შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025
მთავარი წაკითხვა

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

ინტერაქტიური და პერსონალიზებული სწავლება ციფრული სწავლების კონტექსტში

0

ტრადიციული სასწავლო მეთოდები სულ უფრო ხშირად  იცვლება. ციფრული სამყაროს მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფეროვანი გახდა ციფრული სწავლების ხელსაწყოებიც. მათი სწორი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეზე ორინეტირებული და  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული  სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას. ამიტომაც არის, რომ განათლების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლება ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად აქცია. ინტერაქტიული სწავლების ელემენტები (როგორიცაა  ვირტუალური კლასები და ონლაინპლატფორმები (მაგ., Google Classroom, Moodle, Microsoft Teams), გეიმიფიკაცია (სასწავლო პროცესში თამაშების ელემენტების ინტეგრირება, მაგ., Kahoot, Quizizz, Duolingo), ვირტუალური და გაფართოებული რეალობა (VR/AR; მაგალითად, მოსწავლეები ისტორიული მოვლენების 3D-მოდელების შექმნისთვის იყენებენ Miro, Padlet, Google Docs და სხვ. ინსტრუმენტებს და ამ მიზნით ინდივიდუალურ, ერთობლივ და  ჯგუფურ პროექტებს ქმნიან)) საშუალებას აძლევს მასწავლებელს, უზრუნველყოს პერსონალიზებული სასწავლო პროცესი მოსწავლეების უნარების, ინტერესებისა და სწავლების ტემპის გათვალისწინებით. ამ დროს აქტიურად გამოიყენება:

  • ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმები;
  • ადაპტური სწავლების სისტემები (მაგალითად, Duolingo, რომელიც მარტივად ადგენს მოსწავლის ცოდნის დონეს უცხო ენასთან, მაგალითად, ინგლისურთან მიმართებით; არკვევს, კონკრეტულად რა ტიპის პრობლემები აქვს მოსწავლეს ენის შესწავლის კუთხით და სთავაზობს შესაფერის დამატებით აქტივობებს);
  • ონლაინტესტირებები და უკუკავშირი (რითაც სწავლების პროცესი უფრო ეფექტური ხდება);
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმები დიფერენცირებული დავალებებით და სხვ.

ფაქტია, რომ თანამედროვე ციფრული სწავლების მიდგომები მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო პროცესს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ისტორიის გაკვეთილებზე, ისეთი ციფრული რესურსების გამოყენებისას, როგორიცაა WeVideo, Kahoot, Vidnoz  და ა.შ.  მოსწავლეები ამზადებენ  ინტერაქტიულ მასალებს, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებზე, მოვლენებზე, ისტორიულ პერსონალიებზე, უკეთ ითვისებენ და აანალიზებენ, აქტიურად ერთვებიან  კვლევებში. ასეთ პირობებში ციფრულ მასალებზე დაყრდნობილი ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლება  მოსწავლეების აკადემიური წინსვლის ხელშემწყობ პირობად განიხილება.

როგორ გავხადოთ ციფრული უნარები მიზანზე ორიენტირებული? როგორ გამოვიყენოთ ციფრული სწავლების ელემენტები ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლებისთვის?

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი  X კლასის ისტორიის საგნობრივი დისციპლინის მაგალითზე.

სწავლების ფორმა – პროექტული: მასწავლებელი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს პროექტს და ამ მიზნით იყენებს ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლების  ელემენტებს.

განსახილველი თემა: „საქართველო ანტიკურ და გვიანანტიკურ პერიოდში“ (შეისწავლება საკითხები: საქართველოს ურთიერთობა რომთან და ირანთან ანტიკურ და გვიანანტიკურ  ხანაში, რომის იმპერიის კრიზისი, ქართლის გაქრისტიანება,  ვახტანგ გორგასალი და სხვ.).

პირველი ეტაპი:

აქტივობა 1– მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, იყენებენ ვირტუალურ რეალობას (VR), რათა რომაული ეპოქის 3D მოდელი გააანალიზონ (მაგალითად, https://artsandculture.google.com/story/3AWBst77BoGeJQ  და Google Expeditions ან VR აპლიკაციებით ათვალიერებენ რომაული ხანის არქიტექტურულ ძეგლებს);

აქტივობა 2 – მსჯელობენ რომის იმპერიის მიღწევებზე, განიხილავენ სასანიდური ირანისთვის დამახასიათებელ არტეფაქტებს, არექოლოგიურ მასალებს გვიანანტიკური ხანის  საქართველოს კონტექსტში. Google Arts & Culture პლატფორმა უზრუნველყოფს ვიზუალურ და ინფორმაციულ წვდომას აღნიშნულ თემებზე, რის საფუძველზეც სწავლების პროცესი  უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელია მოსწავლისთვის და მორგებულია მის ინტერესსა და საჭიროებას (იხ. ნიმუში, სურ.1,2).

https://artsandculture.google.com/story/_QVB4rbRG0TVOw

სურ.1

სურ.2.

  • სურ.2.აქტივობა 3 – მოსწავლეები  Kahoot–ის ტესტში იღებენ მონაწილეობას, რათა შეამოწმონ, რამდენად კარგად გაიგეს გაკვეთილი.მეორე ეტაპი –  აქტიურდება  პერსონალიზებული სწავლება:
    • მასწავლებელი, რომელიც პირველ ეტაპზე მოსწავლეთა შედეგებს აკვირდებოდა, სთავაზობს მათ ინდივიდუალურ, პერსონალურ საჭიროებებზე მორგებულ დავალებებს:
    • ის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილის პირველ ეტაპზე სუსტი პასუხებით გამოირჩეოდნენ, დამატებით ვიდეომასალებს გაეცნობიან (ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით გამოიყენებენ Google Translate-ს, ან ვიდეომასალებზე მონიშნავენ „ქართულ  ტიტრებს“, ან მიიღებენ სავარჯიშოებს ძირითადი ფაქტების დასამახსოვრებლად);
    • მაღალი აკადემიური დონის მოსწავლეები მსჯელობენ კვლევით საკითხებზე (მაგალითად, „რომის კრიზისის მთავარი მიზეზები“, ან Google Docs-ის გამოყენებით წერენ მოკლე ანალიზს, ან კიდევ უფრო ღრმად იკვლევენ საკითხს და Google Docs-ს იყენებენ მასწავლებლის სწრაფი უკუკავშირისთვის, ან Kahoot-ის გამოყენებით ქმნიან რესურსებს რომის იმპერიასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხის, მაგალითად, ქართლის გაქრისტიანების, ვახტანგ გორგასლის და ა.შ. შესახებ;
    • მათ, ვისთვისაც ვიზუალური აღქმა უფრო მნიშვნელოვანია, შეუძლიათ მოკლე ანიმაციის ან სურათი-სიმბოლოების შექმნა Canva-ს ან Animaker-ის გამოყენებით;
    • ამავე ეტაპზე, ადაპტირებული დავალებების სახით, მასწავლებელი კლასს სთავაზობს https://www.canva.com/dream-lab-ის ან ai Dream by WOMBO-ს  დახმარებით მოცემულ თემატიკაზე სურათების შექმნას, რომლის  გენერირების პროცესშიც იკვეთება, რა იცის მოსწავლემ საკითხის გარშემო და როგორ ცდილობს რეალურ მოდელთან მიახლოებული სურათის შექმნას ხელოვნური ინტელექტისთვის უფრო მეტი ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდების გზით.

    მოსწავლეთა შესრულებული დავალებების  ნიმუშები:

    • ვახტანგ გორგასლის ეპოქა

    https://create.kahoot.it/details/2ef810a1–61ae–44f2–aa04–da864b31cf38

    • რომის იმპერიის კრიზისი

    https://drive.google.com/file/d/13sUvm4BeliAzI9WJ719eCxMQKUsTlHCR/view

    • ქართლის გაქრისტიანება

    https://create.kahoot.it/details/60a84d96–904d–479b–a1d1–79b04588895b

    • ვახტანგ გორგასალი და ქრისტიანობა

    https://create.kahoot.it/details/29ec12cc–e57b–461e–ab0f–a17e27bac3da

    • გონიოს ციხე – რომაული ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლი საქართველოში

    https://drive.google.com/file/d/1SPBS6LJw5Ggr9qwR2b5YGhnyoW5DiVOX/view

    • ანალიზური ესე: „რომის დასუსტება და სასანიანთა გაძლიერება კავკასიაში“ (მასწავლებლის უკუკავშირით)

    https://docs.google.com/document/d/18XZnyEuZqIYsBcqF4oW5vYkG5oSI6YGiPpJSrxXnSmU/edit?usp=sharing

     

     

მესამე ეტაპზე – მასწავლებელმა კლასს შესთავაზა,  ChatGPTის დახმარებით  შეესრულებინათ დავალება „საქართველო, ირანი და რომი ანტიკურ და გვიანანტიკურ  ხანაში“.  ამ მიზნით დავალების სტრუქტურის და შეფასების სქემების შესახებ მოსწავლეებმა ინფორმაცია აიღეს თავად ChatGPTისგან.

მეოთხე – რეფლექსიის ეტაპზე  – მოსწავლეთა ნამუშევრების ანალიზმა აჩვენა, რომ:

  • https://www.wevideo.com/ – მოქნილი ინსტრუმენტია ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლებისთვის. მოსწავლეებმა გამოიყენეს WeVideo, რათა შეექმნათ მოკლე დოკუმენტური ფილმი რომის იმპერიის კრიზისის (III საუკუნის კრიზისი) შესასწავლად. ვიდეოში წარმოაჩინეს ის ფაქტორები, რომლებმაც იმპერიის დასუსტება გამოიწვია: ეკონომიკური ვარდნა, სამხედრო პრობლემები და შიდა არასტაბილურობა; ამისთვის დაამუშავეს ისტორიული წყაროები და ვიზუალური მასალები, რითაც ისტორიული მოვლენის უკეთ გააზრება შეძლეს;
  • ამავე მიზნით ეფექტურია Vidnoz–ის გამოყენება – https://www.vidnoz.com/ მოსწავლეებმა რომისა და საქართველოს ურთიერთობის გასააზრებლად შექმნეს ინტერაქტიული ვიდეო, რომლის ხმოვანმა  ეფექტებმა ინფორმაციის აღქმა გაუმარტივა მოსწავლეებს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოსწავლეებმა წარმოაჩინეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში  რომაული ხანის გონიოს (პეტრას) ციხე-სიმაგრის  გათხრები და რომის იმპერიის პოლიტიკური და კულტურული გავლენა საქართველოზე.  AI–ის გამოყენებამ   მოსწავლეებს გაუუმჯობესა:
  • ისტორიული კვლევის უნარები, რაც გამოიხატა ინფორმაციის სწრაფად მოპოვებასა და ანალიზში. იმისათვის, რომ გამოეკვლიათ, როგორ იყო დაკავშირებული გონიოს ციხე რომის იმპერიასთან და რატომ იყო მნიშვნელოვანი რომაული ლეგიონებისთვის, მოსწავლეებმა:
  • ინფორმაცია მოიძიეს Google Arts & Culture-ის, Google Earth-ისა და AI ჩატბოტის (ChatGPT) დახმარებით;
  • დაათვალიერეს გონიოს ციხის 3D-მოდელი, შეისწავლეს  და უპასუხეს კითხვებს:

– რომელი რომაული ლეგიონი იყო განლაგებული გონიოში?

– რა სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა ამ ციხესიმაგრეს?

– რით ჰგავდა გონიოს ციხე სხვა რომაულ ციხე-სიმაგრეებს და ა.შ.

  • მიღებული შედეგი, ერთგვარი რეზიუმეს სახით, ასახეს რესურსში, რომლისთვისაც გამოიყენეს Vidnoz-პლატფორმა;
  • მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიზუალური პრეზენტაციები გახდა უფრო შთამბეჭდავი, რადგან 3D-გამოსახულებებისა და ანიმაციების გამოყენებამ უფრო დასამახსოვრებელი გახადა დოკუმენტური მასალა;
  • ისტორიული ეპოქის აღქმის უნარები, რადგან ისტორია შეიგრძნეს უფრო ინტენსიურად, ცოცხლად.
  • Kahoot – ვიქტორინა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა აკადემიური დონის მოსწავლეებისათვის. მათ Kahoot  გამოიყენეს ვახტანგ გორგასლის როლის უკეთ შესასწავლად, შექმნეს ინტერაქტიული ვიქტორინა, რომელიც მოიცავდა კითხვებს მეფის რეფორმებზე, სამხედრო კამპანიებზე და მის ურთიერთობაზე სასანიდურ ირანთან. ამ გზით კლასში შეიქმნა კონკურენტული და სახალისო გარემო, რაც მოსწავლეებს მოტივაციას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ სწავლის პროცესში;
  • Google Docs შესანიშნავი რესურსია ინტერაქტიული და პერსონალიზებული სწავლებისათვის: ამ დროს მოსწავლეები და მასწავლებლები ერთდროულად მუშაობენ დოკუმენტზე; შესაძლებელია კომენტარებისა და ცვლილებების რეალურ დროში გაკეთება, ტექსტის ერთობლივი დამუშავება; დავალება მორგებულია მოსწავლის საჭიროებას, მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი ტემპით იმუშაონ და მიიღონ უკუკავშირი; შესაძლებელია ტექსტის მორგება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვისაც (მაგ., ფონტის ცვლილება, ხმის დახმარება და სხვ.). რაც შეეხება ინტერაქტიულობას,  ჩაშენებული კომენტარებისა და წინადადებების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია სწავლების დიფერენცირება, სხვადასხვა მედიის (სურათები, ვიდეოები, ბმულები) ჩასმა დოკუმენტში და ა.შ.
  • ChatGPT – საკმაოდ მორგებული აღმოჩნდა ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რადგან ყველა მოსწავლემ დაინახა დავალების იდეა შესაძლებლობის ფარგლებში. ChatGPT-მ მათ გაუადვილა რთული დავალებების შესრულება დიალოგური მუშაობის ფარგლებში, წაახალისა მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
  • AI-ის გამოყენება ძალზე ხელსაყრელია ადაპტირებული დავალებებისთვისაც.

რომის იმპერიის კრიზისის, ქართლის გაქრისტიანებისა და ვახტანგ გორგასლის თემებზე მომზადებულმა მასალებმა ნათლად აჩვენა, როგორ შეუძლია მოსწავლეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიის გაცოცხლება  და გააზრება, საკუთარი მიღწევების დანახვა, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესება მოქნილი ინსტრუმენტების გამოყენებით.

ინტერაქტიულმა და პერსონალიზებულმა  სწავლებამ  ციფრული ხელსაწყოების საშუალებით გააძლიერა  მოსწავლეთა ჩართულობა  და კრიტიკული აზროვნება, დაადასტურა, რომ ისტორიის სწავლებაში მხოლოდ ტექსტები  და ლექციური სტილის გაკვეთილები  აღარ არის საკმარისი – საჭიროა მრავალმხრივი მიდგომები, როგორიცაა ვიდეომასალები, ვიქტორინები და ინტერაქტიული რესურსები. მოსწავლეებს მეტი საშუალება აქვთ ინდივიდუალური განვითარებისათვის, ცოდნის დამოუკიდებლად და ეფექტურად  დაუფლებისათვის.

ფაქტობრივად, მომავალი განათლებაში ეკუთვნის ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც ციფრულ და ტრადიციულ სწავლების პროცესს გააერთიანებს.

 

გამოტანები

ინტერაქტიულმა და პერსონალიზებულმა  სწავლებამ  ციფრული ხელსაწყოების საშუალებით გააძლიერა  მოსწავლეთა ჩართულობა  და კრიტიკული აზროვნება, დაადასტურა, რომ ისტორიის სწავლებაში მხოლოდ ტექსტები  და ლექციური სტილის გაკვეთილები  აღარ არის საკმარისი – საჭიროა მრავალმხრივი მიდგომები, როგორიცაა ვიდეომასალები, ვიქტორინები და ინტერაქტიული რესურსები.

თანამედროვე ციფრული სწავლების მიდგომები მნიშვნელოვნად ცვლის საგანმანათლებლო პროცესს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ისტორიის გაკვეთილებზე, ისეთი ციფრული რესურსების გამოყენებისას, როგორიცაა WeVideo, Kahoot, Vidnoz  და ა.შ.  მოსწავლეები ამზადებენ  ინტერაქტიულ მასალებს, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებზე, მოვლენებზე, ისტორიულ პერსონალიებზე, უკეთ ითვისებენ და აანალიზებენ, აქტიურად ერთვებიან  კვლევებში.

 

წერის გაკვეთილები

0

ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

ერთ დღეს მოსწავლეებს ლექსის დაწერა რომ დაავალოთ, მათგან აუცილებლად გაიგონებთ საყოველთაოდ გავრცელებულ შეგონებას, რომ ლექსის წერას სპეციფიკური უნარები სჭირდება, ყველას როდი შეუძლია „კარგად თქმა“, ანუ შემოქმედებითი წერა მხოლოდ „ზეგარდმო ნიჭით“ დაჯილდოებულთა ხვედრია.

მას შემდეგ, რაც სკოლაში ვასწავლი, ვცდილობ, წერის პროცესს თამაშის სახე მივცე და ამ გზით მიუწვდომელი მეტ-ნაკლებად მისაწვდომი გავხადო, რათა მოსწავლეებს ცოტათი მაინც შევუცვალო ზემოაღნიშნული შეხედულება და დავაჯერო, რომ სურვილის შემთხვევაში, რიტმული ტექსტების შედგენა მათაც შეუძლიათ. ამ წერილში რამდენიმე ასეთ თამაშს და მათ შედეგად აგებულ ე.წ. ლექსის ფაზლებს წარმოგიდგენთ.

რითმობანა

როგორც ვიცით, ლექსს აქვს თავისებული რიტმი და რითმა, რომელიც მას პროზაული ტექსტისგან განასხვავებს. რითმა, სტრიქონებში მარცვლების შეთანხმებულ რაოდენობასთან ერთად, პოეტურ ტექსტებს კეთილხმოვანებას ანიჭებს. გრაფიკული ფორმის გარდა, ლექსის შინაარსიც განსხვავებულია. აქ მთავარი მწერლის მიერ ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეული ემოცია უფროა, ვიდრე თავად მოვლენის თხრობა. ემოციის სწორად გადმოცემას კი მნიშვნელოვნად გვიადვილებს ლექსის მუსიკა, რომელსაც რითმებით გაწყობილი რიტმული სტრიქონები ქმნიან.

ქართული რითმა საკმაოდ მრავალფეროვანია. რითმები ერთმანეთისგან განირჩევიან შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობისა (ერთ, ორ, სამ და მეტმარცვლიანი) და ადგილმდებარეობის (პარალელური, ჯვარედინი, რკალური, გარე, შიდა და სხვ.), კეთილხმოვანებისა (ზუსტი/არაზუსტი, მდიდარი/ღარიბი, ღია/დახურული და ა.შ.) თუ შინაარსის (ომონიმური, ტავტოლოგიური, კალამბურული, ზმნური და სხვ.) მიხედვით.

რადგან წერილში დაწყებითი საფეხურისთვის შედგენილ „ლექსის ფაზლებს“ წარმოგიდგენთ, პოეტური ტექსტების აგებულების თავისებურებათა დეტალურ აღწერაზე აღარ შევჩერდები და რითმების აწყობის რამდენიმე მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ.

შეცვალე პირველი ასო-ბგერა

აღნიშნული მეთოდი I-II კლასებში მარტივი რითმების ასაგებად გამოგადგებათ. მაგალითისთვის, ავიღოთ სიტყვა „ხელი“ და მისი პირველი ასო ჩავანაცვლოთ სხვა ბგერით/ბგერებით (ც, ნ, ძ, წ, ვ, გვ, სა და ა.შ.). შედგენილი სიტყვები შეგვიძლია ტაეპების ბოლო სიტყვებად ჩამოვწეროთ (პარალელური რითმა) და შევავსოთ სასურველი შინაარსის ტექსტით. თავდაპირველად ვიყენებ ე.წ. სიტყვის ფაზლებს. სარითმო სიტყვებს მოსწავლეებს ვადგენინებ, სტრიქონების შესავსებად საჭირო სიტყვებს კი თავად ვთავაზობ (სასურველია, არეულად და მეტობით ჩამოვწეროთ რითმებთან მისასადაგებელი სიტყვები და თავად იპოვონ საჭირო ვარიანტები). თავიდან ვიწყებთ რითმებთან თითო სიტყვის მისადაგებით, მაგალითად:

მომეცი   ხელი,

გავიდა წელი,

აყვავდა ველი,

მე ისევ  გელი.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრიქონების შევსების მეთოდი: მოსწავლეებს ვაძლევთ ნაცნობ თემაზე შედგენილ, სასწავლო საფეხურის შესაბამისი სირთულის უცნობ ლექსს, რომელსაც აკლია რითმები და თავად უნდა მიუსადაგონ. დასაწყისისთვის მოსწავლეებს ვაწვდით რითმების ჩამონათვალს რამდენიმე არასაჭირო სიტყვის ჩამატებით, რათა საჭირო სიტყვები იპოვონ და სწორად მიუსადაგონ ლექსის სტრიქონებს.

ასაკის და გამოცდილების მატების შესაბამისად, შეგვიძლია გავართულოთ დავალება და მოსწავლეებს ლექსის დამოუკიდებლად შევსება ვთხოვოთ. ბუნებრივია, ბავშვების მიერ შერჩეული რითმები ავტორისეულს იშვიათად ემთხვევა, თუმცა ლექსს შინაარსობრივად მიესადაგება, რაც ამ ერთგვარ ექსპერიმენტს მეტად სახალისოს და რაც მთავარია, სასარგებლოს ხდის. საილუსტრაციოდ გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულის“ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შევსებულ ვარიანტს:

ტყემ მოისხა ყვავილი,

აგერ მერცხალი გალობს,

ბაღში ვაზი გაზრდილი

მეტის ლხენითა ხარობს.

ახალი ლექსი ძველი რითმებით

ეს თამაში შეგვიძლია V-VI კლასის მოსწავლეებს შევთავაზოთ. ამოვიწეროთ რომელიმე ლექსის რითმები და მოსწავლეებს მათი გამოყენებით ახალი რიტმული ტექსტის შეთხზვა ვთხოვოთ (სჯობს, უცნობი ლექსის რითმები გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს განსხვავებული ვარიანტის შექმნა გაუადვილდეთ). მაგალითისთვის ისევ ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულს“ გამოვიყენებ:

ტყეში ბევრია მწვანე ფოთოლი,

 ტყეში ბუდეა, შიგ ბარტყი ჭყივის,

არ ჰყავს მშობელი, არის ობოლი

და ამიტომაც ხმამაღლა ტირის.

ზემოაღნიშნული აქტივობა საკმაოდ შრომატევად ლექსის ფაზლს წარმოადგენს. მას სჭირდება წინარე ცოდნა და გამოცდილება, ამასთან თემის, სათქმელის და ემოციის სწორად შერჩევა. თუ აღნიშნულ გარემოებებსაც თამაშის სახეს მივცემთ, მოსწავლეებს წერის პროცესს მნიშვნელოვნად გავუმარტივებთ.

თემებისა და ემოციების ხურჯინი

ნაჭრის პატარა ტომსიკებში ვათავსებთ შერჩეული რითმებისთვის შესაფერის თემებსა და ემოციებს და მოსწავლეებს თითო-თითო ფურცლის ამოღებას ვთხოვთ. შედეგად, ისინი კონკრეტულ თემასა და ემოციაზე კონცენტრირდებიან და არჩევანის გაკეთებაზე დროს აღარ კარგავენ (დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დიდ ნაწილს უძნელდება კონკრეტული საყრდენების/მინიშნებების გარეშე დავალებისთვის თავის გართმევა).

ითამაშე ლექსებით

I-III კლასებში, მოტივაციის ასამაღლებლად, ხშირად ვანაცვლებ ნაცნობი თამაშების ან საბავშვო გათვლების (მაგალითად, წეროები, ენკი-ბენკი და სხვ.) ტექსტებს მოსწავლეთა მიერ ნასწავლი თუ შედგენილი ლექსებით.  ვთამაშობთ „წეროებს“ შეცვლილი ტექსტით ან ვირჩევთ სალექსო რიტმის შესაბამის მუსიკალურ რიტმს/მელოდიას და ჩვენ მიერ შეთხზულ ტექსტებს ვრეპავთ/ვმღერით.

ზემოაღნიშნულ აქტივობებს ხშირად ვიყენებ დაწყებით საფეხურზე. შედეგად, მოსწავლეების მხრიდან პოეზიისადმი არასასურველი დამოკიდებულებაც იცვლება (წერას რომ თავი დავანებოთ, მათი წაკითხვა-გაგებაც ეძნელებათ) და შემოქმედებითი წერის ტექნიკაც იხვეწება. რაც შეეხება მეთოდების მრავალფეროვნებას, მათ სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივით. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს კლასისთვის შესაფერისი/საინტერესო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს პოეზიასთან დამეგობრებას გაუადვილებს.

 

 

 

როგორ გავხდეთ აზროვნების დიზაინერები ციფრულ სამყაროში

0

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად იცვლება და მოულოდნელობებით და შესაძლებლობებითაა სავსე. ერთი თვის წინანდელი ციფრული სამყარო უკვე მოძველებულია. AI გვაოცებს სიახლეებით. ციფრული სამყარო არის მუდმივად ცვალებადი  და ინფორმაციით სავსე გარემო. ამ ქაოსში ნავიგაციისთვის და წარმატების მისაღწევად აღარ არის საკმარისი მხოლოდ ტექნიკური უნარები. საჭიროა ახალი ტიპის აზროვნება – ეს აზროვნება უნდა იყოს შემოქმედებითი, კრიტიკული და სტრატეგიული.

წარმოიდგინეთ, რომ სახლის რემონტს აკეთებთ: ცვლით შპალერს, გადააწყობთ ოთახებს, შეცვლით განათებას – ამის შესაბამისად, იცვლება სივრცე, სრულიად განსხვავებული ხდება. სწორედ ასე ესაჭიროება გადაწყობა ჩვენი აზროვნების ფორმატსაც ციფრული ტექნოლოგიების გათვალისწინებით და მოულოდნელად აღმოაჩენთ უამრავ პერსპექტივას, იმავე სივრცეში.

ტრადიციული გაგებით, დიზაინი ხშირად ასოცირდება ვიზუალურ ან ფიზიკურ ობიექტებთან. თუმცა, აზროვნების დიზაინი ფოკუსირებულია მენტალურ პროცესებზე, იდეების ფორმირებაზე და ინფორმაციის დამუშავებაზე. ციფრულ სამყაროში ეს პროცესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყოველდღიურად ვაწყდებით უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას, რომელიც ხშირად ფრაგმენტული, ურთიერთსაწინააღმდეგო ან მიკერძოებულია. აზროვნების დიზაინერი არის ის, ვისაც შეუძლია ამ ქაოსიდან გამოყოს რელევანტური, მოახდინოს მისი სტრუქტურირება, დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა და შექმნას ახალი იდეები ან გადაწყვეტილებები.

ციფრულ სამყაროში გადამწყვეტი და  მნიშვნელოვანია ადამიანის უნარი, შეიმუშაოს აზროვნების ისეთი მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას AI სისტემებთან. ეს აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს არის  კოგნიტიური, სემიოტიკური და ფილოსოფიური პრობლემაც. აზროვნების დიზაინი AI-სთან კომუნიკაციისას გვთავაზობს ახალ პერსპექტივას, რომელიც გვეხმარება მივიღოთ უკეთესი შედეგები AI-სთან ურთიერთობისას და, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, უკეთ გავიაზროთ საკუთარი თვითშემეცნების პროცესები.

ვინ არის აზროვნების დიზაინერი ციფრულ სამყაროში?

აზროვნების დიზაინერი ციფრულ სამყაროში არის ადამიანი, რომელიც შეგნებულად აყალიბებს და აუმჯობესებს საკუთარ და სხვების აზროვნების პროცესებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ან ციფრული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს არ ეხება მხოლოდ ლამაზი ინტერფეისების შექმნას; ეს არის პრობლემების სიღრმისეულად გააზრება, ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიება და მათი ეფექტურად განხორციელება ციფრულ სივრცეში.

ის ფლობს უნარებს, რომლებიც აერთიანებს დიზაინ აზროვნების პრინციპებს, კრიტიკულ ანალიზს, სისტემურ მიდგომას და მონაცემებზე დაფუძნებულ მსჯელობას. აზროვნების დიზაინერი არის ერთგვარად არქიტექტორი, ის განსაზღვრავს, თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და როგორ ვქმნით ღირებულებას ციფრულ ეპოქაში. ერთი სიტყვით, ჩვენს ახალ ალგორითმებს ვქმნით, რომელსაც ახალი არქიტეტურა დაეფუძნება.

ადამიანის აზროვნების დიზაინი AI-სთან კომუნიკაციისას მოითხოვს მეტაკოგნიტიურ მიდგომას — ეს არის აზროვნება აზროვნების შესახებ და  გულისხმობს იმის გააზრებას, თუ როგორ ვაყალიბებთ იდეებს, როგორ ვაძლევთ ფორმას,  სტრუქტურას და როგორ ვაწვდით მათ სისტემას, რომელსაც აქვს განსხვავებული კოგნიტიური არქიტექტურა.

AI ჩატბოტებთან მიმართებით აზროვნების დიზაინი ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ: ჩატბოტების აზროვნების დიზაინი – როგორ ვაპროგრამებთ AI სისტემებს, რომ აზროვნების პროცესები ისე მიმდინარეობდეს, რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ და ადამიანის აზროვნების დიზაინი AI-სთან კომუნიკაციისას – როგორ უნდა დავგეგმოთ საკუთარი აზროვნება, რომ:

  • ეფექტურად ჩამოვაყალიბოთ მოთხოვნები
  • გავიაზროთ AI-ს შესაძლებლობები და შეზღუდვები
  • კრიტიკულად შევაფასოთ მიღებული პასუხები
  • გავზარდოთ თანამშრომლობის პროდუქტიულობა

ეს მიდგომა პრაქტიკულად გულისხმობს პრომპტების ინჟინერიის, მეტაკოგნიციის, სემიოტიკისა და კომუნიკაციის თეორიის პრინციპების გამოყენებას, რათა მოხდეს AI სისტემებთან უფრო სიღრმისეული და მიზანმიმართული ინტერაქცია.

აზროვნების დიზაინის სემიოტიკური განზომილება

ჩემი ინტერესი AI კომუნიკაციისადმი, განპირობებულია იმითაც, რომ ის წარმოადგენს რთულ სემიოტიკურ პროცესს, სადაც ხდება ნიშანთა სისტემების გადაკვეთა. ადამიანის აზროვნება ოპერირებს მრავალშრიანი, კონტექსტუალური და კულტურით განპირობებული სიმბოლოებით, მაშინ როდესაც AI სისტემები ფუნქციონირებენ სტატისტიკურ-ლინგვისტურ მოდელებზე დაყრდნობით.

სემიოტიკური თვალსაზრისით, აზროვნების დიზაინი გულისხმობს:

  1. ნიშანთა სისტემების ანალიზს – როგორ ხდება მნიშვნელობის კონსტრუირება ჩვენს აზროვნებაში და როგორ შეიძლება ეს მნიშვნელობები გადავცეთ AI-ს.
  2. კოდების ტრანსფორმაციას – ადამიანური და მანქანური “კოდების” შეჯერებას ისე, რომ შენარჩუნდეს სემანტიკური სიმდიდრე.
  3. ინტერპრეტაციულ ჩარჩოებს – როგორ ვახდენთ AI-ის პასუხების ინტერპრეტაციას და ინტეგრაციას ჩვენს კოგნიტიურ სქემებში.

აზროვნების დიზაინი ღრმად არის დაკავშირებული კულტურულ კონტექსტთანაც. სხვადასხვა კულტურული ტრადიციები გვთავაზობენ აზროვნების განსხვავებულ მოდელებს და სტრუქტურებს:

  • დასავლური ტრადიცია ხშირად ეფუძნება წრფივ, ანალიტიკურ აზროვნებას
  • აღმოსავლური ტრადიციები ხშირად აქცენტს აკეთებენ ჰოლისტურ, ციკლურ აზროვნებაზე
  • სხვადასხვა აკადემიური დისციპლინები გვთავაზობენ აზროვნების სპეციფიკურ ჩარჩოებს და მეთოდოლოგიებს

AI-სთან კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი აზროვნების კულტურული მოდელები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ვაყალიბებთ კითხვებს და როგორ ვახდენთ პასუხების ინტერპრეტაციას.

ერთი სიტყვით, ადამიანის აზროვნების დიზაინი AI-სთან კომუნიკაციისას წარმოადგენს მრავალგანზომილებიან პროცესს, ეს არის არა მხოლოდ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ერთობლიობა, ეს არის ახალი ტიპის  კულტურის ფორმირების პროცესი.

AI ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აზროვნების დიზაინი გახდება სულ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი განათლებაში, პროფესიულ საქმიანობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გავაცნობიეროთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი აზროვნების პროცესები და დავინახოთ, როგორ შეგვიძლია ვაზროვნოთ უკეთესად. საბოლოოდ, აზროვნების დიზაინი AI-სთან კომუნიკაციისას გვეხმარება უკეთ გავიაზროთ, რა ნიშნავს იყო მოაზროვნე არსება ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების ეპოქაში.

 

ახლა კი გთავაზობთ ძალიან საინტერესო სავარჯიშოს, რომელიც უკვე ჩემს სტუდენტებთან დავტესტე და დიდი ინტერესი გამოიწვია.

ეს აქტივობა ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია აზროვნების დიზაინის კონტექსტში. მონაწილე სწავლობს საკუთარი კოგნიტიური სტილის გააზრებას, ემოციური რეაქციების სტრუქტურირებას, ღირებულებითი ჩარჩოების ფორმულირებას და ფანტაზიის ინტეგრაციას აზროვნების პროცესში. აგრეთვე მოსწავლეს უვითარდება კრიტიკულ აზროვნება, ემოციური ინტელექტი და ტექნოლოგიასთან ეფექტური კომუნიკაცია.

სავარჯიშო: შექმენი შენი ციფრული მე და ესაუბრე მას აწმყოდან მომავალში

მოდი, დავიწყოთ ჩვენი ციფრული “მე”-ს აგება. თქვენი ამოცანაა: ჩამოაყალიბოთ ის ძირითადი კომპონენტები, რაც განსაზღვრავს ამ მოდელის შინაგან სამყაროს.

  1. კოგნიტიური სტილი (Thinking Engine)

აღწერე, როგორ ფიქრობ: რას ნიშნავს შენთვის აზროვნება? როგორ ყალიბდება შენში იდეა? როგორ იღებ გადაწყვეტილებებს — სწრაფად, ანალიტიკურად, ინტუიციურად თუ სხვაგვარად?

ეს ნაწილი ასახავს შენს გონებრივ პროცესებს და განსაზღვრავს, როგორ იმუშავებს ციფრული მოდელის “ინტელექტუალური ძრავა”.

 

  1. საუბრის სტილი (Voice Model)

აირჩიე სამი ფრაზა, რომლებიც ასახავს შენი კომუნიკაციის სტილს.
ეს ფრაზები გახდება ციფრული მოდელის საუბრის ძირითადი ტონი – იქნება ეს მსუბუქი ირონია, პოეტურობა, მკაფიო ლოგიკა თუ დელიკატური დუმილი.

აქ მნიშვნელოვანია,   რას ამბობ კი არა, არამედ როგორ ამბობ (ეს უნდა ისწავლოს შენმა მოდელმა).

  1. ღირებულებითი ჩარჩო (Value Core)

ჩამოთვალე ის პრინციპები, რომლებსაც შენი მოდელი არასოდეს დაარღვევს, თუნდაც ტექნოლოგიურად ძლიერად განვითარდეს. მინიმუმ ხუთი წესი ან ღირებულება, რომლებიც წარმოადგენს მის ეთიკურ კოდექსს.

მაგალითად: პატივისცემა თავისუფალი აზრისადმი; სამართლიანობა, ჰუმანურობა, შემოქმედების პრიორიტეტულობა და სხვა.

  1. ემოციური სისტემა (Feeling Frame)

აირჩიე სამი ძირითადი ემოცია, რომლებიც უნდა ჰქონდეს შენს ციფრულ ორეულს:  როგორ გამოხატავს ეს მოდელი სიხარულს, ტკივილს ან განცვიფრებას?
ემოციური ინტელექტი ციფრული მოდელისთვის ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია, გააანალიზოს ინფორმაციაც და  გაიაზროს მისი მნიშვნელობა ადამიანურობის პერსპექტივიდან..

  1. ინტუიცია და წარმოსახვა (Imaginative Module)

შეაფასე, რა როლი უნდა ჰქონდეს ფანტაზიას შენს ციფრულ ორეულში.
უნდა შეეძლოს თუ არა მას წარმოსახვითი სცენარების შექმნა, ინოვაციური ხედვების შეთავაზება, კავშირების პოვნა არსებითად განსხვავებულ იდეებს შორის?

მიუთითე, როგორ გამოიყენებს ის ინტუიციასა და წარმოსახვას როგორც შემოქმედებით და ანალიტიკურ რესურსს.

დამატებითი დავალება: დაარქვი სახელი

შეურჩიე სახელი შენს ციფრულ ორეულს. ეს შეიძლება იყოს ნეოლოგიზმი ან სიმბოლური სახელი, რომელიც წარადგენს შენს ციფრულ ცნობიერებას.

ამ კითხვებზე პასუხი აუტვირთე გენერაციულ ჩატბოტს და უთხარი, რომ ამ პასუხების გათვალისწინებით შექმნას შენი ციფრული ორეული, გადაიყვანოს 30 (50, 100) წლით წინ, მომავალში, განავითაროს და მოგცეს საშუალება, შენს განვითარებულ ვერსიას აწმყოდან დაუსვა შეკითხვები. დანარჩენი თქვენ იცით, მოამზადეთ კითხვები და ბედნიერი მოგზაურობა დროში!

ესპანელი პატიმარი

0

ძვირფასო ბატონო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ რისკზე მივდივარ და თქვენ ასეთ დელიკატურ საკითხზე ნდობას გიცხადებთ. ბედის უკუღმართობამ ისეთი განსაცდელი მომივლინა, რომ თქვენი შეწუხება მიწევს. მთლიანად თქვენზე ვარ მონდობილი და გემუდარებით, გთხოვთ დამეხმაროთ.

 

გამაბანკროტეს და ციხეში გამომამწყვდიეს. გთხოვთ, დამეხმაროთ, დავიბრუნო ჩემი ფული 75 ათასი ფუნტი სტერლინგი. ეს თანხა თქვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების სახით გასცა. მათ მისაღებად აუცილებელია, რომ თქვენ სასამართლოს კანცელარიას ჩემი პატიმრობის საქმის გადასახედი თანხა გადაუხადოთ. ასევე, მოითხოვოთ, რომ ყადაღა ახსნან ჩემს სამგზავრო ჩემოდანს, რომლის საიდუმლო განყოფილებაში ზემოთ ხსენებული ფასიანი ქაღალდებია. კომპენსაციისთვის და მადლობის ნიშნად, მე 25 ათას ფუნტ სტერლინგს გადაგიხდით. სიფრთხილის გამო, წერილს ჩემს ნამდვილ სახელს და გვარს არ ვაწერ. თუმცა, პასუხი შეგიძლიათ გაგზავნოთ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირის მისამართზე. პაბლო მორო, კისტა კარეოსი, #425, ჟირონა, ესპანეთი“.

 

წერილში შეიძლება ეწეროს, რომ მავანი ემიგრანტია და ქონება სამშობლოში დატოვა. თავად ქვეყნიდან გააღწია, თუმცა თავისი უმცროსი და და ქონება ესპანეთში ჩარჩა. „აი, ინებეთ მისი ულამაზესი ნორჩი დის პორტრეტი. მას ფულის სახით დახმარება სჭირდება, რათა ქონებაც და დაიკოც ესპანეთიდან გამოიხსნას. ვინც დაეხმარება, ის მიიღებს გოგოს და ქონების ნაწილს“.

 

ეს უძველესი თაღლითური სქემაა და „ესპანელი პატიმარი“ ეწოდება.

 

ამას წინათ, სპამის გასუფთავებისას წერილი ვიპოვე, რომ ნიგერიაში ვიღაც კაცი გარდაცვლილა. მის სახლში 28 მილიარდი დოლარი აღმოუჩენიათ. 20 წლის განმავლობაში ეს კაცი ამ ფულის ქვეყნიდან გატანას ცდილობდა, მაგრამ მის წერილებს არავინ უპასუხა. ახლა გარდაიცვალა, მაგრამ მისი ძმა ცდილობს ფულის გატანას და თავადაც წასვლას. იქნებ დაგვეხმაროო, მეხვეწებოდა…

 

ასევე მიმიღია წერილები, რომ მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ან მეცნიერების პოპულარიზებისთვის რაღაც დიდი ფულადი ჯილდოთი მაჯილდოებდნენ და დეტალებისთვის მიმეწერა. შეტყობინებით რაღაც ლატარიაში დიდი თანხის მოგების შესახებაც უცნობებიათ.

 

ან კიდევ ჩემი „შვილი“, რომელიც არ მყავს, შენიშნული იყო რაღაც აფერაში და დამეხმარებოდნენ, რომ ეს „საქმე“ მიეჩქმალათ. მე, როგორც წესი, ასეთ წერილებს არ ვპასუხობ ხოლმე, თუმცა, ამ ბოლომ გამახალისა და მივწერე, „შვილი“ არ დაზოგოთ-მეთქი. ისე, ერთი ფისო მყავს შეკედლებული და ფაქტობრივად „შვილივით“ ვუვლი. ჰოდა, მაინც გადავამოწმე – ვკითხე, ბიჭო, რა ჩაიდინე, გამოტყდი მეთქი.

 

  • მიაუო, არაფერი ისეთიო, შავყურა ფისოს ცხვირზე ვუკბინე და იქ რომ ავი ქალი ცხოვრობს, იმის კარებს გავეხახუნეო.

 

ისევ ნიგერიელებს თუ დავუბრუნდებით, ასეთ წერილებს „წერილი #419“ ჰქვია. ამ ნომრით საქმე ნიგერიის სისხლის სამართლის კოდექსში თაღლითობას შეესაბამება.

 

დრო გადის და მთელი ამ თაღლითობის არსი არ იცვლება. თაღლითები ითხოვენ, წინასწარ გადაიხადო და დაეხმარო, იმისთვის, რომ შემდეგ უფრო დიდი ფული მიიღო. ისტორიები და თემატიკა იცვლება და იმდენად მრავალფეროვანი ხდება, რამდენადაც ამას აფერისტის წარმოსახვის უნარი გასწვდება.

 

ფაქტობრივად, თაღლითი ადამიანები სიხარბეზე, კეთილშობილებაზე და, მე თუ მკითხავთ, კიდევ სიბრიყვეზე თამაშობენ.

 

კიდევ მაგალითისთვის, ე.წ. „იერუსალიმური წერილების“ ზოგადი შინაარსი. არ ვიცი, რატომ ერქვა ამ წერილებს „იერუსალიმური“, მაგრამ მათი შინაარსი წინა წერილების მსგავსია.

 

„ძვირფასო ბატონო, მართლაც გაგაოცებთ ასეთი წერილის მიღება, მაგრამ გემუდარებით, მენდეთ. ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ მხოლოდ კეთილშობილი ადამიანების იმედადღა ვარ. ემიგრაციაში წავედი მარკიზ ე.-სთან ერთად. მასთან კამერდინერად ვმუშაობდი. ზედმეტი ეჭვები, რომ თავიდან აგვეცილებინა, ფეხით მოვდიოდით. მე ბარგი მომქონდა, სადაც იყო ზარდახშა 16 ათასი ფრანგული ლირით, ასეთივე ღირებულების ბრილიანტები და ოქრო. ეს განსვენებულ მარკიზას ეკუთვნოდა. უცებ მდევარი აგვედევნა. ვეღარ ვუსხლტებოდით ხელიდან და მარკიზმა მიბრძანა, ზარდახშა იქვე ახლოს ტბაში ჩამეგდო. ასეც მოვიქეცი, გაქცევაც მოვახერხეთ და ახლა სხვა ქვეყანაში ვართ. რუკაც შევადგინეთ, რომ მოგვიანებით ზარდახშა იოლად მოგვეძებნა. ცოტა ხნის წინ, ტბიდან ზარდახშის ამოსაღებად, კვლავ ჩამოვედი საფრანგეთში. რაღაც მომიდეს სარჩულად და დამატუსაღეს. ეს ტბა თქვენს მამულთან სულ ახლოს მდებარეობს. იქნებ გამომიგზავნოთ ცოტაოდენი ფული, რომ თავი დავიხსნა ციხიდან და შემდეგ ზარდახშის ნახევარს თქვენ მოგიძღვნით მადლობის ნიშნად“. ასეთი ტიპის 100 წერილიდან 20-ზე პასუხი ყოველთვის ჰქონდათ…

 

ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში ახალი წერილები გამოჩნდა. მათ ახალგაზრდა, სიმპათიური ქვრივი ამერიკელები წერენ, რომლებიც ექიმები არიან, მთელი თავიანთი წლების განმავლობაში დაგროვილი საკმაოდ შთამბეჭდავი ჰონორარი სადღაც უდევთ საბანკო ანგარიშზე და ახლა თავის თავსაც და ამ ფულსაც თქვენ გჩუქნიან… ოღონდ ჯერ თქვენ უნდა გადაიხადოთ რაღაც. შეიძლება ასევე, კონგოს მაბუტუს პროვინციის შამანის ქვრივმაც მოგწეროთ და რამე შემოგთავაზოთ.

 

სამწუხაროდ, ეს მეთოდები დღემდე მუშაობს და ამ საყოველთაო თაღლითების სიას ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. ყველას გვახსოვს ბოლო პერიოდში გახმაურებული ე.წ. „სკამერების“საქმე.

 

1987 წელს ფილმიც გამოვიდა სათაურით – „ესპანელი პატიმარი“. აქ გაცილებით რთული სქემაა დახლართული, ვიდრე წერილის დასაწყისში დავწერე.

 

თუ დააკვირდებით, თაღლითობა უძველესი დროიდან მოდის და თუნდაც ალქიმია/ქიმიის პერიოდში უამრავი მაგალითი არსებობს. ყველაზე ცნობილი რკინის სულფიდია FeS2, რომელსაც „სულელების ოქროსაც“ უწოდებდნენ. რეალურად ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სულფიდურ მინერალს წარმოადგენს. ეს მინერალები არაორგანულ ნაერთთა ჯგუფია, რომელიც შეიცავს გოგირდს და რომელიმე სხვა ელემენტს. მინერალებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი ქიმიური შედგენილობა, მაგრამ განსხვავებული კრისტალური სტრუქტურა, პოლიმორფებს უწოდებენ. მაგ. პირიტი და მარკაზიტი ერთმანეთის პოლიმორფებს წარმოადგენენ, რადგან ორივე რკინის სულფიდია, მაგრამ თითოეულს განსხვავებული სტრუქტურა აქვს.

 

პირიტის გარდა, ჩვეულებრივი სულფიდებია ქალკოპირიტი (გოგირდის ალმადინი CuFeS2), პენტლანდიტი (რკინა ნიკელის სულფიდი-ალმადანი (Fe, Ni)9S8) და გალენიტი (ტყვიის სულფიდი). სულფიდების კლასში ასევე შედის სელენიდები, ტელურიდები, არსენიდები და ა.შ. ბევრი სულფიდი, როგორც ლითონის საბადო, ეკონომიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

 

პირიტს „სულელების ოქროს“ იმიტომ უწოდებდნენ, რომ მიმნდობი ადამიანები ადვილად იჯერებდნენ მის სიძვირფასეს. მინერალი ყვითელია და ოქროს მართლაც ჩამოჰგავს. აშშ გეოლოგიური საზოგადოება (USGS) განმარტავს, რომ „სულელების ოქრო“ სამი მინერალიდან ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო – პირიტი, ქალკოპირიტი და ზოგიერთი ალუმინოსილიკატი.

 

პირიტის სახელწოდება ბერძნული სიტყვა ცეცხლიდან (pyr) მოდის, რადგან მას შეუძლია ნაპერწკლების წარმოქმნა ლითონთან ან ქვასთან დარტყმის დროს. პირიტი ოდესღაც იყო გოგირდის და გოგირდმჟავას მისაღები წყაროც, მაგრამ დღეს გოგირდის უმეტესი ნაწილი მიიღება, როგორც ბუნებრივი აირის და ნედლი ნავთობის გადამუშავების თანაპროდუქტი.

 

პირიტი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბოლივიაში, შვედეთში, აშშ, მექსიკაში, რუმინეთში.

 

დღეს პირიტისა და ოქროს განსხვავება ძალიან იოლად არის შესაძლებელი. პორტატიული რენტგენის ფლუორესცენციის (XRF) ანალიზატორები მშვენივრად უმკლავდებიან ამ ამოცანას.

 

თუმცა, იმ შორეულ ეპოქაში მიმნდობი ადამიანები ტყუვდებოდნენ და ალბათ სიხარულით თანხმდებოდნენ თაღლითს, პირიტის ხელში ჩასაგდებად.

 

რა შეიძლება ითქვას წერილის დასასრულ? ჩემს სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა. მე და დედას დაუზარლად გვეხმარებოდა ხოლმე. ბუნებრივია, ამაში გასამრჯელოს იღებდა. დედა ყოველ ჯერზე უფრო მეტს უხდიდა, ვიდრე რეალურად ღირდა ესა თუ ის საქმე. ახლა, სამწუხაროდ, ეს ბიჭი აღარ არის და ღმერთმა განათლებული ამყოფოს ახალ ადგილას. მადლობა, რომ თაღლითი კი არა, მშრომელი და გამრჯე იყო.

 

ვაკეში, ე.წ. მეცხრე საავადმყოფოს ამოსახვევთან დღის განმავლობაში ერთი კაცი დგას და მოწყალებას ითხოვს ხოლმე. შეხედავ, ახალგაზრდაა, ხელი-ფეხი ადგილზე აქვს, ჯანიც ერჩის, ჩაცმულიც სუფთად არის. ფიქრობ – რატომ? რატომ უნდა იდგეს ასე და არ მუშაობდეს? თუმცა, ასეთი მოწყალების თხოვნაც კი თაღლითობაზე რამდენად ამაღლებულია. გემეტება, დაეხმარე, არადა, ნუ განსჯი!

 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ამ წერილს ვინმე თაღლითი წაიკითხავს… არ არის-მეთქი გვიან და გამოსწორდი-მეთქი… პატიოსნებით ნაშოვნი ფული ცოტაა, მაგრამ ტკბილი!

ფოტოამბავი – წერითი დავალება

0

წერითი ინსტრუქცია სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რის მიღწევა მსურს კონკრეტული წერითი დავალებით? – ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხიც მიზნის შესაბამისია: ტექსტის გაგება, ახალი სიტყვების სწავლა, აზრის ჩამოყალიბება, პირადი მოსაზრების დაფიქსირება, მოსწავლეთა ინტერესების გაცნობა… შემდეგ იწყება წერითი დავალების ფორმასა და ინსტრუქციაზე ფიქრი, მოსწავლეებისთვის შედგენილი ინსტრუქციის მიხედვით დავალების დაწერა, მათთვის წაკითხვა და ბოლო ეტაპი არის წარმართვა იმ პროცესისა, რომელსაც მე ვუბიძგე – მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ საკუთარ ნაშრომებს, ვუსმენთ, საინტერესო წინადადებებს/სიტყვებს ვინიშნავ და უკუკავშირს ვაძლევ.

დღის ფოტოამბავი – ამ სტატიაში მოგიყევით, თუ როგორ გამოვიყენეთ მუზეუმში სტუმრობისას გადაღებული ფოტოები შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებად. კვლავ ამავე წერითი დავალების შესახებ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, ამჯერად, განსხვავებული ინსტრუქციით.

დეკრეტული შვებულების შემდეგ სკოლაში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომელი აქტივობა შემერჩია ჩვენი პირველი შეხვედრისთვის. მსურდა, ერთწლიანი განშორების შემდეგ მოსწავლეებს გაეზიარებინათ, რა მოხდა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, ისეთი რამ, რაც სურდათ, ჩემთვის მოეთხროთ.

მაინტერესებდა მათი პიროვნული განვითარება, რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორი ინტერესები ჰქონდათ, რას შეარჩევდნენ, როგორ მომიყვებოდნენ. ფოტოამბავი ერთგვარ მულტიმედიურ დავალებად იქცა – თან ფოტოს მიზიარებდნენ და თან წერილობით მიყვებოდნენ შერჩეული ფოტოს შესახებ.

წერითი დავალების მოსწავლეებისთვის შეთავაზებისას ამ ბოლო დროს შემდეგი თანმიმდევრობით ვმუშაობ:

I გაკვეთილი:

  1. ინსტრუქციის მოფიქრება;
  2. ინსტრუქციის მიხედვით დავალების დაწერა;
  3. მოსწავლეებისთვის ინსტრუქციის გაცნობა, მისი საფეხურების დაფაზე ჩამოწერა და რვეულში ჩანიშვნა;
  4. მოსწავლეების შეკითხვებისთვის, რომლებსაც გაუგებარი საკითხების შესახებ სვამენ, პასუხების გაცემა;
  5. ჩემი დაწერილი დავალების მათთვის ხმამაღლა წაკითხვა.

II გაკვეთილი:

  1. მოსწავლეები კითხულობენ დავალებას;
  2. დღიურში ვინიშნავ წინადადებებსა და სიტყვებს, რომლებიც მომწონს;
  3. წაკითხვის დასრულების შემდეგ ვუბრუნებ უკუკავშირს – ვუკითხავ ხმამაღლა ჩანიშნულ წინადადებებს, სიტყვებს, ვეუბნები, რა გამახსენა და რაზე დამაფიქრა მისმა ნაწერმა.

 

გამოვხატავ მადლიერებას, რომ აქ და ახლა ვართ, ვუსმენთ ერთმანეთს, ხმამაღლა მიკითხავს და გვიზიარებს საკუთარ აზრებს. ეს არის ენერგიების გაცვლა-გამოცვლის გულწრფელი, ამაღელვებელი, დასაფასებელი, დასამახსოვრებელი პროცესი.

 

ფოტოამბავი – წერითი დავალების ინსტრუქცია:

 

შეარჩიე ერთი ფოტო და გამაცანი შენი ცხოვრების ერთი ამბავი, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანი, გამორჩეული, განსაკუთრებულია და დაწერე თემა შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

  • დაარქვი ფოტოს სათაური;
  • აღწერე, რა ხდება ფოტოს გადაღებისას. ყურადღება გაამახვილე დეტალებზე, გარემოზე, განწყობაზე, ამინდზე…
  • მომიყევი, რატომ შეარჩიე ეს ფოტო;
  • იმსჯელე, შენი აზრით, რა როლი აქვს ფოტოს ადამიანის ცხოვრებაში;
  • დასვი ერთი შეკითხვა ამ ფოტოსთან დაკავშირებით;
  • შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა, შეასწორე, რასაც საჭიროდ ჩათვლი.

 

  • კარგი იქნება (ძალიან გამიხარდება), თუ თაბახის ფურცელზე ამობეჭდავ შერჩეულ ფოტოს;
  • თუ ვერ მოახერხებ, დახატე თაბახის ფურცლის დასაწყისში ისე, როგორც შეძლებ;
  • თუ დახატვაც არ გსურს, მაშინ დაწერე ფოტოს ამბავი ინსტრუქციის მიხედვით.

დღიურში ჩამოვწერე ინსტრუქცია, თაბახის ფურცელზე ამოვბეჭდე ჩემი შერჩეული ფოტო და ინსტრუქციის მიხედვით დავწერე ამბავი. გადავწყვიტე, მათთვის გამეზიარებინა ფოტო, რომელიც უნივერსიტეტის წინ ჩემი სამაგისტრო თემის დაცვის შემდეგ გადავიღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. სათაურად დავარქვი თანადგომის ძალა, რადგან ოჯახისა და მეგობრების თანადგომის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი კვლევასა და ნაშრომზე მუშაობას.

მთავარი გზავნილები ჩემი მოსწავლეებისთვის იყო ის, რომ მასწავლებლობა სწავლის დასრულებას არ ნიშნავს; როგორი ძლიერი საყრდენია მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანადგომა; ამ ფოტოზე არიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები რაჭიდან, ახლა უკვე სტუდენტები და ჩემი მეგობრები – ამით იმის თქმა მსურდა, როგორი ძვირფასია ჩემი ახლანდელი მოსწავლეებისთვის ჩვენი ერთად ყოფნა.

ჩემი ფოტოამბავი სრულდებოდა შეკითხვით, რომელიც მიზნად ისახავდა გოდერძი ჩოხელის რომანის, „წითელი მგლის“ შესახებ ცნობისმოყვარეობის აღძვრას:

„გინდათ, ერთ გაკვეთილზე გაგაცნოთ ყველაზე უშიშარი ჯარჯი, წითელ გველეშაპზე ამხედრებული გარსია და კაცი, რომელიც აყვავდა?“

ყოველი გაკვეთილი ცოცხალი პროცესია. ამჯერად მომაფიქრდა მოსწავლეების ინტერესები ჩამერთო დავალების ინსტრუქციის გაცნობის პროცესში და ვთხოვე, მობილური ტელეფონის გალერეაში მოეძებნათ ბოლოს გადაღებული ფოტო. კლასი გახალისდა, ბავშვები გულღიად იცინოდნენ იმაზე დაკვირვებისას, თუ რა გადაიღეს ბოლოს. უცნაური, სახალისო და გულისამაჩუყებელი პასუხები მოვისმინე, მაგალითად: დედისთვის გაგზავნილი „სქრინი“, რომელზეც სამი სიტყვა იკითხებოდა: „დე, აქ ვარ“, „კარფურის“ ფასდაკლებების სია, კლასელებთან ერთად გადაღებული „სელფები“, საყვარელი ცხოველები, პატარა და-ძმები…

წერითი დავალება ფოტოამბავი ჩემს ოთხივე (VI, VIII, X) კლასს შევთავაზე და აი, რა ამბები დაატრიალა ერთმა დავალებამ:

  • სხვადასხვა ასაკის 100-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. თაბახის ფურცელზე ზოგს ამოებეჭდა, ზოგს კი დაეხატა შერჩეული ფოტო. იმის წარმოდგენამ, თუ როგორი გულმოდგინებით იზრუნეს ინსტრუქციის თითოეულ ნაბიჯზე, მადლიერებით ამივსო გული;
  • მათ ის სათითაოდ წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით, კლასის წინ წაკითხული საკუთარი ნაშრომებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან.
  • დავაკვირდი, ვის რა უხაროდა, რა ადარდებდა, რაზე ასწორებდა ფოკუსს;
  • გამოიკვეთა თითოეული კლასის საჭიროებები, სად უფრო მეტი ერთიანობაა ან სად უნდა გავამახვილო ღირებულებებით სწავლებაზე ყურადღება;
  • ერთ-ერთ მერვე კლასში ასეთი რამ მოხდა: ორმა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეარჩია ერთი და იგივე ფოტო, კერძოდ, კლასის საერთო ფოტო, რომელიც დამრიგებელთან ერთად მუზეუმში სტუმრობას ასახავდა. ერთმა ფოტო ამობეჭდა, მეორემ – დახატა, ამბავსაც განსხვავებულად ჰყვებოდნენ, მაგრამ მთავარი ერთიანობის განცდა და სიხარული იყო. ამ დამთხვევამ შემდეგი ფოტოამბის თემისკენ მიბიძგა. გადავწყვიტე, გარკვეული დროის მერე თითოეულ კლასს შევთავაზო კლასის საერთო ფოტოს შესახებ ამბის დააწერა;
  • რამდენიმე ახალი მოსწავლე მყავს. პირველი შეხვედრის მიუხედავად, სხვების მოსმენისას გათამამდნენ, მარტივად აუღეს ალღო ინსტრუქციას, დაწერეს, გაბედეს და კლასის წინაშე წაიკითხეს;
  • რამდენიმე მოსწავლე პირველ დღეს არ იყო და სხვების მოსმენამ მათაც აღუძრა წერის სურვილი. იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ სკოლაში და მათაც გავაცანი ინსტრუქცია ან კლასელს ვთხოვე დახმარება.
  • ორ მოსწავლეს რაღაც აბრკოლებდა – ხასიათი, თავდაჯერებულობის ნაკლებობა ან ჩემთვის უცნობი მიზეზი. ორივეს პირადად გავესაუბრე და ამან იმოქმედა, მათაც დაწერეს.
  • გამოიკვეთა პრობლემაც – ვინც ხშირად აცდენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ საერთო პროცესისთვის ფეხის აყოლა უჭირთ, თუმცა, სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე დიდი ყურადღება, წახალისება, თანადგომა, დროის დათმობა.
  • ჩემი დღიური გადაივსო ულამაზესი წინადადებებით. ყველას გაგიზიარებდით სიხარულით.
  • სათაურები ცალკე მოსაყოლია. ერთ მათგანს გამოვყოფდი: „ჩემი ანგელოზი გამიფრინდა“, რომლის წაკითხვა კლასის წინ მერვეკლასელმა გოგომ ვერ შეძლო, გვიან ღამით წავიკითხე და ვიტირე.
  • ერთი ამბავი მეათე კლასში მოხდა. მეგიმ პირველივე დღეს დაწერა, ერეკლე მეორე დღეს მოვიდა. თუკი არ უწერიათ დავალება, ვთხოვ, იქვე დაწერონ. გაკვეთილის ბოლოს მომიტანა ულამაზესი ნაწერით გადავსებული თაბახის ფურცელი. მეგი ინსტრუქციის საფეხურებს გარკვევაში დაეხმარა ერეკლეს. ერეკლეს ნაშრომიც მოგვიანებით წავიკითხე. „ეშმაკის ბორბალი“ დაურქმევია ფოტოამბისთვის და ამგვარი შეკითხვით სრულდებოდა: „თქვენ რომ „ეშმაკის ბორბალზე“ გაჭედილიყავით, რას იზამდით?“. მეორე დღეს, როცა შთაბეჭდილებები გავუზიარე, რამდენჯერმე მკითხა, ხომ კარგად გამომდის წერაო. ერეკლე გულღია, კომუნიკაბელური ადამიანია. დარწმუნებული ვარ, თითოეული მოსწავლე დარწმუნდებოდა საკუთარ შესაძლებლობაში და იმაში, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია.
  • ერთი ახალი მოსწავლეა მერვე კლასში. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ წერა დაეწყო. შინ დაბრუნებულმა წავიკითხე დათოს ფოტოამბავი. მიყვებოდა, როგორ მისწერა ერთ დილას მწვრთნელმა, რომ ვარჯიშზე ფანდური წაეღო თან. ფანდური და ჭიდაობა ყველაზე მეტად მიყვარსო, წერდა. დათოს ტელეფონის ნომერი არ მქონდა, თორემ მისი მწვრთნელს მივბაძავდი და მივწერდი, რომ მეორე დღეს სკოლაში ფანდური წამოეღო. რამდენი ასეთი ამბავი გამიზიარეს, დამაფიქრეს, დარდი და სიხარული გამიზიარეს.
  • მასწავლებლის ძალისხმევა კვალს აუცილებლად ტოვებს თითოეული მოსწავლის წერითი უნარების გამოვლენისას.
  • ფოტოამბის შესახებ ვიდეო ჩავწერე, რომელსაც გაგიზიარებთ:

 

 

ტექსტის გააზრების აქტივობები

0

თანამედროვე სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის გააზრებულად წაკითხვას. ეს არ არის მხოლოდ შინაარსის აღქმა — ეს არის ღრმა კავშირი ტექსტთან, ავტორის პოზიციის ანალიზი, პერსონაჟების ქმედებების შეფასება და ლექსიკური ერთეულების კონტექსტური გააზრება.

სწორად გააზრებული ტექსტი ავითარებს მოსწავლის მსჯელობის, თვალთახედვის გაფართოების და ღირებულებითად შეფასების უნარს. ტექსტზე მუშაობის პროცესში უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინტერესები. სწორედ აქაა საჭირო დიფერენცირებული სწავლების პრინციპების გამოყენება.

ზემოთქმული განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქართული ხალხური ზღაპრის – „ალალი კაცი“ გააზრებაზე აგებულ გაკვეთილში. ეს ტექსტი იდეალურ მასალას წარმოადგენს ღირებულებითი სწავლებისა და ენობრივი კომპეტენციების გასავითარებლად.

ალალი კაცი – ტექსტი

გზაზე ერთი ჭაბუკი მიდიოდა. მიადგა ღელეს, ზედ უნდა გადასულიყო და უცებ დაინახა, რომ წყალს ვაშლი მოჰქონდა. დასწვდა, გაწმინდა და ჩაკბიჩა, მაგრამ მაშინვე შეკრთა: ეს რა ჩავიდინე, ვაშლს პატრონი ეყოლება, მის უნებართვოდ არ შემერგებაო.

აჰყვა ღელეს და მიადგა ვაშლის ბაღს. მებარეც იქ იყო.

– ღელეში ერთი ვაშლი ვნახე. ამოვიღე, ჩავკბიჩე და მერეღა გამახსენდა, რომ ის ჩემი არ იყო. ალბათ შენია, ერთი ლუკმა კი ჩამოვკბიჩე და შევჭამე, მაგრამ ამისთვის ბოდიშს გიხდი, აჰა, წაიღეო, – უთხრა ჭაბუკმა მებაღეს.

მიუგო მებაღემ:

– თუ გინდა ეგ ვაშლი შეგერგოს, ან ორი წელი უნდა მემსახურო, ან ჩემი ქალიშვილი ცოლად შეირთო. ისე იცოდე, ქალიშვილს არც თვალი აქვს, არც ხელი, არც ენა და არც ყურიო.

ჭაბუკი დიდხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა მებაღისათვის. ბოლოს უთხრა:

– ორი წელი შენს სამსახურს მირჩევნია, შენი ქალიშვილი შევირთო. ეტყობა, იგი ჩემი ბედიაო.

მებაღემ შინ მიიწვია ჭაბუკი, ასვა, აჭამა, შემდეგ ერთი ოთახის კარზე მიუთითა:

– აქ არის ჩემი ქალიშვილი, შეგიძლია წაიყვანოო.

ჭაბუკმა კარი გამოაღო, ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ ელდანაკრავივით უკან დაიხია. მისი საცოლე უთვალო, უხელო, უენო და უყურო უნდა ყოფილიყო, ოთახში კი მზეთუნახავი იჯდა.

– შედი, ნუ გერიდებაო! – გაამხნევა მებაღემ.

– ვერა, – მიუგო ჭაბუკმა, – ოთახში ჩემს საცოლეს ვერ ვხედავ, იქ მზეთუნახავი ზის. არ მინდა ხელმეორედ ცოდვა ჩავიდინო და ჩემად მივიჩნიო ის, ვინც ჩემი არაა. ეს ქალი ჩემი ბედი არ გახლავთო.

– სწორედ ეგ არის შენი ბედი, შვილო! – უთხრა მებაღემ ჭაბუკს. – შენისთანა ალალი კაცისთვის ალალია ასეთი ლამაზი ქალი. ეს მზეთუნახავი ჩემი ქალიშვილია, მის მეტი არავინ გამაჩნია. როცა გითხარი, უთვალო, უხელო, უენო და უყუროა-მეთქი, იმას ვგულისხმობდი, რომ სხვისაზე არფერზე რჩება თვალი, სხვისას არაფერს ახლებს ხელს, სხვაზე არაფერს იტყვის ავს და ცუდს არაფერს უგდებს ყურს. მე სწორედ შენისთანა ალალ კაცს ვეძებდი, რომ მიმეთხოვებინაო.

რაღა ეთქმოდა ჭაბუკს. შეირთო მებაღის მზეთუნახავი ასული და ბედნიერად ცხოვრობდა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს.

აქტივობა – 1  ტექსტის გასააზრებელი კითხვები:

  1. ვინ იყო მთავარი გმირი ?
  2. რა იყო მთავარი პრობლემა, რომელსაც გმირი შეხვდა?
  3. როგორ მოიქცა ალალი კაცი, როცა  ვაშლი იპოვა?
  4.  რა ღირებულებას გამოხატავდა მისი საქციელი?
  5. რა გავლენა ჰქონდა ალალი კაცის საქციელს სხვა ადამიანებზე ზღაპარში?
  6. როგორ ფიქრობ, ადვილია დღეს იყო ალალი ადამიანი? რატომ?
  7. დაწერე ტექსტის გაგრძელება: როგორ იცვლება ალალი კაცის ცხოვრება ამ შემთხვევის შემდეგ?
  8. დაასათაურე ზღაპარი ახალი სახელით და ახსენი, რატომ აირჩიე ეს სათაური.

აქტივობა -2  ლექსიკური სავარჯიშო

მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ სიტყვას „ალალი“ აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა, და შეძლონ ის კონტექსტში განსხვავებულად გამოიყენონ.

მოსწავლეების დავალება წყვილებში:

  1. მასწავლებელი ხსნის სიტყვა „ალალის“ მრავალმნიშვნელოვნებას.
  2. აჯგუფებს წყვილებს.
  3. დაფაზე აფიქსირებს  რომელი ფერი რას აღნიშნავს?
    მწვანე ფოთოლი – პატიოსნებას
    ყვითელი ფოთოლი – გულწრფელობას
    ნარინჯისფერი – დამსახურებას და სხვ.
  4. წყვილებმა შექმნან  წინადადება სიტყვა „ალალით“. იმ მნიშვნელობით რა ფერის ფოთოლიც შეხვდათ გათამაშების შედეგად.
  5. წყვილებმა თავიანთი ფოთლები მიამაგრონ დიდ „ ხეზე“ (როგორც სურათზეა).

6.წარადგინონ თავიანთი წინადადებები კლასის წინაშე და აუხსნან, კონკრეტულ შემთხვევაში რას ნიშნავს სიტყვა „ალალი“.

კლასში შეიქმნება ფერადი ვიზუალური რუკა –  რომელიც ასახავს, როგორ გამოიყენება ერთი სიტყვა განსხვავებულად სხვადასხვა კონტექსტში.

აქტივობა -3  სასწავლო მენიუ

სავალდებულო ბლოკი – გააზრებისა და ანალიზის ამოცანები

(მოსწავლემ უნდა შეასრულოს ყველა ამოცანა)

  1. რატომ შეაწუხა ჭაბუკი თავისი საქციელით და რა გადაწყვიტა ამის შემდეგ?
  2. როგორ განმარტა მებაღემ თავის ქალიშვილზე ნათქვამი სიტყვები – “უთვალო, უხელო, უენო და უყურო”?
  3. როგორ დაემთხვა ჭაბუკის არჩევანი მებაღის სურვილს? რას ამბობს ეს ჭაბუკის ხასიათზე?
  4. შეავსე წინადადება:
    „ჭაბუკის საქციელი გვასწავლის, რომ _____________.“

არჩევითი ბლოკი – შემოქმედებითი და ფანტაზიური ამოცანები

(მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მინიმუმ ერთი)

  1. შეარჩიე  ერთი ეპიზოდი ტექსტიდან და დაასათაურე.
  2. დაწერე მცირე მონოლოგი ჭაბუკის თვალთახედვით:
    “როცა მებაღემ მითხრა, რომ მისი ქალიშვილი უთვალო, უხელო, უენო და უყურო იყო, მე ასე ვიფიქრე…”

არასავალდებულო ბლოკი – მსჯელობა და წრის ფორმატი

(განხილვისთვის ან სურვილისამებრ წერილობითი მუშაობისთვის)

ვის და რატომ შეიძლება ეწოდოს “ალალი ადამიანი”? მოყევი შენი გამოცდილებიდან ან მოიფიქრე მაგალითი.

ღაპარი „ალალი კაცი“ წარმოადგენს შესანიშნავ საგანმანათლებლო რესურსს ღირებულებითი და ენობრივი სწავლებისთვის. ტექსტზე მუშაობამ აჩვენა, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში, შესაძლებელია:

ტექსტის სიღრმისეული გააზრება,
ლექსიკური ერთეულების კონტექსტში გაანალიზება,
მოსწავლეთა ინდივიდუალური სტილის გათვალისწინება,
ემოციური და ღირებულებითი განვითარების მხარდაჭერა,

დიფერენცირებული მენიუს საშუალებით, თითოეულმა მოსწავლემ შეძლო ტექსტის გააზრება  უნარებისა და ინტერესების შესაბამისად.

აჯანყება სოციალური ქსელების წინააღმდეგ

0

 

სოციალური ქსელები საფრთხეს წარმოადგენენ თანამედროვე მოსწავლეებისთვის, მათ მხოლოდ სიკეთე არ მოაქვთ. საკითხით დაინტერესებული სპეციალისტები რამდენიმე განსაკუთრებულ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას:

უპირველეს ყოვლისა, სოციალური ქსელები დროის ერთგვარი პარაზიტები არიან, რომლებიც მოზარდს შრომის შედეგიანად განაწილებაში უშლიან ხელს. სხვადასხვა გვერდის თვალიერებაში შეიძლება მრავალი საათი ისე დავხარჯოთ, რომ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი ჩვენს გონებაში არ დარჩეს. რაც მთავარია, სოციალურ მედიაში უაზრო, უმიზნო ხეტიალმა მიჩვევა იცის. ადამიანები დილით, თვალების გახელისთანავე ეკრანს რთავენ და მასზე ხდებიან მიჯაჭვულნი. „გონიერი აპარატის“ გარეშე ბევრი ჰიგიენურ პროცედურებსაც კი ვერ იტარებს. მეცნიერთა აზრით, ეკრანზე დამოკიდებულება შეიძლება იყოს ყურადღების გაფანტულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა აპლიკაციაში მოსწავლეები ათასგვარი შინაარსის მასალებს ეცნობიან. ფაქტობრივად შეუძლებელია მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის ეფექტიანი კონტროლი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ეცნობიან ტექსტებს თვითმკვლელობის, თვითდაზიანების შესახებ, აწყდებიან ვიდეოჩანაწერებს ნარკოტიკებით ვაჭრობისა თუ ძალადობის შესახებ. სოციალურ ქსელებს ხშირად იყენებენ სექსუალური შევიწროებისთვის, ბავშვთა პორნოგრაფიის მოპოვებისა და გავრცელებისათვის.

უახლესი ტექნოლოგიები მოსწავლეებს შორის ურთიერთობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შურისძიება, შეურაცხყოფა, დამცირება გაცილებით უფრო მარტივია, როდესაც ანონიმური პროფილით ცდილობ საკუთარი თანაკლასელის წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთანავე, მკვლევართა ნაწილი აქტიურად საუბრობს ფენომენზე, რომელსაც „დემონსტრირებაზე ორიენტირებულ მოხმარებას“ უწოდებენ. ახალგაზრდები მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს ხარჯავენ იმისთვის, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე მოდური და არააუცილებელი ნივთების, აქსესუარებისა თუ სამოსის ფლობით მოიწონონ თავი, ამგვარად გაუსვან ხაზი საკუთარ უპირატესობას. შესაბამისი შემოსავლისა თუ შესაძლებლობის არმქონე მოსწავლეები კი ხანდახან გარიყულად გრძნობენ თავს, იწყებენ საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯვას ისეთი ნივთების მოპოვებისა და მოხმარებისთვის, რომლებიც სინამდვილეში არაფერში არ სჭირდებათ.

სოციალურ ქსელთა მავნებლურ მახასიათებლებს ყველაზე სერიოზულად მოეკიდა ავსტრალიის ფედერალური მთავრობა და პარლამენტი. გასული წლის მიწურულს ქვეყანა-კონტინენტის ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. კომუნიკაციების სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერით 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა.

პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა: „საქმე ეხება იმას, რომ ბავშვებს ბავშვობა დავუბრუნოთ, ბავშვად ყოფნის, ბედნიერი ბავშვობის შესაძლებლობა მივცეთ. არაფერი სოციალური არ არის იმაში, რომ ზოგიერთი მედია ჩვენს ბავშვებს ნამდვილ, რეალურ მეგობრებს, მეზობლებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებებს აშორებს“.

ლეიბორისტული მთავრობის პოლიტიკას მშობლების ნაწილი სიხარულით შეეგება. მოქალაქეთა ნაწილს გაუჩნდა იმედი, რომ ვირტუალური ურთიერთობების შედეგად გამოწვეული დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასებისგან შეძლებდნენ საკუთარი შვილების დახსნას. თუმცა, მალავე გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც.

ენტონი ალბანიზის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე არგუმენტი აქვთ:

16 წლამდე მოზარდების ქსელებში დარეგისტრირების საკითხის გაკონტროლება ტექნოლოგიურ გიგანტებს დაევალათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასაკის გასაკონტროლებლად კომპანიები დამატებით პერსონალურ მონაცემებს მოითხოვდნენ და მათი გადამოწმების შემდეგ ანგარიშს გაუხსნიდნენ პირს შესაბამის პლატფორმაზე. ავსტრალიის ნაციონალური მაუწყებლის ეთერში უმალვე გამოჩნდნენ გავლენიანი მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნული მიდგომა მკაცრად გააკრიტიკეს. მათ აღნიშნეს – „მეტას“, „ტიკტოკს“, „იქსსა“ და „გუგლს“ ისედაც უამრავი ცნობა აქვთ ჩვენ შესახებ, ისედაც ცდილობენ ჩვენი ყოფისა და გემოვნების გაკონტროლებას, ისედაც გვბომბავენ აგრესიული მარკეტინგით, ახლა კი ჩვენი ნებით უნდა მივაწოდოთ დამატებითი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მათ კოლოსალურ ძალაუფლებას კიდევ უფრო მეტად გააფართოებს. კრიტიკოსთა აზრით, ლეიბორისტთა გადაწყვეტილება ერთ პრობლემას აგვარებს, მაგრამ მეორეს, არანაკლებ სერიოზულს წარმოქმნის.

ხელისუფლების პოზიცია არ გაიზიარეს მოსწავლეთა გაერთიანებებმა. მოზარდთა ნაწილი აცხადებს, რომ სოციალური მედია მათთვის კომუნიკაციისა და ახალი ამბების მიღების მთავარი საშუალებაა. ამგვარი მედიის დახმარებით ისინი ნამდვილი მეგობრების აღმოჩენასაც ახერხებენ და პოლიტიკურ სოციალიზაციასაც გადიან, ცდილობენ სხვადასხვა საქმისთვის მობილიზებასა და ორგანიზებას, მარტივად აგროვებენ მასალებს საგანმანათლებლო პროექტებისთვის. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ დასახელებული პლატფორმების გარეშე გაუჭირდებათ სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.

ცალკე დარდობენ, ვთქვათ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მიგრაციული წარმოშობის მოსწავლეთა ოჯახის წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელები მათი შვილების ცხოვრებას აადვილებენ, ხელს უწყობენ მრავალი ტიპის ბარიერის გადალახვაში, აკრძალვა კი ნაწილს კვლავ მარტო დატოვებს თავის პრობლემებთან ერთად.

წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი 2025 წლის დასაწყისში მაინც ამოქმედდა. მის აღსრულებას ბევრი გარემოება უშლის ხელს. მოსწავლეები მაინც უვლიან გვერდს შეზღუდვებს და მაინც ახერხებენ სოციალურ მედიის აქტიურად გამოყენებას. თუმცა, ფაქტია, რომ ბევრი ბავშვი ეზოს, სამეზობლოს, უშუალო კომუნიკაციასაც დაუბრუნდა, მრავალი მავნებლური მასალა კი ტყუილად გაიტყორცნა უზარმაზარი ქსელების ზღვაში, მათ ბავშვებამდე ვერ მიაღწიეს.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 16 წლამდე მოსწავლეებისთვის უპირობოდ შევზღუდავდი „მეტას“, „იქსისა“ და „ტიკტოკის“ გამოყენებას, ბავშვებს მხოლოდ მესენჯერ-აპლიკაციებზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი.

ნეტავ რას ფიქრობენ ავსტრალიურ მიდგომაზე საქართველოს მასწავლებლები?

 

 

სიცილი – კათარსისი თუ იარაღი სამყაროს ამოსაბრუნებლად?

0

აღიარებულია და ყოფიერების ტრაგიზმი მის ორსახოვნებაშია; სიკვდილი თუ სიცოცხლე; კეთილი თუ ბოროტი; ნათელი თუ ბნელი; ტრაგიზმი თუ კომიზმი; ინი თუ იანი და ეს ორბუნებოვნება ამთლიანებს ცხოვრებას, კრავს, შინაარსსაც აძლევს, ფილოსოფიასაც და სიღრმესაც. მოდი, დავფიქრდეთ, რა იქნებოდა სამყარო სიცილის, იუმორის, ირონიის გარეშე. ამისთვის ჩამოთვლილთა არსში გარკვევას შევეცადოთ, ასე თუ ისე და, ცხადია, ჩვენ არც პირველნი ვიქნებით ამ მხრივ და არც უკანასკნელნი.

 

ირონიის ისტორიული განვითარების ორი ეტაპი იცის კაცობრიობამ: ე. წ. სოკრატესეული – ძველი საბერძნეთიდან მე-18 საუკუნემდე და მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული რომანტიკული ირონია. თუმცა, როგორც ნავას რუისი მიიჩნევს, ირონიის ამ ორ, რიტორიკულსა და რომანტიკულ სახელს შორის არაა წყვეტა, ისინი სრულყოფენ და ავსებენ ერთმანეთს. სოკრატული ირონიის ფარგლებში, ცალკე ოთხი გამოხატული სახეა: ა) ენის ფიგურა, რომლის არსს მოტყუება წარმოადგენს; ბ) ტროპი, რომელიც გულისხმობდა მნიშვნელობათა ცვლას; გ) ცხოვრებისა და მსჯელობის სტილი; დ) მოხერხებულობის ფორმა, რომელიც უახლოვდება ხუმრობას, მოხდენილ იუმორსა და სატირას.

 

რომანტიკული ირონიის წარმოშობა ტექსტების შექმნის დრო გამოყენებულმა, ტრადიციული, სემიოტიკური კოდების შეცვლამ განაპირობა. კერძოდ, უარყვეს არსებობის აბსოლუტური ნორმა და ის შეცვალეს ცვალებადი ნორმებით, რომლებიც უკავშირდებოდა ისეთ მოცემულობებს, როგორებიცაა: ავტორი/ტექსტი/კონტექსტი/მკითხველი.

 

ირონიის ფენომენის კვლევისას ამოსავალნი თუ მესაძირკვლენი არისტოტელე და პლატონი არიან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ პლატონისთვის ტერმინი „ირონია“ სოკრატესთან ასოცირდება. ხოლო სოკრატული ირონიის მიზანია, შემტევს კარი გაუხსნას მაშინაც, როცა შეტევის სუბიექტი უცნობია. კითხვების დასმით სოკრატე აშიშვლებდა მოსაუბრის სუსტ ადგილებს და ამით მის „გახსნას“ უწყობდა ხელს. თუ სოკრატესეული ირონია, საბოლოო ჯამში, უარყოფს მოსაუბრის იდეას, პლატონის ირონია არის კონცეპტი, რომელიც მოიცავს ცოდნის სპეციფიკურ მეთოდს და დარწმუნების ფორმაცაა, ამავე დროს. ირონიისადმი სამყაროს შემეცნებისა და ახსნის ფუნქციის მინიჭება მისი ფილოსოფიურ განზომილებაში გადანაცვლებაა. პლატონისგან განსხვავებით, არისტოტელესთვის ირონია ჭეშმარიტებასთან ურთიერთობის ფორმულაა, რომლის საშუალებით ფიქცია უპირისპირდება რეალობას (ფიქცია საგნებს აზვიადებს, ცვლის რეალობას – ესაა ფანფარობა; ხოლო ამ ნაკლის მქონეს კი – ფანფარონი ეწოდება, ანუ დამმალავი). არისტოტელე ირონიას რიტორიკულ ხერხად მიიჩნევს (მჭევრმეტყველების შემადგენელ ნაწილად) და მის ფუნქციად სასაცილოს გამოხატვა მიაჩნია. ანუ „პოეტიკაში“ არისტოტელე ირონიას რიტორიკის ილეთად ასახელებს, თუმცა არა როგორც იუმორთან დაკავშირებულ სიტყვიერ სტრატეგიას, არამედ როგორც პერიპეტიას.

 

არისტოტელეს მსგავსად ფიქრობდა ციცერონიც. იგი ირონიის საკითხზე ყურადღებას თეორიულ-ლიტერატურული ნაშრომების არგუმენტირებისას ამახვილებდა. მისი აზრით, არსებობს ხუმრობა (Facetiarum) და გესლიანობა (dicacitatis); ერთს ვიყენებთ რაიმე მხიარულის გადმოსაცემად, მეორეს – სასაცილოს გესლიანად სათქმელად. ციცერონისთვის მნიშვნელოვანი იყო, სასაცილო ბოროტად არ გამოეყენებინათ, რათა თავი დაეღწიათ ბუფონადისთვის, ენაბილწობისთვის, შეურაცხყოფისთვის, არაჰუმანურობისთვის, აგრესიულობისთვის, უსირცხვილობისთვის. ციცერონი ირონიას არა ცალკეულ კატეგორიად, არამედ სასაცილოს შემადგენლობაში მოიაზრებს.

 

ციცერონმა ირონიის ტიპებიც განსაზღვრა და ეს იყო პირველი მცდელობა მისი სისტემატიზაციისა:

ა) მარტივი ირონია (რაიმე განსხვავებული იმისგან, რის თქმაც სურთ); ბ) მიმღების ირონია (როდესაც იღებენ და ესმით თქმულისგან განსხვავებული ნათქვამი); გ) საზოგადო ირონია (მოიცავს მჭევრმეტყველურ მახასიათებლებს, ანუ მოიაზრებს კონტექსტს).

 

შლეგელმა, რომელმაც რიტორიკა ტრანსცენდენტურ ინსტრუმენტად გარდაქმნა, გამოხატვის მხატვრული ხერხებით, შემოგვთავაზა ირონიის ახალი შეხედულება – ე.წ. რომანტიკული ირონია, რომელიც თავისი ხასიათით სოკრატული ირონიისგან განსხვავდებოდა. რომანტიკული ირონია კი დაეფუძნა სოკრატულს, კერძოდ, ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა: დიალოგიზმი, ირონიის ორობითობა და ჩაფიქრებულობა, პრაქტიკისა და თეორიის შერწყმა და საკრატესეული მორალურობა (ის, რაც არ უნდა იყოს).

 

შლეგელის აზრით, ირონია პარადოქსის ფორმაა. ეს უკანასკნელი კი ყველაფერიაო, რაც ერთდროულად კარგია და დიდი. ნოვალისის მიხედვით, გრძნობის საშუალებით, რომელიც ყოველთვის უპირატესია, რომანტიკოსები ეძებენ ამაღლებას პირობითობაზე და ეს ირონიის ძირითადი ნიშანია. სწორედ ასეთ ირონიას ეწოდებაო რომანტიკული ირონია. ამ ამაღლების ფუნქციაა, იყოს ამაღლებული საკუთარ თავზე. გამოდის, ირონია წამყვანი რომანტიკული იარაღია, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს. ერთი მხრივ, ადამიანი ვერ იქნება ირონიული, თუ იგი თავისუფალი არაა; მეორე მხრივ, ორონია თავად ათავისუფლებს. გამოდის, ირონია თავისუფლებაა… თუ სოკრატული ირონიის მიზანია მოსაუბრის დამარცხება, რომანტიკული ირონია საკუთარ თავს გამოგითავისუფლებს. ის, ცხადია, იწვევს ტკივილს, თუმცა გვანიჭებს სიამოვნებასაც, რადგან თავისუფლების შეგრძნებას მოგვაპოვებინებს და ეს ისაა, რაც ადამიანად გვაქცევს.

 

რომანტიკული ირონია გაჩნდა მაშინ, როცა კლასიციზმი, მონარქია, რელიგია კრიზისში აღმოჩნდა და მათი დოქტრინები ვეღარ ხსნიდა თანამედროვე აზროვნების ევოლუციას. ამ დროს გაჩნდა ახალი ფასეულობები: ინდივიდუალური თავისუფლება, რეალობის ახლებური აღქმა და ა.შ. ამას კი ახალი ინტერპრეტაციები სჭირდებოდა. ამაზე ამბობდა კიერკეგორი, – რომ ირონია კრიტიკულ ვითარებაში იბადება.

 

როგორც წერდა კიერკეგორი: „ზოლგერი იყო ალბათ ერთადერთი, რომელმაც შეძლო ირონიის ფილოსოფიური ბუნების შემეცნება“. ზოლგერი განასხვავებდა გარეგან და ჭეშმარიტ ირონიას და სწორედ ამ უკანასკნელს მიიჩნევდა ადამიანის მდგომარეობის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად. ზოლგერი ამბობს, რომ სახუმარო აქტივობა, რომელიც საგნებს სერიოზულ ჭრილში არ განიხილავს, არც ცხოვრების მორალურ, რელიგიურ თუ სამეცნიერო მხარეებს, არ არისო ირონია. მისთვის ირონია ადამიანის, როგორც ამბივალენტური ორგანიზმის, დასრულებულსა და დაუსრულებელს შორის, მიწიერსა და ღვთაებრივს შორის მერყევის, მთავარი შემადგენელი ნიშანია და გამოხატავს მის ფუნდამენტურ მდგომარეობას. აი, როგორ განმარტავდა ის ტრაგიკულ ირონიას – როგორც „რაიმე ღვთაებრივს, რომელიც ანათებდა ღვთიურ ბუნებას ადამიანურ ქმედებებში“.

 

მოვედით უმბერტო ეკოსთანაც და მის ორიგინალურ დამოკიდებულებასთან ირონიისადმი. მისი აზრით, ირონია არის პროცესის შედეგი, რომელშიც ემისორიც და მიმღებიც ერთნაირად იღებენ კოდს და ამ უკანასკნელს საზოგადოსგან განსხვავებულ მნიშვნელობასა თუ ღირებულებას ანიჭებენ. ხოლო ირონიზება კოდის მსხვრევაა მისი გაორმნიშვნელოვნება…

 

უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ – ნაწარმოებში ავტორი ჩვენ წინაშეა არა როგორც სატირიკოსი, არამედ სატირის საკითხების მკვლევარი. არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე წიგნი, რომანის მიხედვით, მთელ ბიბლიოთეკასთან ერთად, გაანადგურა ფანატიკოსმა ბერმა ხორხემ ბურგოსიდან. ამ უკანასკნელის აზრით, სიცილი ადამიანის ბუნების გამრყვნელია და არისტოტელეს ეს წიგნიც „დამანგრეველი“ შედეგის მომტანიაო. რატომ და – უდიდესი, თვით პაპებისა და წმინდანებისთვისაც კი სამაგალითო, ფილოსოფოსი განმარტავს რა სიცილის ხელოვნების არსს, სძენს მას (სიცილს) მჭრელი იარაღის ფუნქციას. ის არა მარტო ჩაანაცვლებდა რიტორიკას, არამედ მოთმინებას, მოლოდინსა და სასოებას დაუღალავი ბრძოლის იდეით შეცლიდა და რელიგიასაც დიდ საფრთხედ მოევლინებოდა, რამეთუ „ამოატრიალებდა“ შეხედულებებს სამყაროსა თუ ყოფიერებაზე.

 

„ვარდის სახელში“ დაპირისპირებულია: 1) სიცილი და მისი ამკრძალავი ფანატიზმი; 2) ღირებული ხელოვნება და ფანატიზმი, რომელიც მოსურნეა, ჩაკლას ფანტაზია და შემოქმედება მშრალ დოგმებში მოაქციოს; 3) განათლებულობა და განათლებით შენიღბული ფანატიზმი, რომელიც ანადგურებს განათლების კერას, თუნდაც ბიბლიოთეკას გადაწვავს; 4) ჭეშმარიტება, რომელიც ისიცაა, რომ „გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან“ და ფანატიზმი – ჭეშმარიტების სწორედ ეს ავადმყოფური სიყვარული; 5) სიცილი, ნიშანი ღვთაებრიობისა, ჭეშმარიტისკენ, ღვთისკენ სწრაფვის საფუძველი და სიცილი, როგორც ღმერთისგან შორს ყოფნა. ავტორის აზრით, ფანატიზმზე საშიში არაფერია, რადგან ის ყოველგვარი მორალური ფასეულობის შემმუსვრელია.

 

უმბერტო ეკოს ნაწარმოების გმირი ვენანაციუსი ამბობს: „არისტოტელემ სწორედ სიცილს მიუძღვნა „პოეტიკის“ მეორე წიგნი, და თუკი ასეთმა დიდმა ფილოსოფოსმა მთელი წიგნი მიუძღვნა სიცილს, სიცილი მნიშვნელოვანი რამ უნდა იყოს“. მაგრამ ამ წიგნის ხელში ჩაგდების მცდელობა ვენანციუსის დაღუპვის მიზეზი ხდება. აი, როგორია ფანატიკოს ხორხეს საპირისპირო არგუმენტი: „წმინდა მამათაც არაერთი წიგნი მიუძღვნიათ ცოდვისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, მაგრამ უკეთური რამაა“. ვენანაციუსი არ ეპუება და უპასუხებს, რომ არისტოტელე სიცილს სიკეთისა და ჭეშმარიტების წყაროს უწოდებდაო. ასევე არისტოტელე თავის პირველ წიგნში ხელოვნებას სინამდვილის მიბაძვად მიიჩნევს, მაგრამ არა ბრმა ან უბრალო აღწერად, არამედ შემოქმედების რანგში აყვანილად. ხელოვნება ფანტაზიის ნიჭით გვთავაზობს იმას, რაც შეიძლება ყოფილიყო და ამით პირველმიზეზთან, ცოდნასთან (ღვთაებრივ სიბრძნესთან) ახლოსაა. ხელოვანი, შემოქმედი იწვევს ჩვენში რაფინირებულ სიამოვნებას, ესთეტიკურ ტკბობას, ადამიანურ კათარსისს – განწმენდას. ეს უკანასკნელი სხვა არაფერია, თუ არა პირადულზე, საკუთარ „მეზე“ ამაღლება. გამოდის, სიცილის ხელოვნებით გამოწვეული სიამოვნება, უბრალოდ, ხორციელი სიამოვნება არაა, ამამაღლებელია, განმწმენდი… ბერები თვლიან, რომ არისტოტელეს მეორე წიგნში ხელოვნების რანგში აყვანილი სიცილი ყოველგვარი უკუღმართობის წინააღმდეგ იარაღადაა ნაქცევი და მისი შედეგიც ხელოსნობის შედეგისგან განსხვავდება – მიდის თავისუფლებამდე.

 

ხორხეს რაც შეეხება, ის არც სიცილის „თერაპიას“ აღიარებს, არც იუმორს, როგორც პროდუქტს მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური გონებისა. მისთვის მიუღებელია პლინიუს უმცროსის სიტყვები: „როცა ვიცინი, ვთამაშობ, ვხუმრობ, ადამიანი ვარ“. მისთვის სატირაც მიუღებელია, როგორც ბრძოლის იარაღი, რადგან „ვინც იცინის, არ სწამს იმის, რაზეც იცინის, მაგრამ არც სძულს იგი. ამრიგად, ბოროტზე სიცილი არ ნიშნავს მასთან საბრძოლველად განწყობას, კეთილზე სიცილი კი ნიშნავს, არ აღიარო სიკეთის ძალა – ძალა სიკეთის თვითგავრცელებისა“. ხორხეს ძალიან აღიზიანებს ბერების სიცილი, რადგან ბერი უბრალო კი არა, მოაზროვნე არსებაა, ხოლო მისი სიცილი ბოროტისკენ მიემართება, რაც არ ეპატიება: „მასხარაობა და სიცილი სამარადისოდაა განკვეთილი ყოველი ჩვენი სავანიდან და ბერის ფუჭსიტყვაობას არ დავუშვებთ“. ბერი ხორხე ღვთისმეტყველია, მაგრამ ავიწყდება ის, რომ ამქვეყნიური, წუთისოფლური ჰარმონია დაპირისპირებულ საწყისთან ერთიანობაშია. ანუ ღვთიურობა წუთისოფელში გულისხმობს კომიკურისა და ტრაგიკულის შეთავსებას, ურთიერთბალანსს. ხორხე კი კრძალავს სიცილს, რადგან ეჭვის წინაპირობად მიაჩნია: „ჭეშმარიტებასა და სიკეთეში სასაცილო არაფერია; ამიტომაც არ იცინოდა ქრისტე“. მოკლედ, ხორხესთვის სიცილი უარყოფითი მოვლენაა, რადგან „სიცილით ბრიყვი გულისხმობს, რომ ღმერთი არ არსებობს“.

 

მონასტერში ინახება ის წიგნებიც, რომელიც მიუწვდომელი უნდა იყოს და არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე წიგნიც ერთი ასეთია.; ხოლო მეორეა არაბულ და სირიულ ტექსტებთან ერთად აკინძული „კვიპრიანეს ნადიმის“ ასლი. წიგნი მოწამლულიაო იდეურად, რადგან მასში მახვილგონიერებაა წახალისებულ/შექებული ნაკლებად ცნობილი, არაქრისტიანი ავტორებისგან.

 

განა, ბერმა ხორხემ არ იცის, რომ სიცილს წიგნის განადგურებით ვერ მოსპობს? ეს ადამიანის ბუნებაა. ამიტომ იგი ცდილობს, წარმოაჩინოს სიცილის „ბოროტი“ ბუნება თავისი მსჯელობის რადიკალიზმით: „სიცილი სისუსტეა, სიმახინჯე, უმწეობა ჩვენი ხორცისა. შვებაა გლეხისათვის, სილაღე – ღვინის მსმელთათვის. ბრძენმა ეკლესიამაც კი დაუშვა დღესასწაულები, კარნავალები, გასართობი თავყრილობები გონების განსატვირთავად, სხვაგვარ წადილთა და ვნებათა მოსათოკად… მაგრამ ასეთი სიცილი მდაბიური რამაა, თავდაცვის საშუალება ხალხისთვის, სიწმინდეაყრილი საიდუმლო – მდაბიოთათვის“. აი, რას ნიშნავს აზროვნების „ჩარჩოებში“ მოქცევა, თუმცა, გამოდის, გრძნობისაც, სილაღისაც, ბუნებისაც. ბერი ხორხე განმარტავს, რომ სიცილი, თავისთავად, არსით, ცუდი მოვლენა არააო და მეყსეულად შიშისაგანაც კი ათავისუფლებსო ადამიანს. მაგრამ ლიტერატურულ „ყალიბში“, ჟანრში მოქცეულმა სიცილმა შეიძლება ადამიანი გაათავისუფლოს ეშმაკის, ღვთის შიშისგანაც კი, რითაც ბრძოლის იარაღი ხდებაო… აი, რა არ ასვენებს ხორხეს.

 

ხორხეს კრიტიკა ითვალისწინებს, ცხადია, სიცილის ნაწილობრივ მისაღებლობას, მაგრამ, დიდწილად, ის მიუღებელია მისთვის, რადგან მდაბიოთა პრეროგატივაა. ხოლო სიცილის, იუმორისა თუ კომედიის არსი ხელოვნების დანიშნულებაში მდგომარეობს: ესთეტიკური სიამოვნებაც, კათარსისით ამაღლებაც; თუმცა ეს თავისუფლების მომტანიაო და სწორედ თავისუფლებაა (ქმედებისა, გრძნობისა თუ აზრისა), ამ უკანასკნელისთვის ბრძოლაა, ასე რომ აშფოთებს ხორხეს.

 

შეჯამებისთვის, ვთქვათ, რომ „ვარდის სახელში“ სიცილის ორგვარი ფორმა, ბუნება და შეფასებაა ნაჩვენები. სიცილია მდაბიოთა თავყრილობებზე, მაგრამ სიცილია წიგნშიც, შემოქმედებაში. პირველი მოცემულობა არცთუ ისე სახიფათოა, რადგან „სალაღობოდ, გასართველად“, სალაზღანდაროდაა, შვებასა და კმაყოფილებას გვანიჭებს. აი, მეორეა საქმე, რომლისაც ეშინიათ რელიგიურ ფანატიკოსებს, რადგან, როცა ის ხელოვნების სიმაღლეზეა აყვანილი, სულს წმენდს და თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლის იარაღადაც შეიძლება მოგვევლინოს, რადგან ის მდიდარი და არა „ჩარჩოებშემოვლებული“ შემოქმედებითი ფანტაზიის, პარალელურად შექმნილი რეალობის ნაყოფია და საშიშია „ურყევი“ დოგმატიკისთვის. ამით ჰგავსო სიცილი ცოდვას, რომელიც კაცს ღმერთს აშორებს, საბოლოოდ, შეიძლებაო მოსპოს კიდეც რელიგიისა და ღვთისკენ სწრაფვა. ამიტომ მეტაფორისტიკა, იგავი თუ გამოცანა ჭეშმარიტებას აშორებსო ადამიანს…

 

ქრისტე არ იცინოდაო.

 

ეს ბოლო აქსიომა არაა და არც მტკიცდება, ეს ერთი…

 

მეორე – სიცილი ადამიანის ბუნებაა და ბუნების წინააღმდეგ ყოველთვის მარცხდება კაცი. ბუნებაც ღმერთმა შექმნა, ცხადია და ყველაზე მეტად ს უ ფ ე ვ ს მასში.

 

ვიღაც რომ გესლიანად ჩაიცინებს ან დასცინებს, ეს მდაბიურია, მაგრამ პატარა ტიბეტელი ბერის ზარივით სიცილი რატომაა მდაბიური? ან სულხან-საბას იგავზე სევდიანად, ჭკვიანურად გაღიმება? ან დავით კლიდიაშვილისეული ცრემლიანი იუმორი, სიცილი? ან ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა დიმიტრის, საოცარი, ბავშვურად „კრიალა“, ბედნიერი სიცილი? ან წუთისოფლის სიმწრის პასუხად რვალივით სიცილი?

 

სიცილი თავისუფლებაა, როგორც სიყვარული და როცა ის ზნეობრიობას მოიაზრებს, განსაცდელთან, ადამიანურ სიავკაცესა და მანკიერებებთან ბრძოლის იაღარიცაა და ბედნიერების, სილაღის, ბუნებასთან, ღმერთთან თანაზიარობის წინაპირობაც, ჩემი აზრით…და არა მარტო ჩემი აზრით: „ადამიანი მისი სიცილითაც შეგიძლია გამოიცნო. თუკი ადამიანის სიცილი მოგეწონა, სხვა რომ არაფერი იცოდე მის შესახებ, შეგიძლია დარწმუნებული იყო მის კარგ ადამიანობაში“.

AI და მდგრადი განვითარება     

0

ხელოვნური ინტელექტი ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, ალბათ ახალგაზრდა არ არსებობს, გარკვეული წარმოდგენა არ ჰქონდეს მასზე. უფრო მეტიც, უფრო ხშირად იყენებენ კითხვებზე პასუხის, თხზულების, ამოცანების დასაწერად და კიდევ უამრავი მიზნისთვის. საუკეთესო ფოტოებსა და ანიმეებსაც ქმნიან. მას არც კომიქსების შექმნაში ჰყავს ბადალი. თუმცა მხოლოდ გარემოს დამცველები უყურებენ მას კრიტიკული თვალით. ჩემი წერილის მიზანი მოსწავლეების დაფიქრებაა, რა უკეთესია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეული პროგრესი, თუ მდგრადი განვითარება და პლანეტის დაცვა.

გაკვეთილი 60-70 წუთზეა გათვლილი. დაწყვილებული გაკვეთილი უკეთესია.

აქტივობა 1: დილემის წარდგენა – პრეზენტაცია:

სლაიდი 1. მასწავლებელი წარადგენს დილემას. მან არ უნდა დაიკავოს არცერთი მხარის პოზიცია.

სლაიდი 2. მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა არის ხელოვნური ინტელექტი? რა არის მდგრადი განვითარება? მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აჩვენებს სლაიდს.

მოსწავლეები ქმნიან 4-კაციან ჯგუფებს. მასწავლებელი წარადგენს ქვიზის შეკითხვებს (სლაიდი 3-7). თითოეული კითხვისთვის ჯგუფს ეძლევა 3-4 წუთი. თანხმდებიან ჯგუფში, შემდეგ მსჯელობენ სხვა ჯგუფებთან ერთად. ხუთივე კითხვის გავლის შემდეგ, მასწავლებელი აჩვენებს სწორ პასუხებს (სლაიდი 8-9). ყველა პასუხის შემდეგ აჯამებენ აქტივობას.

აქტივობა 2: დისკუსია, რომელი პროფესიის ადამიანს სჭირდება ყველაზე მეტად AI?

ცხრა ბარათზე წერია პროფესია. მოსწავლეები შემთხვევით იღებენ ბარათს, ისე, რომ ვერ ხედავენ, რა როლი უნდა მოირგონ. მოსწავლეთა რაოდენობა კლასში თუ ცხრის ჯერადია, ეს საუკეთესო ვარიანტია მუშაობისთვის. გადააბრუნებენ ბარათებს. ფურცლებზე ჩამოწერენ საკუთარ მოსაზრებებს. მოსწავლე წრეზე გადადგამს ათ ნაბიჯს, და რომელი პროფესიის ადამიანის წინაც აღმოჩნდება, მას უნდა წარუდგინოს თავი და დაარწმუნოს საკუთარი მოსაზრებების სისწორეში. ასე აკეთებს თითოეული მოსწავლე სამჯერ. ჯგუფის წევრები თანხმდებიან, რომელი პროფესიის ადამიანს სჭირდება ყველაზე მეტად AI, რომელი პროფესიისას – ყველაზე ნაკლებად. დაალაგებენ ბარათებს რომბის ფორმაზე, როგორც მეთორმეტე სლაიდზეა წარმოდგენილი.

აქტივობა 3: სამი აზრი

მასწავლებელი დაფაზე ხატავს სამკუთხედს. მოსწავლეებს ურიგებს წებოვან ფურცლებს, რომლებზეც მოსწავლეები აწერენ საკუთარ სახელებს. სლაიდ 13-ზე მოცემულ ინფორმაციას გაეცნობიან. თუ ამ სამიდან კონკრეტულად რომელიმეს სრულად ეთანხმებიან, წებოვანი ფურცელი სამკუთხედის შესაბამის წვერზე უნდა დააკრან. თუ ორი ადამიანის მოსაზრებას თანაბრად ეთანხმებიან, მაშინ ფურცელი უნდა მიაკრან წვეროების შემაერთებელ გვერდზე. რამდენიმე მოხალისე დააფიქსირებს აზრს. უნდა წახალისდეს ისინიც, ვინც შეცვლის მოსაზრებას. ბოლოს შეაჯამეთ აქტივობა.

რესურსი მასწავლებლისთვის:

პრეზენტაცია:

 

სიყმაწვილე

0

„მშობლების კოშმარი“ – შეფასებებს შორის ასეთიც გამოერია. კრიტიკული წერილების კითხვას შევყევი და შევნიშნე, რომ ავტორები შეთანხმებულებივით იმეორებდნენ ერთსა და იმავეს: ცოტა ხნის წინ გამოსული ბრიტანული მინისერიალი „სიყმაწვილე“ (Adolescence

) შესანიშნავი ნამუშევარია, სულისშემძვრელი სცენებით და დიდი სიფრთხილით დამუშავებული რთული თემებით.

ჩვეულებრივი ოჯახი ჩვეულებრივი ბავშვებით. დილა, რომელიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი არ უნდა ყოფილიყო, სახლში სპეცრაზმელების შემოჭრით იწყება – მათ 13 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება აქვთ დავალებული. ბიჭიც 13 წლისაა, ახლად გაღვიძებულს, შიშისგან შარვლის უბე რომ გამოუსველდება.

არა, შეუძლებელია! ეს ანგელოზი, ეს ლამაზთვალებიანი ჯეიმი მილერი თანაკლასელის მკვლელი ვერ იქნება. მძიმე შეცდომა, გაუგებრობა… მისი გულგახეთქილი მშობლებივით, ჩვენც გამალებით ვეძებთ პასუხებს, რომლებიც თავის დამშვიდების შესაძლებლობას მოგვცემდა. მხოლოდ ერთი დღე იქნება გადასატანი, მერე კი ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერი დამარწმუნებლად აიხსნება და ვიღაცის არასწორი გადაწყვეტილებით გამოწვეულ ტკივილსაც ეშველება.

მაგრამ გამომძიებლები არ ცდებიან. სამხილებად წარმოდგენილი ფოტოები და ვიდეოჩანაწერიც სულ სხვას ამტკიცებს – დამნაშავე ცნობილია. გასარკვევი კი მხოლოდ ისაა, რატომ გაიმეტა თანაკლასელი, რატომ დაარტყა დანა შვიდჯერ და ამის შემდეგ სად დამალა მკვლელობის იარაღი.

მეტს აღარაფერს ვიტყვი, თუმცა მინისერიალის ავტორების ჩანაფიქრი სულაც არ უნდა იყოს მაყურებლის გაკვირვება რაღაც ისეთით, რასაც არცერთ შემთხვევაში არ ელოდნენ. აქ მარტივი კითხვების სიმძიმეა გასაძლები, გაუნელებელი ტანჯვა და ტკივილია ასატანი. განა ჩვენი შვილებიც ასეთივე ოჯახებში არ იზრდებიან? განა ჩვენც არ მიგვიჩნევია აღზრდაში დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოდ, ან სოციალური ქსელების ზეგავლენა – არც ისე სახიფათოდ?

ის, რაც ჯეიმი მილერის თავს ხდება, ყველა მოზარდის საშინელებად შეიძლებოდა ქცეულიყო, მისი მშობლების ენით აუწერელი უბედურება კი შეიძლებოდა სხვა ნებისმიერისა ყოფილიყო. სწორედ ამის დამაჯერებლად ჩვენებაა „სიყმაწვილის“ ერთ-ერთი ღირსება – ზრდასრული მაყურებლის იმ ზღვრამდე მიყვანა, რომელსაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაურბოდა. არადა, სასაზღვრო ნიშნულები ყოველთვის თვალსაჩინო იყო, ყოველთვის შეიძლებოდა იმის წარმოდგენა, რომ რომელიღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მათთან მიახლოებას გამოიწვევდა.

მეორე მხრივ, ეს ოთხსაათიანი ფილმი ბავშვების, მოზარდების სანახავიცაა, ვისი შეხედულებები თუ ყოველდღიური საფიქრალი ალბათ არც არაფრითაა განსხვავებული, ვინც გამუდმებით ხელის ცეცებით დადიან დიდების, მშობლების, მასწავლებლების გაუგებარ სამყაროში და ძალიან ეშინიათ ყოველ ნაბიჯზე დაგებული ხაფანგების. ჯეიმის ამბავზე ისინი ბევრს იკამათებენ, დანაშაულს სხვადასხვა სარჩულს გამოუძებნიან, სხვადასხვაგვარ შუქში დაინახავენ…

თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მილერების ოჯახში, სადაც ხმის აწევაც იცოდნენ და წყენასაც გულში არ იტოვებდნენ, მაგრამ მის წევრებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა სკოლაში, რომელიც ათასი სხვა სკოლის მსგავსი იყო, ცოტა დაღლილი მასწავლებლებით, ცოტა უყურადღებო მასწავლებლებით, ცოტა გულგრილი მასწავლებლებით, მაგრამ მაინც ისეთი გარემოთი, სადაც ცოდნის შეძენაც შეიძლებოდა და იმ სიხარულის პოვნაც, სიახლის აღმოჩენას რომ ახლავს.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა ქალაქში, რომლის ცხოვრებაც ერთ დილას მოზარდის შემზარავ მკვლელობას უნდა შეეძრა, რომლის მკვიდრთა შორის ზედმეტად ცნობისმოყვარენიც იყვნენ და თანაგრძნობის უტაქტოდ გამომხატველნიც, სხვისი განსაცდელის გულთან არმიმტანებიც და მგრძნობელობით, კეთილგონიერებით გამორჩეულებიც…

მაგრამ ნიადაგი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა იმისთვის, რაც მოხდა. რაც მისი წიაღიდან ბოროტებად ამოიზარდა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...