შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წიგნის მაღაზიების ბედი

მძღოლი ცოტა არ იყოს უჯერმაჯერა მზერით მიცქერდა. ეს იყო ორმოც წელს გადაცილებული კარგი აღნაგობის კაცი და ოდნავ ემჩნეოდა სიმსუქნე, როგორიც მისი პროფესიის, საჭესთან დიდხანს მომუშავე ადამიანებს ახასიათებთ. მზერა, გითხარით უკვე, ორაზროვანი და გამჭოლი ჰქონდა.

პეტრე ნავროზაშვილი თვითდასაქმებული, ტაქსის მძღოლი: აბა, მე რა უნდა გითხრა, ძმობილო? მთქმელებიცა და გამგონეებიც თქვენა ხართ, მგზავრები! ჩემი ხელობა გაუჭრელი საზამთროა – ათასი ჯურის მგზავრი ჯდება მანქანაში. სახეზე არავის აწერია, ვინ ვინაა. გული კიდევ ტანსაცმლის შიგნითა აქვს. აი, მარჯვნივ იყურე (დელისის მეტროს მიმდებარედ). აიქ, სასტუმრო „ციცინათელას“ გვერდით წიგნის მაღაზია იყო. ჯერ „სალე“ (SALE) დაეწერა, ანუ იყიდებაო. მერე კიდევ ველოსიპედების მაღაზია გაიხსნა და ახლაც ეგაა! განა ტყუიან? ველოსიპედიც საჭირო და აუცილებელია და წიგნიც, ხაჭაპურიც და მრგვალფარიანი „მერსედესიც“… თუმცა ყველაფერს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. წიგნის მაღაზია იმიტომ დაიხურა, რომ მშიერ ადამიანს სულიერ მოთხოვნილებებს ვერ მოსთხოვ. თუ ერთი თავგადადებული ვინმე არაა, მშიერი კუჭით „დონ კიხოტი“ ვერ გახდება და „სამოსელს“ (მხედველობაში გურამ დოჩანაშვილის რომანი აქვს) ვერ ჩაიცვამს… პირველ რიგში შვილები უნდა გყავდეს უზრუნველყოფილი ელემენტარული მოთხოვნილებებით. წიგნების კითხვა მერე! სასკოლო წიგნები ვერ მიყიდია ჩემი ბავშვებისათვის და ვინმემ მითხრას, ბულგაკოვსა და ანა ახმატოვას რატომ არ კითხულობო, ხომ… მოკლედ ჩვენი საქმე ასეა: საზოგადოებაში ისე გაუარესდა საარსებო მინიმუმის შოვნა, რომ ხალხის უმეტესობას წიგნის საყიდლად კი არა, მის საკითხავადაც აღარ აქვს არც ერთი წამი. როცა მომხმარებელი ქრება,  შესაბამისად, ის საქონელიც ქრება, რომელზედაც მოთხოვნა აღარაა. ვის უნდა შენი წიგნის მაღაზია? ბავშვების სახელმძღვანელოებისათვის ძლივს ვახერხებ ფულის მოგროვებას!“

ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ 2013-15 წლებში საქართველოში (უმთავრესად თბილისში) ათზე მეტი წიგნის მაღაზია და ხუთამდე სტამბა დაიხურა. ეს ყოველივე რამდენიმე მიზეზმა, მათ შორის მომხმარებლის სიმცირემ განაპირობა. „ელექტრონული წიგნების“ გამო, ბეჭდური გამოცემები გაკოტრებისკენ წავიდნენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში წიგნის მაღაზიების დახურვის ფაქტები მომრავლდა. ფინანსური პრობლემების გამო, საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან არსებული წიგნის მაღაზია „დიოგენე“ დაიხურა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე – „ბიბლუსი“. მუშაობა შეწყვიტა მაღაზია „ბუქსითიმ“ და „პარნასის“ ლესელიძის ფილიალმაც.

ჯიმშერ რეხვიაშვილი მწერალი, ჟურნალისტი: „საქართველოში წიგნთან დაკავშირებული ბიზნესი ძალიან სუსტ საძირკველზე დგას. მატერიალურად შეჭირვებულ მცირერიცხოვან მომხმარებელს ნებისმიერი სახის ეკონომიკური პრობლემა აიძულებს შეამციროს ხარჯი, მათ შორის  წიგნებზეც. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის გამო საგრძნობლად გაძვირდა წიგნები, რამაც ბუნებრივია დააფრთხო უამრავ პრობლემასთან შეჭიდებული მკითხველი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ფიზიკური გადარჩენისათვის უწევს ბრძოლა. ანუ, ცხადია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ მკითხველთა რაოდენობა არაა დიდი, ხოლო გამომცემლობები და მაღაზიების მფლობელები არაფერს აკეთებენ ვითარების შესაცვლელად, ანუ მკითხველთა რიცხვის გასაზრდელად. წიგნის გამოცემა-გაყიდვა ვერ იქცა თვითკმარ, მომგებიან ბიზნესად, არ იხარჯება ფული (თუნდაც რეკლამის სახით) ავტორებისა და მათი წიგნების ცნობადობის ასამაღლებლად. ის ძალისხმევა, რასაც სახელმწიფო (კულტურის სამინისტრო, ქართული წიგნის სახელმწიფო პროგრამა და ა.შ.) გასწევს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ცვლის სურათს: არ იაფდება წიგნი და არ იზრდება მკითხველთა რაოდენობა. გამომცემლებმა, გამავრცელებლებმა და ავტორებმა თავად უნდა უშველონ თავიანთ თავს.

ირმა ბერიშვილიმწერალი, ჟურნალისტი: ჯერ ჩემს ამბავს გეტყვი, ორი სიტყვით. ვზივარ სახლში და პერიოდულად ერთ-ერთი ჟურნალისთვის ვწერ თითო-ოროლა მასალას. სხვა არაფერი ხდება. ამ „ელექტრონულ საუკუნეში“ არაფერია გასაკვირი. წიგნის მაღაზიებისა და გამომცემელთა პრობლემა, უპირველესად, ალბათ მკითხველის რაოდენობის შემცირებაა, რასაც, თავისი მიზეზები აქვს. პირველ ყოვლისა, ესაა ინტერნეტი, რომელიც თითოეული ჩვენგანის თავისუფალ დროს ითვისებს. ამას გარდა, შეიძლება ადამიანს დიდი სურვილი ჰქონდეს კიდეც, რომ წიგნი წაიკითხოს, მაგრამ დღევანდელი ცხოვრების ტემპიდან და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა უმეტესობა ოჯახის სარჩენად ქუჩაშია გავარდნილი – ვაჭრობს ან ფიზიკურად მუშაობს და დაღლილი ბრუნდება შინ, წიგნის წაკითხვის და წაკითხულის გააზრების უნარი ნაკლებად ექნება. მკითხველის ნაკლებობის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა, მაღაზიებისა და გამომცემლებისთვის წიგნის ფასია, რომელზეც ხელი ყველას არ მიუწვდება. ბეჭდვის ხარისხის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ახალი გამოცემული წიგნების ფასი არცთუ ისე ძვირია. თუმცა, ვინაიდან ქვეყანაში საშუალო ფინანსური შეძლების მქონე ადამიანები ნაკლებად არიან, მათ იმ არცთუ ძვირის გადახდაც კი უჭირთ. ამასთან, ბევრი ისეთიც ვიცი ჩვენ გარშემო, ვისაც წიგნის კარადები ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გამოსული ყველა ტომეულით აქვს დამშვენებული და დროც თავზესაყრელი აქვს, მაგრამ წიგნების კითხვას სერიალების ყურება ურჩევნია!

ირმა მალაციძე, საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი: ჩემი აზრით, საქართველოში _ გქონდეს წიგნის წარმატებული ბიზნესი – არც ისე იოლია. შესაძლოა, ვიღაცას გაუმართლა კიდეც და წარმატებულია ამ საქმეში, მაგრამ საერთო სურათი არც ისე სახარბიელოა. წიგნის ღირებულება მაღალია, მოსახლეობის მყიდველუნარიანობა კი – დაბალი. თავი რომ დავანებოთ ეკონომიკურ ფონს და სიდუხჭირეს, წიგნის წამკითხველი ცოტა დარჩა. ის, ვინც ფეხდაფეხ მიჰყვება ლიტერატურულ ცხოვრებას, თვალყურს ადევნებს ამ პროცესს და ყიდულობს ახალ გამოცემებს. ასეთი ადამიანების რიცხვი ალბათ ისე მცირეა, რომ წიგნის ბიზნესს ამის იმედი ნამდვილად ვერ ექნება. ამას ემატება თანამედროვე ტექნოლოგიები – იოლად ხელმისაწვდომი ელექტრონული და აუდიოწიგნები, რომელიც შეიძლება წიგნის კონკურენტად განვიხილოთ. ჯამში ყველა ფაქტორი წიგნის ბიზნესზე ახდენს გავლენას და, შესაბამისად, რთული ხდება წიგნის მაღაზიების შენახვა.

შოთა იათაშვილი, პოეტი: ქართული გამომცემლების მიერ გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი უხარისხოა. ეს ბევრჯერ ითქვა, ბევრჯერ გაკრიტიკდა გამომცემელთა მიერ დაქირავებული მთარგმნელების ნამუშევრები. ქართულმა გამომცემლობებმა თარგმანების კონვეიერი შექმნეს. ორ კაპიკს უხდიან გაურკვეველ მთარგმნელებს და მერე ყიდიან და ყიდიან ასე ნათარგმნ წიგნებს. “დიოგენეს” თარგმანები ყოველთვის მაღალი ხარისხისაა, ბევრს მუშაობენ ტექსტებზე, უფრო ცოტას უშვებენ და უფრო ხარისხიანს, ამიტომ დაიხურა კიდეც. წიგნის მაღაზია კი ისაა, რომ ყოველდღე უნდა შედიოდეს იქ ადამიანი და როგორც ძეხვს თუ ყველს ყიდულობს, ისე ყიდულობდეს წიგნსაც.

ლია ტოკლიკიშვილი, ჟურნალისტი: წიგნი იქცა კითხვის დამხმარე საშუალებად, რადგან ძირითადი საშუალება გახდა ინტერნეტი. წიგნების ბეჭდვის ხარისხი არ არის მორგებული ასაკოვანი ადამიანის მხედველობის შესაძლებლობებს: არც შრიფტის ზომა, არც მისი ვარიანტი.

მე ვიცნობ ასაკოვან და ძალიან ცნობილ პროფესორს, რომელმაც წიგნთან მუშაობის გარდა, არაფერი იცის, მაგრამ მითხრა: ფუკუიამას ისტორიის დასასრული ელექტრონული ვერსიით წავიკითხეო. რადგან ეკრანზე უფრო ადვილად წაიკითხა, ვიდრე წვრილშრიფტიან წიგნში. წიგნის გამოცემის ტექნოლოგიები დასავლეთში ისე იხვეწება, რომ კონკურენცია გაუწიოს ელექტრონულ წიგნებს. არსებობს პაბი-ბიბლიოთეკები, სადაც ლუდის, გემრიელი ნამცხვრების, ყავისა და ჩაის თანხლებით კითხულობენ წიგნებს. ჩვენთან ასეთი ლიტერატურული კაფეა, სადაც წიგნის კითხვის გარემო ნამდვილად არ არის. წიგნის მკითხველი ვერც წიგნის ფასებს სწვდება, რადგან ის შეუსაბამოა საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასებთან. წიგნის ბაზარი არ არის გაჯერებული საზოგადოების ყველა სეგმენტის გემოვნების მიხედვით გამოცემული წიგნებით. არ არსებობს ამ მიზნით ჩატარებული სერიოზული კვლევები. გამომცემლობები მუშაობენ საკუთარი კომერციული ან კერძო გადაწყვეტილებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რაც არ ნიშნავს საერთო პოლიტიკის ქონას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი