კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

„This Land is Mine „-როცა მასწავლებელი გმირი ხდება

0

ჟან რენუარის 1943 წლის ფილმი „This Land is Mine“, უპირველესად, ადამიანის პიროვნულ ტრანსფორმაციაზეა, იმაზე, როგორ შეიძლება, შიში, სიჩუმე და ისტორიისთვის თავდაუზოგავი თავის არიდება საბოლოოდ თვითგადარჩენის ნაცვლად თვითშეგნებად იქცეს. ფილმი გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ევროპაში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ომის შედეგი, როდესაც ფაშიზმი არა მარტო მტრის ხატად, არამედ გარდაუვალ პოლიტიკურ რეალობად განიხილებოდა. ამ კონტექსტში ფილმი უფრო მეტია, ვიდრე მხატვრული ტექსტი – ეს არის პირდაპირი მიმართვა, სამოქალაქო სიმამაცისა და შინაგანი გარდატეხის ისტორია, რომელიც დღესაც შეიძლება იქცეს რესურსად მათთვის, ვისთვისაც მასწავლებლობა არა მარტო პროფესიულ, არამედ ღირებულებით  საქმეს ნიშნავს.

ფილმის მთავარი გმირი, ალბერტ ლარი, მორცხვი, შეუმჩნეველი, თითქოს შიშით დამორჩილებული მასწავლებელია. მისი არქეტიპი იმ თაობების წარმომადგენელია, რომლებიც ძალაუფლების წნეხის ფონზე საკუთარ თავში მხოლოდ მორჩილებით პოვებდნენ სიმშვიდეს. მაგრამ რენუარის ნარატივი არ გვაჩვენებს მხოლოდ დამორჩილებულ ადამიანებს – ის გვიჩვენებს, როგორ იქცევა მორალური შოკი, სხვაზე პასუხისმგებლობა და აზრის თავისუფლების შიმშილი ტრანსფორმაციის საწყისად. ალბერტი ეტაპობრივად იძენს ხმას, თავდაპირველად – ხმადაბალი სიტყვით, მერე – საჯაროდ და ბოლოს — სასამართლო დარბაზში წარმოთქმული მონოლოგით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელ ლიტერატურულ ტექსტად.

ეს მონოლოგი თავისი მაღალი ზნეობრიობით და მოქალაქეობრივი დატვირთვით აცდენილია უბრალო სასამართლო სცენის ჩარჩოებს და გვახსენებს კლასიკური გმირების მონოლოგებს ლიტერატურაში. ალბერტ ლარი დგება იქ, სადაც პედაგოგის მორალური პასუხისმგებლობა სცდება მისი საგნის ფარგლებს და პიროვნების ხასიათად ყალიბდება. განათლება როგორც თავისუფლების წინაპირობა არა მარტო თეორიულად, არამედ ემპირიულადაც აისახება ფილმში. სწავლება იქცევა წინააღმდეგობის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ახალ თაობაზე ორიენტირებულ ფორმად, რაც ფილმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით იმ საზოგადოებებში, სადაც ისტორიული მეხსიერება კვლავ აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ და კულტურულ აწმყოში.

ქართულ რეალობაში ეს თემა ორმაგად რეზონანსულია. თაობების მეხსიერებაში ჩარჩენილი საბჭოთა პერიოდის წნეხი ქმნის ფონს, რომელზეც რენუარის ფილმი წარმოუდგენლად თანამედროვე ტექსტად აღიქმება. ალბერტ ლარი შეიძლება დაინახო როგორც პედაგოგი, რომელიც არსებობდა როგორც 1937 წელს, ისე დღევანდელ სოფლის სკოლაში, სადაც მასწავლებელი ხშირად კვლავ დგას არჩევანის წინაშე – გადარჩეს მორალურად თუ დარჩეს ჩრდილში.

 

ამ თვალსაზრისით, სასწავლო პროცესში ფილმის გამოყენება ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა. შეიძლება, დისკუსიის ფორმატში დაისვას კითხვები: როგორ გვეხმარება ცოდნა უკეთესი საზოგადოების აშენებაში? რას ნიშნავს სიმამაცე მაშინ, როცა მას თან ახლავს მარტოობა? პედაგოგი მხოლოდ ცოდნის გადამცემია თუ მისი სიტყვა ფუნდამენტურად უკავშირდება იმას, თუ როგორი მოქალაქეები გაიზრდებიან კლასში? ამ კითხვებზე მუშაობა მოზარდებთან არა მხოლოდ კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს მათ, არამედ თავად მასწავლებელსაც ახსენებს, რომ სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს, როცა მისი დრო დგება.

„This Land is Mine“ (ეს ჩემი მიწაა) წარმოგვიდგენს განათლებას როგორც სიმშვიდის, თანაგრძნობის და ხანდახან წინააღმდეგობის ენას. ალბერტ ლარი არ ხდება რევოლუციონერი, არ იღებს იარაღს ხელში, მაგრამ მის იარაღად იქცევა სიტყვა. ეს სიტყვა გადის შიშზე, მარტოობაზე, უნდობლობაზე და საბოლოოდ იქცევა საჯარო აქტად. მასწავლებლის ხმა, რომელიც ფილმის დასაწყისში დაფის ხმაურს ერწყმის, დასასრულს საზოგადოებრივ დარბაზს ავსებს და მაყურებელს არწმუნებს, რომ ზოგიერთი ხმა არ ექვემდებარება ჩახშობას, თუნდაც მას დრო დასჭირდეს.

ჟან რენუარის ეს ფილმი, თითქოს შავ-თეთრი სიჩუმით მოთხრობილი ამბავი, სინამდვილეში ხმაურიანად ჰყვება იმაზე, რაც პედაგოგის სიჩუმის მიღმა დგას: სამოქალაქო პოზიციაზე, ღირებულებებსა და გამბედაობაზე. ამიტომ „This Land is Mine“ დღესაც რჩება ნამუშევრად, რომელიც მასწავლებელს აძლევს საშუალებას, თავისი პროფესია კიდევ ერთხელ განიცადოს როგორც მორალური სივრცე, სადაც სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ თავად პედაგოგიც.

Canva საგანმანათლებლო სივრცეში – სწავლების, შეფასებისა და უკუკავშირის ინოვაციური ინსტრუმენტი

0

ციფრული დიზაინის პლატფორმა

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მუდმივად მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, საკლასო ოთახებში თუ მათ მიღმა ტექნოლოგიების ინტეგრაციას და მსოფლიოში ამ კუთხით მიმდინარე ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას. ასეთი მიდგომა  ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ვიზუალური წიგნიერება და ციფრული კომპეტენციები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ერთ-ერთ ასეთ პლატფორმას წარმოადგენს Canva, რომელიც თავისი მრავალფუნქციურობით და სასწავლო პროცესში ინტეგრირების სიმარტივით სულ უფრო მეტ აღიარებას პოვებს პედაგოგებისა და მოსწავლეების მხრივ.[1] წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს Canva-ს არსი და მისი შესაძლებლობები პრაქტიკული მაგალითების მოხმობით, ასევე – მისი პოტენციალი უკუკავშირისა და შეფასების ინსტრუმენტად გამოყენების კუთხით.

 

რა არის canva?

Canva არის გრაფიკული დიზაინის ონლაინპლატფორმა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მათ შორის – მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, შექმნან მაღალი ხარისხის გრაფიკული პროდუქტი. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მზა შაბლონების, დიზაინის ელემენტებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს სხვადასხვა ტიპის ვიზუალური შიგთავსის შესაქმნელად. Canva-ს ხელსაწყოები მარტივია და მომხმარებელს შეუძლია, დიზაინის სპეციალური ცოდნის გარეშეც კი შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა.

Canva გვთავაზობს როგორც უფასო, ისე პრემიუმ (Canva Pro) ვერსიებს, ასევე – სპეციალურ პაკეტ Canva for Education-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სისტემაზე და კომფორტულია სამუშაოდ.

მისი შესაძლებლობებიდან გამოვყოფდი:

  • მზა შაბლონებს და მდიდარ ვიზუალურ მასალებს;
  • რამდენიმე მომხმარებლის ერთდროული მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროექტების გაზიარებას რედაქტირების ან მხოლოდ ნახვის უფლებებით;
  • კომენტარების სისტემას უკუკავშირისა და შეფასებისთვის.

 

როგორ დავრეგისტრირდეთ პლატფორმაზე?

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს ვუთითებთ სტატუსს (მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი, უმაღლესი დაწესებულების აკადემიური პერსონალი), რაც საშუალებას აძლევს პლატფორმის ალგორითმს, შეარჩიოს და შემოგვთავაზოს ჩვენზე მორგებული დიზაინის შაბლონები. 2018 წელს დავრეგისტრირდი როგორც მასწავლებელი. გარკვეული ხნის შემდეგ მომივიდა საგანმანათლებლო პაკეტზე უფასო წვდომის შემოთავაზება. ამისთვის უნდა ამეტვირთა/გამეგზავნა ჩემი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სკოლიდან). აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ ადმინისტრაციამ მომცა წვდომა საგანმანათლებლო პაკეტზე.

 

როგორ შეიძლება გამოიყენონ Canva მასწავლებელმა და მოსწავლემ?

სასწავლო პროცესში Canva-ს ინტეგრაცია მრავალი ფორმით შეიძლება. ის ეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ინფორმაციულად მდიდარი ფორმით წარდგენაში, ხოლო მოსწავლეებს – შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, ციფრული წიგნიერებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.

კოვიდის პანდემიის შემდეგ Canva-ს აქტიურად ვთავაზობ მოსწავლეებს და ვნერგავ სწავლა-სწავლების პროცესში:

  1. საშინაო დავალებების შესასრულებლად;
  2. ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ პროექტებზე სამუშაოდ;
  3. შეფასებისა და უკუკავშირისთვის.

პლატფორმის გამოყენებას ვიწყებ მე-7 კლასიდან მოქალაქეობისა და გეოგრაფიის საგნობრივ დისციპლინებში. უპირველეს ყოვლისა, ვასწავლი პლატფორმის გამოყენებას, რის შემდეგაც გადავდივართ მარტივი დავალებების შესრულებაზე.

მოსწავლეები ქმნან ციფრულ პორტფოლიოს, რომელშიც ათავსებენ  ნამუშევრებს, დავალებებსა და პროექტებს. შემდეგ ამ პორტფოლიოზე წვდომას აძლევენ მასწავლებელს, რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა. მოსწავლე მასწავლებელს ამატებს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან მომხმარებლის სახელის ჩაწერით, შეტყობინება კი მოდის ელექტრონულ ფოსტაზე. მასწავლებელი საკუთარ კაბინეტში ხედავს ყველა პროექტს, დავალებასა თუ პრეზენტაციას, რომლებიც მოსწავლეებმა გაუზიარეს.

ჯგუფური პროექტის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთდროულად მოამზადონ პრეზენტაცია სკოლაში ან შინიდან. ამისთვის გაზიარების ღილაკის გამოყენებით ამატებენ ერთმანეთს რედაქტირების უფლებით. ეს კომპონენტი ხელს უწყობს თანამშრომლობითი მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.

შეფასება და უკუკავშირი Canva-ს გამოყენებით

Canva იდეალურია პროექტზე დაფუძნებული შეფასებისთვის. მოსწავლეები ქმნიან ისეთ კომპლექსურ/შემაჯამებელ პროდუქტებს, როგორიცაა პრეზენტაცია, პოსტერი, ინფოგრაფიკა და სხვ.

შემაჯამებელი შეფასებისა და უკუკავშირისთვის აქტიურად ვიყენებ კომენტარის ფუნქციას. ამ ფუნქციის გამოყენება შეძლება როგორც მთლიან პროდუქტზე/პრეზენტაციაზე, ისე ცალკეულ გვერდებსა თუ სლაიდებზეც. თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეფასების მიმართ.

პედაგოგის მიერ გაცემული უკუკავშირი თუ გაკეთებული შეფასება მისდის მოსწავლეს/ჯგუფს. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა, რედაქტირება და ა.შ.  გარდა ამისა, პლატფორმა საშუალებას აძლევს მოსწავლესა და მასწავლებელს, შექმნან თვითშეფასების ფორმები/რუბრიკები, შეფასების რუბრიკები და სხვა.

 

შეჯამება

Canva წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესს. სასწავლო გარემოში მისი ინტეგრაცია მრავალმხრივ სასარგებლოა როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, განსაკუთრებით – ვიზუალური კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების კუთხით.

საგანმანათლებლო კონტექსტში Canva-ს გამოყენება ხელს უწყობს:

  • სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ეფექტური ფორმით წარდგენას;
  • მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ამაღლებას;
  • 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას;
  • შეფასებისა და უკუკავშირის პროცესის გამდიდრებას.[2]

 

 

[1]Nabila Farhana Jamaludin,  Siti Farahin Sedek (2024). ” CANVA as a Digital Tool for Effective Student Learning.”

https://www.researchgate.net/publication/382628607_CANVA_as_a_Digital_Tool_for_Effective_Student_Learning_Experience

 

[2] “Canva Tool Students’ Views on Using Canva as an All-In-One Tool for Creativity and Collaboration.” file:///C:/Users/User/Downloads/CanvaTool.pdf

 

რატომ უნდა ვისწავლოთ „მე და საზოგადოება?“

0
(IV1 და IV2 კლასების მოსწავლეთა ინიციატივა)

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანი „მე და საზოგადოება“ წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, უკეთესად გაიცნონ საკუთარი თავი, ოჯახი, საზოგადოება, კულტურა და სახელმწიფოში არსებულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესები.
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესით შესაძლებელია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეთა კრიტიკული და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაც.
საგნის პოპულარიზაციისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი – „რატომ უნდა ვისწავლოთ ‘მე და საზოგადოება?’“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს IV1 და IV2 კლასების მოსწავლეებმა.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი იყო:

  • საგნისადმი ინტერესის გაღვივება დაწყებით კლასებში;

  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით;

  • საგნობრივი უნარების განვითარება – თვითგამოხატვა, კრიტიკული აზროვნება, წერა, სოციო-ემოციური კავშირების დანახვა;

  • თანატოლებში „მე და საზოგადოება“ საგნის ღირებულებების გავრცელება მოსწავლეთა ნააზრევისა და ნამუშევრების პრეზენტაციით.

პროექტის ამოცანები

  1. მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რატომ სწავლობენ საგანს „მე და საზოგადოება“.

  2. მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი დამოკიდებულება საკუთარი წიგნის შექმნის გზით გამოეხატათ.

  3. განევითარებინათ ისეთი უნარები, როგორიცაა დაგეგმვა, კვლევა, შეჯამება და პრეზენტაცია.

  4. განმტკიცებულიყო პასუხისმგებლობისა და თანადგომის განცდა ჯგუფური მუშაობით.

პროექტი განხორციელდა შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  • საგნის ღირებულებების გააზრება: მასწავლებელმა მოსწავლეებს შეკითხვით მიმართა: რატომ უნდა ვისწავლოთ „მე და საზოგადოება“?
    დაიწყო დისკუსიები, რომლის დროსაც ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილებები და იდეები გამოთქვეს.

  • წიგნების შექმნა: თითოეულმა მოსწავლემ შექმნა პერსონალური წიგნი, რომელშიც აისახა მათი დამოკიდებულება საგნის მიმართ. წიგნში გაერთიანდა ტექსტები, ილუსტრაციები, თემატური ისტორიები და მოსწავლეთა ემოციური რეფლექსიები.

  • ჯგუფური აქტივობები: მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობდნენ. ერთმანეთის ნამუშევრებს კითხულობდნენ, აზიარებდნენ აზრებს და სწავლობდნენ თანატოლებისგან.

  • საჯარო პრეზენტაცია და ვიდეოგადაღება: საბოლოოდ, პროექტი წარედგინა სკოლის საზოგადოებასა და მშობლებს. დამზადდა ვიდეო, რომელიც ასახავს მოსწავლეთა შთაგონებას, შრომას და შემოქმედებითობას.
    ვიდეოს ბმული

შედეგები

პროექტის შედეგად:

  • მოსწავლეებმა გააზრებულად შეიყვარეს საგანი – „მე და საზოგადოება“;

  •  შინაგანი მოტივაცია – ბავშვებმა იგრძნეს, რომ მათი აზრი და ხმა მნიშვნელოვანია;

  • განვითარდა წერითი და ვერბალური უნარები, წარმოსახვა და შემოქმედებითი აზროვნება;

  • გაჩნდა თანატოლების მხრიდან ინტერესი საგნის მიმართ, რასაც მოჰყვა შემდგომი ინიციატივები;

  • მშობლების და კოლეგების ჩართულობა გააძლიერა საგნისადმი პატივისცემამ და მოტივაციამ.

სასწავლო პროცესი განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ვაძლევთ სივრცეს თვითგამოხატვისა და აზროვნებისთვის. პროექტმა „რატომ უნდა ვისწავლოთ ‘მე და საზოგადოება?’“ ნათლად აჩვენა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ გახდნენ საგნის ელჩები, თუ ვუზრუნველყოფთ მათთვის საინტერესო, შემოქმედებით და შინაარსიან აქტივობებს.

ეს ინიციატივა არა მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა იყო, არამედ მოსწავლეთა განვითარების რეალური ბიძგი – ცოდნის, თვითშეფასების, მოქალაქეობრივი და სოციალური უნარების განვითარებისკენ.

ჟან-ჟაკ  რუსო (1712-1778) – რა უფრო მნიშვნელოვანია, პიროვნება თუ მისი იდეალები?

0

ფრანგული განმანათლებლობის დემოკრატიული ფრთის ეს ბელადი, შვეიცარიელი მესაათის შვილი, დიდი პედაგოგი, მწერალი და ფილოსოფოსი, შეიძლება, საერთოდაც, ფრანგული განმანათლებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩაითვალოს. 1750 წლიდან მოყოლებული (როცა მისი პირველი ძირითადი ნაშრომი გამოქვეყნდა) მისი გავლენა ევროპული კულტურის მთელ ისტორიაზე აშკარაა. ხოლო თავად რუსო არც მეცნიერად, არც რომელიმე პარტიის მომხრედ, არც რაიმე სისტემის მქონედ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტების მეგობრად მიიჩნევდა თავს.

 

თავის შრომებში იგი ქადაგებდა ადამიანთა თანასწორობის, თავისუფლებისა და უცვლელი ღირებულებების მაღალ იდეებს, ხელს უწყობდა მათ გავრცელებას. კანტი აღნიშნავდა, რომ მან რუსოსგან ისწავლა ადამიანის, როგორც გვარის წარმომადგენლის, პატივისცემა, დამოუკიდებლად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა თუ განათლებისა. რუსო მისთვის მეორე ნიუტონი იყო და როგორც ნიუტონმა დაასრულა მეცნიერება გარეგან სინამდვილეზე, ისე რუსომ დაამკვიდრა ჩვენი შინაგანი უნივერსუმის (სოციალურ-ზნეობრივი ცნობიერების) ძირითადი პრინციპები.

 

რუსოსთვის ამოსავალი იყო იმისი რწმენა, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა; იგი კეთილია იმთავითვე და მხოლოდ საზოგადოების გავლენით ხდება ბოროტი. რუსოს მიზანი იყო, ნათელი გაეხადა პასუხისმგებლობასთან ადამიანის თავისუფლების აუცილებელი კავშირის ცნობიერება.

 

რუსომ თავისი ცხოვრება საოცრად გულახდილად აღწერა ავტობიოგრაფიაში და მას „აღსარება“ უწოდა, რომელიც რუსოს სიკვდილის შემდეგ გამოიცა, 1781 წელს. ეს გახლავთ დევნილი გენიოსის თავგადასავალი, რომლისთვისაც სიცრუისა და ვინმეს წინაშე ქედმოდრეკილობის გარდა, „არაფერი ადამიანური უცხო არ არის“.

 

მტკიცება იმისა, რომ ბუნებით კეთილ ადამიანს საზოგადოება აქცევს ბოროტად, უარყოფით „პერსონაჟად“ ცხოვრებისა, მაინცდამაინც, არ ეთანხმება რუსოს მტკიცებას ადამიანისთვის თავისუფალი ნების, ანუ მისი განუსხვისებელი არსების, მისი პიროვნულობის გარანტის შესახებ. 16 წლის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი რუსო სახლიდან გაიქცა და ცხოვრობდა მასზე გაცილებით უფროსი ქალის ხარჯზე, რომელიც მისთვის დედასავითაც იყო და საყვარელიც. ამ ქალს არავითარი ინტელექტუალური ინტერესები არ ჰქონდა, თუმცა რუსოზე დიდი გავლენით სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ სწორედ ამიტომ გადავიდა რუსო კალვინისტობიდან (რომლისადმი გარკვეული ინტერესი მას ბოლომდე შერჩა) კათოლიციზმზე. თუმცა მოგვიანებით, როცა მან შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო, ისევ კალვინიზმს დაუბრუნდა. იგი ამაყობდა შვეიცარიით, თითქოს, იქ განხორციელებულიყოს ის, რისთვისაც იგი საფრანგეთში იბრძოდა. შვეიცარია, მისი თეორიის თანახმად, როგორც პატარა სახელმწიფო, ყველაზე შესაფერისი იყო დემოკრატიისთვის; ხოლო საშუალო სახელმწიფო – არისტოკრატულის, დიდი სახელმწიფო კი – მონარქიული მმართველობისთვის.

 

რუსო დაქორწინდა დაბალი წარმოშობის ქალზე, ტერეზაზე, რომელმაც, უწიგნურობასთან ერთად, საათის ცნობაც კი არ იცოდა. მისგან საფრანგეთის დიდ განმანათლებელს ხუთი შვილი ეყოლა. მამამ კი ყველა მათგანი ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა იმ საბაბით, რომ მას მათთვის შესაბამისი აღზრდის მიცემის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა როცა ეს საშუალება მიეცა და შვილების ძებნა დაიწყო, ვერცერთი ვეღარ იპოვა. მუდმივმა კონფლიქტებმა, საკუთარი თავით უკმაყოფილებამ თუ საზოგადოებრივმა უსამართლობებმა სერიოზულად შეარყია მისი ჯანმრთელობა. როცა დ. ჰიუმმა იგი ინგლისში მიიპატიჟა, რომ ცხოვრებისა და მუშაობის ნორმალური პირობები შეექმნა მისთვის, ფსიქიკურად უკვე სერიოზულად დაავადებული რუსო მასაც წაეჩხუბა. ვოლტერმა სწორედ რუსოსთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ ადამიანში მხოლოდ მისი ნიჭია დასაფასებელიო.

 

„აღსარებაში“ რუსოს თეორიული საფუძველი და მიზანი ჰქონდა – ადამიანი საზოგადოებრივი პროდუქტია და თუ საზოგადოება მანკიერ პიროვნებებს წარმოშობს, ის უნდა შეიცვალოს. ასე რომ, რევოლუცია მოამზადა როგორც რუსოს პედაგოგიურმა შრომებმა, ისე მისმა „ხელშეკრულების თეორიამ“ და ნარკვევმა „უთანასწორობის წარმოშობის შესახებ“. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ რუსოს წიგნი „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“, პარლამენტის დადგენილებით, დაწვეს. მაგრამ რევოლუციის რადიკალები მას თავიანთ ბელადად მიიჩნევდნენ. ო. რობესპიერი (1764-1794) თავს რუსოს მიმდევრად აცხადებდა. 1791 წელს, ასევე პარლამენტის დადგენილებით, რუსოს ნეშტი პანთეონში გადაასვენეს და ვოლტერის საფლავის გვერდით დაკრძალეს, თუმცა რესტავრაციის დროს ორივეს ცხედარი ამოყარეს.

 

რუსო თვლის, რომ ადამიანი ერკვევა ავ-კარგში, მაგრამ უსამართლო საზოგადოებაში მიღებული აღზრდა ახშობს ამ ცოდნას. სასურველი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე რუსოს თავისი პედაგოგიური თეორიის იმედი აქვს. მისი აზრით, პედაგოგმა უნდა აირჩიოს, ადამიანი აღზარდოს თუ მოქალაქე. ორივე ერთად შეუძლებელიაო. რუსო ირჩევს მოქალაქის აღზრდას, რომელშიც მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული ადამიანის ბუნებრივი მონაცემები, უფრო ზუსტად კი – მისი მიზანია, ადამიანი შენარჩუნებული იქნეს ისეთი, როგორიც ის ბავშვობაშია.

 

საინტერესოა საკითხი, რატომაა საჭირო ბავშვების კეთილად თუ მეცნიერად აღზრდის დაპირისპირება. რუსო იცნობს აღზრდის იმ პროგრამას, რომლის შედეგადაც ყმაწვილს შეეძლო, საკმაოდ მაღალ დონეზე დაუფლებოდა მეცნიერებას. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსო მიიჩნევს, რომ უმთავრესია, ბავშვმა ჯანმრთელობა გაიკაჟოს ისე, რომ 12 წლისამ შეიძლება არც იცოდეს, რა არის წიგნი, რადგან წიგნი ბავშვების უბედურების უდიდესი იარაღია.

 

რუსოსთვის სამაგალითო იყო ამერიკის კონტინენტზე არსებული, დაბალი სოციალური განვითარების საფეხურზე მყოფი ხალხები. ცნობილია, რომ კეთილშობილი ველურის ასეთი გაიდეალებული სახე თ. მორიდან (1478-1535) მოდის. არსებობს ევროპელ მოგზაურთა ნაჩქარევი დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, ამ ხალხების ზნეობა სანიმუშოდაა მიჩნეული. რუსო თავის ემილის 10 წლამდე სოფლად ზრდიდა და მხოლოდ დ. დეფოს (1660-17310) „რობინზონ კრუზოს“ აკითხებდა, რომელშიც აღწერილია უდაბურ კუნძულზე მოხვედრილი ევროპელი რობინზონისა და მის მიერ გადარჩენილი, მეზობელი კუნძულის ბინადართა მიერ ადგილობრივი ღვთაებისთვის შესაწირად განწირული ახალგაზრდის (პარასკევას) ხანგრძლივი ურთიერთობა.

 

რუსო აშკარად უტევდა დრომოჭმულ საზოგადოებრივ წყობილებას – კერძო საკუთრების საფუძველზე ადამიანთა შორის იმგვარ ურთიერთობას რომ აკანონებდა, რომლის მიხედვით, ერთი ადამიანი შეიძლება მეორის მონა ყოფილიყო (თუნდაც ნებაყოფლობით გაეყიდა საკუთარი თავისუფლება). ეს დაიწყო 1749 წლიდან, როცა რუსო დაპატიმრებული დიდროს სანახავად მიდიოდა. გზად წაუკითხავს გაზეთში დიჟონის აკადემიის განცხადება საკონკურსო თემის შესახებ, სათაურით: „ხელი შეუწყო თუ არა რენესანსიდან დაწყებულმა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ზნეობრივ პროგრესს?“. მე სხვა სამყარო დამანახვა ამ კითხვამ და ადამიანი გავხდიო, წერდა რუსო შემდგომ. 1750 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ნარკვევი მეცნიერებასა და ხელოვნებაზე“, რომელმაც პრემია დაიმსახურა, რუსომ ზემოხსენებულ კითხვას კატეგორიული პასუხი გასცა – „არა“.

 

რუსო არ ეთანხმება არც სოკრატესგან მომდინარე დებულებას და არც ფრ. ბეკონს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერება და ტექნიკა, ბუნებაზე ადამიანის გაბატონებასთან ერთად, მექანიკურად მოიტანდა საზოგადოების კეთილდღეობასა და ზნეობრივ სრულყოფას. აღნიშნულ ნაშრომში რუსომ საკითხი დააყენა მეცნიერებისა და, საერთოდ, კულტურის ღირებულებაზე. იგი შთამბეჭდავად მსჯელობს კულტურულად დაბალი დონის ხალხის ბედნიერებაზე, მათ ზნეობრივ სიწმინდეზე, რაც განპირობებულია მათთან ადამიანთა შორის უთანასწორობის, მდიდრისა და ღარიბის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის არარსებობით. განვითარებულ ხალხებში კი, მეცნიერება, ტექნიკა, ხელოვნება რაფინირებულს ხდის ჩაგვრას: ხელს უწყობს მას, თანაც ფარავს კიდეცო. ამ კონტექსტში რუსო შესთხოვს ღმერთს: „გვიხსენ ჩვენ მამათა განათლებისაგან, დაგვიბრუნე გულუბრყვილობა, უდანაშაულობა და სიღარიბე, რადგან მხოლოდ ისინია აუცილებელი ჩვენი ბედნიერებისთვის“.

 

რუსოს მიერ ადამიანთა პირველყოფილი მდგომარეობის პრიორიტეტის ხაზგასმა ბევრმა გაიგო, როგორც სიველურისკენ დაბრუნებისკენ მოწოდება, მათ შორის, ვოლტერმაც. როცა ამ უკანასკნელმა რუსოს მიერ დაწერილი წიგნი წაიკითხა, მისწერა: თქვენი წიგნის წაკითხვისას კაცს ოთხ ფეხზე დგომა მოუნდება… მე საკმაოდ მოხუცი ვარ საამისოდ… გარდა ამისა, ველურები ჩვენ უკვე გავაფუჭეთო. რაც შეეხება კანტს, მან სწორად გაუგო რუსოს და ჩათვალა, რომ რუსო ველურობისკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ აჩვენებდაო, რა ძნელია, ადამიანმა საკუთარი დანიშნულება შეასრულოს.

 

უნდა ითქვას, რომ რუსო ყველანაირი კერძო საკუთრების მოსპობას  არ მოითხოვდა, ისევე, როგორც არ მოითხოვდა ველურობაში დაბრუნებას, როგორც ეს ვოლტერმა გააშარჟა. რუსო ეძებდა საშუალებას, მაქსიმალურად შეემცირებინა, აერიდებინა ცივილიზაციასთან დაკავშირებული მანკიერებანი. თავისი დროისთვის, არისტოტელეს მსგავსად, რუსოს მისაღებად მიაჩნდა საშუალო სიმდიდრის ფლობა, ანუ ისეთი კერძო საკუთრება, რომელიც ისე დიდი იქნება, რომ თავისუფლება წაართვასო თანამოქალაქეს, დაიმონოს ის და არც ისე მცირე, რომ იძულებული გახდეს კაცი, საკუთარ თავისუფლებაზე უარი თქვას.

 

კერძო საკუთრების წარმოშობისა თუ ბუნების ეს, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო ახსნა, რუსოს საკუთარი პოზიციის გამოსაკვეთად და მასების მისამხრობად სჭირდებოდა. გაკაფა რაო ეს გზა, მან წამოაყენა ის ღრმად დიალექტიკური მოსაზრება, რომელიც ძალიან მოსწონდა ფ. ენგელსს (1895-1973) და რომელიც, შეცვლილი სახით, დასავლური მარქსიზმის კორიფეების ძირითად დებულებად იქცა.

 

რუსოს ნარკვევი, რომელშიც იგი დარწმუნებულია ადამიანის მიერ ადამიანის დამონების, როგორც გადაგვარების მწვერვალის და მისი მოხსნის აუცილებლობის შესახებ, „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“, წიგნად გამოიცა და 1789 წელს, რევოლუციის შემდეგ, საფრანგეთის კონსტიტუციის საფუძველი გახდა.

 

ოჯახი რუსოსთვის არის „უძველესი და ერთადერთი ბუნებრივი საზოგადოება“, თუმცა იქაც კი ადამიანი თურმე თავისუფალი არ იბადება (ეს მისივე აზრს ეწინააღმდეგება, რომ ადამიანი თავისუფალი იბადებაო). ამ საკითხს რუსო არ უღრმავდება, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ ადამიანებმა დაკარგეს თავისუფლება და ვისაც ბატონი ჰგონია თავი, „სინამდვილეში მათზე არანაკლები მონაა“. თუმცა ადამიანი ბუნებით თავისუფალი იბადება, სანამ საზოგადოებრივი პირობითობები მას ამ თავისუფლებას წაართმევს.

 

მაინც გაურკვეველია, რომელ თავისუფლებაზეა საუბარი და რას გულისხმობს რუსო – სხეულებრივ თუ სულიერ მონობას… რუსოს სურდა მთელი საზოგადოება მიემართა საფრანგეთში არსებული აბსოლუტური მონარქიის წინააღმდეგ. იგი დესპოტიზმის ძალით დამხობას სავსებით გამართლებულად თვლიდა. ამით, მისი აზრით, თავისუფლება აღდგებოდა უმაღლესი გამოვლინებით. რუსოს ლოზუნგია სწორედ: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.

 

ჟან-ჟაკ რუსო წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო, ცხოვრებაშიც და სამეცნიერო თუ ლიტერატურულ შრომებშიც. თუმცა ყველგან და ყოველთვის ერთი, კონკრეტული ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დამცველად რჩებოდა. რუსოს, ამ დიდი მოაზროვნის, მემკვიდრეობა სამი სახით წარმოგვიდგება: I – ადამიანთა თანასწორობისა და ძმობის თანამიმდევრული დაცვა, ფილოსოფიაში, პედაგოგიკასა და ლიტერატურაში უკომპრომისო ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის; II – გერმანული იდეალიზმის (კანტი, ჰეგელი) ინტერპრეტაციით, ყოველი ადამიანის თავისუფლებისა და მისი შეუცვლელი ზნეობრივი ღირებულებების დაფუძნება; III – ბეკონისგან განსხვავებით, წარმოსახვის ძალის, როგორც საერთოდ ადამიანის შემოქმედებითობის (მათ შორის, მეცნიერული კვლევის) ძირითადი წყაროს გაგების დაცვა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ წარმოსახვა რუსოსთვის სპეციფიკურად ადამიანის მახასიათებელია, რუსოს აზრით, ცხოველს ის არ აქვს და არც უვითარდება. ასევე აქტუალურია რუსოს დებულება, რომ ადამიანის ენა მისი წარმოსახვისგან წარმოიშვა.

 

როგორც ინგლისელი მოაზროვნე, მე-19 საუკუნეში თავისუფლების იდეის ერთ-ერთი დიდი აპოლოგეტი, ჯ. სტ. მილი, ამბობდა თავის ნარკვევში „თავისუფლების შესახებ“ რუსოს მსოფლმხედველობაზე: „ეს ის იდეებია, რომელთა კვალი, რუსოს შემოქმედების შემდეგ, არასდროს გამქრალა მოაზროვნე ადამიანთა გონებიდან. დროთა განმავლობაში ისინი სათანადო შედეგს გამოიღებენ, თუმცა მათი ჭეშმარიტებაც, ისევე როგორც ნებისმიერი იდეისა, საქმით უნდა დამტკიცდეს, ვინაიდან სიტყვებმა უკვე ძალა დაკარგა“.

 

 

 

 

ქერქეჭელა „ემინე“

0

 

დილის შვიდ საათზე უკვე ჩაცმული და ნასაუზმები ვარ. ნასაუზმები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ყავა დავლიე და ფაფა მოვიხარშე. დანარჩენს გზაში შევჭამ. შავი ზღვის სანაპირო ზოლში წყლის ქერქეჭელა უნდა ჩავდგა. სიტყვა „ჩავდგაც“ ხმამაღალი ნათქვამია, მე გემზე ვიდგები და „ოჰოჰოიას“ ძახილით გავამხნევებ იმ ხალხს, რომლებსაც რეალურად ევალებათ კონტრაქტით ამხელა აპარატურის ზღვაში ჩაშვება. ქერქეჭელა ზღვის წყლის ქიმიურ ანალიზს გააკეთებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.

ქერქეჭელა ზღვაში EfxiNNOs პროექტის ფარგლებში განთავსდება.

EfxINNOs მიზნად ისახავს ლურჯი ეკონომიკის მდგრად განვითარებას შავი ზღვის რეგიონში და პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის პლატფორმის ახალი, იაფი, ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი ქსელის შექმნას.

პროექტი აერთიანებს პარტნიორებს ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან, რაც მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და საზღვაო ინოვაციების განვითარებას.

ჩემი მეგზური თურქული ფოლკლორის მოტრფიალეა. სიმართლე გითხრათ, მეც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე, რადგან ზოგჯერ ასეთი ხალხური მელოდია და ტექსტებიც სასიამოვნო მოსასმენია. ახლა, ვინმემ არ მითხრას, ქართულ ფოლკლორს მოუსმინე, რაღა თურქული ჩაგირთავსო. ვუსმენ ბატონო და უფრო დიდი რაოდენობითაც. ეს კი იმ დღეს მეგზურმა აირჩია და შენი სიცოცხლე ვის ხელშიც არის და ვინც საჭეს ატრიალებს, არ უნდა გაანაწყენო და ყველაფერზე კვერი უნდა დაუკრა. თორემ, ვნახეთ გრიგოლეთთან ავარია, სადაც საცობში 40 წუთიც ვიდექით და სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.

ჰოდა, არის ასეთი მომღერალი „Ibrahim Tatlı Ses“ – ტკბილხმიანი იბრაჰიმიო. ჩემი აზრით, ყველაზე ტკბილი ხმა ჰამლეტ გონაშვილს ჰქონდა, მაგრამ იბრაჰიმსაც არა უშავს რა.

https://www.youtube.com/watch?v=epSGrMu8Kbc

 

„ოი, ოი, ოი ემინე,

არ მომიშორო გვერდიდან, რადგან ცხოვრებაში შენ და ჩემი რწმენა მყავხართ…

ძალიან მიყვარხარ, ემინე….“ და ა.შ. და ა.შ.

სახელი „ემინე“, იმდენჯერ მოვისმინე, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავედი, მტკიცედ გადავწყვიტე, ჩვენს ქერქეჭელას „ემინე“ დავარქვა.

მაშ ასე, ქერქეჭელა „ემინე“ ჯერ ნაპირზე გაიტესტა, მერე გემზე გადაინაცვლა და კაპიტანმაც ბრძანება გასცა:

 

  • ახსენით ღუზა!

 

ბევრი ვიცურეთ თუ ცოტა, დანიშნულების ადგილზე მივცურეთ და ყვითელ ბანტიანი „ემინე“ ზღვაში განვათავსეთ.

 

 

ნაპირზე დაბრუნებულმა სპეციალური აპლიკაცია გავხსენი, სადაც „ემინე“ უკვე ყველა მონაცემს აქტიურად გვაწვდიდა.

 

მაშ ასე, რას ზომავს „ემინე“?

წყლის ტემპერატურა, სიმღვრივე, გამტარობა, ქლოროფილის კონცენტრაცია, ჟანგბადის კონცენტრაცია, ჟანგბადით გაჯერება, ჟანგბადის ბიოლოგიური მოთხოვნილება (BOD).

 

ყველა პარამეტრის საშუალო მონაცემები 1-9 მაისის ჩათვლით შემდეგნაირად გამოიყურება.

ამ მონაცემებიდან, ზოგიერთის გაზომვა ლაბორატორიაშიც შესაძლებელია. მაგ. ჟანგბადის კონცენტრაციის ლაბორატორიაში გასაზომად შემდეგი პროტოკოლი გამოგვადგება.

 

საჭირო მასალები:

 

  1. წყლის ნიმუში: ნიმუში, რომლის ჟანგბადის შემცველობა (BOD) უნდა გაიზომოს;
  2. ჟანგბადის შემცველობის (BOD) ბოთლები: 300 მლ ბოთლები, რითაც ნიმუშში დაბინძურებას შევამცირებთ;
  3. ვინკლერის რეაგენტი: მანგანუმის სულფატი (MnSO₄) და ტუტე-იოდიდ-აზიდის ხსნარი;
  4. ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი (0.025 N): გამოიყენება გატიტვრისთვის;
  5. სახამებლის ხსნარი: გატიტვრის ინდიკატორი;
  6. კონცენტრირებული გოგირდმჟავა (H₂SO₄): ნალექის გასახსნელად;
  7. გამოხდილი წყალი: განზავებებისა და ანალიზებისთვის;
  8. ინკუბატორი: ინკუბაციისთვის ინახება 20°C ტემპერატურაზე;
  9. პიპეტები და ბიურეტები: ზუსტი გაზომვებისთვის.

 

მეთოდოლოგია:

 

BDO-ს საწყისი განსაზღვრა

  1. მომზადება:

წყლის ნიმუში შეაგროვეთ 300 მლ-იან BOD ბოთლში, დარწმუნდით, რომ ჰაერის

ბუშტები არ არის ჩაჭედილი.

თუ ნიმუში მდიდარია ორგანული ნივთიერებით, გააზავეთ გამოხდილი წყლით.

დაამატეთ ვინკლერის რეაგენტი:

1 მლ. მანგანუმის სულფატის ხსნარი, შემდეგ 1 მლ ტუტე-იოდიდ-აზიდის ხსნარი.

ფრთხილად დაახურეთ თავსახური ბუშტების თავიდან ასაცილებლად.

შეანჯღრიეთ ბოთლის რამდენჯერმე გადაბრუნებით. ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში ყავისფერი ნალექი (MnO₂) წარმოიქმნება.

 

ნიმუშის ფიქსაცია:

დაამატეთ 1 მლ. კონცენტრირებული გოგირდმჟავა. კვლავ გადააბრუნეთ ბოთლი ნალექის სრულად გასახსნელად.

 

გატიტვრა:

ჩაასხით ფიქსირებული ნიმუშის ნაწილი კონუსურ კოლბაში. დაამატეთ სახამებლის ხსნარის რამდენიმე წვეთი (ინდიკატორი).

გატიტვრა მოახდინეთ ნატრიუმის თიოსულფატით, სანამ ლურჯი ფერი არ გაქრება. ჩაიწერეთ ტიტრატის მოცულობა.

 

ჟანგბადის შემცველობის საბოლოო განსაზღვრა. ინკუბაცია: შეინახეთ დარჩენილი წყლის ნიმუში დალუქულ BOD ბოთლში 20°C ტემპერატურაზე, სიბნელეში 5 დღის განმავლობაში. ეს ხელს უშლის წყალმცენარეების აქტივობას ან ჟანგბადის  სინათლით გამოწვეულ ცვლილებებს.

კიდევ ერთხელ განსაზღვრეთ ჟანგბადის შემცველობა.

5 დღის შემდეგ გაიმეორეთ ფიქსაციის, მჟავიანობის და ტიტრაციის ეტაპები, როგორც პირველ დღეს. ჩაიწერეთ ტიტრატის მოცულობა.

სამუშაო ფორმულა:

BOD (მგ/ლ)=(V1-V2)XNX8

სადაც:

V1: თიოსულფატის მოცულობა საწყის DO (გახსნილ ჟანგბადში)-ში;

V2: თიოსულფატის მოცულობა საბოლოო DO (გახსნილ ჟანგბადში)-ში;

N: თიოსულფატის ნორმალობა;

8: ჟანგბადის ეკვივალენტური რაოდენობა.

უკანა გზაზე მხოლოდ საღამოსღა გამოვბრუნდით. გზად კვლავ იბრაჰიმის ტკბილი ხმა „ემინეს“ უმღეროდა. ოღონდ, ახლა „ემინეზე“ არა მხოლოდ სიმღერას ვისმენდი, მის გადმოცემულ მონაცემებსაც ვადევნებდი თვალს.

ხალისით „ჰობიზე“

0

 

უცხო ენის სწავლის პროცესში მოსწავლეებს საუბრისა და წერისას შეცდომების დაშვების შიში უჩნდებათ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება შემაფერხებელ გარემოებად იქცეს. ამიტომ  ჰუმანისტური მეთოდის გამოყენება და ემპათიის გამოჩენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მეექვსე კლასში ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ლოიალურობის გამოჩენასა და მოსწავლეთა წახალისებას უკეთესი შედეგის მოტანა და მათი აქტიურობის პროვოცირება შეუძლია.

გაკვეთილის თემა იყო „Хобби“. თავდაპირველად მოსწავლეებს ავუხსენი სიტყვების: Увлечение (გატაცება), Увлекаться (იყო გატაცებული) მნიშვნელობა. შემდეგ კი ამ სიტყვებთან გამოსაყენებელი არსებითი სახელის ბრუნვა (Творительный Падеж).

იმისთვის, რომ გაკვეთილი მათთვის ბევრად სახალისო და საინტერესო გამოსულიყო, გადავწყვიტე, გვემსჯელა Н.Носов-ის ზღაპრიდან  „Приключения незнайки“ მთავარი გმირის, Незнайка-ს ჰობიზე.

კონსტრუქტივიზმის მეთოდის გათვალისწინებით,  მოსწავლეებს დავავალე გაეკეთებინათ და წარმოედგინათ პრეზენტაცია, სახელწოდებით,  „ჩემი ჰობი“. ჰუმანისტური მიდგომის თანახმად, ვეცადე მათთვის მეტი თავისუფლება მიმეცა და მოვუწოდე, ყოფილიყვნენ მაქსიმალურად გახსნილი.

განვუმარტე, რომ, რასაკვირველია, გრამატიკული წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შეცდომები ამ შემთხვევაში შეფასებაზე არ იმოქმედებდა. ისინი მოტივაციისა და ძალისხმევის გამოჩენის კვალობაზე შეფასდებოდნენ. ამ პირობამ მათზე დადებითად იმოქმედა და ავტოპრეზენტაციას დიდი მონდომებით შეეცადნენ.

დაპირებისამებრ, ემპათია გამოვიჩინე. ყოველი მოსწავლის გამოსვლისას, მათი ნაშრომის წვრილმან დადებით დეტალებსაც კი შესაბამისად ვიღებდი. დადებითი უკუკავშირი მათთვის მამოტივირებელი აღმოჩნდა. ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ პროცესში, წარმოადგინეს პრეზენტაციები, ერთმანეთს დაუსვეს კითხვები, ხალისით ჰყვებოდნენ თავიანთ გატაცებებზე და კლასს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. არ ჰქონდათ უხერხულობის გრძნობა, რაც განსაკუთრებით მომეწონა.

ეს  ერთ-ერთი მოსწავლის (გ. ჭარელიძე) პრეზენტაციაა.

პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ საგანგებოდ ვამახვილებინებდი ყურადღებას იმ სიტყვებზე, რომლებიც არასწორად წარმოთქვეს, რათა სწორი ფორმით შესძლებოდათ მათი დამახსოვრება. აღმნიშნავდი პოზიტიურ მომენტებს.

საბოლოოდ, ჩემი მიდგომა ძალიან ეფექტური გამოდგა, რადგან ბავშვებმა მონდომება გამოიჩინეს, ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს და სწორი ფორმით იწერდნენ და იმახსოვრებდნენ სიტყვებს.

 

 

თამაში, რომელსაც გონება მიჰყავს გამარჯვებამდე ანუ ინტელექტუალური თამაშების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

0

ამას წინათ მეგობარმა მთხოვა, გამეგზავნა კითხვები სკოლაში მიმდინარე ინტელექტუალური კონკურსისთვის „რა? სად? როდის?“

ამ კონკურსში სკოლა უკვე რამდენიმე წელია, აქტიურადაა ჩართული და ბავშვებიც ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ მის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

გასულ წელსაც იგივე თხოვნა მივიღე და მეც საკმაოდ ვიხალისე კითხვების შედგენისას. წელს კი დავფიქრდი იმაზე, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მსგავს საგანმანათლებლო თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსით მოსწავლეებისთვის და რამდენად ეფექტური და ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ის.

თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება აუცილებლობა, რომ სწავლება არ იყოს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა — ის უნდა იქცეს შემოქმედებით, ინტერაქციულ პროცესად. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, ვფიქრობ, არის ინტელექტუალური თამაშები.

სკოლაში, სადაც მოსწავლეების ყურადღების შენარჩუნება რთულია, ამგვარი აქტივობების ჩართვა სწავლას აქცევს საინტერესო, აზარტულ და მრავალმხრივ განვითარებად პროცესად.

რატომ ინტელექტუალური თამაშები?

ინტელექტუალური თამაშები (როგორებიცაა რა? სად? როდის?, ვიქტორინა, ლოგიკური დავალებები თუ გამოცანები) არ არის მხოლოდ გართობა:

  • მოტივაციას ზრდის — სახალისოა ბავშვებისთვის;
  • აქტიურად მუშაობს გონება — ლოგიკური, კრეატიული, ასოციაციური და კრიტიკული აზროვნება ერთდროულად ერთვება;
  • მოსწავლეებს უმაღლდებათ თვითშეფასება — სწორი პასუხი, ერთგვარად, გამარჯვებასთან ასოცირდება;
  • ავითარებს გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს — თამაშების უმეტესობა გუნდურ ფორმატში ტარდება.

რომელ საგნებში შეიძლება გამოყენება?

ინტელექტუალური თამაშები უნივერსალურია. მათი ადაპტაცია თითქმის ყველა საგნისთვის შეიძლება.

გარდა ამისა, ინტელექტუალური თამაშები კომპლექსურად ავითარებს მრავალფეროვან საბაზისო და მეტაკოგნიტურ უნარებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაც არის განსაზღვრული:

  • ლოგიკური აზროვნება
  • კრიტიკული და ანალიტიკური წვდომა ინფორმაციაზე
  • გუნდური მუშაობა და დისკუსია
  • ემოციური ინტელექტი — სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა
  • სიტყვის გამართულობა და აზრის ჩამოყალიბება
  • დროის მართვა და სტრატეგიული აზროვნება

ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან. ინტელექტუალური თამაში გართობას და გამოწვევას აერთიანებს — ეს ერთგვარი გონებრივი „სპორტია“, რომელიც მათი ასაკისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია.

განსაკუთრებით შედეგიანია თემატური თამაშები (მითოლოგია, დეტექტივი, სამეცნიერო ვიქტორინა), ნაკლებად ფორმალური გარემო (წრეებში, გუნდებში, კლასგარეშე გაკვეთილებზე), ინტეგრაცია რეალურ ცხოვრებასთან (ცნობილი ფრაზების ან სიმბოლოების ახსნა ყოველდღიურ კონტექსტში)…

პრაქტიკული მაგალითები

  • სიმბოლოს გამოცნობა ლიტერატურაში: მოსწავლეებს წარედგინებათ აღწერა, და მათ უნდა გამოიცნონ სიმბოლო (მაგ. ცეცხლი, მზე, რძე).
  • ვინ იყო ეს? ისტორიაში: მინიშნებებით თანდათან იხსნება ისტორიული პირის ვინაობა.
  • გადაარჩინე გმირი! ბუნებისმეტყველებაში: მოსწავლეებმა ლოგიკით უნდა დაადგინონ, როგორ დააღწიონ თავი საფრთხეს.

ინტელექტუალური თამაშები საგაკვეთილო პროცესში არ არის მეორეხარისხოვანი  — ის, შესაძლოა, იქცეს სასწავლო პროცესისთვის მთავარ მოტივატორად.
ისინი აერთიანებს ცოდნას, აზროვნებასა და თამაშით შეძენილ გამოცდილებას — სწორედ იმ ასპექტებს, რომლებიც ბავშვების ნამდვილ განვითარებას უწყობს ხელს.

მასწავლებლის როლიც იცვლება — ის ხდება მოთამაშემმართველი, რომელსაც შეუძლია ბავშვებს დაუტოვოს სივრცე იფიქრონ, იკამათონ.

კითხვა განსჯისთვის:
შეიძლება კი ისეთი გაკვეთილი, რომელშიც ბავშვები „თამაშობენ“, აღმოჩნდეს გაცილებით პროდუქტიული, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილი?
ვფიქრობ, შეიძლება.

თქვენ რას ფიქრობთ?

როგორ დავგეგმოთ ინტელექტუალური თამაში:

  1. განსაზღვროთ მიზანი

რა გვინდა, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ ან განიმტკიცონ ამ თამაშით:

  • ლიტერატურულ პერსონაჟებთან ასოციაციური კავშირი,
  • ისტორიულ მოვლენათა თანმიმდევრობა,
  • ლოგიკური აზროვნების სტიმულირება.
  1. შექმნათ შესაბამისი კითხვები, რომლებიც მოსწავლემ შეიძლება გამოიცნოს მინიშნებებით, არ მოითხოვს ფაქტობრივ ცოდნას, იწვევს მსჯელობას ან კამათს გუნდში (თუმცა, ზოგჯერ ფაქტობრივი ცოდნის გააქტიურებაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, სხვადასხვა საკითხზე ფოკუსირებისთვის).
  2. კითხვები (და პასუხებიც ) ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ ორაზროვნება გამოირიცხოს.
  3. მოსწავლეები დავყოთ 3-5 კაციან ჯგუფებად.
  4. 5. ყურადღება მივაქციოთ დროს: კითხვაზე — მაქსიმუმ 1 წუთი.
    შესაძლოა, წინასწარ განვსაზღვროთ კიდეც გუნდის სპიკერი, რომელიც პასუხს გამოაცხადებს.

ძალიან ხშირად ინტელექტუალური თამაშები სცილდება ვიწრო საგაკვეთილო პროცესს და საერთო სასკოლო აქტივობად იქცევა ხოლმე, რასაც უკვე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მოსწავლეებისთვის ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობას, ამაზე, ვფიქრობ, მასწავლებლების მოსაზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია:

ნათელა წულაია, სსიპ ქ. თბილისის N 161 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ინტელექტუალური თამაშის, „აბას“ ორგანიზატორი
„ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, საწინააღმდეგო აზრის კორექტულად დაფიქსირებას. უჩნდებათ ინტერესი სხვადასხვა საგნის მიმართ, ბევრს კითხულობენ, უყურებენ ფილმებს, სპექტაკლებს, უსმენენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და იძიებენ უამრავ ინფორმაციას, ეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგს, მუშაობენ ტექნიკურ თუ საბუნებისმეტყველო საგნებში, იფართოებენ და იღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, ეს თამაშები ხელს უწყობს იმასაც, რომ მოსწავლეები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრს, მხარში დგომასა და მხარდაჭერას სწავლობენ. ყოველწლიურად იკვრება კარგი ინტელექტუალური გუნდი, რომელიც სკოლის სახელით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს და ჩვენთვის კარგი დასაყრდენია. უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა და ახალბედა, გამოუცდელ ბავშვებს უფროსები ყველაფერში მხარში უდგანან და ეხმარებიან.

ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო პროცესია, ვცდილობთ, ისეთი კითხვები შევადგინოთ, რომ გავითვალისწინოთ მათი ასაკი, შესაძლებლობები. თამაშისას ხშირად შეგვიცვლია კითხვები, როცა რომელიმე გუნდი ზედიზედ ვერ ახერხებს ქულის აღებას – მარტივ შეკითხვას ვაძლევთ ხოლმე, რომ მოტივაცია მიეცეთ. ამით თამაში ცოცხლდება და პროცესი ისევ იძენს აზარტს.

რაც მთავარია, გუნდები შეთანხმებულად, ურთიერთშეთანხმებით მუშაობენ და ეხმარებიან ერთმანეთს“.

ნათია დავითაია, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი:

„ჩვენი სკოლა ფეხს ნამდვილად უწყობს გამოწვევებს და ცდილობს, მხოლოდ სასკოლო საგნებზე არ იყოს ორიენტირებული, მეტი ცოდნა მისცეს მოსწავლეს და გარკვეული აქტივობებით განუვითაროს ის უნარები, რომლებიც აუცილებელია სამომავლოდ. ამიტომ სწავლებისას მიზნად ვისახავ, ვიპოვო და მოსწავლეებამდე მივიტანო სწავლების ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებითაც ისინი მეტს ისწავლიან და სკოლაც აღარ იქნება უწინდებურად მოსაწყენი.  ვფიქრობ, მხოლოდ სწავლების შინაარსი კი არ უნდა იყოს მასწავლებლის ყურადღების ცენტრში, არამედ იმ მეთოდების პოვნაც, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ხალისით აითვისებენ თემას.

ამ მიზნის მისაღწევად  წლების განმავლობაში არაერთი თამაში თუ აქტივობა შემიქმნია. მათ შორის გამორჩეულია „რა? სად? როდის?“ – ზუსტი სატელევიზიო ფორმატით. აღნიშნული მეთოდი სასკოლო სივრცისთვის საკმაოდ ეფექტური გამოდგა. გარდა იმისა, რომ ამ თამაშებმა მათ მისცა მოტივაცია, უფრო მეტი განათლება მიეღოთ, ასევე მისცა საშუალება, გამოევლინათ მრავალფეროვანი უნარები: დაგეგმვის, სცენარის შექმნის, ჯგუფური მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემის. მსგავსი გარემო ურთიერთობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალებაა. ამ დროს მოსწავლეები საერთო მიზნის, ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან, ერთმანეთისადმი ნდობა და პატივისცემა უყალიბდებათ.

პირველი სეზონის დასაწყისში პროცესს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა უკვე მესამე წელია გრძელდება და აქტუალურობას არ კარგავს. ყოველი სასწავლო წლის მეორე სემესტრის დადგომას ჩვენს სკოლაში ახალი სეზონის მოლოდინი ახალისებს. სეზონისთვის მზადებას კი მოსწავლეები თავად იწყებენ, ყოველგვარი ძალდატანებისა და მითითებების გარეშე.

ბედნიერი ვადევნებ თვალს ამ ფაციფუცს და ვფიქრობ, დიახ,  მიზანს მივაღწიე.“

ინტელექტუალური თამაშები სასკოლო გარემოში ხელს უწყობს როგორც საგნობრივი უნარების განვითარებას, ისე სოციალიზაციასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

ინტელექტუალურ თამაშებს გაკვეთილზე სიხარული, ინტერესი და კვლევის სურვილი შემოაქვს. როცა ბავშვები სწავლობენ თამაშით, ისინი აღარ ეძებენ სწავლისგან გაქცევის გზებს — ისინი თვითონ ეძებენ ცოდნას. ასეთ გარემოში გაკვეთილი აღარ არის რუტინა, არამედ ხდება თავგადასავალი, სადაც ბავშვები სწავლობენ აზროვნებას, თანამშრომლობას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ინტელექტუალური თამაშები არ უნდა იყოს მხოლოდ პერიოდული აქტივობა — ისინი უნდა იქცეს სწავლების ბუნებრივ ნაწილად. ასე აღვზრდით შემოქმედ და მოაზროვნე თაობას, რომელსაც სწავლა უყვარს.

პროექტი როგორც დიდაქტიკური თამაში

0

თანამედროვე პედაგოგიკაში სულ უფრო მზარდია მიდგომა, რომელიც განათლებას არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის, არამედ შემოქმედებით, თამაშზე დაფუძნებულ პროცესად აღიქვამს.  თამაშზე ორიენტირება პროექტული სწავლების ყველაზე ემოციური ფორმაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ პროექტული სწავლება არამხოლოდ კვლევისა და პროდუქტის შექმნის პროცესია, არამედ შეიძლება დიდაქტიკური თამაშის ფორმითაც წარმოვიდგინოთ. აქ ერთადაა გაერთიანებული:

  • მოტივაცია;
  • წარმოსახვა;
  • კვლევითობა;
  • სტრატეგიული აზროვნებას;
  • კოოპერაცია და თანამშრომლობა.

თავისთაბად პროექტი  როგორც დიდაქტიკური თამაში გულისხმობს სასწავლო მიზნის მიღწევას ისეთი ფორმით, რომელიც თამაშის ელემენტებით როლები, მიზანი, წესები, სცენარი, იმიტაცია, კონკურენცია ან თანამშრომლობა – არის გაჯერებული.  ასეთი სამუშაოს დროს მოსწავლეები თამაშის სტრუქტურაში არიან ჩართული, მაგრამ რეალურად ისინი სწავლობენ, იკვლევენ, ქმნიან და აზროვნებენ, მითუფრო სწავლის ზედა საფეხურზე, სადაც  მრავალკომპინენტიანი თამაშები გვხვდება, რომელშიც ჭარბობს გონებრივი თამაშის მოქმედებები:  დაკვირვების დემონსტრირება, შედარება, ადრე შესწავლილი ინფორმაციის გახსენება, ობიექტებისა და ფენომენების კლასიფიკაცია გარკვეული მახასიათებლების მიხედვით და ა.შ.

პროექტის როგორც დიდაქტიკური თამაშის ძირითადი ნიშნებია:

კომპონენტი მისი ადგილი/გამოხატულებს პროექტში
 მიზანი პრობლემის გადაჭრა ან პროდუქტის შექმნა
 როლები მკვლევარი, დიზაინერი, რეპორტიორი, არქივარიუსი
 ინსტრუმენტები რუკა, ფოტო, ინტერნეტი, არქივები, წარსული მოვლენები
 სცენარი წინასწარ განსაზღვრული მოქმედების გეგმა
 იმიტაცია ისტორიულ პერსონაჟში შეღწევა, სიტუაციის გამეორება
 კომუნიკაცია გუნდური მუშაობა, დისკუსია
შემოქმედება ვიზუალური და ტექსტური პროდუქტების შექმნა

მაგალითად, როდესაც შეისწავლება  თემას „გრიგოლ ხანძთელი და მისი ეპოქა“, მასწავლებელმა ის შეიძლება წარადგინოს  სხვა ფორმითაც – როგორც დიდაქტიური თამაში    „ისტორიული მისია“. ამ დროს მოსწავლეები მრავალფეროვან სამუშაოში არიან ჩაფლულები:

  1. იყოფიან გუნდებად: მათგან ზოგი არის „მონასტრის მცველი“, ზოგიც – „გმირები ტაო-კლარჯეთიდან“,  ზოგი „წიგნის მინიატურისტები“ არიან და ზოგიერთი გუნდიც „ მომავლიდან მოსულები“;
  2. შემდეგ ეტაპზე თითოეულ ჯგუფს ენიჭება მისია:
  • სცენაზე გააცოცხლოს ეპოქა;
  • მოიძიოს რუკაზე ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ცენტრები;
  • შექმნას მანუსკრიპტის იმიტაცია;
  • მოამზადოს ვიდეომიმართვა მომავალი თაობისთვი
  • და ა.შ.
  1. საბოლოო პროდუქტად შეგვიძლია მივიღოთ  საერთო გამოფენა ან სცენარიზებული წარმოდგენა, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებას, ტექნოლოგიას და აუცილებლად – გუნდურობას.

როგორ უწყობს ხელს ეს მიდგომა სწავლას?

  • მცირებს მოსწავლეთა სტრესს, შიშს შეცდომის წინაშე – რადგან თამაში ქმნის უსაფრთხო სივრცეს ექსპერიმენტისათვის;
  • ზრდის მოტივაციას – მოსწავლეები თავად ხდებიან პროცესის შემოქმედნი;
  • ხელს უწყობს ინტეგრირებულ აზროვნებას – სხვადასხვა საგანობრივი ცოდნა და უნარები  ბუნებრივად ერთიანდებიან  მიზნის მისაღწევად;
  • ამაღლებს მოტივაციას –    მოსწავლეები საკუთარ თავს აღიქვამენ როგორც „მოქმედი გმირები“;
  • ეხმარება ღირებულებებ ფორმირებაში – თამაშში ჩართულებს უყალიბდებათ   პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის და კულტურული მგრძნობელობის უნარები, ეპოქის თანაგანცდა.

პროექტი  როგორც დიდაქტიკური თამაში სასწავლო პროცესის ჰუმანიზებული და შემოქმედებითად გამდიდრებული ფორმაა. ის:

  • აკავშირებს თამაშს და სწავლას;
  • აძლევს ბავშვს თვითგამოხატვის საშუალებას;
  • ქმნის ინტელექტუალური სიამოვნების განცდას;
  • ასწავლის მოქმედებით, პრაქტიკით და მონაწილეობით.

ფაქტობრივად  მოსწავლე არ „იღებს“ ცოდნას, არამედ თვითონ პროდუქტის  შექმნის პროცესში შეიმეცნებს მას. სწორედ ასეთია ეფექტური და ღირებულებით დატვირთული სწავლებაც!

ამ უპირატესობის გამო ის თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლის სამივე საფეხურზე.

განვიხილოთ სასწავლო პროექტი  დიდაქტიკური თამაშის ფორმატით დაწყებითი საფეხურის კურსიდან –  „ჩვენი საქართველო“.  პროექტის სახელმწოდებაა  ექსპედიცია საქართველოში.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა ინტეროეგრირებულად შეისწავლონ საქართველოს რეგიონული მემკვიდრეობა, იმუშაონ გუნდურად, გამოავლინონ კვლევითი და შემოქმედებითი უნარები, შეიტანონ  საკუთარი წვლილი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.

აღნიშნული პროექტის ეტაპებია:

  1. გუნდების ჩამოყალიბება და რეგიონების განაწილებათითოეულ გუნდი წარმოადგენს ერთ ისტორიულ-კულტურულ რეგიონს:
  • იმერეთს;
  • რაჭას;
  • ლეჩხუმს;
  • კახეთს;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთს;
  • სამცხე-ჯავახეთს;
  • ტაო-კლარჯეთს;
  • ქართლს;
  • აჭარას;
  • აფხაზეთს.
  1. როლების გადანაწილება გუნდში:
  • ისტორიკოსი;
  • გეოგრაფი;
  • დიზაინერი (მაკეტი, სიმბოლო, დროშა);
  • პრეზენტატორი;
  • ტექსტის დამმუშავებელი (ქართული ენა);
  • IT მხარდამჭერი (ვიდეო/ციფრული პრეზენტაცია);
  • კულტურის წარმომადგენელი (ტრადიციები, კულინარია).
  1. ვლევის ეტაპი (სამუშაო ინსტრუქცია)

თითოეული  გუნდი ვალდებულია:

  • მოიძიოს ისტორიული ცნობები რეგიონის შესახებ;
  • შეადგინოს მარშრუტი რუკაზე;
  • მოძებნოს ლეგენდები, ხალხური თქმულებები;
  • შექმნას ვიზუალური მასალა;
  • მოამზადოს კედლის გაზეთი ან ელექტრონული პრეზენტაცია;
  • გადაიღოს ვიდეო-გიდი ან გააკეთოს 3D მაკეტი;
  • წარმოადგინოს ტრადიციული კერძი ან სხვა  ეთნოგრაფიული ელემენტი.
  1. შემოქმედებითი პრეზენტაცია ექსპედიციების მუზეუმი
  • კლასის/სკოლის სივრცეში ეწყობა ინტერაქტიული პრეზენტაცია;
  • მოსწავლეები იცავენ თავიანთი გუნდის ნამუშევარს;
  • ჟიური  წარმოდგენილ მასალას  აფასებს შემდეგ კრიტერიუმებით:
    • შინაარსობრივი სიზუსტე;
    • მრავალფეროვნება;
    • შემოქმედებითობა;
    • გუნდური მუშაობა;
    • რეგიონზე ზრუნვა/შესაბამისი მინიშნებები.

აღნიშნული პროექტის დროს  გამოიკვეთება ინტეგრირებული საგნები და უნარები:

საგანი ინტეგრაცია
ისტორია რეგიონული მემკვიდრეობის კვლევა
გეოგრაფია რუკების შედგენა, მარშრუტების დაგეგმვა
ქართული ენა და ლიტერატურა ლეგენდების დამუშავება, ტექსტის წარდგენა
ხელოვნება დიზაინი, მაკეტი, სიმბოლო
ინფორმაციული ტექნოლოგიები პრეზენტაცია, ვიდეო, ფოტო
სამოქალაქო განათლება მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობა

დასასრულს მოხდება  შეფასება და უკუკავშირი. შესაძლებელია თვითშეფასების ფორმების გამოყენებაც:

  • რა  ისწავლეს?
  • რა იყო ყველაზე საინტერესო?
  • როგორ იმუშავა ჯგუფმა?
  • როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას?

სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შეუძლიათ პროექტის გაგრძელება  ფართო ფორმატით – სასკოლო კვირეულის ან  კონკურსის სახით,  ან ონლაინ პლატფორმაზე გაზიარებით.

პროექტული სწავლება დიდაქტიკური თამაშით  რალურად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც შესაძლებლობა,  რომელიც მოსწავლეს ეხმარება   საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში.

მშობლები სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის

0

სკოლებში სისუფთავის დაცვა სკოლის დირექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენური ნორმების შენარჩუნება საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს, სისუფთავის დაცვის სანიმუშო პრაქტიკა ბევრ სკოლაში არ გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2024 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევა ადასტურებს, რომ სკოლების გარკვეული ნაწილი სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისას სირთულეებს აწყდება. ამავე ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული სიტუაციის განმაპირობებელი მიზეზები კომპლექსურია და მოიცავს: ინფრასტრუქტურულ გაუმართაობას, პასუხისმგებლობის განაწილების მხრივ ხარვეზებს, სველი წერტილების მოწესრიგებაში ჩართული ადამიანური რესურსების ნაკლებობას და მათი შრომის ანაზღაურების სიმცირეს. გამოწვევად რჩება მოსწავლეთა ჰიგიენური ქცევის საკითხიც.

სპეციალისტების დასკვნით, უსაფრთხო სანიტარიული სისტემების არარსებობა ზრდის ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს. სველი წერტილით სარგებლობისაგან თავის შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა (მაგ., შეუკავებლობა), საშარდე გზების ინფექციები და სხვა დაავადებები.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სათანადოდ აღჭურვილი, მოხერხებული, პრივატული, დაცული, სუფთა და საზოგადოების კულტურული განვითარების დონისთვის შესაფერისი ტუალეტების მოწყობა ყველა სკოლაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო პრაქტიკის სწავლება, მოსწავლეთა მოტივირება, მოუფრთხილდნენ გარემოს, თავადაც დაიცვან ჰიგიენის წესები და თანატოლებშიც გაავრცელონ სასარგებლო ქცევითი მესიჯები. ამ მიზნის მისაღწევად კი სკოლისა და ოჯახის გაერთიანება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეიძინონ პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, კარგი იქნება, დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანია თავად მოსწავლეთა და მათი მშობლების მონაწილეობით. ოჯახის ზრდასრულ წევრებს უდიდესი გავლენა აქვთ ბავშვებზე. მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოსწავლეთა ჰიგიენური ქცევის გაუმჯობესებისთვის.

კამპანიაში შემავალი აქტივობების მიზანი უნდა იყოს, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა და მოწესრიგებულ გარემოს მათი ჯანმრთელობისთვის და დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ ყოფნა. ასეთი კამპანია დაუკავშირდება კანონის უზენაესობის პრინციპს და წესების დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილებს მოსწავლეთა ყურადღებას.

სასკოლო საკითხზე ცნობიერების ამაღლების კამპანია სკოლის წიაღში უნდა დაიგეგმოს. სასურველია, ინიციატივა სკოლის წარმომადგენლებს ეკუთვნოდეთ და ორგანიზებასაც ისინი უწევდნენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაგეგმვის პროცესშივე მონაწილეობდნენ აქტიური უფროსკლასელები და მშობლები. მრავალფეროვანი საორგანიზაციო ჯგუფის არსებობა განაპირობებს იმას, რომ კამპანია ყველა კატეგორიის მოსწავლეს მისწვდება, რაც სასურველი შედეგის წინაპირობაა.

საინფორმაციო კამპანიის აქტივობები შეიძლება ყველა სკოლაში სხვადასხვანაირად ჩატარდეს, იმისდა მიხედვით, რა ტიპის პრობლემა დგას სკოლაში და რისი გაუმჯობესება გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკობრივი შესაძლებლობები და თავისებურებები, ასევე – მშობელთა წარმოდგენები, სურვილები და რესურსები.

მშობელთა გამოკითხვა

გონივრული იქნება, კამპანიის დასაწყისში ჩატარდეს მშობელთა გამოკითხვა, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს. კითხვარისთვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი კითხვები:

  • გთხოვთ, გაგვიზიაროთ, რა ინფორმაციას ფლობთ სკოლის სველიწერტილების შესახებ:

o          სველ წერტილებში არის ხელების დაბანის შესაძლებლობა.

o          სველ წერტილებში არ არის ხელების დაბანის შესაძლებლობა.

o          სველი წერტილები სუფთაა.

o          სველი წერტილები სათანადოდ არ სუფთავდება.

o          სველ წერტილებში მუდმივად არის საპონი და ქაღალდი.

o          სველ წერტილებში ხშირად არ არის საპონი და ქაღალდი.

o          საპირფარეშოს კაბინის კარი იკეტება და უსაფრთხოა.

o          საპირფარეშოს კაბინის კარი არ იკეტება.

  • გთხოვთ,კომენტარის ველში მიუთითოთ, რას გააუმჯობესებდით სკოლის სველ წერტილებში:

_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  • თქვენი აზრით, რამდენად იცავენ ბავშვები ჰიგიენის ნორმებს სკოლაში?

o          იცავენ

o          არ იცავენ

o          არ მაქვს ინფორმაცია

  • რამდენად იცავენ ბავშვები ჰიგიენის ნორმებსშინ?

o          ზედმიწევნით იცავენ

o          ნაწილობრივ იცავენ

o          არ იცავენ

  • თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ, რომ ბავშვებიმოუფრთხილდნენ სკოლის ინვენტარს და შემცირდეს ვანდალიზმის ფაქტები სველ წერტილებში?

————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

  • თუგსურთ, დაგვეხმაროთ ბავშვებისთვის ჰიგიენური ნორმების დაცვის სწავლებაში, გთხოვთ, მონიშნოთ თქვენთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე აქტივობა:

                     მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და წვლილი შევიტანო ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიის შინაარსის შექმნაში.

                     მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა დისკუსიაში „ვის რა როლი გვაქვს სკოლაში ჰიგიენის დაცვის საქმეში“.

                     ვარ პროფესიით ექიმი და მსურს, ვესაუბრო ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

                     ვარ პროფესიით იურისტი და მსურს, ვესაუბრო ბავშვებს სკოლაში არსებული წესების დაცვის აუცილებლობაზე.

                     ვარ ფსიქოლოგი და შემიძლია დისკუსიის ფასილიტაცია სასკოლო ვანდალიზმზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე.

                     ვარ აქტიური მოქალაქე და მსურს, ვესაუბრო ბავშვებს იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის სწორი ჰიგიენური ქცევა სისუფთავის შენარჩუნებისთვის.

                     ვმუშაობ გარემოს დაცვის სფეროში. შემიძლია, ვესაუბრო ბავშვებს სუფთა და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე.

                     ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. შემიძლია, ვესაუბრო ბავშვებს ჰიგიენის ნორმების დარღვევასა და ინფექციური დაავადებების გავრცელებას შორის კავშირზე.

                     ვარ მხატვარი/გრაფიკული დიზაინერი და შემიძლია, დავეხმარო ბავშვებს პოსტერების შექმნაში.

                     შემიძლია, ორგანიზება გავუწიო სკოლაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ვიზიტს, რომ შეხვდნენ ბავშვებს და განიხილონ ჰიგიენის დაცვის საკითხები.

                     შემიძლია, დავეხმარო ორგანიზატორებს და შევასრულო მცირე დავალებები საერთო მიზნისთვის.

                     შემიძლია, წელიწადში ერთხელ შვილთან ერთად მონაწილეობა მივიღო სკოლის დასუფთავებაში.

გამოკითხვის შედეგები წარმოაჩენს მშობელთა რესურსებს, სურვილებსა და დამოკიდებულებას, რაზეც შეიძლება დანარჩენი აქტივობები დაშენდეს.

დისკუსია კლასებში

სასურველია, ყველა კლასში ერთდროულად ჩატარდეს დისკუსია, რომელსაც მშობელი და მასწავლებელი ერთობლივად გაუძღვებიან. სადისკუსიო შეკითხვებად შეიძლება განვიხილოთ:

  1. როგორ გარემოში მომწონს ცხოვრება?
  2. როგორ გავხდე სკოლაში წესრიგისა და სისუფთავის თანამონაწილე?
  3. რას ვგრძნობ, როცა საპირფარეშო არ არის სუფთა?
  4. რატომ დგას ეს პრობლემა ჩვენ სკოლაში და რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასაჭრელად?

დისკუსიაში მონაწილე ბავშვები არაერთ საინტერესო იდეას წამოჭრიან, რომელთა შორისაც რამდენიმეს მაინც მომდენო ერთი თვის განმავლობაში განახორციელებენ. ამ ყველაფრის ორგანიზებასა და მონიტორინგში კი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ფასილიტატორი პედაგოგი და მშობლები. ეს შეიძლება იყოს კედლის პოსტერების მომზადება, უფროსკლასელების შეხვედრა უმცროსკლასელებთან, საინტერესო ადამიანის მოწვევა და მასთან საუბარი, ექსპერიმენტის ჩატარება და სხვ.

ჰიგიენური ქცევის წესების განხილვა

სკოლაში ჰიგიენური ქცევის წესებს რეგულარულად განიხილავენ პედაგოგები, თუმცა ამ თემაზე მსჯელობა ყველა მხარის მონაწილეობით იშვიათად ხდება. წესების განხილვას უმეტესად დიდაქტიკური ხასიათი აქვს და ბავშვებისთვის მოსაწყენია. იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო ცოცხალი და, რაც მთავარია, შედეგიანი გახდეს, კარგი იქნება სკოლის ჩარჩოში საჯარო განხილვის ფორმატის შემოტანა. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სკოლის კურსდამთავრებული, მოწვეული სპეციალისტები და სხვა პირები. საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი საკითხი, რომელსაც მონაწილეებს წარუდგენს მოდერატორი. შესაძლოა, აჩვენოს პრეზენტაციაც, რომელშიც ახსნილი და აღწერილი იქნება პრობლემის არსი. მონაწილეებს უნდა შეეძლოთ აქტიურად საუბარი მის შესახებ. ასეთი განხილვისთვის შესაფერისი მრავალი თემა არსებობს, მაგალითად, ვანდალიზმი, სკოლის ინვენტარის დაზიანება, დაბინძურებულ გარემოში ინფექციების გავრცელების რისკი.

საჯარო განხილვაში მონაწილეობა არ შეიძლება სავალდებულო იყოს. ორგანიზატორების ამოცანა უნდა გახდეს ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც მოსწავლეებს დასწრების მოტივაციას გაუჩენს.

ცხადია, საჯარო განხილვის ფორმატში აკრძალული უნდა იყოს პერსონალური ინფორმაციის გაზიარება და ცალკეული პირის შერცხვენა ან გაკიცხვა. ამის შესახებ ყველა მონაწილე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული. ასეთი შეხვედრის მიზანია სხვადასხვა პერსპექტივიდან საკითხის განხილვა და სასკოლო საზოგადოების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო.

სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზება მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან

ექიმებს, იურისტებს, ფსიქოლოგებს, გარემოს დამცველებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებსა და არაერთი სხვა საჭირო პროფესიის ადამიანებს სკოლაში ერთი საერთო სტატუსი აქვთ. ეს არის მოსწავლის მშობელი. სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია მოიწვიოს ისინი როგორც პროფესიონალები და მისცეს შესაძლებლობა, შეხვდნენ ბავშვებსა და პედაგოგებს, გაუზიარონ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და ამით აამაღლონ სასკოლო საზოგადოების ცოდნა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებაც. უცნობი ადამიანის სკოლაში ვიზიტი განსხვავებულ და ბავშვებისთვის საინტერესო ატმოსფეროს შექმნის. გარდა ამისა, ერთი საკითხის სხვადასხვა პროფესიულ ჭრილში განხილვა და მოსწავლეთა დაფიქრება კიდევ უფრო მიგვაახლოებს მიზანს.

მოსწავლეებისა და მათ მშობლების აქტიური მონაწილეობა და მათი ინფორმირება

სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ, დაავალონ მოსწავლეებს სკოლაში სველი წერტილების რაოდენობის განსაზღვრა, მშობლებთან ერთად დამლაგებლების გამოკითხვა იმის შესახებ, რამდენი საპონი, ქაღალდი და ხელსაწმენდი სჭირდება ყოველდღიურად ერთ საპირფარეშოს და კიდევ რა რესურსი იხარჯება სისუფთავის შენარჩუნებაზე, ისევ მშობლების დახმარებით ადმინისტრაციაში გარკვევა, ვინ და რამდენით აფინანსებს ამ ინვენტარის შეძენას, რა თანხა სჭირდება სკოლას ამ ყველაფრისთვის დღეში და წელიწადში.

ასეთი დავალებების შესრულება, გარდა იმისა, რომ დახვეწს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს, ამ საკითხის შესახებ მოსწავლეთა ცოდნასაც აამაღლებს, რაც შეიძლება რესურსების მოფრთხილების წინაპირობად იქცეს.

მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით სკოლაში ჰიგიენის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის კიდევ მრავალი აქტივობის დაგეგმვაა შესაძლებელი. კამპანია ყველაზე ეფექტური იქნება, თუ მასში ჩაერთვებიან ის ადამიანები, რომლებსაც ეს პირადად ეხება. მრავალფეროვანი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და იმუშავებს მოსწავლეებისთვის დადებითი ჰიგიენური ჩვევების გამომუშავებაზე, ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ზღაპარი ჩვეულებრივ და სხვანაირ კარტოფილებზე

0

(საზაფხულო საკითხავი ბავშვებისთვის ომიანობის ხანაში)

ეს პაწაწინა კარტოფილის საყვარელი დრო იყო. როცა მიწა ოდნავ გათბებოდა, კარგად გაფხვიერებულ ნიადაგში ორმოს ამოთხრიდნენ და პაწია კარტოფილის ბოლქვს სულ ციმციმ ჩააბრძანებდნენ.

მერე იძინებდა, ისვენებდა, სულს მოითქვამდა, რაღაცისთვის ემზადებოდა, თანდათან, ნელა-ნელა ყველაზე დიდი საოცრება ხდებოდა, მიწითა და წყლით ნაკვები, ლოყებშეპუტკუნებული კარტოფილი სასიცოცხლო წვენით ივსებოდა, მერე ჯერ ერთ ფესვს გამოუშვებდა ფრთხილად, მერე ლერწს, ჯერ გამჭვირვალეს, უღონოს, მერე უფრო მოღონიერდებოდა, სუსტი ღერი მიწაში გაძვრებოდა, ნელ-ნელა ბნელს გაარღვევდა და აი, ბოლოს და ბოლოს, მზის ულამაზეს შუქსაც იხილავდა. მერე იწყებოდა და იწყებოდა, ზრდა, გალამაზება, უნაზესი, გამჭვირვალე ყვავილებით ყვავილობა და ერთი ბუთქუჩა კარტოფილი ბევრად იქცეოდა…

ჰოდა, ზუსტად ეგ დრო იყო, ბუთქუჩა კარტოფილმა მიწაში გაიზმორა, გაიზმორა და ფესვი გამოუშვა. დაისვენა, მერე კიდევ ერთხელ სცადა, კიდევ დაისვენა, მერე კიდევ…

უცებ ფესვი რაღაც ცივს შეეხო, სასწრაფოდ გამოსწია,დამფრთხალმა და  შეშინებულმა. მაგრამ დიდხანს არ შეშინებია, ეს მისი მიწა იყო, მისი სახლი,  ალბათ გვერდითაც კიდეც ერთი კარტოფილია.

ახლა კიდევ გაიწვდინა ფესვი და კარგად მოსინჯა საგანი, რომელმაც შეაშინა. ეს რანაირი კარტოფილი იყო! ფორმა კარტოფილისა ჰქონდა, აი, კანი კი-ცივი, მაგარი, ლითონის. ეს რა უცნაური რამეაო, იფიქრა კარტოფილმა, მაგრამ ამ დაუპატიჟებელი მეზობლის გამო თავის მთავარ საქმეს ხომ არ შეწყვეტდა? ფესვები და ღერო უნდა გაზრდოდა, მიწას მოსდებოდა, გაძლიერებულიყო, გამრავლებულიყო, ეყვავილა… ამიტომ ერთი-ორჯერ კი სცადა მეზობელთან გამოლაპარაკება, მაგრამ მან რაღაც უკმეხად ჩაიბურდღუნა და ხმა არ გასცა, უკმეხი იყო და უზრდელი.

კარტოფილი კი ცნობისმოყვარე იყო, ფესვი კიდევ გაუშვა და კიდევ ერთხელ სცადა მეზობელთან დალაპარაკება. მაგრამ იმ უკმეხს ერთი სიტყვა არ უთქვამს.

მაინც ვინაა? კარტოფილი? რომელიმე სხვა ბოსტნეული? არც ჭარხალს ჰგავს, არც თალგამს, სტაფილოს ხომ მითუმეტეს.

გვიან ღამით, როცა უკმეხ მეზობელს ღრმა ძილით ეძინა, კარტოფილმა თავისი ლერწი კიდევ ერთხელ გაუშვა მისკენ, შეუღუტუნა, შეუციხინა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, მეზობელი თითქოს უსულო საგანი იყო, არც კი შეუბეტყავს ცხვირი. მერე კიდევ შეუხიცინა, სცადა თვალები გაეხილა, რამე ეთქვა, მაგრამ რკინის ბოსტნეულმა ერთი ჩაიბუზღუნა, გადატრიალდა და ძილი გააგრძელა.

ცნობისმოყვარე კარტოფილმა ვერაფრით მოისვენა. ხან მახრა გააგზავნა მეზობელთან, ხან ჭიაყელა, ხანაც ცუანა ჭია, იქნებ სუნმა მაინც შეაწუხოსო, რკინის ბოსტნეული კი არც კი იმჩნევდა ცნობისმოყვარე მეზობელს, იწვა გადრუნჩული და ეძინა.

კარტოფილი  კი იზრდებოდა, ახლა ერთი ფესვი კი არა, ფესვების მთელი ბადე ჰქონდა, ერთი ღერო კი არა-ღონიერი ღეროების მთელი კონა, ბოლოს და ბოლოს, ყვავილობის დროც მოვიდა და ისეთი ლამაზი ყვავილებით აყვავდა, უბრალო კარტოფილი რომ იყო, ვერაფრით მიხვდებოდი.

მეზობელს ისევ აკითხავდა, ოღონდ ის ისევ ისე, უძრავად იწვა და ზედაც არ უყურებდა.

როცა ბავშვები კარტოფილის ამოსაღებად მოვიდნენ, ფესვების ბადეში გახვეული, უცნაური რკინის ბოსტნეული იპოვეს, რომელსაც კარტოფილის ფესვები ჰქონდა შემოხვეული, მეტიც, რამდენიმე ლერწს ბოსტნეულის შუაგულშიც შეეღწია, ბოსტნეულის რკინის ზურგზე მოთავსებული მავთული მახრას გადაეხრა, ხოლო მუცელი მთლად დაჟანგებოდა.

ბავშვებმა უცნაური ბოსტნეული კარტოფილით სავსე კალათაში მოათავსეს და შინ წაიღეს.

ბოსტნეული მხოლოდ ბაბუამ იცნო, ხელებაკანკალებულმა ამოიღო კალათიდან და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ნახა, რომ ხელყუმბარა გაფუჭებული იყო, დაჟანგებული, მიწიანი, ერთიანად გაშავებული და კარტოფილის ფესვებშემოხვეული.

ვერავინ მიხვდა, რომ კარტოფილმა, რომელიც ახლა ბანზე იყო გაფენილი და დასათესად გადარჩეული მზეზე  შრებოდა,  ბავშვები გადაარჩინა. იმდენი უჩხიკინა საშიშ ბოსტნეულს, რომ მთლიანად მოშალა.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...