შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კვლევების საჭიროება გეოგრაფიიის სწავლებაში

ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩემს პედაგოგებს, რომლებსაც დღემდე დიდი პატივისცემით ვიხსენებ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა სამყარო, რომელშიც მე და ჩემი თანატოლები ვიცხოვრებდით 20 წლის შემდეგ. ერთმნიშვნელოვანი წარმოდგენა ჩვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მომავალზე არც ჩვენ გაგვაჩნია. იქნება თუ არა ის უფრო სამართლიანი, უფრო დემოკრატიული, უფრო განვითარებული, უფრო უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, შეუძლებელია, მომავლის შესაბამისი ცოდნა დღეს მივცეთ მათ, თუ აქცენტი უნარების – მაგალითად, კვლევითი უნარის – გამომუშავებაზე არ გავაკეთეთ. კვლევის დროს ადამიანი მხოლოდ კი არ მოიპოვებს ინფორმაციას, არამედ ორგანიზებას უწევს მას, გარე ფაქტორებს უკავშირებს და აანალიზებს. ინფორმაციის მართვა და ანალიზი კი ის უნარებია, რომლებიც, როგორც არ უნდა შეიცვალოს კონტექსტი, ყოველთვის საჭირო და დროის მოთხოვნათა ადეკვატური იქნება. განათლების მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, მოსწავლე, განურჩევლად გარემოსი, იყოს კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი. ეს ის მთავარი ორიენტირია, რომლისკენაც ახალი არჩევითი საგნის – გეოგრაფიული კვლევის – სწავლებას მივყავართ.

კვლევა ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნებაა (კვლევის ანგარიში, სტატია, პროექტი და სხვ.). ამ პროცესის ცალკეული ნაბიჯები, ისევე როგორც მათი თანამიმდევრობა, კვლევის სფეროსა და ტიპის კვალობაზე, სხვადასხვანაირია.

სწავლების საშუალო საფეხურზე გეოგრაფიული კვლევის კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეს შეეძლება, გარემოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით განსაზღვროს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები და პრობლემები, შეისწავლოს და დაგეგმოს მათი გადაჭრის გზები, დაგეგმოს და ჩაატაროს გეოგრაფიული კვლევა და წერილობით თუ ზეპირად წარუდგინოს აუდიტორიას მისი შედეგი. ამასთანავე, შეეძლება კვლევის პროცესში ვიზუალური მასალის (რუკისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების) შექმნა, მარტივი თემატური რუკების შედგენა, გეოგრაფიული ნაშრომის დაწერა. კურსი იმგვარად არის აგებული, რომ მოსწავლემ, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შეძლოს გეოგრაფიული საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევა და ნამუშევრის აუდიტორიისთვის წარდგენა, მომავალში გეოგრაფიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება, მათი გადატანა სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი არა მხოლოდ საგნისადმი, არამედ სოციალური თუ ბუნებრივი გარემოსადმი, საზოგადოდ, კვლევისადმი; ისინი უკეთ ითანამშრომლებენ თანატოლებთან და ჩამოყალიბდებიან სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად, პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

კვლევისას მოსწავლემ მხოლოდ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია კი არ უნდა დაამუშაოს, არამედ თვითონვე მოიპოვოს იგი. ამისთვის მან ისეთი თემა უნდა აირჩიოს, რომლის შესახებაც ინფორმაციას თავის უშუალო გარემოში მოიპოვებს. თემა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისე საზოგადოებრივ-გეოგრაფიული თუ გარემოსდაცვითი.
გეოგრაფიული კვლევის სწავლების მიზანია, მოსწავლეს:
. გააცნოს გეოგრაფიის კვლევის მეთოდები;
. დაეხმაროს ლოკალური გარემოს აღქმაში;
. დაეხმაროს კვლევის საგნის იდენტიფიცირებაში;
. გაუღრმაოს საგნის ცოდნა;
. ასწავლოს პოზიციის შემუშავება და დაცვა;
. დაეხმაროს პრობლემის გააზრებასა და სხვადასხვა საკითხს შორის კავშირის დადგენაში;
. განუვითაროს:
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი;
ფაქტების, პროცესებისა და მოვლენების ინტერპრეტაციის უნარი;
შემოქმედებითი უნარები;
მასალის ანალიზისა და დამუშავების უნარი;
პრობლემის გადაჭრის უნარი;
კომუნიკაციის უნარი.
ახალი მოთხოვნების შესაბამისად გეოგრაფიის სწავლებისთვის მასწავლებელი ამ საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგეს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების ხელშესაწყობად საჭიროა, საკლასო მეცადინეობებთან ერთად დაიგეგმოს აქტივობებიც, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, თვითონვე ჩაატარონ კვლევა ლოკალურ გარემოში. კვლევისას მოზარდები თავს სრულფასოვან მკვლევარებად აღიქვამენ. როდესაც ასეთი აქტივობები საკლასო ოთახიდან გარეთ გადაინაცვლებს, ისინი მეტი ხალისით თანამშრომლობენ და დროც მათთვის უფრო შინაარსიანად გადის. ასეთი აქტივობაში პასიური მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან, ხშირად განსხვავებულ როლსაც კი ირგებენ, რაც ამაღლებს მათ თვითშეფასებას, აცილებს მათ “უმაქნისის”, იარლიყს.
გეოგრაფიული მეცნიერება კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა წლების განმავლობაში ამ სასკოლო დისციპლინის ძირითადი სამოქმედო არეალი საკლასო ოთახი იყო, ხოლო სასწავლო რესურსი – მხოლოდ სახელმძღვანელო და რუკა. დღეს კი საკვლევად ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური გარემო შეიძლება გამოვიყენოთ.

კვლევა, რა თქმა უნდა, სახალისოა, მაგრამ არის კი ამის საჭიროება? კვლევითი სამუშაოების აუცილებლობაში სკოლის ადმინისტრაციის დარწმუნება არც ისე ადვილია, რადგან კვლევა მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს და მას გაუმართლებელ ფუფუნებად მიიჩნევენ. საპასუხო არგუმენტების მოსაყვანად მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა არის საველე კვლევა და წინასწარ ჰქონდეს დაგეგმილი მისი ყოველი ეტაპი.
“ექსპერიმენტული სწავლება” ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რადგან ისინი ინფორმაციას მოიპოვებენ უშუალოდ გარემოზე ან მოსახლეობაზე დაკვირვებით და არა სხვა ავტორის მიერ მოპოვებული წყაროდან. ამგვარად მიღებული ცოდნა უფრო სიღრმისეული და ძნელად დასავიწყებელია. საველე კვლევის ძლიერი მხარეა ისიც, რომ პრაქტიკული საკითხების გადაჭრისას ვითარდება სოციალური უნარ-ჩვევები, შესასწავლი საკითხი რეალურია და ხელშესახები. გეოგრაფია როგორც გარემოს შემსწავლელი მეცნიერება მოსწავლეებს აძლევს ვრცელ ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტაციასაც ისინი თავიანთ კვლევაში ასახავენ.

კვლევის დროს მასწავლებელი მოსწავლეთა მეგზურია. მან მოზარდების ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რა მგრძნობიარეა გარემო უგუნური, არარაციონალური ჩარევებისადმი, როგორ შეიძლება დაირღვეს ეს სათუთი წონასწორობა.

მოსწავლეებს ადრეულ ასაკშივე შეუძლიათ გარემოზე დაკვირვება, ადგილის, ბუნების კომპონენტების აღწერა, მათი თვისებების შესწავლა, უფრო დიდები კი ყოველივე ამის ინტერპრეტაციასაც ახდენენ, ხსნიან სამყაროში მიმდინარე მოვლენების, პროცესების კანონზომიერებებს. მოსწავლეები, რომლებიც დაწყებითი კლასებიდანვე იწყებენ გარემოს შესწავლას, უკეთ არიან მომზადებულები გარემოზე პასუხისმგებლობის ასაღებად.

საველე კვლევები სხვაგვარად იგეგმება, ვიდრე საკლასო ოთახში განსახორციელებელი. გაკვეთილზე ჩასატარებელი კვლევებს მთლიანად მასწავლებელი გეგმავს, მასწავლებელივე იძლევა ინსტრუქციებს, მოსწავლეთა თავისუფლების ხარისხი შედარებით ნაკლებია, ხოლო საველე კვლევაში, რომლის მიზანიც არის გარემოზე (ბუნებრივზე, სოციალურსა თუ ეკონომიკურზე) დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, მათი ინტერპრეტაცია, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი. შესაძლოა, კვლევის ეტაპების განსაზღვრაშიც კი მიიღონ მონაწილეობა.არჩოში მოცემულია სარეკომენდაციო თემები კვლევებისთვის, რომლებიც მასწავლებელმა არჩევითი საგნის ფარგლებში შეიძლება ჩაატაროს.
სარეკომენდაციო თემები:

1.ფიზიკური გეოგრაფია

·ლოკალურ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენა (ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტატისტიკურ წელიწდეულებში, მეტეოსადგურებში, ბიბლიოთეკებში არსებულ კლიმატოლოგიურ ცნობარებსა თუ ძველ გაზეთებში)
·ლოკალური გარემოს ლანდშაფტის ტრანსფორმაცია (ძველი ფოტოების, საარქივო მასალის, უფროსი თაობის მონათხრობის საფუძველზე)
·რელიეფისა და კლიმატის გავლენა ტურიზმზე
·გეოგრაფიული ობიექტები სტოპონიმიკა
·ორი ფერდობის, მდინარის სანაპიროს შედარება

2.საზოგადოებრივი გეოგრაფია

·კულტურული ღირსშესანიშნაობების, საინტერესო ადგილების მიზიდულობის არეალის დადგენა (ინფორმაცია ვიზიტორთა რაოდენობისა და გეოგრაფიის შესახებ)
·ლოკალური გარემოს ტრანსფორმაცია – არქიტექტურა, ტრანსპორტი (ძველი ფოტოების, საარქივო მასალის, უფროსი თაობის მონათხრობის საფუძველზე)
·გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებები უახლეს ისტორიაში და მათი მიზეზები
·თავისუფალი დროის ორგანიზების თანამედროვე ფორმები და მათი გეოგრაფია
·სკოლის მიზიდულობის არეალის დადგენა, მოსწავლეთა გეოგრაფია
·დემოგრაფიული ქცევის ცვლილება თაობების მიხედვით (ინტერვიუების საფუძველზე)

3.გარემოს დაცვა
·ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება (ვირტუალური დაკვირვება დღის სხვადასხვამონაკვეთში, კვირის დღეებში და დაკავშირება სატრანსპორტო საშუალებებთან თუ ნაკადის ინტენსივობასთან. ბიუჯეტის პირობებში – სინჯების აღება)
·მდინარის აუზის შესწავლა და დაბინძურებაზე დაკვირვება (დაკვირვება ნაპირის დანაგვიანებაზე, სინჯების ლაბორატორიული ანალიზი დაფინანსების შემთხვევაში)
·დასვენების პარკებში ლანდშაფტის ცვლილება და გარემოს მდგომარეობა
ურიგო არ იქნება, კვლევის თემატიკა მოსწავლეებმა თავად შეარჩიონ – მოაწყონ გონებრივი იერიში, მერე კი განიხილონ, რამდენად შესაძლებელია თითოეული იდეის განხორციელება, აწონ-დაწონონ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგალითად, ხელმისაწვდომია თუ არა ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილზე, მოვლენასა თუ პროცესზე, შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ ადგილის მონახულება, თუ ინფორმაციის გადამოწმება ან დამატება გახდა საჭირო, ხომ არ ჩაშლის ეს კვლევას, ხომ არ ჯობს, საკვლევი ობიექტი ახლოს, ადვილად მისასვლელი იყოს, ხო არ წარმოადგენს იგი კერძო საკუთრებას და მფლობელთან მოლაპარაკება ხომ არ იქნება საჭირო, თუ ინფორმაცია დაკვირვებისა და გამოკითხვის საშუალებით ვერ მოიპოვეს, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა მათთვის სხვა წყაროები, ხომ არ არის გამოსაკვლევი საკითხი იმდენად მარტივი, რომ მასზე პასუხი წინასწარ არსებობდეს, ან იმდენად რთული, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებს აღემატებოდეს, თუ სასურველია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, შესაძლებელია თუ არა ამის თაობაზე მოლაპარაკება რომელიმე კვლევით ლაბორატორიასთან/ინსტიტუტთან/ცენტრთან.

ნაშრომი ვიზუალურად უფრო გამომხატველი რომ იყოს, შეიძლება ფოტოების გადაღება, ჩანახატების გაკეთება, ადგილის გეგმის შედგენა, ხოლო შეგროვილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ჩასატარებელი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

უფრო დაწვრილებით გეოგრაფიულ კვლევასა და მის განხორციელებაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. მოვიყვანთ კონკრეტულ რჩევებსაც. ისინი განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ საგანი აირჩიეთ და პრობლემებს აწყდებით სახელმძღვანელოს უქონლობის გამო. ვისაც წელს არ აგირჩევიათ, შესაძლოა, მისი გაისად სწავლების სურვილი გაგიჩნდეთ, ჩვენ კი გირჩევთ, ამთავითვე დაიწყოთ მცირე კვლევები, თუმცაღა არჩევანი “გეოგრაფიული კვლევის” სასარგებლოდ არ გაგიკეთებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი