შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობის ორმაგი შესაძლებლობების ამერიკული ჩარჩო

0

ჰარვარდის განათლების სამაგისტრო სკოლის ლექტორმა, დოქტორმა კარენ მაპმა, გამოიკვლია, რა უნდა შეიცვალოს სკოლისა და მშობლების ურთიერთობაში იმისთვის, რომ მათ ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული თანაშრომლობა შეძლონ.

კარენ მაპის ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფმა გადაამუშავა უკვე ჩატარებული კვლევების შედეგები, შეისწავლა წარმატებული პრაქტიკები და გამოწვევები, ითანამშრომლა სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მასწავლებლებთან.

სწორედ ამ შრომის შედეგად შეიქმნა თანამშრომლობის ორმაგი შესაძლებლობების ჩარჩო, რომელიც ავტორებმა კვლევის ფარგლებშივე გამოსცადეს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიიღეს გამოხმაურება მშობლებისა და მასწავლებლებისგან, დახვეწეს, გააუმჯობესეს და მხოლოდ ამის შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა საგანმანათლებლო წრეებში.

ოჯახსა და სკოლას შორის პარტნიორობის ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩო (Dual Capacity-Building Framework, DCBF) სცდება ტრადიციულ მიდგომებს, რომლებიც ოჯახებს სკოლასთან ურთიერთობას ასწავლის. კარენ მაპის ნაშრომის მიხედვით, წარმატებული პარტნიორობისთვის საჭიროა, სკოლამ შესაძლებლობები განუვითაროს არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ მასწავლებლებსაც, რათა შეიქმნას თანამშრომლობითი გარემო, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეთა განვითარებას.

ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩო ეყრდნობა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს სკოლამ მშობელთა ჩართულობის სისტემური დაგეგმვისთვის.

პირველია გამოწვევების იდენტიფიცირება. გამოწვევების იდენტიფიცირება იმის გაგებაში გვეხმარება, რატომ არ აქვთ სკოლებს და ოჯახებს ერთმანეთის ნდობა და რატომ უჭირთ თანამშრომლობა.

შემდეგია საკვანძო პირობების დაცვა. პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის სკოლამ შემდეგ ექვს მახასიათებელზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

  • პროცესები ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული – სკოლებში ნაკლები დრო ეთმობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასეთი ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში სკოლებში უფრო ხშირად იღებენ არასწორ, არაპრაქტიკულ და ზოგჯერ მავნე გადაწყვეტილებებს მოსწავლეების შესახებ.
  • პროცესები მიმართული უნდა იყოს მოსწავლეების სწავლისა და განვითარებისკენ – კვლევები მოწმობს, რომ ოჯახებიც და სკოლებიც პროცესებში მონაწილეობით უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, როდესაც ღონისძიებები და პროგრამები ორიენტირებულია ბავშვების კოგნიტიური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობასა და სკოლის ზოგად გაუმჯობესებაზე. როცა პროცესები მოსწავლეზე ორიენტირებული არ არის, მშობელთა ჩართულობა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
  • პროცესები პოზიტივს უნდა ეფუძნებოდეს – სისუსტეებზე, ნაკლოვანებებზე, ნეგატივზე აქცენტების დასმა უარყოფითად აისახება ოჯახების ჩართულობაზე. ეს წააგავს წარსულის მიდგომებს, მაშინ როდესაც პოზიტივზე დაფუძნებული მიდგომა აღიარებს და აფასებს ბავშვისა და ოჯახის ძლიერ მხარეებს. ამგვარი მიდგომით სკოლა ადვილად იზიდავს მოსწავლეთა მშობლებს ორმხრივად სასარგებლო პროცესებში ჩასართავად.
  • პროცესები კულტურულად მგრძნობიარე უნდა იყოს და პატივისცემას ეფუძნებოდეს – კულტურულად მგრძნობიარე ჩართულობის სტრატეგიები გულისხმობს, რომ სკოლა აცნობიერებს და აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას. კულტურათა შორის სხვაობა თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სულ უფრო ნაკლები რჩება ეთნიკურად, რელიგიურად, ენობრივად მონოკულტურული გარემო. სკოლებმა შეიძლება გამართონ კულტურული დღესასწაულები, სადაც ოჯახები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიებს. ეს არა მხოლოდ მასწავლებლებს ეხმარება მოსწავლეთა მრავალფეროვნების გაცნობიერებაში, არამედ აღიარებს და აფასებს ყველა ოჯახის კულტურულ იდენტობას. მრავალფეროვნების აღიარებისა და მასში ტოლერანტულად ცხოვრების მაგალითს სკოლა უნდა იძლეოდეს.
  • პროცესები თანამშრომლობითი უნდა იყოს – ძალისხმევა უნდა მიიმართოს სკოლასა და ოჯახებს შორის თანამშრომლობითი პროექტებისკენ. საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო აქტივობების დაგეგმვისას მასწავლებლები პერიოდულად მშობელთა ჩართულობაზეც უნდა სვამდნენ აქცენტს.
  • პროცესები უნდა იყოს ინტერაქციული – ცალმხრივი და დახურული კომუნიკაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება. ოჯახებს სასკოლო სიახლეებზე წვდომა ექნებათ, მაგრამ მხოლოდ სასკოლო ბიულეტენის დაგზავნით მათი ჩართვა ვერ მოხერხდება. ამიტომ, გარდა ბიულეტენებისა, შეიძლება შეიქმნას ფორუმები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში, სადაც მეტი ინტერაქცია იქნება შესაძლებელი.

შემდეგი კომპონენტია ორგანიზაციული პირობების დაცვა, რასაც, თავის მხრივ, ეფექტური ლიდერობა სჭირდება. ორგანიზაციულ პირობებში 3 მახასიათებელი იკვეთება:

  • ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა სისტემური უნდა იყოს – ოჯახების ჩართულობა უნდა იქცეს გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნად და მკაფიოდ გაიწეროს სასკოლო დოკუმენტებში.
  • ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა ინტეგრირებული უნდა იყოს დანარჩენ სასკოლო ცხოვრებასთან – ოჯახის ჩართულობა „ჩაშენებული“ უნდა იყოს სკოლის ყოველდღიურ აქტივობებში. სტრატეგიული გეგმის კალენდარზე მშობელი არ უნდა გამოტოვონ.
  • ოჯახებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა მდგრადი უნდა იყოს – ოჯახის ჩართულობის პროგრამები უნდა გააანალიზდეს, ის, რაც კარგად მუშაობს, უნდა მეორდებოდეს, ის, რასაც შედეგი არ მოაქვს, უნდა უმჯობესდებოდეს. იმისთვის, რომ ხანგრძლივად შენარჩუნდეს მდგრადი, ეფექტიანი თანამშრომლობა, ეს პროცესები უნდა იყოს დაფინანსებული.

საბოლოოდ, იმისთვის, რომ სკოლაში მშობელთა ჩართულობის სისტემა ამოქმედდეს, საჭიროა:

  • შესაძლებლობები (ადამიანური კაპიტალი – ცოდნა და უნარები) – სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ტექნიკური პერსონალი უნდა იცნობდნენ თავიანთ მოსწავლეებს და მათ ოჯახებს, მათ საჭიროებებსა და სირთულეებს. შესაბამისად, სკოლა უნდა ფლობდეს სტრატეგიებსა და ტექნიკებს ოჯახებთან საკომუნიკაციოდ, ხოლო ოჯახებს ჰქონდეთ სკოლის ფუნქციონირებისა და თავიანთი შვილების განათლების ხელშეწყობის უნარები.
  • კავშირები (სოციალური კაპიტალი – ურთიერთობები და ქსელები) – ოჯახებსა და სასკოლო საზოგადოებას სჭირდებათ წვდომა სოციალურ კაპიტალზე ნდობასა და პატივისცემაზე აგებული ძლიერი ქსელების მეშვეობით. ამ ქსელებში შედის ოჯახისა და მასწავლებელის ურთიერთობები და კავშირები სათემო ორგანიზაციებთან.
  • თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა – ნდობის ნაკლებობა ხშირად ხელს უშლის წარმატებულ პარტნიორობას. მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა განავითარონ თავდაჯერებულობა და თვითეფექტურობა, რათა შეძლონ ურთიერთობის დამყარება და ეფექტურად მუშაობა. ეს კი შესაძლებელი ხდება პატარ-პატარა წარმატებული პროექტებით, რომლებიც მეტის მოსინჯვის სურვილს აჩენს.
  • ვარაუდები, რწმენა-წარმოდგენები და მსოფლმხედველობა – შესაძლებლობების, კავშირებისა და ნდობის განვითარება მოითხოვს სწორი ვარაუდების, რწმენა-წარმოდგენებისა და პერსპექტივების არსებობას ან გარდაქმნას. მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შეცვალონ მავნე სტერეოტიპები და რწმენები პოზიტიური აზროვნებით.

კარენ მაპის ჩარჩო დოკუმენტი ადასტურებს, რომ მასწავლებლებისა და ოჯახების ურთიერთხელშემწყობ მუშაობას მოსწავლეების და მთლიანად სკოლის გაძლიერებისკენ მივყავართ.

ოჯახსა და სკოლას შორის პარტნიორობის ორმაგი შესაძლებლობების განვითარების ჩარჩოს შედეგები კი ასე გამოიყურება:

პედაგოგები შეძლებენ, დააკავშირონ ოჯახის ჩართულობა სწავლასა და განვითარებასთან; ჩართონ ოჯახები როგორც თანაშემქმნელები; პატივი სცენ ოჯახის გამოცდილებას; პატივი სცენ კულტურულ მრავალფეროვნებას.

ოჯახები შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ სასკოლო პროცესებში როგორც თანაშემქმნელებმა, მხარდამჭერებმა, წამხალისებლებმა, მეთვალყურეებმა, ადვოკატებმა და როლურმა მოდელებმა.

 

სტატია დაიწერა სახელმძღვანელოს „მშობელთა ჩართულობა სკოლაში“ ერთ-ერთი თავის – „მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმვა სკოლაში“ – მიხედვით, რომლის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი.

https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2024/10/A5_2024.pdf

გილოცავთ შობა- ახალ წელს!

0
ჩვენს ერთგულ მკითხველებს, განსაკუთრებულ  ავტორებს, თითოეულ ადამიანს,  ვისაც თავისი წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში, გილოცავთ შობა- ახალ წელს!
ახალი წელი ჩვენი ქვეყნისთვის იყოს  ბევრი ახალი სიხარულის, სიმშვიდის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი.
განათლება- თავისუფლებაა!

თოლია-თეოს ყვითელი იები, მეგობარი მზე და მეგობარი ფიფქები, ანუ როგორ იშვა სიყვარული დედამიწაზე

0

(სა-შობა-ო ზღაპარი)

 ბავშვებს ყოველთვის აინტერესებთ მისტიკური ამბები, უამრავი კითხვა უჩნდებათ. ხშირად უფროსებისთვის რთულია ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცენ ისეთი იდუმალი და მნიშვნელოვანი ამბები, როგორიც, მაგალითად, იესო ქრისტეს შობა და მისი ცხოვრებაა. აი, მთელი ქვეყანა ზეიმობს შობას, ფანჯრებში სანთლებს ვანთებთ, ირგვლივ „ალილოს“ სულშიჩამწვდომი ხმები ისმის, გაისმის ფრაზები: „ქრისტე იშვა!“, „იესო დაბადებულა!“ ჩვენი პატარები მოდიან ანთებული თვალებით და კითხულობენ: „ვინ არის იესო?“, „როდის დაიბადა?“, „რა გააკეთა იესომ?“ რთულია ამ გულწრფელ და ერთი შეხედვით მარტივ კითხვებს პასუხი გასცე – ასევე მარტივად და გასაგებად. რთულია, გვერდი აუარო რელიგიურ დოგმატებს. არადა, როგორ გვჭირდება და როგორ სჭირდებათ ჩვენს ბავშვებს ამ საოცარი ამბის საოცრება ირწმუნონ, რომ მართლაც გაიგონ ქრისტეს შობის არსი, მართლაც ჩაწვდნენ „ალილოს“ საიდუმლოს.

სწორედ მათ კითხვებზე პასუხების ძიებამ დამაწერინა ეს პატარა ამბავი, რომელსაც ვუზიარებ მასწავლებლებს, მშობლებს – შობა მოდის და იქნებ გამოგადგეთ თქვენს მოსწავლეებთან, შვილებთან იმის სათქმელად, რომ ქრისტე -სიყვარულია. და დღეს როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ეს სიყვარულის, სიკეთის, იესოს ენერგეტიკა. დაე, მზის სხივებმა გაფანტოს ყოველგვარი ბნელი და ბოროტი, დაე ჩვენს გულებშიც იშვას იესო…

 

###

როგორც ყველა ზღაპარი ესეც „იყო და არა იყო რა“-თი მინდა დავიწყო, თუმცა გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არსებობს, ცხოვრობს ერთი დიდ თვალება გოგო, რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები – თოლია ჰქვია! (ამ შემთხვევაში მხოლოდ „იყო“ ან „არის“ გამოგვადგება, რადგან „არა იყო რა“ არყოფნას აღნიშნავს, გოგონა კი ნამდვილად არსებობს და ეს ამბავი ნამდვილად გადახდა თავს. როგორ დაგარწმუნოთ რომ ნამდვილად არსებობს? როგორ და აი, ამ წუთასაც გვერდზე მიდგას და გულიანად იცინის, უხარია რომ მასზე ვწერ).

როდესაც თოლიაზე ვწერ, სულ მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ თოლია და მზე მეგობრები არიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ და ამას გოგონა სრულიად სერიოზულობით გეტყვით. იმასაც კი მოგიყვებათ, როგორ და სად გაიცნო მზე და როგორ დამეგობრდნენ, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.

თოლიას ჩვენ თეოს ვეძახით მოფერებით და მასაც ძალზე მოსწონს ეს სახელი, განსაკუთრებით თუ ასე მივმართავთ: თოლია-თეოვო…

იმის გამო რომ თოლიას ღიმილი და სიხარული ამქვეყნად შეუფასებელია, ამ ზღაპარში ასე მოვიხსენიებ მეც.

მართლაც, რომ დამერწმუნეთ, არავის გექნებათ ნანახი თოლია-თეოს სიცილზე უფრო უკეთესი რამ. რომ იცინის პირიდან სულ იები სცვივა, თანაც ყვითელი იები. როდესაც გავიკვირვე, სად გაგონილა ყვითელი იები-მეთქი, თოლია-თეომ ასე ამიხსნა:

– რა გასაკვირია, მე ხომ მზის მეგობარი ვარ და ამიტომაა მზისფერი ჩემი იებიო.

თეოს სახლი ზამთარ-ზაფხულ, შემოდგომა-გაზაფხულ, სულ იებითაა მოფენილი. აღარ ვიცით, სად წავიღოთ მისი სიცილის დროს კონა-კონა გადმოვარდნილი იები. არადა, თოლია-თეოს როგორ უყვარს სიცილი! სულ იცინის და იცინის, მზისფერი იებიც სულ ცვივა და ცვივა! თან ისეთი დამატკბობელ-დამათრობელი სურნელი აქვს თეოს სიცილის იებს, ასეთი სურნელიც მერწმუნეთ, არასდროს და არსად გიგრძნიათ. გოგონას სახლის იატაკი, კედლები, ჭერი სულ ყვითელი იებით აქვს მოფენილ-შემკული. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალ წელსაც კი მის სახლში ყვითელი იების უზარმაზარი ნაძვის ხე იდგმება. უფრო სწორედ ისე უხარია ხოლმე ახალი წლის მოსვლა, იმდენს იცინის, იმდენს უვლის ჩვეულებრივ მწვანე ნაძვის ხეს, იმდენს ცეკვავს მის გარშემო, რომ ცოტა ხანში ნაძვის ხე მზისფერი იებით იმოსება და ირთვება. საბოლოოდ კი ისე ბრწყინავს, ისე კაშკაშებს ყვითელი, რომ სრულიად ზედმეტია მისთვის საახალწლო მოსართავებითა და ნათურებით მორთვა.

გასაოცარია, რომ თოლია-თეოს სიცილის ყვითელი იები არასდროს ჭკნება და ამიტომაა ამდენი და ასეთი ლამაზი, ასეთი მზისფერი და ასეთი მბრწყინავი.

თოლია-თეოს იმხელა თვალები აქვს, რომ მის ფონზე პირიც და ცხვირიც ძალზე პატარა მოუჩანს. თვალები ლურჯი აქვს, ცასავითა და ზღვასავით. როგორც თვითონ ამბობს ერთხელ თურმე იმდენ ხანს იყო მიშტერებული ცას, იმდენ ხანს ელოდებოდა მზეს (მოღრუბლული ამინდი ყოფილა), რომ ცისფერი აურეკლავთ და სამუდამოდ დაუტოვებიათ კიდეც თეოს დიდრონ თვალებს.

წესით თოლია-თეოს ზამთარი არ უნდა უყვარდეს, რადგან ზამთარში ხომ მზე ისეთი კაშკაშა და ყვითელი არ არის როგორც ზაფხულში ან წელიწადის სხვა დროს. თანაც ზამთარში მზე ისვენებს, ან ხანდახან ჩასთვლემს ხოლმე და გოგონასთვის ისე ვეღარ იცლის. მაგრამ ზამთარში თოლია-თეოს სხვა ზამთრის მეგობრები ჰყავს, ფიფქები, რომლებიც ზამთრის დადგომისთანავე, პირველ თოვლს მოჰყვებიან და ერთი სული აქვთ როდის შეხვდებიან თავიანთ პატარა დიდთვალება მეგობარს.

გოგონა გრძნობს, ზუსტად იცის, როდის უნდა ესტუმრონ თეთრი, გამჭვირვალე, ფაფუკი და ულამაზესი ზამთარს მოყოლილი პატარა არსებები, ამიტომ მთელი ღამე ვერ იძინებს მოლოდინისგან. ერთი სული აქვს მიეფეროს, მოიკითხოს, ჩაეხუტოს მონატრებულებს. როგორც კი ინათებს და თოლიას მეგობარი მზე თითის წვერებზე აიწევა, რომ ქვეყანას ცალი თვალით მაინც გადმოხედოს, თეო პერანგის ამარა დგება საწოლიდან, მივარდება ფანჯარას, თავის ყვითელი მეგობარივით ისიც აიწევა, აიწევა თითის წვერებზე, რომ ცალი თვალით მაინც შეხედოს მოფარფატე თეთრ მეგობრებს, მინას მიაჭყლეტს თავის პატარა ცხვირს და სიხარულისგან იცინის და იცინის, ყვითელი იები კი ცვივა და ცვივა. ოთახი საოცარი სურნელითა და საოცარი ხმებით, თეოს სიცილით ივსება.

ამ დროს მიყვარს სწორედ თოლია-თეოს დანახვა. გრძელი, თავის ზომაზე ორჯერ დიდ პერანგში ისეა გახვეული, შეფუთული, რომ ძლივს უჩანს სახე და ორი პატარა ჩალისფერი ნაწნავი, რომელიც ისეა აბურძგნული, ძლივს მიხვდებით, რომ ეს აბურძგნული თმა წინა დღეს კოხტად დაწნული ნაწნავები ყოფილა. ტიტველი ფეხები პერანგიდან გამოჩრილა და იატაკზე დატყაპუნობს. გარშემო კი მზისფერი იებითაა სავსე იქაურობა.

იღვიძებს თოლია-თეო და სახლიც წამსვე ფეხზეა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თოვლი პირველად მოდის.

თოლია-თეო ჯერ პირს იბანს, საგულდაგულოდ იხეხავს კბილებს, თან ეცინება და პირსაბანი ნიჟარა წამში იებით ივსება. შემდეგ თმებს იწნავს, რა თქმა უნდა ორ ნაწნავს, წითელი ბაფთებით იმაგრებს და ისევ იღიმის.

თეო მხოლოდ ვარდისფერი ნამცხვრებით იკვებება, რა აღარ სცადეს მისმა მშობლებმა რა საჭმელი აღარ დაუმზადეს, რა ნუგბარი აღარ მოუტანა მასზე მზრუნველმა მამიკომ, რომ როგორმე ცოტა მაინც გაესინჯა, მაგრამ ამაოდ. თოლია თეო სადილად, საუზმედ და ვახშმად მხოლოდ პაწაწინა, აუცილებლად ვარდისფერ კრემიან ნამცხვრებს მიირთმევს. არც არის გასაკვირი იმ გოგონასგან, რომელსაც სიცილის დროს ყვითელი იები სცვივა, ხოლო მისი საუკეთესო მეგობრები მზე და ფიფქები არიან.

თეო ჯდება მაგიდასთან, ფეხებს სკამს ურტყამს და გემრიელად შეექცევა მხოლოდ მისთვის დამზადებულ, ვარდისფერი კრემით მორთულ პატარა ნამცხვარს.

ჭამას ისე სწრაფად ამთავრებს, რომ თვითონაც უკვირს. ვეღარ იცდის, ერთი სული აქვს თავის მეგობრებს გამოელაპარაკოს. სასწრაფოდ იცვამს თბილ, შალის კაბას, მუხლებამდე წითელ ბოტებს, ჭრელ კაშნეს ისე იხვევს, რომ ცხვირი საერთოდ აღარ უჩანს, წითელ ბერეტს შუბლზე იფხატავს და გარეთ ცარიელა ლურჯი თვალები და ჩალისფერი ნაწნავებიღა გადის. კი არ გადის, გარბის, კიბეზე სწრაფად ეშვება, სამ საფეხურს ერთბაშად ახტება, შემდეგ კიბის სახელურზე მოექცევა და სრიალით ჩაუყვება კარებისკენ. სახლის შემოსასვლელსაც ყვითელი იებით ავსებს, რომლებსაც შემდეგ მეზობლები აგროვებენ და საკუთარ ოთახებს ალამაზებენ. არ არსებობს მისი ერთი მეზობელიც კი, რომ სახლში სულ პატარა ლარნაკი მაინც არ ჰქონდეს სავსე თოლია-თეოს სიცილის დროს გადმოვარდნილი მზისფერი იებით. როდესაც შუქი ქრება ან ღამეა, სიბნელეა, ეს იები ისე ანათებენ, თითქოს სახლში თვით მზე შემოიჭრაო. ასეთია მისი საჩუქარი, ვინც მზეს დაუმეგობრდა. მზე ყველას კი არ ირჩევს საკუთარ მეგობრად, ასეთები ძალზე ცოტანი არიან და ასეთია ჩვენი თოლია-თეოც.

თეოს თავის დიდი გამადიდებელი შუშა მიაქვს, ფიფქებს ასე უკეთ ეკონტაქტება, რადგანაც ფიფქის ყველა ნაწილს, ყოველ ქიმს თუ უწვრილეს ნაწილაკს კარგად ხედავს. აბა მეგობარი რის მეგობარია, თუ ის კარგად არ შეათვალიერე, მერე კომპლიმენტიც ხომ უნდა უთხრა, ვაი რა კარგად გამოიყურები დღესაო? თანაც როცა პირველად მოვა და წყალივით სჭირდება ერთგული მეგობრისგან ამ სიტყვების მოსმენა.

როგორც კი სადარბაზოს კარებს გასცდა თოლია-თეო მაშინვე შემოესმა წკრიალა ხმა, თითქოს ათასი, არა მილიონი პატარა ზანზალაკი რეკავს ერთადო:

  • თეო, თოლია-თეო მოსულა, თოლია-თეო მოსულა მზის და ფიფქების მეგობარიო.

ყოველთვის ასე ეგებებოდნენ და დღესაც ასე ეგებებიან ფიფქები საკუთარ და მზის მეგობარს თოლია-თეოს. აბა კარგად დაუკვირდით პირველი თოვლის მოსვლისას, თუ ყურადღებით დაუგდებთ ყურს, თქვენც გაიგონებთ ამ საოცარ ხმას. ოღონდ უნდა შეეცადოთ, ისე დაუგდოთ ყური, რომ ირგვლივ სხვა არაფერი, აღარ გესმოდეთ, არც მანქანების ხმა, არც ბავშვების ჟრიამული, არც მშობლების ძახილი, მხოლოდ ფიფქებს, პატარა ზანზალაკებისმაგვარ წკრიალს უნდა მიუგდოთ ყური.

და მაშინვე გაიგონებთ მონოტონურ, გაბმულ ფიფქების სიმღერას: თოლია-თეო დავინახეთ, თოლია თეო გვესტუმრა!

თოლიამ გულიანად გაუღიმა, გოგონას დანახვაზე აჟრიამულებულ ფიფქებს, ყვითელი იების კონებიც მაშინვე გადმოცვივდნენ მისი პირიდან, რომლებიც მოჭარბებული სიხარულისგან ფიფქებმა აიტაცეს.

იმ დღეს, თეთრ ფიფქებთან ერთად ყვითელი იებიც ცვიოდა, ჩემი თვალით ვნახე. თუმცა ზოგიერთი იძახდა, რომ ყვითელი ყვავილები კი არა მზის სხივებით გაოქროსფერებული ფიფქებიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თოლია-თეო იცინოდა იმ დროს. როცა სადმე ყვითელ ფიფქებს მოკრავთ თვალს, ფიფქებში არ აგერიოთ, კარგად დააკვირდით იქნებ ხელთ თოლიას სიცილის დროს გადმოსროლილი და შემდგომ ფიფქების მიერ ატაცებული მზისფერი იები შეგრჩეთ.

თოლია თეოს გარშემო უამრავი ფიფქი შემოეხვია და ერთად გაეშურნენ დიდი ხის ქვეშ, რომელიც მრავალი წელია, თეოს ეზოში დგას. მეგობრები ხის ქვეშ სხდებიან და ფიფქები გოგონას იმ ამბებს უყვებიან, რაც თავის თვალით უნახავთ ან გადმოცემით მოუსმენიათ საკუთარი ბებია-პაპისაგან, რომლებიც აგრეთვე ჯერ წყლის წვეთები, შემდეგ კი ფიფქები იყვნენ.

თეომ კარგად უწყოდა, როგორ ჩნდებოდნენ ფიფქები, რომ ოდესღაც ოკეანეებთან, ზღვებთან, მდინარეებთან ერთად ცხოვრობდნენ, მათ უზარმაზარ სხეულებს შეადგენდნენ, ტალღებად წარმოიქმნებოდნენ, ბობოქრობდნენ, შემდეგ კვლავ ისეთ სიმშვიდეს უბრუნდებოდნენ, თითქოს არასდროს ებობოქრათ, არასდროს გაერღვიათ საზღვრები, არასდროს ჩაეყლაპათ უზარმაზარი გემები… ეს ყველაფერი კარგად იცოდა თოლია-თეომ, ისიც იცოდა, რომ მისი მეგობარი ფიფქები, ოკეანის წყლად ყოფნის დროს გოგონას მოსახელე ჩიტებსაც – თოლიებს იცნობდნენ, ფსკერზე მოცურავე ტანხატულა თევზებსაც და ოქროსფერ, მწვანე ფარფლაკუდიან, უმშვენიერეს სირინოზებსაც. მათზე უამრავი რამ მოესმინა თოლია თეოს. სირინოზების საოცარი სიმღერები – ფიფქების მიერ მოყოლილი თუ მოტანილი – ზეპირად იცოდა კიდეც. მღეროდა ხოლმე თეო უცნაურ, გაუგებარ ენაზე სიმღერებს, შეეძლო მთელი დღე ემღერა, ჩვენს შეკითხვაზე – რას მღეროდა და რა ენაზე, თეო მხოლოდ იცინოდა და აფრქვევდა თავის ყვითელ იებს.

ზღვის, ოკეანის თუ მდინარეების წვეთებს სანატრელ ფიფქად ქცევაში თეოს მეგობარი მზე ეხმარებოდათ. აიწეოდა, აიწეოდა თითის წვერებზე მზე, დააცხუნებდა, ისე დააცხუნებდა თითქოს ცეცხლი ეკიდა ყველაფერსო. თავის მცხუნვარე სხივებს ოკეანეებშიც, ზღვებშიც თუ მდინარეებშიც გასტყორცნიდა, გაგზავნიდა და შემდეგ ამ სხივებს მიჰყავდათ მზესთან ფიფქებად ქცევის სურვილით შეპყრობილი წვეთები. (თურმე ყოველი წყლის წვეთის ოცნება და მიზანი ფიფქად ქცევა ყოფილა! ასე უთხრეს ფიფქებმა გოგონას, ყოველი წვეთი ოდესმე აუცილებლად იქცევა ფიფქად). ხოლო მზესთან მოხვედრილი წვეთები, ფაფუკი ღრუბლების დახმარებით უკვე ულამაზეს, მრავალწახნაგა ფიფქებად გადაიქცევიან, ზამთრის დადგომისთანავე კი მათ დედამიწაზე აგზავნის მზე, რომ დაფიფქონ ხეები, ქუჩები, ფანჯრები, სახლის სახურავები. მათ მზისგან კიდევ ერთი დავალება აქვთ: იპოვონ მზის მეგობარი თოლია თეო და მოუყვნენ საინტერესო ამბები, ფიფქების მიერ ნანახი და მოსმენილი. ასევე გადაეცათ მზისგან მოკითხვა. ამიტომ იყო, რომ მათ თეო მთელი წელი ელოდებოდა და პირველ თოვლს ამხელა სიხარული მოჰქონდა გოგონასთვის.

მას შემდეგ რაც თოლიამ, თავის ხისტარიანი გამადიდებელი შუშით სათითაოდ დააკვირდა მის გარშემო მოფარფატე ყველა ფიფქს, ყოველი მათგანი კომპლიმენტებით აავსო და ყოველ მათგანს ქიმები, წახნაგები დაუთვალა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ არსებობდა ორი ერთნაირი ფიფქი. ამის შემდეგ გოგონამ ფიფქებს განუცხადა:

  • ძლივს ვითმენდი, ერთი სული მაქვს გაჩვენოთ, მთელი ზაფხული ვაგროვებდი… – და გამალებით დაუწყო მიწას თხრა. ფიფქებს გაუკვირდათ, ფიფქვას უმატეს, აწრიალდნენ…
  • თოლია-თეო, თოლია-თეო, რატომ თხრი მიწას? – რატომ თხრის, რატომ თხრის, იმეორებდა ექო.
  • ზაფხულში ყვავილები შევინახე თქვენთვის და მინდა, გაჩვენოთ… კისკისებდა გოგონა.

საოცარია ფიფქების სიხარული, რაღაცნაირად იბერებიან, უფრო ქათქათები და დიდები ხდებიან… ვერ იჯერებდნენ, რომ თუ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც საკუთარი თვალით იხილავდნენ ნამდვილ, ზაფხულის ყვავილებს, თეოს მიერ საგულდაგულოდ შენახულს ღრმად მიწაში.

თოლია თავისი პატარა ნიჩბით (რომელიც წინასწარ, წინა დღეს მოემზადებინა, ხომ გრძნობდა რომ აუცილებლად მოვიდოდა პირველი თოვლი) გამალებით თხრიდა შავ, სველ მიწას. უცებ ნიჩაბი რაღაცას მოხვდა და თეომაც თხრა შეწყვიტა, დაიხარა პატარა, ამოთხრილ ორმოსთან და ფრთხილად ამოიღო მინა, რომელიც საგულდაგულოდ ჩამარხულ, შენახულ ყვავილებს ზემოდან ეფარა. მინის შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით სათუთად ამოალაგა: სამი ცალი ვარდი – ერთი წითელი, ერთიც თეთრი და ერთიც ყვითელი ნარინჯისფერი წინწკლებით. სამი გვირილა თეთრფურცლიანები და ყვითელგულიანები, მზესავით მბრწყინავი და თეოს იებივით ყვითელი მზესუმზირას ყვავილი (თეოს ეს ყვავილი განსაკუთრებით უყვარდა, თავის მეგობარს აგონებდა), ჭიამაიას კაბასავით წითელი ყაყაჩო და ბოლოს ულამაზესი დუმფარას ყვავილი, რომელსაც წყლის შროშანასაც უწოდებენ, ხოლო ძალიან, ძალიან ადრე მას გედის ყვავილს ეძახდნენ.

(თქვენც შეგიძლიათ მიბაძოთ თოლია-თეოს და როდესაც ძალიან, ძალიან მოგენატრებათ ზაფხულის ყვავილები ზამთარში, დატკბეთ მათით).

თოლია-თეოს ირგვლივ უცებ პატარა წალკოტი, ყვავილების ბაღი გაჩნდა, უამრავი ყვავილით, ყვითელი იებით და მის გარშემო მოფარფატე გახარებული თოვლის ფანტელებით.

ახლა ჯერი ფიფქებზე მიდგა, ახლა ფიფქებს უნდა გაეოცებინათ პატარა, სიცივისგან ლოყებაწითლებული გოგონა, რომელსაც სიცილის დროს ყვითელი იები სცვიოდა, მზის მეგობარი იყო და ჩალისფერი ნაწნავები დაწვნიდან სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ეშლებოდა, თანაც ისე, რომ ძლივს მიხვდებოდით, ეს აბურდული თმა ოდესღაც ნაწნავები თუ იყო, ამიტომ მისი გაოცება არცთუ ისე ადვილი საქმე იყო (პირადი გამოცდილებიდან).

დიდი ფუსფუსის, აურზაურის შემდეგ ფიფქებმა მოთათბირება დაიწყეს, რა უნდა მოეყოლათ, რა ამბავს უნდა გაეოცებინა, რას უნდა აევსო სიყვარულით და სიკეთით პატარა თეოს დიდი გული, რომელიც უამრავ რამეს იტევდა და პირდაპირ კავშირში იყო იმ ამბავთან – მაინცდამაინც თეოს, რომ დაუმეგობრდა მზე.

ერთი ყველაზე უფრო თეთრი და ყველაზე მეტწახნაგა ფიფქი, რომელიც რაღაცით ვარსკვლავსაც წააგავდა, თოლიას მიერ ზაფხულში, ზამთრის ფიფქებისთვის შენახულ, ნარინჯისფრად დაწინწკლულ, ყვითელი ვარდის ფურცელზე ჩამოჯდა, მომხიბვლელად, თანაც მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და დაიწყო, (არ გაქვთ ნანახი ფიფქების მომხიბვლელი და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი? აბა კარგად დააკვირდით) დაიწყო იმ ამბის მოყოლა, ოდესღაც დედამიწელებს (ანუ ჩვენ, ადამიანებს) სიყვარული როგორ მოევლინათ, სიყვარული როგორ იშვა, როგორ დაიბადა ადამიანად და როგორ გვიხსნა, ჩვენ – ადამიანები უსიყვარულობისგან.

თოლია-თეო ყურადღებით უსმენდა, მისი დიდი გულიც უკვე მზად იყო ადამიანად მოვლენილი სიყვარული მიეღო. უფრო საინტერესო იქნება, თუ თვითონ ამ მრვალწახნაგა, ვარსკვლავისმაგვარ ფიფქს დავუგდებთ ყურს, რომელსაც ეს ამბავი დიდი ბებიებისგან, იმ დიდ ბებიებს კიდევ თავის დიდი ბებიებისგან, მათ კიდევ საკუთარ დიდი-დიდი ბებიებისგან ჰქონია გაგონილი. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

  • ძალიან, ძალიან ადრე, საუკუნეების, უამრავი წლის, უფრო მრავალი თვის და დაუთვლელი დღის წინ თურმე ერთ პატარა ქალაქში, ერთი პატარა სათნო, კეთილი გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც მარიას ეძახდნენ. მარიას ულამაზესი თვალები ჰქონია, გრძელი ჭრილით და თაფლისფერი, თბილი თვალებით. ამბობდნენ მომაჯადოებელი ძალა აქვთო მარიას თვალებს, ვინც უყურებდა თურმე თვალს ვეღარ აშორებდა. მათი მაცქერლები ვეღარ გრძნობდნენ, როგორ გადიოდა დრო და თავით ეშვებოდნენ მარიას თვალების თაფლისფერ სიღრმეებში. მერე როგორც თავად ამბობდნენ, სულ სხვა სამყაროში ვიყავითო, სულ სხვა სამყარო ვიგრძენით და ვნახეთო, ძალიან მანათობელი და ოქროსფერი სამყაროვო. იმის გამო, რომ მარია კეთილი გოგონა იყო და არ არსებობდა არცერთი არსება (არა მხოლოდ ადამიანი), რომ მისთვის გოგონას ცუდი სდომებოდა, მარია ცდილობდა თვალებში არ შეეხედა ადამიანებისთვის, რადგან ფიქრობდა, რომ სამსახურს, ოჯახს მოცდებოდნენ ისინი, სამუშაოს დაკარგავდნენ და შვილები მშივრები დარჩებოდათ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ საკუთარ შვილებს ვეღარ მოუყვებოდნენ ჯადოსნურ ზღაპრებს (იმ დროს არც ტელევიზორი არსებობდა და არც კომპიუტერი არ იყო ჯერ გამოგონებული, ამიტომ დედები, მამები შვილებს ზღაპრების მოყოლით ართობდნენ. ზღაპრების მარაგი რომ გამოელეოდათ თავად თხზავდნენ, იგონებდნენ და ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ შვილები თავადვე არ გახდებოდნენ დედები ან მამები). ამიტომ პატარა მარია თვალებდახრილი დადიოდა მუდამ, სანამ ვინმე თვითონვე არ სთხოვდა, გეხვეწებით შემოგვხედეო, ძალიან გვჭირდება შენი ოქროსფერი სამყაროვო.

მარიას კიდევ ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ბავშვებმა და ფიფქებმა იცოდნენ, დღესაც ეს ამბავი მხოლოდ ფიფქებმა ვიცით, რადგან ჩვენი დიდი-დიდი-დიდი ბებიები ყოფილან შემსწრე ამ ამბებისა, ფიფქები კი არასოდეს ტყუიან.

როდესაც პატარა მარიას გულით რამე უხაროდა და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სიკეთეს სჩადიოდა, მაგალითად, რომელიმე პატარას (რომელსაც არც დედა ჰყავდა და არც მამა, ამიტომ ზღაპრებს არავინ არ უყვებოდა), მარია უამრავ ჯადოსნურ და სასწაულებით სავსე ზღაპარს მოუყვებოდა ხოლმე, მაშინ მარია იღიმოდა და ირგვლივ უამრავ ყვითელ იებს აფრქვევდა! – როგორც შენ ჩვენო თოლიავო, – დააყოლა ფიფქმა.

გოგონა სულგანაბული უსმენდა მარიას ამბავს, თან ხელთათმანები გაეხადა და იორთქლავდა პაწაწინა, გაყინულ თითებს.

– იქიდან გამომდინარე, რომ მარიას ჩვენი თოლიას მსგავსად სიცილის დროს ყვითელი იები სცვიოდა, მაშასადამე მარიაც მზის მეგობარი ყოფილაო, როგორც თეო-თოლიაო. – დაასკვნა ერთმა მსუქანმა ფიფქმა, რომელსაც ძალიან უყვარდა დასკვნების გაკეთება და ამაში რატომღაც სულ დიდებს ჰბაძავდა, ეს მას ძალიან სასაცილოდ წარმოაჩენდა ხოლმე. აი, ამ წუთსაც ახითხითდა თოლია თეო და ირგვლივ ყვითელი იების ბუღი დააყენა.

– დამაცადეთ ამბის მოყოლაო, – გაბრაზდა ვარსკვლავისნაირი, მრავალწახნაგა ფიფქი, მას ერგო წელს ზღაპრის მოყოლა გოგონასთვის, მთელი წელი ემზადა ამისთვის და ახლა კიდევ ამ მსუქანმა ფიფქმა თავისი დასკვნებით სულ თავგზა აუბნია!

– ნამდვილად მართალი ბრძანდები მსუქანო ფიფქოო, მარია ნამდვილად იყო მზის მეგობარიაო – განაგრძო მრავალწახნაგამ ამბის მოყოლა. – დილით როგორც კი მზე ამოვიდოდა, მარიაც მაშინვე ადგებოდა და მზეს ეგებებოდა აივნიდან, გაიზმორებოდა, გაიზმორებოდა და თავის თაფლისფერ თვალებს შეანათებდა ხოლმე. როგორც მაშინ იმ პატარა ქალაქში ამბობდნენ, სადაც მარია ცხოვრობდა, ამ დროს მარია მზის სხივებით საკუთარ თვალებს მუხტავსო, ამიტომაა, რომ მარიას როცა უყურებ თვალებში მზისფერ სამყაროში, სიოქროსფერეთში გადადიხარო, ეს მარიას თვალები კი არ არის, მზის სხივებიაო, გოგონას თვალებში მომწყვდეულიო. კიდევ ათასი ხმა დადიოდა მარიას შესახებ, ზოგიც იმას იძახდა გოგონა ჰიპნოზს უკეთებს ხალხსო. ასე იყო თუ ისე, მარია განაგრძობდა ცხოვრებას, მთელი მისი არსება, მისი სხეული სიყვარულს მოეცვა.

დადიოდა, დადიოდა მარია თავის პატარა ქალაქში და ყოველდღე, ყოველ წამს სიყვარულს გასცემდა, სულ უფასოდ ურიგებდა შემხვდურთ სიყვარულს. სადღაც მათხოვარი ფულს ითხოვდა, ჩამოძონძილი და ჭუჭყიანი, ხელგამოშვერილი იხვეწებოდა დახმარებას. ჩაუვლიდა მარია და მთელ თავის სიყვარულს ჩაუღვრიდა გამოწვდილ ხელში. მარიას გაცემული სიყვარული ისე ჩაეღვრებოდა ჭუჭყიან, დაძონძილ მათხოვარს მთელ სხეულში, რომ მისი ძონძები ვეღარ ფარავდნენ, როგორ აუძგერდებოდა გული, როგორ უცემდა და რაღაც ოქროსფერიც გადაუვლიდა ხოლმე. იმ დღეს მათხოვარზე ბედნიერი არავინ არ იყო. დადიოდა მთელი დღე მარია და ასე არიგებდა სიყვარულს, რაც უფრო მეტს გასცემდა, უფრო მეტად ივსებოდა სიყვარულით. შემდეგ დაჯდებოდა თავის აივანზე, უყურებდა ჩამავალ მზეს და ათას ზღაპარს იგონებდა, ათს საოცარ ამბავს, იმ ბავშვებისთვის რომლებსაც არც დედა ჰყავდათ და არც მამა.

გადიოდა დრო, მარია იზრდებოდა, თვალები უფრო თაფლისფერი უხდებოდა, უფრო და უფრო უჭირდა თვალებდახრილს სიარული, უფრო და უფრო უჭირდა ის მოზღვავებული სიყვარულის შეკავება, რასაც მთელი მისი არსება მოეცვა, უფრო და უფრო დიდხანს ატარებდა დროს აივანზე მზის ცქერაში. მზეც უფრო და უფრო აგვიანებდა ჩასვლას, ამიტომ იმ დროს დღეები ძალიან გრძელი იყო.

ხალხს უკვირდა – რა არის, რატომ ღამდება ასე გვიანო, ბავშვებს კიდევ უხაროდათ უფრო მეტ თამაშს და ზღაპრის მოსმენას ასწრებდნენ. მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა ზღაპარი მოეგონათ, რადგან რაც არსებობდა და რაც გამოიგონეს ყველა ზღაპარი უკვე მოყოლილი ჰქონდათ. პატარები კი სულ უფრო მეტ და უფრო საინტერესო ზღაპრებს მოითხოვდნენ, ისეთებს, არასდროს რომ არ ჰქონდათ გაგონილი. ამ დროს მარია მათი გაჭირვების ტალკვესი იყო, ჩამოუქროლებდა ხოლმე ყველა სახლს, ოჯახს, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, ზღურბლთან კი ახალ-ახალ ზღაპრებს ტოვებდა. მარია ხომ დღის ნახევარს ზღაპრების მოგონებას უთმობდა, ნახევარს კიდევ სიყვარულის ჩამორიგებას.

ერთხელაც მზე დაფიქრდა, ეს პატარა გოგო როგორ გაუძღვებოდა, როგორ აუვიდოდა ამდენი ადამიანის სიყვარულით ავსებას? თანაც იმ დროს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ ჯერ კიდევ რა იყო სიკეთე, რა იყო სიყვარული.

ამიტომ მზემ გადაწყვიტა, რომ მარიას დახმარებოდა. როდესაც მარია თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა მზის ამოსვლას, მასთან მზისგან გამოგზავნილი ანგელოზი მიფრინდა, – თქვა ვარსკვლავის მსგავსმა ფიფქმა და ცოტა ხნით გაჩუმდა. ანგელოზის ხსენებით ყველა უფრო დაინტერესდა. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა ფიფქების სუნთქვის ხმასაც კი კარგად გაარკვევდა ადამიანი. თოლია-თეოს მეორე ხელი შემოედო ლოყისთვის, რადგან ის წინა შემოდებული ხელი დაუბუჟდა.

– მაშინ ადამიანებს ანგელოზები ეცხადებოდნენ, რომ ეთქვათ, რა სურდა მზეს, – განაგრძო მრავალწახნაგამ. ანგელოზი ისეთი თეთრი და გამჭვირვალე იყო ჰაერისგან ძლივს გაარჩევდა კაცი, თუმცა მარიას, რა თქმა უნდა, ეს არ გასჭირვებია. ანგელოზს ფრთებიც ჰქონდა დიდი და ფიფქებით მოხატული, – ეს სიტყვები ამაყად წარმოთქვა ფიფქმა და თან სხვა ფიფქებს გადახედა, რომლებსაც სიამაყის გრძნობა ასევე აშკარად ეტყობოდათ.

– ანგელოზმა, მარიას მზის სხივების საჩუქარი გადასცა, პატარა არსება, პატარა ბავშვი, ბიჭი, რომელსაც სამყარო უნდა შეეცვალა, რომელიც თავად სიყვარულად მოევლინა კაცობრიობას. ბიჭი, რა თქმა უნდა, ბოლომდე ადამიანი არ ყოფილა, ის იმისთვის გამოგზავნეს ზეციდან, რომ კაცობრიობისთვის ესწავლებინა, რა არის სიყვარული, რა არის სიკეთე…

ასე იშვა, სიკეთე და სიყვარული დედამიწაზე. მარიამ მას იესო უწოდა, ზუსტად ასე ეს ოთხი ასო: ი ე ს ო.

რადგან მაშინ ადამიანებმა ბოლომდე არ უწყოდნენ, რა იყო სიყვარული და სიკეთე, ვერ გაიგეს, რატომ გამოგზავნეს მათთან პატარა იესო, ან მარია რა შუაში იყო და გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება, – ფიფქებმა ამოიოხრეს. ფიფქების ამოოხვრაზე სევდიანი რამ, ბავშვებო მერწმუნეთ, არ გექნებათ გაგონილი. პატარა თოლიაც შეწუხდა, ლამისაა იტიროს, დიდრონი თვალის გუგები წყლით აევსო და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებიან, რომ გადმოიღვარონ.

  • იესო ადამიანებს სიყვარულს ასწავლიდა. როგორ უნდა ეცხოვრათ ისე, რომ სიყვარული მოესწროთ. ყველაზე მეტად მას ბავშვები უყვარდა, რადგან ბავშვზე მეტად სიყვარული არავის შეუძლია ამქვეყნად, მათზე ძლიერ ვერავინ განიცდის სიყვარულს. ბავშვების გულები ძალზე დიდია და ერთად აღებულ ორმოცდაათი უფროსის გულს უდრის. ეს კარგად იცოდა იესომ და იმ ქალაქის პატარების გულების დაპყრობა უკვე მოესწრო. ისე კარგად ჰყვებოდა თურმე ზღაპრებს და ათასნაირ ამბებს სიყვარულზე, სიკეთეზე, მის მოსმენას არაფერი სჯობდა. ბავშვებსაც სხვა რა უნდოდათ, იდგნენ და უსმენდნენ, შეეძლოთ ასე მდგარიყვნენ მის გარშემო და მთელი დღეები ესმინათ მისთვის, რომელიც რაღაც სხვა, მათთვის უცხო სამყაროზე უამბობდათ. ეს სამყარო რაღაცით მარიას ოქროსფერ, მზის სამყაროსაც კი ჰგავდა, მაგრამ უფრო მისაწვდომი და შესაძლებელი ჩანდა ვიდრე მარიასი. იესო ასწავლიდა, როგორ ჩაედინათ სიკეთე, როგორ დამსგავსებოდნენ იმ გამჭვირვალე, ფრთებზე ფიფქებმოხატული ანგელოზს, რომელიც მარიას გამოეცხადა. მარიაც იქვე იყო, არ შორდებოდა ზეცისგან ნაბოძებ ბიჭუნას. თუმცა ახლა აღარ ცდილობდა თვალებდახუჭულს ევლო, რადგან იმ სამყაროში რომელსაც მარია პატარაობიდანვე გულით ატარებდა, იესოს თავად შეჰყავდა ხალხი. აღარ იყო იმის საშიშროება, რომ ადამიანები ამ სამყაროსთვის მზად არ იყვნენ, რადგან მისი ბიჭი მათ ამზადებდა და ამ სამყაროსაც ჰპირდებოდა.

აი ასე დაიბადა და ასე ცხოვრობდა ოდესღაც, ჩვენთან დედამიწაზე თვით სიყვარული, – ფიფქს კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავს იკავებდა. ფიქრობდა – ვთქვა თუ არაო, ჯერ ადრე ხომ არ არის თოლია-თეოსთვისო, იცოდესო ამბის დასასრულიო. თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტა ამბის დასრულება, თოლია-თეო აუცილებლად გაიგებსო, უნდა იცოდესო.

  • მარია იღიმოდა და ყვითელ იებს კვლავ აფრქვევდა, იესოსთან შეკრებილი ბავშვები კი მარიას იებს კრეფდნენ და მათზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას. როგორც ვთქვი, მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, რა იყო სიყვარული. ამიტომ იმ ქალაქში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მარიას და მის ბიჭს ვერ გაუგეს და იფიქრეს, რომ ზეცის მიერ გამოგზავნილი იესო შეიძლება საფრთხედ ქცეულიყო მათთვის, მათი ქალაქისთვის, მათი ბავშვებისთვის, მათი ბედნიერებისთვის. ის კი არ იცოდნენ, რა იყო ბედნიერება, იესო სწორედ ამას განმარტავდა, ისინი კი ყურს არ უგდებდნენ, რადგან თავი ყველაფრის მცოდნეებად მოჰქონდათ.

უსიყვარულოდ და უსიკეთოდ დარჩენილი ხალხი შეიკრიბა და გადაწყვიტეს იესო დაესაჯათ.. დაესაჯათ იმისთვის, რომ ის მათთვის უცნობ და გაუგონარ სიყვარულსა და სიკეთეს ასწავლიდა ადამიანებს…

დასჯა კი იყო სასტიკი… თაფლისფერთვალება მარია ცრემლებად იღვრებოდა, კი იცოდა, რომ ისინი მზის მიერ ნაბოძებ ბიჭს ვერ გაანადგურებდნენ, რადგან მას ისე უსწორდებოდნენ როგორც ადამიანს… კი იცოდა ეს, მაგრამ მაინც ტიროდა. რა ექნა, დიდი გული ჰქონდა. ეს გული კიდევ ცრემლებით ავსებოდა და ხომ უნდა გადმოღვრილიყო, ხომ უნდა დაცლილიყო მარიას დიდი გული?

რა თქმა უნდა, იესო ვერ გაანადგურეს, ის უბრალოდ იქ დაბრუნდა საიდანაც ადამიანებს მოევლინა სიყვარულის სასწავლებლად… ადამიანებს კი ყველაზე საოცარი, ყველაზე ლამაზი რამ – სიყვარული გვაჩუქა…

დაასრულა ფიფქმა თავისი საოცარი ისტორია. თოლია-თეოს გული იმხელა გამხდარიყო, რომ მკერდში უკვე ვეღარ ეტეოდა… სიცივეს საერთოდ ვეღარ გრძნობდა..

მახსოვს, სახლში, რომ ამოვიდა სულ ერთიანად წითელი და ცხელი იყო, სიცხე გავუზომეთ. სიცხე არ ჰქონდა, რომ ვკითხეთ რა დაგემართაო, (ბებიამ გამოთქვა ვარაუდი ალბათ ზამთრის სუსხმა შეახურაო) თეომ გვიპასუხა:

  • იესოს, მარიას ბიჭის სიყვარული ჩამეღვარა ტანშიო, ჩემი გული სიკეთით აივსოო.

მერე გაიცინა, გაიცინა და ბოლოს ისე აკისკისდა მთელი სახლი ზანზარებდა, იატაკი კი მზისფერი იებით მოფენილიყო.

ჩვენ გაოცებული ვუცქერდით და მხრებს ვიჩეჩდით, ასე უცებ რა დაემართა ჩვენს გოგოსაო.

 

 

 

ასწავლე საქართველოსთვის – ტკბილი მელოდიები ხევსურეთიდან

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის მიზანია მაღალმთიანი რაიონების სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, ასევე – კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

მინდა, გაგაცნოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს საჯარო სკოლის წარმატებული კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო მანგოშვილი და მისი მეუღლე, ფოლკლორული ანსამბლის „ბარისახოს“ ხელმძღვანელი, ბევრისთვის ნაცნობი პროფესიონალი მუსიკოსი, გორელიშვილების მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი ზაზა გორელიშვილი.

ბაღის ასაკის შეყვარებული ბავშვები ქალბატონი ცირა გორელიშვილის, პროფესიონალი მუსიკოსის, პირველი თაობის მოსწავლეები იყვნენ, დღეს კი ოთხი შესანიშნავი ვაჟკაცის მშობლები არიან.

სკოლის ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. ფანჯრის მინებზე ბავშვების გაოცებული მზერა და გაფართოებული თვალების შუქი აირეკლა. ცოტა ხანში კი მთისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამომეტყველება ღიმილიანმა სახეებმა შეცვალა.

– ნინო, როგორია მთის სკოლა?

სოფლის გარემო სხვაა, მოსწავლეები მთის უდრეკი ხასიათით, ზრდილობით, უფროსის პატივისცემით, პატრიოტიზმით, თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევიან.

– გზის სირთულე არ გაბრკოლებთ?

ბევრჯერ ზვავიც დაგვხვდა ჩამოწოლილი. გზის გაწმენდა მყისიერად ხდება, მაგრამ რისკის ქვეშ არის ყოველი მგზავრობა. კლდეზე ჩამოდის ჩანჩქერი, ზამთარში იყინება და ულამაზესია. ზოგჯერ ზღაპრულია ეს ყველაფერი, მაგრამ რომ იყინება, სხვა გზა არ არის, ბავშვს, დიდს, პატარას, ყველას მოაქვს სასმელი წყალი.

– როგორ შეგხვდნენ მოსწავლეები?

პირველ გაკვეთილზე შესვლისას ძალიან ვნერვიულობდი. უფროსკლასელები დიდი ინტერესითა და პატივისცემით შემხვდნენ. ჯერ არ იცოდნენ, რომ მასწავლებელი ვიყავი. მათ უყვართ ლექსების მხატვრულად კითხვა, ძალიან მონდომებულები და ნიჭიერები არიან, რამდენიმე საკრავზე უკრავენ, მღერიან.

პატარებთან რომ შევედი, მეორე კლასში, ორი ბავშვი დამხვდა. ვკითხე, რა ისწავლეს წინა წელს, რა ჰქვია, ვინც მუსიკას წერს და ერთი მათგანი მეუბნება, მოიცადე, მასწავლებელო, არ მითხრა, მე თვითონ გავიხსენებო…

– როგორი მასწავლებელი მოსწონთ ბავშვებს?

უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით უნდა აკეთო ყველაფერი. ბავშვებთან ურთიერთობას რომ დაალაგებ, გაითვალისწინებ მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს, სოციალურ მდგომარეობას, მოერგები მათ განწყობას, ყველაფერი გამოვა. ისეც მომხდარა, რომ მივმხვდარვარ, დაგეგმილი გაკვეთილი არ გამოვიდოდა და შემიცვლია.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტული სწავლების ფარგლებში მინდოდა, ქსოვის, ლუდის ხარშვის და სხვა ტრადიციების შესახებ ჩანაწერები გაეკეთებინათ მოსწავლეებს. საინტერესო რიტუალია, როცა ტრადიციული ფორმით ლოცულობენ დეკანოზები. შემდეგ ამას მოჰყვება სიმღერა „ჯვარი წინასა“, რომელსაც ფშავშიც მღერიან.

კლას-კომპლექტებთან მუშაობა რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. მოსწავლეებმა ადგილობრივ მოსახლეობაში მოიძიეს ინფორმაცია შრომის სიმღერების შესახებ.

ხალხური სიმღერების მოსმენა, შესწავლა, შესრულება პატარების საყვარელი აქტივობებია. მათ განსაკუთრებით მოსწონთ მუსიკის ინტეგრირება ქართულ ენასთან, მხატვრულ ნაწარმოებებთან. შთამბეჭდავი იყო რევაზ ინანიშვილის „მუხა“. მუსიკალურ ნაწარმოებს ვასმენინებ და ეპიზოდებს ამოიცნობენ: როგორ ეტკინა მუხას, მონადირის სინანული, ხეში ამოსული ია და სხვა.

მინდა, გიორგობის, აღდგომის, შობის დღესასწაულებისთვის მცირე საგალობლები ვასწავლო.

 

ბარისახოს საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ლელა არაბულის თაოსნობით, ოთხი წელია, ზაზა გორელიშვილი ანსამბლ „ბარისახოს“ ხელმძღვანელია. მან ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი პატარების გულში  და მათი დიდი სიყვარული მოიპოვა.

არ არის იოლი ასეთი რთული კლიმატის პირობებში მაღალმთიანი რეგიონის სოფლამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა, მაგრამ ზაზა მასწავლებელი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც ბავშვობაში ჩაუნერგეს სამშობლოს ტკივილამდე სიყვარული. სწორედ ამიტომ მიპასუხა წარბშეუხრელად:

– კლიმატი და გზა რა სათქმელია, როცა მთას დახმარება სჭირდება!

ზამთარში, ექსტრემალურ პირობებში, რამდენი ზვავი და მეწყერი გვინახავს, მაგრამ ამდენი გახარებული ბავშვის დანახვა ყველაფერს აღემატება.

მთა იცლება ახალგაზრდებისგან. ახალი, დიდი სკოლა აშენდა, მაგრამ მხოლოდ ორმოცი მოსწავლეა. რვა ბავშვი რომ ამთავრებს სკოლას,  მხოლოდ ორი შემოდის, მთის ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ ქალაქში არ წავიდეს, გამრავლდნენ, ხელფასი ჰქონდეთ. ზოგი ბარში ჩადის, ზოგი კი საერთოდ მიდის ქვეყნიდან.

ვიდრე გზას გავლევთ, ნინო ეფერება ბუნებას, თოვლიან გზას, ზვავსაც კი ეფერება… მე მეცინება. ხანდახან ემოციებს აღტაცებით უზიარებს მასწავლებლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ ეცინებათ, თავისებურად რთულია მთის ცხოვრების წესი…

აღსანიშნავია ქალბატონი ლელა არაბულის თავდადება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს კონტიგენტი და ბავშვებს ცხოვრება გაულამაზოს, სხვადასხვა პროექტში ჩართოს. ერთ მოსწავლეს კონსერვატორიაში ჩაბარება უნდა.

 

ანსამბლი „ბარისახო“ აქტიურად მონაწილეობს ღონისძიებებსა და ფესტივალებში.

2024 წლის გაზაფხულზე დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლის ორგანიზებით თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“ გაიმართა. „ბარისახომ“ მუსიკალურთეატრალური წარმოდგენით „ბულბულის იუბილე“ პირველი ადგილი მოიპოვა. უდიდესი შრომის ფასად დღეს ამ ბავშვებს შეუძლიათ სიმღერა, ცეკვა, ეუფლებიან სასცენო ხელოვნებას.

დაუვიწყარია მათი სატელევიზიო დებიუტი.

პოეზიის საღამოზე მიიწვიეს ბატონი ტარიელ ხარხელაური, ასევე მომღერალი ბავშვები ფშავიდან.

 

– რა არის თქვენი სანუკვარი სურვილი?

მინდა, ფინანსურად გაძლიერდნენ ოჯახები, კეთილდღეობა ჰქონდეთ და დაბრუნდნენ მთაში. ჩვენ კი სიმღერებს არ მოვაკლებთ!

ამასაც გაგიმხელთ: ნინო სულ ჩემ გვერდით არის, თითქოს არ ჩანს დიდ საქმეში, მაგრამ უხილავად მეხმარება.

გვინდა, რომ ბავშვები იყვნენ ბავშვები! უყვარდეთ სამშობლო და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ! მუსიკის სიყვარული შინაგანი კულტურით შეიგრძნონ.

მგონია, რომ თუ მუსიკა ეყვარებათ, სხვანაირი ადამიანები იქნებიან – ყველა სიმღერა ხომ ლოცვაა!

კენტავრები, პატარა მისტიკურ კლოუნთა მომუწული ტუჩებით, თეთრგულა წიგნებს რომ კითხულობენ

0

(კარლო კაჭარავას პოეზია)

 

 „მოგზაურობა კინოებში ნანახ წვიმათა მოსახილველად ხმადაბალი საუბრების თანხლებით“

 

კარლო კაჭარავა უფრო სულიერი მსხვერპლია საბჭოთა, „ჩაკეტილი მინდვრების“, როგორც თვითონ ამბობს, რეალობისა, ვიდრე ფიზიკური, თუმცა ეს უკანასკნელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, საბჭოთა ჯარიდან ახლობლებს რომ არ გამოეხსნათ. ჩვენ ახლაც იმ დროის „სარკმელთან“ ვდგავართ და შევყურებთ „იქ“ მცხოვრებთ, გამოვიხმობთ და „ვაყოლებთ“ მწუხარე თავგადასავლებს, რადგან გვეშინია დროის წრებრუნვისა…

 

ყურადღება! ჩვენ მოვუხმობთ კარლო კაჭარავას წარსულიდანაც და მომავლის მარადისობიდანაც… ყურადღება! – მან წარსულშივე გვიპასუხა:

 

„ხმობისას თქვენსკენ მოვბრუნდები,

სარკმელთან მდგარნო“.

 

შევხედოთ ამ „სახეს“, ამ პროტესტს, ამ „ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ („ის უდაბნო, რომელზეც ვოცნებობ, ჩემივე დახატულია და მე აქ ვცხოვრობ“).

 

დიახ, მან, ნიჭიერების ასეთი უნივერსალიზმით, იცხოვრა ამ „უდაბნოში“ და აი, „რა თქვა, ოთახიდან გასვლისას“, მან, მარტოობასთან „მხდალი ოცნებით“ მებრძოლმა…

 

კარლო კაჭარავას პოეზიაში ეს „მოგზაურობა ღმერთებისთვის, მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას“ ადამიანებსაც წაადგებათ, რადგან არც ნაკლებად გამძლეები თუ ამტანები ვართ ღვთიურ ძალაზე და არც უნდა დავივიწყოთ, რა დაწყევლილ წრეზე ვტრიალებთ!

 

ვიწყებ ლექსით „ჩვენში“, რომელშიც ჩემი „უპრობლემო“ თავიც ამოვიცანი:

 

„ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის

ფილმებს კინოს სახლში.

ჩვენში –

ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის

ფილმების რეტროსპექტივის

ფრანგულ კატალოგს.

ჩვენში –

ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.

ჩვენში – ვიღაცას იმდენი ფული აქვს,

რომ არაყს სვამს ქუჩაში.

ჩვენში – ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ჰგონიათ უკვე

აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.

ჩვენში – ყველამ ყველაფერი იცის“.

 

ვისთვისაა ბრჭყვიალა ნაძვის ხეები? წესით, ბავშვებისთვის, მაგრამ სულ მახსენდება თეოდორ დოსტოევსკის „ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე“, სწორედ მდიდრების მიერ მორთულ ნაძვი ხესთან გაყინული მშიერი ბიჭუნა, ამიტომ საშობაო ნაძვი, კარლო კაჭარავას აზრითაც, თეთრია და ძალიან ჰგავს მშიერ ბავშვს. ესაა გროტესკი, როგორც თუნდაც გოიას ნახატებზე, ის სოციალური ჟღერადობისაა და რაღაცა სიურეალისტურად „გაფერადებული“, სიზმრიდან გამოხმობილი ფანტასმაგორიებით თუნდაც მავანი მთვრალისა, რომელიც „იძინებს ტელევიზორთან, რომელიც ორი წელია, არ მუშაობს“. ესაა „არარესტავრირებადი ცხოვრება“, რომელშიც, თითქოს, ყველაფერი სულერთია:

 

„მერე რა რომ ხოცავენ.

მერე რა რომ ერთმანეთს უღიმიან.

მერე რა რომ უკრავენ.

მერე რა რომ ათვალიერებენ.

მერე რა რომ ჭამენ.

მერე რა რომ იღვიძებენ.

არარესტავრირებად ღამეთა მიღმა.

ვარდისფერი ფაიფური გემით დახატული ღრუბლების ფონზე.

დეკადენტი პოეტები თხზავენ მანერულ გარდაცვალებებს

ამ მოვლენებზე ბევრად უფრო ადრე“ (არარესტავრირებადი ღამე).

 

რატომაა სულერთი?! გვეჩვენება, რომ ჩვენი ხმა არავის სჭირდება, რადგან გვიმტკიცებენ და ამბობდა კარლო კაჭარავაც (ოღონდ სხვადასხვა პრიზმაა მოვლენათა აღქმისა). „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“ – თქვა გალაკტიონმა, რომლისთვისაც ამაღლებულში დაბრუნება სულის მოთქმა იყო, უფრო ჩვეულებრივი რეალობა, ვიდრე იგივე სინამდვილე, რომელზეც წერს კარლო კაჭარავაც. მაგრამ ეს უკანასკნელი სხვაგვარად აღწერს და გადმოგვცემს. სასვენი ნიშნები თითქმის უგულებელყოფილია, როგორც ნამდვილი წესრიგი დემონურში; ან სამი წერტილის ქვეტექსტითა და „ფილოსოფიით“ – „შენ დაგესიზმრა ყველა ის გაზეთი, რომელიც ოდესმე წაგიკითხავს. / შენ დაგესიზმრა ყველა შენი საუზმე.“ ესაა არა „შორეული ცის სილაჟვარდე“, არამედ ილიასეული „ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს…“; ესაა მოდერნული ფორმის მონათხრობი „ბავშვებზე, წვიმებზე, ცარიელ მაწვნის ქილებზე“, პურის, კარაქის რიგში მდგომებზე, რომლებსაც წაართვეს სიხარული, ანუ სიძულვილისთვის გაწირეს; ესაა ხისტი რეალიზმი („მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი, რომლებზეც სიზმრებს აღარ ნახულობენ“); ესაა რეალობა, რომელშიც დადის ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი, ის თანამდევია პოეტისთვის. იქნებ ის პროლეტარი მწერლების უტოპიურ საყოველთაო სამართლიანობაზე არახდენილი ოცნების განსხეულებაა, ფრუსტრირებული იდეაა? – „ვერშემდგარი მოულოდნელობებით, ვერშემდგარი თავგადასავლებით, ვერშემდგარი სატრფოებით, ცუდი ფეხსაცმელებით, ცუდი პალტოებით, ცუდადმყოფთა სევდით“. ეგნატე ნინოშვილისეული „ჯადოსნური ფლეიტა“ უძლურია „მიმალულ, წართმეულ პროტესტთა“ და ტანჯული „მასების“ დაოსებულ სიმზრებთან (ვინც კიდევ ხედავს მათ). ვინ არიანო ისინი, კითხულობს პოეტი: „ჭეშმარიტი ოქროს პილიგრიმნი? მართალნი, გაყინული ძვლებით? ბრბო, მოსამართი თოჯინის მექანიზმით?“. რატომ დაიჩაგრნენ ასე მწარედ? რატომ მოტყუვდნენ ასე უმოწყალოდ? რატომ ჩაუყლაპათ გამოგონილმა კერპებმა იდეალები?!

 

რა შეიცვალა „გუშინდლიდან“, კარლო კაჭარავას დროიდან დღემდე? სულ მახსენდება რუსთველისეული „თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით“. ეს კი კარლო კაჭარავას ლექსია „თქვენ თამაშობდით“:

 

„მშვიდობით შიმშილო, მშვიდობით გაუთვალისწინებელო დამცირებავ,

მშვიდობით მარტოობავ, მშვიდობით ჯანმრთელობის გაუარესებავ,

მშვიდობით მართლა უმიზნოდ ხეტიალო, მშვიდობით იძულებითო სიფრთხილევ,

მშვიდობით შიშო, მშვიდობით შეურაცხყოფავ,

მშვიდობით მსხვერპლად ქცევავ.

პოეტურია მშიერთა სიხარბე?

რატომ არ ჰგავს მარტომყოფი მსხვერპლი სხვებს?

ანდროგინი კენტავრი.

კონცეპტუალური ვახშამი, როგორც ყოველთვის არშემდგარი ვახშამია.

ადამიანი, რომელიც დიდხანს ფიქრობს, – მხოლოდ ფიქრობს.

გააშკარავდა ღამე ქარხნის სიფხიზლით.

მინის კოვზებით მთელი ღამე ვახშმობდნენ ბავშვები, რომლებთაც

ყვითელი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ.

ქარხნის კუნძული დიდ ქალაქში ჰგავდა ჩაკეტილ გასასვლელებს,

სადაც ვახტიორთა სიზმრები გაავებულ ძაღლებთან ერთად

დასდევდნენ არჩართულ სირენებს, ანუ იმ ქალებს,

რომლებიც ვერ ასწრებდნენ კივილს,

როცა მათ კლავდნენ “.

 

პოეტური ამოძახილიც ჯანყია, „რომელიც არ ისმის“. სადაა პური არსობისა? რატომ ვკლავთ (კვდება) ღმერთს პერმანენტულად ადამიანებში, გარემოში, ძე შეცდომილებსა თუ მთლად „შეუცდომლებში“?!

 

რა ეშველება ამ მრავალჯერ უარყოფილთა სიამაყეს?! სიამაყეს „ჭანჭიკებად“ განხილულებისა; მშობლებისა, რომლებიც სამსახურში მიდიან რთული ოჯახური ცხოვრების, აშლილი სოციალური მდგომარეობის, გაუცხოებული პირადი ცხოვრებისა, დროშებით გაწყობილი ქუჩების ფონზე და ბოლოს შორდებიან, იმსხვრევა მოჩვენებითი ჩვეულებრიობა, რუტინას თავშეფარებელობა.

 

ხელისუფალთა ცინიზმი, რომელიც „მათ ხელებში უამრავ პატარა ჩაქუჩადაა დანაწევრებული“. ამ ჩაქუჩებს გამუდმებით გირტყამენ თავში, რომ ცას არ ახედო; ეს ჩაქუჩები კარლო კაჭარავას დროს დროშაზეც იყო და გერბზეც: ნამგალი და ურო! აქვე შეთქმულების თეორიები – „სინათლის მასონთა სიცილი“; გამუდმებული, უკვე მარადი კითხვა ტოტალიტარიზმის დროს: „რა ვაკეთო?“ აბსურდის თეატრში „ბოროტ სპექტაკლზე“ დასწრება სავალდებულოა! ასე ემსგავსები „სცენის აბსურდულად თაყვანისმცემელს“, როგორც ამბობს პოეტი და „არ გიკვირს უსუსურობა“. თითქოს, კედლები გამჭვირვალეა, – არა იმიტომ, რომ გულწრფელი და მოსიყვარულე გინდა იყო, არამედ გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ხარ; ცენზურა თუ დიქტატი; მართვის მცდელობა, წაგვრილი „ზვარაკი“ – თავისუფლება!!! უმეტესობა „ოცნებობს ძილზე, რომლის შემდეგ ღირს გამოღვიძება“.

 

არის ინტიმური კითხვები და ძალიან სათავისო განცდები. მე, მაგალითად, სხვების დასანახავად ქუჩაში პირჯვარს ვერ ვიწერ, მეყალბება… „როცა მარსელ დიუშანს ჰკითხეს, სწამს თუ არა ღმერთი, მან უპასუხა: მე ხომ არ გეკითხებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ფუტკრები კვირა დღეს“ (კაცის ძილი). კი, ეს ჩემთვისაც უხერხული კითხვაა…„მე მძინარე ვარ“, ამბობს გალაკტიონი. საშიშია „მძინარეთა“, „დაკარგული“ ადამიანების გამოღვიძება კარლო კაჭარავასთვისაც:

 

„მას მხოლოდ ძილში არ ეცოდებოდა თავი…

კაცის ძილი ჰგავდა ყვირილს,

მამობაზე ოცნებას,

თუმცა სიზმარშიც შვილებს სცემდა“.

 

სივრცე ჩაკეტილია. თოვლი, სითეთრე, სიწმინდეა პოეტისთვის, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა გაიმარჯვოს: „ეს სამყარო შემინულია და მინა თოვლით იფარება“. თუმცა ჯერ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი, „ყრუ“ ამოძახილები:

 

  • „მაშინ არ უნდა დავბადებულიყავი; რატომ გამეზარდა წვერი?…“
  • „არ ვიცი, სად მტკივა, მგონი, ყველგან“;
  • „ეჰ, სენტიმენტალურია ეს ცეცხლი!
  • ეჰ, სენტიმენტალურია ეს ცეცხლი!“;
  • „მშვიდობით, ძილში მიტოვებულო სიზმრებო“.

 

ფიზიკური თუ მეტაფიზიკური ჯოჯოხეთი, ისევე, როგორც სიკვდილი – ბანალური, მოსაწყენი და უინტერესოა. კარლო კაჭარავას მაგიური რეალიზმი უკვე სალვადორ დალის ტილოებზე გადაგვანაცვლებს, თუმცა თავად მისი, პოეტის, მხატვრობა თითქმის დაცლილია რომანტიზმისგან, ერთი დიდი, ტკივილიანი ამოძახილია, ამოკვნესაა და სათქმელი ამაოებაზე; რკინიგზის ანგელოზი თუ „მეტაფიზიკური პოლიციელი“, ღამეში თეთრ დათვთან მოცეკვავე; პროლეტარები და ბალერინები. სისაწყლით, შეგუებით, კონფორმიზმით შეცვლილი შიში, გაჟღენთილი სამყარო:

 

„ცხოვრება ერთი ხანგრძლივი საშობაო ზღაპარია…

რომელიც თითქმის მიივიწყა მთავარმა გმირმა“ (მე ვუყურებ მოცეკვავე სკრუჩ მაკდაგს).

 

„ოქროსფერია (დროის – მ.ი.) ქარში შენი ადგილი“ – ეს იდეაში; „შეშლილი მოქანდაკეა დრო“ – ეს რეალობაში, რომელიც ძალიან ჰგავს სსრკ-ში მომუშავე ქალთა „ნაოჭების შემსწავლელ გეომეტრიას“. პრინცი „პოლიტექნიკურია“, იახტის მფლობელი; მეოცნებე მუშისთვის კი, რომელსაც ეგონა გაბედნიერდებოდა და ქარისგან ზღვაში ჩავარდნილ, მყვირალ ქალს გადაარჩენდა, „ღამის ზღვა ბავშვობისდროინდელ, მუდამ სველ საწოლად იქცა“. ესაა გროტესკიცა და ცრემლგაშრობილი ირონიაც, მოდერნისტული ელემენტებიც, ხისტი, „მჭრელი“ ნატურალიზმიც, რომელსაც თუნდაც სასაცილოდ რომანტიზმით ვერ „შეპუდრავ“, მკვდრის კოსმეტიკასავით. იმიტომ, რომ „სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა გაღარიბებული და გაუფასურებული!“ საფრთხილო ოქსიმორონებითა და წუთისოფლის ლოგიკური თუ ალოგიკური „გაურანდაობით“:

 

  • სიყვარული კომენდანტის საათის დროს და სიმღერა ერთ ბოთლ არაყზე;
  • მაწანწალა ძაღლი წვიმაში, სადღაც, ეკლესიასთან, როგორც ერთ ჩემს მისტიციზირებულ მოგონებაში, როცა ახლოს მოვიდა და სკამზე უმწეოდ ჩამომჯდარს თავი მუხლებზე ჩამომადო, მერე ამომხედა და ასე გამოხატა ქრისტესმიერი სოლიდარობა;
  • „ჩვენს სამშობლოს არ შეუძლია სპონსორის გარეშე ყოფნა, / სპონსორი თუნდაც…“
  • მთვრალი, რომელსაც ერთ დღეს ლამპიონი მთვარე ეგონა, მეორე დღეს კი, – პირიქით, კითხულობს ტელეგრამას, „ასოების ნაცვლად პატარა ანგელოზებით“;
  • შეგუება სიბილწესთან, რომელიც წარმავალია, „არ ფასდება ცათა ცეცხლით ან ბარათით ნუგეშსაცემად“ და მრავალი „სიკვდილი“ ერთ სიცოცხლეში (ახალი დაბადებები, როგორც ნათელი ცვლილებები);
  • „როცა ქარი არის მხოლოდ ქარი / და არა მიუსაფრობა, რომლითაც ამაყობს რაღაცის მთხოვნელი“… როცა ქარი არის ამაოება;
  • ვიღაც მოდის, შადრევანში დასველებული ფრთებით;
  • იარაღი კი „მისტიკური ფანტომია“;
  • უნებლიე საცხოვრებელი ოცნებებისა;
  • ცხოვრება, რომელშიც მუშები ჰგვანან მცენარეებს, „ჭუჭყიანი ტბის ფსკერზე“;
  • ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებიც სპობენ ერთმანეთში ღვთისნიერს;
  • „განწირულთა არშემდგარი ცხოვრება / არშემდგართა გაწირულობით“ თუ პატარა ღმერთივით მოხუცი ღამის ძოწისფერ ვიტრინაში;
  • გარდაცვლილი გიმნაზისტი, როგორც ასევე გარდაცვლილი საბჭოთა მოსწავლე ჩემს ბავშვობაში, წითელი ყელსახვევით კუბოში;
  • ხალხის მტრები, რომლებიც ფაიფურის სიზმრებში იღიმებიან;
  • …„ყველაზე ღარიბი ცირკის მოსაწვევი გიჭირავს ხელში…“ და ეს „ცირკი“ ცხოვრებაა! (შენი კაპიტანი)
  • ყველაფერი უბრალო გასაკვრიაო, პოეტმა, მაგრამ არაფერია უბრალო, როგორც თუნდაც „ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო წიგნი, ყდაგაცვეთილი“, როგორც ვიღაც, განწირული უბოროტო შურისძიებით…

ასეთია კარლო კაჭარავას ყოფითი მისტიციზმი, ამოუხსნელი კითხვებით: ვისი „სცენარია თუ მოზაიკა“, რომელიც ჩვენვე უნდა „აგვეწყო“ ჩვენ შესახებ? რატომ ჰგავსო ცხოვრება, შენი „საკონცენტრაციო ბანაკი“ კიოლნის ტაძარს? ბებერი კურდღელივით რატომ შე(ი)წირე შენი თავის მსხვერპლად? ან რატომ იშვერდი წვიმისკენ ხელს?! სად არის ქრისტე?…

 

«იქ არის ის ქრისტე! იმ ადამიანებს შორის, დაღლილობისაგან რომ ეცემიან მატყუარა აფიშების გვერდით იქ უფრო მალე იპოვი მას».
ჟილბერ სესბრონი
 მერცხლები – თავგადასავლების მაძიებლები,უკვე დაძველებულიფრანგული ფილმიდან, გახარებულნი ულოცავენერთმანეთს გამდიდრებას.მერცხლები – რომლებიც სახლის თავზეტრიალებენ, ოდესღაცმიფრინავდნენ ვან ხესთან.მერცხლები დაფრინავდნენ პატარაჟან-პოლ რიხტერის წიგნებისზევით მზეში.ნუ იტყვით, რომ ყველაფერი აბსურდია –ყველაფერი ის, რისიც გვჯეროდა, არსებობს.უბრალოდ –სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.შენი საზრდოა „როკკო და მისი ძმები“, ეუჯენიე მონტალედა ჯაკომო მანცუ, ან ჯორჯო მორანდი,რომელიც გაცვეთილ ფუნჯებს მარხავდა –და ცისკენ ახედვისას ხედავდა: მერცხლები!მერცხლები! ისინი მიფრინავდნენ ყველაფრისთავზე და გასწვრივ –მიღმა განწირულთა არშემდგარი ცხოვრების,მიღმა შადრევნების და სასახლეების,კაპიტანთა სევდის მიღმა.ქარხნების გულდაწყვეტილ, წაქცეულ ანგელოზთა მიღმა –მერცხლები, მერცხლები, მერცხლები…

დაბოლოს: არ გატყდეთ, მეგობრებო: „ყველაფერი, რისიც გვჯეროდა, არსებობს!“

ქრისტე ყოველთვის აღსდგება, ამხანაგო!…

 

 

 

 

 

ალცჰაიმერი . . .  ბიოლოგიის გაკვეთილისთვის             

0
Brain activity,Human brain damage,Neural network,Artificial intelligence and idea concept

ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მეხსიერებაზე და იწვევს მენტალური აქტივობის დაქვეითებას უფრო სწრაფად, ვიდრე დაბერების პროცესის მიმდინარეობისთვის არის დამახასიათებელი. დაავადება გავლენას ახდენს მეხსიერებასა და აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ორიენტაციასა და მსჯელობის უნარზე, ასევე შემეცნებაზე. დაავადება გერმანელმა ფსიქიატრმა – ალიოს ალცჰაიმერმა 1901 წელს აღმოაჩინა. მსოფლიოში ამ დაავადებით დაახლოებით 55 მილიონი ადამიანია დაავადებული. პრობლემა ძალიან კომპლექსურია. ნეირობიოლოგმა, ლიზა ჯენოვამ დაწერა წიგნი რეალურ ამბავზე, რომელიც მოგვითხრობს წარმატებულ ქალზე, ელის ჰოულენზე, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად შეიცვალა ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზის შემდეგ. წიგნის სახელია „ჯერ კიდევ ელისი“. მთავარ გმირს ბედნიერი ოჯახი აქვს, ასწავლის ჰარვარდის უნივერსიტეტში, მოგზაურობს, თუმცა უცებ…

წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, მთავარ როლს ჯულიანა მური ასრულებს, რომლისთვისაც მსახიობმა ქალის როლის შესრულებისთვის ოსკარი მიიღო. მხატვრული ფილმი „კვლავ ელისი“

 

როცა „ჯერ კიდევ ელისი“ დავასრულე, მომინდა, წამოვმდგარიყავი და უცხო ადამიანებით სავსე მატარებელში მეყვირა: „ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოთ!“. „ჯერ კიდევ ელისი“ გარედან, დამკვირვებლის თვალით დანახული ისტორია კი არა, შიგნიდან მოთხრობილი ამბავია. წიგნის მთავარი გმირი ელისია, რომელიც, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ელისია და არა მისი დაავადება“, – ბევერლი ბექჰემი;

 

თქვენი ვალია, „ჯერ კიდევ ელისი“ წაიკითხოთ და წააკითხოთ ყველას, ვინც გიყვართ. ის გასწავლით, შეგაშინებთ და შეგცვლით“,- ჯულია ფოქს გარისონი;


შედევრი, რომელიც შეეხება ცხოვრების იმ მხარეს, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ წარმოუდგენია, – მარკ უორენი.

 

წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ოჯახში ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანი ჰყავს. როგორ დავეხმაროთ მას ისე, რომ თავი კომფორტულად ვაგრძნობინოთ.

როგორც ფილმის, ასევე წიგნის გამოყენება ბიოლოგიის მასწავლებელს შეუძლია მეცხრე კლასში ნერვული სისტემის აგებულებისა და ფუნქციების შესწავლისას, კლასის დამრიგებელს კი – ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე მსჯელობისას.

ქვემოთ მოცემული ქეისი კი ბებიისა და შვილიშვილის ამბავს გვიყვება. დავალებაში საინტერესო კითხვებია დასმული, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება, ერთი მხრივ, საკითხის შესწავლაში, მეორე მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გააზრებაში.

 

ქეისი: დაკარგული მეხსიერება – შვილიშვილის დღე

 

ნაწილი I: ბებოს დაბადების დღე დაავიწყდა…

პირველად, როცა გავიაზრე, რომ ბებოს რაღაც სჭირდა, ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე იყო. ის ყოველთვის აცხობდა ჩემს საყვარელ ნამცხვარს, მაგრამ იმ დღეს დაავიწყდა.

პირველად ვიფიქრე, რომ ეს მეხსიერების უმნიშვნელო ჩავარდნა იყო. „ბებო, ჩემი დაბადების დღე დაგავიწყდა?“ – ვკითხე სიცილით. მან გაკვირვებულმა შემომხედა, დაბნეული და დარცხვენილი იყო. „კი, საყვარელო, ისეთი დაკავებული ვიყავი“, – მიპასუხა მან. მაგრამ მისი თვალები რაღაც სხვას ამბობდა. მივხვდი, რომ ის დაკავებული არ ყოფილა. თითქოს თავს ძალას ატანდა და ისე საუბრობდა.

დაახლოებით 2-3 თვეში უფრო ღრმა ცვლილებებიც შევნიშნეთ. ბებიას ავიწყდებოდა, სად დადო გასაღები, ასევე ვერ იხსენებდა იმ ადამიანების სახელებს, რომლებსაც წლებია იცნობდა. ერთ დღეს მე მისი ათი წლის წინ გარდაცვლილი დის სახელით მომმართა.

უჭირდა წინადადებების დამახსოვრება და ხშირად გამეორებას ითხოვდა. დედამ მისი ექიმთან წაყვანა გადაწყვიტა.

 

ნაწილი 2: კვლევებში მოგზაურობა

ექიმმა განმარტა, რომ ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმა მარტივი არ არის, ამიტომ ბებიამ ბევრი ანალიზი ჩაიტარა. პირველი – მენტალური მდგომარეობის მცირე შემოწმება (mini-mental state examination – (MMSE), რათა გაერკვიათ ბებოს მეხსიერება, პრობლემის გადაჭრის უნარები და ორიენტაცია. მას დაახატვინეს საათი, სთხოვეს გაემეორებინა სამ სიტყვიანი წინადადება, ამოეხსნა მარტივი მაგალითი.

მომდევნო იყო სისხლის ანალიზები, რათა გაერკვიათ, ხომ არ იყო რომელიმე ვიტამინის დეფიციტი, ან თირეოიდული ჯირკვლის გაუმართაობა, რასაც ხშირად ახლავს დემენციის სიმპტომები.

ბოლოს ბებიას გაუკეთეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია – MRI, რითაც უნდა აღმოეჩინათ სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინში. ექიმმა გვაჩვენა ტვინის სურათი და მიგვანიშნა იმ უბნებზე, რომლებშიც ტვინის მოცულობა შემცირდა, განსაკუთრებით ჰიპოკამში. ეს უბანი პასუხისმგებელია „მოგონებების შენახვაზე“.

დიაგნოზი ნათელია: ალცჰაიმერის დაავადება, დემენციის პროგრესირებადი ფორმა. ყელში რაღაც გამეჩხირა, როცა დედამ ძალიან მაგრად მოხვია ბებიას ხელები. „ახლა რა მოხდება?” მთრთოლარე ხმით იკითხა დედამ.

 

ნაწილი 3: დიაგნოზის დადგენა

ექიმმა დრო გვთხოვა ასახსნელად, ისე ვუსმენდი, მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დამემახსოვრებინა. ალცჰაიმერის დაავადება გამოწვეულია თავის ტვინის სტრუქტურის ცვლილებით, რომელიც იწყება ნერვულ უჯრედებს შორის. ამილოიდური ფოლაქების, ჩანართების დაგროვებით, ასევე ბოჭკოების გადაგრეხით. ეს აფერხებს ნერვული იმპულსის გადაცემას და ბოლოს ნერვული უჯრედები იხოცებიან.

ექიმმა აგვიხსნა, რატომ ზიანდება პირველ რიგში ჰიპოკამპი და რატომ არის მეხსიერებაში ჩავარდნები ამ დაავადების პირველი სიმპტომი. როცა დაავადება პროგრესირებს, ტვინის სხვა უბნებიც ზიანდება, გავლენას ახდენს მეტყველებაზე, მსჯელობისა და სხვა მარტივი ქმედებების უნარზე.

ბებო ყურადღებით უსმენდა ექიმს, „ე.ი. ჩემს ტვინს ავიწყდება, როგორ იმუშაოს?“ „დიახ, ეს ამ ამბის მარტივი, თუმცა სრულყოფილი ახსნაა“, – აღნიშნა ექიმმა.

სევდისა და იმედგაცრუების ნაზავი ვიგრძენი. როგორ შეიძლება ამ პატარა ცილებმა ასეთი სერიოზული და დამანგრეველი დაავადება გამოიწვიოს.

 

ნაწილი 4: მკურნალობის ძიების იმედად

როგორც ექიმმა გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დაავადების საბოლოოდ განკურნების შანსი, მკურნალობა ბებოს სიმპტომებს შეუმსუბუქებს და ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს.

არსებობს პრეპარატი, რომელიც ზრდის აცეტილქოლინის დონეს, ეს ქიმიური ნაერთი მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის და დასწავლისთვის. მას სურს, შეაჩეროს დაავადება, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით ახერხებს ამას.

ასევე გავიგეთ არამედიკამენტური თერაპიების შესახებ. ბებია ჩაერთო მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების სხვადასხვა ჯგუფში, სადაც მეხსიერების სავარჯიშოებს გააკეთებს. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება და ვარჯიში.

ექიმის რჩევით უნდა დაგვეგეგმა, როგორ მოვქცეულიყავით რთული სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო იურიდიულად გაგვეფორმებინა, როგორ მოიქცეოდა ექიმი, როცა ბებია ვეღარ შეძლებდა სრულფასოვან კომუნიკაციას. სახლში კარადები უნდა დაგვენომრა და ბებიასთან ყოველთვის ვინმე უნდა ყოფილიყო. ასევე ბებიას უნდა ჰქონოდა ტელეფონში GPS, რომელიც შეგვატყობინებდა მის ადგილსამყოფელს.

 

1. ალცჰაიმერის დაავადების რა ადრეული ნიშნები შეამჩნიეს ოჯახის წევრებმა ბებიას?

 

2. რა მოვლენებმა აიძულა ოჯახი, ბებია ექიმთან წაეყვანა?

3. რა არის MMSE?

4. რა პრობლემები გამოირიცხა სისხლის ანალიზის შედეგებით?

5. რა სახის ცვლილებები გამოაჩინა MRI-იმ ბებიას ტვინში?

6. რა არის ალცჰაიმერის დაავადება?

 

7. რა არის ამოლოიდური ფოლაქები და რა გავლენას ახდენენ ისინი თავის ტვინზე?

8. ტვინის რომელი უბანი ზიანდება პირველ რიგში? რა ფუნქცია აქვს მას?

9. რა სახის არამედიკამენტური თერაპიები შეიძლება დაეხმაროს?

10. რა არის ექიმის პირველი რჩევა?

11. რა ზომები უნდა მიიღოს ოჯახმა ბებოს უსაფრთხოებისთვის და მხარდასაჭერად?

12. რა გავლენას ახდენს ალცჰაიმერის დაავადება ინდივიდზე და მთლიანად ოჯახზე?

13. რა ხდება ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის თავის ტვინის ქერქში?
14. რა ცვლილება ხდება ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ნეირონების მიკრომილაკებში?

15. რა ცვლილებას განიცდის პარკუჭები  ალცჰაიმერით დაავადებულის თავის ტვინში?
16. რომელი ცილები უკავშირდებიან ალცჰაიმერის დაავადებას?
17. ამ ცილების შეერთებით საბოლოოდ მიიღება ——————————;

 

ეპილოგი:

 

ეპილოგი:

 

ბებიასთან ცხოვრება მისი დიაგნოზის დასმის შემდეგ არც ისე მარტივი იყო, მაგრამ მან მასწავლა მოთმინება და თანაგრძნობა. ზოგჯერ ის ძველებურად მიყვებოდა ისტორიებს, იცინოდა ჩემ ხუმრობებზე, ზოგჯერ ვერ იხსენებდა ვინ ვიყავი. მე კი კარგი მომენტების დაფასება ვისწავლე.

 

დამხმარე რესურსები:

https://1tv.ge/video/piradi-eqimi-140/

ალცჰაიმერის საცდელი ვაქცინა

21 სექტემბერი – ალცჰაიმერის მსოფლიო დღე

ორიოდე სიტყვა საახალწლოდ

0

 როცა ფეისბუქზე, წლის ბოლოს, ვაწყდები ხოლმე ჩემი კოლეგების – პოეტების და პროზაიკოსების – სტატუს-ანგარიშებს მკითხველის წინაშე, აქაოდა, ამ წელს ეს დავწერე და ის გამოვეციო, რატომღაც, მეღიმება (ცხადია, სრულიად უბოროტოდ), რაღაცნაირად ცრემლებსაც კი მგვრის მათი ინფანტილიზმი – თითქოს, ვინმეს მხოლოდ ეგ აინტერესებს და სხვა არაფერი. ჰოდა, მეც მაგის თქმას ვაპირებ ახლა და არ ვარ წინააღმდეგი, სხვებმაც გაიღიმონ (სასურველია, უბოროტოდ): ამ წელს გამოვეცი პოეტური კრებული და ახალი პოეტური კრებულიც დავასრულე.

ზოგადად ახალ წელზე პირველ რიგში (ალბათ, როგორც – ყველას) ბავშვობა მახსენდება: მთელი წლის მანძილზე ნანატრი შუქი რამდენიმე საათით რომ მოდიოდა და რაღაც საახალწლო გადაცემებს ვუყურებდით. დედაჩემი უამრავ ნამცხვარს, აჩმას და ერთ მოზრდილ ტორტს აცხობდა, შეგეძლო, დაღლამდე გეჭამა. სოფელში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახსაც ჰქონდა ნამცხვრები და ეგეთები ახალ წლებზე, თუ არ ჰქონდა, მეზობლების მიაწვდიდნენ აუცილებლად. თოფი პირველად ახალ წელს გავისროლე, ბიძაჩემმა მასროლინა თავისი თორმეტკალიბრიანი, მხარი კი მატკინა ცოტა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მას მერე კიდევ ერთხელ ვისროლე თოფი: მუხის კენწეროზე შემოსკუპებულ ბეღურას მოვარტყი, იმხელა მანძილი იყო, უფროსებმა მაგრად შემაქეს… ახლაც მახსოვს, როგორ მჩატედ და ბზრიალით დაეშვა ქვევით, საწყალი… ამ სურათმა ისე იმოქმედა, მას მერე სანადიროდ არასოდეს გავყოლივარ უფროსებს და ცოცხალი არსებისთვის არასოდეს მისვრია. გულჩვილი პაციფისტი სულაც არ ვარ, უბრალოდ, არ მესმის, რატომ უნდა მოვკლა არსება, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია და ვერც ვერაფერს დამიშავებს.

ყველაზე არაორდინალური ახალი წელი ამ თვრამეტი წლის წინ მქონდა, როცა სუპერმარკეტის დაცვაში ვმუშაობდი და ახალ წელს მორიგეობამ მომიწია. ლამის, ყველა, ვინც შემოდიოდა მარკეტში, თავის საყიდლებთან ერთად, ალკოჰოლურ სასმელს ყიდულობდა ჩემთვის: ვისკის რაგინდარა სახეობა, არაყი, ლუდი, ღვინო და ა. შ. . მეორე დღეს ისეთი დახუნძლული ავედი სახლში, დედაჩემს, ლამის, გული გაუსკდა, მაგრამ დალევის თავი ვის ჰქონდა, მთელი დღე მეძინა, მეორე დღეს ისევ მორიგე ვიყავი (ყოველ მეორე დღე ვმუშაობდი ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მათხოვრულ ხელფასზე).

წელს, როგორც უკვე ჩანს, არ გვექნება ორდინალური ახალი წელი, აგერ პიროტექნიკაც აკრძალეს და, რაც მთავარია, აქციებია – ალბათ, ახალ წელს რუსთაველზე შევხვდებით. ასეა, იცვლება ყველაფერი.

ამას წინათ მე და ჩემი შვილი “სითი მოლში” ვიყავით, მაყიდვინა რაღაცები და, რომ გამოვდიოდით, კიდევ მოუნდა ერთი რაღაცის ყიდვა. ჩემთვის ვიფიქრე გველურად (გველის წელი მოდის მაინც): ამას საახალწლოდ ვუყიდი მეთქი, და ვუთხარი, სანტას ვეტყვი და სანტა მოგიტანს ახალ წელს მეთქი.

– კაი, რა, მა! სანტა არა უცხოპლანეტელი! პატარა ხომ აღარა ვარ! – მომიგო წარბშეუხრელად.

ასეა, იცვლება მეთქი ყველაფერი.

კეთილი ამბები ქართული მწერლობის სალაროდან

0

(არჩილ სულაკაურის “მტრედების” მიხედვით)

ვერ ვიტყვი, რომ არჩილ სულაკაური მივიწყებული ავტორია, მაგრამ იმდენად ჯადოსნური მთხრობელია, მეჩვენება, რომ სათანადო პატივის მიგება მაინც დავაკელით. როცა ჩემს მოსწავლეთა სულის გასალამაზებლად ვეძებ ხოლმე ტექსტებს, ხშირად მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, შიო არაგვისპირელის, რეზო ინანიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გურამ დოჩანაშვილის, ოთარ ჭილაძის, გოდერძი ჩოხელის, რეზო ჭეიშვილისა და ნუგზარ შატაიძის სამყაროში „ვიჩხრიკები“ ხოლმე. სხვა რამდენიმე ავტორიც მეგულება, ყოველთვის რომ ამოკენკავ მისი სკივრიდან მაცოცხლებელ ამბებსა და იდეებს, მაგრამ ეს ავტორები ამოუწურავი საბადო არიან ადამიანური სიკეთეებისა. არჩილ სულაკაურიც ასეთი სიტყვის მაესტროა. მისი თხრობის მანერა ვირტუოზულობის ბეჭდით გაოცებს. როცა მეექვსე კლასში „ბიჭი და ძაღლი“ უნდა ვასწავლო, წინასწარ ვემზადები ხოლმე პატარების გულიდან გადმოღვრილი საოცარი ემოციების ნაკადებისთვის. ეს მოთხრობა ემოციების ვულკანს აღვიძებს. ასევეა მეშვიდე კლასის პროგრამით გათვალისწინებული „ზევით და ქვევით“, გოგისა და ლიას ბავშვური ურთიერთობის გამაოგნებელი გულწრფელობით გადმოცემულ ამბებს რომ გვიყვება.

ქართული საყმაწვილო მოთხრობების ერთ ძალიან საინტერესო კრებულში ვიპოვე არჩილ სულაკაურის მოთხრობა „მტრედები“.   ასეთი ტექსტები სულის მალამოა როგორც პატარების, ისე დიდებისთვის. მოთხრობა საუკეთესო მასალაა ეროვნულ გამოცდებზე უცხო ტექსტების გააზრებისა და ანალიზის მასტერკლასებისთვის. მწერალი მრავალ მორალურ-ეთიკურ პრობლემასა და ჰუმანისტურ იდეალებს წარმოაჩენს. დავიწყოთ სათაურის დეკოდირებით. სიმბოლური სათაურია „მტრედები“. აღმოსავლურ ქვეყნებში მტრედი წმინდა ფრინველად და ღმერთების მაცნედ ითვლებოდა. ქრისტიანობაში მტრედი სულიწმიდის ჰიპოსტასად ითვლება. ძველ აღთქმაში ნოეს მიერ წარღვნის შემდეგ გაშვებული და ზეთისხილის რტოთი მობრუნებული მტრედი მშვიდობის, კეთილდღეობის სიმბოლოა. წინასწარმეტყველ მუჰამედის მხარზეც გამოსახულია მტრედი, როგორც მასზე გადმოსული ღვთიური სულის სიმბოლო. მწერლები ხშირად გამოსახავენ მტრედს, როგორც სულიერი განწმენდის, კათარსისის, მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოს. გავიხსენოთ თუნდაც ნიკო ლორთქიფანიძის “მრისხანე ბატონი”, რომლის ფინალშიც ცოდვით დაცემის შემდეგ სულიერად მკვდრეთით აღმდგარ ლევან დადიანს მხარზე მტრედები ასხდებიან. რუსთველმაც თავის გენიალურ პოემაში ნესტან-დარეჯანი, როგორც სიმბოლო ღვთიური არსისა, სიახლისა, რენესანსისა, ეზოთერული ცოდნისა,  მტრედად გამოსახა. როცა ზღვათა სამეფოს მეფე მელიქ-სურხავმა ნესტანი დაინახა, თქვა: „სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უცვითა ტრედი“. ანუ ზეციური არსებაა, სულიწმიდა არისო.

არჩილ სულაკაურის მოთხრობის გმირებიც მტრედები არიან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თბილისი ცოცხლდება მოთხრობის სიუჟეტში. ლევანი და ნანა თავიანთი კორპუსის სახურავზე გუშაგებად დაუყენებიათ. ისეთი დროა, ყველა ოჯახიდან ფრონტზე არიან გაწვეული ახალგაზრდა მამაკაცები. ბავშვებსა და მოხუცებს უწევთ ოჯახების რჩენა. ლევანი და ნანა თან სკოლაში სწავლობენ, თან ქარხანაში მუშაობენ, კვირაობით კი სახლის სახურავზე მორიგეობენ. მათ ოთხი კვირა დღე გაატარეს ერთად. მწერალმა აჩვენა გაუცხოებული, ერთმანეთის მიმღებლობას მოკლებული ორი ადამიანის დაახლოება და ლამაზი გრძნობით დაკავშირება. მათი სახლის სახურავზე სამტრედე იყო, ლევანის ძმა მტრედებს პატრონობდა, მაგრამ რაც ის ომში გაიწვიეს, მტრედებმა დატოვეს იქაურობა. ახლა ლევანი და ნანა არიან მტრედები. მოთხრობის სევდიან ფინალში სახურავზე ისევ ბრუნდებიან მტრედები. არჩილ სულაკაური ისე ფაქიზად, ისე ფილიგრანული ოსტატობით ჰყვება ამბავს, რომ მკითხველი მთლიანად იძირება სიუჟეტში. საოცარია დიალოგები. ლევანისთვის ნანა ერთი დამღლელი, ენაჭარტალა, მოსაწყენი გოგო იყო, მაგრამ გოგონამ თავისი გულწრფელობით, მზრუნველობით, სინაზითა და კეთილშობილებით ბიჭი იოლად მოხიბლა. სახურავზე ერთად გატარებული დღეები და ცაში ცქერა ორივესთვის ცხოვრების დაუვიწყარ სიურპრიზად იქცა.

თუკი გვინდა, რომ ტექსტის ანალიზის მთავარი სეგმენტი – პერსონაჟის პორტრეტის შექმნა ვასწავლოთ ბავშვებს, ნანას სახე საამისოდ საუკეთესო მასალას იძლევა. ის ცუდად მიიღო ლევანმა, მაგრამ გოგონამ მოახერხა, რომ კეთილგანწყობა არ დაეკარგა ბიჭისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა ისიც კი უთხრა, რომ მცოდნოდა შენთან მომიწევდა მორიგეობა, არ წამოვიდოდი, რადგან ბევრი ლაპარაკის თავი არ მქონდაო. ნანა გაეცალა, მაგრამ არ დაიბოღმა ბიჭზე. როცა შენიშნა, რომ ძმის შარვალ-პერანგი ეცვა და ზომით ძალიან დიდი ჰქონდა, სულითა და გულით სთხოვა, მოდი ჩემთან სახლში, სამოსს დაგიპატარავებ და კარგად მოგარგებო. სიმბოლურია ნანას ეს დაპირება. ლევანს სამყარო თითქოს „დიდი აქვს“, არ იცის, რა უნდა, რა უყვარს, რა ეჯავრება, ამბობს, რომ ბედნიერი კაცია, ვინც ეს იცის. ქალ-ვაჟის ასეთი ურთიერთობა „ვეფხსიტყაოსნურია“. ტარიელმა არასოდეს იცის, რა გზას უნდა დაადგეს, ადვილად იბნიდება და კარგავს ორიენტირებს. მას ყოველთვის ნესტან-დარეჯანი აფხიზლებს და აყენებს გზაზე. ნანამ იცის, როგორ „მოარგოს“ ლევანს სამოსიც და სამყაროც, ან როგორ მოერგოს ლევანი სამყაროს. შემდეგ კვირას, როცა უკვე აცივდა, ერთმანეთს პალტოებზე ეკითხებიან. ნანამ თქვა, რომ მან ძველი პალტო გადააბრუნა და გააახლა. ლევანს ჰკითხა, პალტო თუ გაქვსო და როცა ბიჭმა უპასუხა, მაქვს, მაგრამ დაპატარავებულია და ეს ზამთარი როგორმე უნდა გადავაგოროო, ნანამ გამოსავალი მაშინვე მონახა, შესთავაზა, რომ გაუდიდებდა პალტოს, მას აუცილებლად ექნებოდა ე.წ. გამოსაშვები. ნანას საოცარი თანაგრძნობა შეუძლია. ის ლევანის გვერდითაა და ამაგრებს მას, როცა ფრონტიდან ძმის დაღუპვის ამბავი გაიგო. ნანას უძლიერესი წარმოსახვა აქვს. ის და ლევანი სახურავიდან მუნჯური ენით ესაუბრებიან წინ მდგომი, უკვე ჰოსპიტლად გადაკეთებული მათი სკოლის ფანჯარაში გადმოყუდებულ დაჭრილ მეომრებს. ნანამ სიზმარში ნახა, რომ დაჭრილ მეომრებს შორის ლევანის ომში დაღუპული ძმა იყო. ეს სიზმარი ლევანს მოუყვა და აატირა. სკოლაში, ალგებრის გაკვეთილზე ამ სიზმრის გახსენებაზე ტიროდა, მასწავლებელსაც მოუყვა, მაგრამ მან დაფასთან გამოიძახა, გაკვეთილი ჰკითხა და ორიანი დაუწერა. ადამიანები ასეთი გულქვა, არაემპათიური  უმოწყალო და დაუნდობლებიც არიან, იშვიათად კი ნანასავით ფაქიზი სულის მატარებლებიც. ნანას წარმოსახვის, ფანტაზიის საოცარი გამოვლინებაა მოთხრობის ფინალური სცენა. ლევანი ფრონტზე წაიყვანეს, რაც ნანასთვის გამანადგურებელი იყო. დარაჯმა უთხრა, რომ წინა დღეს ბიჭს სკოლაში უძებნია ნანა, მაგრამ ვერ უნახავს. გოგონა საშინლად განიცდის მეგობართან განშორებას, მაგრამ ამ მონატრებას თავისი მდიდარი ფანტაზიით იქარვებს. ის სახურავზე დგას. ჰოსპიტლის ფანჯარაში ახლა თითქოს ომში „დაჭრილ“ ლევანს ხედავს და მას ესაუბრება…დიალოგი საოცრად ემოციურია. „ნანა ფრთების ფარფატმა გამოარკვია“… გოგონამ ცრემლი მოიწმინდა… „სახურავზე მტრედები დაფრინავდნენ, მაგრამ ვინ იცის, ეს ფრთების ფათქუნი მტრედებისა იყო თუ ნანასი? ნანასნაირი სულები ხომ ყოველთვის ახერხებენ ფრენას? მაშინაც კი, როცა ომის კოშმარია, გარშემო ყველაფერი ინგრევა და იწვის…

ნანა საოცრად მამაცი გოგოა. თითქოს რაღაცის ეშინია, ინაზება, ქალურად ჭირვეულობს, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად უშფოთველი, ძლიერი, მამაცი და ამტანია. მას სიყვარული სწყურია. ვასიკო სთავაზობს სიყვარულს, მაგრამ ნანა მის მიმართ გულგრილია, ლევანთან კი ბედნიერია, მისი ყველაფერი ესმის, ცდილობს გაამხნეოს და გააძლიეროს დაბნეული ბიჭი. ნანას საოცრად პოეტური და რომანტიკული სული აქვს. მისი ფრაზა „შემოდგომის მზე რაგინდ თბილი იყოს, ფოთოლცვენას ვერ შეაჩერებს“, პოეტურიც არის და ფილოსოფიურიც. ნანა ადეკვატურად აღიქვამს გარშემო გამეფებულ სიკვდილს, სიღარიბეს, სევდას, სხვათა განსაცდელს. როცა ლევანს ფრონტზე წაიყვანენ და ნანასთან სამორიგეოდ მოსული ვასიკო გოგონაზე სექსუალურ ძალადობას იწყებს, ნანა ახერხებს, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიოს, მასთან და ლევანთან დამეგობრებულ ჰოსპიტლის დაჭრილ მეომრებს, რომელთაც ის და ლევანი მუნჯურ ენაზე თავისუფლად ესაუბრებოდნენ, ნანა უსიტყვოდ მიმართავს თანადგომისთვის და ისინი შორიდანვე ახერხებენ, რომ მოძალადე ბიჭი ჩამოაშორონ საყვარელ მეგობარს.

მტრედივით უწყინარ და გულთბილ გოგონაში უძლიერესი ქალი იმალება, მებრძოლი, მამაცი, ერთგული, სიყვარულით გასხივოსნებული. ნანა ისეთი გმირია, რომ მკითხველის სულს ანათებს, დაუვიწყარ არქეტიპად იქცევა და შემორჩება მეხსიერებას.

მოთხრობის მთავარი სათქმელი ისაა, რომ სიყვარულსა და ერთგულებას უდიდესი ძალა აქვს. ეს იდეა ახალი, რასაკვირველია, არ არის, მაგრამ მას საოცარი ფერებითა და სინაზით აახლებს ავტორი, შარავანდედით მოსავს. საოცარია მოთხრობის მხატვრული ენაც.  კომპოზიციურად ტექსტი ოთხ ნაწილად იყოფა, ოთხი კვირა დღის ამბავია მოთხრობილი და ასეც სათაურდება: “პირველი კვირადღე”, “მეორე კვირადღე”… ეს უჩვეულო დინამიკას აძლევს ტექსტს, ჩვენ თვალწინ იცვლებიან პერსონაჟები, ცვლიან დამოკიდებულებებს, სამყაროს აღქმას, მათ სულებთან ერთად ფაქიზდება მკითხველის სულიც.

სათქმელის ემოციურად გამოსახატავად არჩილ სულაკაური ჯადოსნურ ტროპულ ხერხებს იყენებს, თუმცა ზომიერად, გემოვნებით, ტექსტის მორთვა-მოკაზმვას არ ცდილობს, აჩვენებს გულწრფელ პერსონაჟებს და ამით იპყრობს მკითხველს, ამიტომაც მისი მხატვრული ხერხები უდიდესი ოსტატობის გამომხატველია. აი, ნიმუშებიც: “ნაცრისფერი, დაძენძილი ღრუბლები ნოტიო ჩვრებივით ეკიდა ცაზე” (ნახეთ, რა სინატიფეა, რა ფილიგრანული ოსტატობა ამ ეპითეტებსა და შედარებაში, გაპიროვნებაც აქვე არის და პეიზაჟიც). “შემოდგომის ცივი წვიმის ფრთა სახეში სცემდა მათ”… (საოცარი ემოცია მოაქვს ამ გაპიროვნებას)… როცა სათქმელის გადმოსაცემად და ემოციის გასამძაფრებლად ექსპრესიას მიმართავს, ამბობს: “ნაბიჯების ხმაურმა აავსო მთელი ქუჩა, ნაბიჯების ხმამ ამოავსო ქუჩის ყველა კუნჭული… დედამიწაზე მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმოდა”… როგორი სიფრთხილით არის გადმოცემული ბიჭის სულიერი ტანჯვა და ტკივილი ომში გმირულად დაღუპული ძმის გამო: “ჩემი ძმისთვის ომი აღარ არსებობს… აღარაფერი აღარ არსებობს მისთვის… დედაჩემი დღე და ღამე ტირის”…

არჩილ სულაკაურის “მტრედები” საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის საუკეთესო რესურსია ტექსტის ანალიზის, სინთეზის, მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე მსჯელობის, პერსონაჟთა პორტრეტების შექმნისთვის. კოლეგებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ეს მოთხრობა. ასევე რეალურად გამზადებული მასალაა პიესად გადასაკეთებლად და სპექტაკლის შესაქმნელად.

 

 

 

 

სვეტი ცხოვლის არქეტიპები ქართულ მწერლობაში

0

სვეტი ცხოვლის არქეტიპი, პარადიგმა ბიბლიური ნათლის სვეტია, რომელიც მოსეს და მის ხალხს ახლდა უდაბნოში და მფარველობდა. თუმცა მისი პირველსახე სამოთხეში არსებული ცხოვრების ხე უნდა იყოს. ქართულმა სინამდვილემ სვეტი ცხოველი ხისგან შექმნა, ამიტომ ქართველთა ცნობიერებაში მისი არქეტიპი წარმართული ხე უნდა იყოს, რომელი ხეც ღვთაებრივი ნიშნის მატარებელიცაა, ოქროს შიბით იგი ზეცას უკავშირდება და ასტრალური ღვთაებები ამ შიბისა და ხის მეშვეობით უკავშირდებოდნენ ადამიანებს. წარმართული ხის საშუალებით კავშირი უფალთან – ქრისტიანობამ სვეტი ცხოვლის სახეში გარდასახა. სვეტი ცხოველი შეიქმნა როგორც ადამიანის და უფლის მაკავშირებელი, მას მიწასთან კავშირი ხედ ყოფნის დროიდან გამოჰყვა (საკუთარ საფუძველზე, გადანაჭერზე დაფუძნდა), ხოლო მისი ზეცასთან კავშირი სასწაულებრივად განხორციელდა. ასევე, სვეტი ცხოვლის დაფუძნებით, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ შესაქმეს ჩაეყარა საფუძველი. სვეტი ცხოველი მაცხოვრის სახე-სიმბოლოდ იქცა, მან ასევე სამების სახეც გამოხატა. უფლის კვართის საფლავზე მოჭრილი ხე გარდაისახა სვეტი ცხოვლად, ამიტომ იგი უფლის კვართსაც და აღდგომასაც დაუკავშირდა.

 

შემდეგში სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლო ქართულმა ჰაგიოგრაფიამ მასშტაბურად გაიაზრა. ის უმეტესად ნათლის სვეტით ჩანაცვლდა, იგი უფლის ჩენის, თეოფანიის გამომხატველიცაა. ქართულ ჰაგიოგრაფიაში სვეტი ნათლისა ჩნდება მაშინ, როდესაც მოწამე ან წმინდა მამა განღმრთობის გზაზე დგება, ან უფალს ემოწმებიან, მსხვერპლად ეწირებიან რწმენას.

 

ნიკოლოზ გულაბერისძის შემოქმედებაში სვეტი ცხოველი საქართველოს სულად, ქართული ისტორიის საწყისად გამოცხადდა, მისი სიმბოლოები დაზუსტდა, სვეტის მიერ მომხდარი სასწაულები აღიწერა და, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, შეჯამდა სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლო, რომელიც არა მხოლოდ წარსულს მოიცავდა, არამედ მომავალიც განაპირობა, გულაბერისძის შემდგომი მწერლობა სვეტი ცხოვლის სახის გააზრებისას მეტწილად მას დაეყრდნო.

 

საერო მწერლობამ, „ვეფხისტყაოსანმა“ სვეტის სახე-სიმბოლო განსხვავებულად გადაიაზრა, რუსთაველმა სვეტის მუდმივი ნიშანი – ნათელი, ადამიანში გადმოიტანა, ადამიანს უწოდა სვეტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა „ვეფხისტყაოსანში“ რენესანსული „სულის“ არსებობა, რაც ადამიანის ფიგურის განდიდებაში გამოიხატა.

 

„დავითიანში“ სვეტად მაცხოვარი მოაზრება და ახალი სიტყვაქმნადობით, ეს  სახე-სიმბოლო განსხვავებულად წარმოჩნდა:  „გვესვეტა“, „მესვეტა“ და  სხვა. დავით გურამიშვილთან ნათლის სვეტი ასევე გვხვდება პირველსახის მნიშვნელობითაც, ბიბლიური და ჰაგიოგრაფიაში არსებული სახეებით.

 

მეცხრამეტე საუკუნემ რწმენა ეროვნულობას მჭიდროდ დაუკავშირა. ილია ჭავჭავაძესთან რწმენის მოკლება სვეტი ცხოვლის, ნათლის სვეტის მოკლებით,  იგივე უფალთან დაშორებით გამოიხატა. „აჩრდილსა“  და „განდეგილში“ ეს განწყობა კარგად გამოიკვეთა, „განდეგილში“ ნათლის სვეტის, ნათლის სხივად, უბრალო მზის სხივად გადაქცევით ცხადი გახდა განდეგილი ბერის რწმენის ტრაგედია.

 

აკაკი წერეთელთან ნათლის სვეტმა, მისი შემოქმედების გმირების სიზმრებში გადაინაცვლა, რითაც ხაზი გაესვა იმდროინდელ რეალობაში „სვეტის“, „რწმენის“ ნაკლებობას, ხოლო სიზმრებში მწერლის ოცნებებსა და სურვილებს შეესხა ფრთები.

 

მეოცე საუკუნეში არსებულმა ვითარებამ, საბჭოეთის მარწუხებმა და დასავლურმა ფილოსოფიურმა აზროვნებამ ქართულ მწერლობაზეც იმოქმედა. კ. გამსახურდიასთან „დიდოსტატის მარჯვენაში“ ტაძრის სვეტიცხოვლის სული ლოდების ზესწრაფვით ჩანაცვლდა, სიმბოლომ დაკარგა არსი, სული, ის, რისთვისაც შეიქმნა ტაძარი. გამსახურდიამ ახალი სვეტიცხოველი ააგო, სადაც ღმერთის ადგილი არ აღმოჩნდა, მისი ადგილი დაიკავა „ღმერთთან მებრძოლი“ არსაკიძის, ნიცშეანური „ზეკაცის“ სულმა. უფლის კვართს ერთი დიდი, მოჩუქურთმებული ლოდი გადაეფარა, რომელმაც ნათლის სვეტის ნათებაც დააბრკოლა და ტაძარიც დააცარიელა.

 

გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში ამ მდგომარეობის დაძლევა დაიწყო, ლეონიძემ მძაფრად განიცადა ქრისტეს მცნებებისაგან დაშორებული და გაუცხოებული, „უღმერთო“ საზოგადოების არსებობა. სვეტი ცხოველი მის შემოქმედებაში არქეტიპული სახეებით წარმოჩნდა: ცხოვრების ხითა და შარავანდიანი ხით. „ოლეში“ კი ბალღამის სვეტად გარდაისახა. ეს სახე-სიმბოლო მწერალთან ალუზიურად წარმოჩნდა, რითაც გამოიხატა, რომ იმდროინდელი საზოგადოება ჯერ მზად არ იყო მიეღო და ერწმუნა რეალურად მოვლენილი ნათლის სვეტი, მისი რწმენა საგრძნობლად მყიფე აღმოჩნდა საამისოდ.

 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული მწერლობის უფლის ძიება  სიმბოლურად ანა კალანდაძესთან სრულდება, მის პოეზიაში  კვლავ პირვანდელი ბრწყინვალებითა და დატვირთვით ვხვდებით ნათლის სვეტს, თუმცა პოეტურად სვეტი ჩანაცვლებულია სხივით. ანა კალანდაძესთან ჰაგიოგრაფიის სურნელიც შემოდის, ეს ყველაფერი კი  ქრისტიანულ რწმენას ეფუძნება.

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მწერლობაში, „ქართლის მოქცევით“ დაწყებული, სვეტი ცხოვლის სახე-სიმბოლოს გააზრებამ მთელი საუკუნეები და ეპოქები მოიცვა, შემოქმედთა აზროვნებებში ტრანსფორმირებული და სახეცვლილი მოადგა ჩვენს თანამედროვე ეპოქას. თუმცა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მან ისევ ის დატვირთვა შეიძინა,  რომელიც თავდაპირველად ჰქონდა, რა იდეითაც და სახითაც ჩაისახა იგი ქართულ ჰაგიოგრაფიაში.  ერთგვარი რკალი შეიკრა მეოთხე საუკუნიდან დღემდე და იდეურად ისევ მეოთხე საუკუნეს ვუბრუნდებით.

საინტერესოა როგორ ვლინდება თანამედროვე მწერლობაში სვეტი ცხოვლის სახე, რა გარდატეხები განიცადა ამ უმნიშვნელოვანესმა სახე-სიმბოლომ. ვფიქრობ, ეს უკვე სხვა წერილის თემაა და სიღრმისეულ გაანალიზებას იმსახურებს, მე კი ამ პატარა მიმოხილვას ოთარ მამფორიას ლექსიდან ამონარიდით დავასრულებ, რაც ჩემი აზრით, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის აღნიშნულ საკითხზე:

„სვეტიცხოველი ჩემთვის სვეტია

და მოკვეთილი არის მარჯვენაც!”.

 

ჟურნალ “სკოლის მართვის ” ახალი ნომერი

0

 „სასკოლო კულტურის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კოლეგებთან ტრადიციული ურთიერთობის კოლეგიურ ურთიერთობად გადაქცევაა. სასკოლო კულტურის ტრადიციული ასპექტები, მათ შორის, პროფესიული ავტონომია და სოციალური იზოლაცია, შეიძლება შეიცვალოს გაზიარებადი ლიდერობის მოდელის დანერგვით, როგორც სისტემური პროფესიული განვითარების ერთ-ერთი კომპონენტისა, რომელიც წაახალისებს პრობლემების გადაჭრისთვის კვლევებზე დაფუძნებული და თანამშრომლობითი სტრატეგიების გამოყენებას, როგორც სამასწავლებლოში, ასევე, საკლასო ოთახში…“ – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში „კოლეგიალობის მხარდაჭერა სკოლაში“, რომლის პირველი ნაწილიც „სკოლის მართვის“ წინა ნომერში წარმოგიდგინეთ.

 

„სკოლის დირექტორის მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, დელეგირების ფუნქცია, დასახელდა პოლიტიკის მთავარ ასპექტებს შორის, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს კოლეგიური და თანამშრომლობითი კულტურა სკოლაში…“ – გვეუბნებიან სახელმძღვანელოს ავტორები, გვიზიარებენ თეორიულ და პრაქტიკულ მიგნებებს კოლეგიური კულტურის სარგებელთან დაკავშირებით და ფრთხილად გვაწვდიან ინფორმაციას იმ შესაძლო შეცდომების შესახებაც, რომელიც კოლეგიური კულტურის განვითარებისას შეიძლება დავუშვათ, თუ რისკებს სათანადოდ არ გავთვლით…

 

წინამდებარე ნომერი გთავაზობთ კოლეგიალობის მხარდაჭერის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს და გიზიარებთ უკიდურესად მნიშვნელოვან ინფორმაციას ერასმუს+ პროექტის – COSERE-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ კოლეგიური კულტურისა და სკოლებში თანამშრომლობის ხარისხის თაობაზე 6 ქვეყანაში.

 

ჩვენ გვჯერა, რომ წარმოდგენილი მიგნებები და მათზე დაფუძნებული რეკომენდაციები დაგეხმარებათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების განხორციელებაში. წარმატებებს გისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში და სახელმძღვანელოს/კვლევის ავტორებს კი დიდ მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის!

 

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #4

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...