კვირა, სექტემბერი 1, 2024
1 სექტემბერი, კვირა, 2024

პოეზიის ფერადი პანო

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა”

 შოთა რუსთაველი

სამყარო ყველაზე უკეთ დაკვირვებით შეიმეცნება, საკუთარ თავთან შეყოვნებით, გარინდებითა და უდროობაში დროის მოხელთებით, რაც ყოველჟამიერად უფრო და უფრო რთულდება და ჩვენი ცნობიერიც იძულებულია, მოკლე შთაბეჭდილებებით ისაზრდოოს. ამგვარ რეალობაში ესმა ონიანის ფერ-მეტყველებაზე დაკვირვება დროის კაფსულიდან გაღწევის დარია. მისი ფერადოვანი ლექსების გაცნობით, შესაძლოა, უკეთ აღვიქვათ მოვლენებისა და საგნების ერთიანობა, დავაკვირდეთ სამყაროში განფენილ ტონალობებს, მათ ყოველწამიერ ცვლილებებს და დავინახოთ ან შევიგრძნოთ, რომ ცა ზოგჯერ „ყვითლად მღვივარია” ან „ჩახლეჩილი”…

ესმა ონიანის პოეზიაში ფერი რომ ჭარბობდეს, არაა გასაკვირი. გასაკვირი ისაა ყველა საგანსა და მოვლენას სახელს რომ უძებნის და გამოთქვამს, ხშირად, მანამდე არარსებული სიტყვით. თითქოს, მისი პალიტრა ნამდვილისა და გამონაგონის საზღვარზეა შეზავებული და მასში ამოვლებული ლექსიც პირველქმნილ შუქ-ჩრდილს იტევს.

ახლახან დავით ხიდეშელის გამოფენაზე ერთმა ნახატმა განსაკუთრებით მიმიზიდა. ვუყურებდი და ვცდილობდი ჩემი ემოციისთვის შესაფერისი სიტყვა მომეძებნა – რა ფერია? რა დავარქვა? როგორ გამოვთქვა? სწორედ მაშინ გამახსენდა ესმასეული „ჩამომტვრეული ქვების ფერი”…. ჰო, სწორედ რომ „ჩამომტვრეული ქვების ფერი” იყო ის, რასაც ვუმზერდი.

ვინ იცის, იქნებ ჩემი მოსწავლეებიც ასევე „ეძებენ“ საკუთარი შთაბეჭდილებებისთვის სახელებს და გადავწყვიტე, მხატვრობის უკეთ აღსაქმელად მათთვის ესმას პოეზია შემეშველებინა.

შინ დაბრუნებულმა კიდევ ერთხელ გადავიკითხე ესმა ონიანის ლექსები, ამჯერად, მხოლოდ ფერ-მეტყველებისთვის და სათითაოდ ამოვწერე პალიტრისა და პოეზიის სინთეზური ტონალობები, როგორც ნიმუში საკუთარი ემოციების სახელდებისა:

ოქროფერილი წიგნის ფურცლები

ასკეტური შავი

მწიფე შავი

უნაბისფერი კედლები

ჟანგისფერი სისხლი

ძვლისფერი სინათლე

ოქრო-ვარდისფერი ლაქები

წენგოსფერი ხე

შავ-წითელი ფაშვი ბუფეტის

აბრეშუმისფერი კაბა

ქლიავისფრად ჩამქრალი სასმელი სუფრაზე

ნაზი ჭერმისფერი

თაფლისფერი შმორი

შავ-ვერცხლისფერი ხეები

ბადაგისფერი მზე

დამწვარი შაქრის ფერი

სანთლისფერი სახე

ნაცრისფერ-ფშუტე პეპლის ფერფლი

ხახვის ფუჩეჩისფერი თმები

ჩასკვნილი ყვითლები

ჩახლეჩილი ყვითლები

ჩაყურჭებული სიყვითლე

ბრინჯისფერი დაირები

ატმისფერი სახე

დაბრუებული ვარდისფერი

კომშისფერი ბლიკი

ყვითლად მღვივარი ცა

ტყვიისფერი სიკვდილი

ბრინჯისფერი შუქი

ბნედისფერი ზეცა

ხის გამძვრალი ქერქისფერი

ჩამომტვრეული ქვების ფერი

გამოშიგნული ყვითელი

აბედისფერი ყვავილები

მიწისფრად გახევებული ხვლიკები

მძაღე თხილისფერი

ზღმარტლისფერი ძუძუს თავები

ჭინჭისფერი თოვლი

კისელისფერი ასოები

ჩირქისფერი კლავიშები

ჟანგ-ობისფერი გულისპირი

სიმძაღისფერი

დელგმა წითელი

კაჟისფერი მზე

ფისისფერი თვალი

შაშხისფერი რიკულები

გადაცრეცილი მთვარისფერი

ხმიადისფერი სიცხე

ტყლიპისფერი

კამისფერი სინათლე

ჩამპალი მარცვლისფერი

იისფერ-ლურჯი მამამთილი

ბიისფერ-ყვითელი დედამთილი

იაგუნდისფერი მაზლი

რძისფერი გოგო

ხორბლისფერი გოგო

ნუშისგულისფერი შვილი.

ესმასეული პოეტური შთაბეჭდილებებით ფერწერულ ნიმუშებზე დაკვირვება მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ აღიქვან მხატვრობა, ფერი, პლასტიკა, საგნები, განწყობა.

შეგიძლიათ მოსწავლეებს ბარათებად დაურიგოთ ფერმწერი პოეტის ფრაზები და სთხოვოთ, წერილობით გადმოსცენ რა მოგონებებს, განცდებს, შთაბეჭდილებებს აღძრავს მათში ეს ფრაზები.

ნიმუში – „ხმიადისფერი სიცხე“ – ზაფხულს მაგონებს, როდესაც სიცხისაგან მზე ბებიას გამომცხვარ მჭადს ემსგავსება, მიწა რბილდება და ჰაერში პურის სურნელი დგას. 

შეგიძლიათ, ასოციაციობანა ითამაშოთ, პირველი ფრაზა ამ ჩამონათვალიდან შეარჩიოთ და ასოციაციურად გაჰყვეთ ფერწერულ პოეზიას.

ნიმუში – „შავ-წითელი ფაშვი ბუფეტის“ – სოფელი-ბებია-გადანახული ტკბილეული-ბავშვები-მდინარე- ა.შ.

წაუკითხეთ ესმას ლექსები მოსწავლეებს და სთხოვეთ, დახატონ შთაბეჭდილებები. ამის მერე უჩვენეთ პოეტის ფერწერული სამყარო და მის მხატვრობაში ლექსებიდან ამოწერილი ფრაზები აპოვნინეთ.

ამგვარად, ესმა ონიანის პოეზია და მისი მხატვრობა გაკვეთილზე ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრირების საუკეთესო ნიმუშად შეიძლება იქცეს, რადგან, ესმა ონიანის მხატვრობა არა მხოლოდ იხილვება, იკითხება კიდეც და პირიქით, მისი ლექსი არა მხოლოდ იკითხება, იხილვება კიდეც.

ესმასეული პოეზიის ფერადი პანო, თავისი უნიკალური სიტყვა-ქართულითა და მეწამულისფერი სახისმეტყველებით, მხილველ-მკითხველისთვის თვითგამოხატვის დაუსაზღვრავ თვალსაჩინოებას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სამყარო, მართლაც, ვეფხისტყაოსნისეულ უთვალავ ფერად განიფინება.

პ.ს 1938 წლის 20 ივლისს ესმა ონიანი დაიბადა – სიტყვებში „ამოძალული… ამოდრეკილი… შეუბოჭავი სული…”.

გამოყენებული ლიტერატურა:

ესმა ონიანი – პოეზია-კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა გამომცემლობა „არტანუჯი“

ესმა ონიანის მხატვრობა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“