პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სიყვარულის მეტაფორები: „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა…?“

„თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც, ვარსკვლავზე ხარობს,

სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ყვავის შენთვის…“

ეკზიუპერი, „პატარა უფლისწული“

შეგიძლიათ, გაიხსენოთ სიყვარულის ერთი მეტაფორა, რომელიც დაგამახსოვრდათ, რომელმაც გავლენა მოახდინა თქვენზე  ან რომელიც ამ კითხვის დასმის შემდეგ გაცოცხლდება თქვენს ცნობიერებაში?

მეტაფორების საიდუმლო იმაშია, რომ ისინი, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ცნობიერსა და არაცნობიერში განაგრძობენ თავისუფალ მოძრაობას და აყალიბებენ აღქმისა და შემეცნების საკუთარ პარამეტრებს. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე მეტაფორის მიერ მოდელირებული მსოფლმხედველობა უპირატესია, აქ საერთოდ არ დგას ამგვარი „შეჯიბრის“ მომენტი. ჩვენი მოწონება-არმოწონება ყოველთვის განპირობებულია და დამოკიდებულია ძალიან ბევრ ქვეტექსტზე: ასოციაციები, პირადი გამოცდილება, კულტურისა და აღზრდის კონტექსტი, გუნება-განწყობა და სხვა მრავალი. მათ შორის, შესაძლოა, რომ სიყვარულის ზოგიერთი მეტაფორის მოწონება ვერც ავხსნათ, რადგან, ერთი შეხედვით, არც ლოგიკურია და არც განპირობებული.

მოკლედ, სიყვარულის მეტაფორები ისეთივე აუხსნელი შეიძლება იყოს, როგორიც თავად ეს გრძნობაა. ჩვენ მხოლოდ მის გამოვლენილ ელფერებს ვებღაუჭებით, როდესაც გვინდა, რომ როგორმე ავხსნათ და ჩავწვდეთ მის ბუნებას. მაინც რამდენი შეიძლება იყოს სიყვარულის ელფერი? რა თქმა უნდა, მას ცისარტყელას ფერები არ ეყოფა… ფერებსა და ელფერებს აუცილებლად დაემატება: გემო, სურნელი, შეგრძნებები… და ეს ყველაფერი იმდენია, რამდენი შეყვარებული წყვილიც არსებობს სამყაროში.

სიმართლე გითხრათ, მე როდესაც ჩემს თავსაც დავუსვი ეს შეკითხვა: სიყვარულის ერთი მეტაფორა, რომელიც პირველ რიგში გამახსენდებოდა, სულ სხვა მეტაფორები ამოტივტივდა გონებაში, მაგრამ ახლა, როდესაც წერას შევუდექი, ისეთი ტექსტი გამახსენდა, მანამდე  მასზე, როგორც სიყვარულის მეტაფორაზე, არც მიფიქრია და წერის პროცესში ალბათ ავხსნი, რატომ მგონია, რომ  ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“ თავიდან ბოლომდე სიყვარულის მეტაფორაა.

 თითქოს სული მოგზაურობს სხვადასხვა პლანეტაზე და აკვირდება ადამიანებს, რომლებიც უაზრო ფუსფუსში ჩართულან და საკუთარი თავი დავიწყებიათ ან ცდილობენ, რომ დაივიწყონ. „თავის დავიწყება“ სულის დავიწყებაა… სულის გარეშე კი ვერასდროს ვერავის შეიყვარებთ ნამდვილად… სწორედაც, ეს პატარა მოთხრობა სიყვარულზეა… მთავარი მეტაფორა ვარდია, რომელიც პატარა უფლისწულის პლანეტაზე ხარობს და რომელზე ფიქრსაც დაატარებს იგი მთელი მოგზაურობის მანძილზე.

სიყვარულის არსი კი აი, ამ წინადადებაშია გამოხატული: „თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც, ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ყვავის შენთვის…“

ამ მოთხრობის ყველა დიალოგი სულისა და სიყვარულის ძიებაა… და წუხილიც იმის გამო, რაც სიჩქარეში დაკარგა ადამიანმა:

„ – ადამიანები, – თქვა პატარა უფლისწულმა, ჩქარი მატარებლებეივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან.“

ადამიანები მთელი ცხოვრება ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობენ… ითვლიან, მუშაობენ, დადგენილ წესებს ემორჩილებიან, ეტიკეტს იცავენ… მაგრამ ბედნიერები არ არიან, მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც ეძებენ…

  • შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ პოულონებ იმას, რასაც დაეძებენ.
  • ვერ პოულობენ… – დავუდასტურე მე.
  • ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.
  • მართალია – ისევ მივუგე მე.
  • მაგრამ თვალი ბრამაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…“

სადღაც, სიღრმეში, ყოველთვის იმალება საიდუმლო, რომელიც უნდა მოძებნოს და აღმოაჩინოს ადამიანმა, როგორ უდაბნოში ჭის წყალი აღმოაჩინა პატარა უფლისწულმა…

 მრავალთაგან ერთი მხოლოდ მაშინ ხდება გამორჩეული, როგორც კი ყურადღებას მასზე გადაიტან, როგორც კი სიყვარულით ზრუნვას დაიწყებ. ამას ეძახის მელია „მოშინაურებას“. სიყვარული იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ვინმეს ისე მოვიშინაურებთ, რომ ერთადერთი გახდება.

 კითხვაზე: –  რა არის მოშინაურება? – მელია პასუხობს:

„ – შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია, მაგრამ თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირო გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის…

  • მგონი მიგიხვდი, – თქვა პატარა უფლისწულმა…- ერთ ყვავილს ვიცნობ, მან, მგონი, მომიშინაურა.
  • შეიძლება, – მიუგო მელიამ, – რა არ ხდება დედამიწაზე.
  • ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, – თქვა პატარა უფლისწულმა.“

და აი, ბრუნდება პატარა უფლისწული თავის პლანეტაზე და გვიტოვებს მარადიულ კითხვას… ამ კითხვაზე პასუხი თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა იპოვოთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია…

თქვენი არ ვიცი და როდესაც ვარსკვლავებიან ცას ავყურებ, იქ ყოველთვის ვხედავ პატარა უფლისწულის პლანეტას, ერთადერთი ვარდი რომ დაურგავს თავის პლანეტაზე და მხოლოდ მას ელაპარაკება, მასზე ზრუნავს და უვლის… ყვავილიც თავის სურნელებას და სილამაზეს უხვად აფრქვევს სატრფოს…

სიყვარული – ვარდის მოვლაა საკუთარ პლანეტაზე, ეს პლანეტა ზემოთ, ვარსკვლავებიან ცაშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და თუ უფრო ყურადღებიანები იქნებით, ის უფრო ახლოსაა –  თქვენთან და თქვენში… ის პატარა პლანეტა თქვენი გულია, რომელშიც სიყვარულის ყვავილს ახარებთ… ან – ახარებთ და ან – კლავთ..

ამიტომ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ „პატარა უფლისწულის“ ფინალი:

  „ეს ამბავი დიდი საიდუმლოებითაა მოცული. ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში, ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა.

ახედეთ ზეცას და იკითხეთ:  „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი…

მაგრამ დიდები ვერასდროს მიხვდებიან, რამოდენა რამაა ეს!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი