სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბიოგრაფია+თავისუფალი წერა – შინაგანი არქეოლოგიური ძიებების სამარჯვი

„ჩემი ყველა ნაწარმოები ამონარიდებია ერთი დიდი აღსარებიდან“ – წერდა იოჰან ვოლფგანგ გოეთე თავის „პოეზიასა და ჭეშმარიტებაში“.

გოეთეს ბიოგრაფიას მე-12 კლასელებს დეტალურად ვაცნობ ხოლმე.

„ცხოვრება, როგორც ხელოვნების ნიმუში“ – ასე დაასათაურა ერთმა ავტორმა მისი ბიოგრაფიული წიგნი. მართლაც, მონუმენტური, ეპიკური ხელოვნების ნიმუშივით სიცოცხლე განვლო გოეთემ და  ახალგაზრდა „მსმენელთათვის დიდი მარგია“ ამ ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა. ვინ იცის, საჭირო დროს გამოხმობა და გამოყენებაც.

ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდიდან წერილში რამდენიმეს გამოვყოფ.

გასაოცარია ამ ადამიანის შემეცნების, კვლევის, სწავლის დაუდგრომელი სურვილი. ცნობისწადილი პატარაობიდანვე არ ასვენებდა. საკუთარი სახლი „პირველი საკვლევი პოლიგონი“ აღმოჩნდა მისთვის. მამა ძალიან უწყობდა ხელს. მისი ბიბლიოთეკა, რომელშიც 1700 წიგნზე მეტი ყოფილა, მომნუსხველი, ჯადოსნური ადგილი იყო ცნობისმოყვარე ბავშვისთვის. კაბინეტში ნახატების, იტალიის არქიტექტურული ნაგებობების ესკიზების თვალიერება, იქვე გამოფენილი მინერალების, ბუნებრივი წიაღისეულის კოლექცია და მამის მკაცრი, მზრუნველი ზედამხედველობით ჩატარებული გაკვეთილები ბევრს სძენს მას.

ცნობისმოყვარე გოეთეს ბავშვობიდანვე აღმოუჩენია, რომ „აქა-იქ სვლითა“ და ქალაქში ხეტიალით უამრავი ახალი შთაბეჭდილების მიღება და „გადამუშავებაა“ შესაძლებელი. შემეცნების ეს ხერხი განსაკუთრებით იტაცებს მას.

თანატოლებთან ერთად და მარტოდმარტოც დადიოდა და აკვირდებოდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. საინტერესოა, რომ ზემოთ ნახსენებ ავტობიოგრაფიულ ტექსტში ის ხშირად მესამე პირში მოიხსენიებს საკუთარ თავს. მაგალითად, წერს, ბიჭუნა ხარბად ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უყვებოდნენ ოჯახის წევრები, უფროსი ნათესავები და ფრანკფურტელებიო…

ოღონდ მხოლოდ გაგონილსა და სხვების გადმოცემულს არ სჯერდება. ფართო თვალსაწიერის, ღიაობის, ცნობისწადილის დაკმაყოფილების გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელი მაგალითია, როგორ გადაწყვეტს ის ესტუმროს ებრაელების უბანს (რომელიც, რეალურად, ერთი ქუჩა აღმოჩნდაო, აზუსტებს) და საკუთარი თვალით იხილოს, საკუთარ ტყავზე გამოცადოს ის, რასაც უყვებოდნენ სხვები.

ბიჭუნას, შემდგომ კი უკვე ყმაწვილის გონების აღმაშფოთებელ საგანთაგან ერთი გახლდათ ებრაელთა კვარტლის მონახულება – იხსენებს გოეთე. სივიწროვე, სიბინძურე, მილეთის ხალხი, შეხლა-შემოხლა, ხმაური  – შორიდან ასეთი მოჩანდა ებრაელებით დასახლებული უბანი. ბავშვებს ხშირად აშინებდნენ ათასგვარი თქმულებით და გამონაგონით იმაზე, თუ რას უშვებდნენ ებრაელები ქრისტიან ბავშვებს.

„ვერ მოვისვენე, სანამ პირადად არ ვესტუმრე მათ სინაგოგას რამდენჯერმე. წინადაცვეთასაც დავესწარი, ქორწილსაც და საკუთარი თვალსაზრისი ჩამოვიყალიბე მათზე. ყველგან გულითადად მხვდებოდნენ, მიმასპინძლდებოდნენ, მეპატიჟებოდნენ…“

მზამზარეული შეხედულებების, სტერეოტიპებისა და დოგმატური ჭეშმარიტებების თავს მოხვევა არც ახლანდელი განათლების სისტემისთვის და საზოგადოებისთვისაა უცხო, ასე რომ შემეცნების, კვლევის ეს გაბედული მეთოდი ნამდვილად იმსახურებს საგანგებო ყურადღებას.

ბიოგრაფიული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, თავადაც ეცადათ საკუთარი ბავშვობიდან რომელიმე ეპიზოდის გამოყოფა და ამ „მეხსიერების არქეოლოგიური ძიების“ შედეგების ქაღალდზე გადმოტანა. გოეთეს მეთოდი საინტერესო ჩანდა, ასე რომ სწორედ მას მივმართეთ.

„პატარა ბიჭუნა/გოგონა…“ – იყო თავისუფალი წერის საწყისი წინადადება. სტრუქტურისგან, წესებისა და სიტყვების რაოდენობის მითითებისგან თავისუფალი წერის.

ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ.

ნაწილს გიზიარებთ:

„ბიჭი ყოველთვის მარტოა, თუმცა ამისი არ ეშინია, პირიქით, უყვარს მარტოობა. სხვა არ სჭირდება. იჯდება მთელი დღე სილაში და ითამაშებს. ააშენებს ქალაქებს, გაიყვანს გზებს, ზედ გაატარებს მანქანებს. მთელი სამყაროა იქ. ბიჭუნას მეგობრები არ აკლდა, მათთანაც თამაშობდა, მაგრამ მარტო ყოფნა და თავისი სამყაროების აგება ყველაზე მეტად სიამოვნებდა“.

„გოგონა დაახლოებით ხუთი წლისაა. ზაფხულის ცხელი დღეა. ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული გასცქერის გარესამყაროს. მისმა მზრუნველმა გამოაფხიზლა ფიქრებში ჩაფლული. კარაოკე ჩართო. იმ დღეს, მიკროფონით ხელში სიმღერისას, გოგონა მიხვდა, რომ მას სცენაზე დგომა სურდა. სიმღერა, მხიარულება. ამ წარმოსახვით სცენაზე გამოსვლა უკვე კათარსისივით იყო და ნამდვილზე დგომა მიზნად იქცა. მიხვდა – ფიქრებში ჩაღრმავება ღლიდა. სცენა კი დამღლელი ხვატივით გამაბეზრებელი რეალობისგან გათავისუფლების გზა აღმოჩნდა“…

„პატარა გოგონა სასაფლაოზე დაიკარგა. ცხელი ზაფხული იყო. საღამო. თავიდან ვერც მიხვდა, რომ დაიკარგა. ახლობლების ხმა თითქოს შორიახლოს ისევ ისმოდა. გავიდა ერთი საათი, ორი, ის კი ისევ მარტოა სასაფლაოზე და უკვე იმასაც იაზრებს, რომ სულ სხვაგანაა. თითქოს სხვა სამყაროში. არც შიში, არც ბრაზი, არც ტირილის სურვილი, მხოლოდ ფართოდ გაღებული თვალები. როგორი უზარმაზარია ქვეყნიერება, როცა მარტოდმარტო ხარ თურმე. მერე ბნელდება. ჯიბიდან პატარა ფანარს იღებს და შიშიც იწყებს შემოპარვას გულში. ცდილობს გზა გაიკვლიოს გასასვლელისკენ, მაგრამ გასასვლელი არ ჩანს. შემდეგ გოგონამ პატარა ძაღლი იპოვა. ან ძაღლმა იპოვა პატარა დაკარგული გოგონა. გული დამშვიდდა. ძაღლი ერთგულია და მხიარული. პატარა ძაღლთან ერთად პატარა გოგონა გზას იკვლევს და გასასვლელს აგნებს“.

„პატარა ბიჭო, თუ გახსოვს როგორ ტიროდი სკოლაში წასვლისას, როგორ იბრძოდი კლასში შესვლისას და თუ მაინც, ვაი და როგორმე შეხვიდოდი, დაფის უკან დადგებოდი. მთელი დღის გატარებაც შეიძლებოდა იქ. მუდმივად გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე. სკოლის ოთხ კედელში გამომწყვდევის, სირბილის და თავისუფლების აღკვეთის გამო.

პატარა ბიჭო, განა ეგ შენი გულია, ასე მძიმე რომ იყო და ასე მაგარი გახდა ახლა?“

„მე დავიბადე“

იმ გაკვეთილს, რომელზეც გოეთეს დაბადებაზე უნდა გვესაუბრა, ეპიგრაფად ტიციანის „მე დავიბადე აპრილის თვეში“ წავუმძღვარეთ. სხვათა შორის, გაკვეთილებისთვის ეპიგრაფის წამძღვარება ასევე შემოქმედებითი და საინტერესო მიგნებაა. ძალიან მიყვარს ხოლმე გაკვეთილის დაგეგმვისას იმაზე ფიქრი, თუ რა ფრაზა, ციტატა, აფორიზმი მოუხდება იმ დღის სათქმელს, ასახსნელს, გადასაცემს, გონებრივ საზრდოს.  ამ ეპიგრაფმა ასევე თავისით წარმოშვა საწერი თემის სათაურიც „მე დავიბადე…“ და მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გოეთეს დაბადების პროცესისა და თანმდევი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ შეიტყვეს, თავადაც დაწერეს ამ სათაურით.

ჯერ გოეთე:

„1749 წლის 28 აგვისტოს, შუადღისით, როცა 12-ჯერ ჩამოკრა ზარმა, მე მოვევლინე  ქვეყნიერებას  მაინის ფრანკფურტში. კონსტელაცია იღბლიანი იყო. მზე ქალწულის ზოდიაქოში იდგა და  ზენიტისკენ ისწრაფოდა…ბებიაქალის მოუხერხებლობის გამო, მე ამქვეყნად ლამის მკვდარი მოვედი და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად ვიხილე მზის სინათლე. ეს გარემოება, რომელმაც დიდ გასაჭირში ჩააგდო ჩემიანები, სიკეთედ ექცათ ჩემს თანამოქალაქეებს, რადგან პაპაჩემს, იოჰან ვოლფრანგ ტექსტორს,  სახელმწიფო რწმუნებულს, საბაბი მიეცა, ქალაქში გინეკოლოგი დაენიშნა და სამეანო სასწავლებელი დაეარსებინა თუ განეახლებინა, რაც შემდგომში ძალზე წაადგათ ახალშობილებს“.

მართლაც, „ბავშვის დაბადება რთული იყო და სამ დღეს გრძელდებოდა. როგორც დედამისი იხსენებს, ბიჭუნა თითქმის უსიცოცხლო, „მთლიანად შავი“ მოევლინა ქვეყანას.  სუნთქვის უკმარისობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, რასაც სამედიცინო ენაზე ასფიქსია ჰქვია,  ის მთლად გალურჯებული ყოფილა. მშობიარობას ექიმი არ დასწრებია. ესწრებოდნენ მხოლოდ ბებიაქალი, რომელიც ძალზე მოუხერხებელი ვინმე უნდა ყოფილიყო და ბებია… მათ ბავშვი შეანჯღრიეს, გულმკერდი ღვინით დაუზილეს. „ის ცოცხალია!“ წამოიძახა მოხუცმა ქალმა, როცა ბავშვმა თვალი დაახამხამა, ძალიან დიდი, მუქი ყავისფერი, თითქმის შავი თვალები“ (მალთე შუხარტის წიგნიდან „ახალგაზრდობის ასაკი“, ქართულად თარგმნა ელენე კოშორიძემ).

 

ახლა – ჩვენი მეთორმეტეები:

 

„მე დავიბადე, როცა წყვდიადი ენთო ვარსკვლავად და ღამე იდგა ყველაზე გრძელი, მე დავიბადე ბოჰემა თავად, განთიადების მეფედ მოვედი…“

 

„მე დავიბადე 24 რიცხვში, დილაადრიან, გარიჟრაჟისას. სიცილით შევხვდი ახალ სამყაროს…“

„დავიბადე დაბღვერილი სახით, ღაჟღაჟა წითელი კანით და თეთრი თმით…“

„მე დავიბადე და ჩემი დაბადება 100 სანთლის ანთებით აღინიშნა ეკლესიაში. ამ სანთლების ნათება და სითბო დღემდე დამყვება, ასე მგონია, და გვერდში მიდგას მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. მე დავიბადე ბრძოლაში და ვფიქრობ, ეს ჩემს ხასიათზეც აისახება. ახლაც ვიბრძვი…!“

„დილის 5 საათზე მოვინდომე სამყაროსთან შეხვედრა. დედამ სამშობიაროს სახლის ფანჯრიდან გადამახედა. ასე გავეცანი ქვევით მომლოდინე ხალხს, ქვეყნიერებას…“

 

საკუთარ თავში ჩაღრმავება, საინტერესო კითხვების დასმა, სხვა კითხვების პროვოცირება, სხვისი ცხოვრებისეული გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდებს ცხოვრების სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრებაში. საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების უკეთ შეცნობაში. ამგვარი ლიტერატურული გამოცდილება ფასდაუდებელი გონებრივი საზრდო და საგზალია მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“