კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

გიორგი ხარაიშვილის პოეტური უვერტიურა

მალე გამომცემლობა „კალმოსანი“ პაატა შამუგიას რედაქტორობით გამოსცემს გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო კრებულს „ჭაობის სიმაღლიდან“. გიორგის ლექსებს წლებია ვკითხულობ სოციალურ ქსელში. მახსოვს, შვიდი თუ რვა წლის წინ ერთ სუფრაზე მკითხეს, კონვენციური ლექსის მწერალი ახალგაზრდა პოეტებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონსო. დაუფიქრებლად ვუპასუხე, გიორგი ხარაიშვილი-მეთქი. დღეს, როცა პოეზიაში ბევრი შედარებით ან პირწმინდად იოლი ფორმობრივი საცდურია, დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კონვენციური ლექსის ერთგული დარჩე. რითმიანი ლექსის ერთგულებაზე რომ ვსაუბრობ, ხარისხიან ერთგულებას ვგულისხმობ, თორემ არსებობს კონვენციონისტი პოეტების მთელი არმია, რომელთა რითმიან ლექსებს მაღალმხატვრულ პოეზიასთან, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა რამ აქვს საერთო. მართალია, ეს გიორგის სადებიუტო კრებულია, მას მთელი შემოქმედებითი ცხოვრება წინ აქვს და ძნელი სათქმელია, რა გზით წავა მომავალში, მაგრამ საეჭვოა, რითმიან ლექსს უღალატოს. შესაძლოა, ვერლიბრი (რამდენიმე ძალიან კარგი ვერლიბრი ამ კრებულშიცაა) უფრო დიდი დოზით შემოვიდეს მის შემოქმედებაში, მაგრამ ის ალბათ ჩემსავით თანაბრად ერთგული დარჩება რითმიანი და ურითმო ლექსებისა.

ამ კრებულიდან რაც ჩანს, ის არის, რომ გიორგი კონვენციური ლექსის ოსტატია, პოეტური „ტეხნე“ ძალიან მაღლაა ამ ლექსებში. კიდევ ერთი, რაც მას გამოარჩევს, ფრაზის მოქნილობაა. ფრაზის მოქნილობის ნიჭი თანდაყოლილია, პოეტს განსაკუთრებული ევფონიურ-პოეტური სმენა სჭირდება, რომ ტაეპში ლექსიკური ერთეულების ოპტიმალური არქიტექტონიკა შემოგვთავაზოს. გავიმეორებ, ეს თანდაყოლილი თვისებაა, დარწმუნებული ვარ, გიორგი წერის დროს არც კი ფიქრობს ამაზე. არიან პოეტები, რომლებიც მშვენივრად რითმავენ, კონცეპტიც თითქოს ემორჩილება კონვენციური ლექსის სირთულეს, მაგრამ ტაეპთა ხორკლიანი სიტლანქით ემოციურ-ესთეტიკური ზემოქმედების ძალა მკვეთრად რედუცირდება (ნიკო სამადაშვილი უნდა იყო, რომ ეს ზედაპირული არარაფინირებულობა საკუთარი შემოქმედების იკონად აქციო, სამადაშვილი კი ერთი გახლდათ). გიორგის ფრაზა ყოველთვის მოქნილია, არასდროს წაგაბორძიკებს, მაშინაც კი, როცა ინვერსიულ სინტაქსურ წყობას გთავაზობს.

მე არ ვიცი, ამ კრებულში არის თუ არა შესული მთლად ახალგაზრდობის დროინდელი ლექსები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: აქ არ ჩანს ფილიაციის – შემოქმედებითი განვითარების – ეტაპები. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ლექსი ერთნაირად მაღალ დონეზეა შესრულებული. ჩვენ წინაშე ჩამოყალიბებული პოეტია, რომელიც ერთნაირი ოსტატობით ფლობს ქართული პოეზიის საცავში დავანებულ ლეთარგიულ ფორმებს, რომლებსაც ოსტატურად აღვიძებს და აცოცხლებს და ეს რეგენერაციული კონტრაპუნქტულობა დამატებით ხიბლს სძენს ამ კრებულს. კითხვისას – მაშინაც კი, როცა კონცეპტუალური თუ ინტონაციური ალუზიები და რემინისცენციები ისმის – არ გტოვებს შეგრძნება, რომ სრულიად ავტონომიურ პოეტურ ლოკაციაზე მოხვდი, აქ ყველაფერი ნაღდი, ინდივიდუალისტი პოეტის ტკივილიანი სუგესტიით არის დამუხტული.

სამოცი-სამოცდაათიანი წლების კრიტიკაში აქტუალური იყო სინტაგმა „უსაგნო ლირიკა“, რომელიც უსათქმელო, ხელოვნურ ლექსს აღნიშნავდა. ეს სინტაგმა დღესაც აქტუალურია – მრავლად ვხვდებით ვიღაცების შემოქმედებით ინკუბატორში გამოჩეკილ, ლექსად ხმობილ (ვერლიბრის გრაფიკის მქონე ან გარითმულ) სიტყვების უაზრო კონსტრუქციებს, რომლებსაც არც დასაწყისი აქვს, არც განვითარება და არც დასასრული. გიორგის პოეზია კი კონცეპტუალური, სათქმელის პოეზიაა, ყველა ლექსში გამოკრთება თითო ან რამდენიმე ისეთი ფრაზა ან სტროფი, რომლითაც სრულიად კომპენსირდება (ან იქნებ სწორედ ამას ემსახურება?) სხვა ტაეპებისა თუ სტროფების ლიცენციურობა და პოეტიზაცია.

შეუძლებელია, ერთხელ წაიკითხო და დაგავიწყდეს ეს სტრიქონები:

“აი, გასრულდა ყველა იგავი:

ძველი ქოხის თუ ბებერ მეგუთნის…

როგორ იფიქრე, სხვისი ვიყავი,

როცა ჩემს თავსაც აღარ ვეკუთვნი?!.”

ან ეს:

“ისე ცხადი ხარ, ისე აშკარა,

არ საჭიროებ არც ერთ ეპიგრაფს.

ახლა წვიმს გარეთ.

მე არ შემეძლო,

შენ გარდა, ვინმე სხვაზე მეფიქრა…”

ან, თუნდაც, ეს:

„ზღვისპირი… კამიუს ქალაქი,

ტალღები აწყდება ბაგირებს,

შენ ამბობ:

„ – ცხოვრებას ვალაგებ“,

გპასუხობ:
„ – მოვალ და აგირევ…“

და ასეთი კიდევ რამდენია… ერთი სიტყვით, მკითხველო, წინ დიდი სიამოვნება გელოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“