ოთხშაბათი, აგვისტო 27, 2025
27 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

გაჭიანურებული საშინაო დავალებების დასაძლევად

0

ბარბარა ოკლი დარწმუნებულია, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია შესანიშნავი შედეგების ჩვენება. ბარბარა ოკლი ერთ-ერთი ავტორია წიგნისა „შეუძლებლის სწავლება. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ნებისმიერი საგნის დაუფლებაში გამოცდების შიშის გარეშე“. წიგნში გამოცდილი პედაგოგები გვიზიარებენ, როგორ გამოიყენეს „პომიდორის მეთოდი“ და რატომ აჭიანურებენ ბავშვები (და ზოგჯერ უფროსებიც) სასკოლო საქმეების კეთებას. ვაქვეყნებთ ამონარიდს ქვეთავიდან „გაჭიანურების წამლები“.

 

„ოთახში გამეფებულ დაძაბულობას თითქოს შენც გრძნობ. ალისია, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს, ბოლოჯერ უყურებს კონსპექტს. ის ნერვიულად აკაკუნებს ფანქარს და ამით მეზობელ მაიკლს აღიზიანებს. დიეგო თითებს იტკაცუნებს, თამიკა კი მოუსვენარი თავდაჯერებულობით ისწორებს თმას.

მაგრამ სემი… ოჰ, სემ! როგორც ჩანს, ის უბრალოდ ძალიან დაიღალა. სემი ყოველთვის ნამძინარევი გამომეტყველებით ელოდება გამოცდის დაწყებას. ერთხელ გამოცდის დროს ჩაეძინა და ფურცელზე მონიშნული რამდენიმე დავალება დადორბლა კიდეც, თუმცა ამ დავალებებს მაინც გასცა პასუხი (ალბათ გახსოვთ, როგორ ფრთხილობდით, რომ არ შეხებოდით ასეთ ფურცლებს შეფასების დროს).

ზოგჯერ მოსწავლეები საკლასო ოთახში იღლებიან, რადგან სახლში პრობლემები აქვთ, მაგრამ სემზე ამას ვერ ვიტყვით. დიახ, მისი მშობლები ხშირად შემორჩებიან ხოლმე სამსახურს, თუმცა უყვართ შვილი და კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც სემთან, ასევე ერთმანეთთან. სემი ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ მისი დაინტერესება შეიძლება მხოლოდ იმით, რაც პრაქტიკაშია სასარგებლო. შეგიძლიათ დაივიწყოთ მათემატიკა, მაგრამ თუ ძრავის კაპიტალური შეკეთება გჭირდებათ, ცამეტი წლის სემი ზუსტად ის არის, ვინც ამაში დაგეხმარებათ.

რატომ უჭირს სემს გამოცდების ჩაბარება?

 

პროკრასტინაცია (გაჭიანურება): მოსწავლეების მთავარი პრობლემა

ქვეთავის სათაურიდან მიხვდებოდით, რომ სემი პროკრასტინაციის ოსტატია. მაგრამ, ამავე დროს, მას ეშინია, მშობლებს იმედი არ გაუცრუოს. ეს მოტივაციური კონფლიქტი აიძულებს, სწავლა ბოლო მომენტამდე გადადოს – ვთქვათ, გამოცდისწინა შუაღამემდე. სემი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დაიმახსოვროს, მერე კი გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე იძინებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ბავშვია, დროის ზეწოლის სტრესულ პირობებში სწავლობს.

ალბათ უამრავი მოსწავლე გინახავთ, რომლებიც სემზე მეტად აჭიანურებენ საქმეს. ზოგჯერ ისინი გულწრფელად აპირებენ სწავლის დაწყებას, მაგრამ ყველაფერს ბოლო წუთამდე დებენ და მეტისმეტად გვიან ხვდებიან, რომ საკუთარი თავი ხაფანგში გააბეს. სასოწარკვეთილებს, დაზეპირებაც კი არ შველით და იმედს კარგავენ.

მოსწავლეების ძირითადი პრობლემების ჩამონათვალს თუ შეადგენთ, დაინახავთ, რომ გაჭიანურება ჩამონათვალის სათავეში მოექცევა. ფსიქოლოგ პიერს სტელის შეფასებით, „კოლეჯის სტუდენტების 80-95 პროცენტი დროდადრო აჭიანურებს მუშაობას, დაახლოებით 75%-ს შეუძლია, საკუთარ თავს პროკრასტინატორი უწოდოს, ხოლო თითქმის 50% რეგულარულად აჭიანურებს სწავლის დაწყებას და ამას პრობლემად მიიჩნევს“. კოლეჯის სტუდენტები ასე იქცევიან, რადგან სკოლის წლებში მათ გამოუმუშავდათ გადადების ჩვევა. ჩვენ შეგვიძლია, უკეთესობისკენ შევცვალოთ მოსწავლეთა ცხოვრება, თუ გაჭიანურების ტენდენციას რაც შეიძლება ადრე შევებრძოლებით.

 

რა ხდება ტვინში, როდესაც მოსწავლეები აჭიანურებენ

პირველესად, სასარგებლოა იმის ცოდნა, რა იწვევს გაჭიანურებას. ფსიქოლოგები ათეულობით მიზეზს ასახელებენ. მთავარი ალბათ ეს არის: როდესაც სემი და გაჭიანურებისადმი მიდრეკილი სხვა მოსწავლეები (თქვენც კი!) ფიქრობთ იმაზე, რაც არ მოსწონთ ან არ სურთ აკეთონ, ტვინის ქერქში აქტიურდება ტკივილის სიგნალები. როგორ შეიძლება ამ არასასიამოვნო გრძნობასთან გამკლავება? იოლად. სემმა უბრალოდ უნდა იფიქროს რაღაც სხვაზე, რაც იმწამიერი ტკივილისგან იხსნის.

 

თავის ტვინის ქერქი

როგორც კი მოსწავლეებს გაეფიქრებათ რამეზე, რაც არ მოსწონთ ან რისი კეთებაც არ სურთ, ჩნდება დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება ტვინის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილის სიგნალების დამუშავებაზე.

ეს ტკივილი დაბრუნდება, მაგალითად, შუაღამის სტრესის და გამოცდაზე ძილიანობის სახით. უფრო უარესი: „ახალი ცოდნის, ახალი კავშირების” პროცესში სემს მოკლე ჩართვა ემართება. მის ტვინს დრო სჭირდება ინფორმაციის კონსოლიდაციისთვის და ახალი ნერვული კავშირების შესაქმნელად. როდესაც სემს გამოცდის წინა ღამეს ძილი არ ჰყოფნის, მისი ტვინი უბრალოდ ვერ იმახსოვრებს იმ ინფორმაციას, რომლის დამახსოვრებასაც ცდილობს და ახალი ცოდნა საცერში ჩასხმული წყალივით გაედინება.

 

როგორ აჭიანურებენ მრბოლელი“ მოსწავლეები

რა უცნაურიც უნდა იყოს, „მრბოლელები“ შეიძლება ყველაზე უარესი პროკრასტინატორები იყვნენ. მათ აქვთ გაჭიანურების ჩვევა, რადგან დაწყებით კლასებში სწავლა ეადვილებოდათ. საკმარისი იყო, ბოლო მომენტში გადაეხედათ თემისთვის, რომ ითვისებდნენ, მაგრამ მაღალსიჩქარიან „მრბოლელთა“ ქულები მკვეთრად იკლებდა, თუ მასალა რთულდებოდა. საშუალოდან მაღალ კლასებში ან კოლეჯში გადასვლა „მრბოლელთათვის“ შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან მათ უბრალოდ არ იციან, როგორ ისწავლონ კლასთან ერთად.

 

როგორ აჭიანურებენ „ფეხმავალი ტურისტები“

ნაკლები მუშა მეხსიერების მიუხედავად, „ფეხმავალ ტურისტ“ მოსწავლეებს შეუძლიათ, ოსტატურად აჯობონ „მრბოლელებს“. ამის მიღწევაში მათ ეხმარება გრძელვადიანი პრაქტიკა, რომელიც „ფეხმავლების“ ხანგრძლივ მეხსიერებაში კავშირების ფართო სპექტრს აყალიბებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუშა მეხსიერება ძალიან ტევადი არ არის, დეფიციტს ანაზღაურებს ხანგრძლივ მეხსიერებაში ჩამოყალიბებული კავშირების ჯაჭვები იმ ინფორმაციის დამუშავებით, რომელსაც მუშა მეხსიერება ვერ ინახავს. „ფეხმავლებს“, ისევე როგორც „მრბოლელებს“, შეუძლიათ რთული მონაცემების ინტელექტუალური დამუშავება, მაგრამ დამუშავება უდიდესწილად მათ ხანგრძლივ და არა მუშა მეხსიერებაში ხდება.

თუმცა არის ერთი ნიუანსი: „ფეხმავალ ტურისტებს“ მეტი პრაქტიკა სჭირდებათ, ვიდრე „მრბოლელებს“ – მათ დრო სჭირდებათ ხანგრძლივი მეხსიერების კავშირების დასამყარებლად. ამავე მიზეზით გაჭიანურებამ შესაძლოა „ფეხმავლებს“ ცხოვრება გაურთულოს. საბედნიეროდ, მოტივირებული „ფეხმავლები“ ადრევე აცნობიერებენ, რა სახიფათოა პროკრასტინაცია. „მრბოლელები“, პირიქით, შესაძლოა დიდხანს იყვნენ გაუგებრობაში და მერე გაცილებით მეტად გაუჭირდეთ გაჭიანურების ჩვევის დაძლევა.

 

რა შეიძლება ითქვას მოტივაციაზე?

ალბათ გაიფიქრეთ: „ნუთუ ნეირომეცნიერებას არაფერი აქვს სათქმელი მოტივაციის შესახებ?“ რა თქმა უნდა, აქვთ. ნეირომეცნიერება ამბობს, რომ „გონივრულმა“ მოტივაციურმა მიდგომამ – სწავლებამ სახალისო და საინტერესო გზით – შესაძლოა, პირიქით, გააუარესოს შედეგები. მოტივაციას უფრო დეტალურად მე-7 თავში განვიხილავთ.

ახლა კი ალბათ ჯობია, სწავლისთვის მოტივირებაზე ისე ვიფიქროთ, როგორც ველოსიპედის მართვის სწავლებაზე. ველოსიპედის მართვის სწავლა ადვილი არ არის: გეშინია დაცემის, დაშავების, მაგრამ სურვილი, შეუერთდე სხვა ველოსიპედისტებს, რომლებიც ოსტატურად და მშვიდად მოძრაობენ, გაიძულებს სცადო, მიუხედავად გარდაუვალი დაცემისა და ტკივილებისა.

გამოცდილი მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს თემის ურთულესი ასპექტების დამუშავებაში, ამხნევებენ მათ. ამდენად, ჯილდო უფრო ხელმისაწვდომი ჩანს და ყოველდღიური სწავლის შედეგები – უფრო მნიშვნელოვანი. მთავარია, მოსწავლეები ჰორიზონტზე ხედავდნენ ნაპირს – გრძნობდნენ, თანდათან როგორ ეუფლებიან მასალას. ნიჭიერი მასწავლებლები მოსწავლეებში აღვიძებენ შთაგონებას და მოტივაციას, მაგრამ ამ პროცესის კომპონენტებად დაშლა ჯერ მაინც არ შეგვიძლია.

 

როგორ გავუმკლავდეთ გაჭიანურებას პომოდორს მეთოდით

გაჭიანურებასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რომელიც ასევე გასწავლით, შეინარჩუნოთ კონცენტრაცია და ერთდროულად ორ კურდღელს არ აედევნოთ, არის პომოდოროს ტექნიკა (tecnica del pomodoro). იტალიელმა ფრანჩესკო ჩირილომ ეს მიდგომა 1980-იან წლებში შეიმუშავა. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ჩირილოს ტაიმერისგან, რომელსაც პომიდვრის ფორმა ჰქონდა. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩირილოს მიდგომა მშვენივრად შეესაბამება ნეირომეცნიერებათა მონაცემებს ყურადღების განაწილების შესახებ.

პომოდოროს მეთოდი საკმაოდ სწორხაზოვანია. როდესაც მნიშვნელოვანი ამოცანა გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ ძალიან გინდათ მისი გადადება, აი, როგორ უნდა მოიქცეთ:

  1. გვერდზე გადადეთ ან გამორთეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ, განსაკუთრებით – სმარტფონის შეტყობინებები.
  2. დააყენეთ ტაიმერი ოცდახუთ წუთზე და ამ ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად კონცენტრირდით სამუშაოზე.
  3. ხუთი წუთით დაისვენეთ, განტვირთეთ გონება.
  4. გაიმეორეთ წინა პუნქტები, რამდენჯერაც საჭიროა.

მესამე ან მეოთხე პომოდოროს შემდეგ მოიწყვეთ ნახევარსაათიანი შესვენება.

პომოდოროს მეთოდის თანახმად, დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ, მასწავლებლები, ხშირად ვფიქრობთ, რომ სწავლება მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როდესაც მოსწავლეები უწყვეტად არიან კონცენტრირებულნი დავალებაზე. სინამდვილეში ჰიპოკამპს სჭირდება ხშირი ხანმოკლე შესვენება თავის ტვინის ქერქში ცოდნის გადასატანად. ახალი ინფორმაციის გადატანით ტვინი სწავლობს, მაშინაც კი, როდესაც გვეჩვენება, რომ მოსწავლეები უბრალოდ ისვენებენ.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ მოსწავლეები შესვენების დროს

თუ ისინი ტელეფონებს ეცემიან შეტყობინებების შესამოწმებლად ან სოციალურ ქსელს სიახლეების ჩამოსასქროლად, მათი კონცენტრაცია შეფერხდება და ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოდევნოს ახალშეძენილი ცოდნა ჰიპოკამპიდან, სანამ ის მის გადმოტვირთვას მოასწრებს.

შესვენებები შექმნილია ტვინის განმუხტვისთვის: დახუჭე თვალები, გაიარე დერეფანში, დაისხი წყალი, შეიარე საპირფარეშოში, ძაღლს მოეფერე, მოუსმინე საყვარელ სიმღერას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გირჩევთ ტელეფონის გამოყენებას, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს უამრავი „პომოდოროს“ აპი (განსაკუთრებით პოპულარულია აპლიკაცია Forest), რომელიც ამ მეთოდს სახალისო თამაშად აქცევს. დიახ, პომოდოროს მეთოდი საუკეთესოდ გამოიყენება შინ, მაგრამ მისი მოდიფიცირება და კრეატიულად გამოყენება საკლასო ოთახშიც შესაძლებელია.

მიეცით მოსწავლეებს დავალება. დაე, სიმშვიდეში შეასრულონ, მერე კი მცირე ხნით დაისვენონ. რა თქმა უნდა, დროის პერიოდები უნდა იყოს ადაპტირებული გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობის უნართან.

ზოგადი წესი, რომელიც ვახსენეთ ყურადღების კონცენტრაციაზე საუბრისას, აქაც გამოიყენება. თუ გრძნობთ, რომ მოსწავლეები ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარები არიან ოცდახუთწუთიანი უწყვეტი მუშაობისთვის, შეამცირეთ დრო მათი ასაკის შესაბამისად: ასაკს პლუს ერთი წუთი. მაგალითად, ცხრა წლის ბავშვებს შეუძლიათ, ტაიმერი ათ წუთზე დააყენონ.

 

რატომ აჭიანურებენ მოსწავლეები?

მე ვაჭიანურებ. თქვენ აჭიანურებთ. ყველა ვაჭიანურებთ, განსაკუთრებით – მოსწავლეები. აი, რა გვიპასუხეს მეშვიდეკლასელებმა ენის ხელოვნების ჯგუფიდან, როდესაც მათ დავუსვით ორი კითხვა: „რატომ აჭიანურებთ?“ და „რა შედეგები მოჰყვება ამას?“

– ვაჭიანურებ მეცადინეობას, როცა არ ვიცი, როგორ შევასრულო დავალება.

– ვიღებ ცუდ შეფასებას და დამცინიან.

– მირჩევნია ჯერ მარტივი დავალება შევასრულო, მერე კი რთულზე გადავიდე. თუ ვერ შევასრულე, მასწავლებელს ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ვეცადე.

 

პროკრასტინაციის წამალი

ზოგჯერ მოსწავლეები ფერხდებიან, როცა არ იციან, საიდან დაიწყონ. ასეთი მოსწავლეების სწორ გზაზე დასაბრუნებლად, სწავლის დასაწყისში შეგიძლიათ ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში იმუშაოთ.

ბევრ მოსწავლეს უჭირს რთულ დავალებებზე ყურადღების კონცენტრირება. როცა უფრო რთულ მასალაზე გადადიხართ, პირდაპირ მიდით მათთან, რათა შეამოწმოთ, როგორ მისდით საქმეე. საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ დახმარება.

„ვაჭიანურებ, როცა საშინაო დავალებას ვასრულებ. როგორც წესი, ვითიშები და ყურადღება მეფანტება. როცა ვხვდები, რომ ვაჭიანურებ, გონებას ვიკრებ და სწრაფად ვუბრუნდები სამუშაოს“.

„უბრალოდ ვზივარ, მივშტერებივარ დავალებას და ვფიქრობ ყველაფერზე, გარდა დავალებისა. ჩვეულებრივ, მუშაობას ვიწყებ, როცა მასწავლებელი დამიყვირებს“.

პომოდოროს მეთოდი იდეალურია შინ და სკოლაში სამუშაოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ კონცენტრაცია უჭირთ. თუ მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ხანმოკლე შესვენებას მეგობრებთან სასაუბროდ, წასახემსებლად ან მოკლე YouTube-ვიდეოების საყურებლად, მათ ნაკლებად გაეფანტებათ ყურადღება.

ზოგიერთი მოსწავლისთვის პომოდორის მეთოდი შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ხშირად მიაკითხეთ მათ, რათა დარწმუნდეთ, რომ მუშაობას არ აჭიანურებენ.

დაუსახეთ მათ უფრო ზუსტი და მოკლევადიანი მიზნები. მაგალითად: „ორი წუთი გაქვს პირველი დავალების შესასრულებლად“. მერე დაუბრუნდით და შეამოწმეთ, აქვს თუ არა წინსვლა.

მაგალითად, ერთი გოგონა გვიყვება: „მე ვაჭიანურებ, როდესაც სასკოლო პროექტი მაქვს შესასრულებელი. გამოცდის წინა ღამეს ველოდები, მერე კი დედა მიყვირის, მაგრამ ეს ყველაფრის დროულად გაკეთებაში მეხმარება“.

ამ მოსწავლემ გააცნობიერა, რომ დედა ყოველთვის დაეხმარება მას, რაც მხოლოდ უძლიერებს საქმის გადადების ჩვევას. ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია დავეხმაროთ მას ყოველდღიური მიზნების დასახვაში: ბავშვები მიაღწევენ მათ შინ ან სამკითხველოში თვითსწავლის დროს პროექტის ჩაბარების დღემდე.

თუ თქვენ საშუალო სკოლაში ან დაწყებითი სკოლის ბოლო კლასებში ასწავლით, შეგიძლიათ აცნობოთ მოსწავლეთა მშობლებს პროექტისა და ყოველდღიური მიზნების შესახებ დღიურის ან მეილის მეშვეობით, რათა მათ აკონტროლონ შვილების პროგრესი.

მოსწავლეები ათასი მიზეზის გამო აჭიანურებენ სწავლას. ზოგს „სტრესულ სიტუაციებში უკეთ მუშაობისაც“ კი სჯერა. მაგრამ თქვენ ხომ იცით სიმართლე. თქვენ გინახავთ მათ მიერ ნაჩქარევად გაკეთებული საქმე.

თანამედროვე მოსწავლეები მართლაც მოუცლელები არიან. ისინი არ ტყუიან, როცა ამბობენ: „ძალიან ბევრი საქმე მაქვს“. გარდა სკოლისა, ისინი დადიან დამატებით გაკვეთილებზე, სპორტზე, ცეკვაზე, შეჯიბრებებზე, სხედან სოციალურ ქსელებში, იღებენ ვიდეოებს YouTube-ისთვის, მუშაობენ… გაკვეთილების ყველაზე დიდი ზვავი ბავშვებს მცირე ასაკში ატყდებათ თავს. გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეები დავალებების შესრულებას ბოლო წუთამდე დებენ. ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ იმას, რაც სასწრაფოდ გადასაწყვეტია და არ აწყობენ გეგმებს მომდევნო დღეებისა და კვირებისთვის.

 

რატომ არის გაჭიანურება განსაკუთრებით საზიანო მოსწავლეებისთვის

თქვენ, რა თქმა უნდა, გინახავთ სასოწარკვეთილი მოსწავლეები, რომლებიც გამოცდამდე რამდნიმე საათით ადრე ცდილობენ თავიანთ კონსპექტების ათვისებას – სასადილოში, სამკითხველოში, დერეფანში. დავუშვათ, მოსწავლეები ემზადებიან გამოცდისთვის და მათ უნდა დაიმახსოვრონ აშშ-ს კონსტიტუციის ოცდაშვიდივე ჩასწორება. ზოგიერთმა მათგანმა ბოლო დღეები, საათები და წუთები თემის შესწავლასა და საკუთარი თავის გამოცდას დაუთმო. წარჩინებულმა მოსწავლეებმა კი წინა ღამემდე აჭიანურეს საქმე, ორიოდე საათში ყველაფერი დაიმახსოვრეს და გამოცდა შესანიშნავად ჩააბარეს. თუმცა იმავე წარჩინებულმა მოსწავლეებმა ვერ ჩააბარეს დემოკრატიული პრინციპებისა და უზენაესი სასამართლოს ფუნქციების შესახებ ტესტი. რატომ?

რაკი კარგი სწავლა ყოველთვის ხანგრძლივ მეხსიერებაში კავშირების დამყარებას გულისხმობს, ტერმინების დამახსოვრება საკმარისი არ არის. ღრმა სწავლა ხშირად მოიცავს რთული კონცეფციების დაუფლებას. ასეთი ცოდნის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, განურჩევლად იმისა, მოსწავლე საბავშვო ბაღში დადის, საშუალო სკოლაში თუ კოლეჯში.

რატომ მოითხოვს ღრმა ცოდნა დროს? იმიტომ, რომ ასეთი ვარჯიშით ყალიბდება ახალი შემოქმედებითი ნეირონული კავშირები.

ეს არ არის დუნე პროცესი, რომლის დროსაც ზოგიერთი ნეირონი შემთხვევით უკავშირდება სხვა მეგობრულ ნეირონებს სამეზობლოში.

პირიქით, ახალი ნეირონული კავშირები შემთხვევით ჩნდება და თუ ეს კავშირები მოსწავლეს კონცეფციის გაგებაში ვერ დაეხმარებიან, მათ ახალი კავშირები ენაცვლება. ზოგჯერ რთულ კონცეფციაში გასარკვევად კავშირების რამდენიმე სრულიად განსხვავებული ჯაჭვია საჭირო!

 

რა ხდება ტვინში

როდესაც მოსწავლეები ეუფლებიან ახალ რთულ თემას, ნერვული კავშირების ქვეცნობიერი შერჩევა კადრს მიღმა ხდება.

ამ მოულოდნელი ახალი კავშირების მოსაძებნად და დასამყარებლად საუკეთესო გზაა ტვინის გადართვა ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმიდან გაფანტული ყურადღების რეჟიმზე.

ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმში თქვენ მთელ ყურადღებას უთმობთ იმ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ (განსაკუთრებით ჯიუტი მოსწავლეები მთელ ყურადღებას ამახვილებენ პლანშეტზე, როგორც კი ის ხელში ჩაუვარდებათ).

კონცენტრირებული ყურადღების რეჟიმში მუშა მეხსიერება აყალიბებს კავშირებს ჰიპოკამპის ნეირონებსა და ახალ ქერქს შორის. მეორე მხრივ, ყურადღების გაფანტვის რეჟიმში ტვინი აღარ ფოკუსირდება გარე ფაქტორებზე და „შესვენებას“ იწყობს. ამ რეჟიმში მუშა მეხსიერება არ არის ჩართული და ტვინი ქვეცნობიერად იწყებს შემთხვევითი კავშირების შექმნას.

ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმსა და გაფანტული ყურადღების რეჟიმზე გადართვა-გადმორთვისას მოსწავლეები უკეთ ითვისებენ ახალ რთულ კონცეფციებს.

 

ასწავლო შეუძლებელი

ოცნების, დერეფანში ხეტიალის, შხაპის მიღების დროს თუ ძილის წინ ადამიანს გაფანტული აზროვნება ერთვება. კონცენტრირებული აზროვნება ბევრად უფრო ცნობიერი პროცესია, ვიდრე გაფანტული.

მნიშვნელოვანია მოსწავლეებს აუხსნათ, რომ სავსებით ნორმალურია რთული მასალის ვერგაგება პირველივე ცდაზე. ზოგი მოსწავლე ერთ წერტილში იყინება, ზოგი კი მეტჯერ ცდის. მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ მთავარია, არ დანებდე, მაგრამ ზოგი მალე ნებდება, როგორც ბანქოსგან აშენებული სახლი, რომელიც სუსტ ნიავსაც კი ვერ უძლებს. ის ზიზღით ამბობს: „მე უბრალოდ ჰუმანიტარი ვარ“, „არ შემიძლია…“ ან, რაც ყველაზე უარესია, – „მეზიზღება…“ არ აქვს მნიშვნელობა, უთხრეს თუ არა ამ მოსწავლეებს, რომ მათი შესაძლებლობები პრაქტიკასთან ერთად გაიზრდება – ემოციებმა უკვე აჯობა ლოგიკას. უსუსურობის განცდა მათ აიძულებთ, დანებდნენ, რათა ასცდნენ ტკივილს თავის ტვინის ქერქში.

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მოსწავლეს იმედი ეკარგება, მან უკან უნდა დაიხიოს და შეწყვიტოს კონცეფციაზე ფიქრი. მხოლოდ მაშინ, როდესაც კონცეფციაზე აღარ იქნება ფოკუსირებული, შეძლებს გადაიტანოს ის გაფანტული ყურადღების რეჟიმში.

გაფანტული აზროვნება მოსწავლის ტვინს საშუალებას აძლევს, იმუშაოს კულისებში და შემთხვევით გამოიკვლიოს ახალი კავშირები, ვიდრე ის ისვენებს, სადილობს ან ერთობა. მოგვიანებით ის ერთბაშად დაიძვრება მკვდარი წერტილიდან და გაუგებარი დავალება უცებ სავსებით გასაგები მოეჩვენება!

სწავლა გულისხმობს მუდმივ გადართვა-გადმორთვას კონცენტრირებული ყურადღების რეჟიმიდან გაფანტულზე და პირიქით (დროთა განმავლობაში, მეცნიერება, ალბათ, იპოვის გზას, ერთი მდგომარეობიდან მეორეში სუნთქვითი ვარჯიშებით გადაგვიყვანოს). წაახალისეთ მოსწავლეები, ისწავლონ მანამდე, სანამ არ გაიჭედებიან, მერე კი დაისვენონ. ისინი შეძლებენ იმასთან დაბრუნებას, რაც აწუხებდათ, რამდენიმე საათში ან გამოძინების შემდეგ,  მეორე დღეს.

გახსოვდეთ: ძილის დროს ტვინის ქიმიური ნივთიერებები ხელს უწყობს სწავლას.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რეჟიმიდან რეჟიმზე გადართვა-გადმორთვა გარკვეულ დროს მოითხოვს. სწავლას დრო სჭირდება. და სწორედ ეს დრო აკლდებათ მოსწავლეებს, როცა ბოლო წუთამდე აჭიანურებენ დავალების შესრულებას.

აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ მათ უნდა იმუშაონ რთული კონცეფციის დაუფლებაზე, სანამ ჩიხში არ მოექცევიან. ამ დროს უმჯობესია დავალების განზე გადადება და სხვა რამის კეთება ან დასვენება გაფანტული ყურადღების რეჟიმის ჩართვით. როდესაც მოსწავლეები მიუბრუნდებიან კონცეფციას, ისინი აღმოაჩენენ, რომ საოცრად შორს წავიდნენ. ეს ცოტათი ქაღალდის თვითმფრინავის გაშვებას ჰგავს: მთავარია, კარგად გაუშვათ, მერე ის თვითონვე, დაუხმარებლად გააგრძელებს ფრენას.

როდესაც ჩიხში მოექცევით, სხვა რამის კეთებაზე გადადით ან შეისვენეთ. ამით თქვენ გამოიყენებთ სწავლის ფასეულ მეტაუნარს. ის განსაკუთრებით გამოსადეგია გამოცდების ჩაბარებისას, როცა მოსწავლეები თავს კუთხეში იმწყვდევენ და გამოსავალს ვერ პოულობენ.

 

„ჯერ ის, რაც რთულია“

მოსწავლეებს, რომლებმაც ბევრი დრო დაუთმეს სწავლას, მიდგომა „ჯერ ის, რაც რთულია“ გამოცდის კარგად ჩაბარებაში დაეხმარება. ამ მეთოდის გამოსაყენებლად მოსწავლემ სწრაფად უნდა ჩაიკითხოს საკითხვი, მოძებნოს ყველაზე რთული და ამით დაიწყოს, მაგრამ როგორც კი იგრძნობს, რომ გაიჭედა, ეს საკითხი გვერდზე გადადოს და უფრო მარტივ კითხვებზე გადავიდეს: გაფანტული ყურადღების რეჟიმი პარალელურად იმუშავებს რთულ ამოცანაზე. მოგვიანებით, როდესაც მოსწავლე მიუბრუნდება რთულ კითხვას, ის შეძლებს მასზე პასუხის გაცემას ან, სულ მცირე, მკვდარი წერტილიდან მის დაძვრას.

„ჯერ ის, რაც რთულია“ მიდგომა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე თავდაპირველად მარტივი პრობლემების გადაჭრა და ყველაზე დამაბნეველი კითხვის იმ დროისთვის მოტოვება, როდესაც მოსწავლე უკვე დაღლილი და განერვიულებულია იმის გამო, რომ ცოტა დრო რჩება.

რთული ამოცანა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ გაყოფილი ყურადღების რეჟიმით: ორბირთვიანი პროცესორის მსგავსად, ტვინი რთულ კითხვაზე ფონურად ფიქრობს.

რა თქმა უნდა, თუ მოსწავლე საკმარისად არ არის მომზადებული, უმჯობესია, დაიწყოს მარტივი კითხვებით და უპასუხოს იმდენს, რამდენსაც შეძლებს.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ღმერთებზე შურისძიება

0

უძველესი დროიდან ადამიანი  უფერული და რუტინული ყოფითი, მატერიალური რეალობიდან მითების, ზღაპრების, ლეგენდების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, რიტუალების სამყაროში გადაინაცვლებდა. ამ მრავალფერიან განზომილებებში დარღვეული იყო დრო-სივრცის  ჩვეულებრივი აღქმა, მოკვდავობის ჩარჩოები და ადამიანი ფანტასმაგორიული წარმოსახვების გზით უხილავს ეზიარებოდა. ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანს გაუქრო პირველსაწყისებთან ერთიანობის განცდა და წყურვილი. საკრალური თანდათან განიდევნა და ადამიანი აღმოჩნდა სიცარიელის წინაშე, რომელმაც ათასნაირი შიში, სასოწარკვეთილება წარმოშვა. დანტესეული ჯოჯოხეთის წარწერამაც თითქოს დაბადების კართან გადმოინაცვლა: „თქვენ, აქ მომსვლელნო, იმედები დატოვეთ ყველა“ (ქება მესამე, კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი).

კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების მრავალმნიშვნელოვანი თემა ნაირგვარი ვარიაციულობითაა წარმოჩენილი მსოფლიოსა თუ ქართულ ლიტერატურაში. ამჯერად ბორხესის ნოველა „რაგნაროკი“ გავიხსენოთ. მწერალი  თავის საყვარელ ჟანრს, ფილოსოფიურ ნოველას ირჩევს სათქმელის გამოსახატავად. იგი ჩვეული ლაკონიურობითა და ირონიით წარმოაჩენს ზოგადსაკაცობრიო სატკივარს, ღირებულებათა დაკარგვას, ადამიანური ყოფის სივრციდან ირაციონალურის, მისტიკურის, მეტაფიზიკურის გაქრობის ტკივილს.

„ღმერთების დაღუპვის“ თემა ამ ნოველაშიც ბორხესისთვის ჩვეული პალიმფსესტური თხრობის სტილით წარმოჩნდება. მკითხველის ინტელექტსა და ინტუიციაზეა დამოკიდებული, მხატვრული ქსოვილის რა სიღრმეებამდე ჩააღწევს მისი გული, სული და გონება. ჩვენი აზრით, იგი ეხმიანება ოსვალდ შპენგლერის „ევროპის დაისს“, რომელშიც ავტორმა ევროპული კულტურის დაბერება და კვდომა იწინასწარმეტყველა. მისი აზრით: „ყოველ კულტურას აქვს თავისი საკუთარი ცივილიზაცია… ეს არის აღსასრული, რომელიც მოსდევს ჩამოყალიბებას, როგორც სიკვდილი სიცოცხლეს, გაქვავება – განვითარებას, გონებრივი მოხუცებულობა და გაქვავებული, ქვის მსოფლიო ქალაქი – სოფელსა და სულიერ ბავშვობას, რომელიც დორიკითა და გოთიკით გამოიხატება. ცივილიზაცია აღსასრულია, რომელიც შინაგანი აუცილებლობის გამო ყოველთვის რეალურია.

მხოლოდ ასე შეიძლება გავიგოთ რომაელები როგორც ელინთა მემკვიდრეები. უსულგულონი, ფილოსოფიისგან შორს მდგომნი, ხელოვნებას მოკლებულნი, რასობრივი, ხშირად მხეცობამდე მისული ინსტინქტებით, ისინი დგანან ელინურ კულტურასა და სიცარიელეს შორის. მათი ფანტაზია, მიმართული მხოლოდ პრაქტიკისკენ, ხასიათის ის მხარეა, რომელიც საერთოდ არ გვხვდება ათენში. ბერძნული სული და რომაული ინტელექტი – აი, რა არის ეს. ასე განსხვავდება კულტურა და ცივილიზაცია“; „მსოფლიო ქალაქს ეკუთვნის არა ხალხი, არამედ მასა, რომელიც გულგრილია ყოველგვარი ტრადიციისადმი, რაც ნიშნავს კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას. კულტურული ადამიანის ენერგია მიმართულია შიგნით, ცივილიზებულისა – გარეთ“ (ოსვალ შპენგლერი, „ევროპის დაისი“).

სწორედ კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას ვხედავთ ბორხესის ამ ნოველაში. თავდაპირველად მთხრობელი მკითხველს სიზმრების არსში გაარკვევს: „სიზმრების ჩვენება კი არ იწვევს შეგრძნებებს, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ ხოლმე, – შეგრძნებებს ისინი მხოლოდ ასახავენ. ჩვენ იმიტომ კი არ განვიცდით საშინელებას, რომ სფინქსი გვახრჩობს, – სფინქსი იმიტომ წარმოგვესახება, რომ გასაგები გახდეს საშინელების ეს განცდა“. შემდეგ მთხრობელი ჰყვება თავის უჩვეულო სიზმარს, იმ შეშფოთების, ჟრუანტელის, შიშისა თუ აღტაცების თანხლებით, რისგანაც მისი  სიზმარი გამოიძერწა. მის სიზმარში  ერთადერთი სცენაა, რომელზეც წარმოსახული დრამა თამაშდება.

ავტორი ყოველივეს ისეთი დეტალებით წარმოაჩენს, რომელთა საშუალებითაც მკითხველი იოლად გააცოცხლებს მონათხრობს ვიზუალურ ხატებად.  პირველ პირში თხრობა ამბავს დამაჯერებლობას მატებს და მკითხველს მთხრობლის ნაამბობში აღარაფერი აეჭვებს, სჯერა მისი გულწრფელობისა.

ნოველის მოქმედება საღამო ხანს, უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის აუდიტორიაში  ხდება. მთხრობელი   ესწრება ხელმძღვანელობის არჩევნებს. იგი ესაუბრება პედრო ენრიკეს ურენიას, „სინამდვილეში დიდი ხნის წინათ გარდაცვლილს“. თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ჩნდება დაძაბულობა:  „უეცრად დემონსტრაციისა თუ ხალხმრავალი ზეიმის ღრიანცელმა გაგვაყრუა. ბახოს მხრიდან ჩვენკენ მოგორავდა ხალხის ღრიალი და მხეცური ღმუილი. ვიღაცამ ამოიგმინა: მოდიან! ამას მოჰყვა ძახილი: ღმერთები, ღმერთები მოდიან!“  აუდიტორია, ერთი შეხედვით,  სიხარულით ხვდება ღმერთების დაბრუნებას: „ოთხი თუ ხუთი კაცი ამოძვრა ამ ჭაპანწყვეტიდან და დიდი დარბაზის სცენაზე ავიდა. ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ცრემლებით გვევსებოდა თვალები: ღმერთები ბრუნდებოდნენ საუკუნოვანი დევნილობიდან!“

საგულისხმოა, როგორ ხატავს მწერალი სამყაროდან განდევნილ ღმერთებს: „ბრბოზე ამაღლებული, მხრებში გამართული და ყელმოღერებული ღმერთები ქედმაღლურად გადმოსცქეროდნენ ჩვენს თაყვანისცემას. ერთს ხელთ ეპყრა სიზმრის უბრალო მცენარეულის მსგავსი რტო. მეორეს წინ ლაღად ჰქონდა გაშვერილი ბრჭყალიანი ხელი. იანუსის სახე შიშნარევ მზერას ესროდა თოთის მოკაუჭებულ ნისკარტს. მათგან ერთ-ერთს, ახლა უკვე აღარ მახსოვს, რომელს, ალბათ ჩვენი ოვაციისაგან გულმოცემულს, უცებ გამარჯვების ყიჟინა აღმოხდა – აუტანლად მკვეთრი ყაშყაშის, სტვენისა თუ ყელში წყლის გამოვლების მსგავსი ხრიალი“.

მკითხველის მოლოდინი, რომ დრო და სივრცე ტრანსფორმირდება და რაღაც ახალი დაიწყება, არ მართლდება. პირველი აღტაცება აუდიტორიას მალევე უნელდება და ჩნდება ეჭვი: „იმ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. დაიწყო იმ ეჭვით (როგორც ჩანს, გაზვიადებული), რომ ღმერთებმა არ იციან ლაპარაკი. მთასა და ბარში საუკუნოვანმა ხეტიალმა და ველურმა ცხოვრებამ მათში ამოძირკვა ყველაფერი ადამიანური. ისლამურ ნახევარმთვარესა და რომაულ ჯვარს გულმოწყალება არ გამოუჩენიათ დევნილებისადმი. წაქანებული შუბლი, ყვითელი კბილები, მეჩხერი ულვაშები, მულატებსა და ჩინელებს რომ მოგაგონებდათ, და პირუტყვის მსგავსად გადმობრუნებული ლაშები ოლიმპიელთა მოდგმის გადაგვარებაზე მეტყველებდა. მათი ტანისამოსი არ იწვევდა სათნო და პატიოსან სიღარიბეზე წარმოდგენას და უფრო ბახოს ბორდელებისა და სამორინე სახლების პირქუში ბრწყინვალების მოგონებას აღძრავდა. უბის კილოში სისხლივით წვეთავდა მიხაკი, ტანზე შემოტმასნილი პიჯაკის ქვეშ თვალნათლივ იბურცებოდა ბებუთის ტარი. და უცებ ჩვენ მივხვდით, რომ მათ ისროლეს უკანასკნელი კარტი, რომ ისინი საჩიხეში მომწყვდეული გააფთრებული მხეცებივით ვერაგნი, სასტიკნი და ბრმანი არიან და თუ ჩვენ შიშს დავნებდით ან თანაგრძნობა გამოვიჩინეთ – იმწამსვე გაგვანადგურებენ“.

თანამედროვე ადამიანისთვის კულტურული წარსული გაუცხოებულია. ისეთი ღრმა და  ფართოა უფსკრული, რომელიც რაციონალიზმმა გააჩინა, რომ ირაციონალურისთვის საერთოდ აღარ დარჩა ადგილი. ამიტომაც ადამიანები არა ნამდვილ ღმერთებს, არამედ მათ კარიკატურულ, გროტესკულ, დამახინჯებულ სახეებს ხედავენ. გონების სარკე უძლურია, მთლიანობაში აღიქვას ხილულ-უხილავი და ამიტომაც დამსხვრეულ-დაშლილი, თანამედროვეობის კონტექსტსა თუ ჭრილში  ახსნილ-განმარტებული ირეკლება.

ღმერთების გამოჩენის ამ ინტერპრეტაციაში აუდიტორია დავიწყებული წარსულის გამოცდილების აწმყოზე შურისძიებას ხედავს. ნოველის კულმინაცია მოულოდნელი და შთამბეჭდავია: „და მაშინ ჩვენ ამოვიღეთ დამბაჩები (სიზმარში სადღაც ისინიც მოიძებნა) და სიამოვნებით დავცხრილეთ ისინი“. ადამიანებმა ღმერთები დახოცეს და, ამგვარად, მოიჭრეს გზა იმ შორეული წარსულისკენ, მითების სამყაროსკენ, ყოველივე იმისკენ, რაც კულტურას ასაზრდოებს და რასაც, ამ შემთხვევაში, ღმერთები განასახიერებდნენ.

მირჩა ელიადე ფენომენზე, რომელსაც რაგნაროკი ჰქვია, წერს: „ესქატონი (ბერძ. უკანასკნელი, მითები სამყაროს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ), რომელსაც წინასწარმეტყველებდნენ და ელოდნენ ძველი გერმანიკული ტომები, სინამდვილეში რაგნაროკი, ანუ ქვეყნიერების კატასტროფული დასასრული იყო. ეს საკუთარ თავში მოიცავდა ღმერთებსა და დემონებს შორის გიგანტურ ბრძოლას, რომელიც ყველა ღმერთისა და ყველა გმირის დაღუპვით და მსოფლიოს ქაოსისკენ საბოლოო რეგრესით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ისიც სათქმელია, რომ რაგნაროკის შემდეგ სამყარო ხელახლა უნდა აღდგეს (ძველი გერმანელებისთვის ასევე ცნობილი იყო კოსმოსური ციკლების დოქტრინისა და სამყაროს შექმნისა და განადგურების  განმეორებადობის მითის შესახებ); და მაინც, ქრისტიანული მითოლოგიის ნორდიკულით შეცვლა ნუგეშით და დაპირებებით მდიდარი ესქატოლოგიის (ვინაიდან ქრისტიანებისთვის „სამყაროს აღსასრულით“ მთავრდება და, იმავდროულად, აღორძინდება ისტორია) დაუფარავად პესიმისტური ესქატოლოგიით ჩანაცვლების ნიშანია. პოლიტიკის ენაზე თუ გადავთარგმნით, ეს სუბსტიტუცია დაახლოებით ამას ნიშნავს: მიატოვეთ თქვენი ძველი იუდეურ-ქრისტიანული ზღაპრები და თქვენი სულის სიღრმეში კვლავ გააცოცხლეთ თქვენი წინაპრების, გერმანიკელების რწმენა; შემდეგ მოემზადეთ ჩვენს ღმერთებსა და დემონურ ძალებს შორის გადამწყვეტი დიდი ბრძოლისთვის; ამ აპოკალიფსურ ბრძოლაში ჩვენი ღმერთები, ჩვენი გმირები და მათთან ერთად ჩვენც დავიღუპებით. ეს იქნება რაგნაროკი, მაგრამ მოგვიანებით ახალი მსოფლიო დაიბადება“ (მირჩა ელიადე, „თანამედროვე სამყაროს მითები“, წიგნში: „მითები, სიზმრები და მისტერიები“).

ვფიქრობთ, ღმერთების დახოცვით ადამიანები თითქოს დემონური ძალების მხარეს დგებიან და  ილუზიურ თავისუფლებას მოიპოვებენ. მირჩა ელიადეს აზრით,  „არქაული და ტრადიციული კულტურის ადამიანს ისტორიის ტერორისგან თავის დაცვა მითის, რიტუალისა და ცერემონიალის საშუალებით შეეძლო“. ახლა კი, ნოველისეული ფინალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანი მარტო დარჩა და თავისუფლება სასჯელად ექცა, ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვია.

ბორხესის ნოველაში მხოლოდ ღმერთები იღუპებიან, ეს კი, ჩვენი აზრით, პესიმისტური ფინალია და ზუსტად აირეკლავს თანამედროვე ცხოვრებას, რომელიც სულიერებას მოკლებულია და სჭირდება „ახალი დაბადება“, რათა მარადიულის წყურვილით განიმსჭვალოს, სიყვარულის, სიკეთის, სამართლიანობის, იმედის იდეალები დაამკვიდროს და მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის, კომფორტის, პრაგმატულ-მომხმარებლური სულისკვეთებით არ იცხოვროს.

შეფასების კომპონენტების გავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების  სამ კომპონენტს  ითვალისწინებს: მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო  დავალება და შემაჯამებელი დავალება.

მინდა ჩემი და კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, ჩემი კოლეგების და მოსწავლეების აზრი გაგიზიაროთ  სწავლა-სწავლების პროცესზე განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების გავლენის შესახებ.

ზოგადი განათლების რეფორმა და კომპლექსური დავალებებით სწავლების მეთოდი ამყარებს ჩემს მოსაზრებებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების შესახებ. სამიზნე ცნების მიმართებაში, მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში, მკვიდრი წარმოდგენები რამდენად ჩამოყალიბდა, ვერ გაიზომება და განმსაზღვრელი ქულით ვერ შეფასდება თემის შესწავლის პროცესში მიმდინარე საშინაო/საკლასო დავალების  საშუალებით. თემის ფარგლებში დაუფლებული ცოდნის  შესაფასებლად, სწავლების დასრულების შემდეგ, უმჯობესია შემაჯამებელი დავალება გამოვიყენოთ.

მოსწავლეთა  შეფასების ფორმები, ინსტრუმენტები, მეთოდები და კრიტერიუმები მრავალფეროვანია და დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი ამ მიმართულებით. მე მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე,  გავლილი მაქვს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგები და შემაჯამებელი დავალებების შეფასების ფორმებზე და კრიტერიუმების დახვეწაზე სასკოლო პროექტიც განვახორციელე კოლეგებთან ერთად. მიუხედავად მასწავლებლების მონდომებისა და განათლების სამინისტროს ხელშეწყობისა,  მოსწავლეთა შეფასება მაინც დიდ პრობლემად რჩება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი და  მოსწავლეთა შედეგების ანალიზი მეხმარება მიზნების ჩამოყალიბებაში, საჭირო აქტივობების, მეთოდების შერჩევაში და მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული, დიფერენცირებული გაკვეთილების დაგეგმვაში.

განმსაზღვრელი შეფასება არის გარეგანი მოტივაცია, თუმცა ჩემს  პადაგოგიურ  პრაქტიკაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ  ხშირად, შეიძლება   ხელისშემშლელი აღმოჩნდეს სწავლა-სწავლების პროცესში. მოსწავლე საკუთარი აზრის გამოთქმას, კითხვის დასმას და  პრობლემის გაზიარებას ერიდება დაბალი შეფასების მიღების გამო. ასეთ  სასწავლო  გარემოში  მასწავლებელსაც უჭირს მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, რაც უარყოფითად აისახება ეროვნული სასწავლო გეგმის/საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე  და  შეფასების  სანდოობაზე.

ჩემი აზრით, ყოველ გაკვეთილზე თემის/საკითხების დამუშავების პროცესში, მოსწავლე არ უნდა ფასდებოდეს განმსაზღვრელი ქულით. პირიქით, სწავლების პროცესში მონიტორინგი და  განმავითარებელი კომენტარების გამოყენება იქნება ეფექტიანი. ბოლოს, როცა დასრულდება საკითხის შესწავლა, მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს  განმსაზღვრელი ქულით შეფასება შემაჯამებელი დავალებით.  უმჯობესია ქულა აფასებდეს საკითხს ან თემას და არა წიგნის ერთ პარაგრაფს,  გამთლიანებულ ცოდნას და არა ფრაგმენტს,  ფაზლის ერთი ფრაგმენტი არაფრის მთქმელია, ხოლო გამთლიანებული ფაზლით კი შეიძლება შესანიშნავი სურათი შევქმნათ.

შეფასების კომპონენტების მიმართ ჩემი დიდი ინტერესის გამო დავგეგმე და განვახორციელე  მასწავლებელთა და მოსწავლეთა დამოკიდებულებების კვლევა –  სწავლა-სწავლების პროცესზე  განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების გამოყენების  გავლენის მიმართ.

კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლების უმრავლესობა განმსაზღვრელ შეფასებას იყენებს ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მაინც, მასწავლებლების 81% მიიჩნევს  შემაჯამებელი დავალების ქულას უფრო  სანდოდ და გამჭვირვალედ, ვიდრე მიმდინარე საკლასო ან საშინაო დავალების განმსაზღვრელ შეფასებას.   ლოგიკურია, რომ  63,6% -ს აქვს სურვილი მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება მოხდეს მხოლოდ შემაჯამებელი დავალებებით.

კვლევაში ასევე  მიიღო მონაწილეობა განსხვავებული აკადემიური მოსწრების მქონე 49 მოსწავლემ.

გამოკითხულ მოსწავლეთა ნახევარზე მეტმა ყოველთვის, ან ხშირად, იცის შეფასების კრიტერიუმები, რაც მასწავლებლების პროფესიონალიზმსა  და განმსაზღვრელი შეფასებისადმი ინტერესსა და სიფრთხილეზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა, ისევე როგორც მასწავლებლების დიდი ნაწილი,  შემაჯამებელ დავალებას თვლის სანდოდ, გამჭვირვალედ და ცოდნის ზუსტი შეფასების ინსტრუმენტად.

მოსწავლეთა აზრით ახალი საკითხის/თემის სწავლების პროცესში ყოველდღიური, მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება მოტივაციას ზრდის, მაგრამ ასევე იწვევს დაბალი შეფასების შიშს, ამიტომ კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწავლების პროცესში უმჯობესია ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტაცია და არა ნიშანზე. კითხვაზე-მხოლოდ შემაჯამებელი ქულების საშუალო არითმეტიკულით სემესტრული შეფასება მიგაჩნიათ თუ არა მართებულად, მოსწავლეთა მხოლოდ 32,7 % უპასუხა დადებითად.

ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა კვლევის მიგნება:  ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გამოიკვეთა. მოსწავლეთა უმრავლესობა  შემაჯამებელ დავალებას თვლის სანდოდ და  გამჭვირვალედ, ხოლო სწავლის პროცესში გამოყენებული მიმდინარე საშინაო/საკლასო კომპონენტით  განმსაზღვრელი შეფასება დაბალი ქულის მიღების შიშს უჩენთ. მსჯელობა,  დისკუსიები და კითხვების დასმა  თამამად არ შეუძლიათ,   მაინც 67,3%- არ სურს  თემის/საკითხის დასრულების შემდეგ მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტით  მიღწეული შედეგების  გაზომვა.

მოსწავლეებისგან განსხვავებით გამოკითხულ მასწავლებელთა 63,6%-ის სურვილია მხოლოდ თემის /საკითხის დასრულების შემდეგ   შემაჯამებელი კომპონენტით  გაზომოს მოსწავლის შედეგების დონე.  საინტერესოა რატომ? მაინც ნიშანზე მოტივირებული ახალგაზრდობა გვყავს და არა  ცოდნაზე? ან უფრო ხშირად ხომ არ უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, მოსწავლის სწავლების ტიპის, ცოდნის დონის და ინტერესების  შესაბამისი დიფერენცირებული სწავლების მეთოდები? ვფიქრობ, მოსწავლეებს უნდა დავანახოთ, რა სიკეთეების მოტანა შეუძლია განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას და  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას ემსახურება.

მოსწავლეებთან დისკუსიაში გამოიკვეთა, რომ მიმდინარე საკლასო/საშინაო დავალებით შემაჯამებელი ქულის ამაღლების იმედი არ უნდათ დაკარგონ.

მასწავლებლები სწავლის მამოტივირებლად თვლიან მომდინარე განმსაზღვრელ შეფასებას და საფრთხეს ხედავენ ამ ძლიერი გარეგანი მოტივაციის არქონაში, შეიძლება  მოსწავლემ ყოველდღიურად აღარ იმეცადინოს და ბოლოს დაგროვებული მასალა ერთად ვეღარ აითვისოს და მივიღოთ აკადემიური  ჩამორჩენა.

ჩემი დაკვირვებით და  მოსწავლეებთან დისკუსიით დავრწმუნდი რომ მოსწავლე შემაჯამებელი დავალებისთვის, ან დამოუკიდებელი წერისთვის განსაკუთრებით ემზადება. თუ მოსწავლეს ეცოდინება, რომ მხოლოდ  შემაჯამებელი წერის ქულა განსაზღვრავს მის სემესტრულ  შეფასებას და არ ექნება მიმდინარე საკლასო ან მიმდინარე საშინაო დავალებით ქულის ამაღლების საშუალებამეტი ყურადღებით იქნება გაკვეთილებზე, უკეთ მოემზადება შემაჯამებელი დავალებისთვის, სწავლების პროცესში არ ექნება შიში და დაძაბულობა.  ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ შემაჯამებელი დავალების კომპონენტით შეფასება მოსწავლეს შეუქმნის უფრო ძლიერ  მოტივაციას, განმსაზღვრელი შეფასება კი იქნება ცოდნის შესაბამისი.

 

ინტელექტუალური ვარიაციები – ნათია გიორგაძის „ღმერთის დიაპაზონი“

0

არსებობს წიგნი-სავანეები, რამე უვარგისის წაკითხვის შემდეგ რომ უნდა მიაშურო მოსასვენებლად და სიამოვნებისათვის. ასეთ წიგნებს პირველივე ფრაზიდან ეტყობა, რომ კარგია. ასეთი წიგნები პირველივე პწკარიდან თავს მკითხველად გაგრძნობინებს. ნათია გიორგაძის ახალი პოეტური კრებული „ღმერთის დიაპაზონი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022) სწორედ ამგვარი წიგნია.

„ღმერთის დიაპაზონი“ ინტელექტუალი ავტორის მიერ ინტელექტუალი მკითხველისათვის შექმნილი პოეზიაა. აკი ერთ-ერთ ლექსში პირდაპირაა გაცხადებული კრებულის ეს თავისებურებაც:

„სათქმელი მხოლოდ თავში მქონდა

და ენის წვერზე არასოდეს დამიტკბია.“ (გვ. 89)

მაინც რა არის ღმერთის დიაპაზონი? საიდან სადამდეა გაბნეული ღმერთი?

უცნაური კითხვაა, თუმცა არა – პოეზიისათვის. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენ წინაშე კონცეპტუალური კრებულია. „ღმერთის დიაპაზონიც“ სწორედ ასეთია, სამი ნაწილისაგან შედგება: „ფლობის უფლება“, „გადაბიჯება“, „ჰაერის ბუსუსები“.

„ფლობის უფლებაში“ თავმოყრილი ლექსების გამაერთიანებელი თემა ქონასა და არქონას შორის მიმართებაა. აქვეა დანაკარგიც:

„[…]ძლივს გასაგონი

ხმით ვფიქრობ, ჩემმა კახელმა

მეგობარმა, თმაში თოგალგარეულმა,

როგორ დამტოვა სამუდამოდ

და როგორ წავიდა სხვა ალაზნის

საძებნელად.“ (გვ.15)

აქვეა უხვად ბიბლიური ალუზიებიც, ამ ნაწილში შემავალ თითქმის ყველა ლექსშია.

და მაინც, რა არის ჩვენი და რა არ არის ჩვენი? როგორ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი? ან ეგებ მხოლოდ უნდა დავსვათ, პასუხი კი უმნიშვნელოა? დავსვათ, მაგალითად, ასე:

„ადამიანმა მიიჩვია ძაღლი და ტურა,

ძაღლი დარჩა და ტურა წავიდა.

ხოლო ხეებიდან ერთ-ერთი

საფლავშიც ჩამომყვება,

არადა, მისთვის არასოდეს

სიტყვა არ მითქვამს.“ (გვ. 26-27)

აქ ყველა დეტალი შენიშნული და აღნუსხულია, სიტყვით მოხელთებული, ლექსის კომპოზიცია კი სწორხაზოვნებასა და სიმწყობრეს უარყოფს. დასაწყისში ნახსენები მოტივი ბოლოსკენ მოულოდნელად გვიბრუნდება, არადა, შუაში სრულიად სხვა სახე-ხატებს უთმობს ადგილს, როგორც, მაგალითად, ამ ლექსში:

„სახლები სხვადასხვა ფერის

სახურავებით, შიმშილით,

ტანჯვით, უპატივცემულობით,

ყოველი ღამე იყო ბნელი,

ყოველი დილა – სიბნელეზე

გამარჯვება.

გაყინულ თითებში ვაჩხაკუნებ,

სუსტი შუქი აქვს, მაგრამ მაინც

ძალიან მიყვარს.“ (გვ. 28-29)

„გაყინულ თითებში ვაჩხაკუნებ“ რას? ღამეს? დილას? სიბნელეს? წინა სტრიქონებში სწორედ მათზეა საუბარი.

არა – ძველ დასაქოქ ფარანს ლექსის დასაწყისში გამოყენებული შედარებიდან:

„ქალაქში ბევრი ტაძარია,

როგორც ძველი დასაქოქი ფარანი.“ (გვ. 28)

და ამ ფრაგმენტულ, დანაწევრებულ სამყაროში რა შეიძლება, ჰქონდეს პოეტს? ან რა უ ნ დ ა  ჰქონდეს?

„ყველამ, ვინც მიყვარს,

ერთ მშვენიერ დღეს

პირი რომ შეკრას,

ზურგი მაქციოს,

მე კი არ მქონდეს იარაღი

თავდასახსნელად,

მხოლოდ დუმილის უფლება მქონდეს.

ამიტომ ლოცვაში ამოვიღო:

„უფალო, შეუნდევ მოძულეთა

და მაჭირვებელთა ჩვენთა…“

ხმამაღლა სათქმელად,

გულში კი დავიტოვო,

რა დამაძინებს ამის მერე?

ან დაძინებულს რა გამაღვიძებს?“ (გვ. 32)

პასუხიც ამავე ლექსშია: ეს ასეა საჭირო, რადგან:

„ცაში დაფრინავს ჭოტი,

ღამე ათია მანაც,

წყალს უნდა კალაპოტი,

პოეტს – ათასი ჭირი.“ (გვ. 33)

მაგრამ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის, ფლობაც. ამიტომ სანამ გაქვს, უნდა მოუფრთხილდე, უნდა მოასწრო, რაც გასაკეთებელია – ამ სათქმელით სრულდება „ფლობის უფლების“ ნაწილი:

„წყენა მეწყერივით მიწისაა,

როცა დაიძვრება, მაშინ იყოს,

თქვენ კი მოასწარით ახლა იმ დროს,

წადით, გოგოებო!“ („სანამ“, გვ. 34)

„გადაბიჯებაში“ თავმოყრილი ლექსების გამაერთიანებელი სხვადასხვა ონტოლოგიურ მდგომარეობებს შორის არსებული ზღვარია. ეს შეიძლება, იყოს ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, ეს საერთოდ, შეიძლება, იყოს პოეზია, როგორც პრობლემა, რომელსაც აბიჯებ ან ვერ აბიჯებ („***რომ წაიკითხო სულის გაყრის ლოცვა და მიხვდე“, „პოეზიას“, „კარლო კაჭარავა“), რადგან არაფერი იცი მისი წარმომავლობის შესახებ ან იმის შესახებ, რეალობას როგორ უკავშირდება:

„იკითხავენ, სად არის აქ პოეზია?

მე კი ვუპასუხებ,

დაუსაბამოა მისი ორთქლი, ფანჯრის მინაზე განმბნეული.“ (გვ. 71)

ან ეგებ პოეზია, ქმნის პროცესია თავად გადაბიჯება („მოქმედი პირის გააზრებისათვის“)? ან იქნებ რეალობაა ის, რასაც უნდა გადააბიჯო, რათა პოეზია შექმნა? ყოველდღიური რუტინაა ის, რაც უნდა უარყო? და თუ ასე არ მოიქეცი, ის თავად კი არ გადაგაბიჯებს, გაგსრესს და მერე დაუწერელი ტექსტების გამოგლოვა მოგიწევს ამგვარად:

„მიშველეთ, ჩემო მაქებრებო,

მომაძებნინეთ წყალში გადაყრილი

ლექსები, ხელგაშვებული ლექსები,

ვერ გამოგლოვილები! […]

რატომ მიატოვეთ სამსახური?

-აღარ მიღირდა სატალახოდ.

რასაც იტყვით, აქ დარჩება.

-რასაც არა? – ამოგაძრობთ! […]

შავო შაშვო, ისე, როგორც „თეთრო ბატო“.

სადღა არიან ნამდვილი პოეტები?“ (გვ. 68-69)

ან ეგებ ეს არის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის („*** ხმოვნებმა შეასწრეს ციხესიმაგრეში“) ან ლინგვისტური ზღვარი სემანტიკურ ოპოზიციებს შორის („*** დავხედე სიტყვას გამარჯვება“)?

სადაც გადაბიჯებაა, იქ დროც პირობითია – სულიერი მდგომარეობა, შეიძლება, წამიერად შეგეცვალოს და ერთი დღე საუკუნედ გექცეს:

„დილაა, მეგობარი მიგზავნის ფოტოს,

ფოტო გუშინდელია.

ის იღიმება, მეც ვიღიმები.

დიდი ხანია, ასე არ ვყოფილვარ!

შენ, ზღვის შუაგულში მყოფო,

შენ, ნაძვის ხესავით წიწვიანო,

როგორც უდაბნოში მეწალკოტე

ან კუტი ირემი რქების მომედე,

დიდი ხანია, ასე არ ვყოფილვარ! […]

ამიტომ ეს ფოტო ძალიან გამიხარდა.

სხვანაირი, სულ სხვანაირი

დილაა!“ (გვ. 55)

არის კიდევ ერთი ზღვარი – სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ ზღვარზე მაშინაც ხარ, როცა გგონია, რომ კვდები. „მსტვინავი ღამის ანამნეზი“ სწორედ ამ განცდას გადმოგვცემს, საკმაოდ უჩვეულოდ და ორიგინალურად, აქ შეტევითი ხველა ასე აღიწერება:

„ხი-ხი, ხი-ხი, ხიხინებენ

დანარჩენი მგზავრები,

ჩუმად ვარ, სიკვდილს

ვიკავებ პირით, ასე უკრავენ

სალამურზე ან ფლეიტაზე,

ასე ეძებენ ყურით რამე სასიამოვნოს.

ასე ხედავენ,

როგორც ვარსკვლავის მოწყვეტისას მოსწყდება ცრემლი

ვარსკვლავთ აღმრიცხველს,

შორ მანძილზე მოანგარიშეს.“ (გვ. 76-77)

ამ ნაწილის ლექსებიდან კიდევ აუცილებლად უნდა ვახსენოთ „Goalkeeper“. ამ ლექსის ლირიკული გმირის მსგავსი ადამიანები არასოდეს გადალახავენ არავითარ ზღვარს, ისინი მარად იმად რჩებიან, რაც არიან. ასეთია მათი სულიერი და გონებრივი მდგომარეობა:

„გიჟებს შორის ყველა მართალია,

ზოგჯერ სიყვარულის გაძლება

გვიჭირს.

-მიყვარხარ, დაი, – დამირეკავს

გულნატკენი და უიღბლო ბიჭი.“ (გვ. 48)

თავად სიყვარული კი, რა თქმა უნდა, ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, უზღვროობაა, სრულყოფილება:

„სადღაც ხომ უნდა არსებობდეს ტბა,

რომელიც სავსე იქნება ბაყაყებით,

ჩემი ბავშვობის მეგობარი

მთხოვს, ცოლად გავყვე

და ტბის გარშემო ავაყვავო

ლილიები…

მე უარს ვეტყვი, რა თქმა უნდა,

რადგან ჩემს სიყვარულს

არა აქვს საზღვარი,

რადგან მე არ მაქვს

არაფერი იმ ქოხის გარდა,

სადაც ყოველთვის შემიძლია

მარტო დარჩენა.“ (გვ. 64)

კრებულის ბოლო ნაწილი კი, „ჰაერის ბუსუსები“ დაგვირგვინებაა ყველა იმ შეკითხვის, ყველა იმ ფიქრისა და ფრაზის, პირველ ორ ნაწილში რომ გახმიანდა. აქ ყველაფერი გაერთიანებულია: სიკვდილი და სიცოცხლე, აწმყო და წარსული, ბავშვობა და დიდობა, მშვიდობა და ომი. ალბათ, ესაა ღმერთის დიაპაზონიც – მისივე შექმნილი სამყარო, რომელშიც ყველაფერი თანაარსებობს და ერთმანეთს აწონასწორებს.

ლექსი კი მხოლოდ შინაარსი როდია, ის, უწინარესად, ფორმაა. ამიტომ დასასრულს, ფორმაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

ნათია გიორგაძის ლექსებს სპეციფიკური რიტმი ახასიათებს. ეს რიტმი ხან სტრიქონების დანაწილებით მიიღწევა და ხანაც – ძველი სალექსო საზომების გამოყენებით (აქ არის მაღალი შაირის, თოთხმეტ- და თხუთმეტმარცვლიანი საზომების მაგალითები). მეორე შემთხვევაში ხშირად სალექსო საზომის ტაეპი არ ემთხვევა ლექსის სტრიქონს. ასეთ დროს რითმა სადღაც სტრიქონშუა მიიმალება ხოლმე. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს ანჟამბემანით ან, პირიქით – მისი არარსებობით. დავაკვირდეთ „ჰაერის ბუსუსების“ პირველსავე ლექსს „ალილოზე სიარული“:

„დედამ, ასე, ორმოცი წლის

წინ რომ შობა დგებოდა,

მაშინ მითხრა, დედის ნათქვამს

ვინ არ ეკიდებოდა რიდით?

და მეც მივდიოდი ჩემს ტოლებთან,

სამ უბანს ერთად გავცდით,

თოვლს ვტკეპნიდი, დედაჩემის

საუბარს ვაყოლებდი სიბნელეს, […]“ (გვ. 81)

აქ, თუ ლექსის მუსიკას ყურს მივუგდებთ, „ეკიდებოდას“ შემდეგ რამდენიმე ანჟამბემანი უნდა გვქონოდა ანუ ლექსის გრაფიკული ფორმა ამგვარი უნდა ყოფილიყო (სარითმო ერთეულები ხაზგასმულია):

„დედამ, ასე, ორმოცი წლის

წინ რომ შობა დგებოდა,

მაშინ მითხრა, დედის ნათქვამს

ვინ არ ეკიდებოდა

რიდით? და მეც მივდიოდი

ჩემს ტოლებთან, სამ უბანს

ერთად გავცდით, თოვლს ვტკეპნიდით,

დედაჩემის საუბარს

ვაყოლებდი სიბნელეს, […]“

მაგრამ ავტორს ასე არ დაუწერია. ამით მან ლექსის შუაში მუსიკა, ჟღერადობა შეცვალა, რადგან თუკი ტაეპებს ისე მივაყოლებთ ერთმანეთს, როგორც ავტორისეულ ჩანაწერშია, სულ სხვა რიტმს მივიღებთ.

რიტმის ამგვარ ვარიაციას კრებულში ხშირად შეხვდებით. აი, კიდევ ერთი მაგალითი ორიგინალური სახე-ხატით (რიტმის ცვლილება რომ ცხადი იყოს, ლექსის თავსა და ბოლოს ამოვწერ):

„როგორც მინდორი ხელახლა ვიბადები,

ახალბალახივით ვიხარებ,

ცის ქვეშ მითები და ზღაპრებია,

ცაში თავდახრილი, ლომის ქანდაკება. […]

მე სულ უფრო გეუბნები, მიყვარხარ,

შენ სულ უფრო იფერებ და ჩუმად

თვალს აპარებ თითქმის წარმოუდგენელ

ქალაქების დაცემაზე უმად-

ური ნუ იქნები ოღონდაც,

ნოემბრამდე ისევ დიდი დროა,

სახლს დავათბობ,

ჩაიდანსაც შემოვდგამ

გაზქურაზე,

ყვავილების ჩაისთვის.“ (გვ. 108-109)

ლექსი დაიწყო, როგორც ვერლიბრი, იქცა თეთრ ლექსად, შემდეგ – კონვენციურ ლექსად და კვლავ თეთრ ლექსად დასრულდა. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება რითმას ჩუმად/უმად, რომელშიც „უმად“ სიტყვის „უმადური“ ნაწილია. ამ სიტყვის გაკვეთამ სიტყვების თამაში მოგვცა – ური ძველი შუმერული ქალაქია, წინა ტაეპში კი ქალაქების დაცემაა ნახსენები.

სულ ესაა, რისი თქმაც წერილში შეიძლება. ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობით მოვიხმე ამონარიდები, რათა „ღმერთის დიაპაზონის“ გემო შეგეგრძნოთ და კრებულის მოხელთების წადილი აღგძვროდათ. იმასღა ვიტყვი, რომ კრებულთან მიბრუნების სურვილიც გაგიჩნდებათ პირველი წაკითხვის შემდეგ – წიგნმა-სავანეებმა ასე იცის…

 

კურარეს სამყაროში

0

1987 წელს, როცა ცოტაც და საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მე, ჩვეულებისამებრ, სწავლით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, ოკეანის გაღმა, სადღაც ლოს ანჯელესში, ვინმე მარგო ტიბომ ქმრის მოკვლა რომ გადაწყვიტა. თუმცა, ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა რთული აღმოჩნდა და მისი სამივე მცდელობა კრახით დასრულდა.

რატომ?

  • კილერების პირველი ჯგუფი ვერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე, რადგან გზაში მოძრაობის წესების დარღვევის გამო პოლიციამ დააჯარიმა და საბუთები წაართვა;
  • მეორე დაკვეთისას უკვე სხვა კილერმა მსხვერპლის ოფისს ვერ მიაგნო. დიდხანს იბოდიალა ლოს ანჯელესის ქუჩებში, ბოლოს ნერვები აეშალა, მოშივდა და სახლში დაბრუნდა;
  • მესამე მცდელობაც ჩაიშალა, რადგან მარგომ უარი განაცხადა, ლოს ანჯელესში ჩამოსასვლელად მკვლელისთვის თვითმფრინავის ბილეთი ეყიდა. მხოლოდ ის სთხოვა, რომ მისთვის შხამი კურარე ფოსტით გადაეგზავნა. ქალმა ყველაფრის თავად გაკეთება გადაწყვიტა. თან მკვლელისთვის მხოლოდ ჰონორარად ათი ათასი დოლარი უნდა ჩაეთვალა, ამას ბილეთების ფულიც ემატებოდა. კურარეს კი მხოლოდ 250 დოლარად შეიძენდა.

 

შემდეგ ამ შხამით უნდა დაეფარა ქმრის ავტომობილის საჭე. ქმარი საჭეს ხელს მოჰკიდებდა, კურარე კანიდან სისხლში შეაღწევდა და მორჩა, საქმე მოგვარდებოდა.

 

ეს მცდელობაც ჩაიფუშა, რადგან მარგოს თანამოაზრე გაბრაზდა ასეთ სიძუნწეზე და ქალი პოლიციაში დააბეზღა. პოლიციამ მარგო აიყვანა, მაგრამ მასზე ყველა იცინოდა, ოპერ მუშაკები თუ გამომძიებელ-მოსამართლეები, რადგან კურარეთი ვერავის მოკლავთ, ვერც სხეულზე წასმით და ვერც ჩაიში ჩაყრით.

 

სხვადასხვა შხამი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. კურარემ კი ზოგადად ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე მედიცინისა და ქირურგიის განვითარება. მისი კომპონენტების გარეშე ვერც თანამედროვე ანესთეზია და ფსიქიატრია მიაღწევდა დღევანდელ შედეგამდე. მას დღესაც იყენებენ სხვადასხვა მოწამვლით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის დროს.

 

კურარეს შხამს ისრებზე უსვამდნენ და ისე ესროდნენ მსხვერპლს. ეს ჯერ კიდევ ჰერეკლემ იცოდა და კენტავრს კლავდა ისრით, რომელიც ჰიდრას სისხლში იყო ამოვლებული. სიტყვა „ტოქსინი“ და „ტოქსიკური“ ძველბერძნული გამოთქმიდან – „ტოქსიკონ ფარმაკონიდან“ მოდის და ნიშნავს „მეისრეთა შხამს“. ისრების წვერზე შხამის წასმის მეთოდს, საბერძნეთის გარდა, მთელ მსოფლიოში იყენებდნენ. შხამს მოიპოვებდნენ მცენარეებიდან, ბაყაყებიდან და გველებიდან. არც მწერებზე ამბობდნენ უარს.

 

ასე რომ, მე-16 საუკუნეში, როცა კოლუმბი თავის ხალხთან ერთად ამერიკაში ჩავიდა, ადგილობრივი აბორიგენების მიერ გამოსროლილი წვრილი ნემსისებრი ისრები სულაც არ გაჰკვირვებიათ. ვინმე ალონსო პერეს დე ტოლოსმა აღწერა კიდეც ინდიელი აბორიგენების მიერ გამოსროლილი ისრების ტექნიკა. თუმცა, ის იმით იყო გაოცებული, რომ ვისაც ეს ისარი მოხვდებოდა 3-4 საათის განმავლობაში მოძრაობის უნარს კარგავდა. ეს კი ინდიელებისთვის ტყეში გასაქცევად სრულიად საკმარისი დრო გახლდათ. თავად მოძრაობაშეზღუდულ ადამიანს კი სასიცოცხლო ძალები სრულად უბრუნდებოდა.

 

ეს კურარე იყო. სიტყვა კურარეს ფუძე არის „ის, რაც კლავს ჩიტებს“ (ეს უკანასკნელი მთლად ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ასე უნდა იყოს). ფილოლოგები ჯერაც იკვლევენ ამ სიტყვის ფუძეს: Coorare, Woorari, Woorali, Ourare, Urari. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ყველა ტომს კურარეს თავისი რეცეპტი ჰქონდა და მის შხამად გასაიდუმლოებულ მცენარეებს იყენებდა. ბოლოს ნათელი გახდა, რომ შხამ კურარეს მოიპოვებენ ორი სახეობის შხამიანი ლიანებისგან. პირველი მათგანია Chondrodendron tomentosum, რომელიც ალკალოიდ ტუბოკურარინს შეიცავს. მეორე – შეიცავს ტოკსიფერინს და მას Strychnos toxifera ეწოდება. სწორედ ეს ორი მცენარე შეიცავს ჩონჩხის კუნთების დამბლის გამომწვევ ალკალოიდებს. სხვათა შორის, დაუპატიჟებელი ევროპელი სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორ არ ეშინოდათ აბორიგენებს კურარეთი მოპოვებული ნანადირევის ჭამა. კურარეშეყვანილი მსხვერპლის ჭამა მოწამვლას არ იწვევს, მით უმეტეს არ იწამლები მისი კანზე მოხვედრით (რის იმედადაც იყო მარგო). კურარეთი დამბლის გამოწვევა, მხოლოდ მისი სისხლში მოხვედრითაა შესაძლებელი.

 

თავად კურარეს მომზადება საფრთხილო საქმე გახლდათ, რადგან მართალია, მთავარი ზემოთ დასახელებული ორი ალკალოიდია, მაგრამ სხვადასხვა ტომი მასში ათასნაირ დამატებით კომპონენტს ურევდა. ასევე, ასრულებდნენ მაგიურ რიტუალსაც, რადგან ღრმად სწამდათ, რომ შხამის მოქმედება სწორად შესრულებულ მაგიაზე იყო დამოკიდებული. კურარეს დამზადების პროცესში ქალები არ დაიშვებოდნენ, რადგან მაგიისთვის ისინი უწმინდურად იყვნენ მიჩნეული. ასე რომ, პიეტრო დანგერის მიერ წიგნში „De Orbe Novo”-ს (ახალი სამყარო) აღწერილი სურათი, როგორ ხარშავდნენ კურარეს სიკვდილმისჯილი დამნაშავე ქალები, როგორ ისუნთქავდნენ ნახარშის ოხშივარს, როგორ კვდებოდნენ და მათი სიკვდილისთანავე კურარე გამზადებულად ითვლებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

კურარეზე კიდევ ათას უცნაურობას წერდნენ. მაგალითად, ცნობილი მეკობრე პოეტი სერ უოლტერ რაილი თავის წიგნში „ახალი, ლამაზი და მდიდარი იმპერიის აღმოჩენა“ (ამერიკას გულისხმობდა), ამტკიცებდა, რომ კურარესგან დაგვიცავდა შაქარი, თუთუნი და ნიორი. რაც თავისთავად აბსურდია, ისევე, როგორც მე-18 -ე საუკუნემდე დაწერილი ყველა ჩანაწერი კურარეზე.

 

როდესაც ესპანეთის იმპერია დაემხო, ცნობისმოყვარე ხალხი ახალ აღმოჩენილ მიწებზე ამოუცნობი მოვლენების შესწავლას შეუდგა. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ასტრონომი, გეოლოგი და ვოლტერის მეგობარი შარლ მარი დე ლა კონდამინი იყო. ათასი მიზეზით, მთელი ათი წელი იბოდიალა სამხრეთ ამერიკაში. სინამდვილეში ქინინის მოპოვების საიდუმლოს ამოცნობა სურდა. ეს უკანასკნელი ესპანელებს მოჰქონდათ და ევროპაში ძალიან ფასობდა. ქინინი იპოვა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ევროპაში კარგი, კონცენტრირებული შავი ცვილი – კურარე ჩამოიტანა.

 

ევროპელი ექიმებიც მაშინვე ცდების ჩატარებას შეუდგნენ. ვისზე? საბრალო კატებზე… და აღმოაჩინეს, რომ კურარე თიშავს ჩონჩხის კუნთებს და გლუვ მუსკულატურაზე არ მოქმედებს. და თუ ზოგჯერ სიკვდილი მაინც დგება, ამას სუნთქვაში მონაწილე კუნთების დამბლა იწვევს და მსხვერპლი ბოლომდე აცნობიერებს, რაც მის თავს ხდება. ამავე დროს, არც განძრევა და არც რაიმე ნიშნის მიცემა არავისთვის არ შეუძლია.

 

ვინმე ჩარლზ როტერტონმა კურარე ვირს გაუკეთა.

 

იცით ეს, ვინ არის? მოგვიანებით, რომ ბევრ ფულს დააგროვებს, ძვირფასი საჩუქრების გაკეთება რომ მისი ჰობი ხდება და მისი ინგლისის მამულში მისვლაზე რომ ყველა იოცნებებს. ასაკში ერთი ახირებული ჩვევა კი დასჩემდება… მაგიდის ქვეშ ძვრება და სტუმრებს ფეხზე კბენს. ყველამ იცის, ვინც იკბინება, მაგრამ ყველა სტუმარს ისეთ საჩუქრებს ჩუქნის, რომ კბენის მოთმენად და თვალის დახუჭვად უღირთ.

 

ჩარლზი კბენას სიბერეში დაიწყებს. მანამდე გვიანაში გაემგზავრება, სადაც მისი ოჯახი მამულს ფლობს. იქ ადგილობრივი ფლორა-ფაუნით დაინტერესდება და ფაქტობრივად ბიოლოგობას მიჰყოფს ხელს. კურარესაც შეისწავლის და დაადასტურებს, რომ სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლით დგება. ჰოდა, ერთ დღესაც კურარეს თავის ვირუკას გაუკეთებს. შემდეგ კი მისი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას დაიწყებს. მთელი ორი საათი ვირის ნაცვლად „სუნთქავს“. შემდეგ, ცხოველი ნელ-ნელა აზრზე მოვა და კიდევ 25 წელი ბედნიერად იცოცხლებს. აქედან ფანტასტიკური აღმოჩენა კეთდება – კურარე არ კლავს, უბრალოდ იწვევს დამბლას და თუ ამ დროს პაციენტს სუნთქვაში დავეხმარებით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. შესაბამისად, კურარეს გამოყენება მედიცინაში იმ დაავადებების დროს შეიძლება, რომლებიც კუნთების მკვეთრი სპაზმით მიმდინარეობს, მაგ. ტეტანუსი, ცოფი, სტრიქნინით (ალკალოიდია) მოწამვლა და ა.შ. ეს როტერტონის ვარაუდი გახლდათ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ცოფის დროს არა, მაგრამ ტეტანუსის და სტრიქნინის დროს კურარეს გამოყენება შესაძლებელი მართლაც არის.

 

ცოტა უფრო მოგვიანებით ფრანგმა ფიზიოლოგმა, კლოდ ბერნარმა ორგანიზმში კურარეს მოქმედების მექანიზმი შეისწავლა. თუმცა, კიდევ უფრო გვიან ამ მექანიზმის სრულად გაშიფვრისთვის ნობელის პრემიას ოტტო ლევი და ჰენრი დეილი მიიღებენ.

 

თუმცა, მანამდეც, 1887 წლიდან გაყიდვაში გამოვიდა კურარეს აბები, თითო 5, 5 მგ-იანი, 8 შილინგის ფასად. ამ აბებისგან საინიექციო ხსნარს ამზადებდნენ და ტეტანუსისა და სტრიქნინით მოწამვლისას ავადმყოფს უკეთებდნენ.

 

მეოცე საუკუნიდან მედიცინაში კურარეს ფართოდ იყენებენ. 1930 წლიდან ფსიქიატრიაში კრუნჩხვითი თერაპიის გამოყენება დაიწყეს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ, მაგრამ ძლიერი კრუნჩხვები, თურმე ფსიქიკურ შეტევებს ამსუბუქებს (ასე ამოვიკითხე და იმედია, სწორია). კრუნჩხვებს წამლებით ან ელექტროშოკით იწვევდნენ. ჰოდა, ტრავმების თავიდან ასაცილებლად, პაციენტს კურარეს უკეთებდნენ და მერე შოკს დასცხებდნენ ხოლმე. თანაც, გაირკვა, რომ შოკი მოდუნებული კუნთებით, ტვინისთვის მაინც სასარგებლო იყო.

 

ამ გამოცდილების შემდეგ ნელ-ნელა კურარე ქირურგიაშიც „შეიპარა“. საქმე ის გახლავთ, რომ ოპერაციის დროს, მართალია ანესთეზიას უკეთებდნენ, მაგრამ კუნთების მთლიანი მოდუნება არ გამოდიოდა და შესაძლოა პაციენტს კუნთების უნებლიე სპაზმი დასწყებოდა. კურარეს საჭირო დოზები კი კუნთის მთლიან მოდუნებას იწვევდა. თანამედროვე ქირურგიაში კურარე მთლიანად შეცვლილია მისი მოქმედების მექანიზმის მსგავსი და უფრო უსაფრთხო ანალოგებით.

 

მე კიდევ ზოგჯერ ბავშვივით ოცნება მიყვარს ხოლმე. აი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ქურდები შეიპარნენ. ამ დროს, თქვენც მიდიხართ, თავზე ადგებით და სათადარიგოდ გადანახულ, კურარეთი დამუშავებულ ისრებს ესვრით. ქურდებს და რეგვენებს კუნთების დამბლა უვითარდებათ. შენ კი ამასობაში 112-ში რეკავ და პოლიციას იძახებ, რომლებსაც კურარეთი დადამბლავებულ ქურდ-რეგვენებს პირდაპირ აბარებ.

 

ხომ არაჩვეულებრივად კარგი იქნებოდა, არა?…

 

 

 

 

სწავლება კლასკომპლექტში – გამოწვევები და მიდგომები

0
top view people hands with books and stationery, coffee cup, notebook and pencil. Team work or studying concept. People read books together. flat cartoon square composition literature concept - vector

ალბათ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა. მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიოს და სწორად მიიტანოს მოსწავლემდე თავისი სათქმელი.

ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული სწავლება კლას-კომპლექტში. კლას-კომპლექტი იქმნება ერთ საკლასო ოთახში ორი სხვადასხვა კლასის საფუძველზე ( შესაძლებელია იყოს მეტიც). კლას-კომპლექტში სწავლება განსაკუთრებით რთულია, რადგან მასწავლებელს ერთდროულად უწევს იზრუნოს სწავლის ხარისხზე. ალტერნატიულ მეთოდებსა და მიდგომებზე, კეთილგანწყობილი და საიმედო გარემოს შექმნაზე. პროცესს ისიც ართულებს, რომ არ არის საკმარისი რესურსები, რითაც სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო გახდება. ამიტომ მასწავლებელს თვითონ უწევს ახალი რესურსების შეძენა, შექმნა, მოძიება და სხვ.

კლას-კომპლექტში სწავლებისას იკვეთება პრობლემა – დროის დეფიციტი. საგაკვეთილო პროცესზე, ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც  დრო საკმარისი არ არის და რაოდენ დაგეგმილი გაკვეთილიც არ უნდა იყოს, მიზანი ნაწილობრივ ხორციელდება.

სამსახურის ძიების პროცესში სწორედ ამგვარ სკოლაში გამიღიმა ბედმა და დავიწყე მუშაობა- მოწვეულ მასწავლებლად, შემდეგ კი როდესაც საგნის გამოცდა დაწყებითი კომბინირებული (I-IV) ჩავაბარე, უკვე სრული დატვირთვით 18 სთ (დღემდე). უკვე მეოთხე წელია მასწავლებელი ვარ და კლას-კომპლექტში ვასწავლი. ამჯერად (3-4კლასი). მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩემზე კეთილგანწყობილმა გარემომ, როგორც დირექციისგან, ასევე სხვა მასწავლებლებისაგან. ისინი  ჩემთვის მოტივაციის და გამბედაობის მთავარი წყაროები აღმოჩნდნენ, რომ ყველაფერს გავართმევდი თავს და ამ მხრივ, სრულ მხარდაჭერას მიცხადებდნენ. მაგრამ უშუალოდ გაკვეთილი მაინც  სულ სხვაა.. და ისიც კლას-კომპლექტში, როცა მსგავს კლასში  მუშაობის  არანაირი გამოცდილება არა გაქვს. როცა პირველად გაკვეთილზე შევედი, არც კი ვიცოდი, როგორ წარმემართა საგაკვეთილო პროცესი ისე, რომ როდესაც ერთ კლასს ახალ მასალას ვუხსნიდი, ამ დროს მეორე კლასი დაკავებული  ყოფილიყო იმგვარი აქტივობით, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, ყურადღების კონცენტრირება მოეხდინათ დავალებაზე და არა ჩემს საუბარზე.

ეს არის ის წყვილი აქტივობა, რომელსაც  პარალელურად ვატარებ.

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა

3 კლასის აქტივობა 4 კლასის აქტივობა
თემა: ტარიელ ჭანტურიას სამშობლო

პროგრამა bookcreator-ის გამოყენებით ბავშვებს ვთხოვ, შევქმნათ წიგნი, სადაც მოკლედ იქნება აღწერილი საქართველოს კუთხეები თავისი მახასიათებლებითა და ნიშან-თვისებებით და დავურთოთ შესაბამისი ილუსტრაცია.

 

ამ აქტივობით მე ვახდენ როგორც წინარე ცოდნის გააქტიურებას, ასევე ახლის დაშენებასა და განმტკიცებას.

ეს კონკრეტული აქტივობა ემსახურება ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაახლოებასა და ახალი უნარების გამომუშავებას.

 

g

Book Creator – საქართველო და მისი კუთხეები

 

მოცემულ ბმულზე არის ჩემი მოსწავლის მიერ განხორციელებული აქტივობა ,   დააკოპირეთ და ჩასვით ბრაუზერში

 

 

ილუსტრაცია აღებულია მოსწავლის დავალებიდან

 

 

 

 

თემა: ჯანსუღ ჩარკვიანის მოფრთხილება უნდა

ვიდრე ლექსს უშუალოდ წავუკითხავ ბავშვებს, ვსვამ კითხვებს, რა შეიძლება იყოს ისეთი, რასაც მოფრთხილება უნდა?

მოდით ილუსტრაციებსაც დავაკვირდეთ რაზე შეიძლება იყოს საუბარი ლექსში?

ბავშვები გამოთქვამენ მოსაზრებებს, შემდეგ ვუკითხავ ლექსს და ვაანალიზებთ, რამდენად გამართლდა ვარაუდები.

 

ამის შემდგომ ვსვამ კითხვას, რა კავშირშია თქვენ მიერ  მესამე კლასში შესწავლილი ლექსი “სამშობლო” ჩვენს ლექსთან? აქაც გამოთქვამენ მოსწავლეები მოსაზრებებს, ახდენენ საკუთარი ცოდნის ტრანსფერს.

შემდგომ ვაძლევ დავალებას, ლექსში დასახელებულ ფრინველებსა და ცხოველებზე გააკეთონ პრეზენტაცია power pointis  პროგრამაში, სადაც ილუსტრაციებთან ერთად წერილობით დაურთავენ მოკლე აღწერას დასახელებულ ფრინველებსა და ცხოველებზე

ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხებაში, ასევე პრეზენტირების უნარის განვითარებაში.

 

მოსწავლის ნაშრომიდან.

პრეზენტირების დროს მოუსმენენ ერთმანეთს და დაუსვამენ შემაჯამებელ კითხვებს. ეს დავალება შესაძლებელია შეასრულონ როგორც საკლასო სივრცეში, ასევე სახლში.

პრეზენტაცია ლექსის მიხედვით მოფრთხილება უნდა.pptx

 

ყოველი დღე რაღაც ახლის მომცემი იყო, თანდათან აღმოვაჩინე მეთოდები და მიდგომები, რომელიც საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში მეხმარება. ძირითადად ჩვენი სწავლება დიფერენცირებულ მიდგომებს ეფუძნება.

ზოგჯერ არის თემები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია, ამ დროს ყველა ერთდროულადაა ჩართული ერთ აქტივობაში და ამით ვახერხებ უფროსებისათვის განვლილი მასალის გახსენებას და უმცროსთათვის ახალი მასალის გაცნობას, ცნობისმოყვარეობის გაღვივებას. ბავშვებს ებადებათ კითხვა – „ აბა რა არის ისეთი, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით და თქვენ უკვე ისწავლეთ“

ბუნებრივია, როგორც ყველა მოვლენას, კლას-კომპლექტში სწავლებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

  1. მაგ., ყველა ერთმანეთის ტოლი და სწორია. ვიყენებთ დევიზს „ ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის“.
  2. კლასი პატარა ოჯახივითაა, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს.
  3. მათ არ უჭირთ კომუნიკაცია შედარებით უფროს ან უმცროს ადამიანებთან.
  4. ასევე ხდება ნასწავლი მასალის გამეორება, გახსენება, განმტკიცება.
  5. კლას-კომპლექტში უფროსკლასელები ირგებენ მზრუნველი უფროსის, მასწავლებლის როლს, ხოლო უმცროსკლასელები აკვირდებიან მათ სამოდელო ქცევას.

მასწავლებელს, ჩვეულებრივ, ერთ კლასში წინასწარ უნდა ჰქონდეს აქტივობები მომზადებული, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რამდენიმე მოსწავლე უფრო ადრე დაასრულებს თავის დავალებას. ამიტომ  საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ დამატებით აქტივობას. მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ დამატებითი აქტივობა არ გვაქვს, მაშინ როგორ მოვიქცეთ?!  ვთხოვთ ასეთ მოსწავლეს ( მოსწავლეებს ), დახმარება გაუწიოს მეგობრებს  მითითებული აქტივობის შესრულებაში. ეს მათ უვითარებს აზრის გადაცემისა და კომუნიკაციის, მზრუნველობით, ურთიერთდახმარების და ურთიერთსწავლების უნარებს. ასევე მივმართავ ჯგუფურ მუშაობას. ჯგუფში  თანამშრომლობა კი წახალისებული უნდა იყოს, თითოეულ მოსწავლეს უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა.

სამწუხარო რეალობაა, რომ კლას-კომპლექტში სწავლებასთან დაკავშირებით ტრენერებს არ აქვთ ინფორმაცია. თუ აქვთ მწირი და ზედაპირულია. სასურველი იქნება მსგავს საკითხებზე რეკომენდაციები და მეთოდები, რომლებიც  უფრო საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს.

 

ხარისხი ნულის ტოლისა და უარყოფითი მაჩვენებლით. აქტივობა ერთი გაკვეთილისთვის

0

სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლეთა მიერ საკითხის კონცეპტუალურ გაგებაზე, მსჯელობის ჩვევის გამომუშავებასა და მათემატიკური აზროვნების განვითარებაზე.

გთავაზობთ სავარჯიშოებს მე-7 კლასელთათვის, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს მსჯელობის, ანალიზისა და დასაბუთების უნარების განვითარებაში.

კლასი მე-7

თემა: მოქმედებები რიცხვებზე

ქვესაკითხი: რიცხვის ხარისხი

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი; კანონზომიერება; ლოგიკა

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მთელი დადებითი რიცხვების უარყოფით მაჩვენებლიანი ხარისხისა და ნულის ტოლი მაჩვენებლიანი ხარისხის გაანგარიშების მარტივი წესების დადგენას. განუვითარდებათ მსჯელობა, ანალიზისა და განზოგადების უნარები

საკვანძო შეკითხვა:

რატომ არის 2 0 = 1? და რას ნიშნავს რიცხვის უარყოფითი მაჩვენებელი?

სტატია სტულად იხილეთ ბმულზე :

ხარისხი ნულის ტოლისა და უარყოფითი მაჩვენებლით. თ. მურუსიძე

ახლაც წერენ ლექსებს?                                                                                                                         

0

როცა ჩემმა ლამაზმა, ჭკვიანმა და ინტერესიანმა უფროსკლასელმა მოსწავლემ ეს კითხვა დამისვა, სიტყვები პირდაპირ გულში მომხვდა, ერთბაშად ცა თავზე ჩამომექცა და ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, გულმა რეჩხი მიყო და ზედ მოუშორებელი ლოდიც დამაწვა, ფერი დავკარგე და სევდამ შემომიტია… ადვილია, ფრაზეოლოგიზმებით აღწერო მდგომარეობა, როცა საკუთარი სიტყვების პოვნა გიჭირს. ერთბაშად ვიგრძენი სინანული და უცებ დავადანაშაულე ყველა, ვინც კი მომაგონდა – საკუთარი თავი, სხვები, ოჯახი, სამეგობრო, სკოლა, განათლების სისტემა, სამინისტრო, სახელმწიფო, სამყაროს წესრიგი, ვარსკვლავები  – ბრალი დავდე, რომ ჩვენი ძვირფასი, სათაყვანებელი, პატივცემული, „ხელის-ხელ საგოგმანები“, ჩვენი გადამრჩენელი თუ გადარჩენილი, საუკუნეებგამოვლილი თანამედროვე ქართული ლექსი თურმე უცნობი რჩება მთავარი გულშემატკივრის, მაცოცხლებლის, სიცოცხლის მიმნიჭებლის – ახალი თაობისთვის. მათთვის, ვისაც პატარა კრებულები თავთან უნდა ეწყოთ, ლექსებთან ერთად იძინებდნენ, მასში საკუთარი განცდების, ტკივილების ანარეკლს პოულობდნენ, მის გამო ტიროდნენ და იცინოდნენ. ვისთვისაც ეს  ტაეპები უნდა იყოს ერთგვარი შვება, ფანტაზიის წყარო, ეგზისტენციალური ლაბირინთის გამოსასვლელიც და ფილოსოფიის  საფუძვლებიც.

ვხვდები, ძალიან ბევრი მოვითხოვე, მაგრამ სახლში მიმავალიც სულ ამაზე ვფიქრობდი. იქნებ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ შევაყვარეთ ჩვენს მოსწავლეებს ჩვენი მთავარი ლექსი – „ვეფხისტყაოსანი“. თვალწინ ვუფრიალებთ კომენტარებსა და განმარტებებს, პერიფრაზებსა და სამახსოვრო სტროფებს, მაგრამ ვერ ვყვებით, ვერ ვიღებთ ფილმებს, ანიმაციებს, ვერ ვთამაშობთ, ვერ ვტკბებით, ვერ ვარგებთ თანამედროვეობას, ვერ ვუახლოვდებით!

თანამედროვე ქართული ლექსი ყველაზე მეტად იმიტომ მომწონს, რომ ახლოს მიდის ჩვენი დროის ადამიანთან, განცდილი და ხელშესახებია, მარადიული ღირებულებებით, თუმცა აქტუალური პრობლემებითა და სახეცვლილი მეტაფორებით.

საღამოს, როცა გაკვეთილზე წასაკითხი ლექსების სიას ვადგენდი, ერთ-ერთი პირველი ზვიად რატიანის ლექსი ჩავინიშნე:

„შენც რას გაჯიუტდი, ღმერთო? დამსვი, მაწერინე.

და ბოლოს, როცა არაფერი გამომივა,

ადექი და მაშინ დამცინე. ახლა ხომ ისეც ცუდადა ვარ.

ისეთს რას გთხოვ? ფულს ხომ არ გთხოვ –

ფიფქებსა და წვიმის წვეთებს გამოატანო.

გაჩენილი მუქთა ფული მეც კი არ  მინდა…

დავწერ, როგორი ცუდი ვარ და თვითონვე ვხვდები.

ხოლო იმაზე, ალაგ-ალაგ კარგიც რომ ვარ

და ვერ ვხვდები, არაფერს დავწერ.

გინდაც ვხვდებოდე, სიტყვას გაძლევ, არაფერს დავწერ.

არავისთან წამომცდება, რომ შენ მინახავ….“

უცნაურია, როცა ღმერთი ისე ახლოა, თითქოს, გვერდით გეჯდეს, ისე ესაუბრებოდე, როგორც თანატოლს, მაგრამ მაინც ტკივილამდე გრძნობდე მის ყოვლისშემძლეობას და მზრუნველობას. ალბათ, ღმერთის, სამყაროს, შემოქმედებითი პროცესის ამგვარი აღქმა აღმოჩენა იქნება მოზარდისთვის.

შემდეგ შოთა იათაშვილის ლექსს მივადექი, რომელიც მეგობრობის განსხვავებულ  „მოდელს“ გვთავაზობს:

„…გამომშვიდობებისას

მომუჭულ მუშტებს ვშლით და

ხელისგულებით ფანჯრის მინას ვაწვებით

საკუთარი სივრცეებიდან….

მეგობარი იღიმება და

ამ ღიმილით მანიშნებს, რომ

არ მოითხოვს ამაზე მეტს ჩემგან,

მაგრამ არც ამაზე ნაკლებს დათანხმდებოდა.“

ეს ლექსი უამრავ სალაპარაკოს აჩენს – ვინ არის ნამდვილი მეგობარი? როგორია ის? რას ვითხოვ მე მისგან და რას მოითხოვს ის სანაცვლოდ? როგორი მეგობარი ვარ მე? სინამდვილეში რა არის მეგობრობა?

ეკა ქევანიშვილის ლექსმა „ღარიბების ტრანსპორტი არსად ჩერდება“ გამახსენა, რომ ჩვენი სოციალური ყოფა უკვე პოეზიის განუყოფელი ნაწილია და საინტერესოა, თვალი ვადევნოთ ლექსებად გარდაქმნილ ჩვენს ყოველდღიურობას,  ჩვეულებრივ ამბებს, თითქოს უმნიშვნელო დეტალებს, დაკვირვებებს – ცხოვრებას:

„8 ნომერი ავტობუსი იყო საშინლად აყროლებული
და ასეთივე იყო იმ დღეს ნომერი სამოცდაათიც –
სიყვარულის დამთავრების მეორედღისნაირი.

არც უსაფრთხოების სარკმელი გაიღო, ვიღაც კაცი რომ ცუდად გახდა.
ჩვენ ის ტურტლიან იატაკზე დავაწვინეთ და მოვასულიერეთ.
მთავრობა – გავლანძღეთ.
მე ჩემი თავიც მივაყოლე,
ავტობუსით მგზავრობა რომ გადავწყვიტე……

ვფიქრობდი ასეთ სისულელეებზე ავტობუსში,
რომელიც მირახრახებდა ღარიბი ქვეყნის უღიმღამო ქუჩებში.
სადაც ისეთი მოწყენილი ხალხი იჯდა,
როგორიც ასი წლის ბებიაჩემია,
ავადმყოფი შვილის საწოლთან მიმჯდარი.

ისხდნენ ადამიანები
უხერხულად დაწყობილი ხელებით მუხლებზე,
ითვლიდნენ ხურდებს და არსად მიდიოდნენ.“

და თუ ლექსის ჩამთავრების შემდეგ ყელში ბურთი მოგვებჯინება, ესეც ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

დიანა ანფიმიადის ზოგიერთი ლექსი კი ჩემთვის სიმღერასავით ჟღერს. მიუხედავად განსხვავებული სტრუქტურისა, ალბათ, საუკუნეების წინაც ასე გაიჟღერებდა, მკითხველს მეტაფორებით დააბნევდა და პოეზიის მაგიურ ძალას აგრძნობინებდა:

„არავის ველი…

საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –

არარსებული მხეცის ტყავებს,

და ჩემი ყურის ნიჟარები

დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე,

არავის ველი.

მე ხომ ნივთებიც არ მეკუთვნიან,

მხოლოდ გამლღვალ კონტურებს ვხედავ,

არავის ველი. არავის ველი…“

ვიფიქრე, მოსწავლეებს მოეწონებოდათ ერთი განსაკუთრებული შემთხვევაც – ქართველი პოეტის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბეს) მიერ დაწერილი იაპონური ტანკები, რომლებიც, მიუხედავად იაპონური სტრუქტურისა და ელფერისა, ხშირად მაინც ძალიან ნაცნობი და ეროვნულია. თანაც კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აქციო ლექსად ერთი ფრაზა:

„როგორ ურცხვად გატყუებდი,

ყოველ ღამე,

ძვირფასო დედა –

ვითომ მეძინა,

რომ მიკოცნიდი შუბლსა და ხელებს …“

„ბუხრის კვამლივით ხართ

სამშობლოს თავზე

ჯიუტო მოხუცებო,

ვინც სოფლად დარჩით …“

„დილით ავდექი ძალიან ადრე,

გამოვაღე ყველა ფანჯარა,

მზეს შევეგებე და მხოლოდ ერთი ლოცვა ვთქვი გულში –

ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო …“

ყველაზე მეტად ბესიკ ხარანაული ლექსების შერჩევა გამიჭირდა. არ ვიცოდი, რომელი მოახდენდა უფრო დიდ შთაბეჭდილებას, რომელი აღძრავდა მეტ ფიქრს ან საკუთარ თავთან დარჩენილს, რომელი ათქმევინებდა საიდუმლოს. ამიტომ რამდენიმე ნაწყვეტი შევარჩიე, რომლებშიც საკუთარი თავის ძიებას, ამაოების განცდას, უსამართლობასა და სინანულს ავტორი, პოეტი, ლირიკული გმირი თუ უბრალოდ ადამიანი, ღმერთთან მიჰყავს. თანაც აქ, ახლა, ჩვენს დროში, საქართველოში, თბილისში, კონკრეტულად კი, მეტროში:

„ათასგან ვიყავ,

ცხენი ათას ღობეს მივაბი,

დავტოვე ყველგან

ჩემეული თითო ნიღაბი

ზოგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის

და ზოგან ლაჩრის,

ხოლო მე თვითონ

ყველასათვის უცნობი დავრჩი…“

„რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა,
ხომ ძმად ჩამთვლიდნენ,
ხომ აღარასდროს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.“

„თბილისში, დღეს, ახლა, ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.“

ალბათ, სწორად მოვიქეცი, რომ მეორე დღეს ასეთი გაკვეთილი ჩავატარე. ვსაუბრობდით, განვიხილავდით, ვკამათობდით, ვღელავდით… კიდევ არაერთი ძვირფასი სახელი და ლექსი მახსენდებოდა და მთავარი კითხვა აღარ მაშფოთებდა.

“ჩვეულებრივად” ყოფნის შეუძლებლობის შესახებ. ხისტი წესების შიგთავსი

0

ყველაფერი პირველივე ჯერზე უზადოდ უნდა გავიგო და გავიაზრო,“ „ყველაზე ჭკვიანი უნდა ვიყო,“ „ყველაფერში თანაბრად წარმატებული უნდა ვიყო,“ „განსაკუთრებული უნდა ვიყო,“ „განსაკუთრებულ, ყველასგან გამორჩეულ წარმატებებს უნდა მივაღწიო.“

გეცნობათ?

ეს წინადადებები ხისტი წესების მაგალითებია, რომლებზე დაფუძნებითაც ადამიანები განიცდიან, წარმართავენ საკუთარ ქცევას და, რაც მთავარია, ხშირად, სწორედ ეს წესები წარმოადგენს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების ერთ – ერთ განმსაზღვრელს. ხისტი წესები, ერთი მხრივ, მოიცავენ მოთხოვნას, რომელიც არეკლილია სიტყვაში – „უნდა,“ ხოლო, მეორე მხრივ, − განზოგადებებს, რომლებიც არეკლილია სიტყვებში: „ყოველთვის,“ „ყველაფერი,“ „ყველა,“ „არაფერი“ და ა. შ.

წესები წარმოადგენს როგორც საკუთარ თავთან, ასევე ირგვლივმყოფებთან ურთიერთობის მოწესრიგების საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ მე შემიძლია, ვიცხოვრო წესში ასახული წესრიგისამებრ, მაშინ, ჩემი დამოკიდებულება როგორც საკუთარი თავის, ასევე – სხვებისადმი, ასე თუ ისე, გაწონასწორებულია. მართალია, ზემოთ დასახელებული ყველა წესი, ბუნებით, სასიცოცხლო ძალის ამომხაპავი და უკიდურესად მიმტაცებელია, თუმცა, სინამდვილეში, ამ წესების არსებობა სხვა, გაცილებით მტკივნეული განცდების გაცოცხლებისგან მიცავს. მირჩევნია, წესების დაცვისთვის გავცე სასიცოცხლო ძალა, ვიდრე განვიცადო ის, რაც ამ წესების დარღვევას მოჰყვება. თითოეული მათგანი მოიცავს ნაგულისხმევ საფრთხეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი უზადოდ, ყოველთვის და გამონაკლისის გარეშე არ შესრულდება. ადამიანები, რომლებმაც ასეთი წესები გაუცნობიერებლად შექმნეს ან გაიშინაგნეს, ხშირად, ივიწყებენ იმას, რომ ამ წესების სიხისტე და მოუქნელობა ცხოვრების მრავალფეროვნებასა და მრავალგანზომილებიანობასთან შეგუების საშუალებას არ იძლევა.

რისთვის გვჭირდება ხისტი და მოუქნელი წესები?

ხისტი და მოუქნელი, მკაცრი მოთხოვნების ამსახველი წესები, ადამიანებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაიშინაგნეს. ქვემოთ მოცემული მაგალითი მკაფიოდ და თვალნათლივ აღწერს, როგორ და რა შემთხვევაში ცოცხლდება ხისტი წესი, რომელი ემოციები და ქცევები ახლავს თან მსგავსი წესების გაცოცხლებას. აღწერილი მაგალითი წარმოადგენს გამოცდილების მანძილზე, არაერთხელ, არაერთი ადამიანის მიერ გახმოვანებულ, ზოგჯერ თითქმის და, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იმავე შინაარსის მქონე წესების განზოგადებულ მაგალითს.

აღწერილ მაგალითში თვალნათლივ ჩანს, რომ ადამიანი, როგორც მთლიანი და, როგორც ცოცხალი არსება, ემზადება საფრთხესთან გამოხმაურებისთვის. მისი სხეული ინაცვლებს საფრთხეზე პასუხის გაცემის მდგომარეობაში, რაზეც მიანიშნებს გულისცემის გახშირება, ციებ – ცხელების განცდა, გულმკერდის მიმდებარე სივრცეში დაძაბულობის შეგრძნება, კიდურებში სიცივის შეგრძნება, ჟრუანტელი და ა. შ., ხოლო ქცევა ადასტურებს იმას, რომ საფრთხე ნამდვილია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში აღწერილია, სინამდვილეში, რატომაა ზემოთ აღწერილი გამღიზიანებლების ერთობლიობა საფრთხის განცდის აღმძვრელი.

 

ეს მაგალითი ორი ნაგულისხმევი, ხისტი წესის არსებობას მოიცავს: „პირველივე ჯერზე ყოველთვის ყველაფერი უზადოდ და სრულყოფილად უნდა გავიგო და გავიაზრო,“ „ირგვლივმყოფების მოლოდინები ყოველთვის უზადოდ და სრულყოფილად უნდა გავამართლო,“ თორემ…

გამრიყავენ და მიმატოვებენ.

ამ მსჯელობის თანახმად, ეს წესები, სინამდვილეში, ამგვარადაც შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ: „იმისათვის, რომ ადამიანებმა ჩემზე წარმოდგენა და ჩემდამი კეთილგანწყობა არ დაკარგონ, ყველაზე ჭკვიანი და წარმატებული უნდა ვიყო,“ „იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ჭკვიანი და წარმატებული არ ვარ, ჩემთან ურთიერთობის სურვილი ადამიანებს არ ექნებათ და, შესაბამისად, გამრიყავენ და მიმატოვებენ.“

ამ ჯაჭვის თანახმად, ხისტი წესი მიტოვების შფოთვის განცდისგან თავდაცვის გზაა. ასეთი წესი ეყრდნობა დაშვებას, რომ ის უპირობოდ უნდა შესრულდეს. მოქნილი წესი კი, დიდწილად, ჟღერს, როგორც სასურველი, თუმცა, არა უპირობოდ გასათვალისწინებელი წინაპირობა საკუთარ თავთან და გარემოსთან შეგუებისთვის. მოქნილი წესი ამბობს იმას, რომ, კარგი და სასურველია, თუ ძირითადს და მნიშვნელოვანს გაიგებ და ეს საკმარისია იმისათვის, რომ კმაყოფილების და სიხარულის განცდის უფლება მისცე საკუთარ თავს. ის ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანზე ბევრი ისეთი რამ მოქმედებს, რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს განსაზღვრული ამოცანის წარმატებით დაძლევაში და მოიაზრებს ადამიანისადმი გულმოწყალე დამოკიდებულებას, რაც გულისხმობს, თანაგრძნობას ქმედებაზე დაფუძნებული მხარდაჭერისთვის.

ასეთი წესების მქონე ადამიანებმა, მიტოვებისგან თავდაცვის მცდელობებში, საკუთარ თავს ჩამოართვეს დამაკმაყოფილებელი მიღწევებით კმაყოფილების ფუფუნება და, ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ, ამავდროულად, დაკარგეს „გამორჩეული“ წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა, რადგან „ჩვეულებრივით“ ანუ დამაკმაყოფილებლით სიხარულის ბედნიერება არ ჰქონიათ.

რეტი და ტურეტი – ორი სინდრომი (ნაწილი პირველი)

0

რეტი ესე არს, ცხოველსა რა ტვინი შეუშენდეს და ცნობა მიეხადოს“

საბა, ლექსიკონი ქართული, II

 

არ ვიცი, როდის მიეწერა სულხან-საბასეული განმარტება ამ სიტყვას, თუმცა ვიცი, რომ „რეტის დასხმა“, „რეტი უკუყროდა და აღარას იჩენდა დაკოდილობასა“ („რუსუდანიანი“), „წამოიჭრა, ვითა რეტი“ („შაჰ-ნამე“) და სხვა ამგვარი ფრაზები ნაკლებად მიემართება 1966 წელს ავსტრიელი მეცნიერის ანდრეას რეტის მიერ აღმოჩენილ სინდრომს, რომელსაც ატაქსია, ეპილეფსიური გულყრები, მეტყველებისა და ქცევის შეუქცევადი, მძიმე დარღვევები ახასიათებს.

 

რეტის სინდრომი

 

რეტის სინდრომი ნეიროგანვითარების დარღვევად, იშვიათ პათოლოგიად განიხილება. მისი გავრცელების მაჩვენებელია 1:10-15000. რეტის სინდრომის მქონე ყველა ცოცხლად შობილი პაციენტი მდედრობითი სქესისაა, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვები ამ სინდრომით თითქმის ყოველთვის მკვდრები იბადებიან.

სინდრომის ეტიოლოგიის ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზაა გენეტიკური – აუტოსომურ-დომინანტური X ქრომოსომის მუტაცია. მამის მხრიდან გადაცემული X-ქრომოსომული მუტაციის შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურია. დედის ხაზით გენური მუტაციის გადაცემაზე მეტყველებს ერთი დედის ქალიშვილების ან დეიდისა და დისშვილის ერთდროული ავადობის შემთხვევები.

გავრცელებულია ნეიროქიმიური ჰიპოთეზაც. გამოკვლევების თანახმად, რეტის სინდრომის მქონე პაციენტებს თავის ტვინში აღენიშნებათ დოფამინ 2-ის რეცეპტორების მნიშვნელოვანი შემცირება და საკმაოდ აქვთ დაქვეითებული ქოლინაცეტილტრანსფერაზის დონე. აღრიცხულია თავის ტვინის მცირე წონის შემთხვევები, თუმცა ტვინის თეთრ ნივთიერებაში ამ დროს ცვლილებები არ შეინიშნებოდა.

რეტის სინდრომი პერვერსიული განვითარების აშლილობად მიიჩნევა და მისი დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს სპეციფიკური სადიაგნოსტიკო მარკერი. შესაბამისად, არც დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, დამხმარე და სადიფერენციაციო კრიტერიუმებია შემუშავებული. ამიტომ დიაგნოზს კლინიკური სიმპტომების მიხედვით სვამენ. პირველად დიაგნოზი ორ წლამდე ისმება, ხოლო მისი დადასტურება ორიდან ხუთ წლამდე ხდება. სწორი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია როგორც განვითარების პროფილის მრავალჯერადი გამოკვლევა, ისე დაწვრილებითი პრე- და პერინატალური ანამნეზი.

როგორ ხდება რეტის სინდრომის დიაგნოსტიკა?
რეტის სინდრომის დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებს ემყარება. ხშირად კლინიკურ დიაგნოზს გენეტიკური ტესტით ადასტურებენ.

 

ტიპური ნიშნები:

  • ასაკის შესაბამისი განვითარების პერიოდი;
  • სტაგნაციის (განვითარების შეფერხების) პერიოდი – დაახლოებით 1 წლიდან რეგრესის დაწყებამდე;
  • რეგრესის პერიოდი – როდესაც ბავშვი შეძენილ უნარებს კარგავს (მეტყველება,
    ხელის მიზანმიმართული მოძრაობა). მერყეობს დაახლოებით 9-დან 30 თვემდე;
  • ხელის სტერეოტიპული (განმეორებითი) მოძრაობების განვითარება (ხელის
    პირში ჩადება, ტაშის კვრა, ხელების ფშვნეტა, ხელისგულების მსუბუქი შეხება);
  • სიარულის დარღვევა;
  • დაბადებისას ნორმალური თავის გარშემოწერილობა, რომელსაც მოსდევს თავის გარშემოწერილობის ნელი ზრდა 2 თვიდან 4 წლამდე;
  • სხვა დაავადებების, სინდრომებისა და ტრავმის არარსებობა.

სხვა ნიშნები, რომლებიც შესაძლოა ახასიათებდეს რეტის სინდრომს:

  • სუნთქვის პრობლემები (ჰიპერვენტილაცია (სუნთქვის გახშირება),
    სუნთქვის შეკავება, აეროფაგია (ჰაერის ყლაპვა));
  • ცვლილებები ეეგ-ზე;
  • ეპილეფსია – რეტის სინდრომის მქონე ადამიანების 50%-თან;
  • ასაკთან ერთად კუნთთა ტონუსის მატება – კუნთი ხდება რიგიდული,
    ვითარდება სახსრების დეფორმაცია და კუნთების განლევა;
  • არაბალანსირებული სიარული ფართოდ გადგმული ფეხებით (რეტის
    სინდრომის მქონე ბავშვების 50%-ს შეუძლია დამოუკიდებლად
    გადაადგილება);
  • სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება);
  • ზრდაში ჩამორჩენა.

 

კლინიკური აღწერის მიხედვით, რეტის სინდრომი რამდენიმე ფაზით მიმდინარეობს:

. ნორმალური განვითარების ფაზა – დაბადებიდან 6 თვემდე;

. სტაგნაციის ფაზა – 6 თვიდან წლამდე;

. რეგრესის ფაზა – ერთიდან 4 წლამდე

. პლატო – ორიდან 10 წლამდე;

. გვიანდელი ფაზა – 10 წლიდან.

რეტის სინდრომით დაავადებულთა განვითარება დაბადებიდან 6 თვემდე ნორმის ფარგლებშია და ისინი ჯანმრთელი ბავშვების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ექვსი თვიდან იწყება განვითარების შეფერხება და მანამდე შეძენილი ჩვევების უკუგანვითარება. ქვეითდება მობილურობა, თამაშის ინიციატივა, თვალებით კონტაქტის ინტენსივობა, იმატებს კუნთთა ტონუსი, ხელების მიზანმიმართული ქმედებები იცვლება უაზრო, სტერეოტიპული მოძრაობებით და მანიფესტირდება გულყრები. ექვსი თვიდან წლამდე ასაკში სახეზეა სტაგნაცია.

სტაგნაციის შემდეგ იწყება რეგრესის ფაზა, რომელსაც თან ახლავს პირამიდული და ექსტრაპირამიდული ნიშნები ძვლოვანი სისტემის არასრულფასოვნებით, რაც გამოიხატება ძვლოვანი ქსოვილის ზრდის ტემპის შენელებითა და შეჩერებით. რეგრესის ფაზა, რომელიც გრძელდება 30 თვემდე, შესაძლოა 6 თვის ასაკიდან დაიწყოს და ახასიათებდეს განვითარების უეცარი ან თანდათანობითი დაქვეითება. ხელების მანიპულაციური მოძრაობა და მეტყველების უნარი ყოველთვის ქვეითდება. ნატიფი მოტორიკის შემთხვევაში თითების უკვე ჩამოყალიბებული პინცეტისებური მოძრაობა თანდათანობით ქრება. იმატებს ხელებისა და ტანის ბიძგისებური მოძრაობები. ბავშვი ხელებს მუდმივად პირში იდებს ან ზურგს უკან აქვს გადაჯაჭვული და იშვიათად იყენებს. ხელების სტერეოტიპული მოძრაობები ქრება ძილის დროს. ასეთი მოძრაობები ხელს უშლის მიზანმიმართული მოქმედების შესრულებას, რაც ძლიერ აგზნებას იწვევს. ამ ფაზაშივე ვლინდება კოგნიტიური ფუნქციების ჩამორჩენა, აუტისტური ტიპის ქცევები, სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დარღვევა.

ასაკის მატებასთან ერთად აღმოცენდება სუნთქვის პრობლემები: ძილის დროს სუნთქვა ნორმალურია, ხოლო უცაბედი გაღვიძების დროს ვითარდება ჰიპერვენტილაცია. გამოღვიძებისას ხშირია სუნთქვის დიზრითმია.

ეპილეფსიური გულყრები 4 წლიდან იწყებს მანიფესტირებას. მიუხედავად იმისა,რომ რეტის სინდრომის მქონე ყველა ბავშვს აქვს პათოლოგიური ეეგ-პატერნები, ეპილეფსიური გულყრები კლინიკურად აღენიშნება მხოლოდ მათ 50%-ს. სინდრომი ხასიათდება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური გულყრებით: ატიპური აბსანსები, პარციალური, პირველადად გენერალიზებული და მეორეულად გენერალიზებული გულყრები, რომლებიც თითქმის არ ექვემდებარება მკურნალობას.

მესამე ფაზა, პლატო, ხასიათდება აპრაქსიით, მოტორული პრობლემებითა და ეპილეფსიური გულყრებით. იმავდროულად, მესამე ფაზაში უმჯობესდება ქცევა, მცირდება აუტისტური ნიშნები. ამ პერიოდში იზრდება გარემოსადმი ბავშვის ინტერესი. შესაძლოა, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და ყურადღება.

მეოთხე, გაუარესების ფაზა ძირითადად მოძრაობის დარღვევების დამძიმებით ხასიათდება. ასაკის მატებასთან ერთად მძიმდება სკოლიოზი, კუნთების სპასტიკურობა, ფერხდება სიმაღლეში ზრდა, იმატებს კუნთების რიგიდულობა და ტონუსი, ირღვევა სხეულებისა და კიდურების პოზა, თითქმის შეუძლებელი ხდება სიარული, თუმცა მცირდება ხელების სტერეოტიპული მოძრაობები და უმჯობესდება თვალებით კონტაქტი[1].

 

სწავლება

რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას საკლასო ოთახებში რეკომენდებული და მიზანშეწონილია მხარდამჭერი მოწყობილობების გამოყენება. ვინაიდან ასეთი მოსწავლეები, ჩვეულებრივ, კარგავენ ლაპარაკის უნარს, შემუშავებულია წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ მათთან მუშაობისას სასწავლო პროცესში:

  • კლასში დისკუსიების დრო წინასწარ მიეცით მოსწავლეს სადისკუსიო თემა, რათა მას ჰქონდეს დრო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (გამაძლიერებელი საკომუნიკაციო მოწყობილობების) გამოყენებით პასუხის მოსამზადებლად.
  • ხელების მიზანმიმართული გამოყენების დაკარგვა რეტის სინდრომის კიდევ ერთი მახასიათებელია. აშლილობის მქონე მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ის, რაც იციან ტექნოლოგიის ან/და სიგნალების გამოყენებით და არა წერილობით.
  • დაუთმეთ გარკვეული დრო გაკვეთილის განმავლობაში. რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეებს სჭირდებათ ყურადღებიანი მასწავლებლები, რომლებიც შეაქებენ მათ, მოტივაციას შემატებენ და მიზნებს დაუსახავენ.
  • იდეალურია კლასში პარაპროფესიული ან გაძლიერებული კომუნიკაციის სპეციალისტის ყოფნა. რეტის სინდრომი აუტისტური სპექტრის აშლილობათაგან ყველაზე დამამშვიდებელია და მოწაფეებს სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა, რადგან ისინი ასრულებენ ბევრ დავალებას.
  • რეტის სინდრომის მქონე ბევრი სტუდენტი გადაადგილებისთვის ეტლით სარგებლობს. მასწავლებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ საკლასო ოთახში არის ეტლებით გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე საჭიროა აქტივობების დაგეგმვა, რათა ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებმაც მიიღონ მათში მონაწილეობა რაიმე ფორმით.
  • რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, მიიღონ შემოკლებული გაკვეთილები/დავალებები. ფიზიკური (და ზოგჯერ გონებრივი) შეფერხების გამო მათ ზოგიერთი დავალების შესასრულებლად უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ამიტომ მათი დატვირთვა უნდა შეიცვალოს მათი ტემპის შესაბამისად. რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეები ებრძვიან მუშა მეხსიერებას, ამიტომ ისინი შესაძლოა გადაიტვირთონ, როცა მეტისმეტად ბევრ ინფორმაციას ვაწვდით. შესაძლოა დასჭირდეთ ინფორმაციის ეტაპობრივი მიწოდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან/და მეტი გამეორება და პრაქტიკა[2].

[1]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

https://rettsyndrome.ge/169-2/

[2] https://piowlskidisabilityresearch.weebly.com/rett-syndrome-accommodations-and-modifications.html

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...