ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

საახალწლო აქტივობები მათემატიკის გაკვეთილზე

ახლოვდება ახალი 2024 წელი. ახალ წელთან ასოცირდება საჩუქრები, თოვლის ბაბუა, ფიფქები, ნაძვის ხე, იმედები, სურვილები, გართობა და მხიარულება…  გიზიარებთ მე-5 კლასში ჩატარებულ მათემატიკის შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმას, რომელიც საახალწლო მოტივებზეა, სახალისო კონტექსტური ამოცანებით, სავარჯიშოებითა და მრავალფეროვანი რესურსებით. რამაც გაკვეთილზე პოზიტიური განწყობა შექმნა , აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა, გაგება- გააზრების ხარისხი.

საგანი: მათემატიკა

კლასი: მე-5

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა:  ნატურალური რიცხვები მილიონის ფარგლებში. მათემატიკური მოქმედებები მილიონამდე მრავალნიშნა რიცხვებზე.

საკითხები:

ნატურალური რიცხვები.

ნატურალური რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა.

პოზიციური და არაპოზიციური სისტემები

ნატურალური რიცხვების შედარება

ნატურალური რიცხვების დამრგვალება

ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლება. შეკრების თვისებები

ნატურალური რიცხვების გამრავლება. გამრავლების კანონები

რიცხვების გამრავლება და გაყოფა თანრიგის ერთეულზე

მოქმედებათა შესრულების რიგი.

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი; კანონზომიერება; ლოგიკა

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

რეალურ ცხოვრებაში საგნების, ობიექტების რაოდენობის წარმოდგენა შესაბამისი რიცხვით (მილიონის ფარგლებში), სიმბოლოს და  მოდელების გამოყენებით;  რიცხვებს, რიცხვით სახელებსა და რაოდენობებს შორის შესაბამისობის გარკვევა;  (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.);

პოზიციური სისტემის გამოყენებით მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება, დალაგება (ზრდადობა/კლებადობის) მიხედვით და მათი შედარება;  ( კანონზ., ლოგ.)

მილიონის ფარგლებში რიცხვებზე მოქმედებები სხვადასხვა ხერხის გამოყენებით (ზეპირი ანგარიშით, ვიზუალური მოდელით,  წერითი ალგორითმით, შეფასებით); გამოყენებული ხერხის ახსნა; (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.);

რეალური სიტუაციის მოდელირება რიცხვითი გამოსახულების მეშვეობით, რომელიც  ოთხივე მოქმედებასთან არის დაკავშირებული და შესაბამისი ამოცანის ამოხსნა; (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.);

 

მკვიდრი წარმოდგენები:

 

რიცხვების გამოსახვის სხვადასხვა გზა არსებობს (მაგალითად ასო-ნიშნებით) – მათ შორის ციფრებით;

ათობით პოზიციურ სისტემაში სულ ათი ციფრია საკმარისი ნებისმიერი რიცხვის გამოსახატავად: რიცხვის ჩაწერის პოზიციურ სისტემაში ციფრის მნიშვნელობა მისი ადგილის მიხედვით იცვლება.

ორი სხვადასხვა რიცხვიდან ერთ-ერთი აუცილებლად მეტია მეორეზე.

არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრავლება ,გაყოფა) მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას. გამოთვლების შესრულებისას აუცილებელი  მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.

რიცხვების შეკრება/გამოკლებისა (და გამრავლება-გაყოფის) რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი, მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია;

შემაჯამებელი გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. გილოცავთ 2024 წელს

წინასწარ გამზადებულ ფლიფჩარტზე გამოსახულია საახალწლო მრგვალი ფორმის სათამაშოები და მათემატიკური კითხვები მაგალითებითა და მოკლე ამოცანებით, თითოეულ მათგანს შეესაბამება რაიმე ასო. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, აფიქსირებენ პასუხს. პასუხის შესაბამის ასოს კი ჩაწერენ მრგვალ ფორმაში. საბოლოოდ ფლიფჩარტზე, მოსწავლეთა პასუხების ამოწურვის შემდეგ იწერება „გილოცავთ 2024 წეაქტივობა

2. „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან…“

ჭეშმარიტია თუ მცდარი?

მოსწავლეებს აქვთ მწვანე და წითელი ფერის ბარათები ( ამ კონკრეტული გაკვეთილისათვის ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ნაძვის ხის ფორმები ). როცა სავარჯიშოს პასუხი მცდარია მოსწავლეები ასწევენ წითელი ფერის ბარათს, ხოლო როცა ჭეშმარიტია ასწევენ მწვანე ფერის ბარათს, ფლიფჩაარტზე კი გამოსახავენ ფიფქებს. ერთი თვალის გადავლებით ჩანს ვინ როგორ გაიაზრა საკითხი. მოსწავლის მიერ განსხვავებული (ანუ შეცდომით  გაცემული) პასუხს/ების შემთხვევაში აუცილებლად ვაძლევ საშუალებას, ახსნას პასუხი და დამხმარე კითხვებით მიმყავს სწორ პასუხამდე. თუ ყველამ მწვანე ფერის ბარათი ასწია, ამ შემთხვევაში   რომელიმე ( ან რამდენიმე) მოსწავლეს უწევს ახსნას პროცედურა, იმსჯელოს თუ როგორ მივიდა სწორ პასუხამდე. ეს აქტივობა ცოცხალი და დინამიკურია. მოსწავლეებს ძალიან  მოსწონთ, ყველა ჩართულია მასში

 

აქტივობა 3. საახალწლო მოტივები

შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მოსწავლეებს ვთავაზობ „ვერბალურ ვიზუალურ სქემას“

ვიზუალური სქემების გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა  უნარის გააქტიურებასა და მათ ინტეგრირებულად გამოყენებაში, ეს უნარებია: აღქმა და ანალიზი, წერა, წარმოსახვა და ვიზუალიზება, იდეების ორგანიზება და სქემატურად დაკავშირება, დასურათება. საბოლოოდ შევსებული სქემა წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს, რომლის  შევსების პროცედურა თანდათანობით მოსწავლის გონებაში გადაინაცვლებს, რაც აადვილებს საკითხის გაგება-გააზრებას

მოსწავლეებს განვუმარტე სქემის შევსების პროცედურა და შევთავაზე მცირე ჯგუფებში სამუშაოდ. მუშაობის დროს თვალყურს ვადევნებდი და საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას.

სქემა შეიცავს ოთხ ველს. ამოცანის პირობა, ილუსტრაცია/სურათი, ამოხსნა და პასუხი. ერთ-ერთი ველი შევსებულია დანარჩენი კი მოსწავლეებმა უნდა შეავსონ გარკვეული პირობების დაცვით გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, ილუსტრაციის (A3 ზომის ფურცელზე დაბეჭდილი სურათი) მიხედვით შექმნან ამოცანის პირობა, ისე რომ მისი ამოხსნა მოიცავდეს მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებებს (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) რიცხვების შედარებას და დამრგვალებას რომელიმე თანრიგამდე. ზემოთმოცემული ჩამონათვალიდან სამი მაინც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 

 

 

აქტივობა 4. პრეზენტაცია

თითოეული ჯგუფის ნამუშევარი ორიგინალური და შემოქმედებითი იყო. პრეზენტაციისას მოვისმინე მოსწავლეთა მიერ დასმული საინტერესო კითხვები საინტერესო პასუხებით. გიზიარებთ ზოგიერთ ფოტოს საგაკვეთილო პროცესიდან

 

 

აქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება; შეფასება.

მოსწავლეებს ვთხოვე შეეფასებინათ გაკვეთილი შემდეგი ფორმით: გაკვეთილზე მათი ემოცია შეედარებინათ „ სანტას დამხმარეების“ ემოციებისათვის და მათ შესაბამის განწყობაზე გაეკეთებინათ აღნიშვნა (მიეკრათ სტიკერი)

 

გაკვეთილი მოსწავლეების მხრიდან დადებითი ემოციებით შეფასდა – ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო. გილოცავთ 2024 წელს!

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

მათემატიკის გზამკვლევი მე-5კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/mekhute-klasi/

Click to access resursi_kitxva_danarti.pdf

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“