შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

თამაშის გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე

0

თამაშით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელთა გარეშე ცხოვრებაც დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია.  უდიდესი  ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით – „თამაშის საშუალებით ვითარდება ის ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება“.

მოსწავლე ცოდნას თამაშის საშუალებით იღრმავებს და ივითარებს. თამაშით სწავლება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეს სკოლასთან შეგუება უწევს. ამ დროს სწავლება განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია, განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ის დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის განვითარებაში.

სწავლების დროს თამაშის გამოყენებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების  სფეროს მეცნიერ-მკვლევრები. ისინი საუბრობენ სასწავლო პროცესში თამაშის უპირატესობაზე, რაც აისახება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

„ენის შესწავლა რთული ამოცანაა და მიზნის მისაღწევად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. კარგად შერჩეული თამაშები ფასდაუდებელია, რადგან მოსწავლეებს ეძლევათ შესვენების საშუალება და ამ დროს ისინი იყენებენ სხვადასხვა ენობრივ უნარებს“. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

შესაბამისად, თამაშით სწავლება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

ყველა თამაში, რომლებსაც მოსწავლეები თამაშობენ, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძალიან ბევრი სავარჯიშო. ჯგუფური თამაშები კიდევ უფრო სასარგებლოა. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

„ენობრივი თამაშები საკლასო ოთახში არის სასიამოვნო აქტივობა წესებით, რომლებიც მიზანმიმართულად არის შემუშავებული მოსწავლეებში სწავლის დონის ასამაღლებლად, ჰალდფილდი (1999) ამტკიცებს, რომ თამაშები გართობასთან ერთად გულისხმობს მიზნებსა და წესებს“. (Abdullah, Karim, 2020)

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო აქტივობებით დატვირთული. დაწყებით საფეხურზე თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. უცხო ენის კათედრის სხდომებსა და მასწავლებლების შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, რომელი აქტივობაა შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, დავალებებს  უფრო გააზრებულად და ყურადღებით ასრულებენ.

სტატიაში შევეცდები, მოგაწოდოთ რამდენიმე თამაშის ინსტრუქცია, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

  1. Run to the board – ეს თამაში კარგი გზაა იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იმახსოვრებენ მოსწავლეების წინა გაკვეთილზე ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია:  ეს თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გრამატიკის, ლექსიკის ან მართლწერაში სავარჯიშოდ. მაგალითად, ლექსიკაში სავარჯიშოდ, მოსწავლეებს სთხოვეთ, დაწერონ ცხოველების სახელები. ისინი წერენ, რაც შეიძლება მეტ მაგალითს. ასევე ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად, თუ რა იციან მოსწავლეებმა სემესტრის დასაწყისში.

ვყოფთ კლასს ორ ჯგუფად (დიდი კლასის შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ჯგუფის შექმნა). დავყოთ დაფა ორ (ან მეტ) ნაწილად, გუნდების რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეებს ვუნიშნავთ დროს, რამდენ ხანში შეასრულონ დავალება (4 წუთი, 5 წუთი ა.შ.). დაფაზე ვწერთ კატეგორიას, ან რომელიმე საკითხს, გრამატიკულ მასალას. მოსწავლეები კი წერენ სიტყვებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ვთხოვთ თითოეულ გუნდის თითოეულ წევრს სწრაფად დაწერონ დაფაზე ეს სიტყვები. მოსწავლეები შემდეგ მოსწავლეს გადასცემენ ცარცს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხი აქვს.

  1. The ballgame (Hello, my name is..) – ეს თამაში განსაკუთრებით კარგია დაბალ კლასებში. მისი მეშვეობით მოსწავლეები ივითარებენ საუბრისა და გუნდური მუშაობის უნარს. ერთადერთი რესურსი, რომელიც საჭიროა, არის ბურთი (ან რბილი სათამაშო).

ინსტრუქცია: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ წრე, მასწავლებელი იღებს ბურთს და წარადგენს საკუთარ თავს, შემდეგ გადასცემს ბურთს მოსწავლეს, რომელმაც უნდა წარადგინოს საკუთარი თავი, მოსწავლე სხვა მოსწავლეს გადასცემს. და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ წარადგენს საკუთარ თავს.

  1. Flyswatter game – ეს თამაში ძალიან სახალისოა, მოსწავლეები ივითარებენ ლექსიკას და მოსმენის უნარ-ჩვევებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, დავწეროთ 10-20 სიტყვა დაფაზე. პირველი ორი მოსწავლე გადის დაფასთან და თითოეულს ეძლევა თითო ბუზის საკლავი. მასწავლებელი აძლევს მინიშნებებს ერთ-ერთ სიტყვაზე, იწყებს ზოგადი მინიშნებით და მიდის უფრო კონკრეტულამდე. მასწავლებელს შეუძლია დაახლოებით 3-ჯერ მიანიშნოს, სანამ პირველი მოსწავლე გამოიცნობს სიტყვას. მოსწავლემ, რომელმაც იცის პასუხი, თავისი ბუზის საკლავით ურტყამს სიტყვას. თუ სწორია მისი გუნდი იღებს ქულას და შემდეგი ორი მოსწავლე მოდის დაფასთან. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი ექნება.

  1. Throwing ball – ამ აქტივობით მოსწავლეები იმეორებენ ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 (ან მეტ) ჯგუფად.  ვირჩევთ თემას ცხოველებზე. მასწავლებელი დაფაზე წერს ასო-ბგერებს.  თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. მოსწავლე ისვრის ბურთს დაფისკენ, რომელ ასო-ბგერასაც ბურთი მოხვდება, ამ ასოზე უნდა დაასახელოს ცხოველი.

  1. Pictionary race – ამ თამაშით მოსწავლეები ვარჯიშობენ ლექსიკაზე.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. ვაჩვენებთ სიტყვას, მოსწავლეები ხატავენ. რომელი გუნდის მოსწავლეც გამოიცნობს სიტყვას, ის გუნდი იგებს.

  1. Running dictation – ეს თამაში მოსწავლეებს უვითარებს წერის, მოსმენის, მეტყველებისა და კითხვის უნარებს. ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ინგლისურის ცოდნის ნებისმიერ დონეზე.

ინსტრუქცია: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს. ავირჩიოთ პატარა ტექსტი, წინადადებები ან დიალოგი, განვათავსოთ საკლასო ოთახის კედელზე. მწერლები სხდებიან სკამებზე, მკითხველები მიირბენენ, წაიკითხავენ კედელზე დაწერილ  წინადადებას, მოირბენენ და უკარნახებენ მწერლებს, შემდეგ ისინი ცვლიან როლებს. გამარჯვებული არის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს, თუმცა თუ მათ შეცდომები ექნებათ, ისევ უნდა გააგრძელონ.

  1. Roll the dice – ამ თამაშის გამოყენება ძალიან ბევრი სახით შეიძლება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.

ინსტრუქცია: მასწავლებელი დაფაზე წერს ექვს წინადადებას, რომელიც ერთიდან ექვსამდეა დანომრილი. მოსწავლე გამოდის აგორებს კამათელს, რომელი ციფრიც ამოდის, კითხულობს წინადადებას და შეუსაბამებს შესაბამის ილუსტრაციას.

  1. Category writing game – ეს თამაში ძალიან კარგია ლექსიკის გასამეორებლად და მართლწერის შესამოწმებლად.

ინსტრუქცია: კლასს ვყოფთ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს კაპიტანს. მასწავლებელი მაგიდაზე დებს ფურცელზე ჩამოწერილ კატეგორიებს (მაგ. საჭმელი, ცხოველები, ტრანსპორტი და ა. შ.), რომლებიც დაფარულია და კაპიტნები ირჩევენ კატეგორიებს. თითოეულმა ჯგუფმა თავის კაპიტანს უნდა უთხრას და დაწეროს ამ კატეგორიის შესაბამისი, რაც შეიძლება მეტი სიტყვა. მათ აქვთ დროის ლიმიტი, შეიძლება მივცეთ 3 ან 4 წუთი. თითოეული ჯგუფი ყოველი სიტყვისთვის იღებს თითო ქულას. ამ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწერა.

 

 

პოეზიის ფერადი პანო

0

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”

 შოთა რუსთაველი

სამყარო ყველაზე უკეთ დაკვირვებით შეიმეცნება, საკუთარ თავთან შეყოვნებით, გარინდებითა და უდროობაში დროის მოხელთებით, რაც ყოველჟამიერად უფრო და უფრო რთულდება და ჩვენი ცნობიერიც იძულებულია, მოკლე შთაბეჭდილებებით ისაზრდოოს. ამგვარ რეალობაში ესმა ონიანის ფერ-მეტყველებაზე დაკვირვება დროის კაფსულიდან გაღწევის დარია. მისი ფერადოვანი ლექსების გაცნობით, შესაძლოა, უკეთ აღვიქვათ მოვლენებისა და საგნების ერთიანობა, დავაკვირდეთ სამყაროში განფენილ ტონალობებს, მათ ყოველწამიერ ცვლილებებს და დავინახოთ ან შევიგრძნოთ, რომ ცა ზოგჯერ „ყვითლად მღვივარია” ან „ჩახლეჩილი”…

ესმა ონიანის პოეზიაში ფერი რომ ჭარბობდეს, არაა გასაკვირი. გასაკვირი ისაა ყველა საგანსა და მოვლენას სახელს რომ უძებნის და გამოთქვამს, ხშირად, მანამდე არარსებული სიტყვით. თითქოს, მისი პალიტრა ნამდვილისა და გამონაგონის საზღვარზეა შეზავებული და მასში ამოვლებული ლექსიც პირველქმნილ შუქ-ჩრდილს იტევს.

ახლახან დავით ხიდეშელის გამოფენაზე ერთმა ნახატმა განსაკუთრებით მიმიზიდა. ვუყურებდი და ვცდილობდი ჩემი ემოციისთვის შესაფერისი სიტყვა მომეძებნა – რა ფერია? რა დავარქვა? როგორ გამოვთქვა? სწორედ მაშინ გამახსენდა ესმასეული „ჩამომტვრეული ქვების ფერი”…. ჰო, სწორედ რომ „ჩამომტვრეული ქვების ფერი” იყო ის, რასაც ვუმზერდი.

ვინ იცის, იქნებ ჩემი მოსწავლეებიც ასევე „ეძებენ“ საკუთარი შთაბეჭდილებებისთვის სახელებს და გადავწყვიტე, მხატვრობის უკეთ აღსაქმელად მათთვის ესმას პოეზია შემეშველებინა.

შინ დაბრუნებულმა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ესმა ონიანის ლექსები, ამჯერად, მხოლოდ ფერ-მეტყველებისთვის და სათითაოდ ამოვწერე პალიტრისა და პოეზიის სინთეზური ტონალობები, როგორც ნიმუში საკუთარი ემოციების სახელდებისა:

ოქროფერილი წიგნის ფურცლები

ასკეტური შავი

მწიფე შავი

უნაბისფერი კედლები

ჟანგისფერი სისხლი

ძვლისფერი სინათლე

ოქრო-ვარდისფერი ლაქები

წენგოსფერი ხე

შავ-წითელი ფაშვი ბუფეტის

აბრეშუმისფერი კაბა

ქლიავისფრად ჩამქრალი სასმელი სუფრაზე

ნაზი ჭერმისფერი

თაფლისფერი შმორი

შავ-ვერცხლისფერი ხეები

ბადაგისფერი მზე

დამწვარი შაქრის ფერი

სანთლისფერი სახე

ნაცრისფერ-ფშუტე პეპლის ფერფლი

ხახვის ფუჩეჩისფერი თმები

ჩასკვნილი ყვითლები

ჩახლეჩილი ყვითლები

ჩაყურჭებული სიყვითლე

ბრინჯისფერი დაირები

ატმისფერი სახე

დაბრუებული ვარდისფერი

კომშისფერი ბლიკი

ყვითლად მღვივარი ცა

ტყვიისფერი სიკვდილი

ბრინჯისფერი შუქი

ბნედისფერი ზეცა

ხის გამძვრალი ქერქისფერი

ჩამომტვრეული ქვების ფერი

გამოშიგნული ყვითელი

აბედისფერი ყვავილები

მიწისფრად გახევებული ხვლიკები

მძაღე თხილისფერი

ზღმარტლისფერი ძუძუს თავები

ჭინჭისფერი თოვლი

კისელისფერი ასოები

ჩირქისფერი კლავიშები

ჟანგ-ობისფერი გულისპირი

სიმძაღისფერი

დელგმა წითელი

კაჟისფერი მზე

ფისისფერი თვალი

შაშხისფერი რიკულები

გადაცრეცილი მთვარისფერი

ხმიადისფერი სიცხე

ტყლიპისფერი

კამისფერი სინათლე

ჩამპალი მარცვლისფერი

იისფერ-ლურჯი მამამთილი

ბიისფერ-ყვითელი დედამთილი

იაგუნდისფერი მაზლი

რძისფერი გოგო

ხორბლისფერი გოგო

ნუშისგულისფერი შვილი.

ესმასეული პოეტური შთაბეჭდილებებით ფერწერულ ნიმუშებზე დაკვირვება მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ აღიქვან მხატვრობა, ფერი, პლასტიკა, საგნები, განწყობა.

შეგიძლიათ მოსწავლეებს ბარათებად დაურიგოთ ფერმწერი პოეტის ფრაზები და სთხოვოთ, წერილობით გადმოსცენ რა მოგონებებს, განცდებს, შთაბეჭდილებებს აღძრავს მათში ეს ფრაზები.

ნიმუში – „ხმიადისფერი სიცხე“ – ზაფხულს მაგონებს, როდესაც სიცხისაგან მზე ბებიას გამომცხვარ მჭადს ემსგავსება, მიწა რბილდება და ჰაერში პურის სურნელი დგას. 

შეგიძლიათ, ასოციაციობანა ითამაშოთ, პირველი ფრაზა ამ ჩამონათვალიდან შეარჩიოთ და ასოციაციურად გაჰყვეთ ფერწერულ პოეზიას.

ნიმუში – „შავ-წითელი ფაშვი ბუფეტის“ – სოფელი-ბებია-გადანახული ტკბილეული-ბავშვები-მდინარე- ა.შ.

წაუკითხეთ ესმას ლექსები მოსწავლეებს და სთხოვეთ, დახატონ შთაბეჭდილებები. ამის მერე უჩვენეთ პოეტის ფერწერული სამყარო და მის მხატვრობაში ლექსებიდან ამოწერილი ფრაზები აპოვნინეთ.

ამგვარად, ესმა ონიანის პოეზია და მისი მხატვრობა გაკვეთილზე ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრირების საუკეთესო ნიმუშად შეიძლება იქცეს, რადგან, ესმა ონიანის მხატვრობა არა მხოლოდ იხილვება, იკითხება კიდეც და პირიქით, მისი ლექსი არა მხოლოდ იკითხება, იხილვება კიდეც.

ესმასეული პოეზიის ფერადი პანო, თავისი უნიკალური სიტყვა-ქართულითა და მეწამულისფერი სახისმეტყველებით, მხილველ-მკითხველისთვის თვითგამოხატვის დაუსაზღვრავ თვალსაჩინოებას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სამყარო, მართლაც, ვეფხისტყაოსნისეულ უთვალავ ფერად განიფინება.

პ.ს 1938 წლის 20 ივლისს ესმა ონიანი დაიბადა – სიტყვებში „ამოძალული… ამოდრეკილი… შეუბოჭავი სული…”.

გამოყენებული ლიტერატურა:

ესმა ონიანი – პოეზია-კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა გამომცემლობა „არტანუჯი“

ესმა ონიანის მხატვრობა

როგორ მოაგვარეს დაბინძურების პრობლემა ლიეტვუაში

0

XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად გარემოსდაცვითი პრობლემები მიიჩნევა. ჰაერის, წყლის,  ნიადაგის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ადამიანსა თუ ეკოსისტემაზე, თანამედროვე სამყაროს დღის წესრიგის სათავეშია მოქცეული.

შევეცდები, ლიეტუვის მაგალითზე დაგანახოთ თუ როგორ შეიძლება პატარა ინიციატივამ  მასშტაბური შედეგები მოუტანოს ქვეყანას და შეცვალოს   მოსახლეობის ქცევა. ასევე გაგაცნობთ ორგანიზაციას „სადაგი“, რომელსაც მიზნად საქართველოს დალაგება აქვს დასახული.

ინიციატივა  „Mes Darom“ – ანუ  ჩვენ ვაკეთებთ

საბჭოთა წარსულის მქონე ლიეტუველებს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გარემოს დაბინძურების პრობლემა მემკვიდრეობით ერგოთ. მოსახლეობა ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრიდა. წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები თუ აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები ცდილობდნენ აემაღლებინათ მოსახლეობის ცნობიერება და მოეგვარებინათ დაბინძურების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ…

შედეგად, ლიეტუვაში წამოიწყეს კამპანია „Mes Darom“, რომელიც მალევე იქცა  ძალიან პოპულარულ გარემოსდაცვითი ინიციატივად. ყოველწლიური მოხალისეობრივი კამპანია  ფოკუსირებულია საჯარო სივრცეების დასუფთავებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. იგი შეიქმნა გლობალური მოძრაობის მოდელის მიხედვით, რომელიც  2008 წელს, ესტონეთიდან დაიწყო და ცნობილია, როგორც „Let’s Do it“.

კამპანიის ფარგლებში, მოხალისეები და დაინტერესებული პირები იკრიბებიან ნარჩენების  შესაგროვებლად. დასუფთავების აქციები ტარდება ტყეებში, პარკებსა და სკვერებში, მდინარეებში და მის კალაპოტებში, ზღვის სანაპიროზე და სხვა საზოგადოებრივი ადგილებში.

ინიციატივა ითვალისწინებს:

  • ყოველწლიური ეროვნული დასუფთავების ღონისძიებების ორგანიზებას ცალკეული ინდივიდების,  ოჯახების, სკოლების,  ბიზნესისა და სამთავრობო ინსტიტუტების ჩართულობით;
  • მოსახლეობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებას;
  • გარემოსდაცვითი განათლების წახალისებას. დასუფთავების ღონისძიებების გარდა, ინიციატივის ფარგლებში ხშირად ტარდება სამუშაო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანიები და მზადდება საგანმანათლებლო მასალები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვის წახალისების მიზნით;
  • თანამშრომლობას სხვადასხვა სუბიექტთან, მათ შორის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ბიზნესებთან. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ინიციატივის გავლენის გაძლიერებას და ღონისძიებების წარმატებულ ორგანიზებას. ინიციატივა იზიარებს საუკეთესო პრაქტიკას სხვა ქვეყნების მსგავს მოძრაობებთან და მონაწილეობს გლობალურ დასუფთავების კამპანიებში.

ინიციატივის „Mes Darom“  წარმატებისა და მასშტაბურობის ზრდის შედეგად, ქვეყანაში გარემოს დაბინძურების პრობლემები აღმოიფხვრა. დღეს ქვეყანა ნულოვანი დაბინძურების მაჩვენებელზეა. ამ ყველაფერს დაემატა ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელების დანერგვა, რამაც გარემოდან ამოღებული  და საყოფაცხოვრებო ნარჩენები სწორი მიმართულებით მიმართა და დაიწყო მათი გადამუშავება.

მიმდინარე წლის ივნისში ლიეტუვაში, პატარა ქალაქ სკაუდვილეში, პროგრამის ერაზმუს+ მოკლევადიანი ტრენინგის ფარგლებში განვიხილეთ ინიციატივა „Mes Darom“. ლიეტუველი ახალგაზრდების თქმით, კამპანიის მთავარი ღირსება მოსახლეობის დამოკიდებულებები ცვლილება იყო.  ადამიანებმა დაინახეს, რომ მათ მიერ გარემოში დაგდებული ნარჩენის შესაგროვებლად ერთიანდებოდა ყველა, ხარჯავდნენ დროსა და რესურსებს.  თანდათან მან ისეთი ხასიათი მიიღო, რომ  კერძო ბიზნესი და სახელმწიფო უწყებები საკუთარი სურვილით ჩაერთო დასუფთავების აქციებში. ამას აკეთებდნენ არა მოსაჩვენებლად, ან რომელიმე მწვანე დღესთან დაკავშირებით, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც.

მეორე შედეგი იყო კლასიკური დასუფთავების აქციის სახის ცვლილება და მისი ქცევა დღესასწაულად, ზეიმად. კამპანიის ავტორებმა დაამატეს ისეთი აქტივობები,  როგორებიცაა: სპორტული შეჯიბრებები, ტრადიციული სამზარეულოს გაცოცხლება, მუსიკა, თამაშები და სხვა.

დღეს ლიეტუვაში დასუფთავების აქცია საზეიმო მოვლენა რომ არის, საკუთარი თვალით ვნახე. მაგალითად პატარა ქალაქ სკაუდვილეში, ჩვენს მიერ ჩატარებული დასუფთავების აქცია მოიცავდა მის შემდგომ სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ჩართულობის ზრდის დამატებითი მოტივატორია. დაახლოებით ოთხსაათიანი დასუფთავების აქციის შედეგად ძლივს გავავსეთ ორი 60 ლიტრიანი ნაგვის ცელოფანი.

 

 

საქართველოს დამლაგებელთა გილდია (სადაგი)

საქართველოში მსგავსი კამპანია საქართველოს დამლაგებელთა გილდიამ წამოიწყო. „სადაგი“  ეს არის მოხალისეთა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დალაგებას, დასუფთავებასა და მისი ბუნების დაცვა – გაჯანსაღებას. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა საზოგადოებრივ საწყისებზე დგას.

„სადაგის“ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი. სწორედ ამ მიზნით, დაიწყო კამპანია „მე ვალაგებ საქართველოს“, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის სკოლებს მიეცათ ჩართვისა და საქართველოს დალაგების საშუალება. ამ კამპანიის ფარგლებში სკოლებმა მიიღეს დასუფთავების აქციებისთვის  საჭირო  ინვენტარი და ხემსი მოსწავლეებისთვის.

რას მოიცავს სადაგის ერთდროული დალაგების ფესტივალები?

  • პერიოდულობით შეირჩევა რეგიონები, სადაც  ერთდროულად ეწყობა დასუფთავების აქციები;
  • ერთდროული დასუფთავების აქციები გულისხმობს 2-3 დღიან ინტერვალში, დიდი რაოდენობის (50-60) აქტივობების განხორციელებას;
  • სადაგი ამარაგებს სკოლებს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით, წყლითა და ხემსით;
  • სადაგის წარმომადგენლები მასწავლებლებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვის  შესახებ;
  • კამპანია ახალისებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას.

დასუფთავების აქციების დროს მზადდება ვიდეორგოლები, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებასა და ამაღლებას. დალაგების ფესტივალებში ერთვებიან ცნობადი სახეები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დალაგებისა და ეკოლოგიური  ფესტივალების მოწყობა.  ბოლოს ასეთი ფესტივალი მოეწყო 2024 წლის ივნისში დაბა ბაკურიანში, რა დროსაც შეგროვდა 52, 000 ლიტრი ნარჩენი.

ლიეტუველების ინიციატივა „Mes Darom“ და „სადაგის“ საქმიანობა საქართველოში აჩვენებს, რომ შესაძლებელია გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა. მთავარია სამუშაოს სწორად დაგეგმვა, რესურსების გადანაწილება და სხვადასხვა თემის მობილიზება.

 

გამოყენებული რესურსები:

https://mesdarom.lt/

https://issuu.com/kadikenk/docs/lt_report

https://www.sadagi.ge/

მეხუთეკლასელები ახალ გარემოში

0

სიახლეებთან შეგუება ადვილი არ არის. დიდებსაც კი გვიძნელდება და ათას საფიქრალს გვიჩენს, გვაშფოთებს, გვანერვიულებს, პატარების გულები კი ამ ცვლილებებზე განსაკუთრებით მტკივნეულად და სენსიტიურად რეაგირებენ. ჩვენი თავიც გავიხსენოთ, მათ ასაკში როგორ განვიცდიდით.

ასეთი ცვლილებების რიგში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი მეხუთეკლასელებიც, რომლებიც ემშვიდობებიან თავიანთ პირველ მასწავლებელს, იცვლიან საკლასო გარემოს და ახალ რეალობაში აღმოჩნდებიან. ამ ბავშვებსაც თავიანთი წილი დრამა აქვთ, თავიანთი სირთულეები. რა განაპირობებს ამ სირთულეს? ბევრი რამ, მათ შორის – გარემოს შეცვლა, საკლასო ოთახის შეცვლა, მასწავლებლის შეცვლა, განმსაზღვრელი შეფასება, სოციუმის გაფართოება, ემოციური მიჯაჭვულობა პირველ დამრიგებელთან, უფროსი თანატოლების გავლენა და მათგან წინასწარი განწყობის შექმნა, დამოუკიდებლად თავის გართმევის შიში, მეტი პასუხისმგებლობა… მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, ყველა ბავშვი ხომ ცალკე ინდივიდია თავისი პრობლემებით და დარდებით…

რით გამოიხატება, როგორ შეიძლება შევატყოთ ეს სირთულე ჩვენს მოსწავლეებს ან საერთოდ ვამჩნევთ თუ არა მათ? ისინი მეტ-ნაკლებად მართლაც შესამჩნევია: პატარები გარბიან პირველ მასწავლებელთან (ეს მათი პრობლემის გარეგნული გამოხატულებაა), აქვთ ახალ გარემოსთან გაუცხოების მომენტი. ზოგი ბავშვი ჩუმადაა, ზოგი კი ცდილობს, თავი შეგამჩნევინოს და ასე დაიმკვიდროს თავი. ზოგი აგრესიას გამოხატავს, რადგან ვერ იღებს იმას, რასაც აქამდე იღებდა… ამ ცვლილებებს მოაქვს შფოთვა. ზოგი მეტად ჩაკეტილია და პროცესების დამკვირვებლის პოზიციას ირჩევს, ზოგი მეტად იხსნება. ზოგი წესებს არღვევს, ზოგი ინიციატივას იჩენს მასწავლებლის ნდობის მოსაპოვებლად. ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის პირველ მასწავლებელს, რჩევებს იღებენ მისგან და ძალიან ხშირად ადარებენ მას სხვა მასწავლებლებს: ის ასე არ გვიხსნიდა, ის ასე არ გვაკეთებინებდა… მათ პირველ მასწავლებელს კი ახლა უკვე პირველკლასელები ჰყავს, მათაც თავიანთი წილი ყურადღება სჭირდებათ.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ოჯახის ახალი წევრის დაბადებას, ჰგავს, უფროსი და-ძმა რომ ეჭვიანობს და ყურადღების მიქცევას ცდილობს ან თავის თავში იკეტება.

როგორ შეიძლება გადავჭრათ ეს პრობლემა? ვფიქრობ, გადაჭრის ერთ-ერთი გზა ურთიერთთანამშრომლობაა.

როცა მსგავსი დილემის წინაშე აღმოვჩნდი, მეც სწორედ ჩემი მოსწავლეების პირველ მასწავლებელთან თანამშრომლობა დამეხმარა სირთულეების დაძლევაში. ჩვენ ვცდილობდით, ერთად გვემუშავა, თითოეული მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები აღმოგვეჩინა, შეგვედარებინა, მათი განვითარების დინამიკა დაგვენახა, სტრატეგიები შეგვეფასებინა, რჩევები და პრობლემის გადაჭრის გზები ერთად გვეპოვა და ჩვენს მოსწავლეებსაც მსგავსი ურთიერთთანამშრომლობისკენ, უფრო სწორად, ურთიერთსწავლებისკენ ვუბიძგებდით. დიდები (მეხუთე-მეექვსეკლასელები) პატარებს (პირველ-მეორეკლასელებს) საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას უზიარებდნენ, ასწავლიდნენ ისე, როგორც თავად ისწავლეს. ჩვენ ერთად დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა, მოვაწყვეთ პრეზენტაციები და, თქვენ წარმოიდგინეთ, საერთო ღონისძიებაც კი გავმართეთ.

ასეთ შემთხვევაში მოსწავლეებს შეიძლება მრავალფეროვანი სტრატეგიები შევთავაზოთ: უფროსებმა პატარებისთვის ან მათთან თანამშრომლობით შექმნან სხვადასხვა სასწავლო რესურსი: დიდი წიგნები, წიგნის ყდები, აფიშები, მოსაწვევი ბარათები, დიორამები… ხელით დაამზადონ ნივთები… ასწავლონ და ისწავლონ მათთან ერთად. ასეთი აქტივობები ბავშვებს საკუთარი საჭიროების გაცნობიერებაში დაეხმარება, მოტივაციას აუმაღლებს, თვითდამკვიდრების საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს. და, რაც მთავარია, ჩვენც დაგვეხმარება, ჩვენს პატარებს თავი უფრო კომფორტულად ვაგრძნობინოთ, ავარიდოთ სადარდებელი, ზედმეტი და უსარგებლო გულისტკივილი.

 

ისტორიული წიგნიერების გამოწვევები სასკოლო საისტორიო განათლებაში

0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის განსაზღვრულია რამდენიმე სამიზნე ცნება.  საფეხურის დონეზე  მათი (შედეგები/სამიზნე ცნებები) დაუფლება, შედეგებთან ერთად, საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს.

საქართველოში არსებული სასკოლო განათლების   მიზანია ხელი შეუწყოს იმ პრიორიტეტების მოსწავლემდე მიტანას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და საერთაშორისო დოკუმენტებით არის განსაზღვრული.  კონკრეტულად კი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ევროსაბჭოს საკვანძო კომპეტენციებით განსაზღვრული მოთხოვნების რეალიზებისთვის გამოყოფს  ოთხს კომპონენტს:

  1. სწავლა-სწავლების მიზნები (რა მიზნით ვასწავლი?);
  2. სწავლა-სწავლების მიზნები (რა მიზნით ვასწავლი?);
  3. სასწავლო რესურსები (რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი?);
  4. სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები (როგორ ვასწავლი?);
  5. მოსწავლეების მიღწევების შეფასება (როგორ ვაფასებ?).

ამ მიზნით არის წარმოდგენილი ე.ს.გ-ში გრძელვადიანი მიზნებიც და  შუალედური სასწავლო მიზნებიც. ეს უკანასკნელი  ეყრდნობა სასწავლო თემის, როგორც სტრუქტურული ერთეულის, მნიშვნელობის გააზრებას, სადაც თემა წარმოადგენს კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება, რაშიც მას ეხმარება   შედეგების მიღწევის ინდიკატორები. ამ გზით  გამოიმუშავებს მოსწავლე XXI საკუნის საკვანძო (ევროსაბჭოს) კომპეტენციებს (ე.ს.გ. შედეგების მე-5 დონე), რომელშიც,  კონკრეტულად,  იგულისხმება:

  • კონსტრუქტი – ინფორმაციის გააზრება, საკუთარი გამოცდილებით მისი მნიშვნელობის გადააზრება/ გაღრმავება;
  • და ნარატივი – ინფორმაციის კონსტრუირება/ნარატივად გარდაქმნა, საკუთარი ნარატივის ჩამოყალიბება, რომელშიც ასახული იქნება საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალა საკუთარი მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ანუ  მესამე თობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გრძელვადიან მიზნებზე (სამიზნე ცნება, საფეხურის შედეგი) მუშაობა გულისხმობს, ერთი მხრივ, ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს  (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კოლაბორაცია, კომუნიკაცია და სხვა) და მეტაკოგნიციაზე ყურადღების გამახვილებას და, მეორე მხრივ,  სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული კონკრეტული სასწავლო შინაარსების/საგნობრივი საკითხების დამუშავებას. ამ პროცესის დროს მოსწავლე „მუშაობს  წიგნიერებაზე“ და ამ პროცესში გამოიმუშავებს ზე-საგნობრივ კომპეტენციებს:

  • აღმოაჩენს კანონზომიერებებს, აკეთებს მოდელირებას და უკავშირებს ახალ მასალას სხვა სამეცნიერო კონსტრუქციებს (რაოდენობრივი წიგნიერება);
  • ეძებს შეძენილი ცოდნის გამოყენებით ასპექტებს საკუთარი, ან საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის (მეწარმეობა);
  • არჩევს სტრატეგიებს საკითხის შესასწავლად თუ დავალების შესასრულებლად (პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია); –
  • ფიქრობს, რა გავლენას ახდენს შეძენილი ცოდნა მისი, როგორც მოქალაქის, საფიქრალსა და საკეთებელზე (მოქალაქეობა );
  • ფიქრობს, როგორ შეიძლება გაიაზრონ განსხვავებულად იგივე ინფორმაცია სხვა კულტურის ადამიანებმა (მულტილინგვური კომპეტენცია, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა).

ამგვარია ის ჩარჩო/მიდგომა, რომელიც  ყველა საგნობრივი დისციპლინის შესწავლაში გამოიყენება. თუმცა, ცხადია, კომპეტენციებთან დაკავშირებით, გამოიკვეთება უფრო „ვიწრო  ხაზიც“, იგულისხმება, რომ  ყველა საგანი, პარალელურად და მიმდინარე პროცესის ფარგლებშიც,  უყალიბებს მოსწავლეს „საგნობრივ წიგნიერებას“. ასე  მოიაზრება  ისტორიის საგნის სწავლებისისას  ისტორიული წიგნიერების განვითარებაც. უფრო ფართო  და ცალსახა მიმართება  წარმოდგენილი არ არის.  

რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის საგნის სწავლებისას ისტორიული წიგნიერების ჩამოყალიბებაზე ყურადღების გამახვილება?

ისტორიული წიგნიერება    ახალ ცნებად ითვლება   ისტორიულ   განათლებაში, თუმცა   „ისტორიული წიგნიერება“ როგორც სასწავლო დისციპლინა  უკვე გამოიყენება ისეთი ქვეყნების უმაღლესი განათლების ისტორიის სწავლების პროგრამებში როგორიცაა აშშ, კანადა და ინგლისი, (Keçe, 2013).  აღსანიშნავია, რომ ისტორიული წიგნიერების ერთიანი განმარტება არ არსებობს.  პირველად ცნება „ისტორიული წიგნიერება“  გამოიყენა შაიბერმა (1978), შემდეგში ისტორიული წიგნიერება (ტეილორი და იანგი (2003),  მაპოსა  და ვასერმანი (2009),    განიმარტა როგორც:

  • გარკვეულიპროცესი, რომელიც გულისხმობსისტორიულიმოვლენებისსაგამოძიებოდაკრიტიკულიპერსპექტივითგანხილვას, ურთიერთგამომრიცხავიგანცხადებებისიდენტიფიცირებასსხვადასხვაწყაროებსშორის,ტექნოლოგიებისშესაძლებლობებისგამოყენებასისტორიულიმოვლენებისშესწავლაში, ქრონოლოგიურადაზროვნებას, მოვლენების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მიზეზ-შედეგობრივკავშირების დამყარებას, ისტორიული ეპოქის შედარებებს, თანაგანცდას ისტორიული მოვლენის მიმართ;
  • და რომ ისტორიულიწიგნიერებაშედგებაცოდნის, კონცეპტუალურიგაგების, ისტორიულიმეთოდის, ისტორიულიცნობიერებისადაისტორიულიენისგანზომილებებისგან.

ითვლება, რომ ისტორიის სწავლების პროცესში ისტორიულ წიგნიერებაზე აქცენტირება  ააქტიურებს მოსწავლეს  და ის გამოხატავს ისტორიული აზროვნების უნარს და ისტორიულ ცნობიერებას. ამის საფუძველს კი რამდენიმე მომენტი წარმოადგენს:

  • ისტორიული წიგნიერება  უზრუნველყოფს ისტორიული მოვლენების მყარ  ცოდნას;
  • ანალიზისთვის საჭირო ელემენტარული მეთოდების გამოყენების უნარს, რომლითაც ისტორიკოსები იკვლევენ წარსული მოვლენების მნიშვნელობას;
  • მოსწავლე იგებს, თუ რა არის ისტორია და რას აკეთებენ ისტორიკოსები;
  • ესაა გარკვეული თავისუფლება ისტორიის დისციპლინურ ენაში,  უფრო ფართო გაგებით, ის მოითხოვს ცოდნის ისტორიულ გზას.

მოსწავლეს ისტორიული წიგნიერების უნარები ჩამოუყალიბდება თუკი ის:

  • გაეცნობაისტორიულ დოკუმენტებს, გამოიკვლევს დაგაიაზრებს, როგორყალიბდებაისტორიულინარატივიდარომშეიძლებაარსებობდესსხვადასხვა ნარატივიც (ამ გზით ისტორიულიწიგნიერებაავითარებსმოსწავლისუნარს, ერთმანეთისგან განასხვავოსჭეშმარიტება და სიყალბე  დაგააანალიზოსისტორიულიტექსტებიისტორიისამჟამინდელიცოდნისკრიტიკულიშეფასებით) (ლი, 2005: 3);
  • კვლევითი და ანალიზის აქტივობებზე დაყრდნობით გამოიმუშავებს ქრონოლოგიური აზროვნების უნარ-ჩვევებს   (O’Connell et al., (2005),  ეპოქის თანაგანცდას და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარსაც (კეჩე, 2013);
  • განახორციელებს კვლევით პროექტებს ციფრული ისტორიების გამოყენებით ანუ შეძლებს საკუთარი ისტორიული მტკიცებულებების კრიტიკული თვალით განხილვას.

შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული წიგნიერება არის ერთგვარი კონცეფცია, რომელიც ადასტურებს იმ მიზნებს, რაც მნიშვნელოვანია ისტორიული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებისთვის (საკითხი არ გულისხმობს,   თუ როგორ უნდა წავმართოთ სასწავლო პროცესი კონკრეტული თემების სწავლებისას, რისთვისაც მასწავლებელს სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო დაციფრული ტექნოლოგიები   და დამხარე ლიტერატურა გააჩნია), აქ საუბარია ისეთ გაკვეთილებზე, რომელიც ისტორიული გაგებისა და ისტორიული აზროვნების განვითარებისკენაა მიმართული.  აღსანიშნავია, რომ ისტორიის სწავლების შინაარსი და სწავლების მეთოდები შეიძლება, რაღაც პრობლემის გამო, არც ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ისტორიის გაკვეთილებზე სახელმძღვანელოს გარდა მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებით, როგორიცაა ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა და ა.შ.  მაინც მიიღწევა სასწავლო მიზნები მოსწავლეთა ისტორიული აზროვნების უნარების გამომუშავების გზით.  ამგვარი მიდგომით,  ისტორიული აზროვნების უნარის მიზნები და ისტორიული წიგნიერების მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. რეალიზაციის პროცესში კი  ვიღებთ ისტორიული წიგნიერებით აღჭურვილ მოსწავლეს.

რატომ არ არის საუბარი სამოქმედო გეგმებში ისტორიულ წიგნიერაზე? შეუძლია თუ არა მასწავლებელს  არსებული სტანდარტით ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საგნის სწაგვლებისთვის საჭირო ესოდენ მნიშვნელოვანი უნარები?

ისტორიის საგნობრივი სტანდარტის კონსტრუქციით, ისტორიის საგნის სამიზნე ცნებებია: ისტორიული წყარო (ისტ.საბ.1,2,4,5) დრო (ისტორიული პერიოდი) (ისტ.საბ.1,2,3,4,5,6) სივრცე (გარემო, ტერიტორია) (ისტ.საბ.1,2,3,4,5,6) საზოგადოება (ისტ.საბ..1,2, 3, 4,5,6) ძალაუფლება (ისტ.საბ.3,4,5,6,7,8) ისტორიული მოვლენა / პროცესი (ისტ.საბ..3,4,5,6).  მიზნის მისაღწევად,   საკვანძო შეკითხვების საშუალებით, გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც მასწავლებელი წარმართავს სწავლა-სწავლების პროცესს. ესენია:

  • საიდან ვიცით, რომ წარსულში ყველაფერი მართლაც ისე ხდებოდა, როგორც ამას ისტორიკოსები გადმოგვცემენ? როგორ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში, როდესაც სხვადასხვა წყარო ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის? რომელი ისტორიული წყარო იმსახურებს ნდობას? (სამიზნე ცნება – ისტორიული წყარო);
  • რატომ იცვლება ყველაფერი (ყოფა-ცხოვრება, ტექნოლოგიები, ტრადიციები, ღირებულება/დამოკიდებულებები) ჩვენს გარშემო? რატომ არის ცვალებადობა ისტორიის განუყოფელი ნაწილი? რის საფუძველზე გამოყოფენ ისტორიულ ეპოქებს? რატომ განსხვავდება ისტორიული ეპოქები ერთმანეთისგან? (დრო (ისტორიული პერიოდი);
  • როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში (როგორი იყო მათი ყოფა, ყოველდღიური ცხოვრება, მსოფლმხედველობა)? (სამიზნე ცნება – საზოგადოება);
  • რატომ და როგორ ვითარდებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში? (სამიზნე ცნება – ძალაუფლება);
  • რა და რატომ უნდა გავითვალისწინო ისტორიული ფაქტებზე, მოვლენებზე და პროცესებზე მსჯელობისას/მათი შეფასებისას? (სამიზნე ცნება – ისტორიული მოვლენა/პროცესი);
  • როგორ ვისწავლო ისტორია? რატომ არის მნიშვლოვანი საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიო ისტორიის შესწავლა?

როგორც ვხედავთ, მთავარი აქცენტი   არის იმაზე, თუ  როგორ სწავლობენ ისტორიკოსები წარსულს  ანუ „რას შეიძლება ეწოდოს ისტორიული პროცესი“? როგორ აღწევენ ისტორიკოსები წარსულის გაგებას? რას ეწოდება   ისტორიუ კვლევა?“ აღნიშნული შევადაროთ ტრადიციული ისტორიული კვლევის   სამ საფეხურიან მოდელს:

  1. კითხვების დასმა წარსულზე (ისტორია იწყება კითხვების დასმით იმაზე, რაც გვინდა ვიცოდეთ ან გვაინტერესებს);
  1. წყაროების და მტკიცებულებების ანალიზი (ისტორიული წყაროები წარმოდგენილია უზარმაზარი რაოდენობით და სხვადასხვა ფორმით);
  2. დასკვნების ფორმულირება, რომელიც უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებებით და საბოლოოდ გასცეს პასუხი თავდაპირველად დასმულ კითხვებს ანუ მოახდინოს ისტორიული ინტერპრეტაციაა. ისტორიული კვლევის მეთოდების გააზრება და წარსულის ინტერპრეტაცია   ისტორიული წიგნიერების რეალური საფუძველია.

როგორც ვხედავთ, სასკოლო ისტორიის საგნის სწავლება მოიცავს იმ უნარებისა და პროცედურების გამოყენების უნარს, რომლებსაც ისტორიკოსები იყენებენ წარსულის შესასწავლად და ისტორიული კვლევის კატეგორიების (მოდელები, რომლებსაც ისტორიკოსები იყენებენ წარსულის გასაგებად) წარმოსაჩენად  (განურჩევლად კონკრეტული დროისა და ადგილისა, ისტორიკოსთა ცნობისმოყვარეობა წარსულის მიმართ (კითხვის ფორმულირება) და მათი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რატომ (ინტერპრეტაციები) ეყრდნობა ამ კატეგორიებს. შესაბამისად, საგნობრივი სტანდარტების დაუფლების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ ისტორიული წიგნიერების უნრებიც  მითუფრო, როდესაც  მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ზე-საგნობრივ კომპეტენციებზეა  ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, რომ  თავად მესამე თაობის ე.ს.გ-ის ზოგადი მეთოდოლოგიური საფუძვლები წარმოადგენს სასკოლო ისტორიულ განათლების და ისტორიული წიგნიერების   ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს.

როგორ შეიძლება მარტივად, სქემატურად გამოისახოს მასწავლების და მოსწავლის მიერ გასავლელი გზა საგნობრივი სტანდარტის დაუფლებისკენ და ისტორიული წიგნიერების უნარების გამომუშავებისთვის? განვიხილოთ რამდენიმე სქემა:

სქემა 1 – წარმოადგენს ისტორიული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების ერთმანეთთან დინამიურ  ურთიერთქმედებას:

სქემა 1.

   სქემა 2  – არის  ციკლოგრამა, რომელიც ასახავს ისტორიული აზროვნების ალგორითმს ანუ ესაა კვლევის ისტორიული კატეგორიები, საძიებო კითხვის ორგანიზების გზები და წარსულის მოვლენებისა და იდეების ანალიზი (ისტორიული კვლევისა და აღწერითი ანალიზის ეს კატეგორიები წარმოადგენს მოდელს, რომელიც გვეხმარება წარსულის გაგებაში), სადაც სქემის შიდა სივრცე რელევანტურია ისტორიული პროცესის ყველა ეტაპისთვის (რადგან ეს კატეგორიები გამოიყენება კითხვების ფორმულირებისთვის, რომლებიც გვეხმარება გავიგოთ წარსული და დავადგინოთ, რატომ აქვს მნიშვნელობა ამ მოვლენებსა და ფაქტებს, რაც გვეხმარება ისტორიულ  ინტერპრეტაციაში):

სქემა 2.

სქემა 3 – წარმოადგენს 1  და მე-2 სქემის გაერთიანებას, რომელიც  მოიცავს ისტორიული წიგნიერების ძირითად ელემენტებს, ეყრდნობა ისტორიული მეცნიერების ენას, აერთიანებს  ცოდნის კონკრეტულ გზებს და მოიაზრებს რა ცნებების ყოველმხრივ დამუშავებას,   აადვილებს     ისტორიის გაკვეთილის   ოპერირებას:

სქემებით მუშაობა ქმნის ისტორიის სასწავლო გეგმების და კურუკულუმების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის საფუძველს და ეხმარება მასწავლებელს გაკვეთილის ორგანიზებაშიც.  მაგალითად, ამ სქემების გამოყენებისას მასწავლებელს ადვილად შეუძლია:

  • რევოლუციის თემიდან გადავიდეს სამოქალაქო ომის თემაზე, ან ძველი ცივილიზაციების ისტორიულ მოვლენებსა და პრობლემებზე;
  • ერთგვარად „შეატრიალოს“დაგეგმილი გაკვეთილები, მაგალითად, თემა „აშშ-ის შექმნა და  ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“  შეიძლება წარიმართოს სულ  სხვა კუთხით  –  „ჩვეულებრივი ადამიანების“ გამოცდილების წინ წამოწევით, რითაც ძალიან საინტერესო მიმართულებას მიიღებს გაკვეთილი;
  • გამოკვეთს  ყველაზე მნიშვნელოვან  კითხვებს, რომელიც შეიძლება გაცდეს  სახელმძღვანელოს ფურცლებს, მაგრამ დამატებითი მასალის გამოყენებით  შესაძლებელია საინტერესო პასუხების მოძიება;
  • ყოველი თემის წინ დასვას მთავარი კითხვა (დიდი შეკითხვა), რომელსაც უნდა უპასუხონ გაკვეთილის ბოლოს. მაგალითად, გაკვეთილის თემა –  „კარლოს დიდის იმპერია“ – თემის მიზანი და მიმართულება  შეიძლება განისაზღვროს კითხვით: „როგორ და რატომ წარმოიშვა იმპერიები დასავლეთ ევროპაში?“
  • და ა.შ.

რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია შემდეგი სამახსოვროს გამოყენება:

ასეთი მიდგომების რეგულარული გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისტორიული წიგნიერების განვითარებას და საგნის სწავლებისთვის მნიშვნელოვანი ეფექტიანი სასწავლო გარემოს შექმნას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საგანი-ისტორია. გზამკვლევი. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი. 2022
  2. Conceptualising historical literacy: a review of the literature. Marshall Maposa & Johan Wassermann. History Education, Faculty of Education University of KwaZulu-Natal. Full-text: https://www.researchgate.net/publication/262617581_Conceptualising_historical_literacy_a_review_of_the_literature?enrichId=rgreq-e16c875e1bbdb8d4aacb758681b85f27-XXX&enrichSource=Y292ZXJQYWdlOzI2MjYxNzU4MTtBUzo4NTA4MDEyMDMzNjM4NDBAMTU3OTg1ODIyMjk2OA%3D%3D&el=1_x_3&_esc=publicationCoverPdf
  3. Making History: a guide for the teaching and learning of history in Australian schools
    Tony Taylor & Carmel Young. Historical literacy PDF Version. https://hyperhistory.org/images/assets/pdf/literacy.pdf

 

გიორგი ხარაიშვილის პოეტური უვერტიურა

0

მალე გამომცემლობა „კალმოსანი“ პაატა შამუგიას რედაქტორობით გამოსცემს გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო კრებულს „ჭაობის სიმაღლიდან“. გიორგის ლექსებს წლებია ვკითხულობ სოციალურ ქსელში. მახსოვს, შვიდი თუ რვა წლის წინ ერთ სუფრაზე მკითხეს, კონვენციური ლექსის მწერალი ახალგაზრდა პოეტებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონსო. დაუფიქრებლად ვუპასუხე, გიორგი ხარაიშვილი-მეთქი. დღეს, როცა პოეზიაში ბევრი შედარებით ან პირწმინდად იოლი ფორმობრივი საცდურია, დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კონვენციური ლექსის ერთგული დარჩე. რითმიანი ლექსის ერთგულებაზე რომ ვსაუბრობ, ხარისხიან ერთგულებას ვგულისხმობ, თორემ არსებობს კონვენციონისტი პოეტების მთელი არმია, რომელთა რითმიან ლექსებს მაღალმხატვრულ პოეზიასთან, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა რამ აქვს საერთო. მართალია, ეს გიორგის სადებიუტო კრებულია, მას მთელი შემოქმედებითი ცხოვრება წინ აქვს და ძნელი სათქმელია, რა გზით წავა მომავალში, მაგრამ საეჭვოა, რითმიან ლექსს უღალატოს. შესაძლოა, ვერლიბრი (რამდენიმე ძალიან კარგი ვერლიბრი ამ კრებულშიცაა) უფრო დიდი დოზით შემოვიდეს მის შემოქმედებაში, მაგრამ ის ალბათ ჩემსავით თანაბრად ერთგული დარჩება რითმიანი და ურითმო ლექსებისა.

ამ კრებულიდან რაც ჩანს, ის არის, რომ გიორგი კონვენციური ლექსის ოსტატია, პოეტური „ტეხნე“ ძალიან მაღლაა ამ ლექსებში. კიდევ ერთი, რაც მას გამოარჩევს, ფრაზის მოქნილობაა. ფრაზის მოქნილობის ნიჭი თანდაყოლილია, პოეტს განსაკუთრებული ევფონიურ-პოეტური სმენა სჭირდება, რომ ტაეპში ლექსიკური ერთეულების ოპტიმალური არქიტექტონიკა შემოგვთავაზოს. გავიმეორებ, ეს თანდაყოლილი თვისებაა, დარწმუნებული ვარ, გიორგი წერის დროს არც კი ფიქრობს ამაზე. არიან პოეტები, რომლებიც მშვენივრად რითმავენ, კონცეპტიც თითქოს ემორჩილება კონვენციური ლექსის სირთულეს, მაგრამ ტაეპთა ხორკლიანი სიტლანქით ემოციურ-ესთეტიკური ზემოქმედების ძალა მკვეთრად რედუცირდება (ნიკო სამადაშვილი უნდა იყო, რომ ეს ზედაპირული არარაფინირებულობა საკუთარი შემოქმედების იკონად აქციო, სამადაშვილი კი ერთი გახლდათ). გიორგის ფრაზა ყოველთვის მოქნილია, არასდროს წაგაბორძიკებს, მაშინაც კი, როცა ინვერსიულ სინტაქსურ წყობას გთავაზობს.

მე არ ვიცი, ამ კრებულში არის თუ არა შესული მთლად ახალგაზრდობის დროინდელი ლექსები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: აქ არ ჩანს ფილიაციის – შემოქმედებითი განვითარების – ეტაპები. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ლექსი ერთნაირად მაღალ დონეზეა შესრულებული. ჩვენ წინაშე ჩამოყალიბებული პოეტია, რომელიც ერთნაირი ოსტატობით ფლობს ქართული პოეზიის საცავში დავანებულ ლეთარგიულ ფორმებს, რომლებსაც ოსტატურად აღვიძებს და აცოცხლებს და ეს რეგენერაციული კონტრაპუნქტულობა დამატებით ხიბლს სძენს ამ კრებულს. კითხვისას – მაშინაც კი, როცა კონცეპტუალური თუ ინტონაციური ალუზიები და რემინისცენციები ისმის – არ გტოვებს შეგრძნება, რომ სრულიად ავტონომიურ პოეტურ ლოკაციაზე მოხვდი, აქ ყველაფერი ნაღდი, ინდივიდუალისტი პოეტის ტკივილიანი სუგესტიით არის დამუხტული.

სამოცი-სამოცდაათიანი წლების კრიტიკაში აქტუალური იყო სინტაგმა „უსაგნო ლირიკა“, რომელიც უსათქმელო, ხელოვნურ ლექსს აღნიშნავდა. ეს სინტაგმა დღესაც აქტუალურია – მრავლად ვხვდებით ვიღაცების შემოქმედებით ინკუბატორში გამოჩეკილ, ლექსად ხმობილ (ვერლიბრის გრაფიკის მქონე ან გარითმულ) სიტყვების უაზრო კონსტრუქციებს, რომლებსაც არც დასაწყისი აქვს, არც განვითარება და არც დასასრული. გიორგის პოეზია კი კონცეპტუალური, სათქმელის პოეზიაა, ყველა ლექსში გამოკრთება თითო ან რამდენიმე ისეთი ფრაზა ან სტროფი, რომლითაც სრულიად კომპენსირდება (ან იქნებ სწორედ ამას ემსახურება?) სხვა ტაეპებისა თუ სტროფების ლიცენციურობა და პოეტიზაცია.

შეუძლებელია, ერთხელ წაიკითხო და დაგავიწყდეს ეს სტრიქონები:

“აი, გასრულდა ყველა იგავი:

ძველი ქოხის თუ ბებერ მეგუთნის…

როგორ იფიქრე, სხვისი ვიყავი,

როცა ჩემს თავსაც აღარ ვეკუთვნი?!.”

ან ეს:

“ისე ცხადი ხარ, ისე აშკარა,

არ საჭიროებ არც ერთ ეპიგრაფს.

ახლა წვიმს გარეთ.

მე არ შემეძლო,

შენ გარდა, ვინმე სხვაზე მეფიქრა…”

ან, თუნდაც, ეს:

„ზღვისპირი… კამიუს ქალაქი,

ტალღები აწყდება ბაგირებს,

შენ ამბობ:

„ – ცხოვრებას ვალაგებ“,

გპასუხობ:
„ – მოვალ და აგირევ…“

და ასეთი კიდევ რამდენია… ერთი სიტყვით, მკითხველო, წინ დიდი სიამოვნება გელოდება.

ერთი ესეს სწავლების საკითხისათვის

0

უფროსკლასელებთან მუშაობისას აუცილებლად გამოგადგებათ ინდოეთში დაბადებული ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჯორჯ ორუელის (1903–1950)  ნოველა, ‘Shooting an Elephant’ („ესროლე სპილოს“), რომელიც ავტორმა 1936 წელს დაწერა.

როგორც ცნობილია, ჯორჯ ორუელი, ნამდვილი გვარ-სახელით — ერიკ ართურ ბლერი (Eric Arthur Blair)  — ინგლისში იზრდებოდა და იღებდა განათლებას, 1922 წლიდან ბრიტანეთის პოლიციაში სამსახურმა მიანმარიში[1] გადასვლა მოითხოვა. მისი ცხოვრების ეს პერიოდი ასახულია 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში — „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ჯორჯ ორუელმა პროტესტის ნიშნად თავი დაანება პოლიციაში სამსახურს და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს კი მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავ-არაკი —  „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები —  რომანი „1984“. 46 წლის ჯორჯ ორუელი 1950 წელს, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ტექსტის გააზრებისთვის ასევე კარგი იქნება იმ გეოგრაფიული გარემოს გააზრებაც, სადაც ხდება მოქმედება. პროვოცირებისთვის, აჯობებს, მოსწავლეებისთვის ქვემთმოყვენილთაგან რამდენიმე შეკითხვის დასმა იმის შესახებ, იციან თუ არა რაიმე ბირმის ან მიანმარის შესახებ:

  • სად მდებარეობს მიანმარი?/Where is Myanmarlocated?
  • როდის მოიპოვა დამოუკიდებლობა?/When did Myanmarget independence?
  • არის თუ არა დემოკრატიული ქვეყანა?/Is Myanmar a democratic country?
  • მიანმარი უნდა ვთქვათ თუ ბირმა?/Should you say Myanmaror Burma?
  • რა ენაზე საუბრობენ მიანმარში?/What language is spoken in Myanmar? …
  • საუბრობენ თუ არა ინგლისურად?/Is English spoken throughout Myanmar?
  • რა საინტერესო ფაქტები იცი მიანმარის შესახებ?/What are interesting facts about Myanmar? და სხვ.
  • უმთავრესად, რა პრობლემებია ამ ქვეყანაში?/What is the main problem in Myanmar?
  • ყველაზე მეტად რითაა ცნობილი?/What is Myanmar best known for?
  • რითაა განსაკუთრებული?/What is Myanmar special for?

ბიოგრაფიის გაცნობისა და ინტერესის გამომწვევი, ზემოდასახელებული შეკითხვების შემდეგ, ტექსტის  კითხვის დაწყებამდე, ბავშვებს ვთხოვთ, ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ:

  • როგორ წარმოაჩენს თავს ავტორი;
  • როგორი მთხრობელია იგი;
  • აღწერის რა საშუალებებს იყენებს ქმედებათა და რეაქციების გამოსახატად / — „As you read, consider the way Orwell

presents himself as the narrator through his depictions of his actions and reactions’’.

აქვეა შეკითხვები წერისა და დისკუსიისთვის/

Q U E S T I O N S  F O R  D I S C U S S I O N  A N D  W R I T I N G

  1. რა არის ორუელის ამ ესე არგუმენტი?/

What is Orwell’s argument in this essay?

  1. როგორ იყენებს სპილოსადმი სროლის ამბავს ამ არგუმენტის შესათხზავად?/

How does he use the story of shooting the elephant to make that argument?

  1. შეუძლია თუ არა ამ არგუმენტს შენი დარწმუნება?

Does his argument persuade you?

  1. რატომ ‘დიახ’? ან რატომ ‘არა;?

Why or why not?

  1. ჩაუღრმავდი ორუელის მიერ არგუმენტის ხაზის[2] გამოყენების ფაქტს.

Explore Orwell’s use of the lines of argument.

  1. ტექსტის რომელ ნაწილში იყენებს გულისმიერ არგუმენტს? სად ჩანს ხასიათისმიერი, ფასეულობითი, ფაქტების ან მიზეზებისმიერი არგუმენტები?

Where does he use arguments from the heart, from character, from values, from facts and reason?

  1. რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური?

Which uses seem the most effective?

  1. რომელი მათგანია ნაკლებად ეფექტური?

Which seems less effective?

  1. რატომ?

Why?

  1. ორუელი ცნობილია ენის ოსტატურად გამოყენებით. შეარჩიე ესეს ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე  მეტად გიზიდავს და გააანალიზე, როგორი სტილის ან ფიგურულ ენას მიმართავს ავტორი.

Orwell is known for his masterful use of language; choose a section of the essay

that you found especially engaging and analyze how Orwell used stylish or figurative

language.

  1. სიტყვების გამოყენების მისეული არჩევანი როგორ ზემოქმედებს თქვენზე?

How does his choice of words affect your reaction to the essay?

 

[1]https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98

[2] მოსწავლეებს შეახსენეთ, რომ: The term ‘line of argument’ refers to a logical or argumentative thread that moves the reader through a paper, and ensures overall coherence. This ‘logical line’ must be apparent to readers, or they will get lost and bored. There are four commonly used logical patterns. These are by no means mutually exclusive. You can use combinations of these logical patterns to help build up your argument. https://onthinktanks.org/wp-content/uploads/2018/05/Logical-line-of-argument.pdf

აგვისტოს თანამოსასმენი

0

,,სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი” – ნეტარი ავგუსტინეს ეს სიტყვები არის მთავარი მეტაფორა, როგორადაც ადამიანი გარდაცვალებას, სხეულიდან გამოსვლის მისტერიას გამოხატავს – მანამდეც და მას შემდეგაც. ჩვენი მთავარი ვნება ხომ უკვდავად ქცევაა, ოღონდ უკვდავად ისე, როგორადაც გვსურს – გაყინული ბედნიერების მეხსიერებით – თორემ ყოფის ხსოვნით უკვდავება გაუსაძლისია – ეს კარგად ვიცით. კინო ამ საქმეში თვალსაჩინოა და ბევრი გვახსენდება, მაგრამ მოდი ამჯერად მიქელანჯელო ანტონიონი და თეო ანგელოპულოსი მოვიგონოთ – ,,პროფესია რეპორტიორი” და ,,პეიზაჟი ნისლში”. ეპილოგები.

ორივეგან გამოსვლის სცენაა. სხეულიდან სულის გამოსვლის. ორივე მეტაფორა ნაცადია – გისოსები და მდინარე. მაგრამ ორივე სცენა გენიალური. და საერთოდაც ,,რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.” ყველა იმეორებს. მთავარი ის არის, როგორ იმეორებს.

ან რა ცინიკურია ლეო კარაქსი წუთიან შედევრში ,,უკანასკნელი მოწევა”. მინიმალისტური ოდისეა – სიკვდილიდან ვიდრე ბავშვობამდე და პირიქით. თუმცა ახლა მუსიკას მივხედოთ. მუსიკაზე ვწერთ.

ამათგან, რაზეც ვისაუბრებთ, ზოგი მღერა თუ ბგერა მართლა სიკვდილზეა, ზოგი სულ სხვა რამეზე მღერის, მაგრამ ძალიან ჰგავს გარდაცვალებას.

მაშ, ასე: ჰენდელი, კეიჯი, ელინგტონი, სიმონე, ინო, ელის კოლტრეინი, The Kilimanjaro Darkjazz Ensemble, ფშავური დატირება, Fever Ray, The Tiger Lillies, სეზარია ევორა.

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი – Sarabande – ბაროკო სიკვდილის ამაღლების საქმეა იმთავითვე და აქ ჰენდელს მდორედ და მძაფრად მიჰყავს მელოდია და იქ ამძაფრებს, სადაც ამაღლებაზე უნდა თქვას და ასე გაყავხარ გაღმა. დიდი ოსტატია. ჭეშმარიტად.

ჯონ კეიჯი – Five – გვირაბი თანმდევი ხმებით, რომელთაგანაც ზოგი სირინოზის ხმობას მიაგავს, ზოგი ფრაგმენტს ბიზანტიური გალობიდან და ზოგიც შუამდინარულ დატირებას.

დიუკ ელინგტონი – Absinthe – ეს არის გამოსვლა ელინგტონის ელეგანტურობით. დინამიკა და სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ლეგენდებიდან და თუნდაც რეიმონდ მოუდის ცოტა ღიმისლიმომგვრელი კვლევებიდან (,,სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ’’) ვიცით – გასაოცარი და დუნე სიმშვიდისა და სისავსის შეგრძნება, ნელი სვლით გრძელ სიბნელეში და მერე დიდ, ნათელ მინდორში გამოსვლით.

ნინა სიმონე – Wild is the Wind – ერთი დიდი ცრემლია ეგ გაბმა. განწირული დატირება. სხვაგან არც კი ვიცი, სიმონე ასე ნაზი და ჭარბად ლირიკული იყოს – აქ არის. ისე მღერის, თითქოს ქარის ფრთას მიაბა ბგერა და არწევს. ფინალი და ფორტეპიანო კიდევ ღვთიური კონვულსია – ერთდროულად ტრაგიკული და ამაღლებული.

ბრაიან ინო – An Ending – ემბიენტური ამბავი იმაზე, რომ ყველაფერი კოსმოსია. მათ შორის ადამიანი და ღმერთი. ყველა განცდა, ყველა ფიქრი, ყველა დრო ერთი მთლიანობაა და ერთნაირი. ამიტომაც, სიკვდილი ადვილია და ლამაზი. ის თხრობა გახლავთ, რისი ამბიციაც მალიკს ჰქონდა ,,სიცოცხლის ხის’’ გადაღებისას – სხვა საკითხია, გამოუვიდა თუ არა.

ელის კოლტრეინი – Yamuna Tira Vihari – ინდუისტური საგალობლების კრებულის (turiya sings – 1982 ) მთავარი კირტანი არის ამბავი თვალის გახელის და ღმერთის დანახვის. არაჩვეულებრივად მისტიკური და ღრმა ხლართები ცოტა ეზოთერულ ბურუსში გვახვევს, მაგრამ კრიშნას საქმეც ხომ ეს არის – გაგიყვანოს ყოფიდან სხვა უფრო მაღალ და ამ ხედვით ბუნდოვან მყოფობაში.

The Kilimanjaro Darkjazz Ensemble – White Eyes – მშვიდი გამოსვლის და ხელახლა დაბადების მელოდია. სხეულის მიტოვების ფრთხილი მისტერია და სხეული დარჩენილი მიწაზე ისე, როგორც გალაკტიონ ტაბიძემ თქვა – ,,მას გახელილი დარჩა თვალები.’’

ფშავური დატირება – მახკვდია, ბეჩავ იერემო – ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ლექსად მას დაიტირებენ ხოლმე, ვინც სახელიანია და გმირია, დიდი ქართული ფოლკლორი, რომელსაც გოგი თურმანაული, ამ ლექსის ავტორი ეყრდნობა, აქაც გენიალურად თამამია – ბეჩავ კაცს უმღერის. აქ არის გამოსვლის მთავარი ხიბლი, ყველა ადამიანის გათანაბრება, ოღონდ შექსპირული არა – იორიკი და თავის ქალა, არამედ ისე გათანაბრება, რომ ყველა ლამაზია. რადგან ექიმია ლამაზი – ,,რა ლამაზ ექიმ მოგიყვანა!’’ ,,შიშვალ დაგიფარნა ხორცნი!’’ – მოკლედ დიდი ჟრუანტელი – გნებავთ თათარაიძის ნამღერი და გნებავთ კაცების გუნდის.

Fever Ray – Stranger Than Kindness – შვედური ელექტრო-პოპი და ტრიპ-ჰოპი რაღაც უცნაურად მოუხდა ამ ამბავს. განსაკუთრებით ამ კომპოზიციის ბოლო აკორდები, თითქოს არბენა და თუ ჩარბენა საიქიოს კარისკენ. რაც კარგია, კარგია – იქაც და აქაც.

Radiohead – Exit Music (For A Film) – აქაც ფინალია მთავარი და ფინალი რაღაცით ჰგავს ,,ამერიკული სილამაზის” ცელოფნის პარკის სცენას – რატომღაც გონებაში მაგ უმიზნო ქროლას ვადებ თანამოსასმენად. სათაური კიდევ ზუსტად ეგ არის – ,,გამოსვლის მუსიკა”, როგორც ბიბლიური გამოსვლის წიგნი – ხელახლა დაბადება, ინიციაცია – რაზეც ცალკე ლაპარაკი სჯობს. ან მუსიკა, როგორც გამოსავალი.

The Tiger Lillies – Boatman – დიდი ანტიკური ბოლო გადაცურვის, სტიქსის და ქარონის საგალობელი, დარკ-კაბარეს ყველა დროის საუკეთესო ალბომიდან – ,,დაბადება, ქორწინებანი და სიკვდილი’’ (1994) მეხსიერების გაქარწყლების და ახალი ცოდნის დაბადების საგა, მკაცრ და ცოტა ცინიკურ მენავესთან ერთად. ეს სიმღერა შორიდან, მაგრამ მაინც ძალიან ჰგავს ამადო ფერნანდესის ბრწყინვალე ლექსს ,,კაპიტანი’’. ლექსიც წაიკითხეთ და მენავესაც მოუსმინეთ. და საერთოდაც, როგორც ძველ ანდერძებში იყო ხოლმე – რომ მოვკვდები და გამასვენებენ, ეს დაუკარით.

სეზარია ევორა – Regresso – ამ სათაურით სეზარიას ორი მორნა ვიცით. ჩვენ გვინდა ის, სადაც ტროპიკოსი კაეტანო ველოსოს ხელი ურევია. ეს არის ამბავი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე და ეს სიცოცხლე ცოტა იმ ბუკლეტებს ჰგავს, სხვადასხვა სექტები რომ გვთავაზობენ – კარგად ჩაცმული ადამიანები სამოთხეში, სხვადასხვა ასაკისანი და გარდაუვლად ბედნიერნი, მაგრამ შეუმჩნევლად სევდიანები. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ასეთ სცენაზე, რომ მოვკვდი და დიდ ბაღში აღმოვჩნდი, სადაც ყველა ის ქალია, ვინც მიყვარდა – ზოგი საქანელაზე ირწევა, ზოგი სარკესთან თმას ივარცხნის, ზოგი ძაღლთან ერთად დარბის. ზოგი ხატავს. ზოგი გალობს. ზოგი ცეკვავს. მე დავდივარ მათ შორის და ვერ მამჩნევენ. დავდივარ და სეზარია მღერის ამ სიმღერას.

 

გეოგრაფიული აზროვნება – არასტანდარტული აზროვნება

0

ბოლო დროს, და არა მარტო, ხშირად ისმის უფროსი თაობის წუწუნი, როგორ არ ესმით ახალგაზრდებს ჩვენი და როგორ ვერ ვუგებთ ჩვენ. არ მოგვწონს მათი დამოკიდებულება იმ, ეგრეთწოდებული, ადათ-წესებისა თუ სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში მყარდებოდა ჩვენს (უფროს) თაობაში. ეგრეთწოდებული იმიტომ დავწერე, რომ ხშირად დამკვიდრებული ადათ-წესები არც რელიგიურად არის მართებული და არც შორეული წარსულიდან იღებს ფესვებს, ამაზე შემდეგ დავწერ. ახლა ჩვენი თაობის განსხვავებულ აზროვნებაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვაფასებ. ბევრჯერ მიკითხავს ჩემი მოსწავლისთვის – საიდან იცი ამდენი? ან რატომ ფიქრობ ასე, როგორ მიხვედი ამ აზრამდე? ერთი კონკრეტული შემთხვევა გამახსენდა: მე-11 კლასში ერთი ეგეთი განსხვავებულმა გოგომ გლობალიზაციაზე საუბრისას ვაჟა-ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმზე“ ჩართო. ეს მისი განსხვავებული აზროვნების შედეგი იყო. ეს გოგო ძალიან მიყვარს. სტატიის საკითხზე შევჯერდით.

აი, სწორედ ამიტომ განსხვავებული ბავშვების შემყურეს მინდოდა ლატერალურ აზროვნებაზე დამეწერა სტატია, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ განსხვავებული აზროვნება და უკეთ გავუგოთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს ახალგაზრდა თაობას.

2005 წელს დანიელ პინკი თავის წიგნში A Whole New Mind ამტკიცებს, რომ ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, სადაც კრეატიულობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „ამ კონცეპტუალურ ეპოქაში, ჩვენ დაგვჭირდება ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ სწორად მიმართული აზროვნება (კრეატიული და ინოვაციური) და არა ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება“.

ზოგიერთი თვლის, რომ სასკოლო სწავლების ჩვეულებრივი სისტემა შემოქმედებითობას „ახშობს“.

სულ უფრო მეტი ფსიქოლოგი უჭერს მხარს აზრს, რომ არსებობს ინდივიდის კრეატიულობის გაზრდის მეთოდები. რამდენიმე სხვადასხვა მკვლევარმა შეიმუშავა მიდგომები ამ იდეის გასამყარებლად, ერთ-ერთი ედუარდ დე ბონოს მიერ შემოთავაზებული გვერდითი აზროვნებაა.

ედუარდ დე ბონომ 1967 წელს გამოიგონა ფრაზა „გვერდითი აზროვნება“, რათა დაეხასიათებინა პიროვნების უნარი გადაჭრას საკითხები მიზანმიმართული პასუხების გამოყენებით და არა ლოგიკური და რაციონალური მსჯელობით. ლატერალურად აზროვნება გულისხმობს ადამიანის შემოქმედებით აზროვნებას რთული პრობლემების დასაძლევად. ადამიანები სირთულეების გადასაჭრელად ხშირად ლოგიკურ აზროვნებას იყენებენ. ვერტიკალური აზროვნება, ასევე ცნობილი როგორც ლოგიკური მსჯელობა, ეხმარება ადამიანებს უპასუხონ კითხვებს მკაფიოდ და პირდაპირ. მსგავსი აზროვნება ადამიანებს ხელს უწყობს შეხედონ საგნებს ახლებურად. ისინი, ვინც ლატერალურად ფიქრობენ, პასუხობენ საკითხებს, რომლებსაც სხვები უგულებელყოფენ.

დე ბონომ დეტალურად აღწერა “ტრადიციული აზროვნების მეთოდები” – აპლიკაციები, რომლებიც ხაზს უსვამენ აზროვნებას, როგორც მიზანმიმართულ მოქმედებას და არა რეაქტიულს. მისი წერის სტილი მარტივი და მკაფიოა, თუმცა ხშირად აკრიტიკებენ სიმშრალისა და განმეორების გამო.

ლატერალური აზროვნება განსხვავდება შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნებისაგან. ედუარდ დე ბონოს ძირითადი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ კრიტიკულ აზროვნებას გააჩნია შეზღუდვები, რადგან ის არგუმენტაციაზეა დაფუძნებული.

გვერდითი აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძლიერი მხარეა პრობლემის შეუმჩნეველი ასპექტების გათვალისწინება. იმის გამო, რომ ადამიანები არიან ჩაკეტილნი ვერტიკალურ აზროვნებაში, რაც ლოგიკური და რაციონალურია, მათ შეიძლება ვერ დაინახონ სიტუაციის ყველა ასპექტი.

ლატერალური აზროვნება ხელს უწყობს საკითხის ყველა მხარის შესწავლას. მაშინაც კი, თუ ეს ელემენტები უმნიშვნელო ჩანს, ადამიანმა არასოდეს იცის, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს ისინი, რომ განიხილოს.

ლატერალური აზროვნების დროს გამოყენებული რამდენიმე ტექნიკა აშკარად ისახავს მიზნად, პრობლემას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ. ეს არის განსხვავებული აზროვნების ან კრეატიულობის საფუძველი, ან ხშირად ხშირად გამოყენებული გამონათქვამი „ჩარჩოებს მიღმა ფიქრი“.

„გვერდითი აზროვნებისას ადამიანი არ ეძებს სწორ პასუხს, არამედ ინფორმაციის განსხვავებულ აღქმას, რომელიც გამოიწვევს სიტუაციის განსხვავებულ ხედვას“ (de Bono, 1970).

ეს კი მნიშვნელოვანია მაშინაც, თუ განსხვავებული ხედვა სულელური და გამოუსადეგარი ჩანს, თუმცა შესაძლებელია ახალმა რაკურსებმა ისეთი იდეები დაბადოს, რომლებიც საკითხს ზუსტად შეესაბამება.

განსხვავებული აზროვნება პრობლემის გადამჭრელს საშუალებას აძლევს მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილებები. თუ ადამიანები ხშირად ეჩვევიან, გარკვეული გზით სვლას ან ავტომატური, სტანდარტულად მიღებული პროცედურების გავლას, გვერდითი აზროვნების ტექნიკა აიძულებს ადამიანებს ეჭვქვეშ დააყენონ ეს მოცემულობა და ეძიონ ალტერნატივა.

პრობლემის გამომწვევი მიზეზების კითხვის ნიშნის დასმით ვდგამთ პირველ ნაბიჯს აზროვნების უკეთესი პროცესის შესაქმნელად, რომელიც საკითხების მოგვარებისას უფრო ეფექტური შეიძლება იყოს.

ტექნიკას, რომელიც იყენებს გვერდით აზროვნებას პრობლემების გადაჭრისას, ახასიათებს აზროვნების შაბლონების ცვლა ფესვგადგმული ან პროგნოზირებადი აზროვნებიდან ახალ ან მოულოდნელ იდეებზე.

ლატერალური აზროვნებისას გამოყენებული აღნიშვნა არის ბონოს მიერ გამოგონებული სიტყვა “PO”, რაც ნიშნავს პროვოკაციულ ოპერაციას და გამოიყენება იდეის შესთავაზებლად, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გამოსავალი ან „კარგი“ იდეა თავისთავად, მაგრამ აზროვნებას ახალი მიმართულებით წაიყვანს, სადაც შეიძლება ახალი იდეების გაჩენა.

დე ბონოს თავის წიგნებში მოსწონს საკლასო მაგალითების გამოყენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს დაეხმარონ მოსწავლეებს გვერდითი აზროვნების განვითარებაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისმა ნაშრომმა ასეთი მუდმივი გავლენა მოახდინა პრობლემის გადაჭრის, განსხვავებული აზროვნებისა და კრეატიულობის შესწავლაში.

ლატერალური აზროვნება გულისხმობს პრობლემის ხელახლა ჩამოყალიბებას ისე, რომ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გამოსავალი, რომელიც არ ჩანს ჩვეულებრივი ვერტიკალური აზროვნებით.

ლატერალური აზროვნების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი პრობლემისთვის და ხშირად გვხვდება ისეთ პროფესიებში, როგორიცაა მარკეტინგი, რეკლამა და პროდუქტის დიზაინი, რომლებშიც კრეატიულობა ძალიან ფასდება. ხშირად რეკლამა არის საოცრად მარტივი, მაგრამ ძლიერი და სწორედ სიმარტივე მატებს მას ეფექტს.

ამისი ერთ-ერთი მაგალითია მარკეტინგული კამპანია, ცნობილი „უშიშარი გოგოს“ სახელით, რომელიც ფინანსურ კორპორაციებში გენდერული მრავალფეროვნების არარსებობის გასაპროტესტებლად კომპანია State Street Global Advisors-ის ინიციატივით შეიქმნა.

იმის ნაცვლად, რომ სატელევიზიო რეკლამების ჩვეული სტრატეგიისთვის მიემართათ, მათ გამოიჩინეს ძალიან კრეატიული მიდგომა: დაიქირავეს კრისტენ ვისბალი, რომ გამოძერწა ახალგაზრდა გოგოს ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც უშიშრად იდგა და იგი მოათავსეს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფინანსურ უბანში საკმაოდ დიდი და საშიში ხარის წინ.  აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კამპანიის ავტორები ინსტალაციის გაგრძელებას მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში აპირებდნენ, თუმცა საზოგადოების მოთხოვნით, უშიშარი გოგო დღეს უოლ-სტრიტის მუდმივი მაცხოვრებელია.

დე ბონოს გვერდითი აზროვნების ტექნიკა „რატომ“ შექმნილია მოწოდებული ინფორმაციის მიმართ დისკომფორტის შესაქმნელად. პროცესი მოიცავს მასწავლებლის მიერ განცხადების გაკეთებას, რასაც მოსწავლე მოაყოლებს კითხვას „რატომ“. ეს გაცვლა მეორდება დიდხანს; ყოველი ახსნა კითხვის ნიშნის ქვეშ ყენდება.

„რატომ“-ის მიზანი ინფორმაციის მოპოვებაა. ადამიანს სურს პასუხი გარკვეული ახსნა-განმარტებით, რომელიც შეიძლება მიიღოს და დაკმაყოფილდეს. რატომ-ის გვერდითი გამოყენება კი სრულიად საპირისპიროა, რამეთუ მიზანი ნებისმიერი ახსნა-განმარტებით დისკომფორტის შექმნაა, რომ ადამიანმა საგნებს სხვაგვარად შეხედოს“(დე ბონო, 1970, გვ. 53).

პროცესი ცოტა უფრო რთულია, თუ სწორად შესრულდება. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაიმეოროს სიტყვა „რატომ“, როგორც ბავშვის ჩვევა, სხვა პირობებში კითხვა უნდა იყოს მეტად კონკრეტული და წინა პასუხის კონკრეტულ ასპექტზე კონცენტრირებული.

მაშინაც, როცა მასწავლებელმა იცის მოკლე პასუხი ან გზა, სავარჯიშოდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, მან ისეთი პასუხები უნდა გასცეს, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად და მოქნილად შეძლონ შემდეგი კითხვების მოფიქრება.

არასტანდარტული კითხვები არის ფანტასტიკური სტრატეგია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და პრობლემის გადაჭრის უნარების ხელშესაწყობად.

“გეოგრაფია რომ იყოს…” არის გვერდითი აზროვნების მხოლოდ ერთი მაგალითი, როგორც კითხვის აღწერის საშუალება, რომელიც მოითხოვს გარე აზროვნებას და კრიტიკულ ანალიზს. ამ ტიპის კითხვები აიძულებს სტუდენტებს კრიტიკულად გამოიკვლიონ თავიანთი ცოდნა და გაგება, შემდეგ კი ეს ცოდნა კონტექსტიდან ამოვარდნილ გარემოებებში გამოიყენონ.

ეს კითხვები შეიძლება დაისვას სხვადასხვა გზით: მოსწავლეებს შეხვდეთ ამოცანებში, საშინაო დავალებაში ან თვითონ შექმნან.

მაგალითი 1: … ექსტრემალური ამინდის მოვლენა?

მოსწავლის პასუხი A: გეოგრაფია რომ ყოფილიყოა ექსტრემალური ამინდის მოვლენა, ეს იქნებოდა ჭექა-ქუხილი და ელვა. ელვა მოგცემთ ახალ ცოდნას და ჭექა-ქუხილი გაიძულებთ მოუსმინოთ ახალ ინფორმაციას, რომელსაც ასწავლიან.

სტუდენტის პასუხი B: მე ვფიქრობ, რომ თუ გეოგრაფია ექსტრემალური ამინდის მოვლენა იქნებოდა, ეს იქნებოდა ქარიშხალი. ვფიქრობ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი და ველური. ეს არის მაქსიმუმისა და მინიმუმის ნაზავი. გეოგრაფიის განვითარებას ისევე როგორც ქარიშხალს დრო სჭირდება, საუკეთესო ეპიცენტრამდე მისასვლელად.

მაგალითი 2: … ცხოველი?

ამ ტიპის კითხვები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ თემაზე ან საგანზე და არ უნდა იყოს მსგავსი კონტექსტში. მაგალითად, დევიდ ატენბორო რომ იყოს ბისკვიტი, რა ბისკვიტი იქნებოდა და რატომ?

შეიძლება მოსწავლეებმა თავიდან ცოტა უცნაურად მიიჩნიონ ამ ტიპის კითხვები, მაგრამ დროთა განმავლობაში მოსწავლეები იწყებენ ერთმანეთს კონკურენციას არატრადიციული და უნიკალური პასუხების მისაღებად.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://uk.indeed.com/career-advice/career-development/lateral-thinking ; https://mrsgeographyblog.wordpress.com/2017/11/25/if-geography-was/ ; https://helpfulprofessor.com/lateral-thinking-examples/; https://www.richardpowers.com/lateral-thinking

 

 

 

ეროვნული გამოცდა და პროგრამული ცვლილებები ქართულში

0

ვინც ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას საშუალო საფეხურზე, აუცილებლად შეამჩნევდა პროგრამულ ცვლილებებს.

სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესში ავტორები ვხელმძღვანელობდით საშუალო საფეხურის შეცვლილი სტანდარტით  (ამჟამად ეს დოკუმენტი „კარი II – საგნობრივი სასწავლო გეგმები – ზოგადი ნაწილი და სტანდარტები“  ხელმისაწვდომია განათლების სამინისტროს ვებსაიტზე. სტატიაზე მუშაობისას ჩამოსატვირთი ბმული აქტიურია).

ეროვნული სასწავლო გეგმა 2005 წელს შეიქმნა. 2006 წლიდან დაიწყო მისი დანერგვა. ამას მოჰყვა მეორე, 2011-2016 წლების სასწავლო გეგმა.  აღსანიშნავია, რომ ესგ-ის პირველ რედაქციაში სავალდებულო ლიტერატურა დასახელებული არ ყოფილა, მოცემული იყო მხოლოდ რეკომენდებულ მწერალთა საკმაოდ გრძელი სია. 2011-2016 წლების სასწავლო გეგმაში კი წარმოდგენილია სავალდებულო ნაწარმოებთა ჩამონათვალი.

დღესდღეობით საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილია სავალდებულო საპროგრამო ჩამონათვალი (ავტორები, ტექსტები და მონაკვეთები), ასევე განსაზღვრულია სასწავლო შინაარსი, თუმცა  რედაქცია წინა ორთან შედარებით მეტად თავისუფალია და ეს ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად სასიკეთოა. მაგალითად, ძალიან დატვირთული და რთული აქამდე მე-10 კლასის პროგრამა იყო. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესასწავლი გახლდათ სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტი, „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე-სიცრუისა“ და ამონარიდები „დავითიანიდან“. განახლებულ, ბოლო რედაქციაში ჰაგიოგრაფიული ტექსტების შემდეგ გვაქვს მითითება – სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელს შეუძლია კლასის ინტერესების გათვალისწინებით

შეარჩიოს ორი ტექსტი და დრო დაუთმოს მათ საფუძვლიან შესწავლას.

ეროვნული სასწავლო გეგმა დროში განსაზღვრული დოკუმენტია. მისი მოქმედების ვადა წინასწარ განისაზღვრება და ვადის ამოწურვის შემდეგ მნიშვნელოვანია რევიზია, კვლევა – რამდენად ხერხდება მოცემული საათობრივი დატვირთვის პირობებში სტანდარტში გაწერილი მიზნებისა მიღწევა, რა შედეგებზე გადიან მოსწავლეები, რამდენადაა გათვალისწინებული მათი ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები, რამდენად ერგება თანადროულობას მოცემული სასწავლო გეგმები, მეთოდოლოგია, სწავლების პრინციპები.

საინტერესოა, რა ნაბიჯებია დაგეგმილი ესგ-ს მესამე რედაქციის ვადის ამოწურვის შემდეგ და რა ცვლილებების განხორციელებაა მოსალოდნელი.

ამ დროისთვის სავალდებულო ნაწარმოებების სია ასეთია:

სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალი

  1. იაკობ ხუცესი – „შუშანიკის წამება“;
  2. იოვანე საბანისძე – „აბოს წამება“ (I-III თავები);
  3. გიორგი მერჩულე – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (მითითებული სახით. იხ. დანართი);

სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება.

  1. შოთა რუსთველი – „ვეფხისტყაოსანი“: „დასაწყისიდან“ „ტარიელის თათბირის“ ჩათვლით; „დასასრული“;
  2. სულხან-საბა ორბელიანი – „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“: ლეონის თავგადასავალი;
  3. დავით გურამიშვილი – „დავითიანი“: ,,ქართლის ჭირი“ (ისტორიული ნარატივი);
  4. გრიგოლ ორბელიანი – „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“;
  5. ნიკოლოზ ბარათაშვილი – „მერანი“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“;
  6. ილია ჭავჭავაძე – „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია-ადამიანი?!“;
  7. აკაკი წერეთელი – „გამზრდელი“;
  8. ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“;
  9. დავით კლდიაშვილი – „სამანიშვილის დედინაცვალი“;
  10. ტიციან ტაბიძე – „ლექსი მეწყერი“, „ანანურთან“;
  11. მიხეილ ჯავახიშვილი – ,,ჯაყოს ხიზნები’’;
  12. ნ. ლორთქიფანიძე – „შელოცვა რადიოთი“;
  13. ლეო ქიაჩელი – „ჰაკი აძბა“;
  14. გალაკტიონ ტაბიძე – „თოვლი“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შერიგება“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“, „ქებათა-ქება ნიკორწმინდას“;
  15. გიორგი ლეონიძე – „ყივჩაღის პაემანი“;
  16. კონსტანტინე გამსახურდია – „დიდოსტატის მარჯვენა“;
  17. გურამ რჩეულიშვილი – სულ მცირე, ერთი თხზულება;
  18. ჯემალ ქარჩხაძე – სულ მცირე, ერთი თხზულება;
  19. ოთარ ჭილაძე – სულ მცირე, ერთი თხზულება;
  20. გურამ დოჩანაშვილი – სულ მცირე, ერთი თხზულება.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები დამეთანხმებიან, რომ საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. ამაზე ხშირად გვისაუბრია, არაერთი წერილიც დაიწერა და დისკუსიებისა და ღია მსჯელობის დროს ეს მუდმივი განხილვის საგანია. მართალია, განახლებული სია ოდნავ შემსუბუქებულია, მაგრამ არსებით ცვლილებას ეს არ წარმოქმნის.

უნდა ითქვას ისიც, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი შეჩერდა. ავტორებს არ მიეცათ საშუალება, დაესრულებინათ სახელმძღვანელების ხაზი და განახლებული პროგრამის თანახმად შეედგინათ მასალა,  ამიტომ წლევანდელი დამამთავრებელი კლასი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლის. სტანდარტი და პროცესი ამ შემთხვევაში ერთმანეთს აცდენილი იქნება.

აქ საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

როგორც წესი, ეროვნული გამოცდების პროგრამა ემთხვევა ხოლმე სასწავლო გეგმაში გაწერილ პროგრამას.

ჩნდება კითხვა – თუკი მასწავლებლები კლასებში იყენებდნენ განახლებული პროგრამით შედგენილ სახელმძღვანელოებს და ასევე დოკუმენტში გაწერილი დაშვების თანახმად დაამუშავეს მაგალითად, „სულ მცირე, ორი ჰაგიოგრაფიული თხზულება“,  როგორ გადაწყდება ეს საკითხი ეროვნული გამოცდების ტესტების შედგენისას? მოსწავლეს წარედგინება სამივე ჰაგიოგრაფიული ტექსტის მიხედვით შედგენილი ტესტი/დასაწერი თხზულება და ის აარჩევს ერთ-ერთს თუ ჰაგიოგრაფიული ტექსტები არ შეხვდებათ ეროვნულებზე?

საინტერესოა, მონიშნული აქვს თუ არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის საგნის ჯგუფს ეს საკითხი, როგორც აუცილებლად გასათვალისწინებელი?

ასევე აქტუალურია კითხვები:

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულის გამოცდის ფორმატში?

წლევანდელმა გამოცდილებამ კვლავ გამოავლინა, რომ თხზულებების წერისას აბიტურიენტები იყენებენ გარკვეულ სააზროვნო შაბლონს, წინასწარ გაწერილ „რეცეპტს“, თემები დაშტამპულია, საგნობრივი კომპეტენციების გამოვლენა მწირად ხერხდება.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს იმაში, რომ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების თავისუფლად, შემოქმედებითად, საინტერესოდ გამოვლენა და არა წინასწარ შედგენილი შტამპის მიხედვით წერა? იგივე შეიძლება ითქვას დასარედაქტირებელი ტექსტების შესახებაც. წინა გამოცდებზე გამოყენებული 10 ტექსტის რედაქტირება საკმარისია იმ ალგორითმის ამოსაცნობად და დასასწავლად, რაც რედაქტირებისთვისაა საკმარისი. იგეგმება თუ არა სიახლე და ამ საგამოცდო საკითხის გადახალისება?

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ქართულის ჯგუფი პერიოდულად ცვლის საგამოცდო ფორმატს. რამდენიმე წლის განმავლობაში წაკითხულის გასააზრებელი დახურული კითხვარი ტექსტებს არ ახლდა. ბოლო წლებში ისევ დაემატა. შეიცვალა თხზულების სტილი და კრიტერიუმებიც. შერჩეული არასაპროგრამო ტექსტები და თხზულებების სათაურები უმეტესწილად საინტერესოა, აბიტურიენტს ეძლევა შესაძლებლობა, გამოავლინოს შესაძლებლობები.

ახლაც – მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ მოლოდინი, რომ ჯგუფი საგულისხმო სიახლეებს დროულად გააცხადებს, გამოიჩენს სიფხიზლეს შეცვლილ პროგრამასთან დაკავშირებით და გამოაქვეყნებს განახლებულ საგამოცდო პროგრამას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...