ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
7 მაისი, ოთხშაბათი, 2025

როგორ ვასწავლო კვლევის ჩატარება საბაზო და საშუალო საფეხურზე

0

ანალიტიკური უნარების განვითარება ზოგადი განათლების ერთ-ერთ ეროვნულ მიზანს წარმოადგენს. ამის კვალობაზე, მოსწავლეებისთვის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

კვლევითი უნარების ადრეულ ასაკში განვითარება მრავალმხრივი სარგებელი მოაქვს:

  • ანალიტიკური აზროვნების განვითარება: კვლევის პროცესი მოსწავლეებს ასწავლის ინფორმაციის კრიტიკულ აღქმას, გაანალიზებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას და ლოგიკური დასკვნების გამოტანას;
  • დამოუკიდებელი სწავლის უნარების გამომუშავება: მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი ინტერესების მიხედვით ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას, რაც მათ მომავალში უწყვეტი განათლების პროცესში დაეხმარება;
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება: კვლევის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, დასკვნების გამოტანა – ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარებია;
  • ცნობისმოყვარეობის წახალისება: კვლევითი საქმიანობა აღვივებს მოსწავლეთა ბუნებრივ ინტერესს სამყაროს შემეცნების მიმართ და უვითარებს მათ მეცნიერულ აზროვნებას.

რაც მთავარია, კვლევითი უნარების წყალობით მოსწავლე ხდება პროცესის აქტიური მონაწილე და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.

 

პრაქტიკული მაგალითები

სტატიაში წარმოდგენილია ორი საინტერესო კვლევითი პროექტი, რომლებიც მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს. VII და X კლასების მოსწავლეებს სერიოზული კვლევის ჩატარება არ მოეთხოვებათ, ამიტომ, პირველ ეტაპზე, გავაცანი მათ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. ამის შემდეგ გადავედით ისეთი საკითხების დამუშავებაზე, როგორიცაა:

  • საკვლევი საკითხის ფორმულირება;
  • საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება;
  • აუდიტორიის განსაზღვრა.

ამ მცირე თეორიული ექსკურსის შემდეგ ორივე ჯგუფი შეუდგა პრაქტიკულ სამუშაოს.

საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში ადვოკატირება და მისი ინსტრუმენტები VII კლასიდან ისწავლება. კვლევის ჩატარება და მისი შედეგების წარდგენა ადვოკატირების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

ადვოკატირების კამპანიის წარმოებისა და პროექტებზე მუშაობის ეტაპზე ერთ-ერთმა ჯგუფმა გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო კვლევით პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას გამოკვლევას.

 

პროექტი „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ (VII კლასი)

  • მოსწავლეებმა შეისწავლეს უპატრონო ცხოველების პრობლემა;
  • გამოკითხეს მოსახლეობა;
  • განათავსეს საინფორმაციო პოსტერები;
  • მოაწყვეს ცხოველების გამოკვების აქცია.

კვლევის შედეგები:

კვლევითი ჯგუფის წევრები მოსახლეობას უსვამდნენ სამ კითხვას:

  1. რამდენად ხშირად ხედავთ უპატრონო ცხოველებს თქვენს უბანში?
  2. თქვენი აზრით, რა არის უპატრონო ცხოველების მთავარი პრობლემა მარნეულში?
  3. ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა?

გამოკითხულთა 45% უპატრონო ცხოველების მთავარ პრობლემად შიმშილს მიიჩნევს, 38% კი ანტისანიტარიისა და დაავადებების გავრცელების რისკს. მათი პრობლემის მოგვარების გზად გამოკითხულთა 44.5%-ს სახელმწიფოს ძალისხმევა მიაჩნია. ასევე იკვეთება მოსახლეობისა და ვეტერინარული სამსახურების როლი.

 

ელექტროსიგარეტის (ე.წ. ვეიპი) პრობლემა სკოლებში

ბოლო ხანს მოსწავლეებში შეიმჩნევა ელექტრონული სიგარეტის გამოყენების მზარდი ტენდენცია. უფროსკლასელები დაუბრკოლებლად ახერხებენ მისი შეძენას ბაზრობებსა და სპეციალურ მაღაზიებში. მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მეათეკლასელების მიერ ჩატარებული კვლევა 10-15 წლის მოზარდებში თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტის მოხმარების სიხშირეს ეხებოდა.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მოსწავლეების 61.8% ხშირად აწყდება თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტის გამოყენების შემთხვევებს სკოლის სივრცეში.

სკოლის გარეთ, ეს მაჩვენებელი უფრო სავალალოა და 82.4% შეადგენს.

ამგვარი კვლევითი სამუშაოს შესრულების შემდეგ შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაწერონ შემაჯამებელი ანგარიში და შედეგები ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.

კვლევითი უნარების განვითარება სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი და აქტიური მოქალაქეები. მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მაგალითზე ნათლად ჩანს, როგორ შეუძლიათ მოზარდებს კვლევის საშუალებით რეალური სოციალური პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიება. მეშვიდეკლასელების პროექტმა „ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ და მეათეკლასელების კვლევამ ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შესახებ აჩვენა, რომ სწორად დაგეგმილი და განხორციელებული კვლევა არა მხოლოდ აკადემიურ უნარებს ავითარებს, არამედ საზოგადოებრივი პრობლემების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობასაც ზრდის.

მსგავსი კვლევების ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, ანალიზის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვფიქრობ, მსგავსი კვლევებით აქტიურად უნდა დაკავდნენ მოზარდები, რათა შეძლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და განიცადონ პროგრესი ყოველდღიურობაში.

პრანაიამა – სუნთქვის ხელოვნება         

0

ბიოლოგიის გაკვეთილზე ძალიან ხშირად გვერდს ვერ ავუვლით სპორტის მნიშვნელობაზე საუბარს. გაკვეთილის მსვლელობისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზოგიერთ მოსწავლეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს კვებასთან, სუნთქვასთან და გულის მუშაობასთან დაკავშირებით. მათი რესურსის გამოყენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ვსწავლობ მათგან და ამით ისინიც უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან. ბოლო პერიოდში გაკვეთილების დაგეგმვისას წინასწარ ვკითხულობ, რა კუთხით იყენებენ კონკრეტულ საკითხს ფიტნესინსტრუქტორები და სპორტის მწვრთნელები. ლიტერატურის ძიებისას კი წავაწყდი საერთაშორისო სკოლების მასალებს, რომლებშიც ადამიანის ფიზიოლოგია ზუსტად სპორტთან მიმართებაში აქვთ ავტორებს განხილული. დღეს მკითხველის ყურადღება სუნთქვის პროცესზე მინდა, შევაჩერო. სუნთქვის ვარჯიშების მნიშვნელობა კიდევ უფრო გასაგები გახდა კოვიდპანდემიის დროს. ის პაციენტები, რომლებიც სუნთქვაში მონაწილე კუნთებს ავარჯიშებდნენ, ადვილად ამარცხებდნენ ვირუსს.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია, ისწავლოს, როგორ ისუნთქოს. ჩვენი ფილტვები წილებადაა დაყოფილი. ყოველი სუნთქვითი მოძრაობის დროს ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ დაახლოებით 500 მლ ჰაერს, მაშინ, როცა ფილტვების ტევადობა დაახლოებით 5800 მლ-ია. სუნთქვით მოძრაობებში, ძირითადად, ფილტვების მხოლოდ ზედა წილები მონაწილეობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვიყენებთ საკუთარი ფილტვების სრულ ტევადობას. ყველაზე ღრმა ამოსუნთქვის დროსაც დაახლოებით 1200 მლ. ჰაერი ფილტვებში რჩება. ე.ი. შეგვიძლია გამოვიყენოთ 5800-1200=4600 მლ. ტევადობა.

რა არის ამისთვის საჭირო? როგორ შეიძლება ვისწავლოთ სუნთქვა?

ინდოელმა აიურვედას ექიმმა პატანჯალიმ, შეიმუშავა სუნთქვის სწავლების მეცნიერული მიდგომა. არსებობს იოგას 195 პრინციპი, რომელიც რვა ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული, ერთ-ერთი სწორედ სუნთქვის ხელოვნებაა:

ა) იამა – სოციალური დისციპლინა;

ბ) ნიამა – ინდივიდუალური დისციპლინა;

გ) ასანა – სხეულის პოზა;

დ) პრანაიამა – სასიცოცხლო ენერგიის გაზრდის ხელოვნება;

ე) პრათიაჰიარა – გრძნობების მოზიდვის ხელოვნება;

ვ) დჰარანა – კონცენტრირების უნარის გაზრდის ხელოვნება;

ზ) დჰიანა – მედიტაცია;

თ) სამადი – თვითრეალიზაცია.

სუნთქვის ხელოვნებას პრანაიამა ეწოდება. პრანა ნიშნავს გაზს, აირს. იამა მოგზაურობას. ვინც ამ ხელოვნებას ეუფლება, ვარჯიშის გზით ახერხებს ფილტვების ქვედა წილების გამოყენებას სუნთქვის დროს. ამ გზით იზრდება ტვინსა და სხვა ქსოვილებში შესული ჟანგბადის რაოდენობა. სუნთქვის სიხშირე წუთში 20-22 დან 15-მდე მცირდება. შედეგად ორგანიზმი უფრო აქტიურია. ნებისმიერ ადამიანს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, შეუძლია ივარჯიშოს რეგულარულად და მცირე დატვირთვებით, რათა გაზარდოს ფილტვების მუშა ტევადობა.

სასუნთქი სისტემა კუნთებს აწვდის ჟანგბადს, იქიდან კი გამოაქვს ნარჩენი ნახშირორჟანგი. ფილტვების ვენტილაცია ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ჰაერის მოძრაობას ფილტვებისკენ და ფილტვებიდან. თუმცა, სპორტის ფიზიოლოგები სხვა ტერმინებსაც ხშირად იყენებენ სუნთქვის ვარჯიშების მიმდინარეობისას.

ფილტვის საერთო ტევადობა – ეს ჰაერის ის რაოდენობაა, რომელსაც ადამიანი ჩაისუნთქავს ყველაზე ღრმა ჩასუნთქვის დროს. ჰაერის იმ მოცულობას, რომელსაც ადამიანი ამოისუნთქავს ყველაზე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ეწოდება. ადამიანმა რა ძალისხმევაც არ უნდა დახარჯოს, ფილტვების ბოლომდე დაცლა შეუძლებელია. ყველაზე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგაც ფილტვებში კიდევ რჩება გარკვეული რაოდენობის ჰაერი, მას ნარჩენ მოცულობას ეძახიან. ჰაერის იმ რაოდენობას, რომელიც მშვიდი სუნთქვის დროს ჩადის ფილტვებში და ამოდის უკან, სასუნთქ მოცულობას უწოდებენ. ვენტილაციის სიხშირე არის სუნთქვითი მოძრაობების რაოდენობა ერთი წუთის განმავლობაში.

ვარჯიშის დროს ვენტილაციის სიხშირე და სასუნთქი მოცულობა იზრდება. კუნთებს მეტი ატფ-ის წარმოსაქმნელად უფრო მეტი ჟანგბადი სჭირდება, რადგან მოხმარებული ჟანგბადის რაოდენობა იზრდება, შესაბამისად იზრდება წარმოქმნილი ნახშირორჟანგის კონცენტრაციაც. ვენტილაციის სიჩქარისა და სასუნთქი მოცულობის ზრდის გამო უფრო მეტი ჰაერი ჩადის ფილტვებში. ვენტილაციის სიხშირის ცვლილება შეესაბამება ორგანიზმის მეტაბოლურ მოთხოვნებს.

როცა კუნთებს არასაკმარისი რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება, იქ იწყება ანაერობული (უჟანგბადო) სუნთქვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება რძემჟავა, ნარჩენი პროდუქტის სახით. ანაერობული სუნთქვა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან მისი ეფექტურობა დაბალია, იწვევს დაღლას და ზღუდავს კუნთების მუშაობას.

რეგულარული ვარჯიში ზრდის ადამიანის ფიზიკური მომზადების დონეს და აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ამ მდგომარეობას ფიტნესს უწოდებენ. თუმცა ეს ტერმინის ერთადერთი განმარტება არაა. ვარჯიში გავლენას ახდენს გულზე, როგორც კუნთზე და ასევე სუნთქვის პროცესში ჩართულ ნეკნთაშუა კუნთებსა და მუცლის კუნთებზე. დიაფრაგმის მუშაობის ეფექტურობა მაქსიმუმ 20%-ით შეიძლება გაიზარდოს. ვენტილაციის სიხშირე კი მაქსიმუმ 10-15%-ით იზრდება. ვარჯიშის შედეგად ალვეოლების ირგვლივ ახალი კაპილარებიც კი წარმოიქმნება. საბოლოოდ იზრდება ჟანგბადის შთანთქმისა და ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების სიჩქარე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://tfssbio.pbworks.com/w/file/fetch/54980708/Biology_for_the_IB_Diploma.pdf

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

0

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.

ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა ასწავლოს და როგორ ასწავლოს ან რატომ ასწავლოს ესა თუ ის საკითხი და როგორ დაუკავშიროს ის მოსწავლის სამომავლო მოთხოვნებს.

სამომავლო მოთხოვნები კი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ეს სიტყვათშეთანხმება.

სწრაფად ცვალებად სამყაროში მომავლის მოთხოვნები გაუთვალისწინებელია და ამ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები თითქმის არ გვაქვს. მაგრამ არსებობს პარადიგმა, რომელიც გამძლეა და მასზე მოთხოვნაც ჯერ-ჯერობით აქტუალურია. ცოდნა და უნარები, ასეთია ეს პარადიგმა დღეს და მის მისაღწევად მასწავლებელი სხვადასხვა, უკვე ნაცად თუ ახალ მეთოდს იყენებს.

ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებლისთვის გაკვეთილი ერთგვარი „სცენაა“, რომელსაც მოსწავლეთა სახით სხვადასხვა ტიპის მაყურებელი ჰყავს. არც სპექტაკლი იქნება ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხის.

მაყურებლის უმრავლესობა აქაც სანახაობას არის დახარბებული, ამიტომ რეჟისორმა- მასწავლებელმა ხშირად უნდა აღიაროს თვისთვის, რომ ვერც როლები გაანაწილა შესაფერისად და ვერც გაკვეთილის სტრუქტურა დაგეგმა, ხანდახან თვითირონიაც მოიშველიოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

შეცდომების დაშვების ალბათობა და მისი არეალი ფართოა. ეს მნიშვნელოვანი თავისებურებებია და მასწავლებლის პროფესიაში გულისხმობს: სამართლიანობას, იუმორის გრძნობას, თავაზიანობას, ურთიერთპატივისცემას, ბუნებრიობას, ურთიერთობის აღდგენისა და აქტიური მოსმენის უნარს, რაც ზრდის მასწავლებლის ავტორიტეტს და კარგი პიროვნული ურთიერთობის ჩამოყალიბების საფუძველია. ეს შესაძლებლობაა, მასწავლებლის ფორმალური ავტორიტეტი მის პიროვნულ ავტორიტეტში გადაიზარდოს.

რა შეგვიძლია ჩვენ მასწავლებლისთვის?

ჟურნალის სტატიის ავტორები, პირადი თუ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ცდილობენ, მასწავლებლებს შეცდომების დანახვასა და აღიარებაში, მის უმტკივნეულოდ გამოსწორებაში დაეხმარონ. უპირველესი, მაინც, ამ შეცდომების არიდებაში დახმარებაა.

და, რაც მთავარია, მასწავლებელი მარტო არ უნდა იყოს ამ რთულ გზაზე, ყოველთვის უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას ყველა ინსტიტუციისგან თუ პიროვნებისგან, ვისაც ეს პირდაპირ თუ ირიბად ეხება.

სტატების ეს კრებულიც ამის მცდელობა  და სურვილია.

ნატო ინგოროყვა

ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარი რედაქტორი

 წიგნის წაკითხვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან:

სტატიები განათლების საკითხებზე

 ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა სამყარო

0

ფიზიკა როგორც ბუნების ძირითადი კანონების შემსწავლელი მეცნიერება ხშირად ასოცირდება გამოთვლებთან, ფორმულებსა და ექსპერიმენტებთან. სამყაროში მიმდინარე მოვლენების ღრმა გააზრებისთვის მნიშვნელოვანია წარმოსახვის უნარი. წარმოსახვა განაპირობებს აბსტრაქტული ცნებების ვიზუალიზაცია. არსებობს მატერიის ორი სახე – ნივთიერება და ველი. სწორედ წარმოსახვა გვეხმარება ხილული და უხილავი სამყაროს შესწავლაში, ახალი იდეების გენერირებასა და პრობლემების გადაჭრაში. ფიზიკის სწავლების პროცესში წარმოსახვის უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.

ახალგაზრდების ინტერესთა სფერო ინდივიდუალურია და მრავალფეროვანი. მეცნიერებისადმი მოზარდის მისწრაფებაზე გავლენას ახდენს თანამედროვე კულტურა, პირადი გამოცდილება, სწავლის სტილი. ზოგიერთს ფაქტებისა და მონაცემების შესწავლა იტაცებს, სხვებს კი უფრო მეტად მეცნიერთა ცხოვრება აინტერესებთ, ან ამბები იმის შესახებ, როგორ შეცვალა სამყარო ამა თუ იმ აღმოჩენამ.

მოსწავლეები ხშირად კითხულობენ, რომელმა მეცნიერმა უფრო მეტი გააკეთა ფიზიკის როგორც მეცნიერების განვითარებისთვის. პედაგოგმა ამ დროს უნდა დააკონკრეტოს, რომელ სფეროში მუშაობდა ესა თუ ის მეცნიერი, მაგალითად:

  • ალბერტ აინშტაინი ფარდობითობის თეორიის შემქმნელი, რომლის ცხოვრებას უკავშირდება მრავალი საინტერესო ფაქტი და მოგონება;
  • ნიკოლა ტესლაელექტროენერგიის სფეროში რევოლუციური გამოგონებების ავტორი, რომლის ცხოვრება სავსეა ინოვაციური აღმოჩენებით და მისტიკური აურით;
  • მარი კიურირადიაქტივობის დარგში პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია;
  • სტივენ ჰოკინგიკოსმოლოგი, რომელიც ცხოვრებამ მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ, იმავდროულად, ჰქონდა უამრავი სამეცნიერო წარმატებაც;
  • რიჩარდ ფეინმანინობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც ცნობილი იყო გამორჩეული პედაგოგიური ნიჭით და იუმორით.

ამა თუ იმ მეცნიერის შესახებ საინტერესო მასალის მოსაძიებლად უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა რესურსი – წიგნები, სტატიები, ვიდეომასალა, ვებგვერდები.

  • შევქმნათ მხიარული და არაფორმალური გარემო – მოზარდები უფრო ადვილად აღიქვამენ ინფორმაციას, როცა თავს კომფორტულად გრძნობენ;
  • დავუსვათ კითხვები, მივცეთ საშუალება, გამოხატონ თავიანთი აზრები და იმსჯელონ წაკითხულ მასალაზე;
  • ექსპერიმენტები, თამაშები და სხვა ინტერაქციული აქტივობები დაეხმარება მოსწავლეს, უფრო ღრმად ჩასწვდეს მასალას.

ელექტროობაში უდიდესი მიღწევები უკავშირდება ნიკოლა ტესლას სახელს. მისი ცხოვრება და აღმოჩენები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, მეცნიერებამ შეცვალოს მსოფლიო. ტესლას აღმოჩენებზეა დაფუძნებული დღევანდელი ელექტროგაყვანილობები, ელექტრული ძრავები, ელექტრომობილები და, საზოგადოდ, ელექტროენერგია. მის მიერ ჩატარებული თეორიული სამუშაოები საფუძვლად დაედო თანამედროვე მოწყობილობათა უმრავლესობას და სამრეწველო რევოლუციის წინაპირობად იქცა. „ადამიანი, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა“ – ასე მოიხსენიებდნენ მას თანამედროვეები. ტესლას საქმიანობის შესწავლა ახალგაზრდებს გაუღვივებს ფიზიკისადმი ინტერესს და შესაძლოა, საკუთარი პოტენციალის განვითარებაშიც დაეხმაროს. ტესლას აღმოჩენების შესახებ მოზარდებთან საუბარი შესაძლოა შესანიშნავ საშუალება იქცეს მათი წარმოსახვის უნარის განვითარებისთვის.

ტესლას ექსპერიმენტები და გამოგონებები ვიზუალურად მრავალფეროვანია. მოზარდებს შეუძლიათ, წარმოიდგინონ ელექტრული ნაპერწკლები, რომლებიც ტესლას ლაბორატორიაში ციმციმებდა ან მთელ მსოფლიოში ენერგიის უსადენო გადაცემის სისტემა. ასეთი ვიზუალიზაცია ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას.

ტესლას მრავალი იდეა უსწრებდა დროს და საკმაოდ აბსტრაქტული იყო. მისი აღმოჩენების შესახებ საუბრისას მოზარდებს მოუწევთ, გაიაზრონ რთული ფიზიკური კონცეფციები, რაც ნუვითარებს მათ აბსტრაქტული აზროვნების უნარს.

  • ტესლა ცნობილი იყო თავისი გამომგონებლობით და პრობლემების გადაჭრის უნარით. მისი ცხოვრების ისტორიების მოსმენით მოზარდებს შეუძლიათ ისწავლონ, როგორ მიუდგნენ პრობლემებს კრეატიულად და ინოვაციურად.
  • ტესლას მრავალი იდეა დავის საგანი იყო და დღემდე ასეთად რჩება. მისი აღმოჩენების შესახებ საუბარი დაეხმარება მოზარდებს, გააანალიზონ არგუმენტები, შეაფასონ სხვადასხვა თეორი და საკუთარი მოსაზრებები ჩამოაყალიბონ.
  • ტესლას ცხოვრება და აღმოჩენები ცხადყოფს, რომ მეცნიერება შემოქმედებითი პროცესია. მოსწავლეებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი, შექმნან საკუთარი პროექტები და იპოვონ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ახალი გზები.
  • ტესლას ჰქონდა გამომგონებლის რომანტიული იმიჯი. მას იცნობდნენ როგორც გენიალურ, მაგრამ, იმავდროულად, მარტოსულ მეცნიერს. ასეთი იმიჯი ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველია.
  • ესლას საქმიანობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მეცნიერულმა აღმოჩენებმა შეცვალოს მსოფლიო და გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება. ის აჩვენებს ახალგაზრდებს, რომ მეცნიერება მხოლოდ თეორიები კი არა, არამედ პრაქტიკული გამოყენებაცაა.
  • ტესლას ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებით და გამოწვევებით. ამ მრავალმხრივ უნიკალური პიროვნების ბიოგრაფიის შესწავლა ახალგაზრდებს დაანახებს, რომ მეცნიერებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ოცნებები აქვთ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ისევე ეჯახებიან დაბრკოლებებს, როგორც უბრალო მოკვდავები.

* * *

ნიკოლა ტესლა დაიბადა ავსტრიის იმპერიაში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა გრაცის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და პარიზის უნივერსიტეტში (1875-1880); 1882 წლამდე მუშაობდა ბუდაპეშტის სატელეგრაფო კომპანიაში, 1882-1885 წლებში – თომას ალვა ედისონის ელექტროტექნიკის კომპანიაში, ჯერ პარიზში, ხოლო 1884 წელს, აშშ-ში გადასვლის შემდეგ – ნიუ-იორკში. 1887 წელს ნიუ-იორკშივე დააარსა ელექტროტექნიკის საკუთარი ლაბორატორია და შექმნა ორფაზიანი ცვლადი დენის პირველი გენერატორი. სიცოცხლის განმავლობაში ტესლამ დააპატენტა 300-ზე მეტი გამოგონება, რომლებმაც გზ გაუკვალა ცვლად დენს, ელექტროძრავებს, რადი, ფლურესცენციულ ნათებ, ლაზერებს, დისტანციურ მართვას და მრავალ სხვა ინოვაციას.

ნიკოლა ტესლას გამოგონებებმა ფუნდამენტურად ჩამოაყალიბა ჩვენი თანამედროვე სამყარო. მისმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა საფუძველი ჩაუყარა ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტს. შეიძლება გამოვყოთ ყველაზე საინტერესო და ამბიციური გამოგონებები:

  • ტესლას ერთ-ერთი გრანდიოზული გამოგონება იყო ცვლადი დენის ენერგოსისტემა. ამ აღმოჩენამდე სამეცნიერო საზოგადოება მხარს უჭერდა თომას ედისონის მუდმივი დენის სისტემას, რომლის გადაცემა გარკვეული მანძილის იქით შეზღუდული იყო. ცვლად დენზე მუშაობა უფრო ადრე დაიწყო მაიკლ ფარადეიმ. ტესლას ცვლადი დენის ინდუქციურმა ძრავამ და პოლიფაზური ცვლადი დენის სისტემამ შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის ეფექტურად გადაცემა დიდ მანძილზე. ცვლადი დენის დანერგვამ რევოლუცია მოახდინა ელექტროენერგიის გამომუშავებასა და განაწილებაში.

ნიკოლა ტესლას უსადენო გადაცემასთან დაკავშირებულმა ექსპერიმენტებმა საფუძველი ჩაუყარა რადიოგადაცემის ტექნოლოგიების განვითარებას. 1909 წელს გულიელმო მარკონის „უსადენო ტელეგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. მარკონიმ 1904 წელს მიიღო პატენტი რადიოგადამცემი სისტემისთვის, მაგრამ ტესლას პატენტებმა დაასწრო მის გამოგონებას. ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ სასამართლომ ოფიციალურად აღიარა ტესლას ადრინდელი პატენტები, რომლებიც ფარავდა რადიოგადაცემის ფუნდამენტურ პრინციპებს. 1943 წლის ივნისში, ტესლას გარდაცვალებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ. დღეს ტესლა რადიოს ნამდვილ პიონერად არის აღიარებული.

ნიკოლა ტესლას სახელს უკავშირდება ნიაგარ ჩანჩქერზე პირველი ჰიდროელექტროსადგურის აშენება. ამ მონუმენტურმა მიღწევამ (ჯორჯ ვესტინგჰაუსთან თანამშრომლობით) დაადასტურა ტესლას ცვლადი დენის სისტემის ტრიუმფი და გზა გაუკვალა გლობალურ ელექტრიფიკაციას.

ტესლამ გამოიგონა მსოფლიოში პირველი დისტანციური მართვის მოწყობილობა – პატარა ნავი, რომელიც რადიოტალღების მეშვეობით მუშაობს. სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ მოწყობილობის დიზაინი და ძრავა. ტესლამ პირველმა გაახმოვანა უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა.

ავტომატიკის სფეროში მისმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა წინსვლას რობოტიკასა და დისტანციური მართვის ტექნოლოგიაში.

ტესლას ტურბინა იყენებდა გლუვი პარალელური დისკების სერიას. ტურბინა, რომელიც მაღალი სიჩქარით მუშაობდა, იყო შექცევადი და მრავალი მიმართულებით ფუნქციონირებდა: შეეძლო ემუშავა როგორც ტუმბოს, კომპრესორს, ტურბინას და შიდაწვის ძრავასაც კი. მისი ეფექტურობის დონე აღემატებოდა დგუშის ძრავების თეორიულ ზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურბინამ ფართო გამოყენება ვერ პოვა, მაინც რჩება ინტერესის საგნად ინოვაციური დიზაინისა და პოტენციური შესაძლებლობების გამო.

ტესლამ დიდი წვლილი შეიტანა რადიოლოგიის განვითარებაში. იგი პერიოდულად ატარებდა ექსპერიმენტებს იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობ და უსახელო რენტგენის სხივებზე, რომლებსაც „ჩრდილოგრაფებს“ უწოდებდა. ეს ექსპერიმენტები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩატარდა, დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას. მათ საფუძველი ჩაუყარეს სამედიცინო დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების სამომავლო წინსვლას.

ნიკოლა ტესლას ელექტრომანქანის შესახებ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ უდავოა, რომ მისი იდეები და აღმოჩენები დაედო საფუძვლად ელექტრომობილების განვითარებას. ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა თავის ელექტრომობილების კომპანიას ნიკოლა ტესლას პატივსაცემად Tesla დაარქვა.

ტესლას ნაკლებად ცნობილ გამოგონებებს შორის არის ტესლას სარქველი (სარქვლოვანი მილი). მილსადენის ინტერიერი უზრუნველყოფილია გაფართოებებით, ჩაღრმავებებით, პროექციებით, რომლებიც პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე ატარებს სითხეს ერთი მიმართულებით და თითქმის გაუვალ ბარიერს ქმნის საპირისპირო მიმართულებით. როდესაც წყალი მარყუჟების პირებში ჩაედინება, ის ნელდება და დინებას წყვეტს, მაგრამ თუ წყალი სხვა მიმართულებით წავა, ის მარყუჟებში არ შედის და თავისუფლად მიედინება.

ტესლას ექსპერიმენტებმა განაპირობა მექანიკური ოსცილატორის შექმნა, რომელსაც სეისმური ვიბრაციების წარმოქმნა შეუძლია. მისმა ინოვაციურმა ძალისხმევამ საფუძველი ჩაუყარა სეისმოლოგიური კვლევების განვითარებას. ტესლას მექანიკური ოსცილატორი და სეისმურ ვიბრაციებთან მისი კავშირი საინტერესო, მაგრამ საკამათო თემაა.

ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის იდეა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო ნიკოლა ტესლას კარიერაში. ის ოცნებობდა, ელექტროენერგია უსადენოდ გადაეცა მთელ მსოფლიოში და ენერგეტიკის სფეროში რევოლუცია მოეხდინა. თავისი ამბიციური გეგმის განსახორციელებლად ტესლამ ლონგ-აილენდზე ააგო უორდენკლიფის კოშკი – დიდი ანტენა, რომელსაც მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირება შეეძლო. ის საფუძვლად უნდა დასდებოდა გლობალურ უკაბელო საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც დედამიწას გამტარად გამოიყენებდა. მიუხედავად იდეის ავტორის დიდი ძალისხმევისა, პროექტი ვერ განხორციელდა: კოშკის მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდა და ტესლამ სპონსორები დაკარგა; იმ დროისთვის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განვითარებული ელექტროენერგიის უსადენო გადაცემისთვის; დაბოლოს, არსებობდა მოსაზრება, რომ უსადენო ელექტროენერგია უარყოფითად იმოქმედებდა ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ტესლას წინდახედულებამ გზა გაუკვალა თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას.

ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის იდეა დღესაც აქტუალურია. მეცნიერები და ინჟინრები მუშაობენ ამაზე და უკვე მნიშვნელოვანი პროგრესიც შეინიშნება, თუმცა დედამიწის მასშტაბით ელექტროენერგიის უსადენო გადაცემა ჯერ კიდევ რთულია.

ტესლამ დააპატენტა პირველი პორტატიული ოზონის გენერატორი. ამ გამოგონებამ საფუძველი ჩაუყარა ტექნოლოგიებში ოზონის გამოყენებას. ოზონის გენერატორის იდეა გულისხმობდა მაღალი სიხშირის ელექტრული განმუხტვის გამოყენებას ოზონის წარმოების, ჰაერის გაწმენდისა და სამედიცინო მიზნებისთვის.

ტესლას სახელს უკავშირდება ნეონის განათებაც. მან ჩაატარა ექსპერიმენტები და აჩვენა, რომ მაღალი სიხშირის ელექტრული დენით სხვადასხვა აირის განათებაა შესაძლებელი. ტესლას მიერ გაწეული სამუშაო დაედო საფუძვლად თანამედროვე ნეონის ნათურების შექმნას.

ტესლა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა ე.წ. ტესლას კოჭამაღალი სიხშირის ტრანსფორმატორი, რომელსაც შეუძლია, შექმნას ძალიან მაღალი ძაბვა დაბალი დენით. ტესლას კოჭა არის რეზონანსული ტრანსფორმატორი, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო ექსპერიმენტებში, განათებასა და სხვა სფეროებში. ის მუშაობს ელექტრომაგნიტური ინდუქციის პრინციპით. რეზონანსული ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად დაბალი ძაბვის ელექტროენერგია გარდაიქმნება მაღალი სიხშირის, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიად, რაც მიიღწევა პირველადი და მეორადი კოჭების, კონდენსატორისა და კოჭას ურთიერთქმედებით. ტესლას კოჭა გამოიყენება ნეონის ნათურებისა და განათების სხვა მოწყობილობების მუშაობისთვის. მეცნიერი თავისი კოჭების დახმარებით ცდილობდა ენერგიის უკაბელო გადაცემის სისტემის შექმნას. ტესლას კოჭას ხშირად იყენებენ სინათლის შოუებში გასაოცარი ვიზუალური ეფექტების გამო.

ნიკოლა ტესლა იყო მომავლის ხედვის გენიოსი. ვიზუალური აზროვნებით და ინოვაციებისკენ სწრაფვით ის გახდა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი გამომგონებელი. მისი იდეები უკაბელო კომუნიკაციისა და განახლებადი ენერგიის შესახებ თანამედროვე ელექტროინჟინერიის საფუძველია.

ტესლას მემკვიდრეობა სცდება დროის საზღვრებს და აგრძელებს ინოვატორებისა და მოაზროვნეების შთაგონებას. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, მისმა გაბედულმა სწრაფვამ, ხედვამ და იდეებმა წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროში. როცა ამ საოცარი გამოგონებების საიდუმლოებს ვხსნით, ჩვენ უფრო მეტად ვაფასებთ უდიდესი მეცნიერის გენიალურობას და კაცობრიობაზე მისი მოღვაწეობის გავლენას.

საინტერესოა ტესლას პირადი ცხოვრება. მეცნიერი შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს. მშობლიური სერბულის გარდა, იცოდა ჩეხური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, უნგრული, იტალიური და ლათინური. მას ჰქონდა უცნაური შიშები და ახირებები. ხშირად ერთსა და იმავეს სამჯერ აკეთებდა. მანიაკურად მიისწრაფვოდა სისუფთავისკენ. ძალიან უყვარდა ცოცხალი არსებები, განსაკუთრებით – მტრედები და კატები. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ გარშემორტყმული იყო ლამაზი ქალებით და ბევრს უყვარდა კიდეც, ის არასოდეს დაქორწინებულა.

„ყოველი მამაკაცი აფასებს კაცობრიობას იმით, რასაც თავის შთამომავლობას უტოვებს, – ამბობდა ტესლა, – ჩემი შვილები ჩემი გამოგონებები არიან… ჩემი ერთადერთი სურვილია, მათი მეშვეობით გზავნილი გადავცე მომავალ საუკუნეებს… ქალი დიდებული არსებაა, რომლის ღირსიც არ ვარ“.

ტესლას ერთადერთი სიყვარული მეცნიერება იყო.

საინტერესოა ტესლას ციტატები:

  • „ჩვენი ღირსებები და ჩვენი ნაკლოვანებები განუყოფელია, როგორც ძალა და მატერია. როდესაც ისინი გაყოფილია, ადამიანი აღარ არსებობს“.
  • „არა მგონია, დაასახელოთ მრავალი დიდი გამოგონება, რომლებიც დაქორწინებულ კაცებს შეუქმნიათ“.
  • „დღევანდელი მეცნიერები ღრმად ფიქრობენ და არა ნათლად. ნათლად ფიქრისთვის საჭიროა საღი გონება, ხოლო ღრმა ფიქრი შესაძლებელია გიჟურ მდგომარეობაშიც“.
  • „ფული არ წარმოადგენს ისეთ ფასეულობას, როგორიც ადამიანს ჰგონია. მთელი ჩემი ფული ჩადებულია ექსპერიმენტებში, რომელთა მეშვეობითაც ახალი აღმოჩენები გავაკეთე, რაც ადამიანებს ცხოვრებას ცოტათი უმარტივებს“.
  • „მეცნიერს არ აქვს მიზანი მყისიერი შედეგისთვის. ის არ მოელის, რომ მისი მოწინავე იდეები უმალვე იქნება მიღებული. მისი შრომა ჰგავს გამორჩეული მთესველის საქმიანობას – მომავლისთვის. მისი მოვალეობაა, საფუძველი ჩაუყაროს მომავალ თაობას და გზა აჩვენოს. ის ცხოვრობს, მუშაობს და იმედოვნებს“.

დიდი მეცნიერის ცხოვრება და გამოგონებები დაგვანახებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და მისი ფანტაზიის ნაყოფი ხშირად რეალობა ხდება.

 

სასკოლო გარემოში ნიკოლა ტესლას შესახებ საინტერესო აქტივობების განხორციელება შესაძლებელია დაიგეგმოს პროექტის ან კონფერენციის ფორმით და განხორციელდეს შემდეგი გეგმის მიხედვით:

  • ინტერაქციული საუბრები და როლური თამაშები ტესლას ცხოვრების საინტერესო ფაქტების და აღმოჩენების შესახებ;
  • მარტივი ექსპერიმენტები, რომლებიც დაკავშირებულია ტესლას აღმოჩენებთან;
  • მოდელები, პრეზენტაციები ან სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობა;
  • დიდი მეცნიერის გამოგონებების შესახებ დოკუმენტური ფილმებისა და ვიდეომასალის ჩვენება;
  • მისი ბავშვობის ისტორიები, გამოგონებებზე მუშაობის პროცესი, სხვა მეცნიერებთან კონფლიქტები;
  • მისი იდეები მომავლის შესახებ, ენერგიის უსადენო გადაცემასა და სხვა საკითხებზე;
  • ტესლას იდეების დღევანდელ ცხოვრებაში გამოყენების ფაქტები;
  • ინფორმაციის მოძიება ტესლას გამოუქვეყნებელი ნაშრომების შესახებ;
  • ტესლას ციტატების განხილვა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://fi.edu/en/science-and-education/collection/case-files/nikola-tesla

https://cubed.run/blog/unveiling-the-genius-20-secret-inventions-by-nikola-tesla-7b28e273ab4a

https://www.livescience.com/45950-nikola-tesla-biography.html

https://www.teslasociety.com/exhibition.htm

https://nationalmaglab.org/magnet-academy/history-of-electricity-magnetism/museum/tesla-coil-1891/

ისტორიული გეოგრაფია ისტორიის სწავლების კონტექსტში

0

ისტორიის სწავლების პროცესს მნიშვნელოვანი მიზნები აქვს, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემას, არამედ ისტორიული აზროვნების, ანალიზის, კვლევის უნარების განვითარებასა და ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებას. სტანდარტის შედეგების მიხედვით, ეს მიზნები შეიძლება ასე დაჯგუფდეს:

  1. ცოდნის დაგროვება და გაგება/გააზრება

რაც გულისხმობს, რომ მოსწავლეებმა:

  • შეისწავლონ ისტორიული ფაქტები და მოვლენები;
  • მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლონ ისტორიული პროცესების თანმიმდევრულად გააზრება.
  1. ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარება

რაშიც მოიაზრება, რომ მოსწავლეებმა:

  • შეძლონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება ისტორიული წყაროების გამოყენებით;
  • მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა და შეფასება.
  1. ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბება

რაც ორიენტირებულია მოსწავლეების უნარზე:

  • გააცნობიერონ ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და დროში მიმდინარე ცვლილებები (ეპოქის აღქმა);
  • შეძლონ თანამედროვე პრობლემების ისტორიულ კონტექსტში გააზრება.
  1. კულტურული და გლობალური პერსპექტივა

რომლის თანახმად, ისტორიის სწავლება ეხმარება მოსწავლეებს:

  • გაიაზრონ კულტურათა მრავალფეროვნება და
  • გლობალური პროცესების დინამიკა.

ამგვარი მიდგომა ეხმარება მოსწავლეს, უბრალოდ კი არ დაიზეპიროს ფაქტები, არამედ სიღრმისეულად გაიაზროს და გლობალურ კონტექსტში აღიქვას ისტორიული პროცესები.

დასახული მიზნების მისაღწევად ისტორიის სწავლების მეთოდიკა სხვადასხვა კომპონენტს იყენებს. მათ შორისაა ისტორიული გეოგრაფიაც, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს, ისტორიული მოვლენები სივრცულ კონტექსტში განიხილოს და კრიტიკულად გააანალიზოს, „ცოცხლად“ აღიქვას გარდასული ეპოქები.

მაგალითად, ისტორიის სასწავლო კურსში ისტორიული გეოგრაფიის აქტიურად გამოყენების მიზნით მასწავლებელს შეუძლია, დაგეგმოს ასეთი აქტივობები:

აქტივობა 1: შესთავაზოს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს ტექსტზე, ვიზუალურ მასალასა და რუკებზე (იხ. რუკა 1 და რუკა 2) მუშაობა (ისტორია, VII კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“) და პასუხი კითხვებზე:

  • როგორ შეუწყო ხელი მდინარეების სიახლოვემ უძველესი ცივილიზაციების (შუმერები, ეგვიპტე…) განვითარებას?
  • რა გავლენა მოახდინა ნილოსმა, ტიგროსმა და ევფრატმა პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე?
  • როგორ უწყობდა ხელს გეოგრაფიული გარემო მიწათმოქმედების განვითარებასა და ეკონომიკურ აღმავლობას უძველეს მსოფლიოში?

 

 

მოსწავლეები მუშაობენ ინტერესით,  უვითარდებათ უნარი, „დაინახონ“ ისტორიული პროცესები დროსა და სივრცეში. შედეგად გამოაქვთ საინტერესო დასკვნები.

 

აქტივობა 2:  შესთავაზოს მოსწავლეებს  (ისტორია, VIII  კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“)და მონღოლთა დაპყრობების  რუკა  (რუკა 3) და ევრაზიის  ფიზიკური რუკა  (რუკა 4)    სთხოვოს,  გაანალიზონ ისინი და იმსჯელონ, რომელი  გეოგრაფიული კომპონენტები უწყობდა ხელს მონღოლებს, სწრაფად გაეფართოებინათ თავიანთი იმპერია?

                            

აქტივობა 3: მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ   National Geographic -ის  რუკებზე და

  • მონიშნონ კოლუმბის, ვასკო და გამას და მაგელანის და ა.შ. ექსპედიციების  გზები (რუკა 5);
  • იმსჯელონ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა გეოგრაფიულ  აღმოჩენებს   მსოფლიო მოსახლეობაზე,  კულტურასა  და ეკონომიკაზე?

რუკა 5

  • „დიდი აბრეშუმის გზის“ მარშუტების რუკაზე იპოვონ  ევროპის ქვეყნებიდან აზიისკენ მიმავალი სავაჭრო მარშრუტები (რუკა 6);

რუკა 6.

  • მოხაზონ აბრეშუმის გზის თანამედროვე მარშუტები (რუკა 7);

 რუკა 7

  • რუკა 7
    • გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია და იპოვონ კავშირები ამ მოვლენებს შორის;
    • მოიყვანონ არგუმენტი მტკიცებულებაზე: „შუა საუკუნეების საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს წარმოადგენდა დიდი აბრეშუმის სავაჭრო გზა“;
    • გაიაზრონ საერთაშორისო ვაჭრობისა და გეოგრაფიის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის კონტექსტში;
    • იმსჯელონ გეოგრაფიისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე;
    • ამოირჩიონ კონკრეტული სახელმწიფო და იმსჯელონ სახელმწიფოს პოლიტიკისა და გეოგრაფიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ;
    • დროისა და სივრცის კონტექსტის გათვალისწინებით გააცნობიერონ ისტორიული ცვლილებების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროსთვის.

    მიღებული პასუხების საფუძველზე მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნებს და იმსჯელებენ, როგორ უკავშირდება საქართველოს ისტორია მსოფლიო ისტორიულ პროცესებს, შეაფასებენ საქართველოს ისტორიულ როლს საერთაშორისო კონტექსტში და გაიაზრებენ ამ პროცესში გეოგრაფიის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ რამდენადაც ისტორიის სწავლება სკოლაში სპირალურ პრინციპზეა აგებული, მოსწავლეებს შეუძლიათ, ყოველ მომდევნო საფეხურზე უფრო და უფრო ღრმად და დეტალურად გაიცნონ ერთი და იგივე ისტორიული მოვლენები.

    აგალითად:

    • საბაზო საფეხურზე „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ სწავლებისას მოსწავლეები სწავლობენ, ვინ იყვნენ მთავარი აღმომჩენები (კოლუმბი, მაგელანი…), რომელ წლებში მოხდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები და როგორ შეიცვალა ამ მოვლენათა კვალობაზე ევროპისა და მსოფლიოს რუკა; იყენებენ მსოფლიოს რუკას და დაიტანენ ზედ გეოგრაფიულ მარშრუტებს;
    • საშუალო საფეხურზე იმავე თემის გავლისას მოსწავლეები აანალიზებენ:
    • გეოპოლიტიკურ შედეგებს (ახალი იმპერიების გაჩენა, კოლონიალიზმი);
    • ეკონომიკურ ცვლილებებს (გლობალური ვაჭრობა, ახალი ბაზრების გახსნა) და კულტურულ გავლენებს (ადგილობრივი ცივილიზაციების განადგურება და კულტურათა შერწყმა);
    • გამოიყენებენ ისტორიულ რუკებს, რომლებზეც თვალსაჩინოა ახალი გზებისა და მიწების დაპყრობის პროცესი და შედეგები;
    • იმუშავებენ პირველწყაროებზე და შეაფასებენ იმდროინდელ მოგზაურთა ჩანაწერებს.

    რაც შეეხება რუკასთან ურთიერთობას, მოსწავლე:

    • საბაზო საფეხურზე მარტივად მონიშნავს ისტორიულ მოვლენებ (იმპერიის საზღვრები, მომთაბარე ტომების მიგრაციის გზები), ხოლო საშუალო საფეხურზე მას უკვე შეუძლია რთული გეოპოლიტიკური პროცესებისა და სივრცითი ცვლილებების (მაგალითად, იმპერიების აღმავლობისა და დაცემის მიზეზების) ანალიზი. მაგალითად, რომის იმპერიასთან დაკავშირებით საბაზო საფეხურზე ის მარტივად აღწერს იმპერიის გაფართოების ძირითად ეტაპებს, ხოლო საშუალო საფეხურზე აანალიზებს იმპერიის დაცემის შიდა და გარე მიზეზებს და აფასებს მის გეოგრაფიულ მემკვიდრეობას.

    თუ აქტივობაა დისკუსია/დებატები ან კომპლექსური დავალებები:

    • საბაზო საფეხურზე მოსწავლე პასუხობს მარტივ კითხვებს: „რა დაედო საფუძვლად გეოგრაფიულ აღმოჩენებს?“, ხოლო საშუალო საფეხურზე შეუძლია, კომპლექსური, პროექტული კვლევები ან დებატები აწარმოოს თემაზე: „გეოგრაფიის გავლენა ისტორიის განვითარებაზე“ (მაგალითად, „მთიანი რეგიონების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე“ და ა.შ.).

    მაშასადამე, ისტორიული გეოგრაფია როგორც ეფექტური ინსტრუმენტი აერთიანებს დროისა და სივრცის ურთიერთმიმართებას და უზრუნველყოფს მრავალმხრივ ისტორიულ განათლებას, ამიტომ სასურველია ამ კომპონენტის აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.

 

 

 

სახალისო აქტივობა – შიდა წრე და გარე წრე

0

ინგლისური ენა გლობალური კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაა. მისი მნიშვნელობა ნათლად ჩანს როგორც მოსწავლეების, ისე მშობლების დამოკიდებულებაში.

ენის შესასწავლად და დასაუფლებლად გამოიყენება მრავალფეროვანი მეთოდოლოგია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ და გამოიყენონ ენა პრაქტიკულ სიტუაციებში. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინოვაციური აქტივობები და დიფერენცირებული სწავლება, რომელიც ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. მსგავსი მიდგომების საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი საუბრის უნარების სტიმულირება.

ენის შესწავლისას  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ლექსიკური ერთეულების დაუფლებაა. მათი შესწავლა და პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავება დიდწილად განსაზღვრავს ენის ფლობის დონეს. პედაგოგები სისტემატურად ცდილობენ, მოსწავლეებს შეასწავლონ უცხო სიტყვები, დააკავშირონ ისინი საგაკვეთილო მასალასთან ან ცხოვრებისეულ სიტუაციასთან. თუმცა, ლექსიკური ერთეულების დაზეპირება მოსწავლეებისთვის ხშირად უინტერესო და დამღლელია, რაც სწავლის პროცესს ართულებს.

“შიდა და გარე წრე ” აქტიური  სწავლების  ერთ-ერთი ეფექტური  სტრატეგიაა, რომელიც ენის სწავლების პროცესში წარმატებით გამოიყენება.  ეს აქტივობა  მოსწავლეებს ხელს უწყობს  ცოდნის გააქტიურებაში.

მეთოდის გამოყენების მიზნები:
• მასწავლებელს საშუალებას აძლევს სწრაფად დაადგინოს, თუ რა იციან მოსწავლეებმა თემის, თავის ან მოთხრობის ეპიზოდის გავლის შემდეგ.
• მოსწავლეებს ეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებასა და ჩამოყალიბებაში.
• მოსწავლეები თავად აყალიბებენ და ჩამოწერენ შეკითხვებს.
• თანაკლასელთა მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით უმჯობესდება მათი კომუნიკაციის უნარები.

ამ სტატიაში განვიხილავ მე-7 კლასში ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესს ამ საინტერესო მეთოდის გამოყენებით, როგორც   ლექსიკური ერთეულების განმტკიცებისათვის, ასევე, განვლილი ტექსტის უკეთ გააზრებისათვის.

მასალა:

განვლილი საბუნებისმეტყველო შემეცნებითი ტექსტის მიხედვით: „რვაფეხა, შენიღბვის ოსტატი“, მოსწავლეებს უნდა ამოეწერათ ახალი ლექსიკური ერთეულები-მიეწერათ დეფინიციები, ინგლისურ ენაზე.

მაგ; Disguise-to give a new appearance to a person or thing, especially in order to hide its true form.

ასევე, მოსწავლეებს ტექსტის გარშემო უნდა მოეფიქრებინათ და ჩამოეწერათ შეკითხვები.

აქტივობის აღწერა:

          პირველი ეტაპი – მოსწავლეებმა უნდა მოიმარჯვონ თავიანთი მომზადებული მასალა(ლექსიკური ერთეულები, შეკითხვები).

მეორე ეტაპი – მოსწავლეები (5-7 მოსწავლე) დგებიან წრეში (გარე წრე). წრის შიგნით დგება 5-7 მოსწავლე და ქმნის შიდა წრეს. შიდა და გარე წრის წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ დგანან. აუცილებელია, რომ გარე წრის თითოეულ მოსწავლეს ჰყავდეს თავისი მეწყვილე შიდა წრეში.

მესამე ეტაპი – მასწავლებლის ნიშანზე (მაგ.: ზარი) გარე წრის მოსწავლეები შიდა წრის მეწყვილეებს უსვამენ წინასწარ მომზადებულ კითხვებს ლექსიკურ ერთეულებზე (ერთდროულად), შიდა წრეში მდგომნი კი პასუხობენ ინგლისურ ენაზე მათ დეფინიციებს (1-2 წუთის განმავლობაში).

მეოთხე ეტაპი – მასწავლებლის მომდევნო ნიშანზე გარე წრეში მდგომი მოსწავლეები გადაადგილდებიან საათის ისრის მიმართულებით და მომდევნო თანაკლასელის პირისპირ დგებიან. ასე იქმნება შიდა და გარე წრის წევრების ახალი წყვილები. აღნიშნული მოქმედება მეორდება მანამ, სანამ გარე წრის წევრები არ დაუბრუნდებიან თავდაპირველ მეწყვილეებს.

მასწავლებელი დგება წრის შუაში ან მოძრაობს წრის გარეთ, აკვირდება მოსწავლეების საუბარს და ინიშნავს რვეულში.  შესაძლებელია, მოგვიანებით შიდა და გარე წრეების მოსწავლეებმა გაცვალონ როლები.

იგივე მეორდება შეკითხვების დასმის დროსაც. მოცემული აქტივობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 15-20 წუთი.

მასწავლებლის როლი: პედაგოგი აკვირდება მოსწავლეების საუბარს, აფიქსირებს მათ წარმატებებსა და სირთულეებს, რაც შემდგომში ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდებას უზრუნველყოფს.
დასკვნა “შიდა და გარე წრე” არის პრაქტიკული და ინოვაციური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ლექსიკური ერთეულების დამახსოვრებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება, ისწავლონ გუნდურად მუშაობა და გააუმჯობესონ საუბრის უნარები ინგლისურ ენაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Brown, H. Douglas. Teaching by Principles: An Interactive Approach to Language Pedagogy. Pearson Education, 2014.
2. Richards, Jack C., and Theodore S. Rodgers. Approaches and Methods in Language Teaching. Cambridge University Press, 2001.
3. Nation, I. S. P. Learning Vocabulary in Another Language. Cambridge University Press, 2013.

AI ჩატბოტები:  პერსონალიზაცია და სოციალური უნარები

0

“პერსონალიზაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფილოსოფია, რომელიც ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციისკენ მიისწრაფვის.”
Marcus & Davis, Rebooting

დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მომხმარებლებისთვის საკმარისი აღარ არის მხოლოდ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ისინი უფრო მეტს ელოდებიან ჩატბოტებისგან. სწორედ ამიტომ (AI) ჩატბოტები იძენენ სოციალურ უნარებს და უფრო პერსონალიზირებული ხდებიან.  რას გულისხმობს ჩატბოტების სოციალური უნარები? როგორ აღწევენ ისინი ისეთ უნარებს, რომ  მოერგონ კონკრეტულ მომხმარებელს და მისი ინდივიდუალური საჭიროებები გაითვალისწინონ?

პერსონალიზაციის პროცესში ჩატბოტები აერთიანებენ ენის დამუშავების ალგორითმებს და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო ბუნებრივი, დამაჯერებელი და ინტერაქტიური გახდნენ. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა, არამედ განვითარებადი სოციალური ფენომენია, რომელიც ცვლის ადამიანებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის/კომუნიკაციის პარადიგმას.

სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვითარდება პერსონალიზაცია და სოციალური უნარები AI ჩატბოტებში, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს სისტემები და როგორ გავლენას ახდენს ეს ტრანსფორმაცია მომხმარებლების ციფრულ გამოცდილებაზე.

 

ChatGPT-ის პერსონალიზაციის პარამეტრები

თუ გსურთ, თქვენი ჩატი უფრო მეტად პერსონალიზებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებული იყოს, შეგიძლიათ, რომ ეს პარამეტრებიდანაც მოაგვაროთ. შედით ChatGPT-ის პერსონალიზაციის პარამეტრების მენიუში, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააკონფიგურირეთ ჩატბოტის ხასიათი და სტილი საკუთარი სურვილების შესაბამისად. ეს ფუნქცია საკმაოდ ინტუიტიურია და ორი ძირითადი ბლოკისგან შედგება (ორივე ველში მოცემულია დამხმარე კითხვები):

  1. პერსონალიზაციის ინსტრუქციები: აქ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს ჩატბოტი, როგორი ინფორმაციის მიწოდება სურს და როგორ სტილში. შესაძლებელია ბლოკში ჩაწერო მაქსიმუმ 1500 სიმბოლოს ტექსტი. მაგალითად:
    • სასურველი ტონი: მეგობრული, ოფიციალური, სასაუბრო.
    • ცოდნის დონე: რამდენად დეტალური ინფორმაცია გჭირდება.
    • პრიორიტეტული თემები: განსაკუთრებული ინტერესის სფეროები.
  2. პასუხის მიწოდების სტილი: ეს ველი განკუთვნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა განსაზღვროს, როგორ სტილში (მაგალითად, მარტივი, აკადემიური ან კრეატიული) უნდა შეასრულოს ჩატბოტმა დავალებები.
  3. დაშიფრული პასუხების ჩართვა/გამორთვა: ბოლოში მოცემულია გადამრთველი, რომელიც მართავს „დაშიფრული ChatGPT-ის“ ფუნქციას. თუ ეს გააქტიურებულია, ჩატბოტი იქნება მეტად „პერსონალიზებული“ და უკეთ მოერგება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

თუ უფრო კონკრეტულად გსურთ, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაცია ჩართოთ, მაგალითად, თქვენი ინტერესი, ჰობი, – ეს შეიძლება დაწეროთ პირველ ველში. ამის შემდეგ ჩატბოტი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და თემატიკას.

ამ ინსტრუქციების შენახვა და შემდგომი განახლება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი!

თუ გსურთ აღმოაჩინოთ განსხვავება, შეადარეთ  ერთსა და იმავე კითხვაზე „პერსონალიზებული“ და „არაპერსონალიზებული“ ჩატის პასუხები.

პერსონალიზაციის გარდა, ჩატბოტების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია მათ უნარზე, აღიქვან და უპასუხონ მომხმარებლის ემოციურ მდგომარეობას. ემპათიური ჩატბოტები უკეთეს შედეგს იძლევიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობის  მხარდაჭერა, საგანმანათლებლო გარემო და მომხმარებელთა მომსახურება.

დადასტურებული ქეისებია:

  • Woebot: ჩატბოტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში. მას აქვს უნარი, ამოიცნოს ემოციური ტონალობა  და გასცეს შესაბამისი პასუხი.  ეს კი  მნიშვნელოვანი მიღწევაა, რათა  სოციალური უნარები AI-ში ინტეგრირდეს.
  • Replika AI: ჩატბოტი, რომელიც ემპათიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მას  შეუძლია გახდეს “ვირტუალური მეგობარი.”
  • IndiaAI-ის მიერ შექმნილი განათლების ჩატბოტი ხელს უწყობს ინდოეთში ბავშვების განათლებას, რომლებსაც განათლებაზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ჩატბოტის  უნარი,  დიალოგი წარმართოს ადგილობრივ ენებზე, ხელს უწყობს კულტურული ბარიერების გადალახვას.

 

როგორ ახდენენ ჩატბოტები კომუნიკაციის ინდივიდუალურ მოდელირებას?

პერსონალიზაცია ჩატბოტებში ხორციელდება რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგიის მეშვეობით:

  1. მომხმარებლის მონაცემების ანალიზი. ჩატბოტები აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევებიდან, პრეფერენციებიდან და წინა კომუნიკაციებიდან. ეს ითვალისწინებს ტექსტის ტონის, ენის სტილის და თემატიკის განსაზღვრას, რაც  კომუნიკაციას უფრო მეგობრულსა და რელევანტურს ხდის.
  2. ენობრივი მოდელირება. ჩატბოტები იყენებენ ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ალგორითმებს, რათა უკეთ გაიგონ მომხმარებლის ზუსტი საჭიროებები. მაგალითად, მომხმარებლის მიერ დასმული ერთი და იგივე კითხვა შეიძლება განსხვავებულად განიმარტოს კონტექსტის მიხედვით ან მისი კომუნიკაციის სტილის მიხედვით.

              სიტუაცია: მომხმარებლები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას:
„რამდენ ხანში მომაწვდიან შეკვეთას?“ – ეს კითხვა სხვადასხვაგვარად შეიძლება ფორმულირდეს:

              ფორმალური სტილით: „გთხოვთ, მაცნობოთ, შეკვეთის მოტანის სავარაუდო     დრო.“

              არაფორმალური სტილით: „როდის მომიტანს კურიერი?“

              სტრესული ტონით: „რამდენ ხანში მოვა ჩემი შეკვეთა? ძალიან მეჩქარება!“

ჩატბოტის რეაქცია:

  • ფორმალურ სტილზე: ჩატბოტი იყენებს პროფესიულ და დეტალურ პასუხს:
    „გმადლობთ შეკითხვისთვის. თქვენი შეკვეთის მიტანის დრო დამოკიდებულია თქვენს მისამართსა და მიწოდების სერვისზე. ჩვეულებრივ, ამას 3-5 სამუშაო დღე სჭირდება.“
  • არაფორმალურ სტილზე: პასუხი მარტივი და პირდაპირია: „როგორც წესი, 3-5 დღის განმავლობაში მოვა. თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ.“
  • სტრესულ ტონზე: ჩატბოტი იყენებს დამამშვიდებელ და მხარდაჭერას ტონს:
    „ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის! მიტანის დრო ჩვეულებრივ 3-5 დღეა, მაგრამ დავაზუსტებ და მალე შეგატყობინებთ.“

 

  1. რეალური დროში მორგება. ბევრი ჩატბოტი რეალურ დროში იცვლება მომხმარებლის პასუხების მიხედვით. თუ მომხმარებელი მოკლე პასუხებით გამოირჩევა, ჩატბოტი ადაპტირდება და მსგავს ფორმატს იღებს, ხოლო თუ საუბარი უფრო ემოციურია, ჩატბოტი ტონს ამუშავებს და შესაბამისად უფრო “ადამიანური” ხდება.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის?

AI ჩატბოტების სოციალური უნარების გაუმჯობესება თანამედროვე საზოგადოებისთვის  განსაკუთრებულია რამდენიმე მიმართულებით:

  1. ბარიერების გადალახვა ურთიერთობებში. ჩატბოტების ინდივიდუალური მიდგომა ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის სპეციფიკური სირთულეები — იქნება ეს ენობრივი ბარიერი, სოციალური შფოთვა თუ სხვა. მაგალითად, ჩატბოტები შესაძლოა დაეხმარონ მომხმარებლებს, რომლებსაც სამედიცინო, განათლების ან პროფესიული დახმარება სჭირდებათ.
  2. ინკლუზიური კომუნიკაციის ხელშეწყობა. პერსონალიზებული ჩატბოტები ეხმარებიან საზოგადოების მრავალფეროვან ჯგუფებს. ისინი ითვალისწინებენ ამ ჯგუფების განსხვავებულ ენობრივ და კულტურულ ნიუანსებს და მათ საჭიროებებს, რაც კომუნიკაციას უფრო ინკლუზიურს ხდის.
  3. მომხმარებლის ნდობის გაზრდა. პერსონალიზაცია და სოციალური უნარები აუმჯობესებს მომხმარებლის ნდობას ტექნოლოგიის მიმართ. როდესაც ჩატბოტი „ემპათიურია“  და რეალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს, ის აღარ აღიქმება მექანიკურ ინსტრუმენტად, არამედ სანდო დამხმარე და მეგობარია.

 

დასკვნა

AI ჩატბოტების პერსონალიზაცია და სოციალური უნარების განვითარება აუმჯობესებს ციფრული კომუნიკაციის ხარისხს. ჩატბოტების ინდივიდუალური კომუნიკაციის მოდელირება  არა მარტო ტექნოლოგიური წინსვლაა, არამედ ახალ გზებს უხსნის სოციალური ინტეგრაციის პროცესს. მომავალში პერსონალიზაციის გაუმჯობესება და სოციალური უნარების გაღრმავება/დახვეწა ხელს შეუწყობს AI ჩატბოტების უფრო ფართოდ გამოყენებას, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და ჰუმანურს გახდის. ამავე დროს, მომავალი ჩატბოტები, სავარაუდოდ, მულტიმოდალურ კომუნიკაციას გამოიყენებენ, რაც მომხმარებელს ტექსტთან ერთად აუდიო და ვიზუალურ რესურსებსაც შესთავაზებს. ეს ხელს შეუწყობს უფრო ღრმა, ინტუიციურ და ბუნებრივ ინტერაქციას.

მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული გამოყენება საკლასო ოთახში

0

უკვე დიდი ხანია, მონაცემთა ანალიზი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. განათლების სფეროში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ მონაცემებს იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ მოსწავლეთა საჭიროებები, შეაფასონ საკუთარი სწავლების ეფექტურობა და განავითარონ იგი მოსწავლეთა წარმატებისთვის.

მოსწავლეთა ჩართვა სწავლის შედეგების ანალიზში არის ინოვაციური და ეფექტური მიდგომა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ საკუთარი სწავლების პროცესის აქტიური მონაწილეები. როდესაც მოსწავლეები თავად აანალიზებენ თავიანთ შედეგებს, ისინი უკეთ გაიაზრებენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ამყარებენ კავშირს თავიანთ მიღწევებსა და გაკვეთილებზე განხილულ მასალას შორის და სწავლისთვის უფრო მოტივირებულები ხდებიან.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როდესაც მერვეკლასელებს მივეცი შესაძლებლობა, თავად გაეანალიზებინათ (წინა თავის) შემაჯამებელი წერის შედეგები სასწავლო თემა „მონაცემთა ანალიზის“ შესწავლისას.

თემატური ბლოკი: სტატისტიკა, ალბათობა

თემა: სტატისტიკა, მონაცემთა ანალიზი

თემატური არეალი: მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი, კვლევის დაგეგმვა და წარმოდგენა

სამიზნე ცნებები:
მათემატიკური მოდელი მონაცემი, ცხრილი, დიაგრამა

 

კანონზომიერება

 

მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხი

 

ლოგიკა კვლევა, მონაცემთა ანალიზი, მსჯელობა-დასაბუთება, განზოგადება

 

 

 

საკითხები/პროცედურები:

  • მონაცემები
  • მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები: მონაცემთა რაოდენობა, პოზიცია და თანამიმდევრობა, მონაცემთა სიხშირე და ფარდობითი სიხშირე; განმეორების ტიპის კანონზომიერებანი; გამორჩეული (მაგალითად, ექსტრემალური, იშვიათი) მონაცემები;
  • მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები: წრიული დიაგრამა, ფარდობითი სიხშირის დიაგრამა და შედარებები; რომელი უპირატესია და როდის;
  • მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებისთვის: სია, ცხრილი, პიქტოგრამა, სვეტოვანი, წრიული დიაგრამები;
  • მონაცემების წარმოდგენის გზები და მონაცემთა ანალიზი (სასურველია სხვა ტიპის დიაგრამით მონაცემების ანალიზი და შედარება).

შეფასების ინდიკატორები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით (მათ.საბ.1,2,3,7,8,9, 11);
  • ამოცანის ამოსახსნელად (პრობლემის გადასაჭრელად) საჭირო მონაცემების მოპოვება (მათ.საბ.4,7,8,9);
  • მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით (მათ.საბ.4,5,6).

საკვანძო კითხვა:

  • როგორ გეხმარება დიაგრამები, ცხრილები და გრაფიკები მონაცემების ინტერპრეტაციაში?

 

აქტივობა 1.

მოსწავლეებს დავურიგე თავიანთი შემაჯამებელი ნამუშევრები შედეგებითურთ. თითოეული მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს აანალიზებდა შეფასების სქემის მეშვეობით. შედეგებს ადარებდნენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მიღებულ ქულებს, ამჩნევდნენ და აფასებდნენ საკუთარ შეცდომებს/პროგრესს, სახავდნენ გაუმჯობესების გზებს.

 

აქტივობა 2.

კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. შეფასებების მიმოხილვისთვის მოსწავლეებს წარვუდგინე კლასის მოსწრების ანონიმური მონაცემები ცხრილის სახით. მოსწავლეთა ჯგუფებმა დიდ ფურცელზე განათავსეს ინფორმაცია სხვადასხვა ვიზუალური საშუალების -ცხრილების, დიაგრამების სახით მონაცემების წარმოდგენისა და ანალიზისთვის.

#                             მოსწავ

ლეთა  შეფასება

1 7
2 3
3 4
4 8
5 6
6 3
7 10
8 8
9 2
10 5
11 3
12 5
13 7
14 6
15 8
16 10
17 9
18 3
19 10
20 10
21 9
22 8
23 10
გიზიარებთ მოსწავლეთა ნამუშევრების ზოგიერთ ფოტოს

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 3.

კლასს დავურიგე მოსწავლეთა ნამუშევრები (ანონიმურობის დაცვით) ვთხოვე ამ მონაცემებით დაედგინათ კლასის რამდენმა მოსწავლემ შეძლო სწორად ამოეხსნა თითოეული ამოცანა. მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს მონაცემთა წარმოდგენის შესაბამისი ფორმა. გაანალიზეს რას „ეუბნებათ“ მონაცემები.

 

 

აქტივობა 4.

პრეზენტაცია, შედეგების ანალიზი

პრეზენტაციის დროს თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ანალიზი, გამოიყენა სხვადასხვა ვიზუალური საშუალება და გამოიტანა დასკვნები კლასის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. მოსწავლეებმა აღწერეს, როგორ გამოიყენეს სხვადასხვა ვიზუალური საშუალება (დიაგრამები, გრაფიკები, ცხრილები) მონაცემების წარმოდგენისთვის; დააკვირდნენ კავშირებს მონაცემებს შორის; შეამჩნიეს პრობლემები მონაცემების ანალიზისას; გამოიტანეს დასკვნები და იმსჯელეს, რა შეიძლება ყოფილიყო პრობლემის მიზეზი. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები აქტიურად უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს და გამოთქვამდნენ სხვადასხვა მოსაზრებას. ერთ-ერთმა ჯგუფმა შეამჩნია, რომ მოსწავლეებს უფრო მეტად უჭირდათ განსაზღვრული ტიპის ამოცანებისთვის თავის გართმევა. მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება.

ამ აქტივობების შედეგად მოსწავლეებმა:

  • გააანალიზეს თავიანთი ნამუშევრები და გამოავლინეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • შეადარეს თავიანთი შედეგები კლასის საშუალო შედეგებს;
  • გამოიტანეს დასკვნები თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ;
  • განსაზღვრეს შემდგომი განვითარების მიზნები.

მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს აქტივობა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენება თავიანთი სწავლის შედეგების გასაანალიზებლად.

მონაცემთა ანალიზში მოსწავლეთა მონაწილეობა მათი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს მიდგომა მოსწავლეთა წარმატების გასაღებია. ის არა მხოლოდ ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ თავიანთი სწავლის პროცესი, არამედ მეც, მასწავლებელს, მაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად მოვახდინო სწავლების ინდივიდუალიზაცია და ადაპტაცია მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად.

მე გავაგრძელებ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რათა მოსწავლეებს მივცე საშუალება, გახდნენ საკუთარი სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეები. მიმაჩნია, რომ ამ გზით ჩვენ შევძლებთ, მოვამზადოთ მოსწავლეები XXI საუკუნის გამოწვევებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/

 

 

მწერლობა და მომავალი თაობა

0

“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?

აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია.”

ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე (განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში) იმაზე, როგორ იქცევიან ახალგაზრდები, ხშირად ვამუნათებთ მათ და გამუდმებით ვახსენებთ, როგორ ვიქცეოდით მაშინ, მათი თანატოლები რომ ვიყავით. თუმცა, ბევრი რამ გვავიწყდება, ბევრი რამის გახსენებაზეც თვალს ვხუჭავთ და, რა თქმა უნდა, არასდროს ვიხსენებთ იმას, რომ მათ ასაკში ჩვენც ბევრი რამისთვის გვიწევდა ბრძოლა, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდით უფროს თაობას. ამაში ახალი არაფერია, რა თქმა უნდა. არც ისაა ახალი, რომ ახალგაზრდობას ბრძოლით უწევს თავის დამკვიდრება, საკუთარი სურვილების შესრულება. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ მე-19 საუკუნის ამბავს „მამათა და შვილთა ბრძოლის“ შესახებ, ამბავს იმისა, თუ როგორ აქტიურობდნენ განათლებამიღებული თერგდალეულები, რათა, რაც ისწავლეს, სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. მოვლენები რამდენიმე ეტაპად განვითარდა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ: „გამოცანებში“ ილია ჭავჭავაძემ მაშინდელი მმართველები სხვადასხვა ეპითეტით შეამკო, რომლებიც იმით ემსგავსებოდნენ ერთმანეთს, რომ ქვეყანა „ფეხებზე ეკიდათ“. სწორედ ეს ვერ აპატიეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ერის მამას და მას ცა და ქვეყანა დაუპირისპირდა, ცრუ ლიბერალი და ცრუ პატრიოტი უწოდეს, ქვეყნის, მამაპაპეული ტრადიციების ღალატში დასდეს ბრალი. ისტორიამ კი ტყუილი და მართალი განსაჯა.

დღესაც ასეა და ყოველთვის ასე იყო.

თუმცა, ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ, ის ხომ გვასწავლის, გამოცდილებას გვაძლევს, მაგალითებს გვიდებს წინ… ის ხომ ერთგვარი ანარეკლია ჩვენი ცხოვრების, ჩვენი არსებობის, კაცობრიობის აზროვნების, აზროვნების ისტორიის…

და რას გვასწავლის ლიტერატურა თაობათა შორის ურთიერთობაზე?

ლიტერატურა ხშირად ასახავს თაობათა შორის კონფლიქტებს, ადრეული თაობის ტრადიციებისა და ახალი თაობის იდეალების დაპირისპირებას. ეს კონფლიქტები ხშირად ეხება თვალსაზრისების, მორალისა და ცხოვრების წესის ცვლილებებს. ამ პროცესში ლიტერატურა ეხმარება მკითხველს, ჰქონდეს საკუთარი და გააზრებული პასუხი იპოვოს თანამედროვე პრობლემებზე.

ამის მაგალითები ხშირია მსოფლიო ლიტერატურაშიც და ჩვენთანაც.

„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“ – არც ეს მოსაზრება იქნება შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ამასაც თავისი საფუძველი აქვს.

ადამიანის, ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ასპარეზზე ახალი თაობა გამოდის, ახალი (ან კარგად დავიწყებული ძველი, და, შესაბამისად, იმ წუთისთვის ძალიან ახალი) იდეებით გამოდის, და ამ ახალი იდეებით ახალი ცხოვრების, ან ცხოვრების ახალი წესის, ახალი რეალობის შექმნას მოასწავებს. თუ ამას წინა თაობა ხვდება და გაგებით ეკიდება, ცხოვრებაც ძალიან საინტერესო მიმართულებას იღებს, საზოგადოებაც უფრო ვითარდება. ეს პროცესი უმტკივნეულო ნამდვილად არაა, ამას დიდი ძვრა და ტკივილი მოაქვს თან, მაგრამ, რუსთველის სიტყვები რომ მოვიხმოთ, „ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო?“

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ლიტერატურამ უნდა გვაპოვნინოს პასუხები ჩვენს მარადიულ კითხვებზე.

მეფე როსტევანს შემთხვევით არ ათქმევინებს დიდი პოეტი: „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. და რაც არ უნდა „უმჭკნარი“ იყოს ის ვარდი, ბაღში ამოსულ ახალ ყვავილს ხელი არ უნდა შეუშალოს. ამის გააზრება ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან მტკივნეულია, სწორედ ამიტომ ვერ ვთმობთ ხოლმე მარტივად. რუსთველის ეს აფორიზმი ილია ჭავჭავაძემ თავის საპროგრამო პოემას,  „აჩრდილს“ ეპიგრაფად წაუმძღვარა, რადგან ეს ყველაზე კარგად გამოხატავდა მის სათქმელს. და თავადაც ასე იქცეოდა, აკი ასე თქვა კიდეც: „ახლა  ჩვენ,  ძველებმა,  კალამი  უნდა  ძირს  დავსდვათ, გზა  კი  ვაჟას  უნდა  დავუთმოთ!“ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უჭრიდა სიტყვაც და კალამიც, შეძლო და სხვისი უპირატესობა მომენტალურად აღიარა.

ზემოთ ვახსენე, რომ სიახლეებთან შეგუება ძალიან გვიჭირს. არც ესაა ახალი, ამის პასუხიც ჩვენს ისტორიასა და ლიტერატურაში დევს.

ისევ ილია ჭავჭავაძე გვცემს ამაზე პასუხს:

„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ… იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.“ – თერგდალეულებს სიახლე მოაქვთ, ახალი აზრები, იდეები, ამასთან შეგუება კი ნამდვილად არ არის მარტივი, კომფორტის ზონაში მყოფს არ ემეტება საკუთარი თავი ახალი თავსატეხებისთვის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სიახლეების მიღების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების მიღების გარეშე საზოგადოება ვერ განვითარდება, განუვითარებლობა კი ახალი და ზოგჯერ გამოუსწორებელი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს.

როგორ მოვიქცეთ?

ამაზეც პასუხს ისევ ლიტერატურა გვაძლევს. ისევ ილია ჭავჭავაძეს, მის უბერებელ „ოთარაანთ ქვრივს“ დავესესხოთ: „დედაშვილობაში შენ-ჩემობა ვინა სთქვა? ვინ მოიგონა? დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? რად უჭრის დედას ერთი თვალი თავისად და მეორე შვილისად?! ვინ ვისთვისაო? დედაშვილობაში რა საკითხავია?! ვაი, რომ საკითხავი ყოფილა, ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა! არა , შვილო, შენ გაიხარე! მე კი ჩემისად მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ…“ აქ აქცენტი მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე კეთდება, მაგრამ სწორედ ეს არის ყველაზე ახლო ჭრილი ურთიერთობისა, რომლის მოდელზეც საზოგადოებრივი ურთიერთობები ვითარდება.

ლიტერატურის მასწავლებლებს ბევრჯერ გვისწავლებია ტექსტები, რომლებიც ამ საკითხს, თაობათა კავშირს, საერთოსა თუ განმასხვავებელს უკავშირდება, ხშირად გვიმსჯელია ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ამ პრობლემაზე, და ზოგჯერ (თუ ყოველთვის არა) გადაჭრის გზებიც დაგვისახავს. არაერთხელ გამოგვიკვეთია, რომ მომავალი თაობა ბევრ შეცდომას უშვებს, ხშირად ეს გამოუცდელობის ბრალია, ხშირად შეიძლება სხვა რამეც იყოს გამომწვევი ამისა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ ხშირად ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე, სხვის მაგალითებზე, ისტორიაზეც და ლიტერატურაზეც. და მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ახალ აზრებს, დაიბადონ, ახალ ადამიანებს, რომ გამოჩნდნენ.

რას გვასწავლის ლიტერატურა? სხვა ბევრ რამესთან ერთად, ამასაც გვასწავლის.

 

ვინ უსმენს ბავშვებს

0

11-15 წლის ბავშვებს ვთხოვე, სასკოლო ცხოვრებიდან გამოეკვეთათ ერთი პრობლემა. საუბრობდნენ გულწრფელად, თამამად და რაც ყველაზე მთავარია, დიდი ემპათიით, რამაც გამაკვირვა. მათი საუბრის ტონში არ იგრძნობოდა აგრესია. ისიც შევნიშნე, რომ თითქოს პრობლემას, რომელიც შეამჩნიეს, უკვე შეჰგუებოდნენ კიდეც.

წარმოიდგინეთ, რომ ბავშვების ხმებს უსმენთ და იმგვარად წაიკითხეთ ჩემი დღიურიდან მათი ნებართვით ამოწერილი წინადადებები:

  • უპატივცემულობა – შეიძლება არ იყო მისი მეგობარი, მაგრამ პატივი უნდა სცე და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო“.
  • „მასწავლებლების სიუხეშე“.
  • მიკერძოებულობა ნიშნების წერისას – ნიშნებს იმის მიხედვით რომ წერენ მასწავლებლები, მოსწონთ თუ არა ბავშვი“.
  • ფავორიტიზმი – ბავშვს იმის გამო რომ უწერენ ნიშანს, ერთ-ორ გაკვეთილზე რომ იაქტიურა“.
  • „ჩაცმულობასა ან მეტყველებაზე რომ დასცინიან ბავშვები ერთმანეთს“.
  • არასანდო გარემო“.
  • „შეცდომებზე ყურადღების გამახვილება, დაძაბულ გარემოს რომ ქმნიან მასწავლებლები“.
  • „ბავშვების დაჩაგვრა სკოლაში – უფროსკლასელები უმცროსკლასელებს რომ ჩაგრავენ“.
  • „სწავლების ზედა საფეხურზე არჩევითი საგნები რომ არ არის“.

მოსმენისას ვფიქრობდი, თურმე რამდენს დარდობენ ბავშვები, რა სხარტად აფასებენ მოვლენებს, როგორი მომნუსხველია მათი გულწრფელობა.

მერე წარმოვიდგინე, სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულებისას სკოლამ თავის ყველა მოსწავლეს რომ სთხოვოს ერთი პრობლემის გამოკვეთა, მასწავლებლები რომ დავსხდეთ ერთად, წავიკითხოთ – რა აწუხებთ ბავშვებს, რა საინტერესო პროცესი იქნებოდა. თუნდაც ერთი პრობლემის გადაჭრაც რომ შევძლოთ, უკეთეს სასკოლო გარემოს შევქმნიდით.

ბავშვებს სჭირდებათ ვინმე, ვისაც გაანდობენ გულისწუხილს, ვინც მათ გულისხმიერად მოუსმენს. დღეს ვინ უსმენს ბავშვებს?

ბავშვებისა და ზრდასრულების სამყარო იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, თითქოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ბავშვობიდან არ დაწყებულა. ამ მტკივნეულ თემას ეხება ჰერმან ჰესე თავის ზღაპარში „ჯადოქრის ბავშვობა“. ულამაზესია მწერლის მოგონებები საკუთარი ბავშვობის შესახებ. მაგიურობით გაჯერებული სივრცე – ნივთები, დედა, მამა, პაპები და ბებიები, სტუმრები და ოცნებები ზრდასთან ერთად მიზიდულობას კარგავს. ჰერმან ჰესესთვის სკოლა ბავშვობისგან განჯადოების ადგილია. ის წერს:

 

„განა უცნაური და საეჭვო არ ჩანდა, რომ ამ „დიდ“ ადამიანებშიც, რომლებიც ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები, ასე ცოტა მოიძებნებოდა ისეთი, ვისაც სულ არ დავიწყებოდა და არ გადასჩვეოდა იმას, თუ რა არის ბავშვი, როგორ ცხოვრობს, მუშაობს, თამაშობს, ფიქრობს, რა უყვარს და რა აწუხებს? ცოტანი, ძალიან ცოტანი იყვნენ, ვისაც ეს ჯერ კიდევ ახსოვდა. ყველა ისეთი ტირანი და სიტყვამკვახე როდი იყო, ბავშვებს ბოროტად და სიძულვილით რომ ექცევიან, ყველგან თავიდან იშორებენ, ავი თვალით და ამრეზით უყურებენ, ზოგჯერ თითქოს ეშინიათ კიდეც მათი. მაგრამ იმ სხვებმაც, კეთილგანწყობილებმა, ხანდახან ბავშვებთან სასაუბროდაც რომ იცლიდნენ, უმეტესწილად არ იცოდნენ, რა იყო მთავარი და რა იყო – მეორეხარისხოვანი, მათაც კი – თუ ჩვენთვის თავის გაყადრებას გადაწყვეტდნენ – დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რათა ბავშვებამდე დაშვებულიყვნენ. თუმცა არა ნამდვილ ბავშვებამდე, არამედ გამოგონილებამდე, ბავშვების ბრიყვულ კარიკატურებამდე“ [ჰესე 2020, 353].

ამ მონაკვეთის წაკითხვამ დამზაფრა, იმდენად მტკივნეულად აღწერა მწერალმა ბავშვობასთან განშორების მარადიული წრებრუნვა. თითქმის ასი წელია გასული „ჯადოქრის ბავშვობის“ დაწერის შემდეგ, მაგრამ განა ბავშვების მიერ ჩამონათვალ პრობლემებში კვლავ არ იგრძნობა წყენა უფროსებისადმი?!

საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ არ ვუსმენთ ბავშვებს? რატომ ვესაუბრებით ძირითადად ბრძანებითი კილოთი?

ბავშვებისთვის მოსმენაზე ფიქრმა კიდევ ერთი გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს, წიგნი „მომო“ გამახსენა. მომო პატარა, ობოლი გოგოა, რომელიც ქალაქის გარეუბანში ძველ ამფითეატრში დასახლდება და ყველას თავს შეაყვარებს.

„ახლა კი, გაგანდობთ პატარა მომოს დიდ საიდუმლოს: მომო ადამიანებს უსმენდა“. – პირველ თავში ამოვიკითხე ეს ფრაზა და ისეთი სიხარულით ავივსე, ცოტა ხანს კითხვა შევწყვიტე. მწერალი ადამიანის ისეთ ფაქიზ და აუცილებელ თვისებას შეეხო, მივხდი, რომ დროულად ვკითხულობდი ძალიან ღრმა და მნიშვნელოვან წიგნს. ასეც აღმოჩნდა.

„დიდი ამბავი! – იტყვის ზოგიერთი მკითხველი, მოსმენა ხომ ყველას შეუძლიაო.

ეს თქვენ გგონიათ, რომ ყველას შეუძლია. სიმართლე თუ გინდათ, ნამდვილი მოსმენა ძალზე ცოტას ეხერხება, მომოსნაირი გულისყურით კი ქვეყნად არავინ უსმენდა.

ისე უსმენდა, თავქარიანებსაც ბრძნული აზრები მოსდიოდათ თავში, თუმცა ნურც იმას იფიქრებთ, თითქოს მომო უჩვეულო ამბებს ჰყვებოდა და სხვებსაც ბრძნულ აზრებს შთააგონებდა. არა, იჯდა თავისთვის გატრუნული და მოსაუბრეს ყურს უგდებდა, მაგრამ იცით როგორ უსმენდა? – მთელი გულისყურითა და თანაგრძნობით. დიდრონი, შავი თვალებით მისჩერებოდა თანამოსაუბრეს და ისიც თავის სიცოცხლეში პირველად გრძნობდა, თუ რა საოცარი და საინტერესო აზრები უტრიალებდა თავში“ [ენდე 2024, 22].

მგონია, რომ მომოს გაცნობის შემდეგ უკეთესი მსმენელი გახდება მკითხველი. ნეტავ, სამყაროს ყველა სკოლა მომოს მსგავსი მსმენელებით იყოს სავსე. ნეტავ, მეც ხშირად მისმენდნენ ასე. ნეტავ, მეც შევძლო მომოსნაირი მოსმენა. ვფიქრობ, თუკი ზრდასრულები, მასწავლებლები და მშობლები, მომოს დავემსგავსებით, სტატიის თავში მოზარდების მიერ ჩამოთვლილი პრობლემები გაქარწყლდება. მთავარია, გულით მოსმენა ვცადოთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ენდე, მიხაელ. 2024. მომო. თარგ. ასმათ ფიცხელაური-ფარჯიანი. რედ. მზია გელაშვილი. თბილისი: აზროვნების აკადემიის გამომცემლობა
  2. ჰესე, ჰერმან. 2020. 33 ზღაპარი. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...