაზრდით .

გიზიარებთ რესურსს-„საქართველოს ტბები“, რომელსაც გამოიყენებს მასწავლებელი საქართველოს ტბების გაცნობისას https://view.genially.com/65eae6107b942b0014ec1a8c/interactive-image-10

მოსწავლე ირჩევს ნებისმიერ ტბას , ეცნობა ამ ტბის შესახებ ინფორმაციას და შემდეგ ასრულებს დავალებას.

ციფრულმა სასწავლო რესურსებმა შეცვალა სწავლისა და სწავლების გზა. ციფრული სასწავლო რესურსების გამოყენებით, მასწავლებლებს ახლა შეუძლიათ შესთავაზონ მოსწავლეებს ინტერაქტიული,  და საინტერესო აქტივობები გაზარდოს სწავლების ეფექტურობა, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა , მოტივაცია, საგნისადმი უფრო მეტი დაინტერესება და ა. შ.

სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების უპირატესობა თვალნათელია, თუ მას გამოვიყენებთ მიზნობრივად, მოვარგებთ გაკვეთილის სასწავლო მიზანსა და მოსწავლეთა საჭიროებებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა

მაია ბლიაძე ,გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე, მეთოდური გზამკვლევი  https://lnnk.in/bRj4

სტატია, ხ.ციხელაშვილი-„სახალისო აქტივობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ https://mastsavlebeli.ge/?p=38761

 

 

ტექსტის შესწავლა სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებით

0

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ორი ისეთი ადამიანიც კი, რომლებსაც თითის ერთნაირი ანაბეჭდი აქვთ. შესაბამისად, ადამიანებიც ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით, როგორც მათი თითების ანაბეჭდი. მასწავლებლის პროფესიის სირთულე სწორედაც რომ ეს არის, შევქმნათ სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ყველა ინდივიდისთვის, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა. თუ ამას ახერხებ, ესე იგი, შენი სწავლების პრინციპები უნივერსალურ დიზაინს უტოლდება. შედეგის მომტანია ყველასთვის და არა ერთეულებისთვის.

  • მოსწავლეებისთვის ცოდნის, ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვანი გზები,
  • მოზარდის მხრიდან ცოდნის დემონსტრირების, გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებები,
  • მოტივაციის მრავალფეროვნება –

ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს – სასწავლო პროცესი გავხადოთ სასურველი. თეორიულად ეს ყველაფერი იდეალურად და სრულყოფილად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელებას დიდი ძალისხმევა, კომპეტენცია, მოქნილობა, შრომა, რესურსი, სასკოლო თემის მზაობა სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ ხშირად ვართ შეშინებულიც, იმედგაცრუებულიც, დაეჭვებულიც. ის, რასაც ვაკეთებთ, არის კი უნივერსალური? იშვიათია ამ პროცესში კმაყოფილების განცდა. თუმცა, ეს ეჭვი, დაკვირვება, ძიება, კვლევა, ქმნის საბოლოო ჯამში გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებიც გვეხმარება, გავყვეთ უნივერსალური დიზაინის პრინციპებით სწავლების გზას.

ჩვენ გვსურს, გაგიზიაროთ საგაკვეთილო პრაქტიკა. გთავაზობთ კონკრეტულ აქტივობებსა და რესურსებს, ერთი ტექსტის შესწავლის ფარგლებში დაგეგმილს და განხორციელებულს, ზემოთ ხსენებული პრინციპების გათვალისწინებით.

არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია თავისი მრავალფეროვანი თემატიკით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თუმცა, ამ ტექსტის თემატიკა არანაკლებ ეხმიანება სამოქალაქო განათლებასა და „მე და საზოგადოებაში“ შესასწავლ საკითხებს.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამ ტექსტის სწავლებისას ჩვენი ძირითადი სამიზნე ცნებები და ქვეცნებები იყო:

  • ტექსტი (მხატვრული ჟანრები, მულტიმედიური ტექსტი, თემა, მთავარი იდეა, სიუჟეტი, პერსონაჟი, ხედვის კუთხე, ლექსიკა);
  • სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე); (თხრობა, აღწერა, შედარება, დასაბუთება).

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააღვივოს ბავშვის ინტერესი. ამიტომ, ჩვენ ტექსტის შესწავლამდე ბავშვებს შევთავაზეთ ფოტოგალერეა. შევარჩიეთ ისეთი ფოტოები, რომლებიც მიიქცევდა მათ ყურადღებას და გაუჩენდა სხვადასხვა ასოციაციას. შემდეგ დავყავით ჯგუფებად, ვთხოვეთ, აერჩიათ სასურველი ფოტო და შეექმნათ ამ ფოტოს მიხედვით პატარა ამბავი, რომელსაც ზეპირად, წერილობით ან კომიქსის სახით წარმოადგენდნენ. ამბავს უნდა ჰქონოდა სათაური, შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასასრული.

ბავშვებმა მათივე შექმნილი ამბები მოისმინეს, წაიკითხეს, წარადგინეს და დადგა დრო უშუალოდ ტექსტის გაცნობისა. ერთად დავინტერესდით, როგორი ამბავი შექმნა არჩილ სულაკაურმა.

რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო ტექსტის წაკითხვას და გაგება-გააზრებას. ამ გაკვეთილებზე ჩვენ გამოვიყენეთ კითხვის სხვადასხვა სტრატეგია: კითხვა მარკირებით, გაწაფული კითხვა, პაუზებით კითხვა, როლური კითხვა.

გაკვეთილის შემდეგი ეტაპი იყო ლექსიკაზე დაკვირვება. ტექსტის გაცნობისა და გაგება-გააზრებისას უხვად წავაწყდით სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელთა მნიშვნელობა მათთვის ბუნდოვანი იყო. შევაგროვეთ ეს სიტყვები და მივაწოდეთ განმარტებები. ზოგიერთი მათგანი შევთავაზეთ ფოტო/ილუსტრაციის სახით.

ახალი სიტყვები და გამოთქმები:

ეტოქე – მოწინააღმდეგე

ნაგაზი – ძაღლის უძველესი ჯიში

ფორანი – ცხენებშებმული ურემი

ალყა შემოარტყეს – გარს შემოეხვივნენ

ქვაფენილი – ქვის ფილებით დაგებული იატაკი

ფილაქანი -აგურებით დაგებული იატაკი

კუდამოძუებული – სირცხვილნაჭამი, გაწბილებული

ფინია – ეზოს პატარა ძაღლი

გაანჩხლებული – გაავებული

დამრეცი – დახრილი

ვერაგულად – მტრულად

ახმახი – გამხდარი და მაღალი

ლაზათიანი – მოხდენილი

სალტე – რკალი

ფათერაკი – საფრთხე

ჩქერი – სწრაფი დინება ვაკის მდინარის კალაპოტში

მარჯვედ – მოხერხებულად

ძრწოლა – კანკალი შიშით

საგონებელში ჩავარდნა – შეფიქრიანება

მოკირწყლული – მოპირკეთებული

შუშაბანდი – შემინული აივანი

უბე – ადგილი ტანსაცმლის შიგნით, გულმკერდის არესთან

თვალები აუნაპერწკლიანდა – თვალები აუციმციმდა

ქოფაკი – ძაღლის ჯიში

რაზა – კარის ჩამკეტი რკინა, ჩარაზა-ჩაკეტა

სალაფავი – წყალში გახსნილი ქატო

ბოღმა – სიბრაზე, შური, ჯავრი

იალაღი – საზაფხულო მთიანი საძოვარი

გამოტყვრნენ გამოჩნდნენ და მათი გამოჩენა არ იყო სასიამოვნო

დალანდა ლანდად შეამჩნია, თვალი მოჰკრა

ფალავანი –    მოჭიდავე

აქეზებდნენ –         აგულიანებდნენ

სეირი –          სანახაობა

უსტაბაში – უფროსი ოსტატი

გახელებული – გაგიჟებული, გადარეული

შოლტი – მათრახი

თუნუქი – ლითონი, რომლისგანაც ამზადებენ სახურავს, ქილებს.

ნირი წაუხდათ – ხასიათი, გამომეტყველება წაუხდათ

შემკრთალი – შეშინებული

 იმისთვის, რომ დავკვირვებოდით, რამდენად აითვისეს მოსწავლეებმა ეს სიტყვები და გამოთქმები და რამდენად შეძლებდნენ მათ მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენებას, მათ ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები შევთავაზეთ:

სიტყვის რუკები, დააბრუნე სიტყვები (მოსწავლეებს ვურიგებთ ტექსტიდან შერეულ აბზაცებს, რომლებშიც ფერადი მარკერებით გადაშლილი გვაქვს კონკრეტული სიტყვები და ვთხოვთ მათ, დააბრუნონ ისინი ტექსტში), ფანტაზიორები და რეალისტები (ფანტაზიორებს უნდა შეედგინათ კონკრეტული სიტყვის გამოყენებით უცნაური, აბსურდული წინადადებები; რეალისტებს – ჩვეულებრივი, რეალური შინაარსის წინადადებები). მოსწავლეებს შეეძლოთ, ჩამოთვლილი აქტივობებიდან შეერჩიათ სასურველი.

1.დააბრუნე სიტყვა

  1. ფანტაზიორები და რეალისტები

სიტყვა – მეტოქე

რეალისტები – ჩემი მეტოქე ჩემზე ძლიერია.

ფანტაზიორები – დოქი გატყდა და მეტოქე დაიღვარა.

3.სიტყვის რუკა

შევეცადეთ, მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვანი სტრატეგიები შეგვეთავაზებინა: ცხრილები, გრაფიკული მაორგანიზებლები, ილუსტრაციები, წიგნები, სხვადასხვა აუდიო- თუ ვიდეომასალები. თავად მოსწავლეებმა შექმნეს რადიოსპექტაკლი, რომელიც იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ვიზუალური თუ სმენითი მეხსიერება უკეთ აქვთ განვითარებული, საინტერესო რესურსი აღმოჩნდა.

ტექსტის შესწავლის, პერსონაჟებზე დაკვირვების, ხედვის კუთხის ცვლილების, სიუჟეტის, თემისა და იდეის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებმა ნაწარმოებში დასმული ძირითადი პრობლემები ჩამოაყალიბეს.

ტექსტში წამოჭრილი მრავალფეროვანი პრობლემების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში დაგვეხმარა აქტივობა „ფორუმ-თეატრი“. ვინაიდან, ის გვაძლევს საშუალებას, მოსწავლეებმა თავად შექმნან შესწავლილი ამბის მსგავსი საკუთარი ვარიანტი, სადაც ისინი ფიქრობენ სავარაუდო სცენარზე, არჩევენ როლებს, დგამენ მინი-სპექტაკლს, გამოკვეთენ პრობლემას, ფიქრობენ პრობლემის გადაჭრის გზებზე, პერსონაჟის ჩანაცვლებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.

იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მოსწავლეებს შევთავაზეთ აქტივობა „თვალახვეული“.

გთავაზობთ აქტივობის ინსტრუქციას, რადგან მისი გამოყენება მრავალფეროვან კონტექსტში შეგვიძლია:

  • აქტივობის დაწყებამდე ვეკითხებით მოსწავლეებს, უფიქრიათ თუ არა, რას ნიშნავს მხარდაჭერა;
  • ვისგან გრძნობენ ყველაზე მეტ მხარდაჭერას;
  • რა არ შეუძლიათ მხარდაჭერის გარეშე;
  • ერთ-ერთ მოსწავლეს ავუხვიოთ თვალები და ვთხოვოთ, ჩააცვას თოჯინას 3 წუთში (წინასწარ მოვამზადოთ თოჯინის რამდენიმე სამოსი: კაბა/შარვალი, მაისური, ქუდი, წინდა, ფეხსაცმელი);
  • შემდეგ ვთხოვოთ, იგივე გაიმეოროს, უკვე კლასის მხარდაჭერით. ბავშვებმა მისცენ მითითებები;
  • დასრულების შემდეგ ვკითხოთ ბავშვებს, იყო თუ არა ძნელი დავალების შესრულება?
  • მიიღეთ თუ არა ჯგუფისგან სასარგებლო მითითებები?

ეს სავარჯიშო დაეხმარება მასწავლებლებს იმის საილუსტრაციოდ, რომ გარკვეული სიძნელეების დაძლევას მეგობრობა, მხარდაჭერა, ერთიანობა სჭირდება.

არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში

0

წიგნის კლუბები ეხმარება მოსწავლეებს, იკითხონ მათთვის საინტერესო, ასაკის შესაფერისი წიგნები, რაც საგრძნობლად ამაღლებს კითხვის მოტივაციას. კლუბებში მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, აზრებსა და გრძნობებს, სწავლობენ წაკითხულის ანალიზს, თანატოლთა მოსაზრებების აქტიურ მოსმენას, საკუთარი იდეების წარდგენას, დისკუსიაში მონაწილეობას, წაკითხულის შეფასებასა და დასკვნების გამოტანას. კლუბში არსებული კეთილგანწყობილი, პოზიტიური და მეგობრული გარემო ზრდის ბავშვების ჩართულობას და კითხვისადმი ინტერესს. მყარდება ემოციური კავშირი ამბავთან, მთავარ გმირებთან, მდიდრდება ადამიანური ღირებულებები, რადგან ყოველი ახალი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ „ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“.

ამიტომ სიხარულით შევხვდით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის პირველ საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის შექმნას.

სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები

კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ესგ-სთან

  • კომუნიკაცია ინდივიდებსა და ჯგუფებთან;
  • ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
  • ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
  • პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • თანამშრომლობითი სწავლება და სოციალური უნარები;
  • სამეწარმეო უნარების განვითარება;

კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
https://wakelet.com/wake/egglCeKLabkAU9dL7RCTi

  • მოსწავლეებისთვის კლუბის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა;
  • მოსწავლეთა ინტერესებისა და მოლოდინის დადგენა

აქტივობა – კითხვის ბორბალი

მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ტექსტზე მუშაობის უნარები და ხალისით ჩაერთონ თამაშში.

აქტივობის აღწერა: ქაღალდის ბორბლის გარშემო განლაგდება ფურცლები, რომლბზეც იწერება ტექსტის სხვადასხვა ეპიზოდის სათაური. მოსწავლე დაატრიალებს ბორბლის ისარს, რომელი ეპიზოდიც შეხვდება, მოძებნის ტექსტში და ამოიკითხავს.

აქტივობა – თვითშეფასების ღიმილები

მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ მეტაკოგნიტიური უნარები, დამოუკიდებლად შეძლონ კითხვის პროცესზე დაკვირვება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე შედგენილი თვითშეფასების ფურცლები. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ისინი შეაფასებენ საკუთარ თავს და ცხრილში გააფერადებენ შესაბამის ღიმილაკს.

G-PriEd-ის საკითხავი წიგნები პრეზენტაცია; ტესტებზე მუშაობა, განხილვა-მსჯელობა

http://kargiskola.ge/teacherintro/teacherintro.php

მიზანი: კითხვის, გაგება-გააზრების, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარების გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება, პოზიტიური განწყობის შექმნა

შეხვედრა წიგნის ავტორთან

https://wakelet.com/wake/egglCeKLabkAU9dL7RCTi

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროს კონსულტანტთან, გზამკვლევებისა და სტატიების კრებულების ავტორთან, ბატონ პაატა პაპავასთან, ონლაინპლატფორმა Microsoft Teams-ის საშუალებით გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. მან მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი მოთხრობა – „დაკარგული პაიკი“. გაიმართა დისკუსია წაკითხული მოთხრობის შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს მწერალს, გაიხსენეს ადრე წაკითხული მოთხრობები და მათ შესახებ ისაუბრეს. ეს იყო ბავშვების პირველი შეხვედრა „ცოცხალ მწერალთან“, რომელიც მათთვის საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები შეუდგნენ დავალებებზე მუშაობას, წაიკითხეს რამდენიმე წიგნი, რომლებიც თავად ავტორმა ურჩია და შექმნეს ნახატები, რომლებიც მას ელ. ფოსტით გავუგზავნეთ.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია თანამშრომლობა, ამიტომ კლუბი თანამშრომლობს სსიპ ქალაქ ხობის პირველ საჯარო სკოლასა და სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლასთან. სწორედ ამ სამი სკოლის გაერთიანებით გაიმართა შეხვედრა ბატონ პაატასთან და სამომავლოდაც დაიგეგმა სხვა ავტორებთან შეხვედრები.

წაკითხული ტექსტების მიხედვით კომიქსების შედგენა

მიზანი: ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ მხატვრული ტექსტების გაგება-გააზრება და დამუშავება

https://school.emis.ge/Art-Lessons/Adventure/A-1366-05-6-19.html

კომიქსები, ისევე როგორც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებისთვის. მათი გამოყენება შეიძლება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სწავლების დროს. კომიქსი, უპირველესად, ახალისებს კითხვის პროცესს, ეხმარება მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გააზრებაში, პერსონაჟების ქმედებათა გაცნობიერებაში. კომიქსის კითხვისას თუ შექმნისას მოსწავლე იწყებს პერსონაჟის ფიქრების ამოცნობას, რაც ავითარებს ისეთ გამჭოლ კომპეტენციას, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება, ვინაიდან მოსწავლეებს, განსაკუთრებით უმცროსკლასელებს, ხშირად უჭირთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრება და წერითი დავალებების შესრულება, სასურველია, პერიოდულად ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ბავშვურ სამყაროს გაალამაზებს, გააფერადებს და გაახალისებს.

მკითხველთა კლუბის წევრებმა G-PriEd-ის სკითხავი წიგნებიდან აარჩიეს მათთვის სასურველი მოთხრობები და ხალისით შეუდგნენ მუშაობას. ტექსტის სიუჟეტის მიხედვით, სურვილისამებრ, ხატავდნენ ან თვითონვე აგრძელებდნენ ამბავს და პერსონაჟებზე ახალ-ახალ თავგადასავლებს თხზავდნენ. ისინი დიდი ხანია იცნობენ კომიქსების სტრუქტურას, ინსტრუქციებს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესო ნამუშევრებს გვიზიარებენ.

ელ. წიგნის შექმნა და გახმოვანება

მიზანი: ციფრული წიგნიერების უნარის განვითარება, სამეტყველო უნარის განმტკიცება, მოტივაციის ამაღლება და ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა

ციფრული ტექნოლოგიები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება მხოლოდ კი არ ახალისებს მოსწავლეებს, არამედ ცოდნასაც აძლევს და ამ გზით შეძენილი ცოდნა მათ დიდხანს მიჰყვებათ. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო რესურსია https://www.storyjumper.com/library/my. აქ შეგვიძლია შევქმნათ ილუსტრირებული ელექტრონული წიგნები, გავახმოვანოთ, გავაფორმოთ და მიზნობრივად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. მკითხველთა კლუბის წევრები დიდი მონდომებითა და სიხარულით მუშაობენ ამ მიმართულებით, უკვე სამი წიგნი გაახმოვანეს და სამომავლოდაც გეგმავენ საყვარელი მოთხრობების მიხედვით ელექტრონული წიგნების შექმნას.

 

წაკითხული ტექსტების მიხედვით დიორამის შექმნა

მიზანი:

  • თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • წაკითხული ტექსტის გააზრება-გამთლიანება;
  • ტრანსფერის უნარის განვითარება;
  • ტექსტის წარმოსახვაში გაცოცხლება.

დიორამა არის სამგანზომილებიანი პროდუქტი, რომელიც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. ტექსტების გაცოცხლებით მოსწავლეები უდიდეს სიამოვნებას იღებენ, ამახსოვრდებათ დეტალები, გონებაში დიდხანს რჩებათ მუშაობით გამოწვეული ემოცია, უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.

ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ სასწავლო მეთოდს და კლუბის წევრებსაც ძალიან უყვართ მასზე მუშაობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიქსის შემდეგ დიორამაც შეგვექმნა და ნამუშევრების პრეზენტაცია გაგვემართა. წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები: სამუშაო მასალა, შინაარსის ცოდნა და ასახვა, შემოქმედებითობა და თანამშრომლობა გუნდის წევრებთან.

საბოლოო ჯამში ბავშვებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს, პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილეს დეტალებზე, ტექსტის მიხედვით ისაუბრეს ნამუშევრებზე და მოქმედების განვითარებაზე.

ონლაინ პლატფორმა Microsoft Teams-ის საშუალებით მკითხველთა კლუბმა მორიგი შეხვედრა ფიქრია ჭაბუკიანთან გამართა.  ქართველმა კალიგრაფმა პატარებს უამბო ძველი წიგნების შესახებ, აჩვენა ხელნაწერები და ქართული ანბანის ორნამენტები. მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და მეტად ემოციური აღმოჩნდა.

ქალბატონ ფიქრია ჭაბუკიანს წინასწარ ვთხოვეთ, დაემზადებინა ბანერი კლუბის სახელწოდებით. მისმა შექმნილმა საზედაო ასოებმა მოსწავლეებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი შთაგონებით კალიგრაფიის საკუთარი სტილიც შექმნეს. ნიმუშები ქალბატონ ფიქრიას აჩვენეს და პოზიტიური უკუკავშირიც  მიიღეს. მკითხველთა კლუბის ფარგლებში სამომავლოდაც დაგეგმილია მსგავსი შეხვედრები.

სტატიის დასასრულს ვიტყვით, რომ მკითხველთა კლუბის პროექტმა ნამდვილად გაამართლა ჩვენი იმედები. დაგვეთანხმებით, რომ ეს იოლი ამოცანა სულაც არ არის, პირიქით, ძალიან რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ კითხვის მიმართ ბავშვების გულგრილი დამოკიდებულება ციფრული ეპოქის დიდი პრობლემაა. არადა, წიგნები მათი საუკეთესო მეგობრები არიან. კლუბის სახელწოდებაც შესაბამისი შევარჩიეთ: „წიგნის მეგობარი“. წიგნები ყოველთვის მზად არიან, „ემეგობრონ“ ბავშვებს და თავიანთ ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურონ. ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, კარგი და ცუდი საქციელის გარჩევას, სიმართლის თქმის მნიშვნელობას, ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს და ა.შ. დაბოლოს, კითხვა შესაძლოა იქცეს სრულიად ახალი კრეატიული იდეების წყაროდ. ჩვენთან ასეც მოხდა.

მკითხველთა კლუბის წევრებმა, კომპლექსური დავალების იდეიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ მუზეუმში ქცევის წესები. სწორედ ეს დაედო საფუძვლად მომდევნო პროექტს სამეწარმეო კომპეტენციის განვითარების შესახებ. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სასკოლო მუზეუმის დაარსება, ბილეთების გაყიდვითა და შემოწირულობით მიღებული თანხით კი თავად შეიძინეს პუფები მკითხველთა კლუბისთვის, რათა პოზიტიური გარემო შეექმნათ.

ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებას, მიზანი კი წიგნის კითხვის სიყვარულის განმტკიცებაა.

კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და ეპოქა

0
free-download-old-books-wallpaper-wallpaper-antique-books-1007x585-for-your-desktop-mobile-amp-tablet-explore-45-old-books-wallpaper-old-wallpaper-books-for-sale-wallpaper-that-looks-like-books.jpg

მოსწავლის პიროვნულ აღზრდასა და მოქალაქეობრივ ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგანთა შორის კავშირებს, ინტეგრაციას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სასწავლო თემის, საგნის მეორე საგანთან დაკავშირება, შეძენილი ცოდნის ტრანსფერი, ჩამოყალიბებული უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა და გამთლიანება. მიზანი მკაფიოა, მოსწავლემ უნდა მოახერხოს ისტორიული რეალობის წაკითხვა მხატვრულ ნაწარმოებში, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება, პრობლემურ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისის წარმოდგენა, განსხვავებული შეხედულებების შეჯამება და დასკვნების გამოტანა.

კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ ისტორიული რომანია. ნაწარმოებზე მუშაობა საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებმა ქართულში ნასწავლი მასალა დააკავშირონ ისტორიასთან, შეძლებისდაგვარად ამოიცნონ და გააანალიზონ შედეგები. ისინი ისტორიულ პროცესს სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული) განიხილავენ. წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს სადავო, პრობლემურ საკითხებზე. შეაჯერებენ განსხვავებულ შეხედულებებს და გამოაქვთ დასკვნები.

მოსწავლეები პოულობენ საგანთა შორის კავშირებს. ყურადღებას ამახვილებენ რომანში ასახული მასალის ისტორიულ ინტერპრეტაციაზე. აყალიბებენ საკუთარ აზრს. ამგვარად ისინი სწავლობენ – საკუთარი პოზიციის შემუშავებასა და დაცვას, კრიტიკას, თანამშრომლობა, მწერლის შემოქმედების გააზრებას სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით; ივითარებენ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარებს.

თვალი მივადევნოთ რომანში ასახულ ისტორიულ მოვლენებს. როგორც ვიცით, რომანის  დასაწყისშივე იკვეთება ქვეყნის შიგნით დაძაბული მდგომარეობა. „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, რომ მეფე გიორგი I-ს გამეფებისთანავე განუდგნენ აღზევებული ფეოდალები: „ღადრობითა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი“. მწერალმა მემატიანის ეს ცნობა გამოიყენა, თუმცა ამბავი ფხოველთა ამბოხის ფონზე დახატა. ამბოხისა, რომელიც რეალურად, თამარის ეპოქაში, ორი საუკუნის შემდეგ, მოხდა: „იწყეს მთიულთა განდგომა კაცთა ფხოველთა და დიდოთა“. მათ დასამარცხებლად სამი თვე იბრძოდა ივანე ათაბაგი. ეს ამბავი მწერალმა მე-11 საუკუნეში გადმოიტანა. ის ამის შესახებ წერდა:

„საქართველოს მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. ასეთი აჯანყება მომხდარა თამარის დროს, ხოლო ჩემს „დიდოსტატში“ ასახულ ეპოქაში კუთხური და ფეოდალური პარტიკულარიზმი რომ ძლიერი იყო, ამას მოწმობს თვით ეპოქა. ბაგრატ III-ის ეპოქაც ხასიათდება ასეთი აჯანყებებით… და არც გიორგი I-ის მეფობაში შეწყვეტილა, ერთი მხრივ, ბრძოლა საქართველოს ერთმეფობისთვის და ფეოდალების უთავჟამო ამბოხი. აზნაურთა ამბოხსა და უთანხმოებას მიაწერს ანალისტი გიორგი I-ის დამარცხებას ბერძნებთან ომში. მე შეგნებულად ავირჩიე ეს ეპოქა“.

ზვიად სპასალარი ნაწარმოების დასაწყისშივე ამცნობს მეფეს, რომ კვეტარის მფლობელი – თალაგვა კოლონკელიძე და მამამზე ერისთავი გაერთიანებულან, პირი შეუკრავთ მეფის წინააღმდეგ. დასადგენი ის არის, ვინ დგას მეამბოხე ფეოდალების უკან – ტფილისელი ამირა თუ ბიზანტიის კეისარი – ბასილი, რომელმაც ბასიანის გადაღმა ქვეყნები წაართვა გიორგის ოდესღაც.

ვიდრე გიორგი I-ისა და ბასილი კეისრის ურთიერთობას მივაქცევდეთ ყურადღებას, ჯერ დავით კუროპალატზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც ბიზანტიის მცირეწლოვან მეფეს – ბასილი მეორესა და მის ძმას – კონსტანტინეს ქართული ჯარი მიაშველა აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დასამარცხებლად (977წ.). მათმა დედამ – დედოფალმა თეოფანიამ საქართველოს მეფეს საზღაურად, დიდძალ საგანძურთან ერთად, უბოძა ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი, „რათა თავის სიცოცხლეში ჰქონდინ“. ეს მიწებია ბასიანისა და კარინის, არზრუმისა და რამდენიმე სომხური ოლქი.

დავით კუროპალატი მოგვიანებით, კეისრის წინააღმდეგ აჯანყებულ სარდალს – ბარდა ფოკას მიემხრო, ჯარიც მიუშველებია. ბასილი კეისარი განსაცდელისაგან ფოკას სიკვდილმა იხსნა. მან დავითის დასჯა გადაწყვიტა. დავით კუროპალატმა ბასილი კეისარს შენდობა სთხოვა და თავი იმით დაიხსნა, რომ, როგორც უძეო და უმემკვიდრო, სიკვდილის შემდეგ თავის სამფლობელოს დაჰპირდა. კეისარმა მეფეს დაუჯერა და დანაშაული აპატია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ძლიერებისათვის მებრძოლმა მეფემ კი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ ჩაიდინა. სიცოცხლეშივე მოიწვია დიდებულები ამცნო: „ესე (ბაგრატ) არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილეთ ყველანი (ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“). მაშასადამე, სიცოცხლეშივე დასვა ტახტზე თავისი შვილობილი – ბაგრატ გურგენ მეფის ძე. დავით კუროპალატის გარდაცვალებისთანავე, ბიზანტიის კეისარი ბასილი დიდძალი ჯარით ტაოსაკენ დაიძრა. გურგენ მეფე და ბაგრატ III შეეგებნენ მას. კეისარს, როგორც ჩანს, მემკვიდრეობის მიღების იმედი ჰქონდა და პატივით მიიღო ისინი. ბაგრატს კუროპალატობა უბოძა, ხოლო, გურგენს – მაგისტროსის ხარისხი. დავით კუროპალატის სამეფოს გამგებლობა კი ერთ ბერძენ მოხელეს ჩააბარა. მაშასადამე, ბაგრატ III-ს ბასილი კეისარმა ფაქტობრივად, წაართვა ის მიწები, რომლითაც ერთ დროს მისი მამობილი დაასაჩუქრა. გურგენ მეფესა და ბაგრატს რამდენჯერმე უცდიათ ბასიანისა და მისი მომიჯნავე მიწების დაბრუნება, მაგრამ, ამაოდ.

გიორგი I ბაგრატის გარდაცვალებისთანავე გაამეფეს (1014წ.), სრულიად ახალგაზრდა. იგი შეეჭიდა დიდ ეროვნულ საქმეს. გიორგი I-სა და ბასილს შორის რამდენიმე სისხლისმღვრელი ომის საბაბი გახდა ეს მიწები. ტაოში დიდი შეტაკება მაშინ მოხდა, როცა ბასილი კეისარი ბულგარელებს ებრძოდა. გიორგი I-მა დაიბრუნა ბასილი კეისრის მიერ უკან მიტაცებული მიწები.

რომანის ბოლოსიტყვაობაში ბატონი კონსტანტინე წერს: „ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს რა დიდი მხეცი იყო ბასილი II, ბულგართმმუსვრელი, მისთვის ნათელი გახდება, თუ რა კოლოსალური ძალების მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი, რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა“.

ბასილი კეისარს გაუფრთხილებია მეფე – თავი დაანებე, რაც მამაშენს ვაჩუქე, შენი საკუთარი მამულით დაკმაყოფილდიო. გიორგიმ კეისარს უარი შეუთვალა და მოლაპარაკება ალ-ჰაქიმთან დაიწყო: შეთანხმებით ვიმოქმედოთ და ერთმანეთს დავეხმაროთო – თითოეული ჩვენგანი კეისრის საბრძანებელს თავთავისი სამეფოდან შეესიოსო.

ნაწარმოებში გიორგი I-ის კავშირი ალ-ჰაქიმთან გაკვრითაა ნახსენები (XIX თავში), თუმცა მას უკეთ ფარსმან სპარსთან ურთიერთობისას ვეცნობით. რომანში კარგად ჩანს მელქისედეკ კათალიკოსის განწყობა, როგორ ვერ უპატიებია გიორგი მეფისათვის ბასილი კეისრისაგან განდგომა და ქრისტიანობის დაუძინებელ მტერთან – ალ-ჰაქიმთან კავშირი.

 

 

 

აქტივობები წლის ბოლო გაკვეთილისთვის

0

როგორი შეიძლება იყოს სასწავლო წლის ბოლო კვირა და ბოლო გაკვეთილები?

რა თქმა უნდა, სახალისო!

ზაფხულის მოლოდინში მოსწავლეებს საკმაოდ ამაღლებული განწყობა აქვთ და ჩვეულ საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვა ძნელია. გავლილი მასალის გადამეორება ან ტესტირება მაშინ, როცა გარეთ მშვენიერი ამინდია და ზაფხულის არდადეგებს ორი კვირა გვაშორებს, არც ისე მიმზიდველია მათთვის.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც ფინალური გაკვეთილების სახალისოდ დაგეგმვასა და გავლილი მასალის მხიარულად გამოკითხვაში დაგეხმარებათ.

„განძის მაძიებლები“ – ძალიან ეფექტურია, როდესაც გვინდა გავლილი თემისა თუ სრული მასალის შეჯამება ან ჯგუფური მუშაობის წახალისება და გუნდის შეკვრა. წინასწარ მომზადებულ კონვერტებში მოთავსებულია სხვადასხვა დავალება და სკოლის ტერიტორიაზეა განლაგებული. იმისთვის, რომ განძამდე მივიდნენ, მოსწავლეებმა ყველა დავალება უნდა შეასრულონ.

მოსწავლეებს ვყოფთ რამდენიმე ჯგუფად (თითოეულში 5 ან 6 მოსწავლეა). თითოეულ ჯგუფს გადავცემთ თითო კონვერტს, რომელშიც წერია მათი შემდეგი დავალების ლოკაცია ან მინიშნება (მაგალითად: „დავალება არის ფიზიკისა და მუსიკის კაბინეტებს შორის“, ან „იქ, სადაც ძალიან ბევრი წიგნია“, ან „იქ, სადაც ყველაზე მეტი ექსპერიმენტი ტარდება“ და ა.შ.). აღნიშნულ ლოკაციაზე მათ ხვდებათ შემდეგი დავალების ფურცელი (მაგალითად: „ამოხსენით ეს მათემატიკური ამოცანები. სწორად შესრულებული დავალების შემთხვევაში მიიღებთ შემდეგ დავალება–მინიშნებას“, ან „მიდით რუსულის მასწავლებელთან და ჩამოუთვალეთ კვირის დღეები და თვეები. თუ დავალებას კარგად გაართმევთ თავს, მისგან მიიღებთ შემდეგ დავალებას“). დავალება შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც (მაგალითად: „ნინომ უპასუხოს ბიოლოგიის მასწავლებლის შეკითხვებს“, „საბამ ქართულის მასწავლებელს წაუკითხოს მისი საყვარელი ლექსი“ და ა.შ.).

როცა მოსწავლეები ყველა დავალებას შეასრულებენ, ისინი მიადგებიან იმ ადგილს, სადაც დამალულია მათი განძი. ასევე შესაძლებელია, განძს იცავდეს ბიბლიოთეკარი / მანდატური / სკოლის დირექტორი (იმის მიხედვით, როგორ დაგეგმავთ და რამდენ ადამიანს ჩართავთ ამ აქტივობაში). შესრულებული დავალებების სანაცვლოდ მოსწავლეები მიიღებენ ბარათს, რომლის საფუძველზეც განძი მათ გადაეცემათ და თამაში დასრულდება.

განძი შეიძლება იყოს გემრიელი ხილით ან ტკბილეულით სავსე ყუთი, ნაყინი, სიმბოლური საჩუქრები… მთავარია, ის იყოს ყველა მოსწავლისთვის.

აღნიშნული აქტივობა შეიძლება უფრო მასშტაბურადაც ჩატარდეს მშობლების მონაწილეობით.

yes day – თანხმობის დღე– ეს არის დღე, როდესაც მასწავლებლები მთელი დღის (მთელი გაკვეთილის) განმავლობაში ყველაფერზე ვეთანხმებით მოსწავლეებს და არ ვეუბნებით სიტყვებს „არ შეიძლება“.

ამ აქტივობასაც სჭირდება წინასწარ მომზადება. წინა დღეს მოამზადეთ „თანხმობის დღის“ ქილა, დაურიგეთ მოსწავლეებს ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერენ, რის გაკეთებას ისურვებდნენ სკოლაში.

წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე უნდა ეწეროს წინადადების დასაწყისი: „შეიძლება, _ _ _ _?“

მაგალითად, მოსწავლემ შეიძლება დაგვიწეროს: „შეიძლება, ნაყინი ვჭამოთ?“ – ჩვენ ვპასუხობთ: დიახ!

რასაკვირველია, უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი შეკითხვები და ვიქონიოთ კლასში ყველა საჭირო რესურსი (თუნდაც ნაყინი). რაკი ქილა წინა დღეს ივსება, შეგიძლიათ, სახლში თვალი გადაავლოთ მოსწავლეთა სურვილებს და ამოიღოთ ქილიდან ისინი, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ ან თქვენი ვერსიით ჩაანაცვლოთ. ამ შემთხვევაში ყველანაირად მომზადებული იქნებით, თანხმობის დღე მხიარულად ჩაივლის და ეს ემოციები დიდხანს გაგყვებათ.

არსებობს სხვა მხიარული აქტივობებიც, რომლებსაც ხანგრძლივი მომზადება არ სჭირდება, მოკლე დროში იგეგმება: 

„დაასახელე 5“ – აქტივობა შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური. დაასახელე / ჩამოწერე: 5 ცხოველი, 5 ფრინველი, 5 ზმნა ინგლისურ ენაზე… სხვა გაკვეთილის შემთხვევაში პირობას შევცვლით: 5 ისტორიული ფაქტი, 5 არსებითი სახელი, 5 ზმნა, ილია ჭავჭავაძის 5 ნაწარმოები და ა.შ.

უცხო ენის გაკვეთილისთვის ამ დავალების შეცვლა შეიძლება შემდეგნაირად: ვსხდებით წრეზე და თითოეული მოსწავლე რიგის მიხედვით ამბობს სიტყვას, რომელიც D ასო–ბგერით იწყება. ასევე შეგვიძლია, დავასახელოთ: ცხოველები, სასკოლო საგნები, ნივთები, რომლებიც გვჭირდება პლაჟზე, ყველაფერი, რაც ცივია, ყველაფერი, რაც მძიმეა და ა.შ., სანამ ლექსიკური ერთეულების მარაგი არ ამოიწურება.

კიდევ ერთი ვარიანტია, მომდევნომ დაასახელოს სიტყვა, რომელიც წინა სიტყვის ბოლო ასოზე იწყება. მაგალითად, თუ წინა მოსწავლემ თქვა „წიგნი“, მომდევნო ამბობს სიტყვას, რომელიც ი–ზე იწყება. ასე მხიარულად ვაჯამებთ გავლილ მასალას და ვასრულებთ გაკვეთილს.

ბურთით გამოკითხვა – ეს გამოკითხვის საკმაოდ ცნობილი მეთოდია და კარგია, როდესაც წლის ბოლოს ყველა გავლილი საკითხის გამოკითხვა გვინდა. დავუსვამთ შეკითხვას მოსწავლეს – გადავაწოდებთ ბურთს, მოსწავლე გვპასუხობს კითხვაზე და ბურთს უკან გვიბრუნებს. მერე სხვა მოსწავლეს გადავაწოდებთ ახალი შეკითხვით და ა.შ. თამაშის ელემენტები ამცირებს სტრესს და გამოკითხვის პროცესს სახალისოდ და სასიამოვნოდ აქცევს.

წერილი სკოლის თანამშრომლებს – მოსწავლეები მისწერენ მადლობის წერილს და თან დაემშვიდობებიან სკოლის თანამშრომლებს: ბიბლიოთეკარს, დამლაგებელს, მანდატურს, მასწავლებელს, რომლებიც მთელი წელი ზრუნავდნენ მათზე და უზრუნველყოფდნენ მათი განათლების პროცესს. მოსწავლეები, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გაივარჯიშებენ წერის უნარებს, სხვა ადამიანების შრომასაც დააფასებენ, დაინახავენ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულის როლი.

წერილი მომავალ კლასს – ეს წერითი დავალება ერთგვარი თვითრეფლექსიაც არის. მოსწავლეები უტოვებენ წერილს იმ ბავშვებს, რომლებიც მომავალ წელს იქნებიან ამ კლასში. უამბობენ, რა გამოწევები ელოდებათ, პირობითად, მეხუთე კლასში, რა იქნება კარგი, რას ისწავლიან, რა იქნება ადვილი სასწავლი, რა – ძნელი და ა.შ.

თვითრეფლექსიისთვის ასევე შეგვიძლია ჩავატაროთ აქტივობა „პიცა“ – დიდ ქაღალდზე დავხატოთ უზარმაზარი პიცა და კლასის შუაში დავდოთ. მოსწავლეები სათითაოდ გამოდიან და ავსებენ პიცას. ვიანიდან პიცის შუა ნაწილი ყველაზე გემრიელია, ცენტრთან ახლოს ვწერთ წლის საუკეთესო მოგონებებს, ხოლო ნაპირთან ახლოს – იმას, რაც ცუდად გვახსენდება.

ლიმონათის დღე – საკმაოდ გავრცელებული აქტივობაა სკოლაში ნაყინის მომზადება, თუმცა მე ლიმონათის მომზადება უფრო გამიადვილდა, მოსწავლეები კი არანაკლებ გამხიარულდნენ.

დაგვჭირდება ფორთოხალი, მარწყვი ან საზამთრო, პიტნა და მინერალური წყალი. ინტერნეტში ბევრი მარტივი რეცეპტია, ამოარჩიეთ რომელიმე და მოამზადეთ ლიმონათი თქვენს მოსწავლეებთან ერთად. სკოლაში ერთობლივად მომზადებული სასმელი განსაკუთრებით გემრიელია და ეს დღე საუკეთესო ემოციებით იქნება სავსე.

„გადააწოდე თეფში“ – ერთჯერად თეფშს მოსწავლე შუაში აწერს თავის სახელს და გადააწვდის კლასელებს. თითოეული კლასელი წერს რამე დადებითს მასზე. არდადეგების დასასრულს კლასელების პოზიტიური შეფასებები იქნება მოტივაცია მომავალი სასწავლო წლის სიხარულით დასაწყებად.

ამ აქტივობის ვარიანტია მიაწებე ზურგზე – ბავშვები წებოვან ფურცლებზე წერენ დადებით კომენტარებს და ზურგზე აწებებენ ადრესატს.

„შევსვათ სადღეგრძელო“ – მშვენიერი გზაა საჯარო გამოსვლების წასახალისებლად და არაფორმალურ გარემოში საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარის განვითარებისთვის, ხოლო უცხო ენის გაკვეთილებზე – სამიზნე ენაზე საუბრისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებისთვის.

წაიღეთ სკოლაში ერთჯერადი ჭიქები, რომელიმე გამაგრილებელი სასმელი და დაპატიჟეთ თქვენი კლასი საზაფხულო წვეულებაზე. თითოეული მოსწავლე წარმოთქვამს სადღეგრძელოს – სურვილისამებრ, სკოლისას, მეგობრისას, მასწავლებლისას, კლასელისას, ოჯახის წევრისას, ზაფხულისას და სხვა.

გავატანოთ სურვილები ფრანს –  შეგვიძლია, ჩამოვწეროთ საზაფხულო სურვილები, მივაბათ ფრანს ან ჰელიუმის ბუშტებს და ცაში გავუშვათ.

გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 101 unexpected Last-Day- of- School activities your studens will love . (08.06.2024)

https://www.weareteachers.com/fun-last-day-of-school-activities/

 

  1. 21 Epic Last Day of School activities to Kick off summer break . (08.06.2024)

https://www.teachstarter.com/us/blog/end-of-school-year-activities-to-kick-off-summer-break/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...