შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

ბავშვური თავისუფლების გემო

0

ბავშვებისთვის მშობლები ის სარკეები არიან, რომლებშიც არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სამყაროს ხედავენ, მათგან სწავლობენ სიცოცხლის უმარტივესსა და ურთულეს კანონებს, მათი გზით შეიცნობენ უნივერსალურ კანონზომიერებებს, თუმცა გაუცნობიერებლად. მხოლოდ მოზრდილ ასაკში გაიაზრებს ადამიანი მშობლების როლსა და ფუნქციას საკუთარი პიროვნებისა თუ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში. „მშობლის“ როლში ხშირად გამოდიან ბებიები და პაპები, ნათესავები თუ გარემო და საზოგადოება. მხატვრულ ლიტერატურაში არაერთი მაგალითია გოგონებისა თუ ბიჭებისა, რომლებიც დედისა თუ მამის მოსაწონებლად თავს არ ზოგავენ, რადგან ისინი მიაჩნიათ ჭეშმარიტების საზომად. ამგვარად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეზიარებიან კულტურას, მორალურ ღირებულებებს, ქცევის მოდელებს. ამჯერად რამდენიმე პატარა ბიჭი გვინდა გავიხსენოთ, დიდი გული რომ აქვთ და მზად არიან ცხოვრებას შეეჭიდონ. ჯეკ ლონდონის მოთხრობის, „საკრამენტოს ნაპირებზე“, პატარა ბიჭი უდიდეს სიმამაცეს გამოიჩენს, სხვა ადამიანებს სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად გადაარჩენს, მაგრამ მხოლოდ იმაზე სწყდება გული, რომ მამას ეს ყოველივე არ დაუნახავს: „ბიჭი კმაყოფილი იყო, ამაყობდა თავისი საქციელით, სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა და რახან ეშმაკობისა არაფერი ეცხო, არც იმის ეშინოდა, საკუთარ თავს გამოსტყდომოდა ამაში. ერთ რამეზე კი სწყდებოდა გული – ნეტავ მამა მაინც ყოფილიყო შინ და ყველაფერი დაენახაო“. ეს მოთხრობის ფინალური ფრაზებია. მანამდე კი ვეცნობით მას ერთი ჩვეულებრივი დღის რაღაც მონაკვეთში, რომელმაც ის „კაცად“ აქცია, მიახვედრა, რომ ცხოვრებაში მთავარი გამბედაობა და სხვისი შეწევნის მზადყოფნაა, რომ ნამდვილი სიხარული ისაა, როცა ხედავ, შენმა გულადობამ სხვა ადამიანები განსაცდელისგან იხსნა. გარეგნობაში გამკრთალი ცეცხლისფერი მის ცეცხლიან გულს შეესაბამება: „ჯერისაც მამასავით წითური თმა, მკვირცხლი თვალები და ჭორფლიანი კანი ჰქონდა“. მას პატარა ჯერის ეძახდნენ, რათა დიდი მამა ჯერისაგან განესხვავებინათ. მთელი მოთხრობა კი იმაზეა, ქარიშხლიან დღეს, საშინელ ავდარში, როგორ გადაიყვანა მდინარე საკრამენტოზე საბაგირო გზით ცოლ-ქმარი, როგორ გადალახა შიში, ტკივილი, მაგრამ მაინც შეძლო ყოველივეს გამკლავებოდა. მას აქვს ხატი, რომელსაც ჰბაძავს, ეს მამამისია, რომლის არყოფნაში მის მაგივრობას სწევს, მის როლს ასრულებს. ამ შემთხვევაში, მამა-შვილის ურთიერთობა ჰარმონიულია, მაგრამ ხანდახან საქმე რთულდება, როდესაც ბავშვის მიერ მამაზე შექმნილი წარმოდგენა სინამდვილეს არ შეეფერება.

 

უილიამ ფოლკნერის მოთხრობაში „ცეცხლისწამკიდებელნი“ სწორედ ამგვარი ვითარებაა. ბიჭს უყვარს მამა და აღმერთებს, ცდილობს, მის მხარეს იყოს სულ, მაგრამ წინააღმდეგობა მაშინ ჩნდება, როდესაც ბიჭის ანგელოზურ სულს სისხლი ვერ ჯაბნის. მიუხედავად მცირე ასაკისა, და, შესაბამისად, ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილებისა, ის გრძნობს, მამის სისხლი ჩქეფს მასში: „სისხლი, რომლის ამორჩევა მისთვის არავის უკითხავს. სისხლი, უნდოდა თუ რა, მემკვიდრეობით რომ მიიღო. სისხლი, მის გაჩენამდე რომ ჩქეფდა მრავალი ადამიანის ძარღვებში და იღვრებოდა, ვინ უწყის, სად და რა ძალადობის, მხეცობისა და თუ ვნებათა ღელვის ჟამს“. მას აწუხებს, რომ თუ რაიმე წინააღმდეგობას იგრძნობს მშობელთან, მის გზას მაინც ვერ გადაუხვევს. ეს წინააღმდეგობა კი ნელ-ნელა გამოიკვეთება. პირველად მაშინ, როდესაც ბიჭი გრძნობს, რომ მამა მისგან მოსამართლესთან ტყუილის თქმას მოითხოვს. ბიჭს მამის გარდა, კიდევ ერთი ხატი აქვს – ეს არის პოლკოვნიკი სარტიროსი, რომლის პატივსაცემადაც დაურქმევიათ მისთვის ეს სახელი. ფოლკნერი მისთვის ჩვეული ოსტატობით აღგვიწერს პატარა ბიჭის სულში ატეხილ ქარიშხალს. ის ხედავს, რომ მამა „დამნაშავეა“, ცეცხლს უკიდებს სხვის ქონებას და მერე სხვას აბრალებს, მაგრამ მაინც იცავს: „მას უნდა, რომ სიცრუე ვთქვა, – გაიფიქრა ბიჭმა და კვლავ შეიპყრო დარდმა და სასოწარკვეთილებამ, – მეტი რა გზა მაქვს, უნდა ვიცრუო“. როცა სხვა ბავშვმა დაუძახა მამამისს ცეცხლისწამკიდებელი, მაშინვე თავს დაესხა და ცხვირ-პირის დასისხლიანების ფასად შეეცადა მამის ღირსების დაცვას. მწერალი ხატავს მას, როგორც ჩვეულებრივ პატარა ბიჭს, მაგრამ თანვე ისეთ შტრიხებს გამოკვეთს, რომ მკითხველს უჩვეულოსთვის ამზადებს, მაგალითად, როცა ბიჭი ღამით ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მამას უკან მიჰყვება, მასში რაღაც ქვეცნობიერი ცვლილება ხდება. ის მამის სხეულს ბრტყელ, სისხლდაშრეტილ ლანდად აღიქვამს, რომელიც თითქოს თუნუქისაგან არის გამოჭრილი. ამ მხატვრული სახით მწერალი ქვეტექსტურად მიგვანიშნებს, რომ ბიჭი გრძნობს, მამამისს სული აქვს დაკარგული, ამიტომ მის კვალს მიყოლა მისთვისაც დამღუპველი იქნება. ეს არ არის გზა, რომელიც თავისუფლებისკენ მიდის. ბიჭი კი თავისუფლებას ესწრაფვის, ეს სიცოცხლის ენერგიაა მასში, რომელიც ვერანაირ ჩარჩოსა და ბორკილს ვერ ეგუება. ამიტომაც არის, რომ ერთხელ, როდესაც უფსკრულის თავზე ლერწამზე თამამად ჩამოკიდებული გაქანდ-გამოქანდა, „უეცრად დაეუფლა მარადისობასავით უსასრულო წამი, გამაოგნებელი რომ იყო თავისი საოცარი მნიშვნელობით, თითქოს ჟამთა სრბოლიდან ამოვარდნილიყო“. ამ პატარა ბიჭის გულში წარმავლობა და მარადისობა შესჭიდებია ერთმანეთს და ბიჭი გრძნობს, რომ მარადისობის მხარეს უნდა დადგეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტებას, მამის სახით მოვლენილს, უნდა განუდგეს. მას აწუხებს, რომ შუაში იხლიჩება, თითქოს ორი ცხენის ძუაზე გამობმული. გონიერი გული მის უმწიფარ გონებას გაქცევის არჩევანსა თუ ალტერნატივას სთავაზობს. მან ისიც არ იცის, რომ მამაცი მამის ხატი ყალბია, რომ მამამისი ომში წავიდა არა სიმამაცისთვის, არამედ ნადავლის ხელში ჩასაგდებად, „ხოლო ვის გაძარცვავდა, მტერსა თუ მოყვარეს, მისთვის სულერთი იყო“. ბიჭი რთულ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, გაუსხლტება მშობელთა შემბოჭველ ხელებს, გააფრთხილებს ადამიანებს, რომ მათ ბეღელს ცეცხლს უკიდებენ და გაიქცევა. მის გაქცევას მწერალი უმშვენიერესი ბუნების ფონზე ხატავს. ბიჭი დილას ბორცვის თემზე მჯდარი ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფლების გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა, სინათლის მწვერვალს შეეხო: „იგი ბორცვიდან დაეშვა ქვემოთ, შავად აქოჩრილი ტყეებისაკენ, საიდანაც ისმოდა ჩიტების ჟღურტული, მათი ვერცხლივით წკრიალა ხმები, გაზაფხულის ღამის ამღერებული გულის ხშირი, ძალუმი ძგერა. ბიჭი უკან არ იხედებოდა“. ასოციაციურად ცოცხლდება ბიბლიური პარადიგმა, უკან მიხედვა აქვავებს. ბიჭი ძველი სამოსივით იხდის მამის ბნელ გავლენას, მის მორჩილებას და სინათლის გზას ადგება.

 

საინტერესო ფსიქოლოგიური ვითარება აქვს დახატული რეზო ინანიშვილს მოთხრობაში „13 წლის ბიჭი“, როდესაც ნათესავებისგან გამოქცეულ ბიჭს გულადად რომ მიიჩქარის შინისაკენ, წინ ღამის ტყე გადაეღობება. ის ვერ გადალახავს შიშს და რცხვენია ამისა. გრძნობს, რომ კიდევ უნდა გაიზარდოს, რათა ძალა ჰქონდეს საკუთარი არჩევანის დაცვისა: „სულ ცოტა ხნის წინ კი გმირად გრძნობდა თავს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი რამე დაიწყო, რაზედაც ვერცერთი მისი ამხანაგი ვერ ამოიღებდა ხმას. ვერ შეძლო ამ საქმის თავის მობმა და ნელ-ნელა, მწარედ ჩამოსდიოდა სირცხვილის ცრემლი გაციებულ ლოყებზე“. მკითხველი გრძნობს, რომ ეს ბიჭი ამ უმწეობას შემდგომში აუცილებლად გადალახავს, რადგან ჩანს, რომ მას საკუთარ თავთან ბრძოლა შეუძლია.

 

რეზო ინანიშვილის მოთხრობაში „უშიშარი ბიჭი იოსება“ დახატულია, ერთი შეხედვით, ყოველივეს მსხვრევისა და განადგურებისკენ მიდრეკილი ბიჭი იოსება. „პატარა ავი ეშმაკი“, რომელსაც ერთი შემთხვევა თვალს აუხელს, გამოაღვიძებს და სწორ არჩევანს გააკეთებინებს. ერთხელ ყვავებს დაუბუმბლავი ბახალები დაუხოცა, რადგან ავი და ანჩხლი დედამისი ყვავების ჩხავილს აბრალებდა ფეხის დასხლტომას. მოხუცი ეფემია პატარა ბიჭის წინაშე ბედისწერასავით აღიმართა და გააფრთხილა: „არ გეშინიან, რომ დედაშენი ჩავარდეს ეგეთ დღეში, როგორშიც ეგ ყვავები არიანო?! – მე არაფრისა მეშინიანო, – ამაყად მიუგო იოსებამ, – უარესს ვუზამ, ვინც კი დედაჩემს აწყენინებს, მე არაფრისა მეშინიანო! – არ შეიძლება, არა, შვილო, ეგრეო, – და წავიდა დედამკვდარიანთ დიდი ბებერი სინანულის თავის ქნევით“. მიუხედავად ამ გოროზი სიჯიუტისა და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობისა, პატარა ბიჭის სიბნელისკენ მიდრეკილ გულში მინავლებულმა სინათლემ თავისი ძალა გამოაჩინა. ფიქრი კი ღამით სიზმრად იქცა: „წუხელ სიზმარში ის მკვდარი ბახალები დედაჩემს ეწყო წინა, დიდები, დაბერილები. დედაჩემი ტიროდა და იმ ბახალებსა ჰკოცნიდა. ერთი ბახალა მითომ ჩემი და იყო, ეთერა, ისიც ტიტველი, მკვდარი“. სიზმარმა კი ბიჭს თავისუფლების გზაზე ბოროტებისაგან განდგომის საბოლოო ნაბიჯი გადაადგმევინა, თანატოლთა თვალწინ მან თავი დაისაჯა: „როდესაც – აემ მარცხენათი ამოვსხი ის ბახალები ბუდიდან. ეხლა, მე რომ თვითონვე დავისაჯო თავი, ხო აღარაფერს დაუშავებს დედაჩემსა და ჩემ დას ღმერთი? …მან ელვასავით სწრაფად ჩამოიკრა ხელისგულზე ქვის ფხიანი ნატეხი და ხელი ისევ მაღლა ასწია. ჩვენ შევხედეთ და შევძრწუნდით, – უუხ, შენი! – ხელისგულიდან თრთოლით მოსდიოდა ალისფერი მბრწყინავი სისხლი და დაკლაკნილ ტოტებად ჩამოსდევდა მაჯაზე“. მკითხველს აინტერესებს, ცხოვრებაში რას იზამენ ასეთი ბიჭები, რომლებმაც სიყმაწვილეშივე განიცადეს სულიერი მეტამორფოზი. სხვა მოთხრობებისგან განსხვავებით, აქ არის ამის პასუხიც. მწერალი მკითხველის ნაცვლად სვამს კითხვას და თვითონვე უპასუხებს: „ახლა სად არის ის იოსება? ათას ცხრაას ორმოცდასამი წლის შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს გერმანელმა მეავტომატეებმა მოკლეს უკრაინის მიწაზე, როცა იერიშზე მიმავალი ქართულად ყვიროდა: „მიდიი! მიდი, ბიჭო, მიდიი!..“.

ასეთი მოთხრობებით (ჩვენ მხოლოდ ორიოდე გამოვარჩიეთ) ჯეკ ლონდონი, რეზო ინანიშვილი და ფოლკნერი მოზარდების სულში დატრიალებულ ქარიშხლებს გვიხატავენ და წარმოგვიჩენენ, რა ბნელ და რთულ წინააღმდეგობებს გადალახავენ ბავშვები, რათა თავიანთ არსებაში სიყვარულის, სინათლისა და სიკეთის საწყისები გადაარჩინონ. ამიტომაც წერს რეზო ინანიშვილი თავის მოგონებაში „ჯანი როდარზე“: „ბავშვებს, პატარა ბავშვებს, პირველ რიგში, უნდა ჩავუნერგოთ სიბრალულის გრძნობები-მეთქი. ამ პრინციპით არის დაწერილი მსოფლიოს ყველა საუკეთესო საბავშვო ქმნილება – ანდერსენის ზღაპრები, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „პინოქიო“, „ნელო და პატრაში“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „გიქორი“ და სხვა მრავალი. ბავშვებს უნდა ებრალებოდეთ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები. ბავშვები უნდა ზრუნავდნენ მათი სიკეთისათვის“.

მაჰათმა  განდი – ბჰარატის დიადი სული და მასწავლებელი

0

(მეორე ნაწილი)

მე არ ვარ ანტიინგლისელი; მე არ ვარ ანტი-ბრიტანელი; მე არ ვარ რომელიმე მთავრობის მოწინააღმდეგე; მაგრამ მე ვარ სიცრუის, თაღლითობის და უსამართლობის მოწინააღმდეგე. თუ მთავრობა ცრუობს, მას შეუძლია განმიხილოს მის მტრად, შეურიგებელ მტრად“.

(მოჰანდას განდი)

მოჰანდას კარამჩანდ განდი 1869 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. მისი ოჯახი, ვაჭრობა-მევახშეობაში ჩართული ბანიების კასტას ეკუთვნოდა, რომლებიც ინდური ტრადიციული სოციალური კლასიფიკაციის, ვარნით, ვაიშიები (ვაჭრები, მევახშეები, გლეხები და წვრილი მიწათმფლობელები) იყვნენ. ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და მოგზაური რენე გენონი (René Jean-Marie-Joseph Guénon, 1886-1951), ინდოეთის ბანიებზე შემდეგს წერდა: „შეიძლება ითქვას, რომ ბანიები ინდოეთის ვაჭართა, მევახშეთა და წვრილ მწარმოებელთა კლასს შეადგენენ. ისინი მუშაობენ მინდვრებში, რგავენ მცენარეებს და მისდევენ მეცხოველეობას, აშენებენ სახლებსა და სხვა შენობებს, ასევე დაკავებული არიან სხვა მრავალგვარი საქმიანობითაც – ყიდიან საჭმელს, ნივთებს, ყველაფერს, რაც მატერიალურ მხარდაჭერას წარმოადგენს. მოკლედ, აწარმოებენ და მხარს უჭერენ ამ საქმიანობას. მათი სიმბოლური ფერებია, მუქი მწვანე ან ყავისფერი… დაკავშირებული არიან მატერიალურ სამყაროსთან, მიწასთან, ბურჟუაზიულ დემოკრატიასთან და სენტიმენტალიზმთან“.

ვაჭართა კასტას ეკუთვნოდა განდის მამა, კარამჩანდ განდი, რომელიც მოჰანდასის გაჩენისას (იგი მეოთხე ბიჭი იყო ოჯახში), გუჯარათის შტატის პატარა ზღვისპირა ქალაქის, პორბანდარის, პრემიერ-მინისტრი გახლდათ. ფორმალურად, პორბანდარის მმართველებს ავტონომია ჰქონდათ მინიჭებული, რეალურად კი ისინი ბრიტანული კოლონიური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ ცხოვრობდნენ. ტრადიციულად, განდების ოჯახის მამაკაცების უმეტესობა, ამ მცირე ქალაქის თავადების ადმინისტრაციაში მსახურობდნენ.

განდის მამას მეოთხე ცოლი ჰყავდა (წინა სამნი, უდროოდ გარდაიცვალნენ) და პატარა განდის დედინაცვალი, ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალბატონი, პუტალი ბაი გახდა. განდის ოჯახი, ტრადიციულად ვიშნუიზმის (ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მაჰავიშნუსა და მისი ავატარებისადმი, კრიშნასა და რამასადმი თაყვანისცემა, ლ.ა.) მიმდევრები იყვნენ. ამ რელიგიის ერთ-ერთ მთავარი პრინციპია აჰიმსა, ძალადობისგან თავშეკავება და მკაცრი ვეგეტარიანელობა. ვიშნუიზმმა დიდი გავლენა მოახდინა განდის მსოფლმხედველობასა და მის შემდგომ ცხოვრებაზე.

12 წლის ასაკამდე განდი დაწყებით სკოლაში სწავლობდა ქ. რაჯკოტში, სადაც მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. სწავლით არ გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ეძნელებოდა მათემატიკა და ინგლისური ენა. პატარა მოჰამდასს, სუსტი აღნაგობის გამო, ასევე უჭირდა თანაკლასელებთან თამაში-ურთიერთობა და სპორტული გაკვეთილები.

განდის ბავშვობიდან კარგად დაამახსოვრდა ერთი პერიოდი, როდესაც იგი ცდუნებების ალყაში მოექცა. ერთხელ, უფროსმა მეგობარმა, რომელიც მუსლიმანი იყო, დაარწმუნა პატარა მოჰანდასი, გაესინჯა ბატკნის ხორცი, თუმცა ვიშნუისტებში ხორცის ჭამა სრულიად მიუღებელია და მკაცრად იკრძალება. მოზარდი განდი, გარდა აღნიშნულისა, როგორც თვითონ წერს, ბევრჯერ არღვევდა თავისი რელიგიის სხვა აკრძალვებსაც. კერძოდ, ეწეოდა სიგარეტს და სვამდა ღვინოს. რადგან მოზარდს ფული არ ჰქონდა, იგი წვრილ ფულს ოჯახის მოსამსახურეებს ჰპარავდა. განდის აღიარებით, მან „დიდი“ ქურდობა 15 წლის ასაკში ჩაიდინა, როდესაც ძმის სამაჯურიდან ოქროს ფირფიტა ამოიღო.

სიყმაწვილის ამ ცოდვებს, მალე ბორდელში მისვლაც მოჰყვა. მისი აღიარებით, ბორდელში მან დიდი სირცხვილი და სინდისის ქენჯნა განიცადა და როგორც ამბობს, ლამის წყალს მისცა თავი. საბოლოოდ, მან გადალახა სულიერი შფოთვა და სირცხვილის განცდები და თავისი ცოდვების აღიარებისა და პატიების თხოვნის წერილით, მამას მიმართა. ახალგაზრდობის შეცდომების შემდეგ განდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოირჩეოდა მკაცრი დისციპლინითა და პრინციპულობით. როგორც მოჰანდას განდი წერდა, ახალგაზრდობის ოინები, მისთვის თვითშემეცნების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გადაიქცნენ.

ვიშნუიზმის წესებით, განდი დანიშნული იყო უკვე შვიდი წლის ასაკიდან. მისი მშობლების რჩეული, ასევე ბანიას კასტიდან იყო. 13 წლის ასაკში ის დაქორწინდა კასტურბაზე (მოფერებით განდი მას „ბას“ ეძახდა). ფინანსური მოსაზრებებით, განდის ქორწილთან ერთად ოჯახმა იმავე დღეს დააქორწინა განდის შუათანა ძმა და მისი უფროსი ბიძაშვილი. თავის გვიანდელ ჩანაწერებში, მოჰანდას განდი მკაცრად აკრიტიკებდა იმ დროს ინდოეთში გავრცელებულ ადრეულ ქორწინებებს.

აღსანიშნავია, რომ განდის მეუღლე, კასტურბა განდი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და, მიუხედავად მეუღლის წინააღმდეგობისა, განდის სურდა მისთვის განათლების მიცემა, თუმცა განდიმ, თავად მსოფლიოს უამრავი მცხოვრების მასწავლებელმა და მისმა დაქირავებულმა კერძო მენტორებმა ეს ვერ შეძლეს. ამ წარუმატებლობაში ის მხოლოდ თავის თავს ადანაშაულებდა და ამბობდა: „დარწმუნებული ვარ, რომ [კასტურბა] გახდებოდა განათლებული ქალი, თუ ჩემი მისდამი სიყვარული სრულიად თავისუფალი იქნებოდა ჟინისგან. მე მაშინ ალბათ შევძლებდი, გადამელახინებინა მისთვის გაკვეთილებისადმი ზიზღი. ვიცი, რომ სუფთა სიყვარულისათვის არაფერია შეუძლებელი“.

განდის და მის მეუღლეს ოთხი ბიჭი შეეძინათ. 1906 წელს განდიმ სექსუალური ურთიერთობებზე უარის აღთქმა დადო და ცხოვრების ბოლომდე ინახავდა მას. მიუხედავად ამ მკაცრი ფიცისა, იგი პირნათლად ზრუნავდა თავის მეუღლეზე და მის გვერდით იყო 1944 წლამდე, სანამ კასტურბა ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვლებოდა.

1887 წელს განდი განათლების მისაღებად ინგლისს მიემგზავრება და University College of London-ის იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს, რომელსაც სამ წელიწადში წარმატებით დაამთავრებს. სწორედ ამ წლებში მოხდა მისი დაოსტატება საჯარო გამოსვლებსა და ორატორობაში. ამ წლებში მან გადალახა ბუნებრივი სიმორცხვე და უნივერსიტეტის საჯარო გამოსვლების კლუბში საუბრის ხელოვნება დახვეწა.

1893–1914 წლებში მოჰანდას განდი უკვე იურისტის ბრიტანული დიპლომით, საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაში გადადის (რომელიც ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა), სადაც ახალგაზრდა იურისტი, ბრიტანეთის იმპერიის დიპლომით აღჭურვილი იურისტი-სპეციალისტი, პირისპირ შეეჯახება ბრიტანული სამყაროს მკაცრ და დაუნდობელ რეალობას – მას რამდენჯერმე დააპატიმრებენ პროტესტის გამო, რომელსაც ის სამხრეთ აფრიკაში მიღებული და კანონიერი რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ გამოხატავს (მას გამოაგდებენ მატარებლის პირველი კლასის ვაგონიდან, უკრძალავენ ინდური ჩალმის ტარებას, აპატიმრებენ ქალაქში მხოლოდ „თეთრებისთვის“ განკუთვნილ ტროტუარზე სეირნობისათვის და სხვა).

სწორედ სამხრეთ აფრიკაში გატარებული ოცი წლის განმავლობაში მოხდა მოჰანდას განდის, როგორც ინდოელი ნაციონალისტისა და ინდოელთა უფლებებისთვის მებრძოლის ჩამოყალიბება, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში, ათიან წლებში, უკვე აქტიურად საუბრობდა ინდური „სატიას“ (სიმართლე) პრინციპების შესახებ, რაც გულისხმობდა უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიანი პროტესტისა და უსამართლო კანონებისადმი დაუმორჩილებლობის გზით.

1914 წლის ბოლოს მოჰანდას განდი ტოვებს სამხრეთ აფრიკას და სამშობლოში ბრუნდება. ერთი წლის შემდეგ, ის ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი და მეთაური ხდება. სწორედ ამ წლებში იწყება მოჰანდას „მაჰათმა“ განდის“ უკომპრომისო და პრინციპული ბრძოლა ბრიტანეთის ინდური ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც 1947 წელს, ინდოეთის სრული გამარჯვებით, ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობითა და ინგლისელების ჰინდუსტანიდან გაძევებით დასრულდა.

ინგლისელების მიერ ინსპირირებულმა რელიგიათაშორისმა კონფლიქტმა ჰინდუთა და მუსლიმებს შორის, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ტერიტორიის დაყოფამ მუსლიმანურ (ბანგლადეში და პაკისტანი) და ჰინდუთა ტერიტორიებად (ინდოეთი), ახალგაზრდა რესპუბლიკა საშინელი განსაცდელის წინაშე დააყენა. ინდოეთის შერეულ ინდურ-მუსლიმანურ შტატებში თითქმის ყველგან დაიწყო რელიგიური პოგრომები და მკვლელობები, ხოლო პაკისტანში სასტიკად უსწორდებოდნენ ინდუსიტებსა და სიკჰებს. ასეთ ტერორისტულ მკვლელობას შეეწირა მოჰანდას განდი 1948 წელს, როდესაც იგი ინდოელი ნაციონალისტების ჯგუფმა, სიცოცხლეს გამოასალმა ნიუ-დელიში, განდის სახლის წინ.

ბოლოს, გთავაზობთ მოჰანდას განდის საკმაოდ მკვახედ ნათქვამ სიტყვებს ბრიტანელების მისამართით, რომელშიც კარგად არის გამოხატული განდის ტკივილიცა და მისი სიდიადეც:

„ინგლისელებმა უნდა ისწავლონ, იყვნენ ბრაჰმინები (ბრაჰმინი – ღვთის მსახურთა და სულიერ მასწავლებელთა ვარნა/კასტა ინდოეთში, ლ.ა.) და არა ბანიები. უნდა ავხსნა, თუ ვინ არიან ბანიებიეს მოვაჭრეები არიან, ან როგორც ნაპოლეონმა თქვა, მედუქნეები. ბრაჰმინი არის კაცი, რომელიც საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ მორალი, ცხოვრების მატერიალურ ღირებულებებზე მაღლა დააყენოს… ინგლისელებმა ჯერ კიდევ უნდა განივითარონ ბრიტანული ბრაჰმინული სული…“ .

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

ჩანაწერები 

0

ერთი წლის წინ, 20 სექტემბერს, წელიწად-ნახევრიანი გეენის შემდეგ, გავიღვიძე და დავინახე ფანჯარა. ფანჯარას მანამდეც ვხედავდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი. ვისაც ეს გზა გაუვლია, იოლად მიხვდება, რასაც ვამბობ. ნელა გავიხედე გვერდით – კარადა იდგა. და კარადა ჰგავდა კარადას. მაგიდა – მაგიდას. სკამი – სკამს და სკამზე შარვალი – შარვალს. ფრთხილი სიხარული ვიგრძენი – გრძელი და მკაცრი ზამთრისას, ქუჩაში რომ გახვალთ, უცებ საიდანღაც ნიავის ფრთა მოგხვდებათ და გაზაფხულის თხელ, მოულოდნელ, ძნელად დასაჯერებელ სუნს შეეფეთებით – ისეთი. სარკესთან მივედი. საშინლად გამხდარი, წარბებდაშვებული, წვერმიშვებული და ცხვირჩამოშვებული სახე მიყურებდა, თვეობით ნატანჯი და გაბზარული გამოხედვით. მაგრამ ის, რომ სარკესთან მივედი, უკვე სხვა ნაბიჯი იყო და ცხადად ვიგრძენი მეორე ნაბიჯის ძალაც და აუცილებლობაც. კიბეს დავუყევი. საფეხურებს ფეხს წუთიანი შეყოვნებით ვადგამდი, მინდოდა ეს უბრალო ხის ფიცრები ისე განმეცადა, თითქოს სამუდამო სამოთხისკენ მიმიძღვებოდა. ქვევით ჩემს მეგობარს ეძინა, მარტო ჯერაც ვერ მტოვებდნენ და მერეც – ბარემ კიდევ ნახევარი თვე. და საერთოდაც – განა ბრძოლა იმ დღეს მორჩა – შიში და სხეულის შფოთვა ხშირად ბრუნდებოდა, მაგრამ მე ვხვდებოდი, როგორც კედელი. დღესაც მოდის. ხან ეგრე, რომ აქაოდა ვბრუნდებიო! მაგრამ „ოლოლო, შენ!“ – ახლა კიდევ უფრო ყრუ კედელი ვარ – ამ წამსაც, როცა ვწერ, ფეხები დამახსოვრებულ ჭიანჭველებს იმეორებენ, მე ვუყრუებ და მალე საკუთარ ბუდეში წავლენ – ზუსტად ვიცი.

 

ჰოდა, მაშინ გარეთ გავედი. შემოდგომაა! – ხმამაღლა ვთქვი. შემოდგომაა! – დამიდასტურა ცუგიმ და გაწვა, მომეფერეო. დავიხარე და მოვეფერე. ცუგის გაუკვირდა. მეც. შორს იდგა მცხეთის ჯვარი, რომელიც მანამდე არ იდგა – თქვენთვის ალბათ კი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად – არა. გამარჯობა გიორგი! გამომძახა მეზობელმა, რომელიც დილის რბენით მორბოდა და – გამარჯობა! – დავუძახე მე. როგორ ხარ? – დამიძახა მეზობელმა. კარგად! – ვუპასუხე მე. მეზობელს გაუკვირდა. მე – აღარ.

 

 

როცა ვინმე ყოფილი – ნაცნობთაგანი ან მეგობარი, დიდი თავგამოდებით გლანძღავთ ან ცილს გწამებთ, თავს ნუ დაიღლით მიზეზის ძებნით – ვაითუ ოდესღაც რაღაც შეგეშალათ, არამედ გაიხსენეთ – რა გაგიკეთებიათ მისთვის. ბანალური ამბავია – არაფერი ისე არ აღაგზნებს ვიწრო სინდისს, ვიდრე მადლიერების პასუხისმგებლობის გაუქმების შესაძლებლობა – ნამდვილი თუ გამოგონილი.

თავიდან ურიკას ორი მივაგორებდით. მე და მამაჩემი. მე მედო ორი ტომსიკა კაჭკაზე, მამაჩემს – სამი ტომარა. სკოლის და ბაზრის გზა ერთი იყო, ამიტომაც შორიდანვე იოლად შევამჩნიე, როგორ გამოვიდა ჭიშკრიდან ის გოგო, ძალიან რომ მიყვარდა და ასე შორიდანვე შემრცხვა.

 

– „პაწა, მევიცადოთ, გაგვცდეს იი გოგო და წევიდეთ მერე“.

– „რეიზა?“

– „იმიზა, რომე მცხვენია ასე კაჭკით ხელში“.

– „რაია, კი მარა კაჭკაში და მუშავში სამარცხვინო? თან არ მოგქონდეს შენც ახლა ცხრაი მეშოკი – მიმატანიებ ბაზარში, დატიებ და წახვალ სკოლაში!“

– „კაჭკა რაფერაა კაი? სა წერია, რომ კაჭკა კაია – სახარებაში თუ „ვეფხისტყაოსანში?“.

 

„ლომონოსოვი – თქვა მამაჩემმა მტკიცედ და სვლა განაგრძო – სკოლაში ჩვიდმეტი წლის შევიდა, მანამდე მუშაობდა ხან თევზის ბაზარში მწონავად და ხან შეშის მჭრელად და მერე რაი? გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა!“.

 

მე წარმოვიდგინე რუსულის კაბინეტში „ნეზნაკომკას“ და „აპიატ დვოიკას“ შუაში დაკიდებული ნახატი „ლომონოსოვი მიდის სკოლაში“ – შესაბამისად ვერ წარმოვიდგინე, რატომ გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა და ამ დროს ისევ მამაჩემის ხმა მომესმა:

„აგერ, შაქროიას კითხე, ჩემი თუ არ გჯერა!“.

 

„კი, ლომონოსოვი მაგარი იყო!“ – თქვა ცოტა გულსგარეთ შაქროიამ, რომელიც თავის ხვედრ ურიკას მოაგორებდა და სულ ახლახან შემოგვიერთდა – მაგარი იყო; ერთ დღეში დაწერა მაგან მენდელევის ტაბულა… მარა, ამბობენ, დეესიზმრაო და რა ვიცი, მარა ნაღდია, რომ მაგარი იყო – მენდელეევის ტაბულას რომ კაცი დაწერ!“.

 

ის გოგო ნელა მიდიოდა და ჩვენ იმაზე არანაკლებ სწრაფად ვეწეოდით, ვიდრე ლომონოსოვი დაეწია მეშვიდე კლასის მოსწავლეებს, მაგრამ ლომონოსოვს ალბათ უხაროდა ეს ამბავი, მე კი მერჩივნა ფეხქვეშ კვირიკეთის მიწა გამხეთქოდა და მამაჩემს და შაქროიას რას ვერჩოდი – ექსკლუზიურად მე ჩავეტანე.

 

ეგეთია სიყვარული – საოცრად ამაღლებულთან ერთად, უკიდურესად მიწიერი რამ – სულ რაღაცის გამოკლებას და მატებას მოითხოვს ხოლმე. შესაძლოა გამოსაკლებთა შორის სწორედ კაჭკა იყოს, მისამატებლთა შორის, რამე ურიკაზე უკეთესი. არავინ იცის.

 

ვაჟა, როგორც ფოლკლორისტი

0

(ეთნოგრაფიული წერილები)

„არცერთი საქმე ისე სასწრაფო არ იყო, როგორც ზეპირგამოცემათა შეგროვება“, – ამბობდა აკაკი და მართლაც, სწორედ მე-19 საუკუნიდან, „თერგ­დალეულებმა“ დაიწყეს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ინტენსიური მოგროვება, საფუძვლიანი შესწავლა. მანამდეც ექცეოდა ამ საქმეს ყურადღება, თუნდაც მე-18 საუკუნის ხელნაწერთა მხატვრული ანთო­ლოგიების შედგენა რომ გავიხსენოთ ან შემკრებლები გრიგოლ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი და სხვა, მაგრამ ქართული ფოლკლორის სისტემურ და ორგანიზებულ შესწავლას სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. ვაჟა-ფშაველაც, რომელმაც ადრეული ასაკიდან გაითავისა ხალხური ზნე-ჩვეულებები თუ პოეზია, აქტიურად იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა ვაჟას დედამ, რომელმაც წერა-კითხვის უცოდინარმა, კარგად იცოდა ხალხური ლექსები და ზღაპრები. ასევე, დედის ბიძა, პარასკევა, მწერლის სიტყვებით, „პირველი მელექსე იყო ფშავში“. რაზიკაშვილების ოჯახის პოეტური ტრადიცია კი ყველას მოგვეხსენება. ცალკე ოჯახურმა გარემომ, პოეზიით სავსე სოფლის ხალხურმა ხატობებმა, ცალკე მისმა საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა შეხედულებებმა დააკავ­შირა ვაჟა-ფშაველა ხალხთან. იგი იყო მთის პოეზიის, ყოფა-ცხოვრების შემკრები და ღრმა მკვლევარი. ამ მხრივ მდიდარი მასალაა მის პუბლიცის­ტიკაში. ეს საქმიანობა ვაჟას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია და მის კალამს უამრავი საინტერესო ეთნოგრაფიული წერილი ეკუთვნის თუშ-ფშავ-ხევსუ­რების ცხოვრებიდან. საგმირო სიტყვიერების სიმდიდრით ხევსურეთმა ადრიდანვე მიიქცია ყურადღება, მაშინ, როცა ქართული ფოლკლორის შეკრება-შესწავლის საქმე ის-ის იყო ფეხს იკიდებდა.

 

როგორც აღვნიშნეთ, ვაჟა-ფშაველამ მხატვრულ მემკვიდრეობასთან ერთად თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის შრომები დაგვიტოვა. მის ეთნოგრაფიულ წერილებს, რომლებიც ცალკე კორესპონდენციებად იბეჭ­დე­ბოდა და სრულ წარმოდგენას გვიქმნის ვაჟა-ფშაველას ამ დარგში ღრმა ცო­დნასა თუ კვლევის სისტემაზე, დიდი ადგილი უჭირავს არა მარტო მწერ­ლის შემოქმედებაში, არამედ ქართულ და უცხო ენებზე ფშავ-ხევსურეთის შესახებ გამოქვეყნებულ მდიდარ ლიტერატურაში. ეს წერილებიც გამოირ­ჩე­ვა მხატვრულობით. ამის შესახებ თვითონაც აღნიშნავდა, როცა თავის უმ­თავრეს ნაშრომს, „ფშაველს და მის წუთისოფელს“, ეთნოგრაფიულ მო­თხრო­ბას უწოდებს. ეს, მართლაც, საუკეთესო ნიმუშია ვაჟა-ფშაველას პრო­ზისა. სხვა წერილებიც უფრო მხატვრული ნარკვევებია, ვიდრე მეცნიე­რუ­ლი კვლევა-ძიება. აქ მეცნიერული სიზუსტისა და მხატვრული დამაჯე­რებლობის წყალობით მკითხველი კარგად ეცნობა ფშავლების ყოფის დეტა­ლებსა და ძირითად ზნე-ჩვეულებებს.

 

ამ წერილებში წარმოჩენილია თანამედროვე ეთნოგრაფიისა და სოციო­ლოგიისთვის მეტად საინტერესო მასალა ქართველი ერის უძველესი, კლა­სობრივი დიფერენციაციის უქონელი, საზოგადოებრივი ფორმაციის შესა­ხებ, თემური მიწათმფლობელობით, საადათო სამართლითა და ანიმიზმით (მას ჩვენამდე არ მოუღწევია შეურყვნელად, თუმცა დღესაც გაირჩევა ელე­მენტები, რომელნიც ხალხის შემოქმედების ძალის შედეგია ან გარედან შემო­ტანილი), არა მუზეუმის ექსპონატების სახით, არამედ ცოცხალ ლაბო­რატორიაში, როგორც გერონტი ქიქოძე აღნიშნავს და ამ მასალას გვაწვდის თვითონ ამ ფორმაციის შვილი, გვაროვნულ-თემური წყობილებიდან გამოსული დიდი მწერალი.

 

ძალიან საინტერესოა და პარადოქსული მთაში ქალისადმი დამო­კიდე­ბულება, რომელსაც ვაჟა თავის წერილებში დაწვრილებით მიმოიხილავს. დე­დაკაცს ეშმაკის გაჩენილად თვლის ფშაველი, როგორც ზემოთაც ვთქვით, სიტყვებს ქალი და ალი ერთმანეთთან აკავშირებენ, მათი თვისე­ბები ერთმანეთზეა გადატანილი. ვაჟა მიმოიხილავს, რამ დაბადა ეს წარ­მოდგენა. ქალს მეტისმეტ მგრძნობიარობისა და ფანტაზიის აყოლის გამო დაუწყია სხვადასხვა ჩხირკედელაობა: ქადაგ-მკითხაობა, შელოცვა, ექიმბა­შობა და სხვა მრავალი ხრიკი, რის გამოც დაეჭვებულა მამაკაცი. სხვა მხრივ, ოჯახის წინაშე დიდ როლს კისრულობს დედაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი წმინდათაწმინდა კერაა, „სადაც შეიწირების მსხვერპლი ცოცხალთა სადღეგრძელოდ და მკვდართა მოსახსენებლად. ამიტომ იგი მეთვეურობისა (ბოსლობა) და მშობიარობის დროს ორმოც დღეს სტოვებს ოჯახს, რათა გან­წმენდილი და განბანილი შევიდეს ოჯახში და არ შებღალოს მისი სიწმინ­დე… მშობიარე დედაკაცს, ვიდრე დანიშნული დრო არ გავა და არ „დაი­რეცხება“, მ ე ქ ო ხ ე ჰქვიან“ (,,ფშავლები“). გ. ქიქოძის აზრით, ეს შეიძლება ძველ ირანულ ზნე-ჩვეულებათა გავლენის ნაშთი ყოფილიყო. რაც შეეხება კერას, რომელსაც სახლის ანგელოზი ჰყავს, რომლის სადღეგრძე­ლოს მუდამ სვამს ფშაველი, მას უფლობს და განაგებს სწორედ დედაკაცი, როგორც დიასახლისი. კერას, სადაც ანთია და იქვე ჩამოიქნება ხატისა და ღვთის წინაშე ასანთები სანთელი, ტყუილად არ ჰქვია ტრაპეზი და დედაკაციც სწორედ ღვთისადმი მსხვერპლის შემწირველია. იგი მარტო ოჯახს როდი უვლის, ოჯახის გარეთაც ეწევა შრომას, შვილის აღზრდითაც იგია დაკავებული. მთაში ქალი შეჩვეულია მძიმე შრომას, ის მამაკაცის მარჯვენა ხელია, ხშირად უხდება მარტოს დარჩენა ღია ცის ქვეშ, მწყემსობისას და საქონლის მოსატაცებლად მისული მგლისა თუ დათვის მოგერიება, ბევრჯერ იარაღის ხმარებაც სჭირდება.

 

ვაჟა აღნიშნავს ქალის მისიის განსაკუთ­რებულობას, მის დიდ ძალას ოჯახში დიდსა და პატარაზე. შვილების პირველ-დაწყებითი აღზრდაც მის ხელშია, იგია გადამწყვეტი შვილების ბედ-იღბლისა, რომელთა მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რით ასაზ­რდო­ვა დედამ მათი გრძნობა და გონება. ასე რომ, შინ ოჯახს და გარეთ საზოგადოებას ემსახურება დედაკაცი და „მას შეუძლიან, დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს“ (,,ქალთა შესახებ“).

 

ქალთან მთიელის დამოკიდებულების პარადოქსულობა კი ისაა, რომ მართალია, მთის მრი­სხანე ბუნება გაჭირვებულ ცხოვრებას აჩვევს ქალს, იგი მამაკაცივით შრომობს და ყველა საქმეში მხარში უდგას მას, მაგრამ ეს ხდება ნებაყოფ­ლობით და არა ძალდატანებით. ქალს საკმაო თავისუფლებაც აქვს მინი­ჭებული, მას მამაკაცი ყარაულს არ უყენებს და ამიტომ შეუძლია მარტომ იაროს თუნდაც უდაბურ ადგილებში, საკუთარი სოფლიდან დაშორებით (ფშაველი ქალები სითამამითაც გამოირჩევიან).

 

მოდით, აქვე ვთქვათ ვაჟას შეხედულება ხალხურ, კერძოდ, ფშაველთა შემოქმედებაზე. ვაჟა აღიარებს ფშაური პოეზიის უპირატესობას თუნდაც „სულის გამაღვიძე­ბე­ლი“ კილოთი, ძველებური სიტყვებითა და ცხოვრებაზე სპეციფიკური შეხე­დულებებით „მწიგნობრულ“ პოეზიასთან შედარებით. აქ ნიშანდობლივია კაფია-ექსპრომტები, ხელოვნურად ნათქვა­მები, ყოველ სიტყვაში რომ აზრია. სწორედ ამ პოეზიამო, ფოლკლორმა, თა­ვისი ჰეროიკული სულისკვეთებით, დაუდო საფუძველი ჩემს შემოქმე­დე­ბასო.

 

ფშაურ პოეზიაში, სადაც მთავარი ადგილი საგმირო პოეზიას ეკუთ­ვნის ისტორიულად, თავისი, ვაჟას თქმით, „სასტიკი“ წარმოდგენებით გმი­რის იდეალზე, გაიდეალებულია, გაღმერთებულია ქალიც, მისი სილამაზე იმდენად, რომ მთიელი მზადაა, მისთვის მოკვდეს, საყვარელი უნდა გახდეს ქალისთვის. რომ თუ იგი მოკვდება, ქალმაც თავი უნდა მოიკლას და მასთან ერთად დაიმარხოს. ვაჟა მოგვითხრობს, რომ ფშაური პოეზიის მიხედვით, ხალხს მარტო ქალის სილამაზე კი არ მიაჩნია გადამწყვეტად, მისი პატიოსნება, ოჯახის ერთგულება, რომლებსაც ვაჟი უპირველეს მოთხოვნად უყენებს ქალს.

 

ახალმა დრომ ახალი იდეალები მოიტანა, ფშაველს გმირობის, ვაჟკა­ცობის, ხმლის ქნევის დრო წაერთვა, ცხოვრებას მაგარი მკლავისა და გულის ნაცვლად მეტი პრაგმატიზმი დასჭირდა. ქალის ძველ იდეალს კი ფიზი­კური გარჯაც, როგორც სილამაზე, ისე დაერთო (ყოფითი ლექსები). მე-19 საუ­კუნის ტექნიკურმა პროგრესმა ფშაველს რწმენაც შეუცვალა და ათქმე­ვი­ნა: „ეშმაკი სადღაა, თვითონ კაცი გახდა ეშმაკი“ (,,ძველი და ახალი ფშავ­ლების პოეზია“).

 

ქალის იდეალზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება გვერდი ავუაროთ თამარ მეფის სახე-ხატად აღქმის ტრადიციას ფშავში (ვაჟას პოეზიაშიც გან­სა­კუთრებული პატივისცემაა თამარისადმი). ვაჟა აღნიშნავს, რომ თამარი­სადმი ერთნაირი დამოკიდებულება არაა ფშაველებსა და ხევსურებში. ფშავლებს ძველისძველადვე შეურაცხავთ თამარი წმნიდანად, „ხატად“ და მისი სადიდებელი დღეებიც დაუწესებიათ, ხოლო სადიდებლად ჰყავთ ცხვრის ფარა, რომელსაც „თამარის ცხვარი“ ეწოდება, რაც ისტორიკოსებისთვის საყურადღებოაო, წერს ვაჟა. გარდა ამისა, თამარ მეფე ერთადერთი ხატია ფშავ-ხევსურეთში, რომელსაც ჰყავს მოლოზნები, ე.წ. „ხატის ქალები“.

 

ფშაური, სატრფიალო ლექსის საფუძველი იმ ჩვეულებაშია, რომელსაც „წაწლობა“ ეწოდება. ეს უკანასკნელი დიდ ზეგავლენას ახდენდა მამაკაცთა ვაჟკაცურ, გმირულ ქმედებებზე და მდიდარ მასალას აძლევდა ფშაურ რომანტიკულ პოეზიას და ფშაველთა პოეტურ ხასიათს – „წაწლობა მაღა­ლისა და იდეალურის გრძნობით არის მონათლული, თითქოს პლატონი­ურს სიყვარულზედ იყოს აღმოცენებულიო, და ამ ბოლო დროს კი ლამის სიყვარულად, არშიყობად გადაიქცეს“ („ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიიის გამოხატულებით“). სიყვარული მხოლოდ მაშინ არის ლამაზი, როცა იდეალურია, ვაჟას აზრით, კარგავს თუ არა იდეალურობას, მასთან ერთად სილამაზესაც. დღეს ხევსური წაწლობას ისე უყურებს, როგორც საყვარლობას და მასში იდეალურს არაფერს ხედავს, წერდა ვაჟა (თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ ფშაველი პირადს, ინტიმურ დამოკიდებულებებში ქალისადმი მოკრძალებული და მორიდებულია). მარტო გმირობისა და სიყვარულისადმი კი არა, ახალმა ცხოვრებამ ხატისადმი დამოკიდებულებაც კი შეურყია ფშაველს, რომელსაც ხატისადმი სამსახური უკვე, ცოტა არ იყოს, ემძიმება.

 

ვაჟა განიცდიდა ყველაფერს, რაც ხალხურ ჩვეულებებსა და შემოქ­მედებას შეეხებოდა, ვერ ეგუებოდა ამ მხრივ დამახინჯებებს და სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობდა. ამიტომ ეკამათებოდა იგი მკვლევარ მ. კოვალევსკის (გამოჩენილ რუს იურისტს, სახელმწიფო სამართლის დიდ სპეციალისტს), რომელიც წაწლობასა და „ლაშარობას“ სარწმუნოებრივ გარყვნილებად, ჰეტერიზმად ნათლავდა და მის შეცდომას ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის უცოდინარობით ხსნიდა. გერონტი ქიქოძის აზრით კი, „წაწლობა… შეიძლება ეგზოგამიურ გვარამდე არსებული წესწყობილების ნაშთს წარმოადგენდეს და ერთგვარი სანაზღა­ური იყოს იმ შეზღუდვისა, რომელსაც ფშავ-ხევსურული გვარი ერთსა და იმავე თემის ქალ-ვაჟისგან მოითხოვდა სქესობრივ ურთიერთობაში“ (გ. ქიქოძე).

 

არაჩვეულებრივი რამაა ტრადიციის ძალა და არ ესმით მათ, ვინც მის აღმოფხვრას ქადაგებს, ამისი არაბუნებრიობა. თავის ეთნოგრაფიულ წერილებში ვაჟა მოგვითხრობს მთიელთა ტრადიციულ სხვადასხვა წარმოდგენაზე, ჩვეულებასა და წესზე. თუნდაც იმ ზომიერების გრძნობაზე, რომელიც ხევსურებს ჩხუბისას ახასიათებთ: მძიმედ დაჭრა კაცისა სირცხვილია მათთვის, ამიტომაც ან დიაცი, თავისი მანდილით, გამოჩ­ნდება მედიატორად ამ დროს, ან ხშირად ხალხს, ხევისბერებს გამო­აქვთ ხოლმე დროშა გასაშველებლად. მთაში დატირების ჩვევაც ნიშანდობ­ლივია იმით, რომ ხშირად მოტირალი კაცია ან სიმღერა, რომელიც ისევ „ტირილის ზარს მოგაგონებს: იგი როდესაც იმღერის – გმინავს და მთებსაც აგმინებს“. („ხევსურები“) – ეს, ზოგადად, ქვეყნის საუკუნეებით ძვალ-რბილში გამჯდარი ტრაგიზმია. თავისებურია ბავშვის პატივისცემაც მთაში: „როდესაც ბალღი სახლში შადის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალ­მებიან: – მოხვედი მშვიდობითაო! (სახელი) – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო“ (,,ხევსურები“).

 

ძველი ცხოვ­რების წესი მთის ხალხისა მოუსვენარი, ხიფათით აღსავსე იყო, „მუდამ სისხ­ლით შეღებილი“ (აქვე უნდა ითქვას ლაშქრობის კულტზე, რომელსაც „ლაშარის ჯვრის ყმობა“ წარმოადგენდა), ამიტომ შინ მშვიდობით დაბრუნება ყოველთვის სანატრელი იყო. ფშაველი მამაკაცი, ვიდრე თავის სტუმარს ეტყოდა, „მოხვედ მშვიდობითაო“, ჯერ გამარჯობას ეუბნებოდა. ასეთივე ტრადიციული, მტკიცე წესია ის, რომ „ხევსურს ვერც კაცს, ვერც დედაკაცს ვერ იპოვით დღეს, რომ შინ მომზადებული შალის ტანისამოსი არ ეცვას, და თუ ხევსურებმაც თავიანთ „ტალავარი“ ნაყიდ ფარჩისაზე გაცვალეს, მაშინ ყოვლად შეუძლებელია ხევსურეთში ხევსურეთის არსებობა“. (,,თიანური ფელეტონი“) – ეს სიბნელე არავის ეგონოსო, ამბობს ვაჟა, ეს თვითმყოფადობაა, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც, მთის არსებობაც შეწყდება. ამის ერზე განზოგადებაც შეიძლება.

 

საინტერესოა მთიელთა ომზე წარმოდგენაც, რომელიც იქამდეა ცნობიერებაში გამჯდარი, რომ მიცვალებულს საფლავშიც აყოლებდნენ საომარ იარაღებს, ეგონათ, სა­იქი­ოშიც მოელოდა მტერთან შებმა-შეტაკება. ახალ დროშიც „ადამიანში იგივე ძველის-ძველი მხეცი ბუდობს და ყველა სხვა უნარზე წინ გულოვა­ნობა-ვაჟ­კა­ცობას აყენებს“ („ძველებური ომი და საომარი იარაღი სახალხო პოეზიაში“). მთის ხალხის წარმოდგენებში უცნაურადაა გადაწნეხილი მითო­ლოგიურ-წარმართული ქრისტიანულთან. თუნდაც დევებზე რწმენა. აქვეა მითოლოგიური წარმოდგენები დევებთან მებრძოლ და მათ მძლეველ კოპალასა და იახსარზე. კოპალა, რომელიც ბერი ყოფილა, უფრო სახელიანია იახსარზე. კოპალას თუ მთა­ვარ­ნგელოზი მიეშველა დევებთან ბრძოლისას, იახსარი თავად ანგელიზია, ხატი, ციდან ჩამოსული.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფშავ-ხევსურთა რელიგიურ რწმენას ეკლექტიზმი ახასიათებს და ეს არის ფშაველისა და ხევსურის ფანტაზიით შექმნილი თავისებური წარმართული კერპების, ქრისტიანული წმინდანე­ბისა და გაღმერთებული ისტორიული პირებისაგან შემდგარი პანთეონი, რო­მელშიც წინაპრებს ყოველთვის საპატიო ადგილი უკავიათ. ესაა მიცვალებულთა კულტი და ბუნების ძალთა გაღმერთება. ამ უკანასკნელთა წარმომადგენელია ე.წ. „ადგილის დედა“, რომლის კულტი ფშავ-ხევსუ­რეთში საყოველთაოდაა გავრცელებული და ნაწილობრივ ძველი ელინების ნაყოფიერების ქალღმერთ ცერარას წააგავს, ნაწილობრივ კი ქრისტიანულ ღვთისმშობელს. აგრეთვე, მამა-ღმერთი მორიგე, რომელიც აწესრიგებს ქვეყ­ნიერებას და იერარქიულად მაღალ საფეხურზეა. „ქრისტე ერთი უბრალო წევრია ფშავ-ხევსურეთის პანთეონში და მიცვალებულთა ღმერთად გამოდის. წმინდა გიორგის ხელობის გუდანის ხატი მოლაშქრე ღმერთია, ხახმატის ხატი საქონლისა და ჯოგის გამმრავლებელია, თეთრი სანება მეკობრობის და ნადირობის ღმერთია, პირიმზე ცაღრუბლის; კოპალა და იახსარი დევების, ალების და მაჯლაჯუნების მებრძოლი კეთილი გენიები არიან, შეიძლება ისინი მაზდეანური დუალიზმის ნაშთს წარმოადგენდნენ ფშავ-ხესვურეთში; ხოლო კვირია ხმელთა მოურავია და სხვ“ (გ. ქიქოძე).

 

როგორც უკვე ვთქვით, აქვეა ისტორიული გმირების, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის გაღმერთება – „არც ერთს სხვა ფშაურს „ხატს“, ანუ სალოცავს იმდენი მლოცავი არა ჰყავს, რამდენიც ლაშარის ჯვარს“ (,,ლაშარის ჯვარის დღეობა ანუ ლაშარობა“). თამარი მკურნალ ღმერთად ით­ვლებოდა და მთელ ფშავ-ხევსურეთსი ერთადერთი, ხატის-ხევში, მდი­ნარის ნაპირას პატარა მონასტერიც ჰქონდა. ხევისბერებს რაც შეეხება, ფეო­და­ლური მოხელეები იყვნენ, რომლებიც მთაში ნაწილობრივ გადაგვარ­დნენ, დაქვეითდნენ, ქონება დაკარგეს და ბოლოს საეკლესიო ფუნქცია მიითვისეს, რომელიც თავდაპირველად მათ კომპეტენციას არ შეადგენდა. ეს იყო თავისი პრიმიტიული და შეზღუდული პრივილეგიების მქონე წოდებრიობის პირველი, სუსტი ჩანასახი გვაროვნულ პრინციპზე აგებულ პირველყოფილ თემში.

 

მათი მღვდელმსახურება მარტივი და უცნაური იყო: ხატი მას მოუწოდებდა ხატის დღეობამდე თვე-ნახევრის განმავლობაში ქალს არ გაჰკარებოდა, ხატობის წინ ტანი განებანა, მხოლოდ რქიანი საქონლის ხორცი ეჭამა, წარმოეთქვა სრულიად ბუნდოვანი ფორმულები, რომელშიც ქრისტიანულ-წარმართული ცნებები ერთმანეთში იყო არეული და ხატობაში წმინდა წარმართული მსხვერპლი შეეწირა, რომელიც მათი შემოსავლის წყარო იყო, რადგან შეწირული საქონლიდან განსაზღვრული წილი ერგებოდათ. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ფშავში სულთა მოხსენიების დღე, ხალარჯობა, როცა „გლოვა…სათემო, საზოგადო ხდება: ერთი მრავა­ლის მიცვალებულსა ჰგლოვობ და მრავალნი ერთისას“ (,,ხალარჯობა და რიგები“).

 

ყოველივე ზემოჩამოთვლილი მერყეობს მარტივს, პრიმიტიულსა და მაღალკულტურულ მისწრაფებებს შორის. ისიც ცნობილია, რომ ვაჟა-ფშაველა ქეიფმობეზრებულ ახალგაზრდებს რუსთაველს, გურამიშვილს, „კალმასობას“ უკითხავდა ხოლმე. ფშაველი მწყემსები ერთმანეთს ასწავ­ლიდნენ თურმე წერა-კითხვას და უმაღლესი ბედნიერება მათთვის ჩანთაში „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ქონა იყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან „ეს პატარა ტომი ვერ შექმნიდა ისეთ მდიდარ სახალხო პოეზიას, როგორიც მან შექმნა, და ვერ წარმოშობდა ისეთს დიდს მწერალს, როგორიც ვაჟა-ფშაველა იყო“ (გ. ქიქოძე).

 

 

 წიგნი-საკურა

0

„უხილავი სხეულებიც ხომ არსებობენ“.

 მისუძუ კანეკო

 

2011 წლის 11 მარტს იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე გამანადგურებელი მიწისძვრა მოხდა. მთელი მსოფლიო შეძრა წარმოუდგენელი სიმძლავრის ტალღების მიერ შთანთქმული ქალაქების ტრაგედიამ.

სტიქიის შემდეგ, ფინანსურმა და სავაჭრო კომპანიებმა, ცუნამის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, უარი განაცხადეს სატელევიზიო რეკლამის განთავსებაზე. ამის ნაცვლად, საეთერო დრო სრულად დაეთმო სოციალურ განცხადებებს. მათ შორის იყო ვიდეო-რგოლი, რომელსაც საფუძვლად დაედო ლექსი – „შენ ექო ხარ?“.

ეს ლექსი 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ პოეტ ქალს – მისუძუ კანეკოს ეკუთვნის და მის შესახებ იაპონიამ ხელახლა შეიტყო. მილიონობით ადამიანის გულს მისწვდა მისი ემპათიით და სიყვარულით სავსე ხმა, იმედისა და გამხნევების ექოებად მოეფინა ეს ნატიფი, გამჭვირვალე და ღრმა პოეზია.

„- მიპასუხე, ექო შენ ხარ?

– არა, ყველანი ხართ ერთად!“.

ამ სტრიქონებით მთავრდება ეს სიმბოლური ლექსი და მის მსმენელსა თუ წამკითხველში უმთავრეს ადამიანურ აზრს აბრწყინებს – ყველა ჩვენგანი უნიკალურია და ამასთან ერთად დიდი, ღვთაებრივი მთლიანობის/ერთობის ნაწილია. თავისთავადია, თვითმყოფადია და თან უმნიშვნელოვანესი თვალია კაცობრიობის ქსოვილზე.

ამ აზრითაა განმსჭვალული მისუძუ კანეკოს პოეზია, ისევე როგორც მთლიანად იაპონური კულტურა – უმცირესში უდიადესის ამსახველი და სამყაროს ყოველ მისხალში ჭეშმარიტების ამომკითხველი.

უცნაურია პოეტის ბედისწერა: გამანადგურებელი მიწისძვრის ინერციამ ხსოვნის უფსკრულიდან ხელახლა ამოტყორცნა შემოქმედება, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე გაიწირა დავიწყებისთვის. საბედნიეროდ, მისი პოეზიის გზაზე დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიანები, ვინც ამ უფსკრულებს გამოსტაცებდნენ ხოლმე მისუძუ კანეკოს სახელს. ასე მოხდა მიწისძვრამდე რამდენიმე ათეული წლის წინაც – როდესაც ახალგაზრდა პოეტმა, სეცუო იაძაკიმ ერთ ძველ ჟურნალში შემთხვევით აღმოაჩინა უცნობი ავტორის ლექსი „იღბლიანი თევზაობა“. ეს შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება იქცა მისთვის უმთავრეს იმპულსად, რათა მრავალი წელი დაეხარჯა მისუძუ კანეკოს სხვა ლექსების ძებნაში. ბოლოს და ბოლოს, 1982 წელს, მიაკვლია პოეტის უმცროს ძმას, რომელიც უკვე ოთხმოცს იყო მიტანებული, სწორედ მან გადასცა იაძაკის თავისი დის ლექსების სამი გაცრეცილი რვეული და საოჯახო ფოტოები.

გავა კიდევ ნახევარი საუკუნე და აგერ, სულ ცოტა ხნის წინ, მისუძუ კანეკოს სახელს აღტაცებით და სიხარულით გააცნობს ქართველს მკითხველს მარიამ წიკლაური – თავად არაჩვეულებრივი პოეტი, რომელიც ჩვეული რუდუნებით შეუდგება იაპონელი პოეტი ქალის თარგმნას და ნაყოფიერადაც გაასრულებს.

ეს თარგმანები კი გამომცემლობა „სეზანის“ მიერ (პროექტის ხელმძღვანელი მანანა კარტოზია) დასტამბულ შთამბეჭდავ კრებულში დაბინავდება.

მისუძუ კანეკო საბავშვო ავტორად მიიჩნევა, თუმცა სწორედ იმ კულტუროლოგიური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, მისი შემოქმედება უასაკო უფროა – თანაბრად ორგანულია როგორც საბავშვო, ასევე სადიდო პოეტური სამყაროსათვის; თანაბრად მძლავრი და შთამბეჭდავია ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის. ეს პოეტური ხმა და ხასიათი ზედმიწევნით მოიხელთა მარიამ წიკლაურმა, რომლისთვისაც მსგავსი პოეტიკა უცხო სულაც არაა. ვინც მის საბავშვო და სადიდო პოეზიას იცნობს, არც ამ აზრში დაეჭვდება – მისთვისაც ერთი დიდი, მთლიანი და ღვთაებრივი პოეტური სამყაროს გამოვლინებაა ერთი შეხედვით უმარტივესი საბავშვო ბწკარებიც და ურთულესი აზრობრივი შრეებით დამუხტული „საუფროსო“ ლექსებიც. ამ ოსტატობით თარგმნა მან სხვადასხვა დროს არაერთი დიდი ავტორი – ცვეტაევა თუ კავაფისი, რუნებერგი თუ ელიტისი.

თუმცა, მისუძუ კანეკოს შემთხვევაში, ამოცანა მაინც რთული იყო – ისევ და ისევ იაპონური ენისა და კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამ სირთულეების დაძლევაში მარიამ წიკლაურს იაპონელი მეცნიერი და ქართველოლოგი – იასუჰირო კოჯიმა დაეხმარა, რომელმაც მხატვრულ-ენობრივ ნიუანსებში წვდომაც გაუადვილა და პირველ შემფასებლადაც იქცა დღესდღეობით ყველაზე ცნობილი იაპონელი საბავშვო პოეტის ქართული თარგმანებისა.

„აბა, მიუყურადეთ ექოს საქართველოდან“ – ამ რეპლიკით ეპატიჟება იასუჰირო კოჯიმა მკითხველს კრებულში, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია: „იაპონური ექო“.

კრებულში ორი წიგნია თავმოყრილი – სიეტლში, დეივიდ იაკობსონის გამოცემა „შენ ექო ხარ?“ და „დაკარგული ლექსები“ – კანეკოს რვეულებში აღმოჩენილი რამდენიმე რჩეული ლექსი.

„პირველქმნილი ადამიანის გაოცება, სიწმინდე, სიკეთე, გულწრფელობა და უშურველობა უმთავრესია მისუძუ კანეკოს პოეზიაში, რომელიც თანაგანცდისა და თანაგრძნობის იმპულსებს აღუძრავს ნებისმიერი ასაკის ადამიანს… იაპონური რელიგიურ-კულტურული ტრადიციები და ფასეულობები მომავალ თაობას მცირე ასაკიდანვე უნერგავს ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის უმთავრეს პრინციპებს“, – წერს კრებულის ბოლოსიტყვაში მარიამ წიკლაური.

მისუძუ კანეკოს პოეზიას მრავალფეროვანი პერსონაჟები ჰყავს – აბრეშუმის ჭია და ვეშაპი, კალია და ვარსკვლავი, მტრედი და იალქანი, ტელეფონის ბოძიც კი, რომელიც ქუჩის ხმაურში ზამთრისპირულად თვლემს… ყველაფერს თავისი თავდაპირველი შინაარსიც აქვს და კიდევ რაღაც უცხოსა და მნიშვნელოვანს გულისხმობს – ესაა კანეკოს შემოქმედების საიდუმლო. ის უხილავი მეგზურია, რომელსაც დედობრივი სიყვარულით ჩაუკიდია ხელი მკითხველისათვის (ბავშვი იქნება ეს თუ უფროსი) და იმ სამყაროში შეჰყავს, რომელსაც მისი თვალი და გული ხედავს – ყველა ყვავილთან გააჩერებს, ყვავილს გულსა და ფოთოლს დაუთვალიერებს, ნამის წვეთში მცენარის ცრემლს შეამჩნევინებს, ცრემლში – სინანულის ჩრდილს, ზღვისკენ გაიყვანს – ვეშაპების პანაშვიდს რომ დაასწროს, ამ შემზარავ სურათში რაღაც მარადიული დაანახოს, ერთდროულად საშიშიც და სანუგეშოც… ზეცაშიც აახედებს და მზერას ცისარტყელათი აუბრჭყვიალებს, ფუტკრის ზუზუნს ღვთის ხმად მოასმენინებს, მზის სხივებს – სიცოცხლის ძღვენად; სიხარულით, აღტაცებით და მადლიერებით აავსებს!..

ამ სურათებისა და შეგრძნებების უკან კი თავად იქნება – 26 წლის პოეტი ქალი, რომელმაც თავის გამჭვირვალე პოეზიაში იაპონური კულტურის ყველა საიდუმლო აირეკლა და იქცა კიდეც მის სიმბოლოდ. ქალი, რომელსაც ბედისწერა სასტიკად მოექცა და თავს დიდი განსაცდელები დაატეხა, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია სიყვარული, იმედი და შემოქმედება. არ შეუწყვეტია არც მაშინ, როცა შვილის გამო სიცოცხლე თავად დაასრულა. მთავარი ამ ბრძოლაში რწმენა იყო – მარადიული სიყვარულისა.

ამიტომაცაა კანეკოს პოეზია ერთდროულად სევდიანიც და ხალისიანიც. როგორც სამყარო – ეს გრძნობებიც მთლიანია, ერთმანეთში ნატიფად ჩახვეული, ერთი მხატვრული ტილოს შემქმნელი. გაზაფხულის სიმძლავრით ამოჩნდება მასზე კითხვები – საკურას ყვავილი. ეს უსაზღვრო, ჰაეროვანი ენერგია ამ კითხვებითაა დაძაგრული – სად მთავრდება დღე-ღამის თოკი? უცხოობის სევდას რა მოსდევს? ვისი ექო ვარ?..

ეს კითხვები მკითხველში წარმოსახვას აფორიაქებენ. აბა როგორია, წაიკითხო ლექსი ცისარტყელაზე და უცებ სულ სხვა სააზროვნო ველში აღმოჩნდე, ან გაჰყვე ლექსში ზღვის პირას მოსიარულე დედის ხატს, რომელსაც მოულოდნელად შთანთქავს ტალღები და შენ კი ნუგეში გაგიბრწყინდეს – „არა უშავს. დედაჩემი ყოჩაღია, ზღვაზეც გაივლის!“.

გამაოგნებლად მშვენიერი, მტკივნეული და მარადიულია დედაშვილობის სახე-ხატი მისუძუ კანეკოს პოეზიაში. შესაძლოა იმიტომ, რომ თავადაა დედაც და შვილიც, ორივე ხმა და ხედვა, ორივე გმირი; და ალბათ იმიტომაც, რომ მისი ცხოვრების მთავარი ტრაგედიაა შვილთან განშორება. ლექსები კი – ამ ტრაგედიის დაძლევა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – კანეკომ მართლაც ზღვაზე გაიარა. ყოჩაღმა კანეკომ. სიკვდილის გავლით მარადისობის მზეში გავიდა.

„იაპონური ექო“ უკვე ქართველი მკითხველისთვისაც ამ დიდი გზების, ფიქრების და შეგრძნებების მეგზურია. სევდით, სიხარულით და შეკითხვებით დამუხტული წიგნი-საკურა, რომელიც სამყაროს საიდუმლოზე რწმენითა და სიყვარულით გიამბობთ.

„საბას“ მერე

0

მოიწერეს, ხვალინდელ ეთერებს ვგეგმავთ და თქვენ „საბას“ დირექტორთან და რომანის გამარჯვებულთან ერთად მოგიაზრეთ „ფორმულას“ დილის გადაცემაშიო (ეს დილით მოხდა, დაჯილდოების ჩანაწერი კი საღამოს აჩვენეს. ამიტომ ჯერ არ ვიცოდი, ვინ იყო რომანის გამარჯვებული, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ თამთა მელაშვილი უნდა ყოფილიყო).

ძალიან კარგი-მეთქი, – ვიფიქრე, – წავიღებ ბარემ ამ მეორეს და ამოვაბეჭდვინებ. დელისის მიმდებარედ ხომ ქსეროქსი ბევრგანაა.

მანქანა გამოვუშვათო?

არ მინდა-მეთქი, მეზობლად ვარ.

ავდექი და ჩემი „ახალი აღქმა“, რომელსაც მაშინ სრულიად ბანალური სამუშაო სათაური ჰქონდა და „ახალი აღქმა“ ჯერ არ ერქვა, ფლეშ მეხსიერების ბარათზე გადავიტანე. კი, შეგიძლია, იმეილითაც გაუგზავნო და ამობეჭდავენ, მაგრამ მე ასე მირჩევნია ხოლმე. ამისთვის საგანგებოდ მაქვს გამოყოფილი მეხსიერების ბარათი – ტექსტებიც და მასალებიც იმით დამაქვს ამოსაბეჭდად. მასალებს მუდამ ერთსა და იმავე ადგილას ვაბეჭდვინებ – ცოტა შორს კია, მაგრამ იაფია. აი, ტექსტებს კი – სულ სხვადასხვა ადგილას, სადმე, სადაც მეორედ აღარასდროს მივალ ანუ ვერ დამიმახსოვრებენ, ვერ მიცნობენ. ზოგ სიტუაციაში ჩემი თავის მწერლად თუ ავტორად წარმოჩენა ჩემთვის ჯერ კიდევ გადაულახავი უხერხულობაა.

***

ჯილდო მთელ თვეს შინ მედო და ვმალავდი (ერთხელ მეგობარი ამოვიდა და იმ ღამით უცებ მივხვდი, რომ შეიძლებოდა, დაენახა. ოთახში ზუსტად იმ ადგილას დავდექი, სადაც ის იდგა და გადავამოწმე. გამიმართლა – იმ კუთხიდან „საბა“ არ ჩანდა.). ამიტომ საღამოს, როცა დაჯილდოების ჩანაწერი უნდა ეჩვენებინათ, მშვიდად ველოდი – მეგონა, სანერვიულო არც არაფერი იქნებოდა, უკვე ხომ შევეჩვიე მაგ ამბავს, დებიუტში „საბა“ რომ გადმომცეს. ჰოდა, დედას ბატიბუტი მოვახალვინე, მაგრამ სულ ტყუილად – ერთიც არ გადამივიდა ყელში.

დაჯილდოების დასრულებისთანავე იყო უამრავი მილოცვა და ინტერვიუ „პიკის საათთან“. მეორე დილას კი ვინანე, მანქანაზე უარი რომ ვთქვი – ყინავდა. ჩემებს შევებრალე, მანქანით ჩამიყვანეს.

მერე ყველაფერი სტანდარტულად მოხდა: საშვი, ლიფტი, სტუდია. არასტანდარტული მხოლოდ კოკესპანიელი იყო, სტუდიაში რომ დაცუხცუხებდა.

თბილოდა. ქურთუკი გავიხადე. „საბას“ დირექტორიც მოვიდა, თამთა სახლიდან ჩაგვერთო. ამიტომ ვიდრე მე მკითხავდნენ რამეს, ჯერ თამთას ჰკითხეს, რას ნიშნავს თქვენთვის მეორე „საბაო“. თამთამ უპასუხა, იმას, რომ ამ სფეროში დავრჩიო. ქალები დებიუტში იღებენ „საბას“, მაგრამ მერე ვეღარ და ამას ბევრი მიზეზი აქვსო. და მე ამას ვუსურვებ ნანას, რომ ამ სფეროში დარჩესო.

აქ პირველად ვიფიქრე, კიდე კარგი, ეს მეორე ამოსაბეჭდად მიმაქვს, თორემ ხომ სულ ჩამიმწარდებოდა ეს სიხარული, მარტო „აკუმის“ იმედად რომ ვიყო-მეთქი.

მეორედ კი იგივე მაშინ გამეფიქრა, როცა მკითხეს, ახლა თუ მუშაობ რამეზეო.

კიდევ კარგი-მეთქი, კიდევ კარგი, რომ მართლაც რაღაცაზე ვმუშაობ.

ამოსაბეჭდად წამოღებული „ახალი აღქმა“ მაგ მხრივ მაინც მგვრიდა სიმშვიდეს. თავს ვეუბნებოდი: „ახლა ეს ვნებათაღელვა დამთავრდება, დაჯდები და იმუშავებ. ეს ვნებათაღელვა დამთავრდება, დაჯდები და იმუშავებ. ეს ვნებათაღელვა დამთავრდება… დამთავრდება… დამთავრდება…“

ეთერი დასრულდა. ისევ შევიფუთნე ქუდში, კაშნესა და ხელთათმანებში. მე და „საბას“ დირექტორი ჩამოვედით ლიფტით. ვსაუბრობდით.

როგორ ვერ მიხვდი, ეჭვი მაინც როგორ არ გაგიჩნდაო, – უკვირდა.

რა ვიცი-მეთქი.

აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ დარწმუნებული ვიყავი, მე არ ავიღებდი „საბას“, რადგან „აკუმი“ სრულიად ამოვარდნილია ქართული ლიტერატურის დღევანდელი ტენდენციებიდან?

-ახლა შენც „საბას“ დიდი ოჯახის წევრი ხარ, – მითხრა, პირადობის მოწმობა რომ დაუბრუნა დაცვამ, – დებიუტში „საბა“ ვისაც აქვს, დღეს ყველა ცნობილი მწერალია.

გამოვედით. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ქსეროქსისკენ გავწიე. გადაწყვეტილი იყო – ამ კვირაშივე უნდა დამეწყო „ახალი აღქმის“ გასწორება. წლის ბოლომდე ხომ უკვე გამომცემლისთვის უნდა ჩამებარებინა – ასე დავთქვით.

ქსეროქსის ოთახში შესასვლელი ყვავილების მაღაზიიდან იყო. დაცვენილ ყვავილის ფურცლებსა და მიმჭკნარ ფოთლებში გავიარე. მექსეროქსემ, დაჯექიო.

დავჯექი და უცებ შემეშინდა – ვაიმე ახლა ამან თუ დილის ეთერს უყურა და მიცნო! აი, ახია ჩემზე! მეფიქრა ცოტა, სანამ დავთანხმდებოდი.

მაგრამ ქუდი მეხურა, კაშნე მეკეთა და პირბადეც გავიკეთე შესვლამდე. ეს იმედს მაძლევდა – ასე შეფუთულს როგორ მიცნობს, თანაც, თუ დილიდანვე აქაა, ტელევიზორის საყურებლად სად მოიცლიდა-მეთქი.

მაინც დაძაბული ვიჯექი.

და თითქოს ეგ არ კმაროდა, მექსეროქსე მეკითხება, ეს შენ გააკეთეო?

ჯერ მეგონა, გარეყდაზე მეკითხებოდა – თავფურცელს ვუკეთებ ხოლმე ტექსტებს, სათაურს ვაწერ, დაწყება-დასრულების თარიღებს. ლამაზია და მომწონს, წიგნს ემსგავსება. მაგრამ უცებ მიხვდი, მთლიანად ტექსტზე ამბობდა და ვუპასუხე, ჰო, მე დავწერე-მეთქი. რა მექნა, აბა, ხომ არ მოვატყუებდი?

-უიმეეე! – შეიცხადა. – ნერვები არ უნდოდაა?! ამდენის იმას…

გამეღიმა, ეჰ-მეთქი, შენ რომ იცოდე, ჩემი პირველი რომანი ამაზე ორჯერ დიდია და იმაში უკვე გადმომცეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო… მაგრამ არაფერი მითქვამს.

შეცხადებაზე მეყვავილემ შემოიხედა:

-რა არი ეგა?

-მოთხრობები. ამას დაუწერია, – თავით ჩემზე მიანიშნა მექსეროქსემ.

-მოთხრობები? საბავშვო? – ჩაეკითხა მეყვავილე.

-აარა, საბავშვო არ არი, – მე გადმომხედა მექსეროქსემ, – ხო არ არი საბავშვო?

თავი გავაქნიე.

-მოთხრობები ბიბლიის პერსონაჟ ქალებზეო, – დამარცვლით წაიკითხა მექსეროქსემ.

მეყვავილე უკვე გასული იყო – ალბათ, მყიდველი მოუვიდა ან, უბრალოდ, აღარ დაინტერესდა.

მე ისევ ეკლებზე ვიჯექი – ვაიმე, ახლა ის არ მკითხოს, რამდენი ხანია, წერო ან წიგნი თუ გაქვს გამოქვეყნებულიო, თორემ რას ვეტყვი?

ყურადღების გადასატანად იქაურობას მოვავლე თვალი. ფოტოები ედო, თავისი და ბავშვების, ალბათ, შვილების. თაროებზე გერმანულის სახელმძღვანელოები ეწყო, იქვე – სამედიცინო მასალებიც. ეტყობა, რასაც ხშირად აქსეროქსებენ სტუდენტები, იმისი ცალები სულ აქვს. მაგიდაზე რაღაც ტკბილეულობის ჭრაჭუნა ქაღალდი ეგდო და ყავიანი ფინჯანი იდო. ჩემამდე შეისვენა, როგორც ჩანს, ან დილით საუზმობა ვერ მოასწრო და აქვე წაიხემსა.

სანამ მე ასე აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, ამობეჭდვა-აკინძვასაც მორჩა. მერე  საიდანღაც ერთი გაზინზლული ყვითელი პარკი ამოაძვრინა და ნაბეჭდი ეგზემპლარი იმაში ჩამიდო. ფული საჩქაროდ გადავუხადე, ეგზემპლარი ავიღე და გამოვედი.

ზურგჩანთა მქონდა, შემეძლო, დიდი გაჭირვებით იქ ჩამეტენა, მაგრამ არ ვქენი. ხელში მეჭირა და ასე, გულზე მიხუტებული, მომქონდა.

გზად დედამ დამირეკა, გიყურა ხალხმა და ძალიან კარგი იყოო. უკვე მიხვედიო?

მე ვუთხარი, ჯერ გზაში ვარ, ქსეროქსში შევიარე-მეთქი.

ჩვენც მოვალთ მალეო.

მივედი შინ. ის გაზინზლული პარკი გადავაგდე და ამობეჭდილი ცალი მაგიდაზე დავდე. მერე ფეისბუქი გავხსენი, მილოცვებს ჩამოვუყევი.

მადლობა…

მადლობა…

მადლობა…

მადლობა…

მეგობარმა მოიწერა, რას შვრები, უპასუხებ მილოცვებსო?

მივწერე, მეორე წიგნი ამოვბეჭდე და უნდა გავასწორო-მეთქი.

„უკვეე?? ჯერ დაისვენე ცოტა“ – გაუკვირდა.

ძალიან დამეზარა, რამე ამეხსნა და არაფერი მიმიწერია.

ჩვენ ბაზალეთზე ვართ, სანტექნიკოსი გამოვიძახეთ, უწყლოდ ვართ, მესამე დღეაო.

ეს მრავლობითი რიცხვი კი მეუცნაურა. როგორც მახსოვდა, მარტო მიდიოდა, მაგრამ ისიც დამეზარა, მეკითხა, ვინ თქვენ-მეთქი. ამიტომ არც ამაზე მიმიწერია რამე.

„საბას“ დიდი ოჯახის წევრი…“ „…დღეს ყველა ცნობილი მწერალია…“

რა მეშველება, ეს მეორე რომ არაფრად ვარგოდეს? და სათაური? რამე უნდა მოვიფიქრო, „აპოკრიფებს“ ხომ არ დავტოვებ…

ამ ფიქრებში ვიყავი და დედაც მოვიდა, მოდი, რა, გადავახვიოთ, მეც ვნახავო.

სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ხმის მოსმენა ტელევიზორიდან არ მინდოდა და იმაშიც, რომ რაღაც აბდაუბდა ვილაპარაკე, ჩემს ოთახში გავედი.

„ახალი აღქმის“ უსათაურო ნაბეჭდი ცალი მაგიდიდან მიყურებდა. გადავწყვიტე, მომდევნო დღესვე დამეწყო გასწორება.

ღმერთო-მეთქი, ოღონდ ეს ბოლომდე მიმაყვანინე…

 

 

 

გაკვეთილზე პასუხის შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ალბათ ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომელიც შეწუხებულია იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცოდა გაკვეთილი, მაგრამ კლასში, საგაკვეთილო პროცესში ვერ შეძლო დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რის გამოც არასასურველი შეფასება და მასწავლებლის მხრიდან საყვედური დაიმსახურა. ხშირად მშობლებიც ვერ მალავენ უკმაყოფილებას და არ იშურებენ საყვედურს შვილისთვის, რომელიც თითქოს მომზადებული დავალებებით მიდის სკოლაში, მაგრამ უჭირს გაკვეთილზე პასუხის გაცემა, ცოდნის გადმოცემა და სისტემატურად არადამაკმაყოფილებელ შეფასებებს იმსახურებს: „სახლში ვერ გაგაჩერებს ადამიანი და სკოლაში რა გემართება, რატომ არ პასუხობ მასწავლებელს, რამ დაგამუნჯა“!?; „გუშინ ხომ მოამზადე გაკვეთილი, ჩამაბარე კიდეც, გაკვეთილზე რა გემართება“! და ა.შ. მართლაც, არის შემთხვევები, როცა ბავშვი სახლში შესანიშნავად ახერხებს ნასწავლის გადმოცემას, მაგრამ გაკვეთილზე თანაკლასელების ზურგს უკან იმალება, რომ მასწავლებელმა არაფერი ჰკითხოს, და თუ მაინც დაუსვამს შეკითხვას, ის დუმს და ხმას არ იღებს. ხშირად ეს მაშინაც კი ხდება, როცა აღნიშნულ საკითხზე ბავშვს საჭიროზე მეტი ცოდნა აქვს იმისათვის, რომ თავი გამოიჩინოს.

 

ზოგადად გასაკვირი არაფერია, თუ ბავშვი მთელი კლასის წინაშე დაფასთან მდგომი ნერვიულობს, უჭირს ნასწავლის გადმოცემა და ცოდნის გამომჟღავნება. აუდიტორიის, თუნდაც თანაკლასელების აუდიტორიის წინ დგომა ბავშვისთვის დაახლოებით იგივეა, რაც მსახიობის გამოსვლა სცენაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება არათუ ბავშვი, ზრდასრული ადამიანიც საკმაოდ ნერვიულობს, როცა ფართო აუდიტორიის წინ უწევს გამოსვლა. ამდენად, საყვედურების ნაცვლად, ალბათ აჯობებდა ზემოაღნიშნულ სიტუაციაში საკუთარ ემოციებთან გამკლავებაში და პრობლემის დაძლევაში დავხმარებოდით ბავშვს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ პრობლემას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და მისი დაძლევა სწორედ ამ მიზეზის აღმოჩენით არის შესაძლებელი, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება იმ მიზეზებში გარკვევა, რამაც შეიძლება ბავშვში გაკვეთილზე პასუხის შიში გამოიწვიოს.

 

 გაკვეთილზე პასუხის შიშის გამომწვევი მიზეზები:

  • თავდაჯერებულობის, საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა – საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა, დაქვეითებული თვითშეფასება, როგორც წესი, შფოთიანობის დონის მომატებას იწვევს გაკვეთილზე პასუხის დროს. ასეთ ბავშვს, როგორც წესი, ყველაფერი მყისიერად ავიწყდება, რჩება მხოლოდ დაბნეულობა და გაუბედავად წარმოთქმული გაურკვეველი ფრაზები, რაც მაშინვე იწვევს, როგორც მასწავლებლის აღშფოთებას, ასევე თანაკლასელების მხრიდან დაცინვას. არადამაკმაყოფილებელი შეფასებით სახლში დაბრუნებულს კი დედა ხვდება უკმაყოფილო – „კი, მაგრამ ხომ იცოდი, ყველაფერი ისწავლე, კარგად მოემზადე, რა მოგივიდა“!? – აღშფოთებას ვერ მალავს უკმაყოფილო დედა. ყოველივე აღნიშნული კი, დახმარების ნაცვლად, კიდევ უფრო აუარესებს ბავშვის მდგომარეობას და აღრმავებს პრობლემას.
  • მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები – თუ ბავშვი არასწორად წარმოთქვამს ბგერებს, ენის ბორძიკით ლაპარაკობს, შეიძლება თავი შეიკავოს გაკვეთილზე პასუხისგან და დუმილი არჩიოს ყოველი არასწორად ნათქვამი სიტყვისთვის თანაკლასელების სახეზე ირონიული ღიმილის დანახვის და მათი მხრიდან დაცინვის შიშით.
  • კლასიდან გარიყულთა შორის ყოფნა, დაბალი სოციალური სტატუსი თანატოლთა ჯგუფში – თანაკლასელებთან დაძაბული ურთიერთობა, კლასის მიერ მისი მიუღებლობა აიძულებს ბავშვს განზე გადგეს, მოერიდოს და თვალში არ მოხვდეს თანაკლასელებს, თუნდაც დროებითი, მოჩვენებითი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
  • სასწავლო მასალის არასაკმარისი ცოდნა – თუ ბავშვმა მოამზადა გაკვეთილი, მაგრამ კარგად ვერ ერკვევა იმ საკითხებში, რაზეც უნდა ისაუბროს, გაკვეთილზე პასუხის დროს შეიძლება ეს მისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს.
  • მასწავლებლის არასწორი ქმედება, დაუფიქრებელი რეაქცია ბავშვის ქცევაზე – პედაგოგის მიერ ნათქვამმა ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ – „აბა ერთი ამოღერღე რა იცი, იქნებ დღეს მაინც შევძლო შენი შეფასება ნორმალური ქულით, რომ საყვედურებით აღარ ამავსოს დედაშენმა“ – შესაძლოა დიდი ხნით „დაამუნჯოს“ ბავშვი და ხმა აღარ ამოიღოს გაკვეთილზე მაშინაც კი, როცა ყველაფერი შესანიშნავად აქვს მომზადებული. ხშირად მასწავლებლის არა თუ სიტყვა, არამედ მზერა, პოზა, ხმის ტონიც კი შეიძლება სერიოზული დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს გაკვეთილზე პასუხის დროს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს არავერბალური კომუნიკაციის უნარი ძალიან კარგად, ცალკეულ შემთხვევებში უფროსებზე უკეთესადაც კი აქვთ განვითარებული.
  • გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ მშობლების მხრიდან – მშობლების პერფექციონიზმი, მოთხოვნა, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთოს მისმა შვილმა, ბავშვს აღარ უტოვებს შეცდომის დაშვების უფლებას. საყვედური მშობლის მხრიდან – „რატომ ცხრა და არა ათი ქულა“ – უბიძგებს მოზარდს გაკვეთილზე ჩუმად იყოს, ხელი არ აიწიოს, საერთოდ არ უპასუხოს დასმულ შეკითხვებს და შეფასების გარეშე დარჩეს, ვიდრე ათზე დაბალი ქულა მიიღოს.
  • ბავშვის ინდივიდუალური და ტიპოლოგიური თავისებურებები – თუ ბავშვი ნელა მეტყველებს, ნელა აზროვნებს და ნელა მოქმედებს, მასწავლებელი კი საკუთარი ტიპოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ ეგუება მოსწავლის შენელებულ ტემპებს და მუდმივად აჩქარებს მას, შეიძლება ბავშვი პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს და თავი აარიდოს პასუხებს.

 

როგორ მოვიქცეთ, როცა მიზეზი ჩვენთვის ცნობილია და ბავშვის დახმარება გვსურს.

 რეკომენდაციები ბავშვებში გაკვეთილზე პასუხის შიშის დასაძლევად:

  • დავეხმაროთ ბავშვს, რომ მომზადებული, სათანადო ცოდნით აღჭურვილი შევიდეს გაკვეთილზე. ამ შემთხვევაში მთავარია, არ დავკარგოთ დრო, ვიზრუნოთ მანამდე, სანამ ცოდნაში ხვრელი იმდენად დიდი არ გახდება, რომ მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება შეუძლებლად არ იქცევა; გაკვეთილისთვის გაძლიერებული ინტენსიური მომზადების შემთხვევაში გაკვეთილზე პასუხის შიში სწრაფად გაივლის.
  • მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად მივმართოთ ლოგოპედს და ნევროლოგს. გავითვალისწინოთ, რომ სწორი მეტყველება მხოლოდ სწავლისთვის არ არის საჭირო; თუ პრობლემა არ იქნება დაძლეული, ის მომავალშიც შეიძლება დაბრკოლებად ექცეს ბავშვს და ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.
  • როდესაც გაკვეთილზე პასუხის შიშის მიზეზი მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნებია, დედებს და მამებს მოუწევთ აღიარონ თავიანთი შეცდომა და გადახედონ საკუთარ შეხედულებებს ბავშვის ცოდნის შესაფასებელ ქულებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში შედეგი არ დააყოვნებს – ბავშვის შფოთვა გამოწვეული არასასურველი ქულებით დროთა განმავლობაში გაქრება და აქტიურობა გაიზრდება.
  • სასურველია პედაგოგმა კარგად გაიაზროს იმ ფრაზების შინაარსი, რომლებსაც ბავშვებთან იყენებს. ხშირად მასწავლებელი ზედმეტი დატვირთვის და გადაღლის გამო ვერ ამჩნევს, რომ მისი რეპლიკა გახდა ბავშვის შიშის მიზეზი.
  • გაკვეთილზე პასუხის შიშის მქონე ბავშვების ზეპირი გამოკითხვისგან მასწავლებელმა, პირველ ხანებში, შეიძლება თავი შეიკავოს და გამოკითხვის სხვა ალტერნატიული ფორმები გამოიყენოს – ნება დავრთოთ ბავშვს, წერილობით შეასრულოს დავალება, პასუხები ფურცელზე ჩამოწეროს. შეიძლება ასევე ცალკე, ერთი ერთზე შეხვედრისას ჩაგვაბაროს ნასწავლი მასალა. კარგი იქნება წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ფორმების გამოყენებაც.
  • დავეხმაროთ ბავშვს საოჯახო გარემოში გაკვეთილის სწორად მომზადებაში. გაკვეთილის მომზადებისა და საგაკვეთილო პროცესში პასუხის დროს ბავშვი სხვადასხვანაირად გრძნობს თავს, ის სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და ეს ბუნებრივია – სახლში გაკვეთილს ბავშვი მშვიდ, კომფორტულ გარემოში სწავლობს, ის შეიძლება წამოწოლილ, მოშვებულ მდგომარეობაშიც იყოს. საკლასო ოთახში, გაკვეთილზე პასუხის დროს კი დაძაბული, აღელვებულია, შეფასების მოლოდინშია. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდება ადამიანის მდგომარეობა იმ მომენტში, როცა ის იღებს ინფორმაციას, მაგ. სწავლობს გაკვეთილებს და როცა გადმოსცემს, პასუხობს, მით უფრო რთულია მისთვის მიღებული ინფორმაციის გახსენება. აქედან გამომდინარე, უნდა შევეცადოთ დავაახლოოთ ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა. ამისათვის გამოვიყენოთ ბავშვის წარმოსახვის უნარი – ვთხოვოთ, წარმოიდგინოს საკუთარი თავი სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში და აღწეროს რას გრძნობს, რას განიცდის, რას ფიქრობს, როცა სრულიად მშვიდად არის და რას გრძნობს, რას ფიქრობს, როცა დაძაბულია. გაკვეთილის მომზადების შემდეგ ბავშვმა აუცილებლად უნდა გადმოსცეს ნასწავლი, მოჰყვეს ისე თითქოს ეს კლასში, გაკვეთილზე ხდება, წარმოიდგინოს საკუთარი თავი საკლასო ოთახში, დაფასთან პასუხის დროს. უკეთესი იქნება გაკვეთილის მოყოლა სარკის წინ, ამასთან ისეთი სარკის წინ, სადაც ბავშვი მთლიანად, თავიდან ფეხებამდე დაინახავს საკუთარ თავს. მოყოლის დროს მან ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ხმას, პოზას, მიმიკას, ჟესტებს. თუ ბავშვი მეგობართან ერთად მეცადინეობს, მოუყვეს მას მასწავლი მასალა, მაგრამ სარკე მაინც გამოიყენოს. კარგი იქნება, თუ მეგობარი დაჯდება ბავშვის უკან ისე, რომ სარკეში ყურებისას ის საკუთარ თავთან ერთად მასაც ხედავდეს. რა თქმა უნდა, გაკვეთილის მოყოლა ბავშვს შეუძლია როგორც მეგობრისთვის, ასევე დედისთვის, მამისთვის, ძმისთვის, დისთვის და ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ სარკის დახმარებით ბავშვს შეეძლოს თვალყური ადევნოს, როგორც საკუთარ თავს, ასევე მსმენელის რეაქციებსაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაკვეთილზე პასუხის შიშის გამომწვევი მიზეზის მოძიებით და ამ მიზეზის დაძლევაზე მუშაობით ჩვენ შევძლებთ, დახმარება გავუწიოთ ბავშვს და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადო პირობები შევუქმნათ.

 

 

მუსიკის ჰანგები არმიის სამსახურში

0

თანამედროვე სამყაროში თითქმის არცერთი სერიოზული ორგანიზაცია აღარ არის მონოფუნქციური. ჩვენს ეპოქაში გადასარჩენად აუცილებელია, რომ დაწესებულება, გაერთიანება რამდენიმე ფუნქციას ერთდროულად ითავსებდეს და ამგვარად ინარჩუნებდეს გავლენასა თუ მნიშვნელობას. ხშირად ადამიანებს, ინსტიტუტებს სრულიად არაორდინარული მოქმედება უწევთ, რათა პარალელურად თავიანთი მთავარი დანიშნულება შეასრულონ. ეს ტენდენცია სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებსაც ეხებათ.

თავდაპირველად აშშ-ის საზღვაო ფლოტში ორკესტრი, ბენდი და გუნდი ერთადერთი მისიით ჩამოყალიბდა. სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ წევრებს თავისუფალ დროს კოლეგები უნდა გაემხნევებინათ და პატრიოტული სიმღერების შესრულებით მათი მხედრული სული განემტკიცებინათ. დროთა განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ფლოტის მუსიკალური შემადგენლობა გარდაიქმნა. ნელ-ნელა ორკესტრისა და გუნდის წევრები სამხედრო მოვალეობისგან თითქმის სრულად გაათავისუფლეს და მათ მხოლოდ ცერემონიებში მონაწილეობის ვალდებულება დააკისრეს. მუსიკოსებს მიეცათ საშუალება მთლიანად კონცენტრირებულიყვნენ თავიანთ შემოქმედებაზე. თავისუფალი დრო საზღვაო ფლოტის ხელოვანებმა რეპერტუარის დახვეწასა და გამრავალფეროვნებას მიუძღვნეს. შედეგად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ის საადმირალო შტაბის ყოველი საჯარო ღონისძიება მაღალი ხარისხის, გემოვნებიან წარმოდგენად – შოუდ გარდაისახა. ფლოტის მუსიკოსებმა არნახული პოპულარობა მოუტანეს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, უამრავი ახალგაზრდა სწორედ შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრების წყალობით იგებდა არმიის საზღვაო დანაყოფების არსებობის შესახებ, არაერთი მოზარდი მუსიკის დახმარებით იკაფავდა გზას მსოფლიო ოკეანეებისაკენ.

განვითარების ახალ ეტაპზე სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალურმა შემადგენლობამ ხალხში გასვლა გადაწყვიტა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია United States Navy Band-ის კონცერტები მხოლოდ საადმირალო შტაბის ორგანიზებულ შეხვედრებზე არ იმართება ხოლმე. სახელოვანი მეზღვაურების გუნდსა და ორკესტრს უკვე დიდი ქალაქები და მათი მთავარი მოედნები მასპინძლობენ. Concerts on the Avenue-ის სერიით თეთრ უნიფორმებში გამოწყობილმა ხელოვანებმა არაერთი ქუჩა მოიარეს და მილიონობით ადამიანის გული მოიგეს. ბენდის წევრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უარი თქვეს მხოლოდ ფლოტთან დაკავშირებული ან მხოლოდ პატრიოტული კომპოზიციების შესრულებაზე. ისინი მღერიან იმას, რაც ხალხს უყვარს. ვთქვათ, ფლოტის სოლისტი – რეიჩელ სორაკო ამერიკის ურბანულ სივრცეებს ხშირად ავსებს ხოლმე ელტონ ჯონის ჰანგებით. ალბათ, ყველას მოსმენილი გაქვთ გენიალური ნაწარმოები „სიცოცხლის წრე“ კლასიკური მულტიპლიკაციური ფილმიდან „მეფე ლომი“. ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ „Circle of Life“-ის სულისკვეთების გადმოცემა ყველაზე უკეთ მეზღვაურ მუსიკოსებს შეუძლიათ. ისინი არც ცნობილი ვიდეო-თამაშების გენიალური თემების გაჟღერებას ერიდებიან. United States Navy Band-ის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად სამართლიანად მიიჩნევა ქრისტოფერ ტინის „Baba Yetu“, რომელიც სახელგანთქმულ თამაშს „ცივილიზაცია IV”-ს გასდევს ფონად.

საზოგადოებაში არმიის სახელისა და პრესტიჟის შენარჩუნებაზე მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალური შემადგენლობა არ ზრუნავს. ევროპის ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულნი არიან თავდაცვის სამინისტროსა თუ გენერალური შტაბის ორკესტრები.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განსაკუთრებით უყვართ ტრადიცია, რომელსაც „Großer Zapfenstreich“ ეწოდება. ეს არის უმაღლესი რანგის სამხედრო ღონისძიება, რომელიც ძირითადად შებინდებისას იმართება ხოლმე. მასში მუსიკალური ინსტრუმენტებითა და ჩირაღდნებით შეიარაღებული ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას. როგორც წესი, აღნიშნული ცერემონიით თანამდებობიდან აცილებენ გადამდგარ პრეზიდენტს, კანცლერსა თუ თავდაცვის მინისტრს. Großer Zapfenstreich-ის ცენტრალურ ფიგურას უფლება აქვს გერმანიის სამხედრო ძალებს მისი საყვარელი სამი კომპოზიციის შესრულება სთხოვოს.

თავდაცვის მინისტრმა კარლ ფონ გუტენბერგმა თავისი გაცილების ღონისძიებაზე Smoke on the Water (Deep Purple)-ის შესრულება მოითხოვა, გერჰარდ შრიოდერმა ფრანკ სინატრას „My Way” დააკვრევინა სამხედრო სასულე ორკესტრს და შემდეგ ნიანგის ცრემლებითაც იტირა, ევროკომისიის დღევანდელ პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლეიენს კი გერმანული როკ-ბენდის „სკორპიონსის“ „Wind of Change”-ით დაულოცეს ბრიუსელისკენ მიმავალი გზა. ამ და სხვა ნომრების შესრულების გამო სახელი მხოლოდ ორკესტრმა კი არ გაითქვა, არამედ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ფედერალური არმიის მრავალმხრივი შესაძლებლობები.

გასულ ზაფხულს მიხეილ მესხის სტადიონზე რაგბის რამდენიმე მატჩს დავესწარი. ნაციონალური ჰიმნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა შეასრულა. შესანიშნავად დაუკრეს, ბრწყინვალედ შეასრულეს ურთულესი კომპოზიციები. რა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოდიან და მხოლოდ ოფიციალური პროგრამით მოქმედებენ. არადა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს არმიას კიდევ უფრო დიდ პოპულარობას მოუტანდა მუსიკალური შემადგენლობა, რომელიც ჩარჩოებს დაარღვევდა და ამერიკელი თუ გერმანელი კოლეგების მსგავსად ხალხთან ერთად იმღერებდა მათთვის საყვარელ ნაწარმოებებს.

როგორ დავიწყოთ გაკვეთილი – ნეიროსავარჯიშოები და სინქრონიზაცია[1]

0

 

„მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;

გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემიოსფეროს გამოყენებით.“

ლეონარდო და ვინჩის რჩევებიდან

„მოძრაობას თავისი მოქმედებით შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი წამალი, მაგრამ მსოფლიოს ვერცერთი სამედიცინო საშუალება ვერ შეცვლის მოძრაობის მოქმედებას“.

ავიცენა

 

ახალი ეპოქის გამოწვევების შესაბამისად, თანამედროვე ადამიანი ან „გამოიღვიძებს“ და  გააკეთებს ნახტომს ცნობიერებაში, ან მოექცევა ტექნოლოგიების და ციფრული ეპოქის გავლენაში, როცა ის უბრალოდ ბიორობოტი იქნება.

შემეცნებისათვის მნიშვნელოვანია უნარების ცალ-ცალკე  გააქტიურება კი არა, არამედ მათი სინქრონიზაცია. სინქრონიზებული უნარები სრულიად განსხვავებულად მუშაობს. შედეგად ადამიანი არის უფრო  უფრო განუყოფელი, ჰოლისტური და დაბალანსებული.

ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონიზაცია  ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას,  აუმჯობესებს ჩვენს კეთილდღეობას და ცხოვრების ხარისხს. ეს კი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს, გავაფართოოთ ჩვენი შესაძლებლობები და მივაღწიოთ ჰარმონიას  ემოციური და რაციონალური ასპექტების შერწყმით.

ამ თემას ეხება ჩვენი დღევანდელი სტატია – თითების ნეიროვარჯიშების (იგივე კინეზიოლოგიური ვარჯიშების) დახმარებით როგორ შევძლოთ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონიზება. ამ სავარჯიშოების გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს და ნებისმიერი სიხშირით.

ცნობილია, რომ თითების ნეიროვარჯიშები ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის სახალისო გართობად შეიძლება იქცეს. გართობა და თამაშით სწავლება კი საუკეთესო მეთოდია, სწრაფად მიიღო და გაითავისო ინფორმაცია.

რა შეუძლია ნეიროვარჯიშებს?

ნეიროვარჯიშები ხელს უწყობს ინტელექტუალური და ფსიქიკური შესაძლებლობების განვითარებას. ტვინის გააქტიურებით და სინქრონიზაციით უმჯობესდება მეხსიერება, ყურადღება, აღქმა, მეტყველება, მოტორული უნარები, აზროვნება, კრეატიულობა, შემოქმედებითობა, თვითრეგულირება, თვითშეფასება, მოტივაცია და ზოგადი სომატური ჯანმრთელობა.

როგორ განიცდის ტვინი ცვლილებას?

ნეიროპლასტიკა არის ტვინის უნარი, შეცვალოს თავისი სტრუქტურა და ფუნქცია გამოცდილების, სწავლისა და ვარჯიშის საშუალებით. ეს არის ტვინის ფუნდამენტური თვისება, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მოერგოს ახალ სიტუაციებს, შეიძინოს ახალი ცოდნა და განავითაროს ახალი უნარები.

მაგრამ ისმის კითხვა: როგორ გამოვიყენოთ ნეოროპლასტიურობა ყოველდღიურობაში?

წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი, როგორც კოლოსალური ენერგეტიკული სისტემა. მილიარდობით „გზა“ ინთება ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ვფიქრობთ, ვგრძნობთ ან ვაკეთებთ. ნეიროპლასტიურობის ამოქმედება ნიშნავს ახალი გზების გაყვანას და არსებული საუკეთესო გზების გაძლიერებას. „ნეირონები, რომლებიც ერთად აინთებიან, ერთმანეთს უერთდებიან, ხოლო ნეირონები, რომლებიც არასინქრონიზებულად მუშაობენ, ვერ ახერხებენ კომუნიკაციას.“

ნეიროპლასტიურობის პროცესში ტვინს შეუძლია შექმნას ახალი კავშირები (სინაფსები) ნეირონებს შორის ან გააძლიეროს არსებული კავშირები გარკვეული სტიმულის ან განმეორებითი აქტივობის შედეგად.

ნეირობიოლოგი Dr. Tara Swart -ი, მასაჩუსეტსის  ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი, რომელსაც ეკუთვნის ბესტსელერი: „Brain Bible”, ნეიროპლასტიურობას ადარებს გზების მშენებლობას. „იფიქრეთ იმაზე, რომ გრუნტის გზიდან ავტომაგისტრალზე გადადიხართ,  შემიძლია ვთქვა, , რომ იმ ტრასაზე ვაპირებ მუშაობას, რომელიც ამჟამად გრუნტის გზაა. რაც უფრო მეტს ვიყენებ და რაც უფრო მეტად ვიმეორებ მოქმედებებს, შევძლებ  მის მაგისტრალად გადაქცევას“. აი, ამ ახალ გზაზე კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება….

 

ცალ-ცალკე თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო ქმნის სრულიად განსხვავებულ და საპირისპირო სამყაროებს. მარჯვენა ნახევარსფეროს სამყარო მოდელირებულია, როგორც – ცოცხალი, მთლიანი, ფერადი, მრავალფეროვანი, ინდივიდუალური და უნიკალური სამყარო, რომელიც ურთიერთქმედებით განიცდის განუწყვეტელ ტრანსფორმაციას, სამყარო, რომელთანაც ჩვენ სიღრმისეულად ვართ დაკავშირებული.

მარცხენა ნახევარსფეროს  სამყარო კი არის: სტატიკური, გამოყოფილი, დაძაბული, იზოლირებული, ფრაგმენტირებული, კლასებად დაყოფილი, რომელზე დაყრდნობითაც კეთდება პროგნოზები; ამ სამყაროში ძველი გამოცდილებების რე-პრეზენტაცია ხდება, არ არის ადგილი სიახალეებისთვის.

რა წარმოქმნის განსხვავებულ სამყაროებს? ყურადღების ფოკუსი, რომელსაც ჩვენ მივმართავთ სამყაროზე, ფაქტობრივად, ცვლის მას: ჩვენ ვართ პარტნიორები ქმნადობის პროცესში (McGilchrist).[2]

McGilchrist – ის მიხედვით, მარჯვენა ნახევარსფერო მთლიანია, მთელზე ორიენტირებული, ხოლო მარცხენა – დეტალებზე. ამიტომ მარჯვენა ნახევარსფეროს მეცნიერი უწოდებს მთავარს, ხოლო მარცხენას – მის აგენტს. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც დომინანტი მარცხენა ნახევარსფეროა; ბავშვობაში მარჯვენა ნახევარსფერო ყოველთვის არის online, ანუ უფრო ადრეულია, ვიდრე მარცხენა ნახევარსფერო. მარჯვენა ნახევარსფეროს სამყარო არის სეპარაციამდელი, განუყოფელი მანამდე, ვიდრე მარცხენა ნახევარსფერო მას არ აქცევს რაღაც სხვად, როცა მოახდენს მის რე-პრეზენტაციას; არ შეიძლება ითქვას, რომ მარჯვენა ნახევარსფერო აერთებს და აკავშირებს, რადგან მას საქმე აქვს იმასთან, რაც არასდროს გაყოფილა. ასეთია McGilchrist-ის აღწერა.

მარჯვენა ნახევარსფერო საჭიროებს მარცხენას, რათა შესაძლებელი იყოს გამოცდილების (ემოციების, გრძნობების, შეგრძნებების…) „განფუთვა“. ეჭვგარეშეა, რომ მისი სტრუქტურირების  გარეშე არ იქნებოდა ხელოვნება, განცდა დარჩებოდა განცდად. როგორც ჩანს, მარცხენა ნახევარსფეროს მიერ ამ გამოცალკევების შემდეგ უნდა მოიძებნოს ახალი კავშირები, რომელიც პროცესს დააბრუნებს მარჯვენა ნახევარსფეროში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის ცოცხალი.

მოკლედ, McGilchrist -ის მიერ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა განხილვა და ურთიერთკავშირი ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს იდეას, რაც, ამ შემთხვევაში, უკავშირდება ნეიროსავარჯიშოებს, რომლებიც ახდენენ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა სწორ დაკავშირებას ერთმანეთთან და მარცხენა ნახევარსფეროს მიერ ინფორმაციის ადექვატურად „გადმოთარგმნას“.

ნეიროვარჯიშები შევადგინე თქვენთვის, ძვირფასო მასწავლბლებო, ავტვირთე იუთუბ-არხზე, რათა გაგიადვილდეთ მისი მოძებნა და სწავლის დაწყებამდე 2-3 წუთი ბავშვებისთვის შეთავაზება, რაც უფრო ხალისიანს, საინტერესოს და შთამაგონებელს გახდის სწავლების პროცესს.

ნეიროვარჯიშები – https://www.youtube.com/@tsirabarbakadze2659/playlists

[1] ცირა ბარბაქაძე – ნეიროსავარჯიშოები https://www.youtube.com/@tsirabarbakadze2659/playlists

 

 

[2] https://psy.wikireading.ru/22430

 

ბიოგრაფია+თავისუფალი წერა – შინაგანი არქეოლოგიური ძიებების სამარჯვი

0

„ჩემი ყველა ნაწარმოები ამონარიდებია ერთი დიდი აღსარებიდან“ – წერდა იოჰან ვოლფგანგ გოეთე თავის „პოეზიასა და ჭეშმარიტებაში“.

გოეთეს ბიოგრაფიას მე-12 კლასელებს დეტალურად ვაცნობ ხოლმე.

„ცხოვრება, როგორც ხელოვნების ნიმუში“ – ასე დაასათაურა ერთმა ავტორმა მისი ბიოგრაფიული წიგნი. მართლაც, მონუმენტური, ეპიკური ხელოვნების ნიმუშივით სიცოცხლე განვლო გოეთემ და  ახალგაზრდა „მსმენელთათვის დიდი მარგია“ ამ ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა. ვინ იცის, საჭირო დროს გამოხმობა და გამოყენებაც.

ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდიდან წერილში რამდენიმეს გამოვყოფ.

გასაოცარია ამ ადამიანის შემეცნების, კვლევის, სწავლის დაუდგრომელი სურვილი. ცნობისწადილი პატარაობიდანვე არ ასვენებდა. საკუთარი სახლი „პირველი საკვლევი პოლიგონი“ აღმოჩნდა მისთვის. მამა ძალიან უწყობდა ხელს. მისი ბიბლიოთეკა, რომელშიც 1700 წიგნზე მეტი ყოფილა, მომნუსხველი, ჯადოსნური ადგილი იყო ცნობისმოყვარე ბავშვისთვის. კაბინეტში ნახატების, იტალიის არქიტექტურული ნაგებობების ესკიზების თვალიერება, იქვე გამოფენილი მინერალების, ბუნებრივი წიაღისეულის კოლექცია და მამის მკაცრი, მზრუნველი ზედამხედველობით ჩატარებული გაკვეთილები ბევრს სძენს მას.

ცნობისმოყვარე გოეთეს ბავშვობიდანვე აღმოუჩენია, რომ „აქა-იქ სვლითა“ და ქალაქში ხეტიალით უამრავი ახალი შთაბეჭდილების მიღება და „გადამუშავებაა“ შესაძლებელი. შემეცნების ეს ხერხი განსაკუთრებით იტაცებს მას.

თანატოლებთან ერთად და მარტოდმარტოც დადიოდა და აკვირდებოდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. საინტერესოა, რომ ზემოთ ნახსენებ ავტობიოგრაფიულ ტექსტში ის ხშირად მესამე პირში მოიხსენიებს საკუთარ თავს. მაგალითად, წერს, ბიჭუნა ხარბად ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უყვებოდნენ ოჯახის წევრები, უფროსი ნათესავები და ფრანკფურტელებიო…

ოღონდ მხოლოდ გაგონილსა და სხვების გადმოცემულს არ სჯერდება. ფართო თვალსაწიერის, ღიაობის, ცნობისწადილის დაკმაყოფილების გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელი მაგალითია, როგორ გადაწყვეტს ის ესტუმროს ებრაელების უბანს (რომელიც, რეალურად, ერთი ქუჩა აღმოჩნდაო, აზუსტებს) და საკუთარი თვალით იხილოს, საკუთარ ტყავზე გამოცადოს ის, რასაც უყვებოდნენ სხვები.

ბიჭუნას, შემდგომ კი უკვე ყმაწვილის გონების აღმაშფოთებელ საგანთაგან ერთი გახლდათ ებრაელთა კვარტლის მონახულება – იხსენებს გოეთე. სივიწროვე, სიბინძურე, მილეთის ხალხი, შეხლა-შემოხლა, ხმაური  – შორიდან ასეთი მოჩანდა ებრაელებით დასახლებული უბანი. ბავშვებს ხშირად აშინებდნენ ათასგვარი თქმულებით და გამონაგონით იმაზე, თუ რას უშვებდნენ ებრაელები ქრისტიან ბავშვებს.

„ვერ მოვისვენე, სანამ პირადად არ ვესტუმრე მათ სინაგოგას რამდენჯერმე. წინადაცვეთასაც დავესწარი, ქორწილსაც და საკუთარი თვალსაზრისი ჩამოვიყალიბე მათზე. ყველგან გულითადად მხვდებოდნენ, მიმასპინძლდებოდნენ, მეპატიჟებოდნენ…“

მზამზარეული შეხედულებების, სტერეოტიპებისა და დოგმატური ჭეშმარიტებების თავს მოხვევა არც ახლანდელი განათლების სისტემისთვის და საზოგადოებისთვისაა უცხო, ასე რომ შემეცნების, კვლევის ეს გაბედული მეთოდი ნამდვილად იმსახურებს საგანგებო ყურადღებას.

ბიოგრაფიული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, თავადაც ეცადათ საკუთარი ბავშვობიდან რომელიმე ეპიზოდის გამოყოფა და ამ „მეხსიერების არქეოლოგიური ძიების“ შედეგების ქაღალდზე გადმოტანა. გოეთეს მეთოდი საინტერესო ჩანდა, ასე რომ სწორედ მას მივმართეთ.

„პატარა ბიჭუნა/გოგონა…“ – იყო თავისუფალი წერის საწყისი წინადადება. სტრუქტურისგან, წესებისა და სიტყვების რაოდენობის მითითებისგან თავისუფალი წერის.

ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ.

ნაწილს გიზიარებთ:

„ბიჭი ყოველთვის მარტოა, თუმცა ამისი არ ეშინია, პირიქით, უყვარს მარტოობა. სხვა არ სჭირდება. იჯდება მთელი დღე სილაში და ითამაშებს. ააშენებს ქალაქებს, გაიყვანს გზებს, ზედ გაატარებს მანქანებს. მთელი სამყაროა იქ. ბიჭუნას მეგობრები არ აკლდა, მათთანაც თამაშობდა, მაგრამ მარტო ყოფნა და თავისი სამყაროების აგება ყველაზე მეტად სიამოვნებდა“.

„გოგონა დაახლოებით ხუთი წლისაა. ზაფხულის ცხელი დღეა. ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული გასცქერის გარესამყაროს. მისმა მზრუნველმა გამოაფხიზლა ფიქრებში ჩაფლული. კარაოკე ჩართო. იმ დღეს, მიკროფონით ხელში სიმღერისას, გოგონა მიხვდა, რომ მას სცენაზე დგომა სურდა. სიმღერა, მხიარულება. ამ წარმოსახვით სცენაზე გამოსვლა უკვე კათარსისივით იყო და ნამდვილზე დგომა მიზნად იქცა. მიხვდა – ფიქრებში ჩაღრმავება ღლიდა. სცენა კი დამღლელი ხვატივით გამაბეზრებელი რეალობისგან გათავისუფლების გზა აღმოჩნდა“…

„პატარა გოგონა სასაფლაოზე დაიკარგა. ცხელი ზაფხული იყო. საღამო. თავიდან ვერც მიხვდა, რომ დაიკარგა. ახლობლების ხმა თითქოს შორიახლოს ისევ ისმოდა. გავიდა ერთი საათი, ორი, ის კი ისევ მარტოა სასაფლაოზე და უკვე იმასაც იაზრებს, რომ სულ სხვაგანაა. თითქოს სხვა სამყაროში. არც შიში, არც ბრაზი, არც ტირილის სურვილი, მხოლოდ ფართოდ გაღებული თვალები. როგორი უზარმაზარია ქვეყნიერება, როცა მარტოდმარტო ხარ თურმე. მერე ბნელდება. ჯიბიდან პატარა ფანარს იღებს და შიშიც იწყებს შემოპარვას გულში. ცდილობს გზა გაიკვლიოს გასასვლელისკენ, მაგრამ გასასვლელი არ ჩანს. შემდეგ გოგონამ პატარა ძაღლი იპოვა. ან ძაღლმა იპოვა პატარა დაკარგული გოგონა. გული დამშვიდდა. ძაღლი ერთგულია და მხიარული. პატარა ძაღლთან ერთად პატარა გოგონა გზას იკვლევს და გასასვლელს აგნებს“.

„პატარა ბიჭო, თუ გახსოვს როგორ ტიროდი სკოლაში წასვლისას, როგორ იბრძოდი კლასში შესვლისას და თუ მაინც, ვაი და როგორმე შეხვიდოდი, დაფის უკან დადგებოდი. მთელი დღის გატარებაც შეიძლებოდა იქ. მუდმივად გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე. სკოლის ოთხ კედელში გამომწყვდევის, სირბილის და თავისუფლების აღკვეთის გამო.

პატარა ბიჭო, განა ეგ შენი გულია, ასე მძიმე რომ იყო და ასე მაგარი გახდა ახლა?“

„მე დავიბადე“

იმ გაკვეთილს, რომელზეც გოეთეს დაბადებაზე უნდა გვესაუბრა, ეპიგრაფად ტიციანის „მე დავიბადე აპრილის თვეში“ წავუმძღვარეთ. სხვათა შორის, გაკვეთილებისთვის ეპიგრაფის წამძღვარება ასევე შემოქმედებითი და საინტერესო მიგნებაა. ძალიან მიყვარს ხოლმე გაკვეთილის დაგეგმვისას იმაზე ფიქრი, თუ რა ფრაზა, ციტატა, აფორიზმი მოუხდება იმ დღის სათქმელს, ასახსნელს, გადასაცემს, გონებრივ საზრდოს.  ამ ეპიგრაფმა ასევე თავისით წარმოშვა საწერი თემის სათაურიც „მე დავიბადე…“ და მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გოეთეს დაბადების პროცესისა და თანმდევი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ შეიტყვეს, თავადაც დაწერეს ამ სათაურით.

ჯერ გოეთე:

„1749 წლის 28 აგვისტოს, შუადღისით, როცა 12-ჯერ ჩამოკრა ზარმა, მე მოვევლინე  ქვეყნიერებას  მაინის ფრანკფურტში. კონსტელაცია იღბლიანი იყო. მზე ქალწულის ზოდიაქოში იდგა და  ზენიტისკენ ისწრაფოდა…ბებიაქალის მოუხერხებლობის გამო, მე ამქვეყნად ლამის მკვდარი მოვედი და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად ვიხილე მზის სინათლე. ეს გარემოება, რომელმაც დიდ გასაჭირში ჩააგდო ჩემიანები, სიკეთედ ექცათ ჩემს თანამოქალაქეებს, რადგან პაპაჩემს, იოჰან ვოლფრანგ ტექსტორს,  სახელმწიფო რწმუნებულს, საბაბი მიეცა, ქალაქში გინეკოლოგი დაენიშნა და სამეანო სასწავლებელი დაეარსებინა თუ განეახლებინა, რაც შემდგომში ძალზე წაადგათ ახალშობილებს“.

მართლაც, „ბავშვის დაბადება რთული იყო და სამ დღეს გრძელდებოდა. როგორც დედამისი იხსენებს, ბიჭუნა თითქმის უსიცოცხლო, „მთლიანად შავი“ მოევლინა ქვეყანას.  სუნთქვის უკმარისობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, რასაც სამედიცინო ენაზე ასფიქსია ჰქვია,  ის მთლად გალურჯებული ყოფილა. მშობიარობას ექიმი არ დასწრებია. ესწრებოდნენ მხოლოდ ბებიაქალი, რომელიც ძალზე მოუხერხებელი ვინმე უნდა ყოფილიყო და ბებია… მათ ბავშვი შეანჯღრიეს, გულმკერდი ღვინით დაუზილეს. „ის ცოცხალია!“ წამოიძახა მოხუცმა ქალმა, როცა ბავშვმა თვალი დაახამხამა, ძალიან დიდი, მუქი ყავისფერი, თითქმის შავი თვალები“ (მალთე შუხარტის წიგნიდან „ახალგაზრდობის ასაკი“, ქართულად თარგმნა ელენე კოშორიძემ).

 

ახლა – ჩვენი მეთორმეტეები:

 

„მე დავიბადე, როცა წყვდიადი ენთო ვარსკვლავად და ღამე იდგა ყველაზე გრძელი, მე დავიბადე ბოჰემა თავად, განთიადების მეფედ მოვედი…“

 

„მე დავიბადე 24 რიცხვში, დილაადრიან, გარიჟრაჟისას. სიცილით შევხვდი ახალ სამყაროს…“

„დავიბადე დაბღვერილი სახით, ღაჟღაჟა წითელი კანით და თეთრი თმით…“

„მე დავიბადე და ჩემი დაბადება 100 სანთლის ანთებით აღინიშნა ეკლესიაში. ამ სანთლების ნათება და სითბო დღემდე დამყვება, ასე მგონია, და გვერდში მიდგას მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. მე დავიბადე ბრძოლაში და ვფიქრობ, ეს ჩემს ხასიათზეც აისახება. ახლაც ვიბრძვი…!“

„დილის 5 საათზე მოვინდომე სამყაროსთან შეხვედრა. დედამ სამშობიაროს სახლის ფანჯრიდან გადამახედა. ასე გავეცანი ქვევით მომლოდინე ხალხს, ქვეყნიერებას…“

 

საკუთარ თავში ჩაღრმავება, საინტერესო კითხვების დასმა, სხვა კითხვების პროვოცირება, სხვისი ცხოვრებისეული გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდებს ცხოვრების სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრებაში. საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების უკეთ შეცნობაში. ამგვარი ლიტერატურული გამოცდილება ფასდაუდებელი გონებრივი საზრდო და საგზალია მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...