პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მაინც გვიკრიფეს მიზეზი

ოთარ ჩხეიძის „ბორიაყიდან“ ფრაგმენტი წლების წინ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში იყო შეტანილი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და გამიხარდა, რომ მოსწავლეებს მიეცემოდათ საშუალება ამ რომანით დაინტერესებულიყვნენ, სკოლის ასაკიდანვე შეაჩვევდნენ თვალს და ყურს იმ მწერლის სახელს, რომელმაც მთელი მეოცე საუკუნისა და ოცდამეერთეს პირველი წლების მხატვრული მატიანე შექმნა.

მე და ჩემი მეგობრები „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობით“ (რეჟისორი გიორგი შენგელაია) არ მივსულვართ „ბორიაყამდე“, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა კარგი ფილმი გიბიძგებს, წიგნიც წაიკითხო. რომანმა აღმოგვაჩენინა ფილმი. მახსოვს პირველად ჯაბა გერსამიასთან ვუყურე: შუქი ორჯერ ჩაქრა, სარეკლამო ჭრამაც რამდენჯერმე გაგვაწყვეტინა ნიკუშა ჩაჩანიძისა (ლევან აბაშიძე) და ლეკო თათაშელის (გია ფერაძე) უჩვეულო მოგზაურობის ამბავი ქართლის თავადაზნაურთა ოჯახებში. ბოლოს, როცა წიგნისა და კინოს დატოლება დავიწყეთ და ბევრი გასაგები მიზეზის გამო შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნება ჯერ რომანი წაიკითხოს კაცმა და მერე ეკრანს შეხედოს, ერთადერთი რამ დამრჩა გაურკვეველი.

იმ ფრაზას ფილმში დავით იტრიელის როლის შემსრულებელი ჭაბუა ამირეჯიბი ამბობს. ჰო, ის ჭაბუა, ვინც თქვენ იგულისხმეთ. 1924 წლის საბედისწერო და სისხლიანი მოვლენების სუსხი შეძლებულ, წარმატებულ ოჯახსაც მისწვდება და როცა კალოობისას ალყაში მოაქცევენ, როსტომ იტრიელი თავის ძმას ეტყვის, – ცხადია, ესენი მხოლოდ დასაპურებლად არ მოსულანო. დავით იტრიელი დაეთანხმება: „მართალი ხარ, მაინც გვიკრიფეს მიზეზი, ვერ გადავურჩით“.

ამ სიტყვებს წიგნში ვერ იპოვით, თურმე არც ერლომ ახვლედიანის კინოსცენარში ყოფილა. მხოლოდ გადაღების პროცესში – ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შედგენილ რუკას შეთქმულების გეგმად რომ გაასაღებენ რეჟიმის დამცველები და ამ საბუთით (მიზეზით) რუკაზე დატანილ ოჯახებს სათითაოდ ჩამოუვლიან – საჭირო გახდა, მოეფიქრებინათ სხარტი, მახვილი, ეპოქალური ფრაზა, რომელიც სიმბოლურად ასახავდა სისტემის ძალადობასა და მის წინაშე დარჩენილი, განწირული ადამიანების ხვედრს.

– მაინც გვიკრიფეს მიზეზი… – ეს ფრაზა შემოქმედებით ჯგუფს თავად ოთარ ჩხეიძემ მიაწოდა. მისი ორიგინალური მიგნება მაშინ ბევრს მოსწონებია, მაგრამ ცხადია ბევრს არ ეცოდინებოდა, რომ იტრიელების ამბავი ოთარ ჩხეიძის პირადი ტრაგედია იყო. ის პერსონაჟები, რომელიც მკითხველისა და მაყურებლისთვის როსტომ, დავით, კახაბერ და დიმიტრი იტრიელების სახელებითაა ცნობილი, სინამდვილეში მწერლის მამა-ბიძები იყვნენ. ამ ოჯახს „შრომა ექცია ღმერთადა და სასწაულადა და ნათესავთაგან, ვისაც შრომა ეზარებოდა, ვერც მიბედავდა იქ მისვლასა, შრომის დროს ვერა, დღესასწაულებს თუ იხელთებდა, მაშინაც ვერ გადარჩებოდა უსაყვედუროდა“. საბჭოთა რეჟიმი იტრიელებს სასტიკად გაუსწორდა.

„ბორიაყი“ 1924 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების მატიანეა. და დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, როცა თითქოს უკვე ვიცით თუ რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს კერძო საკუთრების წართმევამ, „განკულაკებამ“, ხალხის სახელით შეძლებული ადამიანების, მეწარმეების დევნა-შევიწროებამ, რეალობის მკაცრი სურათი იმაში გვარწმუნებს, რომ არაფერიც არ შეცვლილა – აზროვნების შეცვლა მხოლოდ ქრონოლოგიურ პრინციპზე არ ყოფილა დამოკიდებული. ამიტომაც დღესაც ბოლშევიკური თავგამოდებით იბრძვიან „სისტემის კაცები“ კერძო საკუთრების წინააღმდეგ, და მიზეზების წამოკრეფაც არ უჭირთ გზადაგზა – მერე რა, რომ ხშირად ეს მიზეზი ისეთივე გამოგონილი, შეთითხნილი და „ავადმყოფური გონებისგან გაზვიადებულია“, როგორც საბჭოთა ხელისუფლების სურვილი, დიდი ამბოხების მონაწილეებად და ხალხის მტრებად მიიჩნიოს კომპოზიტორ ნიკუშა ჩაჩანიძის რუკაზე დატანილი თავადაზნაურთა ოჯახები.

სისტემას ასე უნდა. ასე სჭირდება. და რადგან სისტემას ასე სჭირდება, მიზეზებიც მოიძებნება საიმისოდ, უფრო სწორად, წამოიკრიფება – როცა საჭიროა და რამდენიც საჭიროა. არადა, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩაგვძახიან და გვარწმუნებენ, სისტემური მარცხი იყო, სისტემა უნდა დაინგრესო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი