ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

დიდი ქვეყანა

0

თვეების წინ პოლონეთში მოგზაურობის ბედნიერება მხვდა წილად. პოლონეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა და აქვს ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ხშირად პოლონეთის პოზიციას განუსაზღვრავს ისტორიის დინების მიმართულება, მას შეუცვლია მილიონობით ადამიანის ბედი.

ნებისმიერი მოგზაურობის წინ საკუთარ თავს ორ შეკითხვას ვუსვამ. თავდაპირველად, ვცდილობ ვიფიქრო კონკრეტული სახელმწიფოს განსაკუთრებულ მახასიათებლებზე, შემდეგ კი ვარკვევ, რა აკავშირებთ მოცემულ მხარეში მცხოვრებ ხალხებს საქართველოსთან.

ჩემთვის ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყანა სამ ბრწყინვალე ადამიანთან ასოცირდება.

პოლონეთის ხსენებისას ოდნავ განათლებულ ადამიანებს პირველად თავში ფრედერიკ შოპენის სახელი ამოუტივტივდებათ ხოლმე. მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ლეგენდას დედამიწის ყველა კუთხეში კარგად იცნობენ, უამრავი მუსიკოსი გატაცებით ასრულებს მის საფორტეპიანო ბალადებსა და კონცერტებს, მის მიერ ხელახლა გაცოცხლებული მაზურკა, პოლონეზი და ვალსი რამდენიმე საუკუნეა იპყრობს ჩვენი პლანეტის ყველაზე მაღალი რანგის სცენებს. მახსოვს, როგორი გაოცებული ვუსმენდი ჩემს მუსიკის მასწავლებელს, მზია დუღაშვილს, რომელმაც შოპენის აღსასრულის შესახებ გვიამბო. გამორჩეული ხელოვანის ამბავმა ჩვენთვის მუსიკის ისტორიის გაკვეთილი სერიოზულ საგნად აქცია. პედაგოგმა აგვიხსნა, რომ პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე, მხოლოდ დიდი კომპოზიტორის სხეულია დაკრძალული. შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში. შოპენი მამით ფრანგი (ლოთარინგიელი) იყო, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მისმა შემოქმედებამ შუქი პარიზში იხილა, მაგრამ მას მაინც არასდროს ავიწყდებოდა მტრის მიერ დაპყრობილი, დამონებული, მრავალჯერ აჯანყებული მშობლიური ქვეყანა, რომლის ფოლკლორმა გენიალური კომპოზიტორის ნიჭს პირველი საზრდო მისცა.

ალბათ, არ არსებობს პოლონელი, რომელიც გულმხურვალე პატრიოტი არ არის. არაერთხელ გამიხსენებია სრულიად უნიკალური ბუნებისმეტყველი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაშიც და ქიმიაშიც, დიდი ქალი მეცნიერი – მარია სლოდოვსკა-კიური, რომელმაც მისი და მისი ქმრის პირველ აღმოჩენას, ახალ ქიმიურ ელემენტს მიწასთან გასწორებული და მსოფლიოს მიერ დავიწყებული სამშობლოს სახელი დაარქვა და ამგვარად, პოლონეთს სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში (პოლონიუმი).

ვარშავის შუაგულში, ერთი ფეშენებელური სასტუმროს წინ, მყუდრო პარკში დგას ებრაული წარმოშობის ექიმი-პედიატრისა და მწერლის ულამაზესი მონუმენტი. ამ შესანიშნავი ავტორის საბავშვო რომანის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ქვეყნად არსებობს ძალაუფლება, რომელიც საშიშიც შეიძლება იყოს და სასარგებლოც; რომელსაც სიფრთხილით გამოყენება სჭირდება. მისი წიგნიდან გავაცნობიერე, რომ ძალაუფლების უზურპაცია, მიტაცება ერთი ადამიანისთვისაც და მთელი ერისთვისაც ტრაგედიად შეიძლება იქცეს. გავიგე ომისა და მშვიდობის, პატიმრობისა და მძიმე შრომის ფასი. ბევრ ჩემს თანატოლს, ალბათ, ბავშვობიდან ხშირად უხმობს განუმეორებელი იანუშ კორჩაკის მიერ მეფის ტახტზე აყვანილი მათიუში.

ნახსენებ მონუმენტზე კორჩაკი მარტო არ არის გამოსახული, მის ირგვლივ ბავშვები არიან შემოკრებილნი, მისი პაციენტები, მკითხველები და არა მხოლოდ… 1911 წლიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მწერალი მის მიერვე დაფუძნებულ „ობოლთა სახლს“ ხელმძღვანელობდა, სიღარიბის, უდედმამობისა და ავადმყოფობის მარწუხებისგან ცდილობდა ბავშვების სიცოცხლის გამოხსნას.

მთელმა მსოფლიომ იცის, რა გააკეთა იანუშ კორჩაკმა მას შემდეგ, რაც „ობოლთა სახლის“ მკვიდრნი ტრებლენიკაში გადაასახლეს. მას შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა, მაგრამ უარი განაცხადა გათავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება არჩია. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, იანუშ კორჩაკი პატარებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე კორჩაკი ხელში აყვანილ ბავშვებს ზღაპარს უყვებოდა.

ასეთი დიდი ადამიანების სამჭედლოდ ქცეული პოლონეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოსთან.

მოგზაურობისას სულ რამდენიმე საათი მქონდა თავისუფალი, ისიც სისხამ დილით. თავდაპირველად ვისლას გადაღმა მდებარე პატარა ქუჩას მივაშურე, ბევრი ვიარე, სარემონტო პოლიგონები გადავლახე და მივაგენი პატარა კორპუსს, რომელზეც უზარმაზარი სტელაა განთავსებული. სტელაზე პოლონურთან ერთად ქართული, მხედრული ასოებიც არის დატანილი. წარწერა იუწყება, რომ რამდენიმესართულიან სახლში მღვდელი გრიგოლ ფერაძე ცხოვრობდა. წმინდანად შერაცხილი მოღვაწე პოლონეთის ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა, შრომობდა ადგილობრივ ქართველთა შეკავშირებისა და გაძლიერებისთვის. მას ზურგს უმაგრებდა ბონსა და ბერლინში მიღებული განათლება, გერმანიაში დაცული დისერტაცია, იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს ეროვნული გმირი აქტიურად მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის მიმდინარე დიალოგში. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამ არის.

ამასწინათ მწერალმა ნაირა გელაშვილმა თავის ერთ-ერთ სევდიან, ტანჯული ადამიანისთვის მიძღვნილ წერილში აღნიშნა: „თუ გავიხსენებთ, რომ არც მთის ქადაგებაში, და არც არსად დიად ტექსტებში ადამიანის სიდიდის ნიშნად არც დისერტაციები, არც წიგნები და არც არანაირი დარგობრივი რეკორდები არ სახელდება, არამედ ის, რასაც მეფე დავითი ევედრება ღმერთს: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და სული წრფელი განაახლე ჩემს სხეულში“ და რასაც მეფეთმეფე ამბობს: „გულით სუფთანი ღმერთს იხილავენ“.

გრიგოლ ფერაძეს მხოლოდ მისი საეკლესიო მოღვაწეობით, უმაღლესი კვალიფიკაციით, ზოგიერთი შუქ-ჩრდილით ვერ გავზომავთ. მამა გრიგოლის პიროვნება მისმა იანუშ კორჩაკისეულმა თავდადებამ განსაზღვრა. ქართველი მღვდელი ფაშისტებმა შეიპყრეს, ებრაელთა თანადგომა და ანტინაცისტური საქმიანობა წამოაძახეს, ოსვენციმის ბანაკში უკრეს თავი. მასზეც არსებობს გადმოცემა, რომ მრავალშვილიანი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში და ოდნავ მაინც შეუმსუბუქა ყოფა გაუბედურებულ ოჯახს.

პოლონელები ყველას იწვევენ „ვარშავის აჯანყების მუზეუმში“, რათა სტუმრებს აჩვენონ, როგორ იბრძოდნენ ნაციზმისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ. პოლონელები ამაყობენ, რომ ლამის სისხლისგან დაიცალნენ, რათა ორი ოკუპანტი შეეჩერებინათ, დაეცვათ თავიანთი მიწა-წყალი გერმანელებისა და რუსებისგან. მუზეუმი ათასობით ამბავს უყვება დამთვალიერებელს. დაწესებულების ეზოში კი სვეტები დგას, რომლებიც პოლონეთის თავისუფლებისათვის მებრძოლ სხვადასხვა ერებს ეძღვნებათ. ერთ-ერთ მათგანზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ: „პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს … მათ, ვინც თავი გასწირა პოლონეთისთვის, ემსხვერპლა რა კატინში ჩადენილ დანაშაულს, ვინც გმირულად დაეცა ვარშავის აჯანყების ბარიკადებზე და მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე“. საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული ჯარისკაცები იმპერიას გადარჩენილი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისთვისაც იბრძოდნენ. ჩვენს ოფიცრებს სწამდათ, რომ თუ პოლონეთი სამშვიდობოს გავიდოდა, საქართველოს კვლავ დაუბრუნდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი.

საამაყოა, როცა შენი ქვეყანა მხოლოდ ჯიბგირებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებთან და მკვლელებთან არ არის დაკავშირებული. გულს ცოტა ეფონება, როდესაც საქართველოს ნაკვალევს დიდი ევროპული ნაციის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ინსტიტუციაში აღმოაჩენ.

წელში გამართული, ცოტა სევდიანი მონდომებით ვეძებდი ვარშავის ვეტერინარული სასწავლებლის შენობას, სადაც ნოე ჟორდანია სწავლობდა და რევოლუციონერობისთვის ემზადებოდა. სამწუხაროდ, ვერ მივაგენი ადგილს, სადაც საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელმა პოლიტიკური სიმწიფის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგა.

მოკლე დროში მეტი რაღა უნდა მომეხერხებინა? პოლონეთის დიდ ადამიანებზეც ვიფიქრე, პოლონეთსა და საქართველოს შორის გაბმული წვრილი თუ მსხვილი სიმებიც აღმოვაჩინე. საქმეც ბევრი მქონდა, მთელი დღის მუშაობის შემდეგ, აეროპორტში გამგზავრებამდე დიდი სოციალისტისა და პატრიოტის, პოლონეთის მარშალის – იუსეფ პილსუდსკის ძეგლს შევავლე თვალი, ფოტო გადავიღე და ბარგის ჩასალაგებლად უკან გამოვბრუნდი. გზად ერთ უცნაურ კაცს გადავეყარე, მხოლოდ პოლონურად საუბრობდა, დამინახა პილსუდსკის მემორიალთან და რაღაცებს მიყვებოდა ორ მსოფლიო ომს შორის მოღვაწე გმირზე. ძლივს გავაგებინე, რომ არაფერი მესმოდა. დანგრეული ინგლისურით მაინც მკითხა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი. საქართველოს ხსენებაზე ნერვიულად იმეორებდა „რაჩკევიჩ! რაჩკევიჩ! ქუთაისი! ქუთაისი!“, თან ტელეფონზე მიმითითებდა, მთხოვდა მისი გვარი რომელიმე საძიებო სისტემაში ჩამეწერა. ვუთხარი, რომ ინტერნეტი არ მქონდა, და სწრაფად გამოვეცალე.

შინ დაბრუნებულს გულმა არ მომითმინა და მაინც დავგუგლე რაჩკევიჩის სახელი… სასწაული აღმოვაჩინე. ლონდონში, პოლონეთის დევნილი ხელისუფლების პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ რაჩკევიჩი ყოფილა, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, ქუთაისში დაბადებულა, პოლონელი მოსამართლის ოჯახში.

უცნაურმა აღმოჩენამ ფიქრების ახალი ტალღა ააზვირთა ჩემს გონებაში. დავით აღმაშენებლის ქალაქი ხომ დიდ ხანს იყო აჯანყების გამო დასჯილი და შორეულ კავკასიაში გადმოსახლებული პოლონელების თავშესაფარი. გამახსენდა ერთი კარგი ქუთაისელის ნათქვამი, რომელიც მიმტკიცებდა, „დასავლეთ საქართველოში ღილს „ფოლაქს“ იმიტომ ვუწოდებთ, რომ მეცხრამეტეში „პალიაკებს“ ჰქონდათ ღილების ფაბრიკა გახსნილიო“. ცხადია, თვალწინ გამიელვა დიდი ექიმისა და განმანათლებლის, გრიგოლ ვოლკისა და მარქსის პირველმთარგმნელის, გიორგი ზდანოვიჩ-მაიაშვილის სახეებმა.

ერთი სიტყვით, პოლონეთი და საქართველო, ქართულ-პოლონური ურთიერთობები ამოუწურავი თემაა და უამრავ საფიქრალს გვთავაზობს ცოდნის გაღრმავების გზაზე, სასკოლო პროექტებისა თუ ცხოვრებისთვის.

 

ძველი ყუთის ამბავი

0

ძველ ყუთში ნაპოვნ ნივთიერებებს ვახარისხებდი და გადავწყვიტე მჟანგავები და აღმდგენები ცალ-ცალკე გადამედო.

მოკლედ, ორ ჯგუფი გამოვიდა: მჟანგავები და აღმდგენები. მჟანგავებს აქვთ უნარი სხვა ნივთიერებებიდან ელექტრონები მიიზიდონ. ამ დროს თავად აღდგებიან. მაგ. კალიუმის პერმანგანატი იგივე „მარგანცოვკა“. მართალია, კანონით მისი თავისუფლად შესყიდვა იზღუდება, მაგრამ ლაბორატორიაში, სასწავლო და შემეცნებითი მიზნებისთვის სრულიად დასაშვებია.

პერმანგანატში მანგანუმის ჟანგვის რიცხვი +7-ია, რაც სტაბილური არ არის. ამიტომ, მცირე გახურებითაც კი პერმანგანატი იშლება ჟანგბადის გამოყოფით. მანგანუმი კი დიოქსიდს წარმოქმნის, სადაც მისი ატომი +4 ჟანგვის რიცხვში გადადის და უფრო სტაბილური ხდება. ამ ცდას ლაბორატორიაში ჟანგბადის მისაღებადაც იყენებენ და გამოყოფილი გაზი ნამდვილად ჟანგბადი, რომ არის ანთებული კვარით შეიძლება შემოწმდეს.

პერმანგანატს თუ რომელიმე აღმდგენელს შევურევთ, მაგ. გლიცერინს, მაშინ ორი ნივთიერების შეხების ადგილას ეგზოთერმული პროცესი დაიწყება, რადგან გლიცერინის ჰიდროქსილის ჯგუფები მანგანუმის პერმანგანატით დაიჟანგება. ნარევი იმდენად გაცხელდება, რომ თავისთავად შეიძლება აალდეს.

„მარგანცოვკის“ ძალიან სუსტ ხსნარს მედიცინაში დღესაც იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას. ასევე იყენებენ, ტრანსპორტირებისას ბანანების დამწიფების შესაჩერებლად. „მარგანცოვკა“ შთანთქავს ეთილენს, რომელიც დამწიფების დროს გამოიყოფა. ლაბორატორიაში ეთანოლის და კონცენტრირებული გოგირდმჟავას გაცხელებით შესაძლებელია მივიღოთ ეთილენი. თუ ეთილენს გავატარებთ „მარგანცოვკის“ ხსნარში, შევამჩნევთ, რომ ხსნარი გაუფერულდება, წარმოიქმნება მანგანუმის დიოქსიდი. თავად ეთილენი ეთილენგლიკოლად გარდაიქმნება.

ვანადიუმის მჟავა – დიდი ხნის დების შედეგად დაიშალა და ფაქტობრივად ვანადიუმის (II) ოქსიდს წარმოადგენს. ამ ოქსიდს დღეისათვის იყენებენ, როგორც ლითიუმის მძლავრი აკუმულატორების ანოდების კომპონენტს. ასევე, გამოიყენება წითელი ნათების ლუმინოფორების წარმოებაში.

ვანადიუმის მჟავა შეიძლება მივიღოთ, მაგ. ამონიუმის ვანადატზე NH4VO3 მარილმჟავას მოქმედებით. წარმოიქმნება პოლივანადიუმის მჟავების ნარევი. ამ ნარევში თუ ჩავამატებთ თუთიის გრანულებს, პოლივანადიუმის მჟავები აღდგენას დაიწყებენ და გამოყოფენ წყალბადს.

სხვათა შორის, რიბოფლავინის, ანუ B2 ვიტამინის აღმოჩენა შესაძლებელია წყალბადის მეშვეობით. მაგ. ავიღოთ მწვანე ჩაი (რომელშიც არის რიბოფლავინი), შემდეგ შიგნით ჩავაგდოთ თუთიის გრანულა და დავამატოთ მარილმჟავა. თუთია წყალბადს გამოაძევებს და ხსნარი მიიღებს ვარდისფერ შეფერილობას. ეს იმიტომ ხდება, რომ რიბოფლავინის ჰიდროქსილის ჯგუფები დაიჟანგებიან გამოყოფილი წყალბადით.

სიტყვამ მოიტანა და იცით, რა არის დამჟანგავი?

ეს ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ატომებს ან იონებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ატომებს ან იონებს ელექტრონები წაართვან. მაგალითად, რატომ არის ძლიერი მჟანგავი კალიუმის ბიქრომატი? მის შემადგენლობაში მყოფ რომელ ელემენტს აქვს მჟანგავის თვისება? კალიუმი ყველა ნაერთში კარგავს თავის ერთადერთ ელექტრონს და დადებითად არის დამუხტული. აქაც მისი დაჟანგულობის რიცხვი +1-ია. ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხი ყველა ნაერთში -2-ია. ქრომის დაჟანგულობის რიცხვი კი +6, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სწორედ ქრომია მჟანგავი. სწორედ +6 დაჟანგულობის ხარისხი აქვს ქრომს მინერალ კროკოიტშიც, საიდანაც ის პირველად გამოჰყვეს. ამ მინერალის ფორმულაა PbCrO4 – ტყვიის ქრომატი.

ზოგჯერ დამჟანგავი და აღმდგენელი ერთ მოლეკულაშია და ისინი ერთმანეთზე რეაგირებენ. ასეთ რეაქციებს თვით აღდგენის ან დაჟანგვის რეაქციებს უწოდებენ. მაგ. ამონიუმის ბიქრომატი. გარეგნულად კალიუმის ბიქრომატისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა ალბათ გახსოვთ, როგორ აქტიურად იშლება. ამ რეაქციას ხუმრობით „ვულკანს” ვუწოდებთ.

ამონიუმის ბიქრომატში ქრომს მაქსიმალური ჟანგვის რიცხვი +6 აქვს. ამიტომ, დამჟანგავს წარმოადგენს. ქრომის ნაერთები წყალბადით აღდგენისას იოლად იცვლიან ფერებს. თუ დიქრომატის ხსნარს დავამატებთ თუთიის გრანულებს და მარილმჟავას, ჯერ აღდგებიან ქრომის ქლორიდმდე და ნარინჯისფერი ყვითელ-მომწვანო შეფერილობაში გადავა. თუ რეაქციას გავაგრძელებთ ცისფერი ფერის არასტაბილური ქრომის (II) ქლორიდი წარმოიქმნება. ქრომის +6 ჟანგვის რიცხვით ძალიან ტოქსიკურია, ამიტომ მასთან მუშაობა სიფრთხილით უნდა მოხდეს.

მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში კალიფორნიაში ერთი კომპანია უბრალოდ ადგა და დიდი რაოდენობით ბიქრომატი საკანალიზაციო წყლებში ჩაღვარა. ამან, ჩამდინარე და მიწისქვეშა წყლების ფართომასშტაბიანი დაბინძურება გამოიწვია და იქაური მცხოვრებლები დააავადა. მხოლოდ 30 წლის შემდეგ, როგორც იქნა დადასტურდა მათი ბრალეულობა და დაზარალებულებისთვის სამას ოცდაათი მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. ეს იყო ქალაქი ჰინკლი და მისი მცხოვრებლები. გაგახსენდებათ მშვენიერი ფილმი ამ ფაქტის შესახებ, სადაც დეტექტივის როლს ჯულია რობერტსი ასრულებს.

და იოდი? ესეც დამჟანგვია?

იოდის და ალუმინის ფხვნილს თუ ერთმანეთს შევურევთ, არაფერიც არ მოხდება. თუმცა, თუ წყლის რამდენიმე წვეთს დავამატებთ, მაშინ? იოდი წყალში გახსნას დაიწყებს და წარმოქმნის მჟავას, რომელიც შევა ალუმინთან რეაქციაში და სარეაქციო არე იისფერი კვამლით დაიფარება. ასევე, თვითაალდება და საკმაოდ ლამაზი სანახავი იქნება.

და ნატრიუმის მოლიბდატი? მას  დღეს სასუქადაც იყენებენ იმ ნიადაგისთვის, სადაც მოლიბდენის ნაკლებობაა. ნატრიუმის მოლიბდატს იყენებენ წყლის დაქლორვის პროცესის ანოდების კოროზიის ინჰიბიტორად. წყალხსნარებში მაგნიუმის, მარილმჟავასა და გამოყოფილი წყალბადის მეშვეობით იოლად შეგვიძლია აღვადგინოთ. რეაქციის შედეგად ე.წ. მოლიბდენის ლურჯი წარმოიქმნება, რომელიც იშვიათი ლურჯი პიგმენტია.

კალიუმის ნიტრატი ცნობილია ბევრისთვის. აქტიურად შედის რეაქციაში შაქართან და მისგან რაკეტის საწვავიც შეიძლება დამზადდეს. მაგ. ქსილიტთან ან საქაროზასთან თუ შევალხობთ და მიღებულ მასას გავაცივებთ, კარგად დაიწვება. კალიუმის ნიტრატი ასევე პიროტექნიკის შემადგენლობაში გვხვდება და იასამნისფერ შეფერილობას აძლევს ცეცხლს. სტრონციუმის ნიტრატი ან სხვა მარილი კი ცეცხლის ალს წითლად შეაფერადებს.

ახლა აღმდგენლები, ანუ ნივთიერებები, რომლებიც თმობენ ელექტრონებს.

ნატრიუმის იოდიდი – კარგად იჟანგება იგივე „მარგანცოვკით“. წარმოიქმნება იოდი, რის გამოც სარეაქციო არე მოყვითალო ფერს იღებს. ასევე, კალიუმის იოდიდის მსგავსად, წყალბადის პეროქსიდის დაშლის რეაქციის კარგი კატალიზატორია.

პოლიეთილენგლიკოლი – ეს ნივთიერება სამუხრუჭე სითხის მთავარი კომპონენტია. თუ ძლიერ მჟანგავს შევურევთ, იოლად აალდება.

ძველი ყუთიდან ამოლაგებული ნივთიერებებიდან აღმდგენლები მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა.

ეგ არაფერი, ამათაც მოვუძებნი საქმეს.

 

 

სალმან რუშდის შავი სარკე

0

გასახარელი ამბავია – სალმან რუშდის „კიშოტი“ ქართულად თარგმნეს. სხვებზე ადრე კი ის მკითხველი გაიხარებს, ვისთვისაც სერვანტესის „დონ კიხოტი“ წიგნთა წიგნად დარჩება, რამდენი წელიც უნდა გავიდეს, რამდენი მთისა და ზღვის გადალახვაც უნდა მოუხდეს. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ სალმან რუშდის რომანები გატაცებით არასდროს წამიკითხავს და არც მის ახალ ნამუშევრებს დავლოდებივარ მოუთმენლად. თითქოს ვიცოდი, რა აწერინებდა, როგორ წერდა. მაგრამ „კიშოტი“ საკვირველად კარგია, ერთდროულად სახალისოც და დამაფიქრებელიც, მსუბუქიც და იმ სიმართლით დამძიმებულიც, რომლისთვის თვალის გასწორებაც გარდაუვალად მოგვიწევს.

ვინ არის? რამ შეშალა და გადარია? ვისზე შევარდნია გული და საით გაუწევია განუყრელ თანამგზავრთან ერთად? – კითხვები მაშინვე ჩნდება, როგორც კი სათაურს კითხულობ. კიშოტი ფრანგულად გამოთქმული კიხოტია და მხოლოდ ერთზე მიგანიშნებს – ახალი თავგადასავლის მონაწილე ხდები, ქალამანი უნდა ამოიცვა, აბგა საგზლით უნდა გაავსო და სერვანტესის წიგნიც თან წაიღო. სამყარო, რომელშიც მოგზაურობ და რომელსაც მეტად კარგად იცნობ, აი, ასე აღიწერება: „გარშემო ყველაფერი სრიალებს, ვერაფერს მოეჭიდები“.

ეპოქის მთავარ ნიშნად მწერალი იმას ხედავს, რომ ნებისმიერი რამაა მოსალოდნელი, რამდენადაც წესები აღარ არსებობს, სიმართლე კი გამონაგონზე უცნაურია: „ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო: ძველი მეგობრები ახალ მტრებად ქცეულიყვნენ, ხოლო შეჩვეული მტრები – ახალ საუკეთესო მეგობრებად ან საყვარლებადაც კი. ამინდის, ომის გაჩაღების ანდა არჩევნების შედეგების პროგნოზირება უკვე შეუძლებელი იყო. თავისუფლად შეიძლებოდა, ქალს გოჭი შეჰყვარებოდა, კაცს კი ბუსთან ერთად დაეწყო ცხოვრება, […] ბოროტმოქმედები მეფეები გამხდარიყვნენ, ხოლო მეფეები ბოროტმოქმედები გამომდგარიყვნენ“. ჩამონათვალი გრძელია, შედარებები – ხან ზუსტი და სასაცილო, ხან ზუსტი და გამაღიზიანებელი, ხან უბრალოდ ზუსტი.

მკითხველს სიამოვნებას არ მოვაკლებ და ჩვენი დროის დონ კიხოტზე, მის ახირებებზე, ხეტიალზე, ხეტიალის დასასრულზე არაფერს ვეტყვი. ისევ იმას დავუბრუნდები, რასაც მწერალი დღევანდელ ყოფაზე, მის მთავარ მახასიათებლებზე წერს. ერთი ასეთი ნიშანი გაზრდილი ემიგრაცია, ემიგრანტების ტანჯული ცხოვრებაა: „გატეხილი ოჯახები შეიძლება ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო საშუალება იყოს ამ გატეხილ მსოფლიოზე დასაკვირვებლად. გატეხილი ოჯახები გატეხილი ადამიანებისგან შედგება […] ჩვენ, გატეხილი ადამიანები… შეიძლება ჩვენი დროის საუკეთესო სარკეები ვიყოთ, მოელვარე ნატეხები, რომლებიც სიმართლეს ვირეკლავთ, სადაც უნდა გავემგზავროთ, სადაც უნდა ჩავიდეთ, სადაც უნდა დავრჩეთ“.

„შავი სარკე“ – ცნობილი ბრიტანული ტელესერიალი გამახსენდა, რომლის გმირებადაც ადვილად წარმოიდგენ რუშდის კიშოტს, მის წარმოსახვით ვაჟიშვილს, სახელად სანჩოს და გულის სწორს – ტელეწამყვან სალმა რ.-ს, რომლის ინიციალებიც, შენიშნავდით, თავად ავტორისაა. სანჩო ვახსენე და მისი სიტყვებიც აქვე იყოს: „ვცდილობ, „ნორმალურის“ მნიშვნელობას მივხვდე… ნორმალურია ცეცხლსასროლი იარაღი და ნორმალურია ამერიკა, რომელსაც სიდიადის დაბრუნება უნდა, მაგრამ ისიც ნორმალურია, თუ არასწორი ფერის კანი გაქვს, თუ განათლებული ხარ და ისიც, თუ განათლება ტვინის გამორეცხვა გგონია. არის ამერიკა, რომელსაც ბავშვების აცრის სჯერა და არის ამერიკა, რომელსაც ეს თაღლითობა ჰგონია. ყველაფერი, რისაც ერთ ნორმალურს სჯერა, მეორე ნორმალურისთვის სიცრუეა, თან ისინი, ყველანი, ტელევიზორში არიან“. სანჩო მსჯელობს, მსჯელობს და ბოლოს მიხვდება, ამოყირავებული ქვეყანა ყოფილა ნორმალურიო.

სალმან რუშდის წიგნში იმასაც ამბობენ, ჩვენს დროში შეიძლება მთელი ერი ლემინგების გუნდივით გადახტეს კლდიდანო. აი, რა ხანაა და კიშოტი მაინც თავს ირწმუნებს, რომ სიყვარული გაიზრდება და ლამაზ ყვავილად გაიშლება, რომ გადარჩება და გადაარჩენს.

იუთუბერები და მათი ვიდეოები როგორც სასწავლო რესურსი

0

(ნაწილი მეორე)

– მასწ, კიდევ როდის უნდა ვნახოთ იუთუბერების ვიდეოები? – ამ კითხვით დაიწყო მორიგი სამუშაო კვირა. მოსწავლეები აშკარა ინტერესს გამოხატავენ მათთვის ნაცნობი სტილით მოყოლილი ამბებისა და ნაჩვენები ისტორიების მიმართ. ვიზუალური თხრობა, რომელიც უშუალო მონაწილის თვალით დანახულს გადმოსცემს, მოზარდებში აღვიძებს ემპათიას, აჩენს კითხვებს და მსოფლიოს გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ რუკას გაცილებით ხელშესახებს ხდის.

ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ ვიდეორესურსს, რომლებიც შეგვიძლია გეოგრაფიისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე გამოვიყენოთ. ჩვენი მარშრუტი აფრიკის ღარიბი უბნებიდან იწყება. გაივლის აზიის მჭიდროდ დასახლებულ და დაბინძურებულ ქალაქებს, ჩაკეტილ დიქტატურას – თურქმენეთს, გვამოგზაურებს ამაზონის ჯუნგლებში და ანდებში ჩაკარგულ დასახლებაში დასრულდება.

 

  1. „შავი ვენეცია“ – ცხოვრება წყალზე

წყალზე გაშენებულ ქალაქებს როცა ვახსენებთ, პირველი მდიდრული ვენეცია გვახსენდება, თუმცა აფრიკის კონტინენტზეც მოიძებნება ასეთი ქალაქი.

ვიდეო გვიყვება ნიგერიაში მდებარე დასახლება მაკოკოზე, რომელსაც ხშირად „შავ ვენეციას“ უწოდებენ. ეს წყალზე გაშენებული ღარიბთა დასახლებაა, სადაც არ არის კანალიზაცია, სუფთა წყალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბლოგერი გვაჩვენებს ადგილობრივთა ყოფას, წყალზე გაშენებულ სკოლებს და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას მოსახლეობა.

მაკაკოში არსებული ვითარება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ და კოლექტიურ უფლებებს უკავშირდება. აქ ნაჩვენებია:

  • უკიდურესი სიღარიბე და ანტისანიტარია;
  • ინფრასტრუქტურის არარსებობა, ელექტროენერგიის, წყალგაყვანილობისა და გზების დეფიციტი;
  • განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა – ბავშვების სირთულეები სკოლაში სიარულთან დაკავშირებით;
  • კრიმინალი – ადგილობრივი დაჯგუფებები, რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიას და ეწევიან რეკეტს.

 სავარჯიშო / სადისკუსიო კითხვები:

  1. რა განცდა გაგიჩნდათ, როდესაც ნახეთ ბავშვები, რომლებიც დაბინძურებულ წყალში ნავებით დადიან სკოლაში?
  2. როგორ ფიქრობთ, რა პარალელის გავლება შეიძლება საქართველოს მაღალმთიანი ან სოციალურად დაუცველი რეგიონების პრობლემებთან? არის თუ არა მსგავსება განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით?
  3. თქვენ რომ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მერი იყოთ, რით დაიწყებდით მაკოკოს პრობლემის მოგვარებას – დასახლების აღებით და ხალხის გადასახლებით თუ ადგილზე პირობების გაუმჯობესებით? პასუხი დაასაბუთეთ.

 

  1. ბანგლადეში – მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანა, ქაოსი და ბრძოლა გადარჩენისთვის

ჩვენი მოგზაურობა ინდოეთის სუბკონტინენტზე გრძელდება. ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ვიდეოში ნაჩვენებია მისი დედაქალაქი დაკა, სადაც სატრანსპორტო კოლაფსი, ხმაური, გარემოს, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ყოველდღიურობაა. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა და არასრულწლოვანთა მძიმე შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

ვიდეოში იკვეთება გეოგრაფიის X და XI კლასებში შემოთავაზებულ თემატურ ერთეულებთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

  • ჭარბმოსახლეობა, რესურსების დეფიციტი და ქალაქის გადატვირთვა;
  • ეკოლოგიური კატასტროფა – ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება;
  • სიღარიბე, შრომითი უფლებების დარღვევა – მძიმე ფიზიკური შრომა და დაბალი ანაზღაურება;
  • უიმედობა/პესიმიზმი.

ფილმის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ შემდეგი სავარჯიშოები/სადისკუსიო კითხვები:

  1. რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე დაკას ქუჩებში არსებულმა ქაოსმა და ხალხმრავლობამ?
  2. საქართველოს დიდ ქალაქებში ხშირად ვწუწუნებთ საცობებსა და ჰაერის დაბინძურებაზე. ვიდეოს ნახვის შემდეგ როგორ შეადარებდით ამ ორ რეალობას? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბანგლადეშის მაგალითზე ურბანიზაციის შესახებ?
  3. როგორ შეიძლება ისე გადაიჭრას ჭარბმოსახლეობის პრობლემა, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები?
  4. რას გააკეთებდით ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?

 

  1. თურქმენეთი: მარმარილოს ქალაქი და დიქტატურა

მომდევნო ვიდეო გვიყვება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის – თურქმენეთის შესახებ. მისი დედაქალაქი აშხაბადი, რომელიც თეთრი მარმარილოთია აშენებული, ერთი შეხედვით მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ მოსწავლეები მალევე გრძნობენ, რომ ქუჩები ცარიელია და აშხაბადი ჰგავს მოსახლეობისგან დაცლილ საჩვენებელ ქალაქს… მოგზაური გვაჩვენებს ავტორიტარული რეჟიმის, პიროვნების კულტისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხელშესახებ შედეგებს. აქ გამეფებული ავტორიტარიზმი და დიქტატურა, სიტყვის თავისუფლების არარსებობა, რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა – ფასადური მშენებლობები ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე, იზოლაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ინფორმაციული ვაკუუმი ხომ ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელია.

 

სადისკუსიო კითხვები:

  • რას გრძნობდით ცარიელი, თეთრი მარმარილოს ქალაქის ყურებისას – სიმშვიდს თუ შიშს? რატომ?
  • საქართველომაც გაიარა საბჭოთა კავშირის პერიოდი. ხედავთ თუ არა პარალელებს წარსულსა და თურქმენეთის აწმყოს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა?
  • თქვენ რომ თურქმენეთის ახალგაზრდა მოქალაქე იყოთ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა და უკან დაბრუნდა, რის შეცვლას ეცდებოდით თქვენს გარშემო არსებულ სოციუმში?

დავალების პირობა: ფილმის ყურების დროს შეაგროვე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მოამზადე წერილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელზე. წერილში მიუთითე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ის მუხლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა თურქმენეთში.

 

  1. ამაზონი: ველური ბუნება და ცივილიზაცია

ბლოგერი გიორგი ჯობავა გვაცნობს მსოფლიოს „ფილტვებს“ – ამაზონის ჯუნგლებს. ვიდეოში ნაჩვენებია ცხოვრება ადგილობრივი ტომებისა, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები, თუმცა ცივილიზაციის გავლენა მათაც ეხებათ. ეს არის ამბავი ბუნებასთან ჰარმონიასა და გადარჩენაზე.

ვიდეოში გამოკვეთილი პრობლემებია:

  • გლობალიზაცია და ტრადიციული ყოფის გაქრობის საფრთხე;
  • ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ათვისება, ტყეების გაჩეხვა და ეკოსისტემის განადგურება;
  • მედიცინასა და განათლებაზე შეზღუდული წვდომა.

სადისკუსიო კითხვები:

  1. ისურვებდით თუ არა ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც ტექნოლოგიები არ არის და ბუნებასთან ახლოს ხართ?
  2. როგორ უკავშირდება ამაზონის ტყეების პრობლემა (ჟანგბადი, კლიმატი) საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს?
  3. როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა – მივცეთ ადგილობრივ ტომებს განვითარების (გზები, ინტერნეტი) საშუალება თუ დავიცვათ მათი იზოლირებული კულტურა ჩარევისგან?

 

  1. ლა რინკონადა: ქალაქი კანონების გარეშე

პერუ, ანდები, ზღვის დონიდან 5100 მეტრი. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასახლება – ლა რინკონადა. ეს არის ადგილი, სადაც ოქროს მომპოვებლები ცხოვრობენ. აქ არ არსებობს კანონი, პოლიცია, კანალიზაცია და ჟანგბადიც კი ნაკლებია. ყველაფერს მართავს ოქროს ციებ-ცხელება, სიხარბე და კრიმინალი.

ქალაქში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ადგილი აქვს შრომითი ექსპლუატაციას. სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა – ვერცხლისწყლით მოწამლულია გარემო და, რაც მთავარია, ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.

ვიდეოს ერთობლივი ყურების შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს დაუსვათ შემდეგი კითხვები:

  1. რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც ნახეთ, რა პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა ოქროს მოსაპოვებლად?
  2. საქართველოშიც არის სამთო-მომპოვებელი ადგილები (მაგ., კაზრეთი, ჭიათურა, ტყიბული). რა მსგავსება და განსხვავებაა შრომით უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის?
  3. ლა რინკონადაში ერთი კანონის მიღება და აღსრულება რომ შეგეძლოთ, რომელი იქნებოდა ეს და რატომ? როგორ მოაგვარებდით ნაგვისა და ვერცხლისწყლის პრობლემას?

ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეოები ერთგვარი ვირტუალური ექსკურსიაა მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში. მათი ნახვა მოსწავლეებს დაეხმარება, გასცდნენ სახელმძღვანელოებში ამოკითხულ მშრალ სტატისტიკას და დაინახონ მის მიღმა რეალური ისტორიები.

როდესაც მოსწავლე მსჯელობს, როგორ მოაგვარებდა პრობლემას ლაგოსში ან დაკაში, ის სწავლობს პასუხისმგებლობიანი მოქალაქის აზროვნებას, რაც საბოლოოდ თავისი ქვეყნის – საქართველოს პრობლემების გააზრებასა და გადაჭრაშიც დაეხმარება. სწორედ ეს არის გეოგრაფიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებული სწავლების მთავარი მიზანი.

სელექციური მუტიზმი ბავშვებში

0

ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ შეხება და მათი სწავლა-აღზრდით არიან დაკავებულნი, დამეთანხმებიან, რომ ხანდახან შეიძლება ძალიან უცნაური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ – არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ბავშვი ერთ სიტუაციაში ჩვეულებრივ ლაპარაკობს გარშემომყოფებთან, სხვა სიტუაციაში კი საერთოდ „მუნჯდება“. სწორედ ამგვარი სირთულის გამო წუხდა რამდენიმე დღის წინ ერთი პედაგოგი, რომელიც ბავშვის მშობელს უმტკიცებდა, რომ მისო შვილი ხმას არ იღებს, არავისთან ურთიერთობს, შეკითხვებზე არ პასუხობს, გაკვეთილს არ ყვება. ბავშვის დედა გაოცებული უსმენდა მასწავლებელს და არ იჯერებდა მის ნათქვამს. „შეუძლებელია, ვერ დავიჯერებ, რომ ახლა თქვენ ჩემს შვილზე მელაპარაკებით. სახლში სულ სხვანაირია, ლაპარაკობს და უპრობლემოდ ურთიერთობს კიდეც ოჯახის წევრებთან“ – თავგამოდებით ცდილობდა ბავშვის დაცვას გაოგნებული დედა. მაინც, რასთან გვაქვს საქმე ასეთ დროს. მეცნიერებაში აღნიშნული მდგომარეობა სელექციური მუტიზმის სახელით არის ცნობილი.

სელექციური მუტიზმი ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვში ვითარდება სიმუნჯე და ვერბალური კომუნიკაციის უუნარობა გარკვეულ მომენტებში და გარკვეული პირების თანდასწრებით. ეს არის შფოთვითი აშლილობა, დარღვევა, რომლის დროსაც მოზარდს არ შეუძლია ლაპარაკი ცალკეულ სოციალურ სიტუაციებში, მაგ. თანაკლასელებთან სკოლაში, ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. უნდა ითქვას, რომ სელექციური მუტიზმის დროს ბავშვს სამეტყველო აპარატის ფუნქციონირებაში  არანაირი დარღვევა არ უფიქსირდება, არც სმენის პრობლემა აქვს და ინტელექტუალურ განვითარებაშიც არანაირი დარღვევა არ შეიმჩნება. მას ესმის მისკენ მიმართული სიტყვები, ესმის ნათქვამი, მაგრამ არ იძლევა სიტყვიერ რეაქციას თანამოსაუბრის მცდელობაზე შევიდეს მასთან კონტაქტში. სელექციური მუტიზმი, როგორც წესი ბავშვობაში იწყება და თუ მას არ ვუმკურნალებთ, შეიძლება დიდობაშიც  შენარჩუნდეს. ბავშვი, ან ზრდასრული სელექციური მუტიზმით უბრალოდ უარს კი არ ამბობს ლაპარაკზე გარკვეულ სიტუაციებში და გარკვეულ დროს, არამედ მას ნამდვილად არ შეუძლია ამ სიტუაციაში, ამ ადამიანთან მეტყველებითი ურთიერთობა. გარკვეულ ადამიანებთან საუბრის მოლოდინი მასში დამუნჯების რეაქციას იწვევს, რასაც პანიკური გრძნობა ახლავს თან, როგორც სცენაზე სახალხოდ გამოსვლის წინ. დროთა განმავლობაში ადამიანი ისწავლის იმ სიტუაციების წინასწარ განჭვრეტას, რომელიც ამ რეაქციას იწვევს და შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებშია, მის შესაძლებლობებშია, რომ თავიდან აიცილოს ის. თუმცა, სათანადო დახმარების გარეშე, სელექციური მუტიზმის მქონე ადამიანმა შეიძლება თავისუფლად ისაუბროს გარკვეულ ადამიანებთან, ახლო ნათესავებთან და მეგობრებთან, როდესაც ისეთი არავინ არის გვერდით, ვინც შეიძლება მისი დამუნჯება გამოიწვიოს. სელექციური მუტიზმი უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში და ისეთ ბავშვებში (განურჩევლად სქესისა), რომლებსაც თავისი დაბადების ადგილის დატოვება, ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ და მეორე ენას სწავლობენ. სელექციური მუტიზმი, როგორც წესი, ხელს უშლის ბავშვებს, მოზარდებს წარმატებულ სწავლასა და სოციალურ ურთიერთობებში. მეტყველებითი კომუნიკაციის უუნარობა სელექციური მუტიზმის დროს არ არის გამოწვეული მოცემულ სიტუაციაში საჭირო გარკვეული სასაუბრო ენის არცოდნით, ან საკომუნიკაციო უნარებში რაიმე სერიოზული პათოლოგიით.

სელექციური მუტიზმი ჩვეულებრივ ადრეულ ბავშვობაში, 2-დან 4 წლამდე ასაკში იწყება. მას ხშირად პირველად მაშინ ამჩნევენ, როცა ბავშვი ურთიერთობას იწყებს ოჯახის მიღმა, გარეთ მყოფ ადამიანებთან, მაგ. როცა მიდის საბავშვო ბაღში ან სკოლაში. მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანი  სხვადასხვა ადამიანთან ბავშვის კომუნიკაციის უნარის მკვეთრი კონტრასტია, რომელიც ხასიათდება უეცარი უმოძრაობით და სახის გაყინული გამომეტყველებით, როდესაც მისგან მოითხოვენ საუბარს ადამიანთან, რომელიც მისი კომფორტის ზონის მიღმა იმყოფება. ბავშვი შეიძლება გაექცეს, თავი აარიდოს მხედველობით კონტაქტს და მოგვეჩვენოს, რომ ის არის ნერვული, შფოთიანი, მორცხვი, ჩაკეტილი, ჯიუტი ან აგრესიული. ასეთ ბავშვთან ხშირად ფიქსირდება ისტერიული რეაქციები, როდესაც სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბრაზდება მშობლების შეკითხვებზე. შერჩევითი მუტიზმის მქონე უფრო თავდაჯერებულმა ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს ჟესტები ურთიერთობისათვის  – მაგ. თავი დააქნიოს, როცა „კი“-ს თქმაა საჭირო, უარის ნიშნად კი თავი გააქნიოს. თუმცა, აშლილობის უფრო მძიმე ფორმის მქონე ბავშვი, როგორც წესი, თავს არიდებს კომუნიკაციის ყველა ფორმას – ვერბალურს, არავერბალურს (ჟესტები, მიმიკა, პოზა) და წერილობითს. ზოგიერთი ბავშვი ახერხებს, რომ რამდენიმე სიტყვით უპასუხოს შეკითხვას მისი მისამართით, ან ისაუბროს ჩურჩულით.

არის შემთხვევები, როდესაც სელექციურ მუტიზმს და აუტიზმს აიგივებენ ერთმანეთთან. სელექციურ მუტიზმსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს, თუმცა შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ერთიც და მეორეც. მკურნალობის გარეშე სელექციურმა მუტიზმმა შეიძლება გამოიწვიოს იზოლაცია, დაბალი თვითშეფასება და სოციალური შფოთვითი აშლილობა.

     სელექციური მუტიზმის გამომწვევი მიზეზები:  

  • მართალია, სელექციური მუტიზმის მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ის შფოთვასთან არის დაკავშირებული, შფოთვის შედეგია. ითვლება, რომ სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვების უმეტესობას სავარაუდოდ შფოთვისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს;
  • ბავშვებთან სელექციური მუტიზმით, არა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ბავშვებთან ფიქსირდება ადრეული ტრავმები და სტრესული ცხოვრებისეული ისტორიები. ცნობილია, რომ ტრავმირებული ბავშვები მოულოდნელად წყვეტენ ლაპარაკს. როდესაც მუტიზმი აღმოცენდება როგორც პოსტრავმული სტრესის სიმპტომი, ის ვითარდება სრულიად სხვა სქემით და ბავშვი უეცრად წყვეტს ლაპარაკს იმ გარემოში, სადაც მას ადრე პრობლემები არ ჰქონდა თვითგამოხატვაში. თუმცა, მეტყველების ამგვარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სელექციური მუტიზმი. თუ გამომწვევი ფაქტორები არ იქნება აღმოფხვრილი, ბავშვს გაუჩნდება უფრო ზოგადი შფოთვა ურთიერთობის მიმართ;
  • ზოგიერთ ბავშვს სერიოზული პრობლემები აქვს სენსორული ინფორმაციის გადამუშავებაში. ხმაური, მაღალი ხმები მისთვის მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ურთიერთობისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი „გათიშვა“ და მეტყველების უნარის დაკარგვა, თუ ის ხმაურიან გარემოში იმყოფება და ამასთან რაიმე დავალების შესრულებაც უწევს;
  • ისტერიული ნევროზი და ნევროტული ხასიათის აშლილობა ასევე შეიძლება გახდეს სელექციური მუტიზმის გამომწვევი მიზეზი;
  • მომატებული ემოციური მგრძნობელობა, სიმორცხვე, პიროვნული შფოთვა, ეგოცენტრულობა, არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, ინფანტილიზმი, დამოუკიდებლობისა და კონფორმიზმის ნაკლებობა, დეპრესია, ფობიები – ეს ყველაფერი ასევე შეიძლება სელექციური მუტიზმის ხელშემწყობი გახდეს;
  • შეცდომები ოჯახურ აღზრდაში, ჰიპერმზრუნველობა, ბავშვის გაკერპება, არახელსაყრელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში ჰარმონიის ნაკლებობა, ასევე მშობლების ჩართულობის ნაკლებობა ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება ასევე სელექციური მუტიზმის გამომწვევ მიზეზად მოგვევლინოს;
  • ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები – უცხო ქალაქში გადასვლა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, იძულებითი ხანგრძლივი განშორება დედასთან, მშობლების მიერ სასტიკი, მკაცრი მეთოდების გამოყენება აღზრდისას სავარაუდოდ ასევე შეიძლება სელექციური მუტიზმის ხელშემწყობი გახდეს.

რეკომენდაციები – როგორ დავძლიოთ სელექციური მუტიზმი ბავშვებში:  

  • მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის დაფიქსირება და ბავშვთან მუშაობა ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ. თუ სათანადო ზომები არ იქნება მიღებული, სელექციურ მუტიზმს აქვს „თვითგანმტკიცების“ ტენდენცია;
  • ბავშვის დახმარება მიმართული უნდა იყოს შფოთიანობის შემცირებაზე ოჯახური წრის გარეთ მყოფ ადამიანებთან საუბრისა და მათი მოსმენის დროს;
  • სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს ბავშვი სელექციური მუტიზმით სკოლაში შესვლის წინ – შევამოწმოთ რამდენად კარგად ლაპარაკობს ის სახლში და სახლის გარეთ. სკოლაში სწავლის დაწყებამდე ვაჩვენოთ ბავშვს სკოლა, სადაც მოუწევს სწავლა;
  • საბავშვო ბაღის პირობებში მშობელს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ პირველი დღე ბავშვთან ერთად გაატაროს ბაღში;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს ილაპარაკოს, ისაუბროს, თუ მას სელექციური მუტიზმის ნიშნებს შევამჩნევთ, ავუხსნათ, რომ გვესმის მისი, ვიცით, რომ ეს რთულია და შეუძლია დაიწყოს ლაპარაკი, როცა ამისთვის მზად იქნება;
  • პრობლემაზე მუშაობის დასწყისში მივიღოთ არავერბალური პასუხები ურთიერთობის დროს;
  • საჭირო იქნება სასწავლო პროგრამის ადაპტირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს ამოცანების გადაწყვეტა არავერბალურად;
  • ნუ დავუთმობთ ზედმეტად დიდ ყურადღებას ბავშვის მუშაობას სიჩუმეში და ნუ დავეყრდნობით ურთიერთობის ალტერნატიულ ფორმებს. ბავშვი თანდათან უნდა შევაგუოთ სკოლაში სწავლის სხვადასხვა პირობებს;
  • მხარი დავუჭიროთ ღია ურთიერთობას სკოლასა და ოჯახს შორის პრობლემის მოსაგვარებლად;
  • შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კლასში სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვის მხარდასაჭერად. პირველ ხანებში შევარჩიოთ ერთი მასწავლებელი ურთიერთობის დასამყარებლად და ბავშვში თავდაჯერებულობის გასაძლიერებლად;
  • წავახალისოთ ასეთი ბავშვი სხვა ბავშვებთან, განსაკუთრებით უფრო მშვიდ ბავშვთან ურთიერთობისათვის;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს მხედველობით კონტაქტს, თუ ის ამას თავად გაურბის;
  • ნუ დავივიწყებთ შესაძლო ბულინგის, დაშინების, დაცინვის საფრთხეს, რომელიც შეიძლება ასეთ ბავშვს თანატოლებისგან ელოდეს. ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ ეს მოხდება;
  • ასეთი ბავშვისთვის კლასის შეცვლის შემთხვევაში წინასწარ გავითვალისწინოთ მოსალოდნელი სირთულეები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სელექციური მუტიზმი განაჩენი ნამდვილად არ არის. ადრეულ ასაკში პრობლემის დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სელექციური მუტიზმი დაძლევადია. გავითვალისწინოთ, რომ სელექციური მუტიზმის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველებასთან დაკავშირებული შფოთვის შემცირება. სოციალური შფოთვისგან ბავშვის განთავისუფლება წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად შეიძლება იქცეს.

გეოგრაფიის სწავლების ახალი ჰორიზონტები

0

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. განათლება თავისი ბუნებით დინამიკური და მრავალმხრივი სფეროა, რომელიც მუდმივად ეგუება ტექნოლოგიურ მიღწევებს. საგანმანათლებლო დაწესებულებები გლობალურად იწყებენ ამ ინსტრუმენტების შესწავლას და მათ ინტეგრირებას სასწავლო პროცესში – შეფასების სტრატეგიებში, მოსწავლეთა დახმარების სერვისებსა თუ ადმინისტრაციულ ოპერაციებში. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, გამოიყენება რთული საკითხავი მასალის შესაჯამებლად, გაკვეთილის გეგმის შესაქმნელად, ინტერაქციული დისკუსიების სიმულირებისთვის, წერითი უნარების განსავითარებლად, ერთი სიტყვით, აფართოებს პედაგოგიურ რესურსებს ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში.

ტექნოლოგიური რევოლუცია რადიკალურად ცვლის სკოლაში გეოგრაფიის სწავლებას. ტრადიციული მეთოდები – რუკების კითხვა და ტოპონიმების დამახსოვრება – იცვლება ინტერაქციული, პერსონალიზებული და ვიზუალური გამოცდილებით. ხელოვნური ინტელექტი (AI), გეოინფორმაციული სისტემები (GIS), დისტანციური დაკვირვება, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა უკვე ყოველდღიური ინსტრუმენტებია როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის ხელში. ეს ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, არა მხოლოდ „იცოდნენ” გეოგრაფია, არამედ „ნახონ”, „გააანალიზონ” და „გაიაზრონ” გლობალური და ადგილობრივი პროცესები. ტექნოლოგიების ინტეგრაცია აუცილებელია, რადგან გლობალური გამოწვევები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები თანამედროვე მიდგომებს მოითხოვს.

ამ ტექნოლოგიური სიახლეების პრაქტიკაში დასანერგავად საჭიროა, მკაფიოდ გვესმოდეს თითოეული ინსტრუმენტის შესაძლებლობები. განვიხილოთ ძირითადი მიდგომები და მათი კონკრეტული გამოყენება გეოგრაფიის სწავლებაში:

თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებით

AI – ხელოვნური ინტელექტი

განმარტება: AI არის ალგორითმების სისტემა, რომელიც სწავლობს მონაცემებიდან და ქმნის პროგნოზებს, ტექსტებს ან ვიზუალიზაციებს.

მნიშვნელობა: გეოგრაფიაში AI ეხმარება ადამიანს მონაცემების სწრაფ ანალიზში, კლიმატის პროგნოზირებაში, რთული პროცესების ვიზუალიზაციაში.

მაგალითი: მოსწავლეები იყენებენ AI-ს, რათა შექმნან 1990-2025 წლებში თბილისის ურბანული ზრდის ანიმაციური რუკა.

GIS – გეოინფორმაციული სისტემები

განმარტება: GIS არის ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს რუკებსა და მონაცემებს სივრცითი ანალიზისთვის.

მნიშვნელობა: GIS გამოიყენება ურბანული დაგეგმარებისთვის, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასებისა და ტურისტული მარშრუტების დაგეგმვისთვის.

მაგალითი: მოსწავლეები ქმნიან რუკას, რომელზეც ჩანს მოსახლეობის სიმჭიდროვე თბილისის უბნებში და ადარებენ მონაცემებს წლების მიხედვით.

Remote Sensing – დისტანციური დაკვირვება

განმარტება: ეს არის დედამიწის ზედაპირის დაკვირვება სატელიტებით ან დრონებით.

მნიშვნელობა: მისი საშუალებით ვადგენთ ტყის გაჩეხვის მასშტაბებს, მყინვარების დნობას, წყალდიდობების რისკს.

მაგალითი: მოსწავლეები Google Earth Engine-ის გამოყენებით ითვლიან, რამდენი ჰექტარი ტყე დაიკარგა სვანეთში 2018-2024 წლებში.

Inquiry-Based Learning – კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

განმარტება: ეს მიდგომა მოსწავლეს ანიჭებს თავისუფლებას, დასვას საკუთარი კითხვები და მოძებნოს პასუხები მონაცემების ანალიზით.

მნიშვნელობა: ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და რეალურ პრობლემებზე მუშაობას.

მაგალითი: მოსწავლეები იკვლევენ, „როგორ შეიცვალა ჰაერის ხარისხი თბილისში ბოლო 5 წელიწადში“ და ქმნიან ვიზუალიზაციას.

თეორიული ჩარჩოს პრაქტიკაში გადასატანად აუცილებელია კონკრეტული ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რესურსები და დავალებები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ ტექნოლოგიების საკლასო ოთახში დანერგვაში.

პრაქტიკული მაგალითები ჰიპერლინკებით

  1. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება (Inquiry-Based Learning):

თემა: „როგორ იცვლება თბილისის უბნების მოსახლეობის სიმჭიდროვე 2014-2024 წლებში“

მონაცემების წყარო: საქსტატი და OpenStreetMap

Kepler.gl ინსტრუმენტი: https://kepler.gl/

AI პლატფორმები: ChatGPT (https://chat.openai.com/ )

  1. GIS და დისტანციური დაკვირვება:

Google Earth Engine: https://earthengine.google.com/

ArcGIS StoryMaps: https://storymaps.arcgis.com/

  1. ვირტუალური საველე მუშაობა:

PeakVisor: https://peakvisor.com/

Google Earth VR: https://arvr.google.com/earth/

ინტერაქციული დავალებები

  1. კვლევითი კითხვები

როგორ შეიცვალა თბილისის ურბანული სივრცე ბოლო 10 წლის განმავლობაში?

რა გავლენა აქვს ტყის გაჩეხვას სვანეთის ეკოსისტემაზე?

როგორ შეიძლება VR ტექნოლოგიების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე?

  1. პროექტები AI-სა და GIS-ის გამოყენებით

პროექტი 1: Kepler.gl-ის გამოყენებით შექმენით ინტერაქციული რუკა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს.

პროექტი 2: გამოიყენეთ Google Earth Engine ტყის დაკარგვის ანალიზისთვის და შექმენით StoryMap.

პროექტი 3: შექმენით VR ტური Google Earth VR-ში და ThingLink-ზე ატვირთეთ 360° ფოტოები.

ამ ცვლილებების წარმატებით განხორციელებისთვის რამდენიმე ფაქტორია გადამწყვეტი.

ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები აცოცხლებს გეოგრაფიის სწავლების პროცესს, უფრო ვიზუალურს, ინტერაქციულსა და პერსონალიზებულს ხდის მას. AI არ ცვლის მასწავლებელს – ის ხდება მასწავლებლის ყველაზე ძლიერი ასისტენტი. წარმატების გასაღები სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია: მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება, ინტერნეტისა და მოწყობილობების ხელმისაწვდომობა ყველა სკოლაში და კრიტიკული აზროვნებისა და ეთიკის განვითარება. ტექნოლოგიების გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასა და ეთიკურ სტანდარტებს.

თუ ეს პირობები შესრულდა, ქართულ სკოლებში გეოგრაფია 2025-2030 წლებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თანამედროვე საგანი გახდება.

 

რესურსები

Kepler.gl ინსტრუქცია

https://docs.kepler.gl/docs/keplergl-jupyter

Google Earth Engine Tutorial

https://developers.google.com/earth-engine/tutorials

ArcGIS StoryMaps Guide

https://storymaps.arcgis.com/

„როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“, ანუ წუთისოფლის „სამზარეულოზე“

0

იმ დღეს, სახლში დაბრუნებისას, ავედი ამ ჩემს „წილხვედრ“ 5 ნომერ ავტობუსში. დავჯექი სასურველ ადგილას და გულს რა უნდა მეტი? გავიხარე, ნუ, სევდიანად, ცხადია…
წინ მიზის პატარა ბიჭუნა, „ბიბლუსის“ ქაღალდის პარკით ხელში. იღებს სათითაოდ ალბათ თავის შერჩეულ რვეულებს და ათვალიერებს ფურცლებს. სათითაოდ! სრულიად მოწყვეტილი გარე სამყაროს; ბოლოს, რომ დაამთავრა, ეს „მოხილვა“, მუხლზე დავადე ხელი და:
– ყველა ფურცელი ადგილზეა, ხომ?!

ბიჭუნამ დაიმორცხვა და იმ წუთას მასთან ღიმილით ჩამომჯდარი დედის მხარს შეეყუჟა. აი, აქედან დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ქალი საუბრობდა ტელეფონზე და „სნაიპერი ყოფის ტყვიებივით“ ისროდა სიტყვებს ისე, რომ ტანში მაჟრიალებდა; მოგაწვდით საუბრის ფრაგმენტებს, რადგან უზრდელობად ჩავთვალე, „ყურდაცქვეტილს“ მესმინა, ჩემი საფიქრალი მქონდა, რასაკვირველია:

– დიახ! რა უნდოდა, აბა, მეტი, „გუჩის“ სუნამო და აქსესუარები ხომ გაუგზავნა?!… ჰო, ვაკეთებ რემონტს; გაჯი და „სტიაჟკა“ მორჩენილია, კი (მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფრაზა რამდენჯერმე, მთელი ავტობუსის გასაგონად „იბრუნებოდა“). მერე იქნება კარგი, კი… დივანი მწვანე მინდა ან სტაფილოსფერი, რას იტყვი?!… უი, რა დროს დამთავრებაა, მაგრამ მორჩება თუ არა, გავყიდი და ჩემთვის სხვაგან ვიყიდი ბინას, კი…

ადრესატიც ისე აქტიურად უპასუხებდა, რომ ბგერათა ვიბრაცია კარგა ხანს თავს დამტრიალებდა, ვიდრე „მოწყენილ“ საავტობუსო ეთერში გაიფანტებოდა. შევხედე და ხელ-ყელ-მაჯაზე ამდენი ბაჯაღლოს დამნახავს, გამახსენდა – „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“.

იმ ბიჭუნას კი, დედის სასაუბრო კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილს, ახალი რვეულების თვალიერებისას საკუთარი ჯერ კიდევ ფაქიზი სულის პერიპეტიებით გადაღლილს, თვალები მიელულა და მართლა კრავივით ჩასძინებოდა.

ვფიქრობ ახლა მე, ამ ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად:

ა) არანაირ განზომილებაში, თვით „იქაც“, პარალელური წრფეები რომ ერთდება; არანაირ „ცხოვრებასა“ თუ ბუდისტურ-კრიშნაიტულ წარმოდგენაში, ჩემს წარმოსახვაში, მით უმეტეს, ასეთი ყოფას მიჯაჭვული ქალი არ ვიქნებოდი! რა ქარტეხილიც უნდა დაეტეხა, ამაზე უარესი, ცხოვრებას და რა „გზითაც“ არ უნდა წავსულიყავი, წუთისოფლის „ზღაპრისა თუ მითის გზაჯვარედინიდან“. უბრალოდ, სრულიად გამოვრიცხე ეს ამბავი, ამ ტიპის აზროვნება…

ბ) იმ ბავშვის მომავალმაც შემაწუხა მყისიერად. ვინ იცის, რა დადგება მისგან ასეთ ოჯახურ გარემოში; ან თუნდაც ცხოვრება საით „გადაისვრის, რომელ გრძედსა და განედზე“; ექნება ის ცნობისმოყვარეობა, ენთუზიაზმი, სიცოცხლის პოეზია და ინტერესი, თუ მასზეც იტყვის პოეტი, როცა გაიზრდება და დაკაცდება – „თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები?!“

 

* *. *.

ერთხელ, არმაზის ტყეში, როცა კარავში ვერანაირად დავიძინე და სხვებთან ერთად ცეცხლთან ღამეს ვათევდი, ერთმა ფილოსოფოსმა სტუდენტმა თქვა:
– რატომ არ მკითხა მე ღმერთმა, ამქვეყნად რომ გამაჩინა?!

მაშინ ეს კითხვა ძალიან თავქარიანად მომეჩვენა და მივუგე:

– როგორ შეიძლება, არყოფნა არჩიო ყოფნას?!

თუნდაც ის დაბანგული პეპელა გამახსენდა, შუადღისას ხელზე მჯდომი რომ მომიყვანა ერთმა…
~~~~~~~~~~~
ბევრმა წყალმა თუ „ნიაღვარმა“ ჩაიარა იმის შემდეგ. დღეს კი, ძილის წინ, ვიფიქრე: „წუთისოფელში გამოშვების წინ, რომ ეჩვენებინათ თუნდაც ყველა ის ბედნიერი მომენტი, იდეისა თუ ადამიანის რწმენა, სიყვარული, აღტაცება, წარმატება, პროფესიულ-პიროვნული სრულყოფა, რომლებიც უნდა განმეცადა… და მეორე „პინაზე“ უზარმაზარი, დამანგრეველი, იმედგაცრუებებიც, ახლა მეც იმ კაფანდარა ფილოსოფოსივით არყოფნას ვარჩევდი“. აღარაფერია, რის დაკარგვაც გულს დამწყვეტდა სიკვდილის შემთხვევაში. მარტო პასუხისმგებლობისთვის ცხოვრება სულიერ ჰარაკირს მაგონებს. მაოგნებს ჩემი ეს გულწრფელობაც, მაგრამ მართალი ყოფილა ის ბიჭი, რომლის მხოლოდ პათოსი მახსოვს, სახელი არა…

იობად არასდროს გამოვდგებოდი.

ამას სჯობდა, თუნდაც პირიმზე ვყოფილიყავი. ისე არ მეტკინებოდა, როგორც ადამიანს. მადლის გაელვება ვიქნებოდი და არ მეცოდინებოდა, რომ „მოსვლაში არა ყრიაო…“.

 

* *. *

ვერანაირად გაათანაბრებ და „ათქვეფ“ ადამიანი ყოფითსა და ამაღლებულს, მატერიალურსა და იდეალურს. თუმცა ეს მოცემულობები წუთისოფელში თუნდაც ჩვენში „შეზრდილ/გადაწნეხილი“ სახით გვაქვს. ჰოდა, საქმეც სწორედ მათი გამოცალკევებაა, რადგან ცხოვრება „აჯაფსანდალს“ თუ დავამსგავსეთ, ურთულესი იქნება, გვქონდეს თუნდაც რამე წმინდა, კრისტალური ფორმისა და სახის ღირებულება. ამ უკანასკნელის გარეშე კი ადამიანი ცხოველია ჩვეულებრივი…

მოდი, მაგალითისთვის ავიღოთ გალაკტიონის „როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და უჩვეულო ცის სილაჟვარდე…“. ეს პოეზიაა, უმაღლესი რანგისა და ცხადია, მისი „საზომი“ მხოლოდ ხელზე ბურძგლი არაა, არამედ ის ფილოსოფია, ჭეშმარიტება, სამყაროსეული კონცეფცია, რომელზეც პოეტი მიგვანიშნებს. მოდით, ავიღოთ, ასევე, მატერიალისტისა და იდეალისტის თვალთახედვა, ცალ-ცალკე, შედარებისთვის.
აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ არსებობს ორი (მეტიც…) სინამდვილე: ხისტ-რეალისტურ-რუტინული და მხატვრულ-შემოქმედებით-იდეალური (პლატონის იდეების სამყარო თუნდაც). ადამიანი, რომელსაც ამ სინამდვილეებში მონაცვლეობა არ შეუძლია და ერთ რომელიმეშია „გამოკეტილი“, ცოცხლადაა სატირალი, მე ვიტყოდი.

რას იტყოდა მატერიალისტურზე ორიენტირებული კაცი გალაკტიონის ამ ამონარიდზე? აქ ერთი გამახსენდა, ჩემს ხეებით აღფრთოვანებას „წყალს რომ ასხამდა“ – ბოლო-ბოლო, შეშააო ეგენი, გასათბობი საშუალება, რაის ესთეტიკაო თუ ჟანგბადი. კუნძებზე მიკვდებოდა გული და ეს მაშინ მიპასუხა. მოდი, შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ, რას იფიქრებდა „სილაში ვარდზე“ ეს ადამიანი. იტყოდა, ვარდი ლარნაკში ვიცი მეო; ან სულაც რა მოსაშენებელია ვარდი, ეკლებით ხელის დამკაწრავიო. „ვარდზე სილაში“ კი იტყოდა, ანტისანიტარიააო და უნდა გასუფთავდეს გარემო იგიო…

გალა რას მიგვანიშნებდა?! ამაღლებული ამაოებას ამარცხებსო, არა? მერე, რა, რომ სილაშია, წვიმის წუთისოფლურ სევდასა და ცრემლში, ვარდი მაინც ვარდიაო, იმქვეყნიურის, ტრანსცენდენტურის „გამონაშუქიო“. კია სილაში, მაგრამ მშვენიერების ძალა მაინც აღემატებაო ცხოვრების ჭუჭყს; მეც ეს ყველაზე დიდი ძალა მგონია სამყაროში: ამაღლებული და მშვენიერი. ესაა მთავარი ფასეულობა ჩემთვის, მატერიალიზებული იქნება ის ვარდში, ჩვენს სულსა თუ თუნდაც იმ ხილულ სასწაულებში, ღვთაებრივი ძალა რომ გვთავაზობს „ურწმუნო თომებს“. ჩვენ კი, ვმერყეობთ რა მატერიალურსა და იდეალურს შორის, „თითს ვიშვერთ, ჭრილობებში ჩაგვაყოფინეთო“. ამიტომაა ადამიანი ცოდო, რომ ის „მიწას მიჯაჭვულია“, მაგრამ როცა მაღლდება თავის ამ „ტალახიან“ ბუნებაზე, თავისუფლდება და შეიძლება ღმერთამდეც ავიდეს, რაც სხეულებრივის დაძლევის გარეშე არ და ვერ ხდება. სხეული ხომ ჩვენი „ჩარჩოა“ ამქვეყნიური, თუ მას არ გასცდი, ვერც თავისუფლებას მოიპოვებ, ცხადია…

გუშინ რუსთავისკენ გზაზე ერთი ახალგაზრდა კაცი ჩავიდა ავტობუსიდან ფონიჭალაში. დავხედე ფეხებზე და ე,წ, „შლოპანცები“ ეცვა, სიცივისა კი არაფერი ეტყობოდა. მე შემცივდა ამის შემყურეს, მას „ცა ქუდად, დედამიწა – ქალამნად“ ჰქონდა. ჰოდა, ამ ბიჭზე მატერიალისტი იტყოდა, ეს უბედური, შიშველი ხორცი ვერ დაუფარავსო. ჩვენი სოციუმის არმცოდნე კი მის უსახსრობას სრულიად შეუსაბამო წინაპირობებს მოუძებნიდა მისივე ინტელექტუალურ-პიროვნულ მონაცემებში, ცხოვრების უუნაროაო, იტყოდა… მაგრამ ნიცშე რომ გაეცოცხლებინათ ან ლაო ძი და, უბრალოდ, ამ ბიჭზე შეხედვის საშუალება მიეცათ, მათ შეიძლება იგი ან ყველა პირობითობის მძლეველ ზეკაცად, ან თუნდაც წუთისოფელს გარიდებულ დერვიშად, ბრძენად აღექვათ. ნუ, ერთი შეხედვით შეფასებაზეა საუბარი და არა სიმდიდრისა თუ კომუნალური პირობების გამოკვლევით ქონებრივი დეკლარაციისა ან სოციალურად დაუცველობის აქტის შედგენაზე.

ასე რომ, მეგობრებო, ცხოვრება ხედვის დიაპაზონის გაფართოება და ცვლაა, სააზროვნო სიამოვნებისა თუ თავისუფლებისთვის, რომ თუნდაც „ხმელი წიფელი“ გაიგო, ეკლესიასტეს სიბრძნესაც ჩასწვდე და ყოფასაც გაუძალიანდე, რომ ქვეშ არ მოგიყოლიოს ტერენტი გრანელივით… ყველა ვაჟა ვერ იქნება, მაგრამ „ცდა ბედის მონახევრეაო“;

ჩვენს სავალს სხვა ვერავინ გაივლის;

ჩვენს საფიქრალს სხვა ვერავინ იფიქრებს;

ჩვენს განსაცდელს სხვა ვერავინ განიცდის…

ნურც კაცს განვსჯით, ნურც დიდ პოეზიას „განვჩხრეკთ“ და დავიყვანთ „მარტივ მამრავალებამდე“, რადგან პოეზია მათემატიკა არაა, ისევე, როგორც ფიზიკა არაა მეტაფიზიკა.
ხოლო ჭეშმარიტებას რაც შეეხება, ის, საერთოდაც, ინტუიციური გზით შემოსული „ცოდნაა“ ჩვენში, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება, ანუ კაცთა მოდგმას ვერ დაუმტკიცებ, მაგალითად, რატომ აქვს ღმერთს სამი ჰიპოსტასი…

P.S. …ხოლო ის, რომ ქართველი კაცი თამარს მეოთხე ჰიპოსტასად მიიჩნევდა – პოეზიის სინამდვილეა და არა რელიგიური, ანუ მკრეხელობა. ეს რომ გაიგო, ქართული სული უნდა იცოდე, ამაღლებული და მიუწვდომელი, ცაში მოკიაფე მზის ათინათივით. ამ ამაღლებულის საუკუნოვანმა შეგრძნებამ (რელიგიისა თუ პოეზიის სახით) მოიყვანა დღემდე ჩვენი ერი და ამ ბეჩავ დროებაშიც ეს მგონია გადამრჩენი. ეს უძლიერესი „ნერვია“ ჩვენი ეროვნული გენეტიკისა, მსოფლაღქმისა, ცნობიერებისა…

ვიაზროვნოთ, შევიგრძნოთ ამაღლებული, რომ გადავრჩეთ – პიროვნულად თუ ეროვნულად!!!

დადგა უარის დრო? მეორე ნაწილი

0

(სოციალური ქსელების მნიშვნელობა დღევანდელ ცხოვრებაში)

„დუმსქროლინგი“ (Doomscrolling) – ინტერნეტში დროის გადამეტებულხარჯვა, სიახლეების ან სხვა კონტენტის მუდმივი თვალიერებ, რომლებიც ადამიანს სევდას, შფოთვას, გაღიზიანებას ან რისხვა/აღშფოთებას უჩენს“.

განმარტება მერიამ უებსტერის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონიდან

შემოუერთდით მასობრივ წაშლას — 10 ოქტომბერი, 2025

ეს გახლდათ აქცია-შეკრება სახელად „Delete Day“ („წაშლის დღე“) ქ. ნიუ-იორკში, Tompkins Square Park-ში, 18:00-21:00 საათამდე, ონლაინის და აპლიკაციების (ე.წ. ‘აპების“) წინააღმდეგ! (იხ. ბმული: https://www.timetorefuse.com/ ).

ქვემოთ გაგაცნობთ „Delete Day“ აქციის ტექსტსა და იმ ძირითად მოწოდებებს, რომლებიც ორგანიზატორებმა გაავრცელეს:

„შემოგვიერთდით ათასობით ადამიანთან ერთად, ვინც მზად არის უარისთვის. დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე, დაიწყეთ თქვენი  ონლაინ-დროის შემცირება და შემოგვიერთდით იმ დღეს, როცა ერთად წავშლით ჩვენს ანგარიშებს. ყოველი ახალი მონაწილე ნიშნავს კიდევ ერთ ახალგაზრდას, რომელმაც უარი თქვა, იყოს „პროდუქტი“. #REFUSE

ჩვენი გზავნილი ახალგაზრდებისთვის მარტივია: უარი თქვით!

უარი თქვით, იყოთ [ონლაინ-ეთერში] გამოფენილი პროდუქტი; უარი თქვით თქვენი პირადი ცხოვრების საჯარო შეფასებაზე; ნუ დაკარგავთ თქვენს ცხოვრებას უსასრულო, ცარიელი კონტენტის თვალიერებაში, რომელიც მხოლოდ გაგიუარესებთ თვითშეფასებას და სამყაროსადმი რწმენას; ნუ მისცემთ თქვენს დროს იმ კომპანიებს, რომლებიც თქვენი ყურადღების მოპარვით მდიდრდებიან; უარი თქვით, რომ ეს აღარ გაგრძელდეს და განმეორდეს.

როცა ვხედავთ Gen Alpha-ის ინფლუენსერებს[1], სამი წლის ბავშვებს სმარტფონებით, ან ცხრა წლის მოსწავლეებს, რომლებიც პორნოს უყურებენ… ამ დროს მხოლოდ ერთი გამოსავალი გვრჩება: საჭიროა, ვთქვათ მტკიცე უარი!

ჩვენ უნდა გავხდეთ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობას სჭირდება. ზოგიერთ ჩვენგანს უკვე ჰყავს შვილები, ან ოდესმე ეყოლება – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავხდეთ ცვლილების ინიციატორი — მათთვის, ვინც ჯერ კიდევ დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ ვართ ერთადერთი თაობა, რომელიც თავიდან ბოლომდე ინტერნეტში გაიზარდა; პირველები, ვინც ამ გზით დაკარგა ბავშვობა. იქნებ სწორედ ამიტომ შეგვიძლია დღევანდელი ბავშვების გადარჩენა.

საშინელია ის აზრი, რომ ჩემი მომავალი შვილი საკუთარ თავს საჯაროდ გამოფენს რომელიღაც ონლაინ-პლატფორმაზე ან ქსელში და დაელოდება „ლაიქებს“, ან უიმედოდ იგრძნობს თავს ფილტრებისა და რედაქტირების გარეშე. ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ჩემი მომავალი ვაჟი, მოზარდობისას შეიძლება პორნოგრაფიაზე დამოკიდებული გახდეს, ან ვერ შეძლოს ადამიანებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა, ონლაინის გარეშე…

ჩვენმა თაობამ ბევრი დაკარგა, მაგრამ იქნებ სწორედ ეს დანაკარგი გვაძლევს უნიკალურ გამოცდილებას — საშუალებას, ეს გამოცდილება რაღაც უფრო დიდ მიზანს მოვახმაროთ: ბავშვობის გადარჩენას.

დროა, დავიტიროთ ის, რაც დავკარგეთ, და გავიხსენოთ, რა დევს სასწორზე. ესაა ჩვენი უნარი — გვიყვარდეს, დავუკავშირდეთ სხვებს, გვეტკინოს სხვისი ტკივილი. ესაა ჩვენი სიხარული და მისი გაზიარება, ჩვენი შემოქმედებითობა და უბრალოდ, ერთმანეთისადმი ყურადღება. ესაა ჩვენი და მომავალი თაობის ერთადერთი შანსი ნამდვილი ბავშვობისთვის.

ჩვენ წინაშე არჩევანია: ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრებით, რომელიც აზრს ატარებს — თუ გავაგრძელოთ საკუთარი ცხოვრების, შემოქმედების, თავმდაბლობისა და ღირსების ჩაბარება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ბავშვობას, არამედ ჩვენს აწმყოს, რეალობას და მომავალსაც გვართმევენ, ჩვენი ონლაინ ყოფნით.

ჩვენ აღარ ვართ დაუცველი ბავშვები — ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ აირჩიონ. არჩევანი მარტივია: ვიყოთ პროდუქტი თუ პიროვნება? ვიცხოვროთ ილუზიებში თუ რეალობაში? გვქონდეს ცხოვრება სრულად — თუ ნახევრად? ვუყუროთ სხვის შექმნილ, ვირტუალურ სამყაროს, თუ ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში, რეალური ადამიანების გარემოცვაში?

ეს არის ბრძოლა ჩვენი შინაგანი სიმშვიდისთვის, ურთიერთობებისა და ადამიანურობისთვის.

გამოსავალი – შეაჩერეთ თქვენი ანგარიშები [სოციალურ ქსელებში თუ „ჩატ“ პლატფორმებზე]. დაიცავით თქვენი ძვირფასი მომენტები და ნუ დააფიქსირებთ ყველაფერს კამერით!

თქვით უარი ონლაინ-პორნოგრაფიაზე. ნუ დაეთანხმებით, რომ ესაა სიყვარული, რომ ესაა ცხოვრება. გათავისუფლდით პოსტის დადებისგან.

თუ გსურთ, რომ ეს აპლიკაციები არ არსებობდეს — მოიქეცით ისე, თითქოს არ არსებობს. თუ გენატრებათ ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა — აჩვენეთ სამყაროს, რომ ეს ისევ შესაძლებელია. განსაზღვრეთ, ვინ გსურთ იყოთ და შეეცადეთ, გახდეთ ეს ადამიანი. იყავით მაგალითი, რომელიც მომავალ თაობას სჭირდება — ისინი გიყურებენ (დროა, უარი ვთქვათ! ავტორი: ფრეია ინდია (Freya India), ოქტომბერი, 2025)“.

აქვე გთავაზობთ 2023 წელს აშშ-ში დაარსებული ახალგაზრდული კოალიციის, „Design It For Us“-ის განცხადებას, რომელიც ცდილობს თავისი პროტესტით შეცვალოს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების , ე.წ. „Big Tech“-ის წარმომადგენელთა დამოკიდებულება ადამიანებისადმი:

„ჩვენ ვქმნით რაღაც ახალსა და აუცილებელს: უნიკალურ მოძრაობას, რომლის მიზანიც არის ისეთი ონლაინსივრცის შექმნა, სადაც ყველა ჩვენგანს შეეძლება განვითარება. „Design It For Us“ დაარსდა 2023 წლის მარტში, რათა ახალგაზრდების ხმა ისმოდეს პასუხისმგებელი ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავების დროს და ჩვენი მოსაზრებები ამ პროცესში გათვალისწინებულ იქნას. კოალიცია რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტის ინიციატივით გაჩნდა და დღეს იგი უკვე ასობით აქტივისტს აერთიანებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მსოფლიოში.

„Design It For Us“-მა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ონლაინ-უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით აშშ-ში, როგორც შტატების, ისე ფედერალურ დონეზე. ეს მიმართულია იმისკენ, რომ გაუმჯობესდეს ახალგაზრდების უსაფრთხოება და დაცულობა როგორც ონლაინ, ისე – ოფლაინ-სივრცეებში. ორგანიზაცია იყენებს კოლექტიურ ახალგაზრდულ ძალას, რათა დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ეს გაიაზრონ და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ახალი პროდუქტების მარკეტინგისა და რეკლამირების დროს.

„ჩვენი დამოკიდებულება ონლაინზე უკვე სახიფათო ხდება“ – ამას ხმამაღლა ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, დოქტორი რიჩარდ მოლიკა: „რა გააკეთეთ პირველი, როდესაც დღეს დილას თვალები გაახილეთ? თუ პირველი ქმედება ტელეფონის ეკრანის გახსნა და ახალი ამბების სათაურების ნახვა იყო, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ე.წ. „დუმსქროლინგს“ აკეთებთ… და ამაში მარტო არ ხართ. ასეთი ქცევა დღეს სრულიად გასაგებია: მსოფლიოში ომები მძვინვარებს, ხშირია მასობრივი მკვლელობები და სროლები, ბევრი კატასტროფა კლიმატის ცვლილების გამო ხდება, ხოლო საზოგადოება, რომელიღაც ქვეყანაში კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება…

ჩვენთვის „მომზადებული“ სიახლეების (ე.წ. „ნიუსების“) ნაკადები სავსეა შემაშფოთებელი ამბებით. ბევრი ჩვენგანი ამას მტაცებლის თვალით ვადევნებთ თვალს: ვაჭერთ “refresh”-ს და ახალი „ნიუსების“ დაუშრეტელი ნაკადი ისევ ახლიდან მოედინება ჩვენს ეკრანებზე…

 

დუმსქროლინგი (Doomscrolling) — სიტყვა, რომელიც ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონის 2020 წლის სიტყვად შეირჩა, პოპულარული პანდემიის დროს გახდა, როცა ყველანი, ყველგან, ყოველდღე და დაუსრულებლად, COVID-ით გარდაცვლილთა სტატისტიკას ვადევნებდით თვალყურს. მაგრამ ოთხი წლის შემდეგაც ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ დიდ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაძაბულობაში, და ჰარვარდის ექსპერტების თქმით, დუმსქროლინგი ჩვენი გონებისა და სხეულისათვის საშიში, ფარული საფრთხეა. „ჩვენ აღარ გვაწვდიან იმედიან ამბებს – თითქმის ყველა ახალი ამბავი ნეგატიურია“, – წერს დოქტორი რიჩარდ მოლიკა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი.

სტატიის სათაურში გამოტანილი შეკითხვა კი კვლავ აქტუალურ შეკითხვად რჩება: დროა უარი ვთქვათ (შევზღუდოთ, შევამციროთ, ზღვარი დავუწესოთ, ავკრძალოთ და სხვა) ონლაინ სამყაროზე და ცხოვრების სტილზე, თუ უკვე გვიანია?

[1] Gen Alpha, ინგლისურევოვან სამყაროში ასე ეძახიან 2010 – 2025 წწ. დაბადებულ თაობას. Gen Alpha-“ინფლუენსერები” არიან ბავშვები, რომელბიც თვითონ ქმნიან ე.წ. „კონტენტს“ და ჰყავთ ათასობით გულშემატკივარი და მიმდევარი.

„ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა“ – ემპათიისა და თანაგრძნობის გაკვეთილი ჩვენს მოსწავლეებს

0

ქართული საბავშვო პროზა და პოეზია, იმაზე მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და გვგონია. არის შემთხვევებიც, ხან ისეთ საოცარ ტექსტს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ  მაშინვე მიჩნდება მისი ბავშვებისთვის წაღებისა და გაზიარების სურვილი, რადგან კარგი, ჯანსაღი და სწორი ღირებულების მქონე ტექსტებით დიდად არ ვართ განებივრებული.

ასეთი აღმოჩენა იყო ედიშერ ყიფიანი მოთხრობა „ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა“. წიგნი ბუკინისტებში აღმოვაჩინე, ძალიან ძველი გამოცემა, 70 წლის წინანდელი. ბავშვებს უყვართ ძველი წიგნები და უზომოდ გაიოცეს, როდესაც ეს გამოცემა ვაჩვენე:

ფრთხილად, სათუთად ათვალიერებდნენ, აკვირდებოდნენ გაყვითლებულ ფურცლებს, კითხულობდნენ, უკვირდათ. რამდენიმემ აღნიშნა, რომ ოჯახის ბიბლიოთეკაშიც ჰქონდათ ძველი წიგნები და გაუჩნდა სურვილი, რომ ენახა და დაეთვალიერებინა. მერე უცებ გაჩნდა იდეა: მოდით, შემდეგ გაკვეთილზე თავად შეარჩიეთ ძველი წიგნები, მოიტანეთ და მეგობრებს გაუზიარეთ-მეთქი, შემპირდნენ, რომ ასეც მოიქცეოდნენ.

სანამ წიგნს ვასრულებდი, პატარა დაჩუტული რეზინის ბურთი ვისროლე და ვთქვი, რომ ის იქნებოდა ჩვენი შეხვედრის მთავარი გმირი.  გაუკვირდათ, ბურთი რანაირად? ბიჭებს გაუხარდათ – ოო, ფეხბურთი ხომ მათი ყველაზე სანატრელი რამეა!

გამოთქვეს უამრავი ვარაუდი – რაზე იქნებოდა ამბავი, რა როლში იქნებოდა ბურთი. მერე სათაურიც რომ ვუთხარი, სულ გადაირივნენ, როგორ შეიძლება, ბურთმა ბიჭი დაკარგოს, ალბათ პირიქით, ბიჭები კარგავენ ბურთებსო. მე მგონი, აქ რაღაც შეცდომააო. ამას დაემატა ძველი წიგნის ხიბლი და ინტერესი და ჩემი მიზანიც მიღწეული იყო – ცნობისმოყვარეობა გავუღვიძე და ახლა ყველა დაძაბული, ინტერესით ელოდა ამბავს.

გადავჯექით ხალიჩაზე და დავიწყეთ კითხვა. კითხვის დროს ვჩერდებოდი და კითხვებს ვსვამდი, ან ვაცლიდი ბავშვებს ემოციები და მოსაზრებები გამოეხატათ.

„ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ბიჭუნას ძალიან ვუყვარდი, მე კი თავდაპირველად ვეჯიუტებოდი, თამაშობისას ფეხიდან ავეცლებოდი ხოლმე, ბიჭუნა თავს ვერ შეიმაგრებდა და სასაცილოდ გაიშხლართებოდა მიწაზე. ბოლოს დამიმორჩილა, თავი შემაყვარა. მეც თავდავიწყებით შემიყვარდა ჩემი პატრონი; სულ მისკენ მივფრინავდი, ფეხებში ვუგორდებოდი.

ჩემი წყალობით ბიჭს წვივები დაუმსხვილდა, სწრაფი სირბილი ისწავლა, დაცემისას აღარ ტიროდა. მახარებდა ეს ამბავი; ვამჩნევდი, რომ სიამაყისაგან ზომაზე მეტად ვიბერებოდი..

ბურთს უეცრად ხმა ჩაუწყდა. ცრემლები ახრჩობდა საწყალს. ფისოს გული აუჩვილა მისმა საცოდაობამ“.

ეს მოთხრობა უზარმაზარი საბადოა – ემპათიისა და ემოციების ამოცნობის, ემოციების გაგების. რას გრძნობდა  ბურთი? შენც ხომ არ გაგჩენია მსგავსი გრძნობა? მარტოდ ხომ არ გრძნობ თავს? ასეთი კითხვებით ბავშვები ემოციებზე დაფიქრდებიან, საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირებენ ტექსტს, სიღრმისეულად გაიაზრებენ პრობლემას.

წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო თემაც გააქტიურდა: დაკარგული ნივთები, ბავშვები ფიქრობენ და ჰყვებიან ისტორიებს – რა ნივთი დაკარგეს, როგორ ენატრებათ, ნეტავ რას გრძნობენ ეს ნივთები. წერენ პატარა წერილსაც, რომელსაც დაკარგული ნივთი დაუწერდა თავის პატრონს, იგონებენ ამ ნივთების ახალ თავგადასავალს – იქნებ ახალი პატრონი იპოვეს? იქნებ უკეთ არიან? ან პირიქით, ბურთივით ჩაჩუტულები და უბედურები ყრიან სადმე? ვკითხულობთ წერილებს და ვნახულობთ პატარა ანიმაციას დაკარგულ ნივთებზე.

https://www.youtube.com/watch?v=zIL0vSNx8Xg

ამის შემდეგ ბავშვები ჯგუფებად იყოფიან. ვურიგებ წინასწარ მომზადებულ ფორმატებს, სადაც შუაში ბურთი ხატია და ბურთის გარშემო კი ფიქრის ღრუბლებია:

თითოეულზე ბურთის ცხოვრების ეტაპებია მინიშნებული, ამ ეტაპების მიხედვით მოსწავლეებმა ღრუბლებში უნდა ჩაწერონ: რას ფიქრობს ბურთი; რას განიცდის; რა ემოცია აქვს:

  1. ბიჭმა ბურთი იყიდა.
  2. ბიჭი ბურთთან ერთად თამაშობს.
  3. ბურთი დაკარგულია.
  4. შეხვედრა.
  5. ახალი ცხოვრება.

შემდეგ კი ერთად ვაჯამებთ და ბურთის ცხოვრება გვეშლება თვალწინ – თავისი განცდებითა და ფიქრებით.

აქვე გიზიარებთ რამდენიმე რესურსს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ პროცესში.

 

 

 

 

 

 

,,ის მაინც ბრუნავს“ – სად არის სამყაროს ცენტრი?

0

„ ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!

არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი…“.

მიხეილ ქვლივიძე

ფრაზა – „ის მაინც ბრუნავს“, საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც თავისუფალი აზრისა და მეცნიერული პროგრესის სიმბოლო. სამყაროს შეცნობა ხომ მუდმივ ძიებასთან და გაბედულ მოსაზრებებთან არის დაკავშირებული. კაცობრიობა დასაბამიდან ეძიებს სწორ პასუხს კითხვაზე – სად არის სამყაროს ცენტრი?

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ, როგორ იცვლებოდა ადამიანის ცნობიერება და შესაბამისი შეხედულებები სამყაროს მოწყობაზე. გეოცენტრული წარმოდგენებიდან – არისტაქეს, კოპერნიკისა და გალილეის მოსაზრებებამდე, ჯორდანო ბრუნოს გამბედავ იდეებამდე და კოსმოსის სტრუქტურის თანამედროვე ხედვამდე; როგორ ჩამოყალიბდა ადამიანის თვალსაზრისი და რას ფიქრობს დღეს მეცნიერება ყველაზე მთავარ კითხვაზე – როგორია სამყაროს სტრუქტურა?

დღეს, როდესაც ინფორმაციის ზღვაში ვართ ჩაძირულნი, მედიაწიგნიერება უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის გვეხმარება, კრიტიკულად შევაფასოთ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო, განვასხვაოთ ფაქტი და მოსაზრება, ამოვიცნოთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია, არადამაჯერებელი თეორიები; მაგალითად, დედამიწა თითქოს ბრტყელია – კვლავაც პოულობს მომხრეებს გარკვეულ ჯგუფებში, რაც ნათლად აჩვენებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფაქტების გადამოწმება და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. საჭიროა საგანმანათლებლო დატვირთვის მქონე მრავალი სტატია, რომელიც წაახალისებს მკითხველს, იაზროვნოს დამოუკიდებლად და არ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია უპირობო ჭეშმარიტებად.

სად არის სამყაროს ცენტრი? – ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, სად არის მისი ადგილი სამყაროში. სამყაროს ცენტრის ძიება ყოველთვის უკავშირდებოდა ადამიანის მსოფლმხედველობას, კულტურასა და რწმენას. ძველ ბაბილონში, საბერძნეთში თუ შუა საუკუნეების ევროპაში, ცაზე დაკვირვება არა მხოლოდ ბუნების საიდუმლოების ახსნას ემსახურებოდა, არამედ, ადამიანს თავისი არსებობის აზრზეც აფიქრებდა. სამყაროს ცენტრის პოვნა გულისხმობდა საკუთარი ადგილის გამორკვევასაც.

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ საკუთარი ხედვის შესაბამის მოდელებს. პირველი იყო გეოცენტრული წარმოდგენა – დედამიწა, როგორც კოსმოსის შეუვალი და მტკიცე ცენტრი. შემდეგ გაჩნდა ჰელიოცენტრიზმის იდეა, რომელმაც სრულად შეცვალა მოსაზრება სამყაროს მოწყობაზე – მზე, როგორც სინათლისა და სიცოცხლის წყარო, აღმოჩნდა შუაგულში.

https://rebrand.ly/wfgyfkg

კაცობრიობის ისტორიაში სამყაროს ცენტრის კვლევა ცოდნისა და სიმართლის ძიების სიმბოლოდ გადაიქცა. ის მხოლოდ ასტრონომიის საკითხი არ ყოფილა – იყო ადამიანის სწრაფვა, ეპოვა საკუთარი ადგილი უსასრულობაში.

გეოცენტრული წარმოდგენა

ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდა, რომ დედამიწა წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. როცა ცას ვუყურებთ, თითქოს ბუნებრივად გვიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ჩვენ გარშემო ტრიალებს – მზე ამოდის და ჩადის, მთვარე პერიოდულად იცვლის ადგილსა და ფორმას, ღამის ცაზე ვხედავთ ვარსკვლავთა მოძრაობას. ლოგიკური იყო პირველი მოსაზრება, რომ დედამიწა არის სამყაროს შუაგულში, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მის გარშემო ბრუნავს. ეს წარმოდგენა საუკუნეების განმავლობაში იყო ყველაზე ლოგიკური ახსნა, რომელიც შეესაბამებოდა ყოველდღიურ გამოცდილებას.

მე-16 საუკუნემდე ადამიანები ცნობდნენ გეოცენტრულ მოდელს, რომლის თანახმადაც დედამიწაა ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა ყოფილიყო განხილული კოსმოსში მიმდინარე პროცესები. ამ მოდელის ფუძემდებელი გახლდათ მეორე საუკუნეში მოღვაწე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი პტოლემე ალექსანდრიელი.

პტოლემემ შექმნა დეტალურად ჩამოყალიბებული ასტრონომიული სისტემა, რომელიც აღწერდა არა მხოლოდ მზისა და მთვარის მოძრაობას, არამედ პლანეტების რთულ ტრაექტორიებს. მისი თეორია ეფუძნებოდა იდეას, რომ დედამიწა იყო უძრავი, ხოლო ციური სხეულები მის გარშემო წრიულ ორბიტებზე მოძრაობდნენ. წრე ძველ ბერძნებში სრულყოფილების სიმბოლოდ ითვლებოდა და ბუნებრივად მიიჩნეოდა მოსაზრება, რომ ,,ზებუნებრივმა ძალებმა“ პლანეტებს სწორედ წრიული მარშრუტით სიარული განუსაზღვრეს

დედამიწიდან დაკვირვებისას პლანეტები ზოგჯერ თითქოს ჩერდებიან და უკან მოძრაობენ. ამ ხილულ ეფექტს „უკუსვლას“ ვუწოდებთ. სწორედ ეს მოვლენა იყო გეოცენტრული სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის ახსნასაც პტოლემე ეპიციკლების თეორიით ცდილობდა.

https://rebrand.ly/aiitess

მეხუთე საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსებმა ფილოლაუსმა და ჰიცეტასმა ივარაუდეს, რომ დედამიწა იყო სფერო, რომელიც ყოველდღიურად ტრიალებს მისტიკური „ცენტრალური ცეცხლის“ გარშემო. ორი საუკუნის შემდეგ, არისტარქე სამოსელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მოძრაობდნენ ცენტრალური ობიექტის, მზის გარშემო. იმ ეპოქაში ამ იდეამ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. დაახლოებით 1400 წლის შემდეგ გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ დედამიწისა და სხვა ციური სხეულების ბრუნვას მზის გარშემო.

მიუხედავად სირთულეებისა, გეოცენტრული მოდელი საუკუნეების განმავლობაში მტკიცედ იყო დამკვიდრებული. იგი არა მხოლოდ ასტრონომიული, არამედ სამყაროს ხედვის ფილოსოფიური შეხედულების ნაწილიც იყო – დედამიწა, როგორც განსაკუთრებული ადგილი, განიხილებოდა სამყაროს ცენტრად. ამ შეხედულებას ეჭვქვეშ თითქმის არავინ აყენებდა.

ჰელიოცენტრული სისტემა

XV საუკუნეში გაჩნდა იდეა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა სამყაროზე. ნიკოლაუს კოპერნიკმა თქვა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავენ მზის და საკუთარი ღერძის გარშემო. ამ წარმოდგენას ჩვეულებრივ უწოდებენ ჰელიოცენტრულ ან „მზეზე ორიენტირებულ“ სისტემას. ეს სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ჰელიოს“, რაც „მზეს“ ნიშნავს. კოპერნიკმა გაბედა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. მან დედამიწა „სამყაროს ცენტრიდან“ „აქცია“ რიგით პლანეტად, რომელიც თავადაც მოძრაობდა, ხოლო სამყაროს შუაგულში მოიაზრა მზე.

კოპერნიკის თეორიასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა მაინც არსებობდა. მან ივარაუდა, რომ პლანეტები იდეალურ წრეზე ბრუნავდნენ. ამან გამოთვლები ცოტათი გააფუჭა, რადგან ისინი სინამდვილეში ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობენ.

 

 

კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმს იცავდა იტალიელი ჯორდანო ბრუნო – კოპერნიკის თეორიის პირველი აღიარებული დამცველი და გამავრცელებელი, პოეტი და ფილოსოფოსი. იგი კოპერნიკის სასარგებლოდ პროპაგანდას ეწეოდა არა მარტო იტალიაში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოგზაურობდა – საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში. კოპერნიკის მოძღვრებას ბრუნო ასე გადმოსცემს: ,,…კოპერნიკს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მან გაგვათავისუფლა მცდარი რელიგიური დებულებებისაგან, რომლებიც ყველგან გაბატონებულ ვულგარულ დამაბრმავებელ ფილოსოფიაში სუფევდა. უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო დასაშვებია დედამიწის ფარდობითი მოძრაობა სამყაროში, ვიდრე ის, რომ უამრავი სხეული, რომელთაგან ბევრი დედამიწაზე უფრო დიდი და ლამაზია, მოძრაობს ჩვენი სფეროს, როგორც ცენტრის ირგვლივ. ეს ხომ ბუნებას და გონებას ეწინააღმდეგება“.

ჯორდანო ბრუნომ კიდევ მეტად განავითარა კოპერნიკის თეორია და უფრო შორს წავიდა – ეპიკურეს, ჰერაკლიტეს და ლუკრეციუსის მიბაძვით, რომლებიც სამყაროს დაუსრულებლობას და მარადიულ მოძრაობას აღიარებდნენ – დაუშვა, რომ მზე ერთ-ერთი ვარსკვლავთაგანია. ასეთი ვარსკვლავი სამყაროში უამრავია. სამყაროში არა მარტო დედამიწა, არამედ მზეც მტვრის ნაწილაკად უნდა მივიჩნიოთ. ამით ბრუნო შესანიშნავ დასკვნამდე მივიდა, რომ სამყარო უსასრულოა, იგი არ შექმნილა რომელიმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი არსებობდა და მარადიულად იარსებებს. ბრუნო იტალიაში 1600 წლის 17 თებერვალს საჯაროდ დაწვეს. ბრუნოს დაწვამ მსოფლიოს ნაწილი შეაშფოთა, მაგრამ ვერ შეაშინა. 1604 წელს, ისევ იტალიაში, გალილეო გალილეიმ დაიწყო ოფიციალური პროპაგანდა ჰელიოცენტრული სისტემის სასარგებლოდ.

https://rebrand.ly/vb85uf3

https://rebrand.ly/9a2u5vg

ჯორდანო ბრუნო იყო არა მხოლოდ ასტრონომი, არამედ ფილოსოფოსი და თეოლოგი. მისი იდეები ბევრად უფრო რადიკალური იყო, ვიდრე უბრალოდ კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმის დაცვა. ახალი იდეების გამოთქმა მარტივი არასოდეს ყოფილა. ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო (1548–1600) ქადაგებდა, რომ სამყარო უსასრულოა, ვარსკვლავები სხვა მზეებია და შესაძლოა, მათ გარშემო პლანეტებზეც არსებობდეს სიცოცხლე. დღემდე ჯორდანო ბრუნო მიიჩნევა თავისუფალი აზრისა და მეცნიერული გამბედაობის სიმბოლოდ.

სამყაროს შესახებ ახალ შეხედულებებს ყველგან გამოუჩნდა მომხრეები: პოლონეთში იან ჰეველიუსი, ინგლისში – რობერტ ჰუკი, ჯონ ფლემსტიდი, ისააკ ნიუტონი და ჯეიმზ ბრადლეი, საფრანგეთში – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი, ნიდერლანდში – ქრისტენ ჰიუგენსი, რუსეთში – მიხეილ ლომონოსოვი, საქართველოში – დავით და იოანე ბაგრატიონები და სხვა.

ჰელიოცენტრული მოდელი ერთ შეხედვით უფრო მარტივი ჩანდა, მაგრამ ამ სიმარტივეს უდიდესი სიღრმე ჰქონდა. კოპერნიკის მოდელით, პლანეტების „უკუსვლაც“ ლოგიკურად გასაგები გახდა. კოპერნიკის ხედვით, პლანეტების აშკარა უკუქცევა ჩაითვალა ოპტიკურ ილუზიად, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ორბიტალური სიჩქარით, როდესაც ჩვენი პლანეტა უსწრებს მზის სისტემის გარე პლანეტებს, ისინი ცოტა ხნით თითქოს უკან მოძრაობენ, რადგან დედამიწაც მოძრაობს მზის გარშემო, ზოგჯერ პლანეტების ხილული მოძრაობა ცაზე მოჩვენებით „ბრუნავს უკან“. ამ მოსაზრებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ციური სხეულების სურათი და უფრო თანმიმდევრული გახადა.

დიდი ხნის განმავლობაში კოპერნიკის თეორიას მხოლოდ თეორიული ახსნა ჰქონდა. ამ იდეის პრაქტიკული დასაბუთება შეძლო გალილეო გალილეიმ. მან ტელესკოპის დახმარებით, სამყაროს მოწყობის ახალი სურათი წარმოადგინა – იუპიტერის თანამგზავრები, რომლებიც აშკარად მოძრაობდნენ არა დედამიწის, არამედ სხვა პლანეტის გარშემო; ვენერას ფაზები, რომელიც მისი მზის გარშემო ბრუნვით აიხსნებოდა. ეს აღმოჩენები გეოცენტრული სისტემისთვის პირდაპირი დარტყმა იყო.

1633 წელს ინკვიზიციამ გალილეო გალილეი აიძულა და მან საჯაროდ უარყო ჰელიოცენტრული სწავლება. გადმოცემით, როდესაც იძულებულმა უარი თქვა კოპერნიკის თეორიაზე, ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: „And yet it moves!“ – „ის მაინც ბრუნავს!“. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ფრაზა წყაროებში პირველად მხოლოდ გალილეის სიკვდილის შემდეგ, 1640-იან წლებში გაჩნდა. დიდი ალბათობით, ეს მითოსური სიტყვებია, მაგრამ კარგად გამოხატავს გალილეის სულიერ დაუმორჩილებლობას და მეცნიერის შეხედულებებს.

ჰელიოცენტრული მოდელი მხოლოდ ასტრონომიული შეხედულებების ცვლილება არ ყოფილა. მისი გახმოვანება იყო ნამდვილი ინტელექტუალური რევოლუცია – ადამიანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა, აღმოჩნდა, რომ უბრალო პლანეტაზე ცხოვრობდა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს. ეს ცვლილება არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ფილოსოფიასა და კულტურასაც შეეხო – სრულად შეიცვალა სამყაროს აღქმა.

გალილეის დაკვირვებებს დაემატა იოჰანეს კეპლერის სერიოზული მათემატიკური ანალიზი. მან დაამტკიცა, რომ პლანეტები არ მოძრაობენ სრულყოფილ წრეზე, არამედ ელიფსურ ორბიტებზე. ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ადვილად ხსნიდა დაკვირვებებს და საბოლოოდ ჰელიოცენტრულ სისტემას მყარ სამეცნიერო საფუძველს აძლევდა.

კეპლერმა 1596 წელს გამოაქვეყნა წიგნი – „სამყაროს საიდუმლოება“. ამ ნაშრომში ავტორმა სრულიად აშკარად დაიცვა ჰელიოცენტრული სისტემა. იოჰანეს კეპლერმა შეიმუშავა მზის სისტემის ჰელიოცენტრული მოდელი, რომლის თანახმადაც ყველა პლანეტა მოძრაობს საკუთარ ელიფსურ ორბიტაზე.

კეპლერისა და ნიუტონის კანონებმა დაადასტურა, რომ ჰელიოცენტრიზმი მზის სისტემის სწორი მოდელია. ორი საუკუნის შემდეგ, იოზეფ ფონ ფრაუნჰოფერმა მზის სპექტრი შეადარა სხვა ვარსკვლავების სპექტრს და დაამტკიცა, რომ მზეც არ არის განსაკუთრებულ ადგილას.

კეპლერის კანონები

 

კეპლერის პირველი კანონი:

მზის გარშემო თითოეული პლანეტის მოძრაობის ორბიტა ელიფსია. მზის ცენტრი ყოველთვის ორბიტალური ელიფსის ერთ ფოკუსშია. პლანეტის საკუთარ ორბიტაზე ბრუნვა ნიშნავს, რომ პლანეტასა და მზეს შორის მანძილი მუდმივად იცვლება.

კეპლერის მეორე კანონი:

მზიდან პლანეტისკენ გავლებული რადიუს-ვექტორი დროის ტოლ შუალედებში ტოლ ფართობებს ,,მოჭიმავს“. პლანეტები თავიანთ ორბიტებზე მუდმივი სიჩქარით არ მოძრაობენ. მათი სიჩქარე იცვლება ისე, რომ მზისა და პლანეტის ცენტრების დამაკავშირებელი ხაზი, თანაბარი დროის განმავლობაში, ფართობის თანაბარ ნაწილებს მოიცავს. პლანეტ და მზეს შორის უახლოეს წერტილს პერიჰელიონი ეწოდება. უდიდესი დაშორების წერტილს აფელიონი, ამიტომ კეპლერის მეორე კანონის თანახმად, პლანეტა ყველაზე სწრაფად მოძრაობს პერიჰელიონში ყოფნისას და ყველაზე ნელა აფელიონში.

კეპლერის მესამე კანონი:

პლანეტების მზის ირგვლივ ბრუნვის პერიოდების კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც მათი ელიფსური ორბიტების დიდი ნახევარღერძების კუბები. კეპლერის მესამე კანონი გულისხმობს, რომ პლანეტის მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი სწრაფად იზრდება მისი ორბიტის რადიუსთან ერთად. ამრიგად, ჩვენ ვხვდებით, რომ მერკური, ყველაზე შიდა პლანეტა, მზის გარშემო ბრუნვას მხოლოდ 88 დღეს ანდომებს. დედამიწას 365 დღე, ხოლო სატურნს იმავეს გასაკეთებლად 10 759 ( 29 წელი 5 თვე 15 დღე) დღე სჭირდება.

კეპლერმა, როდესაც ეს სამი კანონი შექმნა, არ იცოდა გრავიტაციის შესახებ. მისმა კანონებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისააკ ნიუტონის გრავიტაციის უნივერსალური თეორიის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხსნის კეპლერის მესამე კანონის უკან მდგომ უცნობ ძალას. კეპლერი და მისი თეორიები, როგორც ახალი შეხედულების საფუძვლები, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ჩვენი მზის სისტემის დინამიკის უკეთ გასაგებად და გასააზრებლად.

იოჰანეს კეპლერმა თავისი კანონებით ზუსტად აღწერა, როგორ მოძრაობენ პლანეტები ელიფსურ ორბიტებზე. ეს კანონები წმინდად ემპირიული იყო, ანუ დაკვირვებებზე დაფუძნებული. მათ საფუძვლად დაედო ასტრონომ ტიხო ბრაჰეს მიერ მრავალი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. მიუხედავად ამისა, კეპლერს არ შეეძლო აეხსნა, რატომ იცვლებოდა პლანეტების სიჩქარე და რა ფიზიკური ძალა აკავებდა მათ მზის გარშემო.

დაახლოებით 70 წლის შემდეგ, ისააკ ნიუტონმა, მსოფლიო მიზიდულობის კანონის ჩამოყალიბებისას, მათემატიკურ საფუძვლად სწორედ კეპლერის კანონები გამოიყენა. ნიუტონმა პირველმა დაამტკიცა, რომ გრავიტაცია უნივერსალური ძალაა და ის მოქმედებს სამყაროში არსებულ ყველა სხეულზე. ნიუტონის კანონის მიხედვით, ორი სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი სამართლიანია როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში. სწორედ ამ კანონის აღმოჩენის შემდეგ გახდა გასაგები, თუ რატომ ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო და როგორ მოქმედებს გრავიტაცია მთელს სამყაროში.

კეპლერის კანონებმა და ნიუტონის უნიკალურმა აღმოჩენებმა შექმნეს ახალი მეცნიერული ხედვა, რომელმაც საბოლოოდ გაამყარა ჰელიოცენტრული სისტემის სისწორე და საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ ფიზიკას.

კეპლერის კანონებზე დაკვირვება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ სიმულაციებში:

https://rb.gy/p32m9y

https://rb.gy/a9b8iy

https://rb.gy/vnvq9n

1851 წელს ჟან ბერნარ ლეონ ფუკომ პარიზის პანთეონში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც დედამიწის ბრუნვის დასამტკიცებლად, ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ექსპერიმენტი.

https://rebrand.ly/3s2518r

ფუკოს ქანქარა წარმოადგენს 28კგ. რკინის ბურთს, რომელიც 67 მეტრის სიგრძის ფოლადის მავთულზეა ჩამოკიდებული. ფუკოს ქანქარის რხევის ტრაექტორია, პირველი დემონსტრირება იყო – მტკიცებულება დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის შესახებ, რაც ამყარებს შეხედულებას ჩვენი გალაქტიკის ჰელიოცენტრულ მოწყობაზე.

გეოცენტრულობის იდეა მხოლოდ ასტრონომიული თეორია არ ყოფილა – იგი ადამიანის მსოფლმხედველობის ფუნდამენტურ საფუძვლებს ეხებოდა. ეს მოდელი თითქოს ადასტურებდა, რომ კაცობრიობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამყაროში. სწორედ ამიტომ აღიქმებოდა კოპერნიკის იდეა ბევრისთვის საფრთხედ – „როგორ შეიძლება დედამიწა იყოს ჩვეულებრივი პლანეტა?“ – ეს კითხვა კულტურულ და სულიერ შოკად გადაიქცა. ადამიანი, რომელიც თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა, აღმოჩნდა უსასრულო სივრცეში მცურავ პატარა პლანეტაზე. დაიწყო დისკომფორტისა და ინტელექტუალური გამბედაობის ეპოქა, რაც დაკვირვებასა და ლოგიკაზე დაფუძნებით მეცნიერების ჭეშმარიტი მიმართულებით განვითარებას გულისხმობდა. ჰელიოცენტრული მოდელი იქცა სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთ ბიძგად და აჩვენა, რომ რეალობა ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს უშუალო აღქმებს.

დღევანდელი ასტრონომია გვთავაზობს მზის სისტემის ზუსტ სურათს – დედამიწა არის ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ელიფსურ ორბიტაზე, ხოლო მზე, ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციულ ცენტრს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერებამ თვალსაჩინოდ ჩამოაყალიბა კოსმოსის მოწყობის მოდელი, ისტორიულმა შეხედულებებმა მაინც შეინარჩუნეს ფასეულობა. გეოცენტრულმა სისტემამ კაცობრიობას ასწავლა დაკვირვების, მოდელირებისა და პროგნოზირების მნიშვნელობა, ხოლო ჰელიოცენტრულმა დაგვანახა, რომ მეცნიერული სწავლება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებას და შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს ადამიანის წარმოდგენები სამყაროზე.

კაცობრიობის ხედვა კოსმოსზე საუკუნეების განმავლობაში თანმიმდევრულად იცვლებოდა – დედამიწიდან, როგორც თითქოსდა სამყაროს ცენტრიდან, ჩვენმა ცნობიერებამ გადაინაცვლა მზის გარშემო მოძრავი პლანეტის პერსპექტივაზე; შემდგომში გაირკვა, რომ მზე მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავია გალაქტიკაში, ხოლო თავად გალაქტიკა, ერთ-ერთი – მილიარდობით სხვა გალაქტიკებს შორის.

https://rb.gy/5lbb9q

თანამედროვე მეცნიერება სამყაროს განიხილავს, როგორც უამრავი გალაქტიკის ერთობლიობას, რომელიც მუდმივად მოძრაობს და ფართოვდება უსასრულო სივრცეში. მიუხედავად დაგროვილი ცოდნის ამ უზარმაზარი პროგრესისა, მთავარი შეკითხვა კვლავ ღიაა – როგორია სამყაროს საბოლოო სტრუქტურა და რა კანონებით იმართება მისი ევოლუცია.

სწავლა-სწავლების პროცესში, სამყაროს მოწყობის შესახებ ისტორიული შეხედულებები მრავალმხრივ დატვირთვას იძენს. იგი აჩვენებს, რომ შეცდომები და წინააღმდეგობები შემეცნების განვითარების ნაწილია, ხოლო მეცნიერული სიმართლე მიიღწევა კითხვებით, ეჭვებითა და დაკვირვებით. პტოლემეს, კოპერნიკის, გალილეოს, კეპლერის და ნიუტონის ნაშრომები გვახსენებს, რომ მეცნიერება ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველი თაობა ხელახლა სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: „სად არის სამყაროს ცენტრი?“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://rebrand.ly/f46720

https://rebrand.ly/yx1ag5p

https://rebrand.ly/tx2pxxl

https://rebrand.ly/lx46wvt

https://rebrand.ly/ek2r41p

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...