კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

მეხუთეკლასელები ახალ გარემოში

სიახლეებთან შეგუება ადვილი არ არის. დიდებსაც კი გვიძნელდება და ათას საფიქრალს გვიჩენს, გვაშფოთებს, გვანერვიულებს, პატარების გულები კი ამ ცვლილებებზე განსაკუთრებით მტკივნეულად და სენსიტიურად რეაგირებენ. ჩვენი თავიც გავიხსენოთ, მათ ასაკში როგორ განვიცდიდით.

ასეთი ცვლილებების რიგში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი მეხუთეკლასელებიც, რომლებიც ემშვიდობებიან თავიანთ პირველ მასწავლებელს, იცვლიან საკლასო გარემოს და ახალ რეალობაში აღმოჩნდებიან. ამ ბავშვებსაც თავიანთი წილი დრამა აქვთ, თავიანთი სირთულეები. რა განაპირობებს ამ სირთულეს? ბევრი რამ, მათ შორის – გარემოს შეცვლა, საკლასო ოთახის შეცვლა, მასწავლებლის შეცვლა, განმსაზღვრელი შეფასება, სოციუმის გაფართოება, ემოციური მიჯაჭვულობა პირველ დამრიგებელთან, უფროსი თანატოლების გავლენა და მათგან წინასწარი განწყობის შექმნა, დამოუკიდებლად თავის გართმევის შიში, მეტი პასუხისმგებლობა… მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, ყველა ბავშვი ხომ ცალკე ინდივიდია თავისი პრობლემებით და დარდებით…

რით გამოიხატება, როგორ შეიძლება შევატყოთ ეს სირთულე ჩვენს მოსწავლეებს ან საერთოდ ვამჩნევთ თუ არა მათ? ისინი მეტ-ნაკლებად მართლაც შესამჩნევია: პატარები გარბიან პირველ მასწავლებელთან (ეს მათი პრობლემის გარეგნული გამოხატულებაა), აქვთ ახალ გარემოსთან გაუცხოების მომენტი. ზოგი ბავშვი ჩუმადაა, ზოგი კი ცდილობს, თავი შეგამჩნევინოს და ასე დაიმკვიდროს თავი. ზოგი აგრესიას გამოხატავს, რადგან ვერ იღებს იმას, რასაც აქამდე იღებდა… ამ ცვლილებებს მოაქვს შფოთვა. ზოგი მეტად ჩაკეტილია და პროცესების დამკვირვებლის პოზიციას ირჩევს, ზოგი მეტად იხსნება. ზოგი წესებს არღვევს, ზოგი ინიციატივას იჩენს მასწავლებლის ნდობის მოსაპოვებლად. ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის პირველ მასწავლებელს, რჩევებს იღებენ მისგან და ძალიან ხშირად ადარებენ მას სხვა მასწავლებლებს: ის ასე არ გვიხსნიდა, ის ასე არ გვაკეთებინებდა… მათ პირველ მასწავლებელს კი ახლა უკვე პირველკლასელები ჰყავს, მათაც თავიანთი წილი ყურადღება სჭირდებათ.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ოჯახის ახალი წევრის დაბადებას, ჰგავს, უფროსი და-ძმა რომ ეჭვიანობს და ყურადღების მიქცევას ცდილობს ან თავის თავში იკეტება.

როგორ შეიძლება გადავჭრათ ეს პრობლემა? ვფიქრობ, გადაჭრის ერთ-ერთი გზა ურთიერთთანამშრომლობაა.

როცა მსგავსი დილემის წინაშე აღმოვჩნდი, მეც სწორედ ჩემი მოსწავლეების პირველ მასწავლებელთან თანამშრომლობა დამეხმარა სირთულეების დაძლევაში. ჩვენ ვცდილობდით, ერთად გვემუშავა, თითოეული მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები აღმოგვეჩინა, შეგვედარებინა, მათი განვითარების დინამიკა დაგვენახა, სტრატეგიები შეგვეფასებინა, რჩევები და პრობლემის გადაჭრის გზები ერთად გვეპოვა და ჩვენს მოსწავლეებსაც მსგავსი ურთიერთთანამშრომლობისკენ, უფრო სწორად, ურთიერთსწავლებისკენ ვუბიძგებდით. დიდები (მეხუთე-მეექვსეკლასელები) პატარებს (პირველ-მეორეკლასელებს) საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას უზიარებდნენ, ასწავლიდნენ ისე, როგორც თავად ისწავლეს. ჩვენ ერთად დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა, მოვაწყვეთ პრეზენტაციები და, თქვენ წარმოიდგინეთ, საერთო ღონისძიებაც კი გავმართეთ.

ასეთ შემთხვევაში მოსწავლეებს შეიძლება მრავალფეროვანი სტრატეგიები შევთავაზოთ: უფროსებმა პატარებისთვის ან მათთან თანამშრომლობით შექმნან სხვადასხვა სასწავლო რესურსი: დიდი წიგნები, წიგნის ყდები, აფიშები, მოსაწვევი ბარათები, დიორამები… ხელით დაამზადონ ნივთები… ასწავლონ და ისწავლონ მათთან ერთად. ასეთი აქტივობები ბავშვებს საკუთარი საჭიროების გაცნობიერებაში დაეხმარება, მოტივაციას აუმაღლებს, თვითდამკვიდრების საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს. და, რაც მთავარია, ჩვენც დაგვეხმარება, ჩვენს პატარებს თავი უფრო კომფორტულად ვაგრძნობინოთ, ავარიდოთ სადარდებელი, ზედმეტი და უსარგებლო გულისტკივილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

პოეზიის ფერადი პანო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“