წიგნის კლუბები ეხმარება მოსწავლეებს, იკითხონ მათთვის საინტერესო, ასაკის შესაფერისი წიგნები, რაც საგრძნობლად ამაღლებს კითხვის მოტივაციას. კლუბებში მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, აზრებსა და გრძნობებს, სწავლობენ წაკითხულის ანალიზს, თანატოლთა მოსაზრებების აქტიურ მოსმენას, საკუთარი იდეების წარდგენას, დისკუსიაში მონაწილეობას, წაკითხულის შეფასებასა და დასკვნების გამოტანას. კლუბში არსებული კეთილგანწყობილი, პოზიტიური და მეგობრული გარემო ზრდის ბავშვების ჩართულობას და კითხვისადმი ინტერესს. მყარდება ემოციური კავშირი ამბავთან, მთავარ გმირებთან, მდიდრდება ადამიანური ღირებულებები, რადგან ყოველი ახალი ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ „ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“.
ამიტომ სიხარულით შევხვდით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის პირველ საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის შექმნას.
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ესგ-სთან
- კომუნიკაცია ინდივიდებსა და ჯგუფებთან;
- ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
- ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
- პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
- თანამშრომლობითი სწავლება და სოციალური უნარები;
- სამეწარმეო უნარების განვითარება;
კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
https://wakelet.com/wake/egglCeKLabkAU9dL7RCTi
- მოსწავლეებისთვის კლუბის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა;
- მოსწავლეთა ინტერესებისა და მოლოდინის დადგენა
აქტივობა – კითხვის ბორბალი
მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ტექსტზე მუშაობის უნარები და ხალისით ჩაერთონ თამაშში.
აქტივობის აღწერა: ქაღალდის ბორბლის გარშემო განლაგდება ფურცლები, რომლბზეც იწერება ტექსტის სხვადასხვა ეპიზოდის სათაური. მოსწავლე დაატრიალებს ბორბლის ისარს, რომელი ეპიზოდიც შეხვდება, მოძებნის ტექსტში და ამოიკითხავს.
აქტივობა – თვითშეფასების ღიმილები
მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ მეტაკოგნიტიური უნარები, დამოუკიდებლად შეძლონ კითხვის პროცესზე დაკვირვება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე შედგენილი თვითშეფასების ფურცლები. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ისინი შეაფასებენ საკუთარ თავს და ცხრილში გააფერადებენ შესაბამის ღიმილაკს.
G-PriEd-ის საკითხავი წიგნების პრეზენტაცია; ტესტებზე მუშაობა, განხილვა-მსჯელობა
http://kargiskola.ge/teacherintro/teacherintro.php
მიზანი: კითხვის, გაგება-გააზრების, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარების გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება, პოზიტიური განწყობის შექმნა
შეხვედრა წიგნის ავტორთან
https://wakelet.com/wake/egglCeKLabkAU9dL7RCTi
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროს კონსულტანტთან, გზამკვლევებისა და სტატიების კრებულების ავტორთან, ბატონ პაატა პაპავასთან, ონლაინპლატფორმა Microsoft Teams-ის საშუალებით გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. მან მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი მოთხრობა – „დაკარგული პაიკი“. გაიმართა დისკუსია წაკითხული მოთხრობის შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს მწერალს, გაიხსენეს ადრე წაკითხული მოთხრობები და მათ შესახებ ისაუბრეს. ეს იყო ბავშვების პირველი შეხვედრა „ცოცხალ მწერალთან“, რომელიც მათთვის საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები შეუდგნენ დავალებებზე მუშაობას, წაიკითხეს რამდენიმე წიგნი, რომლებიც თავად ავტორმა ურჩია და შექმნეს ნახატები, რომლებიც მას ელ. ფოსტით გავუგზავნეთ.
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია თანამშრომლობა, ამიტომ კლუბი თანამშრომლობს სსიპ ქალაქ ხობის პირველ საჯარო სკოლასა და სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლასთან. სწორედ ამ სამი სკოლის გაერთიანებით გაიმართა შეხვედრა ბატონ პაატასთან და სამომავლოდაც დაიგეგმა სხვა ავტორებთან შეხვედრები.
წაკითხული ტექსტების მიხედვით კომიქსების შედგენა
მიზანი: ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ მხატვრული ტექსტების გაგება-გააზრება და დამუშავება
https://school.emis.ge/Art-Lessons/Adventure/A-1366-05-6-19.html
კომიქსები, ისევე როგორც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებისთვის. მათი გამოყენება შეიძლება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სწავლების დროს. კომიქსი, უპირველესად, ახალისებს კითხვის პროცესს, ეხმარება მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გააზრებაში, პერსონაჟების ქმედებათა გაცნობიერებაში. კომიქსის კითხვისას თუ შექმნისას მოსწავლე იწყებს პერსონაჟის ფიქრების ამოცნობას, რაც ავითარებს ისეთ გამჭოლ კომპეტენციას, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება, ვინაიდან მოსწავლეებს, განსაკუთრებით უმცროსკლასელებს, ხშირად უჭირთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრება და წერითი დავალებების შესრულება, სასურველია, პერიოდულად ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ბავშვურ სამყაროს გაალამაზებს, გააფერადებს და გაახალისებს.
მკითხველთა კლუბის წევრებმა G-PriEd-ის საკითხავი წიგნებიდან აარჩიეს მათთვის სასურველი მოთხრობები და ხალისით შეუდგნენ მუშაობას. ტექსტის სიუჟეტის მიხედვით, სურვილისამებრ, ხატავდნენ ან თვითონვე აგრძელებდნენ ამბავს და პერსონაჟებზე ახალ-ახალ თავგადასავლებს თხზავდნენ. ისინი დიდი ხანია იცნობენ კომიქსების სტრუქტურას, ინსტრუქციებს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესო ნამუშევრებს გვიზიარებენ.
ელ. წიგნის შექმნა და გახმოვანება
მიზანი: ციფრული წიგნიერების უნარის განვითარება, სამეტყველო უნარის განმტკიცება, მოტივაციის ამაღლება და ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა
ციფრული ტექნოლოგიები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება მხოლოდ კი არ ახალისებს მოსწავლეებს, არამედ ცოდნასაც აძლევს და ამ გზით შეძენილი ცოდნა მათ დიდხანს მიჰყვებათ. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო რესურსია https://www.storyjumper.com/library/my. აქ შეგვიძლია შევქმნათ ილუსტრირებული ელექტრონული წიგნები, გავახმოვანოთ, გავაფორმოთ და მიზნობრივად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. მკითხველთა კლუბის წევრები დიდი მონდომებითა და სიხარულით მუშაობენ ამ მიმართულებით, უკვე სამი წიგნი გაახმოვანეს და სამომავლოდაც გეგმავენ საყვარელი მოთხრობების მიხედვით ელექტრონული წიგნების შექმნას.
წაკითხული ტექსტების მიხედვით დიორამის შექმნა
მიზანი:
- თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
- წაკითხული ტექსტის გააზრება-გამთლიანება;
- ტრანსფერის უნარის განვითარება;
- ტექსტის წარმოსახვაში გაცოცხლება.
დიორამა არის სამგანზომილებიანი პროდუქტი, რომელიც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. ტექსტების გაცოცხლებით მოსწავლეები უდიდეს სიამოვნებას იღებენ, ამახსოვრდებათ დეტალები, გონებაში დიდხანს რჩებათ მუშაობით გამოწვეული ემოცია, უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.
ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ სასწავლო მეთოდს და კლუბის წევრებსაც ძალიან უყვართ მასზე მუშაობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიქსის შემდეგ დიორამაც შეგვექმნა და ნამუშევრების პრეზენტაცია გაგვემართა. წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები: სამუშაო მასალა, შინაარსის ცოდნა და ასახვა, შემოქმედებითობა და თანამშრომლობა გუნდის წევრებთან.
საბოლოო ჯამში ბავშვებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს, პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილეს დეტალებზე, ტექსტის მიხედვით ისაუბრეს ნამუშევრებზე და მოქმედების განვითარებაზე.
ონლაინ პლატფორმა Microsoft Teams-ის საშუალებით მკითხველთა კლუბმა მორიგი შეხვედრა ფიქრია ჭაბუკიანთან გამართა. ქართველმა კალიგრაფმა პატარებს უამბო ძველი წიგნების შესახებ, აჩვენა ხელნაწერები და ქართული ანბანის ორნამენტები. მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და მეტად ემოციური აღმოჩნდა.
ქალბატონ ფიქრია ჭაბუკიანს წინასწარ ვთხოვეთ, დაემზადებინა ბანერი კლუბის სახელწოდებით. მისმა შექმნილმა საზედაო ასოებმა მოსწავლეებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი შთაგონებით კალიგრაფიის საკუთარი სტილიც შექმნეს. ნიმუშები ქალბატონ ფიქრიას აჩვენეს და პოზიტიური უკუკავშირიც მიიღეს. მკითხველთა კლუბის ფარგლებში სამომავლოდაც დაგეგმილია მსგავსი შეხვედრები.
სტატიის დასასრულს ვიტყვით, რომ მკითხველთა კლუბის პროექტმა ნამდვილად გაამართლა ჩვენი იმედები. დაგვეთანხმებით, რომ ეს იოლი ამოცანა სულაც არ არის, პირიქით, ძალიან რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ კითხვის მიმართ ბავშვების გულგრილი დამოკიდებულება ციფრული ეპოქის დიდი პრობლემაა. არადა, წიგნები მათი საუკეთესო მეგობრები არიან. კლუბის სახელწოდებაც შესაბამისი შევარჩიეთ: „წიგნის მეგობარი“. წიგნები ყოველთვის მზად არიან, „ემეგობრონ“ ბავშვებს და თავიანთ ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურონ. ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, კარგი და ცუდი საქციელის გარჩევას, სიმართლის თქმის მნიშვნელობას, ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს და ა.შ. დაბოლოს, კითხვა შესაძლოა იქცეს სრულიად ახალი კრეატიული იდეების წყაროდ. ჩვენთან ასეც მოხდა.
მკითხველთა კლუბის წევრებმა, კომპლექსური დავალების იდეიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ მუზეუმში ქცევის წესები. სწორედ ეს დაედო საფუძვლად მომდევნო პროექტს სამეწარმეო კომპეტენციის განვითარების შესახებ. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სასკოლო მუზეუმის დაარსება, ბილეთების გაყიდვითა და შემოწირულობით მიღებული თანხით კი თავად შეიძინეს პუფები მკითხველთა კლუბისთვის, რათა პოზიტიური გარემო შეექმნათ.
ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებას, მიზანი კი წიგნის კითხვის სიყვარულის განმტკიცებაა.