მოიწერეს, ხვალინდელ ეთერებს ვგეგმავთ და თქვენ „საბას“ დირექტორთან და რომანის გამარჯვებულთან ერთად მოგიაზრეთ „ფორმულას“ დილის გადაცემაშიო (ეს დილით მოხდა, დაჯილდოების ჩანაწერი კი საღამოს აჩვენეს. ამიტომ ჯერ არ ვიცოდი, ვინ იყო რომანის გამარჯვებული, თუმცა ეჭვი მქონდა, რომ თამთა მელაშვილი უნდა ყოფილიყო).
ძალიან კარგი-მეთქი, – ვიფიქრე, – წავიღებ ბარემ ამ მეორეს და ამოვაბეჭდვინებ. დელისის მიმდებარედ ხომ ქსეროქსი ბევრგანაა.
მანქანა გამოვუშვათო?
არ მინდა-მეთქი, მეზობლად ვარ.
ავდექი და ჩემი „ახალი აღქმა“, რომელსაც მაშინ სრულიად ბანალური სამუშაო სათაური ჰქონდა და „ახალი აღქმა“ ჯერ არ ერქვა, ფლეშ მეხსიერების ბარათზე გადავიტანე. კი, შეგიძლია, იმეილითაც გაუგზავნო და ამობეჭდავენ, მაგრამ მე ასე მირჩევნია ხოლმე. ამისთვის საგანგებოდ მაქვს გამოყოფილი მეხსიერების ბარათი – ტექსტებიც და მასალებიც იმით დამაქვს ამოსაბეჭდად. მასალებს მუდამ ერთსა და იმავე ადგილას ვაბეჭდვინებ – ცოტა შორს კია, მაგრამ იაფია. აი, ტექსტებს კი – სულ სხვადასხვა ადგილას, სადმე, სადაც მეორედ აღარასდროს მივალ ანუ ვერ დამიმახსოვრებენ, ვერ მიცნობენ. ზოგ სიტუაციაში ჩემი თავის მწერლად თუ ავტორად წარმოჩენა ჩემთვის ჯერ კიდევ გადაულახავი უხერხულობაა.
***
ჯილდო მთელ თვეს შინ მედო და ვმალავდი (ერთხელ მეგობარი ამოვიდა და იმ ღამით უცებ მივხვდი, რომ შეიძლებოდა, დაენახა. ოთახში ზუსტად იმ ადგილას დავდექი, სადაც ის იდგა და გადავამოწმე. გამიმართლა – იმ კუთხიდან „საბა“ არ ჩანდა.). ამიტომ საღამოს, როცა დაჯილდოების ჩანაწერი უნდა ეჩვენებინათ, მშვიდად ველოდი – მეგონა, სანერვიულო არც არაფერი იქნებოდა, უკვე ხომ შევეჩვიე მაგ ამბავს, დებიუტში „საბა“ რომ გადმომცეს. ჰოდა, დედას ბატიბუტი მოვახალვინე, მაგრამ სულ ტყუილად – ერთიც არ გადამივიდა ყელში.
დაჯილდოების დასრულებისთანავე იყო უამრავი მილოცვა და ინტერვიუ „პიკის საათთან“. მეორე დილას კი ვინანე, მანქანაზე უარი რომ ვთქვი – ყინავდა. ჩემებს შევებრალე, მანქანით ჩამიყვანეს.
მერე ყველაფერი სტანდარტულად მოხდა: საშვი, ლიფტი, სტუდია. არასტანდარტული მხოლოდ კოკესპანიელი იყო, სტუდიაში რომ დაცუხცუხებდა.
თბილოდა. ქურთუკი გავიხადე. „საბას“ დირექტორიც მოვიდა, თამთა სახლიდან ჩაგვერთო. ამიტომ ვიდრე მე მკითხავდნენ რამეს, ჯერ თამთას ჰკითხეს, რას ნიშნავს თქვენთვის მეორე „საბაო“. თამთამ უპასუხა, იმას, რომ ამ სფეროში დავრჩიო. ქალები დებიუტში იღებენ „საბას“, მაგრამ მერე ვეღარ და ამას ბევრი მიზეზი აქვსო. და მე ამას ვუსურვებ ნანას, რომ ამ სფეროში დარჩესო.
აქ პირველად ვიფიქრე, კიდე კარგი, ეს მეორე ამოსაბეჭდად მიმაქვს, თორემ ხომ სულ ჩამიმწარდებოდა ეს სიხარული, მარტო „აკუმის“ იმედად რომ ვიყო-მეთქი.
მეორედ კი იგივე მაშინ გამეფიქრა, როცა მკითხეს, ახლა თუ მუშაობ რამეზეო.
კიდევ კარგი-მეთქი, კიდევ კარგი, რომ მართლაც რაღაცაზე ვმუშაობ.
ამოსაბეჭდად წამოღებული „ახალი აღქმა“ მაგ მხრივ მაინც მგვრიდა სიმშვიდეს. თავს ვეუბნებოდი: „ახლა ეს ვნებათაღელვა დამთავრდება, დაჯდები და იმუშავებ. ეს ვნებათაღელვა დამთავრდება, დაჯდები და იმუშავებ. ეს ვნებათაღელვა დამთავრდება… დამთავრდება… დამთავრდება…“
ეთერი დასრულდა. ისევ შევიფუთნე ქუდში, კაშნესა და ხელთათმანებში. მე და „საბას“ დირექტორი ჩამოვედით ლიფტით. ვსაუბრობდით.
როგორ ვერ მიხვდი, ეჭვი მაინც როგორ არ გაგიჩნდაო, – უკვირდა.
რა ვიცი-მეთქი.
აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ დარწმუნებული ვიყავი, მე არ ავიღებდი „საბას“, რადგან „აკუმი“ სრულიად ამოვარდნილია ქართული ლიტერატურის დღევანდელი ტენდენციებიდან?
-ახლა შენც „საბას“ დიდი ოჯახის წევრი ხარ, – მითხრა, პირადობის მოწმობა რომ დაუბრუნა დაცვამ, – დებიუტში „საბა“ ვისაც აქვს, დღეს ყველა ცნობილი მწერალია.
გამოვედით. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ქსეროქსისკენ გავწიე. გადაწყვეტილი იყო – ამ კვირაშივე უნდა დამეწყო „ახალი აღქმის“ გასწორება. წლის ბოლომდე ხომ უკვე გამომცემლისთვის უნდა ჩამებარებინა – ასე დავთქვით.
ქსეროქსის ოთახში შესასვლელი ყვავილების მაღაზიიდან იყო. დაცვენილ ყვავილის ფურცლებსა და მიმჭკნარ ფოთლებში გავიარე. მექსეროქსემ, დაჯექიო.
დავჯექი და უცებ შემეშინდა – ვაიმე ახლა ამან თუ დილის ეთერს უყურა და მიცნო! აი, ახია ჩემზე! მეფიქრა ცოტა, სანამ დავთანხმდებოდი.
მაგრამ ქუდი მეხურა, კაშნე მეკეთა და პირბადეც გავიკეთე შესვლამდე. ეს იმედს მაძლევდა – ასე შეფუთულს როგორ მიცნობს, თანაც, თუ დილიდანვე აქაა, ტელევიზორის საყურებლად სად მოიცლიდა-მეთქი.
მაინც დაძაბული ვიჯექი.
და თითქოს ეგ არ კმაროდა, მექსეროქსე მეკითხება, ეს შენ გააკეთეო?
ჯერ მეგონა, გარეყდაზე მეკითხებოდა – თავფურცელს ვუკეთებ ხოლმე ტექსტებს, სათაურს ვაწერ, დაწყება-დასრულების თარიღებს. ლამაზია და მომწონს, წიგნს ემსგავსება. მაგრამ უცებ მიხვდი, მთლიანად ტექსტზე ამბობდა და ვუპასუხე, ჰო, მე დავწერე-მეთქი. რა მექნა, აბა, ხომ არ მოვატყუებდი?
-უიმეეე! – შეიცხადა. – ნერვები არ უნდოდაა?! ამდენის იმას…
გამეღიმა, ეჰ-მეთქი, შენ რომ იცოდე, ჩემი პირველი რომანი ამაზე ორჯერ დიდია და იმაში უკვე გადმომცეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო… მაგრამ არაფერი მითქვამს.
შეცხადებაზე მეყვავილემ შემოიხედა:
-რა არი ეგა?
-მოთხრობები. ამას დაუწერია, – თავით ჩემზე მიანიშნა მექსეროქსემ.
-მოთხრობები? საბავშვო? – ჩაეკითხა მეყვავილე.
-აარა, საბავშვო არ არი, – მე გადმომხედა მექსეროქსემ, – ხო არ არი საბავშვო?
თავი გავაქნიე.
-მოთხრობები ბიბლიის პერსონაჟ ქალებზეო, – დამარცვლით წაიკითხა მექსეროქსემ.
მეყვავილე უკვე გასული იყო – ალბათ, მყიდველი მოუვიდა ან, უბრალოდ, აღარ დაინტერესდა.
მე ისევ ეკლებზე ვიჯექი – ვაიმე, ახლა ის არ მკითხოს, რამდენი ხანია, წერო ან წიგნი თუ გაქვს გამოქვეყნებულიო, თორემ რას ვეტყვი?
ყურადღების გადასატანად იქაურობას მოვავლე თვალი. ფოტოები ედო, თავისი და ბავშვების, ალბათ, შვილების. თაროებზე გერმანულის სახელმძღვანელოები ეწყო, იქვე – სამედიცინო მასალებიც. ეტყობა, რასაც ხშირად აქსეროქსებენ სტუდენტები, იმისი ცალები სულ აქვს. მაგიდაზე რაღაც ტკბილეულობის ჭრაჭუნა ქაღალდი ეგდო და ყავიანი ფინჯანი იდო. ჩემამდე შეისვენა, როგორც ჩანს, ან დილით საუზმობა ვერ მოასწრო და აქვე წაიხემსა.
სანამ მე ასე აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, ამობეჭდვა-აკინძვასაც მორჩა. მერე საიდანღაც ერთი გაზინზლული ყვითელი პარკი ამოაძვრინა და ნაბეჭდი ეგზემპლარი იმაში ჩამიდო. ფული საჩქაროდ გადავუხადე, ეგზემპლარი ავიღე და გამოვედი.
ზურგჩანთა მქონდა, შემეძლო, დიდი გაჭირვებით იქ ჩამეტენა, მაგრამ არ ვქენი. ხელში მეჭირა და ასე, გულზე მიხუტებული, მომქონდა.
გზად დედამ დამირეკა, გიყურა ხალხმა და ძალიან კარგი იყოო. უკვე მიხვედიო?
მე ვუთხარი, ჯერ გზაში ვარ, ქსეროქსში შევიარე-მეთქი.
ჩვენც მოვალთ მალეო.
მივედი შინ. ის გაზინზლული პარკი გადავაგდე და ამობეჭდილი ცალი მაგიდაზე დავდე. მერე ფეისბუქი გავხსენი, მილოცვებს ჩამოვუყევი.
მადლობა…
მადლობა…
მადლობა…
მადლობა…
მეგობარმა მოიწერა, რას შვრები, უპასუხებ მილოცვებსო?
მივწერე, მეორე წიგნი ამოვბეჭდე და უნდა გავასწორო-მეთქი.
„უკვეე?? ჯერ დაისვენე ცოტა“ – გაუკვირდა.
ძალიან დამეზარა, რამე ამეხსნა და არაფერი მიმიწერია.
ჩვენ ბაზალეთზე ვართ, სანტექნიკოსი გამოვიძახეთ, უწყლოდ ვართ, მესამე დღეაო.
ეს მრავლობითი რიცხვი კი მეუცნაურა. როგორც მახსოვდა, მარტო მიდიოდა, მაგრამ ისიც დამეზარა, მეკითხა, ვინ თქვენ-მეთქი. ამიტომ არც ამაზე მიმიწერია რამე.
„საბას“ დიდი ოჯახის წევრი…“ „…დღეს ყველა ცნობილი მწერალია…“
რა მეშველება, ეს მეორე რომ არაფრად ვარგოდეს? და სათაური? რამე უნდა მოვიფიქრო, „აპოკრიფებს“ ხომ არ დავტოვებ…
ამ ფიქრებში ვიყავი და დედაც მოვიდა, მოდი, რა, გადავახვიოთ, მეც ვნახავო.
სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ხმის მოსმენა ტელევიზორიდან არ მინდოდა და იმაშიც, რომ რაღაც აბდაუბდა ვილაპარაკე, ჩემს ოთახში გავედი.
„ახალი აღქმის“ უსათაურო ნაბეჭდი ცალი მაგიდიდან მიყურებდა. გადავწყვიტე, მომდევნო დღესვე დამეწყო გასწორება.
ღმერთო-მეთქი, ოღონდ ეს ბოლომდე მიმაყვანინე…