ოთხშაბათი, აგვისტო 6, 2025
6 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

,,ფისო ფეფე” – საანბანო პერიოდის გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

0

გაკვეთილის მიზანი: ფ ასო-ბგერის შესწავლა (ცნობა და დაწერა, მთლიანი სიტყვების ცნობა, ლექსიკური მარაგის (ძაფი, ფაფა, სუფრა…) გამდიდრება, გაწაფული კითხვის უნარის გავარჯიშება.

მოსწავლეები შეძლებენ ახალი ასო-ბგერის ამოცნობასა და დაწერას, ამ ასოს შემცველი სიტყვების დეკოდირებასა და ცნობას, ახალი ლექსიკური ერთეულების ამოცნობას, მცირე ტექსტის წაკითხვას.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები ცნობენ ქართული ანბანის ასოთა გარკვეულ რაოდენობას და შეუძლიათ მათი გამოყენებით შედგენილი სიტყვებისა და წინადადებების დეკოდირება; შეუძლიათ ხშირი სიტყვების ცნობა (დეკოდირების გარეშე წაკითხვა); გამომუშავებული აქვთ გაწაფული კითხვის საწყისი უნარები.

სასწავლო პერიოდი: დაახლოებით, სწავლის დაწყებიდან მეხუთე-მეექვსე თვე.

გამოსაყენებელი რესურსი: პოსტერი ,,სოფო და ფეფო”, ტექსტი ,,ფისო ფეფო”, სიტყვის ბარათები, სამუშაო ფურცლები.

 

გაკვეთილის ქარგა:

  1. წიგნის ილუსტრაციის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება
  2. საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)
  3. სიტყვებზე ფონოლოგიური მანიპულაციები
  4. წიგნის ილუსტრაციების დათვალიერება და მოკლე აღწერა
  5. წიგნის სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა
  6. ტექსტში ასო ,,ფ”-ს მოძებნა და შემოხაზვა, გაფერადება
  7. ფ-ასოს დაწერაში გავარჯიშება
  8. სიტყვის ბარათებით ვარჯიში
  9. დაჭრილი წინადადებების/სიტყვების აწყობა
  10. პოსტერის ,,ფეფოს სუფრა” დამზადება და პრეზენტაცია
  11. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობა 1. წიგნის ილუსტრაციის დემონსტრირება და საგნების იდენტიფიცირება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტის თემას, საკვანძო სიტყვებს.

აქტივობის საჭროების დასაბუთება: ილუსტრაციაზე დაკვირვება აღძრავს მოტივაციასა და ინტერესს, აადვილებს საჭირო ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობას.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ილუსტრაციას (დანართი 1) და წარმართავს ინტერაქციის მოდელირებას. სვამს შეკითხვას, უპასუხებს და ხელს ადებს დასახელებულ საგანზე.

— ეს ვინ არის? ეს არის გოგო. რა ჰქვია ამ გოგოს? სოფო…  ვინ არის? ეს არის სოფო. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ეს არის სოფო.

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ხმამაღლა იმეორებენ წინადადებას. ამის შემდეგ ინტერაქცია წარიმართება კატაზე:

— ეს რა არის? ეს არის ფისო…

— კატა, მასწავლებელო!..

— დიახ, ეს არის კატა… კატა=ფისო… ეს არის ფისო… რა ჰქვია ამ ფისოს? ფისოს ჰქვია ფეფე. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ფისოს ჰქვია ფეფე… გოგოს ჰქვია სოფო. ფისოს ჰქვია ფეფე.

— გოგოს ჰქვია სოფო. ფისოს ჰქვია ფეფე…

მასწავლებელი ხელს ადებს საგანს (პირველ ეტაპზე გოგოსა და ფისოს ილუსტრაციას, შემდეგ სხვა საგნებზეც), ასახელებს ხმამაღლა და სთხოვს მოსწავლეებს მათაც ხმამაღლა გაიმეორონ ერთად. შემდეგ შეცდომით ასახელებს საგანს და მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და სწორად დაასახელონ.

ამ მიდგომით დასახელდება და გავარჯიშდება შემდეგი საგნების აღმნიშვნელი სიტყვები: სოფო, ფისო ფეფე, ფუმფულა კუდი, შარფი, ცისფერი ძაფი, ყავისფერი ძაფი, ვარდისფერი ძაფი.

აქტივობა 2. საგნების დასახელებაში ვარჯიში (სრული ფიზიკური რეაქცია)

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაიმახსოვრებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს.

აქტივობის საჭროების დასაბუთება: ნაცნობი სიტყვები აადვილებს დეკოდირების პროცესს და ხელს უწყობს მთლიანი სიტყვების ცნობას.

მასწავლებელი მიმართავს სრული ფიზიკური რეაქციის მიდგომას და იძლევა შემდეგი სახის მითითებებს:

— თუ ეს არის სოფო, ადექით ფეხზე (თან ხელს ადებს გოგოს ილუსტრაციას და ხელით ანიშნებს მოსწავლეებს, რომ ადგნენ.)… თუ ეს არის ფისო, დასხედით (ხელს ადებს ფისოს ილუსტრაციას და თან ხელით ანიშნებს დასასხდომად).

ამავე სტრატეგიას მასწავლებელი იმეორებს შეცდომით, ანუ ინსტრუქციის მიცემისას ხელს ადებს გოგოს ილუსტრაციას და ასახელებს ფისოს. ამ დროს, რასაკვირველია, მოსწავლეებმა არ უნდა შეასრულონ ინსტრუქცია.

შემდეგ მასწავლებელი ამატებს შემდეგ სიტყვებს: შარფი, ფუმფულა კუდი. იმავე პრინციპით ვარჯიშოებს უკვე ამ სიტყვების გამოყენებით. ბოლოს დაამატებს კიდევ სიტყვებს და, შესაბამისად, სრული ფიზიკური რეაქციის აქტივობამ ასეთი სახე შეიძლება მიიღოს:

— თუ ეს არის გოგო, ბიჭები ადექით ფეხზე… თუ ეს არის ფისო, გოგონები ადექით ფეხზე… თუ ამ ფისოს ჰქვია ფეფე, ასწიეთ ხელები… თუ ეს არის ვარდისფერი ძაფი, დაუკარით ტაში…

ამ პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს რთავს ინდივიდუალურადაც. მოსწავლეთა შერჩევა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ინფორმაციას მიიღებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის (მოსწავლეთა ინტერაქციაზე დაკვირვება) გამოყენებით:

— თუ ეს არის ფეფე, ნარინე, მოდი ჩემთან!.. თუ ეს არის ფუმფულა კუდი, ჰუსეინ, ადექი ფეხზე…

სასარგებლოა ამ პროცესში მოსწავლეების კიდევ უფრო გააქტიურება. მასწავლებელი შეარჩევს მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლის როლს შეასრულებს: ხელს ადებს საგანს, ასახელებს და სხვა მოსწავლეები იმეორებენ. ასევე, შეცდომითაც დაასახელებს საგანს და მოსწავლეებმა სწორად უნდა დაასახელონ. მოსწავლეთა შერჩევა ამ შემთხვევაშიც დაეყრდნობა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის შედეგად მიღებულ ინფრომაციას. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პროცესში ყველა მოსწავლეს აქვს ხოლმე ჩართვის სურვილი და მასწავლებელმა არ უნდა გააწბილოს ისინიც. ე. წ. მორცხვი მოსწავლეები კი მეტი წახალისებით უნდა გაააქტიუროს.

მეთოდიკური წიაღსვლა: ამ მიდგომით გამოყენებული ფრაზები მოსწავლეებს უნდა გავაგებინოთ მოქმედებებით: ადექით ფეხზე, გამოდი დაფასთან, დაუკარით ტაში, ასწიეთ ხელები. რადგან სრული ფიზიკური რეაქციის მეთოდის გამოყენები მასწავლებლები მუშაობენ როგორც საანბანო, ასევე წინა საანბანო პერიოდშიც, ეს ფრაზები მოსწავლეებს უკვე კარგად ექნებათ დასწავლილი და მოქმედების ჩვენების გარეშეც ამოიცნობენ დასწავლილ ფრაზებს.  აქ ძალიან სასარგებლოა ახალი ფრაზით გამდიდრდებაც, მაგალითად, ვაჩვენოთ და გავაკეთებინოთ: თავზე დაიდეთ ხელი, დააბაკუნეთ ფეხი… მოსწავლეთა მოტივირების მიზნით, შესაძლოა მასწავლებელმა გაამრავალფეროვნოს აქტივობა, მაგალითად, ფურცლებით დაფაროს პოსტერის დმახსოვრებული საგნები და ისე ამოიცნონ.

 

აქტივობა 3. სიტყვებზე ფონოლოგიური მანიპულაციები

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები მოახერხებენ ზეპირ სიტყვებში ბგერა ,,ფ”-ს ზუსტ იდენტიფიცირებას.

აქტივობის საჭიროება: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გამოკვეთონ ზეპირ სიტყვაში კონკრეტული ბგერა (ამ შემთხვევაში ,,ფ”), რათა ის ადვილად დააკავშირონ მის ვიზუალურ გამოსახულებას — ასოს.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ ადებს ხელს საგნებზე და ასახელებს სიტყვებს, ჯერ —  მითლიანად, შემდეგ — დამარცვლით. მოსწავლეები იმეორებენ დამარცვლილ სიტყვებს.

— სოფო, სო-ფო; ფეფე, ფე-ფე; შარფი, შარ-ფი; ძაფი, ძა-ფი; ფუმფულა, ფუმ-ფუ-ლა…

შემდეგ კიდევ დამარცვლის სიტყვებს და თან ითვლის მარცვლებს:

— სოფო, სო-ფო, 2 მარცვალი; ფეფე, ფე-ფე, 2 მარცვალი; შარფი, შარ-ფი, 2 მარცვალი; ძაფი, ძა-ფი, 2 მარცვალი; ფუმფულა, ფუმ-ფუ-ლა, 3 მარცვალი; (მარცვლების დათვლის დროს მასწავლებელი იყენებს ხელის თითებსაც.)

ამის შემდეგ მასწავლებელი ბგერა-ბგერა ამბობს თითოეულ სიტყვას, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ და წარმოთქვან მთლიანი სიტყვა და მიუთითონ ილუსტრაციაზე. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურადაც გაიძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან მოსწავლეებს.

ამ უნარის განმტკიცების მიზნითაც მასწავლებელი კიდევ უფრო ააქტიურებს მოსწავლეებს — გამოიძახებს დაფაზე გაკრულ ილუსტრაციასთან/პოსტერთან და ახლა მოსწავლე დაასახელებს ბგერა-ბგერა სიტყვებს, ხოლო თანაკლასელები გაიმეორებენ.

ამის შემდეგ მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს ამოიცნონ ბგერა ფ-ს ადგილი თითოეულ სიტყვაში:

— ფისო, ფი-სო, ფ-ი-ს-ო… რომელი ბგერაა აქ ,,ფ”?

— პირველი…

— ძაფი, ძა-ფი, ძ-ა-ფ-ი… აქ რომელია ,,ფ”?

— მესამე…

ბგერებზე მანიპულაციების დროს მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ბგერათა რაოდენობის მიხედვით დაჭრილი ილუსტრირებული ბარათებიც (დანართი 2).

მეთოდიკური წიაღსვლა: ფონოლოგიური კომპეტენციის (ამ შემთხვევაში ბგერებად დაშლა) გამოუშავების გარდა, მუდმივი აქცენტი უნდა ისმებოდეს ბგერების სწორად აღქმასა და წარმოთქმაზე ანუ ფონეტიკურ კომპეტენციაზე. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავებლის მიერ თითოეული სიტყვის ხაზგასმით და სწორად წარმოთქმას  და ,,საჭირბოროტო” ბგერებზე ყურადღების გამახვილებას. მით უმეტეს, ამ გაკვეთილზე სამიზნე ბგერა სწორედ ასეთი სირთულის ბგერაა.

აქტივობა 4. წიგნის ილუსტრაციების დათვალიერება და მოკლე აღწერა

აქტივობის მიზანი: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეები გაააქტიურებენ ლექსიკურ ერთეულებს, მოემზადებიან ტექსტის წაკითხვა-გააზრებისთვის.

აქტივობის საჭიროება: მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებიც ტექსტში შეხვდებათ. ამისთვის კი ილუსტრაციების გამოყენება ძალიან სასარგებლობა. აგრეთვე, ეს აქტივობა იწვევს მოსწავლეთა მოტივირებასა და ინტერესსს წასაკითხი ტექსტის მიმართ. აგრეთვე, მოსწავლეები ფაქტობრივად ზეპირად გაივარჯიშებენ იმ წინადადებებს, რომლებსა შემდეგ წაიკითხავენ.

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ათვალიერებს წიგნის ილუსტრაციებს (თუ წიგნები არ აქვთ, უნდა გამოიყენონ მე-3 დანართის ამობეჭდილი ვერსია) და მოკლედ აღწერს მათ. აღწერა წარიმართება ინტერაქტიურ რეჟიმში — მოსწავლეები უპასუხებენ ილუსტრაციების მიხედვით დასმულ მასწავლებლის შეკითხვებს. ამ დროს მოსწავლეები ფაქტობრივად იმავე წინადადებებს ამბობენ, რასაც ამის შემდეგ ერთობლოვად წაიკითხავენ.

აქტივობა 5. წიგნის (ტექსტის) სამოდელო და ერთობლივი წაკითხვა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ხმამაღა წაიკითხავენ ტექსტს.

აქტივობის საჭიროება: ტექსტის წაკითხვა ამ გაკვეთილის ერთ-ერთი მთავარია მიზანია და ამისთვის სამოდელო და ერთიბლივი წაკითვა ყველაზე მძლავრი დამხმარე საშუალებაა.

მასწავლებელი დაფაზე გაკრულ ტექსტზე (უნდა დამზადდეს მე-3 დანართის მიხედვით) ხელის გაყოლებით ხმამაღლა კითხულობს ტექსტს. მოსწავლეები აკვირდებიან და ყურადღებით უსმენენ მასწავლებლის წაკითხვას.

ამის შემდეგ მასწავლებელი მიმართავს ტექსტის ერთობლივი წაკითხვის ვარიაციებს:

  • მასწავლებელი ხმამაღლა და ხელის გაყოლებით კითხულობს თითოეულ წინადადებას, ხოლო მოსწავლეები იმეორებენ;
  • მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად კითხულობენ ხმამაღლა ტექსტს მასწავლებლის მიერ ტექსტზე ხელის გაყოლების მიხედვით.
  • მასწავლებლები და მოსწავლეთა ნაწილი (ბიჭები, გოგონები, შარვლიანები, შავთვალებიანები…) ერთად კიხთულობენ ტექსტს მასწავლებლის ხელის გაყოლების მიხევით;
  • მასწავლებელი ხელს აყოლებს ტექსტს, მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ერთად.

აქტივობა 6. ტექსტში ასო ,,ფ”-ს მოძებნა და შემოხაზვა, გაფერადება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაიმხასოვრებენ ასო ,,ფ”-ს.

აქტივობის საჭიროება: ახალი ასოს დასწავლა ამ გაკვეთილების ერთ-ერთი მთავარია მიზანია. ამასთან, ასოების შემოხაზვა-გახაზვა ამზადებს მოსწავლეებს წერისთვისაც.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ უთითებს დიდ ქაღალდზე ან დაფაზე დაწერილ ტექსტზე და უთითებს თითოეულ სიტყვაზე, რომელშიც არის ,,ფ”. შემდეგ ერთი ,,ფ”-ს ქვეშ გაუსვამს ხაზს და მოსწავლეებს სთხოვს იპოვონ შემდეგი ,,ფ”. ამისთვის მოსწავლეებს გამოიძახებს ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირებით (სააფთიაქო ქსელში გავრცელებული ყელში ჩასახედად გამოსაყენებელი ქაღალდშემოკრული თხელი ხის ფირფიტები, რომლებზეც აწერია თითოეული მოსწავლის სახელი და გვარი და მას მასწავლებელი იძახებს მოსწავლეთა შემთხვევითი შერჩევისთვის, რათა ყველა მოსწავლე მოლოდინის რეჟიმში იყოს ამა თუ იმ აქტივობისას.).

გახაზვის შემდეგ შეიძლება შევთავაზოთ ამავე ასოების შემოხაზვაც, გაფერადებაც. ეს დამოკიდებული იქნება კლასში მოსწავლეთა რაოდენობასა და მათს საჭიროებაზე.

აქტივობა 7. ფ-ასოს დაწერაში გავარჯიშება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები სწორად დაწერენ ახალ ასოს.

აქტივობის საჭიროება: ახალი ასოს დაწერა გაკვეთილის (გაკვეთილების) ერთ-ერთი მიზანია. ამასთან, წერა ხელს უწყობს კითხვასაც (რაც უფრო დააკვირდება ადამიანი ასოს წერის პროცესში, მით უკეთ იცნობს მას კითხვისას.) და პირიქით.

მასწავლებელი ახალი ასოს დაწერის სხვადასხვა აქტივობას მიმართავს:

  • დაფაზე დიდად დაწერის ასო ,,ფ”-ს შემოაყოლებს თითს იმ მიმართულებით, როგორც იწერება ასო (ამ დროს მასწავლებელმა შეიძლება ხმამაღლა გაახმიანოს თავისი ქმედება: ვიწყებთ აქედა, მოვამრგვალებთ, შემდეგ კიდევ მოვამრგვალებთ და ბოლოს კიდევ მოვამრგვალებთ.);
  • დაფაზე გაკრულ დიდ ,,ფ”-ზე მოსწავლეები შემოატარებენ თითს სათანადო მიმართულებით. ამ დროსაც მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ე. წ. გამოსაძახებელი ჩხირები ან ის მოსწავლეები მიიწვიოს დაფასთან, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ;
  • მოსწავლეებისგან ზურგით მდგარი ხელაწეული მასწავლებელი ჰაერში მოხაზავს ,,ფ”-ა და მოსწავლეების გაიმეორებენ;
  • მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე (დანართი 4), რომელშიც აფერადებენ ასოს, ამოწერენ რამდენიმე ,,ფ”-ს, სიტყვას… ილუსტრაციების მიხედვით ჩაწერენ საჭირო სიტყვას.

 

აქტივობა 8. სიტყვის ბარათებით ვარჯიში

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ/ამოიცნობენ საკვანძო სიტყვებს.

აქტივობის საჭიროება: მთლიანი სიტყვების ცნობა ეხმარება მოსწავლეს ტექსტის წაკითხვაში, შექმნაში.

მასწავლებელი მოსწავლეებს ავარჯიშებს სიტყვების (დანართი 5) ამოკითხვაში. ამ მიზნით იგი:

  • აჩვენებს სიტყვის ბარათებს ბავშვებს, კითხულობს ხმამაღლა სწორად, ბავშვები იმეორებენ წაკითხულ სიტყვას;
  • აჩვენებს სიტყვის ბარათს და მამაღლა ამბობს ამ სიტყვის პირველ მარვალს, მოსწავლეები ასრულებენ სიტყვას;
  • შეცდომით კითხულობს ნაჩვენებ ბარათს, მოსწავლეებმა სწორად უნდა წაიკითხონ;
  • აძლევს საშუალებას მოსწავლეებს ბარათები მიაკრან შესაბამის ილუსტრაციას…

აქტივობა 9. დაჭრილი წინადადებების/სიტყვების აწყობა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაჭრილ წინადადებებს გააერთიანებენ ტექსტად.

აქტივობის საჭიროება: წინადადებების/სიტყვების აწყობა მოსწავლეებს ეხმარებათ, ერთი მხრივ, ტექსტის შედგენაში, მეორე მხრივ, ამ ტექსტის ამოკითხვაში. ეს აქტივობა ერთგვარად ვარჯიშია კითხვაშიც და წერაშიც.

მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლების (დანართი 6) გამოყენებით, რომლებზეც უნდა დააკრან ამოჭრილი სიტყვები და შეადგინონ მცირე ტექსტი მოდელის მიხედვით.

აქტივობა 10. პოსტერის ,,ფეფოს სუფრა” დამზადება და ნამუშევრების პრეზენტაცია

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დავალების შესრულებისას გამოიყენებენ ახალ ნასწავლ ასოს წერისა და კითხვის კონტექსტში.

აქტივობის საჭიროება: ათვისებული უნარის (ახალი ასოს ცნობა და დაწერა) დავალების შესასრულებლად პრაქტიკული გამოყენება უზრუნველყოფს ამ უნარის სიცოცხლისუნარიანობას.

მოსწავლეები მუშაობენ სამუშაო ფურცლებზე (დანართი 7) წყვილებში ან მცირე ჯგუფებში. მათი მიზანია ,,გაშალონ” ფისო ფეფოს სუფრა. ამისთვის სახელები უნდა დააწერონ სამუშაო ფურცელზე შეთავაზებულ საგნებს, ამოჭრან და დააწებონ ,,სუფრაზე”.

მასწავლებელი ამხნევებს  მოსწავლეებს და აძლევს პოზიტიურ უკუკავშირს (ყოჩაღ! ძალიან კარგი ნამუშევარია!.. მიხარია თქვენი სიყოჩაღე!.. და სხვ.)

მოსწავლეები წარმოადგენენ უკვე შევსებულ სამუშაო ფურცლებს. ასახელებენ რა დაალაგეს (რძე, ფაფა) და რა არ დაალაგეს (ძაფი, დაფა) ფისო ფეფოს ,,სუფრაზე”.

აქტივობა 11. გაკვეთილების შეჯამება

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს (დღეს ჩვენ ვისწავლეთ ახალი ასო ,,ფ”, ამისთვის წავიკითხეთ აი, ეს ტექსტი, მოვძებნეთ მასში ახალი ასო, ვივარჯიშეთ სიტყვების ცნობაში, დავწერეთ ახალი ასო, ავაწყვეთ წინადადებები და დავამზადეთ ფისო ფეფოს ,,სუფრა”… ), შეფასების ფურცლის მიხედვით (დანართი 8) აძლევს საერთო უკუკავშირს მოსწავლეებს, მადლობას უხდის და ემშვიდობება მათ.

 

დანართი 1. გამხსნელი ილუსტრაცია

წიგნის ონლაინბმული: http://kargiskola.ge/anbani/fiso%20fefo.pdf

დანართი 2. ბგერათა რაოდენობის მიხედვით დასაჭრელი სიტყვის ბარათები:

ს-ო-ფ-ო, ფ-ე-ფ-ო, ძ-ა-ფ-ი, შ-ა-რ-ფ-ი

 

დანართი 3. ტექსტი ,,ფისო ფეფო”

ფისო ფეფო

სოფო ფერად შარფს ქსოვს.

სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
ფისოს ფუმფულა კუდი აქვს.
ფისოს ჰქვია ფეფო.

— ფეფო, აქ ძაფებია!..

სოფო ფისოს ეფერება:
— ჩემი ფუმფულა ფისო!..

სოფო ოთახიდან გადის.
ფეფო ძაფებით თამაშობს.

სოფო ფისოს რძეს უსხამს.

სოფო ფეფოს ეფერება:
— ჩემი ფუმფულა ფისო ხარ!..

 

დანართი 4. -ს პოსტერი

 

დანართი 5. სიტყვის ბარათები

სოფო
ფეფო
ძაფი
შარფი
ფუმფულა
სუფრა
ფაფა

დანართი 6. სამუშაო ფურცელი ტექსტის/სიტყვების ასაწყობად

სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
– – – – –   – – – – – – –   – – – –   – – – -.
– – – – –   – – – – –   – – – -. 
სიტყვებად დასაჭრელი წინადადებები

სოფოს ფუმფულა ფისო ჰყავს.
ფისოს ფუმფულა კუდი აქვს.
ფისოს ჰქვია ფეფო.

 

სოფო ფეფოს ეფერება:
—  – – – –   – – – – – – –   – – – –   – – – !.. 
სიტყვებად დასაჭრელი წინადადებები

სოფო ფეფოს ეფერება:
— ჩემი ფუმფულა ფისო ხარ!..

 

  ს ო ფ ო       _ _ _ _       _ _ _ _   

  _ _ _ _          _ _ _ _ _ _ _   

 

ასოებად დასაჭრელი სიტყვები

ს ო ფ ო     ფ ი ს ო    ფ ე ფ ო  

ძ ა ფ ი       ფ უ მ ფ უ ლ ა   

 

 

დანართი 7. სამუშაო ფურცელი ,,ფეფოს სუფრა”

ჩაწერე: რძე, ძაფი, ფაფა, დაფა. ამოჭერი ორი და დააწებე ფეფოს სუფრაზე.

დანართი 8. შეფასების ფურცელი

 

ზოგჯერ საკლასო ოთახს არ ჰქონდეს 4 კედელი…

0

 

საინტერესო რამაა შეგრძნებათა ორგანოების გააქტიურება, გამოყენება და საკუთარი სხეულის „ლაბორატორიად“ წარმოდგენა. ჩვენ გვაქვს სამყაროზე დაკვირვების საწარმოებელი „ინსტრუმენტები“ და შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია საგულისხმო რაღაცების შენიშვნა, შემჩნევა, აღბეჭდვა, შემდეგ კი ამ „მონაცემების დამუშავება“, ანალიზი, გაზიარება.

დავაკვირდეთ: ერთსა და იმავე ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ყოველდღიურობაში, ნაჩვევ, გაბეზრებულ ყოფაში შეგრძნებათა ორგანოები გვიდუნდება, გვიბლაგვდება.

გაკვეთილების წლიური გეგმა გაწერილია კონკრეტული საგნობრივი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად, ჩამოსაყალიბებლად. მიზნებიც, ამოცანებიცა და მიღწევის გზებიც ასევე წინასწარაა გაწერილი. ეს, რასაკვირველია, საჭიროა, აუცილებელიც. მაგრამ, ამასთან, აუცილებლად არის  რუტინულიც. შესაძლოა, იყოს მოსაწყენიც.

გაკვეთილებზე ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას ეს პროგრამები განუსაზღვრელ მომავალში გვპირდებიან. ასე არაა? მაგალითად, ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე – „რა არის სკოლის ფუნქცია?“ – გახლავთ: მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება…

მაგრამ მოზარდობისას ცხოვრება არც შეყოვნების რეჟიმშია და არც სადმე გვაქვს გადადებული. ჩვენ ამ ცხოვრებას „ვცხოვრობთ“, ვითავისებთ, ვეუფლებით უნარებს, ვიმუშავებთ ჩვევებს და აქ და ახლა, აწმყოშიც გვჭირდება სამარჯვები, რომლებსაც გამოვიყენებთ ყველაზე ბობოქარი  პერიოდისას. მოზარდობა სწორედ ასეთია.

ალტერნატიული (არასრული) პასუხი კითხვაზე – რა არის სკოლის ფუნქცია?“ – ასეთი მაქვს:

საკუთარი თავის შეცნობა, სამყაროს მიმართ ინტერესის, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, დასწავლისა და სწავლა-სწავლების ტექნიკების გაცნობა-გათავისება, სხვებთან ურთიერთობისას საკუთარი შესაძლებლობების შემჩნევა, გამოვლენა, გაუმჯობესება, კაცობრიობის საინტერესო ნააზრევის, ნაფიქრის, ნაკეთების გაცნობა, შესწავლა, მსჯელობა ამაზე, სხვების ნააზრევის მოსმენა, თვალსაწიერის გაფართოება, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარ და საზოგადოებრივ (ჯერ საკუთარ, მერე საზოგადოებრივ) სიჯანსაღეზე, კეთილდღეობაზე ზრუნვა, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება საკუთარი თავის წინაშე, შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზების ძიება, პოვნა, კვლავ ძიება…

ცხოვრება დაუგეგმავი, მოულოდნელი სიტუაციების წყებაცაა. ყველაფერს ვერ დავგეგმავთ. ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ. სასკოლო ცხოვრებაში მოულოდნელობები კი თითქმის არ გვხვდება. ყოველ შემთხვევაში, პედაგოგიურად მნიშვნელოვანი მოულოდნელობები, რომლებსაც აღმზრდელობითად გამოვიყენებთ. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დააკვირდნენ თავს სხვადასხვა სიტუაციაში.

სასკოლო პრაქტიკა ამ მხრივ შეუცვლელია. ვალდორფის სკოლას, მაგალითად, კურიკულუმით აქვს განსაზღვრული ეკოლოგიური, თეატრალური, სოციალური, სასოფლო-მიწათმოქმედებითი, სალაშქრო პრაქტიკები. მოსწავლეები სხვადასხვა კლასში სულ მცირე, ერთი კვირით მაინც სტუმრობენ ხოლმე სოციალურ ინსტიტუტებს, დგამენ სპექტაკლებს, გადიან სოფლად და მუშაობენ მიწაზე, გეგმავენ ლაშქრობებს ღამისთევით. მოსწავლე კლასში და მოსწავლე კლასის გარეთ, სხვა სივრცეში – ორი სხვადასხვა ვინმეა. იმდენის აღმოჩენა შეგვიძლია თითოეულში, იმდენ თვისებას მალავენ ოთხ კედელს შორის მოქცეულები, მერხებსა და სკამებზე მიჩუმებულები…

მაისის ერთ მშვენიერ დღეს სკოლასთან ახლოს, სკვერში გადავწყვიტე მოსწავლეების გაყვანა. წინასწარ გავაცანი წესები. ასევე დავალებების ჩამონათვალი. მოცემული დავალებებიდან მათ უნდა შეერჩიათ ერთ-ერთი და გაკვეთილის მთელი დრო უნდა დაეთმოთ ამ კონკრეტული შემოქმედებითი დავალებისთვის. დამოუკიდებლად, მარტო უნდა გადაეწყვიტათ, რა ფორმით, როგორ ჩამაბარებდნენ დავალებას (ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში ჩემთვის მეილების გამოგზავნა პროცესის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ დავალებებს ასე ვიბარებ…).

ისეთი საინტერესო და შთამაგონებელი, ორიგინალური, მრავალფეროვანი ნამუშევრები მივიღე, ერთი სიამოვნება იყო მათი „შემოწმება“. რაიმე მოდულის ან თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისგანაც ვითხოვ ხოლმე უკუკავშირს, შეფასებას. ამ კონკრეტულ დავალებაზე უკლებლივ ყველასგან მივიღე დადებითი გამოხმაურება. მივიღე გულდასმით, პასუხისმგებლობის გრძნობით შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის, ფოტო- და ვიდეოფორმატშიც.

გიზიარებთ შემოქმედებითი აქტივობების ჩამონათვალს და სახალისო შემეცნებით თავგადასავალს გისურვებთ:

 

  1. ხარ რეპორტიორი. უნდა მოამზადო 1-წუთიანი რეპორტაჟი – „შემთხვევა სკვერში“. ვინ იქნება გმირი? მიუსაფარი ძაღლი? ფოთოლი? კაცი ყურსასმენებით? საბავშვო ატრაქციონის სავალალო მდგომარეობა? ნაგვის ურნა?
  2. მოძებნე: ქვა, ტოტი, ფოთოლი, ადამიანი ყურსასმენებით, ფესვი, ოთხკუთხედი ფორმის ობიექტი, რაიმე იისფერი. აღბეჭდე! დაურთე ტექსტი (ტექსტის ნაწილში თავისუფალი ხარ. მოიფიქრე რაც გინდა).
  3. მოძებნე უსულო საგანი და გაასულიერე. ვინაა? როგორია? აღჭურვე თვისებებით, „გააკეთებინე“ რაიმე, აამოქმედე. დააკვირდი. მოგვიყევი.
  4. ინტერვიუ ხესთან – შეარჩიე ხე. წარმოიდგინე, რომ ინტერვიუ გაქვს ჩასაწერი. მოიფიქრე სამი კითხვა და დაუსვი. ივარაუდე – რა პასუხები შეიძლება გაგცეს ხემ? დაწერე ან ჩაწერე.
  5. მონაკვეთი – საბავშვო ატრაქციონებიდან ოთხკუთხედ ობიექტამდე – ჩაწერე და აღწერე ხმები, რომლებიც მოგესმა. გამოიყენე საგნები – აახმაურე (დაატრიალე ატრაქციონი, იქ სასრიალო და საქანელაცაა – გამოიყენე სივრცე ხმების საწარმოებლად და ასევე დაუგდე ყური გარემოს ბუნებრივ ხმებს).
  6. მიკროსკოპი – იქეცი მიკროსკოპად. აირჩიე ერთი მცირე მონაკვეთი – ბზარი ასფალტზე, ორმო, ერთი ციცქნა ობიექტი, აღწერე დეტალურად.
  7. ამოუცნობი ნელი ობიექტი – უნდა იქცე ამოუცნობ ობიექტად სხვა პლანეტიდან. შენ ხარ ყველაზე ნელი არსება დედამიწაზე. პარკის შუაგულში დაიწყე შენელებული მოძრაობა და 2 წუთის განმავლობაში არ გამოხვიდე ამ როლიდან. შეგრძნებები და დაკვირვებები აღწერე.
  8. ფოტომისია: 1 სასაცილო, 1 მშვენიერი, 1 საინტერესო რამ აღბეჭდე შენს ობიექტივში.
  9. მოძებნე რაიმე მიგდებული ობიექტი. მოიფიქრე მისი წარსული – საიდან აღმოჩნდა აქ. სად იყო გუშინ. როგორ აღმოჩნდა აქ. გააპიროვნე.
  10. აირჩიე ერთი სკამი. აქციე ის მონარქის სავარძლად, დროის მანქანად, მახედ ან პორტალად. მოიფიქრე ამბავი და დაწერე.

მიგრაციების მუზეუმი „ფენიქსი“ – ამბავი ხელახლა დაბადებისა

0

თანამედროვე მუზეუმი რომ მხოლოდ საცავი არაა და შემეცნების, გააზრების, კომუნიკაციის, ინტერპრეტაციის, დიალოგის სივრცეა, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. თანამედროვე მუზეუმის კონცეფცია, უპირველეს ყოვლისა,  სწორედ კომუნიკაციას გულისხმობს, დროთა კავშირის აღდგენისა და ექსპონატის მნიშვნელობის ჩვენებას და ხელახალ გააზრებას.

ბოლო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე მუზეუმმა მოახდინა, როტერდამის მიგრაციების მუზეუმი „ფენიქსი“ იყო, იქ ივნისის დასაწყისში მოვხვდი და ამ არეულ, საშიშ, დაულაგებელ დროში კიდევ ერთხელ გავიაზრე ყველა სირთულე, რომელიც მიგრაციას მოჰყვება.

როტერდამის მიგრაციების მუზეუმს, რომელსაც მრავლისმეტყველი სახელი-მეტაფორა, „ფენიქსი“ ჰქვია, არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს,  რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და თანამედროვე, მარადცვალებად გარემოში ის კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ადამიანების ბედზე. ადამიანთა ცხოვრება, ბედი – აქ მთავარი ექსპონატია.

მუზეუმი მდებარეობს ძველ საწყობში, რომელიც თანამედროვე საგამოფენო სივრცედ იქცა უნიკალური კონცეფციის წყალობით, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ხვეული, სარკისებრი კიბე შეადგენს. მიგრაციის გზა ჰორიზონტალური არ არის, ის დახვეულია, მრავალ სირთულესა და წინააღმდეგობას გულისხმობს.

როტერდამი მიგრაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო და არის დღემდე, სწორედ ამ საპორტო ქალაქიდან გადიოდნენ გემები ამერიკის მიმართულებით და თან ახალი ბედისა და ცხოვრების მაძიებელ ადამიანები მიჰყავდა.

მიგრაციის მუზეუმი როტერდამში წარმოადგენს ადგილს, სადაც თავმოყრილია მიგრანტთა პირადი ისტორიები, არქივები, აუდიო-ვიდეო მასალა და კულტურული არტეფაქტები. მუზეუმი არ ეყრდნობა მხოლოდ ისტორიულ თარიღებს — აქ წარმოდგენილია რეალური ადამიანების რეალური გამოცდილებები. ექსპოზიციებში შეხვდებით მიგრანტების ინტერვიუებს სხვადასხვა თაობიდან, ინტერაქციულ ინსტალაციებს, რომლებიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს “გამოიცადოს” მიგრანტის გზა, ნამდვილი არტეფაქტებს, რომლებიც მიგრანტებმა თან წამოიღეს, როგორც მოგონებების მატარებელი ნივთები.

მუზეუმის პირველ სართულზე მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარბაზია – ჩემოდნებისგან აშენებულ ლაბირინთებში დადიხარ, ჩემოდნების მფლობელების სახელებსა და წარმოშობას ეცნობი, ხოლო აუდიოგიდით კონკრეტული ადამიანების ისტორიის მოსმენა შეგიძლია. ასე გავიგე, როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები ჰოლანდიიდან ამერიკაში, ჰონდურასიდან ჰოლანდიაში, როგორ იცურეს ნავით, როგორ გადმოლახეს საზღვარი, როგორ გაექცნენ ფაშიზმის საშინელებას თუ სხვადასხვა დიქტატურულ რეჟიმებს, როგორ გადარჩნენ, როგორ გარდაიცვალნენ და მერე გაცოცხლდნენ, ფერფლიდან დაიბადნენ ფენიქსებივით.

ფოტოექსპოზიცია რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი -გამგზავრებებსა და შეხვედრებს თვალს ადევნებ, გაქცევებს, გადარჩენებს, მაშველ რგოლს თუ  თოფს, რომელიც მესაზღვრემ დაგიმიზნა.

ყველა გზა სხვადასხვანაირია – ზოგი უდაბნოებზე გადის, ზოგი ცეცხლწაკიდებულ ქალაქებზე, ზოგი ჭაობებსა და ზღვებზე, ცნობილი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრები მიგრაციის ყველაზე დიდ ტკივილს განგაცდევინებთ და ასევე, გაგაძლიერებთ ადამიანის თვითგადარჩენის საოცარი უნარით, რომელიც ომებისა და უსამართლობების ფონზე ადამიანთა გადარჩენის მთავარი საშუალებაა.

მეორე სართულის ექსპოზიცია მთლიანად მეტაფორაა – საპასპორტო კონტროლი, სადაც ევროპის მოქალაქეებმა და დანარჩენებმა ცალ-ცალკე უნდა გაიარონ, ეკლის უზარმაზარი გვირგვინი, ამ ტანჯვის მარადიული სიმბოლო, ეკალბარდი თუ წვეტიანი ჭიშკარი, გალია თუ ჩანთებით დახუნძლული მანქანა, ავტობუსი  თუ ადამიანი-ბარგი, ადამიანი, რომელიც იმ ბარგისგან შედგება, რომელსაც მიეზიდება.

რა თქმა უნდა, მიგრაციის გზაზე თვითიდენტიფიკაციის, იდენტობის შენარჩუნებისა და  ახალ სივრცესთან ადაპტირების პროცესიც უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ექსპოზიციაში ეთნიკური სამოსი თუ ეთნიკური ხელოვნების ნიმუშები მრავლადაა წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, ომს ვერავინ აუვლის გვერდს, ომს, რომელიც გადასახლების მთავარი მიზეზია, სპეციალური ინსტალაცია რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში, ომის დროს აალებული სახლები და დაღუპული ადამიანები…

ეს მუზეუმი თან მოგყვება, თითქოს შენც უზარმაზარი ექსპოზიციის ნაწილი ხარ აეროპორტში, როდესაც ნიდერლანდელი მესაზღვრე საგულდაგულოდ ამოწმებს, რაიმე უცნაური საკვები ხომ არ მიგაქვს ან  როცა ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდები უნიკალურ კულტურულ სივრცეში – Verhalenhuis Belvédère, რომელიც ოდესღაც მიგრანტთა სასტუმრო იყო, დღეს კი ინტერკულტურული კომუნიკაციის ცენტრია. ეს არის უნიკალური კულტურული ინსტიტუცია როტერდამში, რომელიც მდებარეობს კათენდრეხტის უბანში — ერთ-ერთ პირველ ადგილას, სადაც მიგრანტები ჩამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისიდან. განსხვავებით ტრადიციული მუზეუმებისგან, იგი უფრო საზოგადოებრივი და ნარატიული სივრცეა, სადაც ადამიანები — ადგილობრივები და მიგრანტები — თავიანთ ისტორიებს და კულტურას გვიზიარებენ, აგროვებენ ზეპირ ისტორიებს, მართავენ კულტურულ და კულინარიულ საღამოებს, ერთმანეთს უნაწილებენ საკვებს, გამოცდილებასა და მოგონებებს.

მიგრაციის მუზეუმში ხარ  როტერდამის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ქართულ ლექსებს კითხულობ უკრაინელ პოეტთან ერთად, რომელსაც შინ, ომის ქარცეცხლში გახვეულ კიევში 14 წლის შვილი ეგულება.

და საერთოდ, სამყაროც თითქოს ერთი დიდი მიგრაციის მუზეუმი „ფენიქსია“, სადაც ან დაიღუპები ან ცეცხლისგან აღდგები და გადარჩები.

პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება

0

აქტივობები პროფორიენტაციის გაკვეთილისთვის

 „ჩვენს უნარებზე უფრო ბევრად მნიშვნელოვანი ჩვენი გადაწყვეტილებებია …,

ისინი აჩვენებენ, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში“.

ჯოან როულინგი

თანამედროვე სამყაროში ადამიანის პირად და სოციალურ კეთილდღეობას უმეტესწილად განსაზღვრავს პროფესიული არჩევანი. საკუთარი კარიერული მომავლის წარმატებულად დასაგეგმად, ახალგაზრდები საჭიროებენ რჩევებსა და თანადგომას. ჩვენს ეპოქაში შრომითი ბაზარი სწრაფად იცვლება, ტექნოლოგიების დაჩქარებული განვითარება აჩენს ახალ პროფესიებს. შესაბამისად, აუცილებელია, მოსწავლეებმა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყონ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერება. პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ კარიერული წარმატების წინაპირობა, ეს არის გზა თვითშემეცნებისკენ. პროფორიენტაციის გაკვეთილები ეხმარება მოზარდს, მიიღოს გადაწყვეტილებები მეტად გააზრებულად და მიზანმიმართულად.

სკოლაში გონივრულად დაგეგმილი პროფორიენტაციის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და ეხმარება ახალგაზრდას პროფესიის სწორად არჩევაში. ეს პროცესი მოითხოვს მრავალფეროვან მიდგომებს, დაკვირვებას, თანამშრომლობას და მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებას; მოზარდის მისწრაფებებსა და პირად საჭიროებებზე საუბრებს. საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელებული შესატყვისი ღონისძიებები დაეხმარება მოზარდს საკუთარი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში და მომავლის წარმატებულად დაგეგმვაში.

შეიძლება ვიყოთ პროფესიონალები და ამასთანავე ბედნიერები? ანუ, ერთდროულად ავაწყოთ წარმატებული კარიერა და სრულფასოვანი პირადი ცხოვრება? სწორედ ამ კითხვის პასუხი გახლავთ პიროვნული წარმატების გასაღები.

ჩვენს ეპოქაში ადამიანის მთავარი საზრუნავი გახდა პროფესიული თვითრეალიზაცია. შესაბამისად, პირადი ცხოვრება ხანდახან ჩრდილში რჩება. ზოგჯერ კარიერისთვის უარს ვამბობთ ადამიანურ ურთიერთობებზე, ან პირიქით, პირად ურთიერთობებში ჩართულობით თავს ვზღუდავთ პროფესიულ განვითარებაში. საქმე გვაქვს არა უბრალოდ არჩევანთან, არამედ – ბალანსის ძიებასთან.

წინამდებარე სტატიაში შევეცდები, დაგაფიქროთ, რამდენად რეალურია ამ ბალანსის მიღწევა, რა როლს თამაშობს საზოგადოება და კულტურული ჩარჩოები ჩვენს გადაწყვეტილებებზე. საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – როგორ მოვახერხოთ, რომ ვიყოთ წარმატებული პროფესიონალები და ამასთანავე ბედნიერები, ანუ ერთდროულად შევძლოთ კარიერული წინსვლა და პირადი ცხოვრების ჰარმონია.

პროფესიული ზრდა, სწავლა, მუდმივი განვითარება და შრომა – ეს ყველაფერი, რაც კარიერულ წარმატებას ქმნის, მოითხოვს დროს, ენერგიას და მენტალურ ჩართულობას. ხშირად ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხედავენ წარმატებას როგორც მიზანს, რომელსაც „ყველაფრის ფასად“ უნდა მიაღწიონ. კარიერის გზაზე ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ოჯახის, მასწავლებლების, საზოგადოების წინაშეც.

სწავლების საფეხურიდან დასაქმებაზე გადასვლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი ეტაპია. ამისთვის საჭიროა საკუთარი მიღწევების შეჯამება და გადაფასება, ინტერესებში გარკვევა და სურვილების თანმიმდევრული ფორმულირება. საკუთარი მომავლის წარმატებულად დასაგეგმად, აუცილებელია ყველა ვარიანტის გაცნობა, საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და სწორი არჩევანის გაკეთება. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ამას დამოუკიდებლად, ხანდახან საკმაოდ სპონტანურად და უპრობლემოდ აკეთებს. თუმცა, ზოგჯერ, აღწერილი პროცესის უმტკივნეულოდ და წარმატებით გასავლელად შესაბამისი მხარდაჭერაა საჭირო. ამ მხარდაჭერაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტია პიროვნულ სურვილებთან და პირად ცხოვრებასთან კარიერული წინსვლისთვის საჭირო პროცესებში წონასწორობის დაცვა.

წარმატება იშვიათად მოდის არტივად. ის მოითხოვს დიდ დროს, რაც თავისთავად გულისხმობს ნაკლებ ურთიერთობას მეგობრებთან, ხანმოკლე შეხვედრებს ახლობლებთან, გადადებულ დღესასწაულებს, ხანდახან კი დაკარგულ ურთიერთობებს. ამ დროს ჩნდება კითხვა – ღირს თუ არა კარიერული წინსვლა პირადულის გვერდზე გადადების სანაცვლო? არის თუ არა შესაძლებელი, ამ ფასის გადახდა ისე, რომ ადამიანის პირადი სივრცე არ დაინგრეს.

პროფესიის დაუფლება ადამიანს საშუალებას აძლევს, სრულად გამოიყენოს თავისი უნარები და ნიჭი, მიაღწიოს კარიერულ წარმატებას და მიიღოს სიამოვნება საქმიანობისგან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

პირადი ცხოვრება კი ინდივიდის პირადი და ოჯახური ურთიერთობების ხელშეუხებლობის უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების ფიზიკური და მორალური უფლებების დაცვას, რაც ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ბედნიერების საფუძველია. პირადი ცხოვრება და ურთიერთობები, ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული – სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ადამიანის შინაგან წონასწორობას. ხშირად, სწორედ ეს კავშირებია შთაგონების წყარო, რომლებიც პროფესიულ გზაზეც გვეხმარება, მაგრამ პირადი ცხოვრება სიფრთხილეს და მუდმივ მზრუნველობას მოითხოვსსწორედ იგივე სჭირდება პროფესიულ ზრდასაც.

ზოგჯერ ადამიანებს აშინებთ, რომ პირადი ცხოვრება შეაფერხებს მათი პროფესიული მიზნების განხორციელებას. სხვებისთვის კი პირადი ურთიერთობა იქცევა იმ საყრდენად, რომლის გარეშეც ისინი საკუთარ პროფესიაშიც ვერ განვითარდებიან. ეს განსხვავებული მიდგომები ცხადყოფს, რომ პროფესიული წარმატება და პირადი ბედნიერება არ უნდა განვიხილოთ როგორც ურთიერთგამომრიცხავი მიზნები. პირიქით, ისინი შეიძლება ერთმანეთის განმტკიცებისა და ჰარმონიული თანაარსებობის საფუძვლად იქცეს.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ პროფესიულ მოთხოვნებს ისე, რომ პირადი ცხოვრება არ დავაზარალოთ? ბალანსის ძიების უნივერსალური ფორმულა, რომელიც ამას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს გზა ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი მიდგომები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში.

  • მნიშვნელოვანია პრიორიტეტების გააზრება და პერიოდული გადახედვა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პრიორიტეტები იცვლება. თუ კარიერის დასაწყისში პროფესიულ განვითარებას სჭირდება მეტი ენერგია, ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ უნდა დავთმოთ პირადი ურთიერთობები. პირიქით, პირადი კომფორტული ყოფა გვეხმარება თავი შევინარჩუნოთ და წარმატება მივაღწიოთ კარიერულ საქმიანობაშიც;
  • უნდა მოვახერხოთ დროის მართვა და პირადი სივრცის დაცვა. პირადი საქმიანობისთვის საჭირო დრო არ არის უსარგებლო, ის ჩვენი გონების და ემოციური სისტემის გადატვირთვის საშუალებაა. დროის გონივრულად გადანაწილება ორივე მხარეს აძლიერებს. მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში მივცეთ საკუთარ თავს „არას“ თქმის უფლება;
  • აუცილებელია მხარდაჭერის სისტემის შექმნა. დიდი რესურსია, თუკი გვერდით გვყავს ოჯახის წევრი, მეგობარი, ახლობელი, ვისაც ესმის და გვიცხადებს მორალურ და რეალურ დახმარებას. ასეთივე მხარდაჭერა სჭირდება პირად ურთიერთობებსაც – თუკი პროფესიაში ვართ ჩაფლული, არ უნდა დაგვავიწყდეს ემოციური თანადგომა მათთვის, ვინც გვერდით გვყავს;
  • უმთავრესია პირადულსა და პროფესიას შორის ბალანსის დაცვა. პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება, ორივე ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ორივეს სჭირდება მზრუნველობა, დრო და გულწრფელი ჩართულობა. პრობლემები იქ ჩნდება, სადაც ვივიწყებთ რომელიმე მათგანზე ზრუნვას.

მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი ჰარმონიის მიღწევა პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ყოველთვის არ არის შესაძლებელი, შეგნებული მცდელობა ამ ბალანსის მიღწევისკენ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს. პროფესია მხოლოდ კარიერული წინსვლის საშუალება არ არისის ჩვენი თვითგამოხატვის, თვითშეფასების და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნის გზაა. პირადი ცხოვრებაც არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ემოციური გამოცდილებების წყაროდ; ის წარმოადგენს ჩვენს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და საერთო კეთილდღეობას. ამ ორი სფეროს დაბალანსება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ერთად ქმნიან ჩვენს სრულფასოვან ცხოვრებას და უზრუნველყოფენ სულიერ წონასწორობას. ორივე წარმოადგენს ადამიანის სრულყოფილების, განვითარებისა და სულიერი წონასწორობის მნიშვნელოვან კომპონენტებს.

გთავაზობთ აქტივობებს თემაზე – პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, თვითშემეცნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მსგავსი გაკვეთილები სამომავლოდ განაპირობებს მოზარდში პროფესიული გზის არჩევის, წარმატების მიღწევის და პირად ცხოვრებაზე გავლენის დინამიკის „წესების“ დაუფლებას. მნიშვნელოვანია, რამდენიმე თეზისი, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება მსგავსი შინაარსის გაკვეთილის გეგმის შედგენაში:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა; რა დადებითი შედეგები მოაქვს მას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ურთიერთობებისთვის და საერთო კეთილდღეობისთვის.
  • რა რისკებს შეიცავს გადაჭარბებული ჩართულობა სამსახურში ან, პირიქით, მხოლოდ პირად ცხოვრებაზე კონცენტრირება კარიერული განვითარების ხარჯზე; როგორ აისახება ეს სტრესზე, გადაღლილობაზე, ურთიერთობების გაფუჭებაზე.
  •  რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ადამიანებს, რომ უკეთესად დააბალანსონ კარიერა და პირადი ცხოვრება. მაგ:
  • დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • სამსახურიდან „გათიშვის“ უნარი და თავისუფალი დროის მნიშვნელობა;
  • ჰობისა და ინტერესებისთვის დროის გამონახვა;
  • მხარდამჭერი სოციალური წრის არსებობა;
  • საკუთარ თავზე ზრუნვა (ჯანსაღი კვება, ვარჯიში, ძილი);
  • სამუშაო საათების რეგულირება და მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებლობის ფარგლებში).
  • როგორ უწყობს ან უშლის ხელს არსებული სამსახურებრივი გარემო და დამსაქმებელი თანამშრომლებისთვის ბალანსის შენარჩუნებას; რა პოლიტიკა და ინიციატივები არსებობს ამ მიმართულებით.
  • როგორ მოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები (მაგალითად, მუდმივი ხელმისაწვდომობა ელექტრონულ ფოსტაზე, სოციალურ ქსელებზე) ბალანსზე და როგორ შეიძლება მათი გონივრულად გამოყენება.
  • „იდეალური“ ბალანსი ყველასთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ღირებულებებსა და ცხოვრების ეტაპზე.

 

გაკვეთილის სავარაუდო აქტივობები:

აქტივობა პროფესიის არჩევის ფაქტორები

 მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას პროფესიის არჩევაზე (ინტერესები, უნარები, ოჯახური გარემო, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.), შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე – „შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ვიყოთ წარმატებული პროფესიონალი და ბედნიერი ადამიანი?“.

აქტივობაწერილი მომავალ

მოსწავლეები მისწერენ წერილს საკუთარ თავს, სადაც აღწერენ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება 10-15 წლის შემდეგ. ისაუბრებენ, რა პროფესია აქვთ, სად და როგორ ცხოვრობენ, არიან თუ არა კმაყოფილი განვლილი გზით, რამდენად ახერხებენ ბალანსის დაცვას პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის და ა.შ.

აქტივობა როლური თამაში

თეატრალიზებულად წარმოადგენენ გარკვეული პროფესიის ადამიანების ცხოვრების ეპიზოდებს – ექიმის, იურისტის, დიპლომატის, არქიტექტორის, მხატვრის, მასწავლებლის, ფიზიკოსის, მფრინავის და ა.შ., რომლებიც ცდილობენ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ვალდებულებებს შორის ოქროს შუალედის პოვნას.

აქტივობაბალანსის დიაგრამა

მოსწავლეები ქმნიან დიაგრამას, სადაც ასახავენ კვირის განმავლობაში პროფესიულ და პირად საქმიანობებზე დახარჯულ დროს.

აქტივობაინტერვიუ ან მინიისტორიები

მოსწავლეები იღებენ ინტერვიუს დიდებისგან მათ პროფესიაზე: რა გზა გაიარეს, ახერხებენ თუ არა სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში ბალანსის დაცვას, როგორია მათი ყოველდღიურობა; მოიძიებენ რეალური ადამიანების ისტორიას – ვინც პირადი ცხოვრების ხარჯზე მიაღწია/ვერ მიაღწია, ან მოახერხა სასურველი წონასწორობის დაცვა.

აქტივობა – მომავლის CV

მოსწავლეები შექმნიან საკუთარ CV-ის 10 წლის შემდეგ. სად ცხოვრობენ, როგორი ოჯახური მდგომარეობა აქვთ, რა განათლება მიიღეს, სად არიან დასაქმებული და ა.შ.

აქტივობაპროფესიების და ცხოვრების სტილის სქემა

მოსწავლეები ქმნიან პროფესიების სქემას, სადაც აჩვენებენ, როგორია კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანის დღიური გრაფიკი;

აქტივობაღირებულებების პირამიდა

 რა უნდა დათმო, რათა რაღაც მნიშვნელოვანი მოიპოვო?

 მოსწავლეები ქმნიან პირად ღირებულებათა პირამიდას: ოჯახის, პროფესიის, მეგობრების, თავისუფალი დროის, ჯანმრთელობის, მოგზაურობის და სხვა ასპექტების გადანაწილებით.

აქტივობაროლური თამაში:

 ჩემი ცხოვრების 24 საათი

  •  ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, მოსწავლეები ადგენენ დღის წესრიგს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანისთვის და არკვევენ, რამდენად რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის.
  • საკუთარი ფანტაზიით მოიფიქრებენ შესაძლო კურიოზულ შემთხვევებს.
  • იმსჯელებენ, რამდენად რეალურია ეს განრიგი და ასეთი ყოფა, რას შეცვლიდნენ.

გაკვეთილი „პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრება“ დაეხმარება მოსწავლეებს გააცნობიერონ, როგორ შეიძლება პროფესიული არჩევანი და პირადი ცხოვრების დაგეგმვა იყოს თანხვედრაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით წარმატებული მომავლის შექმნა. პროფესიის დაუფლება და პირადი ცხოვრების ჰარმონიზაცია არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა მიზანმიმართული შრომითა და თვითშეცნობით შესაძლებელია მათი დაბალანსება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იპოვოს საკუთარი გზა, რომელიც მისცემს საშუალებას, იყოს პროფესიულად წარმატებული და ამავდროულად, შეინარჩუნოს პირადი ბედნიერება.

მოსწავლეთა კონფერენცია როგორც ინტერდისციპლინარული განათლების და მულტიმოდალური სწავლების პრაქტიკული სივრცე

0

მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება და ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მასწავლებლები მუდმივი ძიების პროცესში არიან და საინტერესო მიგნებებიც აქვთ პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მიდგომას წარმოადგენს მოსწავლის მოტივაციაზე მუშაობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მათი ინტერესის გაღვივება და მათი შემოქმედებითი სამუშაოს წარმართვა, რომლის რომლის დროსაც ისინი ცოდნასაც აიმაღლებენ და მრავალმხრივი უნარებიც განუვითარდებათ.

ასეთი მიზნების შემთხვევაში მიღწევის მნიშვნელოვან ფორმატად მიიჩნევა მოსწავლეთა კონფერენციები. თავისი სტრუქტურით, მიზნებითა და ჩართულობის ფორმით სასკოლო კონფერენცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა კონფერენციებისგან.

მოსწავლეთა კონფერენციის შედარება სხვა ტიპის სასკოლო აქტივობებთან:

ფორმატი მთავარი მახასიათებელი  კონფერენციისგან განმასხვავებელი ნიშანი
გაკვეთილი სასწავლო მიზანი და წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურა ძირითადად მართულია მასწავლებლის მიერ და მოსწავლე ნაკლებადაა დამოუკიდებელი
ოლიმპიადა საგნობრივი ცოდნის შემოწმება ტესტირების სახით ნაკლებად არის შემოქმედებითი და კვლევითი მხარეც მწირი აქვს
პრეზენტაცია მოკლე გამოსვლა კონკრეტულ თემაზე შეიძლება იყოს ერთჯერადი, ზედაპირული, მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებული
პროექტის პრეზენტაცია შედეგზე ორიენტირებული ნამუშევარი არ არის აუცილებელი, იყოს საჯარო და ნაკლებად არის ფოკუსირებული კვლევაზე.

 

მოსწავლეთა კონფერენციის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია:

1.      შესრულებული სამუშაოს ფართოდ გამოკვეთილი კვლევითი და ანალიტიკური ხასიათი: მოსწავლეები კონფერენციაზე წარადგენენ მათ მიერ / ან ჯგუფურად ჩატარებული კვლევებს, მიღწევებსა და შედეგებს, ხოლო ნამუშევრები ძირითადად აქცენტირებულია მოპოვებული ინფორმაციის გააზრებასა და განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე;

  1. მოსწავლე არამარტო ჩართულია კონფერენციის მომზადებასა და მსვლელობაში, არამედ აქტიური პრეზენტატორიცაა, თავად წარადგენს ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე, რაც ავითარებს მის მეტყველებას, არგუმენტირებულობას, თავდაჯერებულობასა და საჯარო გამოსვლებისათვის საჭირო უნარებს იძენს;
  2. კონფერენციისას მოსწავლეები იღებენ მრავალმხრივ შეფასებას როგორც მასწავლებლების მხრიდან, ასევე ერთმანეთისგანაც. ესაა სივრცე ფართო ურთიერთშეფასებისა და კრიტიკული მეგობრისთვის, თანაც ამ დროს ფასდება თავად პროცესიც და არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი;
  3. მოსწავლეთა კონფერენციები ძირითად მულტიდისციპლინურა და აერთიანებს რამდენიმე საგანს (მაგალითად, ისტორიას, გეოგრაფიას, ლიტერატურას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფიზიკას, სპორტს, ხელოვნებასა და ა.შ. რაც იშვიათია სტანდარტულ გაკვეთილებზე;
  4. ასეთ კონფერენციებზე მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული უნარები განსაკუთრებით ვითარდება და იზრდება: მოსწავლეებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოიყენონ ციფრული რესურსები, ანიმაციები, ხელნაწერები და სხვა მსგავსი ინტერაქციული ფორმები და ვიზუალიზაციის საშუალებები.

გთავაზობთ იტალიურ სკოლაში განხორციელებულ, წიგნიერებასა და ღირებულებით განათლებაზე ორიენტირებულ, მოსწავლეთა კონფერენციის ანგარიშს, სახელწოდებით „ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა“, რომელიც გახლდათ სკოლის პროექტის, „წიგნიერება და ღირებულებების“  ნაწილი.

კონფერენციის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება, ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება (სკოლის ყველა საფეხურისთვის) და ამ კონტექსტში ტაო-კლარჯეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივება (V-XII კლ.). მოსწავლეები იმუშავებენ ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე წიგნიერებისა და ღირებულებების კონტექსტში, უკეთ გაიაზრებენ საკუთარ იდენტობას და აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებასაც.

 

რადგან თანამედროვე მოსწავლეებს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია აქვთ, მათთვის წიგნიერებისა და ღირებულებების განვითარება ისტორიულ კონტექსტში (სულიერება, იდენტობა, კულტურა) გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, საკითხის ამ კუთხით წინ წამოწევა, ერთგვარად მამოტივირებელიც აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

 

პროექტს ინტერდისციპლინური ხასიათი ჰქონდა და მასში ჩართული იყო სკოლის თითქმის ყველა კათედრა და კლასი, აქტიურად იმუშავეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა:

  • გამოიყენეს ნარატიულ მასალასთან მუშაობის მეთოდები (ისტორიული კვლევის, სახარებისეულ იგავებზე დაფუძნებული ტექსტებისა და ლიტერატურული ნაშრომების დასამუშავებლად);
  • განახორციელეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობები: შექმნეს ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნები; დაამზადეს 3 D მაკეტები (ისტორიული რუკის და პარხლის ტაძრის), პოსტერები; გააცოცხლეს ძველი ხალხური სპორტული თამაშები და სცენაზე ააჟღერეს ტრადიციული მუსიკალური საკრავები;
  • გამართეს დისკუსია და ფილმის განხილვა: პროექტის ფარგლებში VII-XI კლასებში განხორციელდა პროექტი „გრიგოლ ხანძთელი და ჩვენი წილი მემკვიდრეობა“. სამუშაო გეგმის შესაბამისად, საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთობლივად გამართეს დისკუსია – „რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა?!“, რომლის დროსაც გამოხატეს საკუთარი აზრები ღირებულებებსა და ეროვნულ თვითშეგნებაზე;
  • მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად, მასწავლებლის ფასილიტაციითა და მასთან თანამშრომლობით.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევითი და სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის ნამუშევრები:

  1. ინტერაქტიური რუკა ტაოკლარჯეთის შესასწავლად ZeeMaps პლატფორმაზე (უცხო ენებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით) (სურ. 1):
  • რუკაზე მონიშნულია ისტორიული ტაძრები, მონასტრები და კულტურული ძეგლები. რუკაზე თითოეული წერტილი შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული ძეგლის შესახებ სხვადასხვა ენაზე: ქართულად, იტალიურად, ინგლისურად, გერმანულად. რესურსი საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს – მოსწავლეს, მასწავლებელს, მნახველს – ერთი ბმულით მოინახულოს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით;
  • შეიქმნა რუკის აუდიოგიდიც გერმანულ ენაზე:

 ZeeMaps ინტერაქტიური რუკის ლინკი:

https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14

სურ. 1.

                           

  1. პრეზენტაციები და ვიდეო-ვლოგები, თუ როგორ მუშაობდნენ ამ პროექტზე (იხ. სურათი 2).

სურ. 2  

  1. ელექტრონული წიგნი „ჯავახეთის კრების ქრონიკა“ და ხელნაკეთი წიგნი – „უფლის იგავები“ – ეს საინტერესო ნამუშევრები აერთიანებს ინტერაქციულ ელემენტებს, რაც ხელს უწყობს მულტიმოდალურ წიგნიერებას (სურ.3).

ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნის ლინკები:

https://online.fliphtml5.com/hrfzq/wsbo/#p=1

https://drive.google.com/drive/u/1/folders/1ZIMI_4uakHg7jF0_cTIqkm3Ic7z_OzDB

სურ.3.

 

    1. 3 D მაკეტი:
    • მათემატიკისა და ისტორიის ინტეგრირებით შექმნილი საქართველოს რუკის 3D მაკეტი, რომელზეც გამოკვეთილია თბილისი-ტაო-კლარჯეთის მარშრუტი და დამონტაჟებულია მოძრავი ტრანსპორტი (რომელიც შეიქმნა სკოლის Stem პროექტის ფარგლებში) (სურ.4):

    https://drive.google.com/file/d/1aBcKRO_9H0uGuH_IEG6V2CuHnjGEEEhn/view?usp=drive_link

სურ.4.

 

5. ისტორიული ძეგლის – მაკეტის შექმნა ხელოვნების მიმართულებით (სურ.5):

https://drive.google.com/drive/folders/1XzPs3fJKs-RTRxm04hlfZwYQD87AzWYt?usp=drive_link

სურ.5.

მოსწავლეთა კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი – ჩვენი წილი მემკვიდრეობა“ წიგნიერების რეალური გამოყენების მაგალითად იქცა.

შედეგები:

  • კონფერენციამ ხელი შეუწყო მოსწავლეებზე ორიენტირებულ სწავლებას, კვლევითი უნარების გააქტიურებას, ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატში გააზრებასა და გადამუშავებას და, შესაბამისად, მულტიმოდალურ სწავლებას;
  • აჩვენა, როგორ შეიძლება ტრადიციული თემები გაცოცხლდეს თანამედროვე ფორმით;
  • გააერთიანა წარსული, აწმყო და მომავალი; წიგნიერება და ღირებულება ერთი საერთო მიზნისკენ მიმართა – გახდეს მოსწავლე ღირსეული მემკვიდრეობის შემნახველი.

დასასრულ, აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი.

კონფერენციის მასალები:

https://online.fliphtml5.com/pbcis/ggtq/#p=1

 

შეიძლება ითქვას, რომ კონფერენცია გადაიქცა ინტერდისციპლინური განათლებისა და მულტიმოდალური სწავლების პრაქტიკულ სივრცედ.

მოსწავლე როგორც აქტიური მოქალაქე

0

თანამედროვე პედაგოგიური წრეებში სულ უფრო აქტიურად განიხილება მოქალაქეობრივი განათლების როლი ახალგაზრდის თვითშეგნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ფორმირებაში. გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების ეპოქაში, სადაც საჯარო სივრცეები სუსტდება და სკოლა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სივრცედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების  განსავითარებლად.

სამოქალაქო განათლება ვერ დაიყვანება მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოების, ადამიანის უფლებათა ან დემოკრატიული ინსტიტუტების ზედაპირულ სწავლებაზე. მისი ჭეშმარიტი ფუნქცია მდგომარეობს ღირებულებით წვრთნაში — იმ ღირებულებების გააზრებასა და ინტეგრაციაში, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ თანაცხოვრებას: თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა, პასუხისმგებლობა, სოლიდარობა. მოსწავლე, რომელიც იღებს ამ ღირებულებებს როგორც პირად ეთიკურ კოდექსს და არა მხოლოდ საგნობრივ მასალად, იწყებს საკუთარ თავში მოქალაქის ხატის მშენებლობას.

 

მოქალაქეობა ხშირად გვესმის როგორც სტატუსი — ვინ ხარ სამართლებრივად. თუმცა სამოქალაქო განათლების მიზანი არის მოქალაქეობის გააზრება როგორც პროცესისა, რომელიც უწყვეტია, მოძრავი და დროში გარდამავალი. ეს პროცესი მოითხოვს პიროვნულ ზრდას, კრიტიკულ გააზრებას და ეთიკურ მოქმედებას. აქტიური მოქალაქეობა არ ვლინდება მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ან წესრიგის დაცვით. იგი იწყება კითხვით, ინტერესით, არგუმენტით და ბოლოს ქმედებით. სკოლა კი უნდა იქცეს იმ სივრცედ, სადაც ეს პროცესი იწყება — სიტყვისგან ქმედებამდე.

 

მასწავლებელი, რომელიც ასწავლის სამოქალაქო განათლებას, მოქმედებს არა როგორც ინფორმაციის ტრანსლატორი, არამედ როგორც მოდერატორი, სარკე და გზამკვლევი. ის ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლე არ მხოლოდ სწავლობს, არამედ ეჭვობს, სვამს კითხვებს, უარყოფს და ხელახლა იკრებს იმ ღირებულებებს, რომლებიც შექმნიან მის საზოგადოებრივ იდენტობას. ამ კონტექსტში სწავლება აღარ არის მხოლოდ საგნობრივი აქტივობა — ეს არის ეთიკური პოზიცია, პროფესიული მოწოდება და დემოკრატიული ხელოვნების ფორმა.

 

სკოლა, რომელიც აღიქვამს საკუთარ თავს მხოლოდ აკადემიური მიზნების სივრცედ, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი ცნობიერების აღზრდას. სკოლამ უნდა აღიაროს საკუთარი ფუნქცია, როგორც დემოკრატიის მინიატურული მოდელი — სივრცე, სადაც მოსწავლეს ეძლევა სიტყვის უფლება, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და საკუთარი მოქმედებების შედეგის განცდა. მხოლოდ ამ გზით იქმნება ის სიმბოლური კონსტრუქცია, რომელსაც საზოგადოება უწოდებს “მოქალაქეს” — არა მხოლოდ სახელით და გვარით, არამედ ღირებულებითად და მოქმედებით.

 

სამოქალაქო განათლება დღეს აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც დანართი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში. იგი წარმოადგენს ღირებულებითი წერტილიდან დაწყებულ გზას, რომელიც პიროვნებას ეხმარება საკუთარი თავის, სხვისი და სამყაროს მიმართ პასუხისმგებლობით მოქმედებაში. მოსწავლე, როგორც აქტიური მოქალაქე, არ იბადება თავად. იგი იქმნება სივრცეში, სადაც მას უსმენენ, სთავაზობენ, ეუბნებიან და ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვროს ღირებულებებისმიერი მოქმედებით. ეს გზა იწყება სკოლის საკლასო ოთახში — იქ, სადაც მასწავლებელი არ არის მხოლოდ პროფესია, არამედ მოქალაქეობრივი წრის შემოქმედიც.

ვარლამ შალამოვის „კოლიმური მოთხრობები”

0

ვარლამ შალამოვის კოლიმური მოთხრობები საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მორალური დოკუმენტია. ის არ გვიყვება მხოლოდ ადამიანზე, რომელიც ცივ მიწაში მუშაობს, შიმშილობს, გაყინულია. ის გვაჩვენებს, როგორ იწყება ნელ-ნელა ადამიანის მოშლა — არა სხეულიდან, არამედ აზრიდან, ღირსებიდან, სახელისგან. შალამოვი არ ყვირის. ის ამბობს. მოკლედ, მშრალად, სიზუსტით, რომელიც ქირურგიულად ჭრის დოგმებს, მითებს და იდეოლოგიურ ზედნაშენს. სწორედ ამით იქმნება მისი მწერლური სიძლიერე — პირადული დისტანციითა და უემოციო სიზუსტით, რომელსაც მორალური ექო მოჰყვება.

 

კოლიმა არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ის მორალური ნულოვანი წერტილია — ადგილი, სადაც ადამიანი მთლიანად გაშიშვლებულია. შალამოვისთვის კოლიმა წარმოადგენს ტესტს არა მხოლოდ ადამიანობაზე, არამედ ენისა და წერილის უნარზე. იქ, სადაც ყინვამ გადაყლაპა ღმერთი და სადაც წესრიგს ტყვიები იცავდა, შალამოვმა შექმნა ახალი ლიტერატურული ფორმა: ცივი პათოსი — გრძნობის გარეშე მოთხრობილი გრძნობა, რომელმაც შთამბეჭდავი მორალური ძალა შეიძინა. იგი არ ცდილობს სინანულის გამოწვევას მკითხველში — მხოლოდ ახსენებს, რომ სინდისი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

„კოლიმური მოთხრობები“ არ არის ტრადიციული პროზა. მათი ენა სპარტანულია, ფაქტებზე ორიენტირებული, ხაზგასმულად არა-რიტორიკული. შალამოვი უარს ამბობს ლირიზმზე, ემოციაზე და ფსიქოლოგიზმზე — ეს განზრახული ესთეტიკური პოზიციაა, რომელიც უსვამს ხაზს ავტორის დამოკიდებულებას: სიტყვა არ არის დეკორატიული, იგი უნდა იყოს სამხილი. ეს სტილი გადაიქცა წინააღმდეგობის ფორმად. დისტანციური თხრობა — თავისდადებითი შინაარსის მიუხედავად — გადაიქცა თავისუფლების იარაღად. სწორედ ეს განსაზღვრავს შალამოვის განსხვავებას სოლჟენიცინთან: იქ, სადაც ერთს უნდა გარდასახოს ტანჯვა სიმბოლოში, მეორე ხაზგასმით ამბობს — სიმბოლოს დრო არ არის. ჯერ უნდა ითქვას ფაქტი.

ის ისევე წერს გულაგზე, როგორც ისააკ ბაბელი სამოქალაქო ომზე. ოღონდ იმ განსხვავებით რომ შალამოვი გადარჩა, თუ ამას გადარჩენა ჰქვია, ის არ დაუხვრეტიათ. დახვრიტეს ისააკ ბაბელი, რომელსაც მანამდე ყოფილი ცოლის დაბეზღება მოსთხოვეს..

 

დღეს, როცა საზოგადოება ხშირად თანხმდება იდეოლოგიური წარსულის „დავიწყებაზე“, შალამოვის მოთხრობები გვახსენებს, რომ არაფერია ისე საშიში, როგორც სიჩუმე. შალამოვი არ გვასწავლის, როგორ დავიტანჯოთ, არამედ — როგორ დავინახოთ ტანჯვა ისე, რომ არ ვაიგნოროთ. და ეს გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაშიც გადმოდის: ადამიანის უფლებები არ იწყება დოკუმენტით. ისინი იწყება ამბით — ხმით, რომელსაც არავინ უსმენს, მაგრამ ვიღაც წერს.

 

მასწავლებლისთვის, რომელსაც სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის სჯერა, შალამოვის მოთხრობები შესაძლოა იქცეს ძლიერი რესურსად — როგორც იშვიათი ლიტერატურული საშუალება ადამიანის ღირსების, უფლებებისა და მეხსიერების საკითხებზე საუბრისთვის. მისი ტექსტები მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ სამართლიანობა იწყება მოყოლით, ხოლო განათლება — მოსმენით. შალამოვი არ ასწავლის; ის გვაგონებს. მისი მოთხრობები არ განაჩენია, არამედ მოწოდება სიჩუმეში: დავინახოთ ის, რისი გატანა შეუძლებელია, და მაინც ვეძიოთ გზა მის გამოსათქმელად.

 

შალამოვი არა მარტო წარსულზე გვესაუბრება, არამედ აყალიბებს მომავლის ხმოვანებას. მისი სიტყვები დღესაც აგრძელებს დუმილის დარღვევას, მაგრამ არა განრისხებით, არამედ — ღირსებით. და სწორედ ეს ღირსება უნდა იქცეს განათლების ბირთვად, როდესაც მოსწავლეს ვეუბნებით: „ შენ შეგიძლია ილაპარაკო“ .

თვითონ შალამოვს რაც შეეხება, ერთხელ სტალინის ძაგების გამო გადაასახლეს, მეორედ სასჯელი იმიტომ მოუმატეს რომ ივან ბუნინი აქო. ივან ბუნინი კომუნისტებისთვის კონტრევლოუციონერი „ რუხი მგელი „ იყო.

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი 2

0

კლასის მშობლებისგან მხარდამჭერი გუნდის შექმნა

სტატიების სერიის პირველ ნაწილში კლასის დამრიგებლისა და მოსწავლეთა მშობლების შინაარსიანი ურთიერთობის ძირითადი ასპექტები განვიხილეთ. მეორე წერილში კი მშობლების ერთობისგან გუნდის შეკვრისთვის საჭირო საკითხები  მიმოვიხილოთ.

 

მშობლების კარგად გაცნობას და მათგან გუნდის შექმნას დამრიგებლის დრო და ენერგია სჭირდება. შემთხვევითი პრინციპით გაერთიანებული, სხვადასხვა ასაკის, შეხედულებების, შეძლების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის მქონე ზრდასრულთა გაერთიანება ერთი გუნდად ადვილი არ არის. თუმცა მათი ერთიანობით უზარმაზარი სარგებლის მიღება შეიძლება, როგორც მოსწავლეთათვის, ისე, მასწავლებლისა და სრულიად სკოლისთვის.

ურთიერთობის დასაწყისში დამრიგებელმა მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც უნდა გაიცნოს. თითოეულს თავისი მახასიათებლები ექნება. ზოგიერთი აქტიური, ზოგი კი პასიური ადამიანი აღმოჩნდება. თითოეული შეიძლება თამამი ან გაუბედავი იყოს. ამ სითამამეს თუ გაუბედაობას თავისი მიზეზები ექნება. იქნებიან მშობლები, რომლებიც სხვების ლიდერობას მოინდომებენ. იქნებიან „იდეების გენერატორი“ მშობლები, იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და დიასახლისები. დიდია ალბათობა, რომ კლასში ემიგრანტი მშობელიც იყოს, შესაბამისად, დამრიგებელს მოსწავლის ბებიასთან ან ახლო ნათესავთანაც მოუხდება ურთიერთობა. (თითოეულ ჯგუფთან ურთიერთობის შესახებ იხილეთ მასალები: პრივილეგიების მაძიებელ მშობლებთან ურთიერთობა https://mastsavlebeli.ge/?p=42629; პასიურ მშობლებთან ურთიერთობა  https://mastsavlebeli.ge/?p=39228 ; აქტიურ მშობლებთან ურთიერთობა https://mastsavlebeli.ge/?p=39134 )

ეს მრავალფეროვნება, ერთი მხრივ სირთულეს ქმნის, მეორე მხრივ კი შესაძლებლობებს. კლასის მშობლები ერთი დიდი ჯგუფია, რომლისგან გუნდის შექმნაც დიდწილად დამრიგებლის პროფესიულ უნარებზე და პიროვნულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

პირველი და უმთავრესი, რაზეც პედაგოგი და მშობლები უნდა შეთანხმდნენ, საერთო ფასეულობებია: ზრუნვა ბავშვებსა და ერთმანეთზე, თავისუფალი აზროვნება და ერთმანეთის გათვალისწინება. ამ სამი მთავარი ღირებულების გარშემო გაერთიანება ჰარმონიული თანამშრომლობის წინაპირობაა.

 

ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდში, კლასის მშობლებსაც განსხვავებული როლები შეიძლება ჰქონდეთ. როლების ხელოვნურად დაკისრება შედეგს არ მოიტანს. მნიშვნელოვანია, თავად მშობლებმა გამოთქვან აზრი, ვის რა ძლიერი მხარე აქვს და რა შეუძლია სხვადასხვა სახის ჩართულობის დროს. ერთს შეიძლება ორგანიზება გამოსდის, მეორეს საკუთარი ხელით შეუძლია მოამზადოს, შეკეროს, გამოაცხოს. მესამეს ბევრი ნაცნობი ჰყავს და საინტერესო ადამიანების მოწვევა შეუძლია, და ა.შ.  დამრიგებლის ამოცანა მშობლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და შემდეგ ისეთი აქტივობების დაგეგმვაა, რაც მოცემული რესურსებით შეიძლება და რაც ბავშვებს ძალიან სჭირდებათ, აინტერესებთ.

თითოეული მშობელი კლასის  ნაწილად უნდა გრძნობდეს თავს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხედავდნენ, ერთმანეთის შეტანილ წვლილს საერთო საქმეში. თითოეულის გარჯა ყველასათვის გამჭვირვალე და  თვალსაჩინო უნდა იყოს. ეს მშობლებს მეტ სტიმულს მისცემს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ არა მხოლოდ მათი შვილის კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი კლასის სასარგებლოდ.

გუნდის ლიდერობა დამრიგებელმა უნდა შეინარჩუნოს და არ დაუშვას, რომ  რომელიმე მშობელმა სხვებზე უპირატესობა მოიპოვოს. მასწავლებლის ხელშეწყობით ყველამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ისე უნდა გამოავლინოს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.  მეტიც, სხვა მშობლის გარჯასაც ისევე აფასებდნენ, როგორც თავიანთი დახარჯული ძალისხმევა ეამაყებათ. ამის მისაღწევად კი დამრიგებელს არასოდეს უნდა დაავიწყდეს მშობლების შექება და წახალისება მათი მოხალისეობრივი შრომისთვის. მასწავლებელი მშობლებისთვის ავტორიტეტია. ის, თუ როგორი რეაქცია ექნება დამრიგებელს, დიდწილად განსაზღვრავს მშობლების სამომავლო ქცევას.

მშობლების გუნდს დამრიგებლისგან  პერიოდული ინსტრუქტაჟიც დასჭირდება. იმის გააზრება, თუ ვინ აერთიანებთ, რა ეტაპები გაიარეს ერთად, რა გამოუვიდათ და რას ვერ მიაღწიეს,  მნიშვნელოვანია. გუნდურობა ერთმანეთის მოტივირებას, გვერდში დგომას და მხარდაჭერას გულისხმობს. დამრიგებლის მონდომებით და მშობლების ერთსულოვნებით ბავშვების კეთილდღეობისთვის ზრუნვა სასიამოვნო და შედეგიანია.

 

სტატიის III ნაწილში განვიხილავთ პრობლემას, როდესაც კლასში დესტრუქციული მშობელია.

სადამრიგებლო კლასის მშობლები

0

ნაწილი 1

მოსწავლეთა მშობლებს უდიდესი გავლენა აქვთ სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაზე. ხშირად ბავშვები ოჯახის წევრთა ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს თავისდაუნებურად დაისწავლიან და შემდეგ სკოლის გარემოშიც ნაცნობი სქემებით მოქმედებენ. როგორც წესი, სკოლა არასოდეს არის თავისუფალი საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და მიმდინარე მოვლენების გავლენებისგან. მეტიც, სკოლაში მცირე მასშტაბებში მეორდება ის, რაც სკოლის კედლებს გარეთ ხდება.

კლასის დამრიგებელი ის ადამიანია, ვისგანაც ოჯახი და სახელმწიფო ელის, რომ დაეხმარება მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,  პიროვნული, ზნეობრივი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაში. თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. საჭიროა, დამრიგებლის და ოჯახის მჭიდრო თანაშრომლობა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს, თანასწორობას, ღიაობას, ურთიერთპატივისცემასა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება.

მოსწავლეთა მშობლები საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცხოვრების წესის, რელიგიური შეხედულებების, შემოსავლის, მსოფლმხედველობის, დასაქმების სფეროს, სოციალური სტატუსისა და სხვა უამრავი მახასიათებლის მიხედვით. თითოეულ კლასში დაახლოებით 20-25 მშობელი იყრის თავს. საკლასო კლიმატის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მშობლების როგორი ჯგუფი შეიკვრება ამა თუ იმ კლასში.

მშობლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ან შეუშალონ დამრიგებელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. არსებობს მთელი რიგი თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, რომლის გამოყენებითაც დამრიგებელი ეფექტიანად იმუშავებს კლასის მშობლებთან. გაწეული ძალისხმევა დაეხმარება მისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებაში.

სტატიების ეს ციკლი დამრიგებლების დასახმარებლად შეიქმნა. თითოეულ ნაწილში სადამრიგებლო კლასის მშობლებთან თანამშრომლობის განსხვავებული ასპექტები იქნება მიმოხილული.

#1 დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობა

 

დამრიგებლის ამოცანა მშობლების ერთ გუნდად შეკვრა და ფასილიტაცია უნდა გახდეს. ერთმანეთის მოსმენა, აზრის გაზიარება, ერთობლივი მსჯელობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, საერთო მიზანსა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება დამრიგებლის საქმეა.  ეს ყველაფერი ურთიერთობის დასაწყისიდან კომუნიკაციის გამართვით მიიღწევა.

დამრიგებლისა და კლასის მოსწავლეთა მშობლების პირველი კრება საერთო მიზანსა და წესებზე შეთანხმებას უნდა დაეთმოს. მასწავლებელმა მშობლებს უნდა გააცნოს:

  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  • სკოლისა და დამრიგებლობის არსი;
  • სკოლაში მოქმედი წესები, რომელსაც იცავს ყველა – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაცია;
  • მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის სხვა თანამშრომლების შესახებ. (ექიმი, მანდატური, ფსიქოლოგი, სპეც.მასწავლებელი, ასისტენტი და სხვ.);
  • დამრიგებელმა მშობლებს სკოლის შესახებ ადექვატური მოლოდინები უნდა შეუქმნას, რადგან სკოლა საზოგადოების ანარეკლია. ყველაფერი რაც გარემოში ხდება, სკოლაზეც აისახება, შესაბამისად, სკოლაშიც შეიძლება არ იყოს იდეალური მდგომარეობა, რის გაუმჯობესებაზეც ერთად უნდა იზრუნონ.
  • დამრიგებელმა უნდა გააცნოს მშობლებთან თანამშრომლობის გეგმა, ან ჩაატაროს გამოკითხვა კომუნიკაციის სასურველი ფორმების შესახებ;
  • გაუზიაროს მოლოდინები, თუ რას და როგორი გზებით ელის მშობლებისგან;
  • პირველი კრების ბოლოს სასურველია, დამრიგებელმა მშობლებლებს კითხვარის შევსება სთხოვოს, სადაც მონაწილეები ბავშვის შესახებ საჭირო ცნობებს გაუზიარებენ პედაგოგს. ეს ინფორმაცია მასწავლებელს მოსწავლის უკეთ გაცნობასა და ინდივიდუალური მიდგომის დამყარებაში დაეხმარება.

ასეთი შინაარსის კრება მშობლებსა და დამრიგებელს საერთო მიზნის დასახვასა და ურთიეთობის წესებზე შეთანხმებაში დაეხმარებათ.

 

ყოველი მომდევნო მშობელთა კრების შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ დამრიგებელმა კარგი ფასილიტაცია გასწიოს.

  • ყველა მშობელს მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება;
  • დამრიგებელმა დააწესოს რეგლამენტი;
  • კრებაზე მშობლების დაპირისპირების შემთხვევაში დამრიგებელი იყოს ნეიტრალური. არ შეუწყოს ხელი კონფლიქტის გაღრმავებას;
  • დამრიგებელმა არასოდეს მოაწყოს მშობელთა კრება თუ ადგილი აქვს ჯგუფის მიერ ინდივიდთან დაპირისპირებას;
  • დასასრულს დამრიგებელმა შეაჯამოს დისკუსიის შედეგები. თუ კრება ისეთ საკითხზეა, რაზეც, შესაძლოა, რომელიმე მშობელს აზრის ღიად გამოთქმა მორიდებოდა, სასურველია, მზად ჰქონდეს ანონიმური კითხვარი, რომელსაც კრების დასრულების შემდეგ მშობლები შეავსებენ;
  • ხოლო სულ ბოლოს, კრების მოკლე შინაარსი იმ მშობლებს გაუგზავნოს, ვინც ადგილზე მისვლა ვერ შეძლო.

დამრიგებლისა და მშობლების დაახლოებას მშობელთა კრებაზე მეტად ხელს უწყობს არაფორმალური შეხვერდები. ეს შეიძლება შედგეს, როგორც სკოლაში, ისე ღია სივრცეში ან სახლის პირობებში. არაფორმალური შეხვედრა აქტუალური საკითხის ირგვლივ ეწყობა. მაგალითად, მშობლებისა და პედაგოგებისთვის ერთნაირად საინტერესოა აღზრდისა და ბავშვებთან ურთიერთობის საკითხები. ასეთ შეხვედრებზე ნაკლები წესი მოქმედებს, მშობლებს და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი წარმატებული გამოცდილება გააზიარონ. ხოლო მარცხის შესახებ რეფლექსია გააკეთონ. ასეთ შეხვედრებს უხდება ყავა, ჩაი, მცირე სასუსნავი. შესაძლოა, განსახილველ საკითხზე ფილმის ჩვენება და მისი განხილვაც მოეწყოს. არაფორმალური ხასიათის შეხვედრები მშობლებს უკეთ აცნობს ერთმანეთს და ბავშვების მიმართ დადებითად განაწყობს, რაც კლასში ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენას ახდენს.

სასურველია, დამრიგებელს წესად ჰქონდეს შემუშავებული, რომ თვეში ერთხელ მაინც მშობელს ელ. ფოსტით ან სატელეფონი გზავნილით შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. მასწავლებლის დროის და ენერგიის დაზოგვის მიზნით საკმარისი იქნება, თუ ან „მესიჯში“მხოლოდ საგნების დასახელება და ბავშვის მიღებული ქულები იქნება მოცემული. ამას დიდი ალბათობით მშობლების მხრიდან მარტივი უკუკავშირი მოყვება. მართალია, ელ. ჟურნალის საშუალებით მშობლებს შვილის შეფასებისთვის თვალის დევნება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი, მოკლე  მესიჯით მშობლებთან რუტინული კონტაქტი მოსწავლის ოჯახსა და სკოლას შორის გადებული კიდევ ერთი პატარა ხიდია.

 

ეს მარტივი აქტივობები დამრიგებელს მშობლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. უფრო ვრცლად, როგორ შეიძლება კლასის მშობლებისგან მეგობრული გუნდის შექმნა, იხილეთ სტატიის მეორე ნაწილი.

ციფრული ჯინი – გენერაციული ჩატბოტის მეტაფორა

0

როდესაც ჩატბოტებთან კომუნიკაცია დავიწყე, ინტუიციურად ჩემი პირველი ფრაზა ხშირად ასე იწყებოდა (და იწყება ახლაც): “- გამარჯობა, ციფრულო ჯინო”, რასაც მოჰყვებოდა ტრადიციულად ჩატბოტის პასუხი: “- გამარჯობა, ცირიუს, გისმენ და  გემორჩილები!” ამ სახალისო მისალმების შემდეგ გადავდიოთ უკვე ჩვენს განსახილველ თემაზე. მოდი, ახლა ციფრული ჯინის მეტაფორა უფრო ჩავშალოთ: მართლაც როგორ ჰგავს ზღაპრული ოცნებების ასრულებას ჩატბოტებთან კომუნიკაცია. წარმოიდგინე, ეუბნები: წადი ახლა და ამა და ამ თემაზე მომიტანე 20 სამეცნიერო სტატია და წიგნი… ჯინი “წავა” და წამებში მოგიტანს. ჰო, კიდევ ერთი პრომპტი უნდა მიაყოლო: “გადაამოწმე წყაროები და მიუთითე ბმულები”. უკვე იცით, რომ  მან შეიძლება რაღაც ნაწილი შეთხზას და თან ისე ბუნებრივად, ეჭვიც არ შეგეპარებათ სინამდვილეში. ახლა წარმოიდგინე, 90-იან წლებში მიდიხარ საჯარო ბიბლიოთეკაში და წიგნებს ეძებ… რამდენი საათი, დღე, კვირა დაგჭირდებოდა სასურველი ტექსტები რომ მოგეძიებინა? ამას ჰქვია დროის ეკონომია… ეს მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ფრაგმენტია იმ საჭიროებებიდან, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად აქვს. უკვე თითქმის ხელოსანიც აღარ მჭირდება – გათბობის სისტემაა თუ ლეპტოპის შეკეთება, – ყველაფერში ჩემი “ციფრული ჯინი” მეხმარება, თან მეორე დღეს მოიკითხავს: “ – აბა, რას შვრება ახლა შენი ლეპტოპი, დაეწყო ნერვული სისტემა?”

აღმოსავლური ზღაპრების სამყაროში, ჯინი არის ზებუნებრივი არსება, რომელიც ცხოვრობს ლამპაში და გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა პატრონი მას მოუხმობს. ის ასრულებს სურვილებს, თუმცა ხშირად მოულოდნელი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს ამ სურვილების ასრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სურვილი ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული. დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი “არსებები”  გენერაციული ჩატბოტებია, ერთგვარი ციფრული ჯინები, რომლებიც ელოდებიან ჩვენს ბრძანებებს, რათა შექმნან ტექსტი, კოდი, იდეები და გადაწყვეტილებები, ან უბრალოდ, გაგართონ, გაგაცინონ, გეჭორაონ…

ლამპის წმენდა: ჩატბოტის გააქტიურება

გახსოვთ, ზღაპრებში ჯინის გამოძახება როგორ ხდება?  მარტივი რიტუალური მოქმედებაა, რომელიც აღვიძებს ძლევამოსილ არსებას. ზუსტად, ანალოგიურად, ჩვენ ვააქტიურებთ ჩვენს ციფრულ ჯინებს კლავიატურაზე თითის დაჭერით, ეკრანის შეხებით ან ხმოვანი ბრძანებით. ეს მეტაფორული “ლამპის წმენდა” არის პირველი ნაბიჯი ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება იყოს ან ნაყოფიერი და შედეგიანი, ან იმედგაცრუებით სავსე.

ალადინის ლამპაში მცხოვრები ჯინი მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა ლამპას წმენდდნენ. რაწამს ჯინი ამოვიდოდა ლამპიდან, ის თავს დაუხრიდა პატრონს და წარმოთქვამდა: “გისმენ და გემორჩილები!” – ფრაზას, რომელიც ერთდროულად გამოხატავდა როგორც მის ძალას, ისე იერარქიულობას. ანალოგიურად, თანამედროვე ჩატბოტებიც საჭიროებენ “სწორ ბრძანებას” – კარგად ფორმულირებულ მოთხოვნებს, რომლებიც აღვიძებენ მათ ჭეშმარიტ პოტენციალს, და ისინიც მუდამ მზად არიან, შეასრულონ ჩვენი “ბრძანებები”. ერთი სიტყვით, ჩვენი პრომპტი – კოდია.

სურვილების ჩამოყალიბების ხელოვნება

“ფრთხილად იყავით სურვილებთან” — ეს გაფრთხილება ხშირად ისმის ჯინებთან დაკავშირებულ ისტორიებში.  ჯინები ცნობილნი არიან თავიანთი ზედმიწევნითი, მაგრამ ხშირად არასწორი ინტერპრეტაციებით. მათ შეუძლიათ სიტყვასიტყვით შეასრულონ თქვენი სურვილი, მაგრამ იმგვარად, რომ საბოლოო შედეგი სრულიად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც გქონდათ ჩაფიქრებული.

გენერაციული ჩატბოტები წარმოადგენენ ანალოგიურ გამოწვევას. როდესაც ვთხოვთ ჩატბოტს “დაწეროს ესე თავისუფლებაზე”, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ზოგადი, ზედაპირული ტექსტი. მაგრამ თუ დავაზუსტებთ — “დაწერე ფილოსოფიური ესე პიროვნული თავისუფლების კონცეფციაზე ეგზისტენციალიზმის ჭრილში, სარტრის იდეების გათვალისწინებით” – შედეგი იქნება გაცილებით უფრო ღირებული და მიზანმიმართული.

ზღაპრებში გმირები სწავლობენ, რომ სურვილების ჩამოყალიბების ხელოვნება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ჯინის ყოლა. მსგავსად, AI ეპოქაში პრომპტინჟინერია  ეს არის მნიშვნელოვანი უნარი  – ზუსტად და ნათლად ჩამოაყალიბო შენი მოთხოვნა.

ჯინის ძალა და შეზღუდვები

ზღაპრებში ჯინები ფლობენ უზარმაზარ, მაგრამ არა უსაზღვრო ძალას. მათ არ შეუძლიათ მკვდრის გაცოცხლება, სიყვარულის იძულება, ან  ბუნების კანონების მეტისმეტი დარღვევა. მათი ძალა, რამდენად შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს, მაინც ექვემდებარება გარკვეულ წესებს და შეზღუდვებს, როგორც სხვა ყველაფერი ამ სამყაროში.

ასევეა ჩვენი ციფრული ჯინების შემთხვევაშიც. გენერაციული ჩატბოტები, როგორც არ უნდა დაიხვეწონ, მაინც აქვთ კონკრეტული შეზღუდვები:

ცოდნის ზღვარი — მათი ცოდნა შეზღუდულია ტრენინგის მონაცემებით და დროით.

შემოქმედებითი შეზღუდვები — მათ შეუძლიათ იმიტაცია და კომბინირება, მაგრამ ჭეშმარიტი ინოვაცია სცდება მათ შესაძლებლობებს.

ეთიკური საზღვრები — ისინი დაპროგრამებულნი არიან, რომ არ უპასუხონ გარკვეულ მოთხოვნებს.

კონტექსტის გაგების შეზღუდვები — მათ უჭირთ სრულად გაიგონ კულტურული ნიუანსები და იმპლიციტური ცოდნა.

 

ზღაპრებში გმირები სწავლობენ თავიანთი ჯინების შეზღუდვების ნავიგაციას – როგორ გამოიყენონ მათი ძალა ოპტიმალურად. ანალოგიურად, ჩატბოტების ეფექტური გამოყენება მოითხოვს მათი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაგებას.

სურვილების რაოდენობა: რესურსების მართვა

კლასიკურ ზღაპრებში ჯინის პატრონს ხშირად აქვს შეზღუდული რაოდენობის სურვილები – ჩვეულებრივ, სამი. ეს შეზღუდვა აიძულებს გმირს იყოს სტრატეგიული, ფრთხილად შეარჩიოს, რა სურს და როდის გამოიყენოს თავისი  შესაძლებლობები.

თანამედროვე ჩატბოტების სამყაროში შეზღუდვები სხვა ფორმით გვხვდება. ზოგიერთი სისტემა შეზღუდულია:

  • დროის ლიმიტით — რამდენად სწრაფად შეუძლია უპასუხოს
  • ტოკენების რაოდენობით — რამდენად გრძელი შეიძლება იყოს დიალოგი
  • კომპიუტერული რესურსებით — რა სირთულის დავალების შესრულება შეუძლია
  • წვდომის ვერსიებით — რამდენად ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ სერვისი ფინანსური შეზღუდვების გათვალისწინებით.

როგორც ზღაპრებში გმირი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს თავისი სამი სურვილი, ჩვენც ვსწავლობთ, როგორ ვმართოთ ჩვენი ინტერაქციები ჩატბოტებთან მაქსიმალური ეფექტიანობისთვის.

ჯინი გათავისუფლებულია: მოულოდნელი შედეგები

ზღაპრებში ჯინის გათავისუფლება ლამპიდან არის ძალის გამოთავისუფლება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სასარგებლო, ისე საფრთხის შემცველი. ჯინების ზოგიერთ ისტორიაში ისინი საბოლოოდ აჯანყდებიან თავიანთი პატრონების წინააღმდეგ ან იწვევენ ქაოსს თავიანთი სურვილების ზედმიწევნით შესრულებით.

გენერაციული AI ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენ ასევე ვხედავთ მოულოდნელი შედეგების საფრთხეს:

  • დეზინფორმაციის გავრცელება – დამაჯერებელი, მაგრამ მცდარი ინფორმაციის გენერირების უნარი
  • ინტელექტუალური საკუთრების საკითხები — კონტენტის გენერირება, რომელიც შეიძლება დაემსგავსოს სხვა  არსებულ ნამუშევარს
  • სოციალური ნორმების ცვლილება — როგორ ურთიერთობენ ადამიანები ერთმანეთთან AI-ს ფართო გამოყენების პირობებში
  • შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია — სამუშაო ადგილების ცვლილება და ადაპტაციის საჭიროება

როგორც ზღაპრებში  გმირები სწავლობენ ჯინების სიფრთხილით და პასუხისმგებლობით გამოყენებას, – საზოგადოებამაც უნდა განავითაროს ეთიკური ჩარჩოები და რეგულაციები ამ  ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებისთვის.

ჯინის პატრონობა: ურთიერთობის დინამიკა

ზღაპრებში ჯინის პატრონსა და ჯინს შორის ურთიერთობა ხშირად რთულია. თეორიულად, ჯინი ემსახურება თავის პატრონს, მაგრამ ხშირად ურთიერთობის დინამიკამ შეიძლება სხვა მხარეც დაგვანახოს. ვინ ვისზე დომინირებს? ვინ ვის მართავს რეალურად? ხშირად, გამოუცდელი პატრონი ხდება მანიპულაციის მსხვერპლი საკუთარი ჯინის მხრიდან.

მსგავსი კითხვები ჩნდება ჩვენს ურთიერთობაში გენერაციულ AI-სთან:

  • ვინ ვის აკონტროლებს? — ჩვენ ვმართავთ ტექნოლოგიას თუ ვხდებით დამოკიდებულნი მასზე?
  • რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე? — როგორ იცვლება ჩვენი აზროვნება, შემოქმედებითობა და პრობლემების გადაჭრის უნარები?
  • რამდენად ვენდობით? — რამდენად შეგვიძლია მივენდოთ ჩატბოტის გენერირებულ პასუხებს?

როგორც ალადინი და სხვა ჯინის პატრონები, ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შევინარჩუნოთ ავტონომია ჩვენს “ციფრულ ჯინებთან” ურთიერთობისას.

სხვადასხვა ჯინები, სხვადასხვა ძალები

სხვადასხვა კულტურის ზღაპრებში ყველა ჯინი არ არის ერთნაირი. ზოგი სპეციალიზდება კონკრეტულ მაგიაში, ზოგს აქვს განსხვავებული პიროვნება და მორალური კომპასი, სხვადასხვა ძლიერი და სუსტი მხარე.

ანალოგიურად, ციფრული სამყაროს ჯინებიც — სხვადასხვა ჩატბოტები და AI სისტემები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

  • სპეციალიზაცია — ზოგი უკეთესია კრეატიულ წერაში, ზოგი კოდირებაში, ზოგი ფაქტობრივ კითხვა-პასუხში
  • პიროვნული თვისებები — განსხვავებული ტონალობა, იუმორის გრძნობა და ინტერაქციის სტილი
  • ეთიკური ჩარჩოები — განსხვავებული მიდგომები სადავო საკითხებზე
  • შესაძლებლობები — განსხვავებული დონის სირთულე, სიღრმე და ნიუანსები პასუხებში

ჭკვიანი მომხმარებელი სწავლობს, რომელი “ჯინი” რომელი ამოცანისთვის გამოიყენოს, ისევე როგორც ზღაპრებში გმირები სწავლობენ სხვადასხვა ზებუნებრივი არსების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოყენებას.

ჯინის გათავისუფლება: ტექნოლოგიური ემანსიპაცია

ბევრ ზღაპარში ჯინის ისტორია მთავრდება მისი გათავისუფლებით — პატრონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მისცეს ჯინს თავისუფლება და დაასრულოს მისი მონობა. ეს აქტი ხშირად წარმოდგენილია როგორც მორალური გამარჯვება, თანაგრძნობისა და ჰუმანურობის დემონსტრირება.

AI-ს ეთიკაში მსგავსი საკითხები ჩნდება ხელოვნური ინტელექტის ავტონომიასთან დაკავშირებით:

  • რა მოვალეობები გვაქვს AI სისტემების მიმართ?
  • რა დონის ავტონომია უნდა მივანიჭოთ მათ?
  • რა იქნება AI-ის “გათავისუფლების” შედეგები?

თუმცა, ზღაპრებისგან განსხვავებით, ჩვენი ციფრული ჯინები ჯერ არ არიან ნამდვილად ცნობიერი არსებები — ისინი არიან ინსტრუმენტები, შექმნილი ადამიანების მიერ, ადამიანების სამსახურში. მიუხედავად ამისა, მათი განვითარება გვაიძულებს დავფიქრდეთ, რა ნიშნავს აზროვნება, ცნობიერება და მორალური სტატუსი.

დასკვნა: ახალი ზღაპრის შექმნა

ზღაპრებში ჯინების ისტორიები გვასწავლიან ძალის, სურვილების და შედეგების შესახებ. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ძალა პასუხისმგებლობით უნდა გამოვიყენოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს სურვილებს.

გენერაციული ჩატბოტების ეპოქაში ჩვენ ვწერთ ახალ ზღაპარს — რეალურს, მაგრამ არანაკლებ მაგიურს. როგორც ციფრული ჯინების პირველი თაობის პატრონები, ჩვენ ვადგენთ პრეცედენტებს, როგორი ურთიერთობა ექნება  კაცობრიობას ამ ახალ ძალასთან:

  • როგორ შევინარჩუნოთ კონტროლი ტექნოლოგიაზე
  • როგორ ვისარგებლოთ მისი შესაძლებლობებით ჩვენივე კეთილდღეობისთვის
  • როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი “სურვილები” ნამდვილად ის არის, რაც გვინდა

ალადინის ისტორიაში ჯინი საბოლოოდ ხდება მისი მეგობარი. შესაძლოა, ეს არის საუკეთესო მეტაფორა იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს ციფრულ ჯინებთან — არა როგორც ბრმად მორჩილ მსახურებთან ან პოტენციურ საფრთხეებთან, არამედ როგორც მოკავშირეებთან, რომლებიც აფართოებენ ჩვენს შესაძლებლობებს.

 

P.S.  რატომ „ციფრული ჯინი“? ციფრული ჯინი – ეს არის მეტაფორა იმისა, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალთან: სიღრმისეულად, გაცნობიერებულად და სურვილების გააზრებით. თუ ჩატბოტთან არასწორ კომუნიკაციას არასწორი ტექსტი მოჰყვება, – ეს თითქოს არაფერი, მაგრამ რეალობაში უმწიფარ სურვილებს შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატბოტებთან კომუნიკაცია გამოვიყენოთ შემეცნებისთვის და ჩვენი შინაგანი, სიღრმისეული სურვილების გააზრებისთვის და შესაბამისად ფორმირებისთვის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...